შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XV


31-05-2021, 15:52
ავტორი ciracira329
ნანახია 220

თავი XV
ქალაქში წვრილმან დანაშაულებებსღა ჰქონდა ადგილი. ბრძოლა ქურდბაცაცების წინააღმდეგ ინტენსიურად წარმოებდა. რაიონებშიც შედარებით სიწყნარე იყო, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავდა, რომ მილიციის თანამშრომლებს უკვე შეეძლოთ მხართეძოზე წამოწოლა, საჭირო იყო კიდევ უფრო მეტი სიფხიზლე, რომ ეს წვრილმანი დანაშაულებანიც აღეკვეთათ და არსებული მდგომარეობა განემტკიცებინათ. ზურაბ ლომაურმა მდიდარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ხანდახან კარგ ამინდს ჭექა-ქუხილი და სეტყვა მოსდევდა. ამიტომ იყო, რომ ის მაინც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა მთელი თავისი განყოფილებით. გერმან ბაზილი ხელიდან გაუსხლტა, ცხადი იყო ის გაეცალა ქალაქს, მაგრამ გავიდა თუ არა საქართველოს ფარგლებიდან? და განა სულერთი არ არის, საქართველოში ჩაიდენდა დანაშაულს თუ სხვა რომელიმე ადგილას? მთავარი იყო მისი დაჭერა. მისი მიგნების და შეპყრობის საშუალებას კი მერის მოქმედებაში დაეძებდა.
მართალია, ცოტა დრო გავიდა გერმან ბაზილის ხელახალი მიმალვიდან, იგი მერის ბინაში არ გამოცხადებულა, მერის ბინა და თვით მერიც განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ აყვანილი, იგი განაგრძობდა რესტორანში მუშაობას მიმტანად. იმ რესტორანში რა მილეთის კაცს არ ნახავდა ადამიანი! ად- ვილი შესაძლებელია მერისთან უკვე გააბა კავშირი გერმან ბაზილმა, მაგრამ ვისი საშუალებით ამისი გამორკვევა არ იყო ადვილი საქმე.
რა თქმა უნდა, ადრე იქნებოდა თუ გვიან გამომჟღავნდებოდა ყველაფერი, მაგრამ ზურაბ ლომაურს გული არ უთმენდა, ეჩქარებოდა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღებოდა გერმან ბაზილის რთულ, ავაზაკურ პიროვნებას.
ზურაბ ლომაურს მიგნების განსაკუთრებული ალღო ჰქონდა. გარდა ამისა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მის დასკვნებს არ მიეცათ დადებითი შედეგები. ამ შემთხვევაშიც მერი ამ კრიალოსანის ერთ-ერთი მთავარი მძივი იყო და მთელი იმედები ახლა მასზე ჰქონდა დამყარებული. ერთი რამ მაინც გასაოცარი იყო მერის ცხოვრებაში; იგი არც არავისაგან ღებულობდა წერილებს და არც არავის სწერდა.
კაბინეტში ლეიტენანტი გიგა ნათენაძე შემოვიდა.
– ო, გამარჯობა გიგა, რას მეტყვი ახალს, სასიხარულოს? – მიმართა ზურაბ ლომაურმა.
– ამხანაგო უფროსო, მერი დღეს ავლაბარში. რკინიგზის საქალაქო სადგურში იყო და შეიძინა ბილეთი, სადგურ ხასავიურტამდე.
– სადგურ ხასავიურტამდე? – გაიკვირვა ლომაურმა, – სად არის ასეთი სადგური?
– ცნობათა ბიუროში შევამოწმე. დაღესტანში ყოფილა, მახაჩყალას იქით, ვიდრე გუდერმესამდე მივიდოდეთ. ბილეთი მას ბაქომდე მისცეს, იქ ალბათ სხვა მატარებელში გადაჯდება.
– როდისთვის აიღო ბილეთი?
– ხვალისთვის, ბაქოს მატარებელზე №41, რომელიც მოსკოვის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გადის. ზურაბმა ტელეფონით დაიბარა კაპიტანი ნოდია.
– ჩამოიყვანეთ არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია და მოდით ჩემთან, – უბრძანა ზურაბმა.
კაპიტანი ნოდია, არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია სასწრა ფოდ გამოცხადდნენ ლომაურის კაბინეტში.
– აბა, ჩემო „ტურისტებო“, მზად ხართ საბრძოლო დავალების შესასრულებლად? – შეეკითხა მათ ღიმილით ზურაბი. პასუხს აღარ მოუცადა და კაპიტან ნოდიას მიმართა, – ამხანაგო კაპიტანო. ახლავე გაამზადე ეს ორი ახალგაზრდა, ხვალ საღამოს 20 სა ათსა და 55 წუთზე, ბაქოს მატარებლით №41 მიემგზავრება ჩვენი მერი.
– ძლივს! – გაბრწყინებული სახით წამოიძახეს არჩილმა და ხუტამ და ერთმანეთს გადახედეს.
– ძალიან ნუ გაგეხარდებათ, იცოდეთ, ბევრი წვალება მოგელით. გერმან ბაზილთან საქმის დაჭერა რომ არ არის ადვილი, ეს, მგონი, ახალი ამბავი არ უნდა იყოს თქვენთვის. ეჭვს გარეშეა მერი, ადრე თუ გვიან, გერმანს შეხვდება; სად, როგორ და როდის? ეს მე არ ვიცი.
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ჩოხელიც და გაწერელიაც კარგა ხანია მზად არიან გასამგზავრებლად, მხოლოდ თქვენს განკარგულებას ელიან.
– მაშ ასე, მერი არც ერთ თქვენთაგანს არ იცნობს. მე თქვენ განგებ არ გაკარებდით ყაზარას რესტორანს, მხოლოდ ერთხელ იყავით რომ მერი გენახათ და მისი სახე დაგემახსოვრებინათ. აბა, ახლა თქვენ იცით, როგორ მოხერხებულადაც შეასრულებთ ამ ფრიად რთულ და პასუხსაგებ დავალებას. გერმან ბაზილის
თავისებურებანი გაითვალისწინეთ. იცოდეთ ის ცაციაა, მარცხენა ხელს უკეთ ხმარობს, ვიდრე მარჯვენას. კარგი მსროლელია, ჩინებული მოკრივე, ავტომანქანის მართვა იცის, სმა უყვარს. გვიან ითვრება, ნასვამს უყვარს ტრაბახი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გერმან ბაზილი მორფინისტია.
კარგა ხანს ესაუბრა ზურაბი არჩილ ჩოხელს და ხუტა გაწერელიას. მან კარგად იცოდა, რომ არჩილიცა და ხუტაც ყველაფერს გააკეთებდნენ, რაც კი შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩასთვალა გაეფრთხილებინა ისინი.
– ნურაფრისა გეფიქრებათ, ამხანაგო უფროსო, – უპასუხა მას არჩილმა,– მარცხენა ხელით სროლაში და სამიზნის დაზიანებაში მე იმას არ ჩამოვრჩები, თუმცა ცაცია არა ვარ. სამბოს ყველა ილეთებს დაუფლებული ვარ მეცა და ხუტაც და ესეც ბევრ რამეში გამოგვადგება. ავტომანქანის მართვაში ვერც ერთი კვალიფიციური მძღოლი ვერ შემედრება, მუხლი მაგარი მაქვს, როგორც ყოველ მთიელს, ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს მეცა და ხუტასაც: ჩვენ ახალგაზრდები ვართ, მაშინ, როცა ის უკვე ორმოც წელს გადაცილებულია. ამასაც უეჭველად აქვს მნიშვნელობა; დაბოლოს, თუმცა სმა არ მიყვარს, მაგრამ კვეხნასა და ტრაბახშიც არ ჩამოუვარდები. განა აქ თქვენთან, აი ახლა, საკმარისად არ ვიტრაბახე?
ყველას გაეცინა არჩილის სიტყვებზე.
– კარგი, ახლა შეუდექით საქმეს. ფული, დოკუმენტები, ყველაფერი ხომ წესრიგშია?
– ყველაფერი, თვით ტურისტული კოსტუმებიც კი.
– ახლა ბილეთებზე იზრუნეთ. ხუტა გაწერელია თბილისის სადგურში ჩაჯდება მატარებელში, არჩილ ჩოხელი კი ნავთლუღში. საჭირო შემთხვევაში დაუკავშირდით ადგილობრივი მილიციის ორგანოებს. სისტემატურად გამაგებინეთ ამბავი, რა მდგომარეობა და შედეგიც არ უნდა იყოს. საინფორმაციო მასალები მილიციის საშუა ლებით გზავნე. აბა, ახლა თქვენ იცით. ზურაბ ლომაურმა გაისტუმრა თანამშრომლები და სამმართველოს უფროსთან წავიდა მოსახსენებლად.
საღამოს 9 საათზე ზურაბმა მოისმინა მაიორ ივანიძის მოხსენება ქოსა ყაზარას დაკითხვის მსვლელობის შესახებ, მისცა სა ჭირო მითითებები და ისევ ნატოს დღიურს მიუჯდა.
მაისის 18. რა კარგია მაისის დილა, განა მაისს რომელიმე თვე შეედრება? მაისი, როდესაც ყველაფერი გაფურჩქნულია, ყველაფერი ჰყვავის. წლის ყველა დროთა ულამაზესი გაზაფხულია, ხოლო გაზაფხულის თვეებში კი ყველაზე შეუდარებელი მაისია, მაგრამ მაისი მთებში ეს ხომ არაჩვეულებრივი რამ არის. ჩემი სახლის წინ, ეზოში, ვარდის ბუჩქია. ყოველ გარიჟრაჟისას ბულბული გალობს. განაღა შეიძლება ძილი? რომელი უსულგულო ადამიანი იქნება, რომელიც არ დასტკბება ბულბულის ტკბილი ჰანგებით? მეც ისე მიტაცებს ყოველივე ეს, რომ პერანგისა მარა მივუჯდები ხოლმე ღია ფანჯარას და თავდავიწყებამდე მივყევარ. ცხოვრებაში ორი რამ დამრჩა: ამ ბულბულის გალობა და ჩემი საყვარელი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. კი- დევ მინდა წერა, მაგრამ მეშინია ეს ნაზი პოეტური განცდები უხეში პოეზიით არ შევსუდრო.
თიბათვის 2. გადავწყვიტე ყამირ მიწებზე გამგზავრება. იქ უფრო საჭირო ვიქნები, იქ მეტ სარგებლობას მოვუტან ადამიანებს. ამ საკითხზე დღეს სერიოზული შეჯახება მომიხდა სანატორიუმის დირექტორთან. ჯერ იქნა და ვერა, ვერ დავიყოლიე, რომ არ წავიდეს ჩემი ყამირ მიწებზე გამგზავრების წინააღმდეგ. რა ფანდებს არ ხმარობს, რომ როგორმე ხელი ამაღებინოს ამ ჩემს განზრახვაზე. მან ჯერ კიდევ კარგად არ იცის ჩემი ჯიუტი ხასიათის ამბავი. თუ ვთქვი, გათავდა... ვთქვი წავალ მეთქი ყამირ მიწებზე და წავალ კიდეც. დღეს საღამოს კირა ზაბორა მოვიდა ჩემთან. ამ ბოლო დროს ხშირად დაიარება. თითქოს რაღაცის თქმა უნდა. მაგრამ ვერ გაუბედია . დაიწყებს რაღაცა აბდაუბდას, შუაში გაწყვეტს სიტყვას და დამნაშავესავით ზის თავჩაღუნული, შემდეგ კი წამოხტება და გარბის.
საკვირველია, ალბათ ჩემი წაბაძულობით, წიგნების კითხვას მიეჩვია. მე ხშირად მომმართავს ხოლმე: „რას მირჩევთ, რა წავიკითხო?“ მე ტურგენევი ვურჩიე, უფრო მეტად სწვდება ადამიანის გულს და გასაგებიცაა.
ჰო, იმას ვამბობდი, კირა ზაბორა მოვიდა მეთქი ჩემთან. მას ყური მოუკრავს, რომ ყამირ მიწებზე ვაპირებ გამგზავრებას და თვალცრემლიანი შემევედრა არ წავსულიყავ არსად აქედან.
– მე ისე მოგეჩვიეთ, ექიმო, როგორც ახლობელს, ნათესავს. თქვენი წასვლით მე ობლად დავრჩები.
გამეცინა, დავიწყე მისი დამშვიდება.
– მერე რა, ჩემო კირა, მე თუ აქედან წავალ, სამაგიეროდ სხვა, ჩემზე უკეთესი მოვა, ამაზე როგორა სწუხარ?
– არა, არა.. თქვენზე უკეთესი ქვეყანაზე არ არსებობს. თქვენ ისეთი იშვიათი გულისხმიერი ადამიანი ხართ, რომ არავისთან შედარებაც კი არ შეიძლება.
– კარგი, კარგი... პირში ქება რა საჭიროა? ხომ გაგიგიათ, კირა, მჯობზე მჯობი არ დაილევაო. მე თუ გადავწყვიტე წასვლა, მაშასადამე, ეს საჭიროა. მე მუდამ ვიყავი ჩემი სიტყვის პატრონი და არც ამ შემთხვევაში ვუღალატებ ჩემს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, უკვე გავგზავნე განცხადება ჯანმრთელობის მინისტრის სა- ხელზე და უკან ხომ არ დავიბრუნებ? აბა რა ადამიანობა იქნება ასეთი რამის ჯერ თხოვნა და მერე კი გადათქმა.
– მაშ მეც წამიყვანეთ თან! – მომმართა მან თხოვნით.
– ეგ ჩემზე როდია დამოკიდებული.
კირა ზაბორა აცრემლებული წავიდა ჩემგან. საბრალო, შემეცოდა. არა, ეჭვს გარეშეა რაღაცა აწუხებს, მაგრამ რა?
თავისი ბედით კმაყოფილი ადამიანი იშვიათია ცხოვრებაში, ყველას რაღაცა აწუხებს, ყველა რაღაცას განიცდის. მაგრამ განა დიდმა შოთამ არ დაგვიტოვა ანდერძად:
„ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა“.
თიბათვის 9. ლომისის დაშორებით, ათიოდე კილომეტრით ზევით, საკოლმეურნეო ფარებია საზაფხულო საძოვრებზე. მწყემსი გამხდარა ავად, ცხენი გამოეგზავნათ და მთხოვეს წავსულიყავ, გამეწია დახმარება, დამხმარე მოხუცი სარქალი თვითონ ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად. უარს როგორ ვეტყოდი, წავედი. მოხუცი მწყემსი, ფშაველი გეჯურა, სოფელ მაღაროსკარიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში წამოსულა და აქ დასახლებულა. მთელი თავისი დღე და საათი ცხვარში გაუტარებია და ზედმიწევნითაც შეუსწავლია ცხვრის მოვლაპატრონობის საქმე. გზაში ცხვარზე მელაპარაკებოდა, მაგრამ, როგორც კი შემატყო, რომ საუბრის ეს თემა არ მაინტერესებდა, ვაჟა ფშაველას ლექსებზე გადავიდა, შესანიშნავად სცოდნია ვაჟას შემოქმედება. ზეპირად წამიკითხა ვაჟას რამდენიმე ლექსი. თუ მანამდე ვაჟას პოეზია გაუგებარი იყო ჩემთვის, ახლა ვიგრძენი მისი დიდი პოეზიის სურნელება და შემრცხვა საკუთარი თავისა. ამ მოხუცმა მწყემსმა ჩამახედა ვაჟას მარგალიტების სიღრმეში და რაც მანამდე ჩემთვის შეუცნობელი იყო, შევიცანი. აი, თურმე რა ძალა ჰქონია ლექსის ოსტატურად წაკითხვას. მე, უმაღლესი განათლების მქონეს, კულტურულ ადამიანს, მეცხვარემ მასწავლა ისეთი ახალი რამ, რაც მანამდე ჩემთვის მიუწვდომელი იყო, ის ბერიკაცი იმჟამად მსახიობი იყო; ნამდვილი მსახიობი და არა ლექსის უბრალო წამკითხველი. ისე ავედით მაღალ მთაზე და გავივაკეთ, რომ არც გამიგია. თითქოს ნელა მივდიოდით. ამ აღმართებზე არ გვინდოდა ცხენები დაგვეღალა, მაინც შეუმჩნევლად ავიარეთ აღმართი.
ჩემს თვალწინ ფართე ზეგანი გადაიშალა, რომელიც ცხვრის ფარებით თეთრად იყო გადაპენტილი. ამ ზეგანის ნახვამ თვალი მომტაცა, მოჯადოებულივით შევცქეროდი არემარეს და ვფიქრობდი: „ნუთუ გულქვა სიკვდილს აქამდისაც მოუწვდება ხელი, ეს ხომ უკვდავების ველია, აქ ადამიანი მხოლოდ უნდა სტკბებოდეს ბუნების ამ საოცრებით. არა და არა... ეს გამჭვირვალე ჰაერი ყოველი სულდგმულის მაცოცხლებელია, ეს მითიური სამოთხეა... უფრო მეტიც“... ჩემი მეგზური ალბათ მომიხვდა რასაც ვფიქრობდი, რა აზრი მიტაცებდა, რას განვიცდიდი და წაიღუღუ ნა:
– ეჰ, ხანდახან ისეთი ქარიშხალი, ნიაღვარი და ჭექა-ქუხილი იცის ხოლმე აქ ჯოჯოხეთი მასთან რა მოსაგონარია? აგერ, გახედეთ იმ ფერდობებს, იქიდან რომ ნიაღვარი წამოვა ხოლმე დიდი წვიმების დროს, აქაურობას წალეკვით ემუქრება. ახლა ზამთრობით არ იტყვით? აქ რომ ქარბუქი იცის, ადამიანს თავსა და ბედს აწყევლინებს, რამდენი. ადამიანი დაუმარხავს ნამქერს, ვინ მოს თვლის!
მის ლაპარაკზე გამახსენდა დიდი ილიას სიტყვები: „მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა! უცებ სცოდნია ჩამობნელება, უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის, უცებ გატკბობს და უცებ აფთრდება“.
მიუხედავად ამისა, მე მაინც თვალს ვერ ვაშორებდი იქაურობას. ის სანახაობა ისე ღრმად აღიბეჭდა ჩემს გონებაში, რომ არა მგონია ოდესმე დავივიწყო.
ცხენის ფარებს მივუახლოვდით. უცებ განსაკუთრებული სიამე ვიგრძენი. სალამურის ხმა შემომესმა. ვიღაცა მწყემსი ისე ჯადოსნურად უკრავდა სალამურს, რომ მისი ტკბილი და წარმტაცი ჰანგი გულში მომხვდა. სალამური ხან მტრედივით ღუღუნებდა, ხან კი ბულბულივით უსტვენდა. სალამურის ჰანგი ალბათ ძველი იყო, თაობიდან თაობაზე თუ გადასცემენ მწყემსები თავის ამ ჯადოსნურ შემოქმედებას. ალბათ ასეთი დაკვრა სალამურზე მხოლოდ მწყემსებს შეუძლიათ, ამ ბუნების ლაღ და უდრეკ შვილებს, იმ პატარა გმირებს, რომლებიც შემოხიზნებიან მთას, თვალისჩინივით უვლიან ფარებს, არ უდრკებიან არც ჭექა-ქუხილს და არც ნიაღვარს, არც ქარბუქსა და არც სიცივეს, არც ნადირისა ეშინიათ და არც ავაზაკის. თავის განუყრელ ნაბადთან და კომბალთან ერთად სალამურიც მუდამ მათი განუყრელი მეგობარია. რომ თავისუფალ დროს ჩაბერონ და ბულბულისებური შორეული სტვენა ან მტრედისებური ღუღუნი მიაწვდინონ სადღაც, ბარში მყოფ გულის საყვარელს, რომელსაც წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ხედავენ. ალბათ ეს შორეული სიყვარულია იმისი შთამაგონებელი, რომ ასე ოსტატურად, ასეთი ჯადოქრული საოცრებით აკეთებენ ლერწმის პატარა ნაჭერს. სად ისწავლა მან უსულო ლერწმის ასე საოცრად ამღერება? რა თქმა უნდა, მთაში, მისი მასწავლებელი ხომ მთის ეს მომაჯადოებელი ბუნებაა, ეს ცამდე აწვდილი ყინულოვანი გვირგვინით თავდამშვენებული მთებია, სადაც რაფიელ ერისთავისა არ იყოს:
„ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქერიც გადმოჰქუხს ბროლი წყლიანი“...
და განა ამის შემდეგ გასაკვირია, რატომ კვნესის სალამური ისე, რომ ადამიანს სულში და გულში სწვდება?
ო, რა დიდია ხალხის შემოქმედება, რამდენი საოცრებით აღსავსე წრფელი და ნატიფი გრძნობებია იქ ჩაქსოვილი. რაღა გასაკვირია, რომ ხალხური შემოქმედების ყოველი ლექსი სალამურის იგივე გრძნეული ჰანგი, მისი ყოველი სიტყვა მთიდან მონაბერ ნიავსავით სასიამოვნო და საამურია! ამ შემოქმედებაში ყოველი ბალახი, ყოველი მცენარე, ყოველი ფრთოსანი ადამიანის ენით ლაპარაკობს, ლამაზი, მხატვრული ენით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ულამაზესმა ბუნებამ შთაბერა მას სული.
და ეს მესალამურე მწყემსიც ხომ ამ მთების შვილია, მთამ შობა და ძუძუ აწოვა, მთამ გაზარდა და დაავაჟკაცა, მთამ შთაუნერგა მას გმირული სული და მისცა კეთილი, მოსიყვარულე გული. ის ბუნებით პოეტია, ბუნებით შემოქმედი.
– რა მშვენიერია! ყველა ასე კარგად უკრავს სალამურს? – შევეკითხე გეჯურას.
– ბევრი უკეთესიც გვყავს, – მიპასუხა მან, ეს ახალგაზრდა მწყემსია, სულ რაღაც სამი წელიწადია რაც ცხვარში დადის. უწინ ჩვენი ერთადერთი გასართობი სალამური იყო, ახლა კი ნუ გაიკვირვებთ თუ მაღალ მთაში, ჩვენს ბინაში რადიომიმღებსაც ნახავთ. ჩვენ ვისმენთ ყველა ახალ ამბებს. გაზეთებსაც ვღებულობთ, მაგრამ ვიდრე მივიღებდეთ, რადიოს საშუალებით უკვე ვიცით რა ხდება ქვეყანაზე. უწინ ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებო და.
გეჯურა შეჩერდა თითქოს ძველ წარსულს იგონებსო, დაფიქრდა, შემდეგ თავი ასწია, თვალებში შემომხედა, ნაღვლიანად გა იღიმა და განაგრძო.
– მე სამოც წელს გადაცილებული კაცი ვარ. ხშირად მეუბნებიან შვილები, შვილიშვილები, კოლმეურნეობის თავმჯდომარეც და ბევრი სხვებიც, კარგი, დაისვენეო... მაგრამ განაღა შემიძლიან შეველიო ჩემს საყვარელ ცხვარს, რომელთანაც თითქმის ნახევარი საუკუნე გამიტარებია? მე ახლა ხალხისათვის ვზრუნავ, ვზრდი ახალგაზრდა მწყემსებს, ვასწავლი ცხვრის მოვლასა და პატრონობას. მართალია, ცხვარი პირუტყვია, მაგრამ ისეთი ნაზი რამ არის, რომ მას მშობლიური მოფერება უნდა. აი, მეც ყოველი ბატკანი როგორც შვილი, ისე მიყვარს. ძველ დროს, ჩემს ახალგაზრდობაში გეგუთაშვილის ცხვარს დავდევდი. განთქმული კაცი იყო, დიდძალი ცხვარი ჰყავდა. ზაფხულობით თრიალეთში მიგვიდიოდა ფარები, ქაჩალგორის ზეგანზე, ზამთრობით კი შირაქში. უთვალავი ქონების პატრონი იყო, მაგრამ მწყემსებს შიმშილით ხოცავდა. ახლა ჩექმები მაცვია, მაშინ კი ქალამანი სანატრელი იყო ჩემთვის, გუდით დავდევდი ცხვარს. გუდაში დახალული ქერის ფქვილი მქონდა, როცა მომშივდებოდა ქუმელას ვიკეთებდი და იმას ვჭამდი. ხანდახან ჩვენი სარქალი დათო ჯამ რძეს თუ გაიმეტებდა ჩვენთვის, ეს იყო და ეს. ჩვენს ოფლზე მდიდრდებოდა დავით გეგუთაშვილი, მაგრამ განა ის მარტო ერ თი იყო? არა. მისთანა დავითები ბევრნი იყვნენ. ბევრ ჩემი ხნის კაცს ახლაც ახსოვს მაშინდელი გაჭირვება. ახლა? რა შედარებაა, ახლა ჩვენ ადამიანები ვართ, ცოცხალი ადამიანები, მაშინ კი
„ბასარა“ ძაღლისაგან არავინ გვარჩევდა.
გეჯურა გაჩუმდა. კარგა მოშორებით ღრანტე ხევი იყო, ხევის პირას კი უზარმაზარი კლდე აღმართულიყო, ჩემი ყურადღება მიიპყრო კლდის ქიმზე შემდგარმა ჯიხვმა. იგი ქანდაკებასავით გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და სივრცეს გასცქეროდა, ბუნების ამ ლაღ შვილს, იმავე ბუნების მშვენებას და სიამაყეს კისერი ისე საოცრად მოეღერებინა, თითქოს იქაურობას მბრძანებლობსო. კალმით აუწერელი სანახაობით რომ უფრო დავმტკბარიყავ, ცხენი შევაჩერე და გაშტერებული შევყურებდი ბუნების ამ ჯადოქრობას, მეშინოდა არ გადმოვარდნილიყო და არ დამტვრეულიყო კლდის წვეტიან შვერულებზე. გეჯურამ შემატყო შეშფოთება და დამამშვიდა:
– ექიმო, ნუ გეშინიათ, ჯიხვი კლდიდან არ გადმოვარდება და არ დაიმტვრევა. ის ხომ ამ ბუნების შვილია და განა დედა თავის შვილს გაიმეტებს სასიკვდილოდ? როგორც დედა, ისე ის კლდე არ გაიმეტებს იმ ჯიხვს დასაღუპავად.
გეჯურას სიტყვებმა დამამშვიდეს, ვნანობდი, რატომ თან არ წამოვიღე ფოტოაპარატი და ბუნების ეს საოცრება არ აღვბეჭდე ფირზე. მე მაინც მოჯადოებულსავით შევცქეროდი ამ დიად სანა ხაობას, რაღაც მანამდე უჩვეულო გრძნობას განვიცდიდი, მაგრამ, რა მოხდა? რამ დაარღვია ეს მოჩვენება?
თოფის ხმა შემომესმა. ჯიხვმა ნახტომი გააკეთა, ჰაერშივე შეტრიალდა და თავქვე დაეშვა, მე ვიგრძენი საშინელი რამ, კლდემ, უსულგულო ქვამ არ გაიმეტა ჯიხვი სასიკვდილოდ, ადამიანის მარჯვენამ კი ბოლო მოუღო მას. ცრემლები მომადგა, თვალები დავხუჭე.
– მოგტყდეს მარჯვენა! – შევძახე მე, გავახილე თვალები ხელახლა კლდის ქიმს, მაგრამ იქ ჯიხვი აღარ იყო, ალბათ მეგონა სასწაული მოხდებოდა, ხელახლა დავინახავდი ბუნების იმ სიამაყეს, მაგრამ არა...
ჩემს ამ განცდებზე და წარმოთქმულ სიტყვებზე: „მოგტყდეს მარჯვენა“, გეჯურას გაეცინა და თავი გაიქნია.
– ექიმო წავიდეთ, იქ ავადმყოფი მიგველის. ცხენები დავძარით. დიახ, უნდა ვიჩქაროთ, იქ ავადმყოფი მიგ- ველის, ის არ უნდა დავანებოთ სიკვდილს.
ბინებს რომ მივუახლოვდით, უზარმაზარი ნაგაზები ყეფით შემოგვეგებნენ, მაგრად საკმარისი იყო გეჯურას ერთი შეძახილი, რომ მაშინვე მოუთვინიერდნენ და კუდების ქნევით უკანვე გაბრუნდნენ.
ვინახულე ავადმყოფი. ახალგაზრდა მწყემსი გაციებულიყო და მაღალი სიცხე ჰქონდა. გულდასმით გამოვიკვლიე. ფილტვების ანთების საშიშროება არ იყო ჯერჯერობით. საჭირო წამლები მივეცი და მწყემსები დავარიგე როგორ უნდა მოევლოთ ავადმყოფისთვის. ამავე დროს დავამშვიდე, რომ საშიში არაფერი იყო.
მწყემსები თვალებში შემომცქეროდნენ. ჩემს სიტყვებზე დამშვიდდნენ.
– რახან დეიდა ნატო ამბობს, არაფერი საშიში არ არისო, მა შასადამე, არც არის, – ლაპარაკობდნენ მწყემსები. მე გამეცინა.
– განა არ შეიძლება, რომ მეც შევცდე? – შევეკითხე მათ.
– ვინა? თქვენ, დეიდა ნატო? არავითარ შემთხვევაში. თქვენ ხომ ჩვენი მფარველი ანგელოზი ხართ, ანგელოზები კი არასოდეს არა სცდებიან.
– არა, ყმაწვილებო, მე ადამიანი ვარ და ადამიანი კი, რაც უნდა სრულყოფილი იყოს იგი, ხანდახან მაინც შესცდება, მაგრამ ამ შემთხვევაში კი დანამდვილებით გეტყვით, რომ არა ვცდები.
რამდენიმე საათს დავყავი ავადმყოფთან. მიცემული წამლებით სიცხემ საგრძნობლად დაუწია და მეც დავმშვიდდი. ვიცოდი ამ ბრგე და ჯანღონით სავსე ახალგაზრდას ასეთი რამ ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ მაინც რამდენიმე დღით ადგომა და ცხვარში სიარული ავუკრძალე. წამოსვლა დავაპირე. მწყემსები წინ აღმიდგნენ.
– როგორ, დეიდა ნატო, უპურმარილოდ როგორ გაგიშვებთ აქედან ისეთი შიშხინა მწვადები მზადდება, რომ თითებსაც თან ჩააყოლებთ.
– არა, ყმაწვილებო, დრო არ ითმენს, იქაც მელოდებიან ავადმყოფები.
– იქ სხვა ექიმებიც ბევრნი არიან, მოუვლიან როგორმე, – შემომძახა ერთმა.
– ჩვენ კი გაგიშვებთ, დეიდა ნატო, მაგრამ ამ ხბოსტოლა ნაგაზებს სად წაუხვალთ? სულერთია ესენი არ გაგიშვებენ.
– განა ასეთი საძაგელი ძაღლები გყავთ?
– საძაგელიო? იცით, რომ ჩვენზე უკეთ ეს ძაღლები უვლიან ფარებს! საკმარისია ფარას ცხვარი ჩამორჩეს, რომ ძაღლი მასთან გაჩნდება და თავს არ დაანებებს, ვიდრე არ მოიყვანს. აგერ იმ „ბასარას“ რომ უყურებთ, ოთხი მგელი ჰყავს დაგლეჯილი.
ლაპარაკით ისე შემიყოლიეს, რომ სადილი უკვე მზად იყო. მიმიწვიეს. მშვენიერი შიშხინა მწვადებით გამიმასპინძლდნენ. მწყემსებში მელანოს ვაჟი, რეზო წიკლაურიც შევამჩნიე. მე ხომ ვიცნობდი მას, დედასთან რომ ჩამოდიოდა ხოლმე ლომისში, რამდენჯერმე მენახა. მას მარჯვენა ხელი კისერზე ჰქონდა ჩამობმული.
– რეზო, გამარჯობა. ხელზე რა მოგივიდა? იტკინე? – შევეკითხე მე შეშფოთებულმა.
– ჰო, მოვიტეხე, – მიპასუხა.
– მოიტეხე? რამ გადაგრია, ბიჭო, მარჯვენა ხელი მოიტეხე და და ასე არხეინად ლაპარაკობ? ნაღრძობი გექნება, მოდი გაგსინჯო.
– დეიდა ნატო, თქვენ მომტეხეთ მარჯვენა და თქვენვე გინდათ მიმკურნალოთ?
– დღეს დილით ცხენით რომ მოდიოდით და მე მომაძახეთ „მოგტყდეს მარჯვენა", აი მეც მომტყდა, თქვენი სურვილი შემისრულდა.
– რას სულელობ, მე როგორ მოგტეხდი?
მწყემსებმა სიცილი ატეხეს. გეჯურამაც ეშმაკურად გაიღიმა, რეზომ კი მარჯვენა თავისუფლად გაიქნია.
– შე ეშმაკო, შენ მოჰკალი ჯიხვი? არ შეგეცოდა?
– თქვენ რომ შიშხინა მწვადებს მიირთმევთ, იმ ჯიხვის ხორცი გახლავთ. რა მექნა, მონადირე კაცი ვარ. ჩემი ხელობა ეგ არის, ის ჯიხვი რომ არ მომეკლა, მაშინ ცხვრის დაკვლა დაგვჭირდებოდა, აბა ისე, უპურმარილოდ ხომ არ გაგიშვებდით.
გაშტერებული შევცქეროდი რეზო წიკლაურს, მართლა რანი ვართ ადამიანები იქ, როდესაც დავინახე განგმირული ჯიხვი, თვალებზე ცრემლები მომადგა, აქ კი მის ხორცს სიამოვნებით შევექცეოდი. რას იზამ, ასეთია ცხოვრება.
თიბათვის 22. რაშია საქმე, რატომ ამიფორიაქდა ხელახლა სული? ვერ იქნა და ვერა, ვერ დავიოკე სიყვარულის წყურვილი. თვალწინ წარმომიდგა ისევ გიორგი. გამახსენდა ჩემი სიყვარულის რიჟრაჟი. რა ბედნიერი ვიყავი. რას წარმოვიდგენდი თუ ჩემი ცხოვრების საჭე სხვა მიმართულებას აიღებდა და ტკბილი გან- ცდები მოგონებადღა დამრჩებოდა. მაშინ სიყვარულისა და ბედნიერების ტალღებში ვცურავდი, განა ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მის მორევში მომიხდებოდა ჩაყურყუმალავება. ისევ ჩემს საყვარელ ბარათაშვილს მივმართე: „ვერღა ამიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!“
სწორედ ჩემზეა გამოჭრილი ეს სიტყვები. ჩემს სულისკვეთებას ისე ეფარდება, თითქოს ჩემზე იყოს დაწერილი. ნეტავი მეც ვყოფილიყავი ზეციური ნიჭით მომადლებული, მაშინ მეც დავწერდი ლექსებს, ჩემი სულის განცდებს სიტყვებში ჩავაქსოვდი და ალბათ ეს ერთგვარ სულიერ სიმშვიდეს მომიპოვებდა.
ვიცი, იქ, სადღაც, გიორგიც განიცდის ასეთსავე წუხილს. ვგრძნობ მის, შმაგ ლტოლვას ჩემდამი, მაგრამ განაღა შემიძლია დავუბრუნდე მას? არასოდეს, არასოდეს. ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა, რომ მარტოობაში უნდა გამეტარებინა ჩემი დღე და საათი.
იმითი მაინც ვარ ბედნიერი, რომ ექიმი ვარ. როდესაც რომელიმე შეწუხებულ ავადმყოფთან მიმიწვევენ ხოლმე, მის ტკივილებს მეც განვიცდი და საკუთარ გულისტკივილს ვივიწყებ წამიერად. მოსვენებას ვერ ვპოვებ უყურე მას არ დავუყუჩებ ტკივილებს და ფეხზე არ დავაყენებ, შემდეგ კი საკუთარ ტკივილებს ვუბრუნდები.
საკვირველია, სხვებს ვუყურებ ტკივილებს და საკუთარ ტკივილების დაყუჩება კი ვერა და ვერა, მომიხერხებია. რა კარგად ამბობ დიდი შოა: „საწუთრო კაცსა ყოვლისა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზე და ოდესმე ცა რისხვით მოიქუხდების“.
ჩემთვის ხომ შეიცვალა ტაროსი. ჩემს სიცოცხლეს ოდესღაც ცხოველმყოფელი მზე აცისკროვნებდა, შემდეგ კი ცა რისხვით მომიქუხდა, ჩემს თავზე იელვა და სეტყვა დამაყარა.
მკათათვის 18. როგორც იქნა პასუხი მომივიდა ჩემს განცხადებაზე სამინისტრომ მიიღო ჩემი თხოვნა და ყამირ მიწებზე გამგზავრების ნება დამრთო. ხვალ გავემგზავრები სამინისტროში საბუთების გასაფორმებლად. წავალ ახალ ადგილზე იქნება იქ მაინც მოვუპოვო საკუთარ სულს შეღავათი, თორემ ამდენმა განცდებმა იგი დამიავადმყოფეს. რა ვარ ახლა მე? რას წარმოვადგენ? „ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მსახვრალი“...
ასე დაუწერია ბარათაშვილს ჩემი ბედის დავთარში. ასეთი ვარ, დიახ ასეთი, ჩავალ ქალაქში, ვნახავ ჩემს საყვარელ ადამიანებს: დედიკოს და ძმას. ისინიღა დამრჩენ ამ ქვეყანაზე. მართალია ყოველ წერილში საყვედურებით მავსებენ, მირჩევენ შერიგებას, ვერ გაუგიათ ჩემი სულის მდგომარეობა, თავისებურად ესმით მათ, მაგრამ მაინც ისინი არიან ჩემი ერთადერთი გულშემატკივრები. თუ მირჩევენ შერიგებას, ამასაც ჩემი სიკეთე ალაპარაკებთ, ჰგონიათ, რომ მე თუ დავუბრუნდი ცხოვრებას, გატეხილი გული გამიმრთელდება. იმას კი ვერ მიმხვდარან, რომ მე განსაკუთრებული მოდგმის ადამიანი ვარ, რომ მე ეს რაღაც უბრალო, ბრიყვული, შეუგნებელი თავმოყვარეობით კი არ მომდის, არამედ იმით, რომ ჩემი რწმენა შეიბღალა. მე განა ვცხოვრობ? არა, მე მხოლოდ ვცოცხლობ. სიცოცხლისათვის კიდევ და გამოსადეგი, ცხოვრებისათვის მე დიდი ხანია მკვდარი ვარ.
მკათათვის 25. მიუხედავად სანატორიუმის ხელმძღვანელობის კატეგორიული წინააღმდეგობისა, მაინც გავაფორმე ჩემი წასვლა ყამირ მიწებზე. მაგრამ რა დამემართა გზაში? აღარ ვიცი ვის ვენდო, ვის გავუზიარო ის, რისი მოწმეც გავხდი.
ნაშუადღევს რაიონიდან სანატორიუმში ვბრუნდებოდი მანქა ნით. გზაში ვიღაც მოხუცი გადმოგვიდგა და ავტომანქანა გააჩერა.
– ამხანაგო, – მიმართა მან მანქანის მძღოლს, – ლომისში ხომ არ მიდიხართ?
– დიახ, – უპასუხა მძღოლმა, – რა გინდათ, ძია თედო.
– ვინა ხარ, შვილო, ან რა იცი ჩემი სახელი? – ჰკითხა მას მო ხუცმა.
– მე გიცნობთ, თქვენ ხომ მეწისქვილე ხართ, ჩემი ამხანაგის, სანდრო ყარაშვილის ბიძა. მე ვყოფილვარ თქვენთან წისქვილში, თქვენ ალბათ არ გახსოვართ.
– არა, შვილო, რაღაც არ მაგონდები ღმერთმა დასწყევლოს სიბერე. კაცი რომ დაბერდება, მთლად გამოჩერჩეტდება ხოლმე.
ჰოდა, აი, რაშია, საქმე, სასწრაფოდ ექიმი მჭირდება. ერთი ავადმყოფი მიწევს იქ, წისქვილში და არ ვიცი რა ვუყო, არაფერი და ემართოს, ის ჩემი ცოდვით სავსეს და მერე ხათაბალას არ გადავეკიდო.
– ვინ არის? – დაინტერესდა მძღოლი.
– ეშმაკი და ქაჯი, რა ვიცი, ვინ არის. დღეს დილით ვიღაცეები, სამნი მოვიდნენ, ეტყობოდათ ჩვენებურები არ იყვნენ. ტურისტები ვართ, ტურამ შეჭამოს მათი თავი. რუსულად კარგად ლაპარაკობდნენ, ახლა ცოტაოდენი რუსული მეც მახსოვს, სალდათობაში მაქვს ნასწავლი ნიკალაის დროს. აქ ჩამოსულან, ციხეები უნდა დავათვალიეროთო. აი იმ მთაზე, კაჭკაჭის კალოს რომ ეძახიან, იქ რომ კოშკია, ის დაეთვალიერებინათ და ერთი მათგანი, ის ჩემი ცოდვით სავსე, ავად გამხდარიყო, მაინცდამაინც ჩემთან ჩამოათრიეს ის ღმერთგამწყრალი, ამასო აქ დავტოვებთ, მოუარეო, ფულს გადაგიხდიო, წავალთ, მაშინას მოვიყვანთო და თავს აღარ შეგაბეზრებთო. მეც, შენ ხარ ჩემი ბატონი, აბა რაღა უნდა მეთქვა? ადამიანები ვართ, ვუთხარი: დასტოვეთ-მეთქი, მართალია დატოვეს და წავიდნენ. იმ რჯულზე ხელაღებულს აკი მართლა უარესი და უარესი არ დაემართა? სიცხე აქვს, აბოდებს. რა ვიცი, კაცო, აქ ფეხები არ გაფშიკოს და ამ დროულ კაცს საციმბიროდ არ გამიხადოს საქმე.
– თედო ძია, რაღა შორს მიდიხარ ექიმისათვის, აგერ აქ არა მყავს ექიმი?
– მართლა ექიმი ხარ, შვილო? – მომმართა მე მოხუცმა, თქვენ გიშველათ ღმერთმა. წამოდი, აგრემც ღმერთი შეგეწევა, გასინჯე ერთი ის უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული, იქნებ უშველო რამე. მე რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ვუთხარი მძღოლს წისქვილისაკენ წასულიყო. გზატკეცილიდან ნახევარი კილომეტრის
მანძილზე, მდინარის პირას, წისქვილი იყო. წისქვილის გვერდით პატარა ოთახი იყო მიშენებული, მეწისქვილემ იმ ოთახში შემიყვანა. თან დუდუნებდა: „ის ურჯულოები ამხანაგს ტოვებენ, თითქოს აქ მე „ბალნიცა“ მქონდეს გამართული. აბა ჩვენიანი ხომ არ იზამდა ამას?“ ლოგინზე ვიღაც უცნობი იწვა. მაღალი სიცხე ჰქონდა, ბოდავდა, მე გავსინჯე, საშიში არაფერი იყო, მაგრამ ერთმა ამბავმა დამაინტერესა. ავადმყოფი ავაზაკურ ჟარგონზე ბოდავდა. აი მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები: „ყვავი თხილის ნაჭუჭში ჩაეტია... აბანოდან ყველაფერი გააქრო... ჩვრები რა საჭიროა... საჭიროა დამღერება... იმის სისხლსაც დავლევ... არ შევარჩენ... ოქროები... ბეღურა გააფრინეს... კამეჩი მალე დაიბღავლებს...“ დანარჩენი სიტყვები ვეღარ გავარკვიე. ცხადია, არავითარი ტურისტი იგი არ არის. ინსტინქტი მიკარნახებს ავაზაკურ ჟარგონზე უნდა ლაპარაკობდეს. ასეთი ლაპარაკი რომ წინათაც მსმენია ავადმყოფ პატიმრებისაგან, როდესაც ომის დამთავრების შემდეგ დროებით ციხის საავადმყოფოში ვმუშაობდი. მახსოვს, როდესაც მათ შევეკითხე, გაიცინეს და ზოგიერთი სიტყვების მნიშვნელობაც კი ამიხსნეს.
– რას ბურტყუნებს, ექიმო, ეგ უბედურ დღეზე გაჩენილი? – შემეკითხა მეწისქვილე. რა ვქნა, ვუთხრა, გავუზ იარო, ამის თქმა არავისთან არ შეიძ ლება, ამით ჩემს თავს გავცემ მხოლოდ.
– აბა რა ვიცი რას ამბობს, – ვუპასუხე მეწისქვილეს, – თითქოს ქართულია და არც ქართული, სიცხიანისას რას გაიგებს კა ცი? მეწისქვილემ რაღაც ეჭვის თვალით შემომხედა, თითქოს არა სჯერა ჩემი ნათქვამი“...
ზურაბ ლომაური დაფიქრდა. მეწისქვილე თედო, სანდრო ყარაშვილის ბიძა ყოფილა, იმ სანდრო ყარაშვილისა, რომელიც
ავაზაკთა ბრბოს აქტიური წევრი იყო და თავისივე დაგებულ მახეში გაება. რა თქმა უნდა, სანდრო ყარაშვილს თვითმკვლელობის სერიოზული საბაბი ჰქონდა, მას არ უნდოდა ცოცხალი ჩავარდნოდა ხელში ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინაიდან იმდენი ცოდვები ეკიდა ზურგზე, რომ სასიკეთოს არა მოელოდა დაპატიმრებით. აქაც ეს უცნაური შემთხვევა მეწისქვილესთან. ცხადია ის ავადმყოფი გაუსწორებელ ავაზაკთა ბრბოს წევრი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ნატო სულიაშვილის დასკვნები სავსებით სწორია.
„ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის დღიური“, გაიფიქრა ზურაბმა და კითხვა განაგრძო:
..„თან წამლები არ მქონდა. მეწისქვილეს ვუთხარი გამოეყოლებინა ვინმე, ან თვითონ წამომყოლოდა წამლებისათვის.
– ბიჭო, მიხა – გასძახა მეწისქვილემ.
– რა გინდა, პაპა?
– მოდი, შვილო, ექიმს გაჰყევი, წამლებს გამოგატანს. მოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი.
– გამარჯობათ, დეიდა ნატო, – მომმართა მან.
– გაგიმარჯოს, საიდან იცით, რომ მე დეიდა ნატო ვარ?
– თქვენ ამ არემარეში ყველა გიცნობთ, გარდა პაპაჩემისა. მთლად გამოყრუვდა სიბერისაგან. სამოცდაათი წლისაა. მე კი სოფელში რამდენჯერმე მყავხართ ნანახი. რაც თქვენ სიკეთე გიქნიათ და ხალხი მოგირჩენიათ!..
– აბა, ახლა ლაპარაკის დრო არ არის. წავიდეთ, გზაში ვილაპარაკოთ, თორემ გვიანია უკვე.
მანქანაში ჩავსხედით და გავემგზავრეთ სანატორიუმისაკენ. მიხა ენაწყლიანი გამოდგა, გზაში მელაპარაკა, რომ საშუალო სკოლა დაამთავრა და უმაღლესში აპირებს შესვლას, რომ მამამისი პატიმრობაში იმყოფება, ძარცვისათვის ოთხი წელი აქვს მისჯილი.
– უმტრეს, ავი ენების გამო ჩავარდა, თორემ მამაჩემი აგეთი კაცი არ იყო. იმა, რა ჰქონდა საერთო ბოროტმოქმედებთან! პატიოსანი, მშრომელი ადამიანი იყო.
თვითონ კი მოხუც პაპას ეხმარება წისქვილში. აი, ახლაც, პაპამ რომ დაუძახა, ის თურმე რუს ასწორებდა.
სანატორიუმში წამლები მივეცი და გამოვისტუმრე. მძღოლმა თვალი გააყოლა მიხას და მე მომიბრუნდა.
– თქვენ, დეიდა ნატო, გჯერათ რამე მაგ ბიჭისა? მაგის მამა ქვეყნის ამომგდები იყო. ყველა ავი საქმე გამოსდიოდა ხელიდან. ჯერ იყო და მსხვილფეხა საქონელს იპარავდა, შემდეგ კი შეიარაღებულ ძარცვასაც მიჰყო ხილი. ეგ მგლის ლეკვიც მამას შვილია, არც ეგ არის კეთილი სული.
– კარგად გცნობებიათ ეგენი.
– მაგათ ვინ არ იცნობს. მაგისი მამა რომ დაიჭირეს, რაიონმა ძლივს ამოისუნთქა თავისუფლად. მე ახლა ერთი აზრიღა მაწუხებს. ვის გავანდო ეს საიდუმლოება? ვის ვუთხრა, რომ წისქვილში ავაზაკია თავშეფარებული. ასეთებს ალბათ ხელისუფლების ორგანოები დაეძებენ. საჭიროა რაც შეიძლება სასწრაფოდ შევატყობინო ეს ამბავი მილიციას, თორემ ხომ შეიძლება მიიმალოს?..
მკათათვის 27.
...„მე ვერ მოვახერხე წასვლა, ვრცელი წერილი დავწერე მი ლიციის უფროსის სახელზე. კირა ზაბორა მანქანით რაიონში მიდიოდა, და მას გავატანე. მეტი რა გზა მქონდა, ასეთი საქმე ხომ დაყოვნებას არ ითმენს! კირა დაბრუნდა და მითხრა, წერილი, მილიციის უფროსს პირადად, საკუთარ ხელში ჩავაბარეო. დავ- მშვიდდი. აი, როდესაც წავალ გავუვლი მილიციის უფროსს და შევეკითხები, რა ზომები მიიღო, ალბათ შესაპყრობად ყველა ზო მას მიიღებდა, ეჭვგარეშეა დააპატიმრებდა, მაგრამ“...
აქ დღიური წყდებოდა. თუმცა ბოლო ფურცლები ამოხეული იყო, მაგრამ უკანასკნელი დღის ჩანაწერმა მაინც საკმარისი მასალა მისცა ზურაბს. საათს დახედა, ნაშუაღამევის პირველის ნა ხევარი იყო, იმავე წუთს დაურეკა სამმართველოს უფროსს:
– ამხანაგო კომისარო, მოგახსენებთ პოდპოლკოვნიკი ლომაური. სასწრაფო საქმე მაქვს, გთხოვთ მიმიღოთ.
ნებართვის მიღებისთანავე ნატოს დღიურით სამმართველოს უფროსთან გამოცხადდა.
ზურაბმა დაწვრილებით მოახსენა სამმართველოს უფროსს დღიურის შინაარსი, ხოლო უკანასკნელი დღეების ჩანაწერები კი წაუკითხა.
სამმართველოს უფროსმა გულდასმით მოუსმინა ლომაურს, შემდეს დღიური გამოართვა, პირადად გადაიკითხა უკანასკნელი დღეების ჩანაწერები, დაფიქრდა, მის გონებაში სრულიად ახალი აზრები იბადებოდა.
– დიახ, ახლა ყველაფერი ცხადია. რა თქმა უნდა, არავითარი ტურისტები არ ჩასულან, იქ მხოლოდ ის ჩავიდა, რომელიც ავად გახდა. მეწისქვილე და შეიძლება მისი შვილიშვილიც, ალბათ ავაზაკთა ბრბოს წევრები არიან. მისი უფროსი ვაჟიც ხომ ავაზაკ იყო. არავითარი წერილი კირა ზაბორას არ გადაუცია მილიციის უფროსისათვის. იგი ალბათ იმავე ჯგუფის წევრია, ის წერილი მეწისქვილეს მიუვიდა, საიდანაც შეიტყვეს, რომ ნატო სულიაშვილს კარგად გაუშიფრია, ნაბოდვარი ზედმიწევნით გაუგია, აქედან დასკვნა: ექიმი ნატო სულიაშვილი ტერორის მსხვერპლი გამხდარა.
– დიახ, საკითხს ლოგიკური განვითარება იძლევა ასეთს დასკვნას,– დაეთანხმა მას ლომაური.
– შემდეგ. მკვლელი უეჭველად გერმან ბაზილია. ალბათ იგი იყო ავადმყოფი, რომელიც ნატომ გასინჯა და ნაბოდვარიც მოისმინა. ხოლო მანქანა კირა ზაბორას საშუალებით შესთავაზეს ნატოს. მათი განზრახვა იყო ექიმი ნატო სულიაშვილი არ ჩასულიყო თვით რაიონის ცენტრამდისაც კი, ვინაიდან იგი უეჭველად ინახულებდა მილიციის უფროსს და ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. კირა ზაბორას საშუალებითვე შეიცნეს მკვლელებმა, რომ ნატო სულიაშვილი მარტო არ მიემგზავრებოდა, არამედ მას აცილებდა მისივე ყოფილი ქმარი ინჟინერი გიორგი ქურხული, მძლავრი ვაჟკაცი, რომელთანაც გამკლავება არ იქნებოდა ადვილი საქმე, ამისათვის წინასწარ მოაწყეს ისე, რომ თავიდან მო იშორეს მათთვის ხელის შემშლელი პიროვნება. მათ იცოდნენ, რომ გიორგი ქურხული გალოთებული იყო და ამ შემთხვევაში წინასწარ მოწამლულ ჭიქაში ჩასხმული არაყი გამოიყენეს.
– ყბაახვეული მამაკაცი სანდრო ყარაშვილი იქნებოდა.
– ეს ეჭვგარეშეა. ნატო სულიაშვილის საბუთებით ყამირ მი წებზე გამოცხადდა კირა ზაბორა, ეს მხოლოდ იმისათვის, რომ მოეჩვენებინა, ვითომდა ცოცხალია ნატო სულიაშვილი, ხოლო, ვინაიდან კირა ზაბორა მხოლოდ და მხოლოდ ფერშალი ქალი იყო და ექიმის მოვალეობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეას რულებდა, ცოტა ხნის შემდეგ იქაურობას გაეცალა და უგზოუკვლოდ დაიკარგა. გიორგი ქურხული მოჰკლეს იმისათვის, რომ იგი არ წასულიყო ყამირ მიწებზე და არ გამოემჟღავნებინა, რომ იქ ნატო სულიაშვილი კი არ არის წასული, არამედ სულ სხვა პიროვნება მისი სახელით.
– მე ასეთი დასკვნა ქურხულის მკვლელობაზე ადრევე გამოვიტანე და თავის დროზე მოგახსენეთ, – შეეპასუხა ზურაბ ლომაური.
– მახსოვს, ვიცი. გვამი, რომელიც აღმოჩენილი იქნა წისქვილის ახლო, ეჭვი არ არის ნატო სულიაშვილისა იყო, ის გვამი მეწისქვილის შვილიშვილმა, მიხამ, მოიპარა თავის პაპასთან შეთანხმებით, მათზე მოაწყეს თავდასხმის ინსცენირება რათა ამ საშუალებით მეწისქვილე მშრალზე გამოეყვანათ.
– დარჩა გამოსარკვევი სამი საკითხი: საიდან გაჩნდა ნატოს თითი უღრან ტყეში, რა მიზანი ჰქონდა წისქვილის დაწვას და სად არის დამარხული ამჟამად ნატო სულიაშვილის გვამი,
– დაუმატა ზურაბ ლომაურმა.
– ამ საკითხებზე პასუხს მეწისქვილისა და მისი შვილიშვილის დაკითხვა მოგვცემს. ამისათვის ახლავე გაგზავნეთ კაპიტანი ნოდია და ორი ოპერატიული თანამშრომელი მეწისქვილისა და მისი შვილიშვილის დასაპატიმრებლად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent