შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,, ჰეი ლასმან ..! "


25-10-2021, 15:24
ავტორი frinvela
ნანახია 8 698

ჰეი ლასმან

ამ გვირაბებში ჰამპრის შიში ეუფლებოდა. მის მოზიდულ, მოუზომელ, გიგანტურ ფიგურას თან და თან ავსებდა ავისმომასწავებელი წინათგრძნობდა, რომელშიც ეს კეთილი გოლიათი ხშირად როდი ცდებოდა.
ყინულის ქალაქ ლივევიას ქვეშა გვირაბები, დიდი დაუსრულებელი ლაბირინთი იყო. ბნელი, პირქუში, აყროლებული, ალაგ ვიწრო და ალაგ ჭერ დაბალი, ცივი. ყინულით შემოსილ კედლებში ძველისძველი ნიავი ჰქროდა. უამრავ ზამთარ გადავლილი ქვესკნელი, სადაც ადამიანი იშვიათად თუ შეაბიჯებდა.
ახლა ჰამპრი და მისი თანამგზავრი სტუმრობდნენ ლივევიას ქვეშეთს და მიუხედავად ჰამპრის კოლოსალური აღნაგბისა, მისი გული გვირაბებში მობორიალე შიშით სრულად ავსებულიყო.

ამ დროს გვირაბებში ზურმუხტისფერი სინათლის პწკირი გამოჩნდა, სინათლე წინიდან მოდიოდა.
_აი იქით ჰაშ. _ანიშნა ლასმანმა. _ მომყევი. _ და მერე სინათლისაკენ წავიდა.
ჰამპრი ტლანქად წამოიწია, წელში გამართვა სცადა, თუმცა გვირაბი მისთვის ზედმეტად ვიწრო და დაბალი იყო, მელოტი თხემი ყინულის ზედაპირს მიჰკრა. ტკივილმა წამით კისერი გაუშეშა, თავბრუ დაახვია, მაგრამ ხმა არ ამოუღია. უხმოდ გაჰყვა ზურგში ლასმანს, რომელიც თაგვივით ფრთხილად მიიწევდა ზურმუხტისფერი სინათლისაკენ.
ყინვა ძვალ-რბილში ატანდა, ირგვლივ ყინულის გარდა სხვა არაფერი იყო, ლივევიასქვეშა ყინულის გვირაბები კი იმაზე ცივი აღმოჩნდა, ვიდრე თავად მისი ზედაპირი.
ჰამპრიმ გარკვევით შენიშნა წინ წასული მეგობრის შავი ფიგურა, რომელიც შორეული ზურმუხტისფერი სინათლის ფონზე მქრქალად იკვეთებოდა.
ლასმანი ერთ წამს შეჩერდა, მისი წვრილი სილუეტი ყინულის კედელს შეერწყა და ბნელში გაუჩინარდა. ჰამპრიმაც სწორედ ამ დროს, თითქოს დაკარგა მხედველობიდან. ვეღარაფერს ხედავდა, გარდა ზურმუხტისფერი სინათლისა, წინ ლასმანი აღარ იყო.
მცირე ხნის დალოდების შემდეგ, როდესაც მისმა თვალებმა ლასმანი კვლავ ვერ დალანდეს, ხმა ამოიღო.
_ჰეი ლასმან! _ დაუძახა, _ ლასმან. _ მისი სიტყვები გვირაბებში მყოფ სიოზე ჩუმი იყო.
სადღაც შორეული ნაპრალიდან შემოვარდნილი ნიავი გამოეხმაურა მხოლოდ ზუზუნით.
_ჰეი ლასმან, ნუ მეთამაშები. _ დაუძახა ისევ. _ ხომ გითხარი, სიბნელის მეშინია მეთქი. _ თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
გოლიათი შიშმა აიტანა, ჩათვალა, რომ ლასმანი მართლაც გაუჩინარდა და ეს მეგობრის შესაშინებელი თამაში კი არა, სინამდვილე იყო.
ხელები გვირაბის გაყინულ კედლებს მიაწყო, სადამდეც გასწვდა იქამდე მოსინჯა. მერე ნაბიჯი გაზომა, ჯერ რბილად ცადა სიმყარის მოსინჯვა და რომ დარწმუნდა მის ფეხ ქვეშ ყველაფერი რიგზე იყო კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა სიბნელეში.
კუნთები ცივი ოფლით დაენამა რამაც გვირაბის სიო მეტად ცივი გახადა, სიცივისაგან ბანჯგვლიანი ნიკაპი აუკანკალდა. ათიოდე აცახცახებული ნაბიჯი განვლო სიბნელეში, თან ხელებს ყინულის კედელს უფათურებდა, იმ იმედად, რომ იქვე ჩამალულ ლასმანს წააწყდებოდა, თუმცა მისი მეგობრის არც სილუეტი ჩანდა და არც ხმა ისმოდა.
ნუთუ ლასმანმა მიატოვა?
არა!
ლასმანი ამას არასოდეს იზამდა, ის მეგობარია, ერთადერთი მეგობარი. ალბათ ეხუმრება, სიბნელეში ზის ეხლა და აცახცახებული გოლიათის სილუეტის ყურება ართობს. ასეთია ლასმანი, ნებისმიერ დროსა და ვითარებაში შეუძლია გასართობი მონახოს და ზოგჯერ ასეთი ხუმრობებიც სჩვევია.
ჰამპრიმ ყურთასმენა დაძაბა, ექოდ მოსულ ჩურჩულს მიუგდო ყური. ნიავი ჩურჩულებდა. ლასმანი კვლავ არ ჩანდა.
_ლასმან. _ დაუძახა და იმ წამს ენაზე იკბინა. დაძახილი ჩურჩულზე ხმამაღალი იყო.
ჯანდაბა, შეიკურთხა.
ზაქარის სიტყვები გაახსენდა, ყინულის არსებებზე, რომ გააფრთხილა გუშინ საღამოს, როდესაც გაქცევის გეგმას საბოლოოდ გადახედეს.
სუნიანი, აყროლებული მოხუცი, იქნებ იტყუებოდა კიდეც და ყინულის არსებები არც არსებობენ?! იქნებ ჰამპრის შესაშინებელი ზღაპარი მოიგონა, გვირაბებში შესვლისას უნებურად მეტი სიფრთხილე რომ გამოეჩინა. მერე ენაკვიმატ ზაქარის, ლასმანიც აჰყვა, მხარი აუბა მეგობრის წინააღმდეგ და ისეთი ისტორია შეკერეს გოლიათი კი არა თვით ღამის ღმერთი შეშინდებოდა ლივევიასქვეშა გვირაბებში ყოფნისას.
გოლიათს სიბნელის ეშინოდა, ყოველთვის ეშინოდა.
მას ბავშვობიდან ასე ეხუმრებოდნენ, როგორც წუხელ ზაქარი და ლასმანი გაეხუმრნენ და როგორც ახლა მისი მეგობარი ეხუმრებოდა. ყველა ასე ეხუმრებოდა, ყველა ხალისობდა ჰამპრის შიშით, როდესაც გოლიათი უდაბნოს თაგვს ემზგავსებოდა. დედა-მამა, თანატოლები, თუ უბრალო სოფლელები, სიბნელეში ჩაბუდებული არსებებით აშინებდნენ მუდამ. ეს ადრე იყო, ძალიან ადრე მაგრამ, მას შემდეგ სამუდამო შიში ჩაჰყვა ღამის მწუხრისა და მასში დაბუდებული უხილავი არსებების მიმართ ჰამპრის.
მას ახლა ძლიერ მოუნდა ტყუილი ყოფილიყო ამბავი ყინულის არსებების შესახებ. რომ გეკითხა ახლა თანახმაც გახდა ზაქარისა და ლასმანს მთელი ცხოვრება მისთვის დაეცინათ, ოღონდ ყინულის არსებები გამოგონილი ურჩხულები ყოფილიყვნენ.
თუმცა რაც მეტს ფიქრობდა ყინულის არსებებზე, მით უფრო ივსებოდა მისი უზომო არსება შიშით. ცივი ოფლი ასხამდა, გული რომ არ უწუხდებოდა, ყინულის დამსახურება იყო ხელით რომ ეხებოდა.
გული ძლიერ უცემდა.
ბაგ-ბუგ.. ბაგ-ბუგ...
ყინულის-არსებები... სიბნელის-არსებები..მეორდებოდა გაუთავებლად.
ბუდობენ.. ბაგ-ბუგ.. სიბნელეში იყრიან თავს.. ბაგ-ბუგ..
მკერდს შიგნიდან წამოსული ფეთქვაც კი საზარელი გახდა.
ჩუმმა ნიავმა ხმა ამოიღო, სტვენით ჩაუქროლა ყურებთან. შეშინებული გოლიათი კედელს მიახეთქა, მთელს სხეულში, ყველა კუნთსა და ძარღვში საზარელმა ჟრუანტელმა დაუარა და მასში დაიბუდა.
იქვე ჩაჯდა სადაც შიშმა სძლია. თავი მუხლებში ჩარგო და შუბლზე დასხმული ოფლი გახუნებულ ტუნიკაზე შეიწმინდა.
რატომ ხდება ასე? როდესაც გეშინია და ცდილობ ამ შიშს სძლიო, სწორედ მაშინ არ გეშვებიან ისეთი ფიქრები, რომლებიც ყველაზე ძლიერ აღგიძრვენ ამ გრძნობას.
ჰამპრის სიტყვა სიტყვით ჩაესმა ზაქარის სიტყვები. თვალწინ დაუდგნენ ყინულის არსებები, ისე ცხადად, რომ მათი სუნიც კი იგრძნო.
უთვალებო, უსახო არსებები, სიცივითა და სიბნელით, რომ იკვებებიან, სწორედ ასე თქვა ზაქარიმ. ტანზე ბეწვი არ აქვთ, ბავშვივით უბეწვონი, ნაცრისფერები. ისე უჩუმრად გიახლოვდებიან მათი ბგერაც კი არ ისმის, მათგან რასაც გაიგებ მხოლოდ სიმყრალე იქნება, აღუწერელი მყრალი სუნი, რომელსაც მათი სხეულები გამოყოფენ და ეს უკანასკნელი იქნება რასაც იგრძნობ ტკივილთან ერთად.
ყინულის არსებები.
ყინულის არსებები.
ისინი ადამიანებს ჭამენ, მათი მოძრაობა ხმებს არ გამოსცემს, თვით მთვარეზე ჩუმები არიან და სასტიკები, სიკვდილზე სასტიკები. ზოგჯერ სიკვდილი ანაზდად მოვა, რბილად შეგახებს ხელებს, სიმშვიდით მოვა, უმტკივნეულოთ. ყინულის არსებები არა, არასოდეს მოვლენ უმტკივნეულოთ. სიცოცხლეს ძარღვებიდან ამოგწოვენ, სისხლს დაგიხვრეპენ, ძვლებს გასართობად დაღრღნიან, ხორცს გაუმაძღრად დაძიძგნიან. სიცივე უყვართ, სითბოს ვერ უძლებენ, თუმცა სიცივეზე მეტად ადამიანის სისხლი უყვართ, თბილი სისხლი.
ჰამპრი თითქოს ყოველ წამს ელოდა მათ მტკივნეულ შეხებას, ყოველ წამს შეიძლებოდა მათი სლიკინა უბეწვო კანის სიმყრალე ეგრძნო.
მუხლებში თავ ჩარგული ცახცახის შეკავებას ცდილობდა გოლიათი, ცდილობდა თაგვზე ჩუმი ყოფილიყო და ამ დროს მოესმა ხმა.
_ჰაშ. _ გაიგონა. ეს ლასმანის ხმა იყო.
ჰამპრი სწრაფად წამოვარდა ფეხზე, თავი კიდევ უფრო ძლიერად ჰკრა გვირაბის ჭერს. თუმცა არც კი დაუკვნესავს, გაინაბა და ლასმანის ხმას მიაყურადა.
_ჰაშ. _ შემოესმა ისევ ლასმანის ხმა.
ხმა წინიდან არ მოდიოდა. არც უკნიდან.
საიდან მოდის ხმა?
ჰამპრიმ უფრო აუჩქარა ყინულის კედელზე ხელების ფათურს, ნაბიჯებს აღარც ზომავდა, წინ ადგამდა სიბნელეში, დაუფიქრებლად, დაუკვირვებლად და უცებ ხელები სიცარიელეს შეხვდნენ. აქ შესასვლელი დაუხვდა. გვირაბის კიდევ ერთი განშტოება.
მომდევნო გვირაბის შესასვლელთან გაჩერდა კისერი წაიგრძელა.
_ლასმან. _ დაიჩურჩულა.
_ხო ჰაშ, აქ ვარ, წინ წამოდი. _ მოესმა ლასმანის ხმა. თუმცა ეს ხმა უცნაურად შეეხო მის ყურებს, აშკარად ლასმანი იყო, მაგრამ სხვანაირი, სხვა ხმით მოსაუბრე.
განშტოებისაკენ შებრუნდა ჰამპრი, ხელებით გვირაბების გამყოფი კუთხე მოძებნა და სწრაფად გაჰყვა.
_აქ ვარ ჰაშ. _ ამოიხავლა ლასმანმა, _ მე გხედავ, გოლიათო.
ჰამპრი შეჩერდა, ლასმანის ხმა სულ აქვე იყო, ორიოდ ნაბიჯში, დანახვით კი ვერაფერს ხედავდა.
ერთი ნაბიჯი გადადგა, მეორე ნაბიჯი და ამ დროს მისი ფეხი რაღაცას შეეხო, მსუბუქს, დამყოლს. ყინულზე თითქოს ქვა გასრიალდა და სხვა ქვას შეეხო. ჩუმი ხმა იყო. ყოველ ნაბიჯზე იგივე განმეორდა იქამდე სანამ საბოლოოდ ლასმანის ფეხს არ მიადგა.
_აქ ვარ ჰაშ, _ ამოიკვნესა ლასმანმა.
მეგობარი ყინულზე იწვა.
ჰამპრი დაიმუხლა, ხელით მოსინჯა ლასმანის სხეული, ჯერ ფეხს წააწყდა, მერე ხელს, წვრილ ხელს. რატომღაც ლასმანს სამოსი აღარ ეცვა. სახის მოძებნა სცადა მერე ხელის ფათურით, თუმცა სახის ადგილას არაფერი იყო, მხოლოდ სლიპინა სიმრგვალე.
დამარ დიდებულო, ჰოი დღის ღმერთო დამიფარე.
დამფრთხალივით უკან გადავარდა გოლიათი. ფრჩხილები ყინულში ისე ჩაასო თითებიდან სისხლი წამოუვიდა, ფეხები გაიქნია და უკან ინერციით გასრიალდა, გაქცევა სცადა.
_ის მკვდარია ჰაშ. _ შეაჩერა ლასმანმა, _ ნუ გეშინია. მე აქ ვარ.
დამფრთხალ ჰამპრის ფეხს ადამიანის ხელი შეეხო, თბილი აკანკალებული და მისი ტუნიკა თავისკენ მოქაჩა. _ მოდი დამეხმარე მეგობარო. _ ამოიკვნესა მის ფეხზე ჩაბღაუჭებულმა ლასმანმა.
ის თავად ფეხზე ვეღარ დგებოდა.
ჰამპრი როგორც იქნა გონს მოეგო. წამიერად იმ შეგრძნებამ გაუელვა სლიპინა სხეულს, რომ ეხებოდა და გააჟრჟოლა. მაგრამ მეგობრის ხმის ასე ახლოდან გაგონებამ დაამშვიდა. მისმა სითბომ და სუნთქვამ ნუგეში მოჰგვარა.
ყინულზე წამოჯდა და ლასმანის ხელს ჩაეჭიდა, მერე წამოდგა, თუმცა წელში ისევ ვერ გაიმართა და ლასმანი ორივე ხელით მკერდამდე მიიზიდა.
_ხო ასე ჩემო მეგობარო. _ დაიჩურჩულა ლასმანმა მის ყურთან. _ უკან გვირაბში დავბრუნდეთ, მწვანე ნათებასთან უნდა მივიდეთ ჰაშ, იქ ამ გვირაბის დასასრულია, ახლა შენი დახმარება მჭირდება მეგობარო.
ჰამპრიმ ხელებზე სისველე იგრძნო, მის მკლავებზე ჩამოდენილი სისხლი ნელ-ნელა იყინებოდა.
ლასმანი გამხდარი, დაბალი ბიჭი იყო, ახალგაზრდა, ჰამპრიზე ახალგაზრდა. ჰამპრი ოცდახუთი ზამთრისა იყო, ლასმანი ოცდაერთის. ხანდახან როდესაც ლასმანი ხუმრობის ხასიათზე იყო, ჰამპრის წელში ეტაკებოდა და მის დაგდებას ცდილობდა ხოლმე. ასე ამბობდა, თუ შენ დაგამარცხებ გამოვა, რომ მთელს თბილმიწეტზე ყველაზე ძლიერი გოლიათი მყავს დამარცხებულიო. თუმცა ჰამპრი არასოდეს დაუმარცხებია. ერთს ჩაჰკიდებდა გოლიათი და ცალი ხელით ჰაერში აიტაცებდა ხოლმე.
ჰამპრის ეხლა სწორედ ეს გაახსენდა. ლასმანი ყოველთვის გამხდარი, ქარივით მსუბუქი იყო თუმცა ახლა, როდესაც გვირაბიდან გაიყვანა და წელში გამართვა სცადა მოეჩვენა, რომ მისი მეგობარი უფრო დამსუბუქებულიყო.
ჰამპრის აღარ ეშინოდა, შიშის დრო არ იყო.
_იმ ნათებასთან მიგიყვან ლასმან. _ ჩაიბურდღუნა და მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ მისი მეგობარი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი. ცალი ფეხი საერთოდ აღარ ჰქონდა. უფეხობას ეშველებაო თავი გაიმხნევა ჰამპრიმ, მე მას სულ ხელით ვატარებო. თუმცა ლასმანს მთელი სხეულიც დაფლეთილი ჰქონდა, რასაც ჰამპრი ვეღარ უშველიდა. ერთადერთი ზაქარის იმედიღა დარჩა, რომელიც ზეთის სანათურს მალ-მალ ანთებდა გვირაბის ბოლოს, ნათება, რომ გოლიათსა და ლასმანს შეენიშნათ.
ჰამპრის ანგარიში არც ჭერის სიდაბლისა და არც გვირაბის სიგანისთვის გაუწევია, ჩქარი დიდი ნაბიჯებით წავიდა მწვანე ნათებისკენ. თან და თან ნათება მოახლოვდა, გაბევრდა, გადიდდა და მერე საერთოდ გაანათა ირგვლივ ყველაფერი. ზურმუხტისფერი ალი არც ისე პატარა აღმოჩნდა, როგორც ეს შორიდან ჩანდა.
ჰამპრიმ ხელში აყვანილი ლასმანი, გვირაბიდან ყინულის კედლებიან ვიწრო ოთახში შეიყვანა, სადაც ზაქარი ელოდათ, მოხუცი ძვალზე კან გადაკრული კაცი, ჭაღარა, ყვრიმალებ გამოშვერილი და ლურჯ თვალებიანი. ზაქარის ხელში ზეთის სანათური ეჭირა, საიდანაც ზურმუხტისფერი სინათლე იღვრებოდა. მწვანე ზეთი, მწვანედ იწვოდა.
გარკვევით მხოლოდ ახლაღა დაინახა ჰამპრიმ ლასმანი, მისი დაგლეჯილი უფეხო სხეული.
ზაქარის თვალები გადმოეკარკლა, შეშინებული უცქერდა გოლიათს. მერე ეცა და გვირაბიდან შემომსვლელი ხის ძველი კარი ურდულით ჩარაზა. მერე დაჭრილ ლასმანს დახედა.
_ჯანდაბა ლასმან, ეს რა მოგსვლია. _ თქვა სიბრალულით _ მოდი ბიჭო აქ დააწვინე. _ და ზეთის სანათური ძირს დადგა.
ჰამპრიმ ლასმანი მის წინ ნაზად დაუშვა ყინულზე. სისხლში ამოსვრილი გოლიათი და ლასმანი ზურმუხტისფერ ბურუსში გაეხვივნენ.
ოთახი პატარა იყო, ორი ხის კარი ჰქონდა, ერთი ის, რომლიდანაც ჰამპრიმ ლასმანი შემოიყვანა, მეორე კი მის მოპირდაპირედ იყო დახურული.
ძირს ყინულის სითეთრეს სისხლი შეერია და გააფერადა.
_ვიცი. _ ამოიოხრა ლასმანმა. _ ვიცი, რომ ჩემთვის გზა აქ მთავრდება.
ჰამპრი ამის გაგონებაზე, ორივე მუხლზე დაეცა მეგობრის სხეულთან.
_არა ლასმან, _ ხელები მჭიდროდ მოავლო მხრებზე მომაკვდავს, _ მე შენი ხელით ტარება შემიძლია, რამდენიც დაგჭირდება იმდენს გატარებ. შენი გზა აქ არ მთავრდება ლასმან.
მომაკვდავმა ამოიოხრა და მერე მოწყენილ, ატირებულ გოლიათს გაუღიმა. ერთ დროს მოღიმარე სახე დამანჭვოდა, თეთრი კბილები კი სისხლით შეღებვოდა.
_შენ უკვე მომიყვანე აქ, _ თქვა და სიტყვას სისხლი ამოჰყვა, _ ამ კარის მიღმა თავისუფლებაა. ჩვენ ეს შევძელით ჰაშ. ნუ იღელვებ, მე ბედნიერი ვარ, თავისუფალი ვკვდები.
_არა ლასმან, _ ცრემლები გადმოსცვივდა ჰამპრის, _ შენ არ მოკვდები. არა!
ლასმანმა ხელი აღმართა, მეგობარს მოსდო კისერზე და თავისკენ მიიზიდა.
_ჰაშ, მისმინე. მისმინე სანამ სიტყვების თქმა შემიძლია. შენ წახვალ, სამშვიდობოს იქნები, ვიცი აუცილებლად ასე იქნება. სადმე დასახლდები, ცოლს მოიყვან, შვილებიც გეყოლება ჰაშ, დიდებულად იცხოვრებ მეგობარო. მაგრამ უნდა გთხოვო, მიიღე ეს როგორც ჩემი უკანასკნელი სათხოვარი, კარგი? იქნებ ამ დროის, შენი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე გამონახო რამოდენიმე დღე ჩემთვის, შენი მეგობრისთვის, ხომ იცი საიდან ვარ? ჩრდილოეთით პატარა სოფელია, აზულივია ქვია, ხშირად მომიყოლია შენთვის მის შესახებ. ხომ იცი ჰაშ იქ დედაჩემი ცხოვრობს, ახლა სულ მარტოა და ყოველდღე მემელოდება, შენ მიდი ჰაშ, მიდი მასთან და მოუყევი ჩემი ამბავი, უთხარი რომ აღარ დამელოდოს, რომ ვეღარ დავბრუნდები, დაამშვიდე დააწყნარე ჰაშ და უთანაგრძე. და კიდევ ერთს გთხოვ ჰაშ, დედაჩემს უთხარი, რომ მე გავუძელი, ჩემი მეგობრების გადასარჩენად ტკივილს გავუძელი, ხმა არ გამიღია. გესმის ჰაშ? ბოროტებას შევერკინე დავამარცხე მაგრამ ახლა მეც ვმარცხდები, თუმცა ჭრილობების მიუხედავად ხმა არ გამიღია, ჩუმად ვიყავი როცა ტკივილს მაყენებდა ის მახინჯი. განა ასე არ გვასწავლეს? თუ რაიმე დაგვემუქრება ჩუმათ უნდა ვყოფილიყავით, უხმოდ შევხვედროდით თუნდაც სიკვდილს, რათა ჩვენი მეგობრები საფრთხეში არ ჩაგვეგდო. დედაჩემს უთხარი ჰაშ, რომ გავუძელი, ჩემი მეგობრების გამო გავუძელი. ის მუდამ მასწავლიდა, ბევრ რამეს მასწავლიდა, მეუბნებოდა და ვერ ვიგებდი, მითითებდა და ვერ ვხვდებოდი. ამის გამო ნაწყენი დავტოვე როცა ამ ჯოჯოხეთში გამომკეტეს და მინდა შენ უთხრა მეგობარო, რომ ერთი რამ მაინც ვისწავლე და შევძელი, მე გავუძელი ჰაშ გესმის? _ და ამის მეტი ვეღარ აღმოთქვა, საკუთარმა სისხლმა დაახრჩო ლასმანი.
ეს სიტყვები უკანასკნელი იყო რაც ჰამპრიმ გაიგონა მეგობრისგან. მესმისო ვერ მოასწრო ეთქვა. დაპირების მიცემაც ვერ მოასწრო.
კარი, რომ გააღეს, თენება ახლად დაწყებულიყო. მზის სხივები ამაოდ ცდილობდნენ მკვდარი მიწების გათბობას. ჰამპრიმ იქამდე ატარა ლასმანის სხეული სანამ გახრიოკებულ, გათოშილ მიწაზე ლამაზი ადგილი არ ნახა.
სამეფო დელონიქსის ხე, ახლად იტოტებოდა, შეუდრეკელად ებრძოდა ლივევიას მომაკვდინებელ პირობებს. ყინვასთან შებრძოლებული წითელფოთლება ხის სიახლოვეს დამარხა გოლიათმა მეგობარი, იმის იმედად, რომ ლასმანის სული ამ პატარა, ძლიერი ხის სხეულში გადავიდოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent