შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელნისფერი სხივი (თავი 1)


26-01-2021, 11:10
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 205

ამ ისტორიას რომ ვწერდი, მახსოვს ზაფხულში რომ ტყუილად არ ვმჯდარიყავი ძიძად ვმუშაობდი და ნახევრად ბავშვი მაჯდა თავზე :დდ შეიძლება ეტყობა კიდეც ისტორიას, თუმცა მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან მთავარი პერსონაჟი მთლიანად ჩემს თავს დავამსგავსე ^^




შუა ღამე იყო. ცის კაბადონზე, გულსაბნევივით მიბნეული სავსე მთვარე, ვერცხლისფერი ნათებით ასაჩუქრებდა მთელს ქალაქს. წყვდიადთან მებრძოლი რაზმივით ჩამწკრივებული ლამპიონები, თითქოს დახმარებას უწევდნენ ციურ სხეულს, რათა იდუმალებით მოცული შავი ფერისთვის ჩამოერთმიათ დომინანტის სტატუსი და მასზე თავად გაბატონებულიყვნენ.

ქალაქის ერთ-ერთ პატარა, წყნარ უბანში, სადაც სულიერის ჭაჭანებაც არ ისმოდა, თითოეულ სახლში უკლებლივ ჩაექროთ შუქი. მხოლოდ ერთი სარკმელი იყო ისეთი, საიდანაც სუსტი, ოქროსფერი სინათლე იღვრებოდა და ყველას მიანიშნებდა, რომ ამ ფანჯრის მიღმა მყოფს, ჯერ კიდევ არ მიჰკარებოდა ლამაზი სიზმრების მომგვრელი ძილი.

მინაზე, მთელ სიგრძეზე ჩამოფარებული ფარდის მიღმა, იმ წამსა და იმ მომენტში, ერთიანად საღებავშვი ამოსვრილი გოგონა იდგა. ამ უკანასკნელს, ნიჟარები ყურსასმენებით დაეცო და ბოლო ხმაზე აღრიალებული მუსიკის ფონზე, ფუნჯით ხელში, მოლბერტთან ღამეული ფლირტი ჰქონდა გამართული.

საათის ისრები გაუჩერებლად მირბოდნენ, თითქოს რაღაცისგან ან ვიღაცისგან აპირებენ გაქცევასო. მათი წიკწიკი ერთადერთი იყო, რაც იმ მომენტში აცოცხლებდა სამარისებური სიჩუმის ნაწილაკებში ერთიანად ჩაძირულ სახლს.

გოგონასა და მოლბერტის ურთიერთობას, თითქოს ვერაფერი უშლიდა ხელს. ყურსასმენებში აჟღერებული მუსიკა, ერთგვარ მოტივაციად ქცეულიყო, რათა ფუნჯებითა და საღებავებით ნამდვილი წვეულება მოეწყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელ პორტრეტთან ერთად.

თითქმის ყველგან ემჩნეოდა ფერადი სიჭრელე მხატვრის ხელებს. იმდენად იყო ჩაფლული თავის საქმეში, გარშემო ცეცხლის რკალის შემოვლების შემთხვევაშიც კი არ ექნებოდა რეაგირება. თვალები ებინდებოდა იმოდენა სიამოვნებას იღებდა ტელეფონის ეკრანზე გამოსახული ფოტოს მოლბერტზე გადატანით. თითქოს ნეტარების ჟრუანტელი უვლიდა სხეულში, მთელ მის არსებას ენდორფინის ოკეანე ეხვია გარს და თავდაუზოგავი ცურვით მიუყვებოდა მასში წარმოქნილ აბობოქრებულ ტალღებს.

საათის მოწიკწიკე ისრები კვლავაც მორიგ წრეს მიუყვებოდნენ. სულ რაღაც რამდენიმე წამიც და საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა. სიჩუმის ძალა ბატონობდა თითოეულ კუთხე-კუნჭულსა თუ წერტილში. ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ქოთნის ყვავილებს, მარგალიტისფერ სხივებს აფრქვევდა ზემოდან, ცის ღამეული, ჩაუქრობელი მნათობი. სახლის ირგვლივ შემოყოლებულ ბაღსა და ეზოს კი, ფიცრულ სახლზე გამობმული, გერმანული ნაგაზი დარაჯობდა, რომელიც, ჯერ კიდევ ფხიზლად მყოფი, სფინქსივით მშვიდად გასცქეროდა ხალხისგან დაცლილ უბანს,

გოგონა კვლავაც ვერ აღწევდა თავს მოლბერტის ტყვეობას. შეშლილი მხატვარივით აწებდა ფუნჯებს პალიტრაში, მათ ქაღალდზე გამეტებით უსვამდა და იმ სიმღერას აყოლებდა ტუჩებს, რაც მხოლოდ თავად ესმოდა.

ბოლოს, თვალები სიამოვნებისგან დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. სახეზე, უზომო კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი ესტუმრა, როდესაც თეთრ ფონზე გამოსახული, საკუთარი შემოქმედება აღიქვა მხედველობის ფოკუსით. ტელეფონზე გაშლილი ფოტო-სურათი, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვეოდა იმას, რასაც ახლა უყურებდა, ამის გაცნობიერება, კი უფრო და უფრო ღრმად ძირავდა კმაყოფილების მდინარეში.

მხატვარმა, ხელები მოლბერტის წინ დადებულ, თეთრ ტილოს შეაწმინდა, შეკვრიდან უფრო წვრილი ფუნჯი ამოიღო და ოქროსფერი საღებავით, ნახატს, რომელზეც დაისისფერ ცისთვის, მეოცნებე თვალებით შემყურე, ნაწნავებიანი გოგონა იყო გამოსახული, ქვემოთ საკუთარი სახელი -„ელენე“ მიაწერა. შემდეგ კიდევ ერთხელ დააკვირდა თავის შემოქმედებას, მიხვდა, რომ სრულყოფილებამდე მხოლოდ სათაურის მოფიქრება აკლდა და მოზრდილი თაბახის ზემოთ, იმავე ფერის საღებავით, ოდნავ ღიმილიანი სახის თანხლებით მიაწერა - „ჩემი ფორთოხლისფერი ოცნება“.









.



დილა საკმაოდ ნათელი და მზიანი გათენდა. გარეთ იმდენად თბილი ნიავი ქროდა, ნებისმიერ ადამიანს გაუჩენდა ქუჩაში დიდხანს სეირნობისა და სახლში დაგვიანების სურვილს.

გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი ხეების ტოტებზე შემომსხდარი ჩიტები, საამო ჟღურტულით ახმაურებდნენ მზის მცხუნვარე სხივებით გალამაზებულ დილას. ქუჩები ველოსიპედებითა და „ჰოვერბორდებით“ მოსიარულეებით იყო სავსე. ირგვლივ სრული ჰარმონია იგრძნობოდა და ეს ჰარმონია, ქუჩაში მოასიარულეთა ღიმილიან სახეებზეც აისახებოდა.

მოცემულ მომენტში, ქუჩებში გამოფენილ ხალხს შორის, ელენე სილაგაძე ალბათ იმ უმცირესობას ეკუთვნოდა, ვინც მზიანი დილით გამოწვეული სასიამოვნო შეგრძნებების აღქმას ვერ ახერხებდა. გოგონას, სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა სიზმრების კვალი, თუმცა მიუხედავად ამისა, მთელი სიჩქარით გარბოდა ავტობუსის გაჩერებისკენ და წამში ერთხელ იყურებოდა მაჯაზე შემოსალტულ ვერცხლისფერ საათზე. იმ დილით, საკმაოდ მნიშვნელოვანი სემინარი ჰქონდა ჩასაბარებელი, ის კი, კატასტროფულად აგვიანებდა მხოლოდ იმის გამო, რომ წინა ღამით მაღვიძარას მომართვა დაავიწყდა. მთელი თავისი ოცდაერთწლიანი არსებობის მანძილზე, პირველად გახლდათ ასეთ სულელურ სიტუაციაში და ამაზე, მის ერთ ნაწილს ეცინებოდა კიდეც.

გაჩერებამდე ისე მიაღწია, სირბილი წამითაც არ შეუწყვეტია. გზაში, ლამის გაიტანა კიდეც რამდენიმე ფეხით მოსიარულე და საბოლოოდ, დანიშნულების ადგილამდე მიღწევაც შეძლო. თუ მის ადგილას სხვას, ასეთი გადამეტებული სირბილი გადაღლიდა და სუნთქვასაც აუჩქარებდა, ელენე მსგავსს ვერაფერს გრძნობდა. ცხოვრების სტილი ჰქონდა ასეთი -დღეში ორმოც წუთს მაინც უთმობდა ხოლმე ვარჯიშსა და ფიზიკურ დატვირთვას. ამისთვის, სახლში სპეციალური ოთახიც კი ჰქონდა გამოყოფილი დიდი სარკეებით, იოგას ხალიჩებით, სხვადასხვა სიმძიმის ჰანტელებითა და სავარჯიშო ბურთებით სავსე. მართალია, სპორტ-დარბაზში არ დადიოდა, რათა ფინანსები დაეზოგა, თუმცა ინტერნეტის საშუალებით, უამრავი ფიტნეს-აპლიკაცია ჰქონდა ჩამოტვირთული, რისი წყალობითაც, მუდამ იდეალურ ფორმაში იყო და ნებისმიერი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისთვის შესაშური ფორმები ჰქონდა.

გაჩერებაზე ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. დაფაზე წითლად ანთებული ციფრები იუწყებოდნენ, რომ შემდეგი ავტობუსი სამ წუთში იქნებოდა ადგილზე. ამ დროის განმავლობაში, ელენემ თავისი საყვარელი სიმღერა ააჟღერა მობილურში, ყურსასმენები მოირგო და ერთიანად წყნარი მელოდიის ჰანგებში ჩაიძირა.

საშინლად ეზარებოდა იმ დღეს თითოეულ ლექციაზე დასწრება. ამის მაგივრად, სურდა ამინდით ესარგებლა და დაუსრულებლად ეხეტიალა თბილისის მზიან ქუჩებში, თუმცა მაინცდამაინც დღეს ჰქონდა მიკროეკონომიკის სემინარი, რისი გამოტოვებაც, აქტივობის ქულებში სერიოზულ დანაკლისს უდრიდა, ეს კი პირდაპირ აისახებოდა მისი სტიპენდიის შენარჩუნება-არშენარჩუნებაზე.

ფიქრებში დრო ისე გაეპარა, ავტობუსის მოსვლა ბოლო წუთებში შენიშნა. როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე ბოლო სავარძელში ჩაეშვა, წიგნაკი ამოიღო და და უბრალო ფანქრით რაღაც ფიგურების ხაზვას მოჰყვა, თან მუსიკის სიტყვებს აყოლებდა გაუცნობიერებლად ტუჩებს.

დღევანდელ დღეს, ბიბლიოთეკაში აპირებდა დარჩენას, სამეცადინოდ. ამის გამო, გადაწყვიტა მარკეტში რამე საჭმელი შეეძინა, ყავასთან ერთად და მთლიანად წიგნებში ჩაფლულიყო. მართალია შეეძლო უნივერსიტეტის კაფეტერიაში ესადილა, თუმცა ამას ორი მიზეზის გამო არ გააკეთებდა -პირველი, ვერ იტანდა სწრაფი კვების საჭმელებს, ხოლო მეორე ის იყო, რომ გამუდმებით ნერვებს უშლიდა ის ხმაურიანი საზოგადოება, იქ რომ იყრიდა ხოლმე თავს.

საბედნიეროდ, უნივერსიტეტამდე დროულად მიაღწია. აუდიტორიაშიც დაუგვიანებლად შევიდა და სემინარიც საკმაოდ კარგად ჩააბარა. მეორე ლექცია არჩევითი ჰქონდა, მსოფლიო ისტორიაში. მართალია, თავის დროზე, სხვა ბევრი ასარჩევი ვატიანტიც გააჩნდა, თუმცა იმდენად მოსწონდა წარსულის ამბებში ქექვა და მისი კვლევა, საბოლოოდ მაინც ეს ამჯობინა ყველა დანარჩენს.

მომდევნო ლექციის დაწყებამდე, ოცწუთიანი შესვენება ჰქონდა ელენეს, თუმცა რადგანაც დერეფანში უაზროდ ხეტიალი არ სურდა, პირდაპირ სალექციო აუდიტორიაში შეაბიჯა და თავისი ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით, იქ მის გარდა არავინ იყო. როგორც ჩანდა, სტუდენტები ახლაც ბოლო წუთებში აპირებდნენ გამოჩენას. ზოგი სპეციალურადაც კი აგვიანებდა, რათა ლექტორის შენიშვნა დაემსახურებინა, ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო და შემდეგ მთელი გრანდიოზულობით დაბრძანებულიყო კუთვნილ ადგილას.

ელენემ თავი სიცილითაც კი გადააქნია ასეთი ადამიანების გახსენებაზე, პლეილისტში მუსიკა შეცვალა და მელოდიის თანხლებით მანამ ჯღაბნიდა თავის ბლოკნოტში, სანამ აუდიტორიამ სტუდენტებით არ დაიწყო შევსება.

ისევ ახალი დღე . . .

ისევ ნაცნობი სახეები . . .

ყველა ერთმანეთთან საუბრითა და ლაზღანდარობით გახლდათ დაკავებული, თუმცა გოგონა არავის აქცევდა ყურადღებას. თითქოს განცალკევებული პლანეტა იყო, რომელსაც დანარჩენებთან არაფერი ჰქონდა საერთო და მხოლოდ მათ საზოგადოებაში ყოფნა ჰქონდა მოსჯილი, გარკვეული დროით.

ლექციის დაწყებას სულ რაღაც ერთი წუთი უკლდა, როდესაც დახვეწილმა, საკმაოდ მიმზიდველი აღნაგობის მქონე მამაკაცმა შემოაბიჯა აუდიტორიაში. ეს ადამიანი, ისტორიის ლექტორი -დიმიტრი მენაბდე გახლდათ. უნდა ითქვას, რომ იგი ყველაზე სერიოზულ, თუმცა ამავდროულად, ერთ-ერთი უნიჭიერეს კადრად ითვლებოდა მთელ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. არ არსებობდა თემა, რის შესახებაც, დიმიტრის ამომწურავი პასუხი არ გააჩნდა. მისი ერთ-ერთი პლუსი, მაცდური ვიზუალიც იყო, რის გამოც სტუდენტი გოგონებიც ისევე ეპრანჭებოდნენ ხოლმე, როგორც დანარჩენი მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი.

როგორც კი უკანა რიგებში ახმაურებულმა გოგო-ბიჭებმა ლექტორის მკაცრ სახეს მოჰკრეს თვალი, საუბარი აღარ გაუგრძელებიათ. ყველანი მაშინვე თევზებივით გაჩუმდნენ და თავიანთ ადგილებს მიუსხდნენ, უსიტყვოდ.

-გამარჯობა -დიმიტრიმ შეხვედრა ტრადიციული მისალმებით დაიწყო. ელენემაც მაშინვე გადადო თავისი წიგნაკი და სცადა ყურადღება ლექტორზე გადაეტანა

სტუდენტები ერთხმად მიესალმნენ შემოსულ ლექტორს. გოგონები ისე შესციცინებდნენ დიმიტრის თვალებს, გეგონებოდათ საცაა სკამიდან წამოფრინდებიან და კისერზე ჩამოეკიდებიანო. ამაზე გულში მუდამ ეცინებოდა ხოლმე ელენეს.

-სილაგაძე! -მოესმა ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა. თვით უნივერსიტეტის ყველაზე თავში ავარდნილი და ყოყლოჩინა წარმომადგენელი -ირაკლი სამსონიძე ეძახდა. ელენეს მსგავსად, ისიც ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და არჩევით საგანზეც მასთან ერთად უწევდა ყოფნა.

გოგონას, ახლა ამ ადამიანთან საუბარს ყველაფერი ერჩივნა, თუმცა მაინც მიტრიალდა და პასუხი გასცა :

-გისმენ

ბიჭი ლამის მაგიდას გადმოემხო, რათა ელენემდე ჩუმად მიეწვდინა ხმა.

-შენი მობილური მათხოვე რა, მუსიკებს მოვუსმენ

-იქნებ ლექციის მოსმენაზეც გეფიქრა?

-რომ მაინტერესებდეს, მოვუსმენდი კიდეც, მაგრამ წარსულში ქექვა საჩემო არაა

-ხელს ხომ არ გიშლით თქვენ ორს? -მოესმათ ლექტორის მაგიდიდან დიმიტრის სიმკაცრეშეპარული ხმა. ეს უკანასკნელი, ლეპტოპში ჩამძვრალიყო და ტექნიკური მოწყობილობის გამართვას ცდილობდა, რათა სტუდენტებისთვის, სლაიდის დახმარებით აეხსნა მომდევნო მასალა

-უკაცრავად -დაბალი ხმით მოიბოდიშა ელენემ. სამსონიძისკენ მეტად აღარ გაუხედავს, უბრალოდ მობილური გადააწოდა უჩუმრად და კვლავ ლექტორს მიაპყრო ღია თაფლისფერი თვალები

ტექნიკური მოწყობილობა, როგორც იქნა მწყობრში ჩააყენა დიმიტრიმ. თეთრ დაფაზე მაშინვე გამოჩნდა კოლაჟად გაკეთებული რამდენიმე ისტორიული პიროვნების სურათი, რომელთაგან პირველად, ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულება მოგხვდებოდათ თვალში, ხოლო ბოლოს- ნაპოლეონ ბონაპარტის.

დიმიტრი ფეხზე წამოდგა. თავდაპირველად მთელს აუდიტორიას გადაავლო თვალი, ისე თითქოს, მზერით მოუწოდებს სამარისებური სიჩუმისკენო. დაფაზე გამოსახულ სლაიდის ფოტოს მხოლოდ მას შემდეგ გახედა, რაც დარწმუნდა, რომ ოთახში ბუზის გაფრენის ხმის გაგონებაც კი შეეძლო და მაშინვე ალაპარაკდა :

-დღეს სალექციო კურსს ცოტათი გადავუხვიოთ -თქვა მან ჩვეული სერიოზული მზერით, თან, შუბლზე ჩამოყრილი ოდნავ მოგრძო თმა, ხუთივე თითით გადაიწია უკან. მის ამ ჩვევაზე, კვლავ ღიმილი მოადგათ უკანა რიგში მსხდომ გოგონებს. ალბათ, თითოეული მათგანის გულში მწუხარება დაიდებდა ბინას, თუკი დიმიტრი მენაბდე თმის შეჭრას გადაწყვეტდა და ამ ჩვევასაც მოიშლიდა.

-დღეს მინდა იმ პიროვნებათა შესახებ გესაუბროთ, რომლებმაც საკუთარი კვალი ყველაზე მეტად დაამჩნიეს ისტორიის მსვლელობას . . . თუმცა, დასაწყისისთვის ერთ კითხვას დავსვამ -თქვა და ცერა თითი სლაიდისკენ ისე გაიშვირა, რომ უკან არც მიუხედავს, თან ცალი მხრით მაგიდის ზედაპირზე ჩამოჯდა -თქვენი აზრით, ამ სურათებზე ნაჩვენები პიროვნებებიდან, პირველმა რომელმა გამოთქვა ამბიცია მსოფლიო ბატონობაზე?

სტუდენტებმა კოლაჟში გაერთიანებულ სურათებს შეხედეს. ყველანი ორჭოფობდნენ პასუხზე. მხოლოდ რიგით მეოთხე მაგიდასთან მჯდომი ელენე არ ფიქრობდა აღნიშნულ თემაზე, რადგან პასუხი უკვე მშვენივრად იცოდა. მიუხედავად ამისა, ხმის ამოღებას არ აპირებდა. ბუნებით ისეთი იყო, თუ პირადად მას არ დაუსვამდნენ შეკითხვას, ენასაც არ გაამოძრავებდა და ახლაც სწორედ ამიტომ იჯდა მდუმარედ, ლექტორის მომლოდინე მზერის წინ.

უეცრად, ისე რომ არავინ ელოდა, კარები გაიღო და ზღურბლზე დაგვიანებული სტუდენტი გამოჩნდა. ელენემ მაშინვე იცნო მისი სახე. ეს ადამიანი, მისი ჯგუფელი და ქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტთა ქსელის მფლობელის -ედუარდ აბრამოვის ერთადერთი შვილი, ნიკოლას აბრამოვი გახლდათ. გოგონა მას მხოლოდ შორიდან იცნობდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელი იყო, რაც თანაკურსელებად ითვლებოდნენ, ერთმანეთისთვის ათი სიტყვაც კი არ ეთქვათ გადაბმულად.

მუდმივად თავისი „ფან-კლუბის“ გარემოცვაში მყოფი ნიკოლასი, ჩაცმის სტილითაც ისევე გამოირჩეოდა, როგორც ვიზუალური მახასიათებლების მაღალი დონით. ბიჭს მუდამ თავისუფალ სტილში ეცვა. სპორტულ შარვლებს, რაც საკმაოდ ელეგანტურად ადგა ტანზე, თავისი იდეალური სიმაღლის გამო, ყოველთვის კაპიუშონიან მაისურებს ან „ჰუდებს“ უხამებდა, ზედატანის ფერ კედებთან ერთად, ხოლო მაჯაზე მუდამ ისეთი ძვირადღირებული საათები ჰქონდა შემოხვეული, ამ ფასად ნებისმიერი ადამიანი, რომელიმე ეზგოტიკურ კუნძულზეც კი მოიწყობდა ერთკვირიან შვებულებას.

-უკაცრავად, გზაში მანქანა გამიფუჭდა, შეიძლება შემოვიდე? -იკითხა ზრდილობიანად ნიკოლასმა, თან ცალი თვალი აუდიტორიას გადაავლო, რათა ენახა სად იყო თავისუფალი ადგილი

დიმიტრის მართალია არ ესიამოვნა ლექციის მსვლელობის შეწყვეტა, თუმცა გადაწყვიტა მაინც ეპატიებინა დაგვიანებული სტუდენტისთვის.

-კარგი, შემოდი და ადგილი დაიკავე, ოღონდ სწრაფად -უთხრა მან. ელენემაც მხოლოდ მაშინ გადაიტანა მზერა აბრამოვიდან, ხის პრიალა იატაკზე და შენიშნა, რომ ცალ ბოტასზე თასმა ჰქონდა შეხსნილი

„ჯანდაბა, ეს როდისღა გამეხსნა?“ -გაიფიქრა თავისთვის და ის-ის იყო, დაიხარა კიდეც მის შესაკრავად, რომ გვერდით ვიღაცის მიჯდომა იგრძნო. გახედვა არ დასჭირვებია გოგონას. ძვირადღირებული სუნამოს სურნელი უკვე ახვედრებდა, თუ ვინ დაარღვია მისი სიმყუდროვე და როგორც კი თასმების შეკვრას მორჩა, თვითონაც დარწმუნდა ამ ვარაუდის სისწორეში. გვერდით, თავად ნიკოლას აბრამოვი ეჯდა და წინ ისე იყურებოდა, თითქოს ირგვლივ ვერავის არსებობას ვერ ამჩნევდა. მიუხედავად ამისა, გულისწყვეტა არ უგრძვნია ელენეს. ის და აბრამოვი, იმდენად ახლოსაც არ იყვნენ, რომ ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს თბილად მისალმებოდნენ, ამიტომ გვერდით მჯდომი თავადაც დააიგნორა და წიგნაკიც დახურა, რათა ნიკოლასს, მისი უაზროდ ნახატი ფიგურები არ მოხვედროდა თვალში.

ლექცია გაგრძელდა. დიმიტრიმ თავიდან გააჟღერა ცოტა ხნის წინ დასმული შეკითხვა და როგორც იქნა პასუხიც მიიღო, უკანა რიგში მჯდომი ერთ-ერთი გოგონასგან -სალომე მაკალათიასგან, ვინც თავის სრულ სახელს ვერ იტანდა და ყველას აფრთხილებდა მისთვის „სალი“-თ მიემართათ.

-პირველი, ვინც მსოფლიო ბატონობაზე გამოთქვა პრეტენზია, ეს ალექსანდრე მაკედონელი იყო, პატივცემულო -თავდაჯერებული სახით წარმოთქვა მან -მისი ეპიტაფიაც იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ მიზანდასახულ მმართველად ითვლებოდა და ამბიციებითაც მეტად შორს იყო გაჭრილი

-თუმცა იმას ვერსად წავუვალთ, რომ ცოლს ღალატობდა და საკუთარ სარდალთან დაძვრებოდა ღამღამობით, საბრალო როქსანასგან მალულად -განაცხადა სამსონიძემ, ვისაც, ცალი ყურით შემთხვევით მოესმინა ლექციის შინაარსი

ირაკლის ამ უადგილო გამოსვლას, მცირეხნიანი სიცილი მოჰყვა სტუდენტების მხრიდან, რაც საბოლოოდ აღკვეთა დიმიტრის მაღლა აწეულმა მარჯვენამ.

-სიწყნარე იყოს, თუ შეიძლება -თქვა მან მკაცრად -აქ არც მაკედონელის პირად ცხოვრებას განვიხილავთ და არც იმას, ვის ბალიშზე ედო მას თავი

-ვერ შეგედავებით, პატივცემულო -გაიცინა სამსონიძემ და მეორე ყურსასმენიც გაიკეთა, რითაც საბოლოოდ გამოეთიშა აუდიტორიაში მიმდინარე მოვლენებს.

-კარგი, რახან ალექსანდრეს ცხოვრების ხელშეუხებლობაზე შევთანხმდით, მაშინ განვაგრძოთ -მენაბდე მაგიდიდან წამოდგა, კიდევ ერთხელ გადაიყარა შუბლზე ჩამოყრილი თმა გვერდზე და თავისი ოდნავ დაბალი, მომხიბვლელი ხმით განაგრძო :

-დიდი იმედი მაქვს, ამ სლაიდზე გამოსახული თითოეული პიროვნება თქვენთვის უკვე ნაცნობია -ამის თქმისას, მზერა საგრძნობლად დაუსერიოზულდა ლექტორს და ცალი წარბი ინსტიქტურად აზიდა მაღლა, თან დამკვირვებლური მზერა გადაავლო სტუდენტებს -თქვენი მზერიდან ჩანს, რომ ასეა, ამიტომ, დეტალებზე აღარ შევყოვნდები . . . დღეს ნამდვილად არ ვაპირებ ამ ისტორიულ პიროვნებათა ბიოგრაფიის მოყოლით შეგაწყინოთ თავი. ამის მაგივრად, მსურს მათ მსგავსებებზე გესაუბროთ

ელენე ნიკაპით ხელის გულს დაეყრდნო და სმენად იქცა. ყოველთვის უყვარდა, როდესაც ლექტორები სალექციო თემას გადაუხვევდნენ და რამე საინტერესოზე იწყებდნენ ხოლმე საუბარს.

-არ ვიცი რამდენად მართებულია რეინკარნაციის თეორია, თუმცა ამის რომ მჯეროდეს, ნაპოლეონ ბონაპარტს, იულიუს კეისრის რეინკარნირებულ ვარიანტად ჩავთვლიდი. თუ კარგად დაუკვირდებით, მათ შორის უამრავ მსგავსებას აღმოაჩენთ. ხასიათითაც კი ჰგავდნენ ერთმანეთს, რადგან ორივენი განდიდების მანიით იყვნენ შეპყრობილნი და უზღვავი ძალაუფლება სწყუროდათ

ამ დროს, ელენემ ვიღაცის თითის შეხება იგრძნო მხარზე. რამდენიმე წამი დასჭირდა გამოსარკვევად და იმის მისახვედრას, რომ აბრამოვი ცდილობდა მასთან კონტაქტზე გამოსვლას.

გოგონამ საკუთარ მზერას მიმართულება შეუცვალა და თავის გვერდით მჯდომისკენ ნახევარი ტანით შებრუნდა. გამჭოლი მზერით უყურებდნენ აბრამოვის მოოქროსფრო თვალები.

-შენც მისით ხარ მონუსხული? -ჰკითხა ბიჭმა, თან თვალებით ლექტორისკენ ანიშნა

-ვერ მიგიხვდი?

-უკვე ათი წამია რაღაცას გეუბნები და მხოლოდ ახლა მივიქციე შენი ყურადღება

ელენემ ღრმად ამოისუნთქა. საკუთარი თავის ამბავი მასზე კარგად არავინ იცოდა. როდესაც ვინმეს მთელი გულისყურით უსმენდა, გარშემო აღარანაირი ხმა არ სწვდებოდა ხოლმე მის ყურთასმენას და ამჯერადაც ასე მოხდა.

-მაპატიე, შენი ხმა არ გამიგია . . . რამე გინდოდა?

-ისეთი არაფერი, უბრალოდ თუ შეგიძლია კალამი მათხოვე

-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უბრალო ფანქარს ვიყენებ ხოლმე წერის დროს

-სიმართლე გითხრა, ეს უკეთესიც კია

-მაშინ აიღე -წიგნაკის თავზე დადებული ფანქარი გაუწოდა ელენემ, ბიჭს. უნდა ეღიარებინა, აბრამოვთან პირველად ჰქონდა ასეთი ხანგრძლივი დიალოგი და ეს ცოტათი ეუცნაურებოდა კიდეც. მდიდარი მამის ერთადერთ მემკვიდრეს, ხალხი გამუდმებით თავს ევლებოდა, თუმცა ვერავინ იტყოდა, რომ ნიკოლასი იმ თავმომწონე ბიჭების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინებსაც საკუთარი წარმომავლობა და ფული თავში ჰქონდათ ავარდნილი. არც ის იქნებოდა სწორი თუ ვიტყოდით, რომ თავად ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას. უბრალოდ პიროვნულად გახლდათ ასეთი -თავისდაუნებურად გამოსდიოდა გარშემო მყოფების მოხიბვლა და იმის მიღწევა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი, მის ერთ გამოხედვაზეც კი პირველკლასელი მოსწავლეების მსგავსად დაბნეულიყვნენ.

კურსელი გოგონების მხრიდან, ყურადღება არასდროს აკლდა აბრამოვს. ზოგი იმდენად ეწებებოდა, ნებისმიერის თვალში სასაცილოდ გამოიყურებოდა, თუმცა ვერავინ დაამტკიცებდა, რომ მიუხედავად ამოდენა ყურადღებისა, ნიკოლასი ვინმეს სერიოზულად უყურებდა. ერთი შეხედვით, მეტად ზედაპირული ადამიანის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა, ვისაც, მიუხედავად გამუდმებით ხალხში ტრიალისა, თითოეული მათგანი ფეხებზე ეკიდა.

ნიკოლასმა გოგონა ფანქარი გამოართვა და მადლობის ნიშნად ოდნავ გაუღიმა. დიმიტრი კი კვლავ განაგრძობდა ნაპოლეონსა და კეისარს შორის არსებული მსგავსებების ჩამოთვლას. სტუდენტებიდან თითოეული მათგანი, ყურადღებით უსმენდა მის სიტყვებს. მხოლოდ ელენეს უკან მჯდომი სამსონიძე იყო გადაშვებული მუსიკალურ სამყაროში და ირგვლივ ვერაფერს ვერ აღიქვამდა.

-კიდევ ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც არასდროს უნდა გამოგვრჩეს ისაა, რომ კეისარიც და ნაპოლეონიც ორივენი საფრანგეთს მართავდნენ

-პატივცემულო, კეისარი რომის მმართველი იყო, გეშლებათ -წინა რიგიდან წამოხტა ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი ნუცა ერგემლიძე. ეს უკანასკნელი, სარკასტული ღიმილით დააჯილდოვა დიმიტრიმ, თან ხელით ანიშნა თავის ადგილს დაბრუნებოდა

-ნუცა მართალია ხალხო, კეისარი რომს მართავდა -თქვა მან, მერე კი ოდნავი ღიმილით დაამატა -თუმცა მას ის ფაქტი გამორჩა მხედველობიდან, რომ კეისრის მიერ დაპყრობილი ერთ-ერთი პროვინცია -გალია, დღევანდელი საფრანგეთის ადგილას მდებარეობდა

იმაში დარწმუნებული გოგონა, რომ ლექტორი ტყუილში გამოიჭირა, ახლა შერცხვენილი დაეშვა თავის სკამზე. აბრამოვსაც გაუკრთა ოდნავი ღიმილი სახეზე, თუმცა იგი მალევე მოიშორა და კვლავ ჩვეული, სერიოზული გამომეტყველება დაიბრუნა.

სალექციო საათმა, საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. შემდეგი მათემატიკა ჰქონდა ელენეს, თუმცა მასზე და დანარჩენ ორ ლექციაზე დასწრებას არ აპირებდა. ამას ერჩივნა ბიბლიოთეკაში ემეცადინა ხვალინდელი ქვიზებისთვის, ამიტომ, დიმიტრის აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ ზურგჩანთაში წიგნაკი ჩატენა და სამსონიძეს მიუტრიალდა.

-მობილური დამიბრუნე, გავდივარ

-მათემატიკაზე არ შემოხვალ? -ცალი ყურსასმენი მოიხსნა ბიჭმა

-არა, არ შემოვალ

-ოჰოო, ჩვენი წიგნის ჭია ლექციას აცდენს? -ეჭვნარევად გახედა სამსონიძემ, თან ფეხზე წამოდგა -ისე, შენი გალერიის თვალიერებით მაგრად გავერთე. ძალიან გიხდება მოკლე შორტები და სპორტული ტოპები . . . მიკვირს ამ ფოტოებს სოციალურ ქსელებში რატომ არ ტვირთავ, ლამაზო

-შენ რა, ჩემს სურათებში დაძვრებოდი? -ვერც კი გააცნობიერა ისე აუწია ხმას ელენემ. ამ დროს აბრამოვიც წამოდგა ფეხზე, თან გოგონას კუთვნილი ფანქარი დაუბრუნა
-გმადლობ . . . -მერე სამსონიძეს მიუტრიალდა და ისე მოულოდნელად ააცალა ელენეს ტელეფონი, ბიჭმა სიტუაციის გააზრებაც ვერ მოასწრო. როდესაც ეს მოახერხა, ნიკოლასს უკვე გადაცემული ჰქონდა ელენესთვის მისი მობილური და აუდიტორიიდან გასასვლელი კარისკენ მიემართებოდა

ბრაზი ყელში მოაწვა ირაკლის. როგორც ყოველთვის ენა წინ გაექცა და წინ მიმავალ აბრამოვს დაუყვირა :

-ნეტავ ვიცოდე, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ ყველას საქმეში რომ ერევი?! თუ სურვილი გაქვს ერთი-ერთშიც დავილაპარაკოთ, არც ეგ არის პრობლემა

სტუდენტებმა, ვინებიც ჯერ კიდევ ჩანთებს ალაგებდნენ, მაშინვე სამსონიძეზე გადაიტანეს ყურადღება. ელენეც საკმაოდ დაიძაბა. ირაკლის სახის ყურებისას ხვდებოდა, რომ ეს უკანასკნელი არც ჩხუბზე დაიხევდა უკან, თუმცა აქაც აბრამოვმა განმუხტა სიტუაცია, მის პროვოკაციას არ წამოეგო და ზედმეტად მშვიდად მიუგო :

-ერთი-ერთში მხოლოდ ისეთებთან ვლაპარაკობ, ვისთანაც რამე სერიოზული საქმე მაქვს გასარჩევი, შენთან კი უკვე ყველაფრის გარჩევას მოვრჩი -მერე გატრიალდა, კარისკენ სვლა განაგრძო და აუდიტორია ისე დატოვა, ზედაც აღარავისთვის შეუხედავს

-ჯანდაბა, სიარულის მანერითაც კი ჭკუიდან გშლის -მოესმა ელენეს ნუცა ერგემლიძის წრიპინა ხმა. მაშინვე მიხვდა, რომ ეს სიტყვები აბრამოვის მისამართით იყო ნათქვამი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სამსონიძეს ერთი შეუბღვირა, ზურგჩანთა ბეჭზე მოიგდო და აუდიტორია სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. წინ დამღლელი საათები ელოდა, რის გამოც, აღარც ირაკლის სისულელეებზე საფიქრელად ჰქონდა დრო და აღარც, ნიკოლასის მუდამ სერიოზულ მზერაზე. ამის მაგივრად, მარკეტისკენ გადაუხვია, დიეტური ორცხობილა შეიძინა, კაპუჩინოსთან ერთად და იქედან პირდაპირ ბიბლიოთეკისკენ აიღო გეზი, რათა ხვალინდელი დღისთვის ნაწილობრივ მაინც მომზადებულიყო







.

უნივერსიტეტის ეზოში, ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამომჯდარიყო ელენე და წიგნაკში ყვავილების ხატვით იყო გართული, როცა სამსონიძის ხმა მოესმა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით.

-ეი, სილაგაძე! -ეძახდა მას ბიჭი, თან ყურებამდე გაკრეჭილი შესცქეროდა

„შენღა მაკლდი სრული ბედნიერებისთვის“ -გაიფიქრა გოგონამ, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს და კვლავ განაგრძო წიგნაკში ხატვა

-პასუხს რატომ არ მცემ? -ჯერ თავზე წამოადგა ბიჭი, შემდეგ კი გვერდითაც მიუჯდა და მიწიდან მოწყვეტილი პატარა გვირილა თმაში გაურჭო -ასე ბევრად უფრო ლამაზი ხარ

-რა გინდა ირაკლი? -მობეზრებით ამოიხვნეშა ელენემ მის საქციელზე, თუმცა ყვავილი მაინც არ მოუშორებია

ბიჭს იდუმალი ღიმილით ჩაეღიმა.

-ალბათ ის სურათი არ ამომდის თავიდან, შენს მობილურში რომ ვნახე -მიუგო ურცხვად, თან დაკვირვებით აათვალიერა -საკმაოდ მიმზიდველი ხარ, სილაგაძე

-მორჩი?

-აჰა, ანუ უკარება გოგოს როლის თამაში გაქვს გადაწყვეტილი -ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და სივრცეს ღიმილით გახედა. ელენემ იმ წამს პირველად გაიფიქრა, რომ მიუხედავად აუტანელი ხასიათისა, სამსონიძე მაინც საკმაოდ მომხიბვლელი წარმომადგენელი იყო მამრობითი სქესისა. აღნაგობით მაღალი და შავგრემანი გახლდათ. ნავარჯიშები სხეული ტანსაცმელშიც კი ნათლად ეტყობოდა ირაკლის. თმები ორივე მხარეს ნაწილობრივ ჰქონდა ახოტრილი, ხოლო შუაში შავი ქოჩორი დაეტოვებინა, რაც თმის ლაქით ლამაზად ჰქონდა დაყენებული. პროფესიონალურად მოვლილ წვერსა და ჩაცმის სტილზეც კი ეტყობოდა, რომ თავის მოწესრიგებას მისი დროის საკმაოდ დიდი ნაწილი მიჰქონდა. ყველაფერი რომ დაგევიწყებინათ, მარტო ფრჩხილები ჰქონდა ისეთი მოვლილი, ადამიანი მისი თითების ცქერით ვერ გაძღებოდა. ელენეს ყურადღებაც სწორედ ამ თითებმა მიიქციეს და გაუცნობიერებლადაც გააღიმეს. ეს რეაქცია, რა თქმა უნდა, არც სამსონიძეს დარჩენია შეუმჩნეველი.

-რა მოხდა? რატომ იღიმები? -ჰკითხა ცნობისმოყვარედ, თან თავისი კაკაოსფერი თვალები შეანათა

-არაფერი, უბრალოდ პიანისტის თითები გაქვს

-ჰოო? -საკუთარ ხელებს დახედა გამომცდელი მზერით -არადა პიანინო ჩემი სტილი არ არის

-მაგაში გეთანხმები. შენი სტილი სხვების ზემოდან ყურება და გოგონების ქვედა ბოლოების დევნაა

-აჰა, ანუ ჩემზე არც ისე კარგი წარმოდგენა გქონია

-ადამიანები თვითონ გვიქმნიან საფუძველს, რათა მათზე წარმოდგენა შეგვექმნას

-და მე ასეთი საფუძველი შეგიქმენი?

-ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კი

-რას ხატავ? -საუბრის თემა რადიკალურად შეცვალა სამსონიძემ და სცადა ელენეს წიგნაკში ჩაეჭყიტა, თუმცა ამ უკანასკნელმა იგი სწრაფად დახურა, ზურგჩანთა ბეჭზე მოიგდო და ფეხზე წამოდგა

-შეხვედრამდე ირაკლი -მხოლოდ ეს უთხრა ჯერ კიდევ ხის ტანს მიყრდნობილ ბიჭს, იგი სრულიად მარტო დატოვა და იქაურობას ისე გაეცალა, მისი პასუხისთვის არც დაუცდია

შემდეგი ლექცია სტატისტიკაში ჰქონდა. გუშინდელი მეცადინეობის წყალობით, ქვიზები საკმაოდ კარგად დაწერა, ორივე საგანში. არც სტატისტიკაში მისდიოდა საქმე ცუდად. აქტივობის ქულებიც ჰყოფნიდა და არაფერი დაშავდებოდა თუ ამ ერთხელ ლექციას გააცდენდა. უმიზეზოდ ნამდვილად არ მონდომებია მისი გამოტოვება ელენეს. დილით საკმაოდ დიდი შეკვეთა მიიღო დაბადების დღის ცენტრიდან. ოთხი სხვადასხვა დასახელების ტკბილეული უნდა მოემზადებინა, კარამელის ტორტთან ერთად და სავარაუდოდ, გათენებაც კი მოუწევდა. მართალია, ეს ყველაფერი სწავლაში ოდნავ ხელს უშლიდა, თუმცა თავი რაღაცით ხომ უნდა ერჩინა? მას შემდეგ, რაც პარიზიდან, დედასა და მამინაცვალს გამოექცა, თვითონ უწევდა საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორც ფინანსურად, ისე სხვა მხრივ. ელენეს დედა, ჟანეტი, მისი მამისგან განსხვავებით, ეროვნებით ფრანგი გახლდათ. როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად ქმარი გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ მეორედაც გათხოვდა. თავდაპირველად, არც ელენე იყო უკმაყოფილო მამინაცვალით, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, იგრძნო, რომ ეს უკანასკნელი ისე უყურებდა, როგორც ქალს.

რა თქმა უნდა, არც დედისთვის დაუმალავს სიმართლე, თუმცა ჟანეტმა, ნაცვლად იმისა, რომ ერთადერთი შვილისთვის დაეჯერებინა და მისი მხარე დაეჭირა, ამ უკანსკნელს ცილისწამებაში დასდო ბრალი. აღარც ელენეს გამოუდვია თავი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ამის მაგივრად, მამამისის მიერ დატოვებული ფულით, მშობლიურ ქვეყანაში ჩამოვიდა, თბილისის გარეუბანში მდებარე მამისავე სახლში დასახლდა და სამსახურის ძებნასაც მაშინვე შეუდგა.

არც ისე ბევრი ძიების შემდეგ, ერთ-ერთ საკონდიტროში მიაკვლია ვაკანტურ ადგილს. ტორტებსა და ტკბილეულს, ათი წლიდან აცხობდა. არა მარტო აცხობდა, არაჩვეულებრივად გამოსდიოდა კიდეც, ამიტომ, სამსახურშიც საკმაოდ მარტივად აიყვანეს. შეკვეთებს, ძირითადად სახლში იღებდა ხოლმე გოგონა, საკონდიტრო სააგენტოს მიერ სპეციალურად მიცემულ მობილურზე, ხოლო შაბათ-კვირას, თავად დაწესებულებაში უწევდა მუშაობა, საღამოს ოთხ საათამდე.

ელენეს, იმ მხრივაც გაუმართლა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ასე თუ ისე, საკუთარი პროფესიით შეეძლო თავის რჩენა. მხოლოდ ძვირადღირებულ სიამოვნებებს გახლდათ მოკლებული, თუმცა ეს ფაქტი ოდნავადაც არ აწუხებდა და იმითაც კმაყოფილდებოდა, რაც ჰქონდა.
გოგონას ავტობუსის ლოდინი აღარ დაუწყია. როგორც კი ტაქსის ტრაფარეტიანმა მანქანამ გამოიარა, ამ უკანასკნელს ხელი დაუქნია და შიგნით მოთავსდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას საკუთარ თავს ხშირად ვერ აძლევდა, განცალკევებით მგზავრობა მაინც ძალიან უყვარდა. სახლამდეც უფრო მალე მიდიოდა ხოლმე და აღარც, გამოტენილ ავტობუსებსა და მარშუტებში უწევდა ჯაყჯაყი. ამჯერადაც საკმაოდ მალე მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. შემდეგ მძღოლს კუთვნილი თანხა გადაუხადა და თავისი სახლის ვერცხლისფერი ჭიშკარი შეაღო.
მაშინვე სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, როდესაც საკუთარ მყუდრო ნავსაყუდელს მოჰკრა თვალი. მიუხედავად იმისა, რომ სახლი დიდი არ იყო, მაინც ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა. სამკუთხედი გადახურვის შენობას, მოლურჯო-მოშავო სახურავზე, ორი საკვამური მილი და ერთი მართხკუთხედი ფანჯარა ჰქონდა ამოჭრილი. ნაგებობის უკან, საკმაოდ ლამაზი ლილიების ბაღი იყო გაშენებული, მისგან ცოტა მოშორებით კი პატარა ფანჩატური იდგა, მარმარილოს სკამებითა და მოზაიკით გაფორმებულ მაგიდაზე შემოდებული კონუსისებრი ნათურებით, რომლებიც მზის ენერგიით იტენებოდნენ და ღამღამობით ღია ცისფერ შუქს აფრქვევდნენ.
ელენემ, სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა ქვებით მოკირწყლული ბილიკი გაიარა, ჯაჭვით დაბმულ თავის ნაგაზს მიეფერა და კიბესთან მისულმა, მის გასწვრივ მდგომი, მზის გულზე გამოტანილი აზალიების ქოთანი აივანზე აიტანა. ზურგჩანთა იქვე, სარწეველა სავარძელზე მიაგდო, ყვავილს ფანჯრის რაფაზე მიუჩინა ადგილი, რათა მომატებული ტემპერატურის გამო არ დამჭკნარიყო და ცოტა წყალიც კი დაუმატა.
ზედმეტად ლამაზი, ნაზი ფერის გამო, ეს ყვავილი განსაკუთრებით უყვარდა ელენეს. იმდენად ხშირად ეფერებოდა ხოლმე მის სათუთ ფოთლებს, გულის სიღრმეში უკვე საუკეთესო მეგობრადაც კი თვლიდა.
გოგონამ სარწყავი თავის ადგილას დააბრუნა, აივნის მოაჯირს მიადგა და იქედან გადაიხედა. ლამაზი, სამსართულიანი სახლის კიბეზე, რომლისგანაც მხოლოდ ერთი პატარა ღობე ჰყოფდა ელენეს ეზო-კარს, ფორთოხლისფერმაისურიანი ბიჭი ჩამომჯდარიყო, თავზე ჩამოცმული დიდი ყურსასმენებით და რაღაც ლურჯყდიან წიგნს ინტერესით ჩაშტერებოდა. ხსენებული პიროვნება, ელენეს მეზობელი -გეგა ავალიანი იყო. ეს უკანასკნელი, სულ ახალი გადმოსული გახლდათ ამ უბანში და არც მეზობლებს იცნობდა მაინცდამაინც კარგად, თუმცა მშრალად მაინც ესალმებოდა ხოლმე ელენეს და თუ კარგ ხასიათზე იყო, ამ მოსალმებას, მცირედ ღიმილსაც დაურთავდა ბონუსად.
საკმაოდ უცხო, თანაც ინდივიდუალური გარეგნობა ჰქონდა ბიჭს. მიუხედავად იმისა, რომ სახის თითოეული ნაკვთის უნაკლო სილამაზით გამოირჩეოდა, მასზე ვერავინ იტყოდა სიმპათიურიაო. სიგამხდრისგან ჩაცვენილი ლოყები და წყლისფერი თვალებიდან გადმოღვრილი, უზომოდ ცივი გამოხედვა, ერთი შეხედვით სერიულ მკვლელსაც კი ამსგავსებდა.
მიუხედავად სიგამხდრისა, მოკლემკლავიან მაისურში მაინც ეტყობოდა ნავარჯიშები სხეული. ხორბლისფერი კანი და ნახშირივით შავი თმა კი, თითქოს იდეალურად ეხამებოდა მის მანიაკურად ამოკვიატებულ ფერს-ფორთოხლისფერს, რის გარდაც, არც ერთი სხვა შეფერილობის მაისური არ უნახავს მის ტანზე ელენეს.
ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური ადამიანი გახლდათ გეგა. ალბათ სწორედ ეს იდუმალება და მისგან წამოსული უდიდესი შარმი გახდა მიზეზი იმისა, რომ ელენემ, ამ უბანში მისი შემჩნევის თანავე ჩაიბეჭდა მეხსიერებაში ბიჭის სახე. ახლაც, როდესაც კიბის საფეხურზე მჯდომს უყურებდა და ამჩნევდა როგორ ჰყავდათ ჩათრეული წიგნის ფურცლებს, სახეზე უნებური ღიმილი ადგებოდა. ახსენდებოდა, მასთან თითოეული შეხვედრა, ხანმოკლე მისალმებები და კიდევ ერთხელ უჩნდებოდა დაუოკებელი სურვილი ამ პიროვნების მთელი შინაგანი სამყარო თავიდან ბოლომდე ძირფესვიანად შეესწავლა.
გეგა მის მხარეს არ იყურებოდა. აღარც ელენეს სურდა აივნზე სტალკერივით დგომა, ბიჭის ერთი გამოხედვის მოლოდინში, ამიტომ გადაწყვიტა საქმისთვის მიეხედა და შეკვეთის გამზადებაზე ეზრუნა. ასეც მოიქცა -სახლში შესვლისა და თავის მოწესრიგების შემდეგ, საყვარელი ყვავილებიანი წინსაფარი მოირგო, ყველა საჭირო ინგრედიენტი მოიმარაგა, რაც კი ცხობისთვის დასჭირდებოდა მერე კი, Bloototh-დინამიკებში მუსიკა ააჟღერა და საქმეს გულმოდგინედ შეუდგა.
მზადების პროცესი, შოკოლადის მაფინებით დაიწყო გოგონამ. თავდაპირველად შაქარი და კვერცხი ათქვიფა, შემდეგ მიღებული მასა ვანილით, გამდნარი კარაქითა და კაკაოთი გააფორმა, ხოლო ფქვილი, ცომის სისქის შესაბამისად დაამატა და მიღებული შედეგი მაფინების წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადაანაწილა. ამის მერე, უკანასკნელი შტრიხიც შეასრულა -თავზე გახეხილი შავი შოკოლადისა და ქოქოსის ფხვნილის მოყრის სახით, რის შემდეგაც, თავისი ნახელავი გამოსაცხობად ღუმელში შედგა.
მაფინების გარდა კიდევ სამი სახეობის ტკბილეული ჰქონდა მოსამზადებელი -ტრუფელები, მარწყვის ფანქეიქები და დაბალკალორიული შვრიის ორცხობილები, რასაც, სადღესასწაულო კარამელის ტორტიც ერთვოდა ბონუსად. მართალია ენერგიული მუსიკა ეხმარებოდა, თუმცა ამხელა შეკვეთის მომზადება მარტოს მაინც გაუჭირდა და ლამის ქანცი გასძვრა. დილის ოთხი საათი სრულდებოდა ყველაფერს რომ საბოლოოდ მორჩა და წინსაფარიც უმისამართოდ მოისროლა სივრცეში. იმდენად გახლდათ მოთენთილი, ოთახში გასვლის თავიც აღარ ჰქონდა. ამის მაგივრად, იქვე გაზქურასთან ჩაიკეცა, მუხლებზე თავი ჩამოდო და ზუსტად ისევე მალე ჩაეძინა, როგორც ჩვილ ბავშვს, თავის რბილ საწოლში.




.

დილით გაღვიძებულს, მთელი სხეული აუტანლად სტკიოდა ელენეს. სამზარეულოში ძილის გამო, წელი ისე ჰქონდა გაშეშებული, ფეხზე წამოდგომაც კი ძლივს მოახერხა. როგორ არ უნდოდა იმ დილით უნივერსიტეტში წასვლა, თუმცა სხვა გზაც არ ჰქონდა.
გამზადებული და ყუთებში ლამაზად ჩალაგებული შეკვეთა, საკონდიტროს კურიერს უნდა მიეტანა დამკვეთისთვის. ელენეს, მისთვის სახლის გასაღების დუბლიკატი ჰქონდა გადაცემული, რის გამოც შეეძლო მის მოსვლას აღარ დალოდებოდა და თავის საქმეებისთვის მიეხედა.
ვინაიდან, იმ დღეს ლექციები თერთმეტზე ეწყებოდა და ახლა მხოლოდ ცხრა საათი იყო, თავი აუჩქარებლად მოიწესრიგა, დილის ყავა მიიღო და გადაწყვიტა, უნივერსიტეტში მისვლამდე ცოტათი ფეხით გაევლო. მზიანი ამინდი, ხელს უწყობდა გოგონას სეირნობის სურვილის გაღვივებაში. მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ, პარკის გავლით გადაწყვიტა წასვლა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, იქ ბევრი ხალხი არასდროს იყო ხოლმე, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდიდა სეირნობას გოგონასთვის.
გაზაფხულის მზე კვლავ საამოდ აცხუნებდა, შესაშურად მოწმენდილი, ლაჟვარდისფერი ციდან. ელენე უკვე პარკის სიღრმეში იყო შესული, როდესაც ორივე ნიჟარა ყურსასმენებით დაიცო. მაშინვე ჩაესმა თავისი საყვარელი სიმღერის Wind Of Change-ს ნაზი მელოდია, რამაც ახლაც ისევე გადაისროლა სხვა სამყაროში, როგორც ეს მუდამ ხდებოდა ხოლმე. რატომღაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა მისთვის ეს სიმღერა. როცა მისი სიტყვები ჩაესმოდა, საკუთარ თავს ქარად წარმოიდგენდა, რომელიც უნებართვოდ დაქროდა აქეთ-იქით, ხეებს ფოთლებს უშრიალებდა, ხოლო ადამიანებს კი თმებს.
ამ უცნაურ ფიქრებზე, კვლავ ღიმილი მოადგა ელენეს, თან შემოგარენი მოათვალიერა. რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალგაზრდა ბიჭს, ჯაჭვზე გამობმული პიტბული მოჰყავდა. ერთ-ერთ სკამზე, პარკის შუა გულში დადგმულ შადრევანს რომ უსწორდებოდა, ვიღაცას ჩასძინებოდა და როგორც ჩანდა, სულ არ აინტერესებდა სად იმყოფებოდა და რა ვითარებაში. მისთვის ზედმეტი ყურადღება ნამდვილად არ მიუქცევია ელენეს. კვლავ წინ მიიწევდა თან სიმღერის სიტყვებს გაუცნობიერებლად აყოლებდა ტუჩებს. უცნობი ბიჭი, ვინც იმ მომენტში ძაღლს ასეირნებდა, სკამზე ჩაძინებული ადამიანის მიმართულებით დაიძრა. გოგონაც სწორედ იმ მხარეს მიდიოდა.
რამდენიმე წამმა განვლო . . .
კიდევ სამი-ოთხი ნაბიჯი და ერთმანეთს გვერდსაც აუქცევდნენ, რომ სწორედ ამ დროს, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. პიტბული, რომელსაც ბიჭი ასეირნებდა, უეცრად წინ გაიჭრა და სკამზე მძინარე პიროვნებას დაახტა თავზე, ყეფით. ეს უკანასკნელი ჯერ შეფხიზლდა, შემდეგ თავისი მყუდროების დამრღვევის აღრჭიალებული კბილების დანახვისას ფეხზე დაფეთებული წამოვარდა, ინერციით პირდაპირ შორიახლოს მიმავალ ელენეს შეასკდა და მასთან ერთად ასფალტზეც მოადინა ზღართანი. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, გოგონამ გარკვეული დროის განმავლობაში იმის გააზრებაც ვერ შეძლო რა მოხდა მის თავს. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ხელის გულების წვა იგრძნო და სახესთან მიტანის შემდეგ, ნაკაწრებიდან წამოსული სისხლის წვრილი ზოლები შენიშნა.
-ეი, კარგად ხართ? -მოესმა ხმა უკნიდან, თან მხარზეც იგრძნო ხელის შეხება და მოშორებით დაგდებულ თავის ზურგჩანთას დაწვდა
-არა უშავს, გადავიტან -მიუგო ხმადაბლა. მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდა მასთან დიალოგის წამომწყები ადამიანისნ ვინაობით და მიატრიალა კიდეც თავი ამის გასარკვევად, რომ ხელში ის შერჩა, ვის დანახვასაც იმ ადგილას ყველაზე ნაკლებად ელოდა. ლამის თვალები გაუფართოვდა ელენეს. არა, არ ეჩვენებოდა, ახლა ნამდვილად ნიკოლას აბრამოვის თვალებს უყურებდა, თანაც საკმაოდ ახლოდან
-ბოდიში, ძმაო, ზოგადად ასეთი აგრესიული არ არის ხოლმე -ძაღლის პატრონი, შეწუხებული სახით მოჰყვა თავის ოთფხეხა მეგობრის მართლებას, მერე კი ძირს დაგდებულ ელენეს შეხედა -ხომ არაფერი დაგმართნიათ? თუ რამეა, შემიძლია საავადმყოფოში წაგიყვანოთ, მანქანით ვარ
-ყველაფერი რიგზეა, მას მე მივხედავ, შეგიძლია წახვიდე -ბიჭისკენ არც დაუხედავს, ისე დაუბრუნა ნიკოლასმა პასუხი, თან ფეხზე წამოდგა და წელზე ხელის მოხვევით ელენეც წამოაყენა
-ხელის გულები მაჩვენე
მართალია, გოგონას გადატყაული კანი საშინლად ეწვოდა, თუმცა თავი მაინც ამაყად დაიჭირა და სცადა ტკივილი გარეგნულად არ დასტყობოდა.
-არა უშავს, უბრალოდ ნაკაწრებია -მიუხედავად ამისა, აბრამოვი მას არ უსმენდა და საკუთარ საქმეში დიდად გამოცდილი ექიმის მსგავსად უთვალიერებდა დასახიჩრებულ ხელებს. ბიჭისგან წამოსული გრილი, ევკალიფტის სურნელი, სასიამოვნოდ ხვდებოდა გოგონას, ცხვირის ნესტოებში
-დამუშავება გჭირდება, წამოდი აფთიაქში სამედიცინო სპორტს გიყიდი და მივხედოთ
-ოღონდ სპირტი არა -ამის გაგონების თანავე, დაფეთებულივით გამოაცალა ხელები გოგონამ
ნიკოლასის სახეზე, მსუბუქი ღიმილი გაკრთა. როგორც ჩანდა, ელენეს ბავშვურმა რეაქციამ ძალზედ გაამხიარულა.
-ამხელა გოგოს რომ სამედიცინო სპირტის ხელზე დასხმის გეშინია, ცოტა არ იყოს, უცნაურია -თქვა ბოლოს
-უცნაური ის უფროა, როცა მილიონერის შვილი გქვია და მაინც ქუჩაში გძინავს, ღია ცის ქვეშ
ბიჭს სახიდან ღიმილი გაუქრა. ამან, ელენეც მიახვედრა, რომ პირდაპირ აქილევსის ქუსლში გაარტყა ისარი აბრამოვს. იქნებ და რა პრობლემები ჰქონდა? ასეთი უხეში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო მის მიმართ.
-მაპატიე, მთლად კარგად ვერ გამომივიდა -გულწრფელად დამწუხრებული სახე ჰქონდა ამის თქმისას გოგონას -ჩემის საქმე ნამდვილად არ არის ღამეებს აქ რატომ ათევ
ნიკოლასი კვლავ სკამზე ჩამოჯდა და თავზე ჰუდის კაპიუშონი წამოიფარა. მხოლოდ ამის შემდეგ გაეპასუხა თავზე წამომდგარი ელენეს სიტყვებს :
-მართალია, შენი საქმე არ არის . . . ახლა კი გაიქეცი, თორემ ლექციაზე დააგვიანებ
-შენ არ აპირებ დასწრებას?
ამჯერად, ხმა აღარ ამოუღია აბრამოვს. მხოლოდ თავი გააქნია უარის ნიშნად და კვლავ სივრცეს გაუშტერა არაფრისმთქმელი მზერა. აღარც ელენეს უცდია მეტად ბიჭთან დიალოგის გაგრძელება. ნიკოლასს აშკარად ეტყობოდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო, ამიტომ, გოგონა მას მშრალად დაემშვიდობა, ყურსასმენები კვლავ მოირგო და შეეცადა მთელი ყურადღება მუსიკაზე გადაეტანა, რათა გადატყაული ხელის გულების წვა იმდენად მძაფრად აღარ ეგრძნო . . .






.

ლექციებმა საკმაოდ ჩვეულებრივ გარემოში ჩაიარა. ერთადერთი დისკომფორტი, რაც ელენეს შეექმნა, ეს ირაკლი სამსონიძის დაჟინებული მზერის ატანა იყო, ვინც ანთებული თვალებით აკვირდებოდა გოგონას სხეულის თითოეულ პარამეტრს და ალაგალაგ, თავხედურადაც გაუღიმებდა ხოლმე. ელენესდა საბედნიეროდ, იმ დღეს გამოლაპარაკება არ უცდია ბიჭს. ამას კიდევ ერთი სასიხარულო ამბავიც დაემატა -როგორც კი ბოლო სალექციო საათი დასრულდა, მის ტელეფონში ჩატის ფანჯარა ამოხტა, შემდეგი ტექსტით :
<<გარეთ ვარ და გელოები . . . გაითვალისწინე, ძალიან მყავხარ მონატრებული და ძვლების ატკივებამდე უნდა ჩაგეხუტო.>>
შეტყობინების გამომგზავნი, ელენეს ყველაზე ახლო მეგობარი -მიშკა მეტრეველი გახლდათ. ეს ორნი მაშინ დამეგობრდნენ, როდესაც, მიშკამ პირველად გასინჯა საკონდიტროში ელენეს მარწყვის ტორტი და მისი გემოთი მოხიბლულმა, მიმტანს ამ ტორტების შემოქმედის პირადად გაცნობის ნებართვაც სთხოვა. მას შემდეგ, ყოველ თავისუფალ დღეს სტუმრობდა ბიჭი ელენეს საკონდიტროს და მისი ტკბილეულით იგემრიელებდა პირს. მართალია, ათლეტური ფიგურით ვერც აქამდე დაიკვეხნიდა, თუმცა საკონდიტროში მოხშირებულმა სტუმრობებმა, უფრო მეტი ჭარბი კილოგრამი შემატა მის სხეულს და საბოლოოდ, წონა ას კილოგრამამდეც დაამრგვალა. მიუხედავად ამისა, გემრიელ საჭმელზე უარს არასდროს ამბობდა. პროფესიით მომავალი მოსამართლე იყო და თავის ჭარბწონიანობას იმ მოსაზრებით ამართლებდა, რომ მოსამართლის მანტია მსუქან ადამიანებს უფრო მეტად უხდებოდათ, ვიდრე გამხდრებს.
ელენეს გულში სითბო ჩაეღვარა შეტყობინების წაკითხვისას. მიშკა ორი კვირის განმავლობაში არ ენახა, რადგან ეს უკანასკნელი ბათუმში გახლდათ წასული, ინტერნეტ-გათამაშებაში მოგებული ტურით, რაც ორი კვირა შერატონში დასვენებასა და სრული კომფორტის შექმნას გულისხმობდა. ამ მიზეზით, მიშკას ლექციების გაცდენაც მოუწია, რის გამოც, ელენეც სერიოზულ დანაკლისს გრძნობდა, უნივერსიტეტის დერეფნებში სიარულისას.
<<უკვე გამოვდივარ, კონკრეტულად სად დგახარ?>> -გაღიმებული სახით დაუბრუნა პასუხი, თან შენობიდან გამოაბიჯა
<<იმ გაჩერებასთან ვდგავარ, სადაც ავტობუსს ელოდები ხოლმე>>
მეტი აღარაფერი მიუწერია გოგონას. გარეთ გამოსულმა, ჭაობისფერი ზურგჩანთა უფრო მოხერხებულად მოიგდო მხარზე და აჩქარებული ნაბიჯებით გასწია იქეთკენ, სადაც მეგობარი ეგულებოდა.
გაჩერებასთან მიახლოებულმა, მართლაც დაინახა მეწამულ ჯიპს მიყრდნობილი, ოქროსფერთმიანი ბიჭი, ვინც ხელში მობილურს ატრიალებდა და პერიოდულად, მოსაცმლის ელვა-შესაკრავს აწვალებდა. ელენეს დანახვისას, მაშინვე სიხარულმა გადაურბინა სახეზე. აღარ დაუცდია იმისთვის, როდის მოუახლოვდებოდა გოგონა თავად, მისკენ საკუთარი ფეხით დაიძრა და ახლოს მისულმა, ხელში აყვანილი დააბზრიალა.
-როგორ არის ჩემი ტკბილეულის ფერია?
-სხვათა შორის, შენმა ტკბილეულის ფერიამ, შენს გარეშე ძალიან მოიწყინა -ფუმფულა ლოყაზე მაგრად აკოცა გოგონამ, როგორც კი მიშკამ კვლავ ძირს დასვა -მმმ, როგორ მიყვარს შენი ლოყები
-ჰოდა ზუსტად მაგიტომ არ ვდგები დიეტაზე, მერე აღარ გეყოლება ის, ვის ლოყებზეც ითამაშებ ხოლმე
-უკიდეგანოდ მომენატრე, იცი ეს?
-თუ ასეა, დაჯექი -მანქანის კარი გამოუღო ელენეს, მერე კი სალონისკენ ხელით ანიშნა -სახლში მე წაგიყვან, თან შემოვივლი და თუ რამე ტკბილეული მოგეპოვება, ყველაფერს გაგისაღებ
ავტომობილში სიცილით ჩაჯდა ელენე. უჩვეულოდ კარგ განწყობაზე დააყენა იმ დღეს მეგობრის გამოჩენამ. ყველაფერი უყვარდა ამ ადამიანში. მოსწონდა მისი უბრალოება, თბილი ხასიათი, უზღვავი პოზიტივი და კეთილი გული, რაც ბრწყინვალე გვირგვინად ადგა თავზე ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს.
მანქანის სალონში, როგორც ყოველთვის, ახლაც სასიამოვნო სისუფთავე იგრძნობოდა და სარკის წინ მოქანავე არომატიზატორის შუშა, მწვანე ვაშლის სურნელს აფრქვევდა. ძალიან მოსწონდა ელენეს ეს არომატი. თითქოს რაღაც მშობლიურთანაც კი ასოცირდებოდა მისთვის და ამის გამო, მიშკას მანქანით მგზავრობა მუდამ სიამოვნებდა ხოლმე.
-აბა, მომიყევი როგორი დრო ატარე ბათუმში -შეეკითხა გოგონა როგორც კი გზაზე გავიდნენ და დანარჩენ ოთხბორბლიანებს შორის დაიწყეს სვლა
-რავიცი, გოგოები ავაგდე-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ სხვა მხრივ კარგი იყო . . . შენ რას აკეთებდი, რამე პროგრესი ხომ არ გაქვს იმ ყინულისთვალება ავალიანთან?
-მისალმების სტადიას რომ გავცდებით, პირველს შენ გაგაგებინებ, ხომ იცი?
-ვფიქრობ, ამ სტადიას უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაცილებულიყავით -გვერდულად გახედა მეგობარს მიშკამ -ბოლო-ბოლო რა გჭირს მისი დასაწუნი? პირიქით, თავად უნდა ფორთხავდეს შენს ფეხებთან
-თვითშეფასება ამიმაღლე ამ წამს, იცი?-ღიმილი მოადგა გოგონას მიშკას სიტყვებზე
-სწორედ ეგ თვითშეფასება გიქმნის პრობლემას, თორემ ამდენ ხანს დაელაპარაკებოდი კიდეც იმ ბიჭს. ლამაზი ნამდვილად ხარ . . . შენი ფიზიკური მონაცემების პატრონს, მეტი თავდაჯერება მართებს. ზოგიერთი ჩემი კურსელი გოგო, გარეგნულად შრეკის ცოლს ჰგავს, თუმცა ნეტავ განახა რამხელა ამბიციებში იხრჩობიან და როგორ ბიჭებს დასდევენ კუდში
-და რას მეუბნები, მეც კუდში უნდა დავუწყო დევნა და სტალკერი გავხდე?
მიშკამ ამოიოხრა, თან შუქნიშანზე გააჩერა მანქანა.
-მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ცხოვრებაში პირველად დაინტერესდი ვიღაცით და ხელის განძრევაც არ გინდა, რათა მასთან რამე მაინც გამოგივიდეს
-იქნებ, ამ თემაზე არ გვესაუბრა? -უპატრონო კნუტის მზერით გახედა ელენემ ამის თქმისას. ზუსტად იცოდა, მიშკაზე ეს ხრიკი აუცილებლად გაჭრიდა და ასეც მოხდა :
-კარგი, კარგი -დანებების ნიშნად ხელები ასწია ბიჭმა -ეს ორი კვირა ისე მენატრებოდი, მზად ვარ ყველაფერი შეგისრულო
ამის მოსმენისას, კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე ელენემ, მეგობარს და როგორც კი მიშკამ მწვანე შუქის ანთებისას მანქანა დაძრა, საზურგეს კმაყოფილი სახით მიეყრდნო.
-იცოდე დღეს არსად გიშვებ, ჩემთან უნდა დარჩე
-თუ ასეა, მაშინ აფთიაქთან გავაჩერებ და კბილის ჯაგრისს ვიყიდი
-ბოლოს რომ დარჩი, ხომ დატოვე?
-ჰო, ჰო, ახლა გამახსენდა -გაეცინა მიშკას, ელენეს ხელი ტუჩებთან ახლოს მიიტანა და გოგონას სითბოთი სავსე მზერით გახედა -მაგრად მისწორდება შენი არსებობა, ელე . . .





.
უნივერსიტეტში სრულიად გამოუძინებელი მივიდა ელენე. გასულ საღამოს მიშკას სტუმრობის გამო, ლამის მთელი ღამე საუბარსა და საშინელებათა ფილმების ყურებაში გაათენეს ერთმანეთს მონატრებულმა მეგობრებმა. მხოლოდ დილის რვის ნახევრისთვის მოერიათ ძილი, თუმცა ლექციების გამო, ერთ საათში, მაინც ადგომა და თავის მოწესრიგება მოუწიათ.
ახლაც, როდესაც დერეფანში მიაბიჯებდა, თვალები ნახევრად დახუჭულ მდგომარეობაში ჰქონდა ელენეს. ვერც დილის ყავა დაეხმარა ნორმალურად გამოფხიზლებაში და ვერც ენერგეტიკული სასმელი, რომელიც გზად შემხვედრ მარკეტში უყიდა მიშკამ, როცა უნივერსიტეტში მოჰყავდა. პირველი ლექციის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ოცი წუთი ჰქონდა. არ სურდა აუდიტორიაში ჩამოძინებული სახით ჯდომა, ამიტომ გადაწყვიტა მანამდე საპირფარეშოში შესულიყო და პირზე ცოტაოდენი ცივი წყალი შეესხა.
დერეფანში შემხვედრ სტუდენტებს, გვერდს მონოტონურად უვლიდა გოგონა. სასურველ ადგილამდეც თითქმის ვარაუდით მიაღწია და უკვე ქალების საპირფარეშოს კარიც უნდა შეეღო, რომ უძილობისგან დაბინდული მზერით გაარჩია, თუ როგორ შევარდა მამაკაცების საპირფარეშოში მისი თანაკურსელი ნიკოლას აბრამოვი, კარი მოაჯახუნა და ხმამაღალი ღრიალი აღმოხდა. ელენემ მომხდარით გაოცებაც ვერ მოასწრო, რომ ამჯერად რაღაცის მსხვრევის ხმაც მისწვდა მის ყურთასმენას. მართალია, აბრამოვს კარგად არ იცნობდა და ელემენტარული კონტაქტიც კი არ ჰქონდა მასთან, თუმცა ასეთ სიტუაციაში, სრულიად უცხო ადამიანსაც კი ვერ ჩაუვლიდა გვერდით გულგრილად, ამიტომ, ზედმეტი ფიქრის გარეშე შეაღო მამაკაცების საპირფარეშოს კარი და ზღურბლსაც მეტად თავდაჯერებულად გადააბიჯა.
დანახულმა სურათმა ცოტათი შეაშინა. ნიკოლასი -ბიჭი, ვისაც საკმაოდ მშვიდი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა მთელ უნივერსიტეტში, ახლა ჩამსხვრეული სარკის წინ, ნიჟარას ორივე ხელით დაყრდნობოდა, გადატყაული თითებიდან სისხლი უწვეთავდა, გახშირებული სუნთქავდა და გატეხილ სარკეში, თავის ანარეკლს იმდენად შემზარავად უყურებდა, ნებისმიერი ადამიანი იგრძნობდა შინაგან კანკალს ამის შემხედვარე.
აბრამოვის ტელეფონი, საპირფარეშოს მარცხენა კუთხეში ეგდო, პატრონის მიერ დაუდევრად მოსროლილი, ხოლო თავად ამ მობილურის მფლობელი, სხვა პლანეტაზე მყოფს ჰგავდა აღნიშნულ წამს. იმ პლანეტაზე, სადაც ვერანაირი ხმა ვერ აღწევდა და ყველაფერი სულის გამყინავ მდუმარებას მოეცვა.
ელენე ბიჭს ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა. აბრამოვი ისე იქცეოდა, თითქოს იქ ვერავის ყოფნას ვერ ამჩნევდა. თავის სტიქიაში ჩაძირული, ბრაზისგან შეკრული წარბებით უცქერდა ჩამსხვრეულ სარკეს, რომლის ნატეხების ნაწილიც ნიჟარაში უწესრიგოდ ჩაყრილიყო და ფანჯრიდან შემოსული მზის შუქზე, თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა.
-კარგად ხარ? -სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მაშინვე ინანა მათი წარმოთქმა ელენემ. უნდა ეღიარებინა, აქამდე მსგავსი სულელური შეკითხვა არასდროს დაუსვამს. რა თქმა უნდა კარგად არ იყო. ეს სახეზეც ნათლად ეტყობოდა ბიჭს.
გოგონას ოდნავადაც არ გაჰკვირვებია კითხვაზე რომ პასუხი ვერ მიიღო. მეტად აღარც უცდია გამოლაპარაკება, პირდაპირ კუთხეში მოსროლილი მობილურისკენ დაიძრა, იგი ხელში აიღო და გვერდითა ღილაკს თითით დააწვა, რათა გაეგო მოწყობილობა ისევ მუშაობდა თუ არა. ტელეფონის Screen Lock-ზე გამოსახულმა „ბიგ-ბენის“ ფოტომ ელენე დაარწმუნა, რომ პატრონის მიერ გამოჩენილ დაუდევრობას, მისთვის ბოლო ვერ მოეღო და კვლავ აბრამოვს მიუტრიალდა.
-გილოცავ, შენს მობილურს ჯერ კიდევ შეუძლია სუნთქვა
ბიჭი ოდნავ შეირხა. თავი არ მიუბრუნებია, თუმცა უკვე აშკარა იყო, რომ ნელ-ნელა გარესამყაროს უბრუნდებოდა.
-კაცების საპირფარეშოში რას დაეხეტები?! -ჰკითხა მან უემოციო, დახშული ხმით -რეპუტაციის გაფუჭების არ გეშინია?
ელენეს წამითაც არ უფიქრია, ისე მიუგო :
-სიმართლე გითხრა, ნაკლებად ვინტერესდები ისეთი ადამიანების აზრით, ვინც ჩემთვის არაფერს ნიშნავს
-ჰო, რა თქმა უნდა -ნიკოლასს ირონიულად ჩაეცინა და მთელი ამ ხნის მანძილზე, პირველად ჩახედა გოგონას თვალებში -შენ ყველა ფეხებზე გკიდია და ამიტომაც ხარ ჩვენი კურსის მარტოხელა მგელი. ისე იქცევი, თითქოს შენი შესაფერისი არავინაა და ყველას ზემოდან უყურებ
-შენ თუ გაღიზიანებული ხარ, ძალიან გთხოვ ბრაზს ჩემზე ნუ გადმოანთხევ -კურსელის სიტყვებმა, უზომოდ გააბრაზა ელენე და ეს არც დაუმალავს. ცხოვრებაში, ყველაზე მეტად სწორედ ისეთ ადამიანებს ვერ იტანდა, რომლების სხვებისთვის ზემოდან ყურებით იყვნენ დაკავებულნი და ახლა, როდესაც თავად მას მიაკრეს ეს იარლიყი, ძალიან არ ესიამოვნა
-და რამე ტყუილი ვთქვი?
-შენ მე საერთოდ არ მიცნობ, ამიტომ ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს
აბრამოვს პასუხი აღარ გაუცია. ამის მაგივრად, გოგონას თავისი მობილური ხელიდან აართვა იგი კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა და ონკანში წყალი მოუშვა, რათა დასისხლიანებული ხელები ჩამოებანა.
-ბოდიში, მაგრამ ახლა არავის ხასიათზე არ ვარ -ხმაში შეფარული ბრაზი ეტყობოდა -ვიცი აქ ადამიანური თანაგრძნობის მიზნით შემომყევი, თუმცა ამას სართოდ არ ვსაჭიროებ. შეგიძლია შენი გზით წახვიდე
ელენეს გაეღიმა.
-მართალი ხარ, სისულეე იყო აქ შემოსვლა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკუთარ რეპუტაციას ვაყენებ რისკის ქვეშ -ბოლო სიტყვები, განსაკუთრებით სარკასტულად წარმოთქვა და დააპირა კიდეც საპირფარეშოდან გასვლა, რომ აბრამოვის სიტყვებმა შეაჩერეს:
-ელენე, ერთი წამით მოიცადე -რაც ერთმანეთს იცნობდნენ, სახელით პირველად მიმართა ბიჭმა -შეიძლება ჩვენი უწინდელი დიალოგის შემდეგ ეს უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ რაღაც მინდა გკითხო
აბრამოვი გოგონა მიუახლოვდა, სახელურზე მოკიდებული ხელი ძირს ჩამოაღებინა და კარი შიგნიდან გადაკეტა, რათა შუა საუბარში, უეცრად არავინ შემოჭროდათ.
-რა უნდა მკითხო? ან კარს რატომ კეტავ?
-ნუ გეშინია, მოძალადე არ ვარ
-შენი სულაც არ მეშინია, ნიკოლას -თავდაჯერებულად მიუგო გოგონამ. აბრამოვის სხეულიდან წამოსული, ევკალიფტის გრილი სურნელი სასიამოვნოდ ახვევდა თავბრუს, თან მის მოოქროსფრო თვალებს არ აშორებდა უტეხ მზერას
-ანუ მამაცი ხარ
-მამაციც და მოუთმენელიც, ამიტომ სწრაფად დასვი შენი კითხვა, სადაცაა ლექცია დაიწყება
აბრამოვი, გოგონას რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. სახეზე, ცოტა ხნის წინანდელი დაძაბულობა იმდენად მძაფრად აღარ ეტყობოდა. მისი გამომეტყველებიდანაც ნელ-ნელა იყრებოდნენ ავისმომასწავებელი ღრუბლები და მათ ადგილს, მშვიდი, მზიანი ამინდი იკავებდა.
-მაინტერესებს, მარტო ცხოვრობ თუ არა? -ჰკითხა ბოლოს, რითაც გოგონას გაოცებული სახეც დაიმსახურა. ამ უკანასკნელს, აშკარად ეტყობოდა, რომ მსგავსი შინაარსის შეკითხვამ ძალზედ დააბნია
-ვერ გამიგია, ამას რატომ მეკითხები?
-უბრალოდ ან ჰო თქვი, ან არა
-დავუშვათ მარტო ვცხოვრობ, მერე?
ნიკოლასს სახეზე ღიმილი გადაეფინა. ახლა სრულებითაც აღარ ჰგავდა იმ გამძვინვარებულ მხეცს, ვინც ცოტა ხნის წინ იხილა ელენემ, აქ შემოსვლისას.
-თუ ასეა, შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს
-ახლა თუ რამე უწმაწურს იტყვი, ცხვირში მიიღებ
-შესაძლოა, შენს ქვეცნობიერს ძალიან უნდა ასე მოხდეს, თუმცა სულ სხვა კუთხით მინდოდა საუბრის წარმართვა
-ჩემს ქვეცნობიერს ჩემზე კარგად არავინ იცნობს და მერწმუნე, იქ შენი სახელი და გვარი საერთოდ არ ფიგურირებს . . . ახლა მთავარ სათქმელზე გადადი, თუ შეიძლება
-პოზიციებს არ მითმობ, არა? -წარბზე ცერა თითი გადაისვა, თან კარების გასწვრივ ხელები ისე მიადო, რომ გოგონა მათ შორის მოიქცია -ვაღიარებ, სიტყვა-პასუხში საინტერესო მოწინააღმდეგე ხარ
ელენემ თვალები მობეზრებულად აატრიალა. სულაც არ სიამოვნებდა ის გარემოება, რომ აბრამოვს, თავისი რიგითი ნა*ასავით ჰყავდა აყუდებული კარებზე, ამიტომ, ბიჭს ხელიდან ოსტატურად დაუძვრა და გულზე ხელები დაიკრიფა.
-ერთ წუთს გაძლევ, ან იტყვი რაში მდგომარეობს შენი შემოთავაზება, ან არადა მე მივდივარ
-თუ ასეა, შემიძლია საქმე გაგიმარტივო და ერთი წუთიც აღარ გალოდინო -მერე მცირედი პაუზა გააკეთა, ელენეს თაფლისფერ თვალებს, თავისი მოოქროსფრო სფეროები გაუსწორა და მეტად სერიოზული მზერა მიიღო -მოკლედ, რაღაც დროის განმავლობაში, შენს სახლში ოთახი უნდა მომაქირავო. ვეცდები მუშაობა უმოკლეს დროში დავიწყო და ქირაც თავის დროზე გადაგიხადო ხოლმე
-ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? -ელენემ თავი ძლივს შეიკავა, რათა არ გასცინებოდა. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული აქციონერის -ედუარდ აბრამოვის ერთადერთი ვაჟი სთხოვდა მის მოკრძალებულ სახლში ოთახი მიექირავებინა, გარკვეული ხნით. ამაზე კომიკური რაღა უნდა ყოფილიყო?
-ეს ხუმრობა არაა, სერიოზულად გელაპარაკები
-მე კი მგონია, რომ მოსაწევი ზედმეტი მოგივიდა და რაღაცებს ურევ -კარის საკეტი სწრაფად გადაატრიალა ელენემ ამ სიტყვებზე და გარეთ ლამის რაკეტის სიჩქარით გავარდა. მას აბრამოვიც უკან აედევნა. მართალია, იქვე ჩავლილი რამდენიმე სტუდენტის მზერაც გამოჰყვათ თან, თუმცა ეს არც ერთ მათგანს არ შეუმჩნევია.
-სისულელეს ნუ ამბობ, ნარკოტიკები ყველაზე ბოლოა იმ სიაში, რასაც კი ცხოვრებაში გავეკარები
-თუ ასეა, შენს აბდაუბდა საუბარს ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი -თან აუდიტორიისკენ მიემართებოდა, თან ნიკოლასს ესაუბრებოდა გოგონა. ეს უკანასკნელი, იმ დროს ელენეს ფეხდაფეხ მოაბიჯებდა
-ახსნას ნუ მომთხოვ, უბრალოდ დამთანხმდი
-შენ რა, სახლიდან გამოგაგდეს?
-არავის გამოვუგდივარ, თავად წამოვედი -მიუგო უემოციოდ ბიჭმა
-სასტუმროში გაჩერება, ან ბინის დაქირავება არ გიფიქრია?
-ქალაქის მასშტაბით, ყველა სასტუმროს შავ სიაში ვყავარ შეყვანილი, ნორმალური ბინის დასაქირავებელი ფული კი ჯერ არ მაქვს
-ასე მგონია ზღაპარს მიყვები. კიდევ უამრავი კითხვა მაქვს, რათა სრული სურათის აწყობა შევძლო, თუმცა ვხვდები ეს პირადულია და ჩარევა არ მინდა
-გპირდები, თუ დამთანხმდები არ ინანებ -კვლავ განაახლა მცდელობები აბრამოვმა -ყველაფერში მოგეხმარები, თუ გინდა დილაობით ყავასაც მოგიდუღებ ხოლმე, როცა თავადაც გადავწყვეტ დალევას, თან ცოტათი საჭმელების მომზადებაც მეხერხება და . . .
-მოდი აღარ გააგრძელო, კარგი? -მობეზრებული სახით მიუბრუნდა გოგონა, როგორც კი აუდიტორიის კართან გაჩერდნენ -ჩვენს კურსზე, ჩემს გარდა ბევრი გოგო ცხოვრობს მარტო, რომელთაგან თითოეული მათგანი მზადაა სიხარულით გაგიღოს სახლის კარი, თანაც ისე, რომ ოთახის ქირაც არ გამოგართვას. შეგიძლია შენი შარმი მათზე გამოიყენო
-მათთვის დახმარების თხოვნა რომ მინდოდეს, ამას თავადაც გავაკეთებდი
-ჰო, რა თქმა უნდა, არავისთან მიგესვლება, რადგან ნახევარი კურსი, შენზე უიმედოდაა შეყვარებული და ზედმეტი დრამების თავიდან არიდებას ცდილობ
ნიკოლასმა, თითქოს გოგონას სიტყვები არ გაუგიაო, თემა რადიკალურად შეცვალა :
-თუ დამეხმარები, კიდევ ერთი კეთილი საქმე იქნება შენს ანგარიშზე -გამომცდელი, თან ამავდროულად, ღიმილიანი სახით უყურებდა ამის თქმისას -პირობას ვდებ ფეხებში არ მოგედები, არც ჩემს წინდებს დავტოვებ აბაზანაში დაყრილს და საკუთარ თეფშსაც თავად გავრეცხავ ხოლმე
-ნიკოლას, თავი დამანებე!
-ელენე, გთხოვ -მის მაჯას ხელი ჩაავლო ბიჭმა, თავისკენ დაქაჩა და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა -ცოტა ხნის წინ, როდესაც განერვიულებული დამინახე, გსურდა ჩემთვის ადამიანურად გეთანაგრძნო. სწორედ ეს იქნება შენი თანაგრძნობა. მეტად გამოუვალ სიტუაციაში რომ არ ვიყო, ამ ყველაფერს არ გთხოვდი, რადგან ვიცი, რა არაკომფორტულიცაა შენთვის, ფაქტობრივად უცხო ბიჭთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება . . . გეფიცები, უხერხულობას არ შეგიქმნი, არც ხმაურიანი ვარ, ამიტომ, ჩემს სახლში ყოფნას ვერც კი იგრძნობ.
ელენემ თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა. აბრამოვს ტონზეც კი ეტყობოდა, რომ რაღაც მეტად სერიოზული პრობლემები ეხვია გარს, რის გამოც, სახლიდანაც კი მოუწია წამოსვლა. მართალია, მარტო ცხოვრება ძალიან მოსწონდა და თავის პირად სივრცეში სხვა ადამიანის შემოჭრა აშკარად არაკომფორტული იქნებოდა მისთვის, თუმცა საბოლოოდ, მაინც ადამიანურობამ გაიმარჯვა, ელენეს გულში სიბრალულის ჩართვის ღილაკს მიაჭირა თითი და გოგონას თავდაპირველ გადაწყვეტილებაში, რადიკალური ცვლილებები შეიტანა. ყველაფრისთვის რომ თავი დაენებებინა, ახლა მისთვის არც ზედმეტი შემოავალი იქნებოდა ცუდი, ამიტომ, ღრმად ამოისუნთქა და თავის წინ მდგომ მომლოდინე ბიჭს მზერა გაუსწორა.
-არც კი მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ კარგი -ამოთქვა ბოლოს -თუმცა ერთი რამ გაითვალისწინე -კოდექსიდან მცირედი პუნქტის დარღვევის შემთხვევაშიც კი კარს იქით აღმოჩნდები, შენს ჩემოდანთან ერთად
-კოდექსში რას გულისხმობ? -მართალია გოგონას თანხმობამ, შინაგანად შვებით ამოასუნთქა, თუმცა სახეზე ემოცია მაინც არ დასტყობია
-მაგას მერე აგიხსნი, ახლა აუდიტორიაში შევიდეთ, თორემ ქალბატონი ქეთინო, მეტად გაბრაზებული მზერით გვათვალიერებს -დერეფანში ქუსლების კაკუნით მომავალ, საშუალო სიმაღლის ქალზე ანიშნა ელენემ და სანამ აბრამოვი პასუხის გაცემას მოასწრებდა, კარის ზღურბლსაც გადააბიჯა . . .



№1  offline წევრი Megioki

ვაა, აბა წავიკითხო. რაღაც კარგი ჩანს ❤️

 


№2  offline წევრი ვიპნი

ისეთი მსუყე თავი იყო,მრცხვენია ფიქრებში რომ წავედი ხვალაც თუ დადებს ნეტა თქო:) სტუდენტობის წლები გამახსენდა და მომენატრა,მგონი მაღლივის ყველა ლექტორი შემომახსენდა :) არაჩვეულებრივი გოგო ხარ,კიდევ როგორ შეგაქო არ ვიცი.❣️❣️❣️

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

იცი რა მაგარი იყო აირისს. ისეთი მსუყე თავი იყო. როგორღა გკითხო მომდევნო როდის იქნებათქო. მჯერა წინ ზალიან საინყერესო ამბები გველის. ისღა დამრჩენია მოუთმენლად დაგელოდო. წარმატებები

 


№4 სტუმარი ღამის სტუმარი

როგორც ყოველთვის არა ჩვეულებრივად წერ ძაან მსუყე თავი იყო და ვისიამოვნე მალე ველი შემდეგს:):):)

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

ვააუ, რატომ არ გიცნობდი აქამდე:))
რეალური პერსონაჟები არიანო, რომ დაწერე, იმწამსვე დამაინტერესა.
მოლოდინსაც გადააჭარბე.
ორიგინალურია.
გელოდები!!

 


№6 სტუმარი ტაისა

სასიამოვნოდ იკითხება ))))
ველოდები შემდეგ თავს kissing_closed_eyes

 


№7 სტუმარი Елка

Магариа.царматебеби

 


№8 სტუმარი სტუმარი ლია

სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა, მაგრამ მაინტერესებს რატომ წერ აბზაც- აბზაც წერის ახალი სტილია???

 


№9 წევრი Maia G.

საინტერესო ისტორია ჩანს,მომეწონა❤შემდეგ თავს დაველოდები❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent