შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XVI


4-06-2021, 11:41
ავტორი ciracira329
ნანახია 166

თავი XVI
კაპიტანმა ნოდიამ სწორედ დროზე მიუსწრო მეწისქვილე თედოს. საოჯახო ნივთებით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა, ის იყო დაძვრას აპირებდა, როდესაც თამაზ ირემაძე და კაპიტანი ნოდია ჩავიდნენ სოფელ ნატბეურში და თედოს სახლის ეზოს მიადგნენ. ისინი გაკვირვებით მიაჩერდნენ დატვირთულ მანქანებს და არანაკლებ გაკვირვებულ მეწისქვილეს, რომელიც სრულიად არ მოელოდა მილიციის თანამშრომელთა სტუმრობას.
– საით გაგიწევია, თედო ძია? – მიმართა მას მაიორმა ირემა ძემ, – ვერაფერი მასპინძელი ყოფილხარ, ჩვენ სტუმრად გეწვიეთ, შენ კი აქედან აყრილხარ, ალბათ გადასახლებას თუ აპირებ! დაბნეულმა თედომ ძლივს ამოილუღლუღა:
– რა ვქნა, არ ველოდით, თორემ ჩემი სტუმართმოყვარეობა ყველამ იცის მთელს რაიონში.
– მაინც საით აპირებ ასე, ჯალაბობით? – ხელახლა შეეკითხა მას ირემაძე.
– აბა, შვილო, აქ რაღა დამრჩენია, ერთი ქავთარი კაცი ვარ, ცალი ფეხი სამარეში მიდგია. ეს ჩემი ჯალაბიც, დღეს არის თუ ხვალ, თქვენს ჭირს წაიღებს. ერთი შვილიშვილიღა დამრჩენია – მიხა, იმას სოფელში ცხოვრება არ უნდა, ქალაქისაკენ მიუწევს გული, ეს ჩემი რძალია და, შენ ხარ ჩემი ბატონი, იძახის, სადაც ჩემი შვილი, მეც იქაო. ჰოდა, აი, მეც გადავწყვიტე ქალაქში გადასახლება. ერთი წისქვილი იყო, შვილივით მიყვარდა, ვიღაცის მურდალმა მარჯვენამ დასწვა, აბა მითხარით, ამის შემდეგ აქ რაღა დამრჩენია?
– კარგი მაგრამ რა საშუალებით აპირებ ცხოვრებას? განა არ იცი რომ ქალაქად უფრო მეტი ხარჯი აქვს მას, ვიდრე სოფლად? რაც არ უნდა იყოს, სოფელში კარმიდამო გაქვს, ძროხა გყავს, ფრინველი დაგიდის ეზოში, კოლექტივის წევრი ხარ, იქიდანაც გაქვს შემოსავალი. აბა, ქალაქში შენთვის ხომ არ ჩამოაყალიბებენ კოლექტივს?
– ვიცი არ ჩამოაყალიბებენ, მაგრამ ქვეყანა დიდია, ღმერთი მოწყალეა, ერთ ლუკმაპურს ყველგან ვიშოვით. აი, ჩემი მიხა სამსახურში ჩადგება, ჩვენც ოჯახში დავტრიალდებით, ხელს გავანძრევთ, მშიერი არ დავრჩებით. მოხუცებული კაცი ვარ, მთავრობა ისე არ დამტოვებს, პენსიას დამინიშნავს და იოლად გავალთ.
– მაინც, საით აპირებ გამგზავრებას?– ხელახლა შეეკითხა მაიორი ირემაძე.
– აკი მოგახსენეთ, ქალაქში მეთქი. ჯერჯერობითი ჩემი ძმის სახლში დავბინავდები. სახლი მაინც უპატრონოდ არის მიგდებული, სულ არა იყოს რა, მოუვლით მაინც.
– რა განა შენი ძმა თვითონ ვერ მოუვლის თავის სახლს, რაღა შენი მოხმარება სჭირდება?
– აკი მოგახსენეთ, შენი ჭირიმე, სახლი უპატრონოდ არისმეთქი მიგდებული, ის ჩემი უბედური ძმა და მისი ჯალაბი დაჭერილები არიან. სიბერემდე სიქაჩლეო, რომ იტყვიან, სწორედ ისე დაემართათ იმ უბედურებს ვიღაცას დაუბეზღებია და ბოროტი ენების გამო დაუჭერიათ ისიცა და ჩემი რძალიც. არა უშავს რა, ღმერთი მოწყალეა, სიმართლე თავის გზას არ დაჰკარგავს.
– ვინ არის თქვენი ძმა? – შეეკითხა კაპიტანი ნოდია.
– ღრმაღელეში ცხოვრობდა, – მოგახსენებენ გიგო ფანტიაშვილისა, ერთი ხეიბარი კაცი იყო.
– გიგო ფანტიაშვილი თქვენი ძმა არის? – გაკვირვებით შეეკითხა ხელახლა ნოდია, – კარგი და, თქვენი გვარი ხომ ხაპიაშ ვილია?
– ჩვენ დედით ვართ ძმები, მამები კი სხვადასხვა გვყავდა. იმისი მამა ჩემი მამინაცვალი იყო.
– მაშ ასე, არ გვღებულობ სტუმრად? რას იზამ, მაშინ ჩვენ უნდა დაგპატიჟოთ, – ჩაუნისკარტა ირემაძემ.
– დამპატიჟოთ?! რა ისეთი გამოჩენილი კაცი მე მნახეთ, რომ ჩემს დაპატიჟებასაც კადრულობთ? – ეჭვით ჩაილაპარაკა მეწისქვილემ.
– ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თქვენ დაპატიმრებული ხართ.
– რათა, შვილო, რა დამიშავებია ასეთი, რომ მატუსაღებთ ჩემი დღე და საათი შრომაში გამიტარებია, ერთი დღე არ მინახავს ნათელი. თუ იმას იტყვით, რომ ნაკულაკარიაო, რაც ჩვენი მთავრობა დადგა, მე სულ შრომაში ვარ და მამაჩემისათვის პასუხს მე ხომ არ ვაგებ? ის იყო და კოლექტივები რომ დაარსდა მთელი ჩემი ქონება და დოვლათი იქ შევიტანე, წისქვილი რა არის, ისიც კი არ დამიშურებია და ახლა, შვილო, ისევ მე მატუსაღებთ, ამ დრო ულ კაცს? ნეტავი რამე მაინც დამეშავებინოს.
– რაც დაგიშავებია, მაგას იქ გეტყვით. უმიზეზოდ ჩვენ ხელს არავის ვკიდებთ.
ქალებმა სცადეს წივილ-კივილის ატეხა, მაგრამ თამაზ ირემაძემ წინასწარ გააფრთხილა და ჩაუკმინდა მათ ხმა.
– გამოძახებული იქნა ორი ადგილობრივი მცხოვრები და მა თი თანდასწრებით დაიწყო ჩხრეკა. მანქანებიდან გადმოლაგებული იქნა ყველა ნივთი. მათში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.
ნახევრად დაცარიელებული ოთახების დათვალიერება მაინც ჩაატარეს. კედლების დეტალური შემოწმების შედეგად აღმოჩენილ იქნა ოსტატურად შენიღბული ჭრილი, სადაც ორი უცხოური წყობის დამბაჩა იყო ვაზნებით, იქვე იყო რკინით შეჭედილი ყუთიც.
– ეს იარაღი, შვილო, ჩემი არ არის... – დაიწყო მეწისქვილემ, მაგრამ კაპიტანმა ნოდიამ აღარ დააცადა ლაპარაკი.
– ამაზე მერე ვილაპარაკოთ, ბერიკაცო, შენ ეს მითხარი, რა არის ამ ყუთში?
– მე ეს ყუთი თავის დღეში არ მინახავს. დედაკაცო, საიდან გაჩნდა ეს ყუთი ჩემს სახლში?
მეწისქვილის ცოლი გამშრალი დაჰყურებდა ყუთს და ხმა ვეღარ ამოიღო.
– შენ გეკითხები, დედაკაცო, ეს რა ყუთია მეთქი?
– რა ვიცი, ქა, რა ყუთია. იმ ბიჭმა თუ შეინახა, მათემა, –ძლივს ამოიკნავლა მეწისქვილის ცოლმა.
– დედამთილო, საწყალ მათეს თავისი გაჭირვებაც ეყოფა, კაცი ცხრამთას იქით არის გადაკარგული. ახლა იმას გინდათ მო ახვიოთ თავზე ყველა ცოდვები? – ვეღარ მოითმინა რძალმა.
ვინაიდან ყუთის გასაღები არავინ გამოაჩინა, თამაზ ირემაძე იძულებული შეიქმნა ყუთი გაეტეხა. ყუთში ბლომად ძვირფასი ნივთები ელაგა. მათში ნატოს ძვირფასთვლიანი ბეჭედი და მისივე წერილი, რომელიც მან გაგზავნა კირა ზაბორას ხელით რაიონის მილიციის უფროსის სახელზე ლომისის სანატორიუმიდან.
კაპიტანმა ნოდიამ ნატოს წერილის ამბავი უკვე იცოდა. წამოსვლის წინ ზურაბ ლომაურმა დაწვრილებით გააცნო მას საქმის ვითარება და ახლა ეს წერილი იშვიათი მამხილებელი საბუთი იყო მეწისქვილის წინააღმდეგ.
– მაშ ასე, ოჯახის წევრებმა არ იცით ვისია ეს ყუთი და იქ აღმოჩენილი ნივთები და წერილი? – ჩააცივდა ნოდია.
– აბა, რა ვიცი. მე დღე და ღამე წისქვილში ვეგდე და სახლში რა ხდებოდა. განაღა მეკითხებოდა? დედაკაცო, შენ გეკითხები, საიდან გაჩნდამეთქი ეს ყუთი ჩვენს სახლში? – მაინც ცდილობდა თავის დაძვრენას მეწისქვილე თედო,– იქნებ იმ სულძაღლმა მოიტანა და შეინახა.
– ვინ სულძაღლმა, ჰა, რას ამბობ? – კუშტად შეხედა დიასახ ლისმა თავის ქმარს.
– ვინა და, შენმა დისწულმა, სანდრომ. უკუღმართ გზაზე დადიოდა და აკი უკუღმართადვე წაუვიდა საქმე.
კაპიტანმა ნოდია და მაიორმა ირემაძემ ერთმანეთს გადახედეს. ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომელ სანდროზე იყო ლაპარაკი. რა თქმა უნდა მანქანის მძღოლი სანდრო ყარაშვილი ჰყავდათ მხედველობაში.
– შეიძლება იმანაც შეინახა, აბა რა ვიცი, დუდუნებდა დიასახლისი.
– სანდრო ყარაშვილი შენი დისწული იყო? – შეეკითხა ირემაძე.
– ჩემი ცოლის დისწული იყო ის ადრე და მალე ჩასაძაღლებელი ისა! – დიასახლისის მაგივრად უპასუხა მეწისქვილემ, – ცოცხალი იყო, მისგან მოსვენება არ მქონდა, ჩაძაღლდა და მაინც ვერ გადავრჩი მისგან უსიამოვნებას.
ნოდიაც და ირემაძეც კარგად ხედავდნენ, რომ ახლა მეწის ქვილეცა და მისი ცოლიც თავის დასაძვრენ ხვრელებს დაეძებდნენ. რა თქმა უნდა, არც ერთს მათგანს არ სჯეროდა ის ამბავი, რომ თუნდაც ის ყუთი სანდრო ყარაშვილისა ყოფილიყო, არ შეიძლება არ სცოდნოდა ოჯახის წევრებს რა იყო შენახული ყუთში.
ნატო სულიაშვილის მკვლელობას უკვე აეხადა ფარდა. უკვე ცხადი იყო, რომ მთელი იმ სოფლების საყვარელი ექიმი, დეიდა ნატო, ამ საზიზღარ ადამიანების მსხვერპლი გამხდარა.
– კარგი, მერე გამოვარკვევთ ვისია ყუთი და ნივთები, რომ ლებიც ყუთში ალაგია, – ხელახლა მიმართა მეწისქვილეს მაიორმა ირემაძემ, – ახლა საქმეს ნუ გაგვიჭიანურებთ და გულახდილად გვითხარი, სად წაიღეთ ექიმ ნატო სულიაშვილის გვამი? ექიმ ნატო სულიაშვილის გვამის ხსენებაზე დამსწრე სოფლელებმა ყურები ცქვიტეს.
– უფროსო, – შეეკითხა ერთი მათგანი მაიორ ირემაძეს, – ჩვენ გავიგეთ, რომ დეიდა ნატო ყამირ მიწებზე წავიდაო...
– დიახ, წავიდა, მხოლოდ იქ, საიდანაც აღარ დაბრუნდებიან, უპასუხა მას ირემაძემ, – თქვენ იცნობდით ექიმ ნატო სულიაშვილს?
– იმას ვინ არ იცნობდა, ციდან მოფრენილი ანგელოზი იყო! განა ამ არემარეში არის სოფელი, რომ დეიდა ნატო არ სცნობებოდა? ყველა დეიდას ეძახდა, დიდიც და პატარაც. ჩემი შვილიც იმან გადაარჩინა სიკვდილს.
მეორე დამსწრე გაშტერებული უსმენდა ამ ლაპარაკს, ბოლოს კი ვერ მოითმინა, მივარდა მეწისქვილეს და ყანყრატოში წაავ ლო ხელი.
– აქვე დაგახრჩობ, შე სულძაღლო შენა! ახლავე მთელ სოფელს შევყრი და დედაბუდიანად ჩაგაქვავებთ იცოდე!
– დაანებეთ თავი, თქვენ აქ დამსწრედ ხართ გამოძახებული და არა მსაჯულად, – მოაშორა მეწისქვილეს დამსწრე გლეხი კაპიტანმა ნოდიამ.
მოირბინეს სოფლის საბჭოს და კოლმეურნეობის თავმჯდომარეებმა.
არავის არ სცოდნოდა ნატოს სიკვდილი, ძნელი წარმოსადგენი იყო ისეთი გლეხკაცის გამოჩენა, რომელიც ხელს ასწევდა დეიდა ნატოზე, მხოლოდ კოლმეურნეობისა და სოფლის საბჭოს თავმჯდომარეებმა, რომლებიც ოდესღაც ალმაცერად უყურებდნენ მეწისქვილე თედოს, დაიჯერეს ამ ტრაგედიის საშინელება. მეწისქვილე თედო ერთ ხანს გარინდული იდგა, შემდეგ ღრმად ამოიოხრა, ჯიბეზე იტაცა ხელი და ვიდრე უკანვე ამოიღებ და კაპიტანი ნოდია გადაუხტა და ორივე ხელი გაუკავა. როდესაც დამუჭებული მარჯვენა გაუხსნეს, იქ საწამლავი ამპულა აღმოჩნდა.
– არ გიშველის ესენი, – მიაძახა მას კაპიტანმა ნოდიამ. – გვი ანღაა ახლა. თქვენ ჯერ კიდევ საჭირო ხართ ჩვენთვის.
– კარგი, ასე იყოს, – ჩაიწკმუტუნა მეწისქვილემ ნაცემი ძაღ ლივით, – მობრძანდით.
ეზოში პატარა ბაკი იყო, სადაც საქონლის ნაკელის ზვინი იდგა. მეწისქვილემ თითი გაიშვირა და წარმოსთქვა:
– აი აქ...
ნოდიამ და ირემაძემ ორი მოწმის, თავმჯდომარეებისა და მანქანების მძღოლთა დახმარებით გადაანგრიეს ნაკელის ზვინი და იქიდან ამოთხარეს ხის უბრალო ყუთი, რომელშიც აღმოაჩინეს ტომარაში ჩადებული გვამი.
იმის შიშით, რომ სოფლელებს თავი არ მოეყარათ, სასწრაფოდ გააფორმეს აქტი. ბინა დალუქეს, სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს ჩააბარეს, გვამი მანქანით გაგზავნეს და დაბრუნდნენ რაიონში.
კაპიტანმა ნოდიამ ტელეფონით დაუყოვნებლივ აცნობა ზურაბ ლომაურს ჩატარებული ოპერაციის შედეგი და მიიღო განკარგულება სასწრაფოდ გადაეყვანა თბილისში პატიმრები და გადაეტანა გვამი.
თუმცა გვამი ხრწნის პროცესში იყო, განსაკუთრებით სახე, მაგრამ მაინც შეიქნა შესაძლებელი სახის სრული აღდგენა და სურათის გადაღება. დადასტურდა, გვამი ნამდვილად ეკუთვნოდა ექიმ ნატო სულიაშვილს.
მეწისქვილე თედოს მეტი რაღა გზა ჰქონდა, რომ სიმართლე არ ეღიარებინა. მისთვის ხომ ყველა გასაძვრენი ხვრელი უკვე დახშული იყო! მეწისქვილე თედო ხაპიაშვილი ოდესღაც ნაკულაკარი, საკუთარი წისქვილის მფლობელი, ხოდაბუნების პატრონი, წარმოშობით თუმცა გლეხი იყო, მაგრამ მთელი სოფლის ბატონ-პატრონად იყო მოვლენილი, სოფელ ნატბეურში კი არა, მთელს რაიონში იშვიათია იმისთანა არა თუ გლეხი, არამედ ნათავადარი და ნააზნაურალიც კი, რომ, მისი ფული არა მართებოდა და მასზედ არ ყოფილიყო დამოკიდებული, და აი, მოვიდა საბჭოთა ხელისუფლება და ეს ბობოლა კაცი ძირს განერთხა, ფეხქვეშ დაუვარდა თავის ნამოჯამაგირალებთ.
შეიქმნა ახალი ცხოვრება. თავისუფლად ამოისუნთქეს და ადამიანურ ცხოვრებას შეუდგნენ უწინ ჩაგრულნი და ტვირთმძიმენი. მეტი რაღა ღონე ჰქონდა თედო ხაპიაშვილს, რომ არ აჰყოლოდა ცხოვრების ახალ ზვირთებას. იგი გრძნობდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოეცალა ხელიდან ის, რაც მას და მის მამა-პაპას მოხვეჭილი ჰქონდათ ძველი ცხოვრების საშუალებით, რომ ის ძველი ცხოვრება წავიდა, დასამარდა და მისი უკან დაბრუნება აღარავითარ ძალ-ღონეს აღარ შეეძლო. იცოდა ეს კარგად თედომ და იმის ცდაშიღა შეგუებოდა ახალ გარემოებას, გამოენახა მასთან საერთო ენა. რა თქმა უნდა, გულს ვერ გაუს წორებდა. და აი, მან ქურქი გამოიცვალა, ყველაფერს დასთმობდა, ოღონდ წისქვილი არ დაეკარგა. აკი ამიტომაც, თავისივე პირადი ნება-სურვილით, ყველაფერი, კოლექტივში შეიტანა, არაფერი არ დაიშურა, წისქვილიც კი. მაგრამ მოახერხა იმავე წისქვილში დაეტოვებინათ მეწისქვილედ. მას მეტი არაფერი უნდოდა, წისქვილის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ისე ოსტატურად
მიდიოდა მის საკუთარ ჯიბეში, რომ ვერავინ ეჭვსაც კი ვერ მი იტანდა.
ეს კიდევ არაფერი, მან წისქვილი ავაზაკებისა და ბოროტმოქმედთა ბუნაგად აქცია. ამ საქმეში მას ხელს უწყობდა მისი ვაჟიშვილი მათე, რომელიც დაკავშირებული იყო უფრო მსხვილ ავაზაკებთან თავისი სიმამრის, ქოსა ყაზარას და ბიძის, გიგო ფანტიაშვილის საშუალებით.
მაგრამ გამართლდა ძველი თქმულება, კოკა მუდამ წყალს არ მოიტანსო. მისი შვილი მათე ხაპიაშვილი ჩავარდა. არავინ გასცა თავისი თანამონაწილეთაგან, ყველა დანაშაულებანი თვითონ იკისრა, ოცი წლით პატიმრობა მიიღო და ამჟამად სასჯელს შორეულ აღმოსავლეთში იხდიდა.
როდესაც სამამულო ომი დაიწყო, თედოს იმედი ჩაესახა გულში, რომ ისევ დაბრუნდებოდა ძველი დრო და ცხოვრება, ისევ გაბატონდებოდა სოფლად. ცხოვრების მწვერვალზე მოექცეოდა.
მაგრამ ნიღაბი უცბად როდი ჩამოიხსნა, ჯერ კიდევ ელოდა თავისი დღის გათენებას, მაგრამ ამას არავის არ უმჟღავნებდა, ჯერ კიდევ უბრალო მეწისქვილე იყო, ხალხს უკვე თითქმის დავიწყებოდა მისი ბობოლობა. მან შესძლო ხალხის ნდობის მოპოვება, მასზედ უკვე ეჭვი აღარავის აღარ ჰქონდა, იგი საბჭოთა ადამიანად მიაჩნდათ, ყველას ეგონა, რომ განიწმინდა ძველი ცოდვებისაგან, რომ ამჟამად პატიოსანი მშრომელია, რომელიც არ იშურებს თავის ძალ-ღონეს ხალხის საკეთილდღეოდ. პირიქით, სამამულო ომის პერიოდში იგი ერთ-ერთი პირველთაგანი გამოვიდა მოწოდებით, რათა ფული შეეგროვებინათ, ამ ფულით თვითმფრინავი შეეძინათ და ფრონტზე გაეგზავნათ. რამდენიმე ათასი მანეთის ობლიგაციებიც შეიტანა თავდაცვის ფონდში. ერთი წლის განმავლობაში რაც კი შრომადღეებზე განაწილებული პური ეკუთვნოდა, ფრონტზე გაგზავნა. ამითი დიდი ავტორიტეტი და ნდობა მოიხვეჭა. ყველა ამის შემდეგ ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს „უმწიკვლო და პატიოსანი, ერთგული და გულმართალი პატრიოტი“ სამშობლოსა და ხალხის საწინააღმდეგო საქმეს ჩაიდენდა? რა თქმა უნდა, არავინ. და ეს იყო მიზეზი, რომ მან თავისუფლად მოაწყო წისქვილში ავაზაკებისა და ხალხის მტრების ბუნაგი. ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა.
მტერი ჩრდილო კავკასიას მოადგა, მაგრამ მაინც ფრთხილად იყო მეწისქვილე თედო. მაინც ერთგული მამულიშვილის და პატრიოტის როლში გამოდიოდა, თუმცა დღიდან დღეზე, საათიდან საათზე ელოდა საბჭოების დამხობას და ძველი ცხოვრების აღდგენას.
მაგრამ არა, არ გამართლდა მისი იმედი. არცთუ ისე ადვილი შეიქმნა საბჭოთა მშრომელების მონობის უღელში შებმა. არცთუ ისე იოლი გამოდგა შრომითა და ბრძოლით, ოფლითა და სისხლით მოპოვებულის წართმევა.
მეწისქვილე თედოს ადრევე გადაუწყდა იმედი, როდესაც ფაშისტებმა პირი დასავლეთისაკენ იბრუნეს და მოჰკურცხლეს, მაშინვე მიხვდა, რომ ყოველგვარი იმედი დაკარგული იყო, მაგრამ რას იზამდა? ხალხმა ხომ არ იცოდა, რომ მის წისქვილში ავაზაკების ბუნაგი იყო მოწყობილი, რომ მის სარდაფში თავს იყრიდნენ ნაძირალები. ხალხმა ხომ არ იცოდა, რომ მისი გული არა და არა, არ იყო განსწორებული, რომ ის მტერი იყო ახალი ცხოვრებისა და მტრადვე დარჩა, გაუსწორებელ მტრად. არა, ხალხმა ეს არ იცოდა, ხალხმა იცოდა მხოლოდ ის, რომ იგი მგზნებარე პატრიოტის როლში გამოდიოდა, თავდაცვის ფონდში თავისი წვლილი შეიტანა. თვით უკანასკნელი ლუკმაც კი არ დაიშურა და მთელი წლის ნამოღვაწარი, რაც კი მას ეკუთვნოდა კოლმეურნეობებიდან, ფრონტს შესწირა, ქვეყნის განთავისუფლებას შესწირა, ეს იცოდა ხალხმა.
გავიდა წლები. ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. თედოს ავტორიტეტი გაიზარდა სოფელში. მის სიტყვას ანგარიშს
უწევდნენ, მას ფასი დაედო, ის ხალხის მეგობრად ითვლებოდა, დიდი საბჭოთა ოჯახის პატიოსან წევრად. ერთგულ მამულიშვილად. ვიღას შეეძლო ხმა ამოეღო და ეთქვა, რომ ის ნაკულაკარია, რომ ის არ იყო მუდამ ხალხთან ერთად, მან ხომ დიდი სამამულო ომის წლებში ბრწყინვალედ შეასრულა საბჭოთა პატიოსანი ადამიანის მოვალეობა, მართალია ფრონტზე არ ყოფილა, თოფით ხელში არ გაუნადგურებია მტერი, მაგრამ რა, განა მისი მამულიშვილური დახმარება ფრონტისადმი ხელს არ უწყობდა მტერზე გამარჯვების საქმეს?
როცა მისი შვილი, მათე, დანაშაულზე წაასწრეს და შეიპყრეს, ხალხმა თქვა: „მამა შვილზე პასუხს არ აგებს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მანვე ზღოსო“. თედო გულში ძალიან განიცდიდა შვილის გადასახლებას, მაგრამ ცხადლივ ამას როგორ გაამხელდა.
– შემარცხვინა, თავი მომჭრა იმ ძაღლმა, მამაძაღლმა! – ხშირად ამბობდა ის ხალხში, – მე განა ასეთი შვილი უნდა მყოლოდა?
მაგრამ ხალხი ამშვიდებდა და ეუბნებოდა.
– შენ რა შუაში ხარ, თედო, თუ ის ბიჭი გზას გადასცდა, შენ რა უნდა ქნა? შენ ხომ არ შეაგულიანე. რას იზამ, არ მომხდარიყო კარგი იყო, მაგრამ, რახან მოხდა, შენი რა ბრალია? ჩვენ გიცნობთ რა ადამიანიცა ხარ, ნეტავი შენისთანა ბევრი იყოს ამ ჩვენს სოფელში.
მეწისქვილემ ბუნაგის არსებობა, შვილის დაპატიმრების შემდეგ დროებით შეაჩერა. მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ მისი ძველი მეგობარი, გერმან ბაზილი ხელახლა ეწვია „სააგარაკოდ“, როგორც თვითონ განუცხადა. იგი ივლისის ბოლო რიცხვებში, სრულიად მოულოდნელად მოევლინა თედოს, მოინახულა თავისი ძველი თანაშემწე სანდრო ყარაშვილი, ძალიან შეაწუხა თედოს შვილის დაპატიმრების ამბავმა. მაგრამ დახე ბედს, გაცივდა, ავად გახდა და საჭირო შეიქნა ექიმის მოწვევა. შემთხვევით ნატო სულიაშვილი მოხვდათ ხელში, ექიმი, რომელმაც კარგად გაიგო და გაშიფრა ავადმყოფის ნაბოდვარი, ყველაფერს მიხვდა. როდესაც გერმანი მეორე დღეს გონზე მოვიდა. სიცხემ დაუკლო და უთხრეს, რომ იგი სიცხიანი ბოდავდა და ბევრი რამ ზედმეტი წამოროშა, რაც ყოველ ადამიანში ეჭვს გამოიწვევდა, მან მაშინვე გადაწყვიტა ნატო სულიაშვილის თავიდან მოცილების საკითხი, რა თქმა უნდა მოკვლის საშუალებით. დაინიშნა მეთვალყურეობა კირა ზაბორასი და სანდრო ყარაშვილის საშუალებით. გერმანი დარწმუნებული იყო, რომ ნატო სულიაშვილი თუკი მიხვდებოდა მის ნაბოდვარს, ლომისში ვერავის ვერ გაანდობდა ამ დიდ საიდუმლოებას, ამავე დროს, კი ეცდებოდა როგორმე ეცნო ბებინა ხელისუფლების ორგანოებისათვის. ალღომ არ მოატყუა, ორიოდე დღეც არ იყო გასული, რომ ნატო სულიაშვილის წერილი, მილიციის უფროსის სახელზე, კირა ზაბორამ მათ მოუტანა. ცხადი იყო, რომ ნატო სულიაშვილი არ მოისვენებდა, ის ხომ რამდენიმე დღეში ყამირ მიწებზე უნდა წასულიყო და ალბათ, გზად, მილიციის უფროსს ინახულებდა, გამოჰკითხავდა მიიღო თუ არა მისი წერილი და როდესაც შეიტყობდა, რომ მას არავითარი წერილი არ მიუღია, დაუყოვნებლივ ჩაუკენჭავდა ყველაფერს. მაშასადამე ნატო სულიაშვილს რაიონის ცენტრამდეც არ უნდა ჩაეღწია, იგი გზაშივე უნდა მოეკლათ. მოკვლა თვით გერმან ბაზილმა ითავა, ხოლო დამხმარედ ამ საქმეში სანდრო ყარაშვილი აირჩია. გერმანი ამას ადვილად მოახერხებდა, ისეთ გრიმს გაიკეთებდა, რომ ნატო კი არა, საკუთარი მშობელიც კი ვერ იცნობდა მას. ის ხომ ამის დიდი ოსტატი იყო. გერმან ბაზილი ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა კირა ზაბორასთან და ეს უკანასკნელი პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე მასთან, მაგრამ რადგანაც, გერმან ბაზილი ერიდებოდა აშკარად გამოჩენას, ამიტომ სანდრო ყარაშვილის საშუალებით ხვდებოდა მას. კირა ზაბორას საშუალებით დაიქი რავა ნატო სულიაშვილმა გერმან ბაზილის პირადი ავტომანქანა, მისივე საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ნატო სულიაშვილს აცილებს გზაში მისი ყოფილი ქმარი გიორგი ქურხული, მძლავრი ვაჟკაცი, რომელთანაც გამკლავება ადვილი საქმე არ იქნებოდა. ამისათვის გადაწყდა, გზაში, ნატო სულიაშვილის მოკვლამდე მოეშორებინათ თავიდან გიორგი ქურხული. მაშ ასე, გერმან ბაზილი, მანქანით მივიდოდა ნატოს ბინაზე, ხოლო სანდრო ყარაშვილი, უკან დაბრუნებისას გზაში ყბაახვეული დახვდებოდა კბილის ტკივილის მიზეზით. სანდრო ყარაშვილს თან ექნებოდა ბოთლი არყით და მოწამლული ჭიქა, რომლითაც გზაში მოწამლავდნენ და დააძინებდნენ გიორგი ქურხულს. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო გიორგი ქურხულის მოკვლა, მაგრამ იმის შიშით, რომ იგი მხოლოდ გასაცილებლად მიდიოდა და მაშასადამე, თან არ წამოიღებდა თავის ნივთებს, ლომისში რომ აღარ გამოჩნდებოდა, დაიწყებდნენ მის ძებნას, საქმეში ჩაერეოდა მილიცია და შეიძლება ყველაფერი გამომჟღავნებულიყო. ამისათვის გიორგი ქურხულს მხოლოდ დააძინებდნენ. ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც წინასწარ იყო გათვალისწინებული. გერმან ბაზილმა მანქანით წამოიყვანა ექიმი ნატო სულიაშვილი და გიორგი ქურხული, ეს უკანასკნელ გზაში დაათვრეს და მანქანიდან გადმოაგდეს, ხოლო ნატო მოჰკლეს და მისი გვამი წისქვილში ჩამოიტანეს დასამარხავად.
მართლაც, მეწისქვილის მიერ, გვამი ისეთ ადგილას იქნა დაფლული, სადაც არავინ არ დადის, მაშასადამე მისაგნებადაც ძნელი იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, მილიციამ მაინც მიაგნო ნატო სულაშვილის გვამს და აქ უკვე საფრთხე შეიქმნა მკვლელობის გამომჟღავნებისა. მეწისქვილე მანამდისაც ხშირად ადიოდა ხოლმე გორაკზე და ათვალიერებდა უპატრონო საფლავს, ახლა რომ ავიდა, დაინახა, რომ მილიციის თანამშრომლები უტრიალებდნენ მას. იღბლად მასვე დაავალეს საფლავზე თვალყურის დევნება. ღამით თედომ და მისმა შვილიშვილმა ამოთხარეს გვამი მიწიდან, წყალ-წყალ ატარეს, მიიტანეს თავიანთ ეზოში და დაფ ლეს ბაკში, ნაკელის ზვინის ქვეშ. შემდეგ უკანვე დაბრუნდნენ. თედოს ბრძანებით, შვილიშვილმა, მიხამ, ქვით თავი გაუტეხა თავის პაპას, პირში ჩვარი ჩასჩარა და ხეზე თოკით მიაკრა, რომ ამ საშუალებით თვალი აეხვიათ მილიციის თანამშრომლებისათვის. მაგრამ, დასწყევლის ღმერთი, ნეტავი საიდან მიაგნეს და გა მოარკვიეს, რომ ამ საქმეში მეწისქვილე თედო იყო გარეული?
ზურაბ ლომაური გაკვირვებული უსმენდა მოხუც მეწისქვილეს და ფიქრობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გასწორდება მგლის გული. რომ იგი ბატკნად ვერ გადაიქცევა. ამავე დროს მას ანცვიფრებდა ის ოსტატური მოხერხება, რომელსაც ათეული წლების მანძილზე სჩადიოდა თედო ხაპიაშვილი.
მაიორი ირემაძე არანაკლებ განცვიფრებული უსმენდა თედოს აღსარებას და თავის თავისათვის ვერ ეპატიებინა, რომ მის სამოქმედო ტერიტორიაზე ასეთი საშინელი ბოროტმოქმედი ბოგინობდა და მან დროზე ვერ აუღო ალღო, ვერ გამოამჟღავნა, ამ შხამიან გველს ვერ გაუსრისა თავი.
– თუ რა საზიზღარ საქმიანობას ეწეოდით საზოგადოების წინააღმდეგ, ამას ჩვენ შემდეგ დავაზუსტებთ დაწვრილებით, მითხარით, რატომ დაგჭირდათ წყალ-წყალ სიარული, როდესაც გვამი გადაიტანეთ სოფელში. თქვენს ეზოში დასამარხავად? – შეეკითხა მეწისქვილეს ზურაბ ლომაური.
– ეჭვი გვქონდა, რომ სამძებრო ძაღლს გამოიყენებდით და იმის შიშით. ყველამ იცის, რომ წყალში ძაღლი კვალს ჰკარგავს. გარდა ამისა ყოველმხრივ ვეცადეთ, კვალი აგვერია.
– ვინ დასწვა წისქვილი? – ხელახლა შეეკითხა ლომაური.
– მიხამ, ჩემი მითითებით.
– რა მიზანი ჰქონდა წისქვილის დაწვას?
– დიდი ხანია ვაპირებდი სოფლიდან აყრას და გადასახლებას, ჯერ კავკავში, შემდეგ კი თბილისში გადავწყვიტე. ჩემი ძმის სახლში ვაპირებდი დაბინავებას. ჩემი ძმა ხომ დაპატიმრებულია თქვენთან და სახლი უპატრონოდ არის მიტოვებული. გადასახლების შემდეგ არ მინდოდა სოფლისათვის დამეტოვებინა წის ქვილი. ის ხომ მამაჩემის აშენებულია და ჩემი ამაგიც ბევრია ჩაყრილი. ბევრჯერ ვიფიქრე მისი დაწვა, მაგრამ მეშინოდა ჩემზე ეჭ ვი არავის მოეტანა. აქ კი, როდესაც გვამი მოვიპარეთ და წავიღეთ, შემდეგ კი ისე მოვაწყეთ საქმე, თითქოს თავს დაესხნენ და ძალა იხმარეს ჩემზე, ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა წის ქვილის დაწვისა, ისე, რომ ჩემზე ეჭვს ვეღარავინ მოიტანდა, თვით მილიციის თანამშრომლები იქნებოდნენ მოწმენი: როცა წისქვილი დაიწვა მე მაშინ ხეზე ვიყავი მიკრული, მაშასადამე ვერც ჩავიდენდი დანაშაულს, ამას მილიციის მუშაკებიც დამიდასტურებდნენ. გარდა ამისა, იფიქრებდნენ, რადგანაც მე ყა რაულად ვუდექი გვამს, შურისსაძიებლად დასწვავდნენ წისქვილს, რომ ვითომდა ჩემთვის ლუკმაპური მოესპოთ.
– ხომ იცოდით, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი ხალხის საყვარელი ადამიანი იყო, მათი ჯანმრთელობის გუშაგი, რამდენი გან წირული ავადმყოფი მოუბრუნებია და სიკვდილის ხელიდან გამოუგლეჯია. როგორ გაიმეტეთ მოსაკლავად? განა არ შეგეძლოთ არ მოგეკლათ, არამედ გერმან ბაზილი გასცლოდა იქაუ- რობას და ამით დაგემთავრებინათ საქმე? – შეეკითხა მაიორი ირემაძე. თედო ხაპიაშვილმა გაკვირვებით შეხედა მას და უპასუხა:
– ჯერ ერთი, ვინ დამიჯერებდა, რომ ჩემთან მართლა ტურისტები ჩამოვიდნენ. როგორც კი ხელისუფლება შეიტყობდა, ვინც იყო ჩემი სტუმარი, თქმა არ უნდა, მაშინვე წამავლებდნენ ხელს და შეუძლებელიღა იქნებოდა თავის დაძვრენა. ესეც იქით იყოს, თქვენ ამბობთ, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი ხალხის საყვარე- ლი ადამიანი იყოო, განა ეს უკვე საკმარისი მიზეზი არ იყო მის მოსაკლავად? მე ხომ უკვე გამოგიტყდით, რომ ხალხის მტერი ვიყავი, ამავე სულისკვეთებით აღვზარდე ჩემი შვილი მათე და ცოლის დისწული სანდრო ყარაშვილი. განა შეიძლება ხალხის მტერს ხალხის მეგობარი უყვარდეს და დაინდოს? უნდა მოგახსე- ნოთ, რომ მე ძველი გიმნაზია მაქვს დამთავრებული, მთლად უცოდინარი არ გეგონოთ, ძველებს აღარ ახსოვთ ეს ამბავი, ახალგაზრდებმა არ იციან, მე კარგად ვლაპარაკობ რუსულს, უკვირთ, მეკითხებიან სად ვისწავლე, მე მათ ვეუბნები, რომ ძველი დროის ნასალდათარი ვარ და ჯარში ყოფნის დროს შევისწავლე- მეთქი. სულელებს სჯერათ. ჯარში სულ არა ვყოფილვარ. ჩემი ჯარიდან განთავისუფლება კაი დიდი ფული დაუჯდა მამაჩემს. მე რუსული გიმნაზია მაქვს დამთავრებული. თუმცა უმაღლესი განათლება არ მიმიღია, მაგრამ საერთო განვითარებით არავის ჩამოვრჩები. და აი, ეს გათვითცნობიერებული ადამიანი კოლექტი- ვის მეწისქვილედ გადავიქეცი. ჩემი ნამოჯამაგირალი, დღეს თავმჯდომარედ არჩეული, ჩემი ბატონი და მბრძანებელი გახდა. ადამიანის ღირსების ამაზე უფრო დამცირება ვერც კი წარმომიდგენია.
– არავითარი შრომა არ არის სათაკილო. შრომაც არის და შრომაც. მაგრამ ამაზე ლაპარაკი შორს წაგ- ვიყვანს და არ არის საჭირო.
– თქვენ ძალიან გულახდილი ხართ. – დავიღალე, მომქანცა ცხოვრებამ. მე კარგად ვიცი, რომ ვე- რავითარი კუდის ქნევა ვეღარ მიშველის და ამისათვის აღარაფერს აღარ ვმალავ. მე ხომ შემეძლო ბოლომდე წარმომედგინა ჩემი თავი უბრალო, ძველ გაუნათლებელ გლეხად უეჭველად შე მეძლო და თქვენც დამიჯერებდით, ახლა კი ყველაფერი სულერთია ჩემთვის. რამდენიც არ უნდა ვიქნიო კუდი, დამსახურებულ სასჯელს ვერ ავცდები. როდესაც სასამართლოს წინაშე წარვსდგები, იქაც ყველაფერს გულახდილად ვიტყვი, არაფერს აღარ დავმალავ. ის არ გეგონოთ, რომ მე ვინანიებდე ჩემს წარსულს, არა, რაც გამიკეთებია, შეგნებულად გამიკეთებია და უკვე გვიანღაა თითზე კბენანი. არც ვაპირებ. მე გულახდილი ვარ იმისათვის, რომ გაგრძნობინოთ თქვენ, ხანდახან როგორ სცდებით ადამიანებში. მე ყველაფერს ვლაპარაკობ ისე, როგორც იყო, თქვენ დასწერეთ, ქაღალდი ყველაფერს იტანს: სასიკვდილო განაჩენიც ქაღალდზე იწერება და სასიყვარულო მოკითხვის ბარათიც, ლანძღვაც ქაღალდზე იწერება და მილოცვის წერილიც.
– როგორ ჩაუვარდა ხელში სანდრო ყარაშვილს ნატოს ბეჭედი?
–უცნაური შეკითხვაა. ნატო ცოცხალიც მათ ხელში იყოდა მკვდარიც. როდესაც მთვრალი, უფრო კი მოწამლული გიორგი ქურხული მანქანიდან გადმოაგდეს, ნატომ წინააღმდეგობა გაუწია, მაშინ იყო, რომ გერმან ბაზილმა დანა დაჰკრა ნატოს და მოჰკლა. სისხლიანი დანა გიორგი ქურხულს ჩაუდეს პიჯაკის უბის ჯიბეში. სანდრო ყარაშვილმა ურჩია გერმან ბაზილს, ნატოს გვამი იქვე დაეგდოთ, რომ შთაბეჭდილება შეექმნათ ვითომ ნატო მისმა ყოფილმა ქმარმა მოჰკლა. გერმანი არ დასთანხმდა ამაზე და უპასუხა, რომ მილიცია თუკი აღმოაჩენდა გამალებულ ძებნას დაიწყებდა ცხელ კვალზე და გვამი მკვლელის მიგნებას გაუადვილებდა.
– მაშ, კარგი, რახან ასეა, შენ გვამი ჩაიტანე წისქვილში, მე კი სოფელში გადავალ, საქმე მაქვს, თან ჩემს დანიშნულსაც ვნახავ და დილით მეც ჩამოვალ წისქვილში. – უთხრა სანდრომ.
– ბიჭო დანიშნულთან ხელცარიელი მიდიხარ, შე პირძაღლო?
– შეეკითხა მას გერმანი.
– ხელცარიელი, აბა რა ეშმაკი წავუღო, როცა არაფერი მაქვს!
– უპასუხა სანდრომ.
– მოდი აქ, შე დოყლაპია, – დაუძახა გერმანმა. მან ადრევე შეამჩნია ნატოს თითზე ძვირფასი ბეჭედი, იქ ბეჭდის წამოძრობა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, თითი ბეჭდიანად მოაჭრა მოკლულს. სანდროს ჯიბეში ჩაედო და უთხრა:
– აჰა, წაუღე, ამაზე ძვირფასს რას მიუტან? ამისთანა საჩუქრი სათვის უეჭველად კოცნით დაგაჯილდოებს.
გერმან ბაზილი მანქანით წავიდა წისქვილისაკენ, სანდრო ყარაშვილი კი ტყით გაემართა, რომ მოკლედ გადასულიყო სოფელში. შუა ტყეს რომ გადიოდა გაჩერდა თურმე, პაპიროსი ამოიღო და თან ბეჭდიანი თითი ამოაყოლა. თითი იქვე გადააგდო, ბეჭედი შეინახა, პაპიროსი გააბოლა და სოფლისაკენ გასწია, – მეწისქვილის ამ ნათქვამმა, იმ დიდ საიდუმლოებას თუ როგორ გაჩნდა თითი ტყეში, საბოლოოდ ახადა ფარდა. ზურაბ ლომაურს თვალები გაუბრწყინდა და კმაყოფილებით შუბლზე გადაისვა ხელი.
– ვინ ჩავიდა ყამირ მიწებზე, ნატოს საბუთებით?
– კირა ზაბორა. – უპასუხა მეწისქვილემ, – ჩვენ დარწმუნებუ ლი ვიყავით, რომ ნატო სულიაშვილის დაკარგვაზე დიდი განგაში ატყდებოდა. არც იმის იმედი გვქონდა რომ გიორგი ქურხული ნამდვილ დამნაშავედ იქნებოდა აღიარებული. ამისათვის აჭირო იყო ყამირ მიწებზე რამდენიმე ხნით ჩასულიყო სანდო პირი, რომ იქ შეექმნა შთაბეჭდილება, ვითომც ნატო სულიაშვილი ნამდვილად ცოცხალია. ჩვენი არჩევანი კირა ზაბორაზე მიდგა.
– რატომ რამდენიმე ხნით? – ხელახლა შეეკითხა ზურაბ ლომაური.
– ჯერ ერთი იმიტომ, რომ კირა ზაბორა ვერ შესძლებდა ექიმის მოვალეობის შესრულებას, ეს ჩვენთვის ცხადი იყო და ადვილად გამომჟღავნდებოდა სიყალბე, მეორე კი, ვინ იცის იქნებ იმისთანა პირს ენახა, რომელიც ადრევე იცნობდა ნატო სულიაშვილს და როდესაც მისი სახელით სულ სხვა პიროვნებას ნახავ და, მაინც ატყდებოდა განგაში. ყამირ მიწებზე ხომ აუარებელი ხალხი მიდის დასასახლებლად თუ დროებით სამუშაოდ.
– თუნდაც, მაგალითად, შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო იქ ნატოს ყოფილი ქმარი ინჟინერი გიორგი ქურხული... ჩაურთო სიტყვა ზურაბ ლომაურმა.
– არა, ჩვენ ამისი სრულებითაც არ გვეშინოდა. ჩვენ წინასწარ გვქონდა განზრახული გიორგი ქურხულის თვითმკვლელობის ინსცენირება.
– ინჟინერი გიორგი ქურხული თქვენ მოჰკალით?
– დიახ, გერმან ბაზილმა და სანდრო ყარაშვილმა მოაწყეს მკვლელობა. ეს საჭირო იყო. ნატოს წერილი გერმან ბაზილმა შეთხზა.
– სად არის ამჟამად გერმან ბაზილი?
– არ ვიცი და არც მაქვს უფლება ვიცოდე.
– გამოდის, რომ გერმან ბაზილი განსაკუთრებული ტიპის ავაზაკი ყოფილა.
– დიახ, ასეა. ბაზილისთანა ტიპებს იშვიათად შეხვდებით ცხოვრებაში. ეს ის პიროვნებაა, რომელიც ფულის გულისათვის მშობელ მამას გაუყრის გულში დანას. მისი ნიჭი და უნარი ამ საქმეში ფენომენალურია. მისი ხელში ჩაგდება ადვილი როდია. ერ თად ერთი რაც მას დაღუპავს ის არის, რომ სმა უყვარს და სმის დროს, როგორც იტყვიან ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. საერთოდ კი გერმან ბაზილისთანები არა მგონია კიდევ იყვნენ, ის ერთად ერთია და განუმეორებელი. როგორც გითხარით, გერმან ბაზილის შეპყრობა ადვილი საქმე არ გეგონოთ. მაგისთანა მოხერხებული კაცი მეორე არ დაბადებულა. მთელ საბჭოთა კავშირში არ არის იმისთანა კუთხეკუნჭული, სადაც მას არ ჩაედინოს დანაშაული, იცნობს მთელ ბოროტმოქმედთა წრეს. მისი სიტყვა კანონია ყველა კვალიფიციური დამნაშავისათვის ის ჩვენთან გერმან ბაზილის სახელით არის ცნობილი, იქ კი, სადაც ამჟამად იმყოფება, ვინ იცის რა სახელსა და გვარს ატარებს ის ხომ ნამდვილი არტისტია და შეუდარებელიც.
– სად არის ამჟამად თქვენი შვილიშვილი მიხა?
– არ ვიცი, როგორც კი ჩემს დაპატიმრებას გაიგებდა, უეჭველად მიიმალებოდა.
– არ შეიძლება არ იცოდე, სად შესძლებს თავშესაფრის მოპოვებას თქვენი მიხა.
– არა, არ ვიცი. ის ჩემგან დამოუკიდებელია. მან არ იცის ჩემი საქმიანობა. ის მხოლოდ ნატოს საქმეში დავიხმარე მე პირადად, რადგან სხვა დამხმარე არავინ მყავდა. უცხოს ვერ ვენდობოდი, მით უმეტეს სოფლად. მიხა სრულიად შემთხვევითი მონაწილეა და მან არც კი იცის რა მიზნით იქნა ყველაფერი ჩადენილი.
ზურაბ ლომაური აშკარად ხედავდა, რომ თედო მეწისქვილე სტყუოდა, რომ მას უნდოდა თავისი შვილიშვილი მშრალზე გამოეყვანა ამ საქმიდან. იგი დარწმუნებული იყო, რომ მიუხედავად მისი გულახდილობისა, მიხაზე ვერაფერს ათქმევინებდა. ამ საკითხზე საუბარი აღარ გაუბამს.
– იცნობთ თუ არა თქვენ ქოსა ყაზარას? – მოულოდნელად შეეკითხა თედოს ზურაბ ლომაური.
თედო ხაპიაშვილი ალბათ ადრევე მოელოდა ამ შეკითხვას, რომ არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა.
– ყაზარ წყალობიჩს როგორ არ ვიცნობ მისი ქალიშვილი ჩემი რძალია, მიხას დედაა.
– რა განწყობილებაში ხართ მასთან?
– მხოლოდ ნათესაურში, მეტი არაფერი.
– სჯობს სიმართლე აღიაროთ, ჩვენ უტყუარი საბუთები გვაქვს, რომ გერმან ბაზილი მის ბინაში აფარებდა თავს. თქვენ კი დაკავშირებული იყავით გერმან ბაზილთან.
– მე არ ვიცი სად აფარებდა თავს გერმან ბაზილი, ადვილი შე საძლებელია აგრეც იყოს, მაგრამ ამას ჩემთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა? ყაზარ წყალობიჩს კარგა მოზრდილი ბინა აქვს. როგორც გამიგია, მასთან ღამის გასათევად დადიოდნენ სხვადასხვა ჩამოსული პირები და ფულსაც იხდიდნენ. ყაზარ წყალობიჩი, ნამიკიტნარი კაცია, ფულის მოყვარული. ვინ იცის, ფულის გულისათვის შეიძლება მასაც ღებულობდა და ღამეს ათევინებდა. მე არც იმისთანა სულელი ვიყავი, რომ რაიმე საქმიანი კავ შირი გამება ვაჭართან, რომელიც ფულის გულისათვის ყველაფერს ჩაიდენს.
ზურაბ ლომაური მიხვდა, რომ დღეს მაინც ვეღარაფერს გამოათქმევინებდა თედოს. ხედავდა ბერიკაცი მოიქანცა და ამან ერთგვარი გაბრაზება გამოიწვია მასში, ამიტომ გადაწყვიტა შეეჩერებინა დაკითხვა. პატიმარი საკანში გაგზავნა, თვითონ კი სამ მართველოს უფროსთან გამოცხადდა და ვრცელი მოხსენება წარუდგინა.
თედო ხაპიაშვილის დაკითხვით ნათელი მოეფინა ნატო სულიაშვილის მკვლელობის ბუნდოვან საქმეს. მთავარი კი ის იყო, რომ ზურაბ ლომაურის ყველა ადრინდელი დასკვნა გამართლდა. მეწისქვილე თედომ ბევრი რამ საგულისხმიერო თქვა თავის ჩვენებაში. მან უფრო მეტი იცოდა, ვიდრე ამას წარმოიდგენდა ზურაბ ლომაური. ერთადერთი მხოლოდ ის იყო, რომ თავის ბნელ საქმიანობაში არ გარია შვილიშვილი მიხა და რძლის მამა, ყაზარ წყალობიჩი.
მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ნატო სულიაშვილიც და გიორგი ქურხულიც ორივე მოკლულები იყვნენ გერმან ბაზილის მიერ, უფრო გაუცხოველდა სურვილი, რაც შეიძლება მალე ყოფილიყო შეპყრობილი იგი. მაგრამ აქ მარტო გერმან ბაზილის პიროვნება როდი აინტერესებდა ზურაბ ლომაურს. არანაკლებ საინტერესო იყო კირა ზაბორაც. განა კირა ზაბორა არ იყო თავიდან ბოლომდე ხელის შემწყობი და თანამონაწილე მთელი ამ საქმისა? განა კირა ზაბორა არ ასრულებდა ხალხის მტრების ავაზაკურ დავალებებს და მანვე არ მოაწყო ნატოს მკვლელობის ორგანიზაცია?
კირა ზაბორას საშუალებით შეიტყვეს, რომ ნატო სულიაშვილი ყამირ მიწებზე უნდა წასულიყო.
კირა ზაბორამ, იმის მაგივრად, რომ მილიციის უფროსისათვის ჩაებარებინა ნატო სულიაშვილის წერილი, მეწისქვილეს გადასცა.
კირა ზაბორამ „დაუქირავა" ავტომანქანა ნატოს წინასწარი განზრახვით, რომ იმ მანქანის მძღოლი გერმან ბაზილი და სანდრო ყარაშვილი მოჰკლავდნენ მას.
კირა ზაბორამ მისცა სანდრო ყარაშვილს მოწამლული ჭიქა, რითაც უგრძნობელ მდგომარეობამდე მიიყვანეს გიორგი ქურხული, რათა მას ხელი არ შეეშალა მკვლელობისათვის.
კირა ზაბორა წავიდა ყამირ მიწებზე ნატო სულიაშვილის საბუთებით.
განა ყველაფერი ეს არ ლაპარაკობს იმაზე, რომ კირა ზაბორა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ხელისშემწყობი იყო ამ განსაკუთრებულ ბოროტმოქმედებისა?
ვინ არის იგი? რას წარმოადგენს? არის თუ არა საზოგადოები სათვის უსაშიშრესი პიროვნება? უეჭველად არის! მას აუცილებლად კიდევ ექნება ჩადენილი, თუ უფრო უარესი არა, მსგავსი და ნაშაულებანი მაინც.
როდესაც ზურაბ ლომაური წარუდგა მოხსენებით სამმართველოს უფროსს. ყველა ეს თავისი მოსაზრებანი მოახსენა. სამმართველოს უფროსი კმაყოფილი დარჩა საქმის ასეთი წარმატებით. დანაშაული დამტკიცდა, დამნაშავენი ნაწილი თუ შეპყრობილია, ნაწილი უკვე ცნობილია და რაღა თქმა უნდა, ეს უეჭველად დიდი მიღწევა იყო, მაგრამ მაინც უსაყვედურა ზურაბ ლომაურს, რომ მან ვერ შესძლო ხელში ჩაეგდო თვით გერმან ბაზილი მაშინ, როდესაც იგი აქ იმყოფებოდა, თბილისში და ახლა ძებნა სჭირდებათ სადღაც უცხო ადგილას.
მართალია, მათ შესაპყრობად ორი გამოცდილი ოპერატიული მუშაკი გაიგზავნა, რომელთა პროფესიონალურ თავმოყვარეობა იმდენად დიდია, რომ ისინი, რაც კი შესაძლებელია ყოველგვარ საშუალებას გამოიყენებენ საქმის დასაგვირგვინებლად, მაგრამ მაინც აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. აქ მთავარი იყო გერმან ბაზილის შეპყრობა, თუმცა კირა ზაბორაც არ იყო მეორეხარისხოვანი, თუკი გერმან ბაზილი ხელში ჩაუვარდებოდათ, ალბათ მოახერხებენ კირა ზაბორას ადგილსამყოფელის დადგენასა და შეპყრობას.
გიორგი ქურხულის დაკრძალვის დღეს ხომ იქნა მიღებული სამძიმრის დეპეშა ნატო სულიაშვილის სახელით.. ეჭვგარეშეა, ეს დეპეშა, დარუბანდიდან გამოგზავნილი, იქნებოდა კირა ზაბო რას მიერ. საიდან შეიტყო კირა ზაბორამ გიორგი ქურხულის სიკვდილი, ან რატომ გამოგზავნა დეპეშა? რა თქმა უნდა, ეს გერმან ბაზილის სპეციალური დავალება იყო. მან აცნობა გიორგი ქურხულის სიკვდილი და მანვე დაავალა დეპეშის გამოგზავნა. მაშასადამე გერმან ბაზილს სისტემატური კავშირი ჰქონდა კირა ზაბორასთან. მაგრამ ვისი საშუალებით? ორში ერთი: ან ქოსა ყაზარას საშუალებით, ან მერი მალდონატოსი.
– მიიღეთ რაიმე ცნობა არჩილ ჩოხელისაგან? – შეეკითხა ზურაბ ლომაურს სამმართველოს უფროსი.
– გარდა იმ ორი დეპეშისა, ერთი კიროვაბადიდან, ხოლო მეორე ბაქოდან, რომლის შესახებ უკვე მოგახსენეთ, ჯერჯერობით მეტი არაფერი, უპასუხა ზურაბმა.
–ის დეპეშები არაფერს იძლევა, შეუთვალეთ ბაქოს მილიციის საშუალებით, სასწრაფოდ წარმოადგინოს ვრცელი მოხსენება. თუ საჭირო იქნება დასახმარებლად გაუგზავნეთ იგორ ვოლკოვი, მხედველობაში არ გამოტოვოთ მერი მალდონატოც, ისიც მჭიდრო კავშირშია ამ ავაზაკებთან, – შეახსენა ზურაბ ლომაურს სამმართველოს უფროსმა, – თუ აქამდე არ მივიღეთ მის წინააღმდეგ ზომები, იმისათვის, ხომ მისი თავისუფლად ყოფნა ჩვენ გვჭირდებოდა ოპერატიული
მოსაზრებით, ხოლო, როგორც კი მისი საშუალებით მივაგნებთ მთავარ დამნაშავე პირებს, იგი და- უყოვნებლივ უნდა იქნეს დაპატიმრებული. ერთი სიტყვით საქმე დააჩქარეთ. იცოდეთ, რომ გერმან ბაზილს, გარდა ნატო სულიაშვილის და გიორგი ქურხულის მკვლელობისა, სხვა ცოდვებიც ბევრი აძევს კისერზე. გარდა ამისა, ის და კირა ზაბორა, ხოლო შეიძლება მერიც საინტერესო იქნებიან სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისათვის.
ზურაბ ლომაურმა მოისმინა სამმართველოს უფროსის მითითება და აპირებდა თავის კაბინეტში დაბრუნებას, მაგრამ იგი შეაჩერა კომისარმა.
– როგორ მიდის ყაზარას დაკითხვის საქმე? – შეეკითხა იგი.
– მოთვინიერდა, ისე აღარ ჯიუტობს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გულწრფელი, – უპასუხა ლომაურმა,
– ალბათ შვილიშვილმა მარგომ თუ გასტეხა და აღიარების გზაზე დააყენა, არა?
– დიახ, შვილიშვილთან დაპირისპირებამ უეჭველად დიდად იმოქმედა მასზე.
– დაადგინეთ მისი კავშირი მეწისქვილესთან, დაუჯერებელია, რომ მათ შორის არ ყოფილიყოს დანაშაულებრივი კავშირი.
– ამაში არც მე მეპარება ეჭვი, – უპასუხა ლომაურმა. კედლის საათის ისარი ორს გადასცილდა. სამმართველოს
უფროსმა უკვე დაამთავრა საუბარი ზურაბ ლომაურთან, რომ ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
– გისმენთ... პოდპოლკოვნიკი ლომაური? აქ არის. ჰო მერე... აბა! – სამმართველოს უფროს თვალები გაუბრწყინდა, ზურაბ, შენმა ბიჭებმა კარგი საქმე გააკეთეს. გივი ნათენაძე მელაპარაკებოდა, ქოსა ყაზარას ბინაში მიხა ხაპიაშვილი დაუპატიმრებიათ, მეწისქვილე თედოს შვილიშვილი, მიხედე.
ზურაბ ლომაური გაბრწყინებული სახით გამოვიდა სამმართველოს უფროსის კაბინეტიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent