ჰელიოსი (სრულად)
ჰელიოსმა არ იცის, რომ მიზანს, რომელიც ძალიან ადრე დაისახა სულ უფრო და უფრო შორდება . ამიტომ ახლა, როდესაც ცაში იყურება ვარსკვლავებს გაღმა გაშლილ სამყაროს ვეღარ ხედავს. პირველად ჰელიოსის სახელს რომ გაიგებთ, ალბათ, იფიქრებთ ბერძნული მითოლოგიის მოყვარული მშობლები ჰყავსო. არც მე და არც ჰელიოსს არ აქვს წარმოდგენა თუ ვინ არიან მისი მშობლები, მაგრამ კი გაუმართლა და ორი წლის ასაკში ერთმა მოსიყვარულე მოხუცმა წყვილმა (გონია და ასლანი) იშვილა. ასე რომ დღემდე დაუდგენელია რატომ დაარქვეს ბიჭს ჰელიოსი და სიმართლე ითქვას აღარავის აღარც აინტერესებს. გონიას თქმით, ჰელიოსი ნამდვილი მზეჭაბუკი იყო და სახელიც შესაფერისი ერქვა. მეზობლებიც ემოწმებოდნენ ავ თვალს არ დაენახებაო და მოჰყვებოდნენ ჰელიოსის ტალღოვანი ქერა, ჭაღარაშერეული თმისა და ცასავით მკრთალი თვალების ქებას. შემდეგ აუცილებლად უნდა გაეხსენებინათ სასწაული, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ მოხდა. ყველამ ზეპირად იცოდა ამბავი ჰელიოსის გადარჩენისა, რომელიც უკვე ზღაპარს დამსგავსებოდა, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ გონიას ამ ამბის მოყოლა ძალიან უყვარდა და აბა, ვინ გააჩერებდა - აქაოდა უკვე მეასედ ჰყვებიო? გონია ხომ ქალაქში წასული შვილის ამბებით ცხოვრობდა. მაშინ ჰელიოსი სულ რაღაც სამი წლის იყო. რამდენიმე დღე მაღალი სიცხე აწუხებდა. დიაგნოზი მარტივი - ფილტვების ანთება, თუმცა პატარა, ძალიან პატარა იყო და ფილტვებიც სუსტი ჰქონდა. იმედი იყო, მაგრამ ასევე პატარა და ამ „პატარა, პატარას“ ძახილში მოხუცები დაღონდნენ - ძლივს შეძენილ შვილსაც ვკარგავთო. ერთ ღამესაც ავადმყოფმა ხველას უმატა. სუნთქვა გაუძნელდა და მოდი ვაღიაროთ - კვდებოდა, თუმცა ასე გადაჭრითაც თქმა არ ვარგა. დილით გონია დარწმუნებული იყო, რომ საწოლში მკვდარი ბავშვი დახვდებოდა და ასლანს ეხვეწებოდა - მე ამას ვერ გავუძლებ, შენ შედიო. ქმარი აბუზღუნდა, მაგრამ კაცი იყო, ქუდიც ეხურა და ის ის იყო ბავშვთან უნდა შესულიყო, რომ ჰელიოსის ტირილი გაიგონა. ბედნიერ წყვილს ჯერ ასე მტირალა ბავშვის გაგონება არასდროს გაჰხარებია. ერთამენთს ასწრებდნენ საძინებელში და იქ შესულებს უკვე უკმაყოფილო ჰელიოსი დახვდათ, რომელსაც თურმე ძალიან შიოდა. აღარც სიცხე, აღარც ხველა. ბავშვს არაფერი აღარ აწუხებდა და გონიაც საგონებელში ჩავარდა. არ ახსოვდა იმ ღამეს განსაკუთრებული რამე თუ მოხდა. აი, ჰელიოსს კი ახსოვდა, რაც მოხდა და არც ამბის გაზიარება ენანებოდა, მაგრამ არავინ უჯერებდა. არადა, არც იტყუებოდა, როდესაც ჰყვებოდა, რომ ღამე ეჟვანის წკვრიალმა გააღვიძა ფანჯარასთან მივიდა და თეთრი, ფრთიანი ცხენი დახვდა, რომელსაც მოახტა და ფრენა-ფრენით დუნია შემოიარა. მეორე დღეს ექიმი დაიბარეს. სულ ტყუილად - ბიჭის სასწაულებრივად გადარჩენა ვერც მან ახსნა და თავისი სიტყვების ბოლომდე თვითონაც არ სჯეროდა, როდესაც ამბობდა - თქვენი შვილი სრულიად ჯანმრთელიაო. ,რა თქმა უნდა, იმას არავინ უშვებდა, რომ ჰელიოსს ცხოვრება სასწაულმოქმედდმა მითიურმა არსებამ დაუბრუნა, რომელსაც , როგორც შემდეგ დადგინდა, პეგასი ერქვა. ეს ბოდვა თუ სიზმარი მაღალ სიცხეს დააბრალეს და ზედმეტი კითხვებიც აღარ დაუსვამთ, რადგან მთავარი მაინც ის იყო, რომ ჰელიოსი გამოჯანმრთელდა. რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით უფრო ბრაზდებოდა ჰელიოსი, როდესაც პეგასზე ჰყვებოდა და უფროსები მოფერებით, პატარები კი დაცინვით პასუხობდნენ. მას ძალიან ნათლად ახსოვდა პეგასის სახე და წამითაც არ დაუშვია, რომ ეს სიზმარი ან ბოდვა იყო. სიზმარი სიზმარია, პეგასის გამოცხადება კი ისეთი ცხადი იყო - შეხება მის ფრთებთან, სითბო, რომელიც პატარა სხეულში ჩაეღვარა. არა, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი მირაჟი ყოფილიყო. სინამდვილეში ჰელიოსს საერთოდ არ აინტერეასებდა ვინ დაუჯერებდა და ვინ არა, მას ის ადარდებდა, რომ ამ ამბის შემდეგ მრავალი თხოვნის მიუხედავად პეგასი აღარ მოსულა. მშობლებს ვერ გაეგოთ რა ეთქვათ ან რით ენუგეშებინათ შვილი და საბოლოოდ ასლანმა უთხრა ეგ შენი მფრინავი ცხენი აქ არისო და საჩვენებელი თითი შუბლზე მიუკაკუნა. ასე ჰპოვა სახლი პეგასმა ჰელიოსის გონებაში. აი, დაკარგა თუ არა ადგილი ეს უკვე სულ სხვა ამბავია. წლების განმავლობაში შეეშვა ჰელიოსი პეგასის ლოდინსა და სხვა უფრო „მნიშვნელოვან“ საკითხებს ჩაუღრმავდა. ღამით გასეირნების მოგონებაც გაიცრიცა და საბოლოოდ ისეთი შორეული გახდა, რომ ჰელიოსმაც დაიჯერა - პეგასი მხოლოდ სიზმარში მეწვიაო. დღეს ჰელიოსი ძალიან სევდიანია, რადგანაც დიდთოვლობის გამო მშობლებს ვერ ნახავს. არა, რამდენიმე დღეში მაინც ჩავა, მაგრამ წარმოდგენა იმისა, რომ ახალ წელს გონიას საცივის, ასლანის ღვინისა და „ბედის ირონიის“ გარეშე შეხვდება, ჭკუიდან შლის. ჰელიოსს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებმაც მის შესახებ ყველაფერი იციან. ყველაფერი პეგასის ამბის გარდა. შესაბამისად წასასვლელიც არ აკლია, მაგრამ მას სახლში უნდა ძველი წლის გაცილება. საღამოს ფანჯრიდან იყურება. ერთადერთი, რაც ქალაქში არ მოსწონს ცაა. რას არ მისცემს ახლა საკუთარ ეზოში წამოწოლისა და ვარსვკვლავების ცქერის სანაცვლოდ. ვერაფერს ხედავს - მაღალი შენობების გარდა. სივრცე ცარიელია და ჰელიოსი ეკითხება საკუთარ თავს, თუ როდის შემოიჭრა ეს სიცარიელე მის ცხოვრებაში. პასუხი არ იცის. ფანჯარას ხურავს. დასაწოლად ემზადება. ტანსაცმელს კუთხეში ყრის. წვება - ის კი ზუსტად იცის, როგორ ელოდებოდნენ მშობლები და მათი იმედის გაცრუებას ვერ ინელებს. ეძინება. ელიოზი ლოგინიდან გაშმაგებული ხტება. საათს უყურებს. ჯერ ადრეა - ახალ წლამდე საათზე მეტია დარჩენილი. თვალებში უბნელდება. ფანჯარას ვარდება - არაფერია. არადა, შეუძლია დაიფიცოს, რომ ნაცნობი ეჟვანის ხმა ესმის. იცვამს და გარეთ გარბის. ხმა ზევიდან მოდის. ლიფტი გაფუჭებულია. ბუზღუნით კიბეებზე არბის. რაც უფრო მაღლა, მით უფრო ძლიერდება ხმა. კი იმეორებს რა ჯანდაბას ვაკეთებო, მაგრამ სხეული არ ემორჩილება და საბოლოოდ, როდესაც სახურავის კარს აღებს სახტად რჩება, რადგანაც პეგასს ხედავს. ეს ის პეგასია, რომელმაც გადაარჩინა, რომელიც,თითქოს არაფერი, ისე დაივიწყა. თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ პეგასისთვის ეს ახალი ამბავი არ არის, რადგან მან ზუსტად იცის, რომ გაზრდა არც ისე კაი რამეა და ერთ დროს, რაც ბავშვისთვის ცხადზე-ცხადია, შემდეგ ზღაპარი ხდება. ზურგს აქცევს. გეგონება ეუბნება აბა მოდიხარ თუ არაო. ჰელიოსი დარწმუნებული არ არის, რომ არ სძინავს და ვერც იმაზე დადებს თავს, რომ ჭკუიდან არ შეშლილა. ფრთხილად ეხება და შეხებისას დენის დარტყმის მსგავს რაღაცას გრძნობს. სიცილი უტყდება. პეგასს ახტება. ისიც ჭიხვინებს და წკრიალ-წკრიალით მიჰყავს ჰელიოსი დანიშნულების ადგილისაკენ. პეგასმა ჰელიოსი სახლს მეორედ დააბრუნა. ახლა, ჰელიოსი საკუთარ ეზოშია.თოვლი მუხლებამდე წვდება. უმისამართოდ „მადლობას“ იძახის და ვერ ერკვევა, რით დაიმსახურა პეგასის სიყვარული. სიცივე იტანს. სამამდე ითვლის და რაც ძალი და ღონე შერჩა ყვირის - „ჩამოვედი“ კარი იღება და გახარებული გონია ჩნდება. წამი არაა გასული, რომ ასლანს ეძახის - ვაიმე ჰელიოსი ჩამოვიდაო. თოვლში გარბის და მონატრებულ შვილს ეხვევა. ასლანი გამოდის - „ქალო რამ გაგიჟა“-ს ძახილით, მაგრამ ენა ებლანდება, როდესაც ჰელიოსს ხედავს. კიდევ დიდხანს ესიყვარულებიან მშობლები შვილს და მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე შინ შედიან ასლანი ჰელიოსს ეკითხება რით ჩამოხვედიო. ჰელიოსი ღიმილით პასუხობს პეგასმა მომიყვანა თქვენთანო, ასლანი კი საჩვენებელ თითს შუბლზე ურტყამს - უხ შენ წარმოსახვასო. ჭირი იქა; ლხინი აქა; ქატო იქა; ფქვილი აქა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.