შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოსახვითი გზატკეცილი (სრულად)


13-01-2021, 03:28
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 246

- მალე მოვა სამყაროს აღსასრული.
უეცრად დაცდენილმა სიტყვებმა თავადვე გამაოცა.

- იმედი მაქვს.
ქალაქში აღმართული სიჩუმის კედელი უცნობის მტკიცე სიტყვებმა უხეშად გაარღვია.

შემაღლებულ ბორდიულზე მარტო აღარ ვიჯექი.

- აქ რას აკეთებ? - შიშნარევი ნოტები შემეპარა ხმაში, თუმცა გაგონილი მქონდა, უცნობს შიშს თუ დაანახებ, ამით სარგებლობას შეეცდებაო, ამიტომ თამამად ავათვალიერე მუქი ტანსაცმლით შემოსილი მაღალი სხეული.

- იმას, რასაც შენ. - ლამპიონებით ნახევრად განათებულ გზატკეცილს მისი მზერა ბრწყინვალებას ანიჭებდა.
არ გატყუებთ,
აქამდე არასდროს მენახა ცეცხლის ალში გახვეული, აგიზგიზებული თვალები.
ტანში გამცრა,
მაგრამ ვერ მივხვდი,
ეს სიამოვნებისგან იყო თუ შიშისგან.

- შენ რა იცი, მე რას ვაკეთებ აქ? - ჩემს მოჭუტულ თვალებზე ეცინება.
ვხვდები. მთელი სხეულით ვგრძნობ მის მზერას.
ვიცი, დიდხანს ვერ გავუძლებ.
- სამყაროს აღსასრულს ელოდები. - ხმაში გარეული ფოლადი მეც კი მარწმუნებდა მისი არასერიოზული წინადადების სისწორეში.
- იმედი უნდა გაგიცრუო.
- რატომ? - დაიბრუნა მხიარული ნოტები.
- იმიტომ, რომ აქ ამისთვის არ ვარ.
იანვრის სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, მაგრამ გმირულად ვუძლებდი.
- აბა, აქ რატომ ხარ?
- არ გეტყვი. - მხრები ავიჩეჩე უდარდელად და იდაყვებით დავეყრდენი შემაღლებულ ბორდიულს, რომლის არსებობასაც ვერ ვხსნიდი შუა გზატკეცილზე.
- შეყვარებულს დაშორდი? - ირონია შეპარეული ნოტები წამსვე ამოვიცანი.
ჩაეცინა. სიგარეტს მოუკიდა.
- როგორი ბანალური ხარ. - ამოუცნობი მიზეზით გათამამებულს გამეცინა.
- შენ კიდე გიჟი ხარ. - არც მან დამაკლო უცნობისთვის არადამახასიათებელი სითამამე.
- რატომ?
- კომენდანტის საათია. შუა იანვარი, მინუს ორი გრადუსი და შენ ბორდიულზე ზიხარ. ან რაღაც შეგემთხვა, ან გიჟი ხარ.
- იმიტომ ვარ გიჟი, რომ ახლა სხვები სითბოში სხედან?
- ჰო... რა, არა? - აშკარად უკვირდა და ამავდროულად ამხიარულებდა ჩემი აღშფოთებული გამომეტყველება.
- არ გიფიქრია, რომ ისინი არიან გიჟები?
- ვინც კომენდანტს არ არღვევს და მინუს ორ გრადუსში არსებობის გაყინვას არ ამჯობინებს? - ეჭვით გადმომხედა.
- ჰო, - ისე აღმომხდა, თითქოს ორჯერ ორის პასუხამდე ძლივს მივიყვანე.
- ნაჰ, არა.
ლამპიონის ყვითელი შუქი ეცემა მის სახეს.
- კარგი, რადგან ეგრე გინდა... სხვათაშორის, შენც აქ ხარ, თანაც იმედიც გაქვს. - გამარჯვებული ღიმილით ვუყურებდი ოდნავ ღიმილშეპარულს.
- რისი?
- სამყაროს აღსასრულის.
ეცინება.
უცნაურად.
იმდენად უცნაურად, რომ ტანზე დავლილი ჟრუანტელისგან ჩემი სხეულიც კი ცბება. ზუსტად ისე, როგორც ძილის ფაზაში გადასვლისას.
ამჩნევს.
იჭერს ჩემს რეაქციას.
ან მე მგონია, რომ ამჩნევს,
რადგან თვალებანთებული მიყურებს.
თითქოს მისმა მზერამ მთელს ორგანიზმში, მთელს გონებაში შემოაღწია
და ჩემი ყველა ფიქრი,
მის წინ გადაიშალა.

- რატომ ხარ აქ? - სიმტკიცეშეპარული ხმით ვეკითხები და ტანით მისკენ ვბრუნდები.
ამჯერად მარჯვენა მენჯით ვეყრდნობი აღმართულ კედელს და ხელებს გულზე ვიკრეფ.
- ჯერ შენ უნდა მითხრა.
- არა!
- გელოდები. - მოუთმენლად მათვალიერებს.
- უბრალოდ, ასე მინდა. მსიამოვნებს. არაფერი დრამატული. - დავნებდი.
- მე კი მეგონა, მარლა სინგერი აღმოვაჩინე-მეთქი. - თბილად ეღიმება და ქვემოდან მიყურებს, ოდნავ მოჭუტული თვალებით. - სიმართლე გითხრა, იმედი გამიცრუვდა.
- ნუთუ მებრძოლთა კლუბის წყალწაღებულ დამაარსებელთან მაქვს საქმე. - მარლა სინგერი მესმის თუ არა, უცნაურად ვმხიარულდები.
ერთი ჩვევა მაქვს.
წარმოუდგენელ სიხარულს მანიჭებს, როცა ჩემი გემოვნება სხვისას ემთხვევა,
მაგრამ, სხვა...
სხვასაც გააჩნია, ხომ ხვდებით.
სხვებსაც ფილტრავს ჩემი გონება,
ასე გამოდის, მექანიკურად.
ყველას არ აქვს პატივი, ჩემი სიხარული დაინახოს.
თამამი განაცხადია, ხო?
დიდი წარმოდგენაც მაქვს, ალბათ.
ყველას აქვს.
ყველა ფიქრობს, რომ გამორჩეულია.
სიმართლე გითხრათ, ეს ცოტათი მთრგუნავს და თვითშეფასებას მიქვეითებს, მაგრამ არაუშავს.
ჩემი ცხოვრებაა,
ჩემი წრე.

- ახლა რომელი ხარ, დერდენი, ვითომ? - ღიმილს ვერ ვიკავებ.
- არცერთი. ხომ გითხარი, იმედი გამიცრუვდა-მეთქი. ვერ გავქაჩეთ.
- მგონი ბოდავ, ხო? - ჩემი სახე რომ დაგენახათ, მხოლოდ სულელს შემადარებდით. იმდენად თავისუფლად მეცინება, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობ ‘გაკვირვებას’ ძალიან დიდხანს ვერ ვიშორებ.
- დრამატული მიზეზი უნდა გქონდეს, რა. აი, ეგ რომ გქონდეს, არც დერდენობაზე ვიტყოდი უარს. - აშკარაა, რომ ძალიან დამცინის, თუმცა სერიოზულ, უფრო სწორად, ძლივსძლივობით შეკავებულ სერიოზულ ტონს ინარჩუნებს.
- ჰო, სამყაროს და ქალაქს თუ ვერა, ხილიანს მაინც გავანადგურებდით. - გულდაწყვეტილი და მხრებჩამოყრილი ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
მზერას არ მაშორებს.
- ვიმხიარულებდით... - ჩემივე ტონით წარმოთქვამს და მხარზე მხარით მეხება.


- კომენდანტია. შუა იანვარი. როგორც მითხრეს, მინუს ორი გრადუსიც. აქ რას აკეთებ?
შუა გზატკეცილზე გაჩერებულ მანქანას ვხედავ და მისი ჩუმი ჩაცინებაც მესმის.



*ჩასუნთქვა*

წამიერ ჩასუნთქვას მოყვება წამის მეასედში შემოტეული ფიქრთა კორიანტელი.
რომ არა კომენდანტის საათი,
სადმე,
რომელიმე დიდ ქალაქში მოისმენდით თავად ქალაქის სუნთქვას?
ვერსად.
ვერსად და ვერასდროს შეიგრძნობდით დიდი ქალაქის ჩუმ მძვინვარებას.
ვუყურებ ქუჩას,
რამდენიმე ფერში ბზინავს,
წითელს ყვითელი ერწყმის
და ეხეთქებიან ასფალტს,
წარმოქმნიან სიმოფნიას,
სიჩუმის ნაზ სიმფონიას,
რომელსაც სმენადაძაბული ვიტაცებ.
მეორდება.
ეს პროცესი მეორდება,
ისევ და ისევ.
ისე, თითქოს, სამყაროს დაუწერელი კანონი ყოფილიყოს.
ვუყურებ ქუჩას,
უძრაობისგან მტვერდადებულს.
უშფოთველად სძინავს გადაღლილს.

*ამოსუნთქვა*

მისი ხავერდოვანი ხმა არღვევს სიჩუმით მოქსოვილ ბარიერს.
- დაგინახე და მოვედი. არაფერი დრამატული.
- არც შენ ყოფილხარ მოწოდებით დერდენი. - მეღიმება.
- ჰო, ტაილერი არა, მაგრამ ივა ბერიძე ვარ.
- მანუ ბურდული.
- უბრალოდ მანუ?
- ჰო, უბრალოდ.
- უცნაური, მაგრამ ლამაზი სახელია.
ვაპირებდი მეთქვა მადლობა, მაგრამ არ ვთქვი.
მეც არ ვიცი, რატომ.
უბრალოდ გავიღიმე და უეცრად ამოვარდნილ ქარს შევაგებე ჩემი მოშიშვლებული მხრები, რომლებიც ვეღარც გრძნობდნენ სულისშემძვრელ სიცივეს.
- საშვი გაქვს, ხო?
- ჰო, მაქვს. - ჩემს დაბოღმილ სახეზე გაეცინა.
- უსამართლობაა!
- რატომ?
- შენ რომ გაქვს და მე არა.
- იქნებ, რატომ მაქვს.
- რატომ გაქვს?
- რა?
- მეთამაშები? - წარბები სასაცილოდ ავზიდე მისი სარკასტული ღიმილი რომ დავინახე.
- არა... - ძლივს იკავებდა სიცილს.
- ნუ იცინი! - განრისხებულმა ვუბრძანე.
- რა მარტივია შენი გაბრაზება.
- სულაც არა! - არ ვთმობდი პოზიციას.
- საშვი მაქვს, იმიტომ, რომ მჭირდება. შენ არ გაქვს, მაგრამ მაინც აქ ხარ.
- ჰო, და არც მჭირდება, რა!
- პატარა და სასაცილო ხარ.
ჯანდაბა,
ნუ იღიმი.
გაბრაზებული ვარ!
- პატარა და სასაცილო შენ ხარ.
ცივ ქვას მიყრდნობილი, დაბღვერილი ვუყურებდი, ზუსტად ისე, პატარა ბავშვს ტკბილეულს რომ წაართმევენ.
- ისე, მანიაკი ხომ არ ხარ? - ვკითხე სხვათაშორის.
წამომცდა, უფრო სწორად.
- საინტერესო კითხვაა... შენ როგორ ფიქრობ? - ალმაცერად ამათვალიერა.
ფეხი ფეხზე გადაიდო და ქვემოდან ამომხედა.
-... რომც იყო, არ მადარდებს. - მხრები ავიჩეჩე და საკუთარი თავის ლანძღვა დავიწყე, ასეთი იდიოტი რომ ვიყავი.
- რატომ?
- რა, რატომ?
- როგორ შეიძლება არ გეშინოდეს?
- მეშინია, მაგრამ იცოდე, რომ ჯიბეში ელექტროშოკი მაქვს! - დაბღვერილმა გადავხედე იმ იმედით, რომ შევაშინებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მორიგი იდიოტობა დავახეთქე.
- კაი, მართლა?
- ჰო, აბა!
- ანუ მე უნდა მეშინოდეს, ხო? - ღიმილს ვერ იკავებდა.
- არ მომწონს მშიშარა ბიჭები!
- ანუ მე მოგწონვარ.
გავწითლდი.
გავლურჯდი.
სიმართლე გითხრათ,
არ ვიცი, რა ფერი დამედო სახეზე,
მაგრამ საოცარ სიმხურვალეს ვგრძნობდი.
- სულაც არა. - თავი გავაქნიე და ერთი ნაბიჯით დავშორდი.

ხმას არ ვიღებდი.
არ ვუყურებდი.
არ მინდოდა კვლავ დამენახა მისი გამარჯვებული მზერა.
მაგრამ უცნაური ძალით გასხივოსნებულს მალევე მომბეზრდა უხერხული სიჩუმე.

- შენი აზრით, აქ რატომ ვარ? - მოულოდნელად ვკითხე.
- პატარა პროტესტანტი ხარ, იცი? - სულ ცოტა აკლდა ხარხარის დაწყებამდე.
მის შედარებაზე მეც მეცინება.
თავი გავაქნიე.
სულაც არ ვარ პროტესტანტი,
უბრალოდ ვტკბები იმით,
რითიც ვერ ტკბება სხვა.

- ივა, აკრძალული ხილი უფრო გემრიელია. ყოველთვის... ისე, ახლა დავფიქრდი და, ზოგჯერ, როცა რაღაცას ვამბობთ, ვიცით, რომ ძალიან გაცვეთილი და ბანალურია, მაგრამ არც სხვანაირად გამოდის. ზოგჯერ, აი, სასტიკად მინდება, რომ ეს გაცვეთილი წინადადებები სხვებით ჩავანაცვლო, მაგრამ არაფერი მაფიქრდება.
- წინადადებების მიმართაც კი პროტესტი გაქვს, რომელ აკრძალულ ხილზე ლაპარაკობ, კაი, რა! პროტესტანტი ხარ-მეთქი. ისე, მანუ, შენი სახით საფრანგეთმა მეორე ჟანა დარკი დაკარგა. ხმებიც ხო არ ჩაგესმის? - ძალიან დამცინოდა. უკიდეგანოდ. მაგრამ ეს იყო ის, რაც იმ წამს მჭირდებოდა.
ადამიანი.
უხილავი კავშირებით ჩემამდე მოღწეული.
- ჟანა დარკი ინგლისის წინააღმდეგ იბრძოდა, ნამდვილი პატრიოტი იყო, მე რა შუაში ვარ, ივა!
- სულისკვეთება გაქვს ეგეთი. ახლა, რუსები რომ შემოვიდნენ, დარწმუნებული ვარ, პირველი შენ აისხამ იარაღს, ან ელექტროშოკით გაიქცევი მათ წინააღმდეგ.
- რამ შეგიქმნა ეგ წარმოდგენა ჩემზე? და ჰო, სანამ რუსებთან გავიქცევი, იცოდე, შენზე დავტესტავ. - კმაყოფილ ღიმილს ვერ ვაქრობდი სახიდან.
- რომელი ნორმალური დაჯდება ბორდიულზე კომენდანტის დროს?
- შენც აქ ხარ...
- ჰო, ნორმალურობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ არც შენსავით ვაფრენ. - ეღიმება. - და სხვათაშორის, გაითვალისწინე, რომ ძალიან სწრაფი რეფლექსები მაქვს, შენგან განსხვავებით.
- ნუ გამომცდი!
- რატომაც არა, ლამაზო. - თვალი ჩამიკრა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
დაბნეულობის დასაფარად, რაღაც სისულელე წამოვროშე.
- ზოგჯერ ცხოვრება მიყვარს, იცი, რატო?
- აბა, რატო?
- არაადეკვატურად რომ ვიქცევი.
- მეეჭვება ადეკვატურად მოქცევა შეგეძლოს. - კვლავ ზეიმობდა გამარჯვებას.
- შენ სულ ადეკვატური ხარ, ხო?
- დღეს არა. გაგიმართლა!
- მე არა, რა. შენ გაგიმართლა, თორემ გააგრძელებდი გზას და მოწყენილობისგან მოკვდებოდი.
- რამხელა წარმოდგენა აქვს, პატარა პროტესტანტს. - სიცილით მიწელავს ლოყებს.
- თავზეც გადამისვი ხელი, საშვიანო და ღიპიანო ბიძიავ!
- რა გინდა, მანუ, შორს წავიდე? - უცნაური სხივები აუთამაშდა გამყიდველ თვალებში.
- მოსაწყენი ხარ, ივა.
უკონტექსტოდ სიტყვების წამოროშვა ჩემი ერთ-ერთი და აქამდე უცნობი პროფესია იყო.
- ვითამაშოთ, გინდა?
თვითონაც ხვდებოდა, რა მჭირდა,
რა მემართებოდა,
რა მინდოდა,
მაგრამ უცნობი არამზადა,
ყველანაირ კომფორტს მიქმნიდა.
სუნთქვის საშუალებას მაძლევდა მაშინ,
როცა წამოცდენილი სიტყვების გამო სუნთქვა მეკვროდა.

- რა ვითამაშოთ?
- ‘ნორმალურია’.
- მაგიჟებ? - ლამის თვალები გადმომცვივდა. - საიდან იცი ეგ თამაში?
- მე და ჩემი და ვერთობოდით, მოგვწონს აზრებით თამაში. - გაეცინა ჩემს რეაქციაზე.
- აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ მე და ჩემმა მეგობარმა ვიცოდით. არაადეკვატურად მიხარია, ხო? ვიცი, არ აღნიშნო, იცოდე!

სულელივით მეღიმებოდა ამდენ დამთხვევაზე.
თან როგორ დამთხვევაზე, იცით?
უძვირფასეს.

- აფრენ, აფრენ. - დანანებით აღმართა ხელები. - მოდი, დავიწყებ.
- მიდი. - პატარა ლეკვი პატრონს რომ შეეგებება, მსგავსი რეაქცია მქონდა.
- ნორმალურია, თუ სიცარიელესთან და სევდასთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობ.
- ახლა ეგრე გრძნობ? – ‘პატარა ლეკვი’ აღშფოთდა.
- წესებს ნუ არღვევ, ეგ მერე! - აატრიალა თვალები. - მიდი, ახლა შენ.
ბორდიულზე შემოჯდა.
სიგარეტს ეწეოდა.
იცით, მეზიზღება სიგარეტი.
მეტიც, იმდენად მაღიზიანებს ნიკოტინის სუნი, რომ სულ ვცდილობ გავექცე.
ახლა არა.
ვერ.

- ნორმალურია, თუ უწყეტ ფიქრებთან ერთად ესაუბრები სხვას და არ იმჩენევ, თუ რამდენად იტანჯები.

ვიცოდი.
დარწმუნებული ვიყავი,
მის თვალებში ვხედავდი,
უნდოდა,
ძალიან უნდოდა იგივე ეკითხა,
მაგრამ თვითონვე მოიჭრა გზა.

- ნორმალურია, სიამოვნებას განიჭებდეს ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის გაქცევას ცდილობდე.
- ნორმალურია, გიყვარდეს და გძულდეს ერთი და იგივე ადამიანი.
- ეგ არ არის ნორმალური, მანუ!
- ნორმალურია და წესებს ნუ არღვევ, ივა! - შუა გზატკეცილზე, თანაც კომენდანტის დროს სიბრაზისგან აღრიალებული გოგოს ხმა ვინმეს რომ არ გაეგო და კორპუსებს self-destruction არ დაეწყოთ, თამაშის გაგრძელება არჩია უცნობმა არამზადამ.

- ნორმალურია, გრძნობდე არაფერს და მაინც იცოდე, საით მიდიხარ.
- ნორმალურია, გინდოდეს, გჭირდებოდეს, მაგრამ იცავდე დისტანციას.
- ნორმალურია, გინდოდეს სიცოცხლე და ოცნებობდე სიკვდილზე.
- კაი?!
- ჰო, მანუ.
- ამიხსენი.
- ჯერ შენ ამიხსენი სიყვარულ-სიძულვილის ჰარმონიული თანაარსებობა.
- ყველას გამოუცდია, ივა. ზოგჯერ იმდენად გიყვარს, რომ შეგიძლია გძულდეს კიდეც. ისე, მე თუ მკითხავ, სიყვარული და სიძულვილი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ერთი ნაბიჯიც კი არ არის. მართლა. სიძულვილამდე რომ გიყვარს, წარმოგიდგენია, რა გიჟური გრძნობაა? - სიცივისგან თუ ემოციებისგან აღტკინებულ-აკანკალებული აქეთ-იქეთ დავდიოდი და რაღაც პარადოქსულ თემას მთელი მონდომებით ვუხსნიდი.
- როცა გძულს, არც გიყვარს, მანუ.
- კი, ივა. ზოგჯერ გვიყვარს ის, ვინც იმედს გვიცრუებს, ან სათანადოდ არ ვუყვარვართ, ასეთი ადამიანის შეძულება უმარტივესია, მაგრამ ეს გრძნობა წამიერად გვეუფლება. წარმოიდგინე, იმდენად გიყვარს, რომ გეზიზღება შენი თავი. იმდენად გიყვარს, რომ ისიც გეზიზღება, იმიტომ, რომ მისი მიზეზით გეზიზღება საკუთარი თავი.
- გამოგიცდია?
- მეტნაკლებად.
- ეგ როგორ გავიგო, მანუ? - წარბები აზიდა და უცნაური, თითქოს არეული მზერით გადმომხედა.
- კი და არა. მხოლოდ ოჯახზე. მაგრამ, ვგრძნობ. არ გამომიცდია, მაგრამ ვიცი. შემიძლია წარმოვიდგინო.
- მე რომ შეგიყვარდე, შეძლებ შემიძულო? -
თვალები.
ღმერთო, თვალები.
ფერფლად მაქცევდნენ.

- მხოლოდ სიყვარულით, ივა.
- უცნაური გოგო ხარ, მანუ.
- ვიცი, ხო. - პატარა ბავშვის რეპლიკაზე გაეცინა და მომეხვია.

მომეხვია ისე,
რომ ყინულად ქცეული არსებობა გაათბო.

- რა საშინელებაა, სამუდამოდ დაემშვიდობო მას, ვინც შენთვის მნიშვნელოვანი გახდა.
აუღელვებელი,
მშვიდი ხმა ჰქონდა.
გამომეტყველებაც კი არ შესცვლია.
პარადოქსია-მეთქი,
გავიფიქრე.
ერთს მეუბნება,
მეორეს აკეთებს.
ძვლების ხმაც კი მესმის ისე ძლიერად მეხვევა სხეულზე.
რბილი, თბილი ტუჩების კვალს ჯერ კისერზე,
შემდეგ თვალთან ახლოს მიტოვებს.
ვკანკალებ,
მაგრამ არა სიცივისგან.
ვგრძნობ, როგორ მეღვრება სხეულში სითბო.
მის სხეულზე აკრული,
გაურკვევლობაში მყოფი,
სულარეული,
ნელ-ნელა ვქრები.
ვგრძნობ, როგორ იფანტება ჩემი სხეული.


*თავისი ოცნება სიზმარში დატოვა და სულიდან ამოიღო ემოციებით სავსე ცარიელი ჩემოდანი.*

/

- გაიღვიძე რა, მანუ. სულ როგორ გძინავს? გღვიძავს, გძინავს! გძინავს, გძინავს! ნუ, რა წესია, ამიხსენით ვინმემ!

დაუსრულებელი,
და უს რუ ლე ბე ლი,
გულისწამღები მონოლოგი
და
სიზმარში დატოვებული ივა ბერიძე.

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გავაანალიზე, რომ ივა ბერიძე ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
არარსებული ადამიანი.
სიზმრის ნაწილი.
ორი დღეა ვიძინებ იმ იმედით, რომ სიზმარს გავაგრძელებ,
თუ არ გავაგრძელებ,
ისევ შევხვდები მაინც.
მაგრამ არა.
გგონიათ, სიზმრებს ვხედავ?!
გუშინ ვნახე, მეც არ ვიცი რა, დილით გაღვიძებულს ცუდი ემოციები და ცარიელი კადრები შემრჩა.
აქამდე ინსომნიით შეპყრობილი, ახლა საწოლიდან არ ვდგებოდი.
საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი რა, ან რა დასრულდა, მაგრამ დასრულდა ის, რაც არ არსებობდა. სიზმარი იყო, რომელმაც ადამიანი შემაყვარა და ცხარე ცრემლითაც მატირა.
მაგრამ,
მერე რა.
შემაყვარა, ხო? შემაყვარა!
და როცა ვიღაც გიყვარს,
თუნდაც არარსებული ადამიანი,
ცხოვრებაში კიდევ გრჩება იმედი.
რომც არ გეწეროთ ერთად ყოფნა,
მაინც.
- მანუ-მეთქი! - ცხოვრების უსამართლობისგან გათელილს, ჩემი სახელი მონოტონურად ჩამესმის და უბრალოდ მინდა, თავი ჩამოვიხრჩო, მაგრამ მეზარება.

- მღვიძავს, გავიგე! - დავუყვირე საბანში გახვეულმა.
- ადექი და ჩადი მაღაზიაში, სასწრაფოდ.
- რა დროს მაღაზიაა, პანდემიაა, კომენდანტია, კარგი რა!
რატომღაც კომენდანტი სიზმარში არ მადარდებდა,
მოვინდომე წესების დარღვევა და სიცოცხლით ტკბობა.
მაგრამ არა,
არასდროს არ შეგარგებენ იმას, რაც ძალიან გინდა.

- მანუ, არ გამამეორებინო, იცოდე.
- კარგი, ხო.

რა ვთქვა?
არავის ესმის ჩემს არსებობაზე ფონად დადებული ეგზისტენციალური კრიზისის.
როგორ გინდა გააგებინო?!
ხო, რა თქმა უნდა,
უნდა ჩახვიდე მაღაზიაში.
სწორედ ასე.

მეც არ ვიცი, როდის და როგორ ჩავფრატუნდი მაღაზიაში.
ამ ამოუცნობი ზმნის მნიშვნელობა მეც მაშინებს,
მაგრამ ძალიან უხდება სიტუაციას, რომელშიც ჩემდაუნებურად თავი ამოვყავი.

- მანუ, სად ხარ?
- მაღაზიაში.
- მიდი, გამოდი რა, ბავშვებიც აქ არიან.
ჩემი მეგობარია,
რომელიც დაუღალავად ცდილობს ჩემს სოციალიზაციას.
- კომენდანტზე გსმენია რამე?
- მოასწრებ, ახლა დაიწყო ცხრა. - ხმაზე ვატყობ ხოლმე ადამიანებს, როდის გამდის გადაგდება და როდის - არა.
როგორც ჩანს, ჩემი დღე არ იყო.
არც დღეს.
არც გუშინ.

- კარგი, ვიზამ რამეს.
ვუთხარი და გავუთიშე.
როგორც ჩავფრატუნდი, ისე ავფრატუნდი მერვე სართულზე.
პარკი სამზარეულოში მივაგდე და თავის მოწესრიგება დავიწყე.
ყოველთვის სწრაფი ვიყავი, დღეს - არა.
ხომ ვამბობ, არ არის ჩემი დღე.
სახლიდან რომ გამოვედი,
ცხრის ნახევარი და ცოტა მეტიც იყო.
ტაქსის იმედი არც მქონია,
არც თეთრი რაშის.
ფეხით გადავწყვიტე წასვლა.

არ ცხოვრობს შორს, მაგრამ გზები უნდა გადამეჭრა,
ხალხი გიჟივით მოძრაობდა.
არა, გიჟივით არ შეესაბამება იმას, რაც იქ ხდებოდა.
ჩემი ამბავი რომ ვიცი,
თანაც, დღეს ხომ ჩემი დღე არ არის,
გზა რომ გადავჭრა, მანქანა გამიტანს.
არა, მე არ მაქვს პრობლემა,
უბრალოდ ტკივილის მოთმენა დიდად არ მხიბლავს.
იქვე ჩამოვჯექი,
საათს დავხედე.
ათი წუთიც და აორთქლდებიან,
ზუსტად ისე, როგორც მე ჩემი სიზმრიდან.

მე ხომ პატარა პროტესტანტი ვარ, ამიტომ, მოდი დღეს წესებს დავარღვევ.
ცოტას ვითაღლითებ.
რა მოხდა, მერე?
მთელი მსოფლიო თაღლითობს.

საათს მეორედ რომ დავხედე და გზატკეცილი მოვათვალიერე,
კმაყოფილს გამეცინა.
არა, ჯარიმის ყველას ეშინია,
ეგ ‘რიდი’ აქვთ.

ტომ იორკის „Suspirium“ ფეთქავდა ყურებში.
მავიწყებდა ყველაფერს,
საერთოდ ყველაფერს.
მანამ, სანამ მანქანის მუხრუჭების ხმა არ მისწვდა მელოდიისგან დაქანცულ სმენას.

თვალი რომ გავახილე,
ერთადერთი რისი აღქმაც მოვახერხე, ყურსასმენებიდან გამოჟონილი სიტყვები იყო;
When I arrive
Will you come and find me?

- შენ რა, გაგიჟდი?
მძიმე ნაბიჯების ხმა მალევე გადაფარა სუსხიანმა ბარიტონმა.
ჩემი ბედნიერება ძალიან მალე დასრულდა.
თავზე დამადგა ვიღაც,
ვისი აღქმაც დიდად არც შემეძლო,
რადგან ძალიან მომწონდა ცივ ასფალტზე გაგორებულს ტომ იორკის მოსმენა, რომელიც Pixies “Where’s my mind?” ჩაანაცვლა.

ჟრუანტელმა დამიარა.
ზუსტად ისე,
როგორც სიზმარში.
„მებრძოლთა კლუბის“ საუნდტრეკი.

- რა გქვია? - წამოვიყვირე და ისე სწრაფად წამოვდექი, სავარაუდოდ დაფიქრდა, ადამიანი ვიყავი, თუ ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველი, ან სულაც ციდან ჩამოვარდნილი, ოჯახიდან გამოძევებული უცხოპლანეტელი.

- ..რა? - დაბნეულმა შემათვალიერა.
თვალებში ლიბრი გადამკვროდა.
ალბათ ავარიის ბრალი იყო.
- მომისმინე, კომენდანტია, შუა იანვარი, მინუს ორი გრადუსი. გარეთ რას აკეთებ?
კითხვა დასრულებული არ ჰქონდა,
უკვე ცხარე ცრემლით ვტიროდი.
მე თვითონ ვგრძნობდი, თუ რა სისწრაფით მიცემდა გული.

- რა გქვია? - ლამის დავუყვირე და სწრაფად მოახლოვებულს თვალებში ჩავაშტერდი.
- ივა.

გინახავთ ცეცხლის ალში გახვეული,
აგიზგიზებული თვალები?
მე - კი.
მეორედ.
ტანში გამცრა,
მაგრამ მივხვდი,
ეს სიამოვნებისგან იყო.

- კარგად ხარ? - მკითხა აღელვებულმა.
- წესების დარღვევაზე რა აზრის ხარ, საშვიანო ივა?
რამდენიმე წუთი გაოცებული მიყურებდა,
მერე?
გაეცინა,
რატომაც არაო.

ბოლოს ვუთხარი,
*- “You met me at a very strange time in my life”
- ნიტროგლიცერინი ხილიანზე? კაი, რა.

იდიოტებივით ვიცინით
შუა გზატკეცილზე.


* ფრაზა ფილმიდან „მებრძოლთა კლუბი“


/

ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს პაწაწინა ისტორია,
და დიდი იმედი მაქვს,
მოგეწონებათ.
:დ



№1  offline ადმინი ელ პინი

მარგო, ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობი იყო. თუ(?) წაგიკითხივარ, მიხვდები - რატომაც. ეს უცნაური სახელები, არაპირდაპირი კომუნიკაცია, გიჟურად ახსნილი გრძნობები, სიცხადე სიზმრიდან და სხვა ბევრი რამ ძალიან მაგარი იყო. მე მიყვარს ასე წერა. მერე კიდევ გადაგავლებ თვალს, რაღაც ჩემებური გიპოვე, მგონი.
რატო - რატომ; სხვათაშორის - სხვათა შორის და კიდევ იყო, რა. არ ჩავწვრილმანდები. ამ ნაწერზე არ ღირს. დარწმუნებული ვარ, თვითონ იცი სად რა არის ზედმეტი და დაკლებული.
ვახ, მართლა გაკვირვებული დავრჩი. მადლობა.

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

ელ პინი
მარგო, ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობი იყო. თუ(?) წაგიკითხივარ, მიხვდები - რატომაც. ეს უცნაური სახელები, არაპირდაპირი კომუნიკაცია, გიჟურად ახსნილი გრძნობები, სიცხადე სიზმრიდან და სხვა ბევრი რამ ძალიან მაგარი იყო. მე მიყვარს ასე წერა. მერე კიდევ გადაგავლებ თვალს, რაღაც ჩემებური გიპოვე, მგონი.
რატო - რატომ; სხვათაშორის - სხვათა შორის და კიდევ იყო, რა. არ ჩავწვრილმანდები. ამ ნაწერზე არ ღირს. დარწმუნებული ვარ, თვითონ იცი სად რა არის ზედმეტი და დაკლებული.
ვახ, მართლა გაკვირვებული დავრჩი. მადლობა.

ელპინ, უსაზღვროდ გამახარე!
ვზივარ და ვკითხულობ კომენტარს გაბადრულიიიი <333 smile
სტილი რომ მოგეწონა, ყველაზე მეტად მიხარია,
აშკარად კომფორტის ზონა აღმოვაჩინე მისი სახით ;დ

რენდომ 'შემოწერილი' ისტორიაა და რაღაც შეცდომები უნამუსოდ გამეპარა. MY BAD!!
ზოგიერთი გრამატიკული შეცდომა, აი, რატოს მსგავსად, დიალოგების გამო მაქვს შეგნებულად დაწერილი, რატომღაც მგონია, რომ კითხვის დროს უფრო რეალურად ჟღერს.
დანარჩენები კი ბატონო, გავითვალისწინებ, აუცილებლად!
მადლობა, რომ აღნიშნე და მადლობა 2X შენ ასეთი მაგარი შეფასებისთვის! bowtie

 


№3  offline ადმინი ენ ბლექი

სულ რამდენიმე ავტორი ჰყავს ამ საიტს რომელთა სიახლეებს ვკითხულობ ხოლმე, თუმცა ბოლოდროინდელი რეჟიმის გამო ამასაც ვეღარ ვახერხებ, არც კი ვიცი ბოლოს როდის ვესტუმრე საიტს, სიმართლე რომ ვთქვა ფეისბუქმა ამოაგდო შენი პოსტი და მხოლოდ ამიტომ შემოვისეირნე დღეს:) შემოვისეირნე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
სამწუხაროდ აღარ იწერება "ამბები" ერთი ამოსუნთვით, გემრიელად რომ მიაყოლებ ცხელ ჩაის :) სამწუხაროდ წერაც კომერციული გახდა ისევე როგორც მთლიანად ხელოვნება. მარგო, ჩემო საყვარელო დარწმუნებული ვარ მშვენივრად იცი რომ ერთ-ერთი ხარ იმ მცირე მწერალათა შორის ღირებული და პრიმიტიულობისგან ძალიან შორს მყოფი ამბებით რომ შეგიძლია მკითხველი გაანებივრო. მადლობა შენ ამ გემრიელად მირთმეული ამბისთვის ასე რომ მოხუდა ჩემს ჩაის <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

თითქოს ახალი არაფერი ყოფილა, მაგრამ... ალბათ დიდი ხანი რომაა ირეალურ ურთიერთობაზე არაფერი წამიკითხავს, ამიტომ მეამა ასე...
თანაც, რაღაცნაირი სტილი გაქვს. მძიმედ არ იკითხება.
მერე ამბავი... პირველია, რაც საიტზე წავიკითხე პანდემიის თემატიკით. სპეციალურად ვერიდებ, მაგრამ ეს ვერ მივატოვე. ბოლომდე გამიყვანეს სიტყვებმა.

ტომ იორკზე თვალები ვჭყიტე :დდ მეგონა მხოლოდ მე ვუსმენდი სუსპირიუმს :დდდდ

პატარა შენიშვნებზე უკვე გითხრეს. და აქა-იქ დროებიც ეყო ნიტოდ, მაგრამ ხელი არ შეუშლია.
კარგი გოგო ხარ...
მოგადევნებ ხოლმე თვალს ❤️

 


№5 სტუმარი ტაისა

მარგო, მიყვარხარ შენი სასწაულების შექმნის გამო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთო

ელპინის მერე მოდაში შემოვიდა ასე წერა, ყველასთვის კომფორტის ზონა რანაირად გახდა მე ეგ უფრო მაინტერესებს და ვერ გამიგია :))
ზემოთ მისი კომენტარიც ვნახე, არც უაზროდ კითხულობს და სიტყვებს ხო ისე არ ისვრის და ყველამ ვიცით ეგ ამბავი.
იმის თქმა მინდოდა, რომ ეს შეგნებული პლაგიატია ჩვეულებრივად და ვინც წაგიკითხავს, ელპინი გაახსენდება ეგრევე იგივე სტილის გამო :))

 


№7  offline წევრი maria mari

ძალიან საყვარლობაა პაწაწუნაა ისტორიაა❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ძალიან კარგი და საინტერესო ნამუშევარია. ყოჩაღ და გილოცავ! ❤️
ოღონდ წერის სტილი ელ პინს ჰგავს და არ გეწყინოს...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

ენ ბლექი
სულ რამდენიმე ავტორი ჰყავს ამ საიტს რომელთა სიახლეებს ვკითხულობ ხოლმე, თუმცა ბოლოდროინდელი რეჟიმის გამო ამასაც ვეღარ ვახერხებ, არც კი ვიცი ბოლოს როდის ვესტუმრე საიტს, სიმართლე რომ ვთქვა ფეისბუქმა ამოაგდო შენი პოსტი და მხოლოდ ამიტომ შემოვისეირნე დღეს:) შემოვისეირნე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
სამწუხაროდ აღარ იწერება "ამბები" ერთი ამოსუნთვით, გემრიელად რომ მიაყოლებ ცხელ ჩაის :) სამწუხაროდ წერაც კომერციული გახდა ისევე როგორც მთლიანად ხელოვნება. მარგო, ჩემო საყვარელო დარწმუნებული ვარ მშვენივრად იცი რომ ერთ-ერთი ხარ იმ მცირე მწერალათა შორის ღირებული და პრიმიტიულობისგან ძალიან შორს მყოფი ამბებით რომ შეგიძლია მკითხველი გაანებივრო. მადლობა შენ ამ გემრიელად მირთმეული ამბისთვის ასე რომ მოხუდა ჩემს ჩაის <3

ენ,
მართლა არ ვიცი, რა ვთქვა :დ <3
ძალიან დიდი მადლობა!
ყველაზე საუკეთესო რამ იყო, რაც ჩემთვის უთქვამთ.:) <33

lullaby
თითქოს ახალი არაფერი ყოფილა, მაგრამ... ალბათ დიდი ხანი რომაა ირეალურ ურთიერთობაზე არაფერი წამიკითხავს, ამიტომ მეამა ასე...
თანაც, რაღაცნაირი სტილი გაქვს. მძიმედ არ იკითხება.
მერე ამბავი... პირველია, რაც საიტზე წავიკითხე პანდემიის თემატიკით. სპეციალურად ვერიდებ, მაგრამ ეს ვერ მივატოვე. ბოლომდე გამიყვანეს სიტყვებმა.

ტომ იორკზე თვალები ვჭყიტე :დდ მეგონა მხოლოდ მე ვუსმენდი სუსპირიუმს :დდდდ

პატარა შენიშვნებზე უკვე გითხრეს. და აქა-იქ დროებიც ეყო ნიტოდ, მაგრამ ხელი არ შეუშლია.
კარგი გოგო ხარ...
მოგადევნებ ხოლმე თვალს ❤️

აუ, ისე მიხარია!!!
მადლობა რომ აქ ხარ!
ფოტოსთვისაც მადლობა :დ <3 რომ დავინახე, მივხვდი, რომ ის ეს და ამისთვის იყო.
ტომზე ვგიჟდები!
ჩემმა საყვარელმა მწერლებმა რომ მოიყარა აქ თავი, ამაზეც! :დ
უდიდესი მადლობა!

ტაისა
მარგო, მიყვარხარ შენი სასწაულების შექმნის გამო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სამწუხაროა, რომ არ გიცნობ! :( <33
ერთი წინადადებით უდიდესი განწყობა შემიქმენი! <3
მადლობა უუუდიდესი heart_eyes

სტუმარი ქეთო
ელპინის მერე მოდაში შემოვიდა ასე წერა, ყველასთვის კომფორტის ზონა რანაირად გახდა მე ეგ უფრო მაინტერესებს და ვერ გამიგია :))
ზემოთ მისი კომენტარიც ვნახე, არც უაზროდ კითხულობს და სიტყვებს ხო ისე არ ისვრის და ყველამ ვიცით ეგ ამბავი.
იმის თქმა მინდოდა, რომ ეს შეგნებული პლაგიატია ჩვეულებრივად და ვინც წაგიკითხავს, ელპინი გაახსენდება ეგრევე იგივე სტილის გამო :))

რა აგრესიაა, ღმერთო :დდ
მიუხედავად იმისა, რომ ელპინს შორიდან ვცემ პატივს, მისი მხოლოდ ერთი ისტორია მაქვს წაკითხული და + კომენტარი დატოვებული, ისიც ძალიან ადრე.
არ ვიცნობ საფუძვლიანად მის წერის სტილს, სამწუხაროდ.
რა პლაგიატი,
რა შეგნებული.
არ ვიცი.
ჯანმრთელობას გისურვებ!

maria mari
ძალიან საყვარლობაა პაწაწუნაა ისტორიაა❤️

მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონა. <33333

ქეთი იმერლიშვილი
ძალიან კარგი და საინტერესო ნამუშევარია. ყოჩაღ და გილოცავ! ❤️
ოღონდ წერის სტილი ელ პინს ჰგავს და არ გეწყინოს...

მიხარია! მადლობა დიდი.
ელპინის წერის სტილს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ შედარება ან მიმსგავსება შევძლო.

 


№10  offline წევრი Nobodyelse

პირველი ისტორიიდან მოგყვები და დახვეწასთან ერთად, ძალიან ღრმა და საინტერესო თემებსაც ეხები. ეს ისტორია იყო ცოტათი სევდისა და მხიარულების ნარევი. ორივე იგრძნობოდა თავისი დოზით.
დიალოგები, ერთსიტყვიანი გრძნობები. გიჟი ხარ!!!!
მანუ და ივა... მებრძოლთა კლუბი და გემოვნებიანი სიმღერები. მინდა რომ სულ წერო.
შეგიძლია ბალანსი დაიჭირო. შეგიძლია ორ უკიდურესობაშიც იყო.
მე არ ვიცი სხვებს ვინ გაახსენდათ, მაგრამ მე მარგო ტოკიო მხოლოდ, თავისი დამახასიათებელი ექსტრავაგანტულობით.

 


№11 სტუმარი ana-maria

პატარა და ძალიან ემოციური ისტორიაა.საინტერესო და კარგად დაწერილი.მადლობა ამ სიამოვნებისთვის

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

Nobodyelse
პირველი ისტორიიდან მოგყვები და დახვეწასთან ერთად, ძალიან ღრმა და საინტერესო თემებსაც ეხები. ეს ისტორია იყო ცოტათი სევდისა და მხიარულების ნარევი. ორივე იგრძნობოდა თავისი დოზით.
დიალოგები, ერთსიტყვიანი გრძნობები. გიჟი ხარ!!!!
მანუ და ივა... მებრძოლთა კლუბი და გემოვნებიანი სიმღერები. მინდა რომ სულ წერო.
შეგიძლია ბალანსი დაიჭირო. შეგიძლია ორ უკიდურესობაშიც იყო.
მე არ ვიცი სხვებს ვინ გაახსენდათ, მაგრამ მე მარგო ტოკიო მხოლოდ, თავისი დამახასიათებელი ექსტრავაგანტულობით.

სულ ველოდები ხოლმე შენს კომენტარს და იცი, რატომ. <3
ძალიან, ძალიანნნნ მიხარია იმ ყველაფერს რომ ხედავ, რაც აქ დევს!
მეც ვფიქრობ, რომ აქ მხოლოდ მე ვარ და არავინ სხვა.:)
ვერ იქნება, უბრალოდ. :დ
მადლობა, რომ ყოველთვის იცი, რა და როგორ!
და უუუდიდესი მადლობა, რომ ყოველთვის აქ ხარ შენი უუმაგრესი შეფასებებით.
heart_eyes heart_eyes

ana-maria
პატარა და ძალიან ემოციური ისტორიაა.საინტერესო და კარგად დაწერილი.მადლობა ამ სიამოვნებისთვის

ძალიან დიდი მადლობა! მიხარია! heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent