შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XVIII


8-06-2021, 10:41
ავტორი ciracira329
ნანახია 128

თავი XVIII
„ამხანაგო პოდპოლკოვნიკო!
წერილი შემაგვიანდა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ მერი და ხუტა იმავე დღეს ვერ გაემგზავრნენ მახაჩყალაში, მეც იძულებული ვიყავი გადამედო ჩემი გამგზავრება. სამიოდე დღეს კიდევ მომიხდა დარუბანდული ღვინის სმა და კასპიის ზღვის ტალღების მზერა. როგორც მოგახსენეთ, მერის და ხუტას მოუხდათ რამდენიმე დღეს გაჩერება დარუბანდში. მერის რაღაცა დეპეშა მიეღო, თავდაპირველად ხუტას ვერ გამოერკვია საიდან და ვისგან იყო ის დეპეშა, ხოლო გუშინ საღამოთი დარუბანდში რომ ჩამოვიდა ის პიროვნება, ვისაც მერი ყუბაში ხვდებოდა, ხუტა მიხვდა, რომ მერიმ მის ლოდინში დააყოვნა მგზავრობა. მე არ მოველოდი თუ ჩვენი ხუტა ასეთი მარჯვე იქნებოდა; წარმოიდგინეთ, იგი იმ ახალ ჩამოსულს ისე დაუმეგობრდა, რომ ძველი ნაცნობები ეგონება კაცს. რა თქმა უნდა, ეს მოხდა, ერთის მხრივ მერის რეკომენდაციით, მეორეს მხრივ კი იმით, რომ ხუტა ფულს არ ზოგავს და ხელგაშლით ხარჯავს. ოღონდ საქმემ გაგვიმართლოს და ფულს ვინ ჩივის! ჩემსა და ხუტას შორის მარჯვე შუამავალი გვყავს. ეს გახლავთ ადგილობრივი მილიციის თანამშრომლის ძმა ახმედ ალიევი. ხუტა მისი საშუალებით მიგზავნის ხან წერილობით და ხან სიტყვიერ ინფორმაციას, მე კი მისივე საშუალებით ფულს და დავალებებს გადავცემ ხოლმე. ფიქრი ნუ გაქვთ, სანდო პირია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საკმარისია ისიც, რომ პარტიის წევრია, ახლახანს დაუმთავრებია სამხედრო სამსახური, ზედ მიწევნით პატიოსანი პიროვნება ჩანს. რა თქმა უნდა, იგი არ არის ჩვენი საქმის კურსში, მაგრამ ერთი რამ გასაგებია მისთვის, რომ რაღაც დიდი საიდუმლო მუშაობა მიმდინარეობს და ის, როგორც ჩვენი ქვეყნის უმწიკვლო პატრიოტი, გვეხმარება ამ მუშაობაში. განა ყველა საბჭოთა პატიოსანი მოქალაქე არ არის ვალდებული, რომ გვეხმარებოდეს? თქვენ მუდამ გვასწავლიდით, რომ ბოროტმოქმედებთან ბრძოლის საქმეში ფართოდ ჩავაბათ მოსახლეობა და გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ბოდიში, მე რომ გწერთ ხუტა გაწერელია ხელგაშლით ხარჯავს მეთქი ფულს, ეს ისე არ მიიღოთ, ვითომდა იგი ფლანგავდეს, არა, ჩვენ ფული საკმარისად გვაქვს და მხოლოდ იქ არ ვერიდებით ხარჯვას, სადაც ეს აუცილებელია. მაგალითად, პირადად მე ძალიან ვყაირათობ.
ხუტამ მაცნობა, რომ ყუბიდან ჩამოსული ბოშა დანიელ მალდონატოა, ამ გვარმა ცოტა არ იყოს დამაფიქრა, მერიც ხომ მალდონატოს გვარს ატარებდა, როდესაც თბილისში მუშაობდა? მერის დაურწმუნებია ხუტა, ვითომც იგი ძმა იყოს მისი, ხუტას შეკითხვაზე: „როგორ არის, რომ ძმა მალდონატოს გვარით დადის და თვითონ კი მაკროპულოსი“, მერის უპასუხნია, ვითომც მაკროპულო მისი მეორე ქმრის გვარი ყოფილიყოს. ასეა თუ ისე, აქ სადღაც ძაღლის თავია დამარხული.
ამხანაგმა ახმედ ალიევმა დღეს დილით მომიტანა ხუტას წერილი სადაც იგი მწერს, რომ დანიელ მალდონატო წასვლას აპირებს რამდენიმე დღით, რომ იგი უნდა შეწყდეს ვინმე ვადიმ ურალოვს. ეს ვადიმ ურალოვი მისი სიტყვით, ძველი, გამოცდილი „საქმოსანია“, დიდი რამეების გაკეთება შეუძლია და აკეთებს კიდეც. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში სადღაც ყოფილა გადაკარგული და ახლა ისევ გამოჩენილა. „რაბან ვადიმ ურალოვი ჩამოვიდა, ხელახლა გაცოცხლდება ჩვენი საქმე, თორემ უიმისოდ არაფრის გამკეთებლები ჩვენ არ ვიყავით“. – უთქვამს ხუტასათვის დანიელ მალდონატოს. ხუტა დაინტერესებულა ვადიმ ურალოვის პიროვნებით და დაუწყია გამოკითხვა, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი უთქმევინებია.
– რას მეკითხები? მე ახლა მივდივარ, ცოტა ხნის შემდეგ ორივენი აქ ჩამოვალთ, პირადად გაიცნობ და ნახავ რა ვაჟკაციც არის. მისი სახელი ყველგან არის ცნობილი. შენ თუ ჩვენიანი ხარ, არ შეიძლება არ გაგეგონოს მის შესახებ. აი, შენ გიყვარს ფულის ხარჯვა, ხელგაშლილი ცხოვრება, ახლა მისი იკითხე. იმისთანა ხელგაშლილი და დარდიმანდი მეორე არ მოიძებნება, რასაც ის ყომარში ერთხელ წააგებს ფულს, იმდენი მე და შენ არც კი დაგვესიზმრება. ყოველ კუთხე-კუნჭულში თავისი ხალხი ჰყავს, არსად არაფერი არ გაუჭირდება. იმასთან კაცი თავს არ დაჰკარგავს ჩვენს ძმა-ბიჭებში მისი მეთაურობა ცნობილია და მისი თვითეული სიტყვა ყველა ჩვენგანისათვის კანონია.
ხუტასათვის უკვე ცნობილი გამხდარა, რომ ეს დანიელ მალდონატოც დიდად ცნობილი პიროვნებაა ავაზაკთა წრეში და ალბათ ის ვადიმ ურალოვიც, მათი მეთაური და ხელმძღვანელი, არ უნდა იყოს მილიციის მუშაკებისათვის ინტერესმოკლებული პიროვნება. ეს მნიშვნელოვანი საუბარი და ასეთი განსაკუთრებული გულახდილობა, რა თქმა უნდა, არყის საკმაოდ დიდ დოზას გამოუწვევია. თურმე დანიელ მალდონატო ხარივით სვამს სასმელს, მაგრამ ხუტას მაინც მოუხერხებია მისი საკმაოდ დათრობა და ასეთი გულახდილობის გამოწვევა. ყველა ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხუტა უკვე „სანდო და პატივსაცემი“ პიროვნება შეიქ მნა მათ წრეში.ერთი სიტყვით, სწორ გზას ვადგავართ და ვნახოთ მომავალი რა შედეგს მოგვიტანს.

ქ. დარუბანდი. ოქტომბრის 30. არჩილ ჩოხელი".




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent