შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XI


24-05-2021, 16:36
ავტორი ciracira329
ნანახია 123

მეორე დღეს პროფესორი ნაპირელი ეწვია ზურაბ ლომაურს.
– გუშინდელმა თქვენმა სიტყვებმა იმისთანა საგონებელში ჩამაგდო, რომ მთელ ღამეს არ მძინებია, – მისალმების შემდეგვე მიმართა მან ზურაბ ლომაურს, – ნუთუ მართლა არსებობს სადმე იმისთანა თავხედი, რომელიც გაბედავს და აუგს იტყვის ჩემზე?!
– წარმოიდგინეთ, პატივცემულო პროფესორო, რომ არსებობს, – უპასუხა ლომაურმა, – ნუ გიკვირთ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩემი ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე იმდენ სხვადასხვა ჯურის ადამიანებს წავაწყდი, რომ აღარაფერი აღარ მაკვირვებს. მაგრამ შევუდგეთ საქმეს. ვიდრე ისეთ რამეს გაჩვენებთ, რაც არა თუ გაგაკვირვებთ, არამედ აღგაშფოთებთ კიდეც, ნება მიბოძეთ პატარა წინასიტყვაობით შეგაწყინოთ თავი.
– მე მზად ვარ გისმენთ.
– ამ ბოლო ხანებში, სამწუხაროდ, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებათა ჩადენის შემთხვევებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ზომები, შევიპყარით ავა ზაკთა რამდენიმე ჯგუფი, მაგრამ იმ პირებს, რომლებიც ყველაზე მეტად გვაინტერესებდნენ, ვერ მივაგენით. ერთ-ერთმა დაზარა ლებულმა, თუ ვინ არის ის ამას თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, მიგვითითა ერთ პიროვნებაზე, რომელიც მას თავს დაესხა და გაძარცვა. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ მძარცველის სურათი. ზურაბ ლომაურმა უჯრიდან პროფესორ ნაპირელის სურათი ამოიღო და გაუწოდა მას. ნაპირელმა თვალები დააჭყიტა, გაფითრდა.
– ეს ხომ ჩემი სურათია, საიდან, როგორ?.. – ძლივს ამოი ლუღლუღა მან.
– დიახ, ეს თქვენი სურათი გახლავთ, ფოტოვიტრინიდან წამოღებული იმ დაზარალებული მოქალაქის მითითე ბით, რომელზედაც მოგახსენებთ. მან თვითონ მიაგნო ამ სურათს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუჯერეთ მას. მოვიწვიეთ სხვა დაზარალებულებიც, პირები, რომლებიც თქვენ კარგად გიცნობენ. მათ სხვა სურათებში შერეული ეს სურათიც წარვუდგინეთ, სავალალოდ, მათაც ერთხმად ამოიცნეს.
– ჩემი ნაცნობები?.. მათ ამოიცნეს?.. ვინ არიან ისინი? – პროფესორი ნაპირელი ადგილს ვერ პოულობდა.
– ის პირები თქვენი სტუდენტი ქალები გახლავთ. გვარსა და სახელებს ნუ მკითხავთ, ეს ჯერჯერობით ძიების საიდუმლოებას წარმოადგენს. როდესაც ის ქალები გაძარცვეს, დაკითხვის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ მათ იცნეს ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ მას. ჩვენ ვიფიქრეთ, ალბათ ვინმე სტუდენტთაგანი თუ ურევია დამნაშავეთა ჯგუფში და არ ამხელენ, რომ ჩირქი არ მოსცხონ ინსტიტუტის სახელს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც სურათების წარმოდგენის დროს იძულებული გახდნენ ერთხმად ეღიარებინათ და მიეთითებინათ ამავე სურათზე. ეს კიდევ არაფერი...
– ამაზე უარესიც?! – ამოიკნავლა პროფესორმა ნაპირელმა.
– დიახ, უარესი. ერთ-ერთ რაიონში ავაზაკების ჯგუფმა გაძარცვა კოლმეურნე გლეხები და წინააღმდეგობის გაწევის დროს ერთ-ერთი მათგანი მოჰკლეს. იმ გლეხებმაც ამ სურათში ამოიცნეს არა მარტო მძარცველი, მკვლელიც.
– დამაპატიმრეთ, რაღას უცდით? მე ხომ ავაზაკი ვყოფილვარ!
– ნაპირელი წამოხტა სკამიდან, მაგრამ დაბარბაცდა და ისევ დაეშვა.
– არა, პატივცემულო პროფესორო, ჩვენ ბრმად არა ვმსჯელობთ საქმეზე. ჩვენ ოდნავადაც არ შეგვპარვია ეჭვი თქვენს პატიოსნებაში, ჩვენ თქვენი გამოძახებაც კი ვერ გავბედეთ, რათა ამითი თქვენი სახელისათვის არ მიგვეყენებინა ჩრდილი.
– ო, რა მადლობელი ვარ, რა მადლობელი, – პროფესორი ნა პირელი წამოხტა სკამიდან და ორივე ხელი გაუწოდა ზურაბ ლომაურს. მას თვალებიდან ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი. ზურაბ ლომაურმა გამოწვდილი ხელები ჩამოართვა.
– დამშვიდდით, ვწუხვარ, რომ ასე აგიფორიაქეთ სულის სიმშვიდე, მაპატიეთ, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. გახსოვთ, გუშინ რომ გითხარით, თქვენ უმწიკვლო სახელს მიაყენეს შეურაცხყოფა? ამ სურათის ჩვენება იმ ჩემმა გუშინდელმა სიტყვებმა გამოიწვიეს თორემ ამ სურათს თქვენ არ წარმოგიდგენდით.
პროფესორი ნაპირელი დაწყნარდა, თვალები მოიწმინდა, წყალი დალია. მცირე ხანს გარინდებული სივრცეს გასცქეროდა, ეტყობოდა მის თავში ჭიანჭველებივით ირეოდნენ სხვადასხვა აზრები.
– კარგი და თუკი დაზარალებულებმა ამოიცნეს ამ სურათში მძარცველი, და უფრო მეტი საშინელება მკვლელიც, მეტი რაღა საბუთი გქონდათ, რომ ეჭვი არ შეგპარვოდათ? განა არ იფიქრეთ რომ ყველა არ შესცდე ბოდა?
– საქმე იმაშია, რომ ჩვენს პოლიციაში დოგმა არ არსებობს. ჩვენი მუშაობა შემოქმედებითია. არ დაგიმალავთ და გულახდილად გეტყვით, თუმცა თავიდანვე ეჭვი ოდნავადაც არ გვეპარებოდა, მაგრამ მაინც შევისწავლეთ თქვენი პიროვნება, ვიდრე რომელიმე ლოგიკურ დასკვნას დავადგებოდით. თქვენ, როგორც მეცნიერი...
პროფესორი ნაპირელი იმდენად დამშვიდდა, რომ კამათის საღერღელიც კი აღეძრა და ამისთვის სიტყვა გააწყვეტინა ზურაბ ლომაურს.
– მართალია, მე სპეციალობით კრიმინალისტი არ გახლავართ, უფრო მეტიც, არასოდეს იმდენად არ დავინტე რესებულვარ ამ საკითხით, რომ იგი შესწავლის საგნად გადამექცია, მაგრამ ყრმობის წლებში წამიკითხავს და მახსოვს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემზე უფრო დიდი მეცნიერი ჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულს.
– წინათ და ახლაც კაპიტალისტურ სამყაროში აქვს ადგილი ასეთ უცნაურ მოვლენებს, მაგრამ ჩვენ...
– კაპიტალისტური გადმონაშთები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთლიანად არ არის აღმოფხვრილი ზოგიერთი ადამ იანის შეგნებაში ჩვენს ქვეყანაშიც, ხოლო შეიძლება დავუშვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცალკეულ მოვლენებს შესაძლებელია ჰქონდეს ადგილი?
– სრული სიმართლეა, – უპასუხა ლომაურმა, – მაგრამ აკი მოგახსენებთ, ჩვენ თქვენი პიროვნება შევისწავლ ეთმეთქი. ყოველი თქვენი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი, თქვენი ცხოვრების და ყოფაქცევის ყოველი ცალკეული დეტალი უარყოფდა იმ ვერსიას იმ ვერსიას, რომ თქვენ რაიმე დანაშაულს ჩაიდენდით. თქვენ არა თუ ვერ ჩაიდენდით რაიმე ბოროტმოქმედებას, არამედ უბრალო სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი ვერ შესძლებდით. ბოროტმოქმედების ბუნება ისეთია, რომ რამდენადაც არ უნდა ეცადოს თავის დაჭერას, არ შეიძლება თავისდაუნებურად რაიმე შტრიხით მაინც არ გამოამჟღავნოს თავისი დანაშაულებრივი მიდრეკილება. ყოველი ბოროტმოქმედი ან ლოთია, ან ყომარბაზი, ან სხვა იმისთანა დამახასიათებელი მიდრეკილება აქვს შესის- ხლხორცებული, რომელიც მას განასხვავებს ადამიანებისაგან. ეს სხვაობა შეიძლება იმისთანა წვრილმანებში გამოიხატებოდეს, რომ ყურადღების მიქცევის ღირსადაც კი არ გახადოთ, მაგრამ ჩვენთვის, კრიმინალის ტებისთვის, ყოველ უმნიშვნელო დეტალსაც აქვს მნიშვნელობა.
– და ეს თქვენი დასკვნები საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი მოწმეებისთვის არ დაგეჯერებინათ?! გაიკვირვა პროფესორმა ნაპირელმა. რა თქმა უნდა, ზურაბ ლომაურის მოსაზრება საგნის ფსიქოლოგიური ანალიზის შედეგი იყო, იგი მაინც ფიქრობდა, ცოცხალმა ადამიანებმა ამოიცნეს, ერთი შეცდა, მეორეც, მესამეც? როგორ შეიძლებოდა დაეჯერებინათ, რომ ყველა სცდებოდა.
პროფესორი დაფიქრდა. ფიქრებიდან ისევ ზურაბ ლომაურის სიტყვებმა გამოიყვანა.
– საქმე იმაშია, პატივცემულო პროფესორო, რომ ჩვენ მაინც აღმოვაჩინეთ ავაზაკთა ჯგუფი და გარდა იმ ერთი პირისა, რომელიც მეთაურობდა ამ ჯგუფს, შევიპყარით კიდეც.
ზურაბ ლომაურმა გაოგნებულ პროფესორს წინ დაუდო გიგო ფანტიაშვილის ბინიდან წამოღებული ჯგუფური სურათი. იგი დააცქერდა სურათს, ერთი გამოსახულებიდან მეორე გამოსახულებაზე გადაჰქონდა მზერა, უცბად შეკრთა და შიშნარევი თვალები შეანათა ზურაბ ლომაურს.
– ხომ არ შეიცანით ვინმე სურათზე?
– ეს, ეს.. – ხელახლა გაფითრდა ნაპირელი.
- ეს გახლავთ ის ნამდვილი ავაზაკი, ბრბოს მეთაური, რომელიც ჩადიოდა ასეთ თავაშვებულ დანაშაულებებს. ეს გახლავთ ჩვენი ცხოვრების მუწუკი, მორიელი, რომელიც შხამავს ყველაფერს, სადაც კი ნესტარი მიუწვ დება.
– კარგი და, ეს ხომ მე ვარ! – ამოხდა ნაპირელს.
– არა, ეს თქვენ არა ხართ! – უპასუხა მას ზურაბმა.
– რა თქმა უნდა, – ლუღლუღებდა პროფესორი ნაპირელი, – მე აქ, ამ სურათზე გამოხატულ პიროვნებას არც ერთს არ ვიცნობ, ან უფრო უარესიც, სურათებს ვიღებდი. არ მახსოვს, არა, ეს არ ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო. არასოდეს ასეთ წრესთან არა მქონია საერთო რაიმე, არასოდეს.
– მე ამაში ოდნავაც არ მეპარება ეჭვი.
– მე არა ვარ, ეს სწორეა... მაგრამ ვინ არის, ვინ?
– თქვენი ორეულია. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც დამიპირა გუშინ თქვენს სადარბაზო შესასვლელში შეტყუება და ჩემთან ანგარიშის გასწორება. ეს ის არის, რომელიც, სამწუხაროდ, ხელიდან გამისხლტა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქის მილიცია ფეხზე დავაყენე. მთელი ღამე მის ძებნაში გავათენე, ვერც მკვდარსა და ვერც ცოცხალს ვეღარ მივაგენი.
პროფესორი ნაპირელი ხელახლა დაამშვიდა ზურაბ ლომაურის ამ სიტყვებმა. იგი სავარძელში ღრმად ჩამჯდარი ფიქრმა გაიტაცა. ზურაბი მოთმინებით ელოდა, ვიდრე პროფესორი დაილა პარაკებდა.
– მაშ გამოდის, რომ თუ არა ისეთი შემთხვევა, ეჭვქვეშ მაინც გეყოლებოდით?.. – თითქოს თავის თავს აძლევს შეკითხვასო, წარმოთქვა პროფესორმა.
– არავითარ შემთხვევაში, პატივცემულო პროფესორო. ჩვენ ისედაც დავასკვენით, რომ თქვენს ორეულთან გვქონდა საქმე, სურათმა მხოლოდ დააჩქარა ამ მოსაზრების განმტკიცება. სირეგვენე იქნებოდა გვეფიქრა, რომ პროფესორი ნაპირელი ამისთანა წრეში გარეულიყო. ეს მარტო თქვენი შეურაცხყოფა კი არა, ეს საბჭოთა მეცნიერების შეურაცხყოფაც იქნებოდა.
ო, გმადლობთ, დიდად გმადლობთ! – წამოდგა და ხელახლა გაუწოდა ხელი ნაპირელმა ზურაბს, მაგრამ უცებ შეჩერდა, სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა, თვალებზე ხელი მიიფარა და ქვითინი აუვარდა. დიდხანს ქვითინებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა სიტყვებს.
– როგორ, ნუთუ ის არის? პეტა!.. პეტა!..
ზურაბ ლომაური გაშტერებული მისჩერებოდა პროფესორ ნაპირელს. უკვირდა რა მოუვიდა მას, რამ გამოიწვია ასეთი არაჩვეულებრივი აღელვება. ბოლოს პროფესორმა ნაპირელმა აიხედა, ცრემლიანი თვალები შეანათა ზურაბს და წარმოთქვა.
– თქვენ გაინტერესებთ ვინ არის სურათზე გამოსახული ჩემი ორეული? გეტყვით ვინც არის!
– ვინ არის? – გაკვირვებული თვალებით შეხედა მას ზურაბ ლომაურმა.
– ვინ არის? ვინ არის და პეტაა!.. ჩემი უბედური, გზიდან გა დაცდენილი ძმა პეტრე სიმონის ძე ნაპირელი, აი ვინ არის.
ზურაბი გაკვირვებული მიაჩერდა ნაპირელს. მისი აღსარება ისე მოულოდნელი იყო, რომ პირველ ხანებში ზურაბმა აღარც კი იცოდა რა ეთქვა. საკითხის ასე მოულოდნელად გადაწყვეტა გასაოცარი რამ იყო.
– დიახ, ჩემი უბედური ძმა პეტაა... – გაიმეორე პროფესორმა,
– რატომ მანამდე არ მომივიდა თავში ეს აზრი. მაგრამ იგი თუ ცოცხალი იყო აღარ მეგონა.
– ჩვენ მას ვიცნობთ გერმან ბაზილის სახელით, – წარმოსთქვა ლომაურმა.
– შეიძლება, აქ გასაკვირი არაფერია. რაც ის ბოროტების გზას დაადგა, ალბათ ათასნაირად შეიცვალა სახელი და გვარი.
ჩვენ ტყუპები დავიბადეთ პეტრე-პავლობის დღეს და სწორედ ამიტომ მას პეტრე დაარქვეს სახელად, მე კი პავლე. ჩვენ შორის იმისთანა საოცარი მსგავსება იყო, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ ხანდახან ჩვენი გამოცნობა და ერთადერთი ნიშანი ის იყო, რაც მას ჩემგან განასხვავებდა, რომ მას მარცხენა ყურის ძირში მეჭეჭი ჰქონდა.
– გასაოცარი ამბავია, ერთი ძმა მეცნიერი მუშაკი, სახელმოხვეჭილი ადამიანი, მეორე კი ავაზაკი... პირდაპირ განსაცვიფრებელია. ერთი მშობლის შვილები განა ერთ პირობებში არ იზრდებოდით? ერთ წრეში არ ტრიალებდით?
– საქმეც მაგაშია, რომ არა, სხვადასხვა წრეში და პირობებში ვიზრდებოდით. მე მშობლებთან, ის კი ბებიაჩემის ხელში. თუ თქვენთვის არ არის ინტერესმოკლებული და დრო გაქვთ მომისმინოთ, მოკლედ მოგიყვებით ჩვენი ცხოვრების ამბავს.
– სიამოვნებით მოგისმენთ.
– შეიძლება ჩემი ნაამბობი არ იყოს მთლად დალაგებული. ყველაფერი ეს იმდენად მოულოდნელია, რომ ძალზე ამაღელვა და ამისათვის წინასწარ ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე. დედაჩემი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, ერთადერთი ქალიშვილი მდიდარი მშობლებისა, მამა კი უბრალო ხელოსანი. მამა ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი იყო, კარგად მღეროდა და ცეკვავდა. ალბათ ამით თუ მოინადირა დედაჩემის გული, რომ მიუხედავად მშობლების დიდი წინააღმდეგობისა, მაინც გაჰყვა ცოლად თავის მიერ არჩეულს. ბებიაჩემმა შეიძულა თავისი ქალიშვილი, რომელმაც გაბედა და მის ნებასურვილს წინ აღუდგა. გავიდა წლები, პაპაჩემი ცდილობდა შერიგებოდა თავის ერთადერთ შვილს, მაგრამ ბებიაჩემის წინააღმდეგ ვერ მიდიოდა, იგი მეტად მკაცრი ქალი იყო და თავისი ქმარი ხელი ეჭირა. ამაყსა და თავნებას ვერ წარმოედგინა, თუკი ვინმე გაბედავდა, რომ მისი ნებასურვილის გარეშე ნაბიჯი გადაედგა. აქ კი მას საკუთარმა ქალიშვილმა უღალატა, სახლიდან გაიპარა და ჩუმად დაიწერა ჯვარი ისეთს ღატაკსა და უგვაროზე, როგორიც მამაჩემი იყო. პაპაჩემი გარდაიცვალა, ბებია მარტო დარჩა, მაგრამ ჯიუტი და კერპი ხასიათი მაინც არ შედრკა. როგორც გითხარით, მამაჩემი ხელოსანი კაცი იყო, დიდი შემოსავალი არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა ჩემმა მშობლებმა შექმნეს წყნარი კერა და ბედს არ ემდუროდნენ. დედაჩემს გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, თავის კვალობაზე შესანიშნავად იყო განვითარებული. დაიწყო რუსული ენის მასწავლებლობა და ოჯახს შესაფერ დახმარებას უწევდა, როდესაც მე და ჩემი ძმა პეტრე დავიბადეთ, ბებიაჩემმა თითქოს შესცვალა განწყობილება, შვილიშვილების დაბადებით გახარებულმა მოაკითხა ჩვენს ოჯახს, მაგრამ მის საქციელში მაინც გამოსჭვიოდა ქედმაღლობა, მამას სრულებით არ ელაპარაკებოდა, ხოლო დედაჩემს იმისთანა მიდგომით ეპყრობოდა, თითქოს უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ მისი შვილთან მისვლა სრულებითაც არ ნიშნავდა რომ აპატია დანაშაული. ბებიაჩემი მორწმუნე ქალი იყო და ჩვენი სახელებიც მან შეარჩია. წლის თავზე ბებიაჩემმა მოისურვა ერთ-ერთი ჩვენთაგანის აღზრდა, ჩემს მშობლებს არ უნდოდათ რომ მიეცათ აღსაზრდელად რომელიმე შვილი, განსა კუთრებით მამაჩემი იყო წინააღმდეგი, მაგრამ განა შეიძლებოდა ბებიას გაცურება? იმისთანა ამბავს ატეხდა, რომ თავბედს აწყევლინებდა ქალსაც და სიძესაც. არჩევანი ჩემს ძმა პეტაზე მიდგა, იგი წაიყვანა ბებიამ. მამაჩემი, თუ შეიძლება ითქვას, სპარტანული წესით მზრდიდა, ყოველგვარი ფუფუნების გარეშე, მაშინ, როდესაც ბებიაჩემი ჩემს ძმას ისე ანებივრებდა, რომ ცივ ნიავსაც არ აკარებდა. წამოვიზარდენით, სკოლაში დავიწყეთ სიარული. ჩემი ძმა იშვიათი ნიჭისა და მეხსიერებისა პატრონი იყო, მართალია, არც მე ვსწავლობდი ცუდად, მაგრამ მისი უპირატესობა მა- ინც აშკარა იყო. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ჩემს ძმას ჯიბე მუდამ სავსე ჰქონდა ფულით, ახალ-ახალ ტანსაცმელს იცვლიდა, მე კი ხანდახან რვეულები, ან სახელმძღვანელოს ფულიც კი არ მქონდა. მიუხედავად ჩემი ხელმოკლეობისა, თავმოყვარეობა არ მაძლევდა ნებას ძმისთვის, მიმემართა და მეთხოვა დახმარება. უცნაური ზნის ადამიანი იყო ბებიაჩემი. მეც ხომ ისეთივე შვილიშვილი ვიყავი მისთვის, როგორც პეტა, ყურადღებას სრულებით არ მაქცევდა, მაშინ, როდესაც პეტაზე, როგორც იტ ყვიან, მზე ამოსდიოდა. ისე გაანებივრა ბებიამ პეტა, რომ მალე ამ ნიჭიერმა და ჭკვიანმა ბავშვმა ზარმაცობა დაიწყო, „ბებო ფული მინდა“, წარამარა გაიძახოდა იგი და ბებიაც აძლევდა და არ ეკითხებოდა რისთვის სჭირდებოდა, ან რაში ხარჯავდა ფულს. ჩვენ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით. მამაჩემმა შეიტყო შვილის სიზარმაცე, შეამოწმა სკოლაში და გამოირკვა, რომ პე- ტას თურმე აუარება გაკვეთილიც ჰქონდა გაცდენილი. თვითონ არ ელაპარაკებოდა ბებიას, დედა აიძულა მისულიყო და მოლაპარაკებოდა.
„თქვენ თქვენსას მოუარეთ, ჩემი პეტა არავის ჩარევას არ საჭიროებს, პროფესორი უნდა გამოვიდეს, ენაცვალოს მას ბებო. თქვენი კი რა გამოვა, იმასაც ვნახავთ“, ასეთი უკმეხი პასუხით გამოისტუმრა ბებიამ დედაჩემი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ნიჭიერი ძმა ისე ჩამორჩა სწავლაში, რომ ორჯერ ერთსა და იმავე კლასშიც დარჩა, მეშვიდე და მეცხრე კლასებში. ნებიერად გაზრდამ და ბევრმა ფულმა იმისთანა ამხანაგები შესძინა მას, რომელთაც გზას ააცდინეს, სა შუალო სკოლაც კი ვერ დაამთავრა, მეათე კლასიდან გამორიცხეს. მე ხშირად ვხვდებოდი, ვარიგებდი, ვასწავლიდი, მაგრამ ჩემი სიტყვები რჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. და- იწყო ყომარის თამაში, ლოთობა, ეს კი ხომ შესავალია ბოროტმოქმედების გზაზე დადგომისა. აქედან ბოროტმოქმედების ჩადენამდე აღარ არის დიდი მანძილი. ბებიაჩემი უჯერებდა პეტას, იგი დარწმუნებული იყო, რომ პეტა შესანიშნავად სწავლობდა, მხოლოდ მასწავლებლები გადაეკიდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ.
„ბებო თუ გინდა, რომ სწავლა დავამთავრო და არავის არ ჩამოვრჩე, გამგზავნე რუსეთში, იქ ვისწავლი“. ბებიაც სიხარულით დაებღუჯა ამას, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, გაგზავნა რუსეთში. აქედან ბლომად უგზავნიდა ფულს, ის კი წერილს წერილზე სწერდა, აცნობებდა თავის წარმატებებს სწავლაში, მაშინ როდესაც სწავლაზე არც უფიქრია. ორი წელიწადი დაჰყო რუსეთში, ამ ორი წელი განმავლობაში რას საქმიანობდა, არავინ იცოდა. ბებიაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ ეს ოდესღაც ახირებული, ამაყი, გულზვიადი ქალი, სიკვდილის წინ, როდესაც პეტამ წვრილ-წვრილად გამოაცალა ბებიას ხელიდან თუკი რამე გააჩნდა და სიღარიბემდე მიიყვანა, მიხვდა, რომ პეტა მას ყოველნაირად ატყუებდა, მაგრამ წარსულს რაღა ეშველებოდა. სიკვდილის მომლოდინე დაგვიბარა ყველა, ბოდიში მოიხადა სიძის წინაშე, დედაჩემსაც სთხოვა მიეტევებინა მისი უდიერი მოპყრობა. განსაკუთრებით კი ჩემს წინაშე გრძნობდა დანაშაულს.
„მე, შვილებო, ასე არ მინდოდა. ჩემი სიამაყე არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ შეგრიგებოდით, მე პეტას გაზრდას ველტვოდი ნიჭიერი იყო, იმას ვენაცვალე და რას წარმოვიდგენდი თუ ისე ვერ ვზრდიდი, როგორც საჭირო იყო. მე იმედი მაქვს, ის მაინც არ დაიკარგება ცხოვრებაში. მაინც მონახავს თავის გზას“. უბედურმა ბებომ ჩემი ძმის ნატვრაში დალია სული.
ბებიას სიკვდილის შემდეგ ჩემი ძმა დაიკარგა. მისგან აღარც წერილს ვღებულობდით და არც ვიცოდით სად იყო, ან რა საქმია ნობას ეწეოდა. მთელი ჩვენი ოჯახი ამას მტკივნეულად განიცდიდა. მამაჩემი თუმცა ცხადლივ არაფერს ამჟღავნებდა, მაგრამ ეტყობოდა მთელი მისი ფიქრი და აზრები შვილისკენ იყო მიპყრობილი. დედა ხშირად ტიროდა და იმის ნატვრაში იყო, გაეგო მაინც ცოცხალი იყო თუ არა და სად იყო, როგორ ცხოვრობდა. მე არანაკლებ მიყვარდა ჩემი ძმა, არანაკლებ მაწუხებდა მისი ბედიღბალი, მაგრამ მეცადინეობაში ვიკლავდი გულის წუხილს.
უმაღლესი სასწავლებელი საუკეთესოდ დავამთავრე, პროფესორებს ვუყვარდი და პატივს მცემდნენ. მე ინსტიტუტში დამტო ვეს სამუშაოდ. თავს მოქანცულად ვგრძნობდი და გადავწყვიტე ზღვაზე დამესვენა. ჩემთან ერთად ინსტიტუტი დაამთავრა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ისმაილ ზოიძემ და აი, როგორც კი გაიგო მან, რომ ზღვაზე ვოცნებობდი, მიმიწვია თავისთან.
ისმაილის მამა ნაზიმ ზოიძე ბათუმში ცხოვრობდა, ზღვის პირას ხუთოთახიანი სახლი ედგა. თვით ნაზიმი მასწავლებლად მუშაობდა ადგილობრივ საშუალო სკოლაში. განვითარებული ადამიანი იყო, საკუთარი პატარა წიგნსაცავიც ჰქონდა, ეტანებოდა ძველი ხელნაწერების შეგროვებას და მის წიგნსაცავში ბევრ უნიკალურ ეგზემპლარებს წააწყდებოდა კაცი. მეც მეტი რაღა მინდოდა? დიდის სიამოვნებით მივიღე მისი წინადადება და თბილისის ზაფხულის პაპანაქებას თავი გავარიდე, ბათუმს ვეწვიე.
ზოიძეების ოჯახი არ იყო დიდი, თვით ნაზიმი მისი მეუღლით, მათი ვაჟიშვილი ისმაილი და ქალიშვილი ფატიმა, რომელმაც იმ წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ემზადებოდა უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად.
მართალია, გადაწყვეტილი მქონდა საფუძვლიანად დამესვენა, მაგრამ ზოიძის ბინაში იმდენ ძველ წიგნებს რომ წავაწყდი, სადღა მეცალა დასასვენებლად, ნაზიმს ძალზე მოსწონდა ჩემი ასეთი სიყვარული ძველი კულტურის ამ იშვიათი ძეგლებისადმი და ხშირად გაცხოველებულ კამათში გაგვითენებია.
ისმაილს ჩვენთვის არ ეცალა, ის დადიოდა აუარებელ ნაც ნობ-მეგობრებთან ერთად და ასე ატარებდა დროს. სულ სხვა იყო ფატმა, არც ერთ წუთს არ შორდებოდა მამის წიგნსაცავს და ჩემსა და ნაზიმის შორის გამართულ კამათის მუდმივი მონაწილე იყო.
შემიყვარდა ზღვა, მისი უნაპირო სივრცე, მშფოთვარე ტალღები. ჩემთვის ის ტიტანური ძალა იყო ყოვლის მომრევი, ყოვლის წამლეკი. მომწონდა ზღვა განსაკუთრებით მთვარიან ღამეებში, როდესაც მთვარის შუქი ტალღებში ბანაობდა, იგი ენით გამოუთ ქმელ სიამოვნებას მანიჭებდა. ყველა ეს ხომ ახალი იყო ჩემთვის და არც ერთ მოწმენდილ, მთვარიან ღამეს არ გამოვტოვებდი, რომ არ გავსულიყავ ზღვის ნაპირს, ხშირად შუაღამე წამომდგომია თავზე ასეთ მზერაში. მასპინძლებმა იცოდნენ ჩემი ასეთი გატაცება ზღვით, მოსწონდათ ეს, განსაკუთრებით ნაზიმსა და ფატ მას.
ფატმას თავდაპირველად არ ვაქცევდი ყურადღებას, მე, უმაღლეს დამთავრებული, ზემოდან დავცქეროდი აბიტურიენტ გოგო ნას, მაგრამ, როდესაც რამდენიმე ჩვენს კამათში მან თავისი აზრი გამოთქვა, მე ისე გამაოცა მისმა მოსაზრებების თავისებურმა სიღრმემ, რომ პირველად გაკვირვების, ხოლო შემდეგ კი დიდი პატივისცემის გრძნობა აღმიძრა. მხოლოდ მაშინ მივაქციე მას ყურადღება, საშუალო ტანის, შავთვალწარბა, მოხდენილი გოგონა თითქმის პირველად შევამჩნიე. ვერ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი სილამაზისა ყოფილიყო, მაგრამ მასში იმდენი სინატიფე და სინაზე იყო, რომ მე თვითონ გამიკვირდა როგორ გამომრჩა აქამდე შეუმჩნეველი მისი კდემამოსილება.
გულში ჩამივარდა ფატმა, შემიყვარდა წრფელი, უმწიკვლო სიყვარულით. მაგრამ მე, მათი ოჯახის სტუმარი, აბა როგორ გავბედავდი რითიმე მეგრძნობინებინა ეს. ამის შემდეგ ისე გულმოდგინე აღარ ვიყავი წიგნებისადმი, ზღვა უფრო შემიყვარდა, რატომღაც მეგონა, მისი ტალღების შმაგური სრბოლა ჩემი გულის ბობოქრობის ანარეკლი იყო, რომ ზღვა მე თანამიგრძნობდა. ჩემი გრძნობებიც ხომ ისეთივე ღრმა და უნაპირო იყო.
ფატმას თვალებიც ისე აღარ გამოიყურებოდნენ, როგორც უწინ, ვატყობდი მის გულშიც გრძნობამ გაიღვიძა, აბობოქრებული ზღვის ტალღებივით ძლიერმა გრძნობამ. ჩემი მათ ოჯახში გაჩერება უკვე შეუძლებლად მიმაჩნდა. შემეძლო გადავსულიყავ სასტუმროში, მაგრამ ამას ხომ მიზეზი უნდა ჰქონოდა? რას იფიქ რებდნენ ჩემი გულწრფელი მასპინძლები? არა, ეს აზრი არ ვარგოდა. წავსულიყავ ბათუმიდან თუნდაც თბილისში. მაგრამ ბათუ- მი ახლა უფრო ძნელი დასათმობი შეიქნა ჩემთვის. მართალია, გადაწყვეტილი მქონდა შემოდგომამდე დარჩენა, მაგრამ განა შემეძლო დავრჩენილიყავ ამ სტუმართმოყვარე სახლში ამის შემდეგ? და აი, გადავწყვიტე თბილისში დაბრუნება.
მასპინძლებს არ ესიამოვნათ, ჩემი სურვილი რომ შეიტყვეს. განსაკუთრებით ჩემი მეგობარი ისმაილი იყო შეღონებული.
– ჩემი ბრალია, მე სტუმრად მოგიწვიე და კი ვერ მოგაქციე საჭირო ყურადღება. ნათესავებსა და მეგობრებს გადავყევი, – თავს იმართლებდა. მე ვამშვიდებდი, სხვა და სხვა მიზეზები მომყავდა თავის გასამართლებლად, მაგრამ მას გაგონებაც არ უნდოდა.
წამოსვლის წინა საღამოს ზღვის პირად გავედი, მინდოდა უკა ნასკნელად გამოვმშვიდობებოდი ზღვას, უკანასკნელად განმეცადა მღელვარე ზღვის ტალღების ზვიადი, უტეხი ძალა. მე ერთი ადგილი მქონდა ამოჩემებული, ერთი განსაკუთრებული ადგილი და აი, ახლაც იქითკენ მივისწრაფოდი, ეს იყო ზღვის პირას გან საკუთრებული ლოდი, რომელზედაც ჩამოვჯდებოდი ხოლმე და ზღვის ტალღების ჭიდილის მზერით ვტკბებოდი.
შორიდანვე დავინახე, რომ ჩემი არჩეული ლოდი უკვე დაკავებული იყო, იქ ვიღაც სხვა იჯდა და ზღვას გასცქეროდა. ძალიან მეწყინა, დავაპირე უკანვე გამობრუნება, გული მტკიოდა, ნუთუ უკანასკნელად მაინც არ მქონდა უფლება გამოვთხოვებოდი ჩემს ზღვას, მეოცნება ჩემს სიყვარულზე; მე არ მქონდა საშუალება განცდები გამომეთქვა ცხადლივ. აშკარად, აქ კი მისი საშუალე ბაც მესპობოდა, რომ ზღვისთვის მაინც გამენდო ჩემი სათუთი გრძნობები.
ჩემდა უნებურად განვაგრძე გზა, მივუახლოვდი. ლოდზე ქალი იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ეტყობოდა ტიროდა. გამიკვირდა, გამობრუნება დავაპირე, რომ, ალბათ ჩემი ფეხის ხმაზე გონს მოსულმა თავი ასწია, სახე მოაბრუნა და ერთი შეხედვით ადგილზე მიმაჯაჭვა.
ლოდზე ფატმა იჯდა. ფატმა ჩემი სიყვარულის შთამაგონებელი, ჩემი სულის მეუფე ფატმა. დავინახე, მისი ღაწვები ცრემლებს მოერწყო. შევშფოთდი.
– ფატმა, რა დაგემართა, რა გატირებს? – შევეკითხე მე განცვიფრებულმა.
– პავლე... – წარმოსთქვა მან და წამოდგომა დააპირა, მაგრამ მე უკვე ლოდთან მივედი და გვერდით მივუჯექი, – მაშ მიდიხარ, არა? – შემეკითხა იგი.
– მივდივარ ფატმა, ეს აუცილებელია.
– რამ გამოიწვია ეს აუცილებლობა?
– გარემოებამ, რომელიც არ შემიძლია ვთქვა.
შევატყვე, მას ჩემთან დაშორება უმძიმდა, უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ მასაც ვუყვარდი გულწრფელი სიყვარულით, პირველი სიყვარულით. მეც ხომ მიყვარდა, ის ხომ ჩემი სიყვარული იყო, ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული.
– მიდიხარ? მერე მე? – და პასუხს აღარ მოუცადა, – რა სისუ ლელეს ვბოდავ, რა უფლება მაქვს დაგიშალო წასვლა... ალბათ იქ გულის სატრფო გელის, ალბათ მასზე ფიქრმა აღარ მოგასვენა და მეტი აღარ შეგიძლია უიმისობა.
– ფატმა, არ დაგიმალავ, გეტყვი სიმართლეს. დიახ, მე აქედან მივდივარ, უნდა გავიქცე, მე ამას სიყვარული მაიძულებს.
– რა ბედნიერია ის, ვისთანაც მიხვალ, მაგრამ არა მშურს. ასეც ვგრძნობდი, რომ სიყვარული უნდა ყოფილიყო მიზეზი შენი აქედან ასე უცნაური და მოულოდნელი გამგზავრებისა.
– დიახ, სიყვარულია მიზეზი, ხოლო მისკენ კი არ მივილტვი, არამედ მას გავურბივარ. ქალიშვილმა თვალები შემომანათა გაკვირვებით. მე კი განვაგრძე:
– გეფიცები ჩემს ახალგაზრდობას, გეფიცები რაც კი მწამს, რომ ეს სიმართლეა, მე აქედან გავურბივარ სიყვარულს, შენს სიყვარულს. ერთადერთი და პირველი შენ ხარ, რომელიც წრფელი გულით შემიყვარდა...
ამ სიტყვების შემდეგ აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ბაგეები შეერთდნენ. მე ბედნიერების მწვერვალზე ვიმყოფებოდი. ხომ მოვნახე ის, ვინც ჩემს გულს დაეუფლა.
კარგა შებინდებული იყო, როდესაც შინ დავბრუნდით. ფატმამ ვეღარ მოითმინა და დედას გაანდო ყველაფერი. მან კი ქმარს გა უზიარა.
ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა. მე მასპინძლის კაბინეტში ვიჯექი და „ბალავარის სიბრძნის“ მანუსკრიპტს ჩავკირკიტებდი, როდესაც ნაზიმ ზოიძე შემოვიდა და პირდაპირ მომმართა.
– პავლე, შვილსავით მიგიღე შინ და არ გამიმეტო გასალან ძღავად, – იგი მეტად აღელვებული იყო. მე მაშინვე მივხვდი რაზედაც მელაპარაკებოდა იგი.
– გეფიცებით, ჩემი გულიცა და სურვილიც წრფელია. არავი თარი ბოროტი ჩემში არ არის, თუ შვილად მიღების ღირსად გამხდით, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნება. მე უკვე პატარა ბავშვი არა ვარ. უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. სამსახური მაქვს, ინსტიტუტშივე დამტოვეს სამუშაოდ. დღემდე ჩემს გულს არავითარი გრძნობა არ მიჰკარებია. მე მიყვარს ფატმა, მასაც ვუყვარვარ და თუ თქვენ არ დაგვრთავთ შეუღლების ნებას, ეს ჩემთვის უდიდესი უბედურება იქნება.
– მე გიცნობ პავლე, ვიცი ჭკვიანი, განათლებული ჭაბუკი ხარ, მომავალი დიდი გაქვს. შენთან საუბარი და კამათი ჩემთვის მუდამ სასიამოვნო იყო. მე მამა ვარ და მშობლისათვის იმაზე უკეთესი არაფერია, როდესაც თავის შვილებს დაბინავებულებს ნახავს, მაგრამ ჯერ ერთი, ჩემს ქალს არა აქვს უმაღლესი განათლება მიღებული.
– ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, – ჩავურთე სიტყვა.
– აქვს, უეჭველად აქვს, – შემაწყვეტინა მან.
– მე შევუწყობ ხელს, მივაღებინებ უმაღლეს განათლებას.
– გარდა ამისა, – აღარ დამამთავრებინა მან სიტყვა, – შენ კი გინდა ჩემი ქალი ცოლად, მასაც უყვარხარ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორ შეხედავენ ამ ამბავს შენი მშობლები? დაგეთანხმებიან?
– ეჭვი არ მეპარება, ისინი არ წავლენ ჩემი ნებასურვილის წინააღმდეგ, პირიქით, დანათესავება იმისთანა პატიოსან ოჯახთან, როგორიც თქვენია, მათ გაახარებთ კიდეც.
– კი მაგრამ, ჩვენ მუსულმანები ვართ, თქვენ კი ქრისტიანები...
ამას უკვე არ მოველოდი ნაზიმ ზოიძისგან, რელიგიაზე ლაპარაკი, სარწმუნოების მომიზეზება, სწორედ გასაოცარი იყო, ისიც ვისგან, განვითარებულ და მწიგნობარ კაცისგან და მხოლოდ ესღა ვუპასუხე:
– ჩვენ ქართველები ვართ... სარწმუნოება ოდესღაც წარმოადგენდა დაბრკოლებას, დღეს კი ამაზე ლაპარაკი სასაცილოა.
– კარგი, შვილო. მე შენი წასვლა არ მინდოდა აქედან ასე მალე, მაგრამ ახლა კი გირჩევ, წადი, ხანი რომ გავა, ამავე აზრზე იქნები და არ შეიცვლი, მაშინ მოვილაპარაკოთ.
მე მივხვდი მისი სიტყვების აზრს და დავეთანხმე. ის მაძლევდა დროსა და საშუალებას გამომეცადა საკუთარი თავი, რამდენად მტკიცე იყო ჩემი გრძნობა, ეს უბრალო გატაცება იყო თუ ნამდვილი გულწრფელი სიყვარული.
ღამის თორმეტ საათზე, ის იყო დაწოლას ვაპირებდი, როდესაც ჩემი მეგობარი ისმაილი დაბრუნდა სახლში. მე და იმას ერთ ოთახში გვეძინა. შევატყვე, ამრეზილი იყო. ფანჯარასთან მივიდა, გაჩერდა, რამდენჯერმე შემობრუ ნდა ჩემსკენ, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მიბედავდა. მე გაკვირვებული თვალყურს ვადევნებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. ბოლოს ვეღარ მოითმინა.
– პავლე, მე შენ უმწიკვლო და სპეტაკ ადამიანად მიმაჩნდი მუდამ, მაგრამ, რაც შენ განგიზრახავს, ის შეურაცხყოფაა ჩვენი ოჯახისა და არასოდეს არ მოხდება.
მე გაკვირვებული შევხედე მას, თვალი თვალში გავუყარე. მან მზერა მომარიდა.
– სხვა პირობებში, მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. რა თქმა უნდა ჩემი და უნდა გათხოვდეს. მაგრამ...
– ახლა რაღამ შესცვალა ეს პირობები?
– გუშინ ღამით ათ საათზე სად იყავი? – მოულოდნელად მომ მართა მან.
– სად ვიქნებოდი, თუ არა ზღვის პირას, ჩემ საყვარელ ლოდთან, შემდეგ კი სახლში.
– ვინ იყო ის ქალი, სანაპიროზე რომ დაგყავდა მეტად ვულგარულად... შემდეგ კი მასთან ერთად სადღაც მიიმალე?
– ვინ გითხრა ასეთ უცნაური ჭორი?
– ჩემი თვალით ნანახს გეუბნები. ქუჩის ქალებთან დადიხარ და ამის შემდეგ ჩემი დის შერთვას აპირებ?
მე გამაოცა მისმა სიტყვებმა.
– ისმაილ, თუ ჩემმა აქ ყოფნამ თავი მოგაბეზრა და ამიტომ სთხზავ იმას რაც არ ყოფილა, რომ ამით თავიდან მომიშორო, პირდაპირ მითხარი, ვაჟკაცურად. არ შეგშვენის ამისთანა ჭორების შეთხზვა.
– ჩემი თვალით დაგინახე, საკუთარი თვალით.
მე აღარაფერი დამრჩა სათქმელი, საწოლის ქვეშიდან გამოვიღე ჩემოდანი და დავიწყე ჩემი ნივთების ჩაწყობა, რომ იმავე ღამეს წავსულიყავ. ასეთ შეურაცხყოფის ატანა არ შემეძლო. შეურაცხყოფა და ვისგან, საუკეთესო მეგობრისგან.
კაკუნი გაისმა, ისმაილმა კარი გააღო, გამოჩნდნენ შეშფოთებული მასპინძელი და მილიციის თანამშრომ ლები
ერთ-ერთმა მათგანმა ჩხრეკისა და დაპატიმრების ორდერი გამომიწოდა. მე გავშრი, ჩემს ცხოვრებაში ამის მსგავსი არ შემ ხვედრია. გაოგნებული შევცქეროდი მათ და ვერ მომესაზრებინა, რა უნდოდათ ჩემგან, რას თხოულობდნენ. დაბნეული, პასუხებს მაშინალურად ვაძლევდი. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ჩემი პირადი ნივთები გაჩხრიკეს და წამიყვანეს სამილიციო განყოფილებაში.
გამოირკვა: თურმე თავზეხელაღებული ავაზაკი ვყოფილვარ, ჩამიდენია ძარცვები, ერთი მკვლელობაც და უფრო უარესი: ცამეტი წლის მოზარდი გოგონაც გამიუპატიურებია.
როდესაც დაკითხვის შემდეგ საკანში ჩამიყვანეს, მე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. როდის? სად? ვეკითხებოდი ჩემს თავს. მე ხომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ქათამიც არ დამიკლავს. საიდან გამოიგონეს, ვინ შეთხზა ჩემს წინააღმდეგ ყველა ეს ბრალდება? რა დამაძინებდა, საკანში დავბორიალობდი და ადგილი ვერ მომენახა. იმავე საკანში ორი პატიმარი იყო. მე რომ შევედი, ეძინათ. გამოიღვიძეს, ერთ მაგრა შემიკურთხეს და გადაბრუნდნენ მეორე მხარეზე, მაგრამ ალბათ ჩემი ბოლთის ცემა არ აძლევდა მათ ძილის საშუალებას, რომ ერთმა მათგანმა შემომძახა:
– ეჰეი, მეზობელო, შენი თავი ზღვის ნაპირზე ხომ არ გგონია, ძილს ნუ გვიფრთხობ, დაეგდე, თორემ...
მე მათ ბუზღუნს ყურადღება არ მივაქციე და განვაგრძობდი ბორიალს გალიაში დამწყვდეული დათვივით.
– თარხან, ადექი ერთი შენებურად წაუთაქე და ჭკუა ასწავლე, თორემ ეგ ჩვენ მოსვენებას არ მოგვცემს, – უთხრა ერთმა პატი მარმა მეორეს.
თარხანად წოდებული მაშინვე წამოხტა, მუშტები მოკუმშა და ნახტომი გააკეთა ჩემსკენ. მაგრამ სახეზე შემომხედა თუ არა, ხელები ჩამოუშვა, უკანვე გაბრუნდა და ტახტზე ჩამოჯდა.
– ე, დედალო, რას უყურებ, წაუთაქე მეთქი! – შესძახა პირველმა.
– რამ გაგასულელა, აბა სცადე წათაქება თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, რომ მოინდომოს ცოცხლად შეგჭამს. ეს ხომ ცაცია მუხრანელია.
– მე და ჩემმა ღმერთმა ცაცია მუხრანელია.
მე მესმოდა მათ ლაპარაკი, ისინი ნაცემი ძაღლებივით მოიკუნტნენ და ვატყობდი ჩუმჩუმად თვალს მადევნებდნენ.
ვის მიმამსგავსეს? ვინ არის ცაცია მუხრანელი, რომ მარტო მისი სახელის ხსენებამ მოათვინიერა და გააყუჩა ეს ორი ავაზაკი?
რამდენჯერმე დააპირეს გამოლაპარაკება, მაგრამ ჩემს მრისხანე მზერას რომ წააწყდნენ, ვერ გაბედეს.
გავიდა ერთი კვირა, ათი დღე. თურმე მე მარტო პავლე ნაპი რელი კი არ ვყოფილვარ, არამედ ცაცია მუხრანელი, მინდვრის მგელი, იერემია წარბა და კიდევ ვინ იცის.
ბარემ ათიოდე დაზარალებული დამადგა პირზე, ამომიცნეს, რომ მათი გამძარცველი ვიყავი. დაზარალე ბულებს ვიღა სჩივის, ორი ავაზაკი შეეპყროთ, ისინიც დამადგნენ პირზე, აღიარეს, რომ მე ვიყავი მათი მეთაური. დაპირისპირების შემდეგ სთხოვეს მილიციის უფროსს არავითარ შემთხვევაში არ მოეთავსებინათ ჩემთან საკანში, თორემ მე ხომ „მინდვრის მგელი“ ვიყავი, შევ ჭამდი მათ, ჩავახრამუნებდი.
უკვე თვე შესრულდა, რაც საპატიმროში ვიყავი. პატიმრებს ახლოს არ ვეკარებოდი, ისინიც გამირბოდნენ, ეშინოდათ ჩემი. რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ იფიქრეს, რომ ამას განგებ ვაკეთებდი, თვალის ასახვევად.
ისმაილმა მამაჩემს მისწერა ყველაფერი. ჩემი დაპატიმრების ამბავი რომ მისვლოდა, დედა ელდისაგან ლოგინად ჩავარდნილიყო და მამაჩემიც თავს ვერ ანებებდა, უნუგეშოდ ვერ სტოვებდა.
საპატიმრო ჩემთვის აუტანელი შეიქმნა. ჩამოვხმი, გავყვითლდი.
დადგა გასამართლების დღეც. მე ამ დღეს საგულდაგულოდ ველოდი. ვფიქრობდი გადაწყვეტილიყო ჩემი ბედი კარგად ან ავად.
სამ დღეს გრძელდებოდა ჩემი გასამართლების პროცესი. წინასწარ გამოძიებაზე შეკრებილი მასალა მთლიანად დადასტურდა სასამართლოს სხდომებზე. ჩემი სიმართლე ვერ დამტკიცდა. დაზარალებულები პირზე მადგებოდნენ, აღწერდნენ იმ საშინელებებს, რომელიც ვითომც ჩამედინოს. ისინი ამბობდნენ, რომ მე არ ვინდობდი არავის ძარცვის დროს, ქალებს ბეჭდებს და მაჯის საათებს რომ ვხსნიდი, ხელებს ვამტვრევდი, მოკლულის ჭირისუფალნიც გულშემზარავად გაჰკიოდნენ და საშუალება რომ ჰქონოდათ, ალბათ ასო-ასო ამკუწავდნენ, ცამეტი წლის გოგონამაც, სირცხვილით გაოგნებულმა თავზარდამცემი საშინელება უამბო სასამართლოს, დადასტურდა, რომ მასზედ უხეში, ველური ძალა ვიხმარე, რომ ჩემი გული ვერ მოალბო ვერც მისმა ცრემლებმა და ვერც კვნესამ. იმ ორმა ავაზაკმაც, რომლებსაც ჩემთან ერთად ასამართლებდნენ, ხელახლა აღიარეს, რომ ისინი კარგად მიცნობენ. მე „მინდვრის მგელი“, ცაცია მუხრანელი, ზარის დამცემი ვიყავი არა მარტო მოსახლეობისათვის, რომ ჩემი თვით ბოროტმოქმედებსაც ეშინოდათ.
დარბაზი მუდამ სავსე იყო ხალხით. მათ აღელვება ხანდახან ისეთ მწვერვალს აღწევდა, რომ მცველებს ეშინოდათ თვითგასა მართლება არ მოეწყოთ ჩემზე სასამართლოს დარბაზშივე.
სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენჯერმე მომმართა მეღიარებინა ყველა დანაშაული, რომელშიც ბრალს მდებდნენ, მარწმუნებდა, რომ გულწრფელი აღიარება სასჯელს შემიმსუბუქებდა, მაგრამ რა უნდა მეღიარებინა, როდესაც არაფრის ჩამდენი არ ვიყავი!
სასამართლოს შემადგენლობასაც და დამსწრე ხალხსაც ის უფრო აბრაზებდა, რომ მე ყველაფერზე მტკიცედ უარს ვაცხადებდი და არავითარ დანაშაულში არ ვცნობდი თავს დამნაშავედ. ბრალმდებელმა მოითხოვა ჩემი სიკვდილით დასჯა, მე ხომ სოციალურად მავნე ელემენტი აღმოვჩნდი, ცხოვრების მუწუკი, შხამიანი მორიელი, ადამიანის სახის მატარებელი მხეცი. დამსწრეებმა ტაშით დაუდასტურეს მას მოთხოვნა. დამცველმაც წაყენებული ბრალდების გაბათილება კი არ დაიწყო, პირიქით, სცნო დადასტურებულად და მხოლოდ სთხოვა უმაღლეს სასამართლოს, რომელიც მასამართლებდა, მიეღო მხედველობაში ჩემი ახალგაზრდობა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ჩემი გამოსწორება და არ დავესაჯე სიკვდილით, სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
სიზმარში მეგონა ჩემი თავი. თითქოს საიდანღაც მესმოდა სასამართლოს თავმჯდომარის სიტყვები. მართლა, იგი განაჩენს კითხულობდა... მესმოდა კანტიკუნტად... აგერ კითხულობს თავმჯდომარე: „სასამართლომ დამტკიცებულად სცნო წაყენებული ბრალდებები“... კიდევ რას ამბობს? „პავლე სიმონის ძე ნაპირელს, უმაღლესი განათლებით“... არა, ეს მე არ ვარ, ალბათ კიდევ არის ვინმე პავლე ნაპირელი... ო, რა გულქვაა თავმჯდომა რე! „როგორც სოციალურად მავნე ელემენტს, მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, მისი პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ შეიძლება“... მგონია, რაღაცას მეკითხება თავმჯდომარე, დარბაზში ტაშის გრიალია. ხალხი კმაყოფილებით ხვდება განაჩენს, ყველა ზიზღით შემომცქერის. მესმის ქალის კივილი, მგონია ვიღაცას გული წაუვიდა... ვინ იქნება ნეტავი? დედაჩემი ხომ ლოგინზეა მიჯაჭვული, ის ვერ ჩამოვიდოდა, მაშ ვინ უნდა იყოს?
უცებ გონზე მოვედი, დამენანა ჩემი თავი, ცრემლები წამომცვივდა.
– ახლა ტირი? რატომ მაშინა არ იცრემლებოდი, როდესაც სხვის ოჯახებს ატირებდი? – მომძახის ერთი დარბაზიდან.
– გული არ გაიტეხო, მოვახერხებთ შეწყნარებას, – მიჩურჩულებს დამცველი.
უცბად ხალხი მიწყნარდა. დარბაზში წინ გამოვიდა გურულ ჩაქურად გამოწყობილი თავზე ყაბალახშემოხ ვეული შავწვერულვაშიანი ახალგაზრდა.
– პატივცემულო თავმჯდომარე, – მიმართა მან სასამართლოს თავმჯდომარეს.
– რა გნებავთ? თუ გაქვთ რაიმე პრეტენზია, უკვე გვიანღაა, განაჩენი გამოტანილია.
– დიახ, მაქვს პრეტენზია, განაჩენი სწორად არის გამოტანილი, მხოლოდ არა იმ პიროვნების მიმართ, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ ზის საბრალმდებლო სკამზე, ის არ არის დამნაშავე. ნამდვილი ავაზაკი მე ვარ, მე მეკუთვნის თქვენი სასჯელი.
გურულ ჩაქურაში გამოწყობილმა სწრაფად მოიხსნა ყაბალახი, მოიგლიჯა მიწებებული წვერ-ულვაში. მთელი დარბაზი შეიძრა, იქ ჩემი ძმა პეტრე ნაპირელი იდგა. ამდენ სულიერ ღელვას ვეღარ გავუძელი, გრძნობა დავკარგე.
სასამართლოს დერეფანში მოვედი გონს. არ მახსოვდა ვინ გამომიყვანა, რა დაემართა პეტას. გამახსენდა, იგი წარუდგა სასამართლოს და დამსწრებ საზოგადოებასაც, ალბათ ჩვენი ასეთ უცნაური მსგავსებით შეშფოთებულნი, უცბად ვერ გამოერკვნენ საქმის ვითარებაში და მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ საბედისწერო შეცდომას, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი კინაღამ იმსხვერპლა. ჩემს ახლოს ორი კაცი იდგა. ერთმა მომმართა და განმიცხადა რომ მე თავისუფალი ვარ. ბარბაცით გამოვედი. საღამო იყო, საით მივდიოდი არ ვიცოდი. მეც არ ვიცი, როგორ ამოვყავი თავი ზღვის პირას, ჩემ საყვარელ ლოდთან. ჩამოვჯექი, ზღვას მივაპყარი მზერა, საით წავიდე? აქ ხომ აღარ მედგომება? ჩემი ნივთები და ფული ზოიძეების ბინაშია, მაგრამ რა მიმიყვანს ზოიძე ებთან! არა, და რით წავიდე, როდესაც ჯიბეში მატარებლის ბილეთის კი არა, სადგურამდე მისასვლელი ფულიც კი არა მაქვს. კარგა ხანმა განვლო, გრილოდა, ზღვიდან ქარი ქროდა, ზღვა იქოჩრებოდა, უზარმაზარი ტალღები ერთმანეთს აწყდებოდნენ. გრგვინავდა ზღვა, თითქოს თავისი ხმაურით თანამიგრძნობდა და ცდილობდა თავისი ბობოქარი გულისტკივილის გაყუჩებას. უცბად კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. მე ისევ ლოდზე ჯდომას განვაგრძობდი და არ ვგრძნობდი როგორ მასხამდა სახეში წვიმა. ვერ გეტყვით, რას განვიცდიდი მაშინ. მართალია, ჩემი სიმართლე აღსდგა, ჩემი სახელი განიბანა, გასუფთავდა, მაგრამ რა გა- მოვიდა? დანაშაულებანი, საშინელი ბოროტმოქმედებანი ხომ მაინც იყო ჩადენილი და ვის მიერ? ჩემი ძმის პეტას მიერ, იმ პეტასი, რომლის ნახვაც მენატრებოდა, ველტვოდი მომეძებნა, მენახა და თუ დახმარება დასჭირდებოდა, გამეწოდა მისთვის ძმური ხელი, ფეხზე დამეყენებინა. მექცია საზოგადოების ღირსეულ წევრად. იქ კი რა მოხდა? ყველაფერი დაკარგული იყო, ყველაფერი. განა ძმის ხვედრი საკუთარზე ადვილი ასატანი იყო? მართალია, მან დაიმსახურა, ის ღირსი იყო უსასტიკესი სასჯელისა, მაგრამ ჩემთვის განა თავზარდამცემი არ იყო, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც შეეძლო საზოგადოებისათვის, ქვეყნი- სათვის სარგებლობა მოეტანა, ავაზაკად იქცა, დამპალ ლეშად, რომელიც ჰაერსაც კი ხრწნის და ასნეულებს. მე ვერ დავემდურებოდი ჩემს მიმართ ვერც სასამართლოს და ვერც მილიციას. განა მათ ეჭვი შეეპარებოდათ ჩემს უბრალოებაში, როდესაც ყველა ხელს მადებდა, ყველა ავაზაკად მრაცხდა! მე მხოლოდ მიხსნა იმ გარემოებამ, რომ პეტაში სინდისმა გაიღვიძა და თუ ეს ასე იყო, მაშასადამე ის მთლად დაკარგული არ ყოფილა. შეიძლება მისი გამობრუნება, ადამიანად ქცევა. მას ალბათ ხელახლა გაასამართლებენ, შეიძლება არ მიუსაჯონ სასჯელის უმაღლესი ზომა. რო გორც მე შეიძლება სასამართლომ მიიღოს მხედველობაში მისი გულწრფელი აღიარება და ხანგრძლივი პატიმრობით დაკმაყოფილდეს. პატიმრობაში განა არ შეიძლება მოინანიოს ადამიანმა ცოდვები, გამოსწორდეს, ხალხის სიკეთისათვის იზრუნოს?! ეს ხომ მისი საწინდარი იქნება, რომ პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება ნამდვილ ადამიანად იქცეს. ეს და სხვა ათასი ფიქრი მიტრიალებდა ტვინში. თავი მიხურდა, წვიმამ მთლად დამასველა. შემოდგომის სუსხიანი პირქარი ქროდა, მე კი თბილი არაფერი მეცვა.
– პავლე, აქ რას უზიხარ? შენს ძებნაში ქალაქი გადავაბრუნე, სად არ ვიყავი, – შემომესმა ისმაილ ზოიძის ხმა. მოვიხედე, ჩემს წინ წვიმაში გაწუწული ისმაილი დაღლილობისაგან ძლივს იდგა ფეხზე, ალბათ მართლა ბევრი ევლო, ბევრ ადგილას ვეძებნე.
– ადექი, წამოდი სახლში, – ტკბილად მომმართა მან, – რამ გადაგრია, ავად გახდები.
– ვერა, ისმაილ, მე ვერ წამოვალ თქვენსა, დამანებე თავი, დამტოვე ჩემს ფიქრებთან. თუ არ ჩავკვდი, ალბათ ძაღლურად გავათენებ და შემდეგ კი, როგორმე მოვახერხებ გამგზავრებას. თქვენი ოჯახი ჩემით შეურაცხყო ფილია და...
– ვიცი, შენ ჩემზედა ხარ ნაწყენი, ბოდიშს ვიხდი ჩემს მაშინდელ სიტყვებზე, შევცდი... კმარა, ადექი, წამოდი.
წამოდგომა დავაპირე, რომ ისმაილს გავრიდებოდი, არ მინდოდა მასთან საუბარი, ადამიანის დანახვაც კი არ მინდოდა. შუბლი მიხურდა. ისევ ლოდზე დავეშვი.
ბევრს ეცადა ისმაილი ჩემს წაყვანას, მაგრამ არაფერი გაუვიდა. უკანასკნელი ღონე მოვიკრიფე, წამოვდექი და სადგურისა კენ გავლასლასდი. ისმაილი მომდევდა, მემუდარებოდა, ბოლოს ძალითაც კი შეეცადა სახლში ჩემს წაყვანას, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. როგორც იყო, მივაღწიე სადგურს. მატარებლის მოლოდინში სადგურის ერთ კუთხეში მოვიკუნტე. ისმაილი წავიდა. მაგრამ ერთ საათში უკანვე დაბრუნდა ჩემი ნივთებით. თბილისამდე გამომყვა და ვიდრე საკუთარ ბინაში არ მიმიყვანა, თავი არ დამანება. გავარვარებული სიცხიანი შევდგი ფეხი ჩემს სახლში, ორივე ფილტვის ანთება დამემართა. თითქმის ათ დღეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიმყოფებოდი. მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზმმა არ დაუთმო, სამი კვირის შემდეგ დასუსტებული, გამხდარი წამოვდექი ლოგინიდან და გარეთ გამოვედი.
პროფესორი ნაპირელი შეჩერდა, წყალი დალია და განაგრძო:
– ბოდიში, ამხანაგო ლომაურო მოკლედ მინდოდა მეთქვა და არ გამომივიდა. თუ არ დაგღალათ ჩემმა ნაამბობმა, ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ მოვათავო ეს მწარე ამბავი. დავიწყე მუშაობა ინსტიტუტში ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე. იმ წელს ინსტიტუტში შემოვიდა ფატმა ზოიძე. თურმე, როდესაც სასამართლოში განაჩენი წამიკითხეს, ფატმას გული წასვლოდა. ქალის კივილი, რომელიც მომესმა, მისი ხმა ყოფილიყო. ისმაილს ძლივს წაეყვანა სახლში. როდესაც ზოიძის ოჯახის წევრებს გაეგოთ, რომ მე უდანაშაულო ვიყავი და ნამდვილი დამნაშავე გამოინახა, ძალიან გახარებოდათ, დაეწყოთ ჩემი ძებნა და როდესაც ისმაილმა მომაგნო, ხოლო ვერ დამიყოლია მათ ბინაზე მივსულიყავი, საწყენად დარჩენოდათ. განსაკუთრებით სწყენოდა ფატმას, ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარდა.
ცხოვრებამ ბოლოს მაინც შეგვახვედრა ერთმანეთს. ჩემი მეუღლე ფატი, ნაზიმ ზოიძის ასული ფატმა გახლდათ.
ჩემი ძმა ნაპირელი ვეღარ გაასამართლეს. ხელახლა დაიწყო ძიება და ვიდრე დამთავრდებოდა, არ ვიცი როგორ და რა საშუა ლებით, საპატიმროდან გაექცათ.
ის არის და ის, აგერ უკვე ოცდაერთი წელი გავიდა მას შემდეგ და მისი ასავალ-დასავალი აღარ ვიცოდი დღემდე, ცოცხალი აღარ მეგონა. ვფიქრობდი, ალბათ მართლმსაჯულების ხელს ვერ ასცდა და უსახელოდ გაიფუჭა თავი, ბოლო მოეღო როგორც ავაზაკს, როგორც სოციალურად მავნე პიროვნებას. ხანდახან მეორე აზრიც გამიელვებდა ხოლმე თავში, იქნებ სამამულო ომში წავიდა თავისი ცოდვების გამოსასყიდლად, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და ამით, ამ უკანასკნელი საშუალებით მაინც გამოისყიდა თავისი მანკიერი ცხოვრების სიმახინჯენი. ცხოვრობდა, როგორც ავაზაკი და იქნება მოკვდა, როგორც გმირი. მაგრამ, სამწუხაროდ, ავაზაკი ავაზაკად დარჩენილა.
ზურაბ ლომაური ჩაფიქრებული შესცქეროდა პროფესორს და ერთხელაც არ ცდილა შეეწყვეტინებინა მისთვის სიტყვა.
ბინდდებოდა. პროფესორმა ნაპირელმა დაამთავრა თავისი საუბარი და დაასკვნა:
– გახსოვთ რუსული პატარა, მაგრამ შინაარსიანი მოთხრობა
„შაურიანმა დაღუპა“, ასე მოუვიდა ჩემს უბედურ ძმასაც. ის არასწორმა აღზრდამ დაღუპა, წრემ გადააცდინა ცხოვრების ჭეშმარიტ გზას, ფუფუნებამ და ფულმა გააფუჭა, ის ბავშვობიდანვე მიეჩვია ფულების ფლანგვას და როდესაც შემოაკლდა, შრომას მიუჩვეველმა იოლი გზა აირჩია, გზა ავაზაკური, გზა ბოროტებისა:
მას რომ სწორი აღზრდა ჰქონოდა ის დღეს საზოგადოების სასარგებლო და შეიძლება საამაყო წევრიც კი ყოფილიყო. ტყუილად კი არ არის ბრძნული ნათქვამი: „ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილიო“. მაგრამ რაღა დროს, საცემი იყო ბებია პეტას ასეთი აღზრდისთვის, მაგრამ ის უკვე მიწაში იწვა.
პროფესორ ნაპირელის წასვლის შემდეგ ზურაბ ლომაური კიდევ კარგა ხანს იჯდა სავარძელში და ფიქრობდა. ფუფუნებაში აღზრდა, ბევრი ფულები, განა იგივე კაპიტალისტური გადმონაშთები არ არის? ბავშვის აღზრდის უკუღმართი მეთოდი, რომ თავიდანვე არ აჩვევ შრომას, არ აინტერესებ სასარგებლო და გამოსადეგ საქმიანობით, კაპიტალისტური, უკუღმართი ჩვევა არ არის? აღზრდის არასწორმა მიმართულებამ ნიჭიერი მოზარდი ავაზაკად აქცია.
ყურმილი დასდო, ქუდს ხელი დასტაცა და კარისაკენ გაეშურა.
– რა უბედურებაა, ცოტა რამ მაინც შეგეჭამა, შიმშილით მოკვდები შე საწყალო,
– შეუბღვირა ცოლმა.
– ნუციკო, ძვირფასო, რა ვქნა, გეთაყვა... მალე დავბრუნდები, ნუ გეფიქრება. საჩქაროდ გამოვიდა სახლიდან, ჩაჯდა მანქანაში და სამმართველოსაკენ გაქანდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent