შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (8)


25-09-2021, 05:44
ავტორი Qetatoo
ნანახია 10 663

კვიციანებში უცნაური დილა გათენდა.სამზარეულოში ჩვეულად მოფუსფუსე ელიკოს სახეზე გაკვირვება ეხატა და შიგადაშიგ გადახედავდა მაგიდასთან ჩამომჯდარ კიტას, რომელიც დედის კითხვის ნიშნებით სავსე თვალებზე მხრებს იწურავდა და თავს აქნევდა.ზურაბმა შემოსასვლელთან მიაწყო მაღალყელიანი ბოტები და ოჯახის წევრებს გამოუცახადა ბუნებამ დაისვენა, ნიადაგი ძლივს ეღირსა წვიმას და ხეხილისთვის კარგიაო.მერე საუბარი შეწყვიტა და გაკვირვებული დააკვირდა ცოლ-შვილს.ვერ მიხვდა ხმა საიდან მოდიოდა, მიაყურადა და დემეტრე ბერაიას ბარიტონი ამოიცნო.სამზარეულოში ანასტასია შემოვიდა, რომელსაც თბილი,ფუმფულა ჯეპრი ჩაეცვა და ხელისგულებს ერთმანეთს უხახუნებდა გალუგული თითების გასათბობად.საწყლად ამოიკნავლა ფანჯარა ღია დავტოვე და ამ დილით სიცივემ გამაღვიძაო.კვიციანების დუმილი მალევე გადაედო,როცა ზედა სართულიდან ჩხუბის ხმა მოესმა, ოთახში კი ბაჩო შემოვიდა და ზრდილობიანად,თუმცა სახეწაშლილმა თქვა დილამშვიდობისა.
-რაო დაგვბომბავენო?...-ინტერესით იკითხა ანასტასიამ და ელიკოს მოწოდებულ ლიმნიან ჩაის ცხელ ჭიქას სიამოვნებით შემოაჭდო გაყინული თითები.გონებით სხვაგან მყოფმა კი ვერ გაიაზრა რას ეკითხებოდნენ,ამიტომაც მოატარა გაფაციცებით ოთახს თვალები...-რა გჭირს ბაჩო ? უფრო სწორედ, რა გჭირთ?
-რაზე ამბობ?
-გძინავს? თქვენი ჩხუბის ხმა აქაც ისმის...-ხელები ცხვირწინ აუფრიალა, აქაო და გამოფხიზლდიო.
-გუშინ სასტუმროს სახურავის გადაძრობა დავიწყეთ, ძალიან ცოტა მოვასწარით,ყოველი შემთხვევისთვის ცელოფანი გადავაკარით,მაგრამ წვიმის დაწყებისას დემეტრეს ეღვიძა და სასტუმროში წავიდა.წყალი მაინც ჩავიდა სხვენიდან მესამე სართულზე...-მთვარეულივით ლაპარაკობდა, აშკარა იყო რომ ბერაია ცოფებს ყრიდა.
-ეგ ცუდია, მაგრამ ხომ მთელი სახურავი უნდა გამოიცვალოს, სულ მზე ვერ იქნება, როდესღაც გაწვიმდებოდა.რა არ იცოდა?...-ანასტასია სიტუაციაში გაერკვა, თავადაც ესმოდა რომ სახურავის შეკეთება დიდ დროს წაიღებდა და ეს ყოველთვის იყო საფრთხის შემცველი. ამიტომ გაუგებარი იყო რაზე ბრაზდებოდა დემეტრე...-თუ იმაზე იცოფება ამინდის კონტროლი რომ არ შეუძლია?...-მაინც არ მოუთმინა გულმა და წაკბინა.
ანასტასიას, გვერდით მჯდომმა, ბაჩომ თვალები დაუბრიალა და მხარზე ნიდაყვი გაკრა.კარისკენ მიბრუნებულ, სარკასტულ ღიმილაკრულ ანასტასიას გამომეტყველება შეეცვალა,როცა ერთიანად სახე ალეწილ, გაბოროტებულ ბერაიას ფიგურას წააწყდა.თვითკმაყოფილი ღიმილი მოიშორა და დასერიოზულებული დააკვირდა პარტნიორის გაგულისებულ ქცევას, თერმოსს რომ დაწვდა და ყავის დამზადებისთანავე უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.ზურაბმა უკმაყოფილოდ გადახედა ანასტასიას და დინჯი ნაბიჯით მიჰყვა გაწიწმატებულ სტუმარს უკან.ნიკოლოზი და ლუკა უხერხულად მიეტუზნენ მაგიდას და სმენა დაძაბეს მანქანის ძრავის ხმის გაგონებაზე.ახლა ყველამ იცოდა რომ დემეტრე ბერაია მზად იყო შიშველი ხელებით მოეკლა ყველა,ვინც საეჭვოდ შეხედავდა, ან არ შეხედავდა,სულ ერთი იყო.როგორც კი წასული დაიგულეს, ერთმანეთს გადახედეს და ელისაბედმა სცადა გამოლაპარაკება.
-ძალიან დაზიანდა კედლები?
-არ ვიცი...-მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა და მშვიდად განაგრძო...-ეს ისეა გაგიჟებული გეგონება წვიმის წყალი ჩავიდა კი არა დაიტბორა.გუშინ მე ვაკვირდებოდი, ცელოფანი მთლიან სიგრძეზე გადაჭიმეს მუშებმა, შანსი არაა რომ რამე მძიმედ დაეზიანებინა, ალბათ დაგროვდა ცელოფანზე წყალი და წვეთწვეთობით ჩავიდა.
-მესამე სართული ისედაც მალევე უნდა დაგვეწყო და შპალერის აძრობისთანავე ხელახლა შეელესათ კედლები, ეს იმაზეა გაბრაზებული, ამინდის პროგნოზს როგორ არ ჩავხედე სანამ სახურავის ახდას დავიწყებდიო...-ლუკა თვითონაც გაბრაზებული იყო, ოღონდ მეგობრის ასეთ დღეში ნახვით.
-არ წავიდეთ? ...-შეფარვით იკითხა ანასტასიამ,რომელიც ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა.
-გაგიჟდი? იქვე დაგვხოცავს უცებ ჩვენი თვალის ხამხამი რომ არ მოეწონოს.დააკვირდება, ნახავს რომ დიდი არაფერია და დამშვიდდება.მერე თვითონ მოვა სახლში.ამ წვიმაში იქ მაინც ვერაფერს გავაკეთებთ დღეს...-დემეტრე ბერაიას ყვირილს, თურმე ბევრი შეუშინებიაო, გაიფიქრა ანასტასიამ და ცხელი ფინჯნიდან მოსვა ჩაი.
დემეტრე ბერაია ხელებგადაჯვარედინებული, კოპებშეყრილი და სისხლაჩქარებული აკვირდებოდა წვეთ-წვეთობით ჩამოსულ წყალს კედლებზე.ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ხმას არ აუწევდა და მოუსმენდა, გვერდით ედგა, ისიც ჩაფიქრებული იყურებოდა და აშკარად ეტყობოდა შუახნის დინჯ კაცს რომ სწორ სიტყვებს არჩევდა გონებაში.მერე გამოხედა და როცა თავისი შვილის ტოლს ასეთ დღეში წააწყდა ვეღარ მოითმინა.
-დემეტრე მშენებლობის დროს ასეთი რაღაცეები ხდება, კედლები გამოშრება, ისედაც ხომ უნდა გაგელესა,ზედმეტი ხარჯის გაწევა არ მოგიწევს...
ვერავინ ხვდებოდა რომ ეს სულაც არ იყო ხარჯებთან დაკავშირებული შფოთვა, ბერაია სულ სხვა რამეზე ცოფდებოდა და რაც უფრო უფიქრდებოდა მით მეტად უდუღდა გონება.აქამდე არასდროს არაფერი გამორჩენია, ყველაფერი დაგეგმილი,გაწერილი და გათვალისწინებული იყო.ახლა კი იმის მაგივრად, ცივი გონებით ემოქმედა, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი ბოლომდე მიეყვანა და დეტალებზე ორიენტირებულიყო, ისიც ვერ გათვალა რომ სანამ სახურავს ახდიდა ამინდის პროგნოზი შეემოწმებინა. ეს მცირე დეტალი იყო, ხო, ფაქტი მაინდამაინც სასიამოვნო არ გახლდათ,თუმცა ზარალი არ არსებობდა, აქ ყველაფერი ისედაც გასაკეთებელი იყო.დაფიქრებას ის დეტალი მოითხოვდა, თუ რა იქნებოდა მომავალში უფრო მნიშვნელოვანი რომ ვერ გაეთვალისწინებინა, რაღაც დავიწყებოდა და ამდენ ხნიანი შრომა წყალში ჩაეყარა...ყველაფრის საწყისად უაზრო ფიქრებით თავის ქალის გამოტენვა მიაჩნდა. ზედმეტ დროს ატარებდა სამუშაო მაგიდის მიღმა და მეგობრებთან.უნდა მიმხვდარიყო რომ ეს არც შვებულებაა და არც საზაფხულო არდადეგები, ჩაფლავების უფლება არ ჰქონდა, მამამისს იმედებს ვერ გაუცრუებდა და ამიერიდან უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საქმეს.
ზურაბ კვიციანისთვის ყვავილების ნერგები დღეს უნდა ჩამოეტანათ, ამაზე კარგ დროის კი ვერც ინატრებდა, ნიადაგი გაჟღენთილი იყო წვიმის წყლით.მზის სხივების გამოჩენასთან ერთად სოფელს სიცოცხლე ნელ-ნელა დაეტყო, სახლებიდან გამოსული ახალგაზრდები მხიარულად შეჯგუფდნენ და სასტუმროსკენ აიღეს გეზი.ანასტასია კიტასთან და ბიჭებთან ერთად მანქანით მივიდა ეზომდე.ამჯერად უკვე ნამდვილი მებაღის ფორმაში გამოწყობილიყო. წითელი მაისური, ორი ზომით დიდი ჯინსის კომბინიზონი და გაშლილ თმაზე შემოვლებული თავსაფარი გაფიქრებინებდათ რომ მხატვრული ფილმიდან გადმოსული ეს პერსონაჟი, ხელზე წამოცმული დიდი სამუშაო ხელთათმანებით, ამ საქმისთვის იყო დაბადებული.სატვირთო მანქანიდან ქოთნებში გამოზრდილი ფერად-ფერადი პეტუნიების გადმოტანაში სოფლის ბიჭები მიეხმარნენ.ჯანაშია ტბის ახლოს, ზურაბის დახნულ მიწაში ნელ-ნელა ათავისუფლებდა ორმოებს და ქოთნიდან ფრთხილად ამოღებულ ძირებს,ფესვის დაუზიანებლად ათავსებდა.სახეგაბადრული აკვირდებოდა თითოეულ ფერად ფურცელს და საჩვენებელი თითითაც წაეთამაშებოდა ახლა უკვე მიწის შვილ მცენარეებს.მუშები უფროსის მითითებას მიჰყვებოდნენ და ფრთხილად აბრუნებდნენ სახურივიდან წინა დღით აცლილ კრამიტებს თავიანთ ადგილას.ბიბლიოთეკის სივრცეში კი სრული სიჩუმე იყო, რადგან ვერც ერთი ბედავდა მეგობრის შეუვალ სახესთან დაპირისპირებას, ერთიანად რომ ფურცლებში იყო თავჩარგული და გარშემო აღარაფერი აინტერესებდა.
ზურაბი და ანასტასია გვერდიგვერდ კვლებში მუშაობდნენ, ერთმანეთს შიგადაშიგ გადახედავდნენ და სიამოვნებით იღიმოდნენ.შუადღისას მზემ ჩვეულად გაავარვარა მიწა და უკვე ამომშრალი ნარჩენების გასატანად ფუსფუსი დაიწყო, სოფლის მაცხოვრბლები ღიღინ-ღიღინით ყრიდნენ გარე ფასადის გასუფთავებისას დაყრილ ნარჩენებს ტომრებში და დანარჩენები კი სატვირთოზე ალაგებდნენ.არე-მარე სასიამოვნოდ გამოცოცხლდა, ანასტასია ხალხში ირეოდა, აღარ იცოდა რას მოდებოდა, ხან ვის გამოელაპარაკებოდა ხან ვის.მერე ზურაბთან ბრუნდებოდა და ისევ ყვავილების დარგვას იწყებდა.როცა ბოლო პეტუნია მოათავსა მიწაში, უკვე შუადღე გადასული იყო.ელიკო თავის მეზობელ ქალებთან ერთად ფეხით ჩამოვიდა სასტუმრომდე და ხელში დიდ კალათა მომარჯვებულმა შესვენებისკენ მოუწოდა ყველას.ჩვეულად ხეხილის ჩრდილში ჩამომსხდრებმა მადიანად დაიწყეს ქალების მოტანილი სადილით დანაყრება და ამასობაში ელისაბედმაც დრო იხელთა, მიწით მოთხვრილი ანასტასიას გამოჭერისთვის, ზურაბს რომ უხსნიდა სარწყავი სისტემა ჩავრთოთ და მიწა კიდევ დავასველოთ,თორემ მზემ უკვე ამოაშროო.ნიადაგზე მუხლებით გართხმულს წამოადგა ბიცოლა თავზე.
-ერთ ოჯახში ორი მებაღე უკვე საქმეა...-ზურაბმა ცოლს გადახედა და გაეცინა...-რა ლამაზი პეტუნიებია.
-ხო, მაგრამ დაგვაკლდა.დემეტრეს უნდოდა რომ ამ მხარეს,ტბის გაყოლებაზე ყოფილიყვნენ,ბოლომდე...-დაღლილმა ამოთქვა და შუბლზე ოფლი შეიმშრალა.
-ესეიგი კიდევ კარგა ხანს არ მოიწყენთ...-ესეც ასე, კვიციანის ქალი საუკეთესო იყო ყველა მოვლენის დადებითი მხარის დანახვაში.
ანასტასია საერთოდ ვერ გრძნობდა შიმშილს, ამიტომ ყვავილებთან დარჩენა ამჯობინა.ტბას თვალს უშტერებდა და ცდილობდა ძველი დღეები გაეხსენებინა.აქ დედასთან ერთად ხშირად ატარებდა დროს, მილა ფეხშიშველი გამოივლიდა ბალახებზე, სასტუმროს სტუმრებში გაერეოდა, ამბებს გაცვლიდა, ხანდახან ტბის სუფთა წყალში მუხლებამდე შევიდოდა და მზის სხივებით სავსე თვალებით დაუწყებდა ჰორიზონტს ყურებას.ანასტასიას ამ დროს განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენებოდა დედამისი, სინათლეზე თმა ოქროსფრად აუკაშკაშდებოდა, თეთ კანზე ჭორფლები დაეტყობოდა და გრძელი,მოხდენილი კისერი გამოუჩნდებოდა.საღამოობით ბალახებში გაწოლილი წიგნის კითხვას იწყებდა, ტასოს თავს მუცელზე დაიგულებდა და შებინდებამდე დარჩებოდნენ უცხო თვალისთვის მალულად,მშვიდად დროის გასატარებლად.ანასტასიას ახსოვდა დღეები...ჭვავის ყანაში სირბილით ჩაქროლილი მოყვითალო ნათებები...დღეები,ცელქობაში გაპარული ჩაშაქრული ბავშვობის.აშრიალებული,აყვავილებული კვასკვასა სარაფნები,გულის ჯიბეში ჩამალული სიყვარულის მარწყვები,აალუბლისფერებული ლოყები და გადატყაული მუხლისთავები.დაცემები და უხერხულ ღიმილგამოვლილი სიცილები,ველოსიპედს გამძვრალი პედლები,ცხოვრებას გამოცლილი ლანჩებამძვრალი ფეხსაცმელით გავლილი ნაბიჯები.ის ბიჭიც ახსოვდა წეღან რომ გამოელაპარაკა, ბავშვობაში რომ დახუჭობანას თამაშობდნენ.ამიტომ უნდოდა წამოდგომა, ტბასთან ჩასვლა და მთელი შეგრძნებით ყვირილი.უნდოდა ბედისწერისა და ბუნებისთვის ეთქვა დააბრუნეთ რიტმიო.დააბრუნეთ ნათებები,გვაჩვენეთ ცხოვრება, გავიქცევით,უფრო ჩქარა, ვერ წამოგვეწევა სიტყვების სეტყვა, გავიქროლებთ, გავაცლით ცხოვრებას იმედგაცრუებების სიყვითლეს,გავიქცევით,უკან მოგიტოვებთ.დავაბრუნებთ თაფლათვალების ციმციმს,დავიჭერთ პეპლებს ბადით,ჩიტებს დაგებულ კაკანათში გავაბამთ მერე ისევ რომ ვაგემებინოთ თავისუფლება, შევიყვარებთ გაზაფხულის ყოჩივარდებს თავიდან, იებს დავუკრიფავთ პაწაწინა თითებით დედის გულებს, გავეკიდებით ციცინათელებს, ხელისგულებს ავიწითლებთ ღობისიქეთა მეზობლის ნაჩუქარი ბროწეულით. ლოყის კუთხეებით ამოჭმული საზამთროს ნაჭრები და სიმინდის ყანაში დასუსხული უდარდელობა. გაგიღიმებთ, ყურებამდე და ამ ღიმილის ხმას გაგაგონებთ ! არ გაგვიქროთ ოღონდ გულისცემა, აცადეთ ჩვენს გულებს! ასწლიანი დუმილის მერე ავა-დო-რე-მიებთ ძველ პიანინოს,დაცხობილ სახლის დღეებს მოვიპარავთ, მსოფლიოს შემოვივლით და ცრემლებს არ დაგანახებთო.ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო, ძველი დღებიიდან წამოღებული, მშობლიური და ახლო, ახლა ვერ იჯერებდა რომ წლების მანძილზე ამ შეგრძნებების გარეშე ძლებდა.ლოყაზე ცხელი სისველე იგრძნო და თითის ბალიშებით შეეხო, მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.მზერა ტბის მოკამკამე წყალს გაუშტერა და ჩურჩულით ამოთქვა - "დამიბრუნეთ დღეები...ჩაშაქრული,ჩამავალი მზესავით თბილი, ასტაფილოსფერებული ეს ციმციმა ნათებები! დამიბრუნეთ !"
საკუთარ სიტყვებში გახლართულმა ვერც გაიგო როგორ მოუახლოვდა ზურაბი და მის გვერდით დახრილმა უცნაური ღიმილით სთხოვა, წამომყევი რაღაც უნდა გაჩვენოო.ახლახან გამორკვეულმა გარემოს თვალები მიმოავლო და მიხვდა რომ მუშები ისევ საქმეს შედგომოდნენ და ოცნებებში დრო გაეპარა.მუხლები გაშალა, ზანტად წამოდგა და თავდახრილი მიჰყვა უკან.კვიციანმა ხეხილის ბაღთან მიიყვანა, მერე უეცრად გაჩერდა და ისეთი სახით მოუბრუნდა, თითქოს ამ წამს სასწაულს აჩუქებსო.ჯანაშია ყურადღებით დააკვირდა წელშიგამართულ, ლამაზად ტოტებგაშლილ ალუბლის ხეს და მთვარეულივით წავიდა მისკენ.
-ყოველ გაზაფხულს ვსხლავდი.თავიდან თითქოს გახმობა მოინდომა,მაგრამ ნელ-ნელა წამოიზარდა, წინა წელს პირველად გამოიღო ნაყოფი...-ბედნიერება ცეკვავდა მის სიტყვებში.
-ეს ხომ ის ნერგია შენ რომ აჩუქე, ბოლო გაზაფხულს დარგო...-ხელიდან მოიძრო მიწიანი ხელთათმანი და თითის ბალიშებით მიეფერა, კვასკვასა ალუბლის ნაყოფს.
-ამბობდა ტკბილი იქნებაო და ვამასხარავებდი...-ამ დინჯი,მთასავით კაცის ხმაში ბზარი ბობოქრობდა,აშკარა იყო როგორ იხსენებდა და გულში რაღაც მწარედ კბენდა...-გოგო, ალუბალი და სიტკბო ვის გაუგიათქო, მაგრამ ყურს არ მიგდებდა, ჯიუტად მიმეორებდა, ეს ალუბალი ტკბილი იქნება ზურიკო აი ნახავო, ნაყოფს რომ გამოისხავს შეგრცხვება ჩემი დაცინვისთვისო.
ანასტასიამ ჯერ ერთი მოწყვიტა, საგულდაგულოდ გაწმენდილს გემო გაუსინჯა და ღიმილით გახედა ბიძის სახეს, ალუბალი ტკბილი იყო, გეგონებოდათ ჩაშაქარულა და დაგემოვნებისთანავე დნებაო.
-ასეთი ორი ნერგი ვიყიდე მაშინ, ერთი ჩემს ეზოში დავრგე ტასო...-ჯანაშია მთავარი სათქმელის მოსასმენად მოემზადა...-ჩემი ალუბლის ხის ნაყოფი მჟავეა.
ჯანაშიამ მუჭში მოიქცია საგულდაგულოდ დაკრეფილი ტკბილი ნაყოფი, ტბის კამკამა წყალში დანამა და სასტუმროსკენ წაიღო.აფანცქალებული გულით შეაბიჯა ბიბლიოთეკის სივრცეში.დემეტრე ბერაია ხის ძველ სკამზე იჯდა და ფართე მაგიდაზე ფურცლები ჰქონდა გაშლილი, ჯანაშიამ თვალი მოავლო ოთახის მთელ სიგრძეს და დანარჩენები ვერ შენიშნა.
-გცალია?...-ჩუმად იკითხა და ბიჭის თვალებს შეეჩეხა.
-რა მოხდა? როგორც იქნა დაინტერესდი საქმით თუ ისევ ამინდზე ხუმრობა მოგაფიქრდა და ვერ მოითმინე?...-ცივი იყო ბერაიას მზერა.
-ბაღში ყვავილების დარგვას მოვრჩით...-წამიერი ყოყმანის მერე ამოთქვა და ალუბლებით სავსე მუჭი ზურგს უკან დამალა...-ზურაბს აინტერესებს თიბვა დავიწყოთ თუ არა?
-მიწა ჯერ კიდევ ნესტიანია და მოთიბული ბალახი არ გაშრება, მერე ვეღარ მოვაგროვებთ.უთხარი რომ ხვალიდან დავიწყებთ და ბიჭები გააფრთხილოს...-საქმიანი, შეუვალი ტონი ჰქონდა, როგორც კი დაასრულა ისევ საქაღალდეებს მიუბრუნდა.როცა ნაბიჯების ხმა ვერ გაიგო წარბაწევით ამოხედა ჯერ კიდევ მის წინ გახევებულს...-კიდევ რამეა?
-სიმართლე გითხრა, კი!...-იმედგაცრუებულს,ხელები უკანკალებდა,მაგრამ ხმაში ზიზღმა მედგრად გაიჟღერა...-ახლა ძალიან გავხარ გიორგის, მამაჩემივით ამპარტავანი და გაყინული სახით ზიხარ ამ ბიბლიოთეკაში.
-მე მაგალითად ჩემი ნაკვთები მომწონს...-დამცინავი იყო ბერაია.
-ხოდა მარტოს დაგტოვებ, ისიამოვნე...-ღვარძლით შობილი შეძახილი აღმოხდა და უკანმოუხედავად მოშორდა.
ხელისგულში დამალული ნაყოფი ერთიანად ჩაიტენა პირში და ყელში მოწოლილ ბურთს გახლეჩვის საშუალება არ მისცა.ეზოს მხოლოდ ერთხელ შეავლო თვალი, რადგან უკვე ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა სახლის გზას დაადგა.
ფანჩატურთან მდგარ ხის გრძელ სკამზე ჩამომჯდარი, მის პირდაპირ მოფუსფუსე ელიკოს დაწვრილებით უყვებოდა ალუბლის ხის ამბავს.ქალი ხან ხელებში მოქცეულ თოთო ლობიოს არჩევდა,ხან ღიმილით ახედავდა მოტიტინე გოგონას გაბადრულ სახეს,რომ მიეხვედრებინა ყურადღებით გისმენო.ამბის თხრობა დაასრულა თუ არა,გამოაცხადა წყალს გადავივლებ, ჭუჭყიან ტანსაცმელს გამოვიცვლი და ჩაი ერთად დავლიოთო.თანხმობის მიღების შემდგომ,უკვე თეთრ სარაფანში გამოწყობილი და თავის ოთახში აღმოჩენილი კარგა ხანს უცქერდა პეპლებიან ჩანთას, ყოყმანის შემდეგ დაწვდა, ბრაზმორეულმა დააწყო ტაბლეტები ერთი-მეორის მიყიოლებით და უკვე მუჭში მოქცეულს დააკვირდა. ეს ის მომენტი იყო, ახლა ან წინ წადგამდა ნაბიჯს, ან სამუდამოდ ერთ ადგილს მიეყინებოდა.ალუბლის სიტკბო ჯერ კიდევ უშაქრავდა გონებას, ზურაბი ვერ გაიგებდა დედამისის სიტყვებს,მაგრამ თავად ნენესთვის ეს საიდუმლო ხიხული იყო.მილას შეეძლო იქ დაენახა სამყაროს სიტკბო, სადაც სხვა მხოლოდ ცხოვრების მლაშე მომენტებს შეამჩნევდა.ტაბლეტები ისევ ჩანთაში ჩაყარა და ელვა შესაკრავს დაწვდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო.
ცა ისევ მოიღრუბლა, საწვიმად მოემზადა. ზურაბი ნიკოლოზთან ერთად ეზოს კუთხეში იჯდა და კიტას აკვირდებოდა.ბიჭი დიდ ჯირკზე დადებულ შეშას ჩეხავდა, სანამ ლუკა გამხმარი ვაზის ტოტებს ტეხავდა ბუხრის დასანთებად.ელისაბედი მისაღებში სუფრას აწყობდა,რომ სამუშაოდან დაბრუნებულები თბილი ბუხრის გარშემო შეკრებილიყვნენ და გემრიელად ევახშმათ.ბაჩო დიდის ამბით უტრიალებდა ელექტრონულ ჩაიდანს და მოუსვენრად ელოდა წყლის ადუღებას, შიგადაშიგ მზერას გააპარებდა გაზქურასთან მოტრიალე ანასტასიასკენ.
-არ დაგეწვას შენი ჭირიმე, არ დაგვღუპო...-მოჩვენებითი შეშფოთებით მიაძახა,როცა მიხვდა წვნიანს ყურადღებას აღარ აქცევსო.
-წვნიანის დაწვა ვის გაუგია?...-ფანჯრის რაფაზე ახლახანს მოთავსებულმა ანასტასიამ წიგნის ფურცლებს თვალი მოაშორა და დაცინვით გადახედა.
-ჩვენ გავიგებთ, მთელი ოჯახი, ასე ვატყობ...-თვალი ჩაუკრა და ქვაბისკენ მიუთითა...-რამე მოიცვი, გაგილურჯდა სახე სიცივისგან!
-ბაჩუკიი...-გამაფრთხილებლად გადმოხედა და თვალები დააკვესა.მერე ყურადღებით დააკვირდა, როგორ გადაანაწილა ბიჭმა ადუღებული წყალი ორ ჭიქაში და ინტერესით კითხა კარისკენ წასულს...-სად მიგაქვს ჭიქები?
-დემესთან ოთახში საშინლად ცივა, ის დალოცვილი ცოცხალი თავით არ კეტავს ფანჯრებს. დამმართა ფილტვების ანთება...-ბოლო სიტყვები თვალებგაფართოებულმა წამოიყვირა და ანასტასიას გაეცინა.
-მერე ჩამობრძანდეს ქვემოთ, ზურაბმა ბუხარი უნდა დაანთოს და გათბებით.
-იმას რა უჭირს, ცეცხლი უკიდია...მე შევრჩი ხელში და სანამ ბოლომდე არ გამაწამებს რა მოასვენებს?!...
-ამჯერად ვისზე ან რაზეა აფოფრილი?...-სარკაზმში ამოავლო კითხვა და ისე მიუგდო.
-შენზე...-სრული სერიოზულობით მოუბრუნდა, მუდამ სახემოცინარი ბაჩო და როგორც კი მიხვდა რომ ანასტასია მიხვდა,რასაც გულისხმობდა, მაშინვე ზურგი აქცია გზის გასაგრძელებლად.
სახეწაშლილი ქალბატონი ისევ ქვაბს დაუბრუნდა და თვალებგაშტერებული,ინერციით ურევდა უკვე მომზადებულ წვნიანს.
ნიკოლოზის მცდელობების შემდგომ, ზურაბმა წამში ააგუზგუზა ბუხარი და კიტა ზედა სართულზე გაუშვა სტუმრების სუფრასთან მოსახმობად.უკვე მაგიდასთან შემომსხდრებს,მაცნემ ამბავი მოუტანათ, ასე დამაბარეს დაიწყეთ და მალე შემოგიერთდებითო.ბულიონს საამო სურნელი ასდიოდა, ოთახი გათბა და ყველას ყურებში იღვრებოდა მოტკიცინე შეშის ხმას.
-დემეტრეს ვკითხე და მითხრა თიბვა ხვალ დავიწყოთ, კარგი ამინდიაო...-ბიჭებისკენ მიბრუნებულმა ზურაბმა საუბარი წამოიწყო და არ შეუმჩნევია როგორ გადაჰკრა მკვდრის ფერმა ანასტასიას სახეზე,როცა გაანალიზა რომ ბერაია ტყუილს მიუხვდებოდა.
-ხვალისთვის პეტუნიები რომ შევუკვეთე?...-ინტერესით იკითხა ლუკამ.
-მე დავრგავ ზურაბის მაგივრად...-უდარდელად ამოილაპარაკა ანასტასიამ.
-დიდი ალბათობით ყველა შენ მოგეხმარებით.ხვალ გამათბობლებს ჩართავენ მესამე სართულზე რომ კედლები კარგად გამოშრეს...-ნიკოლოზიც ჩაერთო საუბარში და მზერა ზურაბს მიაწება.
ანასტასია ყურადღებით დააკვირდა მისაღებში შემოსულს, ბუხარს რომ ხელისგულები მიუშვირა და მალევე მიუჯდა მაგიდას. კარისკენ მიიხედა,თუმცა იქ სხვა ვერავინ დალანდა და ყურთასმენა დაძაბა, ელიკოს კითხვაზე "დემეტრე სადააო" პასუხის მოსასმენად.ბაჩომ ანასტასიას შეხედა, როცა მათი მზერა ერთმანეთს დაემთხვა, თვალი აარიდა და გამოაცხადა ბევრი საქმე აქვს და დღეს არ ივახშმებსო.
-ალბათ ისევ გაბრაზებულია...-სასხვათაშორისოდ ამოთქვა ზურაბმა...-ძალიან ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან.ათი წუთი თუ შეისვენებს, მერე ორი საათი ნერვიულობს დრო დავკარგეო.არ ვარგა ასე...-თავი გააქნია და მადა დაკარგულმა კოვზს ხელი უშვა.
-არაა, ეს უკვე მომაბეზრებელიც აღარაა.თუ გაბრაზებულია ცივი წყალი დავალევინოთ!...-ანასტასიას სახე ერთიანად აწითლებული იყო.ფეხზე წამოხტა და კარისკენ წავიდა.მერე დაფიქრდა, გონებაში აზრმა გაკრა და გაგულისებული მოუბრუნდა სუფრის გარშემო შემომსხდრებს...-მაგრამ ისე ვატყობ, მხოლოდ დალევა არ ეყოფა!
გაკვირვებულები აკვირდებოდნენ, როგორი გაწიწმატებული წავიდა თავისი ოთახისკენ,იქედან კი ორი, დაკეცილი პირსახოცით დაბრუნდა და ელიკოს, კითხვაზე "სად მიდიხარო", პასუხი შუა გზიდან მოაძახა "დემეტრე ბერაიას ცეცხლი უნდა ჩავაქროო".მძიმე ნაბიჯებით აიარა კიბეები, პირდაპირ ბიჭის საძინებლისკენ წავიდა და შეღებულ კარს ხელი კრა.ბერაიამ განცვიფრებით გადახედა და როგორც კი ჯანაშიას ფიგურა ამოიცნო,მაშინვე თავი ისევ ლეპტოპისკენ მიაბრუნა.
-ადექი!...-შველი შემართება სადღაც გაქრა,თუმცა ტონი მაინც მომთხოვნად ჟღერდა.
-რა მოხდა? ისევ ზურაბმა დაგაბარა რამე?...-დამცინავი იყო დემეტრეს ბარიტონი,მიახვედრა ვიცი რომ მომატყუეო.
-შენი ცეცხლი უნდა ჩავაქროთ ჩემო დემეტრე...-ეშმაკი არ ასვენებდა ჯანაშიას.
-კიბატონო, მაშინ ოთახიდან გადი და კარი კარგად მოხურე.
-შენ თავს დააბრალე!...-მუქარამ გაიჟღერა, ანასტასიამ ლეპტოპისკენ წაიწია, ორს შორის გამართული ბრძოლის მოუხედავად მაინც მოახერხა მისი გამორთვა.
-რას აკეთებ?...-დაიღრიალა ბერაიამ და გაგულისებულმა გამოხედა...-სხვა საქმე ვერ ნახე?
ჯანაშია მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს დასწვდა და უკვე ფეხზე წამომდგარს მაჯაზე წაავლო ხელი.მოვლენების განვითარებით გაკვირვებული ბერაია უკან მიყვა და მანქანასთან მისული წარბაწევით დააკვირდა.როცა ანასტასიამ გასაღები ესროლა,რაღაც წაიბუტბუტა მაგრამ გოგომ გამოღებულ კარში ლამის შეტენა და მიუჯახუნა.მის გვერდით მოთავსებულმა გამოაცახად დაქოქე და სასტუმროსკენ წადიო.მანაც ღრმად ამოისუნთქა, ძრავა ჩართო და მოსაცმელი უკანა სავარძელზე მიაგდო თუ არა,ავტომობილი დაძრა.
წვიმა ჯერ არ ჩქარობდა წამოსვლას, მხოლოდ ალაგ-ალაგ ეცემოდნენ წვეთები.სასტუმროს გარშემო მთვარის შუქი ეფინა და ყველაფერს მარტივად არჩევდა ბერაიას თვალთახედვა. ანასტასია გადმოვიდა და საჭესთან მჯდომსაც იმავესკენ მოუწოდა.დემეტრე ჯერ ყოყმანობდა, მაგრამ როგორც კი ანასტასია ვეღარ დალანდა, საჩქაროდ გადმოვიდა თავადაც.მალევე დაეწია და გაუთანაბრდა,მიხვდა ტბისკენ მივყვარო.
-უნდა დამახრჩო? კარგი სვლაა...-წვიმა ალაგ-ალაგ ეცემოდა სახეზე.
-უკეთესი...-ნიშნისმოგებით მოუბრუნდა გვერდით მდგომი და გაჩერდა.დემეტრემ ტბის წყალს გახედა და ხელები გაასავსავა გაურკვევლობის ნიშნად.
ანასტასიას ამ მომენტამდე არ უფიქრია რომ წყალში შესვლა თავადაც მოუწევდა.ჯერ ყოყმანობდა მერე მიხვდა რომ ახალი ამბების დასაგროვებლად ეს საუკეთესო საშუალება იყო და ნაბიჯი წყლისკენ წადგა.მალევე მუხლებამდე ამოცოცდა მთელი დღის მანძილზე,მზის მხურვალე სხივებზე მოლივლივე ნაკადი.სარაფნის ბოლოები დასველდა და კანზე აეკრო,წვიმის წვეთები სახეში ეცემოდა,სხეულში სისხლმა თითქოს სინათლის სისწრაფით დაიწყო დინება.ბერაისკენ მიბრუნებულმა დაიყვირა "მშიშარა ნუ ხარ,ჩამოდიო" და კისკისი მორთო.
დემეტრე არ აპირებდა ამ სისულელეში აყოლას, ნაპირზე ჩამოჯდა და წყალზე წვიმის წვეთების ცეკვას აკვირდებოდა.ყური არ ათხოვა ანასტასიას დამცინავ სიტყვებს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მის გასაბითურებლად.შეამჩმნია რომ ჯანაშია უფრო და უფრო ღრმად შედიოდა წყალში, მოუთმენლად აღმოხდა ასე შორს ნუ მიდიხარო,მაგრამ ყური არ ათხოვეს. გაფაციცებული აკვირდებოდა, კიდევ ერთი წუთიც და უკვე ფეხზე წამომხტარი შევარდა ტბაში, ტანსაცმელი საერთოდ არ გახსენებია. მისკენ სულმოუთქმელად წასულმა, აფართხალებული მოიხელთა,მის წელს ხელი მოხვია და მკერდზე აიკრო.
-შორს ნუ მიდიხარ ! ...-დაუბრიალა თვალები და დაუყვირა.ასეთი სიახლოვით შეშინებულმა ჯანაშიამ თავი დაუქნია და როცა დემეტრე მიხვდა რომ ზედმეტად უხეშად გამოუვიდა, მშვიდად განაგრძო...-წყალი ცივია და ფეხები გაგიშეშდება, უკან ვეღარ გამოხვალ.
-რა ქნა სიბრაზის ცეცხლმა? ჩაქვრა?...-ამოიხრიალა ანასტასიამ და მიხვდა რომ ბერაიას სახისგან მილიმეტრობით შორს მყოფს,მისი ცხელი სუნთქვა ეფინებოდა ტუჩებთან და სულს უხუთავდა.
-აქ მხოლოდ შენი ცეცხლი გიზგიზებს ტასო...-მომენტი ხელიდან არ გაუშვა და წაკბინა, აბა რა ეგონა, ვერ მიხვდებოდა დემეტრე ? სახეს არიდებდა, თვალებს მალავდა და მკერდზე მიბჯენილი ხელისგულებით ცდილობდა მანძილის შემცირებას.
-კიდევ დიდხანს თუ დავრჩებით გავცივდებით...-წვიმამ იმატა და ახლა იგრძნო რომ შესცივდა, ერთიანად ააკანკალა.როგორც ჩანს ბერაიასი ვერა,მაგრამ მისი ცეცხლი ნამდვილად ჩაქვრა,ტბის წყალი არც ისე საამურად ეჩვენებოდა,როგორც აქამდე.
-მე მეგონა გეგმაც ეგ იყო...-მოჩვენებით გაიკვირვა ბერაიამ და დამცინავი მზერა გააყოლა ნაპირისკენ წასულს, როგორც კი მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა შვებით რომ ამოისუნთქა.
ორივე მანქანისკენ მირბოდა, ერთიანად გალუპულებს ტანსაცმლიდან ტბის წყლის წვეთები ცვიოდათ.მანქანაში ჩაჟდომისთანავე ბერაიამ ძრავა ჩართო და გათბობის სისტემის იმედზე მყოფმა, ანასტასიას მიწოდებულ პირსახოცს ხელი დაავლო.მაისური ტანზე ეკვროდა და ავტომობილს თბილ სივრცეში ნელ-ნელა გამოცოცხლა გალუგული სხეული.ჯანაშიასკენ მიატრიალა თავი და ერთიანად აკანკალებულს რომ წააწყდა, უკანა სავარძელზე მიგდებულ მოსაცმელს ხელი წაატანა.სავარძელს მიყრდნობილი აკვირდებოდა როგორ გაეხვა სახეზე სველ თმა ჩამოყრილი გოგო მის სამი ზომით დიდ მოსაცმელში და უეცრად დღევანდელი შემთხვევა გაახსენდა.
-დღეს რისი თქმა გინდოდა ბიბლიოთეკაში?...-ჩუმად წარმოთქვა და ყურადღებით დააკვირდა უხერხულად შეშმუშნულს...-მიდი თქვი, არ დაგცინებ...-წააქეზა.
-შენი დასაცინი რა მჭირს?...-თავდაცვაზე გადავიდა,მაგრამ როგორც კი მისკენ მიიხედა თვალი აარიდა და ყოყმანით ამოთქვა...-მინდოდა ბაღში დაკრეფილი ალუბალი გაგესინჯა.
-ბაღში დაკრეფილი ალუბალი გამესინჯა? მე? რატომ?...-ახლა უფრო მეტად დაიბნა.
-ალუბალი დედამ დარგო, თავისი ხელით, მისთვის ბოლო გაზაფხულს...-თავდახრილმა სცადა ზედმეტი ემოცია არ გამოეხატა...-ზურაბმა დღეს მითხრა,რომ მთელი ეს დრო უვლიდა და ნაყოფი რომ გამასინჯა...-უცებ გაჩერდა, მიხვდა რომ ახლა რაღაცას ნამდვილად გაამხელდა, ოღონდ რას, თავადაც ვერ ხსნიდა.
-რომ გაგასინჯა?...-ის რასაც ანასტასია ვერ ხვდებოდა, სანახევროდ უკვე ცნობილი იყო დემეტრესთვის, თუმცა შეატყო ჯანაშია დაბოლოებას რომ აპირებდა და თვითონ ითავა...-გინდოდა მეც გამესინჯა, მაგრამ მე
-შენ ნამდვილი იდიოტივით მოიქეცი და ჩავთვალე რომ ღირსი არ იყავი...-წამოიყვირა გაგულისებულმა და თვალები დაუკვესა.
-წამოდი!...-რამდენიმე წამიანი დუმილის მერე მტკიცედ ამოთქვა ბერაიამ.
-რა? სად?...-განცვიფრებული ვერ მიხვდა რას გულისხმობდნენ.
-შენს გამო ტბაში, წვიმის დროს, ტანსაცმლიანი შემოვვარდი. ახლა შენ წამოხვალ და დამსახურებულ ალუბალს გამასინჯებ...
ჯანაშიამ თავისი სითბოს ერთადერთი გარანტია მანქანაში დატოვა და ისევ თავისი სიფრიფანა სარაფნით გაუძღვა დემეტრე ბერაიას, წვიმაში ალუბლის ხის საპოვნელად.ხეხილის ბაღში ხეები ერთმანეთზე მიჯრით იყო დარგული და მთვარის შუქი ალაგ-ალაგ აღწევდა.დიდხნიანი ბოდიალის შემდეგ ანასტასია გაჩერდა და დემეტრეს საჩვენებელი თითის მიშვერით აუწყა ამ ხეზე გეუბნებოდიო. ბერაიამ ღიმილით მოძებნა ფოთლებში დამალული ნაყოფი და გასინჯვისთანავე გაეცინა.
- ვიცოდი ახალბედა მებაღე რომ იყავი, მაგრამ მაინც ჭკვიანი მეგონე...-ანასტასია ვერ მიხვდა ამჯერად რაზე დასცინოდნენ...-ეს ბალია, ტასო...-წამიერად ეჭვი შეეპარა, ხომ ნამდვილად სწორად მოვაგენიო და თვითონაც გასინჯა.
-ჭკვიანო...-ცინიზმი აჩუქა და სახე დამანჭა, მერე რა რომ დიდი ალბათობით ამ სიბნელეში დემეტრე მიმიკას ვერ გაარჩევდა,გული ხომ დაიმშვიდა...-ალუბალია.უბრალოდ ძალიან ტკბილია. ზურაბი მიყვებოდა...
ანასტასია ტიტინებდა, სიბნელეს თვალი შეაჩვია დემეტრემ და ვერც გაანალიზა რომ საერთოდ არ ესმოდა ჯანაშია რას უყვებოდა.წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა, თავისი სახე მისკენ მიემართა და ერთი თავით მაღალს გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა.ბერაიამ არ იცოდა საიდან მოდიოდა ამხელა სურვილი და ნდომა, ის კი ცხადი იყო რომ მის სიახლოვეს სხეულის ყველა უჯრედი სთხოვდა.ანასტასია ჯანაშია ნამდვილი თავის ტკივილი იყო, ოღონდ "მისი თავის ტკივილი". ამ გოგოს ჰქონდა ის, რაც მას ასე ძალიან უნდოდა. თავისუფალი,დაუმორჩილებელი სული, ყოველგვარი სიყალბისგან დაცლილი, ხანდახან ბავშვური და ხანდახან საშინლად ხიფათიანი.მაგრამ დემეტრეს მოსწონდა, ერთიანად მაყვლის წვენში დასვრილიც და ტბის წყალში,შუაღამით, წვიმაში სარაფნით მოცურავეც. ვერ მიხვდა რა მომენტში, მაგრამ ფაქტი იყო რომ დაუკითხავად, უსირცხვილოდ წაეტანა ხელისგულით მის კისერს და მოუთმენლად აიკრო ტუჩებზე.ანასტასიას ბაგეები მწიფე ალუბალივით ტკბილი აღმოჩნდა,ათრთოლებული სხეული მის მკლავებში ცახცახებდა და დემეტრე ბერაია გრძნობდა როგორ მარტივად დანებდა ამ მეამბოხის აუტანელ სურვილს.ჯანაშია ძლივს მოწყდა ტუჩებს და ჯერ კიდევ მის სახესთან აკრულმა გახშირებული სუნთქვის შენელება სცადა.სიმხურვალე მთელ ტანს მოედო და ახლა უკვე მადლიერიც კი იყო წვიმის წვეთები ასე გამალებით რომ ეცემოდნენ მის სხეულზე.ხმის ამოღება ვერ გაბედა, მიხვდა რომ მის წინ მყოფიც მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა და გაისუსა.ნელ-ნელა მოშორდა მის სხეულს და უხერხულობის სრული შეგრძნებით მაინც ამოთქვა.
-წვიმამ იმატა და მართლა გავცივდებით.

პ.ს რადგან აქ ყველა მეგობრები ვართ და საოცარი მკითხველები მყავხართ, გაგიმხელთ რომ ამ სცენის წერა რომ დავასრულე, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, თავზე ხელები მქონდა შემოლაგებული და გაკვირვებული ვიძახდი "აკოცა ბიჭოოო, აკოცააა".(თითქოს მე თვითონ არ ვაიძულე ეკოცნა)
პ.ს.ს ველი თქვენი რეაქციების გულახდილ აღიარებას.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

აი სათაურის მიზეზიც. ტკბილი ალუბალი. არგამკვირვენია საერთოდ. ვფიქრობ ანასტასია უნდა გახდეს ისევ ისეთი. როგორც მილას სიკვდილამდე იყო. რთულია საშინლად. როცა ყველა ნაბიჯზე კი მოგონებების. გყავდა საოცარი დედა და ახლა სამყარო განაცისფრდა. აემეტრესა და ნენეს შორის თავიდანვე იყო ქიმია. მარტო თვითონ ვერ ამჩნევდნენ. ვფიქრობ ეს კოცნა ჯერჯერობით არაფერს შეცვლის და ბერაია ისევ ისეთი რობოტი არ გახდება. მაღალ სტანდარტებს უწესებს თავს. მაგრამ ეშლება რომ ღმერთი არაა. ძალიან სასიამოვნო და ემოციური თავი იყო. და მადლობა რომ არ აგვიანებ

 


№2 სტუმარი მე❤

ორივე მიყვარს❤ყოველდღე გელოდებით❤❤

 


№3 სტუმარი one

saocari gogo khar❤️
tituu akocaa-xo saertod furori iyo )))
madloba, dghis pozitive shevsebulia)))

 


№4  offline წევრი ფანარი

რაღა დაგიმალო და მეც დიდი ოვაციებით შევხვდი ამათ კოცნას.დედაა ძლივსსსს გვეღირსა კი არადა ეღირსათ.იმედია ლიზიკო არ გაიცოცხება.ანდა გაიცოცხოს სასაცილო სანახავი იქნება.

 


№5 სტუმარი სტუმარი მერი

სულმოუთქმელად ველი????????????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

გამარჯობათ. დაუსრულებელს ვერ ვკითხულობ ჯერ. ველიდები როდის დასრულდება. ჭაობს როდის გააგრძელებთ? აპირებთ გააგრძელოთ? საკმაოდ საინტერესო ადგილას შეჩერდა. მომეწონა თქვენი წერის სტილი.????

 


№7 სტუმარი სტუმარი Salome

ახალი თავს როდის დადებ?

 


№8  offline წევრი Qetatoo

სტუმარი ნანა
გამარჯობათ. დაუსრულებელს ვერ ვკითხულობ ჯერ. ველიდები როდის დასრულდება. ჭაობს როდის გააგრძელებთ? აპირებთ გააგრძელოთ? საკმაოდ საინტერესო ადგილას შეჩერდა. მომეწონა თქვენი წერის სტილი.????

ძალიან ბევრმა იკითხა, ძველი საქაღალდეები მოვქექე და ვიპოვე, როგორც კი ამ ნაწერს დავასრულებ მაშინვე ავტვირთავ ერთ თავად "ჭაობის" გაგრძელებას.(მეგონა არავინ კითხულობდა და იმიტომ შევწყვიტე ავტვირთვა)

სტუმარი Salome
ახალი თავს როდის დადებ?

ავტვირთე უკვე.

 


№9 სტუმარი სტუმარი Salome

Qetatoo
სტუმარი ნანა
გამარჯობათ. დაუსრულებელს ვერ ვკითხულობ ჯერ. ველიდები როდის დასრულდება. ჭაობს როდის გააგრძელებთ? აპირებთ გააგრძელოთ? საკმაოდ საინტერესო ადგილას შეჩერდა. მომეწონა თქვენი წერის სტილი.????

ძალიან ბევრმა იკითხა, ძველი საქაღალდეები მოვქექე და ვიპოვე, როგორც კი ამ ნაწერს დავასრულებ მაშინვე ავტვირთავ ერთ თავად "ჭაობის" გაგრძელებას.(მეგონა არავინ კითხულობდა და იმიტომ შევწყვიტე ავტვირთვა)

სტუმარი Salome
ახალი თავს როდის დადებ?

ავტვირთე უკვე.

Samwuxarod ar mixsnis

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი

ქეთი საუკეთესო ხარ

 


№11 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა, მაგრამ დიალოგებიც ჩართე.გადამბულად შენ აზრებს წერ.

 


№12  offline წევრი ბოლეინი

აკოცა ბიჯო, აკოცაააააა დდ

 


№13  offline წევრი ირო

საოცარია და ეს თავი განსაკუთრებული იყო.ძლივს არ აკოცაა?!!დააყენა ნდომს საშველიო ასე ერქვა დემეტრეს სიტუაციას.მიხარია დასრულებულის კითხვა რომ დავიწყე და ლოდინი არ მომიწევს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent