შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკივრში ჩაკეტილი სიმართლე (თავი-1)


6-02-2021, 14:50
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 375

"თვითმფრინავი მალე თბილისის აეროპორტში დაეშვება, ძვირფასო მგზავრებო გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები!" -სიზმრების სამყაროში, მეხის გავარდნასავით ჩაესმა რობის, სტიუარდესას ხმამაღალი განცხადება და სკამზე დენდარტყმულივით წამოვარდა.
წამით, ირგვლივ ყველაფერი ეუცხოვა და გარკვეული დრო დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, თუ სად იმყოფებოდა. ვერც კი გაეგო რა დროს ჩაეძინა. ბოლო კადრად ის ახსოვდა, როგორ გადაფურცლა მის წინ მჯდომმა მამაკაცმა რომელიღაც პოლიტიკური შინაარსის გაზეთი და როგორ გაფაციცებით ჩააშტერდა მასში დაბეჭდილ მოზრდილ სტატიას.
იმდენი ხანი იყო გასული, რაც თვალით აღარ ენახა თავისი სამშობლო, უკვე აღარც კი აგონდებოდა ბევრი რამ. ბუნდოვნად ახსოვდა უბნები, ქუჩები, ადგილები, სადაც სიარული უყვარდა და ბილიკები, რომელთაც ადრე თვალდახუჭულიც კი გაივლიდა. მეტად უცნაურად ეჩვენებოდა ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნება. იცოდა, ეგვიპტური იეროგლიფების ათვისებასავით გაუჭირდებოდა ჩვეული ცხოვრების სტილის შეცვლა, თუმცა იმდენად ჰყავდა მონატრებული მშობლიურ ქალაქში დატოვებული ადამიანები, მათგან შორს ყოფნა დღითიდღე უფრო და უფრო ურთულდებოდა.
თვითმფრინავი უკვე წამი-წამზე დაიწყებდა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაშვებას. აეროპორტის შენობაში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის დახვედრას ელოდა და ისიც ბაბუამისი გახლდათ -ბატონი კოტე ნიქაბაძე. ამ პიროვნებას, უდიდესი ამაგი ჰქონდა რობის ცხოვრებაში. მას მერე, რაც მშობლებმა მასზე უარი თქვეს, როგორც შემთხვევით ჩასახულ, არასასურველ ბავშვზე, ბაბუა იყო მისთვის დედაც, მამაც და ისიც, ვისი იმედიც ყველგან და ყოველთვის ჰქონდა, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.
თბილისი რომ დატოვა, სულ რაღაც თექვსმეტი წლის თუ იქნებოდა. იმ პერიოდში, თინეიჯერობის ასაკში მყოფს, წასვლა და ყველაფერთან გარიდება ერთადერთ გამოსავლად ეჩვენა. გოგო, ვის მიმართაც ერთ დროს საკმაოდ სერიოზული გრძნობები გააჩნდა, მალულად მისი მოღალატე აღმოჩნდა, რითაც ფაქტობრივად თავზე ჩამოანგრია მთელი მომავლის გეგმები. ასეთ სიტუაციაში, ამერიკაში მყოფი დეიდის შემოთავაზება, სწავლა სან-ფრანცისკოში გაეგრძელებინა, მართლაც რომ მისწრება აღმოჩნდა რობისთვის. ნამდვილად არ დასჭირვებია მოსაფიქრებლად ბევრი დრო. იმდენად სურდა ყველას და ყველაფერს მოშორებოდა, წინადადებას მეორე დღესვე დათანხმდა და გამგზავრების საკითხების მოგვარებაზეც სასწრაფოდ დაიწყო ზრუნვა.
კოტეს ნამდვილად არ გაუწევია შვილისშვილისთვის წინააღმდეგობა. მართალია, გული ძალიან დასწყვიტა რობის მოულოდნელმა მისწრაფებამ, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო და მხარიც კი დაუჭირა ამ წამოწყებაში. ერთადერთი პრობლემა, რაც გამგზავრებამდე რჩებოდა მოსაგვარებელი ბიჭს, ეს თავისი საუკეთესო მეგობრისთვის ამ ახალი ამბის შეტყობინება გახლდათ. სწორედ ეს იყო მთავარი თავსატეხიც. მაშინ, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ფორმით უნდა ეთქვა, აქედან ძალიან დიდი ხნით მივდივარო იმ ადამიანისთვის, ვისთანაც მთელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული და ფაქტობრივად სულის ნაწილივით იყო ბიჭისთვის.
საოცარი მეგობრობა აკავშირებდა რობის ამ პიროვნებასთან, უფრო კონკრეტულად კი -დეა შენგელიასთან. ერთმანეთს თითქმის დაბადებიდან იცნობდნენ, საბავშვო ბაღშიც კი ერთად დადიოდნენ და სკოლაშიც ერთ კლასში იყვნენ, თანაც ერთ მერხთან მსხდომები. არ არსებობდა რობის დღე, დეას გარეშე და დეას ყოველდღიურობა, რობის გარეშე. თითქოს დამოკიდებულები იყვნენ ერთმანეთზე და სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად, მისი მიტოვება გაუჭირდა წასვლის წინ. ელოდა კიდეც გოგონას მხრიდან მწვავე რეაქციას, ამერიკაში წასვლამდე და მისი ინტუიაცია ასი პროცენტით გამართლდა. იმ საბედისწერო დღეს, დეამ მასზე სამუდამოდ თქვა უარი. იმ დღეს, რობიმ საუკეთესო მეგობარი დაკარგა და თვითმფრინავის ტრაპზე ამავალიც, მხოლოდ კოტესა და რამდენიმე მისი სკოლის მეგობრის სევდით გატენილმა მზერამ გააცილა, სან-ფრანცისკოში.
ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და ილუმინატორიდან გაიხედა. მისი საჰაერო ტრანსპორტი უკვე დაბლა ეშვებოდა და ამის გამო, ღვედიც მაგრად ჰქონდა გადაჭერილი. ერთადერთი, რაზეც აღნიშნულ წამს ეფიქრებოდა, ის იყო, თუ როგორ შეხვდებოდა მშობლიურ ქალაქში დატოვებული საუკეთესო მეგობარი ამდენი ხნის შემდეგ? მას მერე, რაც ამერიკაში წავიდა, დეას სოციალურ ქსელებს გამუდმებით ადევნებდა თვალყურს, აკვირდებოდა როგორ იზრდებოდა, როგორ ქალდებოდა ნელ-ნელა და როგორ იცვლებოდა მისი ბავშვური გამოხედვა. ვინ მოთვლის რამდენჯერ დაურეკავს გოგონასთვის, მეილზეც კი გამუდმებით უგზავნიდა წერილებს, სადაც თავის ყოველდღიურობას უყვებოდა, იმას, თუ როგორ უნდოდა მისი ხმის გაგონება ან რამდენად ძლიერი იყო მისგან შემოსული ერთი შეტყობინების წაკითხვის სურვილი, თუმცა დეა, ჯიუტად არ აკეთებდა კომენტარს რობის არც ერთ წერილზე.
მაჯის საათს, მოღუშული მზერით დახედა ბიჭმა. უკვე, საღამოს შვიდი შესრულებულიყო. მერე კვლავ მიტოვებული ფიქრების წიგნი გადაფურცლა და ამჯერად იმაზე ჩაფიქრდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გოგონას, როდესაც რობის ერთი-ერთში შეხვდებოდა, შვიდი წლის მერე? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაგების ერთადერთი საშუალება, დეასთან ვიზიტი იყო და ამას აუცილებლად გააკეთებდა, როდესაც შესაფერისი დრო მოვიდოდა.
აეროპორტის უზარმაზარი შენობა ხალხით იყო გადაჭედილი. ამხელა ბრბოში, ადამიანთა ერთმანეთისგან განცალკევებაც კი უჭირდა, თუმცა დიდი დრო მაინც არ დასჭირვებია უცხო სახეებიდან, ნაცნობი გამომეტყველების ამოსაცნობად. ბაბუამისის სათნო, მომღიმარ სახეს, ათას კაცშიც კი გამოარჩევდა, რამდენი დროც არ უნდა ყოფილიყო გასული მათი ბოლო შეხვედრიდან.
ბატონი კოტე, ამჯერადაც ჩვეულ სტილში გახლდათ გამოწყობილი -შავ, სპორტულ შარვალზე, ამავე ფერის სპორტული მაისური მოერგო, ფეხებს კი, ნაიკის თეთრი ბოტასები უმშვენებდა. ასაკის მატება ოდნავადაც არ მოქმედებდა მოხუცის გულზე და ყოველთვის ისე ახალგაზრდულად ეცვა ხოლმე, ნებისმიერი ადამიანი იმაზე ათი წლით ნაკლებს მისცემდა, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ.
რობიმ ესკალატორიდან აღებულ ჩემოდანს ტარი ამოუწია და გაღიმებული სახით გაემართა თავისი გამზრდელი ბაბუისკენ. იმ წამს, ნათლად იგრძნო, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დაბრუნებით. მართალია ამ სახეს ყოველდღიურად უყურებდა ვიდეო-ზარის მეშვეობით, თუმცა პირისპირ დანახულს მაინც სულ სხვა ეფექტი ჰქონდა და გულიც სულ სხვაგვარად უცემდა, როცა ტელეფონის ეკრანის მაგივრად, რეალურ ცხოვრებაში ხედავდა თავისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს.
-როგორ ვხედავ არ ბერდები კოტე, მე კიდევ მეგონა ინტერნეტში საუბრისას ადებდი შენს თავს ახალგაზრდულ ეფექტებს -სიცილით მიუახლოვდა ბაბუას, თან ცალი ხელით გადაეხვია, რადგან მეორე ჩემოდნით ჰქონდა დაკავებული. გულზე სითბო საღებავივით გადაესხა ამ შეხვედრისას. თითქოს რაღაც ისეთს შეეხო, რის გარეშეც ნორმალურად ცხოვრებას ვერ ახერხებდა მთელი ეს დრო.
-შენი სამასხარაო ვარ ბიჭო ამხელა კაცი? -მოჩვენებითი გაბრაზებით წაუთაქა თავში საყვარელ შვილისშვილს, როგორც კი მის ჩახუტებას მორჩა და მალულად გააბრუნა უკან თვალის გარსთან ეულად მომდგარი სიხარულის ცრემლი, ასე ძალიან რომ არ უნდოდა ჯებირებს გადმოსცდენოდა
-არ გეხუმრები კოტე, მართლა მაგრად გამოიყურები. როგორც დაგტოვე ისეთი დამხვდი, თითქოს თაფლში გინახავდა ვინმე
-გაჩუმდი ერთი, გაჩუმდი -კვლავ მაგრად მოეხვია იგი თავისზე ორჯერ მაღალ რობის. მერე ზურგზე ხელი დაარტყა და თავით აეროპორტიდან გასასვლელისკენ ანიშნა, რათა ამჯერად ორივენი ერთად დაბრუნებოდნენ მშობლიურ კერას.
შინ კოტეს მანქანით წავიდნენ, ბაბუა და შვილისშვილი. უბნები, ქუჩები და ადგილები, იმდენად შეცვლილიყო ბიჭისთვის, რომ გულიც კი დასწყვიტა ამ ყველაფერმა. უცხოობის შეგრძნება, რომელიც მშობლიური ქალაქის მიმართ ჰქონდა გაჩენილი, წამითაც არ ტოვებდა, მთელი მგზავრობის განმავლობაში. თბილისი სრულებითაც არ ჰგავდა სან-ფრანცისკოს, არც მშვიდობის ხიდი აგონებდა „ოქროს კარიბჭეს“ და არც ოკეანე ჩანდა სადმე, თუმცა მთავარი, რაც ამ ქალაქში იზიდავდა და იქ დარჩენას აიძულებდა, მისთვის საყვარელი ადამიანები იყვნენ. მათ გამო, მზად იყო ყველაფერს თავიდან შეჩვეოდა, ახლიდან აეწყო ფეხი აქაური ცხოვრების ტემპისთვის და საკუთარ ქალაქში ეცადა თავის დამკვიდრება, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს ყველაფერი.
რობიმ საქარე მინა ბოლომდე ჩასწია და მას მას მარჯვენა მკლავი ჩამოაყრდნო. გარეთ საოცრად თბილი და სასიამოვნო ამინდი იყო. გაზაფხულის მზე საამოდ აცხუნებდა და თავისი სხივებით აფერადებდა თბილისის ხმაურიან თუ არახმაურიან ქუჩებს. ხალხიც თითქოს ფუტკრებივით დაბზუოდნენ აქეთ-იქით და ყველანი თავიანთ საქმეზე მიიჩქაროდნენ, მეტად სერიოზული გამომეტყველებით. ნათლად იგრძნობოდა, რომ მათგან ყველას, საკუთარი საზრუნავი, საფიქრალი და ინდივიდუალური ცხოვრება ჰქონდა, რომელიც უცხო თვალისთვის სრულიად დაფარული და შეუცნობელი გახლდათ.
სიცოცხლით სავსე ქუჩების თვალიერება, ვიბერზე მოულოდნელად მოსულმა შეტყობინებამ გააწყვეტინა ბიჭს. როგორც აღმოჩნდა, მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, დაჩი ბარათელი სწერდა, ვინც, ამერიკაში წასვლის შემდეგ შეიძინა რობიმ. ეს უკანასკნელი, წარმოშობით აფხაზეთიდან, კერძოდ სოხუმიდან იყო და სან-ფრანცისკოში, ისიც სასწავლებლად გახლდათ ჩასული. ბიჭის მშობლები, ამ ეტაპზე თბილისში ცხოვრობდნენ, საკმაოდ შეძლებულებად ითვლებოდნენ და ერთადერთი შვილისთვისაც ყველაფერი საუკეთესო ემეტებოდათ, განათლებიდან დაწყებული, ცხოვრებისეული კომფორტის შექმნით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყოდა, რომ დაჩის, ეგოისტურად ჰქონდა თავში ავარდნილი ყველაფერი ის, რაც ბედისწერამ მისთვის გაიმეტა. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება ოდნავადაც არ ჰქონდა, სწავლას, სამსახურსაც უთავსებდა ხოლმე და პირადი საჭიროების ხარჯებზე მშობლებისთვის ნამდვილად არ ჰქონდა ხელი გაწვდილი.
რობიმ შეტყობინება დაყოვნების გარეშე გახსნა და წერილის ველში, შემდეგი სიტყვები ამოიკითხა :
„რა ქენი ჩაფრინდი? აიზეკმა ტვინი გამომჭამა გინდა თუ არა ამბავი გაიგეო“
ხსენებული აიზეკი, დაჩისა და რობის მესამე უახლოესი, შავკანიანი მეგობარი გახლდათ, ლიბერიიდან. ბიჭები, საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახს ინაწილებდნენ და საკმაოდ ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ ერთმანეთთან. მართლაც რომ უამრავი სასიამოვნო მოგონება ჰქონდა რობის სტუდენტურ წლებთან დაკავშირებით. სამეგობრო წრეშიც საკმაოდ გაუმართლა, დაჩისა და აიზეკის სახით, თუმცა დეა, მაინც სულ სხვანაირად ენატრებოდა ხოლმე და მის თავს ვერასდროს ვერავინ უცვლიდა, ვერც ერთ სიტუაციაში.
„კი, ახლა სახლში მივდივარ. დავლაგდები, გამოვიძინებ და მოგვიანებით შეგეხმიანებით.“
პასუხს აღარ დალოდებია. იმდენად იყო გამოფიტული, ტელეფონში ინტერნეტი მაშინვე გამორთო, სავარძლის საზურგეს თავი ჩამოაყრდნო და საჭესთან მჯდომ ბაბუას გადახედა, ოდნავშესამჩნევი ღიმილით.
-კოტე, სანამ ჩამოვიდოდი, მეგონა ცოლსაც დამახვედრებდი მოყვანილს, შენ კიდევ თურმე ისევ მარტო ხარ
კაცს გაეცინა და გადაწყვიტა ხუმრობაში თავადაც აჰყოლოდა შვილისშვილს.
-შენ ჩამოსვლას ველოდებოდი, თორემ ხომ იცი საცოლეები რიგში მიდგანან და თეთრ ცხენზე ამხედრების გარეშეც მღებულობენ?
-კარგი, თუ ეგრეა, მერე კანდიდატებსაც ერთად გადავხედოთ და ვინმეს აგარჩევინებ
-ჩემი დაოჯახება იქეთ გადავდოთ და, შენ ის მითხარი, დეას თუ გააგებინე, რომ ჩამოდიოდი?
რობის სახიდან ღიმილი გაუქრა და ღრმად ამოხვნეშას, თითქოს მთელი შინაგანად დაგროვებული ნეგატივი გაატანა. კოტესთან საუბარი იმიტომ მოსწონდა, რომ თითქმის ყოველთვის ისე ელაპარაკებოდა, როგორც თანატოლი და არა უფროსი ადამიანი, თუმცა დარწმუნებული არ იყო, უნდოდა თუ არა ახლა იმ თემის წამოჭრა, რომელსაც „დეა“ ერქვა.
-როგორ უნდა მეთქვა? -ოდნავ აიჩეჩა მხრები ამის თქმისას -შენც ხომ იცი, რომ უკვე წლებია არც ზარებზე მპასუხობს და არც შეტყობინებებზე? მთელი ეს დრო, დაუღალავად ვწერდი და ვეკონტაქტებოდი, მისი იგნორის მიუხედავად, თუმცა ერთი წლის წინ მეც შევწყვიტე ამის კეთება
კოტეს ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში. რობიც და დეაც, მისთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ, რადგან მთელი ბავშვობა, ორთავემ მის თვალწინ განვლო. გოგონას, არც რობის წასვლის შემდეგ გაუწყვეტია საყვარელ კოტე ბაბუასთან ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ მის შვილისშვილს პასუხის ღირსადაც არ თვლიდა, თავად კოტეს, საკმაოდ ხშირად ნახულობდა ხოლმე, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა.
-არც მე მითქვამს რომ ჩამოდიოდი -აღნიშნა კაცმა, თანაც ისე, რომ გზისთვის ყურება არ შეუწყვეტია -მეგონა თავად გააგებინებდი როგორმე, თუმცა ვხედავ ჯერ არაფერი იცის
-რაღაც არა მგონია ხელებგაშლილი შემხვდეს, ასე რომ თქმასაც არ ჰქონდა აზრი -გაბუტული ბავშვის მსგავსად ჩაიალარაკა რობიმ. გულის სიღრმეში, თავადაც ბრაზობდა დეაზე, ასეთი მოქცევის გამო, თუმცა მონატრების გრძნობა ბევრად უფრო დიდ ადგილს იკავებდა ბიჭის გულში, ვიდრე მისდამი ბრაზი
კოტემ, კვლავ სიტუაციის განმმუხტავის როლის მორგება სცადა, შექმნილ სიტუაციაში :
-თვითონაც ხომ იცი, როგორი ნაწყენია? -ჰკითხა შეპარვით გვერდით მჯდომ შვილისშვილს -მისთვის მთელი სამყარო იყავი, ყველაზე ახლობელი ადამიანი და უეცრად ადექი და მიატოვე. პატარა, ჩამოუყალიბებელ გოგოს, ამაზე სხვა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა?
-გთხოვ რა, ნუ ცდილობ ნისკარტი გამოუწმინდო -თვალები დახუჭა რობიმ ამის თქმისას -გასაგებია, მაშინ პატარა იყო, მაგრამ ხომ გაიზარდა? მგონი მხოლოდ მე არ მომმატებია შვიდი წელი. მისი ასაკიც ისევე იზრდებოდა ერთით, როგორც ჩემი
ეს იყო და ეს. მანქანით მგზავრობისას, ამ თემის ირგვლივ მეტად აღარაფერი თქმულა, ბაბუასა და შვილისშვილს შორის, თუმცა ბატონი კოტე ნიქაბაძე, რისი კოტე ნიქაბაძე იყო, თავისი გაზრდილი ბავშვის ხასიათი არ სცოდნოდა და იმაშიც დარწმუნებული არ ყოფილიყო, რომ დეას სანახავად, თვითონვე გამოიჩენდა ინიციატივას, მაშინ, როდესაც მოთმინების ფიალა ერთხელ და სამუდამოდ აევსებოდა.
დარჩენილი მგზავრობა, მცირედ დიალოგებს თუ არ ჩავთვლით, სრულ მდუმარებაში განვლეს. რობის უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდნენ შინ და როდის მიესვენებოდა რბილ ბალიშზე, რათა მგზავრობისგან გადაღლილს, მთელი დარჩენილი დღე, საკუთარი თავი ძილისთვის მიეძღვნა. ბიჭის სახლი, ის კედლები, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა, ისანში მდებარეობდა, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე. კარგად ახსოვდა, ბავშვობაში ლიფტი რამდენად ხშირად ფუჭდებოდა ხოლმე და ამის გამო, ფეხით უწევდა დაუსრულებელი საფეხურების ავლა. დიდ იმედს იტოვებდა, ახლა მაინც იქნებოდა ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრილი და კვლავაც იგივე სიტუაციასთან შეჯახება არ მოუწევდა, ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი.
ადგილები კვლავ უწინდებურად ცვლიდნენ ერთმანეთს. გზად, იმ ბაღსაც კი გაუარეს, რომელშიც მრავალჯერ გამოპარულა ხოლმე თანაკლასელებთან ერთად, შატალოებზე და არაჩვეულებრივი დროც უტარებია. ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც ღიმილი ადგებოდა სახეზე იმ წლების გახსენებისას. მიუხედავად ამერიკაში გატარებული საუკეთესო მომენტებისა, ყველაზე სასიამოვნო მოგონებები მაინც აქაურობასთან აკავშირებდა და ამას ვერასდროს ვერაფერი ცვლიდა.
თავის უბანში მოხვედრისას, მიხვდა, რომ აქ დიდად არაფერი შეცვლილიყო და ამ ფაქტმა ძალიან გაახარა. არ სურდა ყველაფერი ისე დახვედროდა, რომ ნორმალურად ვერაფერი ეცნო და სრულიად გადასხვაფერებულ გარემოში ამოეყო თავი, რაც უცხოობის შეგრძნებას გაუჩენდა ნაცნობი გარემოს მიმართ.
-დიდად არაფერი შეცვლილა ხომ? -თითქოს მისი ფიქრების სიღრმეს ჩასწვდაო, ისეთი მზერით გადახედა კოტემ, თან ოდნავ სვლაც შეანელა, რადგან უკვე თავიანთ მოსახვევს უახლოვდებოდნენ
-ჰო, თითქოს ისევ თექვსმეტი წლის ვარ და ახლა საიდანღაც ის თეთრი ჟიგულიც გამოჩნდება, ხილ-ბოსტნეული რომ დაჰქონდა ხოლმე ჩვენს უბანში
-ეგ კიდევ გახსოვს? -ღიმილი გადაჰფენოდა შვილისშვილის სიტყვებზე კოტეს
-ხუმრობ? ამირანის მოტანილი ვაშლების გემოს რა დამავიწყებს -რობიც აჰყვა სიცილში. ამ კაცთან უამრავი მოგონება აკავშირებდა. ბავშვობის ასაკში მასთან მეგობრობდა კიდეც და ძალიან ხშირად, უფასო ხილით დასაჩუქრებულიც გამოუსტუმრებია ხოლმე ამირანს, სახლში
კოტეს ნაცრისფერმა ჯიპმა, ჩაღრმავებულ ადგილას, წვიმისგან ჩაგუბებულ წყალში გაიარა და მოსახვევშიც გადაუხვია. რობის თვალწინ, მაშინვე ნაცნობი, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აღიმართა, რომელიც ახლა უფრო მკვეთრ კრემისფრად შეეღებათ, ვიდრე ეს აქამდე იყო.
კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი, ჯიბის ქურდივით მიეპარა ბიჭის ბაგეებს, შენობის დანახვისას. ინსტიქტურად, თავის ფანჯრებს ახედა, მერვე სართულზე. ეზოს, პატარა ბავშვები ახმაურებდნენ, ფეხბურთის მომავალი მეფეებივით რომ დასდევდნენ ჭრელ ბურთს. მომცრო ზომის გადმოხურულში, რობის გამგზავრების შემდეგ რომ სკამები და მაგიდები გამოეცვალათ, უბნის უხუცესი წარმომადგენლები ისხდნენ, რათა ნარდის ქვებით მაინც მოეკლათ პენსიონერთათვის დამახასიათებელი ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო.
მანქანამ, სადარბაზოს წინ სვლა კიდევ უფრო მეტად შეანელა და აქედან რამდენიმე წამში, ძრავამაც შეწყვიტა მუშაობა. გარეთ თბილი, სასიამოვნო ნიავი ქროდა და ცეცხლმოკიდებული ბურთის მცხუნვარე სხივებიც თანაბრად ეფინებოდა თბილისის ქუჩებსა თუ უბნებს.
რობიმ მანქანის კარი გამოაღო და სწრაფად გადავიდა სალონიდან. თავისი ჩემოდანი საბარგო განყოფილებაში ჰქონდა მოთავსებული, ამიტომ მისი გამღები ღილაკი მოძებნა, მას თითი მიაჭირა, თავისი ჩემოდანი ამოაცურა და როგორც კი კოტემ, ავტომობილი გასაღებით ჩაკეტა, კიდევ ერთხელ ააყოლა თვალი იმ ათსართულიან კორპუსს, რომლის კედლებშიც ბავშვობის უდიდესი ნაწილი ჰქონდა გატარებული. შენობა, სანდომიანად, უძრავად გადმოჰყურებდა ზემოდან და თითქოს იმასაც კი ეუბნებოდა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ამდენი ხნის შემდეგო.
-ნოსტალგია გაქვს? -თითქოს აზრების კითხვის ნიჭითაა დაჯილდოებულიო, ისე შესცქეროდა კოტე, შვილისშვილს, თან მანქანის კარს ზურგით მიყრდნობოდა. იმ მომენტში, საკმაოდ მხიარული სახე ჰქონდა, თუმცა გამომეტყველება რაკეტის სიჩქარით ეცვალა ორი წამის გასვლის შემდეგ და რობიმაც, თავი იქეთკენ მიატრიალა, საითაც ბაბუამისი იყურებოდა, რათა გაეგო, კონკრეტულად რა გახდა მისი ასეთი უეცარი სახეცვლილების მიზეზი.
სადარბაზოს კარიდან, საითკენაც კოტეს მზერა იყო მიმართული, ოდნავ გაჭაღარავებული, ზოლებიან კაბაში გამოწყობილი ქალბატონი გამოდიოდა, მხარზე გადაკიდებული ჭრელი ჩანთით. ცოტა ხნიანი დაკვირვების შემდეგ, რობიმაც შეძლო მისი ცნობა. ეს ადამიანი, ქალბატონი ლაურა გახლდათ, უბნის თვალები და ყურები, ვისი ფანჯრისთვისაც, უამრავჯერ მოურტყამს რობის ფეხბურთის ბურთი და მინის ჩამსხვრევის გამო, ყურის აწევაც მრავალჯერ დაუმსახურებია ქალისგან. თითქოს ახლაც ცხადად ჩაესმოდა ლაურას წივილი, მთელ ხმაზე რომ უყვიროდა - „რაღა მაინცდამაინც ჩემს ფანჯრებს უმიზნებ, შე უპატრონოო.“
ლამის სიცილი წასკდა ამის გახსენებისას ბიჭს. თავი მხოლოდ იმიტომ შეიკავა, რომ დაინახა, როგორ წამოვიდა ლაურა მათი მიმართულებით, თანაც მეტად სანდომიანი, ღიმილიანი გამომეტყველებით.
-ჩამოსვლისას რომ პირველად ამის სახეს დაინახავ, ვითომ შავი კატის წინ გადარბენაზე უარესია? -ნიკაპის სრესით იკითხა კოტემ. რობისა არ იყოს, ლაურა არც მას მოსდიოდა თვალში მაინცდამაინც და არც გულის ფიცარზე ეწერა ამ უკანასკნელის სახელი, დიდი ასოებით
-ჩუმად, არ გაიგონოს, თორემ შავ კატას სანატრელს გაგვიხდის ორივეს -ჩემოდანს ტარი ამოუწია ბიჭმა ამის თქმისას, რის შემდეგაც, უკვე ორი ნაბიჯის მანძილზე მოახლოებულ მეზობელს, საპასუხოდ გაუღიმა
-რობიკო, შვილო -ისე თბილად გადაეხვია მას ქალი, თითქოს მთელი გასული წლები, სრულიად სხვა ბავშვს ატანდა ლანძღვით მტკვრის ტალღებს. კოტეს მოგუდული სიცილი წასკდა, თუმცა თქმით კი არაფერი უთქვამს ისე განაგრძო შვილისშვილის საცოდაობის ყურება, ლამის რომ დაეხრჩო ლაურას ჩახუტებებითა და კოცნებით -როგორ გაზრდილხარ და გასიმპათიურებულხარ, შე მაიმუნო ჰა? ამ გამოჩერჩეტებულ ბაბუაშენს ისიც არ უთქვამს დღეს თუ აპირებდი ჩამოსვლას
-ჰო, არ მითქვამს, თორემ მუსიკალური ორკესტრის თანხლებით დაგხვდებოდა, ხომ იცი?
-გაჩუმდი ერთი თუ კაცი ხარ, სულ ნუ ლაზღანდარობ! -უკმაყოფილოდ აუქნია მას ხელი ლაურამ, რის მერეც კვლავ რობის მიუბრუნდა და ხელებით ლოყები სასაცილოდ გამოუწელა -არა, მართლა როგორ დამშვენებულა ეს ბიჭი, ფფ, ფფ, თვალი არ გეცეს, შვილო. კიდევ კარგი, უკან ცოლიანი არ დაბრუნდი, შენი გენების დაკარგვა იქნებოდა ჩვენი გოგოებისთვის?
თუკი აქამდე სეირს უყურებდა და საკმაოდ კარგადაც ხალისობდა, ახლა მართლა შეეცოდა კოტეს, თავის სისხლი და ხორცი და სცადა შექმნილი სიტუაციიდან როგორმე მაინც დაეხსნა.
-კარგი ქალო, ნუ გაუწყალე ამ ბავშვს გული! -შეჭმუხნილი წარბებით ჩაერია იგი დიალოგში -მაინც ნამგზავრი და დაღლილია, აღარ უნდა ეს შენი ხვევნა-კოცნა, შუა ქუჩაში
მართლაც რომ აშკარად შესამჩნევი გახლდათ ის უკმაყოფილება, რომელმაც ქალის სახეზე დაიდო ბინა ამ სიტყვების მოსმენისას. თავი რომ შეურაცხყოფილად არ ეგრძნო, წელზე დოინჯი შემოირტყა, ცხვირი ამაყად გაბზიკა და მეზობელს ჯიქურ მიაშტერდა.
-არა რა, უკვე სამოც წელს მიუკაკუნე და მაგ შენს მწარე ენას მაინც არ დაადგა საშველი, კოტე ნიქაბაძე! -უხეშ რეპლიკაში სცადა წყენის დამალვა ლაურამ. მათი საუბრის შემსწრე რობი, კვლავ შიგნით აკავებდა ყელში მოწოლილ სიცილს, რათა სიტუაცია უფრო მეტად არ გაემწვავებინა. კოტესა და ლაურას კატა-თაგვური დამოკიდებულება, მისთვისაც და დეასთვისაც მუდამ ხუმრობის თემად იყო ხოლმე ქცეული, ბავშვობის ასაკში და ამ ორის კინკლაობაზე, ბევრიც უცინიათ, საკმაოდ ხშირად.
-ჰოდა თუ სამოცი წელი ვერ ეშველა, ახლა მით უმეტეს აღარ ეშველება და დაანებე შენ მაგაზე ჯავრს თავი, სხვა საჯავრებელიც არ გაკლია -მერე შვილისშვილს გადახედა, თან ჯერ კიდევ მიწაზე მდგომ ჩემოდანზე ანიშნა თვალებით -მოკიდე მაგას ბაბუ ხელი და წამოდი, ავიდეთ სახლში. ამას თუ უსმინე, კიდევ დიდხანს მოგიწევს აქ დგომა
-ჰო, წაყევი შვილო, წაყევი, მონატრებული ყავხარ ალბათ ბაბუაშენს და ამიტომაც იკბინება ცოფიანი ძაღლივით -ლაუარამაც არ დათმო პოზიციები, ერთი უხეშად შეუბღვირა მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგომ მეზობელს და ჩუმი ბურტყუნით განაგრძო გზა იქითკენ, საითაც ბაბუა-შვილისშვილის დანახვამდე აპირებდა წასვლას.
-ახლა მომეჩვენა თუ ეს მართლა ის ადამიანი იყო, ბავშვობაში რომ ჩემს დანახვას, მესამე მსოფლიო ომის დაწყება ერჩივნა? -მხოლოდ მაშინ გაბედა რობიმ შეკითხვის ხმამაღლა გაჟღერება, როცა ქალმა ცენტრალური ქუჩისკენ გადაუხვია, თავისი ჭრელი ხელჩანთის თანხლებით
კოტე მანქანას მოშორდა. ჯერ, ეზოში, ოფლიანი მაისურებით მორბენალ ბავშვებს დაუძახა, ფრთხილად ითამაშეთ, ბურთი მანქანას არ მოარტყათო, მერე კი სიცილით დაადო მხარზე ხელი შვილისშვილს და უპასუხა :
-მაგის გოგო, უკვე ოცდახუთ წელს გადაცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. ალბათ, სასიძოდ მოეწონე და მაგიტომაც დაგიტკბა შაქარივით
-კაი, მეღადავები კოტე?
-რას გეღადავები ბიჭო? -თან სადარბაზოსკენ მიდიოდა, თან საუბარსაც არ წყვეტდა -ეგ საზღვარგარეთაა ოცდაათ წლამდე რომ არ იბერტყავენ ყურს დაოჯახების საკითხზე, თორემ აქ რომ მაგ ასაკის გოგო ჯერ კიდევ სახლში უზით, მშობლებმა ლამის ორი აგურის ძებნა დაიწყონ თავში სარტყმელად
-თუ ეგრეა, მომიწევს ლაურასაც დავემალო და მის გაუთხოვარ შვილსაც -სიცილით გადააქნია თავი რობიმ, თან პირველ სართულზე ასასვლელ კიბეებზე ააგორიალა ჩემოდანი და როგორც კი ლიფტის წინ გაჩერდა, მსხვრევისა და მანქანის სიგნალებიც ხმა, ერთობლივად მისწვდა უკნიდან მის ყურთასმენას
-ეჰ კოტე, კოტე, მაინც ვერ გადაურჩა შენი საბრალო მანქანა მინის ჩამსხვრევას . . .




8 8 8 8
დეამ ოფისში ქაღალდის ყავის ჭიქით ხელში შეაბიჯა და თავთავიანთ მაგიდებთან გადანაწილებულ თანამშრომლებს, ღიმილითა და ხელის აწევით მიესალმა.
მოდის განთქმული სახლი, კერძოდ კი -"ლავანია", სადაც გოგონა მუშაობდა, მთელს ქალაქში იყო აღიარებული პოპულარულობითა და წარმატებულობით. ძალიან ხშირად, თბილისის მაღალი ეშელონების წარმომადგენელნი, რასაც მსახიობები, მომღერლები, ტელეწამყვანები და საკმაოდ ხშირად, პოლიტიკოსთა მეუღლეებიც შეადგენდნენ, სწორედ აქ იმოსებოდნენ ხოლმე, გასართობი საღამოებისთვის, ყოველდღიური ცხოვრებისა თუ სერიოზული მიღებებისთვის.
მოდის სახლის დირექტორი, ქალბატონი სესილია ლომინაძე, მეტად მკაცრი, მომთხოვნი და ზედმეტად პედანტი გახლდათ, ნებისმიერ საკითხსა და გადაწყვეტილებაში. ეს უკანასკნელი, იტალიიდან ორი წლის წინ გახლდათ დაბრუნებული, პარიზი და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მოდის ცენტრები სათითაოდ ჰქონდა მოვლილი და საკუთარი ხაზის შესაქმნელადაც საკმაოდ დიდძალი სახსრები დაეგროვებინა. მიუხედავად მისი დიდი მოთხოვნილებებისა და სიმკაცრისა, განყოფილების თანამშრომელთაგან ყველას ისე უყვარდა, როგორც ძალზედ ახლობელი პიროვნება, რადგან უკეთ გაცნობისა და კონტაქტში შესვლის შემდეგ, თითოეული ადამიანი ხვდებოდა, თუ რამდენად კეთილი გული ცემდა ამ ერთი შეხედვით, კლდესავით ურყევი ქალის მკერდში.
განყოფილება, სადაც დეას უხდებოდა დღის უდიდესი ნაწილის გატარება, მის გარდა, კიდევ ხუთ თანამშრომელს აერთიანებდა. აქედან, სამი მათგანი მდედრობითი სქესისა იყო, ხოლო ორი კიდევ მამრობითი, რაზეც, ბიჭები ხშირად ხუმრობდნენ, აშკარა უმცირესობაში ვართ მოყოლილებიო.
რაც შეეხება საოფისე გარემოს, ეს უკანასკნელი ყოველთვის მეტად სასიამოვნო გახლდათ დეასთვის. ფეხსაცმლის დიზაინერობა ბავშვობიდან, მეტიც, საკმაოდ ადრეული ასაკიდან იტაცებდა და ცხრა წლიდან მოყოლებული, გონებაში უკვე ცხადად წარმოიდგენდა სურათებს, თუ როგორი იქნებოდა მის მიერ შექმნილი შედევრები.
გოგონამ მაჯის საათს დახედა და თავის ლამაზად მილაგებულ სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა. ამ უკანასკნელზე, კომპიუტერთან ერთად, კაქტუსი, სხვადასხვა ფერის საქაღალდეები, საკანცელარიო ნივთები, ტაბლეტი, კალმების ჩასადები და დეკორატიული მცენარე იდგა, ვარდისფერი ყვავილებით. ყავის ნახევრად ჩაცლილი ჭიქა რომ მაგიდის თეთრად მოლაპლაპე ზედაპირზე შემოდო გოგონამ, მერე უკვე თავისი ტყავის, მოკლემკლავიანი მოსაცმელი გაიხადა, რომელიც დახეულ ჯინსსა და თეთრ პერანგზე ჰქონდა შეხამებული, მას საკიდზე მიუჩინა ადგილი და თავისთვის საყვარელ გორგოლაჭებიან სკამში, მოწყვეტით ჩაეშვა.
-არა რა, ხახვიან წვნიანზე მეტად მეზიზღება ეს თბილისის საცობები -ამოიხვნეშა მან, უფრო თავისთვის, ვიდრე ვინმე სხვის გასაგონად.
ოფისის მარჯვენა კედელთან, სადაც გოგონას მაგიდა იყო მიდგმული, უზარმაზარი, ლოტუსის ფორმის ნათურა ასხივებდა ოქროსფერ შუქს, მიუხედავად იმისა, რომ დილა იყო და მისი ჩართვა არანაირ საჭიროებას არ წამოადგენდა. დეას მუდამ ნერვებს უშლიდა ხოლმე ეს განათება და ისედაც მოშლილი ნერვები, ორჯერ უფრო მეტად მოუშალა მისმა დანახვამ. რამდენჯერ არ ეცადა თანამშრომელთაგან რომელიმე, სამუშაო მაგიდის გაცვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა ყოველი მცდელობის ბოლო ფიასკო იყო და მეტი არაფერი.
-აი, მოდის და დილიდანვე იღრინება რა -სიცილით ამოწია თავი კომპიუტერს მიშტერებულმა ანდრომ, ვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე -ფოტოგრაფობა და შესაფერისი მოდელების არჩევა ევალებოდა გადაღებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ერთი შეხედვით საკმაოდ არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ნებისმიერ წამს მორიგი ხუმრობა ეკერა პირზე, თავის საქმეში ნამდვილ პროფესიონალად ითვლებოდა და ამაზე ყველა უდავოდ თანხმდებოდა, ყოველგვარი ეჭვების გარეშე.
-შენს ხასიათზე არ ვარ ანდრიკო, შემეშვი რა -საკუთარ ყავის ჭიქას, კიდევ ერთხელ დასწვდა დეა და იქედან ოდნავ მოსვა -მთლად უფროსი ჯერ არ მოსულა?
-კი, მოვიდა, თავის კაბინეტშია -ამჯერად, სესილიას თანაშემწემ, ნუკიმ გასცა პასუხი, ვინც თავისი სმარტფონით უკვე მეათასე ფოტოს მაინც იღებდა ინსტაგრამის სთორისათვის და საქმის კეთება, თავში აზრადაც არ მოსდიოდა -სხვათა შორის, დღეს ცოტა ცუდ ხასიათზეა. როცა შემოვიდა, მოსაცმელი მაგიდაზე დამიგდო, მითხრა დღეისთვის დანიშნული ყველა შეხვედრა ხვალისთვის გადამიტანე და ჩემს კაბინეტში არავინ დამანახო ისეთი, ვისაც "ვინ" კითხვა დაესმისო
-აჰა, ესე იგი, ჩემი ძაღლი რომ შევუშვა და საყელურით წერილი შევატანინო ეგ მოჟნა? -კვლავ ანდრო ალაპარაკდა თავის მაგიდიდან -დღეს ცოტა ადრე მინდა შინ წასვლა და ამ გზით მაინც მივაწვდენდი ხმას
-ვითომ რატომ გინდა ადრე წასვლა? -ტანსაცმლის დიზაინერი -ესმაც შეუერთდა თანამშრომელთა დიალოგს. გოგონა, მთელს განყოფილებაში გამოირჩეოდა თავისი გამომწვევი ჩაცმის მანერითა და ულამაზესი, წითური თმით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ისევე მკაფიოდ მოხვდებოდა თვალში, როგორც თეთრი ქვებით გაწყობილ ყელსაბამში, ლალისფერი ქვა.
-იმიტომ, რომ ალექსს დღეს სიცხე აქვს, სამსახურში ვერ მობრძანდება და ხუთ საათამდე, ამდენ ქალთან ერთად მარტო ყოფნას რა აიტანს -მეტი დრამატულობისთვის თვალებიც აატრიალა ანდრომ, თან მალულად, თავის გვერდითა მაგიდასთან მჯდომ, აქსესუარების დიზაინერ - ბაბის გახედა, კოლექტივში ყველაზე ჩუმ გოგოდ რომ ითვლებოდა და მთელი მათი საუბრის მანძილზე, ერთხელაც რომ არ ამოეღო ხმა -ბაბიკო, გესმის? ალექსი ავადაა, შენ კიდევ აქ ზიხარ და ყელსაბამებს ხატავ, ვითომც არაფერიო
გოგონამ თავის საქმიანობას მაშინვე მიანება თავი, უბრალო ფანქარი ცოტა ხნით ქაღალდზე დადო და მრგვალმინებიანი სათვალე, აბადოკივით გადაიწია თავზე.
-ალექსის ვირუსთან მე რა საქმე მაქვს? -იკითხა მან -თანაც, სერიოზული ხომ არაფერი სჭირს, უბრალო გაციებაა
-ანდრო შეეშვი რა -სიცილნარევი ტონით გამოესარჩლა დეა, ბაბის, თუმცა ბიჭი მაინც არ აპირებდა ენის გაჩუმებას
-რა შევეშვა, ყველამ ვიცით, რომ მალულად გიჟდებიან ერთმანეთზე და სიმართლე გითხრა, ერთ კარგ, მამა-პაპურ ქორწილში ყანწის აწევაც მომენატრა, ამიტომ დააყენეთ რა საშველი და ჩვენც დაგვასვენეთ
-რა ენაჭარტალა ხარ ანდრო -უკმაყოფილოდ გადმოხედა ამ უკანასკნელს ნუკიმ, მაშინვე, როგორც კი ბაბის ბრაზისგან ახურებულ ლოყებს მოჰკრა თვალი -ადამიანის უხერხულ სიტუაციაში ჩაგდება იდეალურად გამოსდის შენ ნაკლულ ტვინს
-ნუკიკო, სანამ შენ ლაპარაკობ, შენი გამომწერები ახალ სთორის ელიან და იმედებს ნუ გაუცრუებ
-ერთხელაც იქნება მაგ ენას ამოგაძრობ!
-მეც მოგეხმარები! -ესმაც ამოუდგა მხარში თანამშრომელს, რადგან ანდროს მხრიდან არც ის გახლდათ ნაკლებად დაჩაგრული. თავის კარადაში კონტეინერით დატოვებული საჭმელი, რომელიც სახლიდან მოჰქონდა გოგონას, რათა შესვენებაზე სწრაფი კვებით არ ესარგებლა, მუდამ ანდროც მიერ ხვდებოდა ხოლმე შეჭმული, ისე, რომ თავად ხელის დაკარებასაც ვერ ასწრებდა. ამაზე, ბევრჯერ უკამათია კიდეც თანამშრომელთან, რამდენჯერმე ობობაც ჩაუსვამს ანდროს უჯრასა თუ საქაღალდეში, მაგრამ შედეგი მაინც ნული იყო და არაფერი იცვლებოდა
-დეაკო, ხედავ, საერთო ძალებით მიტევენ -შესაბრალისი გამომეტყველება გადაეკრა ამის თმისას ანდროს სახეს -არ მითხრა, რომ შენც მათ მხარეს ხარ, თორემ ცხოვრების ხალისს საბოლოოდ დავკარგავ
-თუ სამუშაო მაგიდას გამიცვლი, იქნებ დავფიქრდე კიდეც -გაეცინა გოგონას, თან ბაბის გახედა, ვისაც უკვე მოესწრო თავის საქმიანობას დაბრუნებოდა, მთელი შემართებით
-აუ ამის მაგიდამ ხო შემჭამა, ტოო! რა გინდა გოგო, რას უწუნებ მაგ ლოტუსს, მშვენივრად დაგნათის თავზე
-ჰოდა თუ შეგჭამე, მაშინ, ჩემს მხარდაჭერაზე მხოლოდ ოცნებაღა გადრჩენია -ენა გამოუყო მას დეამ, თან უკვე ჩაცლილ ყავის ჭიქას ურნაში მიუჩინა ადგილი და თავის გორგოლაჭებიან სკამს მიეყუდა. აპირებდა კიდევ ორ წუთს დაესვენა და საქმესაც მხოლოდ ამის მერე შესდგომოდა, თუმცა იდილია, რომელსაც თავისი სკამის საზურგეს მიყუდებული განიცდიდა, ტელეფონზე შემოსულმა ზარის ხმამ გააწყვეტინა. ეკრანზე მისი ძმის სახელი -ანტონი ეწერა, ბოლოში მიხატული ვარდისფერი და იისფერი გულის სმაილებით. ამ უკანაკნელთან, უკვე ორი კვირა არ ესაუბრა დეას. ბოლო დროინდელი დატვირთული გრაფიკის გამო ვეღარც მის ზარებს პასუხობდა და ცოტა არ იყოს, შერცხვა კიდეც სამსახურის საქმეებმა რომ ერთადერთი ძმა სრულებით გადაავიწყა.
ვინაიდან და რადგანაც, გოგონას, სხვისი თანდასწრებით ტელეფონზე საუბარი არასდროს უყვარდა, გადაწყვიტა ზარისთვის ოფისის მაგივრად, ვერანდაზე ეპასუხა და მობოდიშების შემდეგ, თავის მობილურთან ერთად, დატოვა კიდეც თანამშრომლებით სავსე განყოფილება.
როგორც კი მინის კარი, ზურგს უკან გამოიხურა და სრულიად მარტო დარჩა, ლამაზი ყვავილებით მორთულ, უზარმაზარ აივანზე, მაშინვე გადაუსვა თითი ზარის ასაღებ ღილაკს და ყურმილში მხიარულად ჩასძახა :
-თქვენი უსაყვარლესი დაიკო გისმენთ! ეთერში ხართ!
-უსაყვარლესო დაიკო, შემთხვევით უსაყვარლესი ძამიკოს არსებობა ხომ არ გადაგავიწყდათ? -სიცილით ჰკითხა მოპასუხე მხარემ. მიუხედავად ამისა, ბიჭის ხმაში მაინც შეიმჩნეოდა ოდნავი წყენა და არც დეას გასჭირვებია ამის მიხვედრა.
უნდა ითქვას, საკმაოდ კარგი, შეხმატკბილებული და-ძმობა ჰქოდანთ დეასა და ანტონს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ყოველი წამის მეასედში ჩხუბობდნენ და ხან დეა გარბოდა ატირებული მშობლებთან, ხან კიდევ დეას ფრჩხილებით სახეჩამოკაწრული ანტონი შეიტანდა საჩივარს "მშობელთა კომიტეტში", ბიჭს, მაინც სიგიჟემდე უყვარდა თავისი უმცროსი დაიკო, რის გამოც, დეას მიერ ჩადენილ დანაშაულებს -დედას საყვარელი ლარნაკის გატეხვა იქნებოდა ეს, მამას არქიტექტორული ნახაზებისთვის მურაბის გადასხმა, თუ რამე უფრო უარესი, მუდამ საკუთარ თავზე იღებდა ხოლმე, მის დასაცავად.
ანტონი ოცდაშვიდი წლისა გახლდათ და როგორც წესი, უფროსი ძმის მკაცრი კონტროლის მექანიზმი უნდა ჰქონოდა გააქტიურებული, თავისი დის პირადი ცხოვრების მიმართ, თუმცა, ამ მხრივ, მართლაც დიდ ლოაიალურობას იჩენდა. მშობლების რუსეთში წასვლის შემდეგ, სადაც ისინი, დეას ბაბუის მიერ დანატოვარ რესტორნის ბიზნესს უნდა გაძღოლოდნენ, უმცროს დაზე მზრუნველობა მთლიანად მის კისერზე გადავიდა, თუმცა მიუხედავად ამისა, უხეშად არასოდეს ერეოდა ხოლმე დეას საქმეებში. ამ ყველაფერს ისე ფრთხილად და ნორმის ფარგლებში აკეთებდა, გოგონა საერთოდ ვერ აცნობიერებდა, არც დისკომფორტი ექმნებოდა და არც თავისუფლებაშეზღუდულად გრძნობდა ხოლმე საკუთარ თავს.
ანტონი, ტურისტულ სააგენტოში გახლდათ დასაქმებული. უნდა აღინიშნოს, ძალიან წარმატებულიც გახლდათ თავის სფეროში. ოცდაშვიდი წლის, ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ისეთი სერიოზული კომპანიის მთავარი მენეჯერობა ებარა, როგორიც „ტაქსიდი“ იყო, ჯერ კიდევ პატარა ბავშვივით უყვარდა ტკბილეული, მურაბის ქილებისთვის მუსრის გავლება და დეას გამომცხვარი არაქისიანი ბლინების დაგემოვნება, უკვე დიდი ხანი რომ იყო აღარ ჩაეკარებინა პირში, დის მოუცლელობის გამო.
-კარგი რა, ხომ იცი რამდენი საქმე მაქვს ამ ბოლო დროს? -თავის გასამართლებელი წუწუნის ტაქტიკას მიმართა დეამ, წყლიდან მშრალად გამოსასვლელად -მაისის შუა რიცხვებამდე, მინიმუმ ასი ესკიზი მაინც უნდა ჩავაბარო, თორემ სესილია ჩემს კარიერას საბოლოო წერტილს დაუსვამს და ისეთი რეკომენდაციით გამიშვებს, ქუჩაში ჩიზბურგერების გაყიდვის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩება
-ნუ აბუქებ, დეაკო -მაშინვე შეეპასუხა ანტონი -შენი უფროსი ეგეთი ტირანი რომ არ არის, ეგ მშვენივრად ვიცით, მეც და შენც
გოგონა მკლავებით ვერანდის მოაჯირს დაეყრდნო და გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
-კარგი, კარგი, ჰო, უბრალოდ მთელს დღეებს ესკიზების ხატვასა და ძილში ვატარებ, რადგან გრანდიოზულ კოლექციას ვგეგმავ, მაისის თვეში -ამჯერად, გადაწყვიტა სიმართლე ეღიარებინა -თავადაც ხომ იცი, თუკი რამეს ვაკეთებ, მინდა უნაკლო იყოს და მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებულ ნამუშევარს არ დაემსგავსოს
ყურმილში რამდენიმე წამიანი პაუზა გაისმა. დეამ ისიც კი იფიქრა, ხომ არ გაითიშაო, თუმცა ამის გაფიქრება და კვლავ უფროსი ძმის ხმის გაგება ერთი იყო :
-გასაგებია, მესმის -მართალია ვერ ხედავდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ ანტონი იმ წამს იღიმოდა -მაგრამ დღეს საღამოს ვერ დამიძვრები! ცოტა ხნით გადადე შენი საქმეები და სამსახურის მერე ჩემთან გელოდები, სახლში
-სამსახურის მერე?
-ჰო, რა იყო, რამე სხვა გეგმები გქონდა?
ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჰქონდა. მუშაობის დასრულების შემდეგ ფეხსაცმელების მაღაზიებში აპირებდა გავლას, რათა რაღაც მხრივ, იქედან აეღო ინსპირაცია თავისი კოლექციისთვის, მაგრამ როგორც ჩანდა, მონატრებული ძმის გამო, გეგმების შეცვლა მოუწევდა.
-არა, ისეთი არაფერია, მოვალ. -თქვა და გაიაზრა კიდეც რამდენად მონატრებოდა ანტონთან დროის გატარება -ოღონდ საჭმელი არაფერი დამახვედრო, შესვენებაზე კრისტისთან ერთად ვაპირებ კაფეში შევლას და იქ შევჭამ
-მშვენიერია, თემოც აპირებს საღამოს ჩემთან ამოსვლას და მასაც ნახავდი
ამ სახელის გაგონებისას, დეას გულმა თითქოს რამდენიმე დარტყმა ერთდროულად გამოტოვა, ზედიზედ. ზემოთ ხსენებული თემო, ანტონის თანამშრომელი და კარგი მეგობარი გახლდათ, ვისაც უკვე ერთი წელი იყო, რაც იცნობდა დეა, ხოლო აქედან ბოლო ოთხი თვე, მისდამი სრული სხვა დამოკიდებულება გასჩენოდა, ვიდრე ეს უბრალოდ მეგობრული დამოკიდებულება იყო.
ვერ იტყოდა, რომ თემოსგანაც არ ამჩნევდა საპასუხო გრძნობას. ერთხელ, ანტონის დაბადების დღეზე, უზომოდ ნასვამს ბევრი რამ წამოსცდა კიდეც დეასთან, თუმცა მეორე დღეს, თავი ისე დაიჭირა, თითქოს აღარაფერი ახსოვდა და ამითაც დაასრულა.
მშვენივრად იცოდა გოგონამ, თუ რაც უშლიდა ხელს თემოს, მასთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, ანტონი გახლდათ. ბიჭს არ სურდა უახლოესი მეგობრის დისთვის, როგორც ქალისთვის ისე შეეხედა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ მიიღებდა ანტონი ამ ამბავს. ყველაზე ნაკლებად ის სურდა, მეგობარს ჩაეთვალა, რომ მისი ნდობით ბოროტად ისარგებლა და ამ ურყევ პრინციპებს, საკუთარ გრძნობებსაც კი სწირავდა მსხვერპლად.
-თემოს მანდ რა უნდა, ანტონ? -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა დეამ. იმედი ჰქონდა, აკანკალებულ ხმა მაინცდამაინც არ ეტყობოდა ყურმილში, თორემ, მერე ამის მიზეზის ახანაც მოუწევდა უფროსის ძმისთვის
-რავიცი, დეაკო, ვმეგობრობთ და ერთადაც ხშირად ვატარებთ ხოლმე დროს, ახლა გაგიკვირდა ეგ ამბავი? -აშკარად ხალისობდა ბიჭი მის დაბნეულობაზე -მგონი ნაკლები უნდა იმუშაო ხოლმე, რაღაც რიგზე ვერ ხარ
-ჰო, ალბათ -იმით გახარებული, რომ ასე მარტივად გამოძვრა, მაშინვე დაეთანხმა მის "დიაგნოზს" -მოკლედ, ახლა საქმეს დავუბრუნდები და საღამოს შენთან ვარ, კარგი?
-კარგი, ოღონდ აქეთობისას დატვირთული მოძრაობაა და ნელა იარე. რაც BMW იყიდე, სულ მეშინია რომელიმე სტოლბას არ შემოეხვიო, შენი სიჩქარისმოყვარულობის გამო
-არის სერ -სიცილით ჩასძახა ყურმილში გოგონამ, ზარის გასათიშ ღილაკს დააჭირა და ჯერ კიდევ მოაჯირზე მიყრნობილმა, თავისთვის ჩაილაპარაკა :
-აი, ნახავ თუ მაგ შენს სულელურ პრინციპებზე უარი არ გათქმევინო, თემო ლომიძე! ნახავ თუ ისე არ გაგაგიჟო, რომ საკუთარ თავზეც კი დაგაკარგვინო კონტროლი!







8 8 8 8
კაფის მაგიდასთან, მარწყვის მილქშეიკით მჯდომი დეა, ტელეფონში ინსტაგრამის სქროლვით იყო გართული, როდესაც, მის პირდაპირ მდგომ სკამზე, ვიღაცამ ჯერ შავი ზურგჩანთა დაახეთქა, ხმაურიანად და სულ მალე, თავადაც ზედ ჩამოჯდა, გადაღლილი გამომეტყველებით.
ახლადმოსული, დეას საკმაოდ უცნაური გზით შეძენილი მეგობარი, კრისტი დარბაიძე გახლდათ, ვინც, ბანკის შენობაში გაიცნო გოგონამ. მომაბეზრებელ რიგში დროის გაყვანის მიზნით, გოგონებმა ერთმანეთში გააბეს საუბარი, შემდეგ კაფეშიც ერთად გავიდნენ საჭმელად და ამის შემდეგ, გარკვეული დრო, სწრაფი კვების ობიექტზეც ერთად მუშაობდნენ, სადაც აგრეთვე სრულიად შემთხვევით გადაეყარნენ, რამდენიმე დღის შემდეგ.
მას შემდეგ, კრისტი დარბაიძისა და დეა შენგელიას სახელები, სამუდამოდ გადაიჯაჭვა და დღემდე საუკეთესო მეგობრებად ითვლებოდნენ, საუკეთესოთა შორის.
კრისტის, უცო ენები ჰქონდა დამთავრებული, ფრანგულის განხრით და ახლა თარჯიმნად მუშაობდა, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. ხასიათებით საკმაოდ უხეში, ხისტი გოგო გახლდათ, რის გამოც, ადამიანთა უმეტესობა მასთან ურთიერთობას ერიდებოდა. თაყვანისმცემლები, საკმაოდ ბლომად ჰყავდა, თუმცა აქედან ძალიან ცოტა იყო იმდენად გამბედავი, რომ კრისტისთან ბედი ეცადა. თუკი მათ შორის, რომელიმე მათგანს იმოდენა თავდაჯერება აღმოაჩნდებოდა, რომ გოგონასთან ფლირტის გაბმას ეცადა, თავდაპირველად, კრისტინაც ისე იქცეოდა, თითქოს მათდამი თვითონაც გრძნობდა სიმპათიას, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ირონიით პასუხობდა ხოლმე და ყველანაირ იმედს უწურავდა საბრალო ბიჭებს.
კრისტის, გარეგნობაც ისეთივე გამორჩეული ჰქონდა, როგორც ხასიათის მახასიათებლები. თვალებს, ყოველთვის შავი ფანქრით იხატავდა ხოლმე, რაც საკმაოდ ლამაზად გამოკვეთდა მის ცისფერ თვალებს. მუდმივად დახეული ჯინსის შორტებითა და ტოპებით მოსიარულე, ანდაც კიდევ, მინი-კაბებითა და დასვრეტილი კოლჰოტებით, რასაც, ტყავის მოსაცმელებსა და ტყავისავე გადაჭრილ ხელთათმანებს უხამებდა ხოლმე, მუდმივად ექცეოდა ხალხის ყურადღების ცენტრში. მიუხედავად ამისა, ზედმეტი ყურადღება ისევე ეზიზღებოდა, როგორც ხმაურიანი მეზობელი, შავი ჭირი, რომანტიკის ჟანრის ფილმები და სოციალური ქსელები, რომელთაგან, არც ერთ მათგანში არ მოიძებნებოდა მისი სახელი და გვარი.
გატაცებებს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი ჰქონდა. უყვარდა ჯაზი, ლაშრობებში სიარული, ცურვა, მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების დაგემოვნება, რომელთაგან უპირატესობას, ძირითადად ფრანგულ, იტალიურ და იაპონურ კერძებს ანიჭებდა ხოლმე.
დეა და კრისტი, მართალია ერთიმეორისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ იმაში, რომ დროის ერთად გატარებით, მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ და საკმაოდ კარგადაც შეწყობოდნენ ხასიათებით.
-მოკლედ, შემოსვლაც კი რა უხეში გაქვს, კრის -როგორც კი მეგობრის სახეს მოჰკრა თვალი, ტელეფონი მაშინვე გვერდზე გადადო დეამ. შესვენება, სულ რაღაც ორმოცი წუთით ჰქონდა და სწორედ ეს დრო უნდა ემყოფინებინა მეგობართან სასაუბროდაც და დასანაყრებლადაც.
-სამაგიეროდ შენ მყავხარ სინაზის განსახიერება, ლამაზო -კრისტინას სხეულს, ამჯერად, ერთიანი, ტყავის კაბა ფარავდა, რომელზეც გრძელი ჩექმები შეეხამებინა, ხოლო შავი, ტალღოვანი თმა, გვერდზე ჰქონდა გადმოყრილი და ეს უკანასკნელი, ლამაზად ეფინებოდა მისი კაბის ჭრილიდან მომზირალ მკერდს.
-რა შევუკვეთოთ? მე პირადად ძალიან მშია, დღეს მთელი დღეა მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა გადიგამოდის ჩემს საბრალო კუჭში
კრისტიმ ფეხი, ფეხზე გადაიდო და ისეთი შინაარსიანი მზერით დასწვდა მაგიდის ზედაპირზე შემოდებულ მენიუს, თითქოს ცხოვრების ბოლომდე წასაკითხი ორმოცდაათი წიგნის სერიიდან კითხულობდა რომელიმე მათგანს.
-აუ, რაღაც სტეიკის ხასიათზე ვარ და შენ რას იტყვი? -მენიუდან თავი არც აუღია ისე დასვა ეს შეკითხვა
-მე, სოკოს სალათს ავიღებ, სანამ მოხვიდოდი, მანამდე ავარჩიე
-შენ და შენი უგემური საჭმელები -თვალები მობეზრებით გადაატრიალა კრისტიმ, რის გამოც, მხარზე ჩქმეტაც დაიმსახურა მეგობრისგან
-აუ, დამილურჯდება!
-ნაკლები ილაპარაკე და აღარსად გექნება სილურჯე
-არც კი მჯერა, ახლა მართლა იმიტომ მეჩხუბები, რომ სოკოს სალათს მივაყენე შეურაცხყოფა?
-ზუსტადაც! სოკო ჩემთვის ყველაზე გემრიელი კერძია ამ ქვეყნად და თუ შეიძლება ერთმანეთის ფავორიტი საჭმელების ლანძღვას არ ვიყოთ
-ნორმალურობა შენთან გავლაშიც არაა, მეგობარო -გაეცინა გოგონას და მიმტანის მოსახმობად ხელიც ასწია იმ წამს
-არც შენ მყავხარ დალაგებული, კრის, ამას თავადაც აღიარებ
-მე, შეიძლება არ ვარ, მაგრამ დაქალი მაინც ხომ უნდა მყავდეს ისეთი, ვისზეც დავიტრაბახებ, ტვინში ჭანჭიკები ჩემსავით არ აქვს მოშვებული-მეთქი?
-რას იზამ, არ გაგიმართლა
-პირველი შემთხვევა არაა, ამიტომ როგორმე გავუძლებ
მიმტანის მოსვლის შემდეგ, გოგონებნა შეკვეთა მისცეს, კერძთან ერთად, ხილის წვენებიც აიღეს და საუბარიც განაგრძეს, რომლის წამოწყების ინიციატორი, ამჯერად დეა გახდა :
-იცი, დღეს ანტონთან ვაპირებ წასვლას, სამსახურის შემდეგ და თემოც იქ იქნება
კრისტის გვერდულად ჩაეცინა. მის სახეს, არც თუ ისე კმაყოფილი გამომეტყველება ეწვია მოცემულ მომენტში.
-ჰოო? -ჰკითხა ორაზროვნად -და შენც ხელებგაშლილი მირბიხარ მის სანახავად, არა?
მეგობრის თემოსადმი დამოკიდებულების შესახებ, მშვენივრად იცოდა გოგონამ. კრისტინა მას არასდროს თვლიდა დეასათვის შესაფერის მამაკაცად და ამას ღიად ეუბნებოდა კიდეც, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე. სწორედ ეს მოსწონდა დეასაც ამ ადამიანში -ყველაფერში იმდენად პირდაპირი და გულახდილი იყო, პირფერობა სრულიად უცხო გახლდათ მისი პიროვნებისთვის.
-ხელებგაშლილი არ მივრბივარ, მე ჩემი ტაქტიკა მაქვს რომ იცოდე -თავმომწონედ ჩაილაპარაკა გოგონამ, ვისაც უდიდესი თავდაჯერება გამოუკრთოდა ზურმუხტისფერი თვალებიდან
-ვიცი შენი ტაქტიკა, ორი თვეა კატა-თაგვობანას თამაშობ მაგ ტიპთან და შედეგი ისევ ნული. არ გიფიქრია იმაზე, რომ თუ რამე უნდა გამოსულიყო თქვენ ორს შორის, აქამდე გამოვიდოდა? ტიპი იმასაც ვერ აბამს თავს, შენს ძმას კაცურად დაელაპარაკოს და სიტუაცია აუხსნას, მასთან ყოფნაზე საერთოდ რატომ უნდა ოცნებობდეს რომელიმე ქალი?
-კარგი რა, კრის, ძალიან მკაცრად სჯი -მაშინვე გამოესარჩლა სასურველ მამაკაცს დეა -მართლა არაა ამდენად ადვილი, საუკეთესო მეგობარს უთხრა, შენს დას, როგორც ქალს ისე ვუყურებო. რაღაც მხრივ მისიც მესმის, მაგრამ ეს უაზრო ლოდინი და ერთი ადგილის ტკეპნაც უკვე ძალიან მოსაბეზრებელია -ბოლო სიტყვებზე, აშკარა უკმაყოფილების შეგრძნებამ მოიცვა მთელი მისი შინაგანი და ეს, სახეზეც, კერძოდ კი წარბებზე აესახა, რომელიც ნერვებმოშლილმა შეჭმუხნა აღნიშნულ მომენტში
-ჰო, მიდი, უწმინდე ნისკარტი, სხვა რა დაგრჩენია? -მაგიდას მკლავებით დაეყრდნო კრისტი და ლურჯი თვალებით, გამჭოლი მზერა ესროლა მეგობარს -მისმინე შე უტვინო! დავთვერი და სიყვარული აგიხსენი არ ვიცი მე რომელ ნორმაში წერია. კაცი, სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფიც და ფხიზელიც ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორც ძლიერ სქესს შეეფერება, თუ არადა ის კაცი, ჩეთვის ჩვეულებრივი ჩვარია და მორჩა!
-კრისტინა გეყოფა! -სრული სახელით, მხოლოდ მაშინ მიმართავდა დეა, როცა სერიოზულად გაბრაზდებოდა მასზე და ახლა, სწორედ მსგავს შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. მიუხედავად ამისა, გოგონას ნამდვილად არ შეშინებია ბოლომდე ეთქვა თავისი სათქმელი :
-კრისტინა არ უნდა მაგას! შენ მხოლოდ ის გაცოფებს, რომ შენს თავს, ანტონთან დალაგებულ ურთიერთობა ურჩევნია და ეს ყველაფერი სიყვარულში გერევა -საკმაოდ დარწმუნებით და ხაზგასმით წარმოთქვამდა კრისტი თითოეულ სიტყვას -მხოლოდ მანამ გიზიდავს, სანამ მიუწვდომელ ზონად ითვლება შენთვის, მაგრამ საკმარისია ოდნავ მაინც გახდეს ხელმისაწვდომი, რომ მისდამი ხიბლიც მაშინვე საპნის ბუშტივით გასკდება და სრულ სიცარიელეში ამოყოფ თავს
-არ არის ასე, თემოსთან ყოფნა მართლა მინდა
-აი მე კი ვფიქრობ, რომ ეგრე მხოლოდ ახლა გგონია -კვლავ გამჭოლი მზერით უყურებდა კრისტი -შეიძლება პლუსის და მინუსის თეორიას მეც ვემხრობოდე, მაგრამ შენ და ის ტიპი, იმდენად სხვანაირად განსხვავებულები ხართ, რომ მეეჭვება რამე გამოგივიდეთ. ზოდიაქოებითაც კი საშინელი წყვილი ხართ, დაგავიწყდა?
-ზოდიაქოების არ მჯერა
-მაგის თუ არ გჯერა, მე დამიჯერე და შეეშვი მაგ ტიპს. შენს გვერდით, სრულიად სხვანაირი მამაკაცი წარმომიდგენია და ერთ დღეს, ჩემს სიტყვებს აუცილებლად გაიხსენებ, როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი, სწორედ ამ სხვა მამაკაცს ამოუდგები გვერდით
დეამ ერთი ღრმად ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. ამ კამათის გაგრძელება უკვე აღარ უნდოდა, რადგან ხვდებოდა, კრისტი მაინც ბოლომდე ჯიუტად უერთგულებდა საკუთარ შეხედულებებს, ისე, როგორც ეს მუდამ ჩვეოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სასაუბრო თემა სხვა ტალღაზე გადაეყვანა და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიყრდნობილმა, თვალი დარბაზს მოატარა.
-ნეტავ, მალე მოიტანენ ჩვენს შეკვეთას? ნახევარი საათი მრჩება შესვენების დროის ამოწურვამდე
-ნუ ღელავ, ოდნავ ჩქარა ჭამე და მოასწრებ. თან შორსაც არ ხარ წასასვლელი, შენი სამსახურიც აქვე ახლოსაა -შეძლებისდაგვარად დაამშვიდა მეგობარმა
-ჰო მართლა, ხვალ რა რიცხვია?
კრისტი ჯერ ჩაფიქრდა, მერე მიხვდა, რომ დღევანდელი რიცხვიც არ ახსოვდა და შესამოწმებლად, მობილურის ეკრანს დახედა.
-ოთხი მაისია ხვალ -მიუგო -რატომ მეკითხები?
-ოთხი მაისი?
-ჰო, რა იყო? რამე მოხდა?
დეას სევდიანად ჩაეღიმა, მეგობარს თავი გაუქნია იმის გამოსახატად, ისეთი არაფერი მომხდარაო და თვალებზე მოწოლილი სისველით გაიხსენა რვა წლის წინანდელი მაისის ეს რიცხვი, როდესაც რობის, შუა ღამით დაადგა თავზე, ტორტით, მასში ჩარჭობილი თხუთმეტი სანთლითა და ლამაზად შეფუთული საჩუქრით.
სწორად გამოიცანით. ოთხი მაისი, რობი ჯაფარიძის დაბადების დღე იყო, რომელსაც უკვე მერვედ უნდა შეხვედროდა ბიჭი, დეას დაბადების დღის მისალოცი სიმღერის გარეშე.




8 8 8 8
-აუ ჩემი, მაგრად დავიღალე, რა! -როგორც კი მაღაზიიდან ამოტანილი პარკები მაგიდაზე დააწყო, დივანში ღონემიხდილი ჩაეშვა თემო და პლაზმურ ტელევიზორს, შემაწუხებლად ხმამაღლა რომ აცხადებდა მთელს მისაღებში იმ დღეს მომხდარ ახალ ამბებს, ხმა ოდნავ ჩაუწია.
საღამო ხანი იყო. გარეთ ისე საშინლად წვიმდა, თითქოს მთელი მომდევნო დღეების მარაგის გადმონთხევა, ერთ დღეში სურდათ ჟანგისფერ ღრუბლებს. წვიმიანი ამინდის გამო, ადრეულადაც ჩამობნელებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ საათის ისრები ჯერ ექვსსაც არ უჩვენებდნენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმებოდა, თითქოს უკვე ღამდებოდა.
-რა გჭირს შენ? დღეს მაინც ისვენებდი სამსახურიდან და რამ გადაგღალა? -ლუდის ქილის გახსნის შემდეგ, ანტონმაც მეგობრის სიახლოვეს დაიკავა ადგილი, ამოჩემებულ სავარძელში
-რავი , მთელი ღამე არ მძინებია გუშინ. რა ჯანდაბა დამემართა ვერ გავიგე
-სამაგიეროდ ამაღამ დაგეძინება ტკბილად, ოცდაოთხი საათის უძილარს -სიცილით გაამხნევა ანტონმა. მერე ტელევიზორს საერთოდ გაუთიშა ხმა და წვიმის წვეთებისგან დაორთქლილ ფანჯარას მიაპყრო უკმაყოფილო მზერა -ენდე ახლა ამ სინოპტიკოსებს, გუშინ მზიანი ამინდი გამოაცხადეს და შეხედე გარეთ რა ამბავია
-კარგი ახლა ამინდზეც ნუ ახურებ რა, თუ ძმა ხარ! გარეთ შენ არ აპირებ გასვლას და იწვიმოს, რა გინდა?
-მე არაფერი, პროსტა დეა აპირებს სამსახურის მერე მოსვლას და მაგის ისედაც გიჟური ტარების მანერა რომ ვიცი, მეშინია იმ გადარეულს სადმე მანქანა არ მოუცურდეს
-შენი და მოდის? -თემოს ტონსაც და სხეულსაც, ერთიანად გაუჯდა დაძაბულობა, როცა ახალი ამბავი მოისმინა
-ჰო, ორი კვირაა არ მინახავს და ნამუსზე შევაგდე. თუ სამსახურიდან პირდაპირ აქეთ წამოვიდა, წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს
-და მე რომ აქ ვარ იცის? -დაძაბულობა წამითაც არ შორდებოდა ლომიძეს. ამის შემჩნევა, უკვე აღარც ანტონისთვის ყოფილა რთული და მეგობარს, გამომცდელი მზერით დააკვირდა
-რა გჭირს შენ? დეას ხსენებაზე ისეთი სახე მიიღე, თითქოს ბებიაშენის აჩრდილი დამეპატიჟებინოს ყავაზე
თემომ მაშინვე სცადა სახის გამოსწორება. რა თქმა უნდა, მეგობარს ვერ აუხსნიდა, რატომ ააფორიაქა ასე, ცოტა ხნის წინ მოსმენილმა, ამიტომ, სიტუაციისგან თავის დაძვრენა, უდარდელი გამომეტყველების მქონე ნიღბის მორგებით შეძლო.
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს? დაღლილი ვარ უბრალოდ -თვალები მოისრისა ამის თქმისას -ძალიან კარგი თუ დეაკოც აპირებს მოსვლას, ბარემ მასაც ვნახავდი, მომენატრა.

ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ანტონი, საკუთარ ფიქრებში ობობასავით გახლართულიყო, თავისი ლუდის ქილიდან ინსტიქტურად სვამდა, ყოველი ორი წუთის ინტერვალით და იმაზე ცდილობდა პასუხის პოვნას, თუ რატომ ჰქონდათ დეასა და თემოს ასეთი რეაქციები, ერთმანეთის სახელების ხსენებაზე.
რაც შეეხება ლომიძეს, ეს უკანასკნელი თავის მობილურში ჩამძვრალიყო და ნერვების დასამშვიდებლად, "Candy Crush" ჰქონდა ჩართული. იმ შემთხვევის შემდეგ, რაც დეას გრძნობებში გამოუტყდა, საკმაოდ რთული იყო მისთვის გოგონას სიახლოვეს ყოფნა. სწორედ ამიტომ, გამუდმებით არიდებდა ხოლმე თავს მასთან განმარტოებას და ცდილობდა რასაც განიცდიდა, გულის ყველაზე მიუვალ ცხრაკლიტულში გამოეკეტა, საიმედოდ და უცხო თვალისგან მალულად.
დეა, აუხდენელი ოცნება იყო თემოსათვის, ის ტერიტორია, რომელზე ფეხის დადგმის საშუალებასაც პრინციპულობა არ აძლევდა. ის ვარსკვლავი იყო, რომელსაც ვერასოდეს მოწყვეტდა, თავისი დიდი სურვილის მიუხედავად და ყოველივე ეს, შინაგანად ისე ანგრევდა, რომ მაღალბალიანი მიწისძვრისგან გაპარტახებულ ქალაქს ამსგავსებდა.
კედელზე მოწიკწიკე საათის ისრები, გაუჩერებლად მიუყვებოდნენ კიდევ ერთ დამღლელ წრეს. საერთო მდუმარებაში, დრო იმდენად სწრაფად გავიდა, ბიჭებმა მხოლოდ კარზე დარეკილი ზარის წყალობით გააცნობიერეს, უკვე ექვსი რომ შესრულებულიყო. ვინაიდან ანტონი, იმ წამს, უმცროსი დის გარდა სხვას არავის ელოდა, ზღურბლის მეორე მხარეს მდგომის ვინაობის მიხვედრაც არ გასჭირვებია და მაშინვე წამოდგა ფეხზე, კარის გასაღებად.
თემოს, ცხვირიც კი არ ამოუყვია ტელეფონიდან. მის გარდა, ნამდვილად არავინ იცოდა, თუ რამხელა ნებისყოფა უნდა გამოეჩინა იმისათვის, რათა თავის შიგნით, კოცონივით ანთებული ემოციები, გარეგნულად არ დასტყობოდა. საბედისწერო იყო თემოსთვის დეა შენგელია. იგი ნამდვილად არ ჰგავდა წყნარ, შინაურ ფისუნიას, ვისი მოთოკვაც ადვილი საქმე გახლდათ. დეა ვეფხვი იყო, გარეული ვეფხვი, რომელსაც სწორედ მისი შეუპოვრობა, დაუმორჩილებლობა, უშრეტი ენერგია და ტემპერამენტი ხდიდა მიმზიდველს.
ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები აგიჟებდა მასში თემოსაც. ზუსტად იცოდა, რომ მიუხედავად იმ უკან დახევისა, რომელიც დეასადმი გრძნობებში გამოტყდომის შემდეგ გამოიჩინა, გოგონა მაინც არ დაივიწყებდა ამ ამბავს ასე უბრალოდ და მისი დუმილიც, მხოლოდ მცირეხნიანი სიმშვიდე იყო დიდი შტორმის წინ, აუცილებლად რომ დაატეხდა თავზე, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით, არამედ, შეფარვით და თავისებურად.
რაღაც მხრივ, ეგოისტურად სიამოვნებდა ეს ყველაფერი თემოს. მოსწონდა გოგონას თვალებში დანახული ცეცხლი, ის სიამაყე, რომელიც კატეგორიულად უკრძალავდა დეას, მამაკაცის მხრიდან უარყოფის შემდეგ, დამცირებული, ცრემლებშეუმშრალი ქალის გამომეტყველებით ევლო. მართალია, სასურველ ქალთან ყოფნის იმედები ოთხმოცდაათი პროცენტით ჰქონდა გადაწურული, მაგრამ ის ფაქტი, რომ დეას მხრიდან იგივე მზერებს იღებდა, როგორითაც თავად უყურებდა ხოლმე გოგონას, ტკივილამდე სიამოვნებისმომგვრელი იყო ბიჭისთვის.
ჰოლიდან მომავალი ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა რომ მოესმა, ტელეფონში მაშინვე გამორთო თამაშის აპლიკაცია, ეს უკანასკნელი ჯიბეში შეინახა და ზურგით დივნის საზურგეს მიეყრდნო, მოხერხებულად. აქედან სულ რამდენიმე წამში, მისაღებში ანტონი გამოჩნდა, ვისაც უკან, პირსახოცით ხელში მოჰყვებოდა, სველი თმის მშრალებით გართული დეა, ტანზე რომ ძველი ტანსაცმელი გამოეცვალა და თავისი ძმის, სამი ზომით დიდი სპორტულები მოერგო.
გოგონას, არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს თემოს დანახვისას. ბიჭმაც სცადა ზედმეტად არაფერი შესტყობოდა და ახლადმოსულს ღიმილით მიესალმა.
-დეაკო, როგორც იქნა დაგვდე პატივი, არა? -იმდენად ლაღი, მხიარული ხმით ჰკითხა ლომიძემ, საკუთარი თავი, გონებაში ათჯერ მაინც წარადგინა ოსკარის ნომინაციაზე, უდარდელობის ნიღბის მორგების დარგში
-როგორ ხარ, თეიმურაზ? -არანაკლები პროფესიონალი აღმოჩნდა გოგონაც, საპასუხო ყალბ ღიმილში. კარგად იცოდა, თუ როგორ ვერ იტანდა თემო, თავისი სახელის სრულ ვერსიას და ასე, სპეციალურად იქცეოდა ბიჭის ნერვებზე სათამაშოდ
-არა მიშავს, ნორმალურად -აშკარა უკმაყოფილებამ გადაურბინა ლომიძის სახეს, თუმცა თქმით კი არაფერი უთქვამს ამის შესახებ -შენკენ როგორ მიდის საქმეები?
-იდეალურად -თმის მშრალებას მორჩა და პირსახოცი ანტონს გაუწოდა -მიდი რა, ჩემს ოთახში შეიტანე, შხაპის მისაღებად რომ შევალ, ისევ დამჭირდება
-ანუ, დღეს აქ რჩები
-ჰო, ტონიო აქ ვრჩები -კვლავ ისე მიმართა დეამ, როგორც ბავშვობაში, როდესაც უფროსი ძმის სახელის თქმა უჭირდა ხოლმე და თავისებური ინტერპრეტაციით წარმოთქვამდა -სავარაუდოდ, წვიმა არ გადაიღებს და ასეთ ამინდში სიარული მაგრად მეზარება. თან რამდენი ხანია ჩემს მშობლიურ სახლში არ გამითევია ღამე
-ჰო მართლა, იცი, რომ რობი დაბრუნდა ამერიკიდან?
-რომელი რობი? -ლამის სასუნთქი გზები გადაეკეტა დეას ამის მოსმენისას. იქვე მყოფი თემო, სრულიად გადაავიწყა ამ ყველაფერმა და იგრძნო, როგორ წაუჭირა გულზე ხელები რაღაც უხილავმა ძალამ
ანტონს გაეცინა.
-რამდენ რობის იცნობ, დეაკო? ჯაფარიძეზე გეუბნები -დააზუსტა -გუშინ წინ იყო ჩამოსული და მინახულა. შენზე არაფერი უკითხავს, ალბათ მონახულებას არ აპირებს და სიმართლე გითხრა არც მიკვირს
ნერვები გიტარის სიმივით დაეჭიმა გოგონას, ძმის სიტყვებზე. იმ მომენტში, ცხადად ამოუტივტივდა გონებაში ის მძიმე პერიოდი, რაც საუკეთესო მეგობრის წასვლის შემდეგ გადაიტანა, ოთახში შეკეტილმა და მთელ ქვეყანაზე გაბრაზებულმა. ბიჭის მისი ცხოვრებიდან გაქრობამ, თითქოს სხეულის ნაწილი წაართვა დეას. ალბათ, საყვარელი მამაკაცის დაკარგვაც არ ატკენდა ისე, როგორც მისი თვითმფრინავში ასვლა ეწყინა, შვიდი წლის წინ და ამის გამო, რობისთან, სოციალური ქსელებით მეშვეობით კონტაქტზეც კი თქვა უარი.
მას შემდეგ, უამრავი დღე გასულიყო. დეაც რაღაც მხრივ შეჰგუებოდა ამ ადამიანის გარეშე ცხოვრებას, თუმცა როდესაც ახლა, მისი ჩამოსვლის შესახებ გაიგო, უფროსი ძმისგან, ბრაზმა ორჯერ უფრო მეტად შემოუტია. ნუთუ ანტონი უფრო ახლობელი იყო მისთვის? თუ იგი მოინახულა, მაშინ მასთან რატომღა არ მივიდა? მართალია, ასე რომ მოქცეულიყო, თბილ დახვედრას ნამდვილად არ მოუწყობდა დიდი ხნის უნახავ მეგობარს, თუმცა რობის მხრიდან, ასეთმა უყურადღებობამ მაინც ძალიან ატკინა მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო და ზურმუხტისფერ თვალებშიც ჩაუდგა წყენა.
-არ მნახავს და ნუ მნახავს, მისი გადასაწყვეტია -ბოლოს, მაინც სიამაყეს უხმო, რათა ხასიათი არ გაჰფუჭებოდა. თუკი ამდენი წელი იცხოვრა ჯაფარიძის გარეშე, ამის გაკეთება არც ახლა გაუჭირდებოდა
-ნამდვილად?
-დარწმუნებული იყავი, ტონიო
-რობი ვინ არის? -და-ძმის დიალოგში, ამჯერად თემოც ჩაერთო, თან კვლავ დივანზე მოთავსდა, უწინდელივით. დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, საკუთარ თავზე ანტონმა აიღო :
-დეას ბავშვოვის მეგობარია, რომელიც უკვე დიდი ხანია არ უნახავს
-მეგობარი არ არის, ადრე იყო მეგობარი -მსწრაფლ შეიტანა შესწორება გოგონამ. პარალელურად, ლომიძის გვერდით ჩაეშვა, დივანში, თან იქედან აღებული პატარა ბალიში მიიხუტა გულზე -აუ, მისტერ ბინს ვუყუროთ რა, რაღაც კომედიის ხასიათზე მოვედი
-თქვენ ჩართეთ, მეც მალე შემოგიერთდებით -ისე დაუბარა მათ, ანტონმა, როგორც მაღაზიაში წასასვლელად გამზადებულმა დედამ, მცირეწლოვან შვილებს და უმცროსი დის პირსახოცის მისსავე ოთახში შესატანად გაემართა.
დეა და თემო, მისაღებში მარტონი დარჩნენ. გოგონა, ფიქრებით კვლავ რობისთან დაფრინავდა. მართალია, მის შეტყობინებებს სოციალურ ქსელებში არასდროს პასუხობდა, ძველი მეილიც გააუქმა, რათა რობის წერილები იქ მაინც არ მიეღო და ბიჭს ყოველმხრივ იგნორს უკეთებდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი, რომ ერთ დღეს, როცა ჯაფარიძეს თბილისში მოუწევდა დაბრუნება, პირველი, ვისაც კოტეს შემდეგ ინახულებდა, ეს თვითონ იქნებოდა და არა, ანტონი.
გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა და გადაწყვიტა ამ ფიქრებისთვის, ცოტა ხნით სქელი საბანი გადაეფარებინა. რობის საქციელის მიზეზებზე საფიქრელად, ძილის წინაც უამრავი დრო ექნებოდა, ამიტომ ახლა, მთლიანად გვერდით მჯდომ, ტელეფონში მოჩვენებითად ჩამძვრალ თემოზე კონცენტრირდა, ვინც აშკარად არ აპირებდა იმ დუმილის დარღვევას, მათ შორის რომ იყო ჩამოვარდნილი.
-ვერავის მოატყუებ შენი მოჩვენებითი უდარდელობით, თემო -მისკენ არც გაუხედავს ისე წარმოთქვა გოგონამ. სანამ ანტონი დაბრუნდებოდა, სურდა ლომიძისთვის რამდენიმე სიტყვა ეთქვა, რითაც მისსავე შინაგან ფორიაქზე ჩაუნამიოკებდა, შეფარულად.
-დეა გთხოვ, თავი დამანებე!
-შენს შეწუხებას არც ვაპირებდი, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე -მხრების აჩეჩვაც მოაყოლა გოგონამ თავის სიტყვებს
-ჰოდა ჩათვალე, რომ ეგეც მაწუხებს
-შენ მხოლოდ შენი სიმხდალე გაწუხებს და ეს თავადაც კარგად იცი -ისე მშვიდად ესაუბრებოდა, რომ ვერავინ მიხვდებოდა, რამდენად ბრაზობდა შინაგანად იმაზე, ვინც გვერდით ეჯდა. ცხოვრებაში, ყველაზე მეტად გაუბედავ მამაკაცებს ვერ იტანდა და ამის გამო, ნამდვილად არ ესმოდა, რატომ ჰქონდა თემოსადმი მიზიდულობა დღემდე შემორჩენილი
-სიმხდალეში რას გულისხმობ?
-იმ ღამეს, რომელზეც არასდროს საუბრობ და ისე იქცევი, თითქოს არც ყოფილა, ან ზედმეტმა ალკოჰოლმა დაგავიწყა
გოგონამ შეამჩნია როგორ მოიმუშტა ლომიძის ორივე ხელი, ბრაზისგან, თუმცა ამის გამო, უხერხულობა არ უგრძვნია. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ხომ უნდა ესაუბრათ ცივილიზებული ადამიანებივით იმ თემაზე, რაზე საუბარსაც, თემო უკვე ორი თვის მანძილზე გაურბოდა.
-იმ ღამეს, მთვრალი ვიყავი და ამიტომ გაკოცე!
-ჰოო? ალბათ სიყვარულიც ალკოჰოლმა აგახსნევინა, არა? -ტონიც ისეთივე სარკასტული ჰქონდა, როგორიც გამოხედვა და ამით, უფრო მეტად იწვევდა ბიჭს
-დეა საკმარისია ამაზე ლაპარაკი! შენ, ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო მეგობრის უმცროსი და ხარ და მორჩა! ამაზე მეტად ვეღარ განვვითარდებით
გოგონა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა სწორედ იმ მომებტში, მისაღებში ანტონმა შემოაბიჯა, პოპ-კორნის დიდი ყუთებით ხელში.
-ჰა, რას შვრებით, ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ არხი? -იკითხა მან, როგორც კი ტელევიზორის ეკრანს შეხედა და ტაიქოლდის რეკლამის გარდა ვერაფერს მოჰკრა თვალი
დივანზე მჯდომებმა, წამით ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ზუსტად ერთდროულად გასცეს, ერთი და იგივე პასუხი :
-არა, შენ გელოდებოდით
-ჰოო? -ეჭვნარევი ღიმილით გადახედა ანტონმა მეგობარსა და უმცროს დას, თუმცა მათ სახეებზე რომ ვერაფერი საეჭვო ვერ ამოიკითხა, თავად დასწვდა დისტანციური მართვის პულტს -დეაკო, მისტერ ბინი გინდოდა, არა?
-ჰო, კარგი იქნებოდა -ფეხები ზემოთ აიკეცა გოგონამ და ძმას, კუთვნილი პოპ-კორნის ყუთი ჩამოართვა -დიდი ხანია არ მიყურებია
-თემო შენი ხმაც გვჭირდება და ვიწყებთ
-ჩართე, რა პრობლემაა -ბიჭიც დაეთანხმა და-ძმის არჩევანს -მეც მიყვარს ეგ მსახიობი
-თუ ასეა, და არავინ ყვირის, მე ვარ წინააღმდეგიო, მაშინ დავიწყოთ
დეას სიტყვების შემდეგ, ანტონმა, მაგიდიდან ზედმეტი ნივთები აიღო, ლუდის ქილებისა და ჟურნალების ჩათვლით, ამ უკანასკნელთ სანაგვე ყუთში მიუჩინა ადგილი, დივანზე თემოს გვერდით მოთავსდა და ტელევიზორშიც აირჩია შესაბამისი პროგრამა. ეკრანზე, თითქოს დაბარებულივით ამოხტა მისტერ ბინის კომიკური სახე, რამის თქმისა და გაკეთების გარეშეც რომ გვრიდა ადამიანს ღიმილს.
თემო ყველანაირად ცდილობდა ყურადღება ფილმზე გადაეტანა და თავის გვერდით მჯდომი დეასგან წამოსული ფლუიდები რამენაირად დაეიგნორებინა, თუმცა ვერ იტყოდა, რომ ეს იდეალურად გამოსდიოდა. ვერც გამოუვიდოდა, რადგან ეს ქალი მისი ტვინის თითოეულ უჯრედს იკავებდა, სუნთქვას ურევდა, გონებას უბინდავდა და უძლური იყო ამ ყველაფრის წინაშე.
ბიჭმა კეფაზე ნერვიულად გადაისვა მარცხენა ხელი და ღრმად ამოისუნთქა. სწორედ იმ წამს, შეტყობინებაც მოუვიდა ჯიბეში მოთავსებულ ტელეფონზე. თავდაპირველად, იფიქრა არ გაეხსნა, რადგან, მორიგ სარეკლამო შეტყობინებას ელოდა, რომელიღაც მაღაზიების ქსელიდან, თუმცა მერე, უკვე იმ მოსაზრებას მიჰყვა, იქნებ სამსახურიდანაა ვინმეო, ამიტომ, მობილური სწრაფად ამოაცურა ზემოთ, ეკრანს დახედა და მასზე, სახელი "დეას" ამოკითხვამ, წამით გააოცა კიდეც.
გოგონას რომ გახედა, ეს უკანასკნელი, მობილურით ხელში იმდენად ჩვეულებრივად იჯდა და მისტერ ბინსაც ისე ადევნებდა თვალყურს, თითქოს ცოტა ხნის წინ, არანაირი შეტყობინება არ გაეგზავნა, არავისთვის. მიუხედავად ამისა, ეკრანზე წაკითხული სახელი სულ სხვა რამეს მოწმობდა, ამიტომ, თემომაც გახსნა შემოსული SMS და მასში შემდეგი ტექსტი ამოიკითხა :
"ნეტავ სადამდე უნდა გეშინოდეს ჩემი ძმის რეაქციის, ან კიდევ რამდენ ხანს ვერ უნდა მეხებოდე მაშინ, როცა ჩემი შეხება ტკივილამდე გინდა?"
ტექსტის ბოლომდე ჩაკითხვის შემდეგ, თემომ კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, ეკრანი მაშინვე ჩააბნელა და ტელეფონს კვლავ ჯიბეში მიუჩინა ადგილი. გრძნობდა, რომ თუ ვინმე ჭკუიდან გადაიყვანდა, სწორედ დეა შენგელია იქნებოდა. სწორედ იგი და სხვა, არავინ.




ყოველი მომდევნო თავი დაემატება სამშაბათობით. ვისაც ლოდინის ნერვები არ აქვს, მათ პირდაპირ სრული ვერსია წაიკითხონ :დდ


პ.ს -ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ახალ პერსონაჟებზე და გამიხარდება თუ გამიზიარებთ ^^



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორი ადვილი ენით წასაკითხია და მომეწონა.იმედია მალე დადებ მეორე თავს..მომწონს კრისტი ძალიან.ჯიგრული გოგოა და სიმართლეს ეუბნეება დეას.არ მიყვარს ლაჩარი ბიჭები.მასეთების სიყვარული არაა დასაჯერებელი..მალე დადე რა.წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

დეას პერსონაჟმა გამაღიზიანა უფრო მისმა დამოკიდებულებამ რობის მიმართ, ამდენი წელი ერთხელ არ მოუკითხია და პრეტენზიაც აქვს რომ პირველი უნდა ენახა თურმე

 


№3 სტუმარი სტუმარი Billie

I have been surfing online greater than three hours nowadays, yet I by no means discovered any fascinating article like
yours. It is beautiful value sufficient for me. In my opinion, if all site owners and bloggers
made just right content as you did, the net might be much more helpful than ever before.
V Bucks Gratuits PS4

 


№4  offline წევრი Nobodyelse

ოჰო, საინტერესოა. მომწონს შენი წერის სტილი, მარტივად, სასიამოვნოდ იკითხება და მარტივი წარმოსადგენია სიუჟეტი

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

საინტერესო ისტორია ჩანს და სიამოვნებით დაველოდები სამშაბათს, დეას პერსონაჟმა ძალიან გამაღიზიანა რატომღაც, მისმა დამოკიდებულებამ უფრო რობის და თემოს მიმართ,როცა რობის მასზე უარი არ უთქვამს და არ შეუწყვეტია კავშირი დეასთან,დეამ ხელი კრა არ დაფიქრდა იქნებ რობისაც როგორ უჭირდა მისგან შორს ყოფნა და ერთი შეტყობინებაც არ აღირსა თან პრეტენზიები აქვს ბიჭისთვის ნომერ პირველი იყოს , არადა თემოს რომელსაც სითამამე და კაცობა იმაზეც არ ყოფნის თავისი გრძნობა გამოხატოს პირდაპირ ეტენება ეს გოგო რა.კრისტის დამოკიდებულება და სიტუაციის რეალური აღქმის უნარი ძალიან მომეწონა,მომწონს ეს გოგო

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

მოვიდა სამშაბათიიი : ))

 


№7  offline მოდერი აირ ისი

პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც კითხულობს ❤️ დეას პერსონაჟს რაც შეეხება, უბრალოდ იმის ჩვენება მინდა, თუ როგორ დინჯსა და სერიოზულ პიროვნებას გამოძერწავს ეგოისტი და ბავშვური ქცევების მქონე გოგოსგან "მისი ადამიანი" და როგორ გაზრდის გონებრივად. შესაძლოა ეს პერსონაჟი ამ ეტაპზე ბევრს აღიზიანებს, მაგრამ დროებითია ეგ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent