შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი III თავი


11-05-2021, 12:02
ავტორი ciracira329
ნანახია 8 387

თავი III

მეორე დღეს არჩილი შეხვდა მანიკურის ქალს. ამ დღეს იგი გულისფანცქალით მოელოდა.
– დღეს, თქვენთან ორი ქალი მოვიდა მანიკურის გასაკეთებლად, ერთი ოცდახუთიოდე წლისა, საშუალო ტანისა, შავგვრემა- ნი, მეორე კი ახალგაზრდა, ასე დაახლოებით თვრამეტი წლისა.
– დიახ, როგორ არა, მგონი სოფელ ნატბეურიდან იყვნენ, – უპასუხა ქალმა.
– მეც ასე მგონია. ახალგაზრდას მარჯვენა თითზე ბეჭედი ჰქონდა, ხომ არ მიაქციეთ ყურადღება იმ ბეჭედს?
– მოითმინეთ, – დაფიქრდა ქალი, – როგორ არა, ბეჭედი ჰქონდა, ისეთი ბეჭედი მე მინახავს... – ქალი ხელახლა დაფიქ- რდა და განაგრძო, არა, არ უნდა ვცდებოდე. ისეთი ბეჭედი მე მი- ნახავს სანატორიუმის ექიმი ქალის ნატოს თითზე, – ქალმა გაკ ვირვებით შეხედა არჩილს.
– ექიმი ნატო ქერა ქალი იყო?
– დიახ, ქერა.
– თამბაქოს ეწეოდა?
– დიახ!
– ხომ არ სცდებით, იქნებ სხვის თითზედაც შეგიმჩნევიათ ისეთი ბეჭედი?
ქალი დაფიქრდა და მტკიცედ განაცხადა.
– არა, არ ვცდები. რა თქმა უნდა, ჩვენთან ბევრნი მოდიან ბეჭდიანი ქალები, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ბეჭედი ჩემს ცხოვრებაში ერთხელ, ექიმ ნატოს თითზე მაქვს ნანახი, ხოლო მეორედ დღეს ვნახე.
– რა გვარია ექიმი ნატო?
– რა მოგახსენოთ. გვარი არ ვიცი, ისე კი ვიცნობ, სანატორიუმის ექიმია.
– მომიტევეთ, რომ თავი მოგაბეზრეთ, – მოიბოდიშა არჩილმა, – ვეცდები მეტი აღარ შეგაწუხოთ.
– რას ბრძანებთ, მე მზად ვარ... – უპასუხა ქალმა და ეჭვის თვალით შეხედა.
– მხოლოდ აი რას გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არსად და არავისთან არ წამოგცდეთ ჩვენი საუბრის შესახებ.
ქალმა იგრძნო, რომ ეს უბრალო ცნობისმოყვარეობით არ იყო გამოწვეული და მეტიც პირობა მისცა არჩილს საიდუმლოდ შეენახა მათი ნალაპარაკევი.
იმავე საღამოს არჩილი სანატორიუმის დირექტორს ესტუმრა. მასთან საუბარში არჩილმა გამოარკვია, რომ ერთი წლის წინათ სანატორიუმში სამუშაოდ მოვიდა ექიმი ნატო სულიაშვილი. იგი შესანიშნავი სპეციალისტი იყო, დინჯი, გულმოდგინე, თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე. განსაკუთრებული მზრუნველობი თა და ფაქიზი მიდგომით დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა დამსვენებელთა და ავადმყოფთა შორის. პირად ცხოვრებაში გულჩათხრობილი იყო, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. სახლი და სამსახური, მას მეტი არაფერი აინტერესებდა. უყვარდა წიგნები. არავისთან არ მეგობრობდა. სხვებთან შედარებით უფრო დაახლოებული იყო ფარეშ ქალ კირა ზაბორასთან, რომელიც მის თანაშემწედ მუშაობდა. ეტყობა პირად ცხოვრებაში დიდი ქარტეხილი ჰქონდა გადატანილი. თამბაქოს წევაც დარდისგან დაეწყო. ერთხელ დირექტორს შეუნიშნავს: სხვებს უკ რძალავ წევას, შენ კი ლოთი კაცივით იქცევიო. ნატოს კი უპასუხა ნია: თამბაქოს წევა რომ არ დამეწყო, მართლა გავლოთდებოდიო.
ერთი თვის წინ სურვილი გამოსთქვა ყამირ მიწებზე წასვლი- სა. ჯანმრთელობის სამინისტრომ მიიღო მისი თხოვნა. ამ თვის ოთხ რიცხვში გაასწორა ანგარიში და მეორე საღამოს გაემგზავრა.
არჩილი ძალიან გახარებული იყო საქმის ასე შებრუნებით. მას ეჭვი არ ეპარებოდა რომ თითის პატრონი ნატო სულიაშვილი უნდა ყოფილიყო.
საქმის ძვრა მოხდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი.
არჩილმა სანატორიუმის კადრებიდან სააღრიცხო ფურცელზე დაკრული ნატოს სურათის ასლი გადაიღო და თავისი დის სოფელს, ნატბეურს, მიაშურა.
არჩილს ახლა დასადგენი ჰქონდა, საიდან და როგორ ჩაუვარდა ნატოს ბეჭედი ნაზიკოს. დის საშუალებით ეს ადვილად გამოარკვია.
ბეჭედი ამ ოთხი დღის წინ ნაზიკოს მისმა საქმრომ, სანდრო ყარაშვილმა, უსახსოვრა, იგი რაიონში მუშაობს რომელიღაც და- წესებულებაში მანქანის მძღოლად.
მეორე დილას არჩილი უკვე რაიონის ცენტრში იყო. სანდრო ყარაშვილის მოძებნა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა, თვით რაიონის სამილიციო განყოფილების მანქანის მძღოლმავე მო- უყვანა იგი არჩილს.
დაკითხვის დროს სანდრო ყარაშვილმა განაცხადა:
– ექვს აგვისტოს სანატორიუმში დამსვენებელი ავიყვანე, როცა უკან ვბრუნდებოდი, ერთმა მოქალაქემ მთხოვა წამეყვანა სადგურში. ვიცი, რომ სახელად გიორგი ჰქვია, ვიდრე მანქანაში ჩაჯდებოდა თავის ნაცნობს გამოემშვიდობა და მანდ გიორგი უწოდა. რა გვარი და რა ხელობის კაცია, არ ვიცი. გზაში გიორგიმ წუწუნი დაიწყო, ფული შემომაკლდა და არ ვიცი რა ვქნაო. მე იმი სიც კი შემეშინდა, ვაითუ, ეს ვიღაცა არის, ვათრიო მანქანით და ფული კი არ გადამიხადოს. ცოდო აღიარებული სჯობია, მე ხომ ის მგზავრი „ხალტურაზე“ მიმყავდა. შემდეგ თქვა, ერთი ბეჭედი მაქვს და ნეტავი მყიდველს მაინც ვიშოვნიდე, გავყიდიო და ამოი- ღო ძვირფასთვლიანი ბეჭედი. მე უიმედოდ გავაქნიე თავი, აბა იმისთანა ძვირფასი ბეჭედის საყიდი ფული ვის ექნებოდა! მან წი- ნადადება მომცა, იაფად მოგცემ, იყიდეო და ათასი მანეთი და- აფასა. ვხედავდი, რომ ბეჭედი გაცილებით მეტი ღირდა, გარდა ამისა, მინდოდა ჩემი საცოლე მესიამოვნებინა ასეთი ძვირფასი საჩუქრით. ჯიბეზე რვაასი მანეთის მეტი არ მქონდა, შევაძლიე, რას იზამ, ნათქვამია, როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო, მიპა- სუხა მგზავრმა და დამთანხმდა. შემდეგ ვინანე, რატომ უფრო ნაკლები არ შევაძლიე, იქნებ ექვსას მანეთსაც დამჯერდებოდა, ან ბეჭდის ნამდვილი ფასი არ იცოდა, ან მართლაც, ძალიან გაჭირვებული იყო. ვინ იცის. შეიძლება მატარებლის ბილეთის ფუ- ლიც კი არ ჰქონდა. მე ის მგზავრი სადგურში ჩავიყვანე და გულმა აღარ მომითმინა, იმავე დღეს ავედი სოფელ ნატბეურში... ჩემი დანაშაული ის არის, რომ ცოტა „წავიხალტურე“, თუ მაპატიებთ და არ დამსჯით, თქვენ იცით. მოგეხსენებათ ჩვენი ხელობის ხალ- ხის ამბავი ყველანი ცოტა-ცოტას ვცოდავთ. რაც შეეხება ბეჭდის ყიდვის ამბავს, ეს მე მგონი, ცოდვად არ ჩამეთვლება, აბა ასეთ ძვირფას ნივთს და ასე იაფად რომელი სულელი არ შეიძენდა?
– საიდან გქონდათ ამდენი ფული? – შეეკითხა არჩილი.
– რვაასი მანეთი რა დიდი ფულია! – გაიკვირვა სანდრო ყარაშვილმა, – სამი დღის წინ ხელფასი მივიღე, გარდა ამისა სხვა ფულიც მქონდა, – (სანდრო, რა თქმა უნდა, „სახალტურე“ ფულს გულისხმობდა).
– მთელი თვის ხელფასს რომ ბეჭედში აძლევდით, რითი აპირებდით ცხოვრებას? – კვლავ შეეკითხა არჩილი.
– ჩვენ იმისთანა ხელობა გვაქვს, რომ არა მარტო პურის, სა- ქეიფო ფულიც არ გვაკლია, – დაიკვეხა ყარაშვილმა, – ვთქვათ, რომ მამა აბრამის ბატკნები ვართ, სულ ერთია, არ დამიჯერებთ, ანკი რა დასაჯერებელია, რამდენიც არ უნდა დაგვსაჯოთ, სულ ერთია, მაინც ვერ მოვიშლით.
– საიდან წამოიყვანეთ მგზავრი?
– ლომისის სასტუმროდან.
სანდრო ყარაშვილმა დაწვრილებით აღწერა მგზავრი გიორ- გის გარეგნობა, ჩაცმულობა და ისიც კი დაუმატა, რომ იგი ლაპარაკის დროს ენას უკიდებდა.
არჩილმა დაკითხვა დაამთავრა და სანდრო ყარაშვილი გაუშვა.
„საქმე თითქოს რიგზე მიდის“, – ფიქრობდა არჩილი, თუმცა
სანდრო ყარაშვილის ჩვენებაში რაღაც გამოსჭვიოდა, რაც უნე- ბურად ეჭვს ბადებდა არჩილში. არჩილი მეორე დილით დაუბრუნდა ლომისს, რომ სასტუმროში გამოერკვია, დაედგინა ვინ იყო გიორგი.
არჩილმა სასტუმროს თანამშრომლების გამოკითხვით გაიგო, რომ აგვისტოს პირველ რიცხვში ქალაქიდან ამოვიდა და სასტუმროში დაბინავდა ინჟინერი გიორგი ქურხული. ვისთან და რა საქმეზე იყო მოსული, ეს არავინ იცოდა. გიორგი ქურხული დილით გადიოდა სასტუმროდან და გვიან ღამით ბრუნდებოდა, უფრო ხშირად ნასვამი. იყო შემთხვევა, რომ მთვრალს არ გაუხდია, ისე მიწოლილა საწოლზე და დაუძინია. აგვისტოს ხუთ რიცხვში ღამით სულ არ გამოცხადებულა სასტუმროში. დილით, მზის ამოსვლისას, როდესაც ჯერ კიდევ ყველას ეძინა, სასტუმროს მო- რიგემ ნახა, რომ მოვიდა მტვერში ამოგანგლული სახედაკაწრული. სახე და ხელები გასისხლიანებული ჰქონდა.
– პატივცემულო, ხომ არ დაეცით სადმე? – თანაგრძნობით შეეკითხა სასტუმროს მორიგე.
– დიახ, დიახ... წავიქეცი და ცხვირიდან სისხლი წამვარდა, – უგუნებოდ უპასუხა ქურხულმა, ხელ-პირი დაიბანა, ტანისამოსი გამოიცვალა და ლოგინზე წამოწვა.
„ვიცი, ვიცი როგორ წაიქეცი და ცხვირიდან სისხლი წაგსკდა, ალბათ, მთელი ღამე ვიღაცეებთან ქეიფობდი, შემდეგ ჩხუბი მოგივიდათ, ერთი მაგრა მიგბეგვეს და ის ქეიფი შხამად ამოგადინეს ცხვირიდან. ამისთანა ამბები ხდება ხოლმე. მეც გადამხდენია თავს, არა უშავს რა, შემდეგში ჭკუას ისწავლი“, – დაასკვნა სას ტუმროს მორიგემ.
დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, მორიგემ ნახა, გიორგი ქურხული სადღაც წავიდა, ერთი საათის შემდეგ მანქანით დაბრუნდა, მანქანის მძღოლს იცნობს, სანდრო ჰქვიან, რაიონში მუშაობს, აქ ხშირად ჩამოდის ხოლმე. ანგარიში გაასწორა და გაემგზავრა აქედან. მის შემდეგ ინჟინერი გიორგი ქურხული სასტუმროს თანამშრომლებს აღარ უნახავთ.
არჩილმა იკითხა გიორგი ქურხული ხომ არავის ხვდებოდა სანატორიუმის თანამშრომელთაგან, უფრო კი ექიმ ქალს ნატო სულიაშვილსო. ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.
– ექიმ ნატო სულიაშვილს ყველა იცნობს, ერთი წლის წინ მოვიდა და ვიდრე ბინას მიიღებდა, ათიოდე დღის განმავლობაში სასტუმროში მოუხდა ცხოვრება. ნატო სასტუმროში არ მოსულა ქურხულთან. საერთოდ, რაც ბინა მიიღო, მას სასტუმროში ფეხი აღარ შემოუდგამს.
არჩილი გაკვირვებული იყო საქმის ასეთი შებრუნებით. ინჟინერი გიორგი ქურხული და ექიმი ნატო სულიაშვილი! განა რა ურთიერთობა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მათ შორის, რომ ნატო გიორგი ქურხულის მსხვერპლი გამხდარიყო? იქნებ გიორგი ქურხული სრულებითაც არ არის ინჟინერი? ან უფრო მეტიც, იგი არც არის გიორგი ქურხული, არამედ ვინმე სისხლის სამართლის დამნაშავეა ინჟინერ გიორგი ქურხულის ნიღაბქვეშ ამოფარებული?
ნატო სულიაშვილი, როგორც ეს სანატორიუმის დირექტორმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, აგვისტოს ხუთს ღამით გაემგზავ- რა ლომისიდან. ის ღამე არც გიორგი ქურხულს გაუთენებია სასტუმროში, პირიქით, აგვისტოს ექვსს დილით, მზის ამოსვლისას გამოცხადდა დამტვრიანებული, გასისხლიანებული, დაიბანა, გამოიცვალა ტანსაცმელი და იმავე დღეს გაშორდა იმ არემარეს.
სანდრო ყარაშვილიც ხომ ლაპარაკობს, რომ გიორგი ქურხულმა მას ძვირფასთვლინი ბეჭედი მოჰყიდა, ის ბეჭედი, რომე- ლიც მანიკურის გამკეთებელმა ქალმა ამოიცნო, როგორც ნატო სულიაშვილის თითზე ნანახი ბეჭედი.
„ამ ბილიკს მალე გავლევ და გზატკეცილზე გავალ, – ფიქრობ- და არჩილი, – ვნახოთ რას მოგვცემს კირა ზაბორას ჩვენება“.
მას დასაკითხავი დარჩა ფერშალი ქალი კირა ზაბორა.
– ბოდიში, – ჩაილაპარაკა არჩილმა კირა ზაბორასთან შეხ- ვედრისას, – თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ...
– რას ბრძანებთ, – მხიარულად შეაწყვეტინა კირამ, – აქ რა არის საბოდიშო? რითაც შემეძლება, მზად ვარ გემსახუროთ.
– თუ არა ვცდები, თქვენ ექიმ ნატო სულიაშვილთან მუშაობ- დით, არა? – შეეკითხა არჩილი.
– დიახ, მე მისი თანაშემწე გახლდით, ვიდრე იგი ჩვენს სანატორიუმში მუშაობდა, მისი მოსვლის დღიდან ყამირ მიწებზე გამ- გზავრებამდე, – უპასუხა კირამ და გაუღიმა.
– პირად ცხოვრებაში თუ იყავით მასთან დაახლოებული? – ხელახლა შეეკითხა არჩილი.
– როგორ გითხრათ, ნატოს პირად ცხოვრებაში არავინ ჰყოლია. ყველას გაურბოდა. კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. უყვარდა წიგნების კითხვა და თავისუფალ დროს სულ წიგნებს უჯდა ხოლმე... ჩვენს ბიბლიოთეკაში, თუ არ ვცდები, მას არც ერთი წიგნი არ დარჩა წაუკითხავი. იცოდა ინგლისური ენაც.
– ინგლისური?! – გაიკვირვა არჩილმა.
– დიახ, პირადად მინახავს, ინგლისურ წიგნებსაც კითხულობ- და. სხვებთან შედარებით, პირადად მე, თუ შეიძლება ამას დაახ- ლოება ვიწოდოთ, უფრო დაახლოებული ვიყავი. ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ როცა რომელიმე ავადმყოფს რეჟიმს დაუნიშნავდა ხოლმე, მე მავალებდა თვალყურის დევნებას. მოგეხსენებათ, რა ახირებული ხალხია ჩვენი დამსვენებლები. ისინი ვიდრე სანატორიუმის საგზურს მიიღებენ, ალბათ ადგილობრივ ექიმებს ათასგვარ არსებულ და არარსებულ სნეულებით აბეზრებენ თავს, აქ კი ხშირ შემთხვევაში არ ემორჩილებიან სანატორიუმის რეჟიმს და არღვევენ.
არჩილი ყურადღებით უსმენდა, არ უნდოდა გამოეტოვებინა არც ერთი სიტყვა, კირას ნაამბობი დაწვრილებით შეჰქონდა და- კითხვის ოქმში. კირა ჩაფიქრდა და მცირე ხნის შემდეგ განაგრძო.
– შესანიშნავი ექიმი იყო ნატალია ირაკლიევნა, ის რომ დიაგნოზს დაუსვამდა ავადმყოფს, ვერცერთი პროფესორი ვერ შეედავებოდა. მე მიხაროდა მასთან მუშაობა, იმისგან ბევრი რამ შევიძინე. როგორც მოგახსენეთ, გულჩათხრობილი და მიუკარებელი იყო, მაგრამ, საკმარისი იყო რამე საქმეზე მიგემართათ მისთვის, იგი გამოიცვლებოდა და მთელ ლექციას წაიკითხავდა. რამდენჯერმე მის ბინაშიც ვყოფილვარ.
– ხომ არ შეგიმჩნევიათ, მასთან ვინ დადიოდა ბინაზე?
– წარმოიდგინეთ, არავინ. იყო შემთხვევა სოფლებიდანაც ჩამოჰყავდათ მასთან ავადმყოფები. მისი სახელი ხომ სოფლელებსაც მოედო. ბინაზე არავის ღებულობდა, დირექტორის ნებართვით სანატორიუმში სინჯავდა ავადმყოფებს. ბევრ ექიმს შურდა მისი ასეთი წარმატება და როცა აქედან წავიდა, ბევრს გაუხარდა კიდეც.
– ვერ მეტყვით, რა იყო მიზეზი მისი ასეთი გულჩახვეულობისა და განმარტოებისა? იგი არცთუ ხნიერი იყო. რას მიეწერებოდა მისი ასეთი საქციელი? – შეეკითხა არჩილი.
– მე მგონია, მისი ქმართან დაშორება უნდა ყოფილიყო მიზეზი. როდის ან რა მიზეზით დაშორდა ქმარს, ეს მე არ ვიცი, მხოლოდ დიდად რომ განიცდიდა ამას, ეს გასაგები იყო ჩემთვის. შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამისთანა ინტიმური მხარე ცნობილია ჩემთვის. ერთხელ, როცა მის ბინაში მივედი რაღაც საქმეზე, ვნახე, ნატო მაგიდას უჯდა, ხელში მამაკაცის სურათი ეკავა და თვალცრემლიანი შეჰყურებდა. მე რომ დამინახა, ცრემლები მოიწმინდა, სურათი გამომიწოდა და მითხრა: „აი, ეს არის ჩემი დარდისა და ვარამის მიზეზი. მე ის მიყვარდა, ახლაც მიყვარს, მიყვარს თავდავიწყებით, მაგრამ მან იმისთანა სისაძაგლე ჩაიდინა, რომ მისი დავიწყება ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. მე მას დავშორდი, დავშორდი სამუდამოდ, წავედი, ის სულ დამდევდა, მევედრებოდა შერიგებას, მაგრამ არა, ის, რაც გატყდა, აღარ გამთელდება“. მე მიკვირდა მისი ასეთი აღსარება. ნატოსაგან ასეთი გრძელი და მგრძნობიარე სიტყვის გაგონება პირველი იყო ჩემთვის. ვიგრძენი, რომ რაღაც დიდ ქარიშხალს გადაევლო მის თავზე, საშინელ გრიგალს, რომელსაც ამ განსაკუთრებული ადამიანის ფაქიზი სულის მყუდროება დაერღვია, ცხოვრებაში წონასწორობა დაეკარგვინებინა. აბა, მე სად მაქვს იმის უნარი, პატივცემულო, აგიწეროთ ის, რაც ვნახე. ნატოს სახის, ტანჯული გამომეტყველების აღწერა მე სად შემიძლია. მისი ლაპარაკის კილო, გულიდან ამონახეთქი ვარამის კილო ისეთი შთამაგონებელი იყო, რომ თვით უსულგულო ადამიანსაც კი აგრძნობინებდა ტანჯვას. ამ სიტყვების შემდეგ იგი შემეცოდა, არა, შემეცოდა კი არა, მე მისდამი ვიგრძენი უაღრესი პატივისცემა, უფრო მეტიც, ვიგრძენი მისდამი განუსაზღვრელი სიყვარული. დიახ, იგი შემიყ- ვარდა დედობრივი სიყვარულით, მიუხედავად იმისა, რომ ხნით თითქმის ტოლები ვიყავით. მე ქალი ვარ და ვიგრძენი ტანჯული ქალის მტკივნეული განცდები. თქვენთან ბოდიში და ამას მხო- ლოდ ქალი მიხვდება და შეიგრძნობს, მხოლოდ ქალი. მცირე დუმილი ჩამოვარდა, არჩილმაც იგრძნო ნატოს მწარე ხვედრი.
– მისი ქმარი ხომ არ ჩამოსულა აქ, ხომ არ გინახავთ ან გაგი- გონიათ? – დაარღვია სიჩუმე არჩილმა.
– როგორ არა, იყო და ვნახე კიდეც, – უპასუხა ქალმა.
– იყო აქ? – თავი ძლივს შეიკავა არჩილმა, რომ არ წამოეყვი რა და ეს კითხვა მშვიდად დასვა, – ვინ არის, ვერ მეტყვით?
– ინჟინერი, სახელად გიორგი...
– ინჟინერი გიორგი ქურხული, – ყრუდ ჩაილაპარაკა არჩილმა.
– გვარის რა მოგახსენოთ, გვარი არ ვიცი. სასტუმროში ცხოვრობდა. ნატო რომ გაემგზავრა, მან გააცილა მანქანით, შემდეგ აღარ მინახავს.
– მომიყევით, გეთაყვა, დაწვრილებით... – სთხოვა არჩილმა ქალს. იგი აღტაცებული იყო, მას უკვე ხელში ჰქონდა გასაღები.
– ნატოს გამგზავრების ოთხი დღის წინ, მე მის ბინაში მივედი. უკვე შეღამებული იყო. ის იყო დავაპირე კარის დაკაკუნება და შესვლა, რომ მოულოდნელად ოთახიდან მამაკაცის აღელვებუ- ლი ხმა შემომესმა. გამიკვირდა, ნატოსთან მამაკაცი, ეს ხომ ყოვლად წარმოუდგენელი ამბავი იყო. უნდა ვაღიარო ჩემი უწესო ქცევა, არ წავედი, კარს უკან გავჩერდი და ყური დავუგდე. მამა- კაცი ლაპარაკის დროს ენას უკიდებდა.
არჩილს გაახსენდა სანდრო ყარაშვილის ნათქვამი დაკით- ხვის დროს: „ბეჭდის გამყიდველი ენას უკიდებდაო“.
– „ნატო, გევედრები, ნურც მე მღუპავ და ნურც თავს იღუპავ, დაივიწყე წარსული, რაც მოხდა, მოხდა, მიაფურთხე ეშმაკს და დამიბრუნდი“. – ისმოდა მამაკაცის ხმა.
– „არა, გიორგი, არის ისეთი რამ ცხოვრებაში, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. მე სუსტი ქალი ვარ, არა მაქვს იმდენი ძალა, რომ საკუთარ გულს შევებრძოლო, გატეხილ გულს... აბა მითხარი, რაღაში გამოგადგები? მე ხომ ის ნატო აღარა ვარ, როგორიც ოდესმე ვიყავი, მე მისი აჩრდილი დავრჩი. დაგიბრუნდე? რა მიზანი აქვს ჩემ დაბრუნებას? მე ცოლობა აღარ შემიძლია, ჩემში თუკი იყო ქალური რამ, ყველაფერი მოკვდა“. – უპასუხა ნატომ.
– „არა ნატო, არა ჩემო მზეო! ხაზი გადავუსვათ წარსულს და დავივიწყოთ. თავიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრება, – ევედრებოდა მამაკაცი, – განა არ იცი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, უშენოდ ჩემთვის ბნელა“.
– „ადრე უნდა გეფიქრა და არ დაგებნელებინა, ახლა გვიანღა არის“.
– „ ნატო, უკანასკნელად გევედრები, ნუ მტანჯავს, მეტი აღარ შემიძლია“.
– „არა, გიორგი, არა. ჩვენ შორის ყველაფერი გათავებულია, თავს ნუ იმცირებ, კმარა“.
– „მაშ არა?“
– „გეუბნები არა მეთქი, არა და არა...“
– „მაშ იცოდე, ნატო, შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ“.
– „ჩემთვის სიცოცხლემ დიდი ხანია ფასი დაკარგა. მე მხოლოდ ის მასულდგმულებს, რომ კიდევ საჭირო ვარ ადამიანებისთვის, ავადმყოფებისთვის“.
– „მოგკლავ, მოგკლავ“...
– „რაღას უყურებ? მე მზადა ვარ. არ გეგონოს, წივილ-კივილი ავტეხო“...
სიტყვა ვეღარ გავარჩიე, შემომესმა მამაკაცის ღმუილისმაგვარი ხმა. მე შემეშინდა მართლა არ მოეკლა ნატო, ანგარიშმიუცემლად, გაუფრთხილებლად შევაღე კარი და დავინახე ბრგე, ახოვანი მამაკაცი ბებუთით ხელში, სახეარეული, თითქოს ეს არის უნდა მივარდეს ქალს და სიცოცხლეს გამოასალმოსო. ნატო მის შორი ახლო წყნარად იდგა. ჩემი შესვლისთანავე მამაკაცმა მოიხედა და რომ დამინახა ხელები ჩამოუშვა, უცებ მოწყდა ადგილიდან და გაღებულ კარში გავიდა.
მე შიშით აცახცახებული შევცქეროდი ნატოს, ის კი, თითქოს იქ არაფერიაო, წყნარად შემეკითხა:
– ხომ არ შეგეშინდა, კირა? ეგ კაცი ჩემი ყოფილი ქმარია. რო- ცა გაბრაზდება, ანგარიშს აღარ აძლევს თავის თავს. რას იზამ, არიან ცხოვრებაში ასეთი არსებანი.
– რომ მოეკალით?
ნატოს თვალებზე ბინდმა გადაჰკრა, უხმოდ ხელი ჩაიქნია და შემეკითხა:
– ასე უდროოდ რამ მოგიყვანა, ჩემო კირა?
მესამე დღეს ნატომ ანგარიში გაასწორა, მიიღო თავისი საბუთები და წასასვლელად მოემზადა.
– იქნება დაგჭირდეთ რამეში?– ვკითხე მე.
– არა, ჩემო კირა, ჩემი ავლადიდება ორ ჩემოდანში ჩაეტია, აბა რა დიდი ბარგის პატრონი მე ვარ, – წყნარად მიპასუხა მან.
– ნება მომეცით, გაგაცილოთ მაინც.
– თუკი არ შეწუხდებით? ჰო, მართლა, წუხელი ჩემი ყოფილი ქმარი ხელახლა მესტუმრა. თითქოს ბედს შეურიგდაო. ბოდიში მომიხადა, წყნარად მელაპარაკა. მთხოვა გავეცილებინე, მეც უა- რი ვერ ვუთხარი, შემეცოდა. თუკი ჩემი გაცილება მას სიამოვნებას მიანიჭებს, დაე, ეს უკანასკნელი გამომშვიდობება იყოს.
– მერედა, არ გეშინიათ, გზაში რომ აგიტეხოს რამე?! – შევშფოთდი მე.
– არა, ფიქრი ნუ გაქვს, მანქანაში მარტონი ხომ არ ვიქნებით? მანქანის მძღოლთან აბა რას გაბედავს? – მიპასუხა მან.
– თავზე ხელაღებული კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, გირჩევთ, უარი უთხრათ, – შევეხვეწე მე.
ნატომ გამიღიმა, მაგრამ პასუხი არ გამცა, თავის დუმილით თითქოს მეუბნებოდა, ფიქრი ნუ გაქვს, არაფერიც არ მოხდებაო. იმ
საღამოს მივედი ნატოსთან. მოვიდა ნატოს ქმარიც. ისინი მანქანაში ჩასხდნენ, ნატოს ორი ჩემოდანი მანქანის საბარგულ- ში ჩააწყვეს. მე ნატოს გამოვემშვიდობე და მანქანაც დაიძრა. აი, ყველა ის, რის თქმაც შემიძლია, – დაასრულა კირამ.
– მანქანაში მძღოლის გარდა სხვა ხომ არავინ ყოფილა? – შეეკითხა არჩილი.
– არა, ნატო, მისი ქმარი და მძღოლი, მეტი არავინ იყო.
– მანქანის მძღოლს თუ იცნობთ? – ხელახლა დაუსვა კითხვა არჩილმა.
– არა, არ ვიცნობ და არც მიმიქცევია მისთვის ყურადღება, – შეიშმუშნა კირა.
არჩილს გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთხრა.
– შეგიძლიათ ამიწეროთ როგორი იყო მანქანა, ან ნომერზე ხომ არ მიგიქცევიათ ყურადღება?
– „პობედა“ იყო, ფერს ვერ გეტყვით, უკვე საკმაოდ ბნელოდა და ვერ გავარჩიე, ნომრისთვის კი ყურადღება არ მიმიქცევია.
არჩილმა დაკითხვის ოქმი გააფორმა და ხელი მოაწერინა მოწმეს.
– ამხანაგო კირა, თქვენ შეიძლება კიდევ დამჭირდეთ, ასე რომ, თქვენი შეწუხება ხელახლა მომიხდება, – მოიბოდიშა არჩილმა.
– თუკი საჭირო ვიქნები, დიდი სიამოვნებით.
– თქვენ თავისუფალი ხართ, ამხანაგო კირა, ნახვამდის.
– ნახვამდის, – გაიმეორა ქალმა, მაგრამ ადგილიდან არ და- იძრა.
– გინდა მითხრათ რამე? – შეეკითხა ქალს არჩილი.
– ერთი ეს მიბრძანეთ, რაშია საქმე? ნუთუ ნატოს დაემართა რამე, ნუთუ იმ საზიზღარმა მაინც სისრულეში მოიყვანა თავისი მუქარა? – ქალს თვალები ცრემლებით აევსო.
– ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ამხანაგო კირა, უნდა ვიფიქროთ, რომ ცუდი არაფერი მომხდარა, – არჩილი დაფიქრდა. კირა თავჩაღუნული იჯდა და ცრემლები ჩამოსდიოდა. არჩილს შეეცოდა ქალი.
– ჰო, აი რა, ამხანაგო კირა, გთხოვთ ჩვენი დღევანდელი საუბარი საიდუმლოდ შეინახოთ, – სთხოვა არჩილმა.
– თუკი ეს საჭიროა...
– ჯერჯერობით საჭიროა! ახლა შეგიძლიათ.
– სიტყვას გაძლევთ, – ქალმა ცრემლი მოიწმინდა და გავიდა. არჩილი ფიქრებში წავიდა, მან თავის გონებაში ხელახლა გადასინჯა მთელი შეგროვილი მასალა, ყოველ კუთხე-კუნჭულში
შეიხედა.
როგორც მასალებიდან ირკვევა, ნატო იმდენად იყო შეურაც- ხყოფილი თავისი ყოფილი ქმრის გიორგი ქურხულისგან, რომ ვერ ეპატიებინა დანაშაული და მიუხედავად მისი სიყვარულისა, კატეგორიულ უარზე იყო დაბრუნებოდა მას, – ფიქრობდა არჩილი, – გიორგი ალბათ ყველგან სდევნიდა ნატოს და ნატოც იძულებული გახდა, საქართველოსაც კი გასცლოდა. შეიძლება გი ორგიმ მოისყიდა მანქანის მძღოლი და მასთან ერთად ჩაიდინა მკვლელობა? მაგრამ რაღაზედ დასჭირდა მას მეორე დილით უკან დაბრუნება სასტუმროში? განა ბოროტმოქმედი იმას არ ეცდება, რომ დანაშაულის კვალი, რაც შეიძლება ოსტატურად მიჩქმალოს? დავუშვათ, რომ გიორგის წინასწარ ჰყავდა შეპირებუ- ლი მძღოლი, არ აჯობებდა მანქანას სადმე გზაში დახვედროდა და ისე მოეყვანა სისრულეში ბოროტი განზრახვა? ამის მამხილებელი მოწმე ხომ აღარ ეყოლებოდა, როგორც ამ შემთხვევაში ფერშალი ქალი კირა ზაბორა იყო. გიორგი ქურხულმა გზაში მოჰკლა თავისი ყოფილი ცოლი, ნატო სულიაშვილი, თითიც შეაჭრა, რომ ბეჭედი გაეთავისუფლებინა, მაგრამ თითი როგორ აღმოჩნდა უღრან ტყეში? განა დასაშვებია, რომ სპეციალურად წასულიყო იქ თითის გადასაგდებად? რა თქმა უნდა, ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. განა ეჭვს არ ბადებს ბეჭდის გაყიდვის ამბავიც? რაღა მძღოლს მიჰყიდა ბეჭედი?! თუმცა... ხომ შეიძლება, რომ სანდრო ყარაშვილი იყოს ამ ბოროტმოქმედების თანამონაწილე და გიორგიმ ბეჭედი კი არ მიჰყიდა, არამედ „გასამრჯელოს“ სახით მისცა...თუკი გიორგი მაინც დაბრუნდა უკან, ალბათ მას რა- ღაცა სხვა საქმე ექნებოდა კიდევ. ალბათ ვისმეს უნდა შეხვედ- როდა და ამან აიძულა უკან დაბრუნება.
ვინ არის ის უცნობი? ეს ყოველმიზეზგარეშე უნდა იქნას დადგენილი. გიორგი ქურხული უმიზეზოდ არ დაბრუნდებოდა უკან. რა საშუალებით შეიძლება მოინახოს უცნობი? იგი ალბათ სანატორიუმში ისვენებს საგზურით. ხომ შეიძლება უცნობიც ინჟინერ გეოლოგი იყოს და მასთან ჰქონოდა საქმე ქურხულს?
არჩილი ალღომ არ მოატყუა. დამსვენებელთა შორის აღმოჩ- ნდა პროფესორი სამარინი, რომელთანაც გიორგი ქურხული საკონსულტაციოდ ჩამოსულა.
პროფესორ სამარინის დასკვნით ინჟინერი გიორგი ქურხული დიდად ნიჭიერი გეოლოგია. მასზედ რომ პირად ტრაგედიას არ ემოქმედა, ბევრად წინ წაიწევდა და ცნობილი გახდებოდა, მაგ- რამ ადამიანის ცხოვრება ხშირად ისე არ მიემართება, როგორც თვით მას სურს.
– ვიცი, მისი ტრაგედია დაიწყო ცოლთან განშორების შემდეგ. რა ნიადაგზე მოხდა მათი დაცილება არ ვიცი, გიორგის არაფერი უთქვამს ჩემთვის და არც მე მიკითხნია.
არჩილ ჩოხელმა პროფესორ სამარინისგან შეიტყო გიორგი ქურხულის მისამართი და ქალაქისკენ გაემგზავრა.



№1  offline წევრი laelake

ძალიან კარგიაა????????????

 


№2  offline წევრი ცირაკო

laelake
ძალიან კარგიაა????????????

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent