ლიმონისფერი [სრულად]
გავაპროლოგოთ. - ორცხობილები არ გინდა, პატარა ელი? - როცა გავიზრდები და უარს ვერ გეტყვი, კი. - და თხილიანი შოკოლადი? - იცოდე, ნუ დაივიწყებ, რომ მერე უნდა მიყიდო. - პატარა ელი, ნუში? - ბევრი რამ გიგროვდება. იცოდე, გაგყიდი. ტკბილეული ძალიან მიყვარს. ძალიან. - გინდა დაგპირდე, რომ სხვას არასდროს ვუყიდი იმას, რაც შენ გიყვარს? - მინდა, როგორ არა. ოღონდ მერე არ მითხრა - ძალიან ბავშვური ხარო, კარგი? - ეგ რომ არ გითხრა, იმიტომ ხარ პატარა ელი; და გპირდები. - უნდა წავიდე, დრო მაჩქარებს. ვ(გ)იმახსოვრებ. - ყველაფერს თან გატან, ხომ იცი. ბავშვობაში დედა მეუბნებოდა - უცხო ადამიანმა რამე რომ შემოგთავაზოს და გიყიდოს, თავი შორს დაიჭირეო. არ ვიცოდი, რის გამო უნდა მოვქცეულიყავი ასე, მაგრამ, რადგან დედა ამბობდა, ვეთანხმებოდი. ისე, ძნელი კი იყო ჩემთვის, რომ უარი მეთქვა საყვარელ ორცხობილებზე და - არამარტო. ზოგჯერ უნდა დაიკლო სიტკბო, რომ მერე ორმაგად იგრძნო. *** დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა რძისფერი კანი გაქვსო. ეს არ იყო უბრალოდ თეთრი. რომ მეტყოდნენ როგორი თეთრი ხარო, ვპასუხობდი - რძისფერი - მეთქი. დღემდე ასე ვარ. რძეს სხვა ფერი აქვს. ყოველთვის უკვირთ, როცა ამას ვამბობ. არადა, მე ისეთი რძისფერი ვარ, კანქვეშ, რაც არსებობს ჩემს სხეულში, ხმამაღლა სუნთქავს. მიყვარს მზის შუქზე გარეთ სიარული. მაშინ ბევრად დიდი ლანდი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ. გამვლელები ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტებს. მეც ისე ვიღიმი, როგორც ჩემს ბროლის კბილებს შეეფერება და თავს ვიწონებ. რატომაც არა? რა, კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს რძისფერი კანი? ახლა თეთრი, გრძელი კაბა მაცვია. ვიცი, რომ ლამაზი ვარ. ყველგან ამას ვგრძნობ. ხელში ქიშმიშიანი ორცხობილები ისე მიჭირავს, თითქოს ვინმე წამართმევდეს. ლურჯ ავტობუსს ველოდები. მხოლოდ ის მიმიყვანს სახლში. სასაცილოა, მაგრამ ასე გადავწყვიტე. ფანჯარასთან ჯდომა და სივრცის თვალიერება მიყვარს. მოკლედ რომ ვთქვა, როგორც ყველას თვალებში ვკითხულობ, რაღაცნაირი ვარ, უცხო და თითქმის ხელშეუხებელი. ფანჯარასთან ვჯდები, როგორც კი ლურჯ ავტობუსში ავდივარ. მოუსვენრად ველოდები ვინ მოკალათდება ჩემ გვერდით, რომ კანის ფერი შევამჩნიო და თითებზე დავაკვირდე. თვალებს აქეთ-იქით ვაფაციცებ. ხან გარეთ, ხან - შიგნით სივრცეში. არომატული ლიმონის სურნელს ვგრძნობ ჩემთან ახლოს. ძალიან ახლოს. ისე ახლოს, რომ ჩემი რძისფერი კანი წამიერად ლურჯდება სიცივისგან. ვერ ვხვდები, ვინ არის ასეთი ზამთარი შემოდგომისფერ გადაკრული. განგებ არ ვიხედები, რომ არ. არ. მეშინია, ვინმე ისეთი არ იყოს, თავისი სიცივით ჯერ მომხიბლოს და მერე თავი შემაყვაროს. უცხო კი ისაა, რომ მეცნობა და რაღაცას მახსენებს. ჩემთან თბილა. მზისგან გაყვითლებულ ცას თვალს ვაშორებ და ძალიან ფრთხილად, ისე თითქოს რაღაც გამანადგურებელს უნდა შევხედო, მზერას ვაპარებ. ჩემს თავს ვიჭერ, რომ მეშინია. ხელებზე ვაკვირდები. ყვითელი კანი აქვს. ზუსტად ლიმონისფერია მისი კანი. ყვითელი ლიმონისფერია. შეიძლებოდა მწვანე ყოფილიყო? ღმერთო ჩემო. ამდენხნიანი დაკვირვების მანძილზე პირველად ვხედავ ასეთ კანს. ისეთს რომ მზე ვერ ლანდავს, რადგან ერთი ფერი არიან. ისე მინდა ვკითხო ლიმონის ჭამისგან დაემართა ეს, თუ სხვა რამ, თავს ძლივს ვიკავებ. ჩემკენ მოდის. იმდენი თავისუფალი ადგილია და მაინცდამაინც აქ მოდის. იქ, სადაც მე ვზივარ. ჩემს ორცხობილებს ხარბად უყურებს და უცებ ვხედავ შოკოლადს, რომელიც ჯიბეში შესამჩნევად ჩაუდია. არც აციებს, არც აცხელებს და ჩემ გვერდით ჯდება. მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით მშორდება განგებ. მე მინდა შემეხოს და ვიგრძნო - ლიმონისფერი კანის გემო. სურნელი ჩემ ირგვლივ ტრიალებს. რომელ სუნამოს იყენებს რომ ვკითხო, სისულელეა, ხო? კი. სუნამო ვერ იქნება - იმიტომ, რომ კანის სუნია. იქნებ, უბრალოდ ლიმონი დაწურა და სუნი აიყოლა? იშმუშნება. სახეს ჩემკენ ატრიალებს, მერე ჩემს მუხლებზე დადებულ ორცხობილებს უყურებს. შეკვრას ვხსნი. თითებზე მომჩერებია და ჩემს მოძრაობებს აკვირდება. იცის, რომ ვგრძნობ მის მზერას. მარცხენა ხელს წინა სავარძლის საზურგეს ადებს და გრძელ თითებს მაჩვენებს. ლიმონისფერ კანზე წვრილი კაპილარები ეტყობა. რაღაცას მაგონებს. ისეთი კავშირი აქვს ამ მომენტს ხელოვნებასთან, ნახატებზე დატანილი სიყვითლე მაგონდება. მას შეიძლება ლიმონის ხე სახლში აქვს. ამის წარმოდგენაზე ტანში მცრის. არა. არამარტო ეს ხე, მის სახლში ყველაფერი ლიმონისფერი იქნება, ვიცი. ძალიან უხდება. ზუსტად ისე, როგორც მე რძისფერი. უფრო სწორად, - მსგავსად. როგორც მე არ ვწყვეტ მის თვალიერებას, თვითონაც იგივეს აკეთებს. მერე ის მარცხენა ხელი ჩემს ზღვარზე მოაქვს, მაგრამ არ მეხება. - ერთი ორცხობილა შეიძლება? - საშუალო ტონალობით ცივი, აკორდული იოგების ხმით მეკითხება და მე ჯერ მისი ბაგეებისგან გაჟღერებულ მუსიკაზე ვფიქრობ. - არ შეიძლება? - ისევ აგრძელებს ლიმონისფერი და არ ჩერდება. - მგონი, კი. ზოგადად - არ მიყვარს, რომ მართმევენ. - სანაცვლოდ ჩემს შოკოლადს შემოგთავაზებ. - ბაგეებზე მომსკდარ ღიმილს არ ერიდება და ისე უხდება სიცილი, ვგიჟდები. ამ დროს - არც კი ვიცი, ვინ არის. მგონი, საკმარისია, რომ ლიმონისფერია. მისი ყველა დეტალი ისეთი გასაგიჟებელია, საბოლოოდ სუნთქვა შემეკვრება აღმოჩენის დასრულებისას. - იყოს ეგრე. თხილიანია? - თვალები მენთება, ვგრძნობ. - კი. - ორცხობილას იღებს და პარალელურად შოკოლადს მაწვდის. ზუსტად ისეთია, როგორიც მე მიყვარს. ამ ყველაფერში იმხელა სიჩუმე ყვირის, გული მეკუმშება. ალბათ, ყველაზე მეტყველი სიჩუმეა. ის ლაპარაკობს. - ვგიჟდები ამ შოკოლადზე. - ვიცი. შემჩნეული გ(მ)ქონდა შენ შოკოლადი და მე შენს თვალებში - სხივი, ვიდრე თვითონ შემოგთავაზებდი. - გავწითლდი? - ნუ გეშინია. შენს თვალებში ჩემი თავი მომეწონა. - კითხულობ? - გადაშლილი წიგნი ხარ. ისეთი კანი გაქვს, სიტყვები შენში ლანდავს. - კიდევ კარგი, რომ არ ჩანს რამდენი ორცხობილა და შოკოლადი ვჭამე. - უმიზეზოდ გამეცინა ჩემს თავზე. ისე მარტივად გავიფაქტე, სხვა გზა არ იყო. ჩემთან ერთად იცინოდა. ზუსტად იმ წამს, როცა მე. უზომოდ მომწონდა მის ლოყებზე სიღრმეები. მზემ სხივი განსაკუთრებულად შემომანათა უცებ და ხელი თვალებზე ავიფარე. ჩემი მაჯის საათიც იმ წუთას ახმაურდა. როცა პულსი მიძლიერდება, მხოლოდ მაშინ ემართება ასე. მე ვფიქრობ, ხარბმა მზერამ გამოიწვია ეს. - გრძელი თითები სისხლის მოძრაობას აჩვენებენ. - ასე ნუ მაკვირდები, თორემ საათი მოქმედებს. - შევამჩნიე. აქამდე ხმადაბლა წრიპინებდა, არ გაგიგია? - ღმერთო ჩემო, ნუ მარცხვენ. - თვალები დავხუჭე და მთლიანი სახე ხელებით დავიფარე. მერე თვითონ შემეხო. ძალიან მსუბუქად მომკიდა ხელი და ჩამომაღებინა სახიდან. ლამის დავიწვი. ისეთი ცხელი იყო, როგორც წეღანდელი მზე. - მე აქ ჩავდივარ, არ დამივიწყო. ეგ შოკოლადი დაიტოვე და შემდეგშიც მიცნობ.- მითხრა და ავტობუსის კარს იქით გაქრა. დამიტოვა საფიქრალი. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ლიმონისფერი იყო. ალბათ, საკმარისი უნდა ყოფილიყო. სადმე რომ ისევ მენახა, ვიცოდი, სუნით და ფერით ვიცნობდი. ისე ვლაპარაკობ, თითქოს ყვავილი იყოს, მაგრამ სხვა არაფერი მაგონდება. მოვიდა და წავიდა. ისე მოიქცა, თითქოს არც ვუნახივარ. შეიძლება მოსწონს ადამიანების მოგონებებად შეგროვება. უცნაური კი იყო. თან ორცხობილა კი არ შეჭამა, ხელში დაიტოვა. თანვე წაიღო. ვინ იქცევა ასე? იქნებ, ლიმონიან ჩაის უნდა დააყოლოს? იმდენი კითხვა მაქვს და პასუხი არც ერთზე, ნერვები საფეთქლებთან სიძლიერით მასკდება. არ მიყვარს გაურკვევლობა. არც მოლოდინის რეჟიმი. დაუწყებელი დაასრულა. ეჭვი მაქვს, თითქოს განგებ მოიქცა ასე. განგებ იმიტომ, რომ ფიქრი არ შემეწყვიტა. ახლაც ვგრძნობ სუნს, რომელიც ჩემს მარჯვენა მხარზე შერჩენილა მისი სიახლოვისგან. საშინელებაა, როცა ადამიანს ყველაფრის გარეშე იცნობ. მაინტერესებს, როდის, როგორ და რომელ სიგარეტს ეწევა. ან თუ არ ეწევა, მინდა კიდევ ვნახო და ჩემ თვალწინ გააკეთოს ეს. ძალიან მოუხდება. მას ისეთი ლამაზი თითები აქვს, უდაოა - მოუხდება. ვგიჟდები სიგარეტზე. უფრო მეტად, ტუჩებში გაჩრილ ღერზე. პიტნის გემო მომწონს. უცხო არომატი აქვს, მაგრამ ტუჩებზე რჩება. ეს მინდა დავინახო. სულ წამიერად. ჩემს თავზე მეცინება. უაზრო ოცნებები მაქვს ზოგჯერ. არა, მე ვაძლევ აზრს ასეთ ოცნებებს. ან სიამოვნებით ვუყურებდი როგორ სვამს ჩაის; როგორ უსმენს მუსიკას; როგორ კითხულობს; როგორ ჭამს; როგორ წერს; მოკლედ - მისი ყველაფერი მაინტერესებს. ცნობისმოყვარეობა მჭამს. სადმე აუცილებლად უნდა ვნახო. კიდევ ერთხელ უნდა შევხვდე, თორემ ისე ვერ დავისვენებ. ახლა ვერაფერი მოვასწარი. როგორ შეიძლება ადამიანი გაგეცნოს და არაფერი გითხრას? არა. არ მიყვარს ასე. მე ყველაფერი უნდა ვიცოდე, რადგან მომწონს. *** - შენსას მე გადავიხდი. - ლიმონისფერო? - უკან არ ვბრუნდები, ხმაზე ვცნობ. - კი, მე ვარ. ისეთი ორცხობილები მოგიტანე და ჩასვლამდე მოგისწარი. - ახლაც უნდა გაიქცე? - ძირს ჩამოსული ვეკითხები. - არ იდარდო, შეგავსებ. - ღიმილით მითხრა და ოქროსფერი თმა ყურს უკან გადამიწია. - ხომ მოწევ? - გაიზარდე, პატარა ელი. ამაზე ტვინი დამიტრიალდა. რაღაც ფრაგმენტი ამომიტივტივდა. ასე ბავშვობაში მეძახდნენ. უფრო სწორად, მეძახდა. ან მომენტები მეორდება, ან რაღაც უჩვეულოს აქვს ადგილი. - ახლა გავგიჟდები. - გეგონა შენი რძისფერი კანი დამავიწყდებოდა? - კარგი - მეთქი! - დაპირებას გისრულებ. ეგ საათი მოიხსენი, თორემ სადაცაა გასკდება. - დამცინი? - არა, ჩაიზე გპატიჟებ. შენ ისეთი თვალები გაქვს, ყველაფერი ჩანს და ვიცი, გინდა. ხომ ვთქვი, ლიმონის ხე ექნება სახლში - მეთქი. ჰყვარებია. აბსოლუტურად ლოგიკურია. ყველა კუთხეს სიყვითლე დაჰკრავს, როგორც მის კანს. ვინმეს ეგონება - სახლიც დაავადმყოფებულიაო. სიძველის ფერია ირგვლივ; და ისეთი სუნი, რომ ფილტვებს ვერ ვივსებ, უფრო მეტად მინდა ჩავისუნთქო. ჩაის ვსვამთ. დაუწყებელი დასასრულის გაგრძელებაა. ზოგჯერ ასეც ხდება. მართლა უხდება სიგარეტი. ქვედა ტუჩი უფრო სქელი აქვს. ენით ისველებს ხოლმე. დაბალი წვერი ისე მომწონს მის სახეზე, მინდა ხელით დიდხანს შევეხო. მინდა - ვიგრძნო. - პატარა ელი, შენს გაზრდას ველოდი. - ვერ ვიფიქრებდი, მართლა. - დავლიოთ ჩაი; და მერე გასწავლი როგორ მოუარო ლიმონის ხეს სახლში. მე მივხვდი, ეს კანის ფერი ბუნებრივი იყო და არა - ლიმონისგან. კანმა შემდეგ შეაყვარა ციტრუსი. ჯაჭვის რგოლები ერთმანეთს გადაება. რაც არ უნდა იყოს, მისი კანი ლიმონისფერია და ჩემი - რძისფერი. თითქმის ჰგავს, რადგან ორივე ღიაა. და გვერდიგვერდ - უცხო. *** - თოლიას ჩამოსასხმელი ნაყინისთვის ქალაქი უნდა შემომატარო ამ სიცივეში? - კარგი, რა. ძალიან მიყვარს. ამეკვიატა და მინდა. ამ ნაყინს საოცარი გემო აქვს. ისეთი ცივია, ყელში მოხვედრისას სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. - გაცივდები, პატარა ელი. - ცხვირზე თითი დამკრა. - შენ მომივლი, არ ვდარდობ. მართლა არ მიდარდია. იმდენი ლიმონიანი ჩაი დავლიე, ლამის გავმჟავდი. ღამითაც არ ეძინა და მზერას თვალდახუჭულიც ვგრძნობდი. ერთი მძიმედ რომ ამომესუნთქა, მაშინვე აფორიაქდებოდა. - ხომ გითხარი, რატომ არ დამიჯერე? - სამაგიეროდ, ასახდენი ოცნებების ჩამონათვალში ერთს ხაზი გადავუსვი. - ეს ამშვიდებდა და უცებ გაჩუმდებოდა. მე კი ვუყურებდი და მინდოდა დიდხანს მქონოდა ტემპერატურა, რომ მას ემკურნალა. *** <<ჩაიცვი და ქვემოთ გელოდები, ავტოდრომზე მიმყავხარ, პატარა ელი. შავი მანქანა ჩემია.>> - ასე დაიწყო ოცნებების ახდენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.