შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (6)


23-09-2021, 03:52
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 752

საწოლზე გადაშლილი ჩემოდანი იდო და ნივთებს ორი ადამიანი წამოდგომოდა თავზე ინტერესით. გადათვალიერების შემდგომ დარწმუნდნენ რონ ყველაფერი ჩალაგებული იყო და არაფერი ავიწყდებოდათ.ყავისფერ მაისურსა და მუქ ჯინსის შარვალში გამოწყობილმა ბერაიამ,კომფორტული ბოტასები მოირგო და კარიდან გასულ დედამისს ფეხდაფეხ მიჰყვა ჩემოდან მომარჯვებული.ქვედა სართულის მისაღებში ჯერ კიდევ არ გადაეწიათ მუქი ფარდები და გარემოს მხოლოდ სამზარეულოს ღია სივრციდან გამავალი თბილი შუქი ანათებდა. მაგიდაზე საუზმე იყო გაშლილი და შვილის დანახვაზე ჯაბა ბერაიამ მძღოლის მოტანილი დღევანდელი გაზეთი კუთხეში მიდო.მის გვერდით მოთავსებულმა დემეტრემ დაყენებული ყავა ფინჯანში ჩამოისხა და საათის ციფერბლატს კიდევ ერთხელ დააკვირდა, იმაში დასარწმუნებლად რომ დრო ჰქონდა.
-ესეიგი შენი და ლუკას მანქანებით მიდიხართ ბიჭები...-საუბრის წამოწყება სურდა ოჯახის უფროსს.
-ხო ჩვენ ასე გადავნაწილდებით, მუშები კი თავიანთი მანქანებით მოდიან და ოდნავ გვიან ჩამოვლენ, სანამ ჩვენ დავლაგდებით, მანამ უკვე ადგილზე იქნებიან...-საქმიანად ამოილაპარაკა და დედამისის ნაღვლიან სახეს ღიმილით გადახედა...-სოფიო ომში ხომ არ მივდივარ, მალევე დავბრუნდები.
-დედლაინები ჯერ კიდევ გაურკვეველია ხო?
-ალბათ პირველი ორი კვირა საერთოდ ვერ მოვახერხებთ წამოსვლას, მერე უკვე ზედა სართულის საძინებლებიც მზად უნდა იყოს ავეჯის შესატანად,ზაფხულია და წესით კედლები მალევე გაშრება, ასე რომ მოგვიწევს ლიზას ჩამოვაკითხოთ.
-მოიცა ლიზა არ მოდის?...-გაკვირვებით იკითხა სოფიომ.
-ლიზა აქ უნდა დარჩეს რომ შეკვეთების სრული სიზუსტით შესრულებას თვალი ადევნოს, ამიტომ ეს პერიოდი აქ იქნება...-თავაუწევლად დააბრუნა პასუხი და კიდევ ერთხელ ციფერბლატზე მიშტერების შემდგომ მოუსვენრად წამოდგა სკამიდან. მშობლებიც მის ქმედებას დაჰყვნენ, სოფიო ისე მაგრად იკრავდა გულში თითქოს შვილს ცხრა ზღვას იქეთ ამგზავრებდა, ჯაბა ბერაია ზურგზე ხელისგულის მიდებით შემოიფარგლა და თვალებში ჩამდგარი მზრუნველობით ამოთქვა.
-ყველაფერი გამოგივა დემე და შენით კიდევ ერთხელ ვიამაყებთ...-მამამისის მიერ გამოხატულ სითბოს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის.ამჯერადაც ამ სიტყვებმა უფრო მეტი გამბედაობა შემატეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს რომ მცირე მარცხის უფლებაც არ ჰქონდა.
მშვიდობიანი მგზავრობის სურვების და ფრთხილი მართვისკენ მოწოდებების შემდგომ, საბარგულში ჩემოდან დაგულებული ბერაია უკვე ბაჩოს სახლისკენ მიდიოდა, სადაც ლუკა და ნიკოლოზი დახვდებოდა, თბილისიდან ერთად გასვლის შეთანხმება უცვლელი რჩებოდა.
მაღალსართულიან კორპუსთან მისულმა ძრავა გამორთო და სადარბაზოსთან ნაცნობი სახეები შეამჩნია, ისინი უკვე მისკენ მოდიოდნენ და საბარგული გააღი ბაჩოს ჩემოდნის დასაბინავებლად. მის გვერდით სავარძელში მოთავსებული მეგობარი ჯერ გასუსული იჯდა, მერე, თითქოს თავში რაღაცამ დაარტყაო, სათვალე მოიგლიჯა და გაკვირვებულმა გახედა.
-მოიცა ჩვენ სად ვრჩებით? ერთ სახლში ვიქნებით?
-შენ ტელეფონზე ლაპარაკობდი მაშინ და არ იცი, კვიციანებმა ჩვენ ოთხს მათთან დარჩენა შემოგვთავაზეს და უარი არ მითქვამს.ასე თუ ისე გავიცანით და...-სიტყვა შეწყვიტა როცა უკან მომავალმა მანქანამ უხეში მანევრირებით გადაუსწრო.
-ხო, კიტა კარგი ბიჭია, მაგრამ მამამისი ზურაბი უფრო მეტად მომეწონა.უბრალო, გულწრფელი ხალხი არიან.
-მეც ეგრე მომეჩვენა, თითქოს ახლობლებთან ვიყავით სტუმრად...-დაბნეულმა ასწია წარბები, გაეღიმა როცა გაახსენდა საღამოს ბინდბუნდში ჩაძირული ეზო და მაყალთან ჩამომდგარი ზურაბი, დინჯად რომ უხსნიდა ლუკას როგორ აყენებდა ღვინოს თავის პატარა მარანში.
-ისე ხვდები ხო ანასტასიას გარეშე ასე ჰარი-ჰარალოზე, მხოლოდ ჩვენი ლამაზი თვალების გამო რომ არ შემოგვთავაზებდნენ იქ დარჩენას?!...-გუშინდელი საუბარი მასაც ისევე არ დავიწყებია, როგორც ბერაიას.
-დღეს დილითაც ვურეკავდი...-შუქნიშანზე გაჩერდა და გზას გაუშტერა მზერა...-მაგრამ, ისევ გამორთული აქვს ტელეფონი.
-დემე, გადაუვლის...-მის გაყინულ სახეს რომ დააკვირდა, მიხვდა, მეგობარი არც ისე გულქვად უყურებდა სიტუაციას როგორც თავად ეგონა...-ნუ გეშინია, მიხვდება რომ შენს გამო ამხელა საქმის მიტოვება არ ღირს და ჩამოვა, მერე რამდენიმე ძვირფასი სიტყვით შეგამკობს და ეგ იქნება...-გაეცინა და გაახსენდა მანქანაში მათი წაკინკლავებისას, ანასტასიას აფოფრილი სახე.
ბერაიამ, ახლა კიდევ უფრო დაძაბული რომ უყურებდა შუქნიშანს, საჭეზე თითები ნერვიულად აათამაშა და მწვანე ფერის ანთებისთანავე მოწყდა ადგილს, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მანქანა მოაბრუნა და ისევ უკან, მათი მიმართულების საპირისპიროდ დაიწყო მოძრაობა. გვერდით მჯდომს არაფერი უთქვამს, კმაყოფილებისგან გაბადრული სახით იჯდა და ხანდახან ეშმაკურად გადახედავდა ბავშვობის ძმაკაცის შეჭმუხნულ წარბებს.იცოდნენ რომ ასეთი ქცევით გაკვირვებული ლუკა და ნიკოც,თავიანთი მანქანით მოჰყვებოდნენ უკან.ტელეფონი ბაჩოს მიაწოდა და მოსთხოვა კონტაქტებში გაიოზის სახელით ნომერი მოეძებნა, მერე კი სპიკერი ჩაერთო.ყურმილში მალევე მოისმა კაცის ხრიწიანი ხმა და გამარჯობა.
-ბატონო გაიოზ დილამშვიდობის, იმედია არ გაგაღვიძეთ...-პატივისცემა გამოიჩინა დილაადრიან შეწუხებისთვის.
-არა დემეტრე ოფისში წასასვლელად ვემზადებოდი...
-ბატონო გაიოზ შემთხვევით ხომ არ იცით ჯანაშიები რომელ სართულზე ცხოვრობენ? ან ბინის ნომერი რომ მითხრათ?
-მშვიდობაა?...-ინტერესით ჩაეკითხნენ?
-კი, უბრალოდ ეზოს მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიტანეთ და იურისტის მოთხოვნით ხელი უნდა მოვაწერინო, რომ თანხმობა ოფიციალურად დადასტურდეს.ჯანაშიებს ვურეკავ და არ იღებენ, მე კიდევ მეჩქარება და ვერ დაველოდები.
-გასაგებია...-მშვიდად ამოთქვა გაიოზმა...-მესამე სართული, ბინა 302, ერთი სადარბაზო აქვს მათ კორპუსს ხომ იცი?
-კი ვიცი, უღრმესი მადლობა.
ზარი შეწყდა. დაახლოებით ათ წუთში ბერაია უკვე ჯანაშიების კორპუსის წინ იდგა.ბაჩოს შემოთავაზებას, მეც ამოგყვებიო, უარით უპასუხა და სადარბაზოს სივრცეში მიიმალა.ლიფტის მომლოდინე დაფიქრდა რა უნდა ეთქვა გიორგისთვის როცა უეცრად გამოეცხადებოდა, იქნებ ეძინათ, ასე დილაადრიან რომ დაადგებოდა უკვე უხერხულობას გრძნობდა.მესამე სართულზე ასული, ბინის კართან ჯერ კიდევ ყოყმანობდა, მერე ბერაიებისთვის ნაცნობ უშიშრობას მიმართა,ხელისგულში მოქცეული საქაღალდე ხელში შეათამაშა და ზარი დარეკა.კარი შუახნის ქალბატონმა გააღო, რომელსაც მორიდებით ჰკითხა ჯანაშიებზე,მან კი შეიპატიჟა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.გიორგი მაგიდასთან იჯდა და პატარა ბიჭთან ერთად გაშლილ წიგნს ჩასჩერებოდა, მის გვერდით ახალგაზრდა ქალი ღიმილიანი სახით შესცქეროდა ამ სცენას.ლალიმ სტუმრის მოსვლა გააჟღერა თუ არა, ჯანაშია მობრუნდა და წამიერად შეშფოთებული იერი, დაბნეულ ღიმილად გადააკეთა, ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩამოართვა და მაგიდასთან მიიპატიჟა.
-დემეტრე გამეხარდა შენი ნახვა.ისაუზმე ჩვენთან ერთად...-როგორც კი ბერაიამ პასუხად დაუბრუნა,დილით უკვე ვისაუზმეო და შემოთავაზებულ ყავაზეც თავაზიანი უარი განაცხადა, მაშინვე შეცვალეს კითხვა...- მაშინ ის მითხარი, ამ დილაადრიან რამ შეგაწუხა?
-ბატონო გიორგი, ვიცი ტელეფონით უკვე ვისაუბრეთ და მითხარით რომ თანახმა ხართ ბაღის ჩემეული ხედვით დაპროექტებაზე, მაგრამ მინდა თქვენმა შვილმა ხელი მაინც მოაწეროს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად...-ესეც ასე, მოხერხებულობამ თავი საჭირო მომენტში იჩინა, მშვენიერი მიზეზი გამოდგა.
-ოფიციალურობა კარგია.მომეცი ხელს მოვაწერ, რომ მშვიდად შეუდგე შენს დიდ გეგმებს...-ხელი გაიშვირა საქაღალდისკენ.
- გიორგი ცუდად არ გამიგოთ, დიდ პატივს გცემთ, უბრალოდ...რადგან მოლაპარაკებები აქამდე თქვენს შვილთან მიმდინარეობდა, მე მისი ხელმოწერა მჭირდება...-ეჭვი უკვე თავის ქალას უღრღნიდა, ანასტასიას რომ ყველაფერი მოეყოლა ასე არხეინად არ შემოიპატიჟებდნენ.შესაბამისად ეჭვი იზრდებოდა, მთელ სხეულში მოძრაობდა და ბოლომდე იპყრობდა საღ გონებას.
-ანასტასია ბერლინშია. თუ საჩქარო არაა, ფაქსით გადავუგზავნი და ხელმოწერილს გამოგიგზავნი ფოსტით, ან მძღოლს გამოვატან.
-ბერლინში?...-ყელში რაღაც გაეჩხირა.წამით შეიცადა იატაკზე თვალებმიწებებულმა, სიმწრით გაიღიმა და ჩვეული ტონით გააგრძელა...-კარგი იქნებოდა აქამდე რომ მცოდნოდა, ასე დილაადრიან არ შეგაწუხებდით.თუ ნამდვილად თანახმაა, პრობლემა არ მაქვს, როცა ჩამოვა მაშინ მოაწეროს ხელი.
-დიდხანს მოგიწევს ლოდინი...-გულწრფელად გამოაცხადა ჯანაშიამ და ცეცხლზე ნავთი დაუსხა...-დიდი ალბათობით ჩემი შვილი ხელს აღარ შეგიშლის.ასე რომ მშვიდად განაგრძე პროექტზე მუშაობა.
ბერაიამ საქაღალდეს ხელი მაგრად მოუჭირა, ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩამოართვა გიორგის და ზანტად წავიდა გასასვლელიკენ.როგორც კი ლიფტთან მომლოდინემ გაიგონა, მის უკან კარის მიხურვის ხმა, კბილს კბილი დააჭირა, გაბოროტებული მოსწყდა ადგილს და კიბეებზე დაეშვა.კორპუსთან მომლოდინე მეგობრებმა, ერთიანად აწითლებული და ბრაზს აყოლილი რომ დალანდეს მუხლები გაასწორეს და მანქანას მოშორდნენ.
-რა მოხდა?...-მხოლოდ ნიკოლოზმა გაბედა შეკითხვის დასმა.
-მიდი თქვი, რა იყო პირველად კი არ მოვისმენთ როგორ გამოგლანძღა ჯანაშიას ფერიამ...-ხუმრობა უადგილო იყო, მაგრამ ბაჩო მაინც ეცადა სიტუაციის განმუხტვას.
-მიდი დემე მიდი, ყველანაირ ბრუნვაში მოსმენილი გვაქვს მისგან შენი ქება-დიდება, ნუ გერიდება...-ტემპს არ ჩამორჩა ლუკაც.
-თქვენი ფერია ბერლინშია...-კოპებშეყრილმა ამოიხრიალა და საჭესთან დამჯდარმა კარი მიიჯახუნა.ყველანი ნელ-ნელა ჩალაგდნენ და ინტერესიანი მზერით დაუწყეს შორიდან შემოვლა, უფრო მეტად რომ არ გაეღიზიანებინათ.
-შენ არ თქვი იქ სწავლობსო? ალბათ საქმე ჰქონდა. დიდი ამბავი...-უდარდელად ამოილაპარაკა ლუკამ და გვერდულად გახედა.
-მამამისმა მოგვიწოდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ისე გავაგრძელოთ მუშაობა როგორც ჩვენს გულებს გაუხარდებათ, იმიტომ რომ მისი შვილი აღარ შეგვაწუხებს...-მოთმინების ფიალა ბოლომდე იყო დაცლილი, დემეტრეს სახეზე ეს ნათლად ჩანდა.
-ანუ მორჩა? წავიდა და აღარ ჩამოვა?...-ამოიჩურჩულა ბაჩომ, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებაო.
-კიბატონო ბაჩუკი...-ცინიზმით იყო გაჟღენთილი მიმართვა...- ხომ გითხარი მალე მობეზრდებათქო...კარგია, ახლა შემიძლია მშვიდად ვიყო, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ კარგად ერთობა და მე შენი გუშინდელი გამოსვლის მერე სულ ტყუილად დავხარჯე ნერვიულობაში დრო...-გაგულისება მთელ ტექსტს მიჰყვებოდა და მომუშტული ხელის თითების კანკალი ბრაზის კონტროლის ახალ ფაზაში გადადიოდა...-ასე რომ თავისუფლები ვართ, მშვიდად გავაგრძელებთ რესტავრაციას და თავდაპირველ გეგმას ზუსტად ისე მივყვებით როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ანასტასია ჯანაშია ჩვენ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
მას შემდეგ რაც ნიკო და ლუკა თავიანთ მანქანაში გადავიდნენ და გზას ხელთავიდან დაადგნენ, დემეტრე ბერაია მხოლოდ გზას უყურებდა. გასუსული ბაჩოც სავარძელში გაიშალა და ფანჯარაზე მიწებებული თვალებით შორს, სივრცეში იყურებოდა.ბერაიას გონება იმდენად დაიბინდა მას შემდეგ, რაც გაიგო ანასტასია ჯანაშია უკვე აღარ გამოჩნდებოდა, რომ საერთოდ არ შეუმჩნევია გიორგის სიტყვებზე როგორ უხერხულად შეიშმუშნენ მისთვის უცნობი ქალები, არც ის დაუნახავს რომ წამიერად ერთმანეთს გადახედეს და შეეჩეხნენ თუ არა მზერით, მაშინვე თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყეს.მთავარი მაინც ის იყო, რომ ანასტასია წავიდა და დაბრუნებას არ აპირებდა, შესაბამისად ყველაფერი საწყის წერტილში ბრუნდებოდა, ეს რამდენიმე დღე არაფერს ნიშნავდა და ყველას უნდა წარმოედგინა რომ სიტუაციამ ის მიმართულება აიღო, რომელიც გიორგი ჯანაშიას ქალიშვილის გამოჩენამდე ჰქონდათ ჩაფიქრებული.ერთმანეთთან საუბარს ერიდებოდნენ, თუმცა ორივე ხვდებოდა რომ შინაგანი შეგრძნება, თითქოს არასწორად მოიქცნენ, რაღაც დააშავეს, მოსვენებას არ აძლევდათ. დემეტრემ მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა როცა კვიციანების სახლთან მისულები მანქანებიდან გადმოვიდნენ და ყველა სათითაოდ გააფრთხილა საკუთარი ინიციატივით არ გაებედათ ანასტასია ჯანაშიაზე კითხვების დასმა, განსაკუთრებით კი მის ვოიაჟზე ბერლინში.წინააღმდეგობრივი აზრი არც ერთს გასჩენია, რადგან ხედავდნენ როგორი გაღიზიანებული იყო მეგობარი და თავისთადავად არ აუფრიალებდნენ სახეში ამ სიბრაზის მთავარ მიზეზს.
კვიციანების ოჯახი ჩვეული სტუმართმოყვარეობით შემოეგებათ, თითოეულს თავისი ოთახი აჩვენეს.სახლის მარცხენა მხარეს დემეტრე ბერაიასთვის განკუთვნილი ოთახი იყო, რომლის ფანჯრებიც ეზოს გადმოჰყურებდა და ნისლში ჩამალული მთების ხედიც იშლებოდა, თვითონ საძინებელი მყუდროდ იყო მოწყობილი, ორსაწოლიან ლოგინთან პატარა ტუმბოები იდგა ხელნაკეთი ხის სანათებით, კედლის სიგრძეზე გაჭიმული იყო კაკლის ხის ძველებური კარადა და ფანჯარასთან მაღალ ფეხებზე შემომდგარი სამუშაო მაგიდა თავისი ტყავის სავარძლით.ლუკას და ნიკოს ერთად მოუწევდათ შედარებით დიდ ოთახში დაძინება, სადაც ორი ერთსაწოლიანი ლოგინი იდგა შუაში ტუმბოთი, დემეტრესგან განსხვავებით მათ კარადა უნდა გაენაწილებინათ და სამაგიეროდ ნახატებით სავსე კედელი უმშვენებდათ ოთახს.მესამე საძინებელში ბაჩოს მიუჩინეს ადგილი და მისი ფანჯრებიდან უკანა ეზოს ხედი იშლებოდა, რომლის დანახვაზეც კმაყოფილმა გასძახა გვერდით ოთახში დაბინავებულებს "გშურდეთო".დიასახლისს განსაკუთრებულად მოენდომებინა, თეთრეულს იების სურნელი დასდევდა, შეხებისას რბილი იყო და თითოეული ავეჯი დიდი მონდომებით გაეწმინდათ, ისე რომ მტვრის ნასახს ვერ იპოვიდით. დაბინავებულები ცივი მარწყვის კომპოტზე მიიპაჟეს ფანჩატურში და ცხელი შუადღის ფონზე, ტკბილი ნაყოფის წვენით ყეყლის გაგრილებამ ოთხეული ხასიათზე მოიყვანა.
-მუშები დღესვე ჩამოვლენ?...-საუბრის წამოწყება კიტამ ითავა.
-გზაში არიან, წესით მალევე იქნებიან აქ და შენი დახმარება დამჭირდება რომ თავიანთი ნივთები მასპინძელ ოჯახებში დატოვონ და დაბინავდნენ...-თხოვნას ღიმილი ახლდა დემეტრეს მხრიდან.
-ხვალიდანვე დაიწყებთ?...-დინჯად იკითხა ზურაბმა, როცა მისმა შვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბერაიას.
-დღესვე ვაპირებთ, სატვირთო მანქანებით მასალები და სამუშაო იარაღები მოაქვთ, უბრალოდ ხარაჩოებს დავდგამთ რომ ხვალ კედლების გასუფთავება დაიწყონ...-ეს უკვე ლუკას კომპეტენციაში შედიოდა და მანვე უპასუხა.
-ბატონო ზურაბ თქვენი დახმარება დამჭირდება ბაღში, ის მებაღე რომელიც დავიქირავე ორი დღის წინ გავათავისუფლე და თქვენ იმედზე ვარ...-ხმაში ბრაზი დამალა დემეტრემ, როცა კომპრომისის ეპიზოდი გაახსენდა.
-ეგ არ არის პრობლემა, ხეები გასხლულია, გაზაფხულზე გულმა არ მომითმინა და ჩემ ეზოში მუშაობის მერე მათაც ვუვლიდი, დანარჩენს ნელ-ნელა მივხედავ, პროექტს ვნახავ, რომ თქვენ ჩანაფიქრს მოვერგო და გეტყვით რაც დაგვჭირდება...-ფიქრიანად საუბრობდა კვიციანი და შიგადაშიგ მაგიდას უშტერებდა მზერას.
-სოფლიდან ვინც კი გამოთქვა დახმარების სურვილი, ყველა ძალიან შრომისმოყვარე, პასუხიმგებლიანი ბიჭია, ასე რომ ყუველაფერი კარგად იქნება...-პირდაპირ ბერაიას მოღვეთილი სახისკენ იყო კიტას სიტყვები მიმართული, რადგან სულ სერიოზული გამომეტყველების მესაკუთრე დემეტრე ბერაიაზე ვერავინ იფიქრებდა რომ საქმის მიღმა რაიმე დეტალს მისი სახის ასეთი ცვლილება შეძლებოდა.
კიტა კვიციანის სიტყვები სიმართლესთან ძალიან ახლოს იდგა, რამდენადაც დღეები გადიოდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით სრულდებოდა. დილაადრიან უფროსიან-დაქირავებულიანად, ყველა ღიღინ-ღიღინით, დაუზარელად იწყებდა მუშაობას.ოთხეულმა სიმპათია დაიმსახურა, რადგან არცერთი იბზუებდა ცხვირს და ამის გამო ხშირად ნახავდით ხან ხარაჩოებზე მოძრომიალეს, ანდა მტვერში ერთიანად ამოსვრილს.ბიჭები არ ერიდებოდნენ საქმეს, მუშებთან ერთად სადილობდნენ და ყველა დიალოგის მონაწილე ხდებოდნენ. მიდგომამ და ქცევამ გაამართლა,დილის გათენება სოფლის მაცხოვრებლებისთვის უკვე ახალ ხალისიან დღეს ნიშნავდა და ისინიც, მუშაობდნენ თუ არ მუშაობდნენ, მაინც დაადგებოდნენ გზას და ხან საუბრით, ხან კი ზურაბის დასახმარებლად მიწაზე მუშაობის პარალელურად ართობდნენ თაკარა სიცხეში მომუშავე გაბადრულ ახალგაზრდებს.ტბის წყალი მღვრიე არ აღმოჩნდა, ამიტომ საღამოობით ცივ წყალში ბანაობით იამებდნენ მზეზე დამწვარ კანს და მანამ ლივლივებდნენ წყალზე სანამ ზურაბი მშვიდად არ შემოუძახებდათ "ელისაბედს ვახშამი ექნება გაშლილი და თუ დავაგვიანებთ გვისაყვედურებსო".ერთად ვახშმობის შემდგომ ხან რიგ-რიგობით თამაშობდნენ ბანქოს ეზოს სიგრილეში, ან კიდევ მისაღების სავარძლებში მოკალათებულები გვიანობამდე უყურებდნენ ფეხბურთს, რათქმაუნდა უხმოდ და ზემდეტი ემოციების გარეშე რომ ელისაბედისთვის ძილი არ დაეფრთხოთ. ბიჭებისთვის, კვიციანების მყუდრო სახლი ნელ-ნელა ფასდაუდებელი ხდებოდა და თითოეული გრძნობდა რომ აქ მათ მეორე ოჯახი ეგულებოდათ. საღამოების შეკრებებს მხოლოდ დემეტრე ბერაია აკლდებოდა, რომელსაც სასტუმროს გარდა ოფისში დატოვებული საქმეების კეთება შუაღამემდე უწევდა, თანაშემწის მიერ გადმოგზავნილ ფაილებს, ხელშეკრულებებს, ახალ ხარჯთაღრიცხვებს და კლიენტების შემოთავაზებებს მანამ უკირკიტებდა, სანამ თავისი საძინებლის სამუშაო მაგიდაზე არ ჩამოეძინებოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მეორე დილით წელში გასწორების და მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა, ზურაბი გახლდათ.კვიციანი აუცილებლად რამდენჯერმე ააკითხავდა და მსუბუქი კაკუნის შემდგომ შეიხედავდა, ხანდახან ჩრდილოეთიდან მომავალი სუსხი მუხლებში თუ დაუწყებდა მტვრევას, ჩაის მოამზადებდა და ცხელი, არომატული სითხით სავსე ფინჯანს ლეპტოპის გვერდით უდგამდა.სწორედ ზურაბი აღვიძებდა, სავარძელში მოკეცილს და მშვიდად ეუბნებოდა დღეისთვის მუშაობა საკმარისია, დაწექიო, ისიც ლოგინზე გადაინაცვლებდა და სხეულს ასვენებდა.
მოკლედ რომ ვთქვათ დღეები ნელ-ნელა, მხიარულ შრომაში გადიოდა.
პირობა არც ერთს დაურღვევია, ანასტასია ჯანაშიაზე სიტყვა არ დაუძრავთ და კვიციანებსაც მათთან გოგონა არ უხსენებიათ.მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა ჯანაშიების გვარმა, ისიც მაშინ,როცა საუზმეზე ჩამოსულებმა ელისაბედი მოიკითხეს და ზურაბმა აუხსნა რომ მეუღლე კიტამ წაიყვანა თბილისში, ჯანაშიებთან სტუმრად.კარგა ხანს ჩუმ-ჩუმად ცვლიდნენ მზერას, თუმცა ჩაძიება არცერთს უცდია.კიტა იმ დღესვე დაბრუნდა, ოღონდ დედის გარეშე და სამუშაოებს შეცვლილი იერსახით დაუბრუნდა.სიტყვაძუნწობა და ხშირი ჩაფიქრება, მის მუდამ მკვირცხლ სახეს ჩვევად ექცა და ბიჭები უკვე თანხმდებოდნენ რომ ამ ცვლილების მიზეზი ჯანაშიების ოჯახში სტუმრობა იყო.
დინებამ კალაპოტი მას შემდეგ იცვალა, რაც ჩვეულ რიტმში მიმდინარე სამუშაოების დროს, სასტუმროსთან უცხო მანქანა გაჩერდა, იქედან მაღალი, ჩაფსკვნილი მამაკაცის ფიგურა გადმოვიდა და დემეტრე ბერაია იკითხა.გარეთ მომუშავე ბიჭებიდან ერთ-ერთი დემეტრესთან ერთად გამოვიდა და ხელით ანიშნა კაცისკენ. ბერაია მისკენ წამოვიდა, ხელის ჩამორთმევით შეეგება, მის ნაბიჯებს უკან მიყვა და დიალოგი ნელ-ნელა შედგა.
-როგორი ფუსფუსია ეზოში, ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა.მაშინ მეც შენსავით ყველასთან ვმეგობრობდი და მათ გარშემო ყოფნა მიხაროდა...-თვალები ვერ ძღებოდნენ თვალიერებით და ხმასაც ნოსტალგიური ელფერი დაკრავდა.
-ძალიან მშრომელი და გულთბილი ხალხი არიან, სხვანაირი ხდები მათ გარშემო...-ახლა უკვე იცოდა და ძალიან კარგად ესმოდა რასაც გულისხმობდა გიორგი ჯანაშიას სიტყვები.
-გარე ფასადი თითქმის დაგისრულებიათ, ეზოც ასე თუ ისე გასუფთავებულია, ეს ზურაბის ნახელავი იქნება...-იღიმოდა და ტბის მხარეს დახნულ მიწაზე უთითებდა.
-გაგვიმართლა რომ მისი ოჯახი გავიცანით.
-მართალია. მეც და შენც, საქმიანობიდან გამომდინარე ბევრნაირ ადამიანს ვიცნობთ, ცუდსაც, კარგსაც და უკეთესსაც, მაგრამ ჩემი მამიდაშვილის მსგავსი კაცი ქვეყნად არ მეგულება.
-მამიდაშვილი?...-დემეტრე ერთ ადგილზე გაჩერდა და დაბნეულმა შეხედა.
-ხო, ზურა ჩემი მამიდაშვილია. მამაჩემის და ამ სოფელში გათხოვდა, მასთან სტუმრობისას ვნახე ტბა და ისე მომეწონა რომ ეს მიწა ვიყიდე, სასტუმროს ასაშენებლად.შენთვის არ უთქვამს?...-გაიკვირვა გიორგიმ და დაბნეულობის ნიშნად წარბები მაღლა აზიდა.
-ელისაბედს ვკითხე ერთხელ, საიდან იცნობდა თქვენს ოჯახს, მაგრამ პასუხს სანამ გამცემდა...-კიდევ ერთხელ ამოტივტივდა ჯანაშიების გვარი მის გონებაში...-მოკლედ პასუხს ვერ მოვუსმინე.
-ეგ არაფერი...-გაიღიმა გიორგიმ და ტბისკენ შებრუნდა.კარგა ხანს იდგა ასე, ჰორიზონს მიღმა მოცქირალი.ბერაია მიხვდა რომ დუმილი კარგა ხანს გასტანდა, ამიტომ თავადვე დაარღვია.
-არ გინდათ შიდა სამუშაოებიც დაათვალიეროთ?
-ხოო...-მზერა მისკენ მომართა და ნელა მობრუნდა...-ახლა საქმეს მივუბრუნდეთ.სიმართლე გითხრა ჯერ ჩამოსვლას არ ვგეგმავდი, თუმცა ცოლ-შვილი ბათუმში უნდა წამეყვანა დასავენებლად და ელისაბედიც წამოვიყვანეთ. რადგან ასე აეწყო, გადადება აღარ მოვისურვე,
-ცოლ-შვილი?...-რაღაცამ, მწარედ გაჰკრა გულში და მოუთმენლობამ წამოაძახებინა...
-ხო, ჩემი პატარა ბიჭი სექტემბრიდან შედის სკოლაში, მაგრამ დედამისმა გადაწყვიტა რომ საზაფხულო სკოლაში მიეყვანა, სადაც მისი მომავალი კლასელებიც არიან. ახლა გეგმები შეცვალა და ბათუმში მოინდომა წასვლა. მეც მორჩილად ვუქნევ თავს და ვეუბნები "კიბატონო"-ს, გაითვალისწინე, გამოგადგება...-ჯანაშია მიედ-მოედებოდა, თითქოს სათქმელს გაურბოდა, ეჭვიანად ათვალიერებდა ბერაია და გაანალიზა რომ ის პატარა ბიჭი და ახალგაზრდა ქალი, ჯანაშიების სამზარეულოში, გიორგის ცოლ-შვილი იყო.
-ძალიან კარგია რომ მოახერხეთ ჩამოსვლა...-მოვალეობის მოხდის მიზნით წარმოთქვა.
-კარგი, თავს გაწყენ და საქმეს მოგაცდინე, ამიტომ პირდაპირ გეტყვი...-ნერვიულად აათამაშა თითები და ყოყმანი დაეტყო მის ქცევას...-ჩემი პირობა უცვლელად დარჩა, მინდა რომ დარჩენილი წილიც შეისყიდო...-თითქოს გულზე მოეშვაო ამ სიტყვების წარმოთქმისას. დემეტრე ერთ ადგილზე გაშეშდა და გონებაში აზრების თავმოყრა დაიწყო.
-გინდათ რომ წილი შევისყიდო?!...-უფრო თავისთვის ამოილაპარაკა ვიდრე მისი წინ მდგომის გასაგონად...-თქვენი შვილი თანახმაა?...-ინტერესით დააკვირდა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
-ანასტასია ჩემთან ჯინიანობის დიდოსტატია და აქ ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, ისე გაიქცა ბერლინში რომ წილის გადაფორმებაც არ მოუნდომებია...-თვალებში არ უყურებდა, ხმადაბლა საუბრობდა და გაბზარული ტონი მის სიტყვებს სევდიან ეფექტს აძლევდა, ფაქტი იყო რომ გიორგი ჯანაშია ძალიან დარდობდა.წუთით შეისვენა და თითქოს ძალები მოიკრიბაო, უფრო რიხიანად გააგრძელა...-ამიტომ წილი ისევ ჩემს სახელზეა და მე არ მინდა ამ სასტუმროსთან რამე მაკავშირებდეს.თუ რამე შეიცვალა და შესყიდვა აღარ გინდა, უფლება მომეცი ახალი მეწილე გიპოვო.
-არა, შესყიდვა მინდა, უბრალოდ დარწმუნებული უნდა ვიყო რომ თქვენს შვილს...
-ჩემი შვილი აქ აღარ არის...-იყვირა უეცრად და მის ხმაში სასოწარკვეთამ დასამალი ადგილი ვეღარ იპოვა.როცა მიხვდა რომ საკუთარ ემოციას ამჟღავნებდა,ამოიხვნეშა და ხმადაბლა გააგრძელა...-არაფერი აინტერესებს და მისგან დასტურის მიღებას ნუ ჩააცივდები ძალიან გთხოვ...-მისი გამომეტყველება აბნევდა ბერაიას, ეჭვი ღრღნიდა, რომ რაღაც ისე არ იყო.თუმცა ის ფაქტი, რომ ანასტასია ჯანაშია გაიქცა, ფაქტად რჩებოდა და ყველა ეჭვს ფანტავდა.
-კარგი, რადგან ასეა, მე თანახმა ვარ სრული მფლობელი გავხდე...-ხმაში ყოყმანი დაეტყო,სახე დამანჭულმა სასტუმროსკენ მიიხედა,თითქოს თვალის არიდებას ცდილობსო.
-შეთანხმების პირობებს არ ვცვლი, როგორც თავდაპირველი მოლაპარაკებისას დავთქვით, იმავე ფასს ვითხოვ, უბრალოდ ეს ხარჯები გავანულოთ.შენთვითონაც ხვდები რომ მე სარგებელი ნამდვილად არ მიმიღია გაყიდვის პროცესის შენელებით.
-ეგ გასაგებია და პრობლემა არ მაქვს, ჩავთვალოთ რომ იმ დღეს მთლიანი სასტუმრო მომყიდეთ და ნახევარ თანხას ახლა გიხდით...-უნდოდა სწრაფად მოშორებოდა, ეს საუბარი დაესრულებინა და ჯანაშიების ოჯახთან საერთო აღარაფერი დარჩენოდა.
-ძალიან კარგი, როცა თბილისში ჩამოხვალ, ჩემთან მოდი ოფისში და ოფიციალურად გავაფორმოთ ხელშეკრულება...-მდუმარედ დაუქნია თავი წინ მდგომმა...-რადგან ასეა, მე წავალ, ჩემები ელისაბედთან დავტოვე და მასთან უნდა გავიარო.აბა წარმატებები და შეხვედრამდე.
ხელის ჩამორთმევა გაცვალეს და ბერაიამ საჭიროდ არ მიიჩნია უკან გაყოლოდა.ტბასთან დარჩენილმა ჰორიზონტს მიღმა ყურება დაიწყო და კიდევ ერთხელ დაფიქრდა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე.სხვა გზა არ ჰქონდა, თუ თვითონ არ იყიდდა დარჩენილ წილს, გიორგი ჯანაშია სხვას მოელაპარაკებოდა და მაინც გაასხვისებდა.
მუშებთან დაბრუნებული ლაპარაკში გაერთო და ეცადა ფიქრებისგან თავი დაეღწია, ხარაჩოდან ჩამოსულმა ბაჩომ, ლუკასთან და ნიკოლოზთან ერთად გამოკითხა ჯანაშიას სტუმრობის დეტალები.ახლა უკვე ოთხივე შეფიქრიანებული აკვირდებოდა სიტუაციას და ხვდებოდნენ რომ სადღაც,რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, კვანძის პოვნა კი ვერცერთმა შეძლო.გზისკენ მიბრუნებულმა ბერაიამ მათკენ მომავალი ქალი შენიშნა და როდესაც უფრო მოუახლოვდა ეზოს, მაშინვე შეიცნო ელისაბედის ფიგურა.ეგონა ჩვენკენ წამოვაო და ღიმილით გახედა, თუმცა მან თვალი აარიდა და სახეწაშლილი შევიდა შენობაში. გაკვირვებული ბერაია სამეულს გამოეყო და კვალდაკვალ მიჰყვა.მესამე სართულზე ასულმა გეზი მარცხენა კიდისკენ აიღო,კიბის რამდენიმე საფეხური აიარა და შეღებულ კარში შეიჭყიტა.თვალებგაფართოებული დააკვირდა როგორ ხსნიდა კარადადიან კაბებს და ლოგინზე კეცავდა,ხმის ამოღება უნდოდა მაგრამ რაღაცამ შეაკავა, სანამ კიდევ ერთ სარაფანმომარჯვებული ქალის მზერა არ შეეჩეხა და ბერაიამ კვიციანის აწითლებული თვალებიდან მომავალი ცრემლები არ დაინახა.
-ელიკო ტირი?...-ადგილს გველნაკბენივით მოსწყდა და მისი სახისკენ ხელისგულებით გაიწია, ქალმა უხეშად მოიშორა და ხელის მტევნით სახე შეიმშრალა.გახევებულმა დემეტრემ ძლივს ამოილაპარაკა...-ვერ ვხვდები რა მოხდა...
-გული გწყდება მათ გადაყრას რომ ვერ მოახერხებ?...-გაგულისებულმა მიაყარა და ისევ კარადას მიუბრუნდა...-ამ ოთახს ვერა, მაგრამ ამ კაბებს მაინც შევუნახავ.
-ვის? ანასტასიას?...-გახსენებამ ისევ ბრაზი მოჰგვარა.
-ბოდიში რომ მისი მოგონებების ბოლომდე მიწასთან გასწორების საშუალებას არ გაძლევთ...-ცდილობდა სლუკუნი დაემალა თუმცა არ გამოუვიდა.
-რომ სდომოდა მოვიდოდა და თვითონ წაიღებდა. მაგრამ ამისდამიუხედავად გადაყრის უფლებას არავის მივცემდი, აუცილებლად გეტყოდი...-უკვე თვითონაც გულდაწყვეტილს, ბოღმა ახრჩობდა.
-ადამიანებს უკეთესი ცხოვრება უნდათ მესმის, ამისთვის რომ არაფერზე დაიხევენ უკან ეს ჩემი თვალით ვნახე.მაგრამ იცოდე რომ სხვის უბედურებაზე, სხვისი ცხოვრების, მოგონებების განადგურების ხარჯზე მიღებული უკეთესი ცხოვრება, მარადიული სატანჯველია. თქვენ კი, შენც და გიორგისაც, ამისთვის როდისმე პასუხი მოგეთხოვებათ...-დარიგებასავით კი ჟღერდა, მაგრამ გაუგებარი აზრი იდო.
-მე არავის ნანგრევებზე არ ვცდილობ მომავლის აწყობას...-კომოდს მიყუდებულმა მშვიდად ამოთქვა.
-აბა მე შევუთანხმდი გიორგის დარჩენილი წილის შესყიდვაზე? კარგი ადამიანი მეგონე, ჩემი ნენეს გვერდით რომ დაგინახე, მეგონა სუფთა გული გქონდა, ოჯახში შვილივით მიგიღეთ, ყოველ ღამე ჩემი ქმარი და მე იმაზე ნერვიულობაში ვიძინებდით, რომ დემეტრე ბევრს მუშაობდა, ჩვენი ანასტასიას მაგივრადაც უძღვებოდა საქმეს და ერთხელაც არ დაუწუწუნიათქო.მეგონა ამას გულწრფელად ცდილობდი, შენ კიდევ ხარბი აღმოჩნდი.ალბათ იფიქრე სადაც ორის საქმეს ვაკეთებ, იქ სხვამ სარგებელი რატომ უნდა ნახოსო და პირველივე შესაძლებლობა გამოიყენე.
საერთოდ ვერ ხვდებოდა ბრალს რაში სდებდნენ, იმაში რომ სასტუმროს წილი სხვამ არ შეისყიდა? რა უნდა ექნა რომ მისი საქციელი კვიციანებს სწორად მოჩვენებოდათ.კითხვაც არ დასცალდა, ქალმა ხელი მოხვია დაკეცილ კაბებს და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას. ბერაიამ ჯერ ყოყმანით გადადგა ნაბიჯი, იფიქრა გავეკიდებიო, მერე გაჩერდა, ჯობს ცოტა დამშვიდდეს რომ ავახსნევინო, ასე ძალიან რომელმა ფაქტმა შეაზიზღა ჩემი თავიო.საწოლზე ჩამოჯდა და ოთახს თვალი მიმოავლო, ვერაფრით მიხვდა ეს ოთახი ასეთი მნიშვნელოვანი რატომ იყო.კედლის სიგრძეზე გაჭიმული კომოდისკენ გაიხედა, მისი კიდის ღია სივრცეში წიგნები ეწყო,შუაში უჯრები ჰქონდა.თავზე დალაგებულ გრამაფონს და ფირფიტებს თვალი აარიდა, უჯრები გამოაღო, მაგრამ ხელში სიცარიელე შერჩა, რამდენიმე წამით ჩაფიქრებული უყურებდა იატაკს, მერე გონებაში აზრმა იმწიფა და წიგნების გადმოლაგებას შეუდგა, სათითაოდ ააფრაიალა ფურცლები, ის იყო იმედი გადაეწურა რომ უკანასკნელი წიგნიდან პატარა სურათი იატაკზე დავარდა და სასწრაფოდ წაავლო ხელი.ფოტოზე ახალგაზრდა ქალი იყო გამოსახული ბავშვთან ერთად, ეს ვისი ფოტოც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად აქ ცხოვრობდა, ტბის ფონზე გამოსახულ ქალს კარგად დააკვირდა და ნაკვთები ეცნო, თითქოს ბავშვსაც ნაცნობი სახე ჰქონდა,სადღაც უნდა ენახა.ამოიხვნეშა, უძლურად ჩამოყარა მხრები, თავი გააქნია, ფოტოსურათი წიგნში დააბრუნა და დალაგებას შეუდგა.როცა დაასრულა, წელში გაიმართა და ნელი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან.
თხუთმეტი წუთი შუადღის მზეზე, კვიციანებისკენ მიმავალ გზაში გაატარა.გასეირნებამ გონებაზე იმოქმედა და ნერვები მწყობრში ჩაუდგა.სახლის ზღურბლს რომ გადააბიჯა მისაღებს თვალი მოავლო და სამზარეულოსკენ წავიდა.ჩარჩოს მიყრდნობილი დააკვირდა მაგიდასთან ჩამომჯდარ ქალს, რომლის სახეც ახლა დამშვიდებულიყო და კაბის კემსვით გართულმა ვერ გაიგო ბიჭის მოსვლა.
-ელისაბედ ბიჭები რომ დაბრუნდებიან ნივთებს ჩავალაგებთ და სასტუმროში გადავალთ...-ხელებგადაჯვარედინებულმა უემოციოდ ამოთქვა, უბრალოდ ფაქტი ახსნა.
-ის ყველაფერი ამ მიზნით არ მითქვამს...-ქალს მისთვის არ შეუხედავს, თუმცა მშვიდი ტონით წარმოთქვა...-ჩემი ოჯახი სტუმრებს მასპინძლობას არ ამადლის და მითუმეტეს სახლიდან არ უშვებს.
-ვიცი მაგრამ სტუმართმოყვარეობასაც აქვს საზღვარი და როცა სტუმარი თავისდაუნებურად იმედებს გიცრუებს, უნდა მიხვდეს რომ აბარგების დროა.
-შენ ის მითხარი, რატომ გამიცრუე იმედები?...-კვიციანის ქალმა მავედრებლად ახედა და სკამისკენ მიუთითა დაჯექიო.
-ვერ ვხვდები, დაიჯერებ? ვერ ვხვდები იმედები ჩემი რომელი ქმედებით გაგიცრუე.გიორგი ჯანაშია მოვიდა დღეს და მითხრა რომ ან მე ვიყიდდი წილს ან სხვა მსურველს იპოვნიდა.რა შეიცვალა იმით რომ მე შევიძინე, გერჩივნა უცხოს ეყიდა ? თუ ასეა...
-მისმინე დემეტრე, ჯერ კიდევ მგონია რომ გულის სიღრმეში კარგი ადამიანი ხარ და ახალგაზრდული სისხლის ბრალია შენი სურვილის დაკმაყოფილებისთვის ასეთი გზის არჩევა...მაგრამ ნუთუ ანასტასიაში ვერაფერი დაინახე ისეთი, რაც სულ მცირედად დაგაფიქრებდა შენი საქციელის სისწორეზე? ჩემი ნენე ერთხელ უკვე გამოძვრა ასეთი სიტუაციიდან, მეორე ჯერზე კი მე არ მივცემ დანებების უფლებას, ძლიერი გოგოა, გადაიტანს. მაგრამ შენ როგორ შეხედავ თვალებში როცა გაიგებს რომ მისი კუთვნილი თვალისდაუხამხამებლად მიითვისე...
-საიდან გამოძვრება, ბერლინიდან? თუ მართლა ასე ძალიან უყვარს ეს ადგილი, მაშინ ბერლინში გაქცევა რა საჭირო იყო? კომპრომისზე წავედი, მივხვდი რომ ამ ადგილას მისთვის რაღაც ძალიან განსაკუთრებული არსებობს და ბოლომდე დავუთმე.ის კი ადგა და ბერლინში გაიქცა...-ყელში უჭერდა უსამართლობის შეგრძნება, მთელი ცხოვრება ისე ზრდიდნენ რომ სხვისთვის ძალით არაფერი წაერთმია, მამამისი ყოველთვის ეუბნებოდა, მხოლოდ ისეთ საქმეს მოკიდე ხელი, რომელიც სხვას ნამდვილად არ ეკუთვნისო. ისიც ამაყობდა რომ დარიგებას მიჰყვებოდა და შურის თუ სიხარბის გამო არასდროს არავისთვის წაურთმევია.
-რა ბერლინი, რის ბერლინი, ეს სისულელეები საიდან მოგაქვს?...-გონებაარეულმა ქალმა უეცრად წამოიძახა...-საავადმყოფო ბერლინად როდის მერე გადაკეთდა?
-მოიცა, მოიცა რა საავადმყოფო? რაზე ლაპარაკობ? სანამ წამოვიდოდით, გიორგის ნათქვამის მიუხედავად მაინც გავუარეთ ანასტასიას სახლში და მამამისმა მითხრა რომ ბერლინში წავიდა.დღესაც, შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი რომ მითხრა ჩემი შვილი ბერლინშია და საერთოდ არ აინტერესებს სასტუმროს წილიო...-გონებაში ყველაფერი ერთად დახტოდა, უნდოდა მთავრისთვის მოება თავი და ამასობაში ყველაფერი ერთად ადგებოდა ენაზე.
-ანუ შენ გიორგიმ მოგატყუა...-ჩურჩულით ამოიხრიალა ქალმა და დემეტრე მიხვდა რომ მას კი არა საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
-ელიკო მე შემომხედე, საავადმყოფო რომ ახსენე რას გულისხმობდი?
-არაფერს, უბრალოდ წამომცდა...-კაბებს ხელი უშვა და ფეხზე წამოხტა, მისი მზერისთვის თვალი რომ აეცილებინა.
-არა შემთხვევით არ გითქვამს...-მტკიცედ განაცხადა მის გვერდით ასვეტილმა...-ვიცი წამლებს რატომაც სვამს, გვიან მაგრამ მაინც მივხვდი...-უნდა მიეხვედრებინა რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა.ქალმა შეცბუნებით მიხედა, ჯერ ყურადღებით შეათვალიერა, მერე სამზარეულოს ზედაპირიდან მოშორებული ხელები უღონოდ ჩამოყარა და ჩურჩული დაიწყო.
-დილის ექვს საათზე გიორგიმ დამირეკა და მითხრა რომ ღებინების გამო სააბაზანოში გული წაუვიდა, საავადმყოფოში გადაყვანილმა ჩემი სახელი იკითხა და ამიტომ წავედი.რომ ჩავედი,იმ დღეს გამოწერეს...ამიტომ წავედი მათთან.
-და ახლა სადაა?...-მოუთმენლობა მთელ სხეულში უჩქარებდა სისხლს.
-სახლში...
-ანუ მე რომ მივედი მათთან, მთელი ის დრო სახლში იყო, ესმოდა და ასე უტიფრად მატყუებდნენ?...-უსამართლობის შეგრძნებამ გაგიჟებამდე მიიყვანა, სამზარეულოდან გამოვარდილმა კიბეებზე აირბინა და უკან ელისაბედი მიყვა.
ბერაიამ კარადიდან ტანსაცმელი და პირსახოცი გამოიღო, გვერდი აარიდა ქალის ბუტბუტს და ქვედა სართულის სააბაზანოში შესულმა მიჯახუნებული კარი ჩაკეტა.მობილურ მომარჯვებულმა ბაჩოს დაურეკა და სასტუმროსთან დატოვებული,თავისი მანქანით მოსვლა თხოვა
ცივმა შხაპმა სისხლის მოძრაობის სიჩქარე შეანელა, თავი აღარ უფეთქავდა და ნერვიული ხელის კანკალიც შეწყდა.ასე მოტყუებულად ჯერ თავი არასდროს უგრძვნია.ორივე მამა-შვილმა იხტუნავეს მის მოთმინებაზე და არ აპირებდა ეს შეერჩინა.ერთი თვალებში უყურებდა და ურცხვად ატყუებდა, მეორე კი ალბათ ჩუმად ისმენდა საუბარს და სინდისის ქენჯნის გარეშე იმალებოდა კარის უკან.ახალ შარვალსა და პერანგში გამოწყობილმა გაიარა მისაღების სივრცე, ეზოში გასული ელისაბედი ბიჭებს ელაპარაკებოდა და მისი დანახვისთანავე დაიწყო ბუტბუტი.გასაღები მომეციო ბაჩოს უღრიალა და ყური არ უთხოვებია ქალისთვის. მანქანის საჭესთან მოთავსებულს, ფანჯარასთან ატუზულმა კვიციანის ქალმა ჩურჩულით უთხრა.
-დემეტრე შენ ყველაფერი არ იცი...ძალიან გთხოვ დამშვიდდი და ისე წადი.
--რაც საჭირო იყო ყველაფერი გავიგე...მე ვაჩვენებ მამა-შვილს როგორ უნდა მოტყუება და იმ ქალბატონსაც გაკვეთილს ჩავუტარებ, რომ მეორედ თუ საქმეს ხელს მოკიდებს, ბოლომდე მიიყვანოს.
მანქანის გასაღები გადაატრიალა და ადგილს სინათლის სისწრაფით მოწყდა.


პ.ს შენიშნვნა გათვალისწინებულია და თავის მოცულობა გავზარდე.იმედია თქვენც ისეთი მოუთმენლობით ელოდებით გაგრძელებას,როგორც მე.ამჯერად კი დემეტრე ბერაიას პერსონაჟის ხასიათი და სამყარო თქვენთვის უკვე ცნობილია.
პ.ს.ს შთაბეჭდილებების გაზიარებას მოუთმენლად ველი.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომწონს!!!
ორი საერთოდ განსხვავებული პერსონაჟის ურთიერთობა.

ველი შემდეგს!!❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი one

sainteresod vitardeba udaod, aq var da mogyvebit))

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

აი გიორგის საქციელს ვერ ვხვდები. ჳემი ცოლშვილიო ისე თქვა თითქოს ანასტასია მისი შვილი არიყოსს. საოცრად შემძრა ამ ფაქტმა. და რა უსინდისოდ მოატყუა დემეტრე. მომწონს მისი პერსონაჟი. ანასტასიას მიმართ ვფიქრობ სიმპათიები აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იყიდდა მის წილს და გააგრძელებდა საქმეს. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. მადლობა რომ არ აგვიანებ

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

დიდი მადლობა რომ ასე სწრაფად დებ თავს და ამხელა ყურადღებას იჩენ მკითხველის მიმართ... ნუ საოცარი რომ არია ეს სხვა საკითხია ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ეკა

მადლობა იმ ემოციისათვის, რასაც წაკითხვის დროს განვიცდი.

 


№6 სტუმარი Tata

სასწაული გოგო ხარ და ნაწარმოებიც ძალიან კარგი იყო. ერთი კითხვა მაქვს ანუ ანასტასია გიორგის შვილი არ არის ნაშვილებია ან გიორგის პირველი ცოლის შვილია?

 


№7  offline წევრი Qetatoo

Tata
სასწაული გოგო ხარ და ნაწარმოებიც ძალიან კარგი იყო. ერთი კითხვა მაქვს ანუ ანასტასია გიორგის შვილი არ არის ნაშვილებია ან გიორგის პირველი ცოლის შვილია?

ანასტასია გიორგის პირველი ცოლის შვილია.

 


№8 სტუმარი ნინო.

საოცარი ისტორიები გაქვთ ალუბლის სიტკბოს წაკითხვით გაგიცანით და წინა ისტორიებსაც ვკითხულობ. სასწაული ემოციებით ვარ სავსე ჭაობს ვკითხულობდი ახლა და გთხოოვთ თუ შეძლებ დასასრული დადეთ. ლამის სუნთქვაც დავიწყებული მქონდა ისე წავილითხე 11-ვე თავუ. ❤❤❤❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან საინტერესოდ წერთ და მომწონს შინაარსი.მადლობა ყურადღებისთვის აზრს რომ აზრს არ გვაფანტინებთ დიდხანს ლოდინით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent