შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარსკვლავი /5


21-04-2021, 17:24
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 964

თავი 5

2015 წელი. 19 თებერვალი.
10:00 PM

- მარიამ, მოემზადე. - ტელეფონის მეორე მხრიდან ჩასძახა აჟიტირებულ, ამოუცნობი მიზეზით აღტკინებულ ქალს.
- გაგიჟდი? - ქალის ჩუმი კისკისი უცნაურ, მაგრამ სასიამოვნო მელოდიას ქმნიდა. თითქოს გაყინული სახლის კედლების გალღობაც კი შეეძლო მის თბილ, სიცოცხლით სავსე ხმის ტემბრს.
- ძალიან! ძალიან გავგიჟდი, მარიამ. ხომ გჯერა ჩემი? მითხარი! - ბავშვური სილაღით შეპყრობილი კაცი ვერ ისვენებდა. აკისკისებული ქალის სასიამოვნო მელოდიის მოსმენა მის დაღლილ სხეულს ჟრუანტელს ჰგვრიდა.
- მჯერა, მჯერა. - იღიმოდა. არაამქვეყნიური ღიმილი ჰქონდა მარიამ მაჭავარიანს. ზუსტად ისეთი, ნებისმიერ ადამიანს რომ დაატყვევებდა და წამებში მის კლანჭებში მოაქცევდა.
- დამიმტკიცე! - გამომწვევი იყო კაცის ხმა.
- როგორ?! - შესანიშნავად იცოდა, რასაც მოითხოვდა მისგან კაცი, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა იმ ბავშვურ სიცელქეს, რომლითაც ასე უსაზღვროდ აგიჟებდა კაცს.
- მარიამ... ოხ, მარიამ. - ამოიოხრა. - შემიწირავ, იცი? მე ზუსტად ვიცი, რომ შენით მიწერია სიკვდილი. შენივე აძგერებულ გულს შენვე გამიჩერებ, მარიამ. - დანანებით ჩაილაპარაკა კაცმა. მის სიტყვებს თითქოს ფოლადი ერია, იმდენად დამაჯერებელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა საყვარელ ქალს.
- გაგიჟდი... ნამდვილად გაგიჟდი. - ქალი აღარ იღიმოდა, მაგრამ სხეული სასიამოვნო ელექტრონებით ჰქონდა დამუხტული საყვარელი მამაკაცის მთვრალი, სიყვარულით მთვრალი ნოტებით გაჟღენთილი სიტყვები რომ ესმოდა.
- მოემზადე, მარიამ! - შეუვალი იყო ამჯერად.
- კარგი, ჰო... მოიცადე, წერილს დავწერ. - ესღა უთხრა და ნაჩქარევად გაუთიშა ტელეფონი. საკუთარ ოთახში არეული ნაბიჯებით დადიოდა და საწერ კალამს ეძებდა, თუმცა ხელი შეტყობინების ხმამ შეუშალა.


* * *

რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ივა მაჭავარიანი აჩრდილად იქცა. მუდამ ანერვიულებული, თვალებჩაწითლებული და ფერდაკარგული დადიოდა უგზო-უკვლოდ, თვითონაც არ იცოდა - სად. სახლშიც არ მიდიოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში არავის ენახა, განსაკუთრებით კი ელენას, რომელიც მიუხედავად სასტიკი წლებისა, მაინც ემოციური დაეტოვებინა ცხოვრებას. მაჭავარიანი მხოლოდ მამას უკავშირდებოდა სასურველი სიახლეების გასაგებად, რომელიც მესხის გამოჭერას ემსახურებოდა, თავად კი ლომსაძის მსგავსად მის ხელში აღმოჩენილ ადამიანებს ერთადერთ დავალებას აძლევდა - მიწიდან ამოეთხარათ გიორგი ჭონიაშვილი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. თითქოს არც არსებობდა ადამიანი, რომელზეც მისი და იყო შეყვარებული და ეს უფრო აგიჟებდა და ახელებდა. საბოლოოდ კი, ისღა დარჩა, ძველ მეგობარს, ლუკა ჯაჭვლიანს სწვეოდა, რომელსაც ბავშვობიდან საერთო მეგობრების წყალობით იცნობდა და ზუსტად ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, როგორიც მას და დაჩის, თუმცა წლებმა თავისი გაიტანა. მხოლოდ ნამდვილი მეგობრები დაუტოვა გვერდით, ისინი, ვინც დაუფიქრებლად გაიღებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე მას წარმოედგინა, მაგრამ ისიც კარგად მოეხსენებოდა, რომ ამ ჩაკეტილ წრეში ბოლო იმედი იყო ჯაჭვლიანი, რადგან ნებისმიერი კომპიუტერული ოპერაციის შესრულება შეეძლო წამებში, რაც ჭონიაშვილის ძებნის პროცესს გაუმარტივებდა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, არსებობდა ერთი მთავარი პრობლემა - ჯაჭვლიანი არც იმდენად რისკიანი იყო, საკუთარი თავი ჩაეგდო საფრთხეში. ბავშვობაში ჩადენილი კიბერდანაშაულის გამო მის მშობლებს მოუწიათ პასუხისგება და დიდი თანხის გადახდა მის გამოსახსნელად, ამიტომ ამ დანაშაულის შემდეგ გადაწყვიტა თავისი ნიჭი მხოლოდ პატიოსანი, „უბოროტო“ საქმეებისთვის მიემართა, თუმცა ჯაჭვლიანი მთელ თავის ენერგიას საკუთარ ბარს, „ნერვს“ ახმარდა. ოცი წლის იყო, საგვარეულო ბარის მართვას რომ ჩაუდგა სათავეში, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ ადგილად აქცია. მაგრამ სანამ მაჭავარიანი ჯაჭვლიანს შეხვდებოდა, მანამ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება უნდა შეესრულებინა, - სახლში გამართულ შეკრებას უნდა დასწრებოდა ისე, რომ მესხისთვის სახე არ გაეერთიანებინა.
- გისმენ, მამა. - მამის მეორე ზარმა შეაფიქრიანა საკუთარი სახლის სავარძელში მშვიდად მჯდომი მაჭავარიანი, რომელსაც მეორე ხელში ვისკის ნახევრად სავსე ჭიქა ეჭირა.
- ნახევარ საათში აქ იყავი, ივა. - ისედაც სიტყვაძუნჭი უფროსი მაჭავარიანი, მარიამის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო შეეცვალა ცხოვრებას. მისგან ვერასდროს გაიგებდით ზედმეტი სიტყვების რახა-რუხს. ამბობდა ერთს და ასრულებდა დიალოგს.
- რა ხდება? - დაძაბული, კოპებშეკრული მაჭავარიანი საზურგეს მოშორდა და წამის შემდეგ ფეხზე წამოდგა.
- ველაპარაკე მესხს. ეგ, მიშა და კოსტავა აქ იქნებიან ორმოც წუთში. ფიქრობენ, რომ წილის ნახევრის გაყიდვას ვაპირებ და გაორმაგებული ძალებით მიტევენ. - ჩაეცინა კაცს.
- მოვდივარ. - ესღა უთხრა და გაუთიშა. სწრაფად მოიწესრიგა თავი და სახლი დატოვა. იცოდა, რომ დღეს განსაკუთრებული როლი ჰქონდა შესასრულებელი, რომელიც ზვიადის კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურებოდა, რათა შემთვრალ მესხს ხელი დაუფიქრებლად მოეწერა იმ საბუთებზე, რომლებიც მომავალში საკუთარი სამარის გასათხრელად იქნებოდა მიმართული.
* * *

- ივაა! - ზურგით მჯდომი ლაშხი ელენას აღფრთოვანებულმა წამოძახილმა გამოაფხიზლა. უკან მიიხედა თუ არა, მისთვის ყველაზე სასურველი და ამავე დროს ამდენადვე არასასურველი სხეული დაინახა, რომელსაც ჩვეულებისამებრ ცინიკური ღიმილი აეკრა სახეზე. თვალებით ბურღავდა მაჭავარიანი ლაშხს.
- შეკრებაც ასეთი უნდა, - ღიმილით დაიძრა სამზარეულოს მაგიდასთან მოკალათებული გოგოებისკენ, რომელთა კამპანიას რასაკვირველია ანუნა დვალიშვილია ამხიარულებდა. - როგორ ხარ, ანუნა? - ცბიერი ღიმილით აკვირდებოდა ნაკას დაძაბულ გამომეტყველებას. ქალს სუნთქვაც გახშირებოდა. აშკარაა, თავს უხერხულად და მიუღებლად გრძნობდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ივა ამის ყველა პირობას უქმნიდა, მისი ერთი სიტყვითაც კი.
მაჭავარიანის კითხვაზე ნაკამ წარბები შეკრა და ტელეფონს ჩააშტერდა ისე, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არც არსებობდა.
- მომენატრე, ივიკო! - მუდამ მხიარული და სხვისი ნერვების მოშლით დაკავებული ანუნა არც ახლა უშვებდა ივას გამწარების შანსს ხელიდან.
- შენ და სხირტლაძე საეჭვოდ ემთხვევით ერთმანეთს, ანუნ. - თვალებმოჭუტულმა გადახედა და მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო. ივას ხუმრობით ნათქვამ კომენტარზე ყველა უცნაურად გაჩუმდა, ამან კიდევ უფრო დააეჭვა მაჭავარიანი და აწურულ ანუნას გადახედა, რომელსაც წარბაწეული მზერით აჯილდოებდა ლაშხი.
- ივა, როგორ იქცევი, რა არის, - უხერხულის სიტუაციის შექნის გამო აწუწუნდა ელენა.

- ეს გოგო რას გადაეკიდა ჩემს ბიჭს, - ქოთქოთით შემოიჭრა მოულოდნელი გრიგალივით სწრაფი დორა და მასზე სამი თავით მაღალ ივას ჩაეხუტა. - ასე უნდა მომანატრო თავი, შე მაწაკო ბავშვო?.. შენ კიდევ ქალბატონო, ნორმალურად ესაუბრე ძმას! - თითის ქნევით გაუწყრა ელენას.
- ოჰ, გამოუჩნდა მფარველი... ცოტაც მოგეცადა დორაჩკა, ატირებულს გამოვუშვებდი შენთან დასამშვიდებლად, - თვალები აატრიალა ელენამ, რაზეც ანუნამ და ნაკამ სიცილი ვერ შეიკავეს.
- პატარა ელენას დაავიწყდა, როგორ ტიროდა სხვენში ჩაკეტილი... გავიხსენოთ, ელენ? - ეშმაკურად მოციმციმე თვალებით უყურებდა დას.
წამით, სულ რაღაც ერთი წამით, ყოველი მათგანი დაბრუნდა უდარდელ წარსულში, სადაც ყველაფერი ისე იყო, როგორც ახლა, ამ ერთი წამის განმავლობაში, მაგრამ მათი მთავარი სისუტე და მთავარი ვარსკვლავი აკლდა ამ წამიერად უდარდელ ყოფას. მარიამის გარეშე ვერცერთის სული ვერ ჰპოვებდა ნანატრ სიმშვიდეს და სიცოცხლის ბოლომდე იგრძნობდნენ მათ შიგნით გაჩენილ უდიდეს სიცარიელეს, რომლის ამოვსებაც მხოლოდ უფროს მაჭავარიანს შეეძლო თავისი შესაშური, დამატყვევებელი ღიმილითა და კისკისით, რომლის ნაზი მელოდიაც ახლაც, აი, ამ წამსაც ჩაესმოდათ... ყოველმა მათგანმა იგრძნო ამ ერთი წამის ძალა და ყოველ მათგანს ეტკინა... ამას კი მათი წამიერად ანთებული მზერა ცხადყოფდა, მაგრამ წამის შემდეგ, ისევ მიაპყრეს ერთმანეთს ჩამქრალი, სხივდაკარგული თვალები...

ნაკა უხერხულად შეიშმუშნა, როცა ივას ანთებულმა მზერამ მისკენ გადმოინაცვლა კიდევ ერთხელ. აფორიაქდა. მოსვენება დაკარგა. ხელები აუკანკალდა. საკუთარ თავს სწყევლიდა, მაინც და მაინც ამ დროს რომ მოვიდა სტუმრად, არადა ელენა ეუბნებოდა, დიდი ხანია ივა სახლში არ მოსულაო, თუმცა ივა მაჭავარიანისგან არანაირი სპონტანური ნაბიჯი არ გააკვირვებდა.
- მე წავედი. - აუტანელი რომ გახდა მისი მწველი მზერა, გამოაცხადა ბოლოს და ფეხზე წამოდგა. ანუნასთვის აღარ შეუხედავს, იცოდა, აქ აპირებდა დარჩენას, თვითონ კი უარით შეეგება მოწვევას. დიდად არცერთი არ ჩააცივდა, იცოდნენ მისი ხასიათი და ისიც, რომ არცისე მარტივი იყო მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა.
- სად გეჩქარება, კარგი, რა. - ერთი გაიბრძოლა ელენამ, მაგრამ ნაკას მზერამ გააჩერა.
- ნაკაკო, ხვალ გელოდები, იცოდე! ის ნამცხვარი ტყუილად არ გამომაცხიბინო, თორემ სულ მესაიდემლე კი არ ვიქნები მე,- ხმამაღლა განუცხადა დორამ და ნაკას თბილად გადაეხვია. ეშმაკურად გაუღიმა და ივას ჰკრა მუჯლუგუნი. - სტუმრებთან ყოფნა თუ არ გინდა, გოგო მაინც გააცილე, ივიკო!
- დორა! - თვალები დაუბრიალა გამზრდელს და დერეფნისკენ დაძრულ ქალს ფეხდაფეხ მიჰყვა. დერეფნიდან კარგად ჩანდა, მისაღებ ოთახში გაშლილი სუფრა და რამდენიმე არასასურველი სტუმარი, რომელთა ვინაობაც წამებში ამოიცნო ლაშხმა.
ირონიულად ჩაეცინა და ამავე ღიმილით გახედა მაჭავარიანს.

- საინტერესო კომბინაციაა, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ადგილზე შედგა. - ასე რამ დაგაბრმავა, ივა?
- არ ვაპირებ შენთან ამ თემის გარჩევას, რამდენჯერ გაგიმეორო, ნაკა? - ცოტა აკლდა მაჭავარიანს აფეთქებამდე.
- ნაკლებად მადარდებს, შენ რას აპირებ! მე კი ერთს გაფრთხილებ! ჩემს საქმეში არასდროს გაბედო ჩარევა, ივა, თორემ არ გამიჭირდება იმ ქმედების გამეორება, შემთხვევით წარბი რომ გაგიხეთქა, - და მაინც, რეპეტიცია გავლილი ნაკა ლაშხი, ვერაფერს უხერხებდა გამყიდველ გრძნობებს. მისი სიძლიერე ნელ-ნელა ეცლებოდა ხელიდან და იცოდა, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ არ შეეძლო... არ შეეძლო იმ მონატრების დამორჩილება, რომელიც მთელი ოთხი წელი ანადგურებდა.
- ახლა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე! მეორედ ამ საქმეში ცხვირს ჩაყოფ და ვაფშე ყველაფერს დავივიწყებ, იცოდე ცოცხლად დაგმარხავ, ნაკა! - კედელთან მიიმწყვდია გულაჩქარებული სხეული, რომელიც მისი შეხებისგან გამოწვეულ კანკალს ვერაფერს უხერხებდა. არ ეშინოდა ლაშხს მაჭავარიანის, მეტიც, ზედმეტად ენდობოდა კიდეც, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ივა თავზეხელაღებული და უკონტროლო იყო მაშინ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მისდიოდა.
- კარგად ვიცი აქ რატომ ხარ, - წასასვლელად მომზადებულ კაცს უშიშრად მიახალა და კედელს ერთი ნაბიჯით მოშორდა.
- ვაჰ, მართლა? - ცოტა აკლდა მაჭავარიანს და გულიანად გადაიხარხარებდა. ხელები გულზე დაიკრიფა და მარჯვენა მხარით კედელს მიეყრდნო. - ეცადე სამ წამში ჩაატიო შენი სათქმელი, თორემ მეეჭვება ცოცხალმა გააღწიო.
- არასწორ გზას ადგახარ... და ჰო, შენი არ მეშინია. - წასვლას აპირებდა, ივას ხელმა უხეშად რომ შემოაბრუნა და მის სხეულს მჭიდროდ ააკრა. არა, ეს არ იყო საყვარელი კაცის მკლავებში ჩადნობის სცენა, რადგან როგორც კი მზერა გაუსწორა, მის ჭკუიდანგადასულ თვალებში ჩაიკარგა და წამით შეეშინდა კიდეც.
- არაფერი იცი ჩემს გზაზე და ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო, ნუ ცდილობ იმ საქმეში ჩარევას, რომელიც შენ არ გეხება! ნუ ინტერესდები, ნუ ერევი, თორე მარიამის სულს გეფიცები, ნაკა! განანებ! თანაც ძალიან მწარედ!
- მანანებ? ჰაჰ... სანამ მე მანანებ, მანამ მოგიგრეხს კისერს ის ადამიანი, ახლა შენს სახლში გაცისკროვნებული სახით წარსულის ამბებს რომ იხსენებს. გული მერევა!

ქალის სითამამებ გააოცა. არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებულს აკეთებდა იმ წამს ლაშხი, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ყველანაირად ცდილობს ატკინოს, მოიშოროს, გააქროს, მაგრამ ნაკას აღმართული კედელი ბევრად სქელია, ვიდრე მისი დამანგრეველი სიტყვები.
- მითხარი, რატომ ფიქრობდი, რომ ამ საქმეში მათი ხელი ერია? რატომ იყავი ასეთი დარწმუნებული, ნაკა, იქნებ შენი აზრები რაიმე არგუმენტით გაამყარო, - ცინიკურ ტონსაც კი ეტყობოდა, თუ როგორი გაცეცხლებული იყო ივა მაჭავარიანი. მზერით ცეცხლის გადმოფრქვევა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უთუოდ გადაბუგავდა იქაურობას.
- მათ არ შესწევდათ უნარი, შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ ამ იმპერიაში მეორეხარისხოვანი როლები ჰქონდათ. ადამიანების დახოცვამდეც სწორედ ძალაუფლების, უფრო მეტის წყურვილმა მიიყვანა ისინი. - ლაშხის სიტყვები იმაზე დამაჯერებლად ჟღერდა, ვიდრე ამ აზრის ჭეშმარიტებაზე თავად ფიქრობდა. - იცი, რა, ივა?! მე არ მჯერა და ვერც ვერავინ დამაჯერებს, რომ ახლა, მათ გახრწნილ სულებში, რაიმე დადებითი ან ხელჩასაჭიდი არსებობს... შეხედე, როგორი ნეტარებით შეექცევიან ვახშამს, თითქოს ამ ოჯახის უბედურება მათ მხრებს საერთოდ არ აწევს.... შეხედე, მესხი ისე გულიანად იცინის, ვერც გრძნობს ცოდვის სიმძიმეს. - ქალის სახეზე ყველა ემოციას ამოიკითხავდით. ეს იყო ბრაზი - ირონიული, ისტერიული ჩაცინების თანხლებით. ზიზღით აპრეხილი ტუჩის კუთხეები, საბოლოოდ კი ძალა, რომლის მიმართვა იმ ხროვისკენ შეეძლო, რომლის წევრებიც უსირცხვილოდ ამშვენებდნენ მაჭავარიანების უშველებელ სასტუმრო ოთახს. ივა მაჭავარიანი დიდხანს იდგა და თვალს არ აშორებდა მის წინ მდგომ, გაზრდილ, სიველურეშეპარულ ქალს, რომლის მზერაც იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე მისი თითოეული სიტყვა. ქალის ყორანივით შავი თვალები თითქოს ცეცხლის ალში იყო გახვეული, ამის შემყურეს კი არ შეეძლო რაციონალური აზროვნება. უმცროსი მაჭავარიანი კარგად ხვდებოდა, თუ რა შარში ყოფდა თავს... თუმცა, ეს შარი უკვე იმდენად ახლოს იყო მასთან, უკონტროლოს ხდიდა მთელ მის არსებას.
გეგმა, რომლის განხორციელებაც ჩამოსვლის დღიდან პრიორიტეტი იყო, ახლა მის თვალწინ იშლებოდა, რადგან იცოდა, რომ ამ ბრძოლაში დასამარცხებელი კოზირი გამოუჩნდა.
მთავარი სისუსტე - ნაკა ლაშხი. ქალი, რომელიც მისგან დამოუკიდევლად ჯერ მის გონებას ისაკუთრებდა, შემდეგ კი ცბიერი ნაბიჯებით გულისკენაც მიიწევდა, მაგრამ არა! მაჭავარიანისთვის გულისკენ მიმავალი ქალი არ არსებობდა და ეს რომ გეთქვათ, ერთს გულიანად გადაიხარხარებდა, რადგან მას არ შესწევდა უნარი შეეყვარებინა. არანაირი სურვილი არ ჰქონდა, რომ მარიამის და ელენას შემდეგ, მესამე ქალი კიდევ ერთ სისუსტედ ექცია, თუმცა ეს მხოლოდ მისი ირაციონალური ფიქრები იყო, ამ ფიქრების მორჩილებას კი ვერასდროს შესძლებდა.

- რატომ გგონია, რომ მხოლოდ შენ ხედავ სიმართლეს. რამ გადაგაწყვეტინა, რომ დედამოტ*ნულ ბრმად შეგერაცხე, - მისი ცინიკური ტონი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა. სახის კუნთის ნერვული თამაში და ცინიზმი ვერავის აფიქრებინებდა, რომ მაჭავარიანს ლაშხის მიმართ რამე გრძნობა გააჩნდა გარდა ანტიპათიისა. ნაკა უყურებდა მის ემოციების ცვლილებას და წამით ეჭვიც ეპარებოდა იმაში, რომ ივა არასწორ გზას ადგა.
- იქნებ შენმა რეაქციამ, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ. - გულში მტკივნეულად გაჰკრა წარსულის ბასრმა კლანჭმა. - იქნებ შენმა გაცეცხლებულმა და იმედგაცრუებულმა თვალებმა. ვხედავდი ივა, შენს თვალებში ვხედავდი, რომ ჩემი ერთი სიტყვისაც არ გჯეროდა. ყოველთვის, მაშინაც კი, როცა მარიამი ცოცხალი იყო, ყველაზე მეტად ჩემ მიმართ გამოხატავდი ზიზღსა და უნდობლობას... ვინც მარიამს იცნობდა, არავის, საერთოდ არავის არ სჯეროდა თვითმკვლელობის იდეა, არც შენ, მაგრამ რატომღაც ჩემმა სიტყვებმა გაგამწარა და მთელი ის ბოღმა ამოგანთხევინა, რასაც წლების განმავლობაში ინახავდი, - ერთი შეხედვით უემოციო ლაშხი, უკანასკნელი ძალებით ცდილობდა თავის შეკავებას, რომ ყელში გაჩხრილ ბურთს მტკიცე ხმა არ წაერთმია მისთვის. თვალების ჯებირები დაპროგრამებულებივით აკავებდნენ ცხელ სითხეს და არ აძლევდნენ უფლებას, რომ ცრემლად ქცეულიყვნენ. გატეხილი ხმა შენიღბული იყო სიმტკიცით, მაგრამ მარტივი მისახვედრი იყო, თუ რა ცეცხლი ტრიალებდა ქალის შიგნით.
- მაგრად მკ.იდია, ნაკა, ეს სენტიმენტები! შენი საქმე არ არის, რა მჯეროდა და რა არა, გასაგებია?! - ცოტა აკლდა და ღრიალს დაიწყებდა. ლაშხის სიტყვებმა სული აუფორიაქა მაჭავარიანს, დაჭრილ ცხოველს ჰგავდა იმ წამს. თითქოს ვიღაცამ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და კიდევ განაგრძობდა მის წამებას. ვერ ეგუებოდა მაჭავარიანი ამ სენტიმენტების მოსმენას, თანაც ვისგან... ნაკა ლაშხისგან. - ნუ ცდილობ ჩემს დახმარებას და იმ საქმეებში ქექვას, რომლის ერთი პროცენტიც კი არ გეხება! უკანასკნელად გაფრთხილებ, ნაკა! კიდე ერთი არასწორი ნაბიჯი და დავი.კიდებ ვინ იყავი მარიამისთვის, დავი.კიდებ ვინ ხარ ელენასთვის და გაგანადგურებ! - ესღა უთხრა და სიბრაზისგან გაწითლებული ლაშხი მარტო დატოვა მბჟუტავი სინათლით განათებულ დერეფანში, თვითონ კი მშვიდი ნაბიჯებით დაბრუნდა სასტუმრო ოთახში.
მარტო დარჩენილი ნაკა კიდევ დიდხანს გრძნობდა უჰაერობას, მძიმე ენერგეტიკას და იმ მხარის სიმხურვალეს, რომელსაც წუთის წინ მაჭავარიანის დაძარღვული ხელი ეხებოდა. იდგა მისი სიტყვებით დაბნეული და თითქოს შელახულიც კი, რადგან მხოლოდ ივა იყო ის ადამიანი, რომელიც გამუდმებით აგრძნობინებდა მის მეორეხარისხოვან როლს. რატომ?! ერთი ლოგიკური აზრიც კი არ ჰქონდა, მაგრამ წლების დაკვირვებით, ის ზუსტად იცოდა, რომ მაჭავარიანი არავის ექცეოდა ისე, როგორც მას. ნაკა ლაშხი არ იყო სულელი და სუსტი ქალი, მეტიც, იმდენად ძლიერი იყო, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერის წინააღმდეგ წავიდოდა, ნებისმიერს გაანადგურებდა სიტყვით, მაგრამ საშინელ უძლურებას გრძნობდა ივა მაჭავარიანის წინაშე, რადგან გრძნობები, რომლებიც ბავშვობიდან უღვივდებოდა, ახლა, ამ ასაკში, ზედმეტად ფესვებგადგმულიც კი იყო მასში... ვერ ხსნიდა რატომ უყვარდა ის, ვინც ასე ეპყრობოდა, მაგრამ ლაშხი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ივა რაღაცას მალავდა და ეს რაღაც აიძულებდა მას ასე მოქცევას.


* * *

საკუთარ მანქანებში ნაწილდებოდნენ, არაბიძემ დაცვა რომ მოიშორა და სერიოზული გამომეტყველებით მდგომ მესხს მიუბრუნდა.
- რას ფიქრობ? - დაბალი ტონით ნათქვამ სიტყვებს თვალების სწრაფი მოძრაობაც დაურთო. ცხადი იყო, მზერით მაჭავარიანების სახლისკენ ანიშნებდა.

- არ მომწონს ეს სიტუაცია... საეჭვოა... ძალიან საეჭვო. - მისი უდარდელი განწყობა სრულ კონტრასტს ქმნიდა წარმოთქმულ სიტყვებთან.

- რამე გაიგეს, არა? - ანერვიულდა არაბიძე. შინაგანად აწრიალებულს, სახეზეც ეტყობოდა დაუფარავი შიში. - არ არის ეს სუფთა საქმე, ზვიად! მე მაინც მგონია, რომ გულუბრყვილოდ მოიქეცი, აქციების გადაცემას ხელი რომ მოაწერე... რატომ გგონია, რომ ერთი კვირის დაბრუნებული მაჭავარიანი ყველაფერს გაყიდის და მშვიდად დაელოდება სიკვდილს?! სრული აფსურდია!
- ხელი რომ არ მომეწერა, ყველაფერს იმაზე ადრე მიხვდებოდა, ვიდრე ეს ჩვენს გეგმას სჭირდება... შენ რა გგონია, ვერ მივხვდი, მათ ჩანაფიქრს? ან იმას, ყოველთვის დაგეშილი ივა, მშვიდად რომ იჯდა სუფრასთან? - გრაციოზულ სიმშვიდეს არ ჰკარგავდა მესხი. - რაც უნდა იყოს, მანამ გავაქრობთ, სანამ მოქმედებას დაიწყებენ. - ჩახლეჩილი ხმა და თვალებში აკიაფებული სხივები კიდევ უფრო ამაზრზენს ხდიდა ზვიად მესხს.
- და თუ უკვე დაიწყეს? - მაინც ვერ ისვენებდა, საფრთხის მოახლოებას გრძნობდა არაბიძე.
- დამშვიდდი და საქმეს მიხედე. მაგ ხელმოწერით ვერაფერს გახდება მაჭავარიანი, მთავარი გეგმა უკვე მზადაა.- გადაჭრით ნათქვამმა სიტყვებმა და მტკიცე ტონმაც ვერ ჩაუქრო თვალებში აგიზგიზებული შიში არაბიძეს. მესხმა ხელი მხარზე დასცხო და კიდევ უფრო დაბალი ტონით დაამატა. - ხვალ „ბუნაგში“, თერთმეტზე.
მანქანაში უკანმოუხედავად დაიკავა თავისი ადგილი და შავებში გამოწყობილ, უემოციო სახით მჯდომ მძღოლს ანიშნა წასულიყო. არაბიძე რამდენიმე წამი იდგა გაშეშებული, თითქოს ცდილობდა დღევანდელი შეხვედრა გადაეხარშა და რაციონალური გონებით მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ ჩიხში მოქცევის საშიშრობას გუმანით ზედმეტად ცხადად გრძნობდა და აღარ იცოდა, ღირდა კი, შეეტოპა უფრო ღრმად?!

**

ღამის პირველი საათი იყო ჩაბნელებული კორიდორი რომ გაიარა და გამაყრუებელი სიმღერების ფონზე ჯაჭვლიანის ძებნა დაიწყო, რომელიც მისდა გასაკვირად სასმელების ბართან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მალევე შეამჩნია ძველი მეგობარი ლუკამ და სახე გაუბრწყინდა.
- ივა? მაჭავარიანი ივა? - ღიმილით დაიძრა მისკენ და გადაეხვია. - არც კი მჯერა.
- არ მითხრა რომ მოგენატრე, - გაეცინა მაჭავარიანს და ლუკასთან ერთად ჩაბნელებული კუთხისკენ წავიდა.
- ბიჭო, შენ ღადაობ და მე მართლა მაგრად მომენატრე! - სახეზე ეტყობოდა ჯაჭვლიანს ძველი მეგობრის ხილვით მიღებული აღფრთოვანება.
- ატრა.კებ. - ეცინებოდა ივას, რომელიც უცნაურ სიმსუბუქეს გრძნობდა. ფრაგმენტებად, მაგრამ მაინც გრძნობდა რაღაც ძალიან ძლიერ კავშირს საკუთარ უდარდელ წარსულთან, რომლის განუყოფელი ნაწილი და ყოველდღიურობა იყვნენ ჯაჭვლიანი ლუკა და სხირტლაძე დაჩი სხვა მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც ურთიერთობის განახლება არც უფიქრია მხოლოდ იმიტომ, რომ წასვლის შემდეგ არცერთს გასჩენია ოდნავი ინტერესიც კი, არცერთი დაინტერესებულა მისი ბედით, ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, მაჭავარიანების ოჯახში დატრიალებული უბდურება იყო, რომელმაც სრულიად ქალაქი შეძრა.
- ვატრ.აკებ კი არა, მოყევი რა ხდება, სად ხარ... ვახ, ოთხი წელი, ბიჭო...ძაან ბევრია! - თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრა, თუ რამდენი დრო გასულიყო მათი ბოლო შეხვედრიდან.
- ოთხი წელი...ჰო, დიდი დრო გავიდა... - ჩაილაპარაკა ივამ და წამიერი პაუზის შემდეგ, მიმტანის მიერ მოტანილი ორმაგი ვისკი ბოლომდე გადაკრა. - შენი დახმარება მჭირდება, ლუკა.
- ბაზარი არაა, ხო იცი, ივა. - მაჭავარიანის დაძაბულ ტონზე ჯაჭვლიანიც დაიძაბა.
- შეეშვი იმ საქმეს? - კომფორტულ სავარძელზე გადაწოლილ ლუკას მოჭუტული თვალებით გახედა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაჭვლიანი მართლაც კარგი მეგობარი იყო, მაინც ფიქრობდა, რომ შესაძლოა უარი ეთქვა, რადგან დაღალატება მეგობრისგან ერთადერთი რამ იყო, რაც აღარასდროს გაუკვირდებოდა. ზედმეტად მწარე იყო მისი გამოცდილება ამ კუთხით.
- წლებია, მაგრამ თუ რამე გჭირდება, არ გამიჭირდება, ივა... მე თუ ვერა, მყავს ხალხი, ვისაც შეუძლია. - დასერიოზულდა ჯაჭვლიანი.
- აუცილებელი რომ არ იყოს, არ მოვიდოდი, ლუკა... გიორგი ჭონიაშვილზე მჭირდება ინფორმაცია.
- გიორგი ჭონიაშვილი..- დაბალი ხმით ჩაილაპარაკა, - ნაცნობი სახელია... თანაც ძალიან... მოკლედ, იქნება. - უთხრა გადაჭრით და მხარზე ხელი დაჰკრა, - მოდი, დავლიოთ რა, და შეაფასე, რა პონტი მოვხოდე! ჰო მართლა, ის გამოსი.რებული სად დაგრჩა, - სხირტლაძე რომ დააკლდა თვალს, მხოლოდ მაშინ აღნიშნა ლუკამ. - ეგ გადამგდები, ბიჭო! ბანძი შეყვარებულივით დამადო! უხ, მაგის... იცი, რა გააკეთა? - დაჩის გახსენებაზე სიბრაზისგან სახეც კი აუწითლდა ჯაჭვლიანს, - ბიჭო, შეხვედრაზე ვართ მე და სანდრო, ვიღაც ბიზნესმენები ავყარეთ ახალი საქმე რომ წამოგვეწყო და ველოდებით სხრიტლაძეს, რომ მოა*ვას და ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ... გადაგვაგდო მაგ გან.დონმა!

- შენ იმ პიჟონების სახე უნდა გენახა, ივა, გადაგდებული საყვარლებივით რომ წამოვარდნენ და იქაჩებოდნენ, - უეცრად გაისხმა დაჩი სხირტლაძის ხმა, რომელიც აშკარად ნასიამოვნები აგრძელებდა ამბის თხრობას. - მარტო მაგის გამო უნდა გადამეგდო ბიჭო, მაგათ სახეებზე რომ გეღადავა მთელი წელი, აზრზე არ ხარ, რა! არც შენ და არც ის ჭიკარტა!

- კიდე რომ იცინის, ბიჭო! - ამოიქშინა გამწარებულმა, - სანამ არ გაგიგდებ წიხლქვეშ, მანამ არ მოისვენებ, ხო?! ბაზარი არაა, იქნება!

- ქალაქში ცნობილი უტ.რაკო ხარ ლუკა ჯაჭვლიანო და მოდი დაყენდი, რა! - მსუბუქად ჩაიცინა და ივას გვერდით დაიკავა ადგილი. ყურებიდან ლამის ბოლი ასდიოდა ჯაჭვლიანს.
- აი, შენ ნახე... - კიდე გააგრძელებდა მუქარას, ივა ხმამ რომ გააჩუმა ორივე.
- ლუკა, შეეშვი, თავისიც ეყოფა, შენ რომ არ დაუმატო, - სიცილით დაამშვიდა სიბრაზისგან აზვირთული ჯაჭვლიანი. ეცინებოდა ივას მათი შემყურე, მაგრამ გულის არეში მაინც გრძნობდა რაღაც მწველ და ძალიან ნაცნობ ტკივილს... მძიმე იყო მისთვის წარსულთან მიახლოება და ყველაფრის ისე გაგრძელება, თითქოს ის ოთხი წელი უბრალოდ ოთხი დღე ყოფილიყო. დაწოლისას, დაძინებამდე, ყოველთვის გრძნობდა ძლიერ მონატრებასა და ძველი ივას დაბრუნების სურვილს, მაგრამ ეზიზღებოდა ყოველი დილა, რომელიც სასტიკ რეალობას აუწყებდა მთელი მონდომებით.
- მომისმინე... დღეს ჩავუჯდები მაგ ამბავს და გაგაგებინებ როგორც კი რამეს გავიგებ. მშვიდობაა? - დამშვიდებული ჯაჭვლიანის ხმამ დააბრუნა რეალობაში, რომელიც დაჩისკენ არც კი იხედებოდა.
- მშვიდობას ჩემთან რა უნდა, ლუკა. - ესღა ამოაყოლა მძიმე ოხვრას და ფეხზე წამოდგა. - იყავით აქ და მოვალ ათ წუთში. - დაუბარა ორივეს და ბარის გასასვლელისკენ დაიძრა. ახლა სუფთა ჰაერი რომ არ შეეგრძნო, ალბათ ის ძლიერი და აქამდე უდრეკი ორგანო საბოლოოდ უმტყუნებდა, რომელიც ბოლო ხანებში უჟანგბადობისგან ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
ბარიდან გამოსულმა, ნაცნობი სხეული რომ დალანდა, კიდევ ერთხელ გამოტოვა გულმა დარტყმა. მზერა დაეძაბა, სხეული დაეჭიმა, მაგრამ სანამ მოქმედებას მოასწრებდა, ქალი უკვე ტაქსიში იჯდა.

- დაჩი, - რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაჰყვირა ტელეფონში სხირტლაძეს, რადგან ბარში დაბრუნების სურვილი უკვე აღარ ჰქონდა, - ნაკა ლაშხს რა ჯანდაბა უნდოდა ნერვში, სასწრაფოდ უნდა გავიგო.


------
გამიზიარეთ თქვენი ხედვა მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით... საინტერესო იქნება.
და ჰო, მადლობა აქტიურობისთვის! იმედია ისიამოვნებთ.



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

ოხ, მარგოოო! როგორ მაწამებ?! ამ მომენტში გაჩერება იქნებოდა? რა ვთქვა არ ვიცი, სასტიკად მაინტერესებს რა ხდება და ვერაფრით ვერ ვხვდები. როგორ გავძლო ახლა შემდეგ თავამდე? და ხო კიდევ რა უნდა მეთქვა, სულ რამდენი თავი იქნება?

Shemovixede axali tavi xomar daido metki, turme dadebula. Gavipikre kavas movidugheb da gemrielad chavujdebi kitxvas metki magram iseti interesit vkitxulobdi, sul gadamaviwkda kava da gacivda. Davrchi axla ukavod da intrigashi ;dd axali tavi mindaaaa!!!!!

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ლიზი
ოხ, მარგოოო! როგორ მაწამებ?! ამ მომენტში გაჩერება იქნებოდა? რა ვთქვა არ ვიცი, სასტიკად მაინტერესებს რა ხდება და ვერაფრით ვერ ვხვდები. როგორ გავძლო ახლა შემდეგ თავამდე? და ხო კიდევ რა უნდა მეთქვა, სულ რამდენი თავი იქნება?

Shemovixede axali tavi xomar daido metki, turme dadebula. Gavipikre kavas movidugheb da gemrielad chavujdebi kitxvas metki magram iseti interesit vkitxulobdi, sul gadamaviwkda kava da gacivda. Davrchi axla ukavod da intrigashi ;dd axali tavi mindaaaa!!!!!

ყავასთან ბოდიშიიიიი! :დდდდდ
სავარაუდოდ სულ რვა ან ცხრა თავი იქნება, შეიძლება ერთი თავი დავამატო... ზუსტად არ ვიცი :დ <3
მადლობა ლიზი! მიხარია შენი კომენტარები!<3

 


№3 სტუმარი ტაისა

ვაჰ, მარგო,რას აკეთებ??????!!!!! ❤

ინტრიგანი ეს)

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

კითხვისას მქონდა შეგრძნება ეომ დანაღმულ ველზე დავდიოდი. მგონია ეომ გიორგი და მარიამი არასწორ დროს არასწორ ადგიილას აღმოჩნდნენ ან გიორგის აიძულეს ცუდის ჩადენა. არვიცი რამოხდა. მაგრამ გაურკვეველი სიკვდილის ლანდები რომ არ ასევენებთ მარიამის ახლობლებს ესცხადია. იმედია კულმინაციამდე და კვანძის გახსნამდე არ გამძვრება სული. ძალიან მაგარია მარგო. ლაშხი მომწონს და კითხვისას მიჩნდება შეგრნება რომ ეს სახელწბი ზუსტად ამ პერსონაჟებს უნდა ერქვატ. მადლობაა

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

ტაისა
ვაჰ, მარგო,რას აკეთებ??????!!!!! ❤

ინტრიგანი ეს)

უჰჰჰჰჰ bowtie ცოტაც და... smiling_imp

Qeti qimucadze
კითხვისას მქონდა შეგრძნება ეომ დანაღმულ ველზე დავდიოდი. მგონია ეომ გიორგი და მარიამი არასწორ დროს არასწორ ადგიილას აღმოჩნდნენ ან გიორგის აიძულეს ცუდის ჩადენა. არვიცი რამოხდა. მაგრამ გაურკვეველი სიკვდილის ლანდები რომ არ ასევენებთ მარიამის ახლობლებს ესცხადია. იმედია კულმინაციამდე და კვანძის გახსნამდე არ გამძვრება სული. ძალიან მაგარია მარგო. ლაშხი მომწონს და კითხვისას მიჩნდება შეგრნება რომ ეს სახელწბი ზუსტად ამ პერსონაჟებს უნდა ერქვატ. მადლობაა

ქეთი, როგორ უკვე აღვნიშნე, მიყვარს შენი კომენტარები! <3 ნაწერით მიღებული ემოციების კითხვა სასწაულ სტიმულს მაძლევს <3
გეთანხმები, გიორგი და მარიამი მართლაც ცუდ დროს შეხვდნენ ერთმანეთს დააა რაც შეეხება კვანძის გახსნას... მომზადებული დაუხვდით მეექვსე თავს sweat_smile
მადლობა კიდევ ერთხელ!!! heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაული ხარ

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

.კარგი საინტერესო თავი იყო ძალიან მეწონა მადლობა წარმატებები

 


№8  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი თეო
სასწაული ხარ

თეო, სასწაულად დიდი მადლობა! flushed heart_eyes

სტუმარი ნესტანი
.კარგი საინტერესო თავი იყო ძალიან მეწონა მადლობა წარმატებები

ძალიან მიხარია! უდიდესი მადლობა <3 heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი Inn

ძალიან საინტერესო ისტორიაა... მოუთმენლად ველი გაგრძელებას ????

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანუკა

შემდეგი როდის იქნება? ერთი სული მაქვს. ძალიან მომწონს, ივა ვინმემ მესროლოს რა იქნება

 


№11 სტუმარი სტუმარი Eka

საოცრებაა ნამდვილი, ისეთი ემოციურია და დამაინტრიგებელი ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება, ვარაუდიც კი არ შემიძლია, ყოჩაღ საოცრად გადმოსცემ ემოციებს♥️♥️♥️

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი Inn
ძალიან საინტერესო ისტორიაა... მოუთმენლად ველი გაგრძელებას ????

მიხარია, რომ მოგწონს!! heart_eyes

სტუმარი ნანუკა
შემდეგი როდის იქნება? ერთი სული მაქვს. ძალიან მომწონს, ივა ვინმემ მესროლოს რა იქნება

ივაზე მეც არ ვიტყოდი უარს :დდ
დღეს იქნება <3

სტუმარი Eka
საოცრებაა ნამდვილი, ისეთი ემოციურია და დამაინტრიგებელი ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება, ვარაუდიც კი არ შემიძლია, ყოჩაღ საოცრად გადმოსცემ ემოციებს♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა ასეთი საოცარი შეფასებისთვის! მიხარია <33333 heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent