შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლის შვილი


20-10-2021, 02:15
ავტორი frinvela
ნანახია 8 450

თოვლის შვილი
თავი-I

ცივი უდაბნოს ჩრდილოეთიდან წამობერილი ნიავი ქროდა, ჩუმი და სუსხიანი, გუშაგების კაპიუშონებზე აბურძგნულ ბეწვს ყინვას ადებდა.
_წყეული სიცივე, _გალავნის კიდიდან გადაიფურთხა კამილი რიივამ, _ დაგენაძლევები დაბლა გაყინული დაეცემა.
_მორჩი მაგ საზიზღრობას კამილ, _მოხუც ალინიომ წარბები შეკრა, _ მთელი საღამოა გალავნიდან იფურთხები.
კამილიმ ალინიოს ღრენას ყური არ უგდო, ახალგაზრდა ყმაწვილი იყო და მოხუცის გაჯავრებას არ ერიდებოდა. მან გვერდულად გადახედა ალინიოს, ნაცრისფერ ქურქში გამოხვეილს ჭაღარა წვერით დაფარული სახე თუ უჩანდა მხოლოდ.
_ აბოი. _ თქვა, _ როგორ გაუმართლა, ზის აღმოსავლეთ კოშკში თბილად , ჩვენ კიდევ აქ ამ... _ ყინვისგან შეწითლებული ცხვირი მოისრისა, _ მაინც როგორ ცივა ჰა?!
მოხუც გუშაგმა გულგრილად გახედა გალავნის ფეხებთან გაწოლილ თეთრ მიწებს.
_იმ ბიჭს რაღას ერჩი? _წყნარად ჰკითხა.
კამილი რიივამ ჩაიცინა, შავი წვერით შეღინღლული ლოყები სუსხს გაეთეთრებინა.
_ვის, აბოის? _ თქვა ღრენით, _ იმ ნაბიჭვარმა იცოდა, რომ მე უნდა გავეგზავნე კაპიტანს აღმოსავლეთ კოშკზე. თავი მოიავადმყოფა, გუშაგობას შევძლებ, მაგრამ ყინვა უარესს მიზამსო. _ ისევ გადაიფურთხა გალავნიდან, _ ის იქ გაუშვა მე კი აქ ამ საყინულეში.
ალინიომ იცოდა, ახლადმოსულები თეთრი კედლის სუსხს ძნელად თუ ეგუებოდნენ, თავად კი მთელი ცხოვრება გალავნის ამ მხარეს გაეტარებინა, ყინვასაც შესჩვეოდა და ღამეების ფეხზე გატარებასაც.
მან დაამთქნარა, განიერი მხრები შეათამაშა, ხელები მოისრისა. ღორის ტყავისაგან შეკერილი ხელთათმანები ეცვა, სითბოს ძლივს იკავებდა, მაგრამ მეტი არადა არ აღირსეს გუშაგებს.
_შენც კოშკში შედი, _ მიუგო კამილის, _ მე ვიდარაჯებ.
კამილიმ თავი გააქნია, კაპიუშონში გამოკრულს, თვალები, ცხვირი და ტუჩები უჩანდა. სქელი, შიგნიდანაც და გარედანაც დაბეწვილი, თეთრი დათვის ორმაგი ტყავი ეცვა, ხელებზე მასაც მოხუცის მზგავსაც ღორის ტყავის ხელთათმანები ეკეთა, მაგრამ ამ მხარეს ისეთი სიცივეები იცოდა, კოცონიც თუ ძნელად გაგათბობდა. სუსტი ტანის ბიჭი, მხრებში მოხრილი, მოფუზული იდგა. ამ დათვივით მხარბეჭიანი მოხუცის გვერდით კი რომ იტყვიან საერთოდ არ ჩანდა.
_აბა საყინულე იქ არის თუ არის. _ მან ბუზღუნით იუარა შეთავაზება, _ სუსხი არ ქრის, სამაგიეროდ უნდა იჯდე ან იწვე, ასე უფრო გაიყინები.
_სიცივე თუ გაფრთხობს გუშაგად რატომღა ხარ?
კამილიმ ხელი აიქნია, ნიავს მოყოლილი წვრილი ფანტელები სახეზე ასკდებოდნენ.
_ შენც კარგი თქვი რა მოხუცო. გუშაგად, რომ არა ,,უდაბნოს ხმლებში“ უნდა ვყოფილიყავი, აბა სიცივე მერე გენახა, ამას კიდე აიტანს კაცი.
_რავიცი, ზოგი ამასაც ვერ იტანს. _ თბილი ორთქლი გამოუშვა ალინიომ, თან გალავნის ტერფებთან გართხმულ ყინულიან მიწებს გადახედა ისევ. ძირს ათასობით ჰეკტარზე გადაჭიმული თოვლითა და ყინულით დაფარული მიწა ჰორიზონტს თეთრად რკალავდა, ერთი შეხედვით სწორი, მოსიპული მოედანი გეგონებოდა, მაგრამ სითეთრეს თუ კარგად ჩააკვირდებოდი, დაინახავდი ალაგ-ალაგ ამოსულ ბორცვებს, რომლებიც თოვლიანი ქარიშხლის მერე დარჩენილიყვნენ.
_შენ რა მოხუცო თოვლის შვილი ხარ თუ ზედ გალავანზე დაიბადე? _კამილის ხმას ღიმილის ჩრდილმა გადაჰკრა.
_ეგრე შენსავით მაინც არ მიწუწუნია. _ სქელი წარბები შეკრა, ბრაზი შეიტყო ალინიომ, _ თუ ფიქრობ ბიჭო, რომ ეგ მოთქმა გაგათბობს ძალიანაც შემცდარხარ, შენც ჩემსავით ატანა მოგიწევს.
კამილი შენიშნა მოხუცის რისხვით შეკრული, ალაგ შეჭაღარავებულ სქელ წარბები. ამ კაცთან ზედმეტი არ უნდა მოგივიდესო გაიფიქრა თავისთვის. ზღვარს კი ხშირად უახლოვდებოდა ხოლმე.
_ძაღლიშვილი აბოი, _ დაიღრინა, _ ალბათ მოსაუბრეც უკეთესი ეყოლება. _გულის ჯავრი ამოყვა მის ხმას, _ ისე მოხუცო სულ თუ არაფერს ვიტყვი ტუჩები ერთმანეთზე მიმეყინება, შენ კიდევ ყურს ნუ მომიგდებ, უყურე ცარიელ ყინულს, აქ მაინც არაფერი ხდება. მაინც რამდენი გინახავს ამ მხარეს მოსულიყოს?
ალინიომ ხელები გალავნის მოაჯირს დააწყო და ზედ დაეყუდა, გალავანს იმსიმაღლე მოაჯირი ჰქონდა დათვივით მოხუცს მუცლამდე სწვდებოდა. მოლიპული ზედაპირი მთვარის ნათებას ირეკლავდა და შორიდან რომ შეგეხედა გრძელ მანათობელ ხაზს დაინახავდი. აქ ამომძვრალი მახინჯებიც ბევრი ენახა ჭაღარა გუშაგს და ბევრიც თავად გადაეგდო უკან იმ საყინულეში საიდანაც მოვიდნენ.
_ბევრი მინახავს. _ დაიგრგვინა მან. _ უჩუმრად მოდიან, ჩქამს ვერ გაიგებ თუ დაკვირვებით არ იქნები, ამოცოცდებიან და შენ ბუნდღლს არ დატოვებენ. სისხლს ისე დაგილევენ, ხმის ამოღებასაც ვერ მოასწრებ, რამდენიმე დაასხდება შენს გვამს და წამებში ამოხვრეპენ რაც კი რამე დაგდის ძარღვებში. გინახავს ბიჭო მცოცავები?
კამილი რიივას თვალწინ დაუდგა სურათი, გალავნის თხემზე, რომ ასვენია და მახინჯი არსებები მის სისხლს ეწაფებიან. მან თავი გაიქნია, არ მინახავსო.
_ნაცრისფერები არიან, თოვლზე არ ჩანან, უბეწვოები, მარა სიცივეს უძლებენ როგორღაც, ცივი უდაბნო მაგათი სახლია. სხვა იქ ვერაფერი ცოცხლობს, რომ ჭამონ, ქალაქებსაც ამიტომ აკითხავენ. ისეთი კლანჭები აქვთ კედელზე თავისუფლად დაცოცავენ, სისხლის მსმელი მახინჯები, თუ ხმლის ხმარება ხელში არ მოგდის ჯობს გაიქცე, თავს ასე თუ გადაირჩენ.
კამილს გააჟრჟოლა, მარტო თუ სმენოდა ნაცრისფერ მცოცავებზე, პირისპირ კი არასოდეს უნახავს. უდაბნოს ხმლებშიც ამიტომ არ წავიდა, იმათ თითქმის ყოველდღე უწევთ მცოცავებთან შებმაო, ბევრი ენახა უდაბნოს ხმალი, მუცელგამოფატრული, რომ შემოუყვანიათ კარიბჭეში, ან ხელ მოგლეჯი, ან სულაც თავ მოჭმული.
_ ,,უდაბნოს ხმლები“ რისთვის არიან, კი ამბობენ ახლომახლო ბუდეები გავანადგურეთო. _ დაიიმედა თავი.
_მთლად მაგის იმედად ნუ იქნები ბიჭო, _ წელზე დაკიდებულ ხმლის ვადაზე ჩამოდო მოხუცმა ხელი, _ როცა მოშივდებათ სად წავლენ? პირველრიგში ჩვენ მოგვდგებიან.
კამილიმ გაიფიქრა, ამ მოხუცს ჩემი დაშინება უნდა, თორე იცის მართალს, რომ ვამბობო.
_აქ მაინც არაფერი ხდება. _ დაიიმედა ისევ თავი.
ალინიოს ჩაეცინა, გაყვითლებული კბილები გამოაჩინა.
_კაცმა შენ რომ გკითხოს გუშაგსაც არ დააყენებდი არა ამ მხარეს? იტყოდი მაინც არაფერი ხდებაო.
_ხო და ასე გუშაგების გასამრჯელოც ნაკლები მექნებოდა გადასახდელი, _მიუგო კამილიმ, _ ერთი ეგ არის ჩრდილოეთ კედლის გუშაგებს მეტს რომ გვიხდიან, თორე ეგეც რომ არა ჭირსაც წაუღია გუშაგობაც და თეთრი კედელიც.
მოხუცმა კამილის თქმაზე გულიანად გადაიხარხარა.
_მერე ალბათ ხაზინადრათ დაგნიშნავდნენ.
კამილიმ მოხუცის დაცინვას ყური არ უგდო, ქურქზე შერჩენილი ფანტელები ხელიტ ჩამოიფერთხა.
_დედაჩემისთვის მომესმინა და შეილება მაგისთვისაც გამომეკრა ხელი. _ თქვა, თან ქურქის ფერთხვით იყო გართული, _ ღმერთმა აცხონოს, მეუბნებოდა ისწავლე კამილ გუშაგობა რა ჭირად გინდაო. მე კიდევ სწავლას ისევ ეს მერჩივნა, მეგონა საქმე არაფერი მექნებოდა, ღამეს გავათევდი სასიამოვნო მოსაუბრესთან ერთად, ვიგუშაგებდი, დილით კი თბილ საწოლში დავიძინებდი. სიცივეზე არც მიფიქრია. ასე მცოდნოდა წიგნებიდან თავს არ ავწევდი.
_ხო. _ბოხად ჩაახველა მოხუცმა, _ ხომ გაგიგია გამოთქმა ,,მშობელი თუ ლაპარაკობს მოუსმინე, თუ ჩუმათ არის შენა ჰკითხეო“ შენ როგორც გატყობ არც უსმენდი და არც ეკითხებოდი.
კამილს ალინიოს სიტყვები ცუდად მოხვდა. როგორც ჩანს მოხუცი გამხიარულებულიყო, კამილი კი უფრო მოიღუშა. ქურქის გასუფთავებას თავი ანება.
_კარგ ხასიათზე ხარ მოხუცო? _ დაუღრინა. _ იცინე, იცინე სხვა რა შეგვრჩენია.
_არც არაფერი ამ ძაღლურ ცხოვრებაში, _დაეთანხმა ალინიო,_ კაცი რომ იბადება ტირის, რო კვდება მაშინ სხვები ტირიან, სადღაც ხომ უნდა გაიცინო კიდეც.
_გამიგონია თუ კაცი ტირის ღმერთი იცინისო, ასე ამბობს ტირილისთვის არ მომივლენიხარ და შენც რა გატირებსო. _კამილიც მოაჯირს დაეყუდა.
_თუ კაცი იცინის მაშინ რაღას ამბობს? _ჰკითხა მოხუცმა.
_ტირის, _ უპასუხა, _ კაცს, რომ შეახსენოს სულ სიცილიც არ შეიძლებაო.
ალინიომ კამილს შეხედა, მსხვილი, გალურჯებული ბაგეები გახსნა და გულიანად გადაიხარხარა.
_უყურე შენ როგორები გცოდნია, მიდი ერთი კიდევ მოყევი, ღმერთი ავატიროთ.
კამილს გაეღიმა.
_მირჩევნია ჩუმად ვიყო. _ დაიჩურჩულა, _ მერე იმან რომ გაიცინოს?
მოხუცმა ამ თქმაზე ისევ გადაიხარხარა.
მათ ზურგს უკან, გალავნის მაღალ მკლავებში მოქცეული აბჯარგაუხდელი ქალაქი თვლემდა, ქვაფენილიან ქუჩებზე აქაიქ ბჟუტავდნენ ზეთის სანათურები. აკამკამებული მთვარე დაცურავდა მოწმენდილ, უვარსკვლავო ცაზე. შორი ქუჩებიდან მყეფარების ხმა გალავნის თხემს სწვდებოდა, ზედ უვლიდა და ცივი უდაბნოს ავყია სუსხს ერეოდა. ღამით მხოლოდ გუშაგები ფხიზლობენ, მაშინ კი როდესაც მთვარე მიილევა და ცაზე თაკარა მზე დაიდებს გზას, მთელი ქალაქი ერთიანად აზრიალდება, მაგრამ ჯერ არა, ჯერ კიდევ დიდი გზა უდევს მთვარეს მთებამდე.
_უკიდეგანოა. _ ფიქრიანი მზერით გახედა ჰორიზონტს კამილიმ. _ ნეტავ იქ შორს, კიდევ თუ არის თბილი მიწები და ჩვენ არ ვიცით.
მოხუციც ჩაფიქრდა, ჩაცხრა, ვეება ტორი სახეზე ჩამოისვა.
_ეეხ, _ ამოიოხრა, _ მოხუცის მზერა ჰორიზონტამდე ძლივს სწვდება, გონების თვალი კი იმაზე შორსაც, მაგრამ თოვლისა და ყინულის მეტს ახლა ვეღარაფერს ვხედავ, კაცი რას გაიგებს, _შავი დიდრონი თვალები თეთრად გადარკალულ ჰორიტონს მოატარა, _ რაც კაცმა არ იცის, ღმერთებმა იციან მხოლოდ.
_ასეა _დაეთანხმა კამილი.
_ორმოცი ზამთარია აქ ვდგავარ და ჰორიზონტს გავყურებ, _ განაგრძო ალინიომ _ შენი თქმისა არ იყოს ამ მხრიდან არავინ მოსულა, იმ მახინჯ მცოცავებს ან ,,უდაბნოს ხმლებს“ თუ არ ჩავთვლით, რომ ბრუნდებიან. თავიდან თეთრ კედელზე გუშაგობა რომ დავიწყე, ყოველღამით უდაბნოში მოლოდინით ვიხედებოდი, სულ მეგონა ვინმე გამოჩნდებოდა, ამ ხნის მანძილზე კი არავინ არ გამოჩენილა, ამაზე ფიქრსაც მოვეშვი.
კამილიმ მოხუცის სიტყვებში სევდა შენიშნა, ახლა ალინიოს სახეზე დარდს კითხულობდა, დიდ, შავ წყლიან თვალებში ბრჭყვიალება ჩასდგომოდა. ერთი გაიფიქრა, ასე უცებ რამ დაადარდიანა ეს მოხუციო, მაგრამ კაცი რას გაიგებს, ღმერთებმა იციან მხოლოდ.
_ცივ უდაბნოს ვინ გაუძლებდა?! _ თქვა მან, _ ვინმე რომც ცხოვრობდეს, აქამდე ცოცხალი როგორ მოაღწევდა?
ალინიომ ცალ ხელზე ხელთათმანი გაიძრო, კაპიუშონში შეაცურა და თავი მოიქექა.
_ახალგაზრდა. ჯერ კიდევ მეოცნებე ვიყავი ბიჭო, _ თქვა, _ იმ სამყაროზე ვფიქრობდი, რომელიც მეგონა რომ აი იმ ჰორიზონტს მიღმა არსებობდა,_ხელი გაიშვირა ტეთრი მიწების შორეულ სახხებამდე, _ ვფიქრობდი და ველოდებოდი რომ იქიდან ვინმე მოვიდოდა. ამ ხნის მანძილზე ერთს კი ნამდვილად მივხვდი, ლიმფოვიას გარდა სხვა ცოცხალი სამყარო არ არსებობს, ოცნებაც შევწყვიტე და ჰორიზონტ მიღმა ხალხზე ფიქრიც. _ მოხუცმა ჩაიცინა, მხიარულად არა, ეს უფრო სევდიანი ღიმილი იყო, _ ორმოცი ზამთარია ამ კედელს არ გავცელილვარ, რას ველოდებოდი, ვის ველოდებოდი?! ამ დროს ჩემს ზურგს უკან მთელი ლიმფოვია იყო, მთელი თბილმიწეთი, მე კი უკან არ გამიხედავს, თბილმიწეთის მშვენიერებას ზურგს ვაქცევდი და ცივ, არაფრისმთქმელ უდაბნოს გავყურებდი. _თითქოს მოხუცი გუშაგი ამ სიტყვებით თავს გაუჯავრდა, _ ერთს გეტყვი ბიჭო, თუ შენი სამეფო, შენი ქალაქი გიყვარს, შეგიძლია მთელი სიცოცხლე მიუძღვნა და ამ ცივ კედელზე იდგე გუშაგად. მაგრამ თუ შენი თავი გიყვარს უკან შებრუნდი და წადი. ახლა თბილმიწეთის კიდეზე ვდგავართ, მეორე კიდემდე კი იმდენი რამ იქნება რაც კაცმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს.
კამილი მოხუცის სიტყვებს ჩაფიქრებული ისმენდა, ალინიოს სევდა მასაც გულის ფიცარზე დააწვა.
_შენ რატომ არ წახვედი? _ ჰკითხა.
მოხუცმა ისევ სევდიანად ჩაიცინა. შავი წყლიანი თვალები მთვარის შუქზე უბრჭყვიალებდა, დევივით კაცი იყო, გამოხედვა კი ისეთი სათნო ჰქონდა შეხედავდი და გულს უცნაურად აგიჩუყებდა.
_როცა მივხვდი გვიანი იყო, უკვე ამ კედლის შეყინული ნაწილი ვიყავი. _ მიუგო კამილს.
კამილი რიივას უნდოდა რამე ეთქვა მოხუცისთვის, რამე თანაგრძნობის მზგავსი, ამ კაცის სევდიანმა ხმამ თითქოს გაათბო კიდეც, მაგრამ შეყოყმანდა, თათმანიანი ხელი სახეზე მოისვა. მოაჯირს გადაეყუდა, დაბლა ცივ უდაბნოს დახედა. იქ რაღაცას მოჰკრა თვალი. თოვლით დაფარულ მიწაზე ვიღაც მოდიოდა.
_ერთი იქით გახედე მოხუცო, _ მიუთითა ალინიოს, _ შენც ხედავ რამეს?
ალინიო მოხუცი იყო, მაგრამ ბევრს გაეჯიბრებოდა გუშაგობაში, ახალგაზრდა გუშაგები ხუმრობით მოხუც ყორანს ეძახდნენ ისეთი თვალი ჰქონდა, თან ბრაზმორეული სწორედაც რომ ხრცოვანი ყორანივით დაიჩხავლებდა ხოლმე. მან წარბები შეჭმუხნა, თვალი მოიწვრილა და იქით გახედა სადაც კამილი რიივა მიანიშნებდა. გალავნის ტერფებთან, უდაბნოს ჩრდილოეთიდან წამოსული სუსხიანი ნიავი ისხლიტებოდა, ფანტელები ჰაერში დაფრინავდნენ და ძნელად თუ გამოარჩევდა კაცი რაიმეს. მაგრამ ალინიომაც დალანდა რაღაც ამ თეთრ ქარბუქში. ადამიანი, რომელიც კარიბჭეს უახლოვდებოდა, ის არ ჩქარობდა, ნაბიჯებს თოვლში დინჯად ადგამდა, გალავნიდან რაც ჩანდა ის იყო, რომ კაცს ტანზე არაფერი ეცვა, მაღალი და ხმელი იყო, სარცხვენისს თუ უფარავდა შავი ნაჭერი, თმები თეთრი ჰქონდა, მხრებამდე ჩამოყრილი, თავადაც ისეთი თეთრი იყო, თოვლისგან ძნელად თუ გამოარჩევდი, მკლავებზე ძონძებში გამოკრული რაღაც დაეწვინა და ასე მოაბიჯებდა ჩრდილოეთ კარიბჭისკენ.
_ჩქარა ჩაირბინე, _ შესძახა მოხუცმა, _ ზარს ჯერ ნუ დარეკავ, მე აქ დავრჩები შეგატყობინებ სხვებიც თუ გამოჩნდნენ, გაიგე ერთი ვინ არის ეს დამთხვეული.
კამილის აღარაფერი უთქვამს, დაფეთებულივით მიჰყვა მოხუცის მითითებას, სწრაფად გადმოირბინა განიერი გალავნის თხემი და აქეთ სიჩუმეში შეყუჟულ ქალაქს დააცქერდა. დაბლა კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ჩრდილოეთ კარიბჭეს არავინ გუშაგობდა. სწრაფად გაუყვა თხემს კოშკისაკენ, გრძელი, თეთრბეწვიანი მოსასხამი ჰაერში უფრიალებდა. კოშკში შევარდა, ჩამავალი კიბის კარს ეცა და თავქვე დაუყვა.
ამ დროს მოხუცი ალინიო ხედავდა, როგორ მოუახლოვდა უცნობი დახურულ კარიბჭეს და ერთ ადგილზე შეჩერდა. ხმელი მაგრამ ძვალმაგარი კაცი ჩანდა, გრძელი თეთრი თმები სახეზე ჩამოყროდა, იმას აცქერდებოდა რაც მკლავზე ეწვინა. ნეტა ვინ უნდა იყოსო გაიფიქრა ალინიომ, თავის სიცოცხლეში არ ენახა გალავნის ამ მხარეს ვინმე მოსულიყოს. როგორც კამილს უთხრა, მხოლოდ მზვერავთა რაზმი თუ გადის და მერე ისევ უკან ბრუნდება, ან ზოგჯერ ნაცრისფერი მცოცავები თუ მოვლენ ხოლმე. ვინმე გზა აბნეული რომც იყოს, ყინვა როგორ არა ჰკლავს, სულ რომ გაშიშვლებულაო, ფიქრობდა მოხუცი გუშაგი და თვალს არ აშორებდა უცნაურ მწირს.
უღრუბლო ცაზე მთვარე დაცურავდა. ქალაქი ,,ლივევია“ ცამდე აწვდილ გალავანის მაღალ კედლებში შეაბჯრული განაბულიყო. სახლებიდან ნათება არ გამოდიოდა, შუა ღამის ძილს წაერთმია სულიერისთვის თავი.
კამილი ქვაფენილიან მოედანზე გავარდა, თან მიდამო მოათვალიერა ვინმე თუ იყო, მაგრამ კვლავ ვერავინ ვერ შენიშნა. კარიბჭესთან მიირბინა, სახელურს ეცა, ერთი ღრმად ამოისუნთქა, ორას საფეხურიან კიბეს ქანცი გაეცლია და მერე კარიბჭეში დატანებული საჭვრეტი კარი გამოაღო.
_ვინ არის მანდ?_ შესძახა მკაცრად, ისე როგორც აქამდე წარმოედგინა. დანახვით კი ვერავის ხედავდა. მხოლოდ ნიავს აყოლილი ფიფქები ირეოდნენ, ზე იწეოდნენ და სიბნელეში უჩინარდებოდნენ.
_წავიდა, წავიდა. _ მოესმა ამ დროს ალინიოს ჩამოძახილი. მოხუცი ქალაქის მხარეს გადმოყუდებულიყო გალავნის მოაჯირს და მას უძახდა.
მაშნ კამილიმ კარიბჭის მეორე კარი გამოაღო, პატარა კარი, კაცი თუ შემოეტეოდა მხოლოდ. უდაბნოდან შემოვარდნილმა სუსხმა ბიჭს კაპიუშონი წააძრო თავიდან, გაყინული ფიფქები თვალებში მიასკდნენ. წამის შემდეგ როდესაც თვალები მოისრისა, ის უცნობი იქ აღარ იყო, მერე ძირს დახედა და ბავშვი დაინახა, თეთრ ნაჭერში გახვეული ჩვილი, ყინვისგან გაპოხილ შემოსასვლელში იწვა, უღიმოდა და დიდი, თეთრი თვალებით შემოჰყურებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent