შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიმონის კექსი [სრულად]


25-10-2021, 22:27
ავტორი ელ პინი
ნანახია 5 198

რვა საათია. თვალს სწრაფად ვახელ. დილით ადრე გაღვიძება რუტინად მაქვს. მინდა თუ არა, მაინც მეღვიძება ავტომატურად. საწოლიდან მთქნარებით ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. საოცარი ამინდია, უზომოდ თბილი, სასიამოვნო, შემოდგომისთვის ოდნავ შეუფერებელი. Მახსოვს შარშან სექტემბერში ისე წვიმდა, ქუჩაში გასვლა მეზარებოდა. უფრო მეზიზღებოდა. თუ ვინმეს მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თან დაუკვირვებლობისიც, ტალახიან წყალს, როგორც მამაო ნაკურთხ წყალს, ისე მაპკურებდა. გეგონება, მართლა მლოცავდა და უფლის წყალობას მისურვებდა - ბოლოს ისე მიყურებდა დამნაშავე თვალებით. ზოგი იმდენად უტიფარია, ბოდიშის მოსახდელადაც არ აჩერებს. მქონდა ეგეთი შემთხვევაც, კი. მე ხომ იღბლის ბუკეტი ვარ ზოგადად, ეგ როგორ ამცდებოდა? გაწუწული ვიდექი და ყვირილით ვილანძღებოდი, სანამ ჩემს თვალს მანქანა არ მოშორდა - ვითომ ესმოდა და ჯავრობდა, რა. მერე ყელი მეტკინა, უკვე ხმადაბალ ძაგებაზე გადავედი. დღეს კიდევ გაზაფხულის რომელიღაცა თვის რომელიღაცა დღე გეგონება, იმ წვირტლიანი წყლით ბანაობას სასაცილო მოგონებად ვინახავ. მოგონება ყოველთვის კარგია. რაც არ უნდა ცუდი იყოს, არ არსებობს დროის მერე მასში კარგიც არ იპოვო. ჰო, რას ვამბობდი? უცნაურად თბილა - მეთქი. მონატრებული რომ გაქვს ცივი ზამთრის მერე ახალშეღვიძებული მზე, ეგ შეგრძნება მეუფლება. რომ მოგინდება მთელი დღე გარეთ ისეირნო და მზის სხივების ბოლო ჩათვლემამდე სახლში არ შეაბიჯო, ზუსტად ეგეთი ამინდია. ჩემი ფიქრებიდან ხუთი წუთი არაა გასული, ტელეფონის წკრიალა ხმა მესმის და ბალიშის ქვეშ ამოდებულ ჩემს რომელიღაცაწლიან ტელეფონს (კი, ძველია; უძველესი) სწრაფად ვიღებ. სოფია. ჩვეულებრივ ამ დროს არ იღვიძებს. ეგრევე განგაშის სიგნალები მერთვება და ზარს ვხსნი.
- ჰო, სოფი, ხომ მშვიდობა გაქვს?
- თეკუ, გეძინა? ბოდიში რომ გაგაღვიძე, რა. - გოგოს მუდარით სავსე ხმა მესმის.
- გაგიჟდი შენ? - უცებ ვცვიფრდები. - მითხარი რა ხდება, რომელი საათია, თუ იცი? რა ძალამ აგაყენა ფეხზე?
- თემო სამსახურში წავიდა ხელფასის ამბის გასაგებად. ბინის ქირა გვაქვს გადასახდელი, მეპატრონე არ გვაჩერებს, ისედაც რამდენიმე თვეა ვპირდები რომ - მალე მოგცემთ, მალე მოგცემთ - მეთქი. არ ურიცხავენ ხელფასს თემოს სრულყოფილად და რასაც აძლევენ, ეგეც არსებობისთვის გვჭირდება, ხომ გესმის?
- კი, მესმის, გავიგე, მაგრამ მე როგორ შემიძლია დაგეხმარო? მაგ მეპატრონემ არ იცის, რომ ამ პანდემიის დროს მსგავსად არ უნდა მოიქცეს? ხომ ხედავს, რომ ყველას გვიჭირს და საცოდავ ხელფასებზე ვმუშაობთ? - მაშინვე ვწუხდები. საშინელებაა, როცა ხედავ ადამიანს როგორ უჭირს და ვერ ეხმარები. მე თვითონ ვარ კატასტროფულ სიტუაციაში. ყველაფრის მიუხედავად ამ წუთას სოფი უფრო მადარდებს, ვიდრე ჩემი თავი.
- სხვა გზა აღარ მაქვს, ჩემი კალიცო უნდა ჩავაბარო ლომბარდში. იცი, რა? ტასოს ვერ დავტოვებ, სიცხიანი მყავს. თუ შეგიძლია, ჩემთან გამოდი, ამ ბეჭედს გაგატან და ჩააბარე შენს სახელზე, რა. გადასახდელ თანხაზე არ ინერვიულო. არ დაგიგვიანებ და ყოველთვის დროულად მოგაწვდი. კი დაგიტოვებდი შენ ტასოს, მაგრამ მაღალი სიცხე აქვს მესამე დღეა. გაიღვიძებს და წამოიტირებს ხოლმე; რომ არ გაგიჩერდეს, ცალკე შენ უნდა ინერვიულო მერე და მეც გზაში დარდით მოვკვდები. არც მინდა, რომ სიცხე გადმოგედოს. კორონა არ აქვს, ავუღე ტესტი უკვე. არ შეგეშინდეს. შეგიძლია, თეკუ? გთხოვ, რა.
- კი, კი, როგორ არ შემიძლია, რა სისულელეს მეკითხები, აბა? ეგენი ხომ ათ საათზე იწყებენ მუშაობას? ჩავიცვამ და ეგრევე შენთან მოვდივარ, ბევრი არ დამაგვიანდება - კი იცი. საღამოს ცვლა ვარ დღეს სპარში. კიდევ კარგი, რომ გაგვიმართლა.
- რა კარგი ხარ, მოკლედ! გელოდები, ჩემო გოგო. გავიქეცი ახლა, ტასოს წამალი უნდა დავალევინო. გლანდების ოპერაცია თუ არ გავუკეთე, დამეტანჯა ბავშვი. მეც აღარ მძინავს. ძილი რა მოსატანია, ოღონდ ეს მყავდეს კარგად და.
- მიდი, მიხედე, სოფ. მალე მოვალ, რაც შემეძლება, სწრაფად.
- გაკოცე!
ზარს მითიშავს. მე ნერვიულობას ვიწყებ. ჯერ ტასოზე, მერე სოფიზე, ცალკე თემოზე. ხანდახან ვნატრობ, რომ გულცივი ვიყო და არაფერი მანაღვლებდეს. თან მგონია, თუ ეგეთი ვიქნები, სადღაც, იმ სამყაროში არ გამიმართლებს და ყველა ჩემი შეცდომისთვის საზღაურს მივიღებ. ვინმემ იცის იქით რა ხდება?! - არა. აბა, მე რატომ მაწუხებს ასეთი სულელური და ბავშვური აზრები? - არ ვიცი.

ტანსაცმელს ვეძებ. ყოველთვის კომფორტულად მაცვია. ჯინსის შარვალი (ამერიკული - არა, ვერ ვიტან), მაისური, გარედან პერანგი და კეტები. ყველგან შემიძლია ასე ჩაცმულმა ვიარო და ოდნავადაც არ შემაწუხოს ან ფეხსაცმელმა, ან ტანსაცმელმა. უკვე ვიცვამ, თმას მაღლა ვიწევ, პატარა ზურგჩანთაში ტელეფონს თავის დამტენიანად და საფულეს (რომელშიც ბოლო „თეთრები“ მიყრია) ვდებ. მომზადებულად რომ ვიგულებ თავს, საწოლის გასწორებაზე გადავდივარ. დედამ იცოდა ხოლმე თქმა - სახლი დაულაგებელი არასდროს უნდა დატოვო, არ იცი ვინ შემოგყვება უკან დაბრუნებულზეო და მეც ამკიდა ეგ სენი. დანარჩენ წვრილმანებსაც უცებ ვალაგებ. ისე, მართლა სწრაფი ხელი მაქვს. სადაც კი მიმუშავია, ყველგან მაქებდნენ (გადაუჭარბებლად). სარკესთან დადებულ სახლის გასაღებს ვიღებ და გავდივარ. ჰო, პირბადე არ უნდა დამავიწყდეს. მართლა, ორივე დოზით აცრილი ვარ. ამის თქმა საჭირო იქნებ არც არის, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობა რაღაც მხრივ რომ მაინც შევასრულე - მიხარია. ნახევარ საათში ყველაფერს ვასწრებ და კითხვა მიჩნდება - რატომ სჭირდება ზოგს ორი საათი? არაუშავს, ყველა ადამიანს თავისი დრო აქვს გაწერილი და ვისაც როგორ უნდა, ისე გამოიყენებს. ავტობუსის გაჩერება ჩემი კორპუსის ქვემოთაა, ამაში კი ნამდვილად გამიმართლა. ეზოში რამდენიმე მეზობელს ვხვდები და ვესალმები. დიდად არ ვიცნობ და არც კონტაქტური ვარ, მაგრამ გამარჯობის გარეშე ადამიანის დატოვება ჩემთვის რაღაც დოზით „ცოდვაც“ კია. შეიძლება ვაჭარბებ კიდეც, ვინ იცის?

მზე ხასიათზე მოქმედებს, მაგრამ სანერვიულო მიზეზები მაინც არასდროს ილევა. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცვალებადი ხასიათს ვატარებ. ერთ წუთს რაღაც რომ მიხარია, მეორე წუთს მწყინს.
ავტობუსს ველოდები. სოფის საცხოვრებლამდე მარშრუტები არ მიდის. ჩემგან არც ისე შორსაა, მაგრამ არც ახლოს. აუფ, რა კარგად ავხსენი?! ბადალი არ მყავს ახსნებში. თან ვფიქრობ მომყოლ პრობლემებზე და სხვა რაღაცებზეც. ტვინის რომელიღაც ნაწილის აფეთქებასაც კი ვგრძნობ. ლამის უკვე ფიქრების ღმერთმა თავისთან სამუდამოდ დამიტოვოს, ავტობუსიც ჩნდება და წინა მხარეს ოცდათერთმეტი ნომერი ყვითლად კაშკაშებს. მიხარია, რომ არ მაგვიანდება მისვლა. სოფიც როგორ მოუთმენლად მელოდება - წარმომიდგენია. გზა როგორღაც არ იწელება, თუ მე ვგრძნობ ასე არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში - ჩემთვის მაინც კარგია. კონტროლიორი მიღიმის. კიდევ კარგი, რომ სამგზავრო თანხა მაქვს და ამაზე ცალკე ნერვიულობა არ მიწევს. ჩემი გაჩერება ახლოვდება. ჩასასვლელად ვემზადები და წინ მხარეს გადავდივარ. ისეთი ჭყ.ლეტვაა, რომ ძლივს ვეტევი. „ორი კილო“ ვარ და ამ ლაბირინთში გასავლელად საკმარისად სასიხარულო მიზეზია. ზოგჯერ მართლა მიმართლებს ცხოვრებაში და ცოტა რამ მყოფნის გასაბედნიერებლად. ქვემოთ ჩამოვდივარ. გრძელი კორპუსია, რამდენიმე სადარბაზო აქვს, მე მესამეში შევდივარ. პირველ სართულზე ცხოვრობს სოფი. კარზე ვაკაკუნებ და შემოდიო - შიგნიდან მეძახის.
- სოფ, მოვედი.
- პირბადე არ მოიხსნა მაინც, თეკუ. მეშინია, ტასოსთან ვარ სულ, რა ვიცი. როგორ ხარ? არც კი მიკითხავს შენთვის, ცოტა უნამუსოსავით კი გამომივიდა. - დარდით სავსე ხმა აქვს. უზომოდ დაღლილი რომაა, მის სახესაც ეტყობა. ოცდაათი წლის გოგოს რომ ყველა სევდა თვალის ირგვლივ ნაოჭებშიც არ ეტევა და ტუჩებამდე ჩამოდის, ეს უკვე ყველაფრის მთქმელია, არა? სევდიანად მეღიმება. მუჭს ვუწვდი მისალმების ნიშნად. ამას როცა ვაკეთებდით ბავშვობაში, ნიშნავდა რომ ძლიერად უნდა ვყოფილიყავით და ჩემს უსიტყვო სურვილს თავადაც მიცვლის. თავს მიქნევს. იცის რომ ასეც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, დაიღალა, იღლება და დაიღლება. ეს დაუსრულებელი წრეა. ზოგჯერ ყველა ვიღლებით. თან თითოეულს ჩვენი დოზა გვაქვს დაღლის. სოფის აშკარად ეტყობა, რომ მისი დოზა ბევრია. არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს პრობლემები, მაგრამ პრობლემები რომ არ იყოს, არც სწორი გზები გვეცოდინება. ისე, ვინ იცის რას ნიშნავს ზუსტი განმარტებით სწორი და არასწორი? ვინმე რომ არ მომედავოს, მიახლოებით სწორს ვიტყვი მაშინ.
- არ იდარდო, კარგი? ვუშველით ყველაფერს. - ვაგულიანებ. არ ვიცი რამდენად გამომდის. ისიც ისე იღიმის, როგორც მე და ნაოჭები კიდევ უფრო მეტად ეტყობა. ამაზე გული მწყდება. პირდაპირი მნიშვნელობით მგონია, რომ ვიღაცამ ამ ორგანოს დამჭერი არტერიები და ვენები გადამიჭრა.
- აღარ ვიცი, თეკა. მართლა. ზოგჯერ არ ვიცი თუ მიღირდა, მაგრამ ტასოზე რომ ვფიქრობ, დანებების საშუალებას ვერ ვაძლევ ჩემს თავს.
- ჰო, შენ ისეთი დედა უნდა იყო, როგორიც თვითონ გინდოდა გყოლოდა. - ჩემი სიტყვები ყველაფერს ნათელს ჰფენს. მან იცის, რასაც ვაქსოვ.
- ყავას დალევ? თუ ჩაის?
- არა, არაფერს. დროულად წავიდე ჯობია, არა? ნეტა ხომ ჩაიბარებენ? რატომ არ უნდა ჩაიბარონ? მეც რომ ვერაფრით გეხმარები, გული მიკვდება. რა ვქნა, ხომ იცი ჩემი „სახსრების“ ამბავი. - სიტყვას ვწყვეტ. სოფიმ მთელი ჩემი ცხოვრება იცის და განმარტებები არ მჭირდება.
- ჩაიბარებენ, კი. დილიდან გამიხეთქა ტელეფონი ბინის პატრონმაც, ავუხსენი რასაც ვაპირებდი და მაინც არ ისვენებს. რომელი საათია, შვიდი იქნებოდა, პირველად რომ დამირეკა და არაფრით ჩერდება ქალი. ენერგო ვამპირია, მგონი. კივის - კი არ ლაპარაკობს. გამოვიტან ბეჭედს, დამელოდე. - საძინებელში გადის სოფი. ტასოს ნახვა მინდა, მაგრამ არ ვაწუხებ. გაღიზიანებული იქნება ბავშვიც თვითონ. ისე, წარმოიდგინე, იბადები და არ გიმართლებს. რა რთულია, არა? შენთვის რომ ვინმეს ეკითხა გინდოდა თუ არა დაბადება, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო? ყველაფერს რომ ჩვენ ვწყვეტდეთ და არა - განგება (ბედისწერაც), სიმარტივის საფუძველს ვიპოვიდით. რა ვიცი, იმდენი კითხვა მაქვს და არც ერთი პასუხი, ესეც კი ნერვების მომშლელია. თუ შევყევი, მერე უფრო ვაფრენ.
- აი, თეკუ, აიღე, - ბეჭედს მაწვდის. - ერთადერთია, რაც დამრჩა. ძალიან არ მინდა, მაგრამ ვერ გავექცევი. თემოც მეცოდება. დღე და ღამე გაერთიანებული აქვს, მთელი ფული ტასოს წამლებში მიგვდის. ეს პანდემიაც ისე დაემთხვა, არც კი ვიცი რა გვეშველება.
- არ ინერვიულო, სოფ. ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი. - ეს ბოლო ჩემი საფირმო ფრაზაა, რომელსაც ნებისმიერ დროს ვიყენებ. შეიძლება არც ისე რეალურია, მაგრამ იმედს ხომ მაინც აძლევს ადამიანს? ჰოდა, სრულებით საკმარისია. ბეჭედს ვიღებ და ჩანთაში ვინახავ.
- ნეტა, მართლა ეგრე იყოს. - ხვნეშის. მეც წამიერად ნაოჭს ვგრძნობ თვალთან და ვკრთები. მეტისმეტია.
- იქნება! ახლა წავალ, კარგი? დაგირეკავ და ყველაფერს გაგაგებინებ. როგორც კი ჩავაბარებ, ეგრევე აქ გავჩნდები.
- ჩემი მშველელი ხარ! მადლობა, რომ არსებობ! - ვერ უძლებს და მაინც მეხუტება. უჭმელობისგან დასუსტებულ მკლავებს მხრებზე მხვევს და ჩემგან იმედიან ჩახუტებას ელის. მეც ვეხუტები, ხელებს ზურგზე ვუსვამ და თავზე ვკოცნი.
- არ ინერვიულო. - ბოლო სიტყვას ვუტოვებ და სახლიდან გამოვდივარ. რამდენიმე წუთში ისე დავიღალე, ჩემი თავის მიკვირს. სხვისი ტკივილის გაზიარება ტრადიციაა, რომელსაც ვერასდროს დავარღვევ. თუ გინდა ადამიანი იყო, ალბათ ეს ნორმად უნდა გახადო. რა ვიცი, მე ასე მგონია. ბევრ რამეს ვაჭარბებ ხოლმე. ზოგჯერ იციან თქმა - აუცილებელი არაა ყველას ხავსი იყოო, მაგრამ თუკი შეგიძლია, რატომაც არა? ხომ ვამბობ, მეც არ ვიცი რა არის სწორი და არასწორი, თუმცა ისიც მყოფნის რომ რაღაცებში წარსულის გამო ვერკვევი. კარგიც გამიგია და ცუდიც. ჰო, ცუდი უფრო. არა, არ ვწუწუნებ. ცუდი უფრო უნდა გამოსცადოს ადამიანმა, ასე ბევრის სწავლა შეიძლება, მაგრამ თავს თვითგვემის საშუალება არ უნდა მისცე. საწოლში ისე ჩაწექი, სიამოვნებისთვის, მაგრამ არ იტირო.
ისევ გაჩერებაზე ვდგები. უცებ მაგონდება, რომ ტრანსპორტში შეიძლება ზურგჩანთა გამომტაცონ. რამდენჯერ მომხდარა ასეთი რამ ჩემ თვალწინ. ვერავის ვენდობი, რაც არ უნდა იყოს, სხვისი ნივთია. რამე რომ მოხდეს, კიდევ ამის ყიდვის ფული მაქვს? სოფი არაფერს მომთხოვს, მაგრამ მაინც. სად წავედი ფიქრებში?! ჩანთას ვხსნი და ბეჭედს ვიღებ, არათითზე ვიკეთებ. თავს ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ. დედა ამბობდა ხოლმე გაუთხოვარმა გოგომ საქორწილო ბეჭედი არათითზე არ უნდა გაიკეთოს, ბედი არ გაუღიმებსო. ბედს აქამდე არ გაუღიმია ჩემთვის და რა ვიცი, უჭირს რამე? თან ამ თითზე უფრო კარგად მაქვს, დანარჩენებზე მძვრება. არ დამივარდეს სადმე, ან უცებ თითიდან არ მომაძროს ვინმემ - კი, უზომოდ მშიშარა ვარ. ისეთი ფანტაზიები მაქვს - თქვენ ჯვარი გწერიათ (ელო გამახსენდა, ბებიაჩემი).
ველოდები როდის მოვა ჩემთვის განკუთვნილი ავტობუსი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. არაფერი ჩანს. ცხვირს ძირს ვუშვებ. ადამიანს ეჩქარება და ამ ტრანსპორტს მაშინ უნდება დაგვიანება. იქ ცალკე რიგში მომიწევს დგომა, თუ გვიან მივედი. რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე?
რობაქიძის გამზირზე ხალხი სიარულს იწყებს. როგორც გვჩვევია ქართველებს, ნახევარი საზოგადოება პირბადის გარეშე დადის. სხვისი მე არ მეკითხება, მაგრამ როცა საქმე პანდემიას და ყოველდღიურად გაზრდილ ავადობის რიცხვს ეხება, ხომ შეიძლება ერთმანეთი გავითვალისწინოთ და ეს მინიმუმი მაინც დავიცვათ? ყველა ისე ცხოვრობს, როგორც უნდა. მეც ვერავის ვეჩხუბები რატომ არ გიკეთია პირბადე - მეთქი, ამას თვითონ უნდა ხვდებოდეს. მოხუცი მოდის, თან პირბადე ცხვირს ქვემოთ აქვს ჩამოწეული, აშკარად ეტყობა რომ ძველია. ხმამაღლა ილანძღება: „- ვერ გამიგია რას გვატყუებენ, ამდენი ხალხი ქუჩაში პირშიშველი დადის და არავის არაფერი ემართება, რას იგონებენ ამხელა რიცხვებს? ვითომ მართლა არსებობს ეს კორონა, თუ შემოუშვეს ვირუსი განგებ?“. მეცინება მის მიერ გახმოვანებულ ფიქრებზე. მართლა კარგია ეს პირბადე, მინდა ვლაპარაკობ, მინდა ვიცინი, მინდა ვმღერი, გიჟი არავის ვგონივარ. საყვარელი ბაბუა. როგორ შეიძლება არ გჯეროდეს ამ მსოფლიო პანდემიის? ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ზოგი ახლაც კრიტიკულადაა, ზოგი გამოძვრა; მაგრამ მოხუცია. მოხუცები კიდევ ყოველთვის სხვანაირად აზროვნებენ. ჩემი ელო მომაგონდა. აცრას არაფრით გაიკეთებდა. იტყოდა - თუ სიკვდილი მაწერია, მაინც მოვკვდები, ბებიკოო. ამ ბაბუსაც რაც ჰგონია, ეგონოს. თუ არ სჯერა, განა ვინმე შეასმენს? სულ რომ თეთრი მართლა თეთრი იყოს, თუ ადამიანს არ უნდა, იტყვის შავიაო. ამას სიჯიუტე ჰქვია თუ სხვა რამე - ვერ გეტყვით.
ავტობუსიც აგვიანებს. ყურადღება ხან რაზე მაქვს, ხან - რაზე. ადამიანებს ვათვალიერებ. ფიქრებში ვარ გართული, უცებ წინ მანქანა რომ ჩერდება. ჩემზე ოდნავ მაღალი ახალგაზრდა გადმოდის და ახლოს მოდის ჩემთან. სასმლის სუნი ასდის, თვალებიც ოდნავ ჩაწითლებული აქვს. საჭეს ვიღაც სხვა მართავს და ის შორიდან ადევნებს თვალს სიტუაციას. მე მაშინვე ბეჭედს ვუჭერ ხელს. მეშინია. აბა, სხვა რისთვის უნდა მომადგეს ახლა მე ვინმე? ეს საცოდავი ზურგჩანთა უნდა წამართვას? სახეზე მეტყობა რა კითხვებიც მაწუხებს, მგონი.
- ცოლად გამომყვები? - უცებ ურეაქციოდ მეკითხება. არც იცინის, რომ ეგრევე ვიფიქრო ხუმრობს - მეთქი. მე ყურები მიგუბდება, ტვინი ფრაზას ბევრჯერ იმეორებს შეუჩერებლად. წინადადების გადახარშვას ვცდილობ, მაგრამ უაზროდ. ადამიანს არ იცნობ და რას სთავაზობ? გიჟი ხომ არ ხარ? ასე როგორ შეიძლება? ვცდილობ, რომ დაბნეულობა არ შემეტყოს და მკაცრს მზერას ვიღებ.
მომენტალურად სოფის საქორწილო ბეჭედს ჩემ სასიკეთოდ ვიყენებ. არ ვიცი საიდან მაფიქრდება. ხელს მაღლა ვწევ და არათითზე მორგებულ კალიცოს ვაჩვენებ ჩემ წინ მდგარს. აი, თუ არ გამომადგა. კიდევ კარგი, რომ დედაჩემის ცრურწმენის არ ვიწამე. სიტყვის თქმის საჭიროებას ვერ ვხედავ. ბეჭედი ყველაფერს ამბობს.
ჩემ წინ მდგომი ადგილს იცვლის, მანქანისკენ მიდის, თავის სავარძელს იკავებს, მეორესთან ერთად მომჩერებია რამდენიმე წუთს, მერე კი მიდიან. ვერ გავიგე რა ხდება? სად ვარ? ვინ და ვინ იყვნენ? რა უნდოდათ? ყველაფერი უცნაური მე რატომ უნდა შემემთხვას? არაფერი მესმის. მანქანის ნომრებს ვამჩნევ და მეცნობა. უცებ გონს მოვდივარ, ტელეფონს ვიღებ, ყველა ნომერი ჩანიშნული მაქვს, ვინც კი ჩემი გაწუწვა ისურვა კურთხეული ტალახიანი წყლით. კი, ეგ არის. ჯანდაბა, დაკაწვრა მაინც მომესწრო კარის, ან ფანჯრის ჩამტვრევა, ჩემ წილს მინიმალურ სამაგიეროს ხომ მაინც გადავუხდიდი? რას გადამეკიდნენ? კითხვები არ მასვენებს. მაინც რა ბედი მაქვს? ჩემ თავზე ვბრაზდები, როგორ არ გამოვლანძღე და რამე არ ვუთხარი, ასე უსიტყვოდ როგორ გავუშვი? ყველა საკილავი სიტყვა პირზე მადგება, მაგრამ ვაკუუმში ვკეტავ. ადამიანი წინ მედგა და არაფერი ვუთხარი, ახლა რაღა დროსია რომ ვლანძღო?

______
აფორიაქებას ჯერ კიდევ არ გაუვლია. ლომბარდთან ვდგავარ, მესამე ვარ რიგში. დიდად არ დამგვიანებია მოსვლა. როგორღაც ავტობუსმა გვიან მოსვლის მიუხედავად გზა სწრაფად გაიარა. თან ვერ ვისვენებ. უცნაური დღეების ფურცელზე დღევანდელი დღის რიცხვიც უნდა მივაწერო. არ ვხუმრობ, მართლა მაქვს ეს ფურცელი და ვინიშნავ როდის-რა მოხდა. ერთი სული მაქვს ეს ბეჭედი ჩავაბარო, თანხა სოფის მივუტანო და მერე სამსახურში წავიდე. მენეჯერი მეუბნება ხოლმე როგორ შეგიძლია აქ ისვენებდეო, მაგრამ ვისვენებ და რა ვქნა, აბა? მთელი დღე ვზივარ და მომხმარებლების ნაყიდ პროდუქტებს ვატარებ. თან ვითვლი, თვლაც არ მბეზრდება. კიდევ კარგი, რომ ამ თვლაში არ მეძინება და პროდუქტები ცხვრები არ მგონია. ყველა მეორე დღეს ვმუშაობ ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით. გამთენიის ხანს მიჭირს ცოტა, მერე აღარ. ღამით იშვიათად შემოდის ვინმე მაღაზიაში. ჰოდა, სალაროზე რომ ჩამოვდებ თავს, კომპიუტერის წინ, მეც მშვენივრად ვასწრებ ძილს. ფხიზლად, რა თქმა უნდა.
ერთი გამოვიდა, მეორე შევიდა და ამის შემდეგ მე ვარ. ერთი ოპერატორი ჰყავთ, ამიტომ გვიანდება ალბათ შესვლა-გამოსვლა. ისე, ამხელა ლომბარდის მფლობელი რომ ხარ ადამიანი, არ უნდა იცოდე რომ ერთი თანამშრომელი არ კმარა? მე ხომ არ ვასწავლი, არა? ღმერთო!
ქალი ყვირილით გამოდის გარეთ. საშინელი ეპითეტებით ამკობს იქ მომუშავე ყველა ადამიანს. ვერ გავიგე ამათმა რა დააშავეს, რასაც „უბრძანებენ“, იმას აკეთებენ. მგონი ერშია პრობლემა, სხვისი გათვალისწინება რომ არ შეგვიძლია, ეს უკვე ძალიან ცუდია. მე ვიწურები და გვერდით ვიწევი. კი მინდა რამე ვუთხრა, მაგრამ როგორ გავბედო? დღეს ისეთი დღე მაქვს, კიდევ ამ ქალმა რომ გამლანძღოს, მართლა გავგიჟდები და ყველაფერს ერთიანად ამოვაფრქვევ. რას დავეძებ? შიგნით შევდივარ და ოპერატორთან მივდივარ. ბეჭედს ვაჩვენებ და საუბარს ვიწყებ. თვითონაც მიხსნის რაღაცებს. ტერმინებს ვერ, მაგრამ მიახლოებით აზრს კი ვიგებ და კითხვებს ვუსვამ, რამე რომ არ დამრჩეს გაუგებარი. საბოლოოდ ვთანხმდებით. თანხას მაწვდის, ბეჭედს ხელის კანკალით ვტოვებ, მაინც არ მემეტება. ფულს ზურგჩანთაში, საფულეში ვჩურთავ და გარეთ გამოვდივარ.
ისევ ის მანქანა, ისევ ის ნომერი, მაგრამ აშკარად დაკეტილია და არავინ ზის შიგ. უცებ ჩანთაში ჩაგდებული წითელი პომადა მაგონდება, ვიღებ და მანქანისკენ მივდივარ. საქარე მინას ვჯღაბნი და არც კი მენანება დახარჯული პომადა. კმაყოფილების გრძნობა მივლის. გიჟი ხომ მაინც ვეგონები, ეცოდინება რომ შემდეგში არ უნდა გადამეყაროს. ხალხიც გაოგნებული მიყურებს, ვერ გაუგიათ რას ვაკეთებ, არცაა საჭირო იცოდნენ. რომ წარმოვიდგენ როგორ გამწარდება ის ვიღაც, რომლის სახელიც კი არ ვიცი, სიამოვნებისგან ლამის მოვკვდე. ზოგადად არ მჩვევია სამაგიეროს გადახდა, არაადამიანურ სტანდარტებში ჯდება ჩემთვის, მაგრამ უკვე მეორედ მეტისმეტი მოუვიდა. ჰოდა, მიიღოს! სიგიჟეების კეთებაზე არ ვგიჟდები. ვატყობ, მომიწევს ამის ფურცელიც გამოვაკრა კედელზე და დღევანდელი დღე პირველად რიცხვად აღვნიშნო. იქაურობას ქურდივით ვეცლები, ფეხით ტროტუარს მოვუყვები, თან ვჩქარობ. მარჯვნივ პატარა ჩიხია. ისევ ის, ისევ მოდის ჩემკენ. საიდან ჩნდება ყოველთვის? ნეტა თუ დაინახა, რაც გავუკეთე მის მანქანას? მიახლოვდება. მახსენდება, რომ ბეჭედი აღარ მაქვს და თითების დამალვას ვიწყებ. იმედია, არ გამომელაპარაკება. რაღა უნდა ჰქონდეს სათქმელი? რამდენჯერაც გადამეყარა, იმდენჯერ სისულელე გააკეთა. არაპროგნოზირებადი ადამიანები მძულს.
- გათხოვილი ხარ, არა? - ხმამაღლა მეკითხება, ლამის ყველამ გაიგონოს.
- კი, ვარ! - მეც გამბედაობას ვიკრებ და ბრინჯივით არ ვიბნევი.
- სხვისი ცოლი გქვია?
- კი, მქვია! - ახლა დედაჩემი რომ მისმენდეს, მომკლავდა. რას ვბოდავ, ღმერთო?!
- ძალიან ცუდი. - მეუბნება და კვლავ მიდის. ცარიელ არათითს ვერ ამჩნევს, გულით მიხარია.
მემგონი, მიმართლებს. ღმერთი აშკარად მფარველობს. ავტობუსი მოდის და კისრისტეხით ავდივარ ზემოთ. იმდენ ხალხში ვეკვეხები. უკვე ნახავდა პომადიან მანქანას. უეჭველად მიხვდება, რომ მე გავაკეთე. არაუშავს - ეგოს ვიმშვიდებ. ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს.
თავგზააბნეული მივდივარ სოფისკენ. რაც მთავარია, ფული მიმაქვს და მის გამოსახლებაზე მაინც აღარ მექნება სადარდებელი.

______
ღამის სამი საათია. არა, სამიც არ არის სრულად, წუთები აკლია დამრგვალებამდე. სალაროსთან ვზივარ. მეორე თანამშრომელს ძინავს, დაცვა კართან დგას. თვალს ვერ ვხუჭავ. ისევ კითხვები, კითხვები და კითხვები.
- ეს ბიჭი შენ გელოდება? - უცებ კართან მდგომი დათო მეკითხება.
- მე? ვინ უნდა მელოდეს ამ დროს? ხომ არ გაგიჟდი? - ვიკვირვებ, რა სისულელეა. არც კი ვდგები, რომ ვნახო ვინაა. ნაცნობი რომ იყოს, ისედაც შემოვიდოდა.
- დგას და ფეხს არ იცვლის, ეს შავი ტოიოტა ქამრი ეტყობა მაგისია. ვინმეს რომ არ უცდიდეს, ამდენ ხანს აქ რა დააყენებს?
- რა ვიცი, დათო, ნამდვილად არ მადარდებს.
- ვა, ახლა მოდის.
- მოვიდეს მერე, რა ვქნა? - მხრებს ვიჩეჩ. კომპიუტერს მივჩერებივარ და კარის შემოღების ხმაზე მზერას არ ვიცვლი.
- შუაღამემშვიდობისა, თეკა.
კისერს ოთხმოცდაათი გრადუსით ვატრიალებ და ფართე თვალებით ვუყურებ სილუეტს. ჩემი სახელი იცის, თუ მომესმა? საიდან?
- გისმენთ, რა გნებავთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მე ოფიციალურ ტონზე ვინაცვლებ. ამ წუთას სამსახურში ვარ და მოვალეობას ვასრულებ.
- რაიმე სითხე მჭირდება, რაც მანქანას პომადას მოაშორებს. გაქვს? - იცინის. პირბადის შიგნითაც კი ეტყობა, რომ ირონიულია.
- რა თქმა უნდა, გაჩვენებთ, წამობრძანდით. - უცებ ვხურდები, მაგრამ არ ვიტყობ. მემგონი, იცის. არა, კი, ნამდვილად იცის.
- კარგი, მაჩვენე, თეკა.
ვცდილობ არასამსახურეობრივ დიალოგს თავი ავარიდო, თორემ მაინტერესებს საიდან იცის ჩემი სახელი და რატომ იმეორებს ასეთი კატეგორიული ტონით. ახლა გარეთ რომ ვიყოთ, საშინლად გავკიცხავდი.
- აი, ეს ხსნარი გამოგადგებათ. - ხელით ცისფერ, მაღალ ბოთლს ვაჩვენებ. სარეცხი სითხეა, მაგრამ პომადაზის მოსაშორებლადაც ივარგებს, არა?
- რამე პატარა ბოთლით არ იქნება? ამდენი არ დამჭირდება. ვიღაც გიჟმა მარტო საქარე მინის ჩაპომადება იკმარა და კიდევ კარგი, რომ მთლიანი მანქანა არ მომიხატა. - წარბს წევს. რაღაცას მიმანიშნებს. თუ იმის თქმას ცდილობს რომ ეს მე გავაკეთე, მისი მინიშნება რაში მჭირდება? ისედაც ხომ ვიცი? მეც გულში მეცინება. არა, მართლა კმაყოფილი ვარ ჩემი ნამოქმედარით. გულის სიღრმეში რომ გაბრაზებულია და ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგას მთელი სიცხადით ვგრძნობ და ასმაგად მსიამოვნებს. ეშმაკობა ზოგჯერ მართლა კარგია.
- მაშინ უბრალოდ ფეირი აიღეთ, ეგეც მოაშორებს. ან პატარა მწვანე ჟელეები გვაქვს და ღრუბელსაც თუ აიღებთ, უფრო უკეთესი. - ხელები უკან მაქვს შემოწყობილი წელზე, ისევ ვცდილობ თითების დამალვას. არ უნდა შემამჩნიოს მარტოხელობა. უკან მივყვები, სექციას ათვალიერებს.
- კარგი. რასაც მომაწოდებ, იმას ავიღებ.
მწვანე ჟელეს და პატარა ღრუბელს ვაწვდი.
- თუ დახმარება აღარ გჭირდებათ, სალაროსთან დავბრუნდები. - თავაზიანად ვეუბნები. თავს მიქნევს. უკან მოვდივარ და ჩემ სკამს ვიკავებ.
შორიდან ვხედავ, რომ თვითონ რაღაცას ეძებს. ხილ-ბოსტნეულის სექციაში გადადის და რამდენიმე ცალ ლიმონს დიდ ხელში იმწყვდევს. ლიმონი მაინც რაში სჭირდება? სალაროსთან მოდის. მაწვდის ყველაფერს, რომ გავატარო. ბარათით იხდის და ვიდრე გავა, ისევ საუბარს იწყებს.
- შენ სუტკა მუშაობ? მე აქ მოვალ შენი წამოსვლის დროს. დახმარება დამჭირდება მანქანის გასაწმენდად. იქამდე ასე ვივლი.
ჯანდაბა! სირცხვილისგან ვიწვი. ფაქტის წინ დამაყენა და ხაფანგში გაბმული კურდღელივით გამომიჭირა. საცოდავი მზერით ვუყურებ ყელმაღალ ახალგაზრდას და თავს ვისაწყ.ლებ. აზრი არ აქვს. ღმერთო, თუ მაინც ჩემი გასაწმენდი უნდა ყოფილიყო, რაღას მასვრევინებდი? მე ხომ ბედი არ მაქვს, რა!
- არ ვფიქრობ, რომ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ. მარტოც მოახერხებთ. თუ არადა, ავტოსამრეცხაოს მიაკითხეთ. - მაქსიმალური სიმშვიდის გამოვლენას ვცდილობ, მაგრამ ხმა მეცვლება. ნერვიულობის ბრალია, ალბათ.
- ამას შენი გამოსვლისას გადავწყვეტთ, თეკა. ღამემშვიდობის. - ულმობელი ხმა აქვს. პირდაპირ მაცვიფრებს. ადგილზე მიყინული ვრჩები და აზრზე მოსვლას ვერ ვახერხებ.
დათოს კითხვები ჩამესმის, მაგრამ პასუხის გაცემა არ შემიძლია. ყველანაირად უიღბლო და მოუხერხებელი ვარ. როგორ გავიპარო აქედან ისე, რომ ვერ შემამჩნიოს? თან დღის პირველ საათზე. შეუძლებლად წარმომიდგენია ამ წუთას. იქნებ, მერე რამე მოვიფიქრო? არ ვიცი. ღმერთო, ნეტავ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოს?! აღარ მინდა ოდესმე ვნახო. გამჩვირული სახე მაქვს, თან დაღვრემილი. უბედურებაში მე თვითონვე გავახვიე ჩემი თავი, ნორმალური ვარ ახლა მე?! რაც არის, ეს არის. ამ მაღაზიასაც საწყობი უკან არ აქვს, რომ გავიპარო. აჰა, ღმერთის ნიშანი. ანუ ჩემი გაფუჭებული მევე უნდა გამოვასწორო. ჯანდაბას ჩემი თავი!

______
პირველის ნახევარია. უკვე აქ დგას. მე ისევ თავს ვიწყევლი, მაგრამ აზრი არ აქვს. მის მანქანას ვერ ვხედავ. შეიძლება უკან სადგომზე დააყენა. ან როგორ დადის ისეთი პომადიანი მანქანით? ასეთ ტიპს არ უტყდება მაინც? ისე, მე რა ვიცი როგორი ტიპია? გავაკეთე დასკვნა უცებ! ვერსად გავიქცევი. ეს ბოლო ნახევარი საათიც უცებ გადის. ჩემ ადგილს ეკა იკავებს და მე გამოსაცვლელად გავდივარ. ჩემს ზურგჩანთას ვიღებ, პირბადეს ვიცვლი, ხელებს ვიბან და ასე თუ ისე შეგულიანებულად გამოვდივარ ოთახიდან. თანამშრომლებს ვემშვიდობები და გარეთ გამოვდივარ. მაშინვე ჩემკენ მოდის. ხომ შეიძლება სულით მოთქმა მაცადოს?
- გამარჯობა, თეკა.
- გამარჯობა. - ხმადაბლა ვამბობ.
- ებრაელი ხარ?
- არა, ქართველი.
- ვიცოდი, რომ გამარჯობაზე გაგიმარჯოთი პასუხობდნენ.
- არსებითი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? - გაღიზიანება ხმაზე მეტყობა.
- არა. შენ ის მითხარი, მზად თუ ხარ მანქანის გასაწმენდად?
უტეხად მეკითხება. ხომ არ ვეტყვი არც შენ მოგიკლია ჩემი ტალახიანი თავ-ტანის გაწმენდით თავი - მეთქი?
- რომც არ ვიყო, ჩემს მდგომარეობას და თქვენს სურვილს ეს შეცვლის?
- თუ გეტყვი რომ უკვე გავრეცხე და უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდოდა, რა რეაქცია გექნება?
- არამგონია, თქვენთან რაიმე სალაპარაკო მქონდეს. - დარწმუნებით აღვნიშნავ. მოვდივარ და თვითონაც გვერდით მომყვება.
- შევამჩნიე, რომ ბეჭედი აღარ გაქვს.
- სამსახურში დამრჩა. - ვიცრუე. ჩემი თავის შემრცხვა. რაებს ვკადრულობ, ღმერთო?!
- აქვე ვართ, მივბრუნდეთ, არ დაგეკარგოს.
- არ დაიკარგება. - რა დაკარგავს? ლომბარდშია საწყალი. სოფიმ იცოდეს რა ვაკადრე მის კალიცოს, ბევრს იცინებს.
- კარგი, რადგან დარწმუნებული ხარ. ქმარი სად გყავს?
- სახლში. - ლოყები მიწითლდება. იმედი მაქვს, პირბადე ნაწილობრივ მაინც მიფარავს.
- და შენ ღამის ცვლაში? - უკვე ხმამაღლა იცინის.
- რატომ არის გასაკვირი? ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და არ შეუძლია. - ახსნას ვიწყებ. თავს ვალდებულად რატომ მივიჩნევ, რომ მიზეზები დავასახელო - არ ვიცი. სულელი ვარ და სულელურადაც გამომდის.
- ასე არ ხდება, თეკა.
- როგორ ხდება თქვენ მეტყვით?
- კანონი არ არის, მაგრამ არც ნორმალურია. ჭკვიანი გოგო ხარ და გესმის.
- ჩემი სახელი და სამუშაო ადგილი როგორ იპოვეთ?
- თუ რამე გინდა, მარტივია გაიგო.
- არ ვფიქრობ, რომ საკმარისად ამიხსენით.
- ჩავთვალოთ, რომ ფართო სანაცნობო წრე მყავს. და რატომ ხარ ასე ოფიციალურად? მოეშვი.
- საერთოდ მანიაკური თვისება მგონია, უცხო ადამიანის ამდენად შეწუხება და შევიწროება.
- მაგას ვაკეთებ ანუ?
- დაახლოებით. თან უკვე მერამდენედ.
- მერამდენედ?
- მეოთხედ.
- მესამედ შევხვდით ახლა პირისპირ. - იცინის. ამას ჰგონია, რომ თვლა მეშლება. ჰა-ჰა-ჰა, სასაცილოა!
- არა, მეოთხედ შევხვდით.
- გერევა, თეკა?
- შარშან, სექტემბერში წვიმიან დღეს ტალახიანი წყლით გამწუწეთ თქვენი მანქანით. გაჩერებაზე ვიდექი. არც კი გაგიჩერებიათ, უკანმოუხედავად წახვედით. მე კიდევ ციფრებს იდეალურად ვიმახსოვრებ, ამიტომ მანქანის ნომერი ადვილად ვიცანი.
- ჰო? მაშინ ბარი-ბარში ვყოფილვართ. გპატიობ შენს დანაშაულს.
- ღმერთი არ ხართ, რომ რამე საპატიებელი მქონდეს თქვენგან, - უხეშად ვპასუხობ. - ავტობუსი მოდის, უნდა წავიდე. მანქანა უკვე გაგირეცხიათ, ამიტომ საქმეც აღარაფერი გვაქვს ერთმანეთთან. ხომ ასეა? დაგემშვიდობებით. - სხვა ავტობუსი მოდის, ეს ნომერი არ მჭირდება, მაგრამ რას დავეძებ? მთავარია, აქაურობას გავეცალო და მერე შევიცვლი ტრანსპორტს. ეგ პრობლემა ნამდვილად არ მაწუხებს ახლა.
- მოიცადე, თეკა. მე გაგიყვან, აქვე ვცხოვრობთ ორივე მაინც.
- ვერ შეგაწუხებთ. თან სწორი არ მგონია თქვენს მანქანაში ჩემი ჩაჯდომა. ასე მირჩევნია. - ავტობუსი მიახლოვდება. მალე გააჩერებს და წავალ. თავს ვიმშვიდებ, რომ ნერვებს არ ავყვე.
- წამოდი, თეკა.
- პასუხი უკვე გაგეცით. პროვინციული ფეხის გაჯგიმვა არ მახასიათებს, უბრალოდ არ მინდა. ესაა და ეს. - უფრო ვრცლად ვცდილობ განვმარტო, რომ შემეშვას.
- კარგი, კიდევ შევხვდებით. - სამ სიტყვას მიგდებს და თვითონვე მიდის გაბრაზებული. გეგონება რამე სასწაული ჩავიდინე. ან რა იყო გასაბრაზებელი? რადგან წასულად ვიგულებ, ამ ავტობუსში აღარ ავდივარ. ჩემსას ველოდები. კიდევ კარგი ვერ მხედავს, რომ სინამდვილეში სულ არ მჭირდებოდა ეს ნომერი და თავს ვიძვრენდი. იქნებ, მიხვდა კიდეც? ვეღარ ვფიქრობ საღად, რა ვიცი.
ველოდები, ველოდები, ველოდები. არც მარშრუტი ჩანს, არც ავტობუსი. რა ჭირმა გაწყვიტა მთელი ათი ნომერი? სადღაც თხუთმეტი წუთი უკვე გასულია. ისევ მისი მანქანა ჩერდება ჩემ წინ.
- წამოდი, თეკა, - და იგივე ფრაზას მიმეორებს. აშკარად ეტყობა, რომ ჩემი უარი ეწყინა. მის წინ დადებულ ლიმონებს ვუყურებ წამიერად და მერე ისევ მას. - მიდი, წამოდი, რა და გაჩუქებ ამ ლიმონებს. - მიღიმის. პირბადე არ უკეთია. მის სახეს სრულად აღვიქვამ. რა სულელია, ღმერთო ჩემო! ლიმონებით უნდა მომისყიდოს? კი, მიყვარს, მაგრამ...
- სისულელედ არ გეჩვენებათ თქვენი ნათქვამი?
- თეკა, წელავ უკვე. ჩაჯექი და მოაშორე ეს თავაზიანი ტონი. - თავისი სავარძლიდან იწევა და კარს შიგნიდან მიღებს. რამდენიმე წამი ვყოვნდები, კიდევ ვფიქრობ, მაგრამ ჯანდაბას! ვჯდები.
- მადლობა! - ლამის გაპარული ხმით ვამბობ.
გზა მალე ილევა. სიჩუმეს ის არ არღვევს და მე, მით უმეტეს. მისი არც სახელი ვიცი. მეკითხა მაინც? მაგრამ არ იფიქროს დავაინტერესეო. რაღაც მხრივ საინტერესოცაა. ადამიანს ვიცნობ, მაგრამ სახელი არ ვიცი.
- შენ აქ ცხოვრობ, არა? - ისე მეკითხება, თითქოს იქამდე ცოტა ხნით ადრე თვითონვე არ ეთქვა ახლოს ვცხოვრობთ ორივეო. უსიტყვოდ ვეთანხმები. კორპუსთან მანქანას აჩერებს, ღვედს ვიხსნი და გადმოვდივარ.
- მადლობა სახლში მოყვანისთვის! მშვიდობიანი დღე. - ვბრუნდები და მანქანის კარს ვხურავ. რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, ფანჯრის ჩამოწევის ხმა მესმის.
- თეკა, - ისე ხმამაღლა იძახის, გეგონება ყრუ ვიყო და ვერ გავიგო. - შენს ქმარს უთხარი, რომ შენი ნებით გარეთ ხშირად იარო. ლიმონები დაგრჩა.
მიხვდა, რომ ქმარი არ მყავს. ნამდვილად. ლიმონებს მაწვდის და ვართმევ. მინიშნებას მიტოვებს ბოლოს წინა წინადადებით. ჩემი კითხვა უაზრო იქნება, მაგრამ მაინც უნდა გავახმოვანო - რატომ უნდა ვიარო გარეთ ხშირად?
ადგილს ველურსმები. ვხედავ როგორ დაძვრება მანქანებს შორის და სწრაფად მიდის. თვალს ეფარება, მე ისევ ჩემი ფიქრებით ვდგავარ გარეთ და დიდხანს და ხშირად - ?.

______
დავლაგდი. სამი თვე ცოტა არაა, რომ შენი ცხოვრება რაღაც მიზნის ირგვლივ მოაქციო. გაწერილი მაქვს ყველა შედეგი. ერთდღიანი უცაბედობა ბედისწერას მივაჭიკარტე. ჩვეული რიტმის გაგრძელება არც მარტივი და არც რთული აღმოჩნდა. ჰო, ახსნებში ისევ ბადალი არ მყავს. რა ვიცი, დღემდე ვერ გამიგია იმ დღეს რა მოხდა. ლიმონები კი არ წყდებოდა და არ წყდებოდა ჩემს კართან, მაგრამ თავად ლიმონის ქვეყნის უფროსი არსაიდან ჩანდა. როგორმე ესეც უნდა ამომეხსნა. არის რაღაცები, რასაც მართლა არ სჭირდება ახსნა, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს ასე გაურკვევლად ექცეოდე? როგორც მინიმუმ, ერთი სიტყვის მოსმენა მაინც არ ენდომება ჩემგან?
დეკემბერია. საშინელი სუსხი. სიცივე რომ ძვლის ყველა წერტილამდე ჩაგდის, ზუსტად ეგეთი. სოფი არ დამირეკავს. როგორღაც მოახერხეს და წავიდნენ საქართველოდან. მე როგორც ვიცი, თემომ თავისი მეგობრისგან ისესხა წასასვლელი ფული. ბარსელონაში ლტოლვილად ჩაბარდნენ. ლომბარდში გადასახდელ ფულს სოფი დროულად მიგზავნის ყოველთვის. ფაქტობრივად, ამხელა ქალაქში მარტო დავრჩი. მართლა, რა უნდა მეთქვა, ჩემი ქუჩის კუთხეში ახალი კაფე-ბარი გახსნეს. ბანერზე სახელწოდების გვერდით მიწერილი აქვს ფრჩხილებში - (ლიტერატორთათვის). ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენჯერაც ჩავუვლი გვერდს - სიხარულისგან გიჟს ვგავარ. საოცარი ლიმონის კექსის სუნი გამოდის. ჩემდა გასაკვირად - სულ უკან დამყვება. ასე მგონია, ლიმონის ქუჩაზე ვცხოვრობ და აქ მაცხოვრებელ თითოეულ ადამიანს ულიმონობა არ შეუძლია. დედამ მეც მასწავლა ლიმონის კექსის რეცეპტი. მახსოვს ის გემო. მართლა საოცარი ხელი ჰქონდა; მაგრამ სადღაც შევეგუე, რომ ადამიანები მიდიან. ეს დაწერილი კანონია, რომელსაც ვერავინ გაურბის. სამწუხაროდ, დედაც ვერ გაიქცა.

გაჩერებაზე ვდგავარ. დღეს გადაწყვეტილი მაქვს იმ კექსის გამოცხობა. აღარ ვიცი სად წავიღო უკვე ამდენი ლიმონი. ყოველდღე, დღეში ერთი ცალი - სიმბოლურია. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორმოცდაათ ცალზე მეტი ლიმონი რომ მაქვს სახლში, ეგ ვიცი.

ლიმონი;
ლიმონმა;
ლიმონს;
ლიმონის;
ლიმონით;
ლიმონად;
ლიმონო.


ისევ სპარში მივდივარ. დამაწინაურეს. მენეჯერი ვარ. იმდენი საქმე აღარ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს - საპასუხისმგებლო.
ავტობუსი მოდის. უცნაურად ცარიელია. როგორ არ უყვარს ხალხს ზამთარი და მათ შორის, მეც. ვერ ვიტან სიცივეს. ყოველთვის მინდა მეტი მეცვას, ვიდრე მაცვია. ცარიელ ავტობუსში მარტო ვჯდები და ტელეფონის ჩხრეკას ვიწყებ. შევცვალე - მართლა. რომელიღაცა წლიანი აღარ არის. facebook-ში შევდივარ, friend requests-ს ვათვალიერებ. მერაღაცამდენე ადამიანია. პროფილზე ფოტო არ უდევს. თედო ხომერიკი. ჯერ რა სახელია, მერე რა გვარი. გადავდივარ მის გვერდზე და ფოტოებს ვეძებ. სულ ტყუილად, საერთოდ არ უდევს. რა გავიგო ვინაა? უკან გამოვდივარ და ტელეფონს ვაქრობ. გზას გავყურებ. ვგრძნობ, რომ ცხვირი გაყინულ-გაწითლებული მაქვს და ტუჩები დალურჯებული. messenger-ის ხმა მესმის. რა მოსაბეზრებელია. ისევ ვხსნი ტელეფონს და ისევ ის ვიღაც თედო.

„- ლიმონების გამყიდველი ვარ.
უცებ ხმამაღლა სიცილი მიტყდება. რატომ უყვარს ამ ადამიანს პერიოდული გამონათებები? რამე ტრადიცია აქვს ასეთი ვითომ?
- მე არ ვარ, მაგრამ შემიძლია უფასოდ მოგყიდო. - სერიოზულად ვპასუხობ.
- ასე მარტივად იშორებ?
- თედო, არა?
- გახლავარ. ერთხელ მაინც არ უნდა მოგეძებნე?
- რისთვის? - მივხვდი, რომ მიმოწერა გავაბით. ლამის სამსახურის გაჩერებას გავცდი. მომენტალურად გონს მოსულმა უცებ გადავიხადე სამგზავრო და ძირს ჩამოვედი.
- მოგნატრებოდი, იქნებ.
- თედო, სულ რამდენჯერმე შევხვდით, ყველაჯერ არასასიამოვნოდ. არც ამდენი ლიმონი იყო საჭირო. უხერხულია, ხომ გესმის?
- საქართველოში არ ვიყავი, თორემ მე თვითონ მოგიტანდი.
- აჭარბებ.
- მომიყევი შენზე.
- ჩემზე? სამსახურში მივედი, აღარ მცალია. უცხოებს პირადზე არ ვესაუბრები.
- უკან მოიხედე, თეკა.“


ასოთხმოცი გრადუსით ვბრუნდები. ჩემ წინ დგას და ვხედავ. რა უნდა? არც თვითონ იღებს ხმას და მე, მით უმეტეს. რა ვთქვა? ან თვითონ რა თქვას? რომ ჩამოვიდა? ჰო, ეს ისედაც ნათელია. ჩემი ქვეცნობიერი მასზე ფიქრობდა? - რიტორიკული კითხვაა. უფიქრია, კი, რადგან სიგიჟის მონატრება წამიერად ვიგრძენი და ჩემი პირველი სიგიჟე სწორედ მას მივუძღვენი.
- როგორ ხარ, თეკა? - რეალობაში მაბრუნებს თავისი შეკითხვით.
- შენ?
- ძველებურად, როგორც შენ.
- კარგია.
- შენი ქმარი როგორ არის? - იცინის.
- წარმოსახვაში - კარგად. რეალურად არ ვიცი.
- რეალურადაც კარგადაა, როცა შენ გხედავს. - ორაზროვანი პასუხი. სადღაც ნორმალურობასა და არანორმალურობას შორის გავიჭედეთ. რომლისკენ უფრო ჯობია?
- მიხარია.
- ლიმონისგან რამეს არ გააკეთებ? აი, მაგალითად, კექსს.
- კი, დღეს ვაპირებ.
- არ დამპატიჟებ?
- დაგპატიჟებ. მისამართი ჩაიწერე ოღონდ. - ერთად ვიცინით.
- წერილად გამომიგზავნე ნომერზე, შენ ჩაიწერე.
- მაინც მე, არა? - ვნებდები და ნომერს მკარნახობს, ვიწერ.
- უჩემოდ არ დაიწყო გაკეთება, მოგეხმარები.
- გეცოდინება როდის მივალ სახლში, მოდი შენც, დაგელოდები.
- მიდი, მიხედე სამსახურს. შენს ქმარს მე ვეტყვი, რომ ამ სპარში აღარ გამუშაოს და პირადი საკონდიტრო გაჩუქოს. - ღიმილს სახიდან არ იშორებს.
ახლა მართლა ბრინჯივით ვიბნევი მის სიტყვებზე. რა იცის? შევეგუე უკვე, რომ ყველაფერი იცის და მასთან კითხვისნიშნიანი წინადადებები ზედმეტია. უპასუხოდ შევდივარ სუპერმარკეტში. თან მიმაქვს ყველა ფიქრი - მასთან დაკავშირებული - ძველიც და ახალიც. ვიგრძენი, რომ დეკემბრის სიცივეც არ შეუსრუტავს ჩემს სხეულს. რამ გაათბო? თუ?

______
ლიმონის კექსის რეცეპტი:
ასორმოცდაათი გრამი შაქარი;
შვიდასი გრამი ფქვილი;
ექვსი ცალი ლიმონი;
ორასი გრამი კარაქი;
ხუთი ცალი კვერცხი;
ორი ცალი ვანილი;
მაწონი;
სოდა;
ზეთი;

შაქარი, კარაქი და კვერცხი ამოგვყავს ერთად გათეთრებამდე; ვამატებთ მაწონში გახსნილ სოდას; ვხეხავთ ლიმონს, გახეხილ კანს ვყრით მასაში; ვურევთ პურისფქვილს და შესქელებულს ვასხამთ ლიმონის დაწურულ წვენს; ვუმატებთ რამდენიმე კოვზ ზეთს და ვასხამთ ღრმა ფორმაში; არ დაგვავიწყდეს ფორმაზე ზეთის ან კარაქის წასმა; ვაცხობთ ასსამოც გრადუსზე ორმოცი-ორმოცდახუთი წუთი.

______
ფანჯრიდან ვიხედები. თედოს მოსვლას ვუცდი. მე რომ მგონია არც კი წამოსულა, ამ დროს კარზე ზარი მესმის და მაშინვე გავრბივარ. საიდან და როგორ აღმოჩნდა აქ - არ ვიცი.
- როდის წამოხვედი? არ დამინახიხარ, შემოდი. - სახლში ვატარებ და შიგნით შემოდის. ისევ ლიმონი უჭირავს ხელში. გავგიჟდები. მერამდენე?
- რამდენი ლიმონი გაქვს, თეკა?
- ძალიან ბევრი.
- ჰოდა, ძალიან ბევრს პლუს ერთი კიდევ. - ლიმონს მაწვდის.
- აღარ ვიცი სად წავიღო.
- დაგჭირდება შენი საკონდიტროსთვის და შეინახე.
- ოცნებებზე ნუ მელაპარაკები, თედო. წამო სამზარეულოში, ჩაის ან ყავას დაგალევინებ. - წინ მე გავდივარ, უკან თვითონ მომყვება.
- ჩაის დავლევ, შენ? მე გავაკეთებ. - ჩემ პოზიციას თვითონ იკავებს გაზქურასთან და მე ფანჯრისკენ ვიწევი, ლამის გამათბობელს ჩავეხუტო სიცივის გამო.
- მეც ჩაის დავლევ.
- და ისევ ძალიან ბევრს პლუს ერთი და პლუს ერთი ლიმონი, თეკა. - არსაიდან კიდევ ერთ ლიმონს მაწვდის და მაგიდაზე წინასთან ერთად ვდებ. მის სპონტანურობაზე სახის მიმიკები ერთიანად მეცვლება სიამოვნებისგან და გაკვირვებისგან.
- ბოლო იყოს, კარგი? ვეღარ დავატევ. - სიცილით ვპასუხობ.
- კარგ ჩაის ვაკეთებ, მოგეწონება.
დაფის და დანის მოძებნაში ვეხმარები. ლიმონს თხელ ნაჭრებად ჭრის. უშაქრო ჩაის ვსვამთ ორივე. ჭიქაში ნაჭრების ჩაყრამდე მეორე ლიმონს ისე აწურავს, თითქოს განკუთვნილი დოზები ზეპირად იცის. რაღაც იდუმალის დანახებას ცდილობს ჩემთვის. უნდა დავუჭირო.
ლიმონის ნაჭრებზე დასხმული ცხელი წყალი ირგვლივ არომატს აღვიძებს და მომჟავო ნაწილაკები ჰაერში წერტილისხელა მოლეკულებად იფანტება.
ჩაის დასალევად ვსხდებით ერთმანეთის პირისპირ.
- არც ახლა მომიყვები შენზე?
- მართლა არაფერი მაქვს მოსაყოლი.
- არ გაინტერესებს სად ვიყავი ეს სამი თვე?
- თუკი თვლი საჭიროდ რომ მითხრა, მითხარი. - ვცდილობ, არ ჩავეძიო. ადამიანებს არ მოსწონთ ჩაკირკიმალება.
- ინგლისში ვიყავი, პროექტი მქონდა, რაღაც ახალი პროგრამის შექმნას ვცდილობ. მარტო მე არა, არც ეგეთი გენიოსი ვარ. - იცინის და მის თავმდაბლობაზე მეღიმება.
- მართლა? რა მაგარია! არავის ვიცნობ ასეთი პროფესიისას. რთულია?
- თავისთავად, ბევრ ფიქრს და მუშაობას მოითხოვს.
- ბუღალტერიის შესწავლა მინდოდა, მერე რაღაც ინფორმაციები მოვიძიე და თურმე ექსელი უნდა იცოდე ძალიან კარგად. მე კიდევ რომ გავხსენი ეს ექსელი და ვერაფრის აზრზე ვერ მოვედი, ის სურვილიც იქვე დავტოვე. შენ რამდენი რამ გეცოდინება - წარმომიდგენია. - უცებ ავლაპარაკდი და ჩემი ერთ-ერთი სურვილი გავანდე. მართალია წარსულში დარჩა, მაგრამ მაინც.
- მე გასწავლი.
- მართლა?
- კი, მართლა.
- ახლა მენეჯერი კი ვარ და რაღაცებში გავერკვიე, მაგრამ რომ ვთქვა ვიცი - მეთქი, მოვიტყუები. რა პროგრამაზე მუშაობ?
- ოო, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამ თემას გამოვიყენებ შემდეგისთვის რომ კიდევ ერთხელ შეგხვდე. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - სარგებლობს. მისი ეშმაკობა არანაკლებ ბავშვურია.
- დავიწყოთ კექსის გაკეთება?
- კი, მეც მოგეხმარები.

ვდგები და ყველაფერს ვალაგებ, რაც მჭირდება. ამასობაში თედო ჩაის ჭიქებს რეცხავს და იქვე ალაგებს. დედას რეცეპტს ეტაპობრივად ვიხსენებ, თედოც მეხმარება, კექსის მასაში რაღაცებს მიყრის. სახეხს ცოტა კანიც მიაყოლა ლიმონის კანთან ერთად, მაგრამ არაუშავს. მუცლის ატკივებამდეც ვიცინე. თვითონ არ სტკენია. აბა, მე რომ ვყოფილიყავი, ტირილისგან დავაქცევდი ქვეყანას. ეს კიდევ ჩემს ანერვიულებულ სახეზე უფრო იცინოდა.
- გიჟი ხარ?!
- ცოტა. - ორი თითით მაჩვენებს ზომას. მართლა აფრენს.
კექსის ცომი უკვე მზად მაქვს, ფორმას თედო უსვამს ზეთს ფუნჯით და მე ვასხამ. ღუმელში ვდგამ და მერე მილაგებას ვიწყებ. ბევრი არც არაფერია, მაგრამ არეულობა არ მიყვარს. საქმეს რომ ვაკეთებ, თან იქვე უნდა მივალაგო.
- ახლა ამას რამდენი უნდა დრო?
- მინიმუმ ორმოცი წუთი. - ჭურჭლის ამორეცხვას ვამთავრებ და სამზარეულოს პატარა პირსახოცზე ხელებს ვიმშრალებ.
- იქამდე რომ ვითამაშოთ?
- ჩვენ? რა უნდა ვითამაშოთ? - გაკვირვებული მხრებს ვიჩეჩ.
- მე გეტყვი სიტყვას და შენ მიპასუხე. აი, მაგალითად, მიყვარს და მეტყვი, რაც გიყვარს. ასე. მიხვდი?
- მივხვდი. მიდი, დაიწყე.
- მძულს - ?
- პუტინი.
- მეზიზღებიან - ?
- პუტინის მოყვარულები.
- მიყვარს - ?
- ლიმონი.
- ვნატრობ - ?
- ჩემს საკონდიტროს.
- მენატრება - ?
- დედა.
- ვლოცულობ - ?
- ყოველთვის.
- მწამს - ?
- ღმერთის.
- მჯერა - ?
- ჩემი თავის.
ჩუმდება. მიყურებს. მის მზერაში რაღაცას ვხედავ, მაგრამ ამოკითხვის მეშინია. არ მინდა რამე ისეთი იყოს, რაც მოსვენებას დამაკარგინებს. გავურბივარ.

- ცოლობა რომ მთხოვე, რას ფიქრობდი?
- რომ ქმარი არ გყავდა. - ლაკონურად მპასუხობს.
- როგორ შეიძლება უცხო ადამიანი ასე შეაშინო?
- დასაფიქრებლად დრო მოგეცი. - ისევ ორაზროვანი პასუხები.
- კექსის სუნია, საოცარი არომატი აქვს. - თემის შეცვლას ვცდილობ.
- შემდეგში ქლიავის იყოს?
- იყოს.

ლიმონები;
ლიმონებმა;
ლიმონებს;
ლიმონების;
ლიმონებით;
ლიმონებად;
ლიმონებო.


კექსს ვჭამთ, საოცრად ფუმფულა და ნაზია. ლიმონი მოუხდა. იდეალური გემო აქვს. გამოგვივიდა.

- შენს ქმარს ვეტყვი, რომ სულ დაგიტოვოს. - ბოლო სიტყვა მისია.



№1  offline ადმინი ელ პინი

უბრალო, ადამიანური ამბავია. ზოგჯერ მეც რომ მენატრება, აი, ეგეთი და ისეთი, სადაც არაფერი უნდა ეძიო - წესით, მაგრამ თუ მაინც იპოვი რაღაცას, რაც ხავსს ჰგავს, ანუ ჩემთან ხარ. ისევ ლიმონი, ლიმონი, ლიმონი, წრე და ჩემი ზღვა მონატრება, რომელმაც ამხელა რაღაც დამაწერინა. ჩემს თავს ტაში დავუკარი. სასიამოვნო საღამოს დასასრულისთვის იდეალური ვახშამ-დესერტია. მეც ადამიანი ვარ.
ლიმონის არომატიანი - ელი.

 


№2  offline მოდერი Nuki-rocks

ელი,უცნაური რამე მოგვიყევი, კარგი გაგებით. თითქოს რუტინული,მაგრამ -არა! ყოველთვის ასე არ ხდება,თუმცა... ჰო,გვყავს სასწაულები და მიგიხვდი,რასაც გულისხმობდი. ხომ, იცი,რაც?!უეჭველად მიხვდებოდი,რომ გულში შემოაღწია.
უბრალო ნამდვილად არაა,არც უაზრო. ნამდვილად სჭირდება დაფიქრება შენს ნათქვამს.
მომინდა შენი გაკეთებული ლიმონის კექსი.იმედი მაქვს ერთ დღეს გავსინჯავ (ხომ იცი,დიდად არ მიყვარს,მაგრამ შენი გაკეთებული მომინდა).
პინ,მაგარი ვინმე ხარ და იცი,რა. ❤❤

 


№3  offline ადმინი ელ პინი

Nuki-rocks
ელი,უცნაური რამე მოგვიყევი, კარგი გაგებით. თითქოს რუტინული,მაგრამ -არა! ყოველთვის ასე არ ხდება,თუმცა... ჰო,გვყავს სასწაულები და მიგიხვდი,რასაც გულისხმობდი. ხომ, იცი,რაც?!უეჭველად მიხვდებოდი,რომ გულში შემოაღწია.
უბრალო ნამდვილად არაა,არც უაზრო. ნამდვილად სჭირდება დაფიქრება შენს ნათქვამს.
მომინდა შენი გაკეთებული ლიმონის კექსი.იმედი მაქვს ერთ დღეს გავსინჯავ (ხომ იცი,დიდად არ მიყვარს,მაგრამ შენი გაკეთებული მომინდა).
პინ,მაგარი ვინმე ხარ და იცი,რა. ❤❤

ჩემო ბადარა ნუკი, შენ რომ მიხვდებოდი, ისედაც ვიცოდი და შენთვის-შენზე არ მითქვამს, ხომ გესმის? უბრალო არაა იმიტომ, რომ შენ გაიგე და - მაგრამ უბრალოა, რადგან არაფერია შიგ მაღალფარდოვანი. ისეთი, შენ რომ იტყვი ხოლმე, ზეაღმატებით არისტოკრატული. ჰოდა, მეც ადამიანი ვარ. პერიოდულად. მე ყველაფერი ვიცი, როგორც შემიძლია.
ჩაი, ჩემი ლიმონის კექსი, საოცარი არომატი და ჩვენი მესამე - გვერდით. მიყვარხარ-თ! ♥️

 


№4  offline წევრი ირო

ეს რა კარგი ტკბილი და გემრიელობა ამბავი მოგვიყევი.ახლა ამ ცივ ამინდს ჩემს გარეთ ყოფნას როგორ დაამშვენებდა და გაათბობდა ლიმონის ცხელი გემრიელი კექსი.
მიხარიხარ რომ ხარ და ცოტახნით ღიმილის წამებს ვპარავთ სამყაროს.

 


№5 სტუმარი Ana-maria

რაღაცნაირი ისტორია იყო ცოტა სევდიანი ცოტა მხიარული დიდი სიყვარულიანი და რათქმაუნდ ბევრი ლიმონით. მშვენიერი სამეულია თეკა თედო და ლიმონით სავსე კექსი!!!ძალიან მომეწონა .ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს.

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

ელ მომნატრებიხარ.კარგი ისტორია მოიტანე ჩემამდე.კირჩხიბის ხასიათის ცვალებადობა მეცნო.მასეა ნამდვილად,როგორ კარგი ხარ,ამიფუთფუთდა გული.ლიმონის არომატივით მომედო ყველგანკარგი ხარ.მიყბარს ლიმონის კექსი,ბედნიერი ფინალი მიყვარს,

 


№7 სტუმარი სტუმარი თეა

ძალიან კარგი და სახალისო ისტორიაა.❤❤????????????

 


№8 სტუმარი Daldinidaldoni

ძალიან ძალიან სასიამოვნო,ფერადი და ლამაზი ისტორია იყო ,დადებითი მუხტით სავსე .

 


№9  offline ადმინი ელ პინი

რა კარგი ადამიანები ხართ ყველა! გიპასუხებთ ახლა სათითაოდ, ეს მინდოდა დასაწყისში მეთქვა უბრალოდ ♥️

ირო
ეს რა კარგი ტკბილი და გემრიელობა ამბავი მოგვიყევი.ახლა ამ ცივ ამინდს ჩემს გარეთ ყოფნას როგორ დაამშვენებდა და გაათბობდა ლიმონის ცხელი გემრიელი კექსი.
მიხარიხარ რომ ხარ და ცოტახნით ღიმილის წამებს ვპარავთ სამყაროს.

ირო, ძალიან ვეცადე რომ კარგი ყოფილიყო, მეც მჭირდებოდა. ზოგჯერ აქვს თავისი მუღამი ასე წერას და არ უნდა ეძიო რამე განსაკუთრებული, თუ განტვირთვა გინდა. ჩემკენ მზეა, მაგრამ ისეთი ქარი, საშინლად ყინავს. განსაკუთრებით საღამოობით. ლიმონის კექსი ნებისმიერ დროს იდეალურია. მადლობა შენ! ♥️

Ana-maria
რაღაცნაირი ისტორია იყო ცოტა სევდიანი ცოტა მხიარული დიდი სიყვარულიანი და რათქმაუნდ ბევრი ლიმონით. მშვენიერი სამეულია თეკა თედო და ლიმონით სავსე კექსი!!!ძალიან მომეწონა .ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს.

ანამარია, საოცრად ერთგული ადამიანი ხარ! თან მარტო ჩემთან კი არა, ყველასთან. არ არსებობს ვინმე უყურადღებოდ დატოვო და ძალიან კარგი თვისებაა ეს. ყველაზე მეტად უყურადღებობა და დაუკვირვებლობა მძულს ზოგადად. ჰო, ბევრი ლიმონით. ლიმონი ყველგან იქნება, სადაც მე ვიქნები. ეს მგონი უკვე განორმალურდა და აღარც გასაკვირია. უდიდესი და უთბილესი მადლობა! ♥️

სტუმარი nancho
ელ მომნატრებიხარ.კარგი ისტორია მოიტანე ჩემამდე.კირჩხიბის ხასიათის ცვალებადობა მეცნო.მასეა ნამდვილად,როგორ კარგი ხარ,ამიფუთფუთდა გული.ლიმონის არომატივით მომედო ყველგანკარგი ხარ.მიყბარს ლიმონის კექსი,ბედნიერი ფინალი მიყვარს,

ნანჩო, რა თბილი გოგო ხარ! მეც ძალიან მომენატრეთ ყველა. იმდენი ხანია არც კი დამიწერია, უზომოდ მენატრებოდა. დროის ნაკლებობაც მაქვს. კირჩხიბი ვარ მე თვითონ, ამიტომ ჩავაკვეხესავით. პერიოდულად მჯერა ზოდიაქოსი, სულ და ვგიჟდები - მეთქი - მოგატყუებ. გამიხარდა, რომ ჩემი დაგვიანების მიუხედავად მაინც აქ ხარ და გახსოვარ! საოცარო ♥️

სტუმარი თეა
ძალიან კარგი და სახალისო ისტორიაა.❤❤????????????

თეა, ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო! ♥️

Daldinidaldoni
ძალიან ძალიან სასიამოვნო,ფერადი და ლამაზი ისტორია იყო ,დადებითი მუხტით სავსე .

ამ საიტზე ყველა მადლიერია თქვენი, როგორც ერთგული მკითხველის. მე არ მახსოვს სადმე ვინმე ისე დაგეტოვებინოთ და აზრი არ გაგეზიარებინოთ. ძალიან კარგია ეს და ძალიან კარგი ხართ თქვენც! ♥️

 


№10 წევრი likuu_s

როგორი კარგი იყო! შენებური, პატარა და საყვარელი.
❤️❤️❤️

 


№11  offline ადმინი ელ პინი

likuu_s
როგორი კარგი იყო! შენებური, პატარა და საყვარელი.
❤️❤️❤️

ლიკა, მადლობა ჩემებურობის დანახვისთვის! გამიხარდი ♥️

 


№12  offline წევრი შამხათი

საოცრად კარგი ამბავი იყო, ისეთი, ცხელ ლიმნიან ჩაის და ცივ დღეებს რომ შეეფერება❤️

 


№13  offline ადმინი ელ პინი

შამხათი
საოცრად კარგი ამბავი იყო, ისეთი, ცხელ ლიმნიან ჩაის და ცივ დღეებს რომ შეეფერება❤️

მიხარია, თუ ისიამოვნეთ! ლიმონიან ჩაის რა ჯობია? ძალიან დიდი მადლობა ♥️

 


№14 სტუმარი მთვარო სვანი

საოცრად კარგი იყო.მაგრამ არ მეყო❤

 


№15  offline ადმინი ელ პინი

მთვარო სვანი
საოცრად კარგი იყო.მაგრამ არ მეყო❤

უღრმესი მადლობა! ხომ იცით, მოცულობით დიდს არ ვწერ - ზოგადად ♥️

 


№16 სტუმარი sibila

[right][/right]ელ მომნატრებიხარ კიდევ კარგი ვნახე როგორ გამომრჩა რა გემრიელი კექსი იყოოო კიდევ გამოაცხვე რამე გთხოოვ

 


№17  offline მოდერი guroo

კირჩხიბი ხარ და ამიტომ ჩააკვეხესავით? ამჯერად უფრო მეტი რამ თქვი, რაც რეალობაშიც ემთხვევა. სულ ეს არის.
სათაურზე მივხვდი, რომ შენი იქნებოდა. მიზეზიც ეს იყო ფოტოზე დაკლიკებისა და წაკითხვის.
მგონი, შენი ნაწერებიც ისეთივე ხავსია, როგორიც ცხოვრებაში ხარ სხვებისთვის. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ შენთან ხშირად ვპოულობ საზიარო ეგზისტენციალურ კრიზისს. გონება არეული მაქვს. სხვანაირად ახსნა ახლა არ შემიძლია. მინდა იცოდე, რომ სული ამომიხრიალდა თუ რაღაც ეგეთი, როცა ეს წავიკითხე:
"ისე, წარმოიდგინე, იბადები და არ გიმართლებს. რა რთულია, არა? შენთვის რომ ვინმეს ეკითხა გინდოდა თუ არა დაბადება, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო?"
არ აქვს მნიშვნელობა შენებურ ამბებს როგორ მოგვიყვები, მარტივად დაწერილი იქნება თუ გაუგებარი, ერთი რამ მაინც უცვლელია - ძალიან დიდი დოზით ხარ. ჩვენ კი მოგვწონს შენი ნაკუწ-ნაკუწ დაგემოვნება და ვერასდროს ვძღებით. სატირალია და სასაცილოც, რომ ადამიანურობის დანაკლისს შენთან ვინაზღაურებთ.
მადლობა ამ უანგარო სიკეთისთვის heart_eyes
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

 


№18  offline ადმინი ელ პინი

sibila
[right][/right]ელ მომნატრებიხარ კიდევ კარგი ვნახე როგორ გამომრჩა რა გემრიელი კექსი იყოოო კიდევ გამოაცხვე რამე გთხოოვ

რუს, როგორ მომენატრე! ჩემო თბილო ♥️

guroo
კირჩხიბი ხარ და ამიტომ ჩააკვეხესავით? ამჯერად უფრო მეტი რამ თქვი, რაც რეალობაშიც ემთხვევა. სულ ეს არის.
სათაურზე მივხვდი, რომ შენი იქნებოდა. მიზეზიც ეს იყო ფოტოზე დაკლიკებისა და წაკითხვის.
მგონი, შენი ნაწერებიც ისეთივე ხავსია, როგორიც ცხოვრებაში ხარ სხვებისთვის. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ შენთან ხშირად ვპოულობ საზიარო ეგზისტენციალურ კრიზისს. გონება არეული მაქვს. სხვანაირად ახსნა ახლა არ შემიძლია. მინდა იცოდე, რომ სული ამომიხრიალდა თუ რაღაც ეგეთი, როცა ეს წავიკითხე:
"ისე, წარმოიდგინე, იბადები და არ გიმართლებს. რა რთულია, არა? შენთვის რომ ვინმეს ეკითხა გინდოდა თუ არა დაბადება, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო?"
არ აქვს მნიშვნელობა შენებურ ამბებს როგორ მოგვიყვები, მარტივად დაწერილი იქნება თუ გაუგებარი, ერთი რამ მაინც უცვლელია - ძალიან დიდი დოზით ხარ. ჩვენ კი მოგვწონს შენი ნაკუწ-ნაკუწ დაგემოვნება და ვერასდროს ვძღებით. სატირალია და სასაცილოც, რომ ადამიანურობის დანაკლისს შენთან ვინაზღაურებთ.
მადლობა ამ უანგარო სიკეთისთვის heart_eyes

ზოდიაქოების მანიაკო - ლოგიკური იქნება, თუ ასე მოგმართავ, რატომ ჩააკირკიმალდი ეგრევე კირჩხიბობას? ჰო, რა, მე დიდად არ ვგიჟდები ასეთებზე, მაგრამ თუკი რამე წამიკითხავს ამაზე, აუცილებლად ემთხვევა ბევრი რამ. თუნდაც, მთვარე, ნოსტალგიურობა, დეპრესია, "შერჩევითი" გაბრაზება და კიდევ იმის იქით - ბევრი რამ. ოღონდ მასიური კირჩხიბი არ ვარ, ვერ ვიტან. დღეების მიხედვით რომ იყოს ზოდიაქოები, კარგი იქნებოდა. თუ ვინმე ჩემს დღეს დაიბადა, ეგ მისი პრობლემაა და არ ვთვლი, რომ ერთი და იგივე დღეს დავიბადეთ. ჩემს-ს ეს - "ს" ისე მოუხდა, პირდაპირ "კერძოობას" გამოხატავს. ძალიან მაღიზიანებს, რომ ვიღაც "ჩემნაირი" მეორე შეიძლება არსებობდეს. თუნდაც, მსგავსი. არა, სრულად იდენტური ისედაც ვერ იქნება. მე ხომ ერთი ვარ და თან - ელი,. (აქ ჯერ მძიმეს მძიმის გამო ვსვამ და წერტილს - დასასრულისთვის) :)))))) რენდომ ფოტოა, მოვძებნე, შევხედე, იყოს - მეთქი და ჩაეწყო. და ისევ - ჩემი საყვარელი სიტყვათა შეთანხმება - ეგზისტენციალური კრიზისი. ქართულის მასწავლებელმა ამიხსნა, რომ ეს ძალიან ცუდი რამაა და რაც ცუდია, მეტი გინდა - სამოთხის ვაშლივით. რაღაცისკენ რომ მიდრეკილება გაქვს და ამას შენს თავს ამჩნევ, არ უნდა შეაჩერო - სრული გემოს გასაგებად. მერე რაღაცნაირი ყოველდღიურობა გახდა. ყველა განცდა რომ შენშია ერთდროულად მიპუჭპუჭებული (:)), თან ვერ გამოგაქვს, მაგის არსის გაგება იმას შეუძლია, ვისაც ესმის, რასაც ვგულისხმობ. მე თუ მნიშვნელობის პრობლემა მაქვს, მხოლოდ - ჩემთვის, თორემ ზოგადად - სულ სხვანაირად ჩანს. რაც უფრო იზრდები, მეტი კითხვა გაქვს და მეტად ვარდები ორმოში. დიდი ლიმიტია, რომ რაღაც კანონები არსებობს და ამ კანონში "უკითხავად დაბადებაც" შედის. მაწუხებს. ალბათ, იმიტომაც გაუსვი ხაზი შენც. რაღაც ტონი იგრძნობოდა გადაკითხვისას. ზოგჯერ გავურბივარ ამ ადამიანურობას, მინდება ხოლმე სამყაროში ყველაზე დიდი სიბოროტე გავხდე, მაგრამ ეს მაშინ, როცა მართლა კრიზისში ვარ, ისე და სტაბილურად ღმერთმა ნუ მამყოფოს. :)))) მადლობა, პირიქით, ბევრი გელაქლაქე ♥️

 


№19  offline ადმინი ელ პინი

მინიმუმ ოთხმოცდაათმა ადამიანმა წაიკითხა. არაფერი მეთქმის. მუნჯი ვარ.
♥️

აქ ვპასუხობ ქალბატონ მაიას, facebook-ზე გადასართავად ნერვი არ მიმყვება - პირდაპირ იქ საპასუხოდ. თქვენ ნამდვილად აცრას დაინახავდით ამ ამბავში პირველად, დანარჩენებიც - გამონაკლისებით. რეკლამა არავის გაუკეთებია, სარეკლამო სააგენტოში არ ვმუშაობ. ელპინი ვარ მე, ელ პინი. თქვენი აზრი თქვენთვის დაიტოვეთ აცრასთან დაკავშირებით, სხვას ნუ ახვევთ და თუ თქვენ აცრა არ გინდათ, ასე უხეშად შემდეგში სხვასთან არ გამოხატოთ საკუთარი აზრი. პატივისცემაა ეს. ასეთ შემთხვევაში კომენტარი რომ არ დატოვოთ, ეგ ბევრად უფრო აჯობებს. ანუ ხომ მაინც არ წაგიკითხავთ, აუცილებლად უნდა გამაგებინოთ ეს? თქვენი არ-წაკითხვით მე საერთოდ არაფერი მაკლდება :))))) საჭირო რა იყო - ეგ მე უკეთ ვიცი და ჩემზეა დამოკიდებული სად
-რაზე-რას დავწერ. საჭიროება სადაც მოთხოვნადია, მე იქ არასდროს ვარ.
პრინციპის გამო გიპასუხეთ, თორემ არც აუცილებელი იყო. უკეთესი რამის წაკითხვას გისურვებთ. რეალობა.

 


№20 სტუმარი ნი-კე

ძალიან საყვარელი ისტორია იყო..არ მეყო მეტი მინდოდა კიდევ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent