შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები ზნედაცემული ანგელოზი


20-07-2021, 12:22
ავტორი ciracira329
ნანახია 91

დილით ზედამხედველმა გაგვაღვიძა.
– Подьем! – ცივი ხმით გაჰკიოდა დერეფანში, თან კარზე გასაღებს აკაკუნებდა უსაშველოდ.
– ზანტად წამოვიშალეთ, ზედამხედველმა კარი გააღო.
– მამასახლისი რომელია?
– მე ვარ! – თქვა გოგოლმა და თვალები მოიფშვნიტა.
– გამოდი, ბიბლიოთეკა წაიღე! – თქვა ზედამხედველმა. წავიდა და კარი ღია დატოვა.
ბიბლიოთეკა, თორემ თქვენც სულ სახარება და ღვთის რჯული გაქვთ. ჩერნიშევსკი, წადი, შენ ამოარჩიე! – მიუბრუნდა გოგოლი გამცემლიძეს და ისევ წამოწვა. გამცემლიძემ საკნის კუთხეში თაროზე დაწყობილი ათიოდე ძველი წიგნი აიღო და ახლის მოსატანად გავიდა. წიგნი საკანში დიდად არავის ეპიტნავება. ძირითადად ბიბლიოთეკის კარტოტეკა უცვლელია და ერთი კვირის შემდეგ უკვე წაკითხული წიგნი ბუმერანგივით უკან გიბრუნდება. მაგრამ ბიბლიოთეკის მოსვლა მაინც დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ბიბლიოთეკა მოვიდაო! რომ გამოაცხადებს ზედამხედველი, ასე გგონია, რაც მსოფლიოში საინტერესო წიგნებია, ყველამ ფეხი აიდგა და შენს სანახავად მოვიდა. გარდა ამისა, რაღაცის მოლოდინია, იმედია, რომ რაღაც უსაშველოდ საინტერესო შეგხვდება, რომელიც ერთი დღით მაინც დაგავიწყებს შენს გაჭირვებას და ამ ყელში ამოსულ სიფათებს. ციხეში წაკითხულ წიგნს ის უპირატესობა აქვს გარეთ წაკითხულ წიგნთან შედარე ბით, რომ ციხეში წიგნის გმირი ძალიან სწრაფად და უშუალოდ შემოდის შენს ცხოვრებაში, შენ მას არ სწონი აფთიაქის სასწორზე და კბილს არ უსინჯავ კრიტიკოსი ვით, ისე ღებულობ მას, როგორც არის, რადგან კაცი გაკლია, ახლობელი, მანუგეშებელი, და ამიტომ გარედან მოსული კაცი ნუგეშია შენთვის, თუნდაც იგი წიგნიდან იყოს მოსული.
გამცემლიძე ბუზღუნით შემობრუნდა საკანში, წიგნები მაგიდაზე დაყარა და თავის ნარზე წამოწვა. პატიმრები წიგნებს ეცნენ. ჭიდაობის თავი არ მაქვს, ვიცადე, ვიდრე ყველამ ამოირჩია წიგნები და მერე მივედი მაგიდასთან. ორი წიგნი აღმოჩნდა უპატრონო: მაქსიმ გორკის წერილები „ Времена Короленко “ და ბროშურა „Русскому трамваю 60 лет “.
მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მქონდა წაკითხული, მაინც გორკი ავიღე.
– ზაზაჯან, რაღაც Минеральный წიგნი შემხვდა, „მარილის აკვანი“, ხომ არ იცი, რა არის? – მკითხა ტიგრანამ, როდესაც გვერდით ჩავუარე.
– კარგი მოთხრობაა, წაიკითხე! – ვუთხარი მე და ნარზე წამოვწექი.
– ჩერნიშევსკი არ იყო? – ვკითხე გამცემლიძეს. გამცემლიძემ უნდობლად შემომხედა და როდესაც მიხვდა, რომ არ დავცინოდი, ამოიოხრა.
– მაქსიმ გორკის ხომ არ წაიკითხავთ? – ვკითხე ისევ.
– წაკითხული მაქვს, – მომიჭრა და გადაბრუნდა.
– გამცემლიძე, რას ჩააცივდი ამ ჩერნიშევსკის, ხომ ხედავ, არ არის! – უთხრა ტიგრანამ.
– ჩემს გონებას, ბატონო, პოლიტიკური საზრდო ჭირდება, პოლიტიკური ლიტერატურა, თქვენსავით კი არ მაქვს გადაგლესილი ტვინის ხნულები...– კარგი, თუ ძმა ხარ, ხნულები, თორემ შენც სულ ტრაქტორები და კულტივატორები დაგიდის ტვინში, რაცა ხარ, ჩემსავით პარაზიტი ხარ და იმიტომ აგდიხარ აქ ჩემთან ერთად. ჩერნიშევსკის წაკითხვა თუ გინდოდა, გარეთ უნდა წაგეკითხა, ციხე საჯარო ბიბლიოთეკა არ არის. თუ გინდა, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ის წაიკითხე და თავო ჩემო იმღერე, თუ არა და, წადი.. – გაუშვა ტიგრანამ. წადი კარგი სათქმელია, წავალ, დიახაც, რომწავალ, აქ ყველანი შენსავით მკვლელები კი არზიან!
– აღელდა გამცემლიძე.
– ზიან კი არა, სხედან! – გაუსწორა ტიგრანამ.
– ღმერთო, რას შემასწარი, ამის ქართული გამაოგნებს!!! – ააპარპალა თვალები გამცემლიძემ.
– ბოდიში, გამაოგნებს რა არის? – გულწრფელად ჰკითხა ტიგრანამ.
– ბოლვან! – თქვა გამცემლიძემ და კედლისაკენ გადაბრუნდა.
– ბალვანი მამაშენია! – გაუსწორა ტიგრანამ.
– თავი დაანებე, ტიგრან, ხომ ხედავ, რომ სულელია! – დაამშვიდა ლიმონამ.
– ამხანაგო დევდარიანო, დაჟინებით მოვითხოვ ჩემი მიმართულებით გამოსროლილი იდიოტური ფრაზეოლოგიის დახვეწას! – მოითხოვა გამცემლიძემ.
– წადი შენი პოლიტიკოსი დედაც ვატირე... – შეუკურთხა ლიმონამ.
– ნუ გვაშინებთ, აქ ქურდების დიქტატურა არ გახლავთ! – არ შეეპუა გამცემლიძე.

– არც გლეხების დიქტატურაა! – წამოჯდა საწოლზე დევდარიანი.
– კარგი რა, გაჩუმდი, ხომ იცი, რომ ციხე ქურდებისაა! – გააფრთხილა გამცემლიძე ჭეიშვილმა. – ასე არ არის, ჭიჭიკო? – ჰკითხა ახლა გოგოლს ჭეიშვილმა.
– მაგენისაა, მაგენის, გენაცვალე, ღმერთმა მოახმაროთ! – გადაულოცა გოგოლმა ციხე ქურდებს. გამცემლიძე დადუმდა. ერთი საათით სიჩუმე ჩამოვარდა, პატიმრები ისხდნენ წიგნში თავჩარგულები, მაგრამ ღმერთმა იცის, წიგნს კითხულობდნენ თუ საკუთარ სატკივარში იყვნენ წასული. მე მგონი, ყველა თავისას ფიქრობდა, რადგან არც ერთი ფურცლის გადაფურცვლა არ გამიგონია. მარტო ისიდორე ბატონის მხრიდან ისმოდა წიგნების შრიალი, ისიც გულაღმა იწვა და ჭეიშვილის მხრიდან მოსულ თამბაქოს კვამლს ინიავებდა. საოცარია პირდაპირ, აი, ერთად ვსხედვართ რამდენიმე თვეა მანამდე უცნობი ადამიანები, თითქოსდა ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, თითქოს გულახდილები ვართ ერთმანეთის მიმართ, თითქოს ვიხედებით ერთმანეთის სულში, და მაინც უზომოდ შორს ვართ ერ თმანეთისაგან და ეს სიშორე ჰორიზონტს ჰგავს, რამდენ ნაბიჯსაც წინ გადადგამ, ზუსტად იმ დენსავე ნაბიჯს ის დგამს უკან. ზოგი პატიმარი სელაპს ჰგავს. გლუვია, გულს ვერ მოუნახავ. ზოგი თევზივით არის, გგონია, რომ ხელში გყავს, ოდნავ მოუჭერ და კალმახივით გისხლტება, იმის შიშით, რომ ლაყუჩში სტაცებ ხელს და ნაპირზე ამოათრევ, ზოგი პატიმარი მგელივით არის გატრუნული და გაბოროტებული, ზოგი გველივით გალურსული და იმის შიშით, რომ ფეხს დაადგამ, შხამი სულ მუდამ მზად აქვს. ზოგი შველივით არის დამფრთხალი, მაგრამ გასაქცევი არ აქვს, არსად და იძულებულია, ხან სელაპად, ხან მგლად, ხან თევზად, ხან გველად, ხან რად და ხან რად მოგაჩვენოს თავი. ზოგი კი გულღიაა, რაც არის ის არის, შეგუებულია თავისმდგომარეობას და უცდის რაღაცას, ის რაღა ცა არავინ არ იცის, რა არის და როდის მოვა, მაგრამ ის რაღაცა მაინც მოდის ხან დროზე, ხან უდროოდ და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, რაც არ უნდა იყოს, ელოდება თუ არა, ერთ მშვენიერ დღეს გამოეცხადება და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ყველას თავისას მიუზღავს და ყველას თავისას მიართმევს მისხლობით აწონილს.
ზოგი პატიმარი ამას ღმერთს ეძახის, ზოგი – ბედს, ზოგი – იღბალს, ზოგი – ვარსკვლავს და ზოგიც – სამართალს...
მეც პატიმარი ვარ და უკვე სამი თვეა ველოდები ამ სამართალს, ველოდები, როდის გაიღება კარი და როდის გამომეცხადება იგი, როდის დამადებს თავის მართალ ხელს მხარზე და მეტყვის: – ზაზა ნაკაშიძე, ადექი და გამომყევი!

* * *

– გამცემლიძე, საბრალდებო დასკვნა ჩაიბარე! – გამოუცხადა ზედამხედველმა და გაფითრე ბულ გამცემლიძეს ორად გაკეცილი ქაღალდების დასტა გადასცა. გამცემლიძემხელის კანკა ლით ჩამოართვა საბრალდებო დასკვნა, საკანს შეშინებული თვალი მოავლო, მერე ქაღალდები სწრაფად ჩაიკუჭა ჯიბეში და ადგილზე დაჯდა. ზედამხედველი წავიდა. საკანში ჯერ ჩოჩქოლი გაისმა, შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. უჩვეულო რამ ხდებოდა. ციხის დაუწერელი კანონების თანახმად, ყველა პატიმარი ვალდებულია, საბრალდებო დასკვნა საკნის მამასახლისს გადასცეს წასაკითხად, რადგან პატიმრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან სხედან და რა დანაშაულისთვის ზის მათი თანამესაკნე. გამცემლიძემ კი ეს წმიდათაწმიდა წე სი დაარღვია... სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ვიგრძენი, საკანში ჰაერი გახურდა და დაცხა... ყველა ნერვი ერთმანეთში გადაიხლართა და უკიდურესობამდე დაიძაბა, ახლა თითქოს ერთი ყველასათვის საერთო დედანერვი იყო გაბმული მთელი საკნის სიგრძეზე, ყოველი ჩვენთაგანი შეერთებული იყო მასთან უხილავი ძაფებით და საკმარისი იყო რომელიმე ჩვენთაგანს გაუფრთხილებლად მოეზიდა საკუთარი ნერვი, რომ ეს დედანერვი მაღალი ძაბვის დენში ჩართული მავთულივით გამსკდარიყო... და ამ ნერვს პირველად გოგოლი შეეხო, მაგრამ რაც შეიძლებოდა ფრთხილად, რადგან მამასახლისი იყო და იცოდა გაუფრთხილებლობას რა შეიძლებოდა მოყოლოდა.
– გამცემლიძე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ცოტა უხერხული ხომ არ არის შენი საქციელი? – ჰკითხა მან საქციელ წამხდარ გამცემლიძეს.
– რაში გამოიხატება ჩემი საქციელის უხერხულობა, ამხანაგო მამასახლისო? – გაიკვირვა გამცემლიძემ.
– იმაში, რომ ჩვენ აქ ყველანი ერთნაირი უფლებებით ვსარგებლობთ, გამცემლიძე...
– გოგოლმა პაუზა გააკეთა. მერე დევდარიანისაკენ გაიხედადა დააყოლა: – ქურდების გარდა. ჰოდა, შენ თუ იცი, ვინ რაზე ზის...
– გოგოლმა ისევ გააკეთა პაუზა და ახლა ტიგრანას გახედა. ტიგრანას ხმა არ ამოუღია. ის და დევდარიანი ფეხი ფეხზე გადადებულები იწვნენ და საქმეში არ ერეოდნენ.
– ვინ რაზე სხედს, – გაასწორა გოგოლმა, – და ვის რა დანაშაული ჩაუდენია, ამიტომ, მოგვეცი უფლება, ჩვენც ვიცოდეთ, რაზე ზიხარ, ბოლოს და ბოლოს და ვინ ხარ შენ! – დაამთავრა გოგოლმა.
– ვერ გავიგე, რა გინდათ ჩემგან! – ნერვიულად თქვა გამცემლიძემ.
– საბრალდებო დასკვნა ჩააბარე მამასახლისს, როგორც წესია. – უთხრა შოშიამ.
– რის საბრალდებო დასკვნა, რა საბრალდებო დასკვნა, ვინ არის აქ ბრალდებული და ბრალმდებელი, ვინ არის დამნაშავე და უდანაშაულო! – აყვირდა გამცემლიძე.
– წაგვიკითხე! – დაჟინებით მოითხოვა შოშიამ.
– აქ შეიძლება ათასი სისულელე ეწეროს! – ააფრიალა საბრალდებო დასკვნა გამცემლიძემ.
– რა არის საბრალდებო დასკვნა?! აი, შენ, – მიუბრუნდა იგი ტიგრანას, – მკვლელობას გაბრალებენ, მოკალი კაცი?
– ჰკითხა გამცემლიძემ. ტიგრანა უხერხულად შეიშმუშნა.
– მოკლა! – თქვა დევდარიანმა.
– შენ რა იცი? – ჰკითხა გამცემლიძემ.
– ვიცი! – მოუჭრა ლიმონამ.
– მართლა მოკალი? – ჩაეკითხა გამცემლიძე ისევ ტიგრანას. ტიგრანამ თავი ჩაღუნა.
– შენ აიღე ქრთამი? – ეცა ახლა მებურიშვილს გამცემლიძე.
– გააჩნია, რას უძახი შენ ქრთამს! – ვერ გაბედა მთლად უარის თქმა მებურიშვილმა.
– შენ? – ეცა იმედგაცრუებული გამცემლიძე ჭეიშვილს.
– გამცემლიძე, აქ მხოლოდ ორი კაცია, რომელსაც არ მოუკლავს, არ მოუპარავს, ქრთამი არ აუღია და საერთოდ არაფერი დაუშავებია: ბატონი ისიდორე და ზაზა ნაკაშიძე. აბა, ადგეს რომელიმე თქვენგანი და თქვას, რომ მე მართალი არა ვარ! – თქვა დევდარიანმა.
– მე, მე ვარ უდანაშაულო! – იკივლა გამცემლიძემ.
– ჯერ შენ არ გითქვამს რაში გედება ბრალი! – უთხრა ლიმონამ, – მიეცი მამასახლისს საბრალდებო დასკვნა!
– არავის არაფერს არ მივცემ, მე არ მყავს მამასახლისი, ჩემი თავის მამასახლისიც მე ვარ, მე პაპუასი არ ვარ, წინამძღვრები და ბელადები რომ მჭირდებოდეს. ეს ტირანიაა. და ნუ მაშინებ! – მიუბრუნდა იგი ლიმონას. – მე არავისი არ მეშინია. „მე ფიცი მაქვს დადებული ღვთის საკურთხეველთან, რომ ადამიანის გონებაზე ტირანიის ნებისმიერი გამოვლინების დაუძინებელი მტერი ვიქნები მარად“. თქვა ამერიკის თავისუფლების დეკლარაციის მამამ ტომას ჯეფერსონმა დამეც ვიმეორებ ამას.
ლიმონამ ხმა არ გასცა.
– წაართვით მაგას მაგი საბრალდებო დასკვნა! – თქვა ჭიჭიკო გოგოლმა.
გამცემლიძემ საბრალდებო დასკვნის ერთხელ გადახევა მოასწრო და პარაშისაკენ გაიქცა, რომ შიგ ჩაეყარა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ჭეიშვილსა და გულოიანს იგი ჯვარცმულივით ჰყავდათ გაკრული კედელზე. ჭიჭიკო გოგოლმა ძირს დაპნეული ქაღალდები აკრიფა, მერე ზედა ნარზე აძვრა და გამცემლიძის საბრალდებო დასკვნის წასაკითხად მოემზადა.
– გაუშვით! – თქვა მან, ვიდრე კითხვას დაიწყებდა. ჭეიშვილმა და გულოიანმა გამცემლიძეს ხელი გაუშვეს. იგი ადგილიდან არ დაძრულა, იქვე ჩაცურდა კედელთან, ცემენტის იატაკზე დაჯდა და საკუთარ ფეხებს დააშტერდა.
– ტომას ჯეფერსონი, რაც წეღან თქვი, იმას რომ ამბობდა, გამცემლიძე, პრეზიდენტი იყო, ორი მილიონი ჯარი ჰყავდა და ორასი მილიონი კაცი უჭერდა მხარს კიდო! – შეახსენა გოგოლმა და საბრალდებო დასკვნის კითხვა დაიწყო: ეს იყო ქაღალდზე გადატანილი მჭევრმეტყველების უბადლო ნიმუში დასაბრალდებო დასკვნა – შედევრი.
საბრალდები დასკვნა ბრალდებისა გამო ვიაჩესლავ რაჟდენის ძე გამცემლიძის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის გამო.
წინამდებარე საქმე აღიძრა ამა წლის 20 ნოემბერს ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახ. რაიონის პროკურატურაში.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი: ამა წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ვიაჩესლავ რაჟდენის ძე გამცემლიძე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ჭავჭავაძის პროსპექტ მ 761-ში მდებარე თავისი მეგობრის ვახტანგ კირილეს ძე გამყრელიძის ბინაში (რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება) და მის მეუღლეს ელენე აბიბოს ასულ გაჟონიას გადასცა ფული 100 მანეთი. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც დაზარალე ბული გაჟონია უჩვენებს, ბრალდებულ გამცემლიძეს, როგორც ადრე მისი მეუღლის უახლოეს მეგობარს, ადრეც აღმოუჩენია დაზარალებულისთვის მატერიალური დახმარება, მაგრამ, ამჟამად, 100 მანეთის საფასურად, ანუ სანაცვლოდ ბრალდებულმა გამცემლიძემ დაზარალებულ გაჟონიას მასთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება შესთავაზა. დაზარალებულმა გაჟონიამ, მიუხედავად იმისა, რომ აგერ რამდენიმე წელია ქმარ გარეშე მდგომარეობაში იმყოფება, სასტიკი უარი განუცხადა ბრალდებულ გამცემლიძეს, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაზე, თუმცა ადრევეც ამჩნევდა ბრალდებულს არაგულგრილ გამოხედვას. მაშინ ბრალდებული (ცოლშვილიანი) ვიაჩესლავ რაჟდენის ძე გამცემლიძე ხარივით ეცა დაზარალებულ ელენე გაჟონიას სქესობრივი ჟინის მოსაკლავად. დიდხანს ითმინა დაზარალებულმა გაჟონიამ, რათა ხმაურით მეზობლების ყურადღება არ მიეპყრო. მაგრამ ბრალდებული გამცემლიძე არა და არ მოეშვა, მაშინ დაზარალებული გაჟონია იძულებული შეიქმნა, ისე გამეტებით ეკბინა ბრალდე ბული გამცემლიძისათვის მარცხენა მხარზე, რომ მას ბღავილი აღმოხდა. უკანასკნელის ბღავილზე მეზობლები შემოცვივდნენ და მოწმენი გახდნენ იმისა, თუ როგორ ახევდა ტანზე კაბას ბრალდებული გამცემლიძე დაზარალებულ გაჟონიას, როგორ სცემდა მას და როგორ მიიწევდა მასზე, მასთან სქესობრივი, ინტიმური კავშირის დასამყარებლად...
გოგოლმა კითხვა შეწყვიტა და საკანს თვალი მოავლო. პატიმრები მუნჯებივით ისხდნენ და ფართოდ გახელილი, გაკვირვებული თვალებით უცქერდნენ გამცემლიძეს, ყოველივე ეს ისევე მოულოდნელი იყო მათთვის, როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. გოგოლი ჩამოვიდა ნარიდან, მივიდა თავჩაქინდრულ გამცემლიძესთან და მის წინ დადგა. გამცემლიძემ უმწეოდ ამოიხედა.
– ტყუილია! – უთხრა მან გოგოლს და ისევ ჩაქინდრა თავი. მაშინ გოგოლმა ხელის ერთი დაქნევით ჩამოგლიჯა გამცემლიძეს მარცხენა სახელო და ჩვენ ყველამ დავინახეთ მის შიშველ მხარზე მუქი ლურჯი ლაქა. ეს იყო ნაკბენი. და გაწყდა ის ნერვი, საერთო ნერვი... შემდეგ მე თითქმის არაფერი არ დამინახავს, პატიმრები ზრიალით მიცვივდნენ იმ ადგილს, სადაც გამცემლიძე იჯდა, და ლელოს მოთამაშეებივით შეჯგუფდნენ. ისმოდა მათი ხვნეშა და გამცემლიძის გაბმული ზმუილი. სისხლი თავში ამივარდა, მივვარდი შეჯგუფებულებს და მუშტის ცემა დავუწყე.
– რას შვებით, მკვლელებო, დაანებეთ თავი, მოკვდება, მოკვდება, მოკვდება, რას შვებით! – მერე მე მივვარდი კარს და გიჟივით დავუწყე მუშტებისა და წიხლების ბრაგუნი.
– უშველეთ, მოკლეს! – ვკიოდი მე, ვიღაცამ მომგლიჯა კარს. რომ შევხედე, ჩემს წინ შეშლილი გოგოლი იდგა. მე ისევ კარისაკენ გავიქაჩე. მაშინ მან ძლიერად დამარტყა სახეში თავისი გაშლილი უზარმაზარი ტორი და მე გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, საკანში უჩვეულო სიწყნარე იდგა. ყველანი თავიანთ ადგილებზე ისხდნენ, გოგოლისა და გამცემლიძის გარდა. სასთუმალს ბატონი ისიდორე მეჯდა.
– მე მართლა იმის დედა ავატირე, ვინც შენ მკვლელობა დაგაბრალა! – თქვა ტიგრანამ, თვალ გახელილი რომ დამინახა და უიმედოდ ხელი ჩაიქნია.
– რა მოხდა, ძია ისიდორე? – ვკითხე მე და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
– ამ პატიმრებს რომ უყურებ, შვილო, ნახევარზე მეტს ცოლები მეგობრის იმედზე ყავს დატოვებული!..
– თქვა ძია ისიდორემ.
– მოკლეს?
– არა!
– გჯერათ თქვენ, ძია ისიდორე, რაც იქ ეწერა? – ვკითხე მე.
– არ ვიცი. ტოლსტოი ამბობს – Дьявол это падший ангел! – თავიდან ისიც ანგელოზი ყოფილა, შემდეგ გამხდარა ზნედაცემული. მე ტოლსტოისა მჯერა. – მითხრა ძია ისიდორემ, ადგა ჩემი ნარიდან და საკუთარ ნარზე გადაჯდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent