შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლოს (I ნაწილი)


30-04-2021, 00:15
ავტორი Banu_N
ნანახია 361

ეძღვნება ყველას, ვინც სიძლიერე იპოვა
არც ონისეს გამოჩენამდე მქონია დალაგებული ცხოვრება, ამიტომ იმის გადაბრალება რაც მას არ ჩაუდენია არასწორად მიმაჩნია. არ ვაპირებ რამით დავიკვეხნო თქვენთან, თუნდაც წუთისოფლის სიავეზე, ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, ხან კარგია ხან კი ცუდი, უბედურებას ბედნიერება მოჰყვებაო ნათქვამია, მეც ამით ვცხოვრობდი, აქამდე, მანამდე, სანამ ონისე არ გავიცანი.
23 წლის წინ:
1998 წელი:
სვანეთის კალთებს რომ გადმოხედავ და ქარი თმებს შეგირხევს, ძვლებში გაატრებს და სისხლი წამოგენთება, მაშინ გაიბრძოლებს შენში ბარათაშვილის მერანი, თავისუფლება მოგინდება, ბუკის კვრას გააყოლებ შენ სულსა და გულს, ფიქრებში გადაეშვები და ამქვეყნიერებას მოსწყდები.
ლეზგარი არც ისეთი დიდი სოფელია ამ უზარმაზარ კლდეებში, მოკუნტულივით მოქცეულა და განაბულა, მაგრამ ამ პატარა ადგილას ვეებერთელა სიბოროტე და არაადამიანობა დაგროვილა.
-ბორენა, ბორენაა- მესმის ლელას წკრიალა ხმა, შორიდან, სადღაც შორიდან, ვხვდები რომ ახლოსაა, თავშალს ვიხვევ გრძელ, ფითქინა ყელზე და კიბეებზე ვეშვები, ფარფატით მივრბივარ უმშვენიერესს ახალთახალ გაზაფხულის აბიბინებულ მინდორზე, იმის შიშით რომ არ შევლახო მისი სისპეტაკე, სახლის კარს ვაღებ და ჩემს მეგობარს ვეგებები.
გაკვრივებული თვალებში შემომყურებს, სულს ძლივს ითქვამს და სახეზეც წვეთებათ ჩამოსდის გახურებული ოფლი.
-გაიგე? ჩამოვიდა, გაიგე მეთქი? გესმის ბორენა?-სიტყვებს შორის საკმაო პაუზას აკეთებს, უნდა გული მოითქვას და გამაგებინოს.
-ლელა, დაწყნარდი- ვუღიმი და მხარზე ხელს ვადებ. ჩემი ღიმილი სულ მთლიანად შლის ჭკუიდან და მკლავებში მწვდება, მაჯანჯღარებს და პირიქით მე მასულიერებს.
-გამოფხიზლდი ბორენა, ვიქტორი ჩამოვიდა, ვიქტორ დადეშქელიანი- თვალებში შიშის ნაპერწკალს ვხედავ და იმ წამსვე ვიაზრებ რასთან გვაქვს საქმე.
ხმას ვეღარ ვიღებ, სული მეხუთება და ხელის გულები მიოფლიანდება, მინდება სამუდამოდ გავქრე ამ სამყაროდან და მოვშორდე იმ უბედურებას რომელიც წინ მელის.
-რას ფიქრობ, რა მოხდება?- გონს მოსული ლელა უკვე წყნარად მეკითხება, მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო.
-გაგათხოვებენ?-ისევ ის ხლიჩავს ამ საშინელ ჩამოწოლილ დაძაბულობას და ჯერ კიდევ ჩემს მკლავებზე ჩაბღაუჯებულ ხელებს მიშვებს.
-ალბათ- თვალი გამიშტერდა ერთ ადგილას, ცხენისწყალს გავყურებ, როგორც ყოველთვის ბობოქარია, იბრძვის და არასდროს ნებდება, ნეტავ მასავით ძლიერი ვიყო, შემეძლოს ხმის ამოღება და ბედნიერებისთვის ბრძოლა. ყველას გათელვა და დამარცხება, ვისაც უნდა რომ ჭაობში ჩამათრიოს, არასდროს დავიხევდი წინ მასავით მამაცი რომ ვიყო, მაგრამ განა არსებობს მისნაირი ადამიანი?!
ფიქრებმა გამიტაცა, იმის მაგივრად რომ რამე მოვიმოქმედო, თავი გადავირჩინო, ოცნებებში დავფრინავ, ყველანი ხომ სწორედ ასეთები ვართ, ფიქრი გვიყვარს, მოქმედების მაგივრად, რაღაც ყოველთვის გვაბრკოლებს, არ ვიცით ეს შინაგანი ხმაა თუ ბრბოსგან წამოსული გამოძახილი, რომელსაც უნდა მასში ჩაგითრიოს და შენც მათნაირ ჩაკეტილ ჩარჩოებში მოგაქციოს.
ლელა თბილ ხელს მადებს თავზე, თმებზე მეფერება, ვგრძნობ მის გვერდში დგომას და თითქოს მისგან წამოსულ ნაპერწკალს, რომელსაც ვეცოდები, იზიარებს ჩემს გასაჭირსა და ტკივილს, ეს ხომ სწორედაც ნამდვილი მეგობრობაა.
დრო გადიოდა, შიში უფრო და უფრო მჭამდა, ვიაზრებდი რამდენად ახლოს იყო და ყოველ წამს დაძაბული ვატარებდი, ერთ წუთს მერჩივნა კიდეც მენახა და ეს მძიმე ტვირთიც მომეხსნა, მაგრამ თანდათან მიწის გასკდომას ვნატრობდი.
18 წლის ვიყავი როდესაც ვიქტორი სახლში მოვიდა, მამაჩემს, ამირან ჯაჭვლიანს ჩემი ხელი სთხოვა.
-დიდი მოწიწებით მინდა თქვენი ქალის ხელი გთხოვოთ, კაი ხანია მიყვარს და მინდა ცოლად წავიყვანო-მაშინაც მკაცრად შეეკრა წარბები, მრისხანე გამომეტყველება ჰქონდა, მამაჩემს შეჰყურებდა და ჩემს თავს ითხოვდა.
სწორედ მაშინ გადაწყდა ეს ამბავი, ჩვენი ვითომ და ბედნიერი სიყვარული მთელს ცხუმარს მოედო და მალევე გავხდით ჯერ არდაქორწინებული ლამაზი ოჯახი. დავინიშნეთ, მაგრამ შემდეგ ვიქტორი წავიდა, სასწავლებლად წავიდა თბილისში, ჩვენი ქორწილიც ვეღარ შედგა. ისე გაიწელა ეს წლები, ვერც კი გავიაზრე რომ უკვე სხვისი ქალი მერქვა და დრო იყო ჩემი ინტერესები და ბედნიერება ოჯახის გამო უკან გამეწია. ასე ვიცით ჩვენ, სვანების ქალები მეტად მტკიცენი ვართო ამბობენ ჩვენთან, სოფელში, მაგრამ საკვირველია, არის კი განა ეს სიძლიერე?!
.......................................................................................................................
ის საღამო მეტად უცნაურობით იყო სავსე, ვიქტორ დადეშქელიანის ჩამოსვლის მერე, რამე თუ ასე შეძრავდა და აალაპარაკებდა სოფელს ვინღა იცოდა, თუმცა გამოჩნდა, თვალები დაუბრმავა სოფლის ყველა მაცხოვრებელს და ისე გაუჩინარდა ფანგანების მოჭნუჭნულ და უკვე სიბერისგან გაცვეთილ სახლში, ხალხს მისი სილამაზის ბოლომდე აღქმის უფლება, შესაძლებლობა არც კი მისცა.
ცხენისწყლის ნაპირებიდან ვბრუნდებოდი შინ, როცა წინ დამხვდა, ვიქტორი, ისევ ისეთი მკაცი მზერით და კიდევ უფრო გამაღლებული, ჩემს სველ ყვავილებიან მუხლს საკმაოდ ჩამოცდენილ კაბას დავხედე და მალევე შემომესმა ჩემი თანმხლები პირების კისკისიც. ვიქტორმა მზერა ამარიდა, წამებში მოავლო თვალი ჩემს უკან გაჩერებულ ლელა ჩანქსელიანს, ხვიჩა არღვლიანს, ნათია და კობა ჩანქსელიანებს, წარბები კიდევ უფრო შეკრა და მუშტებიც მალევე მომუშტა. სიცილი მალევე შეწყდა.
-გამარჯობა ვიქტორ- ხვიჩა ძველ მეგობარს მიაჩერდა და მისკენ გასწია, გადაეხვია და მოიკითხა კიდეც, როგორც ჩვენ, სვანებს შეგვფერის. ვიქტორი ხმას არ იღებდა, მხოლოდ იდგა და მე მომშტერებოდა.
-ჩვენ წავალთ- ისევ ხვიჩამ დაიწყო საუბრი და ამითიც დაასრულა, მალევე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით პირისპირ. მე და ვიქტორი, მომავალი ცოლ-ქმარი.
-როგორ ხარ?-დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვეცადე ის დაძაბულობა რასაც ჩვენს შორის ასე გაედგა ფესვები, თავიდან მომეშორებინა და მისი შეკრული წარბები ცოტათი მაინც გამეხსნა.
-დაგავიწყდა ვისი ქალი ხარ?-ხმის ტემბრი არასდროს შეცვლილა, მუდამ მშვიდი ჰქონდა მაგრამ მკაცრი.
-განა ამის დავიწყება შეიძლება ვიქტორ?
-ვეცდები ქორწილი რაც შეიძლება უფრო მალე გვქონდეს.
იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე, გავაცნობიერე რომ უკვე ვიქტორის ცოლი მერქვა და ყველაფერი ეს დასაწყისი იყო თუ დასასრული ვერ მივმხვდარიყავი, ვთხოვდებოდი და ბედნიერება ჩემგან იმაზე შორს იყო ვიდრე ველოდი. ნუთუ ამისთვის მოვევლინე ამ ქვეყანაზე, იქნებ და ღმერთს ასე სწადია, სურს რომ დავნებდე და მისი გადაწყვეტილება მივიღო,პატივი ვცე მას.
დამათენდა, თვალი ვერ მოვხუჭე და მზის სხვების ჩემს ოთახში შემოსვლას პირადად ვუმასპინძლე, ფანჯრები გამოვაღე და სიბოროტით, სიამოვნებითა და სიყვარულით სავსე ჰაერი ჩავისუნთქე, მთებს გავხედე, გაზაფხულია, მაგრამ ისევ პირქუშად ადევს თოვლი წვერს.
ბევრისგან თქმულა, რომ ბუნება ადამიანის ტკივილის წამალია, წყლულს დაუამებს და იმ ჩამკვდარ სიბობოქრეს გამოუცოცხლებს, რომელსაც ამდენი ხანი ხედავდა მხოლოდ სხვაში. დაგამძიმებს ამ მთების ყურება, გაგტეხს შინაგანად და ახალ ადამიანად წარმოგაჩენს ყველას და ყველაფრის წინაში. ბობოქარი ცხენისწყალივით ისინიც მოგანდომებენ ბრძოლას, სიამაყესა და სიძლიერეს შეგმატებენ და ხელს გაგიშვებენ. ცხოვრება ასეთია, მისი სიავით ვერ გავაკვირვებ ვერავის. მიდის, სწრაფი სიჩქარით, ბობოქრებითა და სიძლიერით, უკანმოუხედავად მიჰქრის, ან დაეწევი, მის რიტმას აყვები ან კი დაუნდობლად გაითელები.
გავარვარებული ცრემლები ღაწვებს მისველებს, მეღიმება. ჩემს უბედურებაზე მეღიმება, რომელსაც ვერაფერს ვშველი. სამყარო თავზე მენგრევა, ბედნიერება ხელიდან მეცლება და ჭაობში ვიძირები.
-გეშინია?-მხარზე დედაჩემს თბილ ხელს ვგრძნობ და წამსვე მისკენ ვბრუნდები. ჩემს ცრემლიან თვალებს შეჰყურებს და უფლებას აძლევს თავს, თვითონაც გატყდეს. ჩემი სიძლიერის ეტალონი ჩემს წინ იმსხვრევა, თვალწინ უსუსური არსება მიდგას, რომელსაც ასე ეშინია მისი ერთადერთი ქალიშვილის გაშვების.
მამაჩემი კარიდან შეჰყურებს, ჩემზე მოწებებულ აქვითინებულ დედას, წარბი არ ერხევა და არც შეერხევა, ემოციურად არ უნდა გატყდე. გონებამ ყოველთვის უნდა აჯობოს გრძნობებს, სწორედ მაშინ იქნები ძლიერი ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გადალახვა შეეძლება.
დედაჩემი მალევე სწევს თავს, ცრემლებს იწმენდს, ჩემს თითქმის უკვე მშრალ ცრემლებსაც ზედ აყოლებს, კარისკენ ბრუნდება, მამას შეჰყურებს, დანანებით უმზერს და მალევე ოთახს ტოვებს.
-ეს ყველაფერი შენთვისაა ბორენა, ხომ იცი?-მამას მალევე გადმოაქვს მზერა ჩემსკენ
-ვიცი-მეც იმედიანად ვუღიმი და ვცდილობ ვაგრძნობინო, რომ არასდროს დავაღალატებ მე, ამირან ჯაჭვლიანს, საუკეთესო მამას, რომელმაც დამანახა როგორი უნდა იყოს მტკიცე არსება.
………………………………………………………………………………………..
-ონისე- ხველებით იძახის ქალი შვილის სახელს და სახე ემანჭება. ჰაერი არ ჰყოფნის, მაგრამ მაინც უნდა მონატრებულ შვილს მოეალერსოს, თუნდაც საბოლოოდ. პატარა ჩაბნელებულ ოთახში მწოლიარე ნათელასთან შედის სწრაფი ნაბიჯებით ონისე და თავთან უჯდება უკვე კარგა გვარიანად დაბერებულ დედას.
ბავშობიდან გამორჩეული იყო ონისე. შავი კუპრივით თმა და ღია, ბალახივით მწვანე თვალები არასდროს არ რჩებოდა ყურადღების გარეშე. გამვლელ-გამომვლელს ამ ბავშვზე ლამაზი არავინ ენახა. წლები გადიოდა და ონისე იზრდებოდა, ვაჟკაცი ხდებოდა. მხარ-ბეჭიანი ბიჭი დადგა ჩვენი ონისე, სიმაღლესაც არ უჩივოდა და გვარი-შვილობასაც. სოფელში თქმულა, ერთ დროს მათი ოჯახი თავადებიც კი იყვნენო. არასდროს ყოფილა ონისე მხიარული, ცელქი ბავშვი. მუდამ კუშტად შეეკრა წარბები, ერთი არავის გაუღიმებდა, მრისხანედ დაიარებოდა სოფელ-სოფელ, სამსახურს არ თაკილობდა, თუმცა ერჩივნა ყველასგან შორს ყოფილიყო. 21 წლის იყო, როცა სოსო ფანგანი გარდაიცვალა, მისთვის საამაყო, მისაბაძი ადამიანი და სოფლის ნატვრის თვალი. მისი სახით დიდი რამ დააკლდა მთელ ცხუმარს. სიკეთის წყარო იყო ეს კაცი, სიბეჯითისა და შრომის სიმბოლო. იმ წელს მამის დაკარგვა ცუდად აისახა ოჯახზე. ონისე მარტო დარჩება, მარტო უნდა ეშრომა, სახლში პატარა და და დედა რომ გამოეკვება. სწორედ იმ წელს წავიდა რუსეთში. ყოველ წამს თვალწინ ედგა დედის ცრემლიანი თვალები, რომლებიც დარჩენას სთხოვდნენ,მაგრამ ონისე ხომ მხოლოდ მისთვის აკეთებდა ამას. 6 წელმა ისე განვლო, მშობლიურ მიწაზე ფეხი არ დაუდგია, იქიდან კაცებს აგზავნიდა რათა ნაშოვარი მის ოჯახში ჩამოეტანათ. არც დაბრუნდებოდა რომ არა მისი დის, ლილეს წერილი. ლილეს ხმა ჩაესმოდა, წერილს რომ კითხულობდა, გრძნობდა როგორ ითხოვდა მის გვერდში ყოფნას. დედა გაუხდა ონისეს ცუდად, რა უნდა ექნა, აიკრიფა და სვანეთს მიაშურა.
-შენ და ვიქტორმა რაზე ისაუბრეთ გუშინ?- ლელამ დაღონებით გამომხედა, დილაადრიან მოსულიყო ჩემთან.
-ქორწილის დაჩქარება უნდა.
-ბორენა, არ გათხოვდე, სთხოვე მამაშენს, ხომ იცი, თუ არ გინდა ამას არ გაგაკეთებინებს?!
-ვიქტორი მაინც წამიყვანს, არ მინდა ოჯახები დავუპირისპირო ერთმანეთს და ვინმეს საფრთხე შევუქმნა ლელა, უკვე გვიანია, თავის დროზე უნდა მეთქვა უარი, ახლა რომ გავჯიუტდე...
-სახელი შეელახებათ დადეშქელიანებს-დაამთავრე ჩემს მაგივრად საუბარი.
-არ მინდოდა შენთვის მეთქვა, ისედაც ზედმეტი სადარდებელი გაქვს, ნათელა დეიდაა ცუდად, მოკვდებაო აქიმები ამბობენ -გამომხედა და ტუჩზე იკვნიტე ნერვიულობისგან. თავი სწრაფად მივატრიალე მისკენ და თვალები დავჭყიტე.
-ლელა, რას ამბობ, რატომ არ მითხარი- უცებ წამოვფრინდი ზეზე, ყელსახვევს ხელი დავტაცე, ყელზე მოვიხვიე და ეზო გავიარე, ფეხს ავუჩქარე, სირბილით დავეშვი დაღმართზე, ლელას ფეხის ხმა მესმოდა, მაგრამ ახლა არ შემეძლო გაჩერება.
მე და ნათელა დეიდას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, იმისდა მიუხედავად რომ ის ჩემი ნათლიდედაა, მაინც ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, ბოლო 3 წელი ჩემი ჭირის გამზიარებელი გახდა, ყველა სევდა თუ სიხარული მასთან განვლე, ღამეები გავათენეთ და ბევრი ვისაუბრეთ ერთად. მხარში მედგა და წუთითაც არ მტოვებდა მარტო.
სწრაფად მივადექი მის ჭიშკარს და გავშრი, სიკვდილის ელფერი იდგა. გულს მიკლავდა იქაური სუნი, რომელიც ავისმომასწავლებლად მიღიტინებდა ცხვირში. ყველა გრძნობა ერთად წამომენთო, კარებს მივარდი და ბრახუნი ავტეხე, სწრაფად გამიღო ლილემ კარები და მისი ცისფერი თვალები შემომანათა. არა, ეს არ იყო ლილეს თვალები, ბავშური სისპეტაკით სავსე თვალები სადღაც გამქრალიყო, სევდა გამდგარიყო მათში და ის ელფერი დაეკარგათ, რომელიც ეს 3 წელი ძალას მაძლევდა. მივხვდი, რომ ზედმეტად ცუდად იყო ამბავი, სწორედ მაშინ ვინანე ყველაფერი რაც ამ 1 კვირაში მოხდა. გზა სწრაფად განვლე, დერეფანიდან ნათელას ოთახამდე და ჩემი თავი ამ წამებში ათასჯერ გამოვლანძღე. როგორ დამაბრმავა ჩემმა უმნიშვნელო ამბავმა, როგორ ვერ გავიგე ეს ყველაფერი, როგორ არ ვიყავი მის გვერდით. ნელა შევედი ოთახში, იწვა, როგორც ყოველთვის თავზე წაეკრა, ისევ შავები ეცვა, არასდროს უფიქრია მათი გახდა. ვეღარ გრძნობდა წუთისოფლის იმ სიამოვნებას, რომელიც მისმა ქმარმა აჩუქა, თითქოს ეს ყველაფერი სოსომ თან წაიღო და ხელცარიელი დატოვა ნათელა.
თვალები ამიწყლიანდა, სილუეტები ამერია და ძლივს ჩავდგი ფეხი პატარა საფეხურზე. პატარა ფანჯრიდან შემომავალ შუქს უფრო ფერმკრთალი გაეხადა ნათლიდედა. ფანჯარასთან მდგარ ადამიანს გავხედე, ვცდილობდი ცრემლები უკუმეგდო და დამენახა ვინ იყო. ვერაფერს ვხედავდი, თითები გამეყინა, ამ ცხელ ამინდში ახლა უზომოდ მციოდა.
-ცუდი ფერი გადევს, დაჯექი-ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა, ხელი გაიშვირა სკამისკენ და ჩემს უკან მდგარ ლილეს გახედა.
ლოყებზე ჩამოსული ცრემლები ხელისგულით მოვიწმინდე და ისევ ლოგინში ჩავარდნილ ქალს გავუსწორე მზერა. მძიმედ სუნთქავდა. ნელა გადავიტანე მზერა, ფანჯარასთან მდგარ უზარმაზარ ბრგე სხეულზე, უცნობი უემოციო სახით შემომყურებდა. ჩავიძირე, მის თვალებში ჩავიძირე, ლილესავით სუფთა თვალები, ქართული ცხვირი, სქელი წარბები და ზომიერი სისქის ტუჩები, წელში გაშლილი და კლდესავით ფართე.
-გამომართვი ბორე-ლილეს სიტყვებმა გამომაფხიზლა, თვალები მოვაშორე მამაკაცს და წყლით სავსე ჭიქა გამოვართვი ლილეს. სწრაფად დავლიე და უკანვე დავუბრუნე.
-ეს ონისეა, ჩემი ძმა, ხომ გახსოვს რუსეთში რომ ცხოვრობდა
-მახსოვს-მზერა ისევ მისკენ გადავიტანე.
-ონისე, ეს დედას ნათლულია, ჯაჭვლიანების შვილი, ბორენა-დიდი ყურადღება არ მოუქცევია ონისეს ჩემთვის, მხოლოდ თავი დამიკრა და ისევ მძინარე დედას გახედა.
ნათელას თავთან ჩამოვჯექი, მისი ხელი ხელში მოვიქციე და დავუკოცნე.
-როგორ არის?-ლილეს თვალები მივანათე.
-აქიმები არაფერს ამბობენ ბორე, ყველაფერი ცუდადაა,მხოლოდ მის ღმერთთან მიბარებას ველოდებით.
-ამას ნუ ამბობ გთხოვ- ისევ მომაწვა ცრემლები.
-ყველანი წარმავალი ვართ-საუბარში ჩაერთო ბოხი ხმა.
-კი, მაგრამ ჯერ ხო ზედმეტად ადრეა მისთვის- სიბრაზე შემეპარა ხმაში.
ნელ-ნელა თვალები გაახილა ნათელამ და რომ დამინახა ღიმილი შეეპარა.
-მოხვედი ჩემო გოგო- სუსტი ხმით ამოილაპარაკა.
-აქამდე უნდა მოვსულიყავი დედი, მაგრამ ჩემი პრობლემები ყველაზე და ყველაფერზე წინ დავაყენე, მაპატიე გთხოვ- ცრემლები ვეღარ დავაკავე, მისი დაკარგვის შიშით ავქვითინდი.
-გავიგე, ვიქტორი ჩამოსულა.
-არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა დედი.
-უთხარი ამირანს, არ გაგათხოვოს, არ დამიტოვო დარდი გთხოვ, უდარდელად გამიშვი ამ ქვეყნიდან.
-გეყოფა, ამას ნუ ამბობ, არ დამტოვებ არასდროს-ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, სუნთქვა გამიხშირდა და ოფლი მომაწვა სახეზე. ვეღარ ვიკავებდი თავს და ყველანაირი ემოცია გამოვუშვი გარეთ.
ნათელამ დაიძინა, მეც მალევე დავწყნარდი და სლუკუნით დავტოვე მისი ოთახი. ბოლომდე ვგრძნობდი ონისეს მზერას.
..........................................................................................................
გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილელბები, ეს მხოლოდ პირველი ნაწილია, აქვს მეორეც და სულ ეს არის. ჩემი ყველაზე დიდი სტიმული ხართ



№1 სტუმარი სტუმარი ლელა

კარგია მე მომეწონა გაგრძელე

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

რთულია ბორენას ადგილას ყოფნა. ერთ მხრივ უსიყვარულობა და მეორე მხრივ. უარით გამოწვეულ შეურაწყოფას მოყოლილი მკვლელობათა ჯაჭვი. ასე არიციანსვანეთში სისხლის აღება?ზალიან მეწყინება ონისეს და ბორენას რომ გრძნობები გაუჩნდეთ. ნათლიმირონები არიანნნნ. კარგია. ველო გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent