შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი V თავი


14-05-2021, 10:53
ავტორი ciracira329
ნანახია 209

თავი V

მეორე დილით, სრულ ცხრა საათზე, გიორგი ქურხული საკანიდან ამოიყვანეს და ზურაბ ლომაურს წარუდგინეს.
– მხოლოდ ერთმა ღამემ განვლო, რაც გიორგი ქურხული დააპატიმრეს და მოკლე ხნის განმავლობაში ეს ბრგე ვაჟკაცი დაჩიავდა, მოიკუნტა თვალები შეშლილსავით გაუხდა.
მისი პირველი დაკითხვა პირადად ზურაბ ლომაურმა ჩაატარა. დაკითხვას არჩილ ჩოხელიც დაესწრო, რომელიც ჩვენების ჩასაწერად მოემზადა.
– აბა, მოგვიყევით ყველაფერი, – ზურაბმა მზერა მიაპყრო ქურხულს.
ქურხულმა პასუხი არ გასცა. იგი სდუმდა.
– მაშ არ გინდათ ილაპარაკოთ? – ხელახლა შეეკითხა ლომაური.
– მე არ ვიცი, თქვენ რა გაინტერესებთ! – ხმის კანკალით თქვა ქურხულმა, – გამაგებინეთ მაინც, რაშია საქმე? რაში მდებთ ბრალს? ნუთუ ვიღაც თავზეხელაღებული ავაზაკი გგონივართ?
– მე ჯერ არ მითქვამს ჩემი აზრი თქვენზე და რატომ გამოგაქვთ ნაადრევი დასკვნა? ჩვენ გვაინტერესებს თქვენი პიროვნება.
– ჩემი პიროვნება გაინტერესებთ? განა არ იცით ვინცა ვარ? შეეკითხეთ გეოლოგიურ სამმართველოს, იქ გეტყვიან ვინცა ვარ. შეეკითხეთ ჩემს ამხანაგებს, ისინი გეტყვიან. მე არა ვარ ბოროტმოქმედი. მე პატიოსანი საბჭოთა მშრომელი ადამიანი ვარ. ვიცი თქვენ რაც გაინტერესებთ. ჩემს ჩემოდანში აღმოჩენილი სისხლიანი ბებუთი...
–ამაზე შემდეგ, მოქალაქე ქურხულო. მოგვიყევით თქვენი თავგადასავალი, სად დაიბადეთ, სად იზრდებოდით.
– ამას დიდი დრო დასჭირდება!
– არაფერია, ყურადღებით მოგისმენთ! გიორგი ქურხული ჩაფიქრდა და დაიწყო. იგი დაიბადა უბრალო მუშის ოჯახში. მამამისი რკინიგზის მემანქანე იყო, ხოლო დედა – მკერავი ქალი, ფაბრიკის მუშა. ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო, მშობლების შემოსავალი ძლივს ჰყოფნიდა და ხელმოკლეობას განიცდიდა.
გიორგი ექვსი წლისა იყო, როცა მამა მოუკვდა. ოჯახის მზრუნველობა დედას დააწვა კისერზე, მაგრამ იგი არ შეუდრკა არავითარ გაჭირვებას, შვილები დაზარდა, ადამიანებად აქცია.
გიორგის უფროსი ძმა ამჟამად რაიონში ერთ-ერთ მსხვილ სა წარმოს ხელმძღვანელობს, ორი მომდევნო და კი პედაგოგია. ისინიც რაიონში მუშაობენ.
სამთო ფაკულტეტის უკანასკნელი კურსის სტუდენტი იყო გიორგი, როცა ომი დაიწყო გერმანელ ფაშისტებთან. რამდენჯერ დააპირა არ მოეცადნა ინსტიტუტის დამთავრებისათვის და წასულიყო ფრონტზე, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ, სანამ ინსტიტუტს არ დაამთავრებდა, ჯარში არ მიჰყავდათ.
ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და სულ მოკლე ხანში არ- მიაში წავიდა საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაურად.
მისი ჯარში წასვლა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ფაშისტური მხედრობა სტალინგრადის გმირული ეპოპეის შემდეგ უკან იხევდა და თანდათან სტოვებდა მიტაცებულ მიწაწყალს.
უკრაინაში, ერთ-ერთი გამძაფრებული ბრძოლების დროს გიორგი მძიმედ დაჭრილა. როგორ გამოიტანეს ბრძოლის ველიდან და როგორ მიიყვანეს საველე ჰოსპიტალში, არ გაუგია. გონს რომ მოსულა, ყველაფერი მოჰგონებია. გაახსენდა მისმა ბატარეამ მტრის ორი „ვეფხვი“ და ერთი „ფერდინანდი“ როგორ გა ანადგურა.
ერთ თვეს წოლილა ჰოსპიტალში. ნერვიულობდა, უნდოდა ჩქარა წასულიყო იქიდან და ხელახლა ჩამდგარიყო მებრძოლთა რიგებში.
ცოტათი რომ მომჯობინდა და სიარულის უფლება მისცეს ექიმებმა, თავი უკვე ჯანმრთელად წარმოიდგინა და ჰოსპიტალიდან გაპარვაც კი დააპირა, მაგრამ თავი რომ გამოსცადა სიარულში, მიხვდა, რომ ჯერ კიდევ ადრე იყო წასვლა ბრძოლის ველზე, გული კი არ უთმენდა.
– საველე ჰოსპიტალი სამედიცინო პერსონალის მწვავე ნაკლებობას განიცდიდა, – განაგრძობდა ქურხული,
–განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი ბრძოლები ხდებოდა და ჰოსპიტალში აუარებელი დაჭრილები მოჰყავდათ... გიორგი ქურხული დადუმდა, ამოიოხრა და ჩაფიქრდა.
ზურაბ ლომაური და არჩილ ჩოხელი მოთმინებით მოელოდნენ, როდის განაგრძობდა სიტყვას იგი, გრძნობდნენ, რომ ყველა ამ ამბავს არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა გიორგისა და ნატოს ურთიერთობასთან. ისინი გრძნობდნენ, რომ გიორგი თავის ნაამბობში გულწრფელი იყო და არაფერს მონაგონს არ ამბობდა. უკვირდათ, ნუთუ მგრძნობიარე ადამიანს შეეძლო მოეკლა არსება, რომელიც, როგორც მათ წარმოდგენილი ჰქონდათ კირა ზაბორას დაკითხვიდან, გაგიჟებით უყვარდა.
გიორგი ქურხულმა ამოიოხრა, თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და განაგრძო:
– ჰოსპიტალში ექიმთა შევსება მოვიდა. მათ შორის ნატო სულიაშვილიც იყო. მიუხედავად თავისი სიახალგაზრდავისა, იგი ნამდვილ დედად და დად მოევლინა მებრძოლებს. მძიმედ დაჭრილებს ღამეებს უთევდა.
ერთხელ ნატო შემოვიდა ჩემთან, ყველა ჩვენგანს ისე შეგვიყ- ვარდა ის ქალი, რომ მისი დანახვაც კი მზის გამობრწყინება იყო ჩვენთვის. მისი მხიარული სახე, სიცილი, სილაღე, სიცოცხლე, ჩვენ მხნეობას გვმატებდა.
დიახ შემოვიდა, ხელში ზეწარში გახვეული რაღაც ეჭირა.
– აბა, ძმებო, გამოიცანით, რა არის შეხვეული ამ ზეწარში? – ეშმაკურად გაგვიღიმა ნატომ.
– რა უნდა იყოს? – ვიფიქრეთ ჩვენ და ვერც ერთმა ვერ გამოიცნო.
– ოი, თქვენ კი რა გითხრათ, – გადაიკისკისა მან და აკორდეონი გამოიღო. – აბა, მითხარით რა გიმღეროთ?
– სულიკო, სულიკო? – წამოიძახა ახალგაზრდა უკრაინელმა, რომელიც განსაკუთრებული მამაცობისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით იყო დაჯილდოებული სამშობლოს მიერ, – მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა.
ნატომ დაიწყო დაკვრა აკორდეონზე და სულიკოს დამღერება, თანდათან ყველა ავყევით. უკრაინელები უკრაინულად მღეროდ- ნენ, რუსები რუსულად... ჩვენი სიმღერის გუგუნზე სხვა ოთახები- დანაც მოიყარეს თავი და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ჰოსპიტალის უფროსიც კი მოვიდა.
ნატომ ჩვენი თხოვნით იმღერა რამდენიმე რუსული სიმღერა და ჩვენც აგვამღერა. ამის შემდეგ დაიწყო ასეთი კონცერტები. თუკი ახალი დაჭრილები და ავადმყოფები არ მოჰყავდათ და ნატო თავისუფალ დროს იშოვიდა, სულ ჩვენთან იყო და არამარტო დაკვრით და სიმღერით გვართობდა, შესანიშნავი კვიმატი ნაკვესების თქმაც იცოდა და ამით გვახარებდა გვართობდა დადგა გამომშვიდობების დღეც.
ნატო გადაგვეხვია ჰოსპიტალიდან გაწერილ მებრძოლებს, თან და-ძმური კოცნა და გამარჯვების სურვილი გაგვატანა.
მას შემდეგ შეიჭრა ნატო ჩემს გულში, ჩემს აზრში, ჩემს ფიქრებში. ბრძოლებით გავიარე უკრაინა, მოლდავეთი. სულ ომის ცდაში ვიყავი, ისეთი რამ ჩამედინა, რომ ჩემი სიმამაცის ამბავი ფრონ ტის გაზეთში ჩაწერილიყო და ნატოს წაეკითხა. ჩვენ ხომ ერთ ფრონტს, მესამე უკრაინის ფრონტს ვეკუთვნოდით. დივიზიის გაზეთში რამდენჯერმე მოვხვდი, მაგრამ ვინ იცის, ჩვენი დივიზიის გაზეთი მიდიოდა თუ არა იმ ჰოსპიტალში, სადაც ნატო მუშაობდა. დიახ, ვიბრძოდი სამშობლოსათვის, ვიბრძოდი ხალხისათვის და... ვიბრძოდი ნატოსთვის. ნატოს სახე ოდნავადაც არ მცილდებოდა გონებიდან. რამდენჯერმე დავაპირე წერილის მიწერა, მაგრამ თავი შევიკავე, ვერ გავბედე.
ათას ცხრაას ორმოცდაოთხი წლის სექტემბერში გავტეხეთ მტრის წინააღმდეგობა და დუნაის იქით გადავისროლეთ. შევედით რუმინეთში, იქიდან ბულგარეთსაც ვეწვიეთ, შემდეგ იუგოს ლავიას და ბოლოს უნგრეთს. შევედით ბუდაპეშტში, უნგრეთის დედაქალაქში. პეშტი დავიკავეთ, ხოლო ბუდა მოწინააღმდეგის ხელში იყო. იქ მივიღე მეორე სერიოზული ჭრილობა. იმ დროს მე უკვე საარტილერიო დივიზიონის მეთაური ვიყავი და კაპიტნის წოდება მქონდა.
არ ვიცი, ბედი იყო თუ რა, ხელახლა მოვხვდი საველე ჰოსპი- ტალში, სადაც ნატო სულიაშვილი მუშაობდა.
მისვლისთანავე ნატომ მიცნო, უდიდესი მზრუნველობით მომეკიდა და, თუ სიკვდილს გადავურჩი, და არ გადამიტანეს ჭრილობებმა, ამაში მხოლოდ ნატოს უნდა ვუმადლოდე.
ნატოს ყოველი შემოსვლა ჩვენთან მზის ამოსვლასა ჰგავდა. მის დანახვაზე ჩემი თვალები სიხარულის წყაროდ იქცეოდა ხოლმე, მისი ყოველი გამოხედვა მაგრძნობინებდა, რომ მასაც თუ არ ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში, მოვწონდი მაინც. მართალია, ნატო არავისთვის არ იშურებდა ღიმილს, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ მისი ღიმილი მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მე და სხვა არავის.
ერთი აზრი მაწუხებდა მხოლოდ, ნატოს გული იყო თუ არა თავისუფალი, ხომ არ იყო ნატო გათხოვილი და აი, ერთხელ, როდესაც უკვე ფეხზე ავდექი და ჰაერზე გამოვედი, ნატოს შეხვედრისთანავე, ვერ მოვითმინე და შევეკითხე. ამის შესახებ მან მიპასუხა:
– ეჰ, ჩემო გოგი, როგორ გგონია, განა ჩემი გული აქამდე თავისუფალი დარჩებოდა? მისი გმირი შენსავით ბრძოლის ველზეა და მტერს ანადგურებს.
გული მეტკინა, მაგრამ რა ღონე მქონდა, თავი შევიკავე და ჩემს თავს პირობა მივეცი, ნატოს შემდეგ ქალს არ შევყროდი ცხოვრებაში.
გიორგი ხელახლა დადუმდა. ზურაბი და არჩილი ისე გაიტაცა გიორგის ნაამბობმა, როგორც მხატვრულად დაწერილმა ლამაზ- მა მოთხრობამ.
– ბოდიში, ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება.
არჩილმა სავსე ჭიქა გაუწოდა, გიორგიმ სულმოუთქმელად დალია.
– პაპიროსს ხომ ეწევით? – შეეკითხა ზურაბი და სათუთუნე გაუწოდა. გიორგიმ გამოართვა პაპიროსი და მოუკიდა, ღრმად მოქაჩა.
– შეიძლება ჩემი ეს თავგადასავალი არ იყოს თქვენთვის საინტერესო, მაგრამ...
– არა, ჩვენ გულისყურით გისმენთ, განაგრძეთ, – უპასუხა ზურაბმა.გიორგიმ განაგრძო:
– დადგა საინტერესო წუთიც. დაემხო ფაშიზმი. ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მაშინ ისევ ჰოსპიტალში ვიყავი, თითქმის მთლად განკურნებული. ჰოსპიტალიდან მალე გავეწერე, გამოვემშვიდობე ნატოსაც. წავედი, მაგრამ გული კი იქ დავტოვე, ჰოსპიტალში. ნატოსთვის რა უნდა მეთქვა გამომშვიდობებისას? მან ხომ მითხრა, რომ მისი გულის სწორი ბრძოლის ველზეა და ისიც სხვებთან ერთად იბრძვის.
ჰოსპიტალიდან წამოსვლის დღიდან ამეკვიატა ნატოს სახე და აჩრდილივით თან დამდევდა. იქამდე მიმიყვანა, რომ ნატოსთან წერილი მიმაწერინა.
ერთ კვირაში პასუხი მივიღე, ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. წერილი მეტად გულთბილი იყო. ასეთი წერილის მოწერას ალბათ ქალი თუ შესძლებდა, მხოლოდ და მხოლოდ ქალი.
დაიწყო ჩვენს შორის მიმოწერა. გავიდა თვეები. შორეულ აღმოსავლეთშიც განადგურდა მტერი. დაიწყო ჯარების დემობილიზაცია. ერთ მშვენიერ დღეს უკვე თბილისში ამოვყავი თავი და ოფიცრის მაზარა გავიხადე.
მალე ნატოც დაბრუნდა. ჩვენი შეხვედრა სრულიად მოულოდნელად მოხდა თეატრში.
თეატრიდან იგი შინ გავაცილე, მარტო არ იყო, მეგობარი ქა ლი ახლდა თან. ფეხით წავედით, გზაში ბევრი ვისაუბრეთ.
– ნატო, გენაცვალე, როგორ დაბრუნდა ის?.. ხომ ცოცხალია,
ჯანმრთელი? – ვერ მოვითმინე და შევეკითხე.
– ვინ ის? ვისზე მეკითხებით გოგი? – გაიკვირვა მან.
– თქვენ ქმარზე! – ვუპასუხე მე და უფრო გაკვირვებულმა, რომ ასეთ უბრალო შეკითხვას ვერ მიმიხვდა.
– ქმარი მე არ მყავს და არც მყოლია, – გადაიკისკისა მან.
– კი მაგრამ...
– შეიძლება მყოლოდა, ომს რომ არ შეეშალა ხელი, აბა ასეთ კოხტა გოგოს ვინ ეტყოდა უარს! – თავი შეიქო, რა თქმა უნდა, ხუმრობით, – ინსტიტუტის დამთავრებამდე მე ვერავინ გამიბედავდა გათხოვებაზე ლაპარაკს, „ჯერ შრომა და მერე ხტომაო“, ხომ გაგიგონიათ. ინსტიტუტი დავამთავრე და მაშინვე ფრონტზე წავედი, იქ გათხოვებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, ომი დამთავრდა და ეს არის ახლახან დავბრუნდი, ვნახოთ, ვინ გამოჩნდება თავზეხელაღებული, რომელიც ჩემისთანა მახინჯს წაიყვანს.
მახინჯსაო, მისი ბადალი დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა და ის კი... ხუმრობს, რა თქმა უნდა ხუმრობს.
– კარგი, მაგრამ გახსოვთ, იქ რომ მითხარით ჰოსპიტალში როდესაც ვიწექი.
– ჰო, მომაგონდა. ის პასუხი მარტო თქვენ კი არა, ათასი კაცისათვის მიმიცია. ბევრმა გადამიშალა გული, მე კი ერთი გული მქონდა და შიგ ყველას ვერ ჩავიტევდი. იძულებული ვიყავი ასეთი პასუხით ჩამომეცილებინა „საქმროები“ და მათ შორის თქვენც. გავჩუმდი. სახლამდე ხმა აღარ ამომიღია.
მას შემდეგ ნატოს ხშირად ვხვდებოდი, იგი გრძნობდა, რომ თავდავიწყებით მიყვარდა და აი ერთხელ, როდესაც თეატრში ვი ჯექით და სპექტაკლს ვუყურებდით, მე მისი მარცხენა ხელი ავწიე და უსახელო თითზე ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი გავუკეთე.
ნატო შეიშმუშნა, იმისი შიშით, რომ ბეჭედი არ გამოეძრო, ჩემს მარჯვენაში მისი მარცხენა მაგრად ჩავბღუჯე. ნატო აილეწა, თითქოს ეწყინაო, მაგრამ ხმა არ ამოიღო. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ გავაცილე, ნატომ მოინდომა ბეჭდის დაბრუნება, მაგრამ მე შორს დავიჭირე.
– ნატო, ეს ხომ საქორწინო ბეჭედი არ არის, უბრალო ბეჭედია. დედისაგან დამრჩა სამახსოვროდ. ამ ბეჭდით მამაჩემმა დედაჩემი დანიშნა პირველად.
– ამავე ბეჭდით გინდა მეც შენი დანიშნული გავხდე?
– ეს ხომ ჩემთვის უბედნიერესი წამი იქნებოდა, მაგრამ თუ არ გინდა, რომ ეს ასე იყოს, გქონდეს ჩემს სამახსოვროდ.
ნატომ პასუხი არ მომცა და აღარც ბეჭდის დაბრუნებას ეცადა. ორი თვის შემდეგ ჩვენ ვიქორწინეთ. მე ნატო, როგორც მოგახსენეთ, თავდავიწყებით მიყვარდა, მაგრამ თურმე მასაც ვუყვარდი და არ მამჩნევინებდა.
ჩვენი ქორწინების დღიდან უკვე რამდენიმე წელმა განვლო, მაგრამ ჩვენი სიყვარულის ცეცხლი არ ნელდებოდა, უფრო ძლიერდებოდა.
ნატო ჯერ პოლიკლინიკაში მუშაობდა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამამულო ომმა დიდი გამოცდილება შესძინა და საუკეთესო ექიმად ითვლებოდა. უყვარდა ყველას, მის კოლეგებს, ხელმძღვანელობას, ავადმყოფებზე ხომ ნუღარ იტყვით, თვალისჩინს ერჩივნათ.
ასე, ბედნიერების მწვერვალზე ვიმყოფებოდით მე და ჩემი ნატო, ერთადერთი, რაც შავი ღრუბელივით წამოგვიქროლებდა ხოლმე, ის იყო, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, თუმცა კი ძალიან გვინდოდა, განსაკუთრე ბით ნატო განიცდიდა ამას.
ნეტავი ერთი შვილი მაინც გვყოლოდა, ალბათ ასე არ დატრიალდებოდა ჩემი ცხოვრება. ალბათ ნატო შვილის სიყვარულით მაინც მაპატიებდა შეცდომას და შემირიგდებოდა, – ქურხულმა ღრმად ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო. შემდეგ თავი ასწია, თვალზე მომდგარი ცრემლი მუშტით მოიწმინდა და გა- ნაგრძო, – დაუსრულებელი არ გამოდგა ჩვენი ბედნიერება. თურმე, დიდ ბედნიერებას დიდი უბედურება მოსდევს, ერთ წინ დაუხედავად გადადგმულ ნაბიჯს შეუძლია მთლად დაშალოს ყველაფერი.
შარშანწინ, შემოდგომაზე, მოსკოვს გამგზავნეს მივლინებაში. ახალი საძიებელი პროექტები წავიღე დასამტკიცებლად. ნატოს ვთხოვე როგორმე მოეხერხებინა და წამოსულიყო ჩემთან ერთად, მაგრამ ვერ მოახერხა. მარტო მომიხდა წასვლა.
როსტოვში რომ გავჩერდით, იმ კუპეში, სადაც მე ვიჯექი, ერთი ქალი შემოვიდა. ახალგაზრდა, მხიარული ქალი იყო, მიმზიდველი სახე ჰქონდა, სპეციალობით პედაგოგი. თურმე ისიც მოსკოვში მიდიოდა თავის პირად საქმეზე.
გავიცანით ერთმანეთი, ვისაუბრეთ, მე მას დავუმალე, რომ ცოლიანი ვიყავი და არშიყობაც დავუწყე.
გზაში ისე დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ როდესაც მოსკოვში ჩავედით, სასტუმროში არ გამიშვა, თავისი ახლო მეგობრის ბინაზე მიმიყვანა. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა, რომ ასე ღრმად შევტოპე. მე ისე, ოდნავ გათამაშებას ვაპირებდი და არ ვიცოდი, თუ მდინარეში, ჩემდა უნებურად, მორევი დამხვდებოდა.
ლიზამ, ეს სახელი ერქვა ჩემს ნაცნობ ქალს, ადრე მოათავა საქმე, მაგრამ ჩემს წამოსვლას დაუცადა. ერთი კვირის შემდეგ მეც მოვათავე ჩემი საქმე და ისევ ერთად გამოვემგზავრეთ. გზაში ბევრს მეხვეწა, ჩამოვსულიყავ მატარებლიდან და რამდენიმე დღე დამეცადა როსტოვში, მაგრამ მე საჩქარო საქმეები მოვიმიზეზე და თავი ვიხსენი ამ უსიამოვნო წვეულებისგან, მხოლოდ დავპირდი, აუცილებლივ მივწერდი წერილს და ვეწვეოდი როსტოვში. ჩემი მისამართი არ მივეცი და მის დაჟინებულ თხოვნაზე დავთანხმდი მოეწერა ჩემთვის წერილი მთავარ ფოსტაში „მოკითხვამდე“.
ლიზა არ ჩამოვიდა როსტოვის სადგურში, მე გული გამისკდა, შემეშინდა თბილისში არ გამომყოლოდა, მან სოჭამდე გამომაცილა, დიდის ამბით გამომემშვიდობა და უკან გაბრუნდა სხვა მატარებლით.
ის რომ წავიდა, თავისუფლად ამოვისუნთქე. გული მეთანაღრებოდა, ვერ მეპატიებინა ჩემი თავისათვის ამისთანა წინდაუხედაობა და სულ იმის შიშში ვიყავი, რაიმე საბედისწერო შედეგი არ მოჰყოლოდა ამ ამბავს.
თბილისში დაბრუნებისას ჩემი ნატო ისევ მხიარულად დამხვდა, როგორც ყოველთვის. ნატო შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა და ახლაც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მისი კისკისი, დაკ ვრა და სიმღერა ისმოდა მთელ ეზოში.
– სად იყავ გოგი, ამდენ ხანს? რომ გცოდნოდა ნატო უშენოდ რა ცხვირჩამოშვებული დადიოდა, რა დაძმარე ბული სახე ჰქონდა, ალბათ ფრთებს გამოისხამდი და ისე გადმოფრინდებოდი მოსკოვიდან, – მეუბნებოდა ერთი მეზობელი.
– შენ გიშველა ღმერთმა, ჩამოხვედი და სიმხიარულე შემოიტანე, თორემ ასე გვეგონა, ჩვენი ცელქი ნატო ცოცხლებში აღარ ურევიაო, – კვერს უკრავდა მეორე.
მე და ნატო ისე შევტრფოდით ერთმანეთს, როგორც ქორწინების პირველ დღეებში.
გავიდა ერთი თვე, სრულიად შემთხვევით გამახსენდა ჩემი უგნურობით ჩადენილი საქციელი ლიზასთან და შევიარე ფოსტაში, იქ ოთხი წერილი დამხვდა, წერილები სასიყვარულო სიტყვებით იყო სავსე. ორი უკანასკნელი წერილი კი საყვედურებით გატენილი. ხიდზე რომ გავიარე, წერილები დავხიე და წყალში გადავყარე.
არც ერთ წერილზე პასუხი არ მიმიწერია. ან კი რა უნდა მიმეწერა? მე აქ მის დავიწყებას ვლამობდი. ის კი წერილს წერილზე მიგზავნიდა.
იმ დღის შემდეგ, ჩემდა უნებურად, ხშირად დავიწყე ფოსტაში სიარული, თითქმის ყოველდღე ახალ ახალი წერილი მხვდებოდა, უფრო მეტად სასაყვედურო, ცრემლებით სავსე.
– რა ვქნა, ეს რას გადავეკიდე, რა წყალს მივცე თავი? – ვფიქრობდი მე მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი. რამდენჯერმე დავაპირე გამოვტეხოდი ნატოს, ყველაფერი მეამბნა, აღსარება მეთქვა მისთვის, მაგრამ მეშინოდა, ნატო ამას ვერ აიტანდა და ჩვენს შორის უსიამოვნება ჩამოვარდებოდა.
ერთადერთი იმის იმედი მქონდა, რომ ლიზას მოსწყინდებოდა წერა და თავს დაანებებდა და მართლაც, როცა ხელახლა ვეწვიე ფოსტას და იქ წერილი აღარ დამხვდა, ძალიან გამეხარდა. ორი კვირის განმავლობაში აღარც ერთი წერილი აღარ მიმი ღია. ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.
მანამდე სახემოღუშული რომ დავდიოდი, რა თქმა უნდა, ნატოს არ დარჩა შეუმჩნეველი. მაგრამ იგი მიჯერებდა და ყველას ამას დაღლილობას აწერდა. ჩემი ჭმუნვა ნატოზედაც მოქმედებდა და სიმკვირცხლეს უკარგავდა და ახლა, როცა დავმშვიდდი და გული საგულეს ჩამიდგა, როცა შუბლიდან ჭმუნვის ღრუბელი გა- დამეყარა, ნატოც გამხიარულდა. მაგრამ... ვაი იმ საათს!..
ერთ საღამოს, შინ რომ მივედი, ნატო არ გამომეგება, გამიკ ვირდა. ოთახში ბინდი იყო... შუქი ავანთე და რა დავინახე: ნატო და ლიზა, ის გზაში გაცნობილი ლიზა, სავარძელში ისხდნენ და წყნარად საუბრობდნენ.
თვალებს არ დავუჯერე, მოვიფშვნიტე, ხელახლა შევხედე, დიახ...
ნატო და ლიზა სავარძელში ისხდნენ, როგორც ძველი ნაცნობები.
– რას გაიკვირვე, პატივცემულო გიორგი? დიახ, ჩვენ გახლავართ, ნატო და ლიზა, მობრძანდით.
მე ცივად გამოვტრიალდი და ქუჩაში გამოვვარდი. გონება და მებნა, აზროვნების უნარი დავკარგე. არ მახსოვს, როგორ გავჩნდი კიროვის პარკში. მტკვრიდან ნიავი უბერავდა, ცივი ღამე იყო, მოწყვეტით დავეშვი მერხზე. რამდენმა ხანმა განვლო არ ვიცი, ოდნავ გონს მოვედი, სიცივე ვიგრძენი, შიმშილიც. გამოვედი პარკიდან და რესტორანში შევედი, დავჯექი მაგიდასთან, თვალი გადავავლე იქაურობას, ხალხი ბევრი იყო, ნაცნობი კი არც ერთი. რესტორანში ჟრიამული იდგა. მიმტანს ვთხოვე საჭმელი და ერთი ბოთლი კონიაკი. მალე ის ბოთლი ჩაის ჭიქებით გამოვცალე, საჭმელი კი ოდნავ მოვკიკნე. მინდოდა დავმთვრალიყავი, მაგრამ დახეთ ჩემს უბედურებას, ვერ გასჭრა ამ ოხერმა, ოდნავ შევზარხოშდი მხოლოდ. დამატებით მოვითხოვე ნახევარი ბოთლი კონიაკი და ისიც გამოვწვეთე, თითქოს ცოტა მომეკიდა. უკვე შუაღამე იყო, რესტორნის დაკეტვის დრო რომ მოვიდა. გარეთ გამოვედი. კიდევ ერთხანს უთავბოლოდ ვიხეტიალე ქუჩებში და ბოლოს, რაც მოხდება, მოხდება მეთქი, შინ დაბრუნება გადავწყვიტე.
ვფიქრობდი: ქალებს უკვე ეძინებათ, მე სავარძელზე გაუხდელი წამოვეგდებოდი და დილამდე გავაძაღლებდი ღამეს, მერე კი...
სახლის კარი რომ გავაღე, ჩამიჩუმი არ ისმოდა, წამოვწექი სავარძელზე, როგორც იყო, დავიძინე. დილის რვა საათზე გამომეღვიძა, შინ არავინ იყო ჩემს მეტი, გამიკვირდა, ავდექი, საწერ მაგიდასთან რომ მივედი, იქ ორი წერილი დამხვდა, ერთი ნატოსი, სულ ორიოდე სიტყვა: „გენდობოდი, როგორც არავის, მჯეროდა შენი, თურმე ვცდებოდი, ნუღარ მელი, ყველაფერს წერტილი დაესვა.“ წერილი ხელმოუწერელი იყო, მაგრამ ნატოს ხელს ათასში ვიცნობდი. მეორე წერილი ლიზასი აღმოჩნდა: „მე თქვენ ადამიანი მეგონეთ... მეტს აღარ შეგაწუხებთ. ლიზა.“
ეს სულ რამდენიმე სიტყვა ერთსა და მეორე წერილშიც გულგამგმირავი იყო. ნეტავ დაეწერათ ვრცლად, ველანძღე, ვეგინებინე, ვეთათხე, მიწასთან გავესწორებინე, ლაფში ამოვესვარე, ალბათ გულს მომიოხებდა. ამ რამდენიმე სიტყვამ კი უარესად გამანადგურა.
ნატო წასული იყო ისე, რომ თავისი ტანსაცმელისა და თეთრეულის მეტი არაფერი წაეღო. მშვენივრად მოწყობილ ოჯახში ყოველი ნივთი, ყოველი საგანი, ყოველი ავეჯი ხომ მასთან ერთად იყო შეძენილი, რად დამიტოვა, რა თავში ვიხლიდი? ჩემს ჭკუაზე აღარ ვიყავი, სავარძელზე მოწყვეტით დავეცი და ავქვითინდი.
გიორგი ქურხული მოიქანცა. ტელეფონმა დარეკა.
– პოლკოვნიკი ლომაური... მესმის, ამხანაგო კომისარო. დიახ, დიახ, გეახლებით, – ლომაურმა ყურმილი დადო და გიორგი ქურხულს მიუბრუნდა, – დღეისთვის ვიკმაროთ, თქვენც დაისვენეთ და ხვალ განვაგრძოთ. ელექტროზარი დარეკა, მილიციელი შემოვიდა.
– მესამე საკანში! – უთხრა მილიციელს ლომაურმა და ქურხულზე ანიშნა. გიორგი ქურხული ბარბაცით გავიდა კაბინეტიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent