შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XVII


7-06-2021, 15:02
ავტორი ciracira329
ნანახია 97

თავი XVII
„პატივცემულო ამხანაგო უფროსო!
მომიტევეთ, რომ დღემდე არ მომეცა საშუალება ვრცლად მომეწერა თქვენთვის, მოგეხსენებათ, სულ ერთთავად მატარებელში გახლდით და ისიც იმისთანა ადგილას, სადაც მეტად უცნაური თანამგზავრები შემხვდნენ, ყველაფერი აინტერესებდათ, ყველაფერს თვალყურს ადევნებდნენ და ისე არ დაწერდი რამეს ან წაიკითხავდი, რომ უტიფრად არ დაეკრათ თვალი. ალლახმა უწყის, სად დაგროვდნენ ასეთი ერთმანეთზე მიმსგავსებული ადამიანები!
ამჟამად ბაქოში ვიმყოფები და როგორც იქნა მომეცა საშუალება მომეწერა თქვენთვის. ჩვენმა „ტურისტმა“, ხუტა გაწერელიაზე მოგახსენებთ, შესანიშნავად ჩაატარა თავისი როლი. არათუ დაუახლოვდა მერის, არშიყობაც კი დაუწყო. წარმოიდგინეთ, ჩვენს ახლადგამომცხვარ „მწუხარე სახის რაინდს“ ახლად შეძე ნილი „ტობოსელი მზეთუნახავი“ გვერდიდან არ შორდება, რამდენს არ ვეცადე სალაპარაკოდ ჩამეგდო ხელში. დღეს ძლივს მოვახერხე. ჩვენ ხომ ისე ვმოგზაურობთ, როგორც უცნობები. ერთმანეთთან აშკარად შეხვედრას გავურბივართ. დიახ, როგორც მოგახსენეთ, დღეს მოვახერხეთ საუბარი, ეს შეხვედრა მეტად ორიგინალურ ვითარებაში მოხდა. მე წინასწარ გახლდით ქალაქის მილიციის სამმართველოში, სადაც მოველაპარაკე სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსს. იგი ყოველგვარ განმარტებას შემპირდა, გამომაყოლა თავისი თანამშრომელი, მე შორიდან ვანიშნე მერიზე და ხუტაზე, მან ორივენი დააკავა ვითომდა საბუთების შემოწმების საბაბით და წარადგინა განყოფილებაში, სადაც მე წინასწარ გახლდით. პირველად შეამოწმეს მერის საბუთები და როდესაც იგი გაათავისუფლეს, ხუტა გაწერელია შემოიყვანეს. უფროსმა კაბინეტის კარები ჩაკეტა, რომ უცხო თვალს არ დავენახეთ და მოგვცა საშუალება ერთმანეთთან საუბრისა. ჩვენი „დონჟუანის“ სიტყვით, მან თუმცა მოინადირა მერის გული, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მასთან მთლიანად გულწრფელი. მიუხედავად ამისა, მაინც გამოსცინცლა ორიოდე სიტყვა. მერი მიემგზავრება ქალაქ დარუბანდში. მის მეგობარ ბოშა ქალთან აზა სუმბართან. ეს ბოშა ქალი, აზა სუმბარი, ბოშათა სიმღერის და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე ყოფილა, იმ შემთხვევაში თუ დარუბანდში ვერ მოუსწრო, წავა ხასავიურტში, ხო ლო თუ იქიდანაც გაასწრო, ქალაქ გუდერმესში. მერი მალავს, რომ იგი თბილისში მუშაობდა. ხუტასთვის უთქვამს, ვითომდა ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში თავის ნათესავთან, ხოლო შემდეგ კი გაემგზავრა ბოშა ქალ აზა სუმბართან. მერის დოკუმენტე ბი გაფორმებული აქვს არა მერი მალდონატოდ, არამედ მერი კი რიაკის ასული მაკროპულოდ, თავის თავს ასაღებს ბერძნის ქა ლად, რა თქმა უნდა, ის ისეთივე ბერძენია, როგორც ხუტა გაწერელია – აფხაზი, როგორც ხუტა აცხადებს თავის თავს. მე მას დავავალე, უეჭველად დაადგინოს ვინ არის და რას წარმოადგენს ბოშა ქალი აზა სუმბარი, ანსამბლის მოცეკვავე. წარმოიდგინეთ
ჩემი გაკვირვება, როდესაც ხუტამ იმ აზას სურათი ამოიღო დი მაჩვენა, სურათზე პირწავარდნილი კირა ზაბორა იყო გამოხატული. ხუტას ეს სურათი მერის ჩანთიდან ჩუმად ამოუღია, რომ ჩემთვის ეჩვენებინა, ამრიგად ჩვენმა „მწუხარე სახის რაინდმა“ თავის „დულცინეს“ საშუალებით ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა, კირა ზაბორას კვალზე დაგვაყენა, ყველაფერი ეს ხუტას ორ ვახშმად დაუჯდა. მაგრამ საქმის დასაწყისი იძლევა იმის უტყუარ ნი შანს, რომ სწორ კვალზე ვდგავართ და დანარჩენი უკვე აღარ მოვტყუვდებით. მე, რა თქმა უნდა, ხუტა გავუშვი სასწრაფოდ. რა ვიცი, იმ შეჩვენებულმა მერიმ არ აღმოაჩინოს თავისი მეგობრის სურათის დაკარგვა და ეჭვი არ აიღოს ჩვენზე. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ თბილისში დასაბრუნებელი პირი აღარ მექნება. რა თქმა უნდა, ხუტა სურათს დღესვე შეუმჩნევლად ჩაუდებს მერის ჩანთაში. დასაწყისი არ არის ცუდი და იმედი მაქვს ჩვენი მისია კეთილად დაგვირგვინდება. აქვე მინდა მოკლედ აღვნიშნო, რომ ბაქოს მილიციის მუშაკებმა ძალიან კარგად მიგვიღეს, მოგვისმინეს, დაინტერესდნენ ჩვენი საქმით და სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი ყოველგვარ დახმარების აღმოჩენას შემპირდა.
ბოდიში, რომ დავაგვიანე ინფორმაციის გამოგზავნა. ან კი რა უნდა მომეწერა, როდესაც ბაქომდე გზაში არავითარი მნიშვნელოვანი რამ არ მომხდარა. ვეცდები ჩვენი მუშაობის შედეგი დაწვრილებით გაცნობოთ და ისიც, შეძლებისდაგვარად, სწრაფად. დარუბანდს ალბათ დღეს საღამოს გავემგზავრებით, თუ რაიმე მოულოდ ნელმა გარემოებამ არ შეგვიშალა ხელი.
ქ. ბაქო, ოქტომბრის 20. არჩილ ჩოხელი“.
ამ პატარა ინფორმაციით ზურაბ ლომაური კმაყოფილი დარჩა. კირა ზაბორას, ამჟამად ბოშათა მომღერალ და მოცეკვავეთა ანსამბლის წევრ ბოშა ქალ აზა სუმბარის კვალის დადგენა პატარა საქმე როდი იყო. ზურაბ ლომაური სწორად მოიქცა, რომ მერი მალდონატოს, ამჟამად კი მერი მაკროპულოს, არა სტაცა ხელი და არ დააპატიმრა, არ მისცა პასუხისგებაში, თუმცა ამისი საშუალება ყოველთვის ჰქონდა, ის ხომ ჯერ კიდევ გიგო ფანტიაშვი ლის დაპატიმრების დღიდან გახდა ცნობილი, როგორც ნაძარცვ-ნაქურდალის რეალიზატორი. მერი უფრო დიდ საქმისათვის ჰყავდა გამზადებული და აკი არც მოატყუა ალღომ, მან მართლა დააყენა სწორ კვალზე მისი თანამშრომლები, არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია. ეს ორი მარჯვე თანამშრომელი უკვე აღარ მოშორდებიან ამ კვალს, რომელიც მათ გერმან ბაზილამდისაც მიიყვანს და შეიძლება უფრო მეტიც, მათი იქაური მოკავშირეებიც გამოამჟღავნოს.
ზურაბ ლომაურმა სამმართველოს უფროსს მოახსენა საქმის მსვლელობა და არჩილ ჩოხელის წერილიც გადასცა. სამმართველოს უფროსი კმაყოფილი დარჩა საქმის ასეთი დასაწყისით და დაავალა ზურაბ ლომაურს მისწეროს არჩილ ჩოხელს ფრთხილად იყოს, ძალიან არ გაიტაცოს საქმის დასაწყისის ასეთმა წარმატებამ.
– მართალია, არჩილ ჩოხელიც და ხუტა გაწერელიაც ყოჩაღი ბიჭები არიან, მაგრამ არ დაივიწყონ, რომ გერმან ბაზილი განსაკუთრებული მოდგმის ავაზაკია და წინააღმდეგ არ გამოუვიდეთ, თვით ისინი არ ჩაცვივდნენ მის ხელში, თორემ როგორც ჩვენ არ დავინდობთ მას, ისე არც იგი დაინდობს ჩვენებს.
– ამხანაგო კომისარო, ჩოხელმაც და გაწერელიამაც კარგად იციან გერმან ბაზილის ზნე და ხასიათი და არა მგონია იმისთანა დოყლაპიობა გამოიჩინონ, რომ ხახაში ჩაუვარდნენ მგელს, იმის მაგივრად რომ თვით მოსპონ მგელი, – უპასუხა ზურაბ ლომაურ მა.
– მაინც გააფრთხილეთ, ზედმეტი გაფრთხილება საქმეს არ ავნებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყოს ხუტა გაწერელია. ის ხომ უკვე უშუალოდ დაუკავშირდა მერის. მაშასადამე, თუკი მან არ გაიმახვილა სიფრთხილე და დაუშვა თუნდაც მცირეოდენი შეცდომა, რაც მას გამოამჟღავნებს, ასე ვთქვათ, წერტილი დაესმება მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს. გერმან ბაზილი უკვე ორჯერ გაგვიძვრა ხელიდან, მესამედ ისეთ რკინის მარყუჟში უნდა ამოვაყოფინოთ თავი, რომ დაძვრენა ვეღარ მოახერხოს, თორემ, ვიმეორებ, თუ გერმან ბაზილმა ესროლა ქამანდი, ისე დაითრევს, რომ მისი ძვალი და რბილი აღარ დარჩება.
ზურაბ ლომაური დაეთანხმა სამმართველოს უფროსს, მართლაც ზედმეტი სრულებითაც არ იქნებოდა ხელახლა გაეფრთხილებინა თავისი თანამშრომლები, რომ მათი ეს დაკისრებული ვალდებულება კეთილად დაგვირგვინებულიყო, ამდენი გაწეული შრომა უშედეგოდ არ დასრულებულიყო და თვით ისინიც არ გახვეულიყვნენ ფათერაკში.
ზურაბმა იმავე ღამეს დაწერა ვრცელი წერილი და მეორე დღესვე გაუგზავნა არჩილ ჩოხელს.
მიხა ხაპიაშვილის დაპატიმრებამ ბევრი გამოამჟღავნა. მართალია თვით მიხა არ იყო უშუალო შემსრულებელი ყველა იმ ბო როტებისა, რასაც მისი პაპა მეწისქვილე თედო სჩადიოდა, მაგრამ ზოგიერთ საქმეში ხელისშემწყობი და დამხმარე მაინც აღმოჩნდა.
მთლიანად დადასტურდა მეწისქვილის ბნელი და ბოროტი საქმიანობა. გაბღენძილი ქოსა მიკიტანი ყაზარ წყალობიჩიც მიხას საშუალებით გამოტყდა, რომ იგი უშუალო კავშირში იყო თავის ნათესავთან, თედო ხაპიაშვილთან, ყოველმხრივ ხელს უწყობდა მას და დამტკიცდა აგრეთვე ისიც, რომ გერმან ბაზილიცა და სანდრო ყარაშვილიც რამდენიმე თვის განმავლობაში მის ბი ნაში უშიშრად გრძნობდნენ თავს.
ბევრს ეცადა ყაზარ წყალობიჩი თავი დაეძვრინა, უმანკო კრავად წარმოედგინა თავისი თავი, მაგრამ, როდესაც მას მისივე შვილიშვილი მოზარდი მარგო და მეორე შვილიშვილი მიხა ხაპიაშვილი დაუპირისპირეს, იძულებული შეიქნა ყველაფერი ეღიარებინა. ვეღარავითარმა ლათაიებმა ვეღარ უშველეს. თურმე გერმან ბაზილის თავშესაფარი ყაზარ წყალობიჩის ბინა ყოფილა, ხოლო თვით ქოსა ყაზარა არა მარტო მფარველი და შემნა ხავი, არამედ ხელისშემწყობი და ეგრეთწოდებული „საქმის მიმცემიც“. გერმან ბაზილი არავის არ ენდობოდა, თვით გიგო ფანტიაშვილსაც კი, რომლის, ბინაშიც ხდებოდა დანარჩენი ბოროტმოქმე დების თავმოყრა და ნაძარცვ-ნაქურდალის შენახვა, ხოლო შემდეგ მერისა და მისი ნაცნობ-მეგობრების საშუალებით სა ქონლის რეალიზაცია, იგი ენდობოდა მხოლოდ და მხოლოდ ამ გაბღენძილ ქოსა მიკიტანს და ეს იცოდა მარტო სანდრო ყარაშვილმა.
ავტომანქანა, რომელშიც აღმოჩნდა გერმან ბაზილის ჩემოდანი, გერმან ბაზილისავე საკუთრებას წარმოად გენდა, ხოლო მძღოლი კი ქოსა ყაზარას შვილი იყო.
ქოსა ყაზარას არა მარტო გერმან ბაზილის ხელის შეწყობა და შენახვა დადასტურდა, არამედ სხვა ბევრი ბოროტმოქმედებაც, მისი სამიკიტნოდ ქცეული სასადილო ხომ მუდმივი თავშესაფარი აღმოჩნდა ათასგვარი ნაძირალებისა, სადაც ნაძარცვ-ნაქურდალის განაწილება ხდებოდა და რომელშიც თვით ქოსა ყაზარასაც უდებდნენ წილს.
გაქსუებული ნამიკიტნარი გონს ვერ მოსულიყო და ვერაფრით ვერ აეხსნა, როგორ მიაგნეს მის ბინა-ბუნაგს, რომელიც განსაკუთრებით ჰქონდა შენიღბული. თუ გასცა ვინმემ... მაგრამ ვინ? ვერავიზედ ვერ მიეტანა ეჭვი, ვინაიდან მისი სამრევლოს ყოველი წევრი სანდოს მიაჩნდა და ვერ წარმოედგინა, თუ მათში გამცემი გამოერეოდა.
მას გაგონილი ჰქონდა ზურაბ ლომაურის სახელი, მის ზოგიერთ თანამშრომლებსაც იცნობდა და ერიდებოდა, ეშინოდა მათი, განსაკუთრებით კი თვით ზურაბ ლომაურისა, მაგრამ მაინც არ ასცდა მისი ხელი.
ქოსა ყაზარას „სამიკიტნო“ ნამდვილი სკოლა იყო დამნაშავე ელემენტებისა, თვით ნამიკიტნარი და ნაჯიბგირალი ცდილობდა
„ახალი კადრები“ მოემზადებია, მართალია ბევრს ვერავის ირჩევდა აქ წუმპეში, მაგრამ რამდენიმე ახალგაზრდის ჩათრევა მაინც მოახერხა. მერედა, ისე ოსტატურად, რომ ამას მხოლოდ კვალიფიციური ბოროტმოქმედი, გამოცდილი დამნაშავე თუ გააკეთებდა. აკი ამიტომაც ქოსა ყაზარა თავის თავს ხან მწვრთნელს და უფრო ხშირად კი „ინსტრუქტორს“ უწოდებდა.
ქოსა ყაზარას დაპატიმრების შემდეგ მასვე ზედ მიაყოლეს ყველა მისი „გაწვრთნილი“ დამქაში.
– ყაზარ წყალობიჩ, ახლა რაღას იტყვით, როდესაც თქვენი „წვრილფეხობა“ ყველა გაბაწრულია და ყველაფერში გამოტყდნენ? – შეეკითხა ერთ-ერთი დაკითხვის დროს ზურაბ ლომაური.
– უჰ, რაღა მეთქმის, უფროსოჯან, კაცს რომ თელეთის ხატი გაუწყრება, ის კაცი უნდა ადგეს და მტკვარში გადავარდეს, ჰაი, სად არის ძველი დრო! რაც მე მაშინ საქმეები გამიკეთებია, ვინ მოთვლის! კიდევაც მიჯიბგირია, კიდევაც მიქურდია, კიდევაც მიძარცვია, კაციც მომიკლავს, მაგრამ მუდამ მშრალი გამოვსუ ლვარ, მაშინ პოლიციაც ჩემისთანა კაცის ხელში იყო და „სუდიაც“. ახლა ახალი ხალხნი ხართ. სულ სხვანაირი, თქვენთან არც პურმარილი სჭრის და არც სხვა რამე. აფსუს, აფსუს, ძველო დროებავ! – ამოიოხრა ყაზარამ, თვალებზე ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო, – ახლა ვიღას უნდა ენდოს კაცი, როდესაც საკუთარი შვილიშვილები პირზე მადგებიან. ის მამაძაღლები მას არ ფიქრობენ, თუ ვაკეთებდი რამეს მათთვის ვაკეთებდი. ერთი მოხუცებული კაცი ვარ, ცალი ფეხი სამარეში მიდგას, არა, თუ მაქვს რამე, კუბოში ხომ არ ჩამაყოლებენ, განა მათ არ უნდა დარჩეთ? სიბერემდე სიქაჩლეო, სწორედ ჩემისთანაზე არის ნათქვამი, არა, შენ ეს მითხარი, უფროსოჯან, მე ძალიან ფრთხილი კაცი ვიყავი და შენ ვინ გითხრა ყაზარ წყალობიჩი ასეაო და ისეაო, არა, ეს ძალიან მეინტერესება, ჩემმა მზემ.
– ჩიტმა მოგვიტანა ამბავი, ყაზარ წყალობიჩ, ჩიტმა. – გაიღი მა ლომაურმა.
– დავიჯერებ, რა გგონია, ჩიტებიც თქვენ მხარეზე არიან და გვრიტებიც.
– ჩვენ მხარეზე კი არა, მშრომელი ხალხის მხარეზე არიან, პატიოსანი მშრომელი ხალხის მხარეზე.
რა იცოდა გაბღენძილმა ქოსამ, რომ ის ჩიტი, რომელმაც გაამჟღავნა მისი ბნელი საქმიანობა, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებისა და პირადად მათი უფროსის ზურაბ ლომაურის მრავალი უძილო ღამე და მოუსვენარი დღე იყო.
ზურაბ ლომაურმა ახალი ინფორმაცია მიიღო არჩილ ჩოხელისაგან.
„ამხანაგო პოდპოლკოვნიკო!
ქალბატონი მერი ძალზე ეჭვიანი გამოდგა. მე ხომ წინა ბარათში მოგწერეთ რომ ხუტა გაწერელიამ მას ჩანთიდან აზა სუმბარის სურათი ამოაცალა და მაჩვენა, რომელშიც მე კირა ზაბორა ამოვიცანი. წარმოიდგინეთ, ვერ მოასწრო ხუტამ იმ სურათების თავის ადგილზე მოთავსება, რომ იმ ეშმაკის ფეხმა, მერიმ, სურათის დაკარგვა აღმოაჩინა და როდესაც გაიგო, რომ სურათი ამოღე ბული ჰქონდა ხუტას, „მშვენიერი ოჯახური სცენა“ მოუწყო.
– რაში გჭირდებოდა, რატომ ამოიღე? – შეეკითხა გაბრაზებული მერი.
ხუტამ დუმილით უპასუხა:
– ისე, მომეწონა და ამოვიღე.
– ასეც ვიცოდი, სურათი ნახე და მოგეწონა ისე, რომ მისი ტა რებაც კი მოინდომე, ცოცხალი რომ ნახო და გაიცნო, მაშინ მე ხომ, შენ აღარც კი შემომხედავ! – შეჰყვირა ეჭვიანობით გაჟღენთილმა მერიმ.
– რას სულელობ, მე ეს ისე, ვიხუმრე, ვნახოთ რას იტყოდი, თორემ, რა თავში ვიხლი, აი სურათი, წაიღე და გქონდეს, მე ის სრულებითაც არა მჭირდება, შენ კი თუ ასეთი სცენები დამიწყე, იცოდე მიგატოვებ, მე ასეთები არ მიყვარს.
როგორც იყო შერიგდნენ ნეფე და პატარძალი. არა, თქვენ წარმოიდგინეთ რა „ოჯახური იდილიაა“, ისე, როგორც წიგნებში სწერენ ხოლმე ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარზე.
ბაქოდან დარუბანდისაკენ გავემგზავრეთ. გზაში მერის ფანტაზიამ მოუარა სადგურ ხაჩმასში ჩამოსულიყო მატარებლიდან და ქალაქ ყუბაში წასულიყო მანქანით. ხუტაც „დაიყოლია“ თან გაჰყოლოდა. ხუტამ ძლივს მოასწრო ორიოდე სიტყვა დაეწერა მერის ჩუმად და სადგურის ბაქანზე ჯიბიდან ცხვირსახოცის ამოღების დროს „დავარდნოდა“. წერილს მაშინვე ვტაცე ხელი. მე ვერ გავყევი ყუბაში, იქით ხომ მხოლოდ ავტომანქანები დადიან, ისევ დარუბანდში წავედი და იქ დავუწყე ლოდინი. სამი დღის შემდეგ ვეღირსე „შეყვარებულების“ ჩამოსვლას. მოგეხსენებათ, დარუბანდი პატარა ქალაქია. იმის შიშით, რომ მერიმ ეჭვი არ შეიტანოს ჩემში, რაც შეიძლება ვცდილობ თვალში არ მოვხვდე. არადა, ხუტასაგან ხომ უნდა მივიღო, ინფორმაცია? ისევ მილიცია დამეხმარა. მილიციის უფროსთან მოლაპარაკების შემდეგ ადგილობრივი მილიციის ერთ-ერთი გადაცმული თანამშრომელი აედევნა ხუტასა და მერის და რაღაც უხამსი სიტყვა ჰკადრა ქალს. აბა „რაინდის“ გული ამას როგორ მოითმენდა, ხუტამ აუტეხა ჩხუბი, „ხულიგანი" მილიციაში წაიყვანეს და „დაკითხვა“ ჩემთან მოხდა. ხუტამ მიამბო:
– მერიმ თავიდანვე როდი მითხრა, თუ ყუბაში აპირებდა გამგზავრებას, ამისთვის წინასწარ ვერ გაგაფრთხილე. სადგურ დივიჩის რომ მივუახლოვდით, მხოლოდ იქ გამომიცხადა მერიმ, რომ ყუბაში აპირებს წასვლას საჭირო საქმეზე და წინადადება მომცა გამეცილებინა, იქიდან კი დარუბანდისაკენ გავწევთო, მითხრა მან. სადგურ ხაჩმასში ძლივს მოვასწარ ორი სიტყვის და წერა ქართულად „დარუბანდში მელოდე“ და გამოვედი ბაქანზე, თვალით განიშნე გამომყოლოდი უკან და ის ბარათი დაგიგდე, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ შემოვტრიალდი და როდესაც დავინახე, რომ შენ უკვე მატარებელში ადიოდი, მივხვდი ბარათი ხელში ჩაგივარდა და დავმშვიდდი, თორემ ვინ იცის სხვას რომ აეღო, თუმცა იქ ქართულს ვინ წაიკითხავდა, ყოველ შემთხვევაში, შენ დაგაბნევდა, ვერ გაიგებდი რატომ ჩამოვრჩით მატარებელს... ყუბაში სასტუმროში გავჩერდით. ვიდრე ქალაქში შევიდოდით, ხაჩმასის გზაზე საკონსერვო ქარხანაა. მეორე დღეს მერი იმ ქარხანაში მივიდა. რა თქმა უნდა, მეც თან ვახლდი. გამოიძახა ვიღაც ქალი, თხუთმეტიოდე წუთს ელაპარაკა ჩემთვის გაუგებარ ენაზე და დავბრუნდით უკანვე ყუბაში. გზაში შევეკითხე, ვინ იყო ის ქალი, ან რაზედ ჰქონდათ საუბარი. მერიმ მარტო ეს მიპასუხა: ის ქალი ჩემი ნათესავია, საკონსერვო ქარხანაში მუშაობს, შინაურ საქმეებზე ველაპარაკეო. ყუბის ჩრდილოეთით ხევია, ხევგაღმა კი დასახლებული უბანი. მერი მეორე დღეს იქ წავიდა, მხოლოდ მე არ წამიყვანა თან, ვიდრე ის დაბრუნდებოდა, მე მივიკითხ-მოვიკითხე და მითხრეს, რომ მთელ იმ უბანში ეგრეთწოდებული მთის ებრაელები ცხოვრობენო. როდესაც მერი დაბრუნდა, მე შევეკითხე ვისთან იყო და რატომ თან არ წამიყვანა. მან მიპასუხა, რომ იქ მისი ძმა ცხოვრობს და მის სანახავად წავიდა. მე ხელახლა შევეკითხე, შენ ხომ ბერძენი ქალი ხარ, იქ კი, სადაც შენ იყავი, ებრაელების უბანია მეთქი. მან მიპასუხა: მართალია ებრაელები ცხოვრობენ, მაგრამ რამდენიმე მოსახ ლე ბერძენიც არისო. ნაშუადღევს მერი ხელახლა წავიდა ებრაელების უბანში, მე შორიდან ისე ოსტატურად გავედევნე, რომ მას არ შევუმჩნევივარ. უბნის ბოლოს ხეტყის ქარხანა ყოფილა. მერიმ იმ ქარხნიდან გამოიძახა ვიღაცა. გამოვიდა საშუალო ტანის, შუახნის კაცი, შავ-შავი, საკმარისი იყო მენახა ვის ხვდებოდა მერი, მე მეტი არა მინდოდა მაშინვე უკან დავბრუნდი, რომ მათ თვალი არ დაეკრათ ჩემთვის. სასტუმროში წამოვწექი და თვალები მივლულე. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მერიც მოვიდა. მე აღარაფერი ვკითხე მას, ვითომ მძინებოდეს და არც მისი წასვლა გამეგოს და არც დაბრუნება. მეორე დღეს მე და მერი ჩავ სხედით მატარებელში და ამოვედით დარუბანდში. დღეს დილით, ჩამოსვლისთანავე, მერი წავიდა გალავნის ზემო ჭიშკართან, იქაც ვიღაცა მამაკაცი გამოიძახა, ახალგაზრდა, შავგვრემანი. შორიდან ვუთვალთვალებდი. ვიდრე ისინი ლაპარაკს გაათავებდნენ, მე უკვე ქალაქის ბაღში ვიჯექი და მერის ველოდი შეპირებისამებრ. მერი დაღონებული დაბრუნდა და მითხრა რომ დღესვე მიემგზავრებოდა მახაჩყა ლაში.
– ძალიან მიძნელდება შენთან დაშორება, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა წავიდე, აზა აქ აღარ ყოფილა. ამჟამად თურმე მახაჩყალაში იმყოფება,– მითხრა მან.
– შენც ნუ წახვალ, რაში გჭირდება ის ვიღაც აზა? – ვუპასუხე მე.
– არ შეიძლება არ ვნახო, იმისთანა დავალება მაქვს რომ... უცებ შეჩერდა მერი, შემდეგ შემომხედა, ნაძალადევად გამიღიმა და მითხრა: – არა, პირადი საქმე მაქვს იმისთანა, რომ ნახვა აუ ცილებელია.
მე უკვე მივხვდი, რომ მართლაც, რაღაც სპეციალური დავა ლებით წამოსულა მერი აქეთ, ალბათ მან ყუბაშიც იმიტომ შეიარა, მაგრამ, ვითომც არც კი გამეგოს მის მიერ უნებლიეთ წარმოთქმული სიტყვები, ყურადღება არც კი მივაქციე და ვუთხარი, თუ გინდა მეც წამოვალ მეთქი.
– შენ აკი დარუბანდში მოდიოდი, ამბობდი, რამდენიმე დღეს დავრჩები, კარგად მინდა დავათვალიერო ეს ძველებური ციხე- ქალაქი, სადაც სანახევროდ დანგრეული გალავანი დღესაც სალტესავით შემორტყმია ქალაქსაო.
– მართალია, ასე ვფიქრობდი, მაგრამ აქედან უნდა გავიქცე, წყალი არ არის. აქაური წყალი ზღვის მარილებით არის გაჟღენთილი და სასმელად გამოუსადეგარია, ნეტავი ხალხი როგორ სვამს! – ვუპასუხე მე.
– სამაგიეროდ ღვინო, ბევრია... მთელი დარუბანდის მიდა მოები ვენახებით არის სავსე, შენ ხომ გიყვარს ღვინო, – მითხრა მან.
– ღვინო კი მიყვარს, მაგრამ შიგ ხომ არ ჩავიხრჩობი!
– კარგი, თუ ასე გსურს სულითა და გულით, წამოდი, მაგრამ იქ ჩვენ ერთმანეთს ჩუმად თუ შევხვდებით.
– ვითომდა რატომაო?! – განგებ ძალიან გავნაწყენდი.
– ეს დროებით, ჩემო კარგო, მხოლოდ დროებით. მერე გამოიცვლება პირობები და... – მან თავი ჩაღუნა.
– მე აქ გავითამაშე შეყვარებული სულელის როლი, რომ ის ვითომდა ყველაზე ძალიან მიყვარს, ისე, რომ ჯერ არავინ არ მყვარებია, რომ მე მას ცოცხალი თავით არავის დავანებებ და სხვა მრავალი ამგვარი.
– მაშ თავს არასოდეს არ დამანებებ? შემირთავ?
– განა ამაში ეჭვი გეპარება?
– მერედა, იცი მე ვინა ვარ?
– როგორ არ ვიცი, მერი მაკროპულო, ბერძნის ქალი, ბათუმიდან.
მან გაიღიმა და მითხრა:
–იცი თუ არა, რომ მე ორი ქმარი მყავს მოკლული?
– ორი ქმარი? რატომ?
– ეჭვიანობის ნიადაგზე. მე ძალიან ეჭვიანი ქალი ვარ, ეს იცოდე კარგად. არც შენ გენდობი.
– რატომ, რით დავიმსახურე უნდობლობა?
– შენ აზას სურათი მომპარე. ის ისე მოგეწონა სურათში, ალბათ ცოცხალი რომ ნახო, მასთან გაიქცევი.
– ამიტომ არ გინდა წამიყვანო, რომ მე აზა არ ვნახო?
– თუნდაც აგრე იყოს.
– არა, მერი, შენს შემდეგ ინგლისის დედოფალიც რომ იყოს, იმასაც კი არ შევხედავ ზედ.
მერიმ გაკვირვებით შემომხედა თვალებში და რაღაც უცნაურად ჩაიხითხითა.
– სადაც არ წაგიყვანო, წამოხვალ? რაც არ დაგავალო გააკეთებ? – შემეკითხა იგი.
– შენთვის, ჩემო ძვირფასო, ყველაფერს გავაკეთებ, არაფრით უკან არ დავიხევ.
– მაშ კარგი, კარგად დაიხსომე ეს სიტყვები, იცოდე მე ორი კაცი მყავს მოკლული, არც შენზე ამიკანკალ დება ხელი ოდნავ ღალატი თუ შეგამჩნიე, – გამაფრთხილა მან და მის თვალებში რაღაც ისეთმა ნაპერწკალმა გაიელვა, თითქოს ხელში ორლესული სჭეროდეს და ჩემთვის გულში დაემიზნებინოს.
– იცი რას გეტყვით, მერი? – ვუპასუხე მე. – ძალიან ნუ შემაშინებ, მე ხელწამოსაკრავი ვინმე არ გეგონო. დრო გავა, საქმით ნახავ რა კაცთან გაქვს საქმე. მან თავი მაღლა ასწია, ხელახლა შემომხედა სახეში, მაგრამ მის თვალებში უკვე ის ნაპერწკლები აღარ oყო უკვე, თუმ ცა კუშტი გამოხედვა იყო, მაგრამ ეს გამოხედვა წააგავდა იმ ახლადგაჩენილი ცხენის გამოხედვას, რომელმაც პატრონს ვერც ლაგამი წაჰგლიჯა და ვერც ძირს გადმოაგდო, ახლა კი დაღლილი და გაოფლიანებული დგას პატრონის წინაშე და ალბათ ფიქრობს, რა გაეწყობა, რახან დამიმორჩილე, როგორც გინდა, ისე მომექეციო.
– კარგი, წამოდი, – მოკლედ მომიჭრა მან. შემდეგ წამოვედი ბაზრისაკენ და აი, ახლა აქ ვარ თქვენთან როგორც „ხულიგნობაზე დაკავებული“.
მე მეტი აღარაფერი მქონდა ხუტასთან სალაპარაკო. მხოლოდ გავაფრთხილე, რომ ძალიან ღრმად არ შეეტოპა და დიდი სიფრთხილე ჰმართებს, რომ თავი არ წააგოს. ამავე დროს დავპირდი, რომ მას მხედველობიდან არ გამოვტოვებდი და საჭირო შემთხვევაში დაუყოვნებლივ დავეხმარებოდი.
როდესაც ხუტა მილიციის შენობიდან გავიდა, მე ფანჯრის ფარდა ოდნავ გადავწიე და გადავხედე ქუჩას. მერი ქუჩაში იდგა თავდახრილი, ალბათ ეგონა, რომ ხუტას უკვე დააპატიმრებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ, რომ იგი „თავის სატრფოს“ თვალით ვეღარ ნახავდა. როგორც კი თვალი მოჰკრა, გახარებული მივარდა მას, სტაცა ხელი და გააქანა.
ამ სურათის დამნახველს გამეცინა და გუნებაში გავიფიქრე, მაგრა დაიჭი, არ გაგექცეს მეთქი.
იმ სულელს რომ სცოდნოდა, როგორი პატიმარი იყო, ან ვინ არის ხუტა გაწერელია, მილიციის შენობასთან მისვლა და ლოდინი კი არა, მგონი ცხრა მთას იქით გადაკარგულიყო ისე, რომ არც კი მოეხედნა უკან, ასეა თუ ისე, მერი ძალიან საჭირო ტიპია ამჟამად, არავითარ შემთხვევაში არ დავანებებთ თავს მანამდე, ვიდრე ჩვენი დაწყებული საქმე კეთილად არ დაგვირგვინდება, ვიდრე არ ჩავიგდებთ ხელში მთავარ ავაზაკს, მასთან ერთად კი მის დამქაშსა და მარჯვენა ხელს, კირა ზაბორას თუ ბოშა ქალს, აზა სუმბარს. მერე კი, არც ქალბატონ მერის ვაწყენინებთ. მასაც მოვუსვამთ გვერდით მის განუყრელ მეგობრებს. მაშინ ვნახავთ როგორ გაუელვებს ნაპერწკლები თვალებში.
ბოდიში, ამხანაგო უფროსო, რომ ეს მათი დიალოგი პატარა გამიჭიანურდა, მაგრამ მე იმდენად მნიშვნელოვნად ვცანი, რომ არ შემეძლო მთლიანად არ მომეწერა თქვენთვის. ვიცი, თქვენ მეტყვით: მეტისმეტად შორს წასულხართო, მაგრამ მეტი გზა არ არის. ეს სულელი დედაკაცი ძლივს ხელში ჩაგვივარდა და საჭიროა, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად.
ხუტა არ იშურებს ფულს, ხარჯავს ბევრს. ეს საჭიროა. მერე მასში ბოროტმოქმედს ხედავს, რომელიც ადვილად და უშრომლად შოულობს ფულს, ეს კი ჩვენთვის ხელსაყრელია. ნუ გეფიქრებათ, ფრთხილად ვიქნებით, მას არ წავაგებთ. ამრიგად, საქმე ჯერჯერობით კარგად მიდის. შედეგს მომავალი დაგვანახვებს.
ქ. დარუბანდი. ოქტომბრის 26.
არჩილ ჩოხელი“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent