შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დახუჭობანა (სრულად)


29-12-2020, 16:41
ავტორი lukakhati
ნანახია 2 173

მიკას სიბნელის ძალიან ეშინია, ამიტომ არ უყვარს, როდესაც გათენებამდე ეღვიძება ხოლმე.
შარვალს იმოწმებს;
კარგია...
მშარლია...
ამჯერად შარდი არ გაპარვია...
საბანში ეხვევა და ძილის შებრუნებას ცდილობს.
ადრე მიკას მშობლები ჰყავდა და იცოდა, რომ ახალგაღვიძებულს შეეძლო მათთვის დაეძახა, მაგრამ ახლა აღარც მშობლები ჰყავს და აღარც საკუთარ ოთახში წევს. მალე ერთი წელი შესრულდება, რაც საძინებელს ექვს ბიჭთან ერთად იყოფს. მიკა პატარა ტაძრის გვერდით მოწყობილ ბავშვთა სახლში ცხოვრობს. აქ არაფერი არავისია ან, როგორც მომვლელები აცხადებენ, ყველაფერი ყველასია. მიკამ იცის, რომ, როდესაც გაიზრდება, ამ საწოლში ვეღარ დაეტევა და სხვაგან გადაბარგება მოუწევს. მის ადგილას კი მოვა სხვა და ეს ადგილი გახდება სხივისი. შეიძლება, მასაც გაეღვიძოს ღამით. ნეტავ სიბნელის თუ შეეშინდება? ამაზე ფიქრობს მიკა და ეჩვენება, რომ მის გარშემო სიტყვები : სხვა; სხვისი; სხვაგან - ტრიალებენ და აბა, რაღა გასაკვირია, რომ ვეღარ იძინებს?
ბალიშს თავზე იდებს. ყურებზე ისე მაგრად იჭერს, გეგონება საკუთარი გონების ხმა უნდა ჩაახშოსო. არადა, სინამდვილეში ხვრინვა აწუხებს.
უეჭველი ნიკოა - მიკას მეზობელთაგან უფროსი. ნიკო უმცროსების წვალებით კარგად ერთობა. გამონაკლისი არც ათი წლის მიკაა, რომელსაც ხშირად უწევს მისი დავალებების შესრულება, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში „სასჯელის“ ატანა. ყველას ეშინია ნიკოსი, მაგრამ ნიკო მიკას მთავარი სადარდებელი არ არის.
მიკას ორი მეტოქე ჰყავს : ორივეს გრძელი რქა, ნაცრისფერი ფრთები და მოკლე წითელი თმა აქვთ. არა მიკას მსგავსი ჟღალი, არამედ უსიცოცხლო, გამომშრალი პომიდორისფერი. ისინი სულ მიკას დაჰყვებიან და თუ პატარას მარტო მიიმწყვდევენ, მიახლოვებასაც ბედავენ და ძლივს გასაგონად რაღაცებს ეჩურჩულებიან. ამიტომ სთხოვს ყოველთვის მიკა მომვლელს საპირფარეშოში გაყოლას, მაგრამ დემონებს რომ თავი დავანებოთ, აქაური დანგრეული, აქა-იქ მწვანედ შეღებილი, აყროლებული საპირფარეშო იმდენად საზიზღარი სანახავია, რომ შიშის საფუძველს ისედაც იძლევა. რას იზავ? შემოწირულობით საზრდოობენ, რაც არც ისე დიდი კაპიტალია.
აჩრდილების სახელები მიკამ არ იცის, ამიტომ, როდესაც მიმართავს - „სიზმრის დემონებად“ მოიხსენიებს.
ალბათ, ისედაც გასაგებია - პირველად ისინი მიკას სიზმარში ეწვივნენ. ეჰ, სულ ტყუილად მოუყვა მამამ ძილის წინ სუპერ გმირზე (რომლის აღწერლობაც მიკასას საოცრად ემთხვეოდა), რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დამპყრობელნი, გაცოცხლებული ქვის გარგულიები, დაამარცხა. პატარა კი გახალისდა და მამაც კმაყოფილი იყო - აქაოდა რა მაგარი ზღაპარი მოვიფიქრეო, მაგრამ ის კი ვეღარ გაითვალისწინა, რომ ქვის ურჩხულების ზმანება მიკას ძილში გაჰყვებოდა.
მიკას საყვარელი ადგილი „მაკდონალდსი“ იყო და იმ ღამითაც სიზმარში სწორედ „ჰეპი მილის“ შეფუთვას ხსნიდა, როდესაც ჩრდილად შემოპარული ორი (მომავალში უკვე მოუშორებელი) ზმანება დაინახა. ჭამის სიჩქარეს მოუკლო. ჰამბურგერს ნელა, გამაღიზიანებლად ნელა ღეჭავდა. გუმანი კარნახობდა, რომ, როგორც კი ბოლო ლუკმას გადაყლაპავდა, საშინელება დატრიალდებოდა.
საბედნიეროდ, მანამ გაეღვიძა, სანამ ჭამა დაამთავრა. ტირილი მორთო. ნაბიჯების ხმა გაიგონა. კარს მიაჩერდა - დარწმუნებული იყო, რომ დემონი გამოჩნდებოდა, ამიტომ სიხარულით ცას ეწია, როდესაც სიბნელეში ნამძინარევი დედის სახე გაარჩია, რომელიც გვერდით მიუწვა და მიკას ლოგინი თავშესაფრად აქცია.
მიკას ძალიან ენატრებოდა დედა და მამა და შურდა სარკის მეორე მხარეს დამწყვდეული ორეულის. რატომღაც ეგონა, რომ იმ მიკას დედაც ჰყავდა და მამაც, უდარდელად მათთან ეძინა და თუკი ღამე გაეღვიძებოდა, ძილს მარტივად შეიბრუნებდა. არადა, რა იცოდა მიკამ, რომ ისიც მიკა იყო - მასსავით სევდიანი და მარტოსული.
კარზე აკაკუნებენ - ერთხელ ნელა, სამჯერ ჩქარა.
ვიღაც დგება;
იატაკი ჭრიალებს.
მიკას ცნობისმოყვარეობა არ ასევენებს. კარისკენ ბრუნდება. საბნიდან თავს ჰყოფს. ძალიან ფრთხილად, ეშინია კვლავ აჩრდილების პირისპირ არ აღმოჩნდეს. ნიკო ხვდება - მისი კუზიანი ზურგი სხვაში ნაღდად არ აერევა. ვის ელაპარაკება არ ჩანს. მოსაცვამს ისხამს და ოთახიდან გადის.
დაბნეული საბნიდან ძვრება. კართან მიდის. ნაბიჯებს უყურადებს. როდესაც რწმუნდება, რომ კიბეზე ჩადიან იჭყიტება. დახუჭობანაა რა - ისინი იმალებიან, მიკამ უნდა იპოვოს. გულში ათამდე ითვლის. ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს. ჭკვიანი ბიჭია - ხვდება საითაც გაუწევით და საკუთარ თავს აქებს.
საძინებლები მეოთხე სართულზეა. პირველი და მეორე სართულები მასწავლებელბისთვის, დარაჯებისთვის და აღმზრდელებისთვისაა განკუთვნილი. რჩება მესამე სართული დიდი სივრცით, რომელიც ხან საცეკვაო ან სპორტული დარბაზია, ხან კი სულაც სტადიონი. რაც გინდა სულო და გულო. თუმცა ეს არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც მის გვერდით მიჭუჭყნული, პატარა ოთახი, რომელიც ,ალბათ, თავდაპირველად გასახდელის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა , როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია დღეს იქ გამოსაცვლელად არავინ დადის. ყველა სხვადასხვა დანიშნულებას მიაწერს და თითქოს მართლაც ეს ოთახი რაღაც ჯადოსნური ადგილია , რომელიც ვისაც სჭირდება, იმას იფარებს.
მოკლედ, გადაწყვეტილია - უეჭველად იქ იქნებიან. ე, რა იციან, რომ კარში ნახვრეტია და ოსტატურად თუ მიუდგები, ყველაფერსაც დაინახავ. აი, მიკამ კი იცის და ისედაც ჟღალს სახეზეც ალმური ედება.
ჩრდილები უახლოვდებიან.
ერთი მარჯვნიდან :
-ნელა მიკა! იატაკი დაძველებულია.
მეორე მარცხნიდან :
-ხმამ არ გაგცეს;
შიში იტანს. თავს აქნევს. ახლა უკან არ დაიხევს. ოთახში არ დაბრუნდება და საბანში არაფრის დიდებით დაიმალება! თვალებს ხუჭავს - ვითომ დღეა. თითქოს ღრუბლებზე დგას და მართლაც კიბისკენ უხმაუროდ მიფარფატებს.
აქამდე როგორ ვერ შეამჩნია - თოვს, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ.
ნაჭვრეტთან იკუნტება:
ხუთი ბავშვი დაჟანგული ფარნის გარშემო წრეზე ზის. ნიკოს გვერდით ალთეაა. გოგოებიდან უფროსი. აი, დანარჩენებს კი ვერ ცნობს. ო, ახლა, რომ რომელიმე მასწავლებელს ან მომვლელს ესენი დაიჭირონ, ხომ არ აცდებათ მწარე წკეპლა. მიკა, ნიკოს სიამოვნებით დაასმენდა, მაგრამ ალთეას საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, თავიდან, რომ მოვიდა ახსოვს, როგორ უკითხავდა ალთეა ბუხართან ზღაპრებს.
უცხო ბიჭი საუბრობს :
„…მე მითხრეს სოფელს ღვთის რისხვა დაატყდაო.“ - დასკვინითი ტონით ასრულებს.
ეგ არაფერი, თავიდან ყველას ასე უთხრეს. მიკამ მაშინაც ვერ გაიგო რატომ უნდა წაეყვანა ღმერთს მისი დედა და მამა და არც ახლა ესმის, ამიტომ მოკუნტული თოვლზე ფიქრობს.
ისე არც ღვთის რისხვის ვარიანტია ბოლომდე უგულსაყოფელი. მართალია, მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ მოსახლეობი სიკვდილის მიზეზი მიაზმები გახდნენ (ლეშის ლპობის შედეგად გაჩენილი შხამიანი ანაორთქლი), მაგრამ საიდან ან როგორც წარმოიქმნენ ვერავის დაუდგენია.
საცხოვრებელში აკრძალულია წინა წლით მომხდარზე საუბარი. ბავშვებს კი ბუნებრივია კითხვები აწუხებენ. ალბათ, ამიტომაც შეიკრიბნენ. ყოველ შემთხვევაში მიკა ასე ფიქრობს.
ალთეა აგრძელებს :
„მამა ისედაც არ მყავდა. დედა მზრდიდა. ძლივს მინახავდა. იმ ღამით ქალაქში ვიყავი. შემომაღამდა და ბიძასთან დავრჩი. კიდევ კარგი. მეორე დღეს დავბრუნდი. საზიზღარი სუნი ტრიალებდა. კარი ღია, დედა კი მკვდარი დამხვდა.
არ მიტირია. მის გვამს ვუყურებდი და ვფიქრობდი ახლა საარსებოდ ლუკა-პური როგორ მეშოვნა“
ნიკო ეპასუხება:
„ყველაფერი ამ დაწყევლილი ბავშვების ბრალია - ივაისი, ბერტასი და მიკასი“
ო, საკუთარი სახელის გაგონება არ სიამოვნებს. შეკრებილები კი აგრძელებენ და აგრძელებენ. იხსენებენ თავიანთ გარდაცვლილ დედა/მამა/ბიძა/ბებია/ბაბუებს; მიკა კი ვერაფერს ხვდება. გონებას ძაბავს. ცდილობს გაიხსენოს რა მოხდა ერთი წლის წინ - მოთოვა. დასასვენებლად ბებიასთან იყვნენ ჩამოსულები. დღისით ქალაქში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ უამინდობის გამო დარჩენა მოუწიათ. მიკას ბუხართან ჩაეძინა. როდესაც გაიღვიძა კი, სახლში ყველა მკვდარი დახვდა.
მიკას წარმოდგენა არ აქვს რით არის ასეთი განსაკუთრებული და ,ამიტომ მე მოგახსენებთ - სინამდვილეში არც არაფრით. უფრო სწორად, იმით არა, რითაც ამ გამოშტერებულ ბავშვებს ჰგონიათ. უბრალოდ მიკას ჟღალი თმა აქვს, ურომლისოდაც ცხოვრება უფრო გაუმარტივდებოდა, რადგანაც დღემდე ასეთ პატარა სოფელში შემორჩენილი ცრუწმენის თანახმად, ჟღალი თმა ავი ჯადოქრების ნაბოძარია, მაგრამ სულ ესეც არაა - ერთი წლის წინ, როდესაც სოფელში სიკვდილის ღრუბელი ჩამოწვა, დილით კი უამრავი სვავი გამოჩნდა (ყველა ასე იწყებს, როდესაც მომხდარზე რაიმეს ჰყვება) ვერავინ გადარჩა მიკას, ივაის და ბერტას გარდა.
ჩვენი პატარა გმირის საუბედუროდ, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა და, როდესაც გადარჩენილები ბავშვთა სახლს მიაბარეს, ხალხი ალაპარაკდა - ამ ბავშვებში ეშმაკები არიან ჩასახლებულნიო. ალბათ, ნიკომაც ყური მოჰკრა ბოროტ ხალხს და დაარწმუნა დანარჩენებიც მიკა, ბერტა და ივაისი, სხვა ყველასთან ერთად ამ ღამით, ზუსტად წლის თავზე ცეცლხს მიეცათ.
სწორედ ხანძრის გაჩენაზე მსჯელობენ შეკრებილები.
აბა, როგორი გასაგებია, რომ ამაღამ დაწვას გიპირებენ?
მიკასაც შიში იტანს.
მუცელი უბუყბუყებს.
საძინებლისკენ მირბის.
კიბეზე ფეხი უცურდება.
როდესაც აზრს უბრუნდება დარტყმას გრძნობს და უგონოდ ეცემა.

მიკას ჩახუთულობა აფხიზლებს. ამოსუნთქვა უჭირს. ფილტვები დამძიმებია. ხველა უტყდება. სურათს არჩევს. დაჯანგულ ფარანს ცნობს. კარის მეორე მხარესაა. ახლა ეს ოთახი გალიაა, მიკა კი მასში გამომწყვდეული მსხვერპლი. ნახვრეტს უსწორდება. ალი თვალს სჭრის. ცეცხლის ენები ყველგანაა. მიკასთვის არავის უსწავლებია როგორ უნდა მოიქცეს ხანძრის დროს.
მარჯვნიდან ხმა ესმის :
-ათამდე დაითვალე.
ერთი, ორი, სამი.
ხის კარს ცეცხლი ეკიდება. კვამლი ოთახში ვარდება. გაქცევას აზრი არ აქვს. მიკა უკან იხევს. ყურადღების გადატანას ცდილობს. ფეხქვეშ იყურება. თითქოს იატაკს ეკითხება რა ხდებოდა ამ ოთახშიო. თოვლი! თოვლზე უნდა იფიქროს. გუნდებაოზე, ფიფქებზე და ციგაზე.
ალბათ, ნიკო და დანარჩენები უკვე გაიქცეოდნენ. გამარჯვებული სახეებით ტყეს გადაკვეთდნენ. ნეტა სად წავლენ? რა მნიშვნელობა აქვს. არა, მე ვერაფრით გამიგია მათი საქციელის აზრი და აბა ათი წლის მიკას რას ვთხოვ.
ოთხი, ხუთი, ექვსი.
სადმე დამალვა რომ შეეძლოს... წარმოიდგენს ხვრელს, რაღაც კურდღლის ან თხუნელას სოროს მსგავსს; სადაც შეძრება და, როდესაც ცეცხლი გაივლის, მაშინ გამოძვრება. ასე მარტივად. კედელზე სარკეა. ცივ ზედაპირთან შეხება სიამოვნებს. შვებას გრძნობს - მხოლოდ წამით.
შვიდი, რვა, ცხრა.
როგორ ეზიზღება მიკას თავისი ორეული. თვალებში უყურებს. მუჭებს ურტყავს, მაგრამ იმდენი ძალაც კი არ შერჩენია, რომ დაამსხვრიოს.
მარცხნიდან უახლოვდება :
-თვალები დახუჭე!
ათი!
მიკა სიგრილეს გრძნობს. უსაფრთხოდაა; სარკის მეორე მხარეს.
უყურებს, როგორ ეკიდება ცეცხლი ოთახს. შეუძლია დაიფიცოს რომ განწირული ყვირილიც ესმის, მიკას ვერაფერს ხვდება. სიზმრის გადმონაშთ ურჩხულებს პირისპირ უყურებს და გაუჩერებლად ერთსა და იმავეს ბუტბუტებს :
ეს რა ამბავია?
ეს რანაირი რამეა?



№1 წევრი EllaTriss

განსხვავებულია. ცოტა კი არა, ძალიან განსხვავებულია და ალბათ ამიტომაცაა ძნელი იმის მიხვედრა, თუ რაზეა ისტორია.
მე პირადად მგონია, რომ ეს იმ მუზის შედეგია რომელიც ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა. მოვიდა და ასე, რაღაც სხვაგვარად შემოგაწერინა..
ცხადია იმ სტილით, რომელიც სხვა ჩანახატებსა თუ ისტორიებში გაქვს, მაგრამ განსხვავებული გრძნობებით, რომელიც ყველა წინადადებაში გამორჩეულად იგრძნობა.

მომეწონა. როგორც ყოველთვის მრავალფეროვნებით გამოირჩევი, წარმატებები.

 


№2 სტუმარი სტუმარი უცხო

ვა, ვა, ვა, ვა.

ძალიან გულწრფელი ნაწერია.

იზრდები და იზრდები.

წარმატებები.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lukakhati

EllaTriss
განსხვავებულია. ცოტა კი არა, ძალიან განსხვავებულია და ალბათ ამიტომაცაა ძნელი იმის მიხვედრა, თუ რაზეა ისტორია.
მე პირადად მგონია, რომ ეს იმ მუზის შედეგია რომელიც ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა. მოვიდა და ასე, რაღაც სხვაგვარად შემოგაწერინა..
ცხადია იმ სტილით, რომელიც სხვა ჩანახატებსა თუ ისტორიებში გაქვს, მაგრამ განსხვავებული გრძნობებით, რომელიც ყველა წინადადებაში გამორჩეულად იგრძნობა.

მომეწონა. როგორც ყოველთვის მრავალფეროვნებით გამოირჩევი, წარმატებები.


მიხარია, რომ მოგეწონა. <3 კი, რაღაც მაგ მუზის უეცარი მოსვლის ამბავია.

სტუმარი უცხო
ვა, ვა, ვა, ვა.

ძალიან გულწრფელი ნაწერია.

იზრდები და იზრდები.

წარმატებები.


დიდი მადლობა <3

 


№4  offline მოდერი Nuki-rocks

ისეთი მძაფრი ემოცია გამოიწვია გადმოცემა მიჭირს...
ძალიან საინტერესო იყო თავიდან ბოლომდე.სხვანაირიც და სხვანაირად საინტერესოც.
წინასწარ გილოცავთ დამდეგს.

 


№5  offline ახალბედა მწერალი lukakhati

Nuki-rocks
ისეთი მძაფრი ემოცია გამოიწვია გადმოცემა მიჭირს...
ძალიან საინტერესო იყო თავიდან ბოლომდე.სხვანაირიც და სხვანაირად საინტერესოც.
წინასწარ გილოცავთ დამდეგს.


დიდი, დიდი მადლობა. ასევე გილოცავთ <3

 


№6  offline ადმინი ელ პინი

ლუკა, შენებურია. უცხო. რეალური - მხოლოდ შენთვის და იდუმალი - დანარჩენებისთვის.
ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულო მოკლე აღწერაზე. მთავარია - შენ ხარ. ლურჯი გულით. :)))

 


№7  offline ახალბედა მწერალი lukakhati

l
ელ პინი
ლუკა, შენებურია. უცხო. რეალური - მხოლოდ შენთვის და იდუმალი - დანარჩენებისთვის.
ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულო მოკლე აღწერაზე. მთავარია - შენ ხარ. ლურჯი გულით. :)))


ბევრი ლურჯი გული შენ ელპინ. მიხარია, რომ დაბრუნდი და ძალიან გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

არ ვიცი , ვინ როგორ აღიქვა და წაიკითხა, მაგრამ ჩემთვის ჰორორი არა და მძიმე რეალობა უფროა ასახული, რომელიც უდედმამოდ დარჩენილ ბავშვს სჭირს.
ყველაფერი სხვისი, არაფერი-მისი!
დანგრეული ფსიქიკა...
ჰალუცინაციები...
არაფრისმთქმელი მომავალი...
წინ ნაცრისფერი...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ქეთი იმერლიშვილი
არ ვიცი , ვინ როგორ აღიქვა და წაიკითხა, მაგრამ ჩემთვის ჰორორი არა და მძიმე რეალობა უფროა ასახული, რომელიც უდედმამოდ დარჩენილ ბავშვს სჭირს.
ყველაფერი სხვისი, არაფერი-მისი!
დანგრეული ფსიქიკა...
ჰალუცინაციები...
არაფრისმთქმელი მომავალი...
წინ ნაცრისფერი...


კი, ქეით ეგრეც შეიძლება. მწვანე გულები შენ, ნაცრისფერი მე <3

 


№10  offline მოდერი Moonlight17

ამ ავტორს ქედს მოვუხრიდი, ისედაც უკვე მოხრილი რომ არ მქონდეს.
დაბეჭდილს ველოდები! ????

 


№11  offline ახალბედა მწერალი lukakhati

Moonlight17
ამ ავტორს ქედს მოვუხრიდი, ისედაც უკვე მოხრილი რომ არ მქონდეს.
დაბეჭდილს ველოდები! ????


შენს პირს შაქარი მუნლაით. ბევრი, ბევრი გული!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent