შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავო. (სრულად)


10-05-2021, 14:03
ავტორი lukakhati
ნანახია 10 327

ივო გაბრუებულია;
რვა სრულდება.
სულ ასე ემართება - იტყვის ხვალ საქმე არაფერი მაქვს, მოდი გამოვიძინებო და, მაინც და მაინც, იმ დღეს ადრე ეღვიძება. არადა, ეს დალოცვილი, ძილიც სულ აკლია. ე, ახლა რამდენიც არ უნდა სცადოს, ვეღარაფერს გააწყობს.
ისე, ნეტა რა ესიზმრებოდა?
არ ახსოვს.
ერთი-ორი წუთი აქეთ-იქით წრიალებს, შემდეგ კი მარცხენა მკლავს აშტერდება. წერო ახატია. ოთხფრთიანი. ალბათ, პატარა განმარტება უნდა გავაკეთო - ივოს საყვარელი წიგნი იასუნარი კავაბატას „ათასფრთიანი წეროა“. მე ნურაფერს მომთხოვთ. ძალიანაც რომ უნდოდეს თვითონაც ვერ აგიხსნით ამ სიყვარულს. როგორც უნდა ისე იყოს, ის კია, რომ ერთ დღეს გადაწყვიტა საყვარელ წიგნი მკლავზე მოემწყვდია, მაგრამ ათასფრთიანი წეროს გამოსახვას ვერც ივოს წარმოსახვა გასწვდა და ვერც ტატუ არტისტისა. ასე დაკარგა ცხრაას ოთხმოცდა ექვსი ფრთა ნახევარ საათში წერომ.
ივომ იცის დილით რომ გაიღვიძებს, მკლავს თუ შეხედავს და წერო თავს მოაწონებს, კარგი დღე ექნება, მაგრამ თუ ნახატი გაცრეცილი ან ფერწასული ეჩვენა, კარგს არაფერს უნდა ელოდოს. დღეს კი ვერ გაურკვევია მოსწონს თუ არა წერო და ბრინჯივით იბნევა.
უკვე წლებია, ამ პატარა სახლში ცხოვრობენ. როგორც მამამისი ამბობს : კეთილმოწყობილსა და მყუდროში. ვითომ ქალაქის სიბინძურესა და ხალხმრავლობას გაექცნენ, მაგრამ ის კი აზრად აღარ მოსვლიათ, რომ შვილად მკვდარი თევზი ჰყავდათ და დინების გამოცვლა საერთოდაც არ ეხალისებოდა. „ეგ არაფერი, დიდი ეზო გვექნება და გაერთობა“; „ბავშვია შეეგუება“. არა, გენაცვალე - ივო არც ბავშვია და არაფერსაც არ შეეგუება.
ივო ხშირად დადის მარტო ტყეში. თან ჭკუის დამრიგებელიც არავინ ჰყავს; დედამისი იძახის, ალბათ, სოკოს ძებნა ან სუფთა ჰაერზე გავლა სიამოვნებსო. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ფიჭვის სუნი ძველ სახლს ახსენებს. თვალებს ხუჭავს და გეგონება თავის ოთახს უბრუნდებაო. ეს ერთი რიტუალიღა დარჩენია თავის შესაქცევად ივოს.
ტყე კი ძალიან უყვარს, მაგრამ ,აი, შუა ეზოში გამოჭიმული ჭა ეზიზღება. მაინც ვერაფრით გაუგია, რატომ დაახარჯა მამამისმა ამდენი დრო და ფული; ან რაღა დროს ჭაა? თან სასაცილო ისაა, რომ ივოს ავალია ყოველდღე წყის ავსება. წარმოიდგინეთ, როგორ მიდის დღეში ორჯერ ჭასთან დოქებითა და ცარიელი ჭურჭლით ორმეტრიანი, მკლავზე ტატუიანი ივო. ზღაპარში ძალით შეგდებულ გმირს ჰგავს.
მაგარი კონტრასტია არა?
არა, ახლა, კონტრასტებისთვის საერთოდ არ საცალია.
დროა ადგეს და წყალი შემოიტანოს.
წკაპ-წკუპ;
წვიმასაც იწყებს.
გაზაფხულს ამინდს არ უნდა ენდო კაცი. შეიძლება მოულოდნელად ისე დასცხოს ჭაც ყელამდე აივსოს და წყალიც აიმღვრეს. ამაზე ფიქრობს ივო, მაგრამ აი, საწოლიდან დაძვრას რატომღაც არ აპირებს; თან საკუთარ თავს საყვედურობს - აქაოდა, ერთი საქმე მავალია და იმასაც არ ვაკეთებო. ვერც სიზარმაცეს ერევა და ვერც პასუხისმგებლობას ელევა.
საწყალი, ჯერ ოციოდე წლისაა, მაგრამ ოთხმოცი წლის ბერიკაცივით დარწმუნებულია, რომ ცხოვრებამ უკვე ჩაიარა.
არადა, არაფერსაც არ აუვლია;
და მითუმეტეს არ ჩაუვლია.
აბა, რა გასაკვირია, რომ ამ სულელურ მსჯელობაში დრო ეპარება ივოს?

ბოლოს და ბოლოს, დგება.
ნეტა რამდენი ხანი კოტრიალობდა : ორმოცი წუთი? ერთი საათი?
რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ დიდი ალბათობით, ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დატოვა.
ჩაცმასა და რამდენიმე ცარიელი ბოთლის პოვნას თავს კი აბამს, მაგრამ ეზოში გასულს ყველაფერი ხელიდან უცვივა. არადა, ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული. ის დახვდა, რასაც ელოდა. სავსე ჭა, მაგრამ ის კი ვეღარ წარმოედგინა, რომ წყალში ჩაიხედავდა და ორ ერთნაირ მწვანე თვალს დაინახავდა. აკვირდება - ნაზ ნაკვთებსა და წითელ, მოელვარე თმასაც არჩევს. ზღვის პატარა ქალწულზე ამბავი კი გაეგონა ივოს, მაგრამ, აი, ჭის პატარა ქალწულზე არაფერი იცოდა. მისი კისკისი ესმის. უფრო სწორად, გუმანი კარნახობს, რომ წყლის მეორე მხარეს ასული კისკისებს. თვალებს ისრესს და ,როდესაც რწმუნდება, არა, მოჩვენება ნამდვილად არ არისო, ძალიან უნდება წყალში გადაშვება. ამის გაფიქრებაა და ქალწულიც არ აყოვნებს - გეგონება, ივოს სურვილი გაიგონაო, ხელს უწვდის.
სულისწადილი ოხერი რამაა; გონებას ბინდავს, ასე რომ არ იყოს, სანამ წყალში ჩავიდოდა, ხომ გაიხსენებდა მამის გაფრთხილებას : ჭას სურვილს თუ ჩაუთქვამ უეჭველად აგიხდება, მაგრამ სურვილის შერჩევისას ფრთხილად იყავიო.
უკვე გვიანია;
ჭაში, სრულ სიბნელეშია ჩვენი ივო;
წყალი კი არა გათხაპნილი შავი ლაქაა.
სინათლე სად წავიდა და როდის ჩამობნელდა კი ვერ გაიგო, მაგრამ ასულთან ერთად თავს მშვიდად რომ გრძნობს ამაზე ორი აზრი არაა. ისე ეხვევა, ლამისაა სიყვარული შეჰფიცოს. თქვენც არ მომიკვდეთ, ისიც კეკლუცით პასუხობს : ხან რას ეჩურჩულება და ხან რას. ივოც პირს ამოძრავებს, მაგრამ ბგერებს ვერ გამოსცემს. არადა, როგორ უნდა საუბარში აჰყვეს. თავისი ამბები მოუყვეს, ფიქრები გაანდოს, მაგრამ არაფერი გამოსდის.
ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მთლად ბოლომდე ბედნიერიც ვერაა ახლა ივო. გინდ საკუთარ თავს არ უტყდებოდეს, ვერ შეცვლის, რომ რაც უფრო კარგად გრძნობს თავს ჭაში, მით უფრო ნათელი ხდება, რამდენად მარტო გრძნობდა თავს სახლში. ეს მარტოობა კი დაჟანგული ჯავშანივით აწვება და სხეულს უმძიმებს.
კი, მოგიყვებოდით რაზე საუბრობდნენ ჭის პატარა ქალწული და ივო, მაგრამ არ გაგიგიათ - რაც ჭაში ხდება, ჭაშივე რჩებაო?
ზურგით ფსკერს ეხება. შიში იტანს. ქალწული კი სიბნელესთან ერთად ქრება და გაშლილი ლურჯი სივრცე რჩება. ივოს აგონდება, რომ წყალშია და უჰაერობა აწუხებს.
„თვალები დახუჭე“
დახუჭავს აბა რას იზამს; დაიძინებს კიდეც და სამუდამოდაც აქ დარჩება. შორს ყველასგან და ყველაფრისგან - ღრმად ჭაში. იქ სადაც ღამე მთვარე ჩადის და საიდანაც მზე ცაში ადის.
ლამისაა მართლა დაეძინოს ამ უტვინოს, როდესაც ლოყაზე შეხებას გრძნობს. სხეულში სითბო ეღვრება. აი, ძალიან რომ გცივა და სქელ საბანში გაეხვევი - რაღაც ამდაგვარს განიცდის. არა, კვლავ ქალწული არ გეგონოთ. მასთან შეხება სულ სხვანაირი იყო. მშვიდი, მაგრამ გამყინავი; ძილისპირული სიმღერის მსგავსი. ეს სითბო კი სისხლს ადუღებს და მძინარეს აფზილებს.
თვალებს ახელს და გეგონება სარკეში ჩაეხედოს საკუთარ თავს ხედავს. აკვირდება ნაცნობ ნაკვთებს. ერთი წარმოიდგინეთ როგორი სანახავია : ჭის ფსკერზე უყურებს ივო ივოს? სახალისოა, არა? დაბნეულია, მაგრამ, აბა, რა გინდა რომ მოსთხოვო : მეც კი ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ იმას, რაც ასე ძალიან აკლდა, ჭის ფსკერზე მიაგნებდა.
ის ანდაზა როგორ არის? დაკარგულს იქ იპოვი, სადაც არ ეძებო?
ერთი პატარა განმარტება კიდევ უნდა გავაკეთო. აი, შეხედავ და იფიქრებ, ეს ორნი ერთნი არიანო, მაგრამ, დააკვირდები და აღოაჩენ: მათ შორის განსხვავება ძალიან ნათელია. ანარეკლს აქვს რაღაც, რაც ივომ დაკარგა. ის, რაღაც, რომელ რატომ და რისთვის სულ სხვა ამბავია. აქ მთავარი ისაა, რომ ახლა საკუთარი თავს ხედავს, უფრო სწორად მას, ვინც უნდა იყოს და თუ უნდა ის გახდეს აუცილებლად სახლში უნდა დაბრუნდეს.
ასეთი დიდი მიზანი დაისახა და აბა, რაღა დროს მთქნარება და ძილია?
მართლა მთელ ცხოვრებას ჭაში ხომ არ გაატარებს?
ამის გაფიქრებაა და უკნიდან ვიღაც ხელს ჰკრავს; ზედაპირისაკენ უშვებს.
ნეტა დაგანახათ ხელ-ფეხს როგორ აქნევს.
არა, ივო აღარ შორდება სიცოცხლეს.
პირიქით - მიდის მისკენ.
და ,აი, ჰაერიც!
როგორ ნაზად ეშვება ფილტვებში.
არა, არაფერსაც არ აუვლია;
და მითუმეტეს არ ჩაუვლია.

კიდევ დიდხანს რჩება წვიმაში.
ამღვრეულ წყალს დაჰყურებს და თავში მხოლოდ ერთი უტრიალებს :
ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავო;
ვინ თქვა?
ვინ გაიმეორა?



№1 სტუმარი Ana-maria

ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავო, მაგრამ ივომ დაინახა, შეიგრძნო თუ რა მშვენიერია ცხოვრება!

ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავო, მაგრამ ივომ დაინახა, შეიგრძნო თუ რა მშვენიერია ცხოვრება! მაგარია

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

"რაც ვეგასში ხდება, ვეგასშივე რჩებაო"- ეს ცნობილი გამონათქვამი გამიგია, მაგრამ "რაც ჭაში ხდება, ჭაშივე რჩებაო" -არა. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით:)))
ახლა, რაც შეეხება ამ პატარა მოთხრობას. რამდენიმე დღის წინ საყვარელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ფილმი "ადამიანის ხმა" ვნახე. პანდემიის პერიოდში გადაუღია.ერთ ეპიზოდში მთავარი პერსონაჟი ამბობს, თანამედროვე სამყარო სხვა არაფერია, გარდა მელანქოლიაში შერეული სიგიჟისაო. როგორ ჩამრჩა ეს სიტყვები... არადა, თითქოს არაფერი და ამავე დროს ყველაფერი იყო...
აქაც მარტოობა და მისგან გამოწვეული ჰალუცინაციური ცხოვრება...
კარგია! მომეწონა, არის ადგილები, რომლებიც ცოტა დახვეწას მოითხოვს.
You know , what I mean ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline ახალბედა მწერალი lukakhati

K. I.
"რაც ვეგასში ხდება, ვეგასშივე რჩებაო"- ეს ცნობილი გამონათქვამი გამიგია, მაგრამ "რაც ჭაში ხდება, ჭაშივე რჩებაო" -არა. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით:)))
ახლა, რაც შეეხება ამ პატარა მოთხრობას. რამდენიმე დღის წინ საყვარელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ფილმი "ადამიანის ხმა" ვნახე. პანდემიის პერიოდში გადაუღია.ერთ ეპიზოდში მთავარი პერსონაჟი ამბობს, თანამედროვე სამყარო სხვა არაფერია, გარდა მელანქოლიაში შერეული სიგიჟისაო. როგორ ჩამრჩა ეს სიტყვები... არადა, თითქოს არაფერი და ამავე დროს ყველაფერი იყო...
აქაც მარტოობა და მისგან გამოწვეული ჰალუცინაციური ცხოვრება...
კარგია! მომეწონა, არის ადგილები, რომლებიც ცოტა დახვეწას მოითხოვს.
You know , what I mean ❤️


მადლობა ქეით, რომ სულ მკითხულობ და არ გენანება არასდროს დრო კომენტარისთვის <3 მითხარი რა რო მოიცლი რომელ ნაწილში დაგაკლა ან დასახვეწი გეჩვენა; რომ დავამუშავო <3

Ana-maria
ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავო, მაგრამ ივომ დაინახა, შეიგრძნო თუ რა მშვენიერია ცხოვრება!

ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავო, მაგრამ ივომ დაინახა, შეიგრძნო თუ რა მშვენიერია ცხოვრება! მაგარია


blush heart_eyes

 


№4  offline მოდერი Nuki-rocks

მაინც,როგორია?!აზრს არც გეკითხებიან და ისე მიჰყავხარ საერთოდ სხვაგან, უცხო ადგილას... მაგაზე დიდი საშინელება რა გინდა,გენატრებოდეს და ვერ ხედავდე. კაცი შეიძლება გაგიჟდეს.
ჭა?! უცნაურია,საინტერესო..
საერთოდ,მთელი ეს მოთხრობა ასეთია. კარგია რომ დღეს შემოვიჭყიტე აქ.
წარმატებებს გისურვებთ❤.

 


№5 სტუმარი სტუმარი უჟმური

სულ მგონია რომ წერისას შენ თვითონ ხალისობ :დ
არა უდაოდ კარგია, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე დამაკლდა თუ არა რამე. რამდენჯერმე გადახედვას მოითხოვს. წარმატებები!

 


№6  offline ახალბედა მწერალი lukakhati

Nuki-rocks
მაინც,როგორია?!აზრს არც გეკითხებიან და ისე მიჰყავხარ საერთოდ სხვაგან, უცხო ადგილას... მაგაზე დიდი საშინელება რა გინდა,გენატრებოდეს და ვერ ხედავდე. კაცი შეიძლება გაგიჟდეს.
ჭა?! უცნაურია,საინტერესო..
საერთოდ,მთელი ეს მოთხრობა ასეთია. კარგია რომ დღეს შემოვიჭყიტე აქ.
წარმატებებს გისურვებთ❤.

დიდი მადლობა <3

სტუმარი უჟმური
სულ მგონია რომ წერისას შენ თვითონ ხალისობ :დ
არა უდაოდ კარგია, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე დამაკლდა თუ არა რამე. რამდენჯერმე გადახედვას მოითხოვს. წარმატებები!


ვხალისობ რა გითხრა და სიამოვნებას ვიღებ :დ

გადავხედავ აუცილებლად ^^ მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent