შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელნისფერი სხივი (თავი 4)


30-01-2021, 10:30
ავტორი აირ ისი
ნანახია 784


8 8 8
დილით, ნიკოლასის ოთახში, მისსავე საწოლში გაღვიძებულ ელენეს, ბიჭი იქ აღარ დაუხვდა. წამით ისიც კი იფიქრა, რომ გუშინდელი ღამე უბრალოდ სიზმარი იყო და აბრამოვის საწოლშიც უბრალოდ მთვარეულობის გამო მოხვდა, თუმცა როდესაც ტუმბოზე დადებული, მარწყვის სმუზით სავსე ჭიქა დაინახა, მასზე მიკრული პატარა, სმაილიანი ფურცლითა და სიტყვებით „გმადლობ, რომ გუშინ ღამით გამიძელი“, მაშინვე უკუაგდო უწინდელი ფიქრები და სახეზე ღიმილმომდგარი დასწვდა ცივ სასმელს.
ესიამოვნა დილის ასე პოზიტიურად დაწყება. რომ შესძლებოდა, კიდევ დიდხანს ინებივრებდა ლოგინში, თავის დესერტთან ერთად, თუმცა კარგად ახსოვდა, რომ ჯერ კიდევ ნიკოლასის ოთახში იყო, ამიტომ სწრაფად წამოდგა საწოლიდან, კართან ფეხის წვერებზე აწეულმა მიირბინა, გარეთ გავიდა და პირდაპირ საკუთარი საძინებლისკენ აიღო გეზი. შხაპის მიღებისა და თავის მოწესრიგების შემდეგ, გადაწყვიტა თავისუფალი დრო ამჯერადაც თავისი ყვავილების მოვლაში დაეხარჯა.
მზიანი დილა იყო. ელენემაც ამინდის შესაფერისი -თხელი, ფერადი სამოსი მოირგო ტანზე და სახლის უკან გაშენებულ ბაღში, ამაღლებული განწყობით გააბიჯა.
გოგონას საყვარელი ყვავილები ფაქიზად ირწეოდნენ მსუბუქი ნიავის ფონზე. ელენემ ღიმილით გადაავლო თვალი კვალში სიმეტრიულად ჩალაგებულ მცენარეებს და სარწყავ საშუალებას დასწვდა, რათა ისინი წყლით გაეგრილებინა. როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლომდე ჩაეფლო თავის საქმეში. იმდენად გაიტაცა ყვავილებზე ზრუნვამ, რომ არც კი შეუმჩნევია როგორ გამოვიდა ვერანდაზე ნიკოლასი, როგორ ჩამოეყრდნო იდაყვებით მოაჯირს და როგორ დაიწყო მისი თვალიერება.
ბიჭი წამითაც არ აშორებდა თვალს ელენეს მოძრაობებს. უყურებდა მის ქერა კულულებს, რომელიც უმკლავო, ზურგამოღებულ მაისურზე ეყარა, უცქერდა მის მაღალწელიან, ფერად კაბას, საკმაოდ მადისაღმძვრელად რომ გამოკვეთდა მის ფეხებს და სურვილი კლავდა გოგონას გლუვ კანს წამით მაინც შეხებოდა. უნდოდა საკუთარი თავისთვის ამაზე გაცილებით მეტის უფლებაც მიეცა, მაგრამ მოწოლილ სურვილებს თვალების მაგრად დახუჭვით უშველა, თავი გადააქნია და სცადა საღად აზროვნების უნარი დაებრუნებინა. უნდა ითქვას, ეს გამოუვიდა კიდეც.
მიუხედავად თავისი უწინდელი ფიქრებისა, ელენესგან შორს წასვლა მაინც არ უფიქრია. პირიქით, ბაღში მჯდომ ქვის მაგიდას მიუჯდა, მას მკლავებით დაეყრდნო და იქაურობა პირველად მოათვალიერა დაკვირვებით. მართლაც საკმაოდ ლამაზი და მოვლილი ჩანდა ელენეს ბაღი. ფერადი ყვავილები და მწვანე მცენარეები, ისე კოხტად და სიმეტრიულად იყო ჩალაგებული ერთმანეთის გვერდიგვერდ, რომ მაშინვე ყურადღებას იქცევდა თავისი ორიგინალურობით. არც ნიკოლასი დარჩენილა ნანახის მიმართ გულგრილი. იმ წამს, ელენეს შექებაც კი გადაწყვიტა ასეთი სილამაზის შექმნის გამო, თუმცა როგორც კი კვლავ გოგონას მიმართულებით გაიხედა, დაინახა, რომ ამ უკანსკნელს, მეზობელი სახლიდან გამომავალმა ვიღაც ბიჭმა აუწია ხელი, მისალმების ნიშნად და ოდნავ გაუღიმა კიდეც. უნდა ითქვას, იმ მომენტში, ელენეს მზერა ნამდვილად არ ჰგავდა მეგობრულს. მისი თვალები ბიჭს ისე უყურებდნენ, როგორც ქალი, სასურველ მამაკაცს და ეს ყველაფერი ნამდვილად არ დარჩენილა ნიკოლასის ყურადღების მიღმა. გულიც კი ჩასწყდა რაღაც მხრივ ამის გამო. მისთვის უკვე აშკარა გახდა, რომ ელენე ამ ადამიანით იყო დაინტერესებული და სწორედ ის ტრიალებდა მის გონებაშიც.
ნიკოლასისთვის ჯერ კიდევ უცნობმა ბიჭმა, ეზო სწრაფად გადაჭრა და ჭიშკრიდან გააბიჯა. ელენემაც სწორედ ამ დროს შეცვალა მზერის ობიექტი და კვლავ თავისი ყვავილების მოვლა განაგრძო. აქედან სულ მალე, ზურგს უკნიდან აბრამოვის სიტყვებიც შემოესმა:
-მგონი, არც ის უნდა იყოს შენს მიმართ გულგრილი
უეცარ ხმაზე, ელენე შიშისგან შეხტა, თუმცა როგორც კი თავი უკან გააბრუნა და მაგიდასთან მჯდომ ნიკოლასს მოჰკრა თვალი, გაორმაგებულმა გულისცემამ ნელ-ნელა მწყობრში დაიწყო ჩადგომა. ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა შეჩვეოდა იმ ფაქტს, რომ მარტო აღარ ცხოვრობდა? თავისი ვარაუდით, ამას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა.
-ვინ არ უნდა იყოს გულრგილი? ვერ მიგიხვდი
-ის, ვისაც ცოტა ხნის წინ მიესალმე. მეც კაცი ვარ და იმ მზერის მნიშვნელობაც კარგად ვიცი, რა მზერითაც ის გიყურებდა.
ელენე შეიშმუშნა. აშკარად არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ აბრამოვმა, მისი გეგასადმი დამოკიდებულება წამებში გაშიფრა, თუმცა ის ნამდვილად მოეწონა, როცა უთხრა, მგონი არც ის უნდა იყოს შენს მიმართ გულგრილიო.
-როცა გაიღვიძე და არ დამხვდი, მეგონა სახლიდან გასული იყავი -სცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, თან ყვავილების სარწყავი მიწაზე დადო და მაგიდასთან ნიკოლასის პირდაპირ დაჯდა
-არსად წავსულვარ, დღეს უქმე დღე მაქვს და ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ვარ, თუ რით გავიყვანო დრო
-მეც ზუსტად ეგ პრობლემა მაქვს -ჩაეღიმა ელენეს
-ჰო მართლა, ის ბიჭი ვინ იყო გუშინ რომ შენს სახლში ეძინა? ნაცნობი სახე ჰქონდა და ამიტომ გეკითხები
-ჩემი ახლო მეგობარია, მიშკა ჰქვია. ალბათ იმიტომ გეცნობა, რომ ისიც ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს
ნიკოლასი ცალი იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და მუშტად შეკრულ ხელს ნიკაპი ჩამოაყრდნო.
-კარგი, შენი მეგობარი გასაგებია -თქვა მან, თან ელენეს თვალი, თვალში გაუყარა -ახლა კი მინდა ერთი რამ შემოგთავაზო
-გისმენ -გოგონაც დაინტერესდა იმით, თუ რა გაგრძელება მოჰყვებოდა აბრამოვის სიტყვებს
-რახან უქმე დღე გვაქვს და არ ვიცით რა გავაკეთოთ, გთავაზობ ერთ ადგილას გამომყვე. ოღონდ მისვლამდე არ მკითხო სად, მაინც არაფერს ვიტყვი.
ელენეს, ოდნავი ღიმილი მოჰგვარა ამ სიტყვებმა და ირიბად გახედა თავის პირდაპირ ჩამომჯდარ აბრამოვს.
-ასე რატომ ასაიდუმლოებ, ჩემს მოკვლას ხომ არ აპირებ?
-ჰო, ვაპირებ, რადგან შენი სახლი მომწონს და მისი დასაკუთრება დავისახე მიზნად -ბიჭიც აჰყვა ხუმრობაში
-კარგი, თუ ასეა წავალ, მოვემზადები
-მომზადება არ გჭირდება, ისეთ ადგილა მივდივართ, ეს სამოსიც შესაფერისი უნდა იყოს
-მშვენიერია . . . ახლავე წავიდეთ?
-ჰო, რაღას უნდა ველოდოთ? -ღიმილით აიჩეჩა მხრები ნიკოლასმა და ფეხზე პირველი წამოდგა -ოღონდ ამჯერად ტაქსით, ავტობუსში ჩამჯდომი ნამდვილად აღარ ვარ
-ტიპური მილიონერისა და ავტობუსის დამოკიდებულება -გაეცინა ელენეს და ნიკოლასის შეჭმუხნილი წარბების დანახვისას დაამატა -კარგი, დამშვიდდი, ტაქსით მივდივართ . . .



- - - -

იმ დილით, საბოლოო გაჩერებად, ელენესთვის ოცსართულიანი კორპუსის სახურავი იქცა, საიდან გადაშლილ ქალაქის ხედსაც, თვალებში ჩამდგარი კმაყოფილებით უმზერდა ნიკოლასი. გოგონას ჯერ კიდევ უჭირდა დაჯერება, რომ აბრამოვმა, სწორედ ამ ადგილას განიზრახა მისი ამოყვანა, თუმცა იქედან გადაშლილი პანორამით იმდენად იყო დატყვევებული, რომ ვერც ხმის ამოღებას ახერხებდა და ვერც ადგილიდან დაძვრას. მხოლოდ ნიკოლასს გახედავდა ხოლმე პერიოდულად და შემდეგ, კვლავ ქალაქის მომაჯადოებელ ხედს უბრუნდებოდა მზერით.
-ასეთი გაკვირვებული სახე რატომ გაქვს, პირველად ხარ კორპუსის სახურავზე?-გოგონას გამომეტყველებამ, აშკარა ღიმილი მოჰგვარა ნიკოლასს
-ჰო, პირველად ვარ, თანაც ვერ მივხვდი აქ რატომ ამომიყვანე
დასმულ შეკითხვას, აბრამოვმა საკმაოდ მარტივი და მოკლე პასუხი გასცა :
-იმიტომ, რომ სიმშვიდეა
-გასაგებია . . . და ახლა რა უნდა ვქვნათ?
-გამომყევი -თავისი ხელი ჩასჭიდა გოგონას ხელს, ნიკოლასმა, მერე კი, სახურავის ზედაპირისკენ წაიყვანა. ელენე მორჩილი ბავშვივით მიჰყვებოდა უკან. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც ბიჭი კიდესთან სამიოდე ნაბიჯის დაშორებით შედგა და სახურავის ზედაპირზე ზურგით ისე გაწვა, როგორც ფუმფულა საწოლზე.
-მოდი, შენც დაწექი
ელენეს ოდნავ ჩაეღიმა, კიდევ ერთხელ გახედა ულამაზეს ხედს და მისი ეს პატარა თხოვნა, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე შეასრულა. რამდენიმე წამიც და ორივენი გულაღმა გაწოლილნი აკვირდებოდნენ დილის ცის კაბადონს, ალაგალაგ, ბამბასავით ქათქათა ღრუბლებით რომ იყო დაფარული.
ქვემოდან სუსტად თუ აღწევდა ავტომობილთა სიგნალები და ქალაქის ხმაური. აღმოსავლეთიდან სასიამოვნო, ოდნავ გრილი ნიავი ქროდა. უკიდეგანო სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში იყვნენ მოხვედრილნი, რომელსაც რეალურთან არაფერი ჰქონდა საერთო.
-კარგი ქენი აქ რომ წამომიყვანე -ელენე გახდა ჩამოვარდნილი დუმილის დარღვევის ინიციატორი -აქაურობა თითქოს სიმშვიდის სურნელითაა გაჟღენთილი
ნიკოლასს, ოდნავი ღიმილი მოჰგვარა გოგონას სიტყვებმა, სისხლისფერ ტუჩებზე.
-კარგი შედარება იყო -აღნიშნა მან. მერე თავი ელენესკენ მიაბრუნა, თან მისი თმის მცირედი ნაწილი შეათამაშა ხელში-არ გინდა შენზე უფრო მეტი მომიყვე?
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-მოდი, ასე მოვიქცეთ -იდაყვზე დაყრდნობით წამოიწია ბიჭი და ელენეს ზემოდან დააცქერდა -მე გარკვეულ კითხვებს დაგისვამ, შენ კი მათზე პასუხებს გამცემ, ისე, თითქოს ინტერვიუს აძლევ
-საინტერესოა
-ანუ გაწყობს
-მაწყობს -მტკიცედ განაცხადა გოგონამ და პირველი კითხვის მოლოდინში სმენად იქცა. ამ უკანასკნელს არც დაუგვიანია :
-დილით გაღვიძებისას პირველი რას აკეთებ?
ელენეს წამითაც კი არ უფიქრია ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად.
-მუსიკებს ვრთავ ენერგიაზე მოსასვლელად
-კარგი და რომელი ქალაქი გიზიდავს ყველაზე მეტად?
-ტოკიო . . . ამ ქალაქში ტექნიკის მხრივ ყველაზე დიდი მიღწევებია
აბრამოვმა ღიმილით დაუქნია თავი და შემდეგი კითხვაც დასვა. გოგონას უკვირდა კიდეც, თუ როგორ იფიქრებდა მათ ასე მალ-მალე.
-დაასახელე სამი ნივთი, რომელიც ყოველთვის გიდევს ჩანთაში, როდესაც სადმე გადიხარ
ელენე წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი ამ ნივთების ჩამოთვლაც დაიწყო :
-პირველი -მობილურია, მეორე -ყურსასმენები, ხოლო მესმე -უფერული ტუჩსაცხი
-რატომ უფერული? -აშკარად დაინტერესდა ბიჭი -ისე, ახლა გავაცნობიერე, რომ თითქმის ყოველთვის უმაკიაჟოდ ხარ
-ჰო, არ მიყვარს სახის გადატვირთვა, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ ხოლმე
-ჩემი აზრით, ბუნებრივადაც საკმაოდ კარგად გამოიყურები
ელენემ, ამ დროს ისეთი მზერა დაიჭირა ნიკოლასისგან, რომელმაც თავი ოდნავ უხერხულად აგრძნობინა , თუმცა სცადა ეს გარეგნულად არ შეემჩნია.
-კარგი, მგონი შემდეგი კითხვის დრო მოვიდა -შეახსენა მან. ბიჭსაც დიდხანს აღარ დაუყოვნებია და შუა გზაზე გაწყვეტილი ინტერვიუ განაგრძო:
-ჯინის ლამპარი რომ ხელში ჩაიგდო, რომელ სამ სურვილს ჩაიფიქრებდი?
-ვაუ, რა საინტერესო კითხვაა -გაეცინა ელენეს, თან ცის კაბადონს ააშტერდა -პირველი სურვილი ალბათ ის იქნებოდა, რომ მინიმუმ ოცდაათ ენაზე მაინც შემეძლოს საუბარი, მეორე საქვეყნოდ განთქმული კონდიტერობაა, ხოლო მესამე სურვილით, ალბათ ჯინს ვაჩუქებდი თავისუფლებას, წინა ორის შესრულებისთვის მადლობის გადახდის მიზნით
-ჯინი ძალიან იღბლიანი იქნებოდა შენნაირი პატრონის ხელში
-მეც ასე ვფიქრობ
-კარგი და ბოლო კითხვა -რომელია შენი ყველაზე ძლიერი ფობია?
-ჩემი ყველაზე ძლიერი ფობია, წარუმატებელ ადამიანად დარჩენაა. არ მინდა ოდესმე უკან მივიხედო და მივხვდე, რომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც საშუალებას მომცემდა საკუთარი თავით მეამაყა
-ამის ბევრს ეშინია
-შენც?
-ალბათ, ცოტათი მეც
ელენემ თვალები დახუჭა და გაეღიმა. უნდა ეღიარებინა, მოსწონდა ნიკოლასთან დროის გატარება და მისი საინტერესო კითხვები, რითაც ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დაახლოვებას ახერხებდნენ.
-მეც რომ გკითხო ერთი რამ, გულწრფელი იქნები? -ჰკითხა ელენემ იმ სიჩუმის შემდეგ, რაც ათი წამის განმავლობაში მაინც იყო გაწოლილი მათ თავზე, ადრიანი დილის ნისლივით.
აბრამოვმა, ცალი წარბის აზიდვით გადმოხედა გოგონას.
-მაინც რა გაინტერესებს ჩემზე?
-მაინტერესებს, ჩემს სახლში რატომ ცხოვრობ? შეიძლება ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ოდესმე ხომ მაინც უთხრა მითხრა მიზეზი? არ გინდა მოვლენები დააჩქარო და ეს ახლავე გააკეთო?
-და იქნებ საერთოდ არ ვაპირებ რამის მოყოლას?
-თუ ასეა, მაშინ სახურავიდან გადავხტები და შენს სინდისზე იქნება -გამომწვევად გახედა ელენემ ამის თქმისას, თან კიდევ ერთხელ შეიგრძნო ნიკოლასის სხეულიდან წამოსული ევკალიფტის გრილი სურნელი
-ვერ გადახტები, წელზე ხელებს მოგხვევ და მაგრად შეგბოჭავ
ელენემ თავი გადააქნია და ოდნავ გაეღიმა.
-არადა, მოყოლის სურვილი რომ გქონდეს, შენთვის იმ დღიურივით ვიქნებოდი, რომელსაც ბოქლომი ადევს და საიდუმლოს არასდროს გასცემს -თქვა მან საკმაოდ დამაჯერებელი ტონით. სურდა ამ სიტყვებით, აბრამოვის მდუმარედ ყოფნის გადაწყვეტილებაზე მოეხდინა გარკვეული გავლენა და უნდა ითქვას, ეს რაღაც მხრივ შეძლო კიდეც, რადგან ბიჭმა შემდეგი სახის კითხვა დაუსვა:
-ანუ ისეთი სანდო ადამიანი ხარ, რომ შენთან ყველაფერი შემიძლია ვილაპარაკო?
-თავის ქება არ მიყვარს, თუმცა რაც მართალია, მართალია, ზუსტადაც რომ ასეთი ვარ
-ყველაზე უცნაური იცი რა არის?
-რა?
-ის, რომ შენს სიტყვებში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, მიუხედავად ჩვენი მოკლეხნიანი ნაცნობობისა
ელენესთვის მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა ის სიტყვები, რაც ნიკოლასისგან მოისმინა და ეს მსუბუქი ღიმილითაც გამოხატა.
-თუ სანდოდ მიმიჩნევ, მაშინ შეგიძლია ყველაფერი მითხრა -უთხრა ბოლოს -კიდევ ერთხელ გარწმუნებ, რომ ეს ამბავი ჩვენ ორს შორის დარჩება
აბრამოვი ცას შეჰყურებდა მდუმარედ და თვალსაც არ ახამხამებდა. თავადაც უკვირდა ეს ყველაფერი, თუმცა აღნიშნულ წამს არანორმალურად სურდა ვიღაცისთვის გული გადაეშალა და თავისი ისტორია წერტილ-მძიმით მოეყოლა. მართალია, ადამიანებისა და მეგობრების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, თუმცა მსგავს თემაზე არც ერთ მათგანთან არ მონდომებია და არც მოუნდებოდა საუბარი. აი, ელენე კი რაღაც სხვა იყო. ყველაფრისთვის რომ თავი დაენებებინა, აუხსნელ სიამოვნებას ღებულობდა აბრამოვი გოგონასთან უბრალო ურთიერთობითაც კი. იმდენად მოსწონდა მასთან კონტაქტი და დროის გატარება, სურდა ის წუთები ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო ხოლმე.
-კარგი, დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას -საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა, ღიმილით გადახედა თავის გვერდით მწოლიარე გოგოს
-გისმენ . . .
-გავიგე, რომ დედაჩემმა, მამაჩემის მიზეზით მოიკლა თავი
ელენეს, იმის შესახებაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ნიკოლასს დედა არ ჰყავდა, თუმცა ამაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. უბრალოდ მზერით აგრძნობინა საკუთარი თანაგრძნობა და ისტორიის მოსმენა განაგრძო :
-ჩემი მშობლები ერთი წლის დაქორწინებულები იყვნენ, როდესაც მამაჩემი საშინელ ხანძარში მოჰყვა. ცეცხლი სანთელმა გააჩინა, რომელიც ფარდებს წაეკიდა და იქაურობა მთლიანად კვამლში გახვია. ამ დროს, დედა ჩემზე იყო ორსულად და იმ საშინელ ღამითაც ჩემმა აქტიურმა მოძრაობამ გამოაღვიძა. როცა თვალები გაახილა და დაინახა, რომ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული . . . -ამ სიტყვებზე, ნიკოლასის თვალებში უდიდესი ტკივილი გამოისახა, თუმცა ამბის თხრობა მაინც არ შეუწყვეტია -მამა გონს ვერ მოდიოდა. კვამლიგან უკვე ფილტვები ჰქონდა მოწამლული, ამიტომ, დედას უდიდესი ძალისხმევა და თავგანწირვა დასჭირდა, რათა იგი გარეთ გაეყვანა და სახლთან ერთად დაწვას გადაერჩინა. შვიდი თვის ორსულმა ქალმა ეს უდიდესი გაჭირვებით შეძლო, თუმცა ამას საკუთარი სილამაზეც შესწირა -სახის საკმაოდ მძიმე დამწვრობა მიიღო. ამ საშინელი ღამის შემდეგ, ყველაფერი უკუღმა წავიდა მის ცხოვრებაში. ცოლის წყალობით გადარჩენილი მამაჩემი, მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მახინჯს ეძახდა და მხოლოდ იმის გამო ცხოვრობდა კვლავ დედასთან ერთად, რომ მე ახალშობილი ვიყავი და მის მზრუნველობას ვსაჭიროებდი. ერთ დღესაც კი, ვეღარც დედამ აიტანა საყვარელი მამაკაცის ასეთი სიცივე. ბოლო პერიოდში, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მამას, ქალები საკუთარ სახლშიც დაჰყავდა და მათ პირდაპირ დედაჩემის თვალწინ უფათურებდა ხელებს. დედასთვისაც სწორედ ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი. უბრალოდ ამდენს ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა . . . -ნიკოლასი გაჩუმდა და მოსმენილი ამბისგან სუნთქვაშეკრულმა ელენემაც, თითქოს მთელი სიცხადით იგრძნო ის ტკივილი, რასაც ბიჭი მოცემილ მომენტში განიცდიდა
-ხვდები ელენე? -კვლავ განაგრძო მან -დედაჩემმა, იმ კაცის გადასარჩენად, საკუთარი და მუცელში მყოფი შვილის სიცოცხლე გარისკა, ის კი ისე ეპყრობოდა, როგორც უკანასკნელ ნაგავს . . . სწორედ იგია დამნაშავე იმაში, რომ მუდამ მშურდა იმ ბავშვების, ვისაც სიტყვა „დედის“ წარმოთქმა შეეძლოთ. მისი დამსახურებაა, რომ მთელი ბავშვობა დანაკლისს განვიცდიდი და არა მგონია ამის პატიება ოდესმე შევძლო. უბრალოდ არ გამომივა, გესმის? -თვალები მაგრად დახუჭა ბოლო სიტყვებზე და იგრძნო როგორ შეეხო ელენეს ხელი მისას. ესიამოვნა უსიტყვო თანაგრძნობა. ახლა, ყველაზე ნაკლებად დასამშვიდებელი სიტყვები სჭირდებოდა მის გულს და გაუხარდა, რომ გოგონას მსგავსი არაფერი უთქვამს. იმ წამს, მთელი სიცხადით გაიაზრა, რომ თავისი საიდუმლო, ნამდვილად სწორ ადამიანს გაანდო და ამ შემთხვევამ, ერთიორად გაუზარდა ელენესადმი პატივისცემა.
-მახსოვს, მითხარი არც ერთ სასტუმროში არ მაძლევენ ოთახსო -დიდხნიანი დუმილი ელენეს სიტყვებმა დაარღვია
-ჰო, მერე?
-ესეც მამაშენის დიდი გავლენის გამო ხდება? ასე ცდილობს სახლში დაგაბრუნოს?
-გამოიცანი -მწარე ღიმილი გაუკრთა სისხლისფერ ბაგეებზე ნიკოლასს -ალბათ გიკვირს ბინას რატომ არ ვქირაობ და მაინც შენთან რატომ ვარ, არა?
-სიმართლე გითხრა კი -აღიარა
-პირველი მიზეზი ისაა, რომ ისეთი ბინის დაქირავება, რომელშიც კომფორტულად ცხოვრებას შევძლებ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეიძლება ეს უარყოფით თვისებად ჩამითვალო, მაგრამ ვერ ვიცხოვრებ იქ, სადაც ელემენტარულად ხოჭოს შეუძლია გავლა, ან თუნდაც ტარაკანს
-ანუ, ჩემს სახლში რომ მწერები ყოფილოყო, ფეხს არ შემოადგამდი, არა? -გაეცინა ელენეს და ნიკოლასიც აიყოლია
-ჰო, ალბათ არ შემოვადგამდი . . . თუმცა სხვა მიზეზიც მქონდა შენს სახლში მოსასვლელად და ეს იდეა მაშინ დამებადა, როცა მამაჩემთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საპირფარეშოში შემომაკითხე გაცეცხლებულს. ხომ გახსოვს ის დღე?
ელენემ თავი დაუკრა დასტურის ნიშნად. აშკარად დააინტერესა იმ „სხვა მიზეზმა“ და ეს არც დაუმალავს.
-კარგი, მითხარი კიდევ რა არის ისეთი, რაც არ ვიცი?
-დასაწყისისთვის მითხარი, ამურის ისარზე თუ გსმენია რამე? მითოლოგიაზე არ გეკითხები, უბრალოდ ერთი თამაშია, რომელშიც, ჩვენი უნივერსიტეტის ბიჭების საკმაოდ დიდი ნაწილია ჩაბმული
-არა, ამის შესახებ არაფერი მსმენია -უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ელენემ -ასეთი რა თამაშია? ან ჩვენს საუბართან რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს?
აბრამოვმა ღრმად ამოისუნთქა, თითქოს წყალში ჩაყვინთვის წინ, ჟანგბადის მარაგს იგროვებსო და ახსნა დაიწყო :
-ამურის ისარი თამაშია, რომელიც ამავე დასახელების საიტზეა განთავსებული და მისი თამაშის უფლებაც მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელთ ენიჭებათ. სერვერზე წვდომა, მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტ ბიჭებს აქვთ მოპოვებული. რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ, სისტემა შენს მონაცემებს გიგზავნის მეილზე, რისი საშუალებითაც საიტზე შესვლა შეგიძლია. მოკლედ, თამაშის წესები ასეთია -ყოველ დარეგისტრირებულ ბიჭს, შემქმნელი ერთ კონკრეტულ გოგოს სთავაზობს ჩვენივე უნივერსიტეტიდან, გამოწვევის სახით და მის შეცდენას ავალებს. ამ ყველაფრის დამადასტურებელი კადრები, მოთამაშემ თავისივე მობილურით უნდა გადაიღოს და სერვერზე ატვირთოს. ამის გაკეთების შემდეგ, მას ქულები ენიჭება თამაშის შემქმნელისგან და ახალი გამოწვევაც, ახალი გოგოს სახით. ყოველ გოგოს შესაცდენად, შემქმნელი ორ კვირას აძლევს მოთამაშეს. თუ ამ დროის განმავლობაში, ვერანაირი ვიდეო-მასალა ვერ ატვირთა, სადაც დავალების შესრულებაა ასახული, მონაწილე ავტომატურად ეთიშება თამაშს
-მოიცა, მოიცა -შუა გზაზე გააწყვეტინა ელენემ -ანუ, ამ გამოწვევაში ჩაბმული ბიჭები, თავიანთი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ინტერნეტ-სივრცეში ანთავსებენ?
-ტექნიკურად ასეა
-რა გულისამრევია . . . და იმ გოგონებმა თუ იციან ეს ყველაფერი, ვისთან ერთადაც კამერებში ჩანან?
-რა თქმა უნდა, არა . . . ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია, თუმცა მდედრობითი სქესის ერთეული წარმომადგენლები, მაინც ფლობენ ინფორმაციას ამის შესახებ. ისინიც ალბათ ისეთები, ვინებიც მეგობარი ბიჭების მხრიდან არიან გაფრთხილებულები, თორემ საიტს ძლიერი ფეის-კონტროლი აქვს დაყენებული და თუ შენი გენდერი მამრობითი არაა, მაშინ სისტემის შიგნით არ გიშვებს
-და თამაშის გამარჯვებული რას იღებს პრიზად? -დაინტერესდა ელენე, თან შეამჩნია, რომ ნიკოლასს კიდევ რაღაც ჰქონდა სათქმელი და მიხვდა კიდეც რა იყო ეს -ბიჭს ჯერ კიდევ არ ეთქვა, თუ რა კავშირი ჰქონდა ამურის ისარს, მათ საუბართან
-პრიზი არ არსებობს, მოთამაშეები ამას აზარტის გამო აკეთებენ და . . . -აქ ნიკოლასმა გოგონას გადახედა გამომცდელი მზერით, თითქოს ფიქრობს, დაწყებული საუბარი გავაგრძელო თუ არაო
-დაასრულე ნიკოლას. ქერა ვარ, მაგრამ უტვინობა ჩემგან ძალიან შორსაა. ვხვდები, რომ მთავარი ჯერ კიდევ არ გითქვამს
ელენეს სიტყვები, თითქოს უხილავი ბიძგი აღმოჩნდა ბიჭისთვის. მეტის დაყოვნება მართლა აღარ სურდა, თანაც მიაჩნდა, რომ გოგონას აუცილებლად უნდა სცოდნოდა სიმართლე, რადგან ამის სრული უფლება ჰქონდა.
-ამურის ისრის ერთ-ერთი გამოწვევა შენ იყავი -პირდაპირ თვალებში უყურებდა ნიკოლასი ამის თქმისას -ირაკლი სამსონიძეს მისცეს შენი შეცდენის დავალება და სწორედ ამიტომ დაგდევდა ეს დღეები მშიერი ძაღლივით
აი ახლა კი ყველაფერი ნათელი გახდა ელენესთვის. პირდაპირი გაგებით, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა იმის გააზრებისას, თუ რა ბინძური ზრახვები ჰქონდა სამსონიძეს მასთან დაკავშირებით. მართალია, თანაკურსელის ნდობა არც აქამდე ჰქონია, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ასეთ სიბინძურეში თუ შეეძლო გარევა. აქ, უკვე ერთი კითხვა დაებადა ელენეს :
-და შენ საიდან იცი ამ თამაშის შესახებ? -ეჭვით გახედა ნიკოლასს -არ მითხრა, რომ შენც რიგითი მონაწილე ხარ
-მონაწილე არ ვარ, თუმცა ინფორმაციას სრულიად ვფლობ . . . შენთან გადმოსვლის მეორე მიზეზიც ის იყო, რომ სამსონიძის კლანჭებისგან დამეცავი. მართალია, მაშინ კარგად არ გიცნობდი, თუმცა ვაღიარებ ხშირად გაკვირდებოდი და მუდამ საინტერესო ადამიანად მიგიჩნევდი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი თავშიავარდნილი მეგონე. მოკლედ, ვიფიქრე, რომ თუ შენს სიახლოვეს ვიტრიალებდი, იმ ტიპისგან გიხსნიდი, თუმცა რაც უფრო კარგად გეცნობოდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ შენნაირი ადამიანი, სამსონიძის მსგავს ბიჭს ახლოსაც არ გაიკარებდა. თანაც უკვე გქონია ინტერესის სფერო, შენი მეზობლის სახით -აღნიშნა ბოლოს და გულში უსიამოვნოდაც გაწიწკნა ამის კიდევ ერთხელ გააზრებისას
-ანუ გინდა თქვა, რომ ჩემს სახლში, ჩემივე დასაცავად გადმოხვედი?
ნიკოლასს ოდნავ გაეღიმა.
-მე ის ვთქვი, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია -დააკონკრეტა მან -მაგრამ თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობ, შეგიძლია ნებისმიერ წამს მომთხოვო ბარგის ჩალაგება და გპირდები არ მეწყინება
-მსგავსს არაფერს ვაპირებ -საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით მიუგო, თან ყურსასმენები ბლუთუზით დააკავშირა ტელეფონთან გოგონამ და ერთი ცალი ნიკოლასსაც უწილადა. ამ უკანასკნელს, ცოტა არ იყოს, ეუცნაურა მისი საქციელი და ოდნავ გაკვირვებული სახით შეათვალიერა გოგონა.
-რას აკეთებ? მუსიკას რთავ?
-ჰო
-და რატომ?
-იმიტომ, რომ ახლა შენც დამშვიდება გჭირდება და მეც, იმის შემდეგ რაც მიამბე -გამოსცრა კბილებს შორის -მხოლოდ რამე მშვიდი მელოდია თუ დამეხმარება, რათა იარაღი არ ავისხა და სამსონიძის დასახვრეტად არ წავიდე, მისსავე სახლში -ყველანაირად ცდილობდა თავის შიგნით დაგუბებული ბრაზის შეფარვას გოგონა, თუმცა მაინცდამაინც იდეალურად არ გამოსდიოდა. ნიკოლასს გაეღიმა და ამჯერად თავად ჩაჰკიდა ხელი თანაგრძნობის ნიშნად. სწორედ ამ დროს Fly Me To The Moon-ის მშვიდი ჰანგებიც გაისმა ყურსასმენებში და გოგონამაც ღრმად ამოსუნთქვას გააყოლა გულში დაგროვებული ნეგატივის დიდი ნაწილი.
-გმადლობ ნიკოლას -ძლივსგასაგონი ჩურჩულით ამოთქვა მან -გმადლობ, რომ ჩემს გადარჩენას შეეცადე და იმისთვისაც, რომ ეს ყველაფერი გამიმხილე. არა მარტო მე, ეს ყველამ უნდა გაიგოს, გესმის?
-არა მგონია ეგ კარგი აზრი იყოს . . . იქ საკმაოდ ბევრი გოგოს ვიდეოა ატვირთული და თუკი ეს ამბავი გამჟღავნდება, მათაც გაუტყდებათ სახელი. მე სრულიად სხვა გზა ვიპოვე, მაგ საიტის გატეხვასა და დაბლოკვაზე ვმუშაობ
-მართლა?
-მართლა -გაუღიმა -ნუ ღელავ, ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ
-უბრალოდ მუსიკას მოვუსმინოთ, კარგი? აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი
-ანუ, ვჩუმდებით -გვერდულად გახედა აბრამოვმა და ღიმილიც გაუკრთა ტუჩის კუთხეში
-სანამ გავჩუმდებით, მინდა ერთი რამ გითხრა
-გისმენ
-შენი საიდუმლო მუდამ ჩემთან დარჩება. ამაში ეჭვი არასდროს შეგეპაროს . . . მეც, რაც შემეძლება გავაკეთებ იმისთვის, რათა ტკივილი ცოტათი მაინც შეგიმსუბუქო, ეს არასდროს დაგავიწყდეს, კარგი? -ბიჭის მზერას თვალი გაუსწორა ამის თქმისას და მისი არეული სუნთქვაც მიეფრქვია სახეზე
-ელენე შენ . . .
-რა?
-შენ სულ სხვა ფერის ხარ . . . სახელს ვერ გიძებნი . . . უბრალოდ სრულიად სხვა ხარ . . .





.
ლექციის დაწყებამდე, სულ რაღაც ხუთი წუთი იყო დარჩენილი, როცა უკანა მაგიდასთან მჯდომ, წიგნში თავჩარგულ ელენეს გვერდით სამსონიძის მაგივრად, ამჯერად ნიკოლასი მიუჯდა და მკლავებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო. უნდა ითქვას, ელენე საკმაოდ გაკვირვებული დარჩა მისი საქციელით. მიუხედავად იმისა, რომ ის და აბრამოვი ერთ სახლში ცხოვრობდნენ და ბოლო პერიოდში ერთმანეთს საკმაოდ კარგადაც უგებდნენ, უნივერსიტეტში მაინც სრულიად უცნობი ადამიანებივით იქცეოდნენ ხოლმე. სწორედ ამიტომ გაუკვირდა ნიკოლასის თავის გვერდითა სკამზე დანახვა და ამის დამალვა არც უფიქრია.
-ვერ მეტყვი აქ რატომ დაჯექი? -ჰკითხა ცალი წარბის აწევით. ბიჭმა გვერდულად გამოხედა და თვითონაც ასწია ცალი წარბი, მეორეზე უფრო მაღლა
-რა მოხდა, ეს ადგილი დაკავებული ხომ არაა?
-არა, უბრალოდ აქამდე მუდამ შენს გრძელფეხება გოგონებთან ერთად ჯდებოდი ხოლმე და ამიტომ გამიკვირდა
აბრამოვმა ელენეს ფიგურა შეათვალიერა და მისკენ ღიმილით გადაიხარა.
-შენს ფეხებს რას უწუნებ? -ძალიან ახლოს იყო მის ტუჩებთან როცა ეს ჰკითხა. აღნიშნულ წამს, მთელს სხეულზე აუხსნელი ჟრუანტელი მოედო გოგონას, თუმცა გრძნობები სწრაფად მოთოკა და თავდაჯერებული გამომეტყველება დაიჭირა
-დაწუნებით არაფერს, უბრალოდ ორმეტრიანობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის
-ჰოდა არც მე მომწონს ქალის ობობასავით გრძელი ფეხები . . . დღეს რა თემაზე გვაქვს სემინარი? -წიგნის თავისკენ მიიწია და გადაფურცლა
-ამერიკის ფინანსებზე. არ მომზადებულხარ?
-არა, რაღაც ძალიან საინტერესო სერიალს გადავაწყდი „სქროლვისას“ და ზედმეტად შევყევი. წუხელაც მხოლოდ ერთი საათით მეძინა, მაგის ყურებაში გავათენე
-ასეთი რა სერიალია? -გაეცინა ელენეს
-მძარცველთა გუნდზეა, რომლებმაც მონეტების ფაბრიკა აიღეს ესპანეთში და საკუთარი ფულის მოჭრა სურთ
-ვიცი ეგ სერიალი, ბერლინი ჩემი ფავორიტია
-აი მე კი ტოკიომ მიმიზიდა
-ტოკიოზე მეც კი ნერწყვები მადგება, შენი არც მიკვირს
-ამ ლექციის მერე ერთ საათიანი შუალედი გვაქვს, არ გინდა სადმე წავიდეთ? -შესთავაზა ნიკოლასმა, თან გამომცდელად შეხედა პასუხის მოლოდინში. მისდა საბედნიეროდ, ელენეს, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირვებია
-კარგი წავიდეთ, მაგრამ სად?
-აქვე ახლოს, ერთი ძალიან კარგი სანაყინეა. შეგიძლია ცოტა ხნით დაივიწყო შენი სწორი კვება და ისიამოვნო
-რატომაა, რომ ყველაფერი უგემური სასარგებლოა, ყველაფერი გემრიელი კი მავნებელი? -ამოიწუწუნა გოგონამ და თავისი ბავშვივით მოღუშული სახით, გვერდით მჯდომის გაღიმებაც შეძლო
-არ ვიცი და მაგაზე ბევრს არვ ვფიქრობ. ამ წუთას შენც იგივეს გაკეთებას გირჩევ
-მგონი მართალი ხარ, ერთი დღით ჯანდაბაშიც წასულა სწორი კვება!
-ანუ მოდიხარ
-მოვდივარ -თავი დაუქნია დასტურის ნიშნად ელენემ და მათი დიალოგიც სწორედ ამ ნაწილში გაწყდა, რადგან აუდიტორიაში ლექტორმა შემოაბიჯა, ქუსლების კაკუნით.
სემინარმა ჩვეულ ვითარებაში ჩაიარა. იმ სტუნდენტებთან, ვისი გამოკითხვისთვისაც დრო აღარ რჩებოდა, უბრალოდ კითხვების დასმით შემოიფარგლა ლექტორი და ნიკოლასიც, რომელიც სემინარისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ გახლდათ მომზადებული, სწორედ ამან იხსნა უხერხული სიტუაციისგან. ელენემ მხოლოდ იმ წამს გაიაზრა, რომ აბრამოვი აქამდე სემინარზე არასდროს შესულიყო და მხოლოდ ლექციებზე დასწრებით შემოიფარგლებოდა. ეს ფაქტი, თავად ლექტორმაც აღნიშნა, რაზეც ნიკოლასმა უბრალოდ გაუღიმა და მეტი არაფერი.
სემინარი ზუსტად ერთ საათში დასრულდა. ელენესდა საბედნიეროდ, სამსონიძე იმ დღეს უნივერსიტეტში არ გამოჩენილა, რაც კიდევ უფრო კარგ განწყობაზე აყენებდა ისედაც იდეალურ ხასიათზე მყოფს. ლექტორის აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ, პირობისამებრ, ნიკოლასთან ერთად გაეშურა თავისთვის ჯერ კიდევ უცნობი სანაყინისკენ. დაწესებულება უნივერსიტეტიდან დაახლოებით ას მეტრში მდებარეობდა, ამიტომ, იქამდე მისასვლელად დიდი დრო ნამდვილად არ დაუკარგავთ.
სანაყინეში, საკმაოდ კარგი გარემო დაუხვდა. ყველაზე მეტად იმან მოხიბლა, რომ აშკარა სიმყუდროვე სუფევდა ირგვლივ. დილის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, არც ხალხით გადატვირთული გახლდათ იქაურობა და არც შემაწუხებელი ხმაური ქმნიდა დისკომფორტს.
ნიკოლასმა და ელენემ, ოთხი თავისუფალი მაგიდიდან ერთ-ერთი ამოარჩიეს და თავიანთი ადგილებიც დაიკავეს. გოგონამ, თავისთვის საყვარელ ნაყინის ნაირსახეობაზე -ჯელატოზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო ნიკოლასმა, ვანილით, ბევრი თხილითა და შოკოლადის სიროფით შეუკვეთა ეს უკანასკნელი. სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, ბიჭმა ხელსახოცების ხის ყუთიდან ერთი ცალია ამოაძრო და მის გადაკეცვა-გადმოკეცვას მოჰყვა. აშკარა იყო, ხელსახოცისთვის გარკვეული ფორმის მიცემას აპირებდა.
-რას აკეთებ? -მისი საქმიანობით ელენეც დაინტერესდა
-ადრე, ბავშვობაში, ქაღალდის ნავების გაკეთება და წყალში გაშვება მიყვარდა. მაინტერესებს ახლაც თუ მახსოვს
გოგონა, ნიკოლასის თითების მოძრაობას დააკვირდა და ონავი ღიმილი მოადგა ბაგეებზე.
-მგონი გამოგდის
-ჰოო?
-ნამდვილად . . . ნავებს რომ წყალში უშვებდი, რამე სურვილებსაც ატანდი თან?
-ვატანდი, თანაც მუდამ ერთსა და იმავეს, მაგრამ ახდენით არ ამხდენია
გოგონამ გაჩუმება არჩია, რადგან მიხვდა, რომ აბრამოვს ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა. უბრალოდ ჩუმად აკვირდებოდა, თუ როგორ თანდათანობით ემსგავსებოდა ყუთიდან ამოღებული ხელსახოცი ქაღალდის ნავს და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მისი მზერა უეცრად არ გადავიდა მათი მაგიდისკენ მომავალ მიმტანზე, ვისაც ლანგარზე ამ ორისთვის განკუთვნილი დესერტი ედო.
-აი, ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს -მხიარულად აღნიშნა ელენემ და მაშინვე სკამის საზურგეს მიაწვა, რათა მიმტანისთვის შეკვეთის გადმოლაგებაში ხელი არ შეეშალა. ნიკოლასსაც თითქმის დამთავრებული ჰქონდა თავისი ქაღალდის ნავის „მშენებლობა“ და სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდა, კუთვნილი დესერტისკენ გახედვას არც აპირებდა
-მალე მორჩებით ბატონო არქიტექტორო? -მიმტანის მაგიდიდან გაცლის თანავე, სიცილით ჰკითხა ელენემ
-მიდი, დამცინე, დამცინე
-არ დაგცინი, მართლა ლამაზი გამოგივიდა. ზუსტად ვიცი ბავშვობაში ამაზე ლამაზად ვერ გააკეთებდი
-ჰო, შეიძლება -მიუგო ღიმილით და პირდაპირ თვალებში შეხედა ელენეს. ახლა სრულიად მარტონი იყვნენ და თავისუფლად საუბარიც შეეძლოთ, ამიტომ აბრამოვმა პირდაპირ ის ჰკითხა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა აღნიშნულ მომენტში :
-ესე იგი, შენი გვერდითა მეზობლის მიმართ გაქვს სიმპათიები არა?
ამ სიტყვების გაგონებაზე, ელენემ, პირისკენ წაღებული დესერტის კოვზი კვლავ სანაყინეში ჩააბრუნა და თითები ერთმანეთს მაგრად გადააჭდო.
-ჰო, რაღაც მაგდაგვარი -ხმადაბლა მიუგო მან -თუმცა საკმაოდ ზედაპირული კონტაქტი გვაქვს და არა მგონია ოდესმე ჩვენ ორისგან წყვილი შედგეს
-არასოდეს თქვა არასოდესო, ხომ გაგიგია?
-გამიგია, მაგრამ ეგ ფრაზა ვერ მეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი, მომავალში გეგას გვერდით წარმოვიდგინო
ნიკოლასი ზუსტად იმ დროს მორჩა ქაღალდის ნავის კეთებას, ეს უკანასკნელი მაგიდის ზედაპირზე შემოდო და გოგონას მზერა გაუსწორა.
-ახლა არ თქვა, რომ თავს მის შესაფერისად არ თვლი
-ეგრეც არ ვიტყოდი
-მე კი მგონია, რომ ზუსტად ასე ფიქრობ -გამომცდელი მზერით ზვერავდა ამის თქმისას და ელენესაც ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ბიჭი მის გულსა და გონებაში იხედებოდა, უხილავი თვალებით
-არ გინდა თემა შევცვალოთ? -დიალოგისგან თავის დასაძვრენად მხოლოდ ეს მოიფიქრა, თან საწყალი თვალებით გახედა თავის წინ მჯდომს. მისდა საბედნიეროდ, ამ მეთოდმა სასურველი შედეგი გამოიღო :
-კარგი, კარგი, როგორც გინდა -დანებების ნიშნად ასწია ხელები აბრამოვმა -უბრალოდ არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენ მასზე ბევრად უკეთესი ხარ და საკუთარი თავის დაფასება ისწავლე
-გავითვალისწინებ -ღიმილით მიუგო გოგონამ მერე კი თვალით ნაყინისკენ ანიშნა -მიდი, ჭამე, ჩემი ძალიან გემრიელია და ვეჭვობ არც შენი უნდა იყოს ცუდი
-ცუდი? შენ რა ხუმრობ? -კოვზით ამოღებული მოზრდილი ლუკმა პირისკენ გაიქანა ნიკოლასმა, რის შემდეგაც ნეტარებისგან დახუჭა თვალები და უნებურად აღმოხდა : - ეს გემო ნამდვილი კლასიკაა ელენე . . .

სანაყინეში, დაახლოებით ორმოცი წუთი დაყვეს. ელენე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ იფიქრებდა იქედან წამოსვლაზე, რომ არა მომდევნო ლექცია, რაც სულ მცირე ათ წუთში უნდა დაწყებულიყო. თავისი დესერტის ჭამა უკვე დასრულებული ჰქონდა, ისევე როგორც ნიკოლასს, ვინც იმ წამს, ანგარიშს იხდიდა მოტანილი შეკვეთისთვის.
-ეს უსამართლობაა, ნაყინი ორივემ ვჭამეთ და მეც უნდა გადავიხადო -სიტყვების პარალელურად, ჩანთაც გახსნა გოგონამ, რათა იქედან საფულე ამოეღო, თუმცა აბრამოვმა მას ხელი დაუჭირა და ანგარიშის წიგნაკში ოცლარიანი ჩადო
-გერმანული გადახდა და მსგავსი სისულელეები არ გამაგონო -გადაჭრით თქვა მან -მე დაგპატიჟე და გადახდაც ჩემზეა
-ისეთი სახით მიყუებ, შეწინააღმდეგება, დიდი ალბათობით ჩემს სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს
ნიკოლასს გულიანად გაეცინა ამ სიტყვებზე. იმდენად უხდებოდა სიცილი, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში, ვერც ელენემ შეძლო ბიჭისთვის თვალის მოშორება. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა მის ჯიბეში მოთავსებულმა ტელეფონმა ზარის ხმა გამოსცა და ვიბრაციის ტალღებიც იგრძნო მთელს სხეულში. ეკრანზე დახედვისას, გოგონამ სახელი მიშკა ამოიკითხა და ზედმეტი ფიქრის გარეშე უპასუხა, თან აბრამოვს თვალებით ანიშნა, შენ ცოტათი წინ წადი და მეც გამოგყვებიო. რაც არ უნდა ყოფილიყო, არასდროს უყვარდა როცა მობილურზე საუბრისას ვინმე უსმენდა და სწორედ ამიტომ ჩამორჩა ნიკოლასსაც, რამდენიმე ნაბიჯით.
-გისმენ მიშკა -ჩასძახა ყურმილში თან კაფედან გასასვლელი კარისკენ დაიძრა
-ელ, არაჩვეულებრივი ამბავი მაქვს, სად ხარ? -უზომოდ გახარებული ხმა ჰქონდა მიშკას
-სანაყინედან გამოვდივარ, რა მოხდა?
-ახლა ლექცია გაქვს?
-ჰო, ათ წუთში დამეწყება
-კარგი, მაშინ შენს ნახვას ვეღარ მოვასწრებ და ტელეფონით გეტყვი -დღეს, მე და ლიზა კლუბში მივდივართ ერთად. ცოტა ხნის წინ დავპატიჟე და უპრობლემოდ დამთანხმდა
-მართლა? -თქვა და სანაყინის კარიდანაც გამოვიდა. ნიკოლასი მხოლოდ ოთხიოდე ნაბიჯით თუ უსწრებდა
-ჰო, მართლა -მერე მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და შეპარვით ჰკითხა -ელ, იქნებ ჩემთან ერთად წამოხვიდე? თავდაჯერება შემემატება შენც თუ იქ იქნები
-მე, შენს პაემანზე რა უნდა ვაკეთო მიშკა?
-არ გეუბნები, რომ შუაში ჩაგვიდგე ცეკვის დროს, უბრალოდ იქვე, შორიახლოს იყავი და თუ რამე სისულელის კეთება დავიწყე, თვალებით მანიშნე შევწყვიტო, კარგი?
-არ ვიცი ეს რამდენად ჭკვიანური იდეაა -ტონზე ყოყმანი ეტყობოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული გოგონას
-არაა ცუდი იდეა . . . ელენე, უბრალოდ მართლა მჭირდება შენი გვერდიში დგომა
-არ ვიცი მიშკა . . .
-კარგი რა, დამთანხმდი. პირველივე დღეს მაინც არ ვაპირებ ერთმანეთი გაგაცნოთ. მხოლოდ ის მინდა, რომ შენი შორიახლოს ყოფნით მაინც შემემატოს გამბედაობა. ხომ იცი, ჩემზე მუდამ დადებითად მოქმედებ
ამ სიტყვების შემდეგ, ელენეს უკვე მართლა აღარ შეეძლო უარის თქმა. ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი ნამდვილად საჭიროებდა მსგავსი სახის დახმარებას და გადაწყვიტა პასუხიც ზედმეტი ყოყმანისა და გაჭიანურების გარეშე დაებრუნებინა.
-კარგი, კარგი, წამოვალ, უბრალოდ იცოდე, რომ მხოლოდ შორიდან დაგაკვრდებით და ახლოს არ მოვალ. არც მაგ გოგოს ესიამოვნება, თუ პირველივე პაემანზე მეგობართან ერთად გნახავს მისულს
-მაგას მეც ვხვდები -გაეცინა მიშკას -ანუ გადაწყვეტილია რომ მოდიხარ
-შენს ხელში სხვა გამოსავალი მაქვს?
-მართალი ხარ არ გაქვს . . . მოკლედ, დღეს ათ საათზე კლუბში იყავი სახელწოდებით -„ქარიშხლიანი უღელტეხილი“. არ დააგვიანო.
-ქარიშხლიანი უღელტეხილი ახსენე? -ხმას ოდნავ დაუწია ელენემ ამის თქმისას, რადგან არ სურდა მისი ეს სიტყვები ნიკოლასსაც გაეგონა
-ჰო, რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ აბრამოვიც მაგ კლუბში მუშაობს, ბარმენად და დღეს სწორედ მისი ცვლაა
მიშკამ მცირეხნიანი პაუზა გააკეთა, მერე კი თქვა :
-აი მესმის დამთხვევა, ანუ საღამოს შენს ნიკოლასსაც ვიხილავთ
-ჩემი არ არის და მორჩი ბევრ ლაპარაკს. ამას გირჩევნია საღამოსთვის რამე გემოვნებიანი სამოსი აარჩიო, რათა იმ გოგოსთან არ შერცხვე. იცოდე, ვარსკვლავური ომების მაისურით მისვლა არც გაბედო!
-კარგი, კარგი, გპირდები -ხმამაღლა გაეცინა -მოკლედ, შენ ლექციას მიხედე, მე კი ჩაცმა-დახურვის ამბებით დავკავდები. საღამომდე ელე
-საღამომდე -გოგონამ ყურმილი დაკიდა და ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა. აქედან რამდენიმე წამში, წინ წასულ ნიკოლასსაც წამოეწია და გვერდით ამოუდგა. ბიჭმაც ოდნავი ღიმილით გამოხედა.
-რა ქენი, მორჩი სატელეფონო თათბირს?
-მოვრჩი . . . სხვათა შორის, დღეს შენს კლუბში ვაპირებ მოსვლას
-ჩემს კლუბში? -ერთ ადგილას შედგა ნიკოლასი და გაკვირვებული მზერა მიიღო -რატომღაც ვფიქრობდი, რომ კლუბები და მსგავსი ხმაურიანი ადგილები არ მოგწონდა
-არც მომწონს -ღრმად ამოიხვნეშა ელენემ და როდესაც აბრამოვის კითხვის ნიშნებით გადავსებულ მზერას გადააწყდა, დაამატა : -წამოდი, ლექციაზე გვაგვიანდება, ყველაფერს გზაში აგიხსნი . . .



№1 სტუმარი nanacho

ჩავიკითხე ყველა თავი.შემდგარი ისტორიაა,ძალიან საინტერესო.მომწონს ძალიან.როგორი დადებითი პერსონაჟები გყავს ყველა,ნუ სამსონიძე არა რა თქმა უნდა.ელენე საოცარი გოგოა,უნიკალური..

 


№2  offline წევრი ვიპნი

ახლა თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს,ის საიტი გეგას გაკეთებული ხომ არაა,ნუ მეორე ვარიანტიც მაქვს ნიკოლასს დაეხმაროს საიტის დაბლოკვაში.მოკლედ დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ თავს.

 


№3 წევრი ანა გუგე

რამდენიმე თვეა ისეთი ისტორია ვერ ვიპოვე აი თავების დადებამდე რო მოუთმენლობა გულისა დამემართოოს

ძააალიან მომწონს ჯერ ხო სასიამოვნო წასაკითხია და მერე პერსონაჟები როგორი კარგები არიაან. თან ელენე რო ასეთი ჩამოყალიბებული და გაწონასწორებულია ესეც მომწონს. ასე რომ გელოდებიიი ❤️❤️

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

გამიხარდა ქვიშის ქარიშხალის ნახვა აქქ. ზალიან მომწონს. აი ძალიან. ნიკოლა ელწნას წყვილი არის სუპერ. იმედია სამსონაძე დროზე მიხვდება თავის გრძნობებს. ნიკოლაცვროგორმე მოაგვარებს ურტიერთობებს ოჯახშიბრომნქონდეთ იდილიააა. მოუთმენლად გელი და მადლობა პუნქტუალობისთვის

 


№5 სტუმარი ტაისა

ძალიან ხალისიანად და სასიამოვნოდ დაიწყო დღე)) ველი შემდეგ თავს <3333333

 


№6  offline წევრი A.N.A

აუ როგორ მიყვარსს❣️
გელი გელი და გელიი❣️

 


№7 სტუმარი Stumari babi

Dzalian kargia male rom dabrundi.moutmenlad veli shemdeg tavs❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent