შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოფხიზლება [სრულად]


11-01-2021, 19:46
ავტორი ელ პინი
ნანახია 3 006

იმ დღეს სოციალურ ქსელში დილის ექვსი საათის მერე დავბოდიალებდი. მენტალური ჯანმრთელობის ჯგუფი მქონდა გახსნილი და პოსტებს ვკითხულობდი. მომინდა, მეც დამეწერა, მაგრამ ანონიმურობის გარეშე.
დამღალა ამ დამალვამ; პრობლემებისგან გაქცევამ; ჩემი თავის სადღაც კუნჭულში მიგდებამ; სევდის დაფარვამ. რაღაც არაადამიანური ძალა მომეცა, რომ ავმდგარიყავი და ჩემს პრობლემებზე მესაუბრა.
ადამიანები ვერ ვხვდებით - რა გვჭირს. ისე ჩაგვითრევს ეს ყოველდღიური ყოფა, ზოგჯერ რეალობის შეგრძნება გვეკარგება. გვიან, თითქმის უკვე ძალიან გვიან შევამჩნევთ, რომ რაღაც ისე ვერ არის. ვერაა ისე, რომ უნდა იყოს. წესით, ყველაფერი კარგად უნდა იყოს. სინამდვილეში, სადაც უნდაა, იქ უფრო მეტი პრობლემაა.
ბოლოს ვთქვი და ალბათ, სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ჩემს თავზე. ფიქრებით დავიღალე; უძილობით; პანიკური შეტევებით; ირაციონალური შიშით; რეალურობის დაკარგვით. ეს ყველაფერი ისე მძიმეა, მიჭირს ბრძოლა. მიჭირს, რომ კარგად ვიყო. ან როგორ უნდა ვიყო, როცა ათასი საფიქრალი მაქვს? დედა, მამა, უმცროსი ძმა. ეს სუბიექტებია. იმის იქით ბევრი რამ ტრიალებს. თითოეულს პრობლემა აქვს და ერთი მე ყველას უნდა გაწვდეს, რომ მამას დროდადრო გაჩენილ ალკოჰოლიზმს როგორმე გავექცეთ; რომ დედას მაგივრად დიასახლისობა შევითავსო, რადგან მას ეს არ შეუძლია ცოტა ხნის წინ გადატანილი ინსულტის გამო; რომ ჩემს მეორეკლასელ ძმას სათანადო განათლება მივცე და ვუზრუნველყო იმ სიმცირით, რაც ამ ეტაპზე სჭირდება; რომ ჩემი ძლივს მოპოვებული ასპროცენტიანი გრანტი როგორმე არ დამეკარგოს და სასწავლებელში ვიარო, პლუს უმაღლეს ქულებზე თუ არა, საგნების დახურვა მაინც მოვახერხო - მინიმუმ; თან უნდა ვიმუშავო ჩემი ჯიბის ფულისთვის. მიუხედავად იმისა რომ მამა მუშაობს და საჭმელ-სასმელზე, კომუნალურებზე არ ვდარდობ, ჩემთვის ხომ მჭირდება რაღაც, არა? კეთილი შურით მშურს ყველა იმ ადამიანის, ვისაც ნაწილობრივ/სრულად აქვს ის, რასაც ნატრობს. მე ბევრს არაფერს ვნატრობ, გარდა ამდენი პასუხისმგებლობის თავიდან მოშორებისა და საკუთარი ცხოვრების მიხედვისა. არ მაქვს ჩემ პირადი. როგორ უნდა მქონდეს იმ ყველაფრის მერე, რაც ჩამოვთვალე? ეგეც სრულად არ მისაუბრია.
ცოტა ხნის წინ მეგობარი დავკარგე. ჩვეულებრივი არა - საუკეთესო. ყოველ შემთხვევაში ასე იქამდე მეგონა, სანამ ის სამწუხარო ფაქტი მოხდებოდა. რისთვის გვყავს მეგობრები? იმისთვის რომ გავუზიაროთ ის, რასაც დანარჩენებს ვერ ველაპარაკებით. ყოველთვის ის განცდა მქონდა, რომ მასთან შემეძლო თავისუფლად მესაუბრა. მით უმეტეს, იმაზე, რაც განსაკუთრებულად მაწუხებდა. ასეც ვიქცეოდი. გადავუშლიდი გულს, ჩავეხუტებოდი და ყველაფერი რიგზე იყო. შედარებით ვმშვიდდებოდი. მერე ერთ დღეს გამომიცხადა - თათუ, დავიღალე შენი მოსმენითო. დაიღალა და გავუშვი. რა უფლება მქონდა დამეტოვებინა? იმის მერე გამიჭირდა. იმ წუთას ვერ გადავხარშე დროულად, რომ მეპასუხა როგორ შეიძლება გულისგული მეგობრით დაიღალო - მეთქი? ახლა შიში მაქვს. შიში იმის, რომ ვერავის დავუახლოვდები. მარიამი იყო ამ ყველაფრის საფუძველი. პირველი კლასიდან უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე რამდენი წელია? ძალიან ბევრი. უფრო ზუსტად, საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი შენად დაიგულო. როგორც ჩანს, მისთვის იმდენს არ ვნიშნავდი, რამდენსაც ის ჩემთვის. ამას ახლა მივეჩვიე, მაგრამ ტრავმად დამრჩა. ფობია მაქვს - ადამიანებს ვესაუბრო. მეშინია, რომ რაიმე ზედმეტი წამომცდება და გამექცევიან. მინდა მარიამს პირში მივახალო, რომ საშინელებაა ამდენი ხნის მეგობარს ასე მოექცე. მან ყველაფერი იცოდა. ჩემი ყველა დეტალი იცოდა. დაწყებული იმით რას ვჭამდი, დამთავრებული - რა ფერის წინდა როდის მეცვა. შეიძლება სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ.
იმის მერე ყველა ადგილიდან და ყველასგან გამოვრბივარ, რომ ვინმე არ დავღალო ან ზედმეტად არ შევაწუხო. მივხვდი, რომ ვერ მოუყვები ადამიანებს ყველაფერს. ვერ ეტყვი მათ იმას, რაც შენ გაწუხებს. შენში უნდა ჩაიკლა, უნდა ითამაშო თითქოს ბედნიერი ხარ, უნდა აუწყო ფეხი გარემოს და ერთხელაც არ უნდა გადაგიბრუნდეს როგორი მაღალი ფეხსაცმელიც არ უნდა გეცვას. იმდენი „უნდა“ მაქვს, მთელი დღე არ მეყოფა ჩამოსათვლელად.
სოციალური ქსელი ჩემთვის შვებაა. ეგოისტურად მიხარია სხვების პრობლემების კითხვა. ამ მენტალურ ჯგუფში თითქმის არც ერთი პოსტი და კომენტარი არ მაქვს გამოტოვებული. ვიღაც უცხო ადამიანებს ჩემიანად ვთვლი. მათ ჩემნაირი პრობლემები აქვთ, თითქმის უმრავლესობას. ჩვენ, ყველანი გარემოებების მსხვერპლი ვართ. ზოგი - მშობლების, ზოგი - ეკონომიკური მდგომარეობის, ზოგი - ფსიქოლოგიური ძალადობის, ზოგი - მეგობრების, ზოგი - უფროსის.
კიდევ ძალიან ბევრი რამ არის. არ შეიძლება ასე ვიყოთ. არ შეიძლება ცხოვრებას გვინგრევდნენ.
რაც თავი მახსოვს და აღქმა შემიძლია, ძალადობას ვხედავ. მამაჩემი სათაყვანებელი კაცია გარეთ. შიგნით - არც მოიკითხება. საკმარისია ერთი ჭიქა სასმელი დალიოს, ცხოველს ემსგავსება. ბავშვობიდან კარგი არაფერი მახსოვს. ვხედავდი მთვრალი მამაჩემის ნაცემ დედაჩემს. ვხედავდი, როგორ მიმახინჯებდა ეს კაცი დედას. მერე ის ზიზღიც დავინახე, რომელიც ჩემ საცემად გამოწეულ მამაჩემის წითლად ამღვრეულ თვალებში ჩანდა, როცა პირველად მათ შორის ჩავდექი და ქამარიც კი მომხვდა. მერე დავემუქრე ბებიას ვეტყვი - მეთქი და დედაჩემმა გამაფრთხილა არ გაბედოო. არ გამიბედია. დღემდე ასეა. ოღონდ მამაჩემი თითქოს ცოტა უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს მხოლოდ იმ მხრივ, რომ ახლა ყველგან სასმელს არ ეძებს. თუ ეძებს, ესე იგი, არც ერთი ჩვენი ოთახიდან არ უნდა გამოვიდეთ. ხომ წარმოგიდგენიათ მთელი ამდენი წლების განმავლობაში რას ვუყურებდი? უცხო თვალით რომ ვუყურებდე ჩემს ცხოვრებას, წარმოდგენაც შემზარავდა. მერე დედა ავად გახდა. პერიოდულად აწუხებდა ხან გული, ხან თირკმელი, ხან ღვიძლი, მაგრამ ექიმთან ვერ მივიყვანე. გაჭირვებაში ლუკმა-პურს ფულს ვერ მოგაკლებთო - იძახდა. ერთ დღეს ვეღარ გაუძლო მისმა ორგანიზმმა. დედაჩემის მოთამაშე სახე დავინახე. ზემოთ-ქვემოთ აუდ-ჩაუდიოდა. ვერ იმორჩილებდა თავის ლამაზ, ჭირამოტვიფრულ სახეს. სხეულიც აუკანკალდა. მარცხენა ფეხი ისე დაუხტოდა, გეგონება განგებ აკეთებდესო. ვკიოდი გამწარებული მიშველეთ - მეთქი. მაშინ სამსახურში იყო მამა და ჩემი მომცრო ძმა რას დამეხმარებოდა? ცალკე მას ვდარდობდი. გიჟს უგავდა თვალები და არ მომიკვდე, დედიკოო იხვეწებოდა. თან ხელზე კოცნიდა. ძლივს გადავარჩინეთ. ახლა დედას ცხოვრება უჭირს. ხელ-ფეხის ტკივილი დღემდე აგიჟებს. ჩვენდა საუბედუროდ, მერე ონკოპაციენტიც გახდა. მკერდის კიბო აქვს. არ მკურნალობს. არც კი ვიცი, როგორ უძლებს მისი სხეული ამდენს. უბრალო გამაყუჩებლებს სვამს. შუაღამით აწუხებს ტკივილი განსაკუთრებით და კივის, რომ ვეღარ ითმენს. მეც ვუთენებ. ოღონდ კარგად მყავდეს, ოღონდ მეგულებოდეს - უამრავ ღამეს გავუთენებ. ვერ ვყვები ყველა იმ სტრესს, რაც მე და დედაჩემმა გამოვიარეთ მამაჩემის ხელში. გახსენებაც კი მეზიზღება. მერე ერთ ბედნიერ დღეს გავიგეთ, რომ დედა ორსულად იყო. მამამ რომ გაიგო ბიჭი ეყოლებოდა, ერთი პერიოდი ყველაფერი გამოასწორა. ეს გვარის გამგრძელებლის თემა ხომ ფესვგადგმულია ჩვენში, მთელ ერში. ბედნიერი ვიყავი იმ დროს, სრულად არა, ნაწილობრივ. მე ჩემი პრობლემები მაწუხებდა. მინდოდა ხოლმე დედასთან მელაპარაკა, მაგრამ შეუძლებელი იყო. ხმა არ ამომდიოდა ყელიდან, რამდენი ლაპარაკს დავაპირებდი. ჩემი ძმის დაბადებამ ცოტა შემამსუბუქა. მთელი ყურადღება მასზე მქონდა გადატანილი. ყველაფრით ვეხმარებოდი დედას, როგორც შემეძლო. თუმცა, ისევ აირია ყოველივე. იზრდებოდა ჩემი და უკვე ისიც გრძნობდა ჩვენს საერთო ტკივილს. არ მემეტებოდა ისეთი რეალობისთვის, როგორშიც მე მომიწია ცხოვრება. ახლა იშვიათად თუ ნახავს მამას გაცხოველებულს. დედაზე კი უზომოდ დარდობს, ვხედავ. ძალიან უყვარს მიშოს დედა. მიკედლებულია. სულ ეუბნება, დედი, შენ დიდხანს უნდა მყავდე, ჩემი ლამაზი დედიკო ხარო. არადა, ჩამომჭკნარია დედაჩემი. ყველანაირი დაღი ატყვია მის სანუკვარ სახეს. ნაოჭებში აქვს ტკივილები გამჯდარი. თავისი საყვარელი თეთრი ტენის წასმაც აღარ უნდა თვალებზე, არც წითელი პომადის. შემოდგომის ხეს ჰგავს მისი ტანი. გამხმარი ფოთლებივით ჰკიდია მის სხეულზე ტკივილები, მაგრამ ქარს არ მიაქვს და არც ძირს ცვივდებიან ფოთლები. სევდის კაპილარებს ვხედავ ოქროსფერი ვარსკვლავივით აწყლიანებულ თვალებში. ქალს, რომელსაც ყველაზე ლამაზი მკერდი და მკერდის ხაზი ჰქონდა, ახლა დახეთქილი გულ-მკერდი და დაღარული ყელი აქვს. იმ მკერდის შუა ხაზზე ნიკაპთან მოგროვილი ცრემლები ჩაუცვივდება ხოლმე. მტკივა დედაჩემი. ზამთარი არაა და მისი სხეული მაინც შეციებული, აკანკალენულია დარდებისგან. ხელებზე კანი ისე აქვს დაკუჭული, ზოგჯერ საშინლად სტკივდება. სარკეში აღარ იყურება. ბოლოს მთხოვა მისი ოთახის კედლიდანაც ჩამომეხსნა და გადამემალა. დილით ადგომისას ჭაღარა თმებს შუაზე გადაიყოფს და ისე იკრავს, უცხოდ დათოვლილივით უჩანს. და ამ ყველაფრის მიუხედავად ლამაზია დედაჩემი. ოღონდ სულიერად დამიმახინჯეს, თუმცა კი, მე მგონია, მაინც არ დაუკარგავს თავისი მშვენიერება, ხიბლი და ბოლომდე შეიტოვებს. ჩემი ერთადერთი ოცნება - მისი ბედნიერად ყოფნაა. ყველა გათენებულ დღეს მას ვუძღვნი, რომ კიდევ არ დამეტანჯოს. ვერ გაუძლებს, მე ვიცი. ჩემზე უკეთ ვის ეცოდინება? ოღონდ მის ქამელეონისფერ თვალებში რაიმე ნაპერწკალი დავინახო და სიცოცხლესაც გავიღებ. ახლა მისთვის და ჩემი ძმისთვის ვცხოვრობ. მოვა ხოლმე, ჩამომიჯდება, თავის თბილ მკლავებს შემომხვევს და მეტყვის - მაპატიე, დედი, შენი ცხოვრებისთვისო. რა აქვს მას საპატიებელი? მხოლოდ ღმერთს აქვს, რომ ამ ყველაფრისთვის გაგვიმეტა. ყოველ დილით შუბლზე ვკოცნი და პატარა ბავშვივით უხარია. ვატყობ, ეშინია. ეშინია იმის, რაც სჭირს და რომ უმისოდ დავრჩებით, მაგრამ ამაზე ფიქრის საშუალებას არ ვაძლევ. არ ვანახებ მე რა მტკივა, ისედაც შეიწირა შვილებზე დარდმა. მთელი ცხოვრებაა იმისთვის სუნთქავს, რომ ჩვენ კარგად ვყავდეთ. მაგრამ. თუკი რამე მიღირს ამ ქვეყნად, ყველაზე მეტად - დედაჩემისთვის და ჩემი ძმისთვის. მამაჩემისთვის ჯერ კიდევ არ მიპატიებია.
ათასი ფიქრი ტრიალებს ჩემს გონებაში და ისევ ამ ჯგუფს ვუყურებ, ისევ აქ ვეძებ შვებას. მგონია, რომ აქ უნდა მიშველონ. რაღაც ასეთი შეგრძნება მაქვს და მთელი ოცი წლის მანძილზე მსგავი არაფერი მიგრძნია. პოსტის ჩასაწერს ვხსნი და თითების კანკალით ჩემს თავს ვაგულიანებ, რომ ეს გავბედო და რომ ამოვიღო ცოტა მაინც. ვწერ, რაც მინდა ვთქვა, რაც მაგონდება. თავისით იწერება სიტყვები. მე მგონია, რომ თითქმის ყველა მენტალური ჯანმრთელობა მთლიანად შერყეული მაქვს განვლილი წარსულისაგან. მეშინია, რომ ამ პატარა ასაკში ასაკიან ქალს დავემსგავსები, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი იცხოვრა და მზადაა სიკვდილისთვის. ვწერ პოსტს და ბოლოს ვაწერ - „დამეხმარეთ“ და მრავალწერტილს. ვერავინ მიხვდება, კიდევ რამდენს ვატევ იმ მრავალწერტილში. ვაჭერ საბოლოო ღილაკს, თვალებს ვხუჭავ და პოსტის ატვირთვას ველოდები. არ ვიცი, რომელ ადმინს ღვიძავს ამ დილაუთენია, მაგრამ ჩემი პოსტი მაშინვე იდება და ანერვიულებას ვიწყებ. იქნებ, არ უნდა გამეკეთებინა? მაგრამ, ფაქტია, რაღაც ძალამ მიბიძგა. რამდენიმე წუთში მესენჯერის ხმა მესმის, სპამად შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებ და ვიღაც მწერს, სახელი და გვარი არ უწერია, რაღაც გაურკვეველი სიმბოლოები, რომლებსაც მე ვერ ვკითხულობ. მონაწერს ვხსნი.
- დახმარება მინდა. შეიძლება?
უცებ ვფიქრობ, რატომ „შეიძლება?“. მე ყველაფრის მოსმენა მჭირდება ახლა. ყველა შეგულიანების, ყველა დახმარების. აუცილებელიც კი არის. არ უნდა ეკითხა შეიძლებაო. იცის, რომ ძალიან მჭირდება. აბა, რატომ მომწერდა განცალკევებით?
- ფიქრობ, რომ ეს „შეიძლება“ ადეკვატურია? - თითებგათეთრებული ვკრეფ პასუხს.
- ჩემნაირი ბევრი მოგწერს და შეიძლება დაიღალო, მხოლოდ ამიტომ ვიკითხე. - თითქოს ნაწყენი ტონი ვიგრძენი. ისე უცხოდ და თან ახლოს შემეხო, ტანში დამიარა.
- იქნებ, არავინ მწერს?
- არა, ასე იციან ხოლმე. ვინმეს რომ მოუნდეს და გითხრას გული გადამიშალეო, არ გამიკვირდება.
- ნუ უხეშობ. - თვლის, რომ მე სხვებთანაც ასე ვილაპარაკებ. ვგრძნობ, ეს მასა არ მოსწონს. არ უყვარს, რომ ყველას ყველასთან შეუძლია მიწერა. არც იმის გაფიქრება უნდა, რომ...
- ყველაფერი წავიკითხე, თათუ.
თათუს მარიამი მეძახდა. ტანში გამცრა. ვიფიქრე, რომ ჩემს დამცირებას აპირებდა და განგებ მოიქცა ასე. ჩემს სისულელეზე ნერვები წამში ამითამაშდა.
- მარიამი ხარ? - დაუფიქრებლად ვკითხე. მინდოდა, გამეგო. იქნებ, ყოფილიყო და იქნებ, შემძლებოდა სათქმელი მეთქვა.
- არა. ვერ ვიქნები ის, ვინც გინდა რომ ვიყო. - მტკიცებით მითხრა. გამომიჭირა. როგორ გაარკვია ასე წუთიერად ჩემი ფიქრები, აზრად არ მომდის.
- ასე მარიამი მეძახის. - გულუბრყვილო ბავშვივით ვუპასუხე.
სიცილის სმაილები გამომიგზავნა. გავბრაზდი. ვკითხე, დამცინი - მეთქი?
- არ ვიცი, ასეთი ხასიათით ამდენს როგორ გაუძელი. მე ვიცი, რომ პოსტში ბევრი არაფერი დაგიწერია. ეგ დავინახე და სრული ისტორია მაინტერესებს. კარგი წიგნი ხარ. ნეტა, შენი თვალები დამანახა ახლა.
ისე გამოუვიდა, თითქოს ვინმე ჯადოქარი იყო და ამჟამინდელი მზერის გარკვევით რაღაც უფრო დიდ ამბავს გაიგებდა. მეც ავდექი, ფოტო გადავიღე და გავუგზავნე. ჩემს თავს თავისუფლების საშუალება მივეცი. პირველად ვაფიქრე იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა.
- უძირო ხარ. ფსკერი არ გაქვს. შენში იმოდენა ზღვაა, ვერავის რომ ვერ წარმოუდგენია. იცი რამდენი ტკივილი დაცურავს შენს თვალებში?
შემეშინდა. ერთი ფიქრი ის ვიფიქრე, რომ მომეწონა, როგორც მხედავდა. რამდენჯერმე გადავიკითხე მონაწერი და ისევ მომწერა - კიდევ ერთი ფოტოო. არც კი ვიცი, რატომ ვენდობოდი. წესით, ნდობა საერთოდ დაკარგული მქონდა, მაგრამ ვიღაცამ ჩვეულებრივზე მეტად შემამჩნია და ის მე, რომელიც მიმალული და მიყუჟული მყავდა სადღაც, არსაიდან გამოჩიჩქნა.
გავუგზავნე ისევ ფოტო და გავჩუმდი. დაველოდე - რად მეტყოდა. რაღაც ახალი და განსაკუთრებული მაინტერესებდა ჩემს თავზე. როგორც მე მივხვდი, თვითონ მაცნობდა იმ სახეს, რომელსაც წარმოჩენილის უკან ვმალავდი.
- თათუ, როგორ მოგწონს, როცა შენში იმას ხედავენ, რასაც მალავ. გარეთ დადიხარ და უკან შენი ცხოვრება მოგყვება. მთელი ის ტკივილი, რაც აქამდე გიგრძნია. შენს ლანდში მხოლოდ შენ არ ჩანხარ. შენში შენზე მეტია, გესმის? შენ უნდა იცოდე ეს. და ეს არ გითქვამს, მაგრამ მრავალწერტილში თქვი.
ამეტირა. ცრემლები მომასკდა თვალებზე. თავი ვეღარ შევიკავე და სიმართლე რომ ვთქვა, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რობოტად გადავქცეულიყავი. ახლა მინდოდა ისეთი გულღია ვყოფილიყავი, როგორც არასდროს. ისეთი იდუმალი და წარმოუდგენელი იყო, ვისთვისაც არ უნდა მომეყოლა, არ დამიჯერებდა. რაღაც უცხო შემეხო. თან იმ წერტილში, რომელიც მიუწვდომლად დავასამარე. და ამ ყველაფერმა გამაგიჟა. ავდექი და ისევ ფოტო გავუგზავნე ასე ატირებულმა.
- ნუ ტირი, გთხოვ. თბილად იყავი.
- არ ვტირი. - მინდოდა მომეტყუებინა. მინაწერი არ გალურჯდა. საიტიდან გავიდა. ტელეფონი გვერდით გადავდე. მოვიკუნტე საწოლზე, ბალიში ჩავიხუტე. ამდენ ღამენათევს ჩამეძინა. თვალები ისე უცებ მიმეხუჭა, ვერც გავიაზრე.
ორი საათი მეძინა. დროს ძილშიც ვგრძნობ. მერე დედას ხმამ გამომაღვიძა, ისევ სტკიოდა. უკვე გათენებული იყო. გამოვედი ოთახიდან და დედას გვერდით დავჯექი დივანზე.
- ისევ არ გაძინებ, შვილო. - სევდიანი, აკანკალებული ხმით მითხრა დედამ. შინდისფერი დიდი შარფი ჰქონდა მხრებზე მოხვეული.
- მამას სძინავს, თუ წავიდა? - ხმადაბლა ვკითხე.
- წავიდა ცოტა ხნის წინ. ჩუმად ვიჯექი. რომ წავიდა, მერე ვეღარ გავუძელი.
დედა ისევ მამას დარდობდა, რომ მის ტირილზე არ გაღვიძებოდა. იმას პატიებას ვერ ვთხოვ და თქვენ კიო, მე და თომას გვეუბნებოდა. ვგიჟდებოდი ამ ქალზე. როგორ არ უნდა მყვარებოდა, მაგრამ ყოველთვის მიკვირდა - რატომ იტანდა ამდენს მამაჩემისგან. ვერ ვიტყვი, რომ მძულდა ეს კაცი. მიყვარდა. ჰო, ზოგჯერ მტკიოდა ამის აღიარება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა - მიყვარდა. მხოლოდ დედაჩემის გამო. მისგან კარგი არაფერი მხსომებია სხვა.
- დედი...
- არ გინდა, შვილო, სულ ერთი და იგივე.
მივიჩოჩე დედასკენ. თავი მხარზე ჩამოვადე მსუბუქად. რომ დავყრდნობოდი, მეგონა, ჩემი სიმძიმეც მას ეტკინებოდა. ისედაც რამდენ რამეს ატარებდა მხრებით.
- დღეს თეატრში მივდივარ, რეპეტიცია გვაქვს. - შევახსენე დედას მისი სუნით დამტკბარმა.
- საღამოს დაბრუნდები?
- კი. გჭირდება რამე? ვეტყვი გიას, თუ გინდა და ადრე გავეთავისუფლები.
თეატრალურს არ ვსწავლობდი ძირითად სპეციალობად, ინგლისურ ფილოლოგიას ვსწავლობდი. ძალიან ადრე სკოლაში რაღაც დადგმა გვქონდა. მაშინ გია სკოლაში ასწავლიდა თეატრალურა, თუ რამე მთავარი როლი იყო, ყველა მე მქონდა. სპექტაკლი არ გამომიტოვებია. გია დედას ბიძაშვილია. ნიჭიერი კაცია, თავისი საქმის პროფესიონალი. მე უკვე სკოლას ვამთავრებდი, მას მესხიშვილის თეატრში რომ შესთავაზეს მუშაობა. მეც შემომთავაზა გადავსულიყავი მის გუნდში. ბევრი წვალება კი მოუხდა, რომ იქ შევეყვანე. ისიც კი უთხრეს, თუ არ ივარგებს, შენც გაგიშვებთო, მაგრამ არ დანებდა გია. მეც ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა. საბოლოოდ ისე ვქენი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი გავხდი. ძირითად დადგმებში მთავარი როლი ხშირად მქონია. ხელფასიც მქონდა. ხან ცოტა, ხან - ბევრი. იმას გააჩნდა, ვის როლს ვირგებდი. მიყვარს თეატრი. მსახიობობაც. მთელი ჩემი ცხოვრებაც ასეთი არაა? მე იმას ვთამაშობ, ვინც არ ვარ.
- არა, შვილო. თომას მე მივხედავ, შენ ნუ იდარდებ. - თბილი ღიმილით მითხრა დედამ. თან სახე ემანჭებოდა ტკივილისგან. წამოვდექი და გამაყუჩებელი მოვიძიე, დავალევინე და ისევ გვერდით მივუჯექი.
ცოტა ხანს სიჩუმე იყო ოთახში. მინდოდა დილის ამბავი მეთქვა დედასთვის, მაგრამ ინერვიულებდა - ვინმე მანიაკი არ იყოსო. ამიტომ ისევ დავივიწყე, ფიქრები გონებაში მივმალე. ჯერ მქონდა დრო კიდევ და არ მეჩქარებოდა მომზადება.
- რაზე ფიქრობ, შვილო?
- არაფერზე. - ეს პასუხი არ დააკმაყოფილებდა დედას და უცებ შევცვალე. - სპექტაკლზე, უფრო სწორად. სიტყვები არ დამავიწყდეს, ტვინში ვიმეორებ. - ღიმილით ვუთხარი.
- როდის იყო გავიწყდებოდა? ნიჭიერი ხარ, ხომ იცი. - დედას მხარდაჭერა გულს მიკეთებდა. საერთოდ ყოველთვის ასე იყო. ზოგჯერ თქმით, ზოგჯერ უთქმელად, მაგრამ სულ ჩემ გვერდით იყო.
- იცი რა ლამაზი ზედა ვნახე შენთვის? - გამახსენდა და აღფრთოვანებულმა ვთქვი. - მწვანე, მრგვალი ყელით, ბრჭყვიალა. ზუსტად ისეთია, როგორი სტილიც შენ გიყვარს.
- შვილო, ჩემზე კი არა, შენზე იფიქრე. შენთვის იყიდე. მე რად მინდა? ისედაც ხომ მაქვს?
გული ყელში ამომიჯდა მერამდენედ. ყოველთვის ეს პასუხი ჰქონდა დედას. თავისთვის არაფერს იმეტებდა.
- ლამაზი ხომ უნდა მყავდე? - ლოყაზე ვაკოცე და სახეზე მოვეფერე ჩემთვის საფიცარ ქალს.
- შენი ნაშრომი ფული შენს თავს მოახმარე, დედი.
ჩემი ნაშრომი. დედა ყოველთვის ასე ამბობს. რაღაცნაირად მსიამოვნებს. ვერავინ იტყვის ჩემზე ამ მხრივ ცუდს. დამატებით მოსწავლეებს ვამზადებ. სახლში ვაკკთხავ. ოღონდ მხოლოდ დაწყებით კლასს. რადგან მე თვითონ საფუძვლიანად ვერ ვსწავლობ და ისე, როგორც მე მინდა, პირველ-მეოთხე კლასამდე სრულყოფილად ვაკმაყოფოლებ იმას, რაც პატარებს სჭირდებათ. კვირაში სამი დღე მაქვს გამოყოფილი მეცადინეობისთვის. ისე ვამთხვევ, რომ თეატრთან და უნივერსიტეტში სიარულთან ხელი არ შემეშალოს. თუმცა ზოგჯერ მაინც მიწევს სასწავლებლის გაცდენა, მაგრამ პასუხისმგებლიანი სტუდენტი ნამდვილად ვარ.
- მადლობა, დე. - შუბლზე ვკოცნი და ვდგები. ოთახში გავდივარ.
მაშინვე ტელეფონს ვუყურებ. ვფიქრობ, თუ დავხედო. იქნებ, არც არაფერი იყოს. ვერ ვითმენ და მაინც მივდივარ. ტელეფონს ვანთებ და მონაწერი მხვდება: „არ უნდა გეტირა...“. არ ვიცი, კიდევ რა იგულისხმა. მე არ ვპასუხობ. ახლა ამაზე რომ დავფიქრდე, მთელი დღე გაფანტული ვიქნები. მე კიდევ არ მაქვს ამის უფლება. ყოველდღიურობას ვერ გავექცევი. არც მინდა, მივეჩვიე. ამას ვფიქრობ და თან ჩემი მეორე მე მელაპარაკება, რომ მეც მაქვს ნორმალურად ცხოვრების უფლება და რომ შემიძლია დროის რაღაც ნაწილი ჩემს თავს დავუთმო. ფიქრებს თავიდან ვიშორებ და ვემზადები. ჩაცმისას ტელეფონზე ზარი შემოდის.
- თათი, რაშვები? მოემზადე უკვე?
თეონა მესხიშვილში ჩემთან ერთად მუშაობს, ისიც მსახიობია. რაღაცნაირად არ მომწონს ეს გოგო, მაგრამ არ ვაგრძნობინებ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს იქ.
- არა, თეო, ახლა ვიცმევ.
- რაღაცა უნდა გითხრა, ოღონდ უარი არ მითხრა, კარგი?
- ხომ მშვიდობაა? მითხარი, კი.
- გოგო, რიონთან რომ სახლებია, ხომ იცი. მანდ სადღაც დაბლა სართულებში მკითხავი ყოფილა. გეხვეწები, გავიაროთ. მაინტერესებს.
უცებ სიცილი ამიტყდა, კარგად გავმხიარულდი. რა მკითხავი, რის მკითხავი?
- სერიოზულად მეუბნები, თეო? გჯერა შენ მაგათი? აფერისტები არიან. - სიცილითვე ვუპასუხე. - თან გია მოგვკლავს, რომ დავაგვიანოთ.
- რას დავაგვიანებთ, უცებ გვეტყვის და წამოვალთ. გთხოვ, უარი არ მითხრა. - ყელს იწელავდა ტელეფონს იქით თხოვნის ნიშნად გოგო.
- კარგი, ოღონდ მე არ მინდა. წამოგყვები უბრალოდ. ისე, მარტო გეშინია, თუ რატომ მიგყავარ?
- რა საძაგელი ვინმე ხარ! კი არ მეშინია, იქნებ, შენც გაგეხსნას ბედი.
- ოხ, თეო, თეო.
- მანქანით გამოგივლი ხუთ წუთში, მზად იყავი.
ტელეფონი გავუთიშე და უცებ მოვემზადე. საერთოდ ყოველთვის ბოლო წუთებში ვიცმევ, როცა გასასვლელი ვარ.
თეომ ტელეფონზე დამირეკა ჩამოდიო. დედას დავემშვიდობე, თომასაც ვაკოცე და წამოვედი.
მე თამარ მეფის ქუჩაზე ვცხოვრობდი, იქვე, წერეთლის უნივერსიტეტის წინ ერთი დიდი კორპუსია. ყველგან ფეხით დავდივარ. ჩემი ბინიდან მესხიშვილის თეატრამდე ცოტა მანძილია. ამიტომ მარშრუტით არასდროს ვსარგებლობ.
უცებ ჩავედით რიონზე, რუსთაველის ხიდი რომ გადავიარეთ, მარცხენა მხარეს ნინოშვილის ამოსასვლელთან დააყენა თეომ მანქანა. ჩასასვლელიდან ჩავედით. თეო ისე მიიჩქაროდა, თითქოს ის სულელი მკითხავი რამე მნიშვნელოვანს უწყვეტდა.
რამდენიმე სართულიანი ბინა იყო. ძველი, კედლებჩამონგრეული. რაღაც უაზრო ნახატები იყო კედლებზე. ალბათ, ბავშვებმა იმაიმუნეს. პირველ სართულზე რომ შევედით, ქვემოთ ჩასასვლელისკენ მანიშნა თეონამ. მეგონა სადმე მიწისქვეშეთში მივდიოდი. ისეთი სიბნელე იყო, ტელეფონი გავანათე. ნესტის სუნს ვგრძნობდი. ქვემოთ კედლები სულ სველი იყო, რიონის წყალი აქაც აღწევდა. მე ის მაფიქრებდა, აქ რა აცხობრებდა იმ ქალს. ჯერ ისე საშიშად გამოიყურებოდა ყველაფერი, გული მისკდებოდა და ვნანობდი აქ რომ წამოვყევი გოგოს.
- თეონა, მიწაშია დამარხული ეგ ქალი, თუ მოკვლას მიპირებ და არ ვიცი?
- ასე მითხრა, მესამე სართულზე ვცხოვრობო და მე რა ვიცი.
- იქნებ, ზემოთ მესამე სართული იგულისხმა?
- არა, გოგო, მიწის ქვეშო.
როგორც იქნა, ჩავაღწიეთ. დამპალი ხის კარი მოჩანდა. აბა, აქ რა გაძლებდა საერთოდ წესიერად? თეონამ კარს ხელი მიჰკრა და აჭრაჭუნდა. ისეთი საშინელი ხმა ჰქონდა, ყურები ამატკივა.
წინ ქალი შემოგვხვდა. თმები აჩეჩილი ჰქონდა. მეგონა, ახლა გაიღვიძა და იმიტომ, კარგად რომ დავაკვირდი, გამოპრანჭული იყო და თმებსაც ასე ივარცხნიდა. მუქი მაკიაჟი ჰქონდა. მაკიაჟი თუ ერქვა მაგას - არ ვიცი. მთლიანი თვალი ჰქონდა მოხატული შავი ფანქრით, ლოყებზე ვარდისფერი პუდრა წაესვა და ტუჩებზე - წითელი პომადა. შავი მანიკური ესვა. როგორც კი დამინახა, უცნაური თვალებით შემომხედა.
მრგვალ მაგიდაზე წითელი გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული. კედლებზე რაღაც სურათები ჰქონდა გაკრული. ვერც კი აღვიქვი, ისეთი უცნაური იყო. მაგიდაზე კარტები ელაგა და სანთელი. ყველა დეტალს ვათვალიერებდი, კუთხე-კუნჭულს, როცა მისი ხმა მომწვდა.
- შენ, გოგონა, გადმოჯექი აქეთ.
თავიდან მეგონა თეოს ეუბნებოდა, მერე ხელით ვანიშნე მე - მეთქი? კიო მიპასუხა.
- მე გამოვყევი, არაფერი მინდა თქვენგან. - დაბნეულმა ვუთხარი.
- ამას თუ არ ვუმკითხავებ, არც არაფერი. მაინც ვერ ვგრძნობ რამეს. - თეოზე თქვა. - მაგრამ შენ - აუცილებლად.
- არ მაქვს სურვილი, ქალბატონო. - უხეშად ვუპასუხე. ისედაც არ მიყვარდა მკითხავები. დიდი ფანტაზიორები არიან. ფანტასტიკის ჟანრს მშვენივრად გადაიღებენ.
- გოგონა, ისეთი შავი წარსული გაქვს, პირდაპირ გაოცებული ვარ.
უცებ გულზე მომხვდა. რა იცოდა ჩემი წარსული? არც მინდოდა, რომ რამე ეთქვა და თეონას მოესმინა. მან არაფერი იცოდა. ან რატომ უნდა სცოდნოდა?
შევკრთი და ალბათ, შემეტყო კიდეც. მერე თეონამაც მხარი მიმკრა და დავჯექი მკითხავის წინ, სხვა გზა არ იყო.
სანთელი მაგიდის შუა გულისკენ გამოსწია. ასანთით აანთო და მისი შავი თვალები უფრო საზიზღრად გამოჩნდა სანთლის შუქზე. ოთახში სინათლე ჩააქრო. მარტო სანთელი ანათებდა.
- ახლა მე შენ გიყურებ და ამდენი ტკივილის მიუხედავად, რაღაც კარგს ვხედავ. მენდობი?
- არა. - მოკლედ და კატეგორიულად ვუპასუხე. - არ მჯერა თქვენი.
- ვიღაცას გაიცნობ. არა, უკვე გაიცანი. სულ ახლახან. ის გახდება შენი იმედი. - თვალს არ ახამხამებდა, არც მზერას მაშორებდა.
მე ისევ შემეშინდა. უბრალო სანთლის შუქზე როგორ ხედავდა ეს ქალი იმას, რომ მე გამთენიისას ვიღაც გავიცანი? ჩავთვალე, რომ ყურადღების მისაქცევად რაღაცებს იგონებდა და უბრალოდ გაუმართლა - გაარტყა.
- კარგი ბიჭია. მისი სახელის პირველი ასო ანბანში მეთორმეტეა. რაღაც სიურპრიზს გიმზადებს. შენი ცხოვრება შავი წერტილებითაა სავსე, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება ამ ბიჭის გამოჩენის შემდეგ.
ავნერვიულდი. ანბანიც კი დამავიწყდა. არც გადამითვლია რომელი ასო მითხრა.
- საკმარისია, მგონი. - სწრაფად ავდექი და მაშინვე სანთელი ჩაქრა. თეოს მივაძახე ზემოთ დაგელოდები - მეთქი და გულამოვარდნილი წამოვედი. გამოსვლისას კარებში მომაძახა ქალმა იბრძოლე და ბედნიერი იქნებიო.
კიბეები სწრაფად ამოვირბინე და ბინიდანაც გამოვედი. ასასვლელს მივუყვებოდი ნელ-ნელა და რას ნიშნავდა მკითხავის სიტყვები - ამაზე ვფიქრობდი. უცებ დაუცველობის განცდა დამეუფლა, ისე ამიტანა შიშმა. ერთი სული მქონდა, თეონა მალე ამოსულიყო და თეატრში წავსულიყავით. გულს გადავაყოლებდი, ყველაფერი დამავიწყდებოდა.
ფიქრებს ვყავდი წაღებული, თეონას ხელისკვრამ რომ გამომაფხიზლა.
- გოგო, რას გამოიქეცი?
- ნორმალური არ არის ეგ, რაღაცები მოიგონა. სულელი. - გაცხარებული ვლაპარაკობდი, დაბერილი შუბლის ძარღვები ყელში მეტყობოდა.
- რა მოიგონა, ეს ქალი ყველაფერს მართალს ამბობს. ვინც კი მისულა და რამე უთქვამს, აუხდათ.
- ნუ გჯერა სისულეების, თეო. მალე წავიდეთ, გია არ აყვირდეს. - ხასიათმოშხამული ამოვედი ზემოთ. მანქანაში ჩავსხედით და თეატრში წავედით. ხუთ წუთში მივედით, რუსთაველიდან მოედანზე ასვლას რა დიდი დრო კი უნდა.
მთელი დღე ისეთი სახე მქონდა, ბოლოს თეონამ ბოდიშიც კი მომიხადა - დღე გაგიფუჭეო. რა მისი ბრალი იყო. ენდო იმ სულელ ქალს. კიდევ კარგი, რა გამოვიარე ცხოვრებაში, ის არ მოყვა, ეყო შნო. მერე იმაზე მომეშალა ნერვები, ფულიც რომ გადაახდევინა გოგოს. მეტის ღირსი იყო ესეც. ასე ბრმად როგორ უნდა გჯეროდეს ვიღაცა კუდიანის.
უკვე საღამოს საათები იყო, მალე რეპეტიციას ვამთავრებდით, დამლაგებელი რომ შემოვიდა და გიას რაღაც შეფუთვა მისცა. მერე გიამ დამიძახა, სულ ბოლო სკამზე იჯდა. ამბობდა, აქედან კარგად გიყურებთო. მასთან მივედი და გამომიწოდა, რაც ეჭირა.
- ნუნუსთვის დაუტოვებია ვიღაც ბიჭს, თათია ერგემლიძეს მიეცითო.
იმ წამსვე მკითხავი გამახსენდა. ვიფიქრე, ვინმე ხომ არ მომიგზავნა - მეთქი. უსიტყვოდ დავბრუნდი სცენაზე. კულისებში, სკამზე დავდე შეფუთული ნივთი. ფიქრებარეული ვიყავი. გიამ რამდენჯერმე დამიძახა გამოსაფხიზლებლად. ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა და ასეთს ვერ მეგუებოდა, თავისუფალი ხარო მითხრა. კულისებში გავიძურწე. არ დამვიწყებია საჩუქარიც. საგრიმიორო ოთახში შევედი. პატარა, სიძველისგან დახეულ დივანზე ჩამოვჯექი და შეფუთვის გახსნა დავიწყე. შავი ბლოკნოტი და შავი კალამი იყო, ზედ ჩემი სახელი ეწერა კალამზე. გამეღიმა. პატარა, ყვავილებით მოხატული წერილი იდო ბლოკნოტის პირველ ფურცელზე. გადავშალე: „აქ ჩაინიშნე, რაც გეწყინება და მერე, როცა ამის დრო მოვა, წამაკითხე.“ კიდევ ეწერა ბოლო ფურცელი ნახეო. ისევ გადავშალე და სულ ბოლოს ინიციალი იყო დატოვებული - მ. რას უნდა ნიშნავდეს მ? ალბათ, მისი სახელის პირველი ასოა. და უცებ მახსენდება, რაც მკითხავმა მითხრა. ანბანში მეთორმეტეაო. მ ხომ მართლა მეთორმეტეა? რამდენჯერმე გადავითვალე. ჩემს თავს არ ვენდობოდი. გაშტერებული ვიჯექი. ერთადერთი, რასაც დარწმუნებით ვფიქრობდი - მკითხავმა ვინმე მომიგზავნა თავისი სიტყვების დასამტკიცებლად - მეთქი. ვარაუდი კი ის მქონდა, რომ ვიღაც ცუდად მეთამაშებოდა. ჩანთაში ჩავიდე ბლოკნოტი და კალამი. მოვწესრიგდი. ყველას დავემშვიდობე და სახლის გზას გავუყევი. მოედანი ქვაფენილების თვლით გამოვიარე. ვერ ვიგებდი, ვის რა უნდოდა. ტელეფონი ამოვიღე და მობილური ინტერნეტი ჩავრთე. მესენჯერში შეტყობინება მივიღე. მისგან იყო. „იმედია, მოგეწონება“. სხვა გზა არ იყო. მკითხავის უნდა დამეჯერებინა. ვერ ვიტან ვერც ერთ გაურკვევლობას. გული გამალებით მიცემდა იმის წარმოდგენაზე, რომ ვიღაცამ ჩემი არსებობის შესახებ არსაიდან გაიგო. პრინციპში რა არსაიდან, ფოტოები ხომ მიდევს სოციალურ ქსელში. ალბათ, მაქედან მიპოვა. სხვა ვერაფერი დავაკავშირე. უცნაური კი იყო, ვიღაცა უცნობს მე ვაინტერესებდი. თვითონ ნანახი ვყავდი, მე - არა. რამდენადაც იდუმალი არ უნდა ყოფილიყო, იმდენად მეშინოდა. დედასთვის ეს ამბავი რომ მეთქვა, ინერვიულებდა, ამიტომ საჭიროდ არ ჩავთვალე მეთქვა.
ცოტა ფეხით გავლა მჭირდებოდა დასამშვიდებლად. კოტონთან გზა გადმოვჭერი წერეთლისკენ, ქელბაქიანის უნივერსიტეტის წინ ერთი-ორი წუთი შევყოვნდი. იქ კედლებზე ნახატებს დავაკვირდი. მერე ისევ გზა გავაგრძელე წერეთელზე. მალევე ჩავიარე ქუჩა და ბალახვანში, ასკიბეებისკენ წავედი.
კიბეების დათვლაც კი დავიწყე, ოღონდ იმ უცნობზე არ მეფიქრა. არადა, ტვინში სახელებს ვვარაუდობდი. წარმომედგინა, როგორი იყო ფიზიკურად. საშინლად ამრია. არეულობა კი ყველაზე მეტად მეზიზღება.

***
შუადღე იყო, უნივერსიტეტში ლექციებს რომ მოვრჩი. ტაბიძის ქუჩაზე უნდა ჩავსულიყავი. მეორეკლასელ მოსწავლეს ვამზადებდი იქ. ისევ ფეხით გავუყევი და გუშინდელზე ფიქრები კვლავ ამეკვიატა. ნორმალურად არც მძინებია. რაღაც ჩანახატი ჩავწერე ბლოკნოტში. არც კი ვიცი - რატომ.
საცხობთან შევუხვიე და ქვაფენილებს გავუყევი. მარჯვენა მხარეს მეორე სახლში ცხოვრობდა ნინი, ჩემი მოსწავლე. შესასვლელი კარი გავაღე და ხმაზე პატარა ძაღლი გამოცუნცულდა. ბობის ძალიან ვუყვარდი, მაშინვე ფეხზე ამეკიდებოდა ხოლმე. ნინი - მეთქი დავიძახე და მაშინვე გამოვიდა პატარა კიკინებიანი გოგო სახლიდან. ოთხი საფეხური ავიარე და სწრაფად ავედი. ჩამეხუტა ბავშვი და სახლში შევედით. მისაღებ ოთახში რამდენიმე ბიჭი იჯდა, ნინის მამაც დავინახე და მივესალმე. დანარჩენების თვის ყურადღება არ მიმიქცევია. სალომეც გამოვიდა სამზარეულოდან.
- პრივეტ, თათი. ვეღარ გამოგხედე, ყავას ვაკეთებდი. ხომ დალევ?
მაგიდაზე დაულაგა ბიჭებს ყავის ფინჯნები. არ მინდა - მეთქი ვუპასუხე. ნინის ოთახისკენ მივდიოდით, ვიღაცამ მხარზე ხელი რომ მომკიდა და მომაბრუნა.
- გამარჯობა, მიშო. - ხელი გამომიწოდა. უცებ დავიბენი და მეც ჩამოვართვი თათია - მეთქი.
მერე მისი სახელი ტვინმა მეორედ გაამეორა. მიშო. მ ასო. მკითხავი. ეს უცნაური მისალმება. ან რა საჭირო იყო? ბავშვთან მოვედი სამეცადინოდ. იმათ გამარჯობა ზრდილობის ნიშნად ვუთხარი. მეუხერხულა ასე რომ მომადგა, უცერემონიოდ და გამეცნო.
- სასიამოვნოა, თათუ.
კისერი ისე ძლიერად მოვატრიალე გაკვირვებულმა, ძვლები დამიტკაცუნდა. თვალები გამიფართოვდა. უპასუხოდ დავტოვე. ერთადერთი გამოსავალი თავის არიდება იყო. ნინიმაც საჭირო დროს მითხრა ვიმეცადინოთო და ოთახიდან გავიძურწე.
მთელი საათნახევარი გაბრუებული ვამეცადინებდი ბავშვს. რამდენჯერმე მკითხა კიდეც ხომ კარგად ხარ, მასწავლებელოო, ან მე რა პასუხი უნდა გამეცა. ისე არ მინდოდა დრო მალე გასულიყო და ისევ იმ ოთახში აღმოვჩენილიყავი, ყველანაირად ვწელავდი მომენტს. მაინც ვერ ავუვლიდი გვერდს. სალომესთვის მომერიდა მეთქვა უკანა გასასვლელიდან გამიყვანე - მეთქი.
ვეცადე მისთვის არ შემეხედა გამოსვლისას, მაგრამ თვითონ არ მარიდებდა მზერას. დამშვიდობებისას თქვა მეც მეჩქარებაო და უკან გამომყვა. ვიცოდი, განგებ გააკეთა. ისიც ვიცოდი, ვინც იყო. უბრალოდ, აღიარება მიჭირდა. საიდან დაიწყო და სადამდე მოვედი. იმ მკითხავსაც ახლა რომ შევხვდი. ყველაფერი ისე უცნაურად მიეწყო ერთმანეთს, დაჯერებაც კი მიჭირდა.
ქუჩაში გამოვედი თუ არა, მაშინვე გვერდით ამომიდგა.
- აღიარებ ახლა, თათუ?
გამეცინა. ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჩავიწყვე. მისთვის არც შემიხედავს. არც პასუხი გამიცია.
- ვიცი, რომ მიცანი. მოდი, თავიდან გავეცნოთ, გინდა?
- შენ ჩემზე ისედაც ბევრი რამ იცი. - თავის დაღწევა მინდოდა. ვირტუალურად საუბარი უფრო მარტივი იყო, ვიდრე ასე - რეალურად. ისევ ჩემს თავს გავურბოდი.
- შენ გჭირდები. რატომ არ აღიარებ? მერე რა ვინ ვარ, ან როგორ გიპოვე? ან რა მნიშვნელობა აქვს რა იყო აქამდე? თავს მარტო გრძნობ. როცა შემიძლია შეგავსო, რატომ მეუბნები უარს?
- არა, არ გეუბნები. უბრალოდ, ეს ყველაფერი უცნაურია. მოულოდნელი. მე არც დრო მაქვს.
- რისთვის ან ვისთვის არ გაქვს დრო, თათუ?
- შენთვის. ბევრი პრობლემა მაქვს. შენ ამაში ვერ გაგხვევ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს.
- შენ საერთოდ არ გაქვს ცხოვრება. არც გინდა ამის აღიარება. რომელ ადგილზე გყავს შენი თავი დაყენებული? რამეს აკეთებ შენთვის? რატომ ცხოვრობ სხვებისთვის?
ცრემლები მერეოდა ამ სიმართლის მოსმენისას. ჰო. ძნელი იყო, მაგრამ.
- ნუ მეუბნები, გაჩუმდი.
- არ მესმის, რატომ არ უსწორებ სიმართლეს თვალს. შეიძლება პრობლემებთან ერთად შენზეც ფიქრობდე, მაგრამ არ გინდა. გგონია, რომ ამით რამეს დააშავებ. შენ შეგიწირეს. როგორი რთული სათქმელიც არ უნდა იყოს, გარემოებებმა და შენ ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. გეშინია, რომ საკუთარი თავის აღიარებით რამე კანონს დაარღვევ. ვერ ენდობი ადამიანებს შენი წარსულის გამო. მე ხომ არაფერი არ ვიცი შენზე? იცი მაინც იმ უბრალო პოსტში რამაიგრძე ამბავი ჩანდა? იმიტომ გითხარი „შეიძლება“ - მეთქი. მაშინ ვერ მიხვდი - რას ნიშნავდა. იმას, რომ შენ ადამიანებს ამის კითხვის საშუალებას არ აძლევ. პირდაპირ სადღაც ჯანდაბაში უშვებ და იმიტომ. იქნებ რა მინდა, იქნებ რა გამოდის ჩვენგან. იქნებ, იქნებ... გამოფხიზლდი, თათუ.
წავიდა. წავიდა და მარტო დამტოვა დასაფიქრებლად. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ ძალიან ახლოს შემეხო. იმდენად, რომ სხეული დამეფლითა. მეშინია რეალობისთვის თვალის გასწორების. მგონია, რომ ეს არასწორი იქნება. აქამდე მჯეროდა, რომ არ მქონდა პირადი ბედნიერების ძებნის საშუალება და იმით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, რისი რესურსიც ამ ეტაპზე გამაჩნდა. ყველაზე ვდარდობდი ჩემი თავის გარდა. ყველაფერზე ვფიქრობდი ჩემი მომავლის გარდა. ვიცოდი რომ იმის კეთება უნდა გამეგრძელებინა, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ჩემი ცხოვრება ჩემი ოჯახისთვის უნდა მიმეძღვნა სრულად. ამასობაში ის ვერ გავიაზრე, რომ შავი ლაქები დამრჩა სხეულზე; რომ ტკივილები ლამის წყლულებად გარდამექმნა; რომ ჩემს ყველა სიტყვას, რაოდენ ბედნიერებით სავსეც არ უნდა იყოს, სევდის ელფერი დაჰკრავს. ღმერთო, იმდენი „რომ“ არის, გული მეკუმშება.
მინდა უკან მოვაბრუნო და ეს ყველაფერი ავუხსნა მიშოს, რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა და სულელმა მკითხავმაც კი მითხრა მასზე, მაგრამ ვერ. არ შემიძლია. სიტყვას ვერ ვიტყვი. ხმას ვერ ამოვიღებ. ეს სტრესი ისე მჭამს. ამდენმა ტკივილმა გაჩუმება მასწავლა, რომ სხვებისთვის არ უნდა დამენახებინა, რაც შიგნით ხდებოდა და ლაპარაკი დამავიწყა. ძალიან მინდა გავაგებინო როგორ მტკივა, მთელი ის დრო როგორ მალპობს ზეზეულად, მაგრამ არ შემიძლია. მრცხვენია. მაშინვე ცრემლები წამომივა, უაზროდ ავტირდები.
ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან, მასენჯერი გავხსენი და მიშოს მივწერე „მაპატიე, არ შემიძლია...“.
მიშომ იცის, რომ იმ მრავალწერტილში „მინდა“ ჩავატიე „მჭირდებასთან“ ერთად. მიხვდება, ვიცი. ერთადერთია, ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმის. არ მინდა დავკარგო...
მწერს „მოვბრუნდეო?“ და პასუხს ვერ ვუბრუნებ. მიხვდა, რომ მივხვდი. სინამდვილეში - რიტორიკული კითხვა იყო. ჩემ უკან ნაბიჯების ხმა მესმის. მერე ძლიერ მკლავებს ვგრძნობ და თბილ სუნს. ის აქ არის. აქ. და არ წავა. მკითხავის არ იყოს, ჩემი იმედი ხდება. ერთადერთი ჩასაჭიდი. არც ვიცი, როგორ ვაძლევ თავს ამის უფლებას, ან საიდან მაქვს ამის ძალა. მემგონი, ჩემი ძალა მიშოა. ან მემგონი რა შუაშია?

***
დედას ყველაფერი მოვუყევი. გაეღიმა. მგონი, სიყვარული გეწვიაო. ჩვენ ჯერ სახელი არ დაგვირქმევია ამ ყველაფრისთვის, მაგრამ დედაჩემის თვალებში პირველად დავინახე ნაპერწკალი ამდენი წლის შემდეგ. მიშოს ათას მადლობას ვუხდი ამისთვის. კიდევ იმისთვის, რომ მაგრძნობინა - მკვდარი არ ვარ, გვამმა არ უნდა ვიარო, ცხოვრება უნდა მიხაროდეს, ბედნიერებას უნდა ვეძებდე.
დედაჩემმა მკითხა ერთხელ, მიშოს როდის გამაცნობო და მიშოს ეს რომ ვუთხარი, იმ საღამოსვე უნებართვოდ მოვიდა ჩემთან. მთხოვეს მარტო დამეტოვებინა ორივე. ზუსტად ვიცი, დედამ მიშოს პირობა მიაცემინა, რომ გამიფრთხილდებოდა და არასდროს არაფერს დამიშავებდა. მას უნდა, რომ ბედნიერი ვიყო და არასდროს მქონდეს ისეთი ტკივილიანი ცხოვრება, როგორიც თვითონ გამოიარა მამაჩემის ხელში.
მერე დამიძახა მიშომ. მითხრა, რომ ჩემი დანიშვნა უნდოდა. წინასწარ უნდა დაგიგულოო. არ ვიცი, რა გველოდა და რა იქნებოდა, მაგრამ ბრმად მჯეროდა რომ - ცუდი არაფერი. იმ მკითხავის სიმართლის საბოლოოდ ვიწამე.



№1 სტუმარი მე

ძალიან კარგია!ვფიქრობ ბევრი ტანჯვის მერე ადამიანს ბედნიერება უნდა ეწვიოს, სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უსამართლობაა. სიმართლე გითხრა, მსგავსი პატარა ისტორიები არ მოკწონს, სიცარიელის შეგრძნებას მიტოვებს ხოლმე, მაგრამ ეს ისტორია ემოციებით და გრძნობებით სავსეა, ყველაფრით სავსეა. ძალიან მომეწონა! წარმატებებიი <3333

 


№2  offline ადმინი ელ პინი

მე
ძალიან კარგია!ვფიქრობ ბევრი ტანჯვის მერე ადამიანს ბედნიერება უნდა ეწვიოს, სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უსამართლობაა. სიმართლე გითხრა, მსგავსი პატარა ისტორიები არ მოკწონს, სიცარიელის შეგრძნებას მიტოვებს ხოლმე, მაგრამ ეს ისტორია ემოციებით და გრძნობებით სავსეა, ყველაფრით სავსეა. ძალიან მომეწონა! წარმატებებიი <3333

არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ ჩემი დაბრუნების მერე პირველი კომენტარის ავტორი ხარ და უზომოდ გამიხარდი. ყველა იმსახურებს ბედნიერებას, ზოგი ბევრს, ზოგი - ცოტას, მაგრამ ყველას თავისი წილი აქვს. მადლობა წაკითხვისთვის!

 


№3 სტუმარი ტაისა

შენი ისტორიები იმიტომ მიყვარს,ლაკონურად რომ შეგიძლია ძალიან დიდი აზრების გადმოცემა ❤

ყველა ემოცია ვიგრძენი და ძალიან, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ❤
მადლობა))))

 


№4  offline ადმინი ელ პინი

ტაისა
შენი ისტორიები იმიტომ მიყვარს,ლაკონურად რომ შეგიძლია ძალიან დიდი აზრების გადმოცემა ❤

ყველა ემოცია ვიგრძენი და ძალიან, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ❤
მადლობა))))

ლამაზი სახელი გაქვს, ძალიან. მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის!

 


№5  offline წევრი A.N.A

ისე დამიარა სხეულში, როგორც თბილი სახლიდან გასულს ზამთრის ყინულივით ცივი მკლავების შეხებისას. მაგრამ ეს სიცივე, ცივთან ერთად, საშინლად სასიამოვნო იყო,რაც ალბათ შენი წერის სტილის დამსახურებაა.

ისტორია მომეწონა. რეალობას ასახავს. ისეთი გრძნობა დამეუფლა, სოციალურ ქსელებზე და ჯგუფზე რაც გიწერია დასაწყისში, თითქოს წაკითხული მქონდა.

თითქოს ეს ყველაფერი რეალურად მოხდა, ისე კარგად და გრძნობებით გადმოსცემ ყოველივე ამას.

მჯერა თათას აღარ ელის წინ უიმედო და რთული დღეები. უფრო სწორად უიმედო არ ელის ეს დანამდვილებით ვიცი. რთულს კი მიშოსთან ერთად გაუძლებს. მგონია ორივეს ბედნიერი მომავალი ელის ერთად.

მტკივნეული იყო, თუმცა სასიამოვნოდ მტკივნეული იყო. მადლობა შენ ამ ემოციებისთვის. ❣️

ვიცი აქამდეც წერდი და გედო კიდეც ისტორიები. არ დააბრუნებ?

 


№6  offline ადმინი ელ პინი

A.N.A
ისე დამიარა სხეულში, როგორც თბილი სახლიდან გასულს ზამთრის ყინულივით ცივი მკლავების შეხებისას. მაგრამ ეს სიცივე, ცივთან ერთად, საშინლად სასიამოვნო იყო,რაც ალბათ შენი წერის სტილის დამსახურებაა.

ისტორია მომეწონა. რეალობას ასახავს. ისეთი გრძნობა დამეუფლა, სოციალურ ქსელებზე და ჯგუფზე რაც გიწერია დასაწყისში, თითქოს წაკითხული მქონდა.

თითქოს ეს ყველაფერი რეალურად მოხდა, ისე კარგად და გრძნობებით გადმოსცემ ყოველივე ამას.

მჯერა თათას აღარ ელის წინ უიმედო და რთული დღეები. უფრო სწორად უიმედო არ ელის ეს დანამდვილებით ვიცი. რთულს კი მიშოსთან ერთად გაუძლებს. მგონია ორივეს ბედნიერი მომავალი ელის ერთად.

მტკივნეული იყო, თუმცა სასიამოვნოდ მტკივნეული იყო. მადლობა შენ ამ ემოციებისთვის. ❣️

ვიცი აქამდეც წერდი და გედო კიდეც ისტორიები. არ დააბრუნებ?

ანა, როგორ გავთბი. მადლობა, რომ წამიკითხე და პირველ რიგში - გაგახსენდი. მიხარია, რომ მიშო გეიმედება. ზუსტად ამისთვის შევქმენი და იმიტომ. ისევ - მადლობა!
არ ვიცი, თუ დავაბრუნებ. ვერ გაგცემ ზუსტ პასუხს...

 


№7  offline წევრი ანა გუგე

მეთქი საიდან მეცნობათქო და მომისწრია უკვე წაკითხვაა :DDD თუმცაააა კიდევ ერთხელ ვისიამოვნე... ძალიან გამორჩეულად წერ ხოიციშენ :))))

 


№8  offline ადმინი ელ პინი

ანა გუგე
მეთქი საიდან მეცნობათქო და მომისწრია უკვე წაკითხვაა :DDD თუმცაააა კიდევ ერთხელ ვისიამოვნე... ძალიან გამორჩეულად წერ ხოიციშენ :))))

ანა, ტკბილო, შენგან მოსმენილი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ჩემი "ვიცი" ჩემთვის. მადლობა!

 


№9 წევრი ირო

"ელ პინი"როგორ შეიძლებოდა შენი გაქრობა საიტიდან.
რამდენი თათია დადის ამ ქვეყანაზე ვინ იცის,ვინ მოთვლის.დაე ყველა თათიას თავის მიშო ეპოვოს და დაეგროვებინოს ბედნიერების დღეები.შენ კი ჩვენ მოგვიტანე ასე ემოციურად დატვირთული ისტორიები

 


№11  offline ადმინი ელ პინი

ირო
"ელ პინი"როგორ შეიძლებოდა შენი გაქრობა საიტიდან.
რამდენი თათია დადის ამ ქვეყანაზე ვინ იცის,ვინ მოთვლის.დაე ყველა თათიას თავის მიშო ეპოვოს და დაეგროვებინოს ბედნიერების დღეები.შენ კი ჩვენ მოგვიტანე ასე ემოციურად დატვირთული ისტორიები

ირო, მადლობა! მივხვდი, რომ ამ საიტს ვერ გავცდები და ვერც ჩემს მკითხველებს, ყველაზე სანუკვარ ადამიანებს.

გადარეული გოგონა
vau es ubralod dzalian magaria

მადლობა!

 


№12  offline მოდერი მა კო ma ko

ეს რა იყო? მოვწყდი ჩემს სამყაროს იცი?თითქოს თითოეულ მომენტს,კადრებად ვუყურებდი, დასრულება კი, არ მინდოდა!
დაკარგული მეგობარი, რომელთანაც ამდენი გაკავშირებს, ამ მომენტმა გული ახლიდან დამწვა,რადგან მეც მქონდა მომენტი, მეგემა მეგობრის ღალატი და მისგან გამოწვეული ტკივილი....
შენი წაკითხვა, ჩემში დიდ ინტერეს იწვევს!
დიდ მუზას და წარმატებას გისურვებ ♡♡♡♡

 


№13  offline ადმინი ელ პინი

მა კო ma ko
ეს რა იყო? მოვწყდი ჩემს სამყაროს იცი?თითქოს თითოეულ მომენტს,კადრებად ვუყურებდი, დასრულება კი, არ მინდოდა!
დაკარგული მეგობარი, რომელთანაც ამდენი გაკავშირებს, ამ მომენტმა გული ახლიდან დამწვა,რადგან მეც მქონდა მომენტი, მეგემა მეგობრის ღალატი და მისგან გამოწვეული ტკივილი....
შენი წაკითხვა, ჩემში დიდ ინტერეს იწვევს!
დიდ მუზას და წარმატებას გისურვებ ♡♡♡♡

მაკო, რა კარგია, რომ შენამდე მოვიდა და მოიტანა. ზუსტად ეს მინდოდა მეც. მე შევეგუე, რომ ადამიანები მიდიან და მოდიან. ყველას ამას ვურჩევ. მადლობა კეთილი სურვილებისთვის!

 


№14  offline მოდერი Nuki-rocks

აი,დაბრუნებაც ასეთი უნდა!როგორ გამიხარდა კვლავ აქ ხილვა თქვენი.
რაც შეეხება ისტორიას,წინაზეც წავიკითხე და აღტაცება ვერ დავფარე მაშინ,ახლაც ის გრძნობა მაქვს. იმედი გამიჩინა ძალიან დიდი და მადლობა.

წარმატებებს გისურვებ.

 


№15  offline ადმინი ელ პინი

Nuki-rocks
აი,დაბრუნებაც ასეთი უნდა!როგორ გამიხარდა კვლავ აქ ხილვა თქვენი.
რაც შეეხება ისტორიას,წინაზეც წავიკითხე და აღტაცება ვერ დავფარე მაშინ,ახლაც ის გრძნობა მაქვს. იმედი გამიჩინა ძალიან დიდი და მადლობა.

წარმატებებს გისურვებ.

ნუკი, ყოველთვის მემახსოვრები და საუბრით გიცნობ. მადლობა შენ!

 


№16 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა.აქტუალური თემაა,თანაც რეალური.თათუ რა საყვარელი გოგოა.არც კი იცის როგორი ძლიერი,სიყვარულით სავს.უიმედობა კი აქვს,ეს უკვე ცხოვრების ბრალია.მაგრამ თვითონ ძლიერი ადამიანია.შენ საოცრად ძლიერი მწერალი ხარ.საოცარი აღწერის უნარი გაქვს და გადმოცემის.აი იცი როგორი?ცა ,ხმელეთი და ზურმუხტი ,ყველამ ვიცით ,მაგრამ ის მხოლოდ აკაკიმ შეკრა გენიალურ ლექსში..წარმატებები.მეიმედები

 


№17  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი nancho
ძალიან მომეწონა.აქტუალური თემაა,თანაც რეალური.თათუ რა საყვარელი გოგოა.არც კი იცის როგორი ძლიერი,სიყვარულით სავს.უიმედობა კი აქვს,ეს უკვე ცხოვრების ბრალია.მაგრამ თვითონ ძლიერი ადამიანია.შენ საოცრად ძლიერი მწერალი ხარ.საოცარი აღწერის უნარი გაქვს და გადმოცემის.აი იცი როგორი?ცა ,ხმელეთი და ზურმუხტი ,ყველამ ვიცით ,მაგრამ ის მხოლოდ აკაკიმ შეკრა გენიალურ ლექსში..წარმატებები.მეიმედები

ნანა, ასე მოგმართავ, მირჩევნია. გულს მალამოდ მოედო შენი სიტყვები, გავთბი. მიხარია, ასე რომ დაინახე ჩემი პერსონაჟები. მადლობა იმედისთვის!

 


№18 სტუმარი სტუმარი nancho

თავად მადლობა ,რომ ხარ.და სხივი შემოგაქვს ,პირადად ჩემთვის,რომელსაც შემიძლია მარტივად გავყვე.მე იმ გაზაფხულს ვხედავ ,შენს ნაწარმოებებში,რომელიც მუდამ. არის.მთავარია იპოვო.და მე ვპოულობ

 


№19  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი nancho
თავად მადლობა ,რომ ხარ.და სხივი შემოგაქვს ,პირადად ჩემთვის,რომელსაც შემიძლია მარტივად გავყვე.მე იმ გაზაფხულს ვხედავ ,შენს ნაწარმოებებში,რომელიც მუდამ. არის.მთავარია იპოვო.და მე ვპოულობ

როგორ გავბედნიერდი, არც კი იცი... მიხარია, რომ ამას ხედავ. მადლობა, მადლობა, უზარმაზარი, დიდი!

 


№20 წევრი EllaTriss

ელ პინ, როგორ გელოდი..
მართლა მოვწყდი რეალობას და თათიას ყველა ემოცია ჩემშიც გაცოცხლდა.
ზუსტად ის არის, რაც ყველა უიმედობით შეპყრობილ ადამიანს იმედს ჩაუსახავს.
ბრავო, ბევრი შენნაირი მწერალი უნდა არსებობდეს! ❤

 


№21  offline ადმინი ელ პინი

EllaTriss
ელ პინ, როგორ გელოდი..
მართლა მოვწყდი რეალობას და თათიას ყველა ემოცია ჩემშიც გაცოცხლდა.
ზუსტად ის არის, რაც ყველა უიმედობით შეპყრობილ ადამიანს იმედს ჩაუსახავს.
ბრავო, ბევრი შენნაირი მწერალი უნდა არსებობდეს! ❤

ვახ, ახლა უკეთ მივხვდი და ყველა კომენტარის მერე უფრო ვხვდები რა ძვირფასია ჩემთვის აქაურობა და - თქვენ, სულ ყველა, ჩემი მკითხველები. ისე მევსება გული ბედნიერებით და სულ გაღიმებული ვზივარ... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის!

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინო

ეელ როგორ გამიხარდა შენი ნიკის ნახვა. ჩამთრევი ისტორია იყო,ეოციებზე არაფერს ვამბობ.ხშირად თუ გაგვახარებ კარგი იქნება ელ

 


№23  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი ნინო
ეელ როგორ გამიხარდა შენი ნიკის ნახვა. ჩამთრევი ისტორია იყო,ეოციებზე არაფერს ვამბობ.ხშირად თუ გაგვახარებ კარგი იქნება ელ

ნინო, ჩემო ტკბილო გოგოვ, აუცილებლად ვეცდები ხშირად გამოვჩნდე ხოლმე. მადლობა, ოქრო!

 


№24 სტუმარი Ana-maria

ემოციური და გრძნობებით სავსე ისტორიაა , რომელიც ძალიან მომეწონა. დასაწყისში გული სევდით ამევსო, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 


№25  offline ადმინი ელ პინი

Ana-maria
ემოციური და გრძნობებით სავსე ისტორიაა , რომელიც ძალიან მომეწონა. დასაწყისში გული სევდით ამევსო, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

აუცილებლად ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება, მე მჯერა. შეიძლება - ბრმად ზოგჯერ, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. მადლობა წაკითხვისთვის!

 


№26 სტუმარი სტუმარი დადუ

საოცრად დავსევდიანდი ( როგორი დამოკიდებულება ჩანს დედის მიმართ ,რა ნამდვილია განცდები და სიტყვები ( ვიტირე :( მინდა ყველა ესეთ დაჩაგრულ ,უიმედოდ მყოფ გოგოს გამოუჩნდეს თავისი მიშო ????

 


№27  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი დადუ
საოცრად დავსევდიანდი ( როგორი დამოკიდებულება ჩანს დედის მიმართ ,რა ნამდვილია განცდები და სიტყვები ( ვიტირე :( მინდა ყველა ესეთ დაჩაგრულ ,უიმედოდ მყოფ გოგოს გამოუჩნდეს თავისი მიშო ????

მეც მინდა, ძალიან მინდა ყველა ბედნიერი იყოს, თუნდაც არ იმსახურებდეს. მადლობა ასეთი ემოციებისთვის!

 


№28  offline წევრი სიბილა

ელ რა სევდიანი დამტოვე,თუმცა დავბრუნდეო რომ მოსწერა,მანდ მივხვდი-გადავრჩით)))ამ სტილშI წერაც როგორი შენეული გაქვს და როგორი ღრმა,როგორი საინტერესო.ხოდა, წერე-მეთქი და ჰე, ნუ იკარგები/ heart_eyes

 


№29  offline ადმინი ელ პინი

სიბილა
ელ რა სევდიანი დამტოვე,თუმცა დავბრუნდეო რომ მოსწერა,მანდ მივხვდი-გადავრჩით)))ამ სტილშI წერაც როგორი შენეული გაქვს და როგორი ღრმა,როგორი საინტერესო.ხოდა, წერე-მეთქი და ჰე, ნუ იკარგები/ heart_eyes

რუსა, შენ ხარ სულ ყველაზე თბილი. მადლობა, ჩემო კარგო!

 


№30 სტუმარი meri

გამოგიტყდები და ცოტა დამაკლდა.ვისურვებდი გაგრძელებას.ისე არ დაგიმალავ და დამაფიქრა ამ ისტორიამ და სწორედ ამიტომ მინდა გაგრძელება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent