შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელნისფერი სხივი (თავი 2)


28-01-2021, 11:59
ავტორი აირ ისი
ნანახია 754

.
ელენე, ავტობუსიდან ნიკოლასთან ერთად ჩამოვიდა და გაჩერებიდან, პირდაპირ თავისი სახლისკენ დაიძრა. ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება, რომ ამიერიდან მარტო აღარ იცხოვრებდა. ეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ თავისთვის ფაქტობრივად უცნობი ადამიანისთვის მოუწევდა სამზარეულოს, სააბაზანოსა და კიდევ ბევრი რამის განაწილება. ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, თითქოს რაღაც ნაცნობსა და კარგად შეჩვეულს ეთხოვებოდა, რათა ახალ, თავისთვის ჯერ კიდევ უცხო გარემოს შეგუებოდა, დიდი გაჭირვებით.
-აღარ მეტყვი რა წესებს შეიცავს შენი კოდექსი? -გზის ნახევარი უკვე გავლილი ჰქონდა, როდესაც აბრამოვის ხმამ გამოიყვანა ქაოტური ფიქრების სამყაროდან. ბიჭი ინტერესით უმზედა ელენეს პროფილს, თან შიგადაშიგ უბანსაც ათვალიერებდა
-ბევრი არაფერია, უბრალოდ ოთხი წესი მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა
-თუ ასეა, ჩამოთვალე
ელენემ ზურგჩანთა უფრო მოხერხებულად მოიგდო მხარზე და ჩამოთვლისას, თითების წახმარებაც გადაწყვიტა.
-წესი ნომერი პირველი -თქვა მან და მომუშტული ხელის გულიდან, საჩვენებელი თითი ამოსწია -არავითარი გოგონები საძინებელში. თუ ვინმესთან გართობა მოგინდება, ალტერნატიული ვარიანტი ეძებე, ჩემს სახლში მსგავს რამეს არ დავუშვებ
-კარგი, კარგი -გაეცინა ნიკოლასს -შემდეგი რა არის?
-წესი მეორე იმაში მდგომარეობს, რომ ხატვის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემაწუხო, თუნდაც სხეულზე ცეცხლი გეკიდოს და წყლის გადასხმა გჭირდებოდეს
-შენ რა, ხატავ კიდეც?
-წესი ნომერი სამი -მისი შეკითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია გოგონას ისე განაგრძო -შხაპის მიღების შემდეგ აბაზანას მოწესრიგებულს დატოვებ და არც შენი პირადი ჰიგიენის ნივთებს მომიწყობ თაროებზე. არ მინდა საშხაპეში შესულს ისეთი შთაბეჭდილება შემექმნას, თითქოს გათხოვილი ვარ და ქმართან ერთად ვცხოვრობ
-კარგი, ბოლო დარჩა -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან ნიკოლასი გოგონას საუბარზე
-ბოლო ყველაზე მარტივია -თქვა და თავისი სახლის ჭიშკართან მისულმა, იგი ჭრიალით შეაღო -უკანა ეზოში უამრავი ყვავილი მაქვს დარგული და თუკი იქ გასვლა მოგინდება, ეცადე შემთხვევით რომელიმე მათგანს არ დაადგა ფეხი . . . მორჩა, სულ ეს იყო, ახლა კი კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვეულებრივი მოკვდავის სახლში
-მაგით რაზე მიმანიშნებ?
-არაფერზე, უბრალოდ იმდენად ხარ შეჩვეული მაღალ სტანდარტებს, ავტობუსითაც კი პირველად იმგზავრე დღეს, ჩემთან ერთად
-ასე ძალიან მეტყობოდა? -ეზოში შებიჯების თანავე ჰკითხა ბიჭმა
-შენ წარმოიდგინე კი . . . გარშემო ისე იყურებოდი, თითქოს მფრინავი თეფშით მიფრინავდი უცხო პლანეტაზე
-კარგი სახლი გაქვს. პატარაა, მაგრამ ძალიან ლამაზი -ერთიანად მწვანეში ჩაფლულ ნაგებობას უყურებდა ბიჭი და საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა. ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ, მშვიდ აგარაკზე იმყოფებოდა და ყველაზე მეტად, სწორედ ეს სიამოვნებდა
-მეგონა პენტჰაუსის შემდეგ აქაურობას გლეხის ქოხად ჩათვლიდი -გულწრფელად გააოცა ელენე აბრამოვის ამგვარმა შეფასებამ
-მეც იმ სიტყვებს გაგიმეორებ, რაც თავად მითხარი, საპირფარეშოში -შენ, მე არ მიცნობ და ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს -მერე შუა გზაზე გაჩერდა და გოგონას თვალებს მზერა გაუსწორა -ყვავილები ახსენე
-ჰო, მერე?
-ყველაფერთან ერთად ფლორისტიც ხომ არ ხარ?
-ეგ ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა ჩემი საყვარელი ყვავილების მოვლის შესახებ, ასე თუ ისე გამეგება
-მრავალმხრივი ყოფილხარ, საკმაოდ ბევრი ჰობი გაქვს
-ახლა ეს მრავალმხრივი შენს საძინებელს გაჩვენებს -თვალებით სახლისკენ ანიშნა ბიჭს ამის თქმისას -წამომყევი
-იმედია საკუჭნაო არ გამოგიყვია ჩემთვის
-ძალიანაც რომ მთხოვო, მაგას მაინც არ ვიზამ, იქ საკმაოდ ბევრი აუცილებელი რამ მაქვს შენახული
აბრამოვს გვერდულად ჩაეღიმა და პასუხის გაუცემლად მიჰყვა წინ წასულ ელენეს. კიბეებზე ასულმა გოგონამ, ჩანთიდან სხვადასხვანაირი ბრელოკით გაფორმებული გასაღების ასხმა ამოაძვრინა, საკეტს მოარგო და რამდენიმე წამში შოკოლადისფერი კარიც შეაღო, ჭრიალით.
ნიკოლასის ყურადღება მაშინვე მიიქცია გემოვნებიანმა ინტერიერმა. სახლს, ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, რომ მასში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ცხოვრობდა. ყველა კუთხე-კუნჭულში, ლავანდის არომატიზატორის თავბრუდამხვევი სურნელი იგრძნობოდა. თბილ თაფლისფერსა და რძისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი მისაღები, სამზარეულოსგან მინი-ბარით გახლდათ გამოყოფილი. იატაკის ადგილას, მუხისფერში გარდავალი, ჩალისფერი ლამინატი ეგო, თეთრი ნაკაწრების ეფექტით, ხოლო მისაღებში მდგომი დივნის გასწვრივ, დაახლოებით სამოცდაათ სანტიმეტრში, მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იწყებოდა. სწორედ იქ გახლდათ ელენეს საძინებელი, რომელიც განსაკუთრებული სინაზით მოეწყო გოგონას, თავისი გემოვნების შესაბამისად.
-შენსავით ნაზია აქაურობა -როგორც იქნა პირველი კომენტარი გააკეთა აბრამოვმა სახლის თვალიერების პარალელურად -ანუ ლავანდის სურნელი მოგწონს
-იმედია მასზე ალერგია არ გაქვს
-ალეგია მხოლოდ ერთ რამეზე მაქვს, მაგრამ მას ამ სახლში ნამდვილად ვერ ვიპოვი
-მაინც რას გულისხმობ?
-ვირთხებს -ზიზღი გამოესახა ამის თქმისას სახეზე -ბავშვობიდან მეზიზღებიან. მათი ხმაც კი მაღიზიანებს
-შენ და კონკია, ერთმანეთს აშკარად ვერ გაუგებდით -გაეღიმა ელენეს ბიჭის მოღუშულ სახეზე
-ჰოდა სწორედ ამიტომ არ ვცდილობ კონკიას შებმას. იცხოვროს დიდხან და ბედნიერად თავის პრინცთან ერთად
-კარგი, წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ -ამის თქმისას, პირველად გააცნობიერა, რომ აბრამოვს ხელში არაფერი ეჭირა და გაკვირვებულმა ჰკითხა :- კი მაგრამ თან არაფერი გაქვს? ტანსაცმელსა და პირად ნივთებს ვგულისხმობ
-ხვალ საღამოს ყველაფერს მომიტანენ და . . . -აქ ბიჭი შეჩერდა, თან გამომცდელი მზერა მიაპყრო ელენეს. აშკარა იყო ზარდახშას ბოლომდე არ ხდიდა თავს და მასში კიდევ ინახავდა რაღაც საიდუმლოს. ეს გოგონასთვისაც აშკარა გახდა, ნიკოლასის გამოხედვიდან გამომდინარე
-მგონი სათქმელს ბოლომდე არ ამბობ -დარწმუნებით აღნიშნა -კიდევ არის რამე, რაც უნდა ვიცოდე?
-დასაწყისისთვის მითხარი კატებთან როგორ დამოკიდებულებაში ხარ?
-კატებთან?
აბრამოვმა თავი დაუქნია. გოგონას პასუხს ისე ელოდა, როგორც კონკურსში გამომსვლელი, ჟიურის შეფასებას.
-არ ვიცი, კატა არასდროს მყოლია, თუმცა რომ გითხრა მათთან რამე პრობლემა მაქვს-მეთქი, მოგატყუებ. რატომ მეკითხები? -მერე გონებაში ობობას ქსელივით აბურდული კვანძი გაეხსნა, სიტუაციის არსს ჩაწვდა და ბაგეებზე ოდნავმა ღიმილმა გადაურბინა -ანუ, ხვალ ჩემოდნებთან ერთად, შენს კატასაც მოგიყვანენ
-თუ წინააღმდეგი ხარ, შემიძლია ცოტა ხნით თავშესაფარში დავტოვო. იქ ნაცნობები მყავს და კარგად მიხედავენ
-რა ჰქვია? -ჰკითხა მოულოდნელად ელენემ. ბიჭი მისგან სრულიად სხვა პასუხს ელოდა და თემის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ ცოტათი დააბნია. მიუხედავად ამისა, პასუხი მაინც დროულად გასცა :
-საკურა ჰქვია . . . ძალიან ჭკვიანი კატაა და პრობლემებსაც თითქმის არასდროს ქმნის
-მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა არ მითხოვია, მხოლოდ სახელი გკითხე -სიცილი ძლივს შეიკავა აბრამოვის სიტყვებზე. ბიჭი ყველანაირად ცდილობდა ამ სახლში თავისი კატაც შემოეპარებინა და ეს მეტად ამხიარულებდა გოგონას. ცხოველები თვითონაც ძალიან უყვარდა. არაფერი დაშავდებოდა, თუკი თავის ახალ მეზობელს თხოვნას შეუსრულებდა და შინაური ცხოველის მოყვანის უფლებას დართავდა
-ნუ ღელავ, ამ მხრივ პრობლემას არ შევქმნი, შენ და საკურას შეგიძლიათ კვლავ ერთად იყოთ...
ზოგჯერ მართლა რა ცოტა კმარა ადამიანის ბედნიერებისთვის?! ელენემ ეს მაშინ გააცნობიერა, როდესაც აბრამოვის მოოქროსფრო თვალებში მხტუნავი სიხარულის ნაპერწკლები დაინახა, ქილებში დამწყვდეული ციცინათელებივით რომ დახტოდნენ და გამჭვირვალე კედლებს აქეთ-იქით აწყდებოდნენ.
-გმადლობ -მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატა მთელი თავისი მადლიერება, თუმცა იმხელა გრძნობით იყო ნათქვამი ეს უკანასკნელი, მეტად არაფრის დამატებას არ საჭიროებდა
-არაფრის, ახლა კი ბოლოს და ბოლოს, შენი საძინებელიც ვნახოთ
აბრამოვმა თავი დაუქნია და ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას. რამდენიმე წამით თვალებში უყურებდა. შემდეგ კი, ისე, რომ ელენემ გაოცებაც ვერ მოასწრო, მისი თმის რაღაც ნაწილი ხელში მოიქცია, თითებში გაასრიალა და ცხვირთან ახლოს მიიტანა.
-ასეც ვიცოდი . . .
-რას აკეთებ?
-არაფერს, უბრალოდ შენც ლავანდის სურნელი გაქვს. -პირდაპირ მის ყელთან ამოიჩურჩულა, გოგონას თმას ხელი შეუშვა და დაამატა :-ლავანდისა და სინაზის სურნელი ...

.
დილით, ფანჯრის ნახევრად გადაწეული ფარდიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა გამოაღვიძეს ელენე. უნივერსიტეტში წასასვლელად ძალიან ადრე იყო. ამას ისიც მოწმობდა, რომ გოგონას მობილურზე დაყენებულ მაღვიძარას ჯერ კიდევ არ დაერეკა. ამჯერად, მისი ფუნქცია ლურჯ ცაზე, ოქროსფრად მანათობელ ბრჭვიალა ბურთს შეეთავსებინა, რომელიც თავისი მცხუნვარებით მთელს ქალაქს ათბობდა.
გოგონამ ფუმფულა ბალიშებიდან წამოიწია, საწოლზე წამოჯდა და მუშტებით თვალები მოისრისა. ტანს თავისი საყვარელი პიჟამა უმშვენებდა, რომლის მაისურზეც, ჟირაფი ჟოზე ეხატა, ზღვის პლაჟზე, უცხოელი ტურისტივით გაწოლილი. ეს პიჟამა, მიშკამ აჩუქა, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის პირველი კურსის დახურვა აღნიშნეს, თავიანთ საყვარელ კაფეში. მეგობრისგან, მართლაც რომ უამრავი საჩუქარი ჰქონდა მიღებული გოგონას ახალ წლებსა თუ დაბადების დღეებზე, თუმცა ეს პიჟამა მაინც ყველაზე ძვირფასის ტიტულს ინარჩუნებდა დღემდე.
ელენემ კიდევ ერთხელ დახედა ღიმილით საკუთარ მაისურზე გამოსახულ ჟოზეს და საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა. თავის მოსაწესრიგებელი დილის პროცედურები, რეკორდულ დროში -ათ წუთში დაასრულა. მართალია, აქამდე მუდამ პიჟამაში გამოწყობილი საუზმობდა ხოლმე, თუმცა ახლა უკვე მარტო აღარ ცხოვრობდა და იძულებული გახდა სამზარეულოში ჩაცმული გასულიყო.
გოგონამ ჩანთაში იმ დღისთვის საჭირო წიგნები და კონსპექტები ჩატენა, კიბის მოაჯირზე სხარტად ჩამოასრიალდა და მინი-ბარისთვის გვერდის აქცევით, პირდაპირ სამზარეულოში შეიჭრა. იქ დანახულმა სურათმა, ლამის პირი დააღებინა. მომცრო ზომის მაგიდა, დილით მუდამ ცარიელი რომ ხვდებოდა ხოლმე, ვიღაცას მეტად ლამაზად გაეწყო. ზედაპირზე, მოზრდილი თეფშით ბოსტნეულის სალათი იდგა, ფორთოხლის წვენთან ერთად. ამ ყველაფერს, ლამაზად დაჭრილი ხილის ასორტი ამშვენებდა, ხოლო სალათის თეფშის გვერდით, თაბახის გადაკეცილ ფურცელზე ნაწერი წერილი იდო, რომელზეც, ლამაზი კალიგრაფიით ეწერა შემეგი სიტყვები :
„გმადლობ, რომ მე და საკურას სახლის კარი გაგვიღე. იმედია, არ შეგეშინდება ჩემი კულინარიული შესაძლებლობების და გასინჯავ. სამწუხაროდ, მაცივარში ხილის და ბოსტნეულის გარდა ვერაფერი აღმოვაჩინე და რა პროდუქტებიც ხელში მომყვა ისინი გამოვიყენე. როგორც მიხვდვი, ჯანსაღი კვებით იწამებ თავს.

პ.ს -Buon Appetito”

წერილის ბოლო სიტყვებზე, ელენეს ბაგეებს ღიმილი მოადგა. აღარც კი ახსოვდა, ბოლოს როდის მოამზადა მისთვის ვინმემ საუზმე და ამის გაცნობიერებისას, გულის არეში ყრუ ტკივილი ჩაეღვარა.
როგორც ჩანდა, ნიკოლასი ადრიანად წასულიყო, რადგან მისი ხმა არსაიდან ისმოდა და არც თვითონ ჩანდა სადმე. ეს უკეთესიც კი გახლდათ ელენესთვის. გიჟდებოდა მარტო საუზმობაზე, ამიტომ, ახლაც მხიარულად მიუჯდა მაგიდას, სალათის თეფში ახლოს მიიწია და ჩანგალზე წამოცმული სტაფილოს ნაჭერი პირისკენ გემრიელად გაიქანა. საკმაზების და ზეითუნის ზეთის გემო დაჰკრავდა ბოსტნეულს, ცოტაოდენ ძმართან ერთად. იმდენად ჰარმონიულად იყო შეზავებული ეს ყველაფერი ერთმანეთში, ელენეს გაუკვირდა კიდეც. ნიკოლას აბრამოვისან, ვისაც სახლში მოსამსახურეთა მთელი ჯარი ეხვია თავს, მსგავს კულინარიულ ნიჭს აშკარად არ ელოდა. როგორც ჩანდა, კიდევ უამრავ სიურპრიზს უმზადებდა ეს ბიჭი.
საუზმე სწრაფად დაასრულა ელენემ და მაგიდის ალაგების შემდეგ, სახლიდანაც გავიდა. ლექციაზე ჯერ არ აგვიანდებოდა, ამიტომ, აუჩქარებელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალ გზას. დღეს საკონდიტროდან შეკვეთები არ ჰქონდა, რის გამოც, თავისუფლად შეძლებდა ლექციების ბოლომდე უნივერსიტეტში ყოფნას.
გაჩერებამდე მისული, დანარჩენ მგავრებს შორის ჩადგა და თავის ავტობუსს დაუწყო ლოდინი. იმედი ჰქონდა, უკანა რიგები თავისუფალი იქნებოდა, რათა ამჯერადაც თავისი საყვარელი ადგილის დაკავება შესძლებოდა. როგორც დაფა იუწყებოდა, ტრანსპორტის გამოჩენამდე სულ რაღაც ათი წუთი იყო დარჩენილი. ელენეც ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და წინ და უკან დადიოდა მის მოლოდინში, რომ უეცრად, პირდაპირ გოგონას ფეხებთან, მწვანეჩაფხუტიანი მოტოციკლისტი გაჩერდა, ბორბლების ღრჭიალით.
ელენეს ყურადღება არ მიუქცევია. შეჩვეული გახლდათ ასეთ რამებს, როცა ქუჩაში სრულიად უცხო პიროვნებები უჩერდებდნენ და დანიშნულების ადგილამდე მიყვანას სთავაზობდნენ. ახლაც, როდესაც თავის სიახლოვეს გაჩერებული მოტოციკლი დაინახა, იფიქრა, რომ ზუსტად მსგავს შემთხვევასთან ჰქონდა საქმე, თუმცა საკუთარი ვარაუდები ერთი ხელის მოსმით გაფანტა გონებიდან, როგორც კი იმ წამს, ჩაფხუტგადაძრობილ მოტოციკლისტში, თავად ირაკლი სამსონიძე ამოიცნო. ეს უკანასკნელი, წარბებს ქვემოდან უყურებდა ელენეს, თან იდუმალი ღიმილით იღიმოდა.
-აქ ვინმეს ელოდები, ლამაზო? -ჰკითხა მან წარბების თამაშით -თუ თეთრ ცხენზე ამხედრებული ავტობუსის მოლოდინში ხარ, შემიძლია აღარ გაწვალო და თავად წაგიყვანო
-გმადლობ, მაგრამ როდესაც დამჭირდები, თვითონ დაგირეკავ სამსონიძე -მობეზრებული ხმით გაეპასუხა გოგონა
-ამისთვის საჭიროა ჩემი ნომერი გქონდეს. სწორედ ეგ ჩამონამიოკე, არა?
-ჰო, გუშინ სწორედ იმაზე ფიქრში შემომათენდა, ირაკლის ტელეფონის ნომერი როგორ არ მაქვს-მეთქი
-დაჯექი, დაჯექი, მაინც ერთი გზა გვაქვს -თვალებით მოტოციკლის უკანა მხარისკენ ანიშნა
-შემოთავაზებისთვის მადლობა, მაგრამ მირჩევნია ავტობუსს დაველოდო
ბიჭს სახეზე აშკარად შეეტყო, რომ ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა.
-სილაგაძე, ნუ მეჯიუტები, აქედან შენს გარეშე ფეხსაც არ მოვიცვლი! -მერე ოდნავ ჩაეღიმა და დაამატა :- ამის გამო, სულ მალე მოძრაობას შევაფერხებ, ვიღაც ღიპიანი, ბრაზიანი მძღოლი მანქანიდან გადმომიხტება, მაგრად მცემს და ყველაფერი შენს სინდისზე იქნება
-მოტოციკლების მეშინია
-ნუ იტყუები, თორემ ცხვირი გაგეზრდება პინოქიო -ჯერ გაჩერებაზე შეკრებილ ხალხს მოავლო მზერა, რომელთაგან თითოეული, მათი დიალოგის მოსმენით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ისევ ელენეს გამოხედა -მშვენივრად ვიცი, რომ მოტოციკლები ძალიან გიყვარს
ელენეს თვალებში გაოცება ჩაუდგა და ხმის ამოუღებლად, მზერით ჰკითხა საიდანო.
-იქედან, რომ ფეისბუქ-გვერდი ადამიანზე ძალიან ბევრ რამეს ამბობს
-შენ თურმე კარავის გაშლაც მოგისწრია ჩემს ფეისბუქ-გვერდზე
-კარავიც გავშალე და ბანაკიც დავეცი -ამის თქმისას, სიგნალების ხმაც მოესმა უკანა მანქანიდან. როგორც ჩანდა, ირაკლის მოტოციკლი ვიღაცას გავლაში უშლიდა ხელს და ამიტომაც ასიგნალებდა
-აი ხომ გითხარი? მიდი, დროულად დაჯექი, თორემ მოძრაობას ვაფერხებთ
-შვილო, თუ იცნობ გაჰყევი, გზაზე საცობს რატომ ქმნით? -უკნიდან დაადო ხელი ელენეს ვიღაც სათვალიანმა, მოხუცმა ქალმა. ამ უკანასკნელს, თმა თოვლივით გათეთრებოდა და სათვალის სქელი მინების მიღმა, წყლიანი, ოკეანისფერი თვალები მოუჩანდა
-ნახე, ეს საყვარელი ბებოც ჩემს მხარესაა -მზერით მოხუცისკენ ანიშნა, თან ზრდილობიანადაც დაუკრა თავი ამ უკანასკნელს
მანქანის სიგნალების ხმა კვლავაც არ წყდებოდა. ირაკლისა არ იყოს, ეს ხმაური კიდევ ცალკე უშლიდა ნერვებს გოგონას. ბიჭის მზერაშიც კითხულობდა, რომ სანამ საწადელს არ აისრულებდა, არ გაჩერდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა თეთრი დროშა აეფრიალებინა და მოტიციკლისაკენ ხვნეშით დაიძრა.
-რაც შეიძლება სწრაფად ატარე! -უთხრა მკაცრად, თან ზურგჩანთა მეორე ბეჭზეც მოიკიდა, რათა მგზავრობისას ხელი არ შეშლოდა
-ასე ძალიან მოგწონს ადრენალინი?
-არა, უბრალოდ მინდა მალე მივიდეთ და შენც მალე დაგაღწიო თავი! -მოტოციკლს გადააჯდა, თან წელზე ხელები შემოხვია ირაკლის
-მე კი მგონია, რომ ჩემს ტემპერამენტს ვერ უძლებ და არ გინდა დაბნეულობა შეგეტყოს
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს
-რა მწარე ენა გაქვს სილაგაძე -გაეცინა ირაკლის და მოტოციკლეტიც მეტად ხმამაღალი ღმუილით დაძრა.
როგორც გოგონამ უთხრა, საკმაოდ სწრაფად ატარებდა, თუმცა ეს მხოლოდ მისი თხოვნის გამო არ გაუკეთებია. სისწრაფე თვითონაც ძალიან უყვარდა. ამ დროს თავს ისე თავისუფლად გრძნობდა, როგორც ქარი და სწორედ ამიტომ მოსწონდა ეს შეგრძნება ასე ძლიერ.
-მიდი, ხელები უფრო მაგრად მომხვიე, მსიამოვნებს როცა მეხები -ცბიერი მზერით გახედა გოგონას თვალებზე ამოჭრილი ჩაფხუტიდან
-სამწუხაროდ, შენი სიამოვნებისდა მიხედვით მოქმედება ჩემს გეგმებში არ ზის
-ასე რატომ მენაგლები, არ გევასები? -დაძრული მოტოციკლის ღმუილის გამო, ხმამაღლა საუბარი უწევდა ირაკლის
-ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ მაშინ უფრო მეტად მომწონდი, როცა ნაკლებ ყურადღებას იჩენდი ჩემს მიმართ
-ყველასთან ისეთ დისტანციას იცავ, თითქოს შენი ტოლი და სწორი არავინაა. ალბათ ამიტომაც დამრჩი ყურადღების მიღმა
ელენეს აბრამოვის სიტყვები გაახსენდა. მანაც სწორედ ასეთი რამ უთხრა, საპირფარეშოში, ორი დღის წინ.
-კარგი და ახლა რა შეიცვალა? -ჰკითხა -ჩვენს შორის დისტანცია დაირღვა და არ ვიცი?
ირაკლის გაეცინა.
-თუ შენ გინდა, არც მაგაზე გეტყვი უარს
-უბრალოდ წინ იყურე, რამეს არ შევასკდეთ -სიტყვა ბანზე აუგდო გოგონამ, თან წინიდან მონაქროლი ძლიერი ქარის ნაკადისგან თავის დასაცავად, ბიჭის ზურგს თავი დაადო
დარჩენილი გზა, ორივემ უხმოდ განვლეს. ელენეს ეგონა უნივერსიტეტში მისვლით ყველაფერი დასრულდებოდა და სამსონიძესაც მოიშორებდა თავიდან, თუმცა როდესაც აუდიტორიაში შესვლის შემდეგ, ირაკლი კურსელებს მიესალმა და მათთან საუბარს მორჩა, წამსვე უკანა მაგიდასთან მჯდომი ელენესკენ გაემართა, რათა მის გვერდით დაეკავებინა ადგილი.
-ეგრე რატომ მიყურებ სილაგაძე, სახეზე რამე მაცხია? -ღიმილმომდგარმა ჰკითხა, სკამზე ჩამოჯდომის თანავე. ფეხები ამჯერადაც ისე ჰქონდა გადაშლილი, როგორც ჯდომისას მუდამ სჩვეოდა ხოლმე -თუ საქმე იმაშია, რომ უბრალოდ მოგენატრე?
-ჰო, კიდევ კარგი მოხვედი, თორემ უკვე ვიწვოდი შენი მონატრებით
-აუ, როგორ მეზარება ეს მიკროეკონომიკის ლექცია -სამსონიძე თემის შეცვლას შეეცადა, თან შეწუხებული სახეც მიიღო
-თუ არ მოგწონს, რატომ შემოდიხარ? სტიპენდიისთვის შენ არ იბრძვი და გადამსვლელ ქულებს გამოცდებზეც დაგიწერენ
-მე თუ არ დავესწარი, შენ ვინ გაგამხიარულებს ლექციის მსვლელობისას?
-საიდან მოიტანე, რომ ვინმეს გამხიარულება მჭირდება?
-შენმა თვალებმა მითხრეს
აუდიტორია, ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა. ძირითადად ყველანი უკანა რიგებში იკავებდნენ ადგილს. ხმაური თანდათანობით მატულობდა, რადგან სტუდენტებს, ერთმანეთში მხიარული საუბარი ჰქონდათ გამართული. ზოგი ლექტორებს ჭორავდა, ზოგი მოსალოდნელ ქვიზებზე წუწუნებდა, ზოგიც კი, ყურსასმენებით იჯდა და რეალობას სრულიად გამოთიშვოდა. ელენეც სწორედ ამ უკანასკნელის საშუალებით აპირებდა გვერდით მჯდომის საუბრისგან დაეხსნა თავი, რომ აუდიტორიაში აბრამოვმა შემოაბიჯა, ჩვეული მედიდური გამომეტყველებით. ბიჭს ოდნავ გაცრეცილი ჯინსები, თეთრი ბოტასები და ამავე ფერი ჰუდი მოერგო ტანზე. ერთი შეხედვით უბრალო ჩაცმულობით, იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, აუდიტორიაში მჯდომი არაერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენლის უჩუმრად ჩაღიმების მიზეზიც გახდა.
უკანა რიგებში თავისუფალი ადგილების დეფიციტის გამო, ბიჭმა წინა მაგიდაზე დაიკავა ადგილი. ელენეს მხოლოდ ერთხელ გამოხედა, ესეც სულ რამდენიმე წამით. ამის შემდეგ, გოგონასკენ თავი ერთხელაც კი არ მოუტრიალებია. უბრალოდ მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, მობილური ამოიღო, შიგ ჩაძვრა და ლექტორის აუდიტორიაში შემოსვლამდე, მისთვის ხელი არც გაუშვია.
მიკროეკონომიკის ლექცია ჩვეულ სტილში წარიმართა. ლექტორი მოწადინებული ხსნიდა ახალ მასალას, თან სლაიდებსაც იხმარდა სტუდენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად.
ელენეს მზერა აბრამოვისკენ იყო მიმართული. ბიჭს, გვერდით, მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი -ანი ბასილაძე მიჯდომოდა და ყველანაირად ცდილობდა ნიკოლასის საუბარში აყოლიებას. ანი რომ მასზე გაგიჟებით იყო შეყვარებული, ეს მთელმა კურსმა გამრავლების ტაბულასავით კარგად იცოდა. მიუხედავად ამისა, მათ შორის, სერიოზული არასდროს არაფერი მომხდარა, რაც აბრამოვის სხვა თაყვანისმცემლების წისქვილზე ასხამდა წყალს.
-რა გჭირს, რა ღრუბლებში დაფრინავ? -სამსონიძის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან ელენე. ბიჭი მას გამომცდელი მზერით ათვალიერებდა, თან ტუჩის კუთხეში გაიძვერული ღიმილი დასთამაშებდა
-ირაკლი, ლექციას მოუსმინე და შემეშვი -სცადა ნაკლებად აგრესიული ტონი ჰქონოდა ამის თქმისას, გოგონამ
-მგონი არც თავად იწუხებ თავს მისი მოსმენით. სახეზე გაწერია, რომ სულ სხვა განზომილებაში დაფრინავ
-რაც არ უნდა იყოს, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა და არა, შენი! -ახლა მართლა ვეღარ შეიკავა ბრაზი და მკაცრ ტონს, აწეული ცალი წარბიც დაურთო. მიუხედავად ამისა, სამსონიძეზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენიათ გოგონას სიტყვებს. პირიქით, უფრო მეტადაც კი გამხიარულდა და მიუგო :
-ვგიჟდები მაგ აგრესიაზე, ასე ბევრად უფრო მიმზიდველი მეჩვენები
-ავადმყოფი ხარ
-თუ ასეა, მიმკურნალე
-სამსონიძე, სილაგაძე, იქნებ თქვენ ორმა პატივი დამდოთ და ენას კბილი დააჭიროთ?!
-უკაცრავად, პატივცემულო, ჩემი ბრალი იყო -სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ირაკლი ფეხზე ოდნავ წამოიწია და ბოდიშის ნიშნად, თავიც დაუკრა
-არ მიკითხავს ვისი ბრალი იყო. თუ საუბრისგან თავს ვერ იკავებთ, ჩემი სწავლების გარეშეც იცით კარი საითაცაა
ელენემ, ირაკლის მკლავზე უჩქმიტა, რათა ბიჭს მეტად აღარაფერი ეთქვა.
ლექცია გაგრძელდა.
მიღებული საყვედურის შემდეგ, აღარც სამსონიძეს ამოუღია ხმა და მთელი დარჩენილი დრო, მდუმარედ ათვალიერებდა ელენეს, რაც ამ უკანასკნელს საშინელ დისკომფორტს უქმნიდა. მხოლოდ სალექციო საათის დასრულების შემდეგ ამოისუნთქა შვებით ელენემ. ბიჭების დაჟინებული მზერის მიმართ კომპლექსიანი არასდროს ყოფილა, თუმცა ირაკლის ნამდვილად ზედმეტი მოსდიოდა ამ მხრივ და სწორედ აღნიშნული ფაქტი უქმნიდა უხერხულობას.
როგორც კი ლექტორმა აუდიტორია დატოვა, გოგონამ მაშინვე ჩატენა ზურგჩანთაში თავისი წიგნები, იგი მხარზე მოიგდო და გასასვლელად მოემზადა. უნდოდა შესვენების საათებში მიშკა ენახა და დროც მასთან ერთად გაეყვანა.
-შესვენებაზე კაფეტერიაში ხომ არ აპირებ შევლას? -წამოდგომის პარალელურად ჰკითხა ირაკლიმ
-არა
-თუ გინდა, სადმე ერთად გავიაროთ
-გმადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მეგობარს უნდა შევხვდე
სამსონიძის პასუხისთვის აღარ დაუცდია. სცადა, რაც შეიძლებოდა ჩქარი ნაბიჯებით გასცლოდა იქაურობას. მიშკას მობილურზე მისწერა, რომ უნივერსიტეტის ეზოში დაელოდებოდა და მობილური კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა.
გასვლისას, წამით აბრამოვს მოჰკრა თვალი. ეს უკანასკნელი, ფანჯარასთან იდგა და მხიარულად ესაუბრებოდა კურსელ გოგონებს. მისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიუქცევია ელენეს. მოსწონდა ნიკოლასის იგნორის ტაქტიკა, რადგან ნამდვილად არ სურდა, კურსზე ვინმეს სცოდნოდა, რომ ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. სხვისი აზრი, ნამდვილად არ აინტერესებდა, უბრალოდ ხვდებოდა რამხელა მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა კურსელ გოგონებში ეს ამბავი და არ უნდოდა, ამის გამო დაუსრულებელ კონფლიქტებში გადაშვებულიყო. რაც არ უნდა გამოეწვია ამ ყველაფერს, კარგი თუ ცუდი, მაინც თავისი წყნარი ცხოვრება ერჩივნა ინტრიგებსა და ყურადღების ცენტრში ყოფნას, რომელსაც აუცილებლად მოუტანდა ნიკოლას აბრამოვის გვერდით მისი სახელის გაჟღერება.
უნივერსიტეტის ეზოში გასულს, მიშკა უკვე ადგილზე დაუხვდა. სკამზე მობილურით ხელში მჯდომი, ელენეს დანახვაზე მაშინვე წამოდგა და თივისფერი ჩანთა მხარზე გადაიკიდა. სახეზე დაღლილობა და უკმაყოფილება ეტყობოდა. მეორის მიზეზს ელენე მაშინვე მიხვდა -მიშკა ცხელ ამინდებს ვერ იტანდა, იმ დღეს კი, მზე ისე საშინლად აჭერდა, ასფალტსაც კი ასდიოდა ბოლი.
-სად ხარ ამდენ ხანს? შენს ლოდინში ლამის მზემ გადამადნო -ბუზღუნით გადახვია მიშკამ ხელი მეგობარს, როცა ამ უკანასკნელს მიუახლოვდა
-როგორც კი სამსონიძეს თავი დავაღწიე, მაშინვე წამოვედი
-სამსონიძე? ირაკლიზე ამბობ?
-ჰო, მასზე
-შენთან რა უნდა? -ეჭვით ჩაეკითხა მიშკა -ახლა არ თქვა უკან დამდევსო
ელენეს სიტუაციის გამწვავება არ სურდა, ამიტომ, ოდნავ შელამაზებული სიმართლის თქმა გადაწყვიტა.
-ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ ამ ბოლო დროს, ზედმეტ ყურადღებას მითმობს, ესაა და ეს
-დარწმუნებული ხარ, რომ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? -კვლავ ეჭვით უმზერდნენ მიშკას ლურჯი თვალები
-მეტი რა უნდა იყოს? სამსონიძის ამბავი ხომ იცი, კიდევ რამდენიმე დღე შემეჩხირება თვალში, მერე კი, თავადვე მობეზრდება ამდენი იგნორი და ავტომატურად, სხვა გოგოზე გადაერთვება
-როგორც გეტყობა, რომ მამრობითი სქესის ხასიათის თავისებურებებში საერთოდ ვერ ერკვევი
-მაგას რატომ ამბობ? -გაეღიმა ელენეს
-იმიტომ, რომ წინააღმდეგობები უფრო დიდ აზარტში გვაგდებს და ორმაგი სურვილი გვიჩნდება საწადელს მივაღწიოთ. ეს, ერთგვარი მონადირის ინსტიქტივითაა
-კარგი, კარგი, მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს და ჩვენს კაფეში წავიდეთ, სანამ დრო გვაქვს -სამსონიძეზე ლაპარაკი, იმ წამს ყველაზე ნაკლებად სურდა ელენეს, ამიტომ, მიშკას ხელი ჩაავლო და პირდაპირ უნივერსიტეტიდან გასასვლელი ჭიშკრისკენ წაათრია.
დაწესებულებაში შესულებს, საბედნიეროდ, მათი ამოჩემებული ადგილი თავისუფალი დაუხვდათ. როცა მიშკა და ელენე კაფეს სტუმრობდნენ, მუდამ ამ მაგიდასთან ჯდებოდნენ ხოლმე, თუკი იგი ცარიელი იქნებოდა. არც გაემტყუვნებოდათ, ეს ადგილი მართლაც რომ ყველაზე მყუდრო და საერთო ხმაურს მოშორებული გახლდათ, მთელს დარბაზში.
ვინაიდან, ცხელი ამინდი იყო, მიშკამ ცივ ანანასის წვენსა და დარიჩინიან ფუნთუშებზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო ელენემ, უშაქრო ცივი ყავაზე, ნაყინით. კაფის სწრაფი მომსახურების წყალობით, ლოდინი დიდხანს არც ახლა დასჭირვებიათ. როგორც კი სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილმა მიმტანმა, მათი სასურველი შეკვეთა მაგიდაზე დაალაგა, ბიჭი სკამის საზურგეს მიეყრდნო, სერიოზული სახით და თეფშზე დადებულ ფუნთუშას, ფრჩხილებით დაუწყო ციცქვნა. ელენე ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დარჩა მისი ასეთი ქცევით. საჭმლის დანახვაზე, მიშკას თვალები მუდამ საახალწლო ფეიერვერკივით უნათდებოდა ხოლმე, თუმცა ახლა ისინი ცეცხლმიმქრალი ბუხარივით ჩაქრობოდა და არც ჩვეული ენაწყლიანობით ამხიარულებდა გოგონას.
-რა გჭირს, რამე მოხდა? -ცივ ყავას ხელი შეუშვა და გამომცდელად ჩახედა თვალებში მეგობარს, ელენემ
-სიმართლე გითხრა, რაღაცაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება -მაშინვე გამოტყდა იგი
-მაინც რაზე?
მიშკამ ანანასის წვენი მოსვა, ღრმად ამოისუნთქა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გასცა :
-მოკლედ, გოგოს თემაა რა -შუბლი მოისრისა ამის თქმისას -ახლახანს გადმოვიდა ჩემს ფაკულტეტზე და მართლა ისეთი ვინმეა, ყველაფრით რომ გიზიდავს
მეგობრის დაბნეულმა მზერამ და უდიდესი გრძნობით წარმოთქმულმა სიტყებმა, გულწრფელი ღიმილი მოჰგვარა ელენეს სახეს. ხვდებოდა, რისკენაც მიჰყავდა საუბარი მიშკას, ამიტომ, ხელზე, ხელი დაადო და პირდაპირ ჰკითხა :
-ვიღაც მოგწონს და ჩემგან რჩევა გჭირდება, არა?
-ასე ძალიან მეტყობა?
-სულ ცოტათი -საჩვენებელი და ცერა თითი, ერთმანეთთან მიაახლოვა ელენემ ამის თქმისას -მაინც ვინ არის? სახელი მითხარი
-ლიზი ჰქვია . . . არა მგონია დანანახი გყავდეს, ახლახანს გადმოვიდა ჩვენს უნივერსიტეტში
-ხომ იცი, მთავარია თავდაჯერებული იყო და ინიციატივის გამოჩენის არ შეგეშინდეს. დანარჩენს მოევლება
-კარგი რა ელ, ხომ იცი, გოგონებს ათლეტური ბიჭები მოსწონთ -უკმაყოფილოდ დახედა თავის ღიპს და მას ხელი შემოარტყა -ამ უკანონო მიშენებას რა ვუყო? მასთან შეხვედრისას უჯრაში შევინახო და სახლიდან ისე გავიდე?
-გეუბნები სპორტ-დარბაზში გახსენი აბონემენტი-მეთქი და არ მისმენ
მიშკამ მობეზრებით ამოიხვნეშა.
-გეყოფა რა, კარგად იცი ვარჯიში როგორ ძალიანაც მეზარება ისევ დიეტებს უნდა გადავხედო
-მახსოვს როგორც სრულდება შენი დიეტები -ერთი დღე გაუძლებ და მერე უკვე იმაზე იწყებ თეორიების წამოყენებას, რომ ჭამა ის ბედნიერებაა, რაც ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიკლოს -მეგობრის ხმის იმიტაცია გააკეთა ელენემ ბოლო სიტყვებზე, მერე კი თავისი ყავის ქაფში თითი ამოუსვა და იგი ცხვირზე წაუსვა მიშკას
-მშვენიერია, ყოჩაღ! თუ შოკოლადის სიროფსაც დამიმატებ, შეიძლება დესერტადაც გამოვდგე
ელენეს გაეცინა.
-სხვათა შორის, ზედმეტად დიდი დესერტი ხარ, იმისთვის, რათა შენი ბოლომდე შეჭმა შევძლო
-ჰო, მიდი იხუმრე ჩემს წონაზე, შენგან სხვას არც ველოდი
-ისე, მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი -სხვა თემაზე გადაუტანა ელენემ. დილიდანვე უნდოდა მისთვის, თავისი სახლის ახალ ბინადარზე მოეყოლა და ახლა შესანიშნავი შანსი ეძლეოდა ამის გასაკეთებლად
-მაინც რა უნდა მითხრა?
-ჩემს სახლში ერთი ოთახი გავაქირავე -ამბის მთავარი ნაწილის თქმამდე, მოკლე შესავლის გაკეთება გადაწყვიტა გოგონამ
-ოთახი გააქირავე? და ვის მიაქირავე?
-არ დაიჯერებ და თავად ნიკოლას აბრამოვს
ამ სიტყვების გააზრებისას, მიშკამ თავის ანანასის წვენს ხელი შეუშვა და თვალებიც ორი ზომით დიდი გაუხდა. ბიჭის სახეზე, გაოცებასთან ერთად ეჭვებიც იკითხებოდა. ნამდვილად არ ჩანდა მიღებული ინფორმაციით აღფრთოვანებული და ეს, ელენესთვისაც აშკარა გახდა.
-ჩუმად რატომ ხარ? არაფერს მეტყვი?
-ელენე, რა უნდა მაგ ტიპს შენს სახლში?! -მკაცრი ტონი ადვილი შესამჩნევი იყო მიშკას ხმაში -უკვე ასეთი მეთოდებით ცდილობს გოგოებისთვის თავბრუს დახვევას?
-ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ ოჯახში რაღაც პრობლემები აქვს და სახლიდან წამოვიდა -სცადა სიტუაცია აეხსნა, რათა გაუგებრობა არ მომხდარიყო -გეფიცები, სანერვიულო არაფერია
-ელე, ეგ აბრამოვი ძალიან მაცდური ვინმეა და ეჭვი მაქვს, შენც ისევე დაგაკარგვინებს თავს, როგორც სხვებს. თვითონაც ხომ იცი, ნახევარი უნივერსიტეტის ქათმისტვინა გოგოები მაგ ტიპზე როგორაც აბოდებენ?
-მერე მე ქათმისტვინას ვგავარ?
-კარგი, შეიძლება არ ჰგავხარ, მაგრამ შენც ქალი ხარ და ხომ ხვდები? თქვენმა ასეთმა სიახლოვემ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს
-კარგი რა მიშკა, ვითომ არ იცი ჩემი გონება ვისითაცაა დაკავებული -ურდარდელად განაგრძო ელენემ თავისი ყავის სმა -ნიკოლასი ჩემთვის უბრალო გამვლელია და მორჩა
-თუ გეგას გულისხმობ, თქვენს შორის არაფერი ხდება და ნებისმიერ წამს შეიძლება შეგეცვალოს შეხედულებები -დარწმუნებით მიუგო, თან სევდიანად ამოთქვა -რას გაუგებ ამ ქალურ ლოგიკას? თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი
-მიშკა, ჭამის დროს აშკარად სისულელეებს ამბობ, ჯობს მხოლოდ ერთი საქმით დაკავდე -სიცილით მიუგო ელენემ და კვლავ თავის დესერტს მიუბრუნდა, მთელი შემართებით



.
სახლის ზღურბლის გადაბიჯებისას, მაშინვე თავის საძინებელს მიაშურა გოგონამ და ტანსაცმლის გახდის შემდეგ, პირდაპირ საშხაპე კაბინას შეაფარა თავი. დამღლელი ლექციებისგან გამოფიტულს, ახლა გრილი წყალი ყველაზე სასიამოვნო რელაქსაციად ესახებოდა. მისი საყვარელი ლავანდის შხაპის გელი, ამჯერადაც მთელს ტანზე გადაინაწილა და კვლავ გაეხვია სასიამოვნო სურნელის ბურუსში. როგორც ელოდა, წყლის გრილმა წვეთებმა, დადებითი გავლენა მოახდინეს მის სხეულზე და ერთიანადაც გამოაფხიზლეს. იმ დღეს, არანაირი შეკვეთა არ ჰქონდა საკონდიტროდან, ამიტომ, შეეძლო თავისუფლების გემოთი ბოლომდე დამტკბარიყო.
შხაპის მიღების დასრულებისა და წყლის ჭავლის გადაკეტვის შემდეგ, გოგონამ, სველ სხეულზე პირსახოცი მაგრად შემოიჭირა და დაორთქლილი კაბინიდან გამოვიდა. საძინებელში დაბრუნებულს, სადაც მისი ტანსაცმელი ლამაზად დაკეცილი ელაგა, თვალში პირველად საწოლის თავზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაკიდებული, მართკუთხედ ჩარჩოებში ჩასმული, თეთრ ფონზე შავი ასოებით წაწერილი სამი სიტყვა - „Live”, “Laugh”, “Love” იყო.
სიგიჟემდე უყვარდა გოგონას თავისი საძინებელი. ეს იყო ადგილი, სადაც დამღლელი დღის შემდეგ, ფიზიკურადაც ისვენებდა და ფსიქოლოგიურადაც. რა თქმა უნდა, ყველაფერი საკუთარი გემოვნებით ჰქონდა მოწყობილი. იქაურობა ნაკლებად გადატვირთული და საკმაოდ დახვეწილი სტილით გამოირჩეოდა. საწოლის თავზე, ელენეს, ხელნაკეთი ჭაღი ჰქონდა ჩამოკიდებული. ეს უკანასკნელი, მთლიანად ბამბისგან გახლდათ დამზადებული, ხოლო შიგნით, მკრთალი ოქროსფერი განათების ნათურა ჩაესვათ, პირდაპირ ცენტრში.
ელენემ კიდევ ერთხელ ახედა ოდნავი ღიმილით თავის საყვარელ ჭაღს და საწოლზე დალაგებული ტანსაცმლის ჩაცმას მოჰყვა. მოწესრიგებაში დიდი დრო ნამდვილად არ დაუხარჯავს. არც სველი თმის გაშრობით შეუწუხებია თავი. როგორც კი შორტითა და მაისურით შეიმოსა, მაშინვე ქვედა სართულზე ჩავიდა და სახლის უკან გაშენებული ბაღისკენ აიღო გეზი. თუკი თავისუფალი დრო ჰქონდა, უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, მუდამ ბაღში უყვარდა ხოლმე ჯდომა. იქ ყოფნისას ხან ხატავდა, ხან ფილმებს უყურებდა, ხანაც ეზოში გამოსულ გეგას აკვირდებოდა მალულად.
გოგონამ სახლის უკან მოსახვედრი მინის კარები გააღო და წამებში ბაღში ამოყო თავი. უნდოდა თავის საყვარელ მაგიდას მიჯდომოდა, ყვავილებისთვის ეყურებინა და რაიმე სასიამოვნო მუსიკისთვისაც მოესმინა, თავისი პლეილისტიდან, თუმცა რაზეც იმ წამს ფიქრობდა, ერთი ხელის მოსმით გაეფანტა გონებიდან, როცა მაგიდასთან, წიგნით ხელში მჯდომ აბრამოვს მოჰკრა თვალი, ქანდაკებასავით უძრავად რომ გამოიყურებოდა და წინ, საშუალო ზომის ლუდის ქილა ედო.
საშინელი დისკომფორტი გაუჩნდა გოგონას. თითქოს სწორედ იმ წამს გააცნობიერა მთელი სიცხადით, რამდენად არაკომფორტული იყო მისთვის საკუთარი პირადი სივრცის სხვისთვის გაყოფა. რა თქმა უნდა, ბაღში დაჯდომა მაშინვე გადაიფიქრა. სანამ ნიკოლასი შენიშნავდა, ამჯობინა სამზარეულოში შებრუნებულიყო და რამე საჭმლის მომზადებით მაინც გაეყვანა უზღვავი თავისუფალი დრო. ასეც მოიქცა, გაზქურის გვერდით მიკიდებული ყვავილებიანი წინსაფარი მოირგო, ღრმად ამოისუნთქა და პასტის მომზადებას შეუდგა, ყველითა და ქათმის ხორცით. მართალია, კალორიული კერძების მიღებას ყოველთვის ერიდებოდა ხოლმე, თუმცა გარკვეულ დღეებში თავს უფლებას აძლევდა გამონაკლისიც დაეშვა. ახლაც სწორედ ასეთი შემთხვევა ჰქონდა, ამიტომ, მხიარულად მოიმარაგა საჭირო ინგრედიენტები და მზადების პროცესს დიდი ენთუზიაზმით მიჰყო ხელი. პარალელურად, ყურსასმენებით დაიცო ნიჟარები და რჩეული მუსიკის Ed Sheeran-Perfect-ის თანხლებით განაგრძო წამოწყებული საქმიანობა.
საკუთარ საქმეში გართულმა ვერც კი გაიგო დამატებითი პირის შემოსვლა სამზარეულოში. იმ წუთას ხახვის დაჭრით გახლდათ დაკავებული, თან მშვიდ მელოდიას ტანს რიტმულად აყოლებდა. თავისი საქმე მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა თაროდან ზეთის ჩამოსაღებად მიტრიალდა და მინი-ბარს მიყრდნობილ, მომღიმარ ნიკოლასს მოჰკრა თვალი, მზერას წამითაც რომ არ აშორებდა და ცალ ხელში მობილურს ატრიალებდა.
ელენემ ყურსასმენები მაშინვე მოიხსნა. ნამდვილად არ ელოდა აბრამოვის იქ გამოჩენას და ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც.
-შენ რა, დიდი ხანია მანდ დგახარ? -საკუთარი ხმა, თვითონვე ეუცნაურა ამის თქმისას. ბიჭის იდუმალებით მოცულ ღიმილზე, მაშინვე მიშკას სიტყვები გაახსენდა, სადაც ეუბნებოდა აბრამოვი საკმაოდ მაცდური ვინმეა, ფრთხილად იყავიო და გულში გაეცინა. ნუთუ მის შებმასაც ცდილობდა ნიკოლასი? თუ ნამდვილად ასე იყო, მაშინ მოუწევდა საშინელი იმედგაცრუება განეცადა და პირველად ეგემა ცხოვრებაში მარცხის სიმწარე.
-არა, ახლახანს შემოვედი -ამჯერად სერიოზული სახით იდგა ბიჭი -სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ შენს მაცივარში ბოსტნეულის გარდა არაფერია, ყველაზე მეტად კი სტაფილო ჭარბობს
-ჰო, სტაფილო ძალიან მიყვარს -თაროდან ზეითუნის ზეთი ჩამოიღო ელენემ და კერძს ოდნავ მოასხა, თან ხის მოზრდილი კოვზით მოურია ამ უკანასკნელს
აბრამოვი გოგონას მიუახლოვდა და ცნობისმოყვარედ ჩამოდგა მის გვერდით. ელენემ მაშინვე იგრძნო ნიკოლასისთვის დამახასიათებელი გრილი, ევკალიფტის არომატი და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. უნდა ეღიარებინა, ეს სურნელი სიგიჟემდე მოსწონდა.
-რაღაც მკარნახობს, რომ ჯანსაღ კვებას მისდევ -კვლავ ალაპარაკდა ბიჭი, თუმცა როდესაც გოგონას მზერა დააფიქსირა, დაამატა : - უბრალოდ ერთ სახლში გვიწევს ცხოვრება და შენს უკეთ გაცნობას ვცდილობ, სულ ესაა
-თუ ასეა, გეტყვი, რომ კარგი ინტუიცია გაქვს
-ანუ, სწრაფი კვება, ტკბილეული და ყველაფერი ამდაგვარი, სრულიად ამოღებული გაქვს კვების რაციონიდან?
-ასეც ვერ ვიტყოდი -თან მზადებას განაგრძობდა ელენე, თან ესაუბრებოდა -ტკბილეულიდან შავ შოკოლადს ვჭამ ხოლმე, ხოლო რაც შეეხება სწრაფ კვებას, ეგ ნამდვილად არ არის საჩემო. ძალიანაც რომ მინდოდეს, პირში ნამდვილად ვერ ჩავიკარებ
აბრამოვი ოდნავი ღიმილით უსმენდა მის თითოეულ სიტყვას, ბოლოს კი კომენტარიც გააკეთა :
-ვაღიარებ, კარგი ნებისყოფა გაქვს, თუმცა ერთი დღე იქნება, ბოლოს მოგიღებს ეგ ჯანსაღი კვება
-მაინც რატომ?
-იმიტომ, რომ გემრიელ საჭმელზე უარის თქმა ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ნერვების გაფუჭება შენს სასიყვარულო ურთიერთობებზე აისახება უარყოფითად. ამას მეორე ნახევართან გამუდმებული კამათი მოჰყვება შედეგად, კამათს გამუდმებული ჩხუბი, გამუდმებულ ჩხუბს კი დაშორება. ამის მერე, უკვე დეპრესიული ფონი შემოგიტევს და ასე შემდეგ
-ისე, ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა თუ შეგეძლო. უნივერსიტეტში ძირითადად სულ ჩუმად ხარ და თუ ლაპარაკობ, ძალიან ცოტას და ზომიერად
აბრამოვს ირიბად ჩაეცინა გოგონას სიტყვების მოსმენისას.
-ანუ, მაკვირდები ხოლმე -უთხრა მან გამომცდელი მზერით, თან თვალები ეჭვით დააწვრილა
-დიდი დაკვირვება არ მჭირდება იმისთვის, რათა ადამიანის ხასიათის შესახებ ელემენტარული დასკვნა დავდო
-მოკლედ პასუხი ყველაფერზე გაქვს, ადამიანი ვერაფერში ჩაგჭრის და ვერც, დაგაბნევს
-შენც ხომ არ შეჭამ? -სხვა თემაზე გადაუტანა, თან მზერით კერძისკენ ანიშნა გოგონამ.
აბრამოვმა თავი დაუქნია.
-სიამოვნებით, საკმაოდ მადისაღმძვრელი სურნელი აქვს
-შენ გემო უნდა ნახო -მარჯვენა თვალი თავმომწონედ ჩაუკრა ელენემ -მოკლედ, თუ ასეა, თეფშებს ბაღში გავიტან და იქ ვისადილოთ. კარგ ამინდებში ყოველთვის იქ ვსადილობ ხოლმე
-მშვენიერი აზრია -თავის დაქნევით დაუმოწმა ნიკოლასმაც და კარადიდან ორი თეფში გამოიღო, ჩანგლებთან ერთად -თან საუბარში დროსაც გავიყვანთ, მაინც არც ერთს არ გვაქვს არანაირი საქმე
ელენე უბრალოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა და გაზქურაც სწრაფად გამორთო. მერე თავისი ყვავილებიანი წინსაფარი მოიხსნა, ტაფის სახელურს ხელი მოჰკიდა და დიდ კოვზთან ერთად, იგი იმ მაგიდისკენ წაიღო, სადაც ნიკოლასი უკვე თეფშების დალაგებით იყო გართული.
როგორც კი სახლიდან გამოსული ელენე შენიშნა ბიჭმა, მაშინვე ფეხზე წამოდგა, ტაფა ჩამოართვა, ისიც თვითონ მიიტანა მაგიდასთან, შემდეგ კი კერძის თეფშებზე გადანაწილებას შეუდგა, გამოცდილი შეფ-მზარეულის მზერით.
ოდნავ გაოცებული ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს ელენე. მისდამი აბრამოვის დამოკიდებულება, უნივერსიტეტსა და სახლში ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, როგორც თეთრი და შავი. სწორედ აღნიშნული ფაქტი იწვევდა გოგონას გაკვირვებას.
-ასე რატომ მიყურებ? -როდესაც პასტას თეფშებზე გადანაწილებას მორჩა, მაშინვე შეეკითხა ნიკოლასი. ელენეს ოდნავ ჩაეღიმა, თან უფრო მოხერხებულად მოთავსდა სკამზე
-არა, არაფერი, უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლში ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ხოლო უნივერსიტეტში, განცალკევებულ პლანეტებზე მცხოვრები ადამიანები ვხდებით
-ჰოო, ამაზე რატომღაც არ მიფიქრია -მერე პირველი ლუკმა ჩაიდო პირში, რამდენიმე წამით უხმოდ ღეჭა, შემდეგ კი სახეზე ოდნავი კმაყოფილება გამოესახა და ელენეს შეხედა
-იმაზე უფრო გემრიელი გამოგსვლია, ვიდრე ველოდი, ყოჩაღ
-მგონი პასტას მომზადებაში ნელ-ნელა სპეციალისტი ვხდები
-მგონი ახლა თავს იქებ
-არა, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ -მიუგო სიცილით და თვითონაც დააგემოვნა თავისი ნახელავი
-ეს ბაღი მთლიანად შენი ნახელავია? -ირგვლივ მიმოიხედა და საუბრის თემა შეცვალა ნიკოლასმა
-ჰო, აქ რომ გადმოვედი, ეს ტერიტორია მთლიანად ცარიელი იყო
-და ეს რა ყვავილია? -მაგიდაზე ქოთნით დადებულ, იმ ვარდისფერ მცენარეზე ანიშნებდა ბიჭი, რომელიც ზუსტად მათ შუაში იდო, რომანტიკული ვახშმის გასალამაზებელი სურნელოვანი სანთელივით
ელენემ, მხოლოდ ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ გასცა პასუხი მის კითხვას :
-აზალია ჰქვია -მიუგო ხმადაბლა -ამას საკუთარი შვილივით ვუვლი, ამიტომ ეცადე ადგილი არ მოუნაცვლო ხოლმე. ზაფხულში თუ ისეთ ადგილას დადგამ, სადაც ტემპერატურა ოცდაორ გრადუსს გადააჭარბებს, აუცილებლად გახმება, აქ კიდევ გრილა და საფრთხე არ ემუქრება
-რთული მოსავლელია? -სახეზე შეეტყო, რომ აშკარად დაინტერესდა აბრამოვი
-არც ისე, უბრალოდ სასურველია თუ მათთვის სპეციალურ მიწას იყიდი ყვავილების მაღაზიაში. ზაფხულში ხშირი, ხოლო ზამთარში ზომიერი მორწყვა სჭირდება და მორჩა. სხვა მხრივ პრობლემა არ შეიქმნება
-გეტყობა ძალიან გიყვარს შენი მცენარეები
-ისევე როგორც შენ, შენი კატა -მერე ჩაფიქრდა და ჰკითხა -ჰო მართლა, როდის მოიყვან აქ? ან, შენს სამსახურზე რა ისმის?
-საკურას დღეს საღამოს მოიყვანენ, ხოლო სამსახურს რაც შეეხება, კლუბში ვიშოვე ადგილი, ბარმენად. კვირაში ოთხი ღამე მიწევს მორიგეობა, ანაზღაურებაც ასე თუ ისე ნორმალურია, ამიტომ ოთახის ქირას არ დაგიგვიანებ -ბოლო სიტყვებზე თვალი ჩაუკრა და გაუღიმა აბრამოვმა
-ნუ ღელავ, არ ვაპირებ მაგ მხრივ დესპოტი ვიყო
-ესე იგი გამიმართლა
-ეგრე გამოდის
ამის შემდეგ, ორივენი მდუმარედ ჭამდნენ და ხმას არც ერთი არ იღებდა. ნიკოლასი თავის ფიქრებში ჩაძირულიყო და მოოქროსფრო თვალებით სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. მისგან განსხვავებით, ელენე თავის საყვარელ მცენარეს უყურებდა, თან მონოტონურად იდებდა ლუკმებს პირში. უხაროდა, რომ აბრამოვი აღარაფერს ამბობდა და ისიც სიჩუმეს ამჯობინებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანთან ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს და არც ხანგრძლივი დიალოგის გაბმის პერსპექტივით იყო მოხიბლული.
გოგონამ საკუთარი თეფში მოასუფთავა და საათს დახედა. უკვე ოთხი შესრულებულიყო. ხუთის ნახევრისთვის ვარჯიში ჰქონდა დაგეგმილი ელენეს. ამისთვის ზუსტად შესაფერისი დრო იყო -საკვების მიღებიდან ნახევარი საათიც იქნებოდა გასული და თავისუფლად შეეძლო ფიზიკური აქტივობით დაკავებულიყო.
-მე წავალ, საქმე მაქვს -თქვა და ფეხზე უმალ წამოდგა -რახან საჭმელი თავად მოვამზადე, აქაურობის მილაგება შენთვის მომინდვია
აბრამოვმა სიცილით დაუქნია თავი.
-ვერაფერს ვიტყვი, სამართლიანია
-თუ ასეა, დატრიალდი ნიკოლას -თვალი ჩაუკრა და იქაურობას ისე გაეცალა, ბიჭის პასუხს აღარ დალოდებია. არც ის ღიმილნარევი მზერა შეუმჩნევია, რომელიც აბრამოვმა გააყოლა სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს . . .




8 8 8
ელენემ სპეციალურად ვარჯიშისთვის გამოყოფილ ოთახს მიაშურა, ხმის გამაძლიერებლებში მუსიკას აუწია და კედლის ზემოთა ნაწილში მიმაგრებულ ტელევიზორში, ფიტნესის ვიდეო-რგოლი ჩართო. ფიზიკური აქტივობის დროს, ერთიანად თავის სტიქიაში ეფლობოდა ხოლმე გოგონა და ამჯერადაც ასე მოხდა.
პირველ რიგში, პრესის ვარჯიშებით, კერძოდ კი „პლანკებით“ დაიწყო. შემდეგ უკვე ფეხის ვარჯიშებზე გადავიდა და ენერგიულად შეუდგა ჩაჯდომების კეთებას. იმ წამს, თავის სპორტულ შორტსა და მოტკეცილ სავარჯიშო ტოპში გახლდათ გამოწყობილი, თმა კი ცხენის კუდად აეკრა ზემოთ და ყოველ ათ წუთში, პირსახოცით იმშრალებდა ოფლის წვეთებით დაცვარულ შუბლს.
როდესაც ვარჯიშის დრო ნახევარ საათზე აიყვანა, იოგას ხალიჩაზე გულაღმა გაწვა და გადაწყვიტა ცოტა ხნით შეესვენა. ამისთვის ზუსტად ხუთი წუთი გამოყო და პატარა ტაიმერზე მონიშვნაც გააკეთა, რათა ოდნავადაც არ გადასცილებოდა დათქმულ დროს. ხალიჩაზე გაწოლილს და ჭერს მიშტერებულს, რატომღაც გეგას სახე დაუდგა თვალწინ. გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა, თითქოს ასე ბიჭის გამოსახულების გაქრობას შეძლებდა გონებიდან, თუმცა არაფერი გამოუვიდა. გეგა კვლავ დაუკითხავად იჭრებოდა მის ფიქრებში და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
მართლაც რატომ ეშინოდა ასე ძალიან ინიციატივის გამოჩენის? რა მოხდებოდა თავად რომ ეცადა ბიჭთან დაახლოვება? რა უშლიდა ხელს? არც კომპლექსიანი იყო და არც, ზედმეტად მორცხვი გოგო, ვინც მამრობითი სქესის წარმომადგენლის ერთ პატარა კონპლიმენტზეც კი პომიდორივით წითლდებოდა. რატომ არ შეიძლებოდა ახლაც დაესახა შესაფერისი გეგმა სასურველ ადამიანამდე მისაღწევად?
ელენემ ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და კვლავ ჭერს ახედა. შემდეგ იქვე დადებული ტაიმერი შეამოწმა. სულ რაღაც ოცი წამი დარჩენოდა შესვენებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ მისი ორგანიზმი მეტ დასვენებას აღარ საჭიროებდა, გადაწყვიტა დარჩენილი წამების გასვლისთვის აღარ დაეცადა, იოგას ხალიჩაზე ოთხზე დადგა და ის-ის იყო, Donkey Kicks-ად წოდებული ვარჯიშის კეთებას მოჰყვა, რომ მოულოდნელად შემოღებულმა კარმა გააწყვეტინა დაწყებული საქმე. გოგონამ თვალები აატრიალა, მუხლებზე დადგა და ზღურბლთან მდგომ ნიკოლასს, კითხვის ნიშნებით სავსე მზერით შეხედა.
-მოხდა რამე? -ჰკითხა მკაცრად. აშკარად არ ესიამოვნა ბიჭის ასეთ დროს შემოჭრა თავის პირად სივრცეში
-მაპატიე, არ შემოვიდოდი, მაგრამ უკვე მეოთხედ გიშვებს ვიღაც ზარს ტელეფონზე -თავის მართლების ტონი ჰქონდა ბიჭს -ვფიქრობ რაღაც სერიოზულია და უნდა უპასუხო
გოგონა უხმოდ წამოდგა და ნიკოლასს მობილური ჩამოართვა. საერთოდ არ გახსენებია, რომ ახლა ზედმეტად გამომწვევი სავარჯიშო სამოსით იდგა მის წინაშე, უბრალოდ ეკრანს დახედა და ზარის ავტორის ვინაობის გაგებისას, წარბები შეკრა. თავად დედამისი, ჟანეტი ურეკავდა რვათვიანი პაუზის შემდეგ.
ელენემ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და მობილურის ეკრანი კვლავ ჩააბნელა. ახლა მასთან საუბარი ყველაზე ნაკლებად სურდა, ამიტომ გადაწყვიტა თუ კიდევ დარეკავდა, ყურმილი არავითარ შემთხვევაში არ აეღო.
-ვინმე უსიამოვნო ადამიანი გირეკავდა? სახე შეგეცვალა -ნიკოლასი გამომცდელი მზერით შეეკითხა, თუმცა მერე თავი გადააქნია და დაამატა : -პრინციპში რა ჩემი საქმეა, ჯობს ამ თემაზე კითხვები აღარ დაგისვა
-ჰო, კარგი იქნებოდა -კვლავ იოგას ხალიჩაზე გაწვა ელენე და ვარჯიში ისე განაგრძო, თითქოს ნიკოლასს იქ ფეხი საერთოდ არ შეედგა
ბიჭი, ამ დროს ფიტნეს ინსტრუქტორივით გულხელდაკრეფილი იდგა და ელენეს თითოეულ მოძრაობას ადევნებდა თვალყურს. ბოლოს, მის სიახლოვეს ჩაიმუხლა და დუმილიც დაარღვია :
-ამ ვარჯიშს ცუდად აკეთებ, ზურგი ბოლომდე სწორად არ გაქვს -წელის ზედა ნაწილზე დაადო ხელი ამის თქმისას და თავად სცადა გაესწორებინა. გოგონამ მაშინვე იგრძნო ნიკოლასის სხეულიდან წამოსული ევკალიფტის სურნელი და კიდევ ერთხელ გაეღიმა სიამოვნებისგან
-გეტყობა ამ სფეროში გამოცდილება გაქვს
-რაღაც მაგდაგვარი -როგორც კი დაინახა, რომ ხერხემალი უკვე სწორად ეჭირა, მის წელსაც მოაშორა ხელი -ისე, ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? ვინმე მოგწონს, თუ უბრალოდ ფორმაში გინდა ყოფნა?
-ცხოვრების სტილი მაქვს ასეთი, მხოლოდ ვინმეს მოწონება რა შუაშია?
-აჰა, ანუ მაინც აღიარებ, რომ ვიღაც მოგწონს
ელენემ ვარჯიში შეწყვიტა, შუბლი კვლავ პირსახოცით შეიმშრალა და აბრამოვის შეკითხვასაც მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა :
-შეიძლება ეგრეც ითქვას, თუმცა სერიოზული არაფერი ხდება
-ჩვენი კურსიდანაა ვინმე? ახლა არ თქვა სამსონიძე მომწონსო, თორემ დღესვე წავალ ამ სახლიდან -სიცილით დააყოლა ბოლოს
-საიდან დაასკვენი, რომ სამსონიძე მომწონს? -ვერც ელენემ შეიკავა სიცილი
-არ ვიცი, ბოლო პერიოდში ხშირად გხედავთ ხოლმე ერთად . . . ერთხელ თავისი მოტოციკლითაც კი მოგიყვანა უნივერსიტეტში
-ჰო, ეგ დღე მეც მახსოვს, თუმცა ჩემსა და ირაკლის შორის მსგავსი არაფერი ხდება -უარყოფის ნიშნად გააქნია თავი ამის თქმისას
-ვინც არ უნდა იყოს, შემიძლია დაგეხმარო მის მოხიბვლაში
ელენემ ეჭვით დააწვრილებული თვალებით გამოხედა თანამოსაუბრეს.
-შენ როგორ უნდა დამეხმარო?
-თუ დაგავიწყდა, გეტყვი, რომ მეც მამრობით სქესს ვეკუთვნი და მშვენივრად ვიცი, როგორ უნდა დააკარგვინოს თავი ქალმა, მამაკაცს
-გმადლობ, მაგრამ არ ვაპირებ მარიონეტი ვიყო, ვინც სხვისი დაწერილი სცენარის მიხედვით მოქმედებს -მერე დაფიქრდა და დაამატა :- მაგრამ თუ შენი რჩევებიდან რომელიმე ჩემი ხასიათისთვის შესაფერისად ჩავთვალე და მომეწონა, შეიძლება გავითვალისწინო კიდეც
აბრამოვს ოდნავი ღიმილი მოჰგვარა გოგონას კომენტარმა, შემდეგ კი, იატაკიდან ფეხზეც წამოდგა.
-კარგი, მაშინ ჩემს საფირმო სასმელს მოვამზადებ, ვერანდაზე დავსხდეთ და გამოცდილებებს გაგიზიარებ . . . შენ მანამდე შხაპი მიიღე -თვალი ჩაუკრა ამის თქმისას და სავარჯიშოდ გამოყოფილ ოთახში, ელენე კვლავ მარტო დატოვა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან. ძალიან მომწონს ამათი ამბები. მერე ისე შეუყვარდებათ ერტმანეტი თვითონაც ვერ მიხვდებიან. და აუ როგორ მაინტერეაებს გაგრძელებაა. აუ მომწონს სამსაონაძე ზალიან. აბრამოვიცცცცც

 


№2  offline წევრი ვიპნი

მომწონს ეს ნიკოლასი,საინტერესოა რა მოხდა სახლში :) არ გამიკვირდება ირაკლი სერიოზულად დაინტერესებული რომ აღმოჩნდეს ბოლოს ჩვენი გოგოთი.საიდუმლოებით მოცულ გეგაზე ალბათ უფრო მეტს შემდეგ თავში წავიკითხავთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ერთი სული მაქვს ბოლომდე როდის ატვირთავ, რომ კარგად წავიკითხო❤????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent