შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები პაემანი


20-07-2021, 12:30
ავტორი ciracira331
ნანახია 94

პაემანი

ვიწრო და გრძელია პაემანის ოთახი. შიგ იმავე ოთახივით ვიწრო და გრძელი მაგიდა დგას, ასევე გრძელი ხის სკამებით შემოწყობილი. პაემანის დროს პატიმრები ერთ მხარეს სხდებიან, ჭირისუფალნი კი – მეორე მხარეს, ზედამხედველები მაგიდის თავსა და ბოლოში დგანან, თამადა-მოადგილესავით და დროდადრო აჩქარებენ მაგიდასთან მსხდომთ, მალე მორჩითო, პატიმრები და ჭირისუფლები ძალიან ხმადაბლა ელაპარაკებიან ერთმანეთს, რა თქმა უნდა, საკუთარ საქმეზე. პატიმრები, როგორც წესი, მეტს ლაპარაკობენ, რაღაცას აბარებენ, ეხვეწები ან გაუთავებლად ჭირისუფლებს და ისინიც, შეუძლიათ თუ არა დანაბარების ასრულება, მაინც თანხმობის ნიშნად, თავებს უქნევენ, იმახსოვრებენ და ცრემლჩამდგარ თვალებს მჯიღე ბით ისრესენ, ამიტომ, გვერდიდან რომ შეხედო, პაემანი საოცრად ჰგავს ქელეხს, აქაც ისევე, როგორც ქელეხში, როგორც კი მაგიდასთან მსხდომნი ჩურჩულიდან ხმამაღლა ლაპარაკზე გა დავლენ და ბოლოს ხელების ქნევასაც კი დაიწყებენ, თამადა და მისი მოადგილე წამსვლელ- დამრჩენის სადღეგრძელოს სვამენ, ჭირისუფალი მეორე ოთახში გაყავთ, ხოლო შეხვედრით მთვრალი პატიმრები თითო-თითოდ – თავთავიანთ საკანში და პაემანი მთავრდება.
პაემანს თავისი დრო და წესი აქვს, ამიტომ, ზედამხედველმა რომ დამიძახა, ცოტა არ იყოს, გა მიკვირდა, მაგრამ მაინც გავყევი. რომ მიმიყვანეს, პაემანის ოთახი ცარიელი დამიხვდა.
ზედამხედველმა დამტოვა და სადღაც წავიდა. ესეც ძალიან გამიკვირდა, გრძელი მაგიდის ერთ თავში დავჯექი და მოპირდაპირე მხარეს კარს დავაშტერდი. კარი არ იღებოდა. მოლოდინისაგან გული გამიწვრილდა და ამიფართხ ალდა. უნებურად მაჯაზე მოვიკიდე ხელი და თვითონვე გამეცინა. მაჯა რად მინდოდა, გულს ისეთი დაგადუგი გაჰქონდა, რომ, ალბათ, კარს იქით მდგარ ზედამხედველსაც კი ესმოდა. მერე ის კარი გაიღო და ოთახში თოვლივით სპეტაკი ჩემი დედა შემოვიდა, მას ძველისძველი, მაგრამ კარგად შენახული კოვერკოტის პლაშჩი ეცვა, ყელზე თეთრწინწკლებიანი ლურჯი ყელსახვევი ეხვია, ხელში კი შავი საკ ვოიაჟი და თერმოსი ეჭირა. იგი არ გამოქანებულა ჩემსკენ ვაითი და ვიშით, არც გულში ჩა ვუკრივარ, უბრალოდ მაგიდის იმ თავში ჩამოჯდა სკამის კიდეზე, თერმოსი და საკვოიაჟი მაგიდაზე დააწყო და წყნარადმითხრა: – გამარჯობა, შვილო! – გაგიმარჯოს, დედა! მერე მან საკ ვოიაჟიდან ასანთი და სიგარეტი ამოიღო, ასანთს გაჰკრა და, სიგარეტთან მოსაკიდებლად რომ მიიტანა, უცებ ხელიცა და ნიკაპიც აუთრთოლდა.
– ოღონდ ნუ იტირებ, დედა. – ვთხოვე მე და ნერწყვთან ერთად ცრემლიც გადავყლაპე.
– ნუ გეშინია, შვილო, არ ვიტირებ, აღარა მაქვს ცრემლი, გამითავდა! – თქვა დედამ და, როგორც იქნა, სიგარეტს ცეცხლი მოუკიდა, მერე ადგა, თავისი ბარგი აიღო და შუა მაგიდასთან გადმოჯდა.
... ღმერთო, რამდენი სალაპარაკო მაქვს ამ ქალთან, რამდენი რამ მინდა, დავაბარო, რამდენი რამ მინდა, მოვუყვე და ვთხოვო, როგორ მინდა თავი ჩავუდო კალთაში, პატიება ვთხოვო იმ ტკივილისათვის, რაც მივაყენე, და მერე ვიტირო დიდხანს, ვიდრე მასავით ცრემლები არ გამითავდება, როგორ ვნატრობდი ამ წუთს და, აი, ზის ახლა იგი, ჩემი დედა ჩემს წინ და მე დამბლადაცემულივით არც კი შემიძლია, წამოვდგე, მოვეხვიო და გულში ჩავიკრა მისი თეთრი თავი. იგი, თითქოს მიმიხვდაო გასაჭირს, წამოდგა თავის ბარგი ბარხანიანა და სულ გვერ დით მომიჯდა. და უცებ დამიბრუნდა ის ველური, პირველყოფილი ყნოსვის ინსტინქტი, რომ ლითაც დედა და შვილი ცნობენ ერთმანეთს. მან სწრაფადდა ქურდულად გაიხედ-გამოიხედა ოთახში, მერე სასწრაფოდ მოხადა თავი თერმოსს, მოხდილი სახურავი წინ დამიდგა და ხელის კანკალით დამისხა ცხელი, ქაფქაფა ყავა, ჭიქიდან ავარდნილმა ორთქლმა თავბრუდამახვია და უდაბნოში დაკარგული, ერთ თვეს მაცოცხლებელი წყლის ძებნაში ხახაგამშრალი ბე დუინივით დავეწაფე თუნუქის ჭიქას. ცხელი ყავა მწვავდა თითებს, ტუჩებს, ენას, სასას და მე ვერ ვგრძნობდი, ეს იყო ისეთი ნეტარება, რომლის აღწერა შეუძლებელია და, ვიდრე მე ყავას ვსვამდი, დედაჩემი, როგორც ძროხა ლოკავს ჩვილ ხბოს ჭამის დროს და სხვა არაფერი არსე ბობს მისთვის იმჟამად დედამიწაზე, ისე მისვამდა თავზე თბილ ხელს და ხმას არ იღებდა. მერე ჩვენ დაგვიბრუნდა მეტყველება.
– კიდევ გინდა, შვილო? – მკითხა დედამ. მე თავი დავუქნიე, მან ისევ დამისხა ყავა და მხო ლოდ ახლა დავუწყე სმა ადამიანურად.
– კარგია?
– კარგი! – ყავა მართლაც დიდებული იყო, უფრო დინჯად და მდორედ მიდიოდა ძარღვებში.
– დედა, როგორ მოახერხე პაემანი, ძიება ხომ არ დაამთავრეს? – ვკითხე გაუბედავად, რადგან გამოძიების ამ ეტაპზე დამთავრება ჩემთვის დაღუპვას ნიშნავდა.
– არა, შენთან, ალბათ, ახალი გამომძიებელი მოვა. – მითხრა დედამ და ისევ გადამისვა თავზე ხელი.
– გადაგხოტრეს? – გამიღიმა მან.
– რა იცი, რომ ახალი გამომძიებელი მოვა?
– მინისტრთან ვიყავი! – თქვა დედამ. ჟრუანტელმა დამიარა.
– რომელ მინისტრთან? – შინაგან საქმეთა მინისტრთან, აბა, სხვასთან ვისთან უნდა ვყოფილიყავი?
– როდის, დედა?
– 14 ივნისს.
საოცარი რამ ხდებოდა, ეს ზუსტად ჩემი სიზმრის დღე იყო. უნდა მოვუყვე დედას სიზმარი, მაგრამ ახლა მაგის დროა? ალბათ უკვე ერთი საათი გავიდა, მალე პაემანის დროც ამოიწურება, ალბათ ამოიწურა კიდევაც, ესეც რომ არ იყოს, დამიჯერებს კი?
– იცი, დედა, ის მინისტრი მე ვიყავი! – ვუთხარი დედას.
– რომელი, შვილო? – მკითხა დედამ ისე, რომ არც კი გაკვირვებია.
– აი, შენ რომ ელაპარაკე, ის მინისტრი მე ვიყავი! – გავუმეორე მე და გამეცინა.
– კარგია, შვილო, ხუმრობის ხასიათზე რომ ხარ! – გამიღიმა დედამაც.
– მართლა გეუბნები!
– სხვათა შორის, რაღაცაში გგავდა, – თქვა დედამ. – მაგრამ მინისტრ კაცს როგორ ვაკადრებდი ჩემს პატიმარ შვილს გავხარ- მეთქი, ისე, შვილოს ვეძახდი.
– დედა დაფიქრდა. – მე შევპირდი, რომ შენ ყველაფერს მართალს მომიყვები. – თქვა დედამ და თვალი თვალში გამიყარა. – არ დამაღალატო, შვილო! – მთხოვა მან. მის ხმაში იმდენი მუდარა იყო, მე ყელში ბურთი გამეჩხირა, მაგრამ თავი შევიკავე და ის ბურთი ნერწყვთან ერთად ჩავყლაპე.
– დედა, მე და როსტომი არაფერ შუაში არ ვართ, რასაც ვამბობთ, ცამდის მართალია. ამას ხარაბაძე დაადასტურებს.
– იმ ჩვენი ცოდვით სავსე როსტომ ამილახვარს ისე დაურტყია ხარაბაძისათვის, შვილო, ეჭვი მეპარება, გონს მოვიდეს, და, თუ მოვიდა, ნორმალურად იაზროვნოს. – თქვა დედამ.
– შენ ნახე? – ვკითხე მე.
– ვნახე, შვილო, და ნეტავ არ მენახა! – ამოიოხრა დედამ.
– რა სჭირს? – უმიზეზოდ იცინის, შვილო, ხანდახან ამბობს, ენას გვართმევენო.
– იმ ღამითაც ასე ლაპარაკობდა. ისევ იქ არის! – უნივერსიტეტის დახასიათებას მთხოვს ვექილი.
– ჩემი ფაკულტეტის დეკანთან არ იყავი?
– ვიყავი, შვილო!
– რაო?
– ადგილკომის თავმჯდომარესთან გამგზავნა.
– რატომ?
– დახასიათებას ადგილკომები აძლევენო!
– მერე?
– ადგოლკომმა მითხრა, ვერ მოგცემ დახასიათებასო!
– რატომ?
– ცნობა მომიტანე, რომ მკვლელი არ არისო, და მოგცემო.
– საიდან მომიტანეო?
– საიდანაც გინდაო!
– მერე?
– მეზობლებისაგან მივუტანე შენი დახასიათება და არ მიიღო, მრგვალი ბეჭედი არა აქვსო, – გაეღიმა დედას.
– იდიოტი! ჩემი არჩეულია! – ვინანე მე.
– ეტყობა, შვილო, შენი არჩეული რომ არის. – თქვა დედამ.
– ახლა რა გვეშველება, დახასიათება არა გვაქვს, ის კაცი გონს ვერ მოდის... – ვთქვი სასოწარკვეთილმა.
– წამალი ყოფილა რაღაც იაპონური ანგინინი, ის უშველისო, – თქვა დედამ.
– მერე? – მომეცა იმედი.
– მერე რა, შვილო, სულ ორი ფლაკონი ყოფილა საქართველოში – ერთს უკვე ასმევენ ვიღაცას და ერთს ვიღაცისათვის ინახავენ, ვაითუ დასჭირდესო.
– სპეკულანტებში არ არის?
– არ ვიცი, რომც იყოს, ისე ძვირი ღირს თურმე.
– დედა, შენი ჭირიმე, ხარაბაძეს ცნობიერება უნდა დაუბრუნდეს, გესმის, შენ?!
– იქნებ არ ღირს, შვილო?
– შენც ასე ფიქრობ? – ვკითხე მე და გული შემეკუმშა.
– არა, შვილო, იმიტომ კი არ გითხარი, ვაითუ თქვენ დაგაბრალოთ.
– არა, დედა, არა, შენი ჭირიმე, გაყიდე მთელი საცხოვრებელი, რაც გვაბადია და წამალი იშოვე, დედა. იშოვე, თორემ ვიღუპებით.
– როგორ ფიქრობ, შვილო, ხარაბაძის ჭირისუფალი არ ეძებს ამ წამალს? მაგრამ არ არის!
– დედა, გაყიდე ყველაფერი...
– რა გავყიდო, შვილო? – მკითხა დედამ.მართლაც რა გაყიდოს? რაც დედა მახსოვს, სულ ვყიდით ყველაფერს. ჯერ არაფერი გვიყიდია და ახლა რა უნდა გაყიდოს საწყალმა დედამ? განა არ ვიცი, რომ არაფერია გასაყიდი?..
– ისესხე, დედა, და, რომ გამოვალ, პროცენტით გადავუხდი!
– კარგი, შვილო!
– მიდი ვინმესთან, თხოვე!
– მივალ, შვილო!
– ხარაბაძის ჭირისუფალთანაც მიდი...
– მივალ, შვილო...
– მიდი და უთხარი, რომ მათი დამპალის ბოთლით არის მკვდარი ის კაცი!
– ვეტყვი, დედა, ვეტყვი!
– უთხარი, როგორც უნდათ, ისე მოარჩინონ. არადა, თუ გამოვედი, მოვკლავ, ძაღლივით მოვკლავ, სულ ერთია მაინც მკვლელის სახელი მაქვს არაფრის გულისათვის.
– ვეტყვი, შვილო, ვეტყვი!
– შენ გგონია, მეშინია?!
– არა, დედა, არ გეშინია!
– მე არ მინდა, მკვლელის სახელი მქონდეს!
– ვიცი, შვილო!
– უთხარი ყველას – გამომძიებელს, მინისტრს, მოსამართლეს, ხარაბაძის პატრონს, ექიმს, მის მოწმეებსაც უთხარი, იმ რვა კაცს, გაიხსენონ, ყველაფერი გაიხსენონ, ყველას უთხარი ან დამიჯერონ, ან მოვკლავ, ყველას მოვკლავ და მერე თავს მოვიკლავ!
– ვეტყვი, შვილო!
– რაუნდოდა ჩვენგან? ვიჯექით ჩვენთვის და თითო ჭიქას ვსვამდით, ვინ დაუძახა, რას გვერჩოდა, მითხარი, რა უნდოდა?!
– არ ვიცი, შვილო, დაწყნარდი, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შენ დაწყნარდი...
– არა, არა! – ვიკივლე მე და მივხვდი, რომ ეს ისტერიკა იყო. დედა წამოხტა, გულში ჩამიკრა და დამშვიდება დამიწყო.
– დაწყნარდი, შვილო, დაწყნარდი, ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს ვიზამ, მათხოვრად წავალ, ქადაგად დავვარდები, მონაზვნად აღვიკვეცები, ღმერთს ზვარაკად შევეწირები, სადაც წახვალ, იქ წამოგყვები, მარტო არ დაგტოვებ, რამდენიც არ უნდა მიგისაჯონ, სადაც არ უნდა გადაგასახლონ, მუხლებში ჩავუვარდები მოსამართლეს და ვთხოვ, შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომცენ, ან მეც დანაშაულს ჩავიდენ და შენთან ერთად ვიქნები, ნუ გეშინია, შვილო!.. – დედას სახე შეეშალა. მე მუხლებში ჩავუვარდი და ხელებზე დავუწყე კოცნა.
– მაპატიე, დედა, შენი ჭირიმე, მაპატიე! – ვთხოვე მე, თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
– სუ, შვილო, სუ, საპატიებელი რა გჭირს, პატიებას მე უნდა გთხოვდე, მოვედი, აგაფორიაქე, ნუ გეშინია, დედა, ყველაფერიკარგად დამთავრდება.
კარი გაიღო და ზედამხედველი შემოვიდა.
– ქალბატონო, პაემანის დრო ამოიწურა, – თქვა მან და თვალი აგვარიდა.
კიდევ ერთი წუთი, შვილო, კიდევ ერთი წუთი! – თხოვა დედამ. ზედამხედველი უხმოდ გავიდა,
– ადექი, შვილო, ადექი. დაჯექი, დაწყნარდი, დაწყნარდი. აი, ასე. აბა, შემომხედე! ყველაფერს გავაკეთებ, რაც მითხარი, ნუ გეშინია.
– მადლობელი ვარ, დედა! – ვუთხარი მე.
– ხვალ ან ზეგ ახალი გამომძიებელი დაგიძახებს.
– მადლობელი ვარ, დედა!
– არ ეჩხუბო, შვილო!
– არა, დედა!
– ეცადე, მშვიდად იყო, იქნებ აუხსნა, დააჯერო...
– ვეცდები, დედა!
– კარგად იყავი, შვილო!
– ვიქნები, დედა!
– არ მომატყუო!
– არა, დედა!
– მოდი ახლა დაგემშვიდობო.
მე ავდექი და დედას მივუახლოვდი. მან ისევ ჩამიკრა გულში და მხრები აუცახცახდა.მე მოვიცილე იგი და სახეზე შევხედე, იგი ტიროდა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა და ნიკაპთან ეკვრებოდა, ბოლოს გული ამოუჯდა და მე გამიხარდა, რომ დედა ისევ ტიროდა, რომ ჩემს დედას ჩემი წილი ცრემლი არ გათავებოდა. სკამზე დავსვი, იგი მაგიდას დაემხო და ახლა ასე განაგრძო ტირილი. ერთი წუთი, ალბათ, გავიდა, ორიც და სამიც, დედა დაწყნარდა, მაგრამ ზედამხედველი არ შემოდიოდა. მაშინ მე მივედი კართან და რაც შემეძლო, მაგრად დავაბრახუნე. კარი სწრაფად გაიღო და ზედამხედველი შემოვიდა.
– წამიყვანე, თუ ძმა ხარ! – ვთხოვე მე. მან დედას შეხედა. დედამ ცრემლები მოიწმინდა ცხვირსახოცით, ზედამხედ ველს გაუღიმა და თანხმობისა და მადლიერების ნიშნად თავი დაუქნია. ზედამხედველმა ოთახიდან გამიყვანა. დერეფანი უხმოდ გავიარეთ. ეზოში რომ გავედით, ზედამხედველმა ონკანთან გამაჩერა, წყალი დალია და სველი ნიკაპი სახელოთი შეიხოცა.
– დალიე! – მითხრა. არ მინდოდა წყალი, მაგრამ მაინც დავლიე, რადგან მივხვდი, რომ ჩემი გულისათვის გაჩერდა ონკანთან, თვითონ სულ არ სწყუროდა.
– პირზე შეისხი, თვალები დასიებული გაქვს ქალივით, უხერხულია.
– ცივი წყალი შევისხი სახეზე. თითქოს დაგვალული ბალახისათვის წყალი დაესხათ ფესვზე, ისეთი შვება ვიგრძენი. მადლობის ნიშნად გავუღიმე.
– დედაა? – მკითხა ზედამხედველმა.
– დედაა! – ვუპასუხე მე.
– აი, ახლა რომ გაიღიმე, გავდი.
– ჰო!
– მერე, არ გრცხვენია? – მკითხა, მე გავჩერდი და თვალებში შევხედე.
რას მიყურებ, არ გრცხვენია-მეთქი, გეკითხები! – გამიმეორა მან. მე არაფერი ვუპასუხე, ხელები უკან დავიწყე, როგორც პატიმრის წესია, და წავედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent