შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სელებრითის კაპრიზები (სრულად)


18-11-2021, 20:54
ავტორი აირ ისი
ნანახია 6 574

-მაინც რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, ამ საქმისთვის ბოლომდე შესაფერისი ვარო? -გამომცდელი მზერით შეეკითხა მელოტი, სათვალიანი მამაკაცი, თავის წინ ჩამომჯდარ წითურ გოგონას, საკმაოდ არხეინად რომ მოკალათებულიყო კრემისფერ სავარძელში და მის სახელურზე, თითებს რიტმულად ათამაშებდა.
შემოდგომის, კერძოდ კი ოქტომბრის ცივი, წვიმიანი დღე იყო. შუა დღის ცას ისეთი მუქი ნაცრისფერი გადაჰკრავდა, თითქოს მზე უკვე ჩასვლას აპირებს და სადაცაა, იდუმალებით მოცული წყვდიადიც გაბატონდებაო. მისაღები ოთახის დიდ, უფარდო ფანჯრებს, დამრეც კდელზე მცოცავი ალპინისტებივით ჩამოჰკიდებოდნენ წვიმის მსხვილი წვეთები, რომლებიც, ნელ-ნელა ქვემოთკენ მოიწევდნენ და სისველესთან ერთად, ცივ ორთქლსაც ტოვებდნენ მინებზე.
-პირველ რიგში ის, რომ პასუხისმგებლობის გრძნობაზე მუშაობა ნამდვილად არ მჭირდება, ისედაც საკმაოდ დიდი დოზით მაქვს -ოქროს შუალედში ჩამჯდარი თავდაჯერებით გაისმა პასუხი გოგონას მხრიდან -მეორე რიგში ის, რომ ოჯახი არ მყავს, არც ქმარი, არც შვილი და არც ვინმე ისეთი, ვისაც ჩემგან დროის დათმობა და ყურადღება დასჭირდება. ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც მთელი დროის მანძილზე, ვარსკვლავური სენით შეპყრობილი მსახიობის კუდში დევნით იქნება დაკავებული და მის ძიძობას შეითავსებს
-თქვენი სახელი გამახსენეთ თუ შეიძლება -ამჯერად, სათვალიანი მამაკაცის გვერდით მჯდომმა, შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა, საშუალო ასაკის ქალმა დასვა კითხვა, საკმაოდ მკაცრი იერით რომ ათვალიერებდა სავარძელში მჯდომ წითურს.
-ლივია მქვია
-ჰოო, ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს
-პირველი არ ხართ, ვინც მაგას ამბობს
-კარგი, ლივია -მკაცრი მზერა უწინდებურად რჩებოდა ქალის სახეზე -ჩვენი პირობების თანახმად, მანამ ვერ გაიგებ, რომელ მსახიობთან მოგიწევს მუშაობა, სანამ სამსახურზე არ დათანხმდები. მერე უკვე კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი, რის მიხედვითაც, საკმაოდ დიდი ჯარიმა დაგეკისრება, მასში ნახსენები თითოეული პუნქტის არ დაცვის შემთხვევაში. აგრეთვე, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თავად იმ ადამიანსაც არ აქვს წარმოდგენა ჩვენი ამჟამინდელი გასაუბრების შესახებ, ვისი როგორც თქვენ ახსენეთ "კუდში დევნა" მოგიწევთ, თუკი რა თქმა უნდა სამსახურში აგიყვანთ.
-და მან რატომ არ იცის არაფერი? -სიტუაციისთვის სრულიად შესაბამისი კითხვა გაუჩნდა გოგონას
პასუხის გაცემა, ამჯერად სათვალიანმა მამაკაცმა აიღო, ჯაბას სახელით რომ გაეცნო ლივიას, როდესაც შიგნთ შემოსულს ხელი ჩამოართვა.
-იმიტომ არ იცის, რომ ხუთი თითივით ვიცნობთ და ზუსტად ვიცით წინააღმდეგობას გაგვიწევს -სერიოზული სახით აცნობა მან -თუკი თქვენზე შევაჩერეთ არჩევანი, შეგუებული უნდა იყოთ, რომ უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ, რასაც მოთმინებით უნდა მოეკიდოთ
ლივიას ოდნავ ჩაეცინა და დროებით შეწყვიტა სავარძლის სახელურზე თითების თამაში.
-მაინც რა სახის წინააღმდეგობებზეა საუბარი?
-პირველ რიგში, ძალიან მწარე, ირონიული და ხშირად, დამამცირებელი იუმორი აქვს. აგრეთვე უზომოდ კაპრიზულია ნებისმიერ თემაში, კვებიდან დაწყებული, სამოსითა და საცხოვრებელი გარემოთი დამთავრებული. ჩვენ, ანუ მე და ანთისა -გვერდით მჯდომ ქალს გადახედა წამით -ორივენი მისი მენეჯერები ვართ და გვქონია შემთხვევა, როდესაც, ფილმში, მეწყვილე მსახიობის სულ რაღაც ორი წუთით დაგვიანების გამო, საერთოდ მომდევნო დღისთვის გადაუტანია გადაღებები, ზედმეტ დროს მაკარგვინებთო
-კი მაგრამ, ის მაინც მითხარით, ვინმე ცნობილი მსახიობია?
-რაღა დაგიმალოთ და საკმაოდ -გაეცინა ჯაბას -შეიძლება გაოცებულიც დარჩეთ, ისეთ ადამიანზე გვაქვს საუბარი -ამ მომენტში, მხარის მსუბუქმა გაკვრამ შეაჩერა გვერდით ჯდომი ქალისგან, ვინაც აშკარად ჩათვალა, რომ მამაკაცი ზედმეტს ლაპარაკობდა
-ჩემო კარგო -დაიწყო მან, თან გრძელი, თაფლისფრად შეღებილი თმა მარცხენა მხარეს გადმოიყარა -თუკი კანდიდატებს შორის შენ აგარჩიეთ, მომენტალურად კონტრაქტსაც აწერ ხელს, რომელშიც, საიდუმლოდ გევალება იმ ინფორმაციის დაცვა, რაც ამ სამსახურსა და საქმეს ეხება. პირველ რიგში, იმ ადამიანის ყველა უარყოფითი თვისება უნდა შეინახო გულში, ვისზეც იმუშავებ. ეს მსახიობი, ხალხს რეალურად უყვარს. ჩვენი ქვეყნის საშინელი მდგომარეობისდა მიუხედავად კინემატოგრაფიაში, მაინც დიდი მომავალი აქვს და მისი რეპუტაციის გაფუჭება, პირველ რიგში მე და ჯაბას არ გვაწყობს, რადგან ჩვენთვის იგი შემოსავლის წყაროა, ამიტომ, ენაზე კბილის მაგრად დაჭერა, უმთავრესია იმათგან, რაც დაგევალება
-შეიძლება ერთი კითხვა მეც დავსვა? -მთელი ეს დრო, ჩაფიქრებული უსმენდა მათ ლივია, ბოლოს კი, ხმაც ამოიღო
-კი ბატონო, გისმენთ -თითქმის ორივემ ერთდროულად გასცეს პასუხი და აღარც გოგონას დაუყოვნებია დიდხანს:
-თუკი მენეჯერები თავად ხართ, ამ საქმით თვითონ რატომ არ კავდებით? -კვლავ აათამაშა მან თითები კრემისფერი სავარძლის სახელურზე -ის, რომ სკანდალებისგან და ჟურნალებში არასასურველი სათაურებით მოხვედრისგან იხსნათ, მგონი თქვენი მოვალეობაა და არა ვინმე სხვისი
ანთისამ და ჯაბამ ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს. როგორც ჩანდა, არ მოელოდნენ გოგონას მხრიდან ასეთ სითამამეს, პირდაპირობასა და თავდაჯერებულ ტონს, თუმცა მიზეზი ნამდვილად გააჩნდათ და აქედან გამომდინარე, არც პასუხის გაცემა იყო რთული.
-საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ხშირად საჭიროებს ყურადღებას -ერთმანეთში გადაჭდობილი ხელებით დაიწყო ახსნა მამაკაცმა -ბოლო პერიოდში ისე იქცევა, თითქმის ყოველ წამს მოსალოდნელია, რომ მეტად სკანდალური სათაურებით მოხვდეს ინტერნეტსა თუ ჟურნალებში. ამ ყველაფრის გამო, სხვა მსახიობებთან მუშაობას ფაქტობრივად ვეღარც ვახერხებთ და პირადი ცხოვრებისთვისაც კი მინიმალური დრო გვრჩება, მისი თავაშვებული ქმედებებისგან დატოვებული კვალის აწმენდით დაკავებულებს. შეგიძლია ჩათვალო, რომ ჩვენს პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, თავადაც ის მტვერსასრუტი უნდა გახდე, რომელიც ამ ადამიანის მიერ გამოწვეულ არეულობას დაალაგებს. 24/7 რომ მზადყოფნაში უნდა იყო და თუ საჭირო გახდა, დილის ექვს საათზეც რომ უნდა ადგე საწოლიდან, ამაზე უკვე ლაპარაკიც აღარ მაქვს. მოკლედ, პირდაპირი გაგებით, ძიძა უნდა გახდე ამ პიროვნებისთვის, თანაც ისეთი, ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე კუდში დაედევნება, სადაც არ უნდა წავიდეს
-გასაგებია -ნიკაპზე ფიქრიანად მოისვა ხელი -აშკარად საინტერესო საქმეა, ვერაფერს ვიტყვი
-კიდევ ხომ არ გაქვთ რამე კითხვა?
-სიმართლე გითხრათ, ისიც მაინტერესებს, კონკრეტულად რამდენი ხნით მომიწევს თქვენთან მუშაობა? -წითური თმა მხრებს უკან გადაიყარა ლივიამ -თანხა მართლა ძალიან მჭირდება და ამ ანონიმურ განცხადებასაც მხოლოდ იმ მიზეზით გამოვეხმაურე, რომ ანაზღაურებამ დამაკმაყოფილა. მაგრამ . . .
-მაგრამ?
-მაგრამ თქვენ კონტრაქტიც ახსენეთ -შემოვლითი გზების გარეშე გადავიდა გოგონა მთავარ სათქმელზე -ამ სამსახურში, თუკი რა თქმა უნდა ჩემზე შეაჩერებთ არჩევანს, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავ დარჩენას. მერე სრულიად სხვა გეგმები მაქვს და თუკი თქვენს მიერ შედგენილ საბუთში უფრო დიდი ვადაა მითითებული, მაშინ შეთანხმება ვერ შედგება
-ჰოო, აი მაგას რაც შეეხება -საქმიანი იერით გადმოიხარა ანთისა წინ -ჩვენ მხოლოდ ექვსი თვით დაგვჭირდები, მანამ, სანამ იმ სერიალის გადაღებები დასრულდება, რომელშიც სულ ახლახანს შესთავაზეს როლი ჩვენს მსახიობს. ამ პროექტის დასრულების მერე, უკვე საფრანგეთში აპირებს წასვლას, რამდენიმე თვით და ამ მხრივ, უკვე თავისუფალი ხარ. როდესაც უკან დაბრუნდება და ახალ როლს შეთავაზებას მიიღებს, თუკი სურვილი გექნება, თავად დაბრუნდები სამსახურში, თუ არადა, სხვას ვიპოვით, მაგ მხრივ გართულება არ შეგექმნება.
გოგონამ შეამჩნია, რომ მენეჯერებიდან, მხოლოდ ჯაბა ელაპარაკებოდა თქვენობითი ტონით, ხოლო ანთისა, რატომღაც "შენობითს" ანიჭებდა უპირატესობას, რაც გოგონას ვარაუდით იმის მანიშნებელი იყო, რომ ქალს, საკუთარი თავი, სხვებზე ბევრად უფრო მაღლა მდგომად წარმოედგინა. ამასთან ერთად, არც იმის შემჩნევა გასჭირვებია, ჯაბას თვალში საკმაოდ დიდი კეთილგანწყობა რომ დაიმსახურა, თუმცა მის გვერდით მჯდომი ქალბატონის ცივ, არაფრისმთქმელ მზერაში, კონკრეტულს ვერაფერს კითხულობდა -ვერც ცუდს და ვერც კარგს.
გასაუბრებამ კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში გასტანა. ამ დროის მანძილზე, ისეთი წვრილმანები განიხილეს, როგორიც ანაზღაურების ფორმა, კონკრეტული მოვალეობები და კონტრაქტის პუნქტები იყო, შემდეგ კი ლივიაც იმ პასუხით გამოისტუმრეს, როგორითაც დამქირავებელი მუდამ ისტუმრებს ხოლმე სამუშაოზე აყვანის კანდიდატს და აცნობეს, რომ გადაწყვეტილების მის სასარგებლოდ მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდებოდნენ დღის ბოლომდე. არ დაკავშირების შემთხვევაში, ლივია უკვე თავად უნდა მიმხვდარიყო, რაც გახდა ამის მიზეზი და სხვა სამსახურის ძებნაზე დაეწყო ზრუნვა.
გასაუბრების დასრულების შემდეგ, ცოტა ხნით გასეირნება გადაწყვიტა გოგონამ. ახლა უკვე კარგად ხვდებოდა, რა მიზეზითაც იღებდნენ მენეჯერები, ვაკანსიით დაინტერესებულ ადამიანებს ჯაბას სახლში. ასეთი სახის სამსახურისთვის, გასაუბრება სწორედაც რომ არაოფიციალურ გარემოში უნდა ჩატარებულიყო და არა, ოფისსა და საქმიან კომპანიაში.
წვიმიანი ამინდის გამო, ლივიამ თავზე კაპიუშონი წამოიფარა და ისე გაუყვა სველ ბილიკს. ქუჩაში ოდნავ ციოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სეირნობის გადაწყვეტილებაზე ხელი მაინც არ აუღია, რადგან ფეხით გავლა ახლა ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. თითქოს ამდენი ხნის შემდეგ, პირველად გაიაზრა რა რთულ მდგომარეობაშიც ჩავარდნილიყო. ცხრამეტი წლის ასაკში, მაშინ, როდესაც წესით უკვე მეორე კურსის სტუდენტი უნდა ყოფილიყო, აკადემიური წელის აღება მოუწია ოჯახური პრობლემის მიზეზით.
მანამდე, სანამ სიტუაცია აქამდე მივიდოდა, ბიძამისის, ბატონი ზაზა გაბისიანის სახლში ცხოვრობდა, თავის უფროს ბიძაშვილთან, სტეფანესთან ერთად. იმის გამო, რომ მშობლები საკმაოდ ნაადრევ, კონკრეტულად კი ორი წლის ასაკში დაკარგა, ისინი ფაქტობრივად არც ახსოვდა გოგონას. ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, სწორედ ბიძასთან იზრდებოდა და საკმაოდ დიდ სიყვარულსაც გრძნობდა მისგან. სტეფანეს რაც შეეხება, მასთან, არც ცუდი ურთიერთობა ჰქონია და არც, იდეალური. ბიჭი, მცირეწლოვნების ასაკიდანვე ოდნავ თავისებური იყო. ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, რომ ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, საკუთარი "მე"-ს გარდა. აი თავისი თავისთვის კი ნამდვილად ყოველივე საუკეთესო ემეტებოდა, გოგონებიდან დაწყებული, ტექნიკით, სამოსითა და პირადი მოხმარების საგნებით დამთავრებული. ბუნებით ისეთი გახლდათ, თმაზეც კი არავის შეახებინებდა ხელს, მუდამ ელეგანტურად რომ ჰქონოდა დაყენებული, სადაც არ უნდა ყოფილიყო და როცა არ უნდა ყოფილიყო.
რაც უფრო მეტად იზრდებოდა, მით უფრო თვალში საცემი ხდებოდა მდედრობითი სქესისთვის სტეფანეს ვიზუალური იერსახე და აღნაგობა. ლივიას ვერც კი წარმოედგინა, თუკი არსებობდა ადამიანი, ვინც ისეთი სიზუსტით აკმაყოფილებდა სიტყვა "ნარცისის" კრიტერიუმებს, როგორც ეს სტეფანეს შემთხვევაში იყო. ბიჭს, თავისი თავი ლამის მეორე მზედ წარმოედგინა ცაზე და თვითშეფასების ნიშნულით, სადღაც ძალიან შორს, ტროპოსფეროში გახლდათ აჭრილი. ვინ მოთვლის რამდენჯერ გაუღვიძებია შუა ღამით ლივია იმის გამო, რომ კლუბში წასასვლელად გამზადებულის "ლუქი" შეეფასებინა, ათბალიანი სისტემით. ეს და კიდევ მრავალი ასეთი უცნაურობა ახასიათებდა სტეფანეს. თავის უმაღლეს დონეზე მოვლა, მისთვის მუდამ პრიორიტეტი გახლდათ. ეტყობოდა კიდეც ვიზუალურად საკუთარი თავისადმი გადაჭარბებული ზრუნვა. ქუჩაში, ორი წამით დანახვისასაც კი აუცილებლად მოგხვდებოდათ თვალში უზომოდ გემოვნებიანად ჩაცმული მამაკაცი, ბოტასებზე მტვრის ნაწილაკიც რომ არსად მოუჩანდა და სუნამოს ისეთ საოცარ არომატს ტოვებდა ჰაერში, ადამიანთა ოთხმოცდაათი პროცენტი, უკანაც კი ატრიალებდა თავს, მის გვერდით ჩავლისას.
სტეფანესთან ერთად ცხოვრება, ბედის საჩუქარი ნამდვილად არ იყო ლივიასთვის, თუმცა ზაზასა და ბიცოლამისის -თინის მხრიდან ნაგრძნობი სიყვარული, ალბათ ბიძაშვილის კაპრიზების გარდა კიდევ ბევრი რამის გადატანაში დაეხმარებოდა, რომ არა ერთი მოულოდნელი და უბედური შემთხვევა, მთელი მისი ცხოვრება ზუსტად ისევე რომ დააყენა თავდაყირა, როგორც სტეფანესი. კარგად ახსოვდა, ორშაბათი ღამე იყო მაშინ. სტეფანეს ოცდამესამე დაბადების დღის კლუბში აღნიშვნის შემდეგ, იმის გამო, რომ იუბილარმა და ლივიამ სტუმრების წასვლის შემდეგაც გადააბეს არაყის სმა და ორივე ერთმანეთზე მეტი მთვრალები იყვნენ, გოგონამ, ბიძაშვილს დაწესებულების დახურვამდე იქ დარჩენა შესთავაზა და ბევრი თხოვნის შემდეგ, აიყოლია კიდეც ეს უკანასკნელი. დაახლოებით დილის ხუთი საათი იყო, როდესაც კლუბი ოფიციალურად დაკეტეს მომდევნო ღამემდე და ალკოჰოლის ზემოქმედებიდან ოდნავ გამოსული სტეფანე და ლივიაც, ტაქსის საშუალებით დაბრუნდნენ შინ. სწორედ იქ დახვდათ ყველაზე საზარელი სურათი. სახლი, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარეს, მთლიანად პოლიციისა და სახანძროს თანამშრომლებით იყო გარშემორტყმული, ირგვლივ იქ შეკრებილი მეზობლების ხმამაღალი საუბარი, გარჩევა, მითქმა-მოთქმა ისმოდა და ნახევრად დამწვარი შენობის შავ კედლებსაც თითქოს აღარაფერი დარჩენოდათ ძველებური და ნაცნობი.
ხანძარი, ჩაუქრობლად დარჩენილ გაზქურას გამოეწვია სახლში. არავინ იცოდა რა და როგორ მოხდა, თუმცა ფაქტი, რომ იმ შენობიდან საკაცით გამოტანილ ადამიანთაგან ვეღარც ერთი იხილავდა დღის შუქს, სასწრაფოს თანამშრომლებმა პირველივე შეხედვის თანავე დაასკვნეს და უიმედოდაც გადააქნიეს თავი, მანამ, სანამ გადაუდებელი დახმარების მანქანით წაიყვანდნენ საავადმყოფოში.
იმ საბედისწერო დილის შემდეგ, საათივით აწყობილი ცხოვრება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ზედმეტად ადიდებული მდინარისგან განგრეული ჯებირივით ჩამოიშალა. აგონიაში მყოფი სტეფანე ყოველდღე ლივიას ადანაშაულებდა მომხდარში და მუდამ უმეორებდა, რომ არა შენი ახირება კლუბში დარჩენაზე, სახლში დროულად მივიდოდით და თინი და ზაზა ახლა შეიძლებოდა ცოცხლებიც კი ყოფილიყვნენო. ამის გამო, საკმაოდ აგრესიული გახდა მამიდაშვილის მიმართ. ყოველი წამი, თითქოს იმისთვის ჰქონდა გამოყოფილი, რომ იგი ლივიას გამწარებაზე დაეხარჯა. ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კი ამაში ნამდვილად კარგად უწყობდა ხელს. აღნიშნულის გამო, გოგონასაც ნაკლებად ჰქონდა სურვილი ასე გაგრძელებულიყო. მომხდარი ტრაგედიისგან ისედაც დათრგუნვილს, ახლა სტეფანეს მხრიდან უხეშობის თავი ნამდვილად აღარ ჰქონდა, ამიტომ, ორი თვის წინ ბარგი ჩაალაგა, ის სახლი დატოვა, სადაც ინციდენტის შემდეგ გადაცხოვრდა ბიძაშვილთან ერთად და ახალი თავშესაფრის ძებნაც დაიწყო, რათა ყველაფრისგან შორს, მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა. იმის გამო, რომ აღნიშნულ ეტაპზე არაფრის განწყობა არ ჰქონდა, სწავლის გაგრძელება მომავალი წლისთვის გადადო- იმ დროისთვის, როდესაც ჭრილობებს ოდნავ მაინც მოიშუშებდა და ცოტათი აზრზე მოვიდოდა, მანამდე კი, გაზეთში ნაპოვნ პირველივე განცხადებას გამოეხმაურა, ბინის ქირის გაყოფის თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ თანამფლობელი მამრობითი სქესისა უნდა ყოფილიყო, ათწუთიანი გასაუბრებისა და იქაურობის დათვალიერების შემდეგ, მასთან ერთად ცხოვრებაზე მაინც დათანხმდა.
უცხო ადამიანებს ასე მარტივად არასდროს ენდობოდა გოგონა, თუმცა ამ პიროვნებასთან, კერძოდ კი კაკისთან გასაუბრებამ, რატომღაც მისდამი თავიდანვე ზედმეტად დადებითად განაწყო. თანაცხოვრებაშიც საკმაოდ კარგი გამოდგა ბიჭი. მართალია ჯერ მხოლოდ ცხრამეტის იყო და ლივიაზე სამი წლით უმცროსიც, თუმცა პროფესიით უკვე შემდგარი მხატვარი გახლდათ, დამატებით აკადემიაშიც ასწავლიდა სტუდენტებს და მუდამ თავის საქმეებში ჩაფლული, ოდნავადაც არ არღვევდა გოგონას სიმშვიდეს. ლაპარაკითაც იშვიათად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა, თითქოს კაკის, უხილავი გარსი ჰქონდა შემოკრული და ადამიანებს, თავისთან ზედმეტად მოახლოვების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა თანაცხოვრებამ, ნელ-ნელა ეს ზღვარიც გააქრო და ეს ორნი, ერთმანეთისთვის ახლობელ ადამიანებად აქცია.
ორი თვე საკმაოდ მშვიდად და უპრობლემოდ იცხოვრეს ერთ ჭერქვეშ. სიტუაცია მხოლოდ მაშინ აირია, როდესაც ბინის მეპატრონემ ქირა გაუძვირათ და ამის გამო, ლივიაც იძულებული გახდა უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის ძებნა დაეწყო. სწორედ ამ დროს გადააწყდა ინტერნეტში, ანონიმურად განთავსებულ განცხადებას და ანაზღაურების ციფრების დანახვისას, მაშინვე გადაწყვიტა, რომ თუკი პატიოსან შრომაზე იქნებოდა საუბარი, ბედი აუცილებლად ეცადა. სწორედ ასე მოხვდა გასაუბრებაზე ქალბატონ ანთისასთან და ბატონ ჯაბასთან. მართალია არაფერი იცოდა იმაზე, რომელი მსახიობის "ძიძობა" უნდა შეეთავსებინა, თუმცა ამას არც ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუკი ექვსი თვე იმუშავებდა, საკმაოდ კარგი დანაზოგი დაუგროვდებოდა და ამ ფულით შეეძლებოდა რაღაც პატარა საქმეც კი წამოეწყო, თუნდაც ისეთი, როგორიც ინტერნეტ-გვერდის შექმნა და ტანსაცმელებისა თუ სხვადასხვა აქსესუარების გაყიდვა იყო.
ბიძაშვილთან ურთიერთობის აღდგენას, უკვე ნამდვილად აღარ მოელოდა გოგონა. ახლა, ყველასგან მიტოვებულსა და სრულიად მარტო დარჩენილს, თავად უნდა გაეკვლია ცხოვრების წვეტიანი ბილიკები და ზოგჯერ, ფეხიც კი გაეჭრა ამ გზაზე სიარულისას.
ციდან, კვლავ უწინდებურად ცვიოდნენ წვიმის წვრილი, გამჭვირვალე წვეთები. გარეთ მჩხვლეტავი, სუსხიანი ქარი დაქროდა, თუმცა ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ლივია, მაინც წყნარად, სრულიად აუჩქარებლად მიუყვებოდა სველ, პრიალა ბილიკს და მხრებზე ჩამოყრილი მისი წითური თმაც ნელ-ნელა კარგავდა უწინდელ სიმშრალეს.





8 8 8 8
ჯაბა და ანთისა, კვლავ ჯაბას სახლში იყვნენ, დიდფანჯრებიანი, გემოვნებით მოწყობილი მისაღები ოთახიდან, ამჯერად მინი-ბარის ზომის სამზარეულოში გადაენაცვლათ და სხვადასხვა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, დარიჩინიანი კაპუჩინოს ჭიქებით ხელში განიხილავდნენ ვინ იყო მათ შორის ყველაზე ღირსეული.
ჯაბას მხოლოდ ორი მათგანი მოწონებოდა გასაუბრებაზე მოსულ ადამიანთაგან, ხოლო ანთისა, თითქმის ყოველი შესაძლო ვარიანტით უკმაყოფილი გახლდათ და მხოლოდ ერთ-ერთ კანდიდატზე განაცხადა დანარჩენებთან შედარებით ცოტათი ნორმალური ჩანდაო.
-არა, ეს სანი ნამდვილად შეგვიწირავს -ოხვრით განაცხადა შესაძლო ვარიანტების სიაში ჩამძვრალმა ქალმა, მაგიდაზე, ჯერ კიდევ წინ რომ გაეშალა და სათვალის მინებიდან აკვირდებოდა შეწუხებული სახით -პატარა ბავშვის მსგავსად, სულ კუდში უნდა სდიო, წყეული ჭიკარტი რომ არ გადაყლაპოს!
-რა მეტაფორული ხარ, პატარავ -ხმამაღლა გაეცინა ცხელი კაპუჩინოს სმით გართულ მამაკაცს, თუმცა ვაი ასეთ გაცინებას, ისეთი მკვლელი მზერა მიიღო კოლეგისაგან საპასუხოდ -კარგი, ნუ მიყურებ ეგრე, თორემ ასე მგონია მალე გამეპარება.
-რა იყო, ბავშვობას იხსენებ?
ჯაბას სახეზე თეატრალურად დაყენებულმა სევდამ დაიდო ბინა.
-ეჰ, რა კარგი დრო იყო -მეოცნებე თვალებით ააშტერდა მარმარილოსფერ ჭერს და ისე აღნიშნა კაცმა -მართლა საკაიფო რამეა ბავშვობის პერიოდი. მარტო ჭამა, ძილი და ის გაქვს სადარდებელი, გაგიშვებენ თუ არა ეზოში მშობლები ფეხბურთის სათამაშოდ. თან, მაშინ თავზე თმაც მქონდა და უფრო მიმზიდველიც ვიყავი
-მაგ სისულელეების ლაპარაკს გირჩევნია ჩემთან ერთად ჩახედო ამ უტვინო ქათმების სიას -აშკარად გაღიზიანება ეტყობოდა ქალის ხმას -სანი დარსაველიძის კუდში დევნა უკვე აღარ შემიძლია და დროზე დავასრულოთ ეს საქმე. ჩვენ მხოლოდ მისი მენეჯერობა, როლზე დამტკიცაზე ზრუნვა და კარგი შემოსავლის აღება გვევალება. მეტს, საკუთარ თავს აღარ დავაკისრებ! ისედაც მეყო მაგის თავაშვებული ცხოვრებისგან და უტვინო, გრძელფეხება ქალებისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარება!
-და არა მარტო მაგათგან -უკმაყოფილოდ აღნიშნა ჯაბამაც, ვისაც უკვე ჩაერგო თავი შესაძლო კანდიდატების სიაში, საუკეთესოს ამოსარჩევად -ისე, ის წითელთმიანი გოგო საკმაოდ თავდაჯერებულად გვესაუბრებოდა. იქნებ, მაგაზე დავფიქრებულიყავით?
-ვაუ ჯაბა, მგონი ჩვენი აზრები პირველად დაემთხვა ერთმანეთს ასეთი სიზუსტით -სასიამოვნოდ გაოცებული ჩანდა ქალი იმ წამს -მეც სწორედ ეგ წითური გამოვარჩიე დანარჩენი უტვინო არსებებისგან, ენასაც კი რომ ძლივს იბრუნებდნენ პირში.
-ჰოდა თუ ასეა, კიდევ ერთ ვაკანსია-სეანსს ნუღარ მომაწყობინებ რა ჩემს სახლში. ხომ იცი, როგორ არ მიყვარს უცხო ხალხის პირად სივრცეში შემოშვება? დავეკონტაქტოთ მაგ გოგოს და დავასრულოთ ეს საქმე, თორემ უკვე მართლა ყელშია ამდენი სტრესი. -შუჭმუხნილ შუბლზე, ზუსტად ოთხი ნაკეცი რომ აჩნდა, გაღიზიანებულმა მოისვა ხელი, თან დაამატა -წამითაც არ გავჩერდებოდი დარსაველიძის სიახლოვეს, ასეთი დიდი შემოსავლის მომტანი რომ არ იყოს მისი წყეული სამსახიობო ნიჭი. ნამდვილი ენერგოვამპირია და მეტი არაფერი.
-კარგი, გეყოფა წუწუნი! მე დავრეკო თუ შენ დარეკავ?
-საწყალი გოგო, არც კი იცის, თავის ლომის ხახაში შეყოფის კანდიდატი რომაა
-ჯაბა, რომელმა დავრეკოთ-მეთქი? -კვლავ გაუმეორა ცოტა ხნის წინ დასმული შეკითხვა ქალმა, ამჯერად უფრო მკაცრი ტონით და ამის საშუალებით მიიღო კიდეც სასურველი პასუხი:
-მე დავრეკავ, მე, შენ ეგეთი საუბრები რომ არ გეხერხება, ჩემზე კარგად არავინ იცის
ქალმა საწრუპის გამოყენებით მოსვა თავისი კაპუჩინო, ცხვირზე დაკოფსებული სათვალე გაისწორა და სკამის საზურგეს მიაწვა ნებიერად.
-ჰოდა თუ ასეა, დროულად მიხედე მაგ საქმეს. იმედი მაქვს, კარგად აწონ-დაწონვის შემდეგ არ გადაუფიქრებია და ისევ თანახმაა ჩვენს წინადადებაზე.
ჯაბამ ჯიბიდან სმარტფონი ამოაცურა, თუმცა მერე წარბები შეჭმუხნა. როგორც ჩანდა, ზარის განხორციელებაში ხელს კიდევ უშლიდა რაღაც.
-საშინლად მოუხერხებელი სკამებია ამ სამზარეულოში -აღნიშნა მან, თან წელზეც მოისვა ცალი ხელი, უკმაყოფილოდ -წამოდი რა ისევ მისაღებში დავსხდეთ და იქედან დავრეკოთ, ჩვენს ჟღალთმიანთან.
მენეჯერებმა, ერთდროულად, თითქმის უსიტყვოდ გადაინაცვლეს სამზარეულოდან, მისაღებში, სადაც, რბილ დივანზე მოკალათებულებმა განაგრძეს თავიანთი კაპუჩინოს დაგემოვნება. ჯაბამ, კიდევ ერთხელ მოიმარჯვა თავისი ტელეფონი და კანდიდატთა სიაში, სასურველი ადამიანის საკონტაქტო ნომერი ამოარჩია. "ლივია იმნაძე" -ეწერა მობილურის ნომრის გასწვრივ გასმული პატარა ტირის გვერდით. ის-ის იყო ფურცლზე წაწერილი ნომერი სენსორზე აკრიბა და ზარის გასაშვები ღილაკისკენ წაიღო ცერა თითი, რონ ამ დროს, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. მისაღების რბილ დივანზე მოკალათებულ ანთისასა და ჯაბას, ჯერ სახლში შემოსასვლელი კარის ხმამაღალი ჯახუნის ხმა მოესმათ, შემდეგ ნაბიჯების და ბოლოს, უეცარი სტუმრის სახესაც მოჰკრეს თვალი, ღიმილიანი, მეტად პოზიტიური გამომეტყველებით რომ მოემართებოდა მათკენ.
-ძაღლი ახსენეო და აი ისიც -ოდნავი ღიმილით აღნიშნა ანთისამ, ისე, რომ თავისი დარიჩინიანი კაპუჩინოს წრუპვისთვისაც არ დაუნებებია თავი.
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -ქალისგან განსხვავებით, ჯაბას სახეზე გაკვირვება იკითხებოდა -ახლა ინტერვიუზე არ უნდა იყო? ხომ უთხარი იმ ჟურნალისტს საღამოს საათებში მესტუმრეო?
მოულოდნელ სტუმარს პასუხი არ გაუცია. ამის მაგივრად, თავისი მანქანის გასაღები მაგიდაზე მიაგდო, ფუმფულა დივანს ნინძას ნახტომით გადაევლო ზემოდან და ისე მოულოდნელად ჩაუხტა შუაში ანთისასა და ჯაბას, რომ ვერც ერთმა მათგანმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.
-ორიელა, ბორიელა, გუშინ წინ რაღაც შარს გადავეკიდე და იმედია დახმარების ხელს უკვე ამზადებთ ჩემთვის გამოსაწვდენად -ჯერ ერთს გადახედა მან, მერე კი მეორეს. ეს ზედმეტსახელები ანთისასთვის და ჯაბასთვის უკვე კარგად ნაცნობი გახლდათ, თუმცა ყოველ ჯერზე ერთნაირად ღიზიანდებოდნენ მათი მოსმენისას.
-სანი, კითხვა დაგისვით და გვიპასუზე -შეტევაზე გადასვლა, ამ ჯერზე ანთისამ ითავა -ახლა წესით ინტერვიუს უნდა აძლევდე შენ კიდევ აქ ხიზარ და ჩვენთან ღლაბუცში კარგავ დროს.
-მოიცა, რა დროს ინტერვიუა -უკმაყოფილება ჩადგა ბიჭის კარამელისფერ თვალებში -ორი დღის წინ, კლუბში ვიღაც გოგოსთან ერთად ვერთობოდი, მგონი კამილა ერქვა. დღეს კი მირეკავს და აცხადებს, თუკი ურთიერთობას არ განვაგრძობთ, ჩვენს ერთად გადაღებულ ფოტოებს ინტერნეტში გავავრცელებ, ვიტყვი, რომ წყვილი ვიყავით და იმასაც დაწვრილებით მოვყვები რა სასტიკადაც მიმაგდეო.
-რაო, რა თქვი?!
-ანთი, ცოტა ჩუმად რა, მგრძნობიარე ყურის ბარაბანი მაქვს
-ჯანდაბა, მხოლოდ ესღა გვაკლა სრული ბედნიერებისთვის -თავის ნაცნობ ჩვევას მიმართა და საფეთქელზე ნერვიულად მიიჭირა ორივე საჩვენებელი თითი თვალებდახუჭულმა ანთისამ. რაც შეეხება ჯაბას, ამ უკანასკნელმა მეტად უკმაყოფილო გამომეტყველება აიკრა სახეზე, ღრმად ამოიხვნეშა და მტკიცე, ონდავ სიმკაცრეშეპარული ხმით ამოთქვა:
-რაღა უნდა ვთქვა იმის გარდა, რომ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მივიღეთ ამისთვის მეთვალყურის მიჩენით -გვერდით მჯდომი სანისკენ გაიქნია თავი მან და როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიწვია კიდეც ბიჭის გაკვირვება თავისი სიტყვებით.
-ერთი წამით, ერთი წამით, შეიძლება გავიგო რა მეთვალყურეზეა საუბარი? -ეჭვით დაწვრილებულ თვალებს, ტონიც შესაბამისი მოაყოლა დარსაველიძემ, რის შემდეგაც ფეხზე წამოდგა და სათითაოდ გადაავლო დამკვირვებლური მზერა ერთმანეთის გვერდიგვერდ დამნაშავე ბავშვებივით ჩამომსხდარ მენეჯერებს -რა მუნჯებივით გაჩუმდით, ხმას არ ამოიღებთ?
-ჯაბამ გითხრას, მე კომენტარს არ გავაკეთებ
-და, მე რატომ უნდა ვუთხრა? -გაშლილი ხელის გულზე მიდებით შეიცხადა კაცმა -ადექი და შენ თვითონ უთხარი, მისთვის ძიძის მიჩენა ხომ სწორედ შენი იდეა იყო?
-ჯაბა სანამ ჩემი მოთმინების ფიალიდან წვეთები დაიწყებენ დენას, ამოღერღე რა ჩემი ფეხები ხდება აქ! -მოთმინებადაკარგულმა, გაუცნობიერებლად აუწია ტონს, თან არც გამყინავი მზერა დავიწყებია. როგორც ჩანდა ამან ნამდვილად გაჭრა, რადგან ხმის ამაღლებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ჯაბა მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, თითები ერთმანეთს გადააჭდო და თავზე წამომდგარ სანის წარბებს ქვემოდან ახედა.
-თავადაც იცი, რომ ამ ბოლო დროს, საკმაოდ ბევრ შარში გაეხვიე, თანაც მიყოლებით -დაიწყო კაცმა -ძალიან დიდი ძალისხმევა, ჟურნალისტების მოსყიდვა და სანაცნობო წრის გავლენა დაგვჭირდა, რათა არასასურველი სათაურებით არ მოხვედრილიყავი ყვითელ პრესაში. მე და ანთისა, მთელი ამ დროის განმავლობაში მართლა მომვლელებივით დაგდევდით კუდში და შენს არეულს ვალაგებდით, მაგრამ ამის გამო, ვერც სხვა მსახიობებთან ვახერხებთ მუშაობას და ვერც საკუთარი ცხოვრებისთვის ვიცლით. ორივენი ვფიქრობთ, რომ ისეთი ადამიანი გჭირდება, ვინც გამუდმებით შენს გვერდით იქნება და ყოველგვარი არასასურველი ქმედების ჩადენას აგაცილებს თავიდან -მერე ოდნავ ჩაახველა და სანის გაოცებულ, ირონიულში გადასულ გამომეტყველებას თვალი აარიდა -გასაუბრება უკვე გვქონდა და შევარჩიეთ კიდეც ერთი გოგო ამ საქმისთვის. ხელფასზე არ ინერვიულო, ჩვენი ჰონორარიდან გადავუხდით მე და ანთისა, ოღონდ ეს ახალი სერიალის პროექტი მშვიდობით ჩავამთავროთ, ისე, რომ არავითარ შარში არ გაეხვე.
მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჯაბა ახსნა-განმარტებას აძლევდა, დარსაველიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ მსმენელის როლში იყო და კრინტის დაძვრაზე არც ფიქრობდა, თუმცა მიხვდა თუ არა, რომ მამაკაცმა თავისი "სიტყვით გამოსვლა" დაასრულა, კვლავ მენეჯერების გვერდით ჩამოჯდა, დივანზე, ოღონდ ამჯერად განაპირას და არა მათ შუაში.
-თქვენ ორმა რამე ბალახი მოწიეთ თუ მე მეკაიფებით? -ჰკითხა საკმაოდ სერიოზული, კატეგორიულობაში გადასული ხმით -ახლა რა, სადმე წასვლა თუ მომინდება, ვიღაც გოგომ უნდა მდიოს კუდში და ნაბიჯები მითვალოს?

-სანი, შენი კარიერისთვისაა საჭირო ასე -შექმნილი სიტუაციის დაბალანსებას ანთისა შეეცადა, ვისაც, აღნიშნულ წამს სრულებით გადავიწყდებოდა თავისი კაპუჩინოს წრუპვა და მთელი გონებით იმაზე ფიქრზე იყო გადართული, როგორ დაეთანხმებინა ბიჭი ამ წინადადების მიღებაზე.
-რა არის ჩემი კარიერისთვის უკეთესი, ცოცხალი კუდის მომაგრება ოცდაოთხი წლის ასაკში? -ირონიული გამოხედვა წამითაც არ ტოვებდა ბიჭის სახეს -და ტუალეტში შესვლის საქმე როგორ მექნება? იქაც უნდა შემომყვეს ხოლმე, რათა უნიტაზს არ ავაცდინო?
-სანი გეყოფა ეს მარაზმი, მხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ როგორმე შენი სკანდალებში გახვევის რიცხვი შევამციროთ და თუ ამისთვის ცოცხალი კუდის მომაგრება დაგვჭირდება, ამასაც გავაკეთებთ, შენ კი, თუკი შენივე პროფესია და საქმე გეძვირფასება, ამ წინადადებას უნდა დათანხმდე, რადგან თავადაც იცი, რომ ერთ დღესაც ვერ ძლებ ხათაბალების გარეშე -ჯაბაც ყველანაირ ღონეს ხმარობდა მის დასარწმუნებლად, თუმცა როგორც დარსაველიძის გამომეტყველებიდან ჩანდა, წარმატებას ნამდვილად ვერ აღწევდა
-მომისმინეთ ორიელა და ბორიელა -დაიწყო მან სიცილით -არ ვიცი თქვენ რა გეგმები გაქვთ, თუმცა მაგ გოგოს მოყვანის შემთხვევაში, დარწმუნებული იყავით, რომ ორ დღეში თვითონ გაიქცევა ჩემგან, თანაც უკანმოუხედავად. ამაში შეგიძლიათ ისე იყოთ დარწმუნებულები, როგორც იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოში ცხვირსაც ვერ შეყოფს
-მეეჭვება ეგ მოახერხო, საკმაოდ კერკეტი კაკალის შთაბეჭდილება დატოვა გასაუბრებისას
-შენ მაგაზე არ ინერვიულო ჯაბა, თუკი რამეს მიზნად დავისახავ, ასრულდება კიდეც -თვითდაჯერების გადაჭარბებული დოზა იღვრებოდა როგორც სანის თითოეული სიტყვიდან, აგრეთვე მისი კარამელისფერი თვალებიდანაც.
გარკვეული დროით დუმილი ჩამოვარდა. დარსაველიძემ, დრო იხელთა და დივნის კუთხეში მიგდებული პულტით, პლაზმური ტელევიზორი ჩართო, პირდაპირ მის წინ, კედელზე რომ იყო მიმაგრებული. ეკრანზე მაშინვე გამოისახა მწვანე გაზონზე, პეპლების საჭერით ხელში მორბენალი, ჯერის დადევნებული ტომი, მთელი მონდომებით რომ ცდილობდა ამ უკანასკნელის დაჭერას.
-ანთი, ყავას ჩემთვისაც ხომ არ მოადუღებდი? -ტელევიზორისთვის თვალმოუშორებლად შეეკითხა ქალს, თან სწრაფად შეცვალა მულტფილმების არხი, ფილმებით -პარალელურად იმაზეც დაფიქრდები, როგორ უნდა მომაშორო თავიდან ზედმეტი პრობლემა, იმ შანტაჟის დედოფლის სახით. თავადაც გავაკეთებდი რამეს, მაგრამ გიჟებთან მოლაპარაკება შენ უფრო კარგად გამოგდის, ამიტომ უბრძოლველად გითმობ ბურთსა და მოედანს.
ამ სიტყვების გაგებისას, ანთისამ ისე სევდიანად ამოიხვნეშა, თითქოს ვინმე ელექტრო-სკამზე აპირებდა მის დასმას, თანაც დაუყოვნებლივ. მართალია უკვე შეჩვეული იყო სანისთვის მსგავსი პრობლემების მოგავრებას, თუმცა ყოველ ჯერზე, ისეთ ხასიათზე დგებოდა, ხმის გაცემაც კი სარისკო ხდებოდა ხოლმე მისთვის.
-ჯაბა, მიდი შენ იმ ლივიას დაურეკე, მე კი ამის დასვრილს ავწმენდ -ხელში დაჭერილი მობილური აართვა ქალმა დარსაველიძეს, რათა პრობლემების შემქმნელი გოგონას მონაცემები ამოეწერა, მერე კი კოლეგას გადახედა რამდენიმე წამით -მიდი, დროზე, რაღას ელოდები? ტელევიზორის ყურებას მერეც მოასწრებ.
სახელი "ლივიას" გაგების თანავე, სანიმაც ცნობისმოყვარე მზერით მოწყვიტა თვალი ტელევიზორის ეკრანს, თან ხმაც ჩაუწია ბოლომდე.
-აჰა, ანუ ეგრე ჰქვია იმ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულს? -იკითხა მან ბაგეებზე გამკრთალი ოდნავი ღიმილით. სანამ ვინმე პასუხს გასცემდა, დივნის საზურგეს მიყრდნობილმა, ფეხზე, მუხლში გვერდულად მოხრილი ფეხი შემოიდო და თავადვე დაამატა, თვალებში ჩამდგარი თვითკმაყოფილების გრძნობით:- არც კი იცი თავს რამხელა შარში ჰყოფ, პატარავ. წარმოგიდგენაც კი არ გაქვს . . .

8 8 8 8
საღამო ხანი იყო. თბილისის ცას ნელ-ნელა ედებოდა ნაცრისფერი ტონალობა. ზემოდან კვლავ უღიმღამო ცრემლები ეყრებოდა დედამიწას და თითქოს ადამიანთა ხასიათზეც უარყოფით გავლენას ახდენდა.
ფანჯრის გამჭვირვალე მინებზე ჩამოკიდებულ ბრილიანტისფერ წვეთებს, სწორედ ასეთივე უღიმღამო განწყობით ადევნებდა თვალყურს ლივიაც, თავისი საძინებლის რბილ საწოლზე მოკალათებული. გოგონას, წინ ორცხობილებით სავსე ჯამი ედგა, სვენებ-სვენებით ჭამდა და Youtube-ში Ed Sheeran-ის პლეილისტი ჰქონდა ჩართული დაბალ ხმაზე. ასეთი რამ, ერთგვარ რელაქსაციად ქცეულიყო მისთვის. ჭამა და მუსიკა, გოგონას აზრით, ორი ისეთი რამ იყო, რაც ერთმანეთს ყველაზე ძალიან უხდებოდა, ამიტომ, ტრადიციას არც ამჯერად ღალატობდა და საყვარელი მომღერლის ხმის ფონზე მიირთმევდა მარკეტიდან ამოტანილ შოკოლადის ორცხობილებს, თავის ვარდისფერ პიჟამაში გამოწყობილი.
კაკი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო შინ. ზოგადად, არც არასდროს იბარებდა ხოლმე სად მიდიოდა, როდის მოვიდოდა და ასე შემდეგ. არც ლივია ამჟღავნებდა ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ამ მხრივ. ერთ ჭერქვეშ ისე ცხოვრობდნენ, ერთმანეთის ყოველდღიურობაში ოდნავადაც კი არ ერეოდნენ და ამგვარი დამოკიდებულება, გოგონასთვისაც საკმაოდ კომფორტული იყო.
უნდა ეღიარებინა, თავდაპირველად, კაკისთან ერთი ბინის გაყოფა, ცოტათი ეუცნაურებოდა. ეუხერხულებოდა კიდეც რაღაც მხრივ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოიშორა თავიდან ზედმეტი კომპლექსები, არც იმ სტერეოტიპებს აჰყვა, ბავშვობიდან რომ თავს ჰქონდა მოხვეული და რისკზე წასვლა ყველაზე შესაფერის ვარიანტად მიიჩნია. აღნიშნულმა რისკმა, ნამდვილად გამოიღო ის შედეგი, რომელსაც ლივია მოელოდა. კაკი, საკმაოდ კარგი მეზობელი აღმოჩნდა, რაშიც უფრო და უფრო რწმუნდებოდა გოგონა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან ერთად.
საათი ისრები საღამოს რვას უჩვენებდნენ. ლივიას ნახევრად უკვე დაეცარიელებინა თავისი ორცხობილების ჯამი და უკვე მუსიკის შეცვლასაც აპირებდა პლეილისტში, რომ ტელეფონზე შემომავალი ზარის ხმა, მთელს ოთახში ექოსავით გაისმა. ეკრანზე დახედვისას, გოგონას სახეზე მომენტალურად გაკრთა მოღუშული გამომეტყველება. არც მეტი, არც ნაკლები, თვით სტეფანე ურეკავდა, უკვე ერთი თვე რომ იყო არც ერთხელ არ შეხმიანებოდა და აღარც მისი ამბავი ეკითხა.
რამდენიმე წამის განმავლობაში, ყურმილი არ აუღია გოგონას. ფიქრობდა, ეპასუხა თუ არა შემომავალი ზარისთვის, რადგან დანამდვილებით იცოდა, ბიძაშვილი ნამდვილად არ ურეკავდა თბილი მოკითხვის მიზნით. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა შიშების მოშორება, თითი მწვანეს დააჭირა და ოდნავ დაბალი ხმით უპასუხა სტეფანეს ზარს:
-გისმენ!
-მოგესალმებით ძვირფასო მამიდაშვილო, თავს როგორ გრძნობთ?
ლივიამ ღრმად ამოისუნთქა ყელში მოწოლილი ბრაზის შესაკავებლად. ნამდვილად არ სურდა, ახლა ბიჭის ირონიას აჰყოლოდა, ყუმბარასავით აფეთქებულიყო და ყველაფერი ის მიეხალა პირში ბიძაშვილისთვის, რაც ენის წვერზე ადგა მოცემულ მომენტში.
-რისთვის რეკავ, სტეფანე? -ჰკითხა მან სრულიად უემოციოდ. ამ საღამოს, ნამდვილად არ სურდა ხასიათის გაფუჭება, თუმცა ეეჭვებოდა სატელეფონო კავშირის დასასრულს, ისეთ კარგ განწყობაზე დარჩენილიყო, როგორზედაც საუბრის დაწყებამდე გახლდათ
-რა მოხდა, ისედაც ათასში ერთხელ გეხმიანები, ასე უხეშად უნდა მიპასუხო? -დაუფარავი ირონია იღვრებოდა ბიჭის თითოეული სიტყვიდან -თანაც მეგონა ცოტათი მაინც მოგენატრებოდი
-მგონი, შენ უფრო მოგენატრე, რადგან ზარი სწორედ შენგან შემოვიდა ჩემს ნომერზე და არა პირიქით
ყურმილში ჯერ სტეფანეს დამცინავი სიცილი გაისმა, შემდეგ კი კვლავ მისი ხმა, ამჯერად, ირონიასთან ერთად ბრაზსაც რომ გამოხატავდა რაღაც დოზით.
-სისულელეს ნუ ამბობ, ლამაზო, ჩემი მშობლების მკვლელი რა მიზეზით უნდა მომნატრებოდა?
და აი, სწორედ მოცემულ მომენტში მოაწვა ლივიას გულსაც დაუოკებელი, ოკეანისხელა ბრაზი. იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ეს უკანასკნელი, გოგონამ ვეღარც იმ თვითშეკავების თავისთან დატოვება მოახერხა, მთელი ძალით რომ უჭერდა ხელს საუბრის დასაწყისში და ვეღარც უხეში ტონი გააკონტროლა.
-გაფრთხილებ, აღარასდროს გაბედო ამის მეტად ჩემთან დარეკვა! -ლამის უკივლა ტელეფონში ბიძაშვილს -მართალია შენი მოლეკულას ზომის ტვინი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, მაგრამ წარსულში მომხდარი, არც მე მტკენს ნაკლებად გულს, ამიტომ ჭრილობაზე მარილს ნუღარ მაყრი და თავი დამანებე! გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, ნაბი’ვარო!
-ტონს დაუწიე და წესიერად მელაპარაკე გოგო! -არც ბიჭმა დააკლო ყვირილი -წესით, ყოველ დღე უნდა გახსენებდე იმას, რაც შენი მიზეზით მოხდა, რადგან არასდროს დაივიწყო ამის შესახებ!
-აორთქლდი! აორთქლდი და ეს ნომერიც სამუდამოდ დაივიწყე!
სტეფანემ კიდევ რაღაც კომენტარი გაუკეთა მის სიტყვებს, თუმცა ლივიას აქედან აღარაფერი გაუგონია, რადგან ბოლო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მობილური ბიძაშვილის პასუხის დალოდების გარეშე მოაშორა ყურს და კავშირიც ნერვებმოშლილმა გაწყვიტა.
სტეფანეს ასეთი დამოკიდებულება, ის, რომ მშობლების ტრაგედიაში მას ადანაშაულებდა, გულს ბასრი დანებივით უკაწრავდა გოგონას. თავადაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რათა იმ ავბედითი დილისგან გამოწვეული ტკივილი ოდნავ მაინც გაეყუჩებინა, თუმცა სტეფანეს სიტყვები, მისი თვალები და მოქმედებები ყოველთვის იმ მწარე წარსულის ზღვაში ძირავდა, რომლისკენ გახედვასაც კი საშინლად უფრთხოდა გოგონა.
გარეთ მელოდიურად მოწკაპუნე წვიმა, კვლავაც არ აპირებდა გადაღებას. პირიქით, წვეთების ზომა თანდათანობით მატულობდა, რასაც დაჭრილი ცხოველივით მგრგვინავი ჭექა-ქუხილიც ერთვოდა ალაგალაგ. ასეთ ამინდში ძილი, ბავშვობიდან ძალიან უყვარდა გოგონას. მართალია, ჯერ კიდევ ადრე იყო დაძინებისთვის, თუმცა უწინდელი ზარისგან ნერვებმოშლილს, ახლა მხოლოდ ამ სამყაროსგან გამოთიშვა სურდა, თუნდაც ცოტა ხნით, ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე ააფუმფულა ბალიშები, მათზე ნებიერად მიწვა და ის-ის იყო, თვალებს ფარდა ჩამოაფარა, რომ ტელეფონზე, სრულიად უდროოდ გაისმა მორიგი ზარის ხმა. ვინაიდან, ცოტა ხნის წინ ყურმილი თანამოსაუბრის პასუხის მოსმენის გარეშე დაკიდა, მაშინვე იმ აზრმა გაუელვა გონებაში, რომ კვლავ სტეფანე ცდილობდა მასთან კონტაქტზე გამოსვლას. ამაზე, ორჯერ უფრო მეტად მოეშალა ნერვები. აფექტის მდგომარეობაში მყოფს, კვლავაც გაუჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება, ყურმილი ბრაზისგან შეკრული წარბებით აიღო, ისე, რომ ეკრანისთვის არც დაუხედავს და ზემდეტად უხეშად ჩასძახა:
-რა ჯანდაბა გინდა, რა?!
გარკვეული დროის განმავლობაში, დუმილის გარდა არაფერი ისმოდა მეორე მხრიდან. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ კი, მსუბუქ ჩახველებას, მამაკაცის ბოხი ხმაც მოჰყვა ყურმილში:
-მოდი გამოვიცნობ, ახლა შეყვარებულის ზარს ელოდებოდი, ვინც სავარაუდოდ რაღაც დააშავა და ტელეფონს ისე უპასუხე, რომ ეკრანზე არც დაგიხედავს, არა? -ჰკითხა სიცილით მან. ეს ხმა აშკარად არ ეკუთვნოს სტეფანეს და არც ლივიას რომელიმე კარგ ნაცნობს. საკმაოდ უცხოდაც ჟღერდა გოგონასთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც უხერხულად იგრძნო თავი, რადგან უდანაშაულო ადამიანს ასე უხეშად მიმართა და მაშინვე დაებადა გონებაში ბოდიშის მოხდის იდეა:
-მაპატიეთ, სულ სხვა ვიღაც მეგონეთ -ტუჩის კვნეტით იმართლა თავი ლივიამ -ხმაზე ვერ გიცანით, ვინ ბრძანდებით?
-ვინ ვბრძანდები და ის, ვისთანაც დღეს სამსახურის გასაუბრებაზე იყავი, ჩემო კარგო. ახლა გაგახსენდი?
ამ სიტყვების მოსმენისას, გოგონამ იმდენად ძლიერად შემოირტყა შუბლში ხელი, რომ თავის ტკივილიც კი დაეწყო. რატომ ვარდებოდა მუდამ ასეთ უხერხულ სიტუაციებში? რის გამო ემართებოდა მსგავსი სულელური რამები? დაეფიცებოდა, რომ საკუთარ ენაზე მჟავის გადასხმაც კი სურდა მოცემულ მომენტში და სადმე ახლომახლო რომ ჰქონოდა, დიდი ალბათობით გააკეთებდა კიდეც ამას.
-დიახ, დიახ, გამახსენდით ბატონო ჯაბა -საწოლიდან წამომდგარმა, მობოდიშების ტონით დაიწყო. უნდოდა ისიც ეთქვა, სულ გადამავიწყდა დღეს რომ სამსახურის თემაზე ვინმეს უნდა დაერეკაო, თუმცა საბედნიეროდ, ენას კბილი დროულად დააჭირა და სრულიად სხვა რამ ამოთქვა: -რახან რეკავთ, ესე იგი გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ ჩემთან დაკავშირებით
-ნამდვილად ეგრეა -ზედმეტი დაყოვნების გარეშე დაეთანხმა მოპასუხე მხარე -რაღაცების გადაფასების შემდეგ, არჩევანი სწორედ თქვენზე შევაჩერეთ, ამიტომ, თუ ისევ თანახმა ხართ, ხვალ ათ საათზე გელოდებით იქ, სადაც სერიალის გადაღებები მიმდინარეობს. მისამართს შეტყობინების სახით გამოგიგზავნით და გასაუბრებაზე ნახსენებ კონტრაქტსაც ადგილზევე მოაწერთ ხელს.
კმაყოფილებით აღსავსე გამომეტყველება გაჩნდა ლივიას სახეზე იმ წამს. მართალია, გრაფიკი მეტად რთული იყო, მაგრამ ანაზღაურების მხრივ, ნამდვილად სახარბიელო სამსახური ელოდა წინ, ამიტომ, აღარც ეს სირთულეები აშინებდნენ მაინცდამაინც. რა თქმა უნდა, დათანხმებას აპირებდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ჯერ კიდევ არ იცოდა ვისთან მოუწევდა მუშაობა, საწყის ეტაპზე, თანხმობის მიცემის მაგივრად, შეკითხვის დასმა აიძულა:
-მიხარია, თუკი ჩემზე შეაჩერეთ არჩევანი, მაგრამ ჯერ მაინტერესებს ვინ არის ის ადამიანი, ვისი გულისთვისაც დამიქირავეთ? -ნიკაპზე გაისვა ხელი ფიქრიანად. როგორც ელოდა, პასუხს ცოტა ხნით შეაგვიანდა, თუმცა საბოლოოდ, მაინც გაისმა ტელეფონში ჯაბას ბოხი ხმა:
-მართალია ამის თქმას მანამ არ ვაპირებდი, სანამ კონტრაქტზე არ მომიწერდით ხელს, მაგრან გადავწყვიტე მაინც გითხრათ -რამდენიმე წამიანი პაუზა აიღო, ღრმად ამოისუნთქა და აღიარებაც გააკეთა -მოკლედ, თქვენ სანი დარსაველიძესთან იმუშავებთ. იმაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ მჭირდება იმის ახსნა ვინ არის ეს ადამიანი. ზუსტად ვიცი ისედაც გეცოდინებათ.
-სანი დარსაველიძე? სერიოზულად ამბობთ? -საწოლიდან თითქმის პირდაღებული, ინსტიქტურად წამოდგა და თვალები ლამის ორი ზომით დიდი გაუხდა ლივიას. ეს მსახიობი, მართლაც საკამოდ ცნობილი გახლდათ საქართველოს მასშტაბით და გოგონას მისი ყველა ფილმი უკლებლივ ჰქონდა ნანახი. თბილისში, სულ რაღაც ორი წლის ჩამოსული გახლდათ რუსეთიდან, უმცროს ძმასთან, დაჩისთან ერთად და უკვე მოესწრო ისეთ წარმატებულ პროექტში მონაწილეობა, როგორც ალექსანდრე იასაღაშვილის დეტექტივის "მგლის ბილიკის" მიხედვით გადაღებული ფილმი იყო, სადაც, გერმან ბაზილის როლზე გახლდათ დამტკიცებული. საქართველოში ჩამოსვლამდე, რუსეთსა და კიევში ჰქონდა საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა დარსაველიძეს და იქაც საკმაოდ ცნობილ, მაღალრეიტინგულ ფილმებში ეთამაშა მთავარი როლები. მოსკოვში დაბადებულსა და გაზრდილს, ჯერ კიდევ შემორჩენოდა საუბრისას სლავური აქცენტი და ხშირად, უნებურად რუსულ სიტყვებსაც კი ურევდა საუბრისას. ამის გამო, ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებში მონაწილეობა ცოტათი უჭირდა კიდეც, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც იდეალურად უმკლავდებოდა ამ რთულ ამოცანას.
ნაწარმოებ -"მგლის ბილიკის" მიხედვით გადაღებულ ფილმს, თავის დროზე, მართლაც საოცრად დიდი წარმატება ხვდა წილად. "მანდარინების" შემდეგ, ეს პირველი ქართული ეკრანიზაცია იყო, რომელიც, ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე იქნა წარდგენილი, თავისი პოპულარობის გამო. მართალია, ფილმმა "ოქროსფერი ქანდაკების" მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მეტად კარგი შეფასება მოჰყვა ჟიურის წევრების მხრიდან და ამის გამო, საკმაოდ ბევრ ენაზეც იქნა თარგმნილი, სხვადასხვა ქვეყნებში.
ერთ წამში წარმოქმნილი ათასგვარი ფიქრი, ყურმილის მეორე მხარეს მყოფი ჯაბას ხმამ გააწყვეტინა გოგონას, ვისი არსებობის შესახებაც სრულიად დავიწყებოდა მოსმენილი სახელისა და გვარისგან შოკირებულს.
-მესმის თქვენი გაკვირვება -თბილი ხმით ამბობდა მამაკაცი ამ სიტყვებს -სანი, ადამიანთა უმეტესობის თვალში მეტად მშვიდი, უპრობლემო პიროვნებაა და ალბათ სწორედ ამიტომაც გქონდათ მსგავსი რეაქცია.
ლივია გულწრფელად დაეთანხმა ამ სიტყვებზე:
-ჰო, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად გაკვირვებული ვარ. ინტერვიუებსა და ჩაწერებზე ისეთი სასიამოვნო მოსაუბრის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიკვირს რეალურ ცხოვრებაში მეთვალყურე რომ დასჭირდა თავისი ქცევების გამო.
-აჰა, ანუ მის ინტერვიუებსა და ჩაწერებს თვალს აქტიურად ადევნებთ -ღიმილიანი, ოდნავ ნასიამოვნები ტონი ჰქონდა ჯაბას, თუმცა გოგონას მაინც ეუხერხულა ასე ღიად, თანაც მიამიტურად რომ გასცა საკუთარი თავი. უნდა ეღიარებინა, სანი დარსაველიძე, განსაკუთრებულად სიმპათიურ მამაკაცთა სამეულშიც კი ჰყავდა შეყვანილი, საკუთარ გონებაში. ყველაზე მეტად, მაინც ბიჭის ღიმილი მოსწონდა ლივიას. ამის გამო, ბევჯერ, დაუპაუზებია და რამდენიმე წუთის განმავლობაშიც კი უყურებია ინტერვიუს იმ კონკრეტული მომენტისთვის, სადაც სანის ღიმილი ფიქსირდებოდა.
-თქვით მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნითო, არა? -ჯაბას კითხვაზე პასუხის გაცემას, ოსტატურად აარიდა თავი, საკუთარი შეკითხვის დასმით. საბედნიეროდ, აღარც მამაკაცს უცდია ძველ თემას მიბრუნებოდა და იგიც მომენტალურად გადაერთო ახალზე.
-ჰო, როგორც კი გაგითიშავთ, მაშინვე მოგწერთ. და ეცადეთ არ დააგვიანოთ. მართალია მე დიდად პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ანთისამ შეიძლება ერთი წუთის გადაცილებაზეც კი ტყვიამფრქვევით მოგაყაროთ საყვედურები, რახან თქვენი პირველი სამუშაო დღეა ხვალ.
-ბატონო ჯაბა, იქნებ უკვე დროა შენობით ტონზე გადმოსულიყავით ჩემთან? -ბაგეებზე გამოსახული ოდნავი ღიმილით შეეკითხა გოგონა -მომართვისას, "თ"-ს რომ იყენებთ, თავი ძალიან დიდი მგონია და ცოტა უცნაური გრძნობა მაქვს.
-კარგი, როგორც მეტყვი ლივია -გაეცინა -ოღონდ თავადაც შენობით უნდა მომმართო, მეც არ ვიტყოდი უარს ახალგაზრდულად მეგრძნო თავი.
-შენი ნებაა ჯაბა -სწრაფად შეუსრულა გოგონამ თხოვნა და გააცნობიერა კიდეც აღნიშნულ წამს, რომ ეს ადამიანი, პიროვნულად საკმაოდ სასიამოვნო საურთიერთო იყო -თუ ასეა, მისამართი მომწერე და ხვალ ადგილზე ვიქნები.
-რა თქმა უნდა, ოღონდ დაგვიანებაზე რაც გითხარი არ დაგავიწყდეს, Okay?
-Okay -კვლავ ღიმილით მიუგო გოგონამ საპასუხოდ და ხანმოკლე დამშვიდობების შემდეგ, ყურმილის დაკიდების ღილაკსაც სწრაფადვე დააწვა.
ესეც ასე! სამსახური უკვე მისი იყო და შეეძლო კარგი დანაზოგიც გაეკეთებინა ამის წყალობით. თან ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ თავად სანი დარსაველიძის ყურება მოუწევდა დღის უდიდესი მონაკვეთის განმავლობაში, რაც, მაინც სასიამოვნო სიახლედ ითვლებოდა გოგონასთვის. მიუხედავად ჯაბასა და ანთისას მონათხრობისა, მაინც ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ყოფილიყო სანი ასეთი რთული ასატანი, მაშინ, როდესაც ამდენად საოცარ, ქარიზმატულ ან თუნდაც მაგარ ტიპებს ანსახიერებდა სერიალებსა თუ ფილმებში. გულის სიღმეში, ლივიას ყოველთვის სჯეროდა, რომ მსახიობი, კონკრეტული როლის იდეალურად მორგებას ვერაფრით შეძლებდა, თუკი რაღაც მხრივ თავადაც არ ჰგავდა იმ პიროვნებას, რომელსაც ანსახიერებდა. სწორედ ამიტომ არ სჯეროდა ბოლომდე ის ამბები, რაზეც დარსაველიძეზე მენეჯერები ყვებოდნენ და სხვისგან გაგონილს, ამჯერადაც საკუთარი თვალით ნანახი ერჩივნა.
გოგონა საწოლზე კმაყოფილი დაეცა და კვლავ ედ შირანის პლეილისტი ჩართო. სტეფანეს უწინდელი ზარის შემდეგ, აშკარად ხასიათზე მოეყვანა ამ ახალ ამაბავს და ზომაზე მეტად გახარებული, მთლიანად მუსიკის სამყაროშიც აპირებდა გადაშვებას, რომ კარზე კაკუნის ხმამ, სასიამოვნო ფიქრებიდანაც გამოარკვია და ნაზი მელოდიის ხმაც გადაფარა რაღაც დროით.
როგორც ჩანდა, სახლში კაკი დაბრუნებულიყო ნაადრევად, ვისი მოსვლის ხმაც, ალბათ ტელეფონზე საუბრის გამო ვერ გაეგო გოგონას. იმის გამო, რომ ბიჭი ყოველთვის აკაკუნებდა შემოსვლის წინ და არც მანამდე გადმოაბიჯებდა ზღურბლს, სანამ სიტყვა "შემოდის" არ გაიგებდა, ლივია კარს თითქმის არასდროს ტოვებდა ხოლმე დაკეტილს. კაკისთან ერთად ცხოვრება, ამ მხრივაც კომფორტული იყო. ბიჭმა ყოველთვის იცოდა თავისი ადგილი, არც ხმაურობდა და ზედმეტადაც არასდროს აწუხებდა ხოლმე მეზობელს.
მოულოდნელი სტუმრის წვევის გამო, ედ შირანის პლეილისტის მოსმენის კვლავ სხვა დროისთვის გადადება მოუწია ლივიას და თავისი გრძელი ჟაკეტის მოცმის შემდეგ, სწრაფად გაემართა კარის გასაღებად. ზღურბლის მეორე მხარეს, მართლაც კაკი იდგა, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი და გრძელი, ქერა თმა, ამჯერად მაღლა ჰქონდა აკრული.
-უკვე დაბრუნდი? -ჰკითხა ლივიამ მაშინვე, თან უკეთ შეთვალიერების შემდეგ დაამატა -ვაუ, აკრულ თმებში პირველად გხედავ, ძალიან გიხდება
-ჰოო? -აშკარად ესიამოვნა ბიჭს მოსმენილი კომპლიმენტი
-ტყულები არ მიყვარს, ეგ მაინც იცი ჩემზე
-მართალია ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ აი მაგაში დარწმუნებული გარ -გაეცინა და გოგონას თვალებში, კითხვის ნიშნების დანახვისას, გადაწყვიტა თავისი მოსვლის მიზეზიც აეხსნა -გზად, მაკდონალდში შევიარე და როიალ-ბურგერები ვიყიდე, თუ გშია წამოდი, შენთვისაც წამოვიღე.
ლივიას მართალია ცოტა ხნის წინ მთელი შეკვრა ორცხობილა ჰქონდა ნაჭამი, თუმცა ბურგერის ხსენებაზე, მისმა კუჭმა თითქოს მაშინვე დაიწყო ადგილის გამოთავისუფლება დამატებითი საკვებისთვის და გოგონაც სიამოვნებით დათანხმდა მიღებულ "შემოთავაზებას".
-სიმართლე გითხრა, უარს არ ვიტყოდი -სიმსუნაგის გამომხატველად გადაიტარა ქვედა ტუჩზე ენის წვერი, თან უფრო მაგრად შემოიხვია ტანზე თავისი სქელი, შალის მოსაცმელი, ყველაზე მეტად რომ ეკომფორტულებოდა თავისი გარდერობიდან.
სამზარეულოში, ერთად გავიდნენ ლივია და კაკი. ბიჭს, ბურგერები უკვე გადაენაწილებინა თეფშებზე, მაგიდაზე ცხარე საწებელიც დაედო, ხილის წვენებთან ერთად და როგორც ჩანდა, არც მდნარი ყველის სოუსი დავიწყებოდა ასე ძალიან რომ უყვარდა ლივიას.
-ოჰოო, აი ეს მესმის -ბაგეებზე მომდგარი ოდნავი ღიმილით მიუახლოვდა სკამს გოგონა -სერიოზულად მომზადებულხარ აკაკი
ბიჭმა წარბები შეჭმუხნა.
-თუ არ გინდა ახლა ლეკვივით მშიერი დაგტოვო, სრული სახელით ნუღარასდროს მომმართავ
-არადა, როგორ მომწონს შენი სრული სახელი -ამჯერად უკვე მენთოლისფერი მაგიდის თავში მჯდომმა მიუგო -ძალიან მაინტერესებს თავად რას ერჩი ასე რომ აითვალწუნე?
-გემოვნებაზე არ დაობენო, ხომ გაგიგია? რაც შენ მოგწონს, შეიძლება სხვას დილის ექვს საათზე ადგომასავით ეზიზღებოდეს
-კარგი, არ ვიცოდი მთლად ასეთ დამოკიდებულებაშიც თუ იყავი მაგ სახელთან, თორემ საერთოდ არ გიხსენებდი -სიცილით მიიწია თავისი თეფში ლივიამ ახლოს და იქედან ორივე ხელით აიღო მოზრდილი ბურგერი -ჰო მართლა, დღეს სამსახურში ამიყვანეს
-სამსახურში?
-აჰაამ -თავი დაუქნია -არ გახსოვს გუშინ რომ გითხარი გასაუბრებაზე მივდივარ-მეთქი? სწორედ იქედან დამირეკეს ცოტა ხნის წინ
სკამის საზურგეს ნებიერად მიწოლილმა კაკიმ თავისი ბურგერი ჩაკბიჩა და აქედან რამდენიმე წამში, ღიმილიც გაუკრთა თვალებში.
-მიხარია, გილოცავ -მხოლოდ მაშინ მიუგო, როდესაც ლუკმა გადაყლაპა -ანუ, ახლა მსახიობებთან გექნება ურთიერთობა და შოუ-ბიზნესის სფეროსაც დაუახლოვდები
-ჰო, მგონი ეგრეა -პირგამოტენილმა ოდნავ დაუქნია თავი -თუმცა იმის ვინაობამ, ვისთანაც უნდა ვიმუშავო, რეალურ შოკში ჩამაგდო. შენც გაგიმხელ ოღონდ ეს საიდუმლოა და არავისთან არ უნდა წამოგცდეს.
-ასეთი ვინ არის? ბრედ პიტი?
-არა, ბრედი ნამდვილად არაა -გაეცინა გოგონას, მერე კი, მაღლა აზიდული წარბებით დაამატა -თუმცა არც სანი დარსაველიძის სახელის გაგება გამკვირვებია პიტზე ნაკლებად.
-სანი დარსაველიძე? -ჭამა მაშინვე გაწყვიტა კაკიმ ამის გაგებისას. თვალებში, მასაც უზომო გაკვირვება ჩასდგომოდა ლივიას მსგავსად და როგორც ჩანდა, ხელში დაჭერილი ბურგერი ჯერჯერობით აღარც აინტერესებდა.
-ჰო, მეც ზუსტად მსგავსი რეაქცია მქონდა, როცა ეს გავიგე. გერმან ბაზილს ისე პროფესიონალურად და დახვეწილად ანსახიერებდა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამდენად უსიამოვნო შეიძლება იყოს.
-კი მაგრამ, ეგ ის ტიპი არ არის, რუსეთსა და უკრაინაში რომ ჰქონდა სამსახიობო კარიერა, თბილისში ჩამოსვლამდე?
-სწორედ ეგაა -სიტყვითაც ისევე დაუმოწმა გოგონამ, როგორც თავის დაქნევით -თუ მის მენეჯერებს დავუჯერებთ, რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ პრობლემატური პიროვნებაა და მუდმივად შარში გახვევისკენ აქვს მიდრეკილება. მე კი მევალება ტყავიდან გამოვძვრე, რათა ახალი სერიალის გადაღების დასრულებამდე, მის შესახებ პრესაში არავითარმა ცუდმა ინფორმაციამ არ გაჟონოს.
გარეთ, წვიმა თანდათანობით მატულობდა. სამზარეულოდან ქუჩის მხარეს გამავალ ფანჯრები მთლიანად ცივი ორთქლით იყო დაფარული და იქედან დაბურულად ჩანდა ციდან გადმოცვენილი გამჭვირვალე წვეთები. ასეთი ამინდი, გამორჩეულად უყვარდა კაკის. სწორედ ამიტომ, ახლაც განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო და ყოველივე ეს, სახეზეც ნათლად ეტყობოდა.
-აჰა, ესე იგი მისი ძიძობა გევალება რაღაც მხრივ -თქვა მან, როდესაც ბურგერში ცხარე საწებელი ჩაასხა.
-თეორიულად ასეა, თუმცა იმედს ვიტოვებ, მთლად ისეთი აუტანელიც არ იქნება, როგორადაც ახასიათებენ -მიუგო, თან უკმაყოფილო თვალებითაც ახედა ჭერს, რომელიც, ლამის ჩამოეღოთ მეზობლის ბავშვებს, შემაწუხებელი ბრახუნისგან -არა რა, ამათ სახელზე ერთ დღეს საჩივარს დავწერ. უკვე იმისიც მეშინია იატაკი არ ჩამოანგრიონ და ჩვენთან არ ჩამოვარდნენ.
კაკის ღიმილი მოჰგვარა ლივიას რეაქციამ. თვითონ სრულებითაც არ უქმნიდა დისკომფორტს გამუდმებული ხმაური, რადგან ბუნებით ძალიან წყნარი გახლდათ, თუმცა მაინც გადაწყვიტა გოგონასთვის მხარი დაეჭირა.
-თუ გინდა ავალ და ვეტყვი, რომ ცოტა ჩუმად იყვნენ -შესთავაზა -არა მგონია, იმდენად უხეში ხალხი იყოს, რომ პოლისჯოხი წამომაწიონ გზაში
-შეეშვი, ამის გამო ვახშმობას რატომ წყვეტ? -სკამიდან წამოსადგომად მომართული, მაშინვე გააჩერა -გაჩუმდებიან აბა რას იზამენ, მთელი დღე ასე ხომ არ იხტუნებენ? მეც უნდა გამოვიმუშავო შენნაირი ნებისყოფა, სხვანაირად არ გამოვა.
-დარწმუნებული ხარ, რომ გაძლება შეგიძლია?
-კი, სრულიად -მხიარულად ჩაეცინა გოგონას -მიდი, დაჯექი, მარტო ჭამა ძალიან არ მიყვარს, ხომ იცი?
-კარგი, კარგი, ვჯდები, თუმცა ნებისყოფის გამომუშავებას რაც შეეხება, ჯობია მაგაზე ახალ სამსახურში მისვლისას იზრუნო. თუკი შენი სელებრითი მართლა ასეთი პრობლემურია, არა მგონია ცოტა ძალისხმევა დაგჭირდეს მასთან გასამკლავებლად.
-ჰო, ამაში ასი პროცენტით გეთანხმები -ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანივით ამოიხვნეშა, შეკრული წარბებით მოკბიჩა თავისი ბურგერი და სკამის საზურგეს მიყრდნობილმა, ამჯერად იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გაიცნობდა პირადად, საქვეყნოდ განთქმულ სანი დარსაველიძეს მომდევნო დღეს.






8 8 8 8
დილით, მაღვიძარას წრიპინა ხმამ მოწყვიტა ლივია მშვენიერ სიზმარს, რომლის ნახევარი, გაღვიძებიდან ათ წამში ნორმალურად უკვე აღარც კი ახსოვდა. ვინაიდან ჯერ კიდევ ცხრის ნახევარი იყო, გადაღებებზე კი დილის ათ საათზე უნდა ყოფილიყო, გადაწყვიტა ათი წუთით კიდევ გაეგრძელებინა საწოლში ნებივრობა, მანამ, სანამ ადგებოდა. ზოგადად, ახალგაღვიძებულზე ასეთი გახლდათ -თვალების გახელის თანავე ლოგინიდან წამოდგომა არაფრით შეეძლო და გარკვეული დრო ნებივრობას კიდევ აგრძელებდა ხოლმე. ამ ჯერზეც სწორედ ასე მოიქცა, თუმცა სანანებელიც გაუხდა ყოველივე ეს, რადგან, როდესაც მეორე ჯერზე მიაპყრო თვალები ჭერს, ისრები უკვე ათის ნახევარ უჩვენებდნენ. ამის გააზრება და საწოლიდან კისრისტეხით წამოვარდნა ერთი იყო. ჩაცმის დროც კი აღარ ჰქონდა იმდენად ეჩქარებოდა. ამის გამო, პირდაპირ პიჟამოებზე ამოიცვა თავისი ბოტასები, თმა სახელდახელოდ აიწია, აბაზანაში დილის პროცედურების ჩასატარებლად შევარდა და ცხოვრებაში პირველად, იქედან რეკოდრდულ დროში -ორ წუთში გამოვიდა ხელ-პირის დაბანის, კბილების გამოხეხვის, დილის კრემის წასმისა და დეოდორანტის გამოყენების შემდეგ.
გოგონას არსებობის განმავლობაში, პირველად ხდებოდა, რომ სადღაც ასეთი მოუწესრიგებელი მიდიოდა, თანაც საღამურებით, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო ყველაზე ნაკლებად ჰქონდა. რა დროს ჩაცმულობაზე ფიქრი იყო, როდესაც ახალ სამსახურში, პირველივე დღეს ასე კატასტროფულად აგვიანებდა?!
საძინებელი ოთახიდან ზურგჩანთით ხელში გავარდნილს, კაკი უკვე წასული დაუხვდა. ამას იმით მიხვდა, რომ საკიდზე ბიჭის ქურთუკი უკვე აღარ ეკიდა და აღარც მისი კედები ჩანდა გასასვლელთან მდგომ ფეხსაცმელების სათავსოში. მაჯაზე შემოხვეულმა საათმა, საზეიმოდ აცნობა, რომ მისვლამდე სულ რაღაც ოცი წუთი ჰქონდა დარჩენილი, თანაც მაშინ, როდესაც გადასაღები მოედანი, მისი სახლიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. ვინაიდან დროში იწვებოდა, ტაქსის გამოძახების აპლიკაციაში ბინიდან გავსლის თანავე შევარდა და კიბეების ჩარბენისას, უკვე მგზავრობის საფასურიც ჰქონდა გადარიცხული, საბარათე გადახდის მეშვეობით.
ლივიასდა საბედნიეროდ, ტაქსის მანქანა ზუსტად ორ წუთში გაჩნდა დანიშნულების ადგილას. თუკი გაუმართლებდა და გზაში საცობი არ იქნებოდა, შეეძლო დროულადაც მისულიყო გადაღებებზე და პირველივე დღე, სამარცხვინო დაგვიანებით არ გაეფუჭებინა.
-თუ შეიძლება, აი ამ მისამართზე მიმიყვანეთ და რაც შეიძლება სწრაფად იარეთ, ძალიან გთხოვთ -უკანა სავარძელზე მოთავსების თანავე, ტელეფონის ეკრანზე გამოსახული, ჯაბას მოწერილი მისამართი აჩვენა მძღოლს, გოგონამ -თუნდაც ორასლარიანი ჯარიმა გამოგიწერონ სიჩქარის გადაჭარბებისთვის, გადახდას საკუთარ თავზე ვიღებ, ოღონდ იქამდე დროულად მიმიყვანეთ
-დრო რამდენი გვაქვს? -ღიმილით მოუტრიალდა ახალგაზრდა, ლურჯკეპიანი მძღოლი, თან მანქანის ძრავაც აამუშავა, რათა ზედმეტი წამები არ დაეკარგა. გოგონას ტანზე, საღამურების დანახვისას, ოდნავ ჩაეცინა კიდეც, თუმცა ყოველივე ეს დიდად არ შეიმჩნია და კვლავ ჩვეულებრივი გამომეტყველება მიიღო
-მხოლოდ თხუთმეტი წუთი დამრჩა. ძალიან გთხოვთ, ვიჩქაროთ რა -კიდევ ერთხელ დახედა მაჯის საათს ლივიამ ამის თქმისას. ოღონდ ახლა არ დაეგვიანა და იმაზეც თანახმა იყო, თავის საყვარელ ორცხობილას ერთი თვის განმავლობაში აღარ გაჰკარებოდა. ჯაბა კიდევ იმდენად საშიში არ ჩანდა, თუმცა ანთისას კლდესავით შეუვალი, მკაცრი მზერის გახსენებისას, აშკარად გრძნობდა იმ მაღალანაზღაურებადი სამსახურის უკვალოდ აორთქლების საფრთხეს, იღბლიანი ჩემოდნის მსგავსად რომ დაეცა თავში, სრულიად მოულოდნელად.
ტაქსის მანქანა, საკმაოდ დამაკმაყოფილებელი სიჩქარით დაიძრა დანიშნულების ადგილისკენ. ლურჯკეპიანი მძღოლი უხმოდ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მართავდა მანქანას, რაც, მგზავრობის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გაუკვირდა კიდეც ლივიას. როდესაც ტაქსისში ჯდომისას მანქანას ბიჭი მართავდა, ძირითადად, გოგონასთან გამოლაპარაკებად ცდილობდა ხოლმე, თუნდაც შეფარულად, აი ეს კი, კრინტსაც არ ძრავდა და საჭეს ისე ატრიალებდა, თითქოს ვიღაცის მიერ პულტით იმართებოდა რომელიღაც უცხო, უხილავი განზომილებიდან.
საბედნიეროდ, გზაში არავითარ საცობში არ მოხვედრილან ლივიასთვის ჯერ კიდევ უცნობი ჩიხებით სიარულის წყალობით, რომელთათვისაც, აქამდე ერთხელაც კი არ მოეკრა თვალი გოგონას.
სასიამოვნო ამინდი იყო. წინა დღისგან განსხვავებით, არც წვიმის მსხვილი წვეთები ცვიოდა ზემოდან და არც ნაცრისფერი ედო ცის კაბადონს. ამის მაგივრად, მზის მოალერსე სხივები ეფრქვეოდა თბილისის უბნებს და ქუჩებშიც სასიამოვნო განწყობა დასეირნობდა, თავის საქმეებზე მოსიარულე ადამიანებთან ერთად. კარგმა ამინდმა, ლივიაზეც საკმაოდ დადებითად იმოქმედა და მანქანაში ჩაჯდომიდან სამი წუთის შემდეგ, თითქმის ყველანაირი დაძაბულობა ჰქონდა მოხსნილი, რაც კი თავდაპირველად აწუხებდა. აღარც დაგვიანებაზე ნერვიულობდა იმდენად, რადგან გზად, საცობი არ შეხვედრიათ და სწრაფადაც მიიწევდნენ საბოლოო გაჩერებისკენ.
საბედნიეროდ, დაგვიანებას არ დაულაქავებია მისი ახალი სამსახურის პირველი დღე. გადაღებებზე, დათქმულ დროზე ზუსტად ერთი წუთით ადრე აღმოჩნდა და უნდა ეღიარებინა, რომ ცხოვრებაში პირველად ჰქონდა ისეთი მომენტი, როდესაც შვებით ამოსუნთქვამ ფილტვების ტკივილიც კი აგრძნობინა. გახარებულს, ლამის ისიც კი გადაავიწყდა ტაქსის მძღოლისთვის მადლობა გადაეხადა, დროულად მოყვანის გამო, თუმცა საბოლოოდ ეს მაინც გააკეთა და სალონიდან სწრაფად გადმოვიდა, რათა ანთისასა და ჯაბას რაც შეიძლებოდა მალე მოხვედროდა მხედველობის არეალში.
გადასაღებ მოედანზე, გოგონასდა გასაოცრად, სრული სიმშვიდე შეინიშნებოდა. ოპერატორები და მსახიობები, საქმის კეთების ნაცვლად, შეზლონგ-სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და უკმაყოფილების გამომხატველი სახეებით ან სივრცეში იყურებოდნენ, ან თავიანთ მობილურებს ჩაშტერებოდნენ.
გადასაღები მოედნის ბოლოში, კამერებისგან და აპარატურისგან მოშორებით, თეთრი საგრიმიორო ფურგონი იდგა, რომელში შესასვლელი კარიც რატომღაც დაკეტილი იყო და არც ფანჯრებზე ჩამოფარებული მუქი ფარდების მიღმა ჩანდა რამე. ანთისა და ჯაბა, ფურგონიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამომსხდარიყვნენ, დილის ყავას შეექცეოდნენ მოზრდილი ფინჯნებიდან და თვალებზეც, ზუსტად ერთნაირი, დაბურულმინებიანი სათვალეები ჰქონდათ მორგებული.
ვინაიდან ლივია გადასაღებ მოედანზე მათ გარდა ჯერ არავის იცნობდა და არც სანი ჩანდა სადმე, ფეხებმა უნებურად წაიყვანეს ანთისასა და ჯაბას მიმართულებით, რომლებმაც, მხოლოდ ბოლო წამს გაიგეს გოგონას მიახლოება და თავიანთ ყავის ჭიქებსაც მოწყდნენ გარკვეული დროით.
-ოჰოო, გერმანული დროით მოსვლაც ამას ჰქვია -სათვალე, მელოტ თავზე აბადოკივით გადაიწია ჯაბამ და კმაყოფილების გამომხატველი ღიმილით დააჯილდოვა ახლადმოსული -შენდა სამწუხაროდ უნდა გაცნობო, რომ პირველივე დღეს უსიამოვნებასთან მოგიწია შეჯახება
-უსიამოვნებასთან? -ეჭვით იკითხა, მერე კი იქაურობას მზერა მოატარა და მორიგი შეკითხვაც დასვა -ჰო მართლა, სანი აქ არის?
-კი, და გილოცავ, ჯერ არ მოსულხარ და უკვე პრობლემებს ქმნის -ამჯერად ანთისა გაეპასუხა, ვისაც, ფინჯანზე ბეჭდიანი თითები ლამაზად შემოეხვია და ინგლისის დედოფალივით მედიდურად იჯდა თავის "ტახტში".
-რა ხდება? ასეთი რა ჩაიდინა?
-რაღაც ახალი თამაში გადმოწერა ტელეფონში და ამბობს სანამ ბოლო ტურს არ დავხურავ, გადაღებებს არ დავიწყებო. აშკარად რთული დღე გელოდება, ტკბილო -უკმაყოფილოდ მოსვა ცხელი კოფეინი თავისი ფინჯნიდან ანთისამ
-მე შევაკითხვავ, იქნებ შევძლო და დავითანხმო
-ეგ უკვე ყველამ ვცადეთ, მაგრამ კარი შიგნიდან აქვს ჩაკეტილი -ოდნავ წამოზრდილ, საკმაოდ მოვლილ წვერზე დაატარებდა ხელს ჯაბა, თან ჩაფიქრებულ მზერას ვერ იშორებდა სახიდან.
-რავიცი, რავიცი, ცდა ბედის მონახევრეაო, მაინც წავალ იქნებ რამეს გავხდე და მისი იქედან გამოყვანა მოვახერხო
-შენ თუ მაგას შეძლებ, გპირდები ფეხზე დამდგარი დაგიკრავთ ტაშს მე და ანთისა
-ფეხზე შენ თვითონ ადექი ჯაბა, მე კი უბრალოდ ტაშის დაკვრას დავჯერდები -მედიდური ღიმილით გადახედა ქალმა კოლეგას, მერე კი ლივიას დაუბრუნდა მზერით -მიდი საყვარელო, თუ რამე გაქვს გეგმაში, გირჩევნია დროულად გაანძრიო ერთი ადგილი, თორემ ვისაც გარშემო ხედავ, ყველას მუშაობის დასრულებისა და შინ დროულად წასვლის სურვილი აწერია სახეზე
სიტყვების თქმას, ამ შემთხვევაში, ლივიამ უბრალოდ თავის დაქნევა ამჯობინა და ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე გაემართა თეთრი ფურგონისკენ, სადაც გადაღების მთავარ მსახიობს საკუთარი პირადი სივრცე ჰქონდა მოწყობილი. უნდა ეღიარებინა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა გაეკთებინა ასეთ სიტუაციაში, თუმცა არც უმოქმედოდ ყოფნა გამოვიდოდა, ამიტომ, გულხელდაკრეფილი დგომას მაინც მცდელობა ამჯობინა და ფურგონთან მიახლოებულმა, რკინის კარზე, რომლის მიღმაც სანი ეგულებოდა გაუბედავად დააკაკუნა. ამის შემდეგ რამდენიმე წამით მოცდა გადაწყვიტა, რათა შიგნიდან გამოსული ხმებისთვის მიეყურადებინა, თუმცა იქედან ერთი პატარა გაფაჩუნებაც არ გაუგია. როგორც ჩანდა, შიგნით მყოფს ან მართლა არ ესმოდა კაკუნის ხმა, ან ესმოდა და იგნორის ტაქტიკას მიმართავდა აქტიურად. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და გადაწყვიტა მეორეჯერაც ეცადა. საერთოდ არ სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ მთელი გადამღები ჯგუფის ყურადღება, სწორედ მისკენ იყო მიპყრობილი და სურვილი კლავდა, რაც შეიძლებოდა მალე მოხვედრილიყო ზღურბლის მეორე მხარეს, მათი მზერებისგან შორს. სანი რომ კარის გაღებას არ აპირებდა, ეს უკვე კარგად გააცნობიერა, როდესაც მორიგი მცდელობა დაასრულა კრახით. საჭირო იყო რაღაც სხვა ხერხი მოეფიქრებინა. ისეთი, რაც მსგავს სიტუაციაში ბევრად უფრო ჭკვიანური იქნებოდა, ვიდრე ფურგონთან დგომა და რკინის კარზე უშედეგო ბრახუნი იყო. ფიქრისთვის ზედმეტად დიდი დროის დახარჯვა ნამდვილად არ დასჭირვებია. თუკი სხვა გზით კარის მეორე მხარეს მოხვედრას ვერ ახერხებდა, გადაწყვიტა საკეტი გაიძვერული მეთოდებით გაეხსნა და ჩანთიდან ის დასაკეცი წვრილწვერიანი დანა ამოაცურა, სტეფანემ რომ აჩუქა მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე. მსგავსი მეთოდი არაერთხელ გამოეყენებინა მაშინ, როდესაც სახლიდან გასულს, გასაღებიც წაღება დავიწყებოდა. კლიტეს გასახსნელად, ასეთ დროს, სწორედ ამ მოსახერხებელ დანას მიმართავდა ხოლმე საშველად და ამჯერადაც მსგავსი გზით გადაწყვიტა სიტუაციის მოგვარება. საყვარელმა ნივთმა არც ამჯერად უმტყუვნა ლივიას. საბედნიეროდ, კლიტეს რთული მექანიზმი არ აღმოაჩნდა, რის გამოც, იგი საკმაოდ მარტივად გახსნა, საკუთარ გამარჯვებას შვებით ამოსუნთქვაც მოაყოლა და ისე, რომ ირგვლივ არავისთვის და არაფრისთვის შეუხედავს, ფორგონის კარი სწრაფად გამოაღო.
შიგნით ყველაფერი ზუსტად ისე იყო მოწყობილი, როგორც თეატრის საგრიმიორო ოთახი. მთელ სიგრძეზე გაყოლებულ საკიდებზე სხვადასხვანაირი ტანსაცმელი იყო ჩამწკრივებული. მარცხენა მხარეს, ზუსტად ფურგონის შუაში, დიდი, სარკიანი მაგიდა იყო მიდგმული. მის ზედაპირზე, მსახიობებისთვის განკუთვნილი მაკიაჟის ნაკრებები, სამკაულებისათვის განკუთვნილი მოზრდილი ყუთები და სხვადასხვა წვრილმანი ნივთები იდო. ყველაფერი ისე გემოვნებიანად და მდიდრულად გახლდათ მოწყობილი, ლივია მაშინვე მიხვდა, რომ ეს ახალი პროექტი, რომელიც ტელეეკრანებს ჯერ კიდევ არ ეხილა, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი უნდა ყოფილიყო.
გოგონამ საგრიმიორო კუთხის თვალიერებას თავი მიანება და ამჯერად, ფურგონის ბოლოდან წამოსული ხმის მიმართულებით მიატრიალა თავი. სწორედ იქ, შინდისფერ ტყავის დივანზე, მობილურით ხელში მოკალათებული მამაკაცი მას ინტერესით სავსე მზერით ბურღავდა და თვალებში მხოლოდ ის შეკითხვა ეწერა, თუ რატომ დაარღვიეს მისი სიმყუდროვე ასე უხეშად. გოგონამ მოზრდილი ნერწყვი გადააგორა გამშრალ ყელში. საქვეყნოდ ცნობილ, პოპულარობის ზენიტში მყოფ სანი დარსაველიძეს, მართლაც რომ პირველად ხედავდა ამდენად ახლო მანძილიდან და ეს ყველაფერი იმაზე ბევრად უფრო მეტად ეუცნაურებოდა, ვიდრე აქ მოსვლამდე, ტაქსის უკანა სავარძელზე მჯდომი ფიქრობდა.
დივანში არხეინად მოკალათებული მსახიობი, კვლავ თვალმოუშორებლად უმზერდა ლივიას. თქმით არაფერს ამბობდა და არც ინძრეოდა, თუმცა მზერითაც კი ახერხებდა გოგონას შინაგან სამყაროში დიდი არეულობის გამოწვევას და იმის მიღწევას, რომ საუბრის წამოსაწყები სიტყვების პოვნა გასჭირვებოდა ამ უკანასკნელს. პირველად იყო შემთხვევა, როცა ლივია ცნობილ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ იმყოფებოდა, თანაც ორი ნაბიჯის მანძილზე. სწორედ ამან გამოიწვია მისი თავდაპირველი დაბნეულობა და აღნიშნულის გამო, სილის გაწვნაც კი მოუნდა საკუთარი თავისთვის.
როგორც ჩანდა, სანი მასავით შებოჭილი ნამდვილად არ ყოფილა. გოგონას ფურგონში შემოსვლიდან დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ, ბიჭმა გადაწყვიტა ჩამოვარდნილი დუმილისთვის საბოლოოდ დაესვა წერტილი და დიალოგის დაწყების წინ, მუხლში მოხრილი ფეხის ტერფი, გვერდულად დააბჯინა მეორე მუხლს.
-შენ რა, პირდაპირ პოდიუმიდან აგარჩიეს? -ჰკითხა მან კმაყოფილების გამომხატველი ტონით. მერე კიდევ ერთხელ აათვალიერა უდიდესი ცნობისმოყვარეობით თავის წინ მდგომი ლივია, ტუჩის კუთხეში ირიბი ღიმილი გაუკრთა და ნეტარებით მიაწვა ტყავის დივნის რბილ, მოხერხებულ საზურგეს. კარამელისფერი თვალები, დაუფარავ ინტერესსა და ალბათ, მცირე დოზით, გაკვირვებასაც გამოხატავდნენ მოცემულ მომენტში.
შექმნილმა სიტუაციამ ოდნავ უხერხულად აგრძნობინა თავი ლივიას. ამან, აშკარა ბრაზის გრძნობა გაუჩინა თანამოსაუბრის მიმართ და ეს, ერთადერთ წარმოთქმულ სიტყვაზეც ნათლად შეეტყო:
-ბატონო?
კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში, უტეხი მზერით უყურებდა სანი, მისივე ნათქვამით უკმაყოფილება მოგვრილ თანამოსაუბრეს. მერე, იდუმალი ღიმილის თანხლებით, ფეხზეც წამოდგა, ზურგს უკნიდან მოუარა გოგონას, მისგან წამოსული ნაზი სურნელის ახლო მანძილიდან შეგრძნობისას უფრო ფართედ გაეღიმა და ყელზე თმა იმდენად ნაზად გადაუწია, თითქოს ფაიფურის სათუთი, ადვილად მსხვრევადი თოჯინა დგომოდა წინ.
-არაფერი, უბრალოდ ჩემთვის ვფიქრობდი, რა კარამელივით ტკბილი ლუკმა იქნებოდი ნებისმიერი მამაკაცისთვის
-ვფიქრობ უკვე მივხვდებოდით ვინც ვარ -მისი კომენტარი ოდნავადაც არ შეიმჩნია გოგონამ. ასეთ მომენტში, საქმიანი ტონის დაჭერა უფრო დაეხმარებოდა უხერხული სიტუაციისგან თავის დაძვრენაში, ვიდრე დარსაველიძის წამოწყებული თემის განვრცობა და ამაზე ხმამაღლა საუბარი.
-ჰო მივხვდი -იდუმალი ღიმილი წამითაც არ შორდებოდა ბიჭის სახეს -ჩემი ცოცხალი კუდი ხარ, ვინც გამუდმებით მომაგრებული უნდა მქონდეს, რათა ყოველი ნაბიჯი ეჭვიანი ცოლივით მიკონტროლოს.
-დარწმუნებული იყავით, თქვენი ცოლობა ნამდვილად ყველაზე ბოლოა, რასაც ცხოვრებაში ვისურვებდი -დარსაველიძის სიტყვებმა აშკარად გააღიზიანა და ამის დაფარვა ვერც საუბრის ტონში მოახერხა -არც კუდი ვარ, როგორც ახსენეთ, მაგრამ ახლა რომ ამდენი ხალხი მხოლოდ იმას უცდის, როდის დახურავთ სატელეფონო თამაშის ბოლო ტურს, ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ კუდიც გჭირდებათ და ძიძაც, რათა ცოტათი მაინც გაიზარდოთ.
-იცი რას გეტყვი ლამაზო? შეიძლება ჩაკეტილი კარი პროფესიონალურად გააღე, თუმცა ჩემთან დროს ტყუილად კარგავ. როგორც ამბობენ, სისხლის ჯგუფის ჩათვლით ყველაფერი უარყოფითი მაქვს -ცხვირზე ორი თითი ისე მოუჭირა, როგორც პატარა ბავშვს, მერე კი კვლავ ტყავის დივანს მიაშურა და დროებით მივიწყებულ ტელეფონში ისე ჩაძვრა, თითქოს იქ მის გარდა უკვე აღარავინ ყოფილიყო. ლივიას მოთმინებას ნელ-ნელა ძირი ეთხრებოდა. თუკი აქ მოსვლამდე ეგონა სანი მთლად ისეთიც არ იყო, როგორადაც მას ანთისა და ჯაბა ახასიათებდნენ, ახლა უკვე ასი პროცენტით გახლდათ დარწმუნებული, რომ ამაზე ბევრად უფრო უარეს შეფასებასაც კი იმსახურებდა ეს ადამიანი.
-მისმინეთ -ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა და მთელი ძალისხმევა მოიკრიბა, რათა მაქსიმალურად მშვიდი ხმით შესძლებოდა საუბრის წარმართვა -ამდენი ხალხი თქვენ გელოდებათ, მთელი გადასაღები ჯგუფი სრულ მზადყოფნაშია და ამ დროს, ზიხართ და გონკებს თამაშობთ? ნარცისიზმსაც ხომ აქვს საზღვარი?
-მე საზღვრებს და ჩარჩოებს უკვე დიდი ხანია აღარ ვცნობ წითურო ფუტკარო -გოგონას ნარინჯისფერ მაისურზე შავად წაწერილ "I love honey"-ს მოჰკრა თვალი დარსაველიძემ, სანამ ამას ეტყოდა.
-ბოდიში, რა დამიძახეთ?
-ჰო რაიყო? თაფლი გიყვარს, წითური ხარ, შემაწუხებლად ბზუი ჩემს ყურთან. რა გამოდიხარ? წითური ფუტკარი!
-ახლა ეს წითური ფუტკარი დაგაფრინდებათ და ძალიან მწარედ გიკბენთ, თუკი ორ წამში ფეხზე არ იდგებით -ნერვებმოშლილმა, ვერც კი გააცნობიერა ისე დაუკარგა ნერვებს კონტროლი, ხმას კი სიმშვიდე და ბიჭიც გაამხიარულა თავისი მწვავე რეაქციით.
-საინტერესოა, რა ადგილას მიკბენ? -გულწრფელი სიცილი აუტყდა სანის -უხერხული ადგილები არ დაასახელო, ცოტათი მორცხვი ბიჭი ვარ
-ბავშვივით ნუ იქცევით, ამ კარის მიღმა ყველა თქვენს გამოჩენას ელოდება -ზუსტად იმ მხარისკენ გაიშვირა თითი, სადაც გადამღებ ჯგუფს შესაბამისი აპარატურა ჰქონდა მოწყობილი.
-მისმინე პატარავ, ძალიან მიმზიდველი კი ხარ, მაგრამ მაინც არ მაქვს შენი თავი. მოშორდი აქაურობას და მაცადე ფინალური ტურის დახურვა.
-როგორც მივხვდი, ეს თქვენი საბოლოო პასუხია, თუ ვცდები?
სანის ხმა არ ამოუღია. მხოლოდ მსუბუქი თავის დაქნევით შემოიფარგლა, თანაც ისე, რომ ეკრანისთვის თვალი წამითაც არ მოუცილებია, რათა დიალოგისას, თანამოსაუბრისთვის სახეში ეყურებინა. სწორედ მისი ამგვარი გულგრილი დამოკიდებულება აღმოჩნდა ლივიასთვისაც ბოლო წვეთი. თუკი აქამდე საკუთარ თავს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მთელი ძალით მოუწოდებდა, ახლა უკვე სამას სამოცი გრადუსით შეეცვალა შეხედულებები და თავისი პიროვნებისთვის დამახასიათებელი იმპულსურობის წყალობით ისეთი რამის გაკეთება განიზრახა, რაც სავარაუდოდ, ნამდვილად ვერ მოუტანდა კარგ შედეგებს. მაშინ, როდესაც სანი ბოლომდე ჩაეფლო მობილურის დიდ ეკრანზე გამოსახული თამაშის სამყაროში, გოგონა მასთან ელვის უსწრაფესად გაჩნდა, ტელეფონი ხელიდან საკმაოდ ოსტატურად ააცალა, ეს უკანასკნელი ძირს დაანარცხა და ბოლოს, ფეხსაცმლის ქუსლით ეკრანის ჩამსხვრევასაც არ მოერიდა, რათა სანისთვის სატელეფონო თამაშის გაგრძელების ყოველგვარი შანსი ბოლომდე მოესპო.
გარკვეული დროით დუმილი ჩამოწვა ფურგონში. დარსაველიძის მზერა კონკრეტულად არანაირ გრძნობას არ გამოხატავდა -არც გაოცებას, არც ბრაზსა და არც განრისხებას, თუმცა ის გამყინავი გამოხედვა, რომელიც მის კარამელისფერ თვალებში ირეკლებოდა, უჩვეულო შიშის გრძნობას აღუძრავდა ერთ ადგილას უძრავად მდგომ ლივიას, ვინც მართალია საკუთარ იმპულსურ საქციელს უკვე ძალიან ნანობდა, მაგრამ დროის უკან დაბრუნების შესაძლებლობა არც ამჯერად ჰქონდა ხელთ.
-რა გააკეთე ამ წამს? -ჰკითხა ბიჭმა საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული ხმით, რომლის უკანაც აშკარად ჩანდა ის დროებით უმოქმედო ქარიშხალი, სულ მალე რომ ამოვარდებოდა, მთელი მრისხანებით.
-ის, რაც დაინახეთ -შინაგანი ნერვიულობისდა მიუხედავად, მაინც გაბედული ტონი მოიშველია პასუხის დაბრუნებისას გოგონამ, რადგან ყველაზე ნაკლებად სურდა ის ღელვა დასტყობოდა სახეზე, აშკარად მთელი სიმძაფრით რომ განიცდიდა მოცემულ მომენტში
-გინდა ისეთი რამ გავაკეთო, რომ შენი გაბედულობა ერთი ხელის მოსმით გავაქრო? -პასუხის დალოდების გარეშე წამოდგა ფეხზე ბიჭი, ფურგონის კარს მიუახლოვდა და კარის საკეტი შიგნიდან ისე გადარაზა, რომ ლივიას სახისთვის მზერა ერთი წამითაც არ მოუშორებია.
-რას გულისხმობთ?
-იმას ვგულისხმობ, რომ როცა ვბრაზდები, ქალზე ძალადობის ხასიათზე ვდგები. იცოდი ეს?
-ანუ?
-შემომხედე და მიხვდები -ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ისე, რომ მეტად არანაირი შესავალი აღარ გაუკეთებია, პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო -მოდი ჩემთან პატარავ, ნამდვილი სიამოვნება უნდა განგაცდევინო.
ლივია გაშრა. ნამდვილად არ მოელოდა სანისგან ასეთ საქციელს. მიუხედავად იმ საშინელებებისა, რაც ამ ადამიანზე აქამდე იცოდა, მიაჩნდა, რომ ეს მისთვისაც კი მეტისმეტი იყო, თუმცა ის სიტყვები, რაც ცოტა ხნის წინ მსახიობისგან მოისმინა, სრულიად საპირისპიროს აფიქრებინებდა და პანიკის საფუძველს უქმნიდა გოგონას.
-გაფრთხილებთ, არ მომეკაროთ, თორემ მწარედ ინანებთ!
-რას იზამ ლამაზო? -პერანგის ღილები უკვე ბოლომდე ჩაეხსნა სანის და ახლა ქამარს უპირებდა იგივეს -აქ მხოლოდ მე და შენ ვართ და სანამ ვინმე კარს შემოანგრევს, მანამდე მეც მოვრჩები ჩემს საქმეს. ბევრს ნუ ლაპარაკობ, მოდი ჩემთან -ენის წვერი გადაიტარა ტუჩებზე, მაჯაში ხელის ჩავლებით თავისკენ მიიზიდა შეშინებული ლივია, წელზე ხელები მარწუხებივით შემოაჭდო და აფართხალებული გოგონას გაკავებას მოჰყვა.
-იცოდე, ჩემი ხელით მოგკლავ თუკი შემეხები! -თქვენობითი ტონი, მაშინვე შენობითით შეცვალა, როგორც კი სანისგან რეალური საფრთხე იგრძნო.
-რა ვქვნა, თავად გამომიწვიე, ახლა კი მოგიწევს ჩადენილის გამო პასუხი აგო
-მხოლოდ მობილური დაგილეწე იდიოტო, ასეთს კიდევ მილიონს იყიდი შენს ფინანსურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ
-მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნიაო არ გაგიგია? -ამჯერად კედელზე ააკრა სანიმ, მაჯები თავს ზემოთ გაუკავა, მასთან ძალიან ახლოს მივიდა და ტუჩები ყურთან მიუახლოვა -დაგერხა ფისუნია!
-გთხოვ -ბრძანებითით რომ ვერაფერი გააწყო, მერე უკვე თხოვნით ტონს ჩაებღაუჭა ლივია, რადგან მართლაც საკმაოდ დაუცველ და უმწეო მდგომარეობაში იყო დარსაველიძის წინაშე მარტო დარჩენილი. ბიჭს სრულიად თავისუფლად შეეძლო მისთვის იმის გაკეთება, რასაც კი მოისურვებდა და ამაში ხელს საერთოდ ვერავინ შეუშლიდა -ძალიან გთხოვ ხელი არ მახლო. ამას თუ იზამ მთელ ცხოვრებას დამინგრევ. გევედრები, ეგ არ ქნა -ბიჭის კარამელისფერ თვალებს უყურებდა და სიტყვებს ისე ამბობდა, რომ თვალის გარსი ერთიანად აწყლიანებული ჰქონდა. სანის ხელებს კვლავ თავის მაჯებზე გრძნობდა და მამაკაცის ცხელი სუნთქვა მთელ სახის კანს უწვავდა. დუმილი იყო გამეფებული მათ შორის რამდენიმე წამის მანძილზე. ხმას უკვე არც ერთი იღებდა და არც, მეორე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ვიღაცის წინაშე სიჩუმის პირობა დაედოთ და მის დარღვევას ცოცხალი თავით არ აპირებდნენ.
ლივია დაძაბულობისგან ხმამაღლა სუნთქავდა. ნერვიულობის ფონზე, ფრჩხილებს საკუთარ კანს ისე აჭერდა, სავარაუდოდ უკვე ნახევარმთვარეებიც კი ჰქონდა დამჩნეული ხელის გულებზე წითლად. ნერვიულობის პიკზე მყოფს, იმ მომენტში ყველაზე საშინელის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, ისეთი რამ მოხდა, რასაც აღნიშნულ მომენტში ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა. სანი, ვისაც ის აქამდე კედელზე ჰყავდა აკრული და ხელებს მთელი ძალით უჭერდა, უეცრად მოეშვა, ხმამაღალი სიცილი აუტყდა და ასეთ მხიარულ განწყობაზე მყოფი, იატაკზე დაგდებული თავისი მობილურისკენ დაიძრა.
-შენი სახე უნდა გენახა -უკვე იატაკისკენ დახრილმა, ქვემოდან ამოხედა მან -დამფრთხალ კურდღელს ჰგავდი, რომელსაც მგელი უპირებდა შეჭმას
სიტუაციის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ ლივია საშინლად დააბნია და ეს სახის თითოეულ ნაკვთზე დაეტყო უკლებლივ.
-რა მოხდა ახლა? ეს რა იყო?
-რა და ბოროტი ხუმრობა ლამაზო -კვლავ გაეცინა სანის -უბრალოდ ის მიკვირს, ანთისამ და ჯაბამ ჩემზე ისეთი რა გითხრეს, რომ ასე მარტივად დარწმუნდი ჩემს მოძალადეობაში
-ანუ . . . ანუ რაც ცოტა ხნის წინ გააკეთე, მხოლოდ ჩემს შესაშინებლად იყო და სხვა არაფერი?
-გამოიცანი წითურო -ამჯერად პერანგის ჩახსნილი ღილების შეკვრას შეუდგა, თან გოგონას სახეს ათვალიერებდა მალულად -მოდუნდი, შენზე ძალის ხმარებას არ ვაპირებ, თუმცა ამიერიდან ჩემს მობილურებს ნუღარ დალეწავ ხოლმე, კარგი? თორემ უარესი რამის მოფიქრებაც შემიძლია, რათა კვლავ შეშინებულ ფისუნიად გაქციო.
ლივიამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, თუმცა რომ დაფიქრდა კვლავ სიჩუმე ამჯობინა და ნერვიულობისგან გამშრალ ყელში მოზრდილი ნერწყვი გადააგორა.
-რა მოხდა, ენა ჩაგივარდა? მგონი ძალიან შეგაშინე
-სულელური ხუმრობები არ მაშინებს
-აი სახეზე კი სულ სხვა რამ გაწერია -რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დარსაველიძემ გოგონას მიმართულებით, თან დამსხვრეული ტელეფონი შეაჩეჩა ხელში -თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა გადი და გადასაღებ ჯგუფს უთხარი, რომ ათ წუთში გამოვალ, მანამდე კი ეცადეთ არ შემაწუხოთ და შიგნითაც არავინ შემომივარდეთ -მერე გატრიალდა, პრიალა მაგიდაზე დადებულ ქაღალდის ყავის ჭიქას დასწვდა და კვლავ გოგონას გახედა ოდნავ გაკვირვებული, ღიმილშეპარული მზერით -რაღას უცდი ფუტკარო? მიდი, გაფრინდი და საქმეს მიხედე.



8 8 8 8

ღამის ათი საათი იყო. ლივია და კაკი აივანზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ, მარილიან მიწისთხილს დიდ კათხებში ჩასხმულ ცივ ლუდთან ერთად შეექცეოდნენ და ჩამავალი მზის სხივებს აკვირდებოდნენ, ფორთოხლისფრად რომ აეელვარებინა მთელი კაბადონი.
სასიამოვნოდ თბილოდა. ეზოდან კალათბურთის მოთამაშე ბავშვების ხმა ამოდიოდა, თუმცა ეს მაინც ვერ არღვევდა იმ იდილიას, მეოთხე სართულის აივანზე რომ შექმნილიყო იმ წამს.
-კაკი გეფიცები არ ვაბუქებ, ნამდვილი ბუნების სასჯელია -ლუდის კათხით ხელში, მეტად მშვიდი გამომეტყველებით იჯდა, დათუნიებიან პიჟამაში გამოწყობილი ლივია, თუმცა შინაგანად მაინც ნეგატიური შეგრძნებებით იყო აღსავსე. როგორც კი სანისთან პირველი შეხვედრა აგონდებოდა ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა და ამ უარყოფითი ემოციების გაზიარებას სწორედ გვერდით მყოფი ერთადერთი ადამიანისთვის ცდილობდა, რათა შინაგანი ფორიაქისგან ცოტათი მაინც გათავისუფლებულიყო.
-როგორც შენი მონაყოლიდან ჩანს, რთული სამსახურისთვის გაგიწირავს საკუთარი თავი. იქნებ შეეშვა და ვიღაც პრეტენზიული მსახიობის კუდში დევნის მაგივრად რამე სხვა გეცადა?
-გამორიცხულია -ნორმალურად არც კი აცადა წინადადების დასრულება ისე გააქნია თავი სასტიკი უარყოფის გამოსახატად -სამსახურს სწორედ იმიტომ არ მივატოვებ, რომ ეგ ხისთავიანი მოვიყვანო ჭკუაზე. ნამდვილად არ ვაფიქრებინებ შეეშინდა და ჩემგან კურდღელივით გაიქცაო
-როდიდან გაინტერესებს სხვისი აზრები შენს შესახებ? როგორც მახსოვს, ეს ოდნავადაც არ გაღელვებდა და სწორედ ამიტომ დათანხმდი თითქმის უცნობ ბიჭთან ერთად ბინის ქირის განაწილებას
-ეს ორი სხვადასხვა რამეა კაკი -მშვიდად მიუგო ლივიამ, რის მერეც, იმ წამს აივანთან მოფრენილ მტრედს ორი თითით დაუყარა დაფხვნილი მიწისთხილი, თანაც საკმაოდ ფრთხილად, რათა ეს უკანასკნელი არ შეეშინებინა
-ლივია შეიძლება რაღაც გკითხო?
-მიდი, მკითხე
-ვიცი ჯერ არ გვაკავშირებს იმდენად ახლო მეგობრობა, რომ ასეთ სიღრმისეულ თემებზე ვისაუბროთ, მაგრამ მაინც მაინტერესებს, სახლიდან რატომ წამოხვედი?
დუმილი ჩამოვარდა ამ შეკითხვის ხმამაღლა გაჟღერების შემდეგ. ლივიას თითქოს თავიდან გაეხსნა ის იარები, მთელი ამ დროის განმავლობაში რომ დავიწყების მალამოს მონდომებით უსვამდა ზემოდან.
-კარგი, კარგი, აქამდე ამ თემაზე სიტყვა არ დაგიძრავს და თუ არ გინდა, ნურც ახლა ალაპარაკდები -როგორც კი შეატყო, აღნიშნული თემის წამოჭრამ დაძაბულობა გამოიწვია, მაშინვე უკან გადაწყვიტა დახევა კაკიმ, თუმცა გოგონას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გულის გადაშლა, რადგან მიიჩნია, რომ ვინმესთვის გაზიარება პირიქით, კარგიც უნდა ყოფილიყო მისი სულიერი სიმშვიდისთვის და აგრეთვე იმისთვისაც, რომ კაკის უფრო მეტად დაახლოვებოდა ამდენად პირადული ამბის სააშკარაოზე გამოტანით.
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, საკუთარი თავის ფსიქოლოგიურ შემზადებას რამდენიმე წამი დაუთმო და შემდეგ ყველაფერი მართლაც წერტილ-მძიმით უამბო კაკის, წარსულში გადატანილი რთული დღეების შესახებ. მთელი ამ დროის განმავლობაში ბიჭი ხმის ამოუღებლად ისმენდა ლივიას დრამატულ მონათხრობს, თანაც ისე, რომ სახეზე წარბებშეკრული გამომეტყველება არ ეცვლებოდა. ერთი შეხედვითაც კი ნათელი იყო რამდენად დიდ გავლენას ახდენდა მასზე მოსმენილი ისტორია, თუმცა ხმა მანამ არ ამოუღია, სანამ არ დარწმუნდა, რომ ლივია თხრობას ბოლომდე მორჩა და საბოლოო წერტილიც დასვა.
-აჰა, ანუ მიზეზი ეს გახდა -ლუდის კათხა დროებით გვერდზე გადადო. ზოგადად, მძიმე ისტორიების მოსმენის შემდეგ ადამიანისთვის გამამხნევებელი სიტყვების მოფიქრება მაინცდამაინც არ გამოსდიოდა, ამჯერად კი სილაღეს გრძნობდა, რადგან ზუსტად იცოდა, ლივია მსგავს სიტყვებს არც საჭიროებდა. პირიქით, ისინი უფრო ცუდადაც კი აგრძნობინებდა თავს.
-ჰო, ნამდვილად არაა მოსასმენად კარგი ამბავი, თუმცა ვცდილობ ცხოვრება დეპრესიის გარეშე გავაგრძელო. დარწმუნებული ვარ, ბიძიასაც და ბიცოლასაც სწორედ იგივე მოუნდებოდათ, როგორც ჩემთვის, ისევე სტეფანესთვის
-არ გიცდია შენს ბიძაშვილთან ურთიერთობის მოგვარება? -გამომცდელად შეხედა კაკიმ როცა ეს კითხვა დასვა -ახლა რთული პერიოდი აქვს და რაღაც მხრივ მისიც მესმის, საღად განსჯის უნარი დაკარგა. შენც ზუსტად ამიტომ გადანაშაულებს მომხდარში.
-წარმოდგენაც არ გაქვს მასთან ურთიერთობის დალაგების რამდენ მცდელობაში ჩავფლავდი -ღრმად ამოოხვრას ამოაყოლა გოგონამ გულში დაგროვებული ნემსივით მჩხვლეტავი ნაღველი -ჩემი დანახვაც კი აღიზიანებს. თუკი დამირეკა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი სიტყვებით მომშხამოს და ჩემში დანაშაულის გრძნობა გააღვიძოს. სტეფანეს ვეზიზღები კაკი. ადამიანმა, ვისაც ზიზღი არასდროს შეეძლო, ჩემი შეძულება სულ ერთ წამში მოახერხა და არა მგონია ამას ოდესმე რამე ეშველოს.
დუმილი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. ხმის ამოუღებლობის პირობა თითქოს ორივეს ერთობლივად ჰქონდათ დადებული და ყურებითაც კი აღარ უყურებდნენ ერთმანეთს. ლივიაც და კაკიც, იმ წამს საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყვნენ და არც ის ლუდის ნახევრად ცარიელი კათხები ახსოვდათ ხელში რომ სრულიად უფუნქციოდ ეკავათ აღნიშნულ მომენტში.
მათ გარშემო შექმნილ იდილიას უკვე აღარც ის მტრედი არღვევდა, ცოტა ხნის წინ, დაფხვნილ მიწისთხილს რომ კენკავდა აივნის მოაჯირიდან. წესით, ეს სიჩუმე არც არაფერს უნდა დაერღვია, მაგრამ ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვალა მაშინ, როდესაც სრულიად მოულოდნელად ლივიას ჯიბეში ჩადებული ტელეფონი აზუზუნდა და მყუდროებასაც ერთი ხელის მოსმით დაუსვა დიდი, შავი წერტილი.
-ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?
-გიკვირს არა? არც ნათესავები მყავს, არც მეგობრები ამ დროს მართლა ვინ უნდა მირეკავდეს? -ტკივილნარევი სიცილით გადააქნია თავი და ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა ლივიამ. აბონენტის ნომერზე დახედვა და მისი ხასიათის უფრო მეტად გაფუჭება ერთი იყო. ახლა ნამდვილად ერჩივნა მობილურის განათებულ ეკრანზე სხვა ნებისმიერი სახელი წერებულიყო, თუნდაც სტეფანე, მაგრამ არა ის, რასაც აღნიშნულ მომენტში კითხულობდნენ გოგონას თვალები.
-ჯანდაბა, სანი მირეკავს!
-შენი სელებრითი?
-არა, ჩემი თავის ტკივილი -თვალების ტრიალით მიიტანა თითი ტელეფონის სენსორთან და ყურმილი ყოველგვარი დაფიქრების გარეშე აიღო.
-გისმენთ!
-ვიცი მაინცდამაინც არ გაგიხარდება, მაგრამ სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოფრინდე ფუტკარო! -დარსაველიძის კატეგორიულმა ტონმა, თითქოს მთელ სხეულზე უსიამოვნო ტალღებად ჩამოუარა და ინსტიქტურად გახედა კაკის, ვისაც იმ მომენტში სწორედ ლივიასკენ ჰქონდა მზერა მოპყრობილი.
-ახლა? კი მაგრამ . . .
-არანაირი მაგრამ, გადაუდებელი საქმე მაქვს და დაუყოვნებლივ გელოდები! კიდევ ერთ შესაწინააღმდეგებელ სიტყვას იტყვი და მომდევნო ღამით ორჯერ უფრო გვიან დაგიბარებ.
ლივიამ, მოწოლილი სიბრაზისგან მარცხენა მუშტი გაუცნობიერებლად შეკრა და მასში ჩააქსოვა მთელი იმ უთქმელი სიტყვებისგან მოგვრილი დანაკლისი, უსასრულობამდე რომ უნდოდა იმ წამს, პირში მიეხალა დარსაველიძისთვის.
-კარგი, ტაქსის გამოვიძახებ და ნახევარ საათში ვიქნები. შეგიძლიათ მისამართი შეტყობინებით გამომიგზავნოთ?
-იჩქარე ფუტკარო, დროის ათვლა დაიწყო. მისამართს რაც შეეხება, მაგაზე მე ნუ მაწუხებ, შეგიძლია ჯაბას ან ანთისას გამოართვა . . . .
კავშირი გაწყდა. გუნებამოშხამულ ლივიას, ჯერ კიდევ ყურზე ჰქონდა მიდებული ტელეფონი და ერთადერთი სურვილი, რითაც აღნიშნულ მომენტში მთელი სხეული ჰქონდა მოცული, ეს სანის შიშველი ხელებით დახრჩობა იყო. ბუნებით ფიცხსა და იმპულსურს, ყოველთვის უჭირდა ნერვების მოთოკვა მაშინ, როდესაც ადამიანი მისთვის შეუფერებლად იქცეოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, მაქსიმალურად ცდილობდა თავისი სასიათის ეს ნაწილი, დროებით სადმე მიუვალ ცხრაკლიტულში გამოეკეტა, რადგან სხვა შემთხვევაში ვერც სამსახურს შეინარჩუნებდა კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე და ვერც ფინანსური კუთხით ექნებოდა საქმე სახარბიელოდ.
-ისეთი მჟავე სიფათი გაქვს, დიდი ალბათობით სამსახურში გიბარებენ -ლივიას გამომეტყველების შემხედვარე, კაკისაც არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რაშიც იყო საქმე და რა მიზეზით დაემსგავსა გოგონას თვალებში არეკლილი მზერა, ეშაფოტზე ასაყვანად გამზადებული სიკვდილმისჯილი ადამიანისას.
-ჰო, ეგრეა. როგორც ჩანს დღეიდან მსგავს რამებსაც უნდა მივეჩვიო
-კი მაგრამ ამ დროს მუშაობა რომელი შრომითი კოდექსითაა გამართლებული? -აშკარა გაკვირვება იგრძნობოდა ბიჭის ტონში.
-რა ვქვნა, ვერაფერს ვიზამ, პირობა ასეათია -24/7 მზადყოფნაში უნდა ვიყო, ტყუილად კი არ მიხდიან ამდენ ფულს -ხვნეშით წამოდგა ფეხზე, ბოლოჯერ მოსვა თავისი ლუდის კათხიდან წინანდელთან შედარებით ოდნავ შემთბარი სითხე და ორივე ხელის ზემოთ აწევით გაიზმორა -წავალ, ტაქსის გამოვიძახებ, სხვა გზა აღარ რჩება.
-ჯანდაბა, რაღა დღეს მყავს ეს მანქანა პროფილაქტიკაში, თორემ მე გაგიყვანდი -შეკრული წარბებით აღინიშნა, მერე კი უკეთესად შეათვალიერა გოგონა და ჰკითხა -მოიცა, შენ რა, პიჟამოებით აპირებ იქ წასვლას?
-ჩაცმულობაში სტერეოტიპებს არ ვცნობ, რაც უნდა ის იფიქროს დარსაველიძემ -მობილურში ტაქსის გამოძახების აპლიკაცია გახსნა ამის თქმისას, თუმცა მერე გაახსენდა, რომ სანის მისამართი არ იცოდა და გადაწყვიტა ჯერ ჯაბასთვის ეკითხა შეტყობინების სახით -თანაც როგორ დროსაც დამიბარა, სწორედ ისეთ ფორმაში მივაკითხავ, ამიტომ, პრეტენზიები თავისთვის შეინახოს, თუკი ჩემი დათუნიებიანი პიჟამა არ მოეწონება.
-გიჟი ხარ ლივია
-ნუ იცინი -ეს კი უთხრა, მაგრამ ვერც თავად შეიკავა ბაგეებზე მომდგარი ღიმილი -მაგას გირჩევნია აქაურობა მიალაგო, თორემ მე არა მგონია რამის გაკეთება შევძლო იქედან დაბრუნებულმა. დიდი ალბათობით, ის ნარცისი მთელს ენერგიას გამომაცლის.
სანის მისამართი, საკმაოდ მალე მიიღო SMS-ის სახით, ჯაბასგან. ამის შემდეგ, უკვე წამიც აღარ დაუყოვნებია სახლში. მხოლოდ თბილი მოსაცმელი აიღო თავისი ოთახიდან, აპლიკაციაში შეკვეთა გააკეთა და როგორც კი ოპერატორისგან ზარი შემოუვიდა, მაშინვე სირბილით დაეშვა კიბეებზე თავის მიერ გამოძახებულ ტაქსიში ადგილის დასაკავებლად.
ათი საათი სრულდებოდა. მთავარი გზა მანქანებითა და მარშუტებით იყო გადატვირთული, თუმცა საცობის შექმნის საშიშროება მაინც არ ყოფილა, რის გამოც, არც ლივიას ემუქრებოდა დაგვიანებით მისვლის საფრთხე. გზაში ყოფნისას, სანისგან კიდევ ერთი შეტყობინება მოუვიდა, სადაც სთხოვდა მისთვის ნუში და რამე გამაგრილებელი სასმელი წამოეღო, შაქრის ნულპროცენტიანი შემცველობით. თითქოს ის არ ეყოფოდა ლივიას, რომ ტაქსის მძღოლი საკმაოდ გაართო მისმა პიჟამოებში ხილვამ, ახლა მარკეტშიც ამავე ფორმაში უნდა გამოჩენილიყო და იქ მყოფი კლიენტები უნდა გაემხიარულებინა კონსულტანტებთან ერთად.
რაც იყო, იყო. ამასაც გადაიტანდა. თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ ის ხალხი, ვინც დღეს ამ ფორმაში იხილავდა, სხვა დროს სავარაუდოდ ვეღარც კი იცნობდნენ და აღარც კი გაახსენდებოდათ მის საღამურებზე გამოსახული დათუნიები, ასე ლამაზად რომ იწონებდნენ თავს გოგონას მაისურზეც და შარვალზეც.
საყიდლები რომ საბოლოოდ მოილია, უკვე საკმაოდ ახლოს იყო საბოლოო გაჩერების ადგილთან. როდესაც ბოლოს და ბოლოს დარჩენილილი ორი ქუჩაც გაიარა და ტაქსის მძღოლს მანქანა დარსაველიძის სახლის წინ გააჩერებინა, საათის ისრები თითქმის თერთმეტთან იყვნენ მისული. ეს იმას ნიშნავდა, რომ ზუსტად დათქმულ დროში ჩატეულიყო და საჭირო თანხის გადახდის შემდეგ, საკუთარი თავით კმაყოფილი გადმოვიდა ტაქსის უკანა სავარძლიდან.
გოგონას წინ, ულამაზესი, კრემისფერი აგურით ნაგები ორსართულიანი შენობა აღიმართა, დიდი ჭიშკრით, მოპირკეთებული ბასეინითა და საკმაოდ გემოვნებით მოწყობილი ბაღით. აქაურობას ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა სიმდიდრის ზეგავლენა და ის, რომ ამ კედლებს მიღმა საკმაოდ შეძლებული ადამიანი ცხოვრობდა.
ეზოში შესასვლელი უზარმაზარი ჭიშკრის მარჯვენა მხარეს, Face-კონტროლის აპარატი იყო მიმაგრებული. ლივია მასზე ერთი შეხედვითაც კი მიხვდა, რომ ეს ჭიშკარი, ჩვეულებრივი მოკვდავების ჭიშკრის მსგავსად ვერ გაიღებოდა და მობეზრებული სახით დააწვა ციფერფლატზე გამოსახულ მწვანე ღილაკს, რის შემდეგაც, ეკრანზე თავისი სახე დაინახა, წითელ რგოლში ჩასმული. ქვემოთ, პაროლის ასაკრები ღილაკებიც იყო გამოსახული, თუმცა ვინაიდან ლივიამ კოდი არ იცოდა და არც სანისთვის სურდა დაერეკა ამის გასარკვევად, ისევ Face-კონტროლის გავლა ამჯობინა შიგნით მოსახვედრად.
რამდენიმე წამიანი დასკანერების შემდეგ, აპარატის მხრიდან ნანატრი წრიპინიც გაისმა, სავარაუდოდ სახლის პატრონის მიერ მიცემულ შესვლის ნებართვას რომ აუწყებდა გოგონას. დიდი, გისოსებიანი ჭიშკარი სრიალით გაიხსნა ლივიას წინ. გოგონამ, ქაღალდის პარკში ჩაწყობილი, მარკეტში ნაყიდი სასუსნავები გულზე უფრო მოხერხებულად აიხუტა და ლამაზი მცენარეებითა და სხვადასხვა ცხოველების ქანდაკებებით გაფორმებული ეზოს თვალიერებით გაუყვა გზას, სახლში შესასვლელი მთავარი კარისკენ, მთლიანად სქელი, გარედან დაბურული, ორმაგი მინისგან რომ იყო დამზადებული.
გოგონასდა გასაკვირად, კარი, სენსორზე დაეყენებინათ. ამის გამო, ლივიას დაკაკუნებაც კი არ დასჭირდა. ზღურბლზე დაბიჯების თანავე, სქელი მინა ლიფტის მსგავსად გაიხსნა შუაში და მარმარილოსფერი იატაკის ფილებით მოპირკეთებული ჰოლი გამოჩნდა, რომელიც, თაღებიანი კარით, თბილ ფერებში გადაწყვეტილ, ნაკლებად გადატვირთულ, თუმცა მაინც საკმაოდ დახვეწილი ინტერიერის მქონე მისაღებს უკავშირდებოდა. ლივიას გონების ერთ ნაწილს ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება, რომ ახლა სწორედ საქვეყნოდ ცნობილი მსახიობის, სანი დარსაველიძის აპარტამენტებში იმყოფებოდა, თანაც გვიან ღამით. რაღაც მხრივ შიშსაც გრძნობდა ამ ადამიანის მიმართ. ჯერ კიდევ ახსოვდა ფურგონში გადატანილი ინციდენტი და მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბოროტი ხუმრობა იყო, რაღაც მხრივ მაინც უჭირდა დარსაველიძის ამ კუთხით ნდობა.
მისაღები ოთახიდან, რომელსაც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ხედავდა გოგონა, რაღაც გაურკვეველი ხმები მოისმოდა. დიდი ალბათობით, სახლის მეპატრონე სწორედ იქ უნდა ყოფილიყო და ლივიამაც ზუსტად იქეთკენ აიღო გეზი, როდესაც მისი წინსვლა, მოულოდნელად, საიდანღაც გამოჩენილმა, წინ გადამდგარმა ორმა დიდმა დობერმანის ჯიშის ძაღლმა შეაჩერა, ყელზე რკინის წვეტიანი საყელურები რომ ჰქონდათ დამაგრებული და ენაგადმოგდებულები უმზერდნენ გვიან მოსულ სტუმარს.
-ჯანდაბა, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის! -მათი დანახვისას ინსტიქტურად გადადგა ნაბიჯი უკან. იმ მომენტში ფიქრობდა გაბრუნება და გაქცევა იყო საუკეთესო გამოსავალი, თუმცა მერე მიხვდა, რომ ასე ძაღლებს უფრო მეტად გამოიწვევდა და შეიძლება კარამდეც ვერ მიესწრო მისვლა ისე ჩაესოთ ბასრი კბილები მის ფეხში, ან უარეს შემთხვევაში უკა ნალში. ერთი იდეის დაწუნების შემდეგ, უკვე მეორე მიაწოდა ელვის სისწრაფით გონებამ. ამ ოთხფეხა არსებებისგან თავის მშვიდობით დასაღწევად სწორედ მათი პატრონისთვის უნდა მოეხმო და გააკეთა კიდეც ეს:
-სანიი! -დაიყვირა გოგონამ რაც შეიძლებოდა ხმამაღლა, თან ძაღლების რეაქციას დააკვირდა. ნახშირივით შავი, ოთხფეხა არსებები არც წინ დგამდნენ ნაბიჯს და არც, უკან. მხოლოდ ხმამაღალი ქშენით, პირდაღებულები უმზერდნენ გოგონას, რითაც უფრო მეტად აშინებდნენ მას -სანიი, შენი მცველების მზერა მაინცდამაინც სტუმართმოყვარე ვერაა და თუ შეგიძლია აქ მოდი!
პასუხი არ ყოფილა. გოგონა უფრო მეტად დაიძაბა და ქაღალდის პარკი გულზე ისე აიხუტა, თითქოს სწორედ ის შეძლებდა მის გადარჩენას. სანის უყურადღებობა საერთოდ არ გაჰკვირვებია. სრულიად შესაძლებელი იყო, ბიჭი სპეციალურად არ გამოდიოდა ჰოლში, რათა ლივია შეეშინებინა და ეს ერთიორად უზრდიდაა დარსაველიძისადმი ბრაზის გრძნობას.
-კარგი, მოდი მოვრიგდეთ -რახან სანის ხმა ვერ მიაწვდინა, ამჯერად ძაღლებს გაუბა ლაპარაკი, თან საწყალი მზერაც მოიშველია -თქვენ ახლა თქვენს დორბლიან, ბასრ კბილებს არ ჩამასობთ და შემდეგ მოსვლაზე გემრიელ ორცხობილებს მოგიტანთ, შოკოლადის შიგთავსით, გაწყობთ?
ამ შეთავაზებას, ერთ-ერთმა მათგანმა ღრენით უპასუხა, რის გამოც ლივია იძულებული გახდა რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადაედგა უკან.
-კარგი, კარგი, ორცხობილა თუ არ მოგწონთ, მაშინ რამე სხვას ავარჩევ. მაგალითად ძეხვს, ან სოსისს, ან რავიცი, რა გიყვართ თქვენ ორს?
-გისმენ და ვფიქრობ, რომ ძაღლებთან მოლაპარაკების წარმოება მშვენივრად გამოგდის -შეშინებულს რომ სანის ხმა მოესმა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ბიჭის იქ ყოფნის ამბავი. ამ უკანასკნელს, სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარა გახლდათ ძალიან ერთობოდა გოგონას შემხედვარე და ამ სიტუაციით მაქსიმალურ სიამოვნებასაც იღებდა. ლივიას კიდევ ერთხელ მოუნდა იმ წამს სანის შიშველი ხელებით დახრჩობა. საშუალება რომ ჰქონოდა, ამას გააკეთებდა კიდეც.
-იქნებ შეწყვიტოთ ჩემი დაცინვა და თქვენი ოთხფეხა მცველები აქედან მოაშოროთ? მთელი ცხოვრების მანძილზე, ასე ჯერ არ შემშინებია -უთხრა მან წარბებშეკრულმა, თუმცა დარსაველიძის განწყობაზე მისმა ტონმა ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა.
-პატარავ, უკვე ორჯერ მყავხარ ნანახი პიჟამაში, მგონი დროა თქვენობითი ტონი გვერდზე გადავდოთ, შენ რას იტყვი?
-სანამ რამეს ვიტყვი, ესენი სადმე ჩემგან შორს წაიყვანეთ, თუ შეიძლება
-თუკი მაგ წინადადებას "თ"-ს მოაშორებ, დავფიქრდები
-კარგი, კარგი, სანამ რამეს ვიტყვი, ესენი სადმე ჩემგან შორს წაიყვანე, თუ შეიძლება
-ჰო, აი ეგრე ბევრად უკეთესია -კმაყოფილების ღიმილი გაჩნდა სანის ტუჩებზე და მაშინვე მიუტრიალდა თავის ნახშირისფერ მეგობრებს -ბოლტო, მაილო, ახლავე გატრიალდით და თქვენს ოთახში გადით -მსუბუქი ტაშიც შემოსცხო ბიჭმა ამის თქმისას. ლივია გაოცებული შესცქეროდა იმ სანახაობას, თუ როგორ აქცია ორივე ძაღლმა ერთდროულად ზურგი მასაც და თავის პატრონსაც, ერთი დაიქსუტუნა და ძუნძულით გაიქცა ჰოლიდან. როგორც ჩანდა, სანის, შინაური ცხოველებიც ისე ჰყავდა მოყვანილი მორჩილებაში, როგორც თავის ირგვლივ მყოფი ადამიანები და თითქოს მათაც პულტის საშუალებით მართავდა, რათა ყველა სურვილი თუ ახირება უპრობლემოდ შესრულებოდა.
-ესეც ასე, პრობლემა უკვე მოგვარდა -საზეიმოდ აცნობა ბიჭმა, როგორც კი ძაღლები თვალს მიეფარნენ -ახლა მაჩვენე რა მოიტანე
აწ უკვე დამშვიდებულმა ლივიამ, უკვე ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე გაუწოდა მარკეტიდან წამოღებული ქაღალდის პარკი, თავისი შიგთავსიანად, თან ისე დაელოდა დარდაველიძის ხმის ამოღებას, როგორც კონკურსში გასული მონაწილე ჟიურის ნანატრ შეფასებას. აღნიშნულ "შეფასებას" დიდხანს არც დაუგვიანია:
-მშვენიერი ინტუიცია გაქვს, კოკა-კოლა ჩემი საყვარელი გამაგრილებელი სასმელია
-შეიძლებოდა სხვა რამ მომეტანა, ამიტომ უნდა დაგეკონკრეტებინა
-არაფრის დაკონკრეტებას არ ვაპირებ შენთან, ფუტკარო. ჩემი შესწავლა ერთ-ერთი მოვალეობაა იმათგან, რაც გაკისრია და ყოველმხრივ უნდა დამაკვირდე, რათა დასკვნები გააკეთო. ახლა კი, ის ქენი რისთვისაც აქ მოგიყვანე და ტოსტი გამიკეთე, არაქისის კარაქით.
-რაო? -მისაღებისკენ წასულს, უკან მსწრაფლ აედევნა ლივია -შენ არ მითხარი გადაუდებელი საქმე მაქვსო?
-ჰოდა სწორედ ეგაა ჩემი გადაუდებელი საქმეც -უზარმაზარი ტელევიზორის წინ დაგდებულ შოკოლადისფერ პუფში ჩაეშვა, ქაღალდის პარკი ძირს დადო და დროებით მიტოვებულ თავის ჯოისტიკს დასწვდა -რაღაც ახალი ვიდეო-თამაში გამოვიდა, ძალიან შევყევი და ტოსტის გაკეთება მაგრად მეზარება, ამიტომ ამ საპატიო საქმეს შენ დაგავალებ.
-მოიცა, მოიცა, შენ რა მეკაიფები? -ლამის საომარი ყუმბარასავით აფეთქდა გოგონა მოცემულ მომენტში -ასე გვიან იმიტომ მირეკავ და გადაუდებელ საქმესაც იმიტომ იმიზეზებ, რომ ტოსტის გასაკეთებლად ფეხზე ადგომა გეზარება და ამას მე მთხოვ?
-კი არ გთხოვ, მოვითხოვ ფუტკარო, მოვითხოვ! ახლა კი თუ შეიძლება ბზუილი შეწყვიტე და საქმეს მიხედე, ძალიან მომშივდა.
თუკი რაიმე სალანძღავი სიტყვა იცოდა, იმ წამს, ყველა უკლებლივ ჰქონდა დალაგებული ენის წვერზე ლივიას, მაგრამ ხმამაღლა ვერაფრის თქმას ახერხებდა. მისთვის უკვე დღესავით ნათელი გახლდათ, რომ სანისთან ყოფნა კოშმარად გადაექცეოდა და კიდევ ბევრჯერ მოუწევდა მსგავსი ახირებების ატანა. უღირდა კი ეს სამსახური ამდენ წვალებად? იქნებ ყველაფერი ფეხებზე დაეკიდებინა და დღესვე დაეღწია თავი ამ ადამიანისგან? წამით ამაზე სრულიად სერიოზულად დაფიქრდა, თუმცა მეორე წამს საკუთარ თავს გამძლეობისკენ მოუწოდა, ეცადა უფრო ძლიერი ყოფილიყო და რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს კაპრიზული მსახიობი იმით არ გაეხარებინა, რომ შეშინებული გაიქცა სამსახურიდან.
-კარგი, გაგიკეთებ ტოსტს -უთხრა მან შესაშური სიმშვიდით -სხვა ხომ არაფერი გნებავთ თქვენო ბრწყინვალებავ?
-კი, მნებავს -ეგ ზრდილობით შენიღბული სარკაზმი მოიშორე და კარგი გოგო იქნები.
ლივიამ კიდევ ერთხელ მოიპატიჟა სიმშვიდე მის გულში, უხმოდ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გატრიალდა და უზარმაზარ სახლში სამზარეულოს ძებნა დაიწყო, რადგან სანისთან ლაპარაკი იმდენად აღიზიანებდა, ისიც კი არ უკითხავს სად უნდა ეპოვნა ეს უკანასკნელი.
სამზარეულოს პოვნაში ზედმეტად დიდი დრო ნამდვილად არ დაუკარგავს. დაახლოებით სამ წუთში უკვე გრძელი მაგიდის წინ იდგა და ტოსტის მომზადების მოლიდინში, კოვზზე შერჩენილ არაქისის კარაქს ლოკავდა. უნდა ეღიარებინა, ამხელა სამზარეულო აქამდე თვალით არასდროს ენახა. იქაურობა თითქოს სისუფთავისგან ბრწყინავდა და ერთ პატარა მტვრის ნაწილაკსაც ვერ იპოვნიდა ადამიანი, მთელი დღის განმავლობაში ძებნის შემთხვევაშიც კი. ეს გარემო, სიმდიდრე რასაც ხედავდა და სახლის ზომა, ნათლად ანახებდა, თუ რამდენად განსხვავებული ცხოვრების სტილი ჰქონდათ მას და სანის. ბიჭი ყოველგვარ საუკეთესოს გახლდათ ჩვეული, ნებისმიერი სურვილი უპრობლემოდ უსრულდებოდა და არაფერი იყო ისეთი, რაც სანატრელი გაუხდებოდა. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ასეთ მომთხოვნ, ცინიკურ და ვარსკვლავური სენით შეპყრობილ ადამიანად, ვისაც სხვების წვალება უკვე სისხლში ჰქონდა გამჯდარი და ერთგვარ ჰობადაც კი ქცეულიყო მისთვის.
ტოსტერმა წრიპინა ხმები გამოსცა, რამაც ლივია მიახვედრა, რომ მოწყობილობას უკვე შეესრულებინა საკუთარი მოვალეობა და წინასწარ მომზადებულ თეფშზე, პირში კოვზგარჭობილმა გადმოიღო სანისთვის გამზადებული ვახშამი. მოცემულ მომენტში ბიჭი კოკა-კოლას სვამდა, თან ჯერ კიდევ ვიდეო-თამაშებით ირთობდა თავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად თავისი ძაღლები ერთგულად შემოსხდომოდნენ გარშემო და პატრონის კალთაში პატარა ბავშვებივით ჩაედოთ თავები, მარჯვნიდან და მარცხნიდან.
-შენი ტოსტი მზადაა -თეფშით ხელში, ზუსტად მისაღების შუა გულში გაჩერდა გოგონა -ძაღლები კიდევ აქ მოიყვანე?
-მე არ მომიყვანია, მოვენატრე და თვითონ მომაკითხეს -თავიც არ მოუბრუნებია ისე გაეპასუხა დარსაველიძე, თან გამაგრილებელი სასმელისწ ქილიდან კიდევ ერთხელ მოსვა. იმ წამს, მთელს მისაღებში სროლებისა და ყუმბარების აფეთქების ხმები ისმოდა, რომელსაც ვიდეო-თამაში გამოსცემდა -ნუ გეშინია, შენი სუნი უკვე იციან და არაფერს დაგიშავებენ. ტოსტი აქ მომიტანე.
-ნამდვილად არაფერს დამიშავებენ?
-ასპროცენტიან გარანტიას ვიძლევი -ამჯერად თავი მოაბრუნა და ისე მიუგო, ოდნავ გაღიმებულმა -მეზობლის ბავშვივით ნუ დგახარ, მომიახლოვდი.
ლივიამ უბრალოდ თავი დაუქნია და გამბედაობის მოკრების სამწამიანი მცდელობის შემდეგ იმ პუფისკენაც დაიძრა, რომელშიც სანი იყო მოკალათებული. მისდა საბედნიეროდ, ძაღლებს თავი არც კი აუწევიათ. ამის მაგივრად, კვლავ უშფოთველად სუნთქავდნენ პატრონის კალთას მისვენებულები და სიმშვიდის ეტალონებივით გამოიყურებოდნენ მოცემულ მომენტში.
-სხვა თუ აღარაფერი გინდა მე წავალ -როგორც კი ტოსტის თეფში გაუწოდა მაშინვე უთხრა. სანიმ მხოლოდ თამაშის დაპაუზების შემდეგ გამოართვა თავისთვის განკუთვნილი ვახშამი, თან წარბებს ქვემოდან ახედა თავზე წამომდგარ გოგონას.
-ჯერ არსად წახვალ. ამაღამ ჩემთან უნდა იყო
-მაინც რატომ უნდა ვიყო შენთან?
-იმიტომ, რომ მე ასე მინდა
-ახლა კარგად მისმინე -ღრმად ამოისუნთქა და ისე დაიწყო ლივიამ. თვალებში მაინც აშკარად ეწერა ის მრისხანება, მთელი ძალისხმევით რომ ცდილობდა ოსტატურად დაეტოვებინა სახეზე მორგებული ნიღბის უკან -ღამით შენთან დარჩენა და შენი ჰორმონების დაკმაყოფილება მე არ მევალება, გაიგე? ეს არც კონტრაქტში წერია და არც ჩემს პრინციპებში.
სანი პუფში უფრო მოხერხებულად მოკალათდა. გარკვეული დროით დაკვირვებით ათვალიერა გოგონა, მერე კი ხმამაღლა გაეცინა, თანაც ისე ირონიულად, რომ ლივიამ ასი პროცენტით იდიოტად იგრძნო თავი აღნიშნულ მომენტში.
-დამშვიდდი ფუტკარო -თვალი ჩაუკრა ბიჭმა, სანამ ტოსტს პატარა ნაწილს მოაკბეჩდა -მართალია, გინესის წიგნამდე ერთი აკრძალული ურთიერთობაღა მაშორებს, თუმცა ჩემი მაინც ნუ შეგეშინდება, დღეს მაგის ხასიათზე საერთოდ არ ვარ
-თავხედი ხარ იცი ეს?!
-შენ კი ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემთან ასეთი ტონის გამოყენების გამო სასტიკი მეთოდებით არ დავსჯი -თითოეულ სიტყვას ტუჩებზე დამჩნეული ირიბი ღიმილით წარმოთქვამდა ბიჭი -ჯერჯერობით ფურგონში მომხდარიც გეყოფა. ცოტა ხნით გაცლი, რათა ძალები აღიდგინო.
-არც ისეთი სუსტი ვარ, როგორც შენ გგონია -შესაშურად სწრაფად გახდა გოგონას ტონი გამომწვევად თავდაჯერებული -ზუსტად ვიცი იმას ცდილობ შენი ასეთი საქციელის გამო სამსახურზე უარი ვთქვა და უკანმოუხედავად გავიქცე, თუმცა ტყუილად წვალობ, მაინც არაფერი გამოგივა. იმაზე მეტად ამტანი ვარ, ვიდრე საერთოდ შეგიძლია წარმოიდგინო.
-თუკი ეგრეა, მაშინ ზედმეტ წუწუნს მოეშვი და ახლოს დამიჯექი, თამაშის სტრატეგია შემიფასე
-ასეთი რა თამაშია? -დაინტერესდა, თან პუფში მის გვერდით ჩამოჯდა ლივია
-ისე მეკითხები, თითქოს ამაში ძალიან მაგრად ერკვეოდე
-რა იცი რომ არ ვერკვევი? მე და ჩემი ბიძაშვილი, მთელი ბავშვობა ფლეისთეიშენს ვიყავით მიერთებულები, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდებოდა
-ჰოო? კარგი, მაშინ მეორე ჯოისტიკს დავაერთებ და შენც ჩემს გუნდში იქნები, გაწყობს?
-თამაშის წესები არ ვიცი, იქნებ ჯერ აგეხსნა?
-ასახსნელი ბევრი არაფერია, უბრალოდ ამ შენობიდან ცოცხლები უნდა გავიდეთ -ტელევიზორის ეკრანისკენ გაიშვირა ხელი ამის თქმისას, სადაც ძველი, ნახევრად ჩამონგრეული ქარხანა იყო გამოსახული -შენ მხოლოდ ის გევალება, რომ ვინც კი მწვანე ფორმაში გამოწყობილი შეგხვდება გზად, ყველას ტყვია დაახალო. დანარჩენს მე გავაკეთებ.
სანის მეტად სიტყვაც აღარ დასცდენია. ამის მაგივრად ფეხზე წამოდგა, ფლეისთეიშენზე სათადარიგო ჯოისტიკი დააერთა და იგი პუფში მოხერხებულად მოკალათებულ ლივიას გაუწოდა.
-აბა ვნახოთ რა შეგიძლია, ფუტკარო
-ღამის თორმეტის ნახევარი ნამდვილად არაა ის დრო, ჩემი შესაძლებლობები რომ სათანადოდ გამოვამჟღავნო -შეფარული მწარე რეპლიკით ჩაურტყა გოგონამ -მაგრამ მაინც ვეცდები.
ფლეისთეიშენს ამჯერად ორივე მთელი ენთუზიაზმით ჩაუჯდნენ. ერთობლივი თამაში, რომლის დროსაც თითქმის არ ლაპარაკობდნენ და მხოლოდ სროლებით შემოიფარგლებოდნენ, საკმაოდ დიდხანს გაუგრძელდათ სანისა და ლივიას. გოგონა უკვე ვეღარანაირ დაღლილობას ვეღარ გრძნობდა და სრულიად გამოფხიზლებილიყო აქტიური თამაშის ზეგავლენით, რომლის დროსაც ყურადღება ერთი წამითაც კი არ მოუდუნებია, რათა შემთხვევით დარსაველიძეს არ ჩამორჩენოდა თამაშის სტრატეგიის მაღალი დონის ჩვენებაში. ამ ღამეულ გართობაში დრო ისე გაფრინდა, ლივიამ ვერც კი გააცნობიერა. ოდესმე რომ ვინმეს მისთვის ეთქვა, ერთ დღეს საქვეყნოდ განთქმული მსახობის სახლში, მისსავე რბილ პუფში მოკალათებული, ვიდეო-თამაშებს ჩაუჯდებიო, ალბათ ერთს ხმამაღლა გაიცინებდა, თუმცა როგორც ჩანდა, ცხოვრება მისთვის სიურპრიზებით გახლდათ სავსე და მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზებზე დიდად არ გიჟდებოდა, მაინც უწევდა თავისი ყოველდღიურობის ასეთ რადიკალურ ცვლილებას შეგუებოდა.
ღამის პირველი რომ შესრულდა, უზარმაზარ ეკრანს მიშტერებულმა გოგონამ ოდნავი თვალების წვა იგრძნო. მისგან განსხვავებით, სანის გამომეტყველებას ოდნავი დაღლილობის კვალიც არ აჩნდა. ასეთი ხანგრძლივი თამაშის შემდეგაც კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს საწოლიდან კარგად გამოძიებული და ენერგიაზე მოსული იყო წამომდგარი.
-მორჩა, მე მეტი აღარ შემიძლია -თვალების სრესით გადადო ჯოისტიკი გვერდზე გოგონამ, თან დარსაველიძის მიერ დატოვებულ ტოსტის თეფშს შეხედა, მხოლოდ პატარა ნამცეცები რომ დარჩენილიყო ზედ -დროა ტაქსი გამოვიძახო და შინ წავიდე, ძალიან გვიანია.
-ჯერ ვერ წახვალ, თამაში არ დამისრულებია
-ანუ?
-ანუ ის, რომ მეთვალყურე მჭირდება -მხოლოდ ერთხელ გამოხედა სანიმ მთელი დიალოგის მანძილზე, თანაც მხოლოდ რამდენიმე წამით -ვფიქრობ საკმაოდ კარგად თამაშობ და თუკი რამე შეცდომას შენიშნავ ჩემს საბრძოლო ტაქტიკაში, მაშინვე გამაფრთხილე კარგი?
-ანუ სანამ არ მორჩები აქ უნდა ვიჯდე და უნდა გიყურო ბუზი არ დაგაჯდეს?
-როგორც მახსოვს, ცოტა ხნის წინ ბუზის დაჯდომა არც კი მიხსენებია -სიცილით გადააქნია თავი ლივიას სიტყვებზე ბიჭმა. აშკარად ეტყობოდა, თუ როგორ ართობდა თითოეული ემოციის დაკვირვება გოგონას გაბრაზებულ სახეზე.
-დავიჯერო თავად ოდნავ მაინც არ გეძინება? შეხედე რომელი საათია
-ახალგაზრდა გოგო ხარ, მგონი ცხოვრებას ახლა უნდა იწყებდე, შენ კიდევ ზიხარ, ამთქნარებ და ძილზე ლაპარაკობ
-ჰო, წინა ცხოვრებაში ქათამი ვიყავი და ადრე დაძინების ჩვევა იქედან მაქვს გამოყოლილი -პუფში მოხერხებულად მიწვა, ფეხზე ფეხი შემოიდო და კიდევ ერთხელ დაამთქნარა. როგორც ჩანდა, სახლში წასვლა ჯერ კიდევ არ ეწერა, ამიტომ ჯდომით მაინც სურდა მოხერხებულად მჯდარიყო და ცოტათი მაინც დაესვენა -კიდევ რამდენი ხნით აპირებ თამაშის გაგრძელებას?
-წინასწარ დასკვნებს არასდროს ვაკეთებ. ახლა კიდევ, თუ შეიძლება გაჩუმდი, კონცენტრირებაში მიშლი ხელს.
მისაღებში სრული მდუმარება ჩამოვარდა ამ სიტყვების შემდეგ. პუფში მოკალათებული ლივია მოღუშული, ნამძინარევი სახით ადევნებდა თვალს ტელევიზორის მოზრდილ ეკრანს და ალაგალაგ თვალებიც კი ეხუჭებოდა დაღილილობისაგან. სროლებისა და აფეთქებების ხმები, თითქოს უკვე პარალელური სამყაროდან ჩაესმოდა ძილ-ბურანში მყოფს. მიუხედავად გადაღლილობისა, გულში ათას სალანძღავ სიტყვას უძღვნიდა თავის გვერდით მოკალათებულ სანის, ჯერ კიდევ რომ არ აპირებდა საძინებელი ოთახისკენ გეზის აღებას. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, როგორღაც ახერხებდა თვალების ნახევრად ღია მდგომარეობაში დატოვებას. ამაში ყველა საშიში ისტორიის გახსენება ეხმარებოდა, რომელთაც სტეფანე უყვებოდა ბავშვობაში, ოთახში გამორთული შუქისა და ერთადერთი ანთებული ფანრის ფონზე. შემდეგ უკვე ვეღარც ეს ეხმარებოდა. სხეულში მოთენთილობა იმდენად ღრმად ჰქონდა გამჯდარი, ვერც კი გაიგო როდის დაეხუჭა თვალები, როგორ ნელ-ნელა ჩაითრია მთენთავმა ბურუსმა და როგორ ერთიანად გადაისროლა სიზმრების სამყაროში, თავიდან ფეხებამდე.
ამის შემდეგ უკვე აღარაფერი ახსოვდა გოგონას. ბოლო კადრად მხოლოდ ის აგონდებოდა, თუ როგორ გამოვიდა სანის "თამაშის გმირი" ცეცხლმოკიდებული ლაბორატორიიდან და როგორ გადატენა იარაღი საიდანღაც გამოვარდნილი მონსტრის მოსაკლავად. ცოტათი რომ შეფხიზლდა, უკვე რბილ, აბრეშუმის ბალიშებზე იყო მიწოლილი, სუსტი, ვერცხლისფერი შუქით განათებულ დიდ ოთახში. ირგვლივ ყველაფერი უცხოდ გამოიყურებოდა. ნახევრად მოფხიზლებულ ლივიას ოდნავ შეეშინდა კიდეც უცხო გარემოში თავის ამოყოფა, თუმცა როდესაც გაახსენდა როგორ თამაშობდა ვიდეო-თამაშებს სანისთან ერთად, ტელევიზორის უზარმაზარი ეკრანის წინ მოკალათებული, მაშინვე მიხვდა სადაც იმყოფებოდა და იმ მომენტში, კომოდზე დადებული, ორად გადაკეცილი ქაღადლდიც მოხვდა მზერის ფოკუსში. გოგონამ თვალები მოიფშვნიტა, სხეულზე წაფარებული პლედი გადაიძრო და ფურცელს მარჯვენა ხელით დასწვდა. ოთახის განათება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა მასზე წაწერილი ტექსტი გაერჩია და ლოგინში წამომჯდარმა, ხმამაღლა ამოიკითხა წერილში დაწერილი სიტყვები:

"ვინაიდან ჩემს საწოლში ჩაგაწვინე, თავადაც სიამოვნებით შემოგიძვრებოდი პლედის ქვეშ, მაგრამ დილის წივილ-კივილით დაწყების განწყობა ნამდვილად არ მაქვს. იმედია ტკბილად იძინებ წითურო."
ბოლო სიტყვები რომ ჩაამთავრა, წერილი კვლავ უწინდებურად გადაკეცა ლივიამ და ისევ კომოდზე მიუჩინა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ სანის საძინებელში დარჩენა იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად სურდა, ადგომა და შინ წასვლა ისე ეზარებოდა, როგორც დილის ექვს საათზე დანიშნული სირბილი, ამიტომ ყველაფრის ფეხებზე დაკიდება უფრო შესაფერის გამოსავლად ჩათვალა, კვლავ ბალიშებზე მიწვა და სანამ ძილს გააგრძელებდა, კაკის შეტყობინების სახით აცნობა, რომ იმ ღამეს სახლში არ გაათევდა.


- - - -
ადრიან დილით, რაღაც ზედმეტად შემაწუხებელმა ხმებმა გამოაღვიძა ლივია. მშვენიერი სიზმრის ფონზე, რომელსაც იმ მომენტში ხედავდა, ნამდვილად უსიამოვნო გახლდათ ამგვარი ხმაურის მოსმენა. არც აბრეშუმის რბილ ბალიშებთან გამოთხოვება იყო ადვილი საქმე, თუმცა მოულოდნელი "თავდასხმისგან" გულშეღონებულმა, საბოლოოდ ეს მაინც გააკეთა და თვალების ოდნავ გახელისა და წამოჯდომის შემდეგ, თავზე წამომდგარი მაღალი სილუეტიც გაარჩია, ჭიქაზე კოვზის რაკუნით რომ არღვევდა მის დილის მყუდროებას.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო, მშია და თან ორ საათში გადაღებებზე უნდა ვიყოთ -პირველი ეს სიტყვები იყო, რაც იმ დილით ყურში ჩაესმა და განთიადის ამგვარად დაწყებამ, მაინცდამაინც კმაყოფილი ვერ დატოვა.
-ჯანდაბა, ხომ შეიძლება რამე უფრო სასიამოვნო მაღვიძებდეს და არა ნარცისიზმით შეპყრობილი სელებრითის წუწუნი -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ ვიდრე სხვის გასაგონად, თუმცა მაინც ხმამაღლა მოუვიდა და სანისაც ჩაეცინა მისი სიტყვების გამგონეს.
-მიდი, მიდი, მოეშვი ნებივრობას, დღეს მოახლეს დასვენების დღე მივეცი, ამიტომ საუზმე შენ უნდა მომიმზადო.
-რატომ მიეცი დასვენების დღე? -მთქნარებით წამოიწია საწოლიდან და იატაკზე პირველად მარჯვენა ფეხი გადმოდგა. ადრიან დილით გაღვიძების გამო ძილიანობის შეგრძნება ჯერ კიდევ აწუხებდა და სავარაუდოდ სანამ პირზე წყალს არ შეისხამდა, ამ გრძნობას არაფერი ეშველებოდა.
-ეგ შენი საქმე არ არის. გირჩევნია ადგე და თავი მოიწესრიგო, ამისთვის მხოლოდ ათ წუთს გაძლევ
შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა. როდესაც ამ რთულ სამუშაოს ეჭიდებოდა, ლივიამ თავიდანვე შეამზადა საკუთარი თავი იმ სირთულეებისთვის, რისი გადალახვაც სანის გვერდით ყოფნის შემთხვევაში მოუწევდა, ამიტომ, ახლაც ყოველგვარი პროტესტის გარეშე დაემორჩილა "ბრძანებას" და ზლაზვნით გაემართა აბაზანისკენ, სადაც თავის მოწესრიგების ხანმოკლე პროცედურები უნდა ჩაეტარებინა. მარმარილოსფერ ნიჟარასთან მისულმა, მაშინ, როდესაც დიდი სარკის წინ დადგა და შიგ ჩაიხედა, ზურგს უკნიდან დარსაველიძეს მოჰკრა თვალი. მამაკაცი მისკენ მოემართებოდა, თან ხელში ჯერ კიდევ გაუხსნელი კბილის ჯაგრისი ეჭირა.
-აჰა, აიღე, დარწმუნებული ვარ სახლიდან გამოსვლისას თან არ წამოგიღია
-რა თქმა უნდა არ წამომიღია, ისევე როგორც გამოსაცვლელი ტანსაცმელი -მხოლოდ მაშინ გასცა პასუხი გოგონამ, როდესაც ჯაგრისი ჩამოართვა, გახსნა და მასზე ბლენდამედის ფირმის კბილის პასტა წააცხო -ნამდვილად ვერ გავითვალისწინე, რომ ღამითაც აქ მომიწევდა დარჩენა, თანაც თვით სანი დარსაველიძის საძინებელში.
-ნუ ღელავ, არც ეგ პიჟამოები გამოიყურება ცუდად -ღიმილით აათვალიერა, თან დასძინა:-ახლა ისეთი სახით მიყურებ, შენს თვალებში მხოლოდ ერთ კითხვას ვხედავ
-მაინც რა კითხვას? -ხელის გულის აწევით, სენსორულ ონკანში წყალი მოუშვა და ჯაგრისი დაასველა გოგონამ
-გაინტერესებს მაინცდამაინც ჩემს საძინებელში რატომ შეგიყვანე და არა სადმე სხვაგან
-კარგი, არ უარვყოფ, ეგ მართლაც მაინტერესებს
-მიზეზი მარტივია, სასტუმრო ოთახი რემონტდება, დანარჩენებში საწოლები არ დგას, მისაღების დივანზე დაძინებისთვის კი ძალიან შემეცოდე, შენთვის ცოტა არ იყოს მოუხერხებელი იქნებოდა.
-და შენთვის მოსახერხებელი იყო?
-იმ დივანზე აქამდეც ბევრჯერ მიძინია, ამიტომ მაგაზე არ ინერვიულო ფუტკარო -ცხვირზე ორი თითი ისე მოუჭირა, როგორც პატარა ბავშვს, თან ღიმილით დამაატა -კარგი, მოკლედ ახლა მარტო დაგტოვებ და სამზარეულოში დაგელოდები. გაითვალისწინე უნდა იჩქარო, ჩემი მადა აშვებულია და უკვე იღრინება.
ამ სიტყვების წარმოთქმა და სანის გასასვლელი კარისკენ გაბრუნება ერთი იყო. აღარც ლივიას დაუყოვნებია დიდხანს. ვინაიდან დრო მხოლოდ ათი წუთი ჰქონდა მიცემული, სწრაფად შეუდგა კბილების გამოხეხვას და შემდეგ პირზეც შეისხა წყალი საბოლოოდ მოსაფხიზლებლად. მართალია შხაპის მიღებაც ძალიან უნდოდა, თუმცა რადგანაც გამოსაცვლელი ტანსაცმელი თან არ ჰქონდა, მოუწევდა ეს სურვილი სურვილად დაეტოვებინა.
თავის მოწესრიგების პროცედურები, დათქმული დროზე ორი წუთით ადრე დაასრულა გოგონამ და სააბაზანოდან გამოსული პირდაპირ სამზარეულოსკენ გაეშურა. შიგნით მოხვედრისას, სულ პირველად მაილოსა და ბოლტოს მოჰკრა თვალი, რომლებიც თავთავიანთ თასებში ჩაყრილ პედიგრს გემრიელად შეექცეოდნენ და გარშემო სხვა აღარაფერი აინტერესებდათ. მათგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, უკვე სანიც შენიშნა, ვინც მობილურში იყო ჩამძვრალი და რაღაცას ისე გაფაციცებით ჩაშტერებოდა, თითქოს გამოცდაზე შესვლის წინ, საგამოცდო საკითხებს იმეორებსო. ლივიას მასთან საუბრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ამიტომ გვერდი უხმოდ აუქცია, მაცივრის კარი გამოაღო და იქედან ორი ცალი კვერცხი გამოიღო, ლორთან ერთად. ძაღლების შიში უკვე საერთოდ აღარ ჰქონდა, რის გამოც სრულიად თავისუფლად დააბიჯებდა სამზარეულოში. იქაურობა იმდენად კარგად დაელაგებინათ, რომ თითქმის ყველაფერი თავის ადგილას იდო. ამის გამო არც ტაფის მიგნება გასჭირვებია, არც ზეთის, არც თეფშის და არც დანის, რომლითაც ლორს დაჭრიდა.
დარსაველიძე კვლავ ტელეფონში გახლდათ ჩამძვრალი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მაგიდასთან მოკალათებული განაგრძობდა თავის საქმეს. საუბრით აღარ საუბრობდა. ზედაც კი არ უყურებდა გოგონას. ისე იქცეოდა, თითქოს იქ მის გარდა არავინ იყო და სრულ მარტოობაში უწევდა სამზარეულოში ჯდომა. ლივიასაც სწორედ ასე უნდოდა. ათასჯერ ერჩივნა სანის ყველანაირად დაეიგნორებინა, რადგან ამგვარ ვითარებაში თავისი საქმის გაკეთებას უფრო თავისუფლად შეძლებდა. გოგონამ გაზქურა აანთო, ტაფა ზედ შემოდგა და თმის ზემოთ აწევის შემდეგ ომლეტის მომზადებას მთელი ენთუზიაზმით შეუდგა. მაილო და ბოლტო კვლავ განაგრძობდნენ თავიანთი ულუფებით საუზმობას. მხოლოდ ლივია იყო ის, ვისაც ჯერ არაფრის ჭამის სურვილი არ ჰქონდა და მხოლოდ საწოლსა და ბალიშს ნატრობდა თავის წარმოსახვებში.
მზარეულობის პროცესს დიდი დრო ნამდვილად არ წაუღია. სულ რაღაც ათ წუთში უკვე ყველაფრის მომზადებას მორჩა, ომლეტი ტაფიდან თეფშზე გადმოიტანა, ზედ ჩანგალი დაადო, მაცივრიდან ცხარე საწებელიც გამოიღო და ყველაფერი ეს, მაგიდასთან მჯდომ სანის დაუდო წინ, თანაც ისე, რომ სახეში ნორმალურად არც კი შეუხედავს. თავად ფანჯარასთან მივიდა დროის გასაყვანად. იქედან საკმაოდ ლამაზი ხედი იშლებოდა, რადგან ხელის გულივით მოჩანდა სახლის უკან გაშენებული ლამაზი მცენარეებით მდიდარი ბაღი, რომელშიც პატარა ფანჩატური და მოზაიკით გაფორმებული, მოჩუხჩუხე ფანტანიც იწონებდა თავს. ლივიამ მართლაც პირველად ნახა ისეთი სახლი, რომელშიც თითოეული კუთხე-კუნჭული სწორედ მისი გემოვნების შესაბამისად მოეწყოთ და ამ ფაქტის გაცნობიერება ერთადერთი სასიამოვნო მოვლენა იყო, რაც კი სანის საწოლში გაღვიძებიდან მოყოლებული ხდებოდა მის ცხოვრებაში.
გოგონა ფანჯრის რაფაზე ცალი მხრით ჩამოჯდა და ბაღის თვალიერება ტუჩებზე დამჩნეული ოდნავი ღიმილით განაგრძო. სწორედ აღნიშნულ მომენტში, ორი რამ ერთდროულად მოხდა -ჯერ ძაღლის ალოკვა იგრძნო მარცხენა ხელზე, ხოლო შემდეგ სანის ხმაც მოესმა, არც თუ ისე კმაყოფილი ტონით რომ ესაუბრებოდა:
-შენს შემწვარ კვერცხში ნაჭუჭები ყრია, იცი ეს? -იდაყვში მოხრილი ხელებით მაგიდას ეყრდნობოდა, თითები ერთმანეთში გადაეჭდო და ცალი წარბი მაღლა ჰქონდა აზიდული. ლივია მაშინვე წამოდგა ფეხზე. არადა ახსოვდა, რომ საუზმე მეტად აკურატულად მოამზადა. როგორ უნდა დაეშვა ასეთი შეცდომა?
-ნაჭუჭები? სად?
-აი აქ -საჩვენებელი თითი ერთ კონკრეტულ ადგილას მიიტანა დარსაველიძემ და გოგონაც გაფაციცებით დააკვირდა თავის ნახელავს.
-ეგ ნაჭუჭები კი არა, ცილაა -თქვა ბოლოს. შვებითაც ამოისუნთქა, რადგან ომლეტში რომ მართლაც ენახა რამე ზედმეტი, პირველ რიგში ამას თავად ვერ აპატიებდა საკუთარ თავს, უცხო ადამიანთან შერცხვენის გამო.
-რაც არ უნდა იყოს არ მომწონს, მიდი ხელთავიდან გააკეთე -წუნია პატარა ბავშვივით გასწია გვერდზე ომლეტის თეფში დარსაველიძემ და ამჯერად გულზე ხელებდაკრეფილმა ახედა თავზე წამომდგარ გოგონას. ეს უკანასკნელი იმდენად გააღიზიანა სანის პრეტენზიულმა საქციელმა, რომ კიდევ ერთხელ გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი ენის წვერზე მოთავსებული თითოეული სიტყვა მიეხალა პირში, თუმცა ახლაც იმ მიზეზის გამო გადაუხვია თვითშეკავებისკენ მიმავალ ბილიკზე, რომ ეს სამსახური ძალიან სჭირდებოდა, უფრო სწორად კი ის თანხა, რომელსაც აქ გადაუხდიდნენ, თუკი ყველაფრის გმირულად ატანას შეძლებდა.
-კარგი, როგორც გინდა, მაშინ ამას წავიღებ და გადავყრი -მაქსიმალურად მშვიდი, თავაზიანი ტონი მოიშველია, მერე კი დაწუნებული საუზმეც აიღო მაგიდის ზედაპირიდან და სასწრაფოდ შეუდგა ახლის სამზადისს, იმჟამინდელი განწყობისთვის შესაფერისი მოღუშული სახით. საბედნიეროდ, ამ ჯერზე დარსაველიძეს აღარანაირი პრეტენზია აღარ გასჩენია -სრულიად უპრობლემოდ, ყოველგვარი გართულებებისა და კაპრიზების გარეშე მიირთვა კუთვნილი საუზმე, თავისი დასვრილი თეფშიც პატიოსნად ამორეცხა ნიჟარაში და იქვე, ფანჯრის რაფასთან მდგომ გოგონას თვალებით ანიშნა უკვე წასვლის დროაო.
სახლის წინ, უმაღლესი კლასის რეინჯ-როვერი ეყენა სანის. ავტომობილი ისეთი მოვლილი გახლდათ, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სისუფთავისგან ბზინავდა. ეზოში გასვლის თანავე, ბიჭმა იგი გასაღების ერთ-ერთ ღილაკზე თითის დაჭერით გააღო, მარცხენა კარი გამოხსნა და უკან მომავალ ლივიას, გალანტური ჟესტით ანიშნა ტყავის სავარძლისკენ.
-დაბრძანდი ფუტკარო
-გმადლობ -დარსაველიძის თავაზიანი ტონისგან გაკვირვებულმა მხოლოდ ამ ერთი სიტყვის წარმოთქმა შეძლო და დააპირა კიდეც ჩაჯდომა, რომ სანიმ უეცრად კარი ისევ დახურა და ლივიაც მეტად სარკასტული მზერით დააჯილდოვა.
-შენ რა, მართლა გეგონა, რომ მე წაგიყვანდი? -ჰკითხა მან სიცილით, თან გოგონას თმის ბოლოებს გამაღიზიანებლად წაეთამაშა -ჩემს მანქანაში ჩაჯდომის უფლება მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს აქვთ, შენ კი შეგიძლია ტაქსით გამომყვე უკან.
ამის მეტად აღარაფერი უთქვამს. არც ლივიას ამოუღია ხმა. ჩამოვარდნილ სიჩუმეში მხოლოდ ის გაიგონა, თუ როგორ მიიხურა კარი სანიმ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, როგორ აამუშავა ძრავა და როგორ გაეცალა იქაურობას თვალის დახამხამებაში. რამდენიმე წამის განმავლობაში, ერთ ადგილას გაძეგლებულივით იდგა და მცირედ მოძრაობასაც კი არ აკეთებდა. მერე, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხის აქნევით კვლავ ადამიანად აქციაო, ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და სანამ ტაქსის გამოძახების სერვისში დარეკავდა, გაბრაზებულს ინსტიქტურად აღმოხდა შემდეგი სიტყვები:
-ნეტავ ყველაფრის თქმა შემეძლოს, რასაც კი შენზე ვფიქრობ. ვერც კი წარმოიდგენ რა პიკანტურ სიამოვნებას მივიღებდი ამით!
ის კონკრეტული დღე ნამდვილად არ გამომდგარა იღბლიანი ლივიასთვის. თითქოს სანის საქციელი საკმარისი არ იყოო, სტეფანეს ზარმაც გაულამაზა დილა და საბოლოოდაც მოშხამა გოგონას განწყობა. არც გადასაღებ მოედანზე მისვლამ და ამდენი ცნობილი მსახიობის ერთად დანახვამ უშველა და არც იმ სიმპათიური ოპერატორის დაჟინებულმა მზერამ, აშკარად რომ თვალებით ჭამდა ასეთი ადგილებისთვის აშკარად შეუფერებელი სამოსით- პიჟამოებით მდგომ ლივიას. ჯგუფის სხვა წევრებს რაც შეეხებოდა, ყველანი თავიანთი საზრუნავით იყვნენ გართულები. გადაღებების დაწყებამდე ზოგი აპარატურას მართავდა, ზოგი მსახიობებს უსწორებდა მაკიაჟს, ზოგიც კი სცენარს ჩაშტერებოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ იქ ყველაფერი ნამდვილად ისე ეწერა, როგორც მაღალი რეიტინგის საჩვენებლად იქნებოდა საჭირო.
ახალი, ოც სერიაზე გათვლილი სერიალი, რომელშიც მთავარ როლს სანი თამაშობდა, საკმაოდ დრამატულ სცენარს შეიცავდა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალგაზრდა ექიმის ცხოვრებას აშუქებდა. სიუჟეტის მიხედვით, ამ უკანასკნელს, საკმაოდ რთულ პაციენტზე -სერიულ მკვლელ გოგონაზე პასუხისმგებლობის აღება ხვდა წილად, ვისაც ფსიქიური აშლილობის, არასტაბილურობისა და პიროვნების გაორების ჩათვლით ყველანაირი დიაგნოზი ჰქონდა დასმული. სერიალი რუსულ-ქართულ პროექტს წარმოადგენდა, ამიტომ მასზე ქართველ რეჟისორებთან ერთად რუსებიც აქტიურად მუშაობდნენ. პაციენტი გოგონას როლს, სპეციალურად უკრაინიდან ჩამოყვანილი, საკმაოდ ცნობილი და ვიზუალური მონაცემებით გამორჩეული მსახიობი- ალისია მოროზოვი ასრულებდა, ხოლო ფსიქიატრიულის ექიმის როლს კი თავად სანი დარსაველიძე. მათ გარდა კიდევ უამრავი ცნობილი მსახიობი ირეოდა გადასაღებ მოედანზე, რომელთა შორის აგრეთვე სერიალ "კაბინეტში" ფსიქოთერაპევტის როლის შემარულებელი და ფილმ "ლურჯი ცის ლეგენდის" რამდენიმე მსახიობიც იყვნენ გამორეულები. ეს ყველაფერი, თითქოს ახალ სამყაროში მოხვედრას ჰგავდა ლივიასთვის. ამდენი ცნობილი სახის ერთ სივრცეში დანახვა იმდენად ეუცნაურებოდა, რომ რამდენჯერმე ხელზეც კი იჩქმიტა იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად მღვიძავს თუ არაო.
სანის რაც შეეხება, აღნიშნულ მომენტში თავის პარტნიორ მსახიობთან -ალისიასთან ერთად იდგა და გადაღებების დაწყებამდე, ჭიქა ყავით ხელში მხიარულადაც ესაუბრებოდა გოგონას. იმდენად ლამაზად გამოიყურნებოდნენ ეს ორნი ერთად, რომ ლივიას ისიც კი წარმოუდგა თვალწინ, თუ რამდენად იდეალური გარეგნობის შვილები შეიძლებოდათ ჰყოლოდათ ამ ორ, გენეტიკურად მოწოდების სიმაღლეზე მყოფ პიროვნებას, თუკი ოდესმე მოიფიქრებდნენ და ერთად ყოფნას გადაწყვეტდნენ.
დღეს სერიალის მეორე სერია უნდა გადაეღოთ, რომელიც ჯამში დაახლოებით ორმოცდახუთწუთიანი გახლდათ და ორ სამუშაო დღეზე იყო გათვლილი. აპარატურა თითქმის უკვე მთლიანად იყო გამართული და ძალიან მალე გადამღები ჯგუფიც უნდა შედგომოდა თავის საქმეს. ჯაბა და ანთისა, როგორც ჩანდა გადაღებებზე მოსვლას არ აპირებდნენ და სანიზე "ზრუნვა" მთლიანად ლივიასთვის ჰქონდათ გადაბარებული. გოგონას, საკუთარმა წარმოსახვებმა ის სცენაც კი გადაუშალა ცხვირწინ, თუ როგორი ნეტარებით აღსავსე სახით ისხდნენ ახლა მენეჯერები სადმე წყნარ, ფეშენებელურ ადგილას, ფეხი ფეხზე ჰქონდათ გადადებული და შამპანიურის ჭიქებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ, სანისგან გათავისუფლების აღსანიშნავას. გოგონასდა გასაკვირად, დარსაველიძე, ამ ეტაპზე ზედმეტად მშვიდად იყო და არაფერს აშავებდა. არც ლივიას იქ ყოფნას აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ ერთხელ გაუღიმა, თანაც ისიც ირონიულად და კვლავ ალისიასთან განაგრძო საუბარი, ვისაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, თუ როგორი დაშაქრული სახით ელაპარაკებოდა მამაკაცს. ლივიას, ალისიას უამრავი ფილმი ჰქონდა ნანახი, თუმცა პიროვნულად ოდნავადაც კი არ მოსწონდა ეს მსახიობი. ეკრანიზაციებში ყოველთვის დადებით როლებს ასრულებდა, ან ისეთებს, სადაც სამართლიანობისთვის მებრძოლ ძლიერ ქალს განასახიერებდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში, რომელსაც სოციალური ქსელების მეშვეობითაც თავისუფლად შეიტყობდა ადამიანი, მეტად ამაყი, ამპარტავანი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვინც ყველას ზემოდან უყურებდა და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე გახლდათ ორიენტირებული.
გადაღებების დაწყებამდე სულ რაღაც ორი წუთი იყო დარჩენილი, როცა სანიმ ალისიასთან ლაპარაკი გაწყვიტა და გაურკვეველი მიზეზების გამო, პირდაპირ ლივიასკენ წამოვიდა, სწრაფი ნაბიჯებით. გოგონამ მისი მიახლოვება მხოლოდ მაშინ აღიქვა, როდესაც დარსაველიძის სუნამოს სურნელი მეტად მკაფიოდ იგრძნო და აქედან სულ მალე ბიჭის ხმაც გაიგონა:
-ჩემი ფუტკარი მოფრენილა -ახლოს მისვლის შემდეგ კვლავ გოგონას თმას წაეთამაშა იგი -საიდან მოფრინავ?
-სკიდან. თაფლს ვამზადებდი
დარსაველიძეს ირიბად ჩაეცინა.
-ჰო, იუმორს არა უშავს, მაგრამ ჩემსას ნამდვილად ვერ შეედრება
-არც ვცდილობ კონკურენციის გაწევას -არანაკლებ ირონიული ტონით გაეპასუხა თავადაც, მერე კი თვალი აარიდა, რადგან ამ საუბრის გაგრძელების სურვილი უკვე ოდნავადაც აღარ ჰქონდა, ბიჭის სასტიკად დამცინავი გამოხედვის გამო, მუდამ რომ არარაობად აგრძნობინებდა საკუთარ თავს.
-მზერას რატომ მარიდებ წითურო?
-სულაც არ გარიდებ -პირველკლასელი მოსწავლესავით უნიჭოდ იცრუა გოგონამ
-არა, მარიდებ -ნიკაპში მოკიდა ხელი დარსაველიძემ, თვალებში ლამის ძალით ჩახედა და ისე გაუღიმა, როგორც ფილმებში უღიმოდა თავის პარტნიორ ქალებს -მგონი ცოტათი გაბნევ
-მხოლოდ ის მაბნევს, რომ აქამდე სერიოზული ადამიანი მეგონე, ხელში კი ნარცისიზმის სინდრომით დაავადებული ეგოისტი მსახიობი შემრჩა -ეცადა შინაგანი ფიქრები ნაკლებად აგრესიულად გამოეხატა, თუმცა სიტყვის დასრულებისას მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ოდნავ გადააჭარბა იმას, რისი თქმაც აღნიშნულ მომენტში იყო საჭირო. გოგონას ასეთი უხეშობა, სანის გამომეტყველებაზეც აისახა, წამებში რომ იქცა მხრიარულიდან -მოღუშულად.
-იცი? აუცილებელი არაა ყოველთვის ის თქვა, რასაც ფიქრობ -მეტად ნაწყენი ხმით უთხრა ბიჭმა, რითაც აშკარად დანაშაულის გრძნობა აღმოაცენა ლივიას გულში -შეიძლება ასე ვინმეს ძალიან ატკინო და აწყენინო
-სანი მე . . . არ მინდოდა ამის თქმა
-რა არ გინდოდა? ჩემი დამცირება? იმის გამოხატვა რამდენად აუტანელი ვარ შენთვის და როგორ გეზიზღები?
-მაპატიე . . . მაპატიე, უბრალოდ . . . -უნდოდა ეთქვა სრულიად სხვა რამის თქმა მინდოდა და მთლად სწორად ვერ გაიგეო, თუმცა სანამ რამის სათქმელად მოიბრუნებდა პირში ენას, დარსაველიძის ხმამაღალმა სიცილმა კიდევ უფრო მეტად დააბნია, ისედაც ზომაზე მეტად დაბნეული.
-ფუტკარო, რატომ გავიწყდება, რომ მსახიობი ვარ? -შეეკითხა მამაკაცი თვალებში ჩამდგარი უჩვეულო მხიარულებით -გულნატკენი სახის მიღება, წამებშიც კი შემიძლია, თანაც ისე, რომ ეჭვსაც ვერავინ შეიტანს.
გოგონამ კვლავაც ვერ მოთოკა თავი, ჩვეულმა იმპულსურობამ სძლია და ატომური ბომბივით იფეთქა მოწოლილი გრძნობებისგან.
-მსახიობი კი არა უმაღლესი კლასის აფერისტი ხარ! -სილის გაწვნის სურვილისგან ხელების ქავილიც კი იგრძნო მან -როგორც კი შენში რამე ადამიანურ გრძნობას დავიჭერ, მაშინვე რაღაც ისეთს აკეთებ, რაც ამ ყველაფერს ხაზს უსვამს ხოლმე.
-კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენს გარდა არავის აქვს უფლება ჩემთან ასეთი ტონით ისაუბროს -ოდნავ მიუახლოვდა ლივიას ამის თქმისას, ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადაუტარა, მერე კი ლოყა მიუშვირა -შეგიძლია მადლობა კოცნით გადამიხადო.
-მაგისთვის უსასრულობამდე მოგიწევს ლოდინი -სარკაზმის უმომპრომისოდ დიდი დოზა ჩააქსოვა ამ სიტყვებში, თან ქაღალდის ყავის ჭიქაც ააცალა ხელიდან და იქედან ოდნავ მოსვა ცხელი სითხე -ახლა კი გირჩევნია კოფეინის სმას შეეშვა, სცენარი გადაიმეორო და მოემზადო, გადამღები ჯგუფი უკვე იწყებს.
ლივიას ეგონა, რომ მისი სიტყვები ახლა ნამდვილად გამოიწვევდა სანის უკმაყოფილებას, თუმცა სრულიად პირიქით მოხდა -ბიჭმა კვლავ პატარა ბავშვივით მოუჭირა ცხვირზე ორი თითი, ოდნავ გაუღიმა და თვალებში კვლავ იდუმალებით მოცული, ღრმა მზერით ჩააშტერდა.
-კარგი ტიპი ხარ ფუტკარო . . . მართლა კარგი ტიპი ხარ. ამას სრულიად გულწრფელად გეუბნები.
ლივიამ სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო ისე აქცია ზურგი დარსაველიძემ და ოპერატორთა ჯგუფისკენ გაემართა. მსახიობებიდან თითოეული მათგანი სრულ მზადყოფნაში იყვნენ, ისევე როგორც აპარატურა, ამიტომ აღარც გადაღებების დაწყებას დაჭირვებია დიდი დრო. სულ რაღაც ორ წუთში უკვე დუბლების ჩაწერა დაიწყო და ყოველი მსახიობი მთელი ენთუზიაზმით შეუდგა თავის საქმეს. მიუხედავად ხალხმრავლობისა, ლივია ყველაზე მეტად მაინც სანის მოქმედებებს აკვირდებოდა. ამ დაკვირვების პროცესში ნათლად ამჩნევდა იმ გრძნობებს, ბუნებრიობასა და აშკარა პროფესიონალიზმს, რომელსაც იგი თავისი პერსონაჟის განსახიერებისას წარმოაჩენდა. ამ ყველაფრის შემყურეს საშინლად უკვირდა როგორ შეეძლო ადამიანს ასეთი რადიკალური გარდასახვა. საოცრად მომხიბვლელი ეჩვენებოდა სანი იმ მომენტებში და საკუთარი თავი ერთხელ იმაშიც გამოიჭირა, რომ სულელი, თინეიჯერი ფანივით გაღიმებული უმზერდა დარსაველიძის თითოეულ ჟესტსა თუ მოძრაობას.
გადაღებები ექვს საათს გაგრძელდა. სანის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. მხოლოდ შესვენების საათებში გაგზავნა ლივია რამე საჭმლის მოსატანად ჩინური სამზარეულოდან და მხოლოდ იმ მხრივ გამოთქვა პრეტენზია, რომ მიდიებზე მოსხმულ საწებელს სიცხარე აკლდა, ხოლო გამაგრილებელი სასმელი საშუალოზე მეტად ცივი იყო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ის დღე თითქმის უპრობლემოდ ჩაამთავრეს. გადაღებების დასრულებისას, ლივიას ტელეფონზე ანთისას ზარიც გაისმა, ვისაც აინტერესებდა შეიქმნა თუ არა რაიმე სახის გართულება მთელი დღის განმავლობაში. დაღლილობიდან გამომდინარე, გოგონა საკმაოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა მასთან, მხოლოდ იმ სიტყვებით დაამშვიდა ყველაფერმა კარგად ჩაიარაო და ზედმეტი კითხვებისგან თავის არიდების მიზნით, ყურმილიც სწრაფადვე დაკიდა.
ვინაიდან გადამღებმა ჯგუფს მუშოაბა უკვე დასრულებული ჰქონდა და საქმეც უკვე აღარაფერი იყო, ტაქსის გამოძახებისა და შინ წასვლის გადაწყვეტილება იყო პირველი, რაც კი საკუთარმა გადაღლილმა ტვინმა უკარნახა. დააპირა კიდეც ამის გაკეთება, თუმცა მოიმარჯვა თუ არა ტელეფონი, თითქოს დაბარებულივით გაჩერდა მის ფეხებთან შავი ნისანი და იქედან შუა ხნის კაცმა გადმოყო, ოდნავ ჭაღარაშეპარული თავი.
-ქალბატონო ლივია, ბატონი სანის დავალებით ვარ -ოდნავი ღიმილით უთხრა მან, თან სალონიდანაც გადმოვიდა ძრავის გამორთვის შემდეგ. მამაკაცს ტანზე ნაცრისფერი, კლასიკური კოსტიუმი და ღია ფერის ჯინსის შარვალი მოერგო, თეთრ კედებთან ერთად. საკმაოდ დახვეწილად, ახალგაზრდულად და სანდოდ გამოიყურებოდა კაცი, თუმცა გოგონამ იგი მაინც ეჭვით აათვალიერა, რადგან აქამდე ეს პიროვნება ერთხელაც არ ჰყავდა ნანახი და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იგი.
-უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით? -დაუფარავად იკითხა გოგონამ ის, რაც აღნიშნულ მომენტში აინტერესებდა. უცნობმა მამაკაცმა ლივიასკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, რის შემდეგაც მუქმინებიანი მზის სათვალე, აბაქდოკივით გადაიწია თავზე.
-ნება მომეცით გაგეცნოთ, მე დემნა ვარ, ბატონი სანის პირადი მძღოლი -ჩამოსართმევად გაუწოდა მან ხელი გოგონას და ამ უკანასკნელმაც, მცირედი ყოყმანის შემდეგ შეაგება თავისი მარჯვენა -აქ მისი თხოვნით მოვედი, თქვენი შინ მიყვანა დამავალა.
-კი მაგრამ, პირადი მძღოლი რაში სჭირდება, მანქანა თავადაც ჰყავს და მას თვითონ მართავს ხოლმე.
-ჰო, მართალი ბრძანდებით, მაგრამ ისეთი მომენტებიცაა, როდესაც მთელი დღით მუშაობისგან გადაღლილს საჭის ტრიალის თავიც აღარ აქვს და მეც სწორედ ასეთ მომენტებში გამომიძახებს ხოლმე.
-გასაგებია -ღრმად ამოისუნთქა, თან დაკვირვებით მიმოიხედა ირგვლივ. მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით სანის რეინჯ-როვერი ეყენა, რომლის მარჯვენა კარსაც ის და ალისია ერთად მიყრდნობოდნენ და კვლავ რაღაცაზე საუბრობდნენ. გოგონამ იმასაც კი მოჰკრა თვალი, როგორ გამომწვევად ჩამოატარა მან ხელის გული მამაკაცის სახეზე და როგორ აეკრა მთელი ტანით მის სხეულს. ამაზე მეტით უკვე აღარ დაინტერესებულა ლივია. მოშორებით მდგომ წყვილს თვალი სწრაფად აარიდა, მძღოლს ავტომობილის კარის გაღებისთვის თვალებით გადაუხადა მადლობა და სავარძელში ფაქტობრივად გასავათებული ჩაესვენა. იმ წამსა და იმ მომენტში, მხოლოდ ერთი რამ თუ მოიყვანდა ხასიათზე -ქაფიანი აბაზანა და რამე საინტერესო წიგნის წაკითხვა. მხოლოდ ეს და სხვა ვერაფერი.



8 8 8 8
დილის ათი საათი სრულდებოდა, როდესაც სტეფანემ მუხისფერი კარის მარცხენა მხარეს დაყენებულ ზარის ღილაკს მიაჭირა ცერა თითი და ზღურბლთან მდგომი, მოთმინებით დაელოდა მეორე მხრიდან საკეტის ხმის გაგონებას. უკვე ძალიან დიდი ხანი იყო მას შემდეგ, რაც ლივია, ბოლოს პირისპირ იხილა და მიუხედავად იმისა, რომ მამიდაშვილისადმი ბრაზის გრძნობა გულში მეტად ღრმად ჰქონდა გამჯდარი, მაინც ვერ ახერხებდა თავისი უახლოესი ნათესავი ამდენად უყურადღებოდ მიეგდო ამხელა ქალაქში, სრულიად მარტო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გოგონას მის გარდა სხვა არავინ გააჩნდა ამ ქვეყნად.
მოლოდინის პროცესში სტეფანე კარის ჩარჩოს მიეყრდნო ცალი მხრით და სადარბაზო მოათვალიერა. კედელზე, ფერადი ცარცებით უამრავი სულელური წარწერა იყო მიჯღაპნილი, რომელთა შორისაც ერთ ასეთ რამესაც მოჰკრა თვალი:
"Do you belive in gravity?"
ამაზე, ოდნავ ქვემოთ, პასუხად მხოლოდ ერთი სიტყვა "Nope" მიეწერა, სავარაუდოდ უკვე სხვა პიროვნებას, ხოლო კიდევ ვიღაც სხვას, უკვე ქართულად ჰქონდა მიწერილი წინადადება-"აბა გადახტი ფანჯრიდან".
სტეფანეს ოდნავ ჩაეცინა ამ კომიკური კითხვა-პასუხის შემცველი წარწერისთვის თვალის გადავლების შემდეგ. მოლოდინის პროცესში სხვა წარწერებისთვისაც აპირებდა თვალის გადავლებას, თუმცა სანამ ამას მოასწრებდა, ნაბიჯების ხმა მოესმა ზღურბლის მეორე მხრიდან, რის გამოც სინათლის სიჩქარით დასერიოზულდა და კარის ჩარჩოსაც მოშორდა რამდენიმე სანტიმეტრით. მართალია კარის გაღებას ცოტათი დააგვიანდა, რადგან სახლში მყოფი სავარაუდოდ სათვალთვალოდან უცქერდა ახლადმოსულს და იმაზეც ყოყმანობდა გაეღო თუ არა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაისმა ნანატრი საკეტის ჩხაკუნი და ზღურბლთან მდგომმა სტეფანემ, მამიდაშვილის ნამძინარევ სახესაც მოჰკრა თვალი, ჯერ კიდევ პიჟამოებში გამოწყობილს, ერთი შეხედვითაც რომ ეტყობოდა საწოლიდან სულ ახლახანს წამოდგომა. მიუხედავად ამისა, სარკაზმით აღსავე გამომეტყველების მისაღებად დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირვებია და სწორედ ასეთივე ტონით წარმოთქვა მისასალმებლად პირველი სიტყვები:
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ სტეფანე?
-მამიდაშვილის მოსაკითხად მოვედი, ასე უნდა დამხვდე?
-კვირაში ორჯერ მოკითხვა? შენ რა მეპირფერები? -გულზე დაიკრიფა ხელები ამის თქმისას. სტეფანეს ოდნავშესამჩნევად გაეღიმა.
-წინა მოკითხვა ტელეფონით იყო, ახლა გადავწყვიტე პირადადაც მენახე -მსგავსი პასუხის გაცემა და კარის ზღურბლს ყოველგვარი ნებართვის აღების გარეშე გადაბიჯება ერთი იყო. სანამ ლივია გონს მოეგო და გააანალიზა, რომ დაუპატიჟებლად მოსული ბიძაშვილთან უკვე ერთ ჭერქვეშ იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმა უკვე მისაღებში მდგომ სავარძელშიც მოასწრო ჩაჯდომა და პატარა ჟურნალების მაგიდაზე ფეხების შემოწყობაც. ლივია რომ შემოვიდა, ბიჭს უკვე ერთ-ერთი წიგნი ჰქონდა აღებული მაგიდიდან და ისე ფურცლავდა, თითქოს მასში რაღაც მნიშვნელოვან ციტატას ეძებსო.
-ახლავე დადე ეგ წიგნი, ფეხები ძირს ჩამოიღე და მითხარი ჩემი მისამართი საიდან ამოქექე! -აშკარად არ ჰქონდა კეთილგანწყობილი ტონი გოგონას, რადგან ზუსტად იცოდა მისი და სტეფანეს ერთ სივრცეში ყოფნა კარგად არ დასრულდებოდა. როგორც ეტყობოდა, ბიჭი კვლავ ჩვეულ გულგრილ, თავხედურ ხასიათს ინარჩუნებდა, რადგან მამიდაშვილის "ბრძანებებიდან" არც ერთი არ გაითვალისწინა და მხოლოდ დასმულ შეკითხვაზე გადაწყვიტა პასუხის დაბრუნება:
-თუ მომინდება ყველაფრის გაგება შემიძლია ლამაზო -წიგნიდან თავის აღებაც არ ინდომა ისე მიუგო -ყავას არ შემომთავაზებ?
-კი, რამდენი კოვზი შხამით გინდა?
-შაქარს თუ გულისხმობ, უშაქროს ვსვამ. ეგეთი რამები შენ აე უნდა გეშლებოდეს, ბოლო-ბოლო ერთად ვართ გაზრდილები.
მისაღებში სიჩუმე ჩამოწვა. დაძაბულობას თითქოს ყოველ კუთხე-კუნჭულში დაედო ბინა და იქედან ადევნებდა თვალს ლივიასა და სტეფანეს შემდგომ სვლებს. არადა რა კარგად დაიწყო დილა გოგონასთვის. მაშინ, როდესაც უკვე ადგომას აპირებდა, ანთისასგან შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ სანის სცენების გადაღება საღამოსთვის გადაეტანათ. აღნიშნულის გამო შეეძლო დილით საკმაოდ გემრიელად გამოეძინა. ვინაიდან სახლში კაკიც არ იყო და ირგვლივაც სრული მდუმარება სუფევდა, მიუძღვნიდა კიდეც საკუთარ თავს მთლიანად ძილს, რომ არა ბიძაშვილის მოულოდნელად დარეკილი ზარი მის კარზე, განგაშის სიგნალივით რომ გაისმა შაქრის ნატეხივით ტკბილ სიჩუმეში.
-რისთვის მოხვედი სტეფანე? -ამჯერად, სავარძლის ახლომახლო მდგომ, გაშლილი ხელის გულის ფორმის მქონე რბილ სავარძელ-სკამზე ჩამომჯდარმა ჰკითხა გოგონამ, თან მკაცრად აწეულ ცალ წარბს, გულზე დაკრეფილი ხელებიც დაამატა -თუკი იმის გარკვევას ცდილობ აქ ვისთან ერთად ვცხოვრობ, იმ ადამიანის სახელი და გვარი კაკი არველაძეა, პროფესიით კი მხატვარია.
-რაო?! -ფეხები მაგიდიდან ჩამოიღო და წიგნის ფურცვლასაც სწრაფად მოეშვა. როგორც ჩანდა, ნამდვილად არ ელოდა იმის მოსმენაც, რაც წამების წინ გაიგო.
-ნუ გაქვს ეგეთი სახე, არც შეყვარებულია და არც საქმრო, უბრალოდ ბინის ქირას ვინაწილებთ -სრულიად მშვიდად მიუგო ბიძაშვილს, მისგან წამოსული ხმამაღალი ტონის მიუხედავად -სხვა თუ არაფერი გაინტერესებს, კარი ისევ იქაა, საიდანაც შემოხვედი.
-შენ რა, აქ მართლა ბიჭთან ერთად ცხოვრობ?! -გაცილებით მკაფიოდ გაისმა სტეფანეს ხმა და თვალებშიც უფრო შესამჩნევად აუგიზგიზდა ბრაზის ცეცხლი, სადაც იყო ყველაფერს რომ გადაწვავდა ირგვლივ.
-ჰო, მერე რა? ცუდს არაფერს ვაკეთებ. არც კაკია მანიაკი, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ. მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს.
-სად უგებთ გოგო ერთმანეთს მშვენივრად, საწოლში?! -ახლა მართლა ზედმეტად საშიში გახდა სტეფანეს გამოხედვა -ვიღაც უცნობ ბიჭთან ერთად ცხოვრობ, ისე, რომ ნორმალურად არც კი იცნობ, სულ გარეკე, რაც ჩვენი სახლიდან წახვედი? სად გქონდა ჭკუა მაგას რომ აკეთებდი?
-ნუ ყვირი, ეს შენ არ გეხება -კვლავ სიმშვიდის გზას ადგა გოგონა, თან წარბი ოდნავადაც არ უტოკდებოდა -მართლა ვერ ვხვდები რატომ მექცევი მზრუნველი მამიკოსავით? შენ არ იყავი ჩემს დანახვას რომ ერთი დიდი თეფში ბორშის ჭამა გერჩივნა თანაც ყოველ დღე? ასე არ მითხარი?
-ლივია ჭკუიდან ნუ მშლი!
-თვითონ კი ნუ ყვირი, თორემ ნემსს მოვიტან და მაგ პირს ამოგიკერავ. ოთხ ენაზე ვლაპარაკობ და შენს საქციელს ოთხივეზე სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ჰქვია
-ამომიკერავ და ორჯერ უარესს გიზამ!
-ნუ იჭიმები
-ვიჭიმები კი არა, სულ ფეხებზე მ’კიდია შენი დამოუკიდებელი ცხოვრება! დღესვე ჩაალაგებ ბარგს და სხვა ბინაში გადაბრძანდები! არ მსიამოვნებს, რომ ჩემი მამიდაშვილი ვიღაც უცხო კაცთან ერთად ცხოვრობს, თანაც სრულიად მარტო.
-სტეფანე, არ მაქვს შენი ნერვები -შუბლზე მიიჭირა გოგონამ თითები ამის თქმისას -ძალიან გთხოვ, აორთქლდი აქედან და სამსახურში წასვლამდე გამოძინება მაცადე.
-ამას უყურეთ, თურმე მუშაობაც დაუწყია ამ დროის განმავლობაში -მერე წინ გადაიხარა, იდაყვებით ორივე მუხლს ჩამოეყრდნო და შემდეგი კითხვის დასმაც დააპირა, თუმცა აღარ დასცალდა, რადგან ზუსტად იმ მომენტში შემოსასვლელიდან ჯერ კარის გაღების ხმა გაისმა, შემდეგ დაკეტვის, ხოლო ბოლოს, ამას ვიღაცის ნაბიჯებიც დაერთო, პირდაპირ მისაღებისკენ რომ მოემართებოდა, თუკი ხმის მიხედვით ვიმსჯელებდით. რამდენიმე წამიც და ლივია და სტეფანე უკვე ოთახში მარტონი აღარ იყვნენ. მათ დუეტს, მესამე წევრიც შემატებოდა კაკის სახით, ვისაც აშკარად დაბნეულობა ეხატა სახეზე, სავარძელში მჯდომი უცნობი ადამიანის დანახვის გამო.
-გამარჯობა -თქვა მან, თუმცა ამ სიტყვის თქმისას მარტო სტეფანესკენ იყო მიმართული ბიჭის მზერა. ლივიას მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გადახედა. გოგონას სახეზე მოღუშული გამომეტყველება ჩანდა და კაკიც მიხვდა, რომ იქაური ატმოსფერო დაძაბულობით იყო სავსე -უკან მობილურის წასაღებად დავბრუნდი. როგორც ვხედავ, სტუმარი გყავს.
-ეგ სტუმარი უკვე წასვლას აპირებდა -ჰაერში ერთ კონკრეტულ წერტილს უყურებდა ლივია ამის თქმისას, თან მარმარილოს ქანდაკებასავით უძრავად იჯდა თავის სკამზე. სტეფანეს რაც შეეხება, მამიდაშვილის სიტყვებისთვის ყური არც უთხოვებია. როგორც ეტყობოდა ჯერ არსად წასვლას არ აპირებდა.
-ეს არის ის ტიპი, ვისთან ერთადაც ცხოვრობ? -იკითხა მან, თან კაკიც აათვალიერა ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე, ისე, თითქოს ლაზერული სხივით ასკანერებსო. აშკარა იყო კაკის მიმართ თავიდანვე ნეგატიურად განეწყო და ეს არველაძემაც შეამჩნია, თუმცა მაინც ზრდილობის ჩარჩოებში მოექცა — დაუპატიჟებლად მოსულ სტუმარს თავაზიანად გაუღიმა და ჩამოსართმევად ხელიც გაუწოდა.
-კაკი არველაძე . . . შენ ალბათ ლივიას ბიძაშვილი ხარ არა?

-სტეფანე გაბისიანი -მცირედი ყოყმანის შემდეგ ბიჭმაც შეაგება თავისი მარჯვენა -ჰო, მისი ბიძაშვილი ვარ და იმითაც ვარ დაინტერესებული კონკრეტულად რა სახის ურთიერთობაა თქვენს შორის.

ლივიამ უხერხულობისგან ქვედა ტუჩზე იკბინა. ამჩნევდა როგორ იზრდებოდა სტეფანეს ბრაზი ნაპირისკენ დაძრული ზღვის ტალღასავით და ნამდვილად არ სურდა იქ და იმ მომენტში, მის გამო პირუტყვული ჩხუბი ამტყდარიყო. იყო კიდეც ამის რისკი, თუმცა, საბედნიეროდ, სიტუაცია კაკის სიტყვებმა იხსნა, ვინც თითქოს სიმშვიდის საბნის გადაფარებას ცდილობდა ირგვლივ ჩამოწოლილი დაძაბულობისთვის.

-მე ახლა ძალიან მეჩქარება, სალაპარაკოდ დიდად არ მცალია -თქვა მან, თან მაგიდაზე დატოვებული მობილური ჩაიდო ჯიბეში -მაგრამ თუ გინდა შენც წამოდი და შეგვიძლია გზაში ვისაუბროთ. დარწმუნდები რომ მანიაკი არ ვარ და ლივია ჩემთან უსაფრთხოდაა.

დუმილი კიდევ ერთხელ ჩამოწვა მისაღებში. სტეფანე კვლავ ეჭვიანად ათვალიერებდა თავზე წამომდგარ კაკის, თუმცა ამ ჯერზე იმდენად ნეგატიური მზერა აღარ ჰქონდა, როგორც საწყის ეტაპზე. როგორც ჩანდა, მუშტი-კრივის გამართვის საფრთხე ჰორიზონტის ხაზზე ზედმეტად მკრთალად იკვეთებოდა, რაც მშვიდად ამოსუნთქვის საფუძველს უქმნიდა ლივიას.

გოგონამ ჯერ კაკის შეავლო თვალი, ხოლო შემდეგ ბიძაშვილის მოღუშულ გამომეტყველებას დააკვირდა. სტეფანემაც სწორედ იმ წამს დაუსვა დუმილს წერტილი და მუხლებზე დაყრდნობით ფეხზეც წამოიმართა.

-ახლა წავალ, მაგრამ დაიმახსოვრე, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ -ბასრი მზერით ლამის შუაზე ჭრიდა და საფრთხის მოახლოებას აგრძნობინებდა იგი მამიდაშვილს
მის ამგვარ გამოხედვაზე, ლივიას უკვე დიდი ხანია აღარ ჰქონდა რეაქცია. აღარც სტეფანეს ყოველ დაღრიალებაზე უსკდებოდა გული და არც მაგიდის ქვეშ იმალებოდა ასეთ დროს, თუმცა კაკის თვალწინ მაინც ეუხერხულებოდა მსგავსი საუბრები და არც თავისი ოჯახური პრობლემების სააშკარაოზე გამოტანით იყო მაინცდამაინც აღფრთოვანებული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უთქმელი სიტყვები ყელში ძვალივით ჰქონდა გაჩხერილი, რამე უხეშის თქმას მაინც დუმილის პოზოცია არჩია და ბოლო სიტყვებზე, ბიძაშვილს უბრალოდ მორჩილად დაუქნია თავი. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ, მისაღებში აღარაფერი თქმულა. რამდენიმეწამიანი თვალებით კონტაქტის შემდეგ, კაკი და სტეფანე შეთანხმებულებივით დაიძრნენ გასასვლელისკენ და აქედან რამდენიმე წამში, კარის გაღება-დაკეტვის ხმებიც მისწვდა გოგონას სმენას. სწორედ იმ წამს შეძლო შვებით ამოსუნთქვაც. დაძაბული საუბრის შემდეგ ფსიქოლოგიურად იმდენად გახლდათ გადაღლილი, რომ ხელის ფორმის სკამიდან პირდაპირ დივანზე გადაინაცვლა, იქვე მიწვა, რბილი ბალიში გულში ჩაიხუტა და ისე მალე ჩაეძინა, როგორც თამაშისგან გადაღლილ ჩვილ ბავშვს.




8 8 8 8
გადასაღებ მოედანზე, როგორც ყოველთვის, ახლაც ჩვეული ფუსფუსი შეინიშნებოდა. ვიზაჟისტები, მსახიობები, ოპერატორები თუ დუბლიორები, ყველანი თითქოს ფუტკრების ოჯახივით შრომობდნენ და წამითაც არ წყვეტდნენ კონკრეტული დეტალების შესასწორებლად აქეთ-იქით სირბილს. სერიალის პირველმა ეპიზოდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რეიტინგი აჩვენა და სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე მეტად, მაინც სანისა და ალისიას სახელები ფიგურირებდა, რომლებიც, როგორც ფანები აცხადებდნენ, უზომოდ უხდებოდნენ ერთმანეთს რეალური წყვილის რანგში. ზოგი იმასაც კი წერდა, რომ უკვე მრავალი წელი იყო, რაც ქართველ რეჟისორებს ასეთი კარგი პროექტისთვის არ მოეკიდათ ხელი. ზოგს უბრალოდ სანი მოსწონდა, ზოგს მისი შესრულება, ზოგს კი მთელი „ქასთი“და სერიალის დრამატული სიუჟეტი. მოკლედ და კონკრეტულად, დადებითად განწყობილნი საკმაოდ ბევრი იყვნენ, ჰეითერები კი აშკარად ნაკლები, რაც მთელს გადამღებ ჯგუფში უდიდეს კმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულის გამო, ყველანი ორმაგად დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს და აღარც გადაღლილობას აქცევდნენ დიდ ყურადღებას. პირიქით, ცდილობდნენ მისთვის ჭიქა-ყავით გამოეცხადებინათ ხელჩართული ბრძოლა და კვლავ ჩვეული ენერგიით გაეგრძელებინათ სამუშაო პროცესი.

გადასაღები მოედნის ფუსფუსს, ლივია ოდნავ მოშორებით მდგომი ადევნებდა თვალყურს. იმ წამს, გოგონას დარსაველიძის „ძიძობასთან“ერთად, საკუთარი საფიქრალითაც უხვად ჰქონდა თავი გამოტენილი. ყველაზე მეტად, მაინც ის აწუხებდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა რაზე ისაუბრეს სტეფანემ და კაკიმ. ბიძაშვილისთვის ამის კითხვას აზრი არ ჰქონდა, რადგან იცოდა, ან ყურმილს დაუკიდებდა, ან ზარზე უპასუხებდა და არაფერს ეტყოდა, ხოლო კაკის რაც შეეხება, მასთან დაკავშირებას რატომღაც ვერ ახერხებდა. სწორედ ამიტომ, ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა დღის ბოლო, რათა სახლში დაბრუნება და ყველაფერზე პირისპირ დალაპარაკება შეძლებოდა ბიჭთან.

ლივია ზებრასავით დაზოლილ შეზლონგ-სკამზე ჩამოჯდა და მკლავებზე ხელები ისე შემოიხვია, როგორც სუსხიანი ქარისგან შემცივნულმა ადამიანმა. იმ მომენტში, ალისიას, ვიზაჟისტები მაკიაჟს უსწორებდნენ, ხოლო სანი, შორიახლოს იდგა და ვიღაცას მეტად გაღიმებული სახით ესაუბრებოდა ტელეფონზე. გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი ოპერატორი, რომლის სახელი ლივიამ ჯერ კიდევ არ იცოდა, კამერის ობიექტივს ასწორებდა, თან ალაგალაგ მასაც გახედავდა დაჟინებული მზერით. თავდაპირველად, ეს ოდნავ დისკომფორტს უქმნიდა გოგონას, თუმცა მერე უბრალოდ გადაწყვიტა იგნორის ტაქტიკას მიჰყოლოდა და ამის გამო, აღარც უხერხულობის განცდა აწუხებდა დიდად.
დარსაველიძე რატომღაც დღესაც ჭკვიანად იქცეოდა და ზედმეტად არაფერს აშავებდა. მიუხედავად ამისა, ლივია ერთი წამითაც კი არ აშორებდა თვალს, როგორც იმ პატარა ბავშვს, ვინც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გაქანებული საქანელიდან გადმოვარდნილიყო. სანი თავიდან ბოლომდე გამოცანად ითვლებოდა გოგონასთვის, ასეთი ადამიანებისგან კი ნებისმიერი რამ იყო მოსალოდნელი, ამიტომ არც ყურადღების მოდუნება ჩანდა გონივრული გადაწყვეტილება, თუკი საქმე მისნაირებს ეხებოდათ.
გოგონასდა საბედნიეროდ, იმ დღემაც გართულებების გარეშე ჩაიარა. გადაღებული კადრების უმეტესობა, ძირითადად მაინც ექსტრემალური ხასიათისა იყო და მხოლოდ ერთადერთ ოთხწუთიან ეპიზოდში თუ გამოერია რომანტიული სცენა. მსახიობთაგან თითოეულმა ნამდვილად პროფესიონალურად იმუშავა და ყოველმა მათგანმა სული და გული ჩადო მინიჭებული როლის უმაღლეს დონეზე შესრულებაში. ლივიას გადასაღებ მოედანზე ყოფნა, თავდაპირველად, ყველა იქ მყოფს უკვირდა, თუმცა შემდგომში, ჯაბასა და ანთისას მოგონილმა ტყუილმა, რომლის მიხედვითაც ლივია სანის თანაშემწედ გაასაღეს, ყველას თვალებში გააქრო კითხვის ნიშნები და აღარც ზედმეტი ახსნა-განმარტების მიცემა გამხდარა საჭირო.
დაახლოებით საღამოს ცხრა საათი იყო, როდესაც დუბლების ჩაწერები საბოლოოდ დასრულდა და გადამღებმა ჯგუფმაც დაიწყო აპარატურის ალაგება. ლივიას, გადაღლილობისგან თვალები უკვე ინსტიქტურად ეხუჭებოდა, თუმცა თავს უფლებას არაფრით აძლევდა იქვე ჩამოსძინებოდა. ამის პრევენციის მიზნით, გოგონა შეზლონგ-სკამიდან წამოდგა და სანამ დარსაველიძე საკუთარ საგრიმიორო ფურგონში ტანსაცმელს იცვლიდა, მანამ, პლასტმასის ბოთლში ჩარჩენილი წყალი ხელის გულით შეისხა სახეზე. ეს ცოტა არ იყოს დაეხმარა, თუმცა მუხლებში იმოდენა სისუსტეს გრძნობდა, სანის გამოსვლამდე მაინც დაჯდომა ამჯობინა და გააკეთა თუ არა ეს, ხმაც მოესმა ზუსტად თავის გვერდით, ორიოდე ნაბიჯის მოშორებით:

-ძალიან დაიღალე? -თავს სწორედ ის ოპერატორი წამოდგომოდა, მთელი დღეების განმავლობაში რომ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ათვალიერებდა, გამჭოლი მზერით. ბიჭი ოდნავი ღიმილით დაშტერებოდა ზემოდან ლივიას, თან ხელში ჟეშტის ქილებში ჩასხმული, ორი ცივი მაკიატო ეჭირა -მიდი, დალიე, ცოტა ენერგიაზე მოგიყვანს

-გმადლობ -საპასუხო ღიმილით ჩამოართვა გოგონამ მოტანილი

-არაფრის. მგონი ეგ სკამი იმხელაა ორივეს დაგვიტევს. წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ შენს გვერდით ჩამოვჯდე?

-რა თქმა უნდა არა, დაჯექი

-ესე იგი, ლივია გქვია ხომ? -კვლავ ოდნავშესამჩნევი ღიმილი გამოესახა სახეზე ოპერატორს

-ჰო, ასეა

-და სანის თანაშემწე ხარ

-ეგეც მართალია -უკვე გოგონასაც ეღიმებოდა, რადგან ზედმეტად ამხიარულებდა ბიჭის ინტერესით სავსე მწვანე თვალები, წამითაც რომ არ შორდებოდნენ მის სახეს -მგონი ახლა ჩემი ჯერია სახელი გკითხო

-გეტყვი თუკი არ დამცინებ -საავდრო ღრუბელივით მოეღუშა ამის თქმისას სახე ბიჭს. ეს არც ლივიას დარჩენია ყურადღების მიღმა, ამიტომ გადაწყვიტა შეეგულიანებინა:

-ზოგადად, არც ერთი სახელი არ იმსახურებს დაცინვას -ჟეშტის ქილიდან ოდნავ მოსვა მან, თან დაამატა -შეგიძლია თამამად მითხრა, გპირდები არ გავიცინებ

-კარგი ჰო -აქ მცირედი პაუზა გააკეთა ოპერატორმა, თავადაც მოსვა ერთი ყლუპი და მშობლებზე განაწყენებული ბავშვივით თავჩაღუნულმა ამოთქვა :-კუკური მქვია.

ლივია დადუმდა. იმ მომენტში ზედმეტად ცხადად იგრძნო, რომ ყველა ცუდი ამბის გახსენება სჭირდებოდა, რაც კი აქამდე გაეგო, რათა პირობა შეესრულებინა და შემთხვევით სიცილი არ ატყდომოდა. წამით გულწრფელი სიბრალულიც იგრძნო ბიჭის მიმართ, რადგან ვიღაცამ ასე სასტიკად გაწირა და მრავალი სახელიდან, მაინცდამაინც ეს შეურჩია.

-ვიცი ახლა როგორ ძალიან გიჭირს სერიოზული სახის შენარჩუნება -ამჯერად თავი ასწია და ისე თქვა ბიჭმა -თუ გინდა გაიცინე, გპირდები არ მეწყინება

-არა რას ამბობ, სასაცილო აქ არაფერია

-კარგი -აქ უკვე თვითონ გაეცინა და ლივიას ცეცხლისფერ თვალებს კვლავ გაუსწორა მზერა -მაშინ მე გავიცინებ შენს გამომეტყველებაზე და იმაზე, რომ ძალიან უხერხულად იგრძენი თავი პირობის შესრულება რომ გაგიჭირდა. ჰო მართლა, კინაღამ დამავიწყდა - იმაზეც, ასე მარტივად რომ წამოეგე.

-მოიცა, მოიცა, მომატყუე?

-აბა შენი აზრით ოცდაექვსი წლის ბიჭს რომ მართლა კუკური მერქვას, სახელს არ შევიცვლიდი? -ამჯერად უფრო ფართედ გაეღიმა და ლივიაც აიყოლია -მოკლედ, სინამდვილეში ალექსი მქვია. არანაირი ალექსანდრე, უბრალოდ ალექსი.

-კარგი რა, მე საბრალომ კიდევ ლამის ყელზე მოვიჭირე ორივე ხელი, რათა არ გამცინებოდა

-ჰო, ეგ მეც შევნიშნე და ძალიან საყვარელი იყავი მაგ დროს -ამ მომენტში ოპერატორი დასერიოზულდა, სახეზე ჩამოგდებული თმის კულული ყურს უკან გადაუწია ლივიას და მზერა რამდენიმე წამით გააჩერა გოგონას სახეზე -იმედი მაქვს აქედან მალე არ გაიქცევი და კიდევ შევხვდებით ხოლმე.

-მეც იმედი მაქვს, რომ გასაქცევად არ შემექმნება საქმე -თემის ოდნავი ცვლილებით სცადა ლივიამ იმ პეპლების მუცლიდან გაქრობა, ალექსის სიტყვებმა რომ გამოიწვია იმ წამს. მერე მათკენ მომავალი დარსაველიძეც შეამჩნია და თავისი მაკიატოთი ხელში, ფეხზე ბავშვივით სხარტად წამოხტა -ჩემი წასვლის დროა, სანი უკვე მოდის

-თუკი ასეა, მომავალ შეხვედრამდე ლივია

-მომავალ შეხვედრამდე ალექს -დამშვიდობების ნიშნად ხელიც დაუქნია გოგონამ და სირბილით გაემართა იქითკენ, საითაც სანის რეინჯ-როვერი ეყენა, რადგან ბიჭი სწორედ მასზე მიყრდნობილიყო და ისეთი მზერით უყურებდა, ნებისმიერი ადამიანი მიხვდებოდა, რომ რაღაცის თქმა ან თხოვნა სურდა. ახლოს მისული, ამაში თავადაც დარწმუნდა. სანიმ სიტყვის დაძვრაც არ დააცალა ისე გამოაღო ავტომობილის მარჯვენა კარი და სალონისკენ ხელით ანიშნა გოგონას.

-თუკი ოპერატორთან ფლირტაობას მორჩი, მაშინ დაჯექი ფუტკარო, რესტორანში ვაპირებ ვახშმობას და კამპანია უნდა გამიწიო

ლივიამ ჯერ სავარძელს შეხედა ეჭვით, შემდეგ სანის ახედა იმავე მზერით და გულზე ხელები დაიკრიფა.

-მოდი გამოვიცნობ, ახლაც მაშაყირებ და რამდენიმე წამში მეტყვი უკან ტაქსით გამომყევიო, არა?

-ცდები, ამჯერად ნამდვილად მე წაგიყვან. მიდი, ზედმეტად ნუღარ მალაპარაკებ, ძალიან ვარ დაღლილი და დაუყოვნებლივ მინდა რაიმე გემრიელი, თანაც ფრანგული სამზარეულოდან

-არც კი მჯერა, ანუ სანი დარსაველიძე სერიოზულად მთავაზობს მის დიად მანქანაში ჩავჯდე?

-ოდესმე ყველა ოცნება ხდება წითურო

-ჩემი ოცნებების სიაში, ეგ ყველაზე ბოლოშიც არ წერია -სარკასტულად აზიდა ცალი წარბი, თან გაკვირვებული სახით დახედა თავის ხელის გულზე მოთავსებულ გასაღებს, რომელიც სანიმ სწორედ იმ წამს მიაჩეჩა და მარჯვენა სავარძელზე, რომელზეც წესით ლივია უნდა დამჯდარიყო, თავად მოთავსდა.

-ყველაზე ბოლოში იმიტომ არ წერია, რომ ყველაზე თავში წერია -ცხვირზე მოუჭირა ორი თითით ამის თქმისას -მაგ გასაღებს რაც შეეხება, ვიცი მანქანის მართვა შეგიძლია, ამიტომ დღეს საჭესთან შენ უნდა დაჯდე. ამ წამს გავაცნობიერე, რომ მე საამისოდ ძალიან დაღლილი ვარ.

-იქნებ მძღოლს დაურეკო და მარტო წახვიდე? -სცადა ალტერნატიული ვარიანტი მოეძებნა, რადგან იმ მომენტში კაკისა და სტეფანეს დილანდელი დიალოგის დეტალების გაგება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ვიდრე დარსაველიძესთან ერთად ფრანგულ რესტორანში ვახშმობა, თუმცა როგორც კი ამ უკანასკნელის პასუხი მოისმინა, მიხვდა, რომ მაინც დაყოლა მოუწევდა:

-მერე იქ რომ სკანდალი მოვაწყო და რამე გავაფუჭო, შენი აზრით ჯაბა და ანთისა პასუხს ვის მოსთხოვენ? რა თქმა უნდა შენ.

სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩებოდა ლივიას. მართალია ახლა შინ მისვლას, კაკისთან ყველაფერზე დალაპარაკებასა და თავის რბილ ბალიშზე ჩახუტებას არაფერი ერჩივნა, თუმცა რახან ამ კაპრიზულ სელებრითზე პასუხისმგებლობა საკუთარი სურვილით აიღო, საქმეც ხარისხიანად უნდა გაეკეთებინა, ამიტომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეწარმოებინა დამორჩილების პოლიტიკა და საჭესთან ყოველგვარი ზედმეტი სიტყვისა თუ შეპასუხების გარეშე მოთავსდა. უჩვეულო შეგრძნება დაეუფლა იმ მომენტში. მართლაც რომ პირველად იჯდა ამდენად ძვირადღირებული ავტომობილის საჭესთან და ძალიანაც ეშინოდა, რადგან მანქანის ოდნავი გაკაწვრაც კი სამუდამო ფინანსურ პრობლემებში ამოაყოფინებდა თავს. აღნიშნულის გამო, მთელი გზა დაძაბული ატრიალებდა საჭეს და სიჩქარეს ოდნავადაც არ აჭარბებდა. სანისიც მადლობელი იყო, რადგან როგორც კი რესტორნის მისამართი უკარნახა, თავზე მაშინვე დიდი ყურსასმენები ჩამოიცვა, Youtube-ს პლეილისტში მუსიკა ჩართო და თვალებდახუჭულმა თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. კვების ობიექტამდე დაახლოებით ოცი წუთის სავალი იყო, თუმცა ლივიას ზედმეტად ნელი სიარულის წყალობით, იქამდე მისასვლელი მანძილის გასავლელად ნახევარი საათზე ცოტა მეტიც დასჭირდათ. სანი ჯერ კიდევ თავის სტიქიაში იყო და მაშინაც კი არ გაუხელია თვალები, როდესაც გოგონამ მანქანის დასაპარკინგებლად ადგილის ძებნა დაიწყო. ამან ლივიაც მიახვედრა, რომ დარსაველიძეს მუსიკების ხმაში ჩასძინებოდა და იმ წამს ბავშვურმა სურვილმა გაუელვა სანისთვის შურისძიების მიზნით ჩუმად კატის ულვაშები მიეხატა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხელი მხოლოდ იმიტომ აიღო, რომ ზუსტად იცოდა სანი ორმაგად უფრო საშინელი ოინით გადაუხდიდა სამაგიეროს. აი ეს კი უკვე აღარ აწყობდა და სავარაუდოდ საკმაოდ დიდ არეულობასაც გამოიწვევდა მათ ისედაც შტორმგადავლილი ქალაქივით არეულ ურთიერთობაში.

ლივიამ ჭერიდან ჩამოშვებულ სარკეში თმა შეისწორა და აწ უკვე დაპარკინგებული მანქანიდან გადასვლამდე, გვერდითა სავარძელზე მძინარე ბიჭს გაჰკრა მხარი, თან თავზე მორგებული შავი ყურსასმენები ჩამოუცურა ყელზე.

-მძინარე მზეთუნახავო, დროა გაიღვიძო, უკვე ადგილზე ვართ

-ნუ ბზუი ფუტკარო, არ მძინავს. უბრალოდ თვალებს ვასვენებ -გაუნძრევლად და დაბალი ხმით გაეპასუხა ბიჭი. თმააჩეჩილი და თვალებდახუჭული იმდენად ბავშვურად და საყვარლად გამოიყურებოდა იმ მომენტში, რომ ლივიას წამით ღიმილიც კი გაუკრთა ტუჩის კუთხეში.

-ისე მშვიდად სუნთქავდი, მეგონა უკვე მეცხრე სიზმარს ხედავდი -უთხრა მან, თან თავის მხარეს კარებიც გამოაღო -კარგი, თუ ეგრეა მაშინ ხელში აყვანილს აღარ შეგიყვან და შენი ფეხით წამოდი.

სანის გაეცინა.

-აჰა, ანუ ხელში აყვანილს მიპირებდი წაყვანას? -ჰკითხა მაშინ, როდესაც ლივია უკვე რამდენიმე წამის გადასული იყო მანქანიდან.

-ჰო გიპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს ჩემს პატარა ოცნებას ახდენის შანსი წაართვი

-რა ირონიული ვინმე ხარ -ოდნავი ღიმილით გადააქნია თავი სანიმ, კეპი და ვინტაჟური რეიბანები მოირგო, მერე კი პუმას თეთრი მოსაცმლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაემართა რესტორანში შესასვლელი კარისკენ.

დაწესებულების ინტერიერი, ბევრად უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი ექსტერიერი. თბილ ფერებში გადაწყვეტილ დარბაზში, საშუალო ზომის მაგიდებზე, კრემისფერი სუფრა იყო გადაფარებული, ხოლო მარცხენა მხარეს, სადაც პატარა სცენა მოეწყოთ, ცოცხალი ორკესტრი უკრავდა, პიანისტის, მევიოლინეს, ვიოლანჩელოისტისა და მეკლარნეტეს მონაწილეობით. მოოქროსფრო, ოდნავ ნარინჯისფერში გარდამავალი განათება კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენდა იქაურობას და საბოლოო ჯამში, საკმაოდ სასიამოვნო გარემოსაც ქმნიდა შემოსული კლიენტებისათვის.

ლივიამ და სანიმ, დარბაზის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ადგილას, სცენისა და ორკესტრისგან მოშორებით დაიკავეს ადგილი. გოგონამ უმადობა მოიმიზეზა და შეკვეთის მიცემაზე ცივი უარი განუცხადა თავზე წამომდგარ ოფიციანტს, აი სანის რაც შეეხება, მან ვახშმად ბატის ფუაგრა ისურვა, დასალევად თეთრი ღვინო, ხოლო დესერტად კი კრემ-ბრულე დაამატა და თავისი შეკვეთის მოლოდინში, რბილი სკამის საზურგეს მიწოლილმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მშვიდი მელოდიის ჰანგებით ავსებულ დარბაზს, სადაც მათი მაგიდის გარდა კიდევ რვა მაგიდა იყო დაკავებული.

-შენ რატომ არაფერს არ ჭამ? ფრანგულ სამზარეულოსთან გაქვს პრობლემა?

მოღუშული სახით მჯდომი ლივია, სანის სიტყვებმა ცოტა ხნით გამოარკვია თავის ფიქრების ქაოტური სამყაროდან და მაგიდაზე თითების რიტმულად კაკუნიც შეწყვიტა.

-აქ რომ წამოვედი საკმარისი არაა? -ჰკითხა მან მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ძალიან ბრაზობდა იმ ადგილას რომ უწევდა ყოფნა, სადაც ყველაზე ნაკლებად სურდა ყოფილიყო -იმის გადაწყვეტის უფლება მაინც დამიტოვე შევჭამ თუ არა რამეს.

სანი რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ ოდნავ ჩაეცინა, მაგიდას ორივე მკლავით ჩამოეყრდნო და თავის წინ ჩამომჯდარ გოგონას თვალი, თვალში გაუყარა.

-იცი, ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც მარტო ვჭამ და ვიღაც დამშეული სახით მიყურებს. ან რამე შეუკვეთე, ან მანქანის გასაღებს მოგცემ და შიგნით დამელოდე, გასაგებია შენთვის?

ცხოვრებაში, ის რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა ლივიას, ეს მისდამი საუბრისას გამოვლენილი კატეგორიული ტონი იყო და აღნიშნულ მომენტში სწორედ ამგვარი ტონი დაიჭირა სანის სიტყვებში. ხასიათით ფიცხსა და იმპულსურს, ყოველივე ამან იმდენად აუშალა ისედაც აშლილი ნერვები, რომ გადაწყვიტა დარსაველიძეზე შური ეძია და ტუჩებზე დამჩნეული კმაყოფილების ღიმილით ასწია ხელი ოფიციანტის მოსახმობად.

-კარგი, თუ მაინცდამაინც გინდა რომ მეც შენთან ერთად ვივახშმო, მაშინ არ გაწყენინებ და ასეც მოვიქცევი.

-ამგვარი მოულოდნელი თანხმობა აშკარად გამაკვირვებდა, თუმცა ვხვდები რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და გაოცებულიც არ ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ შესაშურად სწრაფად გაშიფრეს მისი ზრახვები, გამომეტყველებაზე მაინც არაფერი შეუმჩნევია ლივიას. პირიქით, როდესაც თეთრ პერანგში გამოწყობილი ოფიციანტი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა, ინგლისის დედოფალივით თავდაჯერებული სახე მიიღო და მენიუდან ყველაზე ძვირადღირებული კერძების ამორჩევა დაიწყო, რადგან ზუსტად იცოდა, ამ საღამოს ყველაფრის საფასური სანის საფულიდან იქნებოდა გადახდილი. ზოგიერთი კერძის სახელი, საერთოდ პირველად ამოიკითხა იმ დღეს, თუმცა დიდად არც ეს აინტერესებდა. მთავარი იყო, რაც შეიძლებოდა მეტი თანხის დატოვება ეიძულებინა მამაკაცისთვის ამ დაწესებულებაში და სწორედ ასე გადაეხადა სამაგიერო იმ დამცინავად კატეგორიული ტონისთვის, ცოტა ხნის წინ რომ გამოიყენა მასთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში მართლაც საკმაოდ მრავალფეროვანი და ამასთანავე ნოყიერი კერძების ასორტიმენტი შეარჩია ლივიამ. გასაშლელი წიგნაკითა და კალმით ხელში მდგომი ოფიციანტი, ოდნავ გაკვირვებული სახითაც კი უმზერდა გოგონას, რადგან ვიზუალურად ნამდვილად ვერ შეატყო, თუკი ამდენი რამის ჭამა რეალურად შეეძლო.

-მოკლედ სულ ეს იყო, მეტი აღარაფერი მინდა -როგორც კი თვალიერებას მორჩა, მენიუ კმაყოფილი სახით დახურა, თავზე წამომდგარ ახალგაზრდა ბიჭს გაუწოდა და როცა ეს უკანასკნელი თავაზიანი ღიმილით გაეცალა მათ მაგიდას, სანის გადახედა გამომწვევი სახით -ახლა კმაყოფილი ხარ?

-სიმართლე გითხრა, არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო, მაგრამ შენ აუცილებლად შეგაწუხებს კუჭის პრობლემები, თუკი ყველაფერ იმას ერთ ჯერზე შეჭამ, რაც ცოტა ხნის წინ შეუკვეთე

-მაგაზე არ ინერვიულო, საკმაოდ გამძლე ვარ და ამ ყველაფრის ჭამასაც თავისუფლად შევძლებ. აი თავად კი გირჩევნია ანგარიშის მოტანამდე თავი გაიმხნევო, რადგან ვეცადე ყველაფერი მაღალფასიანი ამომერჩია, რათა შენი საფულე მთლიანად გამეთავისუფლებინა მიკრობებისგან.

სანიმ ტელეფონი აიღო, მისი ქეისის უკან შენახული საკრედიტო ბარათი ამოაცურა, მერე ეკრანზე საათს დახედა და პასუხი ოდნავშესამჩნევი ღიმილით დაუბრუნა გოგონას.

-მიკრობებზე არ ინერვიულო ფუტკარო, ნაღდი ფულის ტარებას ყოველთვის ამას ვამჯობინებ ხოლმე -ლურჯი ფერის ბარათი დაანახა ამის თქმისას -გადასახდელ თანხას რაც შეეხება, მაგაზეც ნუ იფიქრებ ბევრს, ისეთს ნამდვილად ვერაფერს შეუკვეთავდი, რომ ანგარიშის გასასწორებლად ბანკიდან დამჭირდეს სესხის გამოტანა.

-რა გულუხვი ბრძანდებით. მაშინ ვისარგებლებ თქვენი ხელგაშლილობით

-თუ შეამჩნიე უკვე ისარგებლე -თვალი ჩაუკრა მერე კი მეტად სერიოზული გამომეტყველებით დაამატა -ისე კარგი იქნება თუ ამ ირონიულ ტონს მოიშორებ, მაიცდამაინც გიხდება-მეთქი ვერ გეტყვი

-არც შენ გიხდება ოცდაოთხი წლის ასაკში ბავშვივით მოქცევა, მაგრამ ამას მაინც აკეთებ

-მგონი ახლა მეტლიკინები

-სიმართლის თქმა ტლიკინს არ ნიშნავს, თქვენო ბრწყინვალებავ

სანის კვლავ გაეცინა. მის გამომეტყველებაზე ოდნავი ბრაზიც არ იკითხებოდა თანამოსაუბრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სასიამოვნო დიალოგი ჰქონდა მასთან.

-მოკლედ სამსახურიდან ხარ გასაგდები, უბრალოდ შენთვის კარგად ვერ მოვიცალე

-ვითომ რატომ ვარ გასაგდები? შეიძლება ამას ვერც აცნობიერებ, მაგრამ იმაზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე მონები პლანტაციაში -მერე გულზე ხელები დაიკრიფა და ოდნავ დრამატული ტონით დაამატა :-თუკი ოდესმე გაგდებას მაინც გადაწყვეტ, მინდა ერთი რამ გაითვალისწინო -ამით მომავალს წამართმევ.

-ანუ? -მაგიდას მკლავებით ჩამოყრდნობილი, უფრო ახლოს მიიწია ლივიასთან ბიჭი. ინტერესიანი მზერა აშკარად იმაზე მეტყველებდა, რომ კარგად ვერ ჩაწვდენოდა ცოტა ხნის წინ ნათქვამი სიტყვების უკან დამალულ სიმართლეს და ამის გარკვევის დიდი სურვილი თვალებშიც ნათლად ეტყობოდა.

-იმას ვგულისხმობდი, რომ თანხა რომელსაც ანთისა და ჯაბა შენს კუდში დევნაში მიხდიან ძალიან მჭირდება, რადგან ამ ქვეყანაში აღარავინ მყავს ისეთი, ვისაც შემიძლია მორალურად ან ფიზიკურად დავეყრდნო და ვთქვა, ამ ადამიანის იმედი მაქვს, თუკი უეცრად რამე დამჭირდება-მეთქი.

ამის შემდეგ რამდენიმე წამს სრულ სიჩუმეს ინარჩუნებდა დარსაველიძე. მერე შუბლზე ხელი გაისვა, სკამის საზურგეს მიაწვა და ინტერესიანი მზერით კიდევ ერთხელ აათვალიერა თავის წინ მჯდომი.

-მშობლები არ გყავს? -ჰკითხა მან უეცრად

-არა, ადრეულ ბავშვობაში დავკარგე

-არც ნათესავები?

ლივია ცოტა ხნით ჩაფიქრდა. ნათესავების ხსენებაზე პირველი ვინც თავში აზრად მოუვიდა რა თქმა უნდა სტეფანე იყო, მაგრამ მერე ყველა ბოლოდროინდელი მოვლენა ამოუტივტივდა გონებაში, რაც კი ბიძაშვილთან აკავშირებდა და მაშინვე გამორიცხა წამების წინ დასმულ შეკითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის აუცილებლობა.

-არა, არც ნათესავები მყავს, არც ლეკვი, არც თევზები და არც თუთიყუში სახელად კოკო, რათა ლაპარაკი ვასწავლო და ცოტათი მაინც გამართოს ხოლმე -მერე ღრმად ამოსუნთქვას გაატანა მთელი შინაგანი წუხილი, სანის მზერას თვალი აარიდა და როგორც კი მათი მაგიდისკენ მომავალ, თეთრ პერანგში გამოწყობილ ოფიციანტს მოჰკრა თვალი, შვებითაც ამოისუნთქა, რადგან ამ დიალოგის დასრულება ახლა ყველაზე მეტად სურდა. საბედნიეროდ, აღარც სანის უცდია წამოჭრილი თემის განვრცობა. დაალაგა თუ არა, მომსახურე პერსონალმა მათ მიერ შეკვეთილი კერძები მაგიდაზე, ორივენი უხმოდ შეუდგნენ თავიანთი ვახშმით ტკბობას. სანი ჭამის პარალელურად ვიღაცას ემესიჯებოდა, ლივია კი ხან ჩანგლით აწვალებდა საჭმელს, ხან პირისკენაც წაიღებდა ზოგიერთ ლუკმას და ამის პარალელურად, წყნარი მუსიკით ოდნავ დამშვიდებული, სადღაც უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში. დრო თითქოს კუსავით ნელა მიიზლაზნებოდა იმ საღამოს. მართალია კეპისა და მზის სათვალის წყალობით რესტორანში სანის ცნობას ვერავინ ახერხებდა, თუმცა ლივია მაინც დაძაბული იჯდა მის პირდაპირ, რადგან ყველაზე ნაკლებად ის სურდა რომელიმე იქ მყოფს მაინც მოეხერხებინა შენიღბულ პიროვნებაში საქვეყნოდ ცნობილი მსახიობის ამოცნობა და იმ დამღლელი მომენტებისთვის ეყურებინა შორიდან, თუ როგორ გასცემდა დარსაველიძე თავის პატივცემულ ავტოგრაფს, ან როგორ იღებდა სამახსოვრო სურათებს თაყვანისმცემლებთან ერთად.

საბედნიეროდ, საღამომ მსგავსი "გართულებების" გარეშე ჩაიარა. არც ერთმანეთში საუბრით შეუწუხებიათ თავი დიდად. სანი კვლავ ვახშმობის პარალელურად განაგრძობდა უცნობ პიროვნებასთან მიმოწერას, ლივია კი თავს მაქსიმალურად აძალებდა ყველაფერი იმის ბოლომდე შეჭმა შეძლებოდა, რაც კი ამ საღამოს შეუკვეთა. მეოთხე კერძზე გადასვლის შემდეგ, უკვე აშკარად გრძნობდა სიმძიმისა და ოდნავი გულისრევის შეგრძნებას, თუმცა გაჩერებაზე მაინც არ ფიქრობდა. რახან თავდაპირველად თქვა, რომ ამ ყველაფრის შეჭმა თავისუფლად შეეძლო ასეც მოიქცეოდა და დარსაველიძის დასაცინს ნამდვილად არ გახდიდა საკუთარ თავს. ასეც მოიქცა. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთი ლუკმის გადაყლაპვას იმ მომენტში ყველაფერი ერჩივნა, ბოლო კერძი მაინც ისეთი სახით მიირთვა, თითქოს მისი დაგემოვნების პროცესში სრულ ნეტარებაში იმყოფებოდა და ასეთივე სახით ჩაამთავრა იგი უკანასკნელ ნამცეცამდე. შვებით ამოსუნთქვა მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც თავის ვახშამს ცივი წყალიც დაუმატა ზემოდან და კმაყოფილი სახით მიაწვა სკამის საზურგეს.
-ესეც ასე, მე უკვე მოვრჩი -აცნობა მან დარსაველიძეს, ვინც უკვე დესერტზე გადასულიყო და სრულიად აუჩქარებლად მიირთმევდა ამ უკანასკნელს, თან შიგადაშიგ ლივიასაც ათვალიერებდა ხოლმე.

-ჰო, ვხედავ ოთხ ცარიელ თეფშს და სიმართლე გითხრა შენი მადის წინაშე ქედს ვიხრი

-მე კი აქ შეკრებილი ხალხის უყურადღებობის წინაშე ვიხრი ქედს. როგორ მოხდა რომ გარშემო მყოფთაგან ვერავინ მოახერხა შენი ცნობა, მიუხედავად შენიღბვისა? მეგონა ხალხი ყველა რაკურსში მოახერხებდა სანი დარსაველიძის სახის ამოცნობას.

ბიჭი თავის კრემბრულეს ცოტა ხნით მოწყდა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნა თანამოსაუბრეს:

-აქ ვინმემ რომც მიცნოს, ახლოს მაინც ვერავინ მოვა -თქვა მან, თან თვალები მთელ დარბაზს მოატარა -ამ დაწესებულებაში, მთელი მომსახურე პერსონალი კარგად მიცნობს და თითოეული მათგანი დიდი ხანია გაფრთხილებულია, რომ როდესაც მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, ჩემამდე არავინ მოუშვან -მერე ქვედა ტუჩს მოსდო კბილები, სათვალე მოიხსნა და როგორც კი იგი მაგიდის ზედაპირზე შემოდო, დროებით გაწყვეტილ საუბარს კვლავ მიუბრუნდა -არ იფიქრო, რომ იმ ხალხს არ ვცემ პატივს, რომელსაც ვუყვარვარ, მაგრამ ხანდახან მეც მინდება ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო, ვისაც კამერით არავინ დასდევს უკან და არც მაისურზე სთხოვენ ხოლმე ავტოგრაფის წაწერას. მუდმივად ამის კეთება ნებისმიერისთვის იქნებოდა დამღლელი და სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ადგილი. შემიძლია ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენო და უბრალოდ სანი ვიყო, ვინც მასებში ისეა ჩაკარგული, რომ მის შემჩნევას ვერავინ ახერხებს.

დარსაველიძის სიტყვების მოსმენისას, ლივიამ ვერც კი გააცნობიერა ისე გადაეკრა ბაგეებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი. მართალია თავის შეკითხვაზე მეტად ამომწურავი პასუხი მიიღო, თუმცა ერთი კიდევ ჰქონდა დარჩენილი და ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყვიტა მისი გაჟღერებაც:

-თუკი მაინც ვერავინ მოგეკარება, მაშინ ეს შენიღბვა რაღა საჭირო იყო? არ შეგეძლო კეპისა და მზის სათვალის გარეშე შემოსულიყავი?

-შემეძლო, თუმცა ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა რომელიმე კლიენტისთვის მეტად თვალში საცემი გამხდაირიყო ის ფაქტი, რომ აქ ქალთან ერთად მოვედი და მომდევნო დღეს ინტერნეტშიც დამხვედროდა მოზრდილი სტატია იმის შესახებ, რომ სანი დარსაველიძემ ფრანგულ რესტორანში საცოლესთან ერთად ივახშმა -ირიბად ჩაეცინა ამის თქმისას, თან ლივიას მზერას გაუსწორა თვალი -ხომ იცი, ჟურნალისტებს სულელური სტატიების წერის მეტი საქმე არაფერი აქვთ?

-გამოგიტყდები, რაღაც მხრივ ძალიან რთულია იყო საქვეყნოდ ცნობილი მსახიობი -გულწრფელი თანაგრძნობა იკითხებოდა გოგონას ხმაში იმ წამს -შეიძლება მომსახურე პერსონალი გააფრთხილო ჩემამდე არავინ მოუშვათ -მეთქი, მაგრამ ბოლომდე თავისუფლად ყოფნას მაინც ვერსად შეძლებ. სხვების დამკვირვებლური მზერა მუდმივად თან გაგყვება სადაც არ უნდა წახვიდე.

მაგიდასთან ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა ამ სიტყვების შემდეგ. თითქოს ღმა ფიქრების ოკეანეში ჩაძირა სანი გოგონას ნათქვამმა და ამ ფსკერიდან ამოსასვლელი გზაც აღარ დაუტოვა. თანამოსაუბრეებს შორის ჩამოვარდნილ დუმილს, მხოლოდ ვიოლანჩელოს ლამაზი ჟღერადობა და ალაგალაგ სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების ხმა თუ არღვევდა. ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მსგავსი სიტუაცია უეცრად ერთი რაღაც რომ არ მომხდარიყო. ზუსტად მაშინ, როდესაც რესტორანში აჟღერებული მელოდია დასასრულს მიუახლოვდა და რამდენიმე წამის შემდეგ იგი სრულიად სხვამ ჩაანაცვლა, ლივიამ საკმაოდ უსიამოვნო ტკივილი იგრძნო მუცლის არეში. თავდაპირველად ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა როდესაც ტკივილმა ნელ-ნელა იმატა და საბოლოო ჯამში იმდენად გაძლიერდა, რომ სკამზე თავისუფლად ჯდომა აღარ შეეძლო, გადაწყვიტა ხმამაღლაც ეთქვა ის, რაც აღნიშნულ მომენტში საშინლად აწუხებდა:

-სანი, მგონი ცუდად ვარ -შეძრწუნებული სახით ამოთქვა, თან არც წარმოთქმული სიტყვებისთვის შესაფერისი ტონის მოშველიება დავიწყებია. იმ მომენტში, ტკივილი კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდა. იმდენადაც კი რომ აიძულა მუცელზე მკლავები მთელი ძალით მოეხვია და სპაზმებისგან წელში მოხრილიყო

-რატომ, რა დაგემართა?

-გთხოვ რამე გააკეთე, მართლა ძალიან ცუდად ვარ -შინაგანი ტკივილებისგან უკვე სიტყვებსაც ძლივსძლივობით წამოთქვამდა ლივია, თუმცა სანის, მისი ნათქვამის ჭეშმარიტება მანამ არ დაუჯერებია, სანამ გოგონამ სახეზე ფერი მთლიანად არ დაკარგა, შუბლზე ცივმა ოფლმა არ დაასხა და დაბინდული მზერით არ შეხედა თავის წინ მჯდომს. აი აქ კი სრულიად უკვალოდ გაქრა ბიჭის სახიდან უნდობლობის გამომხატველი ღიმილი. ლივიას გამომეტყველების შემხედვარემ ნათლად დაინახა რამდენად სერიოზულად იყო საქმე და ისე, რომ ზედმეტი სიტყვაც აღარ უთქვამს, სკამიდან ელვის უსწრაფესად წამოხტა.

-შემომხედე! -ახლოს მივიდა და სახეზე ორივე ხელი დაადო ბიჭმა -რაც ჭამე, იქედან რამეზე ალერგია ხომ არ გაქვს?

-არა, არაფერზე -სუსტად გააქნია თავი. დარსაველიძის სახეს, დაბინდული მზერის გამო ნათლად ვეღარც კი ხედავდა -ალერგია მხოლოდ ზღვის პროდუქტებზე მაქვს

-ჯანდაბა, ჯანდაბა!

-რა მოხდა?

-ის მოხდა, რომ შენი შეკვეთილი კერძებიდან ორი მათგანი ზღვის პროდუქტებით იყო მომზადებული! აი ეს ხდება, როცა მენიუში მხოლოდ მაღალ ფასებს უყურებ და საჭმელის დასახელებას არც კი უკვირდები!

-სანი ძალიან მტკივა. ვეღარ ვუძლებ

ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა. შექმნილი სიტუაციით აშკარად უკმაყოფილომ, თვალები მობეზრებულად აატრიალა და მოშორებით მდგომ ოფიციანტს ხელით რაღაც ანიშნა. თავისი ბინდგადაკრული მხედველობის წყალობით ლივიამ მხოლოდ იმის დანახვა შეძლო როგორ დაუქნია თავი თეთრპერანგიანმა ბიჭმა სანის, მერე კი მამაკაცის ხელის შეხებაც იგრძნო ჯერ ზურგზე, მერე კი მუხლების ქვეშ და სულ მალე, ჰაერშიც ასწიეს სანის ძლიერმა მკლავებმა.

-მორჩა, საავადმყოფოში მივდივართ მე და შენ! -თქვა მან ისეთი გადაჭრითი ტონით, რომელთან შეეწინააღმდეგებას არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ ისურვებდა -ექიმს ვეტყვი ყველაზე დიდი ნემსი გაგიკეთოს, რათა ცოტა ჭკუაზე მოხვიდე და უტვონო გოგოსავით აღარ მოიქცე ხოლმე!

-უტვინოს ნუ მეძახი, ისედაც ცუდად ვარ!

-კისერზე ხელები ნორმალურად მომხვიე და პრეტენზიებს შეეშვი! ცუდად რომ ხარ ეს მხოლოდ შენი დაუფიქრებლობის ბრალია!

გამომეტყველებამ, რომლის თანხლებითაც ეს სიტყვები იყო წარმოთქმული ენაზე კბილების მაგრად დაჭერა აიძულა ლივიას. სიჩუმეში ხელს ისიც უწყობდა, რომ მუცლის არეში საშინელი ტკივილები ჯერ კიდევ ახსენებდნენ თავს, რის გამოც ხმის ამოღებისა და შეწინააღმდეგების სურვილით მაინცდამაინც არ იწვოდა. სპაზმებით შეწუხებულმა, ისიც კი ძლივს აღიქვა როგორ გამოვიდნენ შენობიდან და როგორ აღმოჩნდნენ ავტოსადგომზე, სადაც დარსაველიძის მანქანა იყო დაყენებული. ქუჩაში ოდნავ გრილოდა და პერიოდულად სუსტი ქარიც უბერავდა. ირგვლივ სრული სიწყნარე სუფევდა. სიჩუმეს მხოლოდ სანის ნაბიჯების ხმა არღვევდა, რომელიც ისეთი გაბრაზებული სახით მიაბიჯებდა, თითქოს ამ პლანეტაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე იყო ნაწყენი. მანქანამდე რომ მიაღწია, მხოლოდ მაშინ მოაფიქრდა გასაღების ასხმით კარებების გაღება. ზედმეტად სიტყვაც არ უთქვამს. თავის მკლავებში მოქცეული ლივია სწრაფად შეაგდო ავტომობილის მარჯვენა სავარძელზე, საჭეს სინათლის სიჩქარით მიუჯდა და ისეთი ხმამაღალი ბორბლების ღრჭიალით გაეცალა იქაურობას, რომ სავარაუდოდ ხმა მოპირდაპირე ქუჩაზე მოსიარულეებმაც კი მკაფიოდ გაიგონეს.
გოგონას თანდათანობით უფრო უძლიერდებოდა სპაზმური ტკივილები. მიუხედავად ამისა, ხმის ამოღება ან წამოკვნესება საკუთარ თავს მკაცრად აუკრძალა. ყველაზე ნაკლებად ის სურდა კვლავ სანის პრეტენზიები ესმინა, ამიტომ სიჩუმის შენარჩუნება საკმაოდ გონივრულ ვარიანტად ესახებოდა იმ კონკრეტულ მომენტში. საბედნიეროდ, არც მამაკაცი იღებდა ხმას და მდუმარებაში ჩაძირული ატრიალებდა საჭეს. მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოხედავდა გოგონას, იმაში დასარწმუნებლად გონზე იყო თუ არა, მაგრამ როგორც კი კლინიკას ერთი კილომეტრის რადიუსზე მიუახლოვდნენ, სალონში გამეფებული დუმილი მაინც სანის მიერ იქნა დარღვეული:
-სახეზე ფერი არ გადევს, მიდი ფანჯარა ჩამოწიე
ლივიამ დახუჭული თვალები მხოლოდ რამდენიმე წამით გაახილა, რათა გვერდით მჯდომისთვის შეეხედა. მერე ისევ დახუჭა და სავარძელი უფრო მეტად დაადაბლა.
-ფერის მოყვანაში ქარი როგორ დამეხმარება ექიმო ჰაუს? -ჰკითხა მან ზედმეტად მისუსტებული ხმით, თუმცა საქარე მინა მაინც ჩამოსწია, რადგან სუფთა ჰაერის შესუნთქვა იმ წამს მართლაც ძალიან მოუნდა
-ცუდად ხარ და გრძელი ენა მაინც აქეთ-იქით გაგირბის
-გაჩუმდი და გაზს მიაჭირე, თორემ უკვე იმხელაზე ხმაზე მინდა კივილი, შეიძლება სიგნალიზაცია ჩაირთოს
-ეგ მხოლოდ შენი დაუფიქრებლობის ბრალია, სხვა არაფრის -ისე მიუგო, გზისთვის თვალი არ მოუშორებია, თან უფრო ზემოთ ასწია სიჩქარის მაჩვენებელი
-დაუფიქრებელს ნუ მეძახი!
-ხარ და ზუსტად მაგიტომ გეძახი! მაგრამ შენს ტვინს იმდენი ნაოჭიც კი არ აქვს, რომ ეგ გააცნობიერო
-უკვე გაძლება მიჭირს, შენ კი მაინც მლანძღავ. მოუმატე მაგ წყეულ სიჩქარეს და ჩემი კრიტიკა იმ დროისთვის შემოინახე, როდესაც უკეთესად ვიქნები!
სანის გამომეტყველებაზე ეწერა, რომ კიდევ რაღაცის თქმის სურვილი ჰქონდა, თუმცა როგორც კი იმ წამს ლივიას ნატანჯ სახეს შეავლო თვალი, გაჩუმება ამჯობინა და ნერვებმოშლილმა უფრო ძლიერად მიაჭირა გაზის პედალს, რათა საავადმყოფომდე დროულად მისულიყო. ზომაზე მეტად ჩქარი სიარულის გამო, რისთვისაც სავარაუდოდ არც ჯარიმა აცდებოდა, იქამდე გაცილებით უფრო მალე მიაღწია ვიდრე ეს საერთოდ იყო შესაძლებელი. საბედნიეროდ, პარკინგზეც არ დასჭირვებია თავისუფალი ადგილის ძებნა. კლინიკამდე მიღწეულმა სწრაფად შეაყენა თავისი რეინჯ-როვერი თეთრ ფურგონსა და ვერცხლისფერ ჰიუნდაის შორის, ძრავა გამორთო, მესაჭის სავარძლიდან ელვის უსწრაფესად გადმოვიდა და თვალის დახამხამებაში გაჩნდა ლივიასთან.
-მოდი აქ და კისერზე ხელები მომხვიე! -თითქოს ბრძანებასავით გაისმა მამაკაცის ტონი იმ წამს და გოგონამაც ყოველგვარი პროტესტის გარეშე შეასრულა ეს ბრძანება. წამიც და ლივია კვლავ სანის მკლავებში იყო მოქცეული, იმ განსხვავებით, რომ ახლა უკვე საავადმყოფოს შენობისკენ მიჰყავდათ ხელში აყვანილი. ტკივილები გაქრობის მაგივრად უფრო და უფრო უძლიერდებოდა გოგონას. გრძნობდა როგორ ხდებოდა ნელ-ნელა ეს ყველაფერი აუტანელი და როგორ ეხუჭებოდა თვალები ინსტიქტურად. სურდა კიდეც რეალობისგან ბოლომდე გამოთიშვა სპაზმებისგან შეწუხებულს, ამიტომ წინააღმდეგობა ნამდვილად არ გაუწევია იმ ბინდისთვის თანდათანობით რომ ეკვრებოდა მის თვალებს. პირიქით ამ უკანასკნელს დანებდა კიდეც და დარსაველიძის მკლავებში მოქცეული, უფრო მოხერხებულად მიესვენა ბიჭის მკერდს, სანამ ერთიანად გადაეშვებოდა ნაცრისფერ ბურუსში.
ზუსტად ვერ გეტყოდათ როდის დაკარგა გონება ან რამდენ ხანს იმყოფებოდა გარესამყაროსგან გამოთიშულ მდგომარეობაში. დროის და სივრცის აღქმამ, თითქოს სრულიად მიატოვა იმ კონკრეტულ მომენტში. როდესაც რეალობის შეგრძნება კვლავ დაუბრუნდა, უკვე რაღაც მაგარზე იწვა და თვალებში ვერცხლისფერი შუქი ანათებდა, შემაწუხებლად. სპაზმური ტკივილები, რომელიც აქამდე სულს უხუთავდა ახლა თითქოს თვითმფრინავისგან დატოვებული კვამლივით უკვალოდ გამქრალიყო, თუმცა მისი ადგილი საფეთქლების საშინელ წვას დაეკავებინა, რომელიც დანით დასერვის მსგავსად ახსენებდა თავს ყოველ ხუთ წამში ერთხელ.
გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა და სცადა მზერა სინათლის წყაროსთვის გაესწორებინა. საუბედუროდ, ვერცხლისფერი ნათება, მისი მხედველობისთვის კვლავ საკმაოდ შემაწუხებელი აღმოჩნდა და გუგების საშინელი წვა იგრძნო იმ მომენტში. აღნიშნულის გამო, საწოლში სწრაფად იცვალა გვერდი, მარჯვენა მხარეს გადატრიალდა და ის-ის იყო თვალები კვლავ უნდა დაეხუჭა, რომ სავარძელში მჯდომი სანის დანახვამ საფეთქლების საშინელი ტკივილიც გადაავიწყა და სხვა ყველაფერიც, რაც იმ წამს უქმნიდა დისკომფორტს. ბიჭი გაუნძრევლად იჯდა, თუმცა გამოხედვა იმდენად უკმაყოფილო ჰქონდა, ლივიამ მაშინვე იგრძნო უხერხულობა და იმ წუთას პირველად გაწითლდა სირცხვილისგან, რადგან თავისი დაუფიქრებელი საქციელის გამო, დარსაველიძის მოსავლელი გახდა, თანაც მაშინ, როდესაც თავად უნდა ეზრუნა მისთვის კუდში დევნაზე.
-რა მოხდა? საავადმყოფოში ვართ? -მართალია თვითონაც იდეალურად ხვდებოდა სად იმყოფებოდა, თუმცა უხერხულობის გასაფანტად მაინც იკითხა ლივიამ. რამდენიმე წამის განმავლობაში, მამაკაცი მდუმარედ იჯდა და არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდა. ლივიამ ისიც კი იფიქრა, რომ დარსაველიძემ მისი სიტყვები ვერ გაიგონა, მაგრამ დააპირა თუ არა შეკითხვის ხელმეორედ დასმა, სწორედ იმ წამს მოესმა სანის ხმაც:
-ჰო, საავადმყოფოში ბრძანდები და შენთვის ერთი ძალზედ სამწუხარო ამბავიც მაქვს
-რა? რა ამბავი? -ოდნავ შიში შეეპარა და ეს სახეზეც ნათლად დაეტყო გოგონას. სანის ოდნავ ჩაეცინა.
-ის ამბავი, რომ ძალიან მძიმედ ხარ, შენი წუთები დათვლილია და მალე ექიმი შემოვა, რათა ორგანოების გაცემაზე მოგაწერინოს ხელი -იმდენად სერიოზული მზერით წარმოთქვა თითოეული სიტყვა, რომ გოგონა მაშინვე აიტანა კანკალმა და სწორედ ასეთივე აკანკალებული ხმით დასვა მორიგი კითხვაც:
-მოიცა, რას ნიშნავს ჩემი წუთები დათვლილია? -მიტკალისფერი დასდებოდა სახეზე ლივიას, თან აჩქარებულ სუნთქვაზეც ეტყობოდა ის ფორიაქი, რასაც შინაგანად განიცდიდა მოცემულ მომენტში -ან რა ორგანოები უნდა გავცე? მეხუმრები?
-ყველაფერს პოზიტიურად შეხედე ფუტკარო, სამაგიეროდ შენს ხარჯზე ბევრი სხვა ადამიანი გადარჩება და მადლობელიც დაგრჩება მომავალში
-სანი რა მჭირს? -თუკი აქამდე ასე თუ ისე სიმშვიდის შენარჩუნებას ახერხებდა, ახლა თვალებზე ცხელი ცრემლები მოადგა და უკვე ღაწვებზეც უნდა გადმოსდენოდა ისინი, როცა ბიჭის ხმამაღალმა სიცილმა მოიყვანა აზრზე.
-სერიოზულად წითურო? -სიცილისგან ლამის სუნთქვა ეკვროდა ბიჭს. უწინდელი ბრაზი თითქოს სადღაც გაქრობოდა და მისი ადგილი მხიარულ განწყობას დაეკავებინა -ნუთუ კიდევ არსებობს ამ ქვეყნად რამე, შენს მოტყუებაზე უფრო მარტივი?
მიუხედავად იმისა, რომ დარსაველიძის მხრიდან მეტად ირონიული დაცინვა მიიღო, მაინც მარტივად შეძლო შვებით ამოსუნთქვა გოგონამ. მთვარი იყო საგანგაშო არაფერი სჭირდა, ხოლო სანის ტყუილისა და დამცინავი გამოხედვის ატანას როგორმე აუცილებლად მოახერხებდა.
-მსახიობებს აშკარად პროფესიონალურ დონეზე შეგძლებიათ ადამიანის მოტყუება, თანაც ისე, რომ მცირედ ეჭვსაც კი ვერავინ შეიტანს
-შენს გულუბრყვილობას მაგით ამართლებ?
-შემეშვი რა სანი, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი დღევანდელი დღის ასე სულელურად დამთავრების გამო -ეს თქვა თუ არა, თავი მაშინვე ბალიშზე მიდო, გულზე ხელები დაიკრიფა და უკმაყოფილო სახით ახედა ქათქათა ჭერს -მალე გამწერენ? აქ ყოფნით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ
ბიჭმა პასუხი მხოლოდ ფეხზე წამოდგომისა და ჟალუზჩამოფარებულ ფანჯარასთან მიახლოების შემდეგ დაუბრუნა.
-რაღაც მედიკამენტები მოგცეს და უკვე კარგად ხარ. ამ წუთას საბუთებს ამზადებენ, უბრალოდ ხელს მოვაწერთ და სახლში წასვლასაც შევძლებთ
-კარგი, მაშინ ცოტა ხანში ტაქსის გამოვიძახებ
-ტაქსი რაღად გინდა? -გაკვირვებული, ოდნავ გაღიმებული მზერით მოუტრიალდა ბიჭი ლივიას, თან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისი საწოლისკენ -დავიჯერო ჩემთან ერთად მანქანაში ჯდომა შენთვის ამდენად გაუსაძლისია?
-მთელი გზა უტვინოს მეძახდი, მლანძღავდი, მეირონიულებოდი და მიკვირს ახლა მაგ შეკითხვას რომ მისვამ -მიუგო ისეთი სიმშვიდით, რის უკანაც ბრაზიც საკმაოდ დიდი დოზით იკვეთებოდა, თანაც დასძინა:- ტაქსის მძღოლთან ერთად მშვიდი მგზავრობა მაინც მელის და ნერვებსაც არავინ დამაწყვეტს, შენ კი ისეთი აუტანელი ხარ საკუთარი ჩრდილიც ვერ გიძლებს
-ახლა იმდენად ვარ დაღლილი, შენთვის ნერვების დაწყვეტის თავი არც მე მაქვს, ამიტომ ყველანაირი შეკამათების გარეშე ტაქსის შეეშვი და ჩემთან ერთად წამობრძანდი
კვლავ ამ კატეგორიული ტონის მოსმენამ ლივია საშინლად გააბრაზა. ეჩვენებოდა, რომ სანის იგი მარიონეტად მიაჩნდა, ვისაც ისე ათამაშებდა თავის ნება-სურვილზე როგორც სურდა და ამის გაცნობიერებას ლამის ჭკუიდან გადაჰყავდა.
-რა უფლება გაქვს ჩემზე რომ მბრძანებლობ? -ბრაზისგან დაკვესებულ თვალებში მწველი ცეცხლი უგიზგიზებდა გოგონას -ფიქრობ რახან ნახევარ მილიონად შეფასებულ სახლში ცხოვრობ და მაგარი მანქანა გყავს ჩემზე რამით მეტი ხარ? თუ ასეა, ახლავე გეტყვი, რომ ოდნავადაც არ მიმაჩნია საკუთარი თავი შენზე ნაკლებად. პირიქით, ბევრად უკეთესიც ვარ, რადგან მთავარი რამ გამაჩნია, რაც პიროვნებას უფრო მიმზიდველს ხდის და ეს ადამიანობაა. ის ადამიანობა, რისგანაც შენ ძალიან შორს ხარ
-მორჩი?
-ჰო, მოვრჩი და არც ველოდი, რომ ჩემი სიტყვები შენში რამე გრძნობას გამოიწვევდა -მერე თვალები დახუჭა, საფეთქლებზე თითები მიიჭირა და როგორც კი ზურგით კვლავ ბალიშს მიეყრდნო დაამატა:- შინ ტაქსით დავბრუნდები, შეგიძლია არ შეწუხდე და პირდაპირ სახლში წახვიდე. თანხას ჩემი დაზღვევა დაფარავს
გარკვეული დროის მანძილზე დუმილი ჩამოწვა საავადმყოფოს პალატაში. სანი მხოლოდ ლივიას სახის ყურებით შემოიფარგლებოდა, ხოლო თქმით არაფერს ამბობდა. ხმის ამოღების გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღო, როდესაც დუმილი ერთ წუთზე მეტ ხანს გაიწელა და კეფაზე ხელი უკმაყოფილოდ გაისვა.
-კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი -თქვა მან -თუკი ტაქსით მგზავრობა გირჩევნია გამოიძახე, მე კი მანამდე მიმღებში ხალხს დავაჩქარებ, რათა გაწერის საბუთები გაამზადონ.
-ძალიან კარგს იზამ -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ლივიამ, ვიდრე სხვის გასაგონად და როგორც კი დარსაველიძე ზღურბლის მეორე მხარეს აღმოჩნდა, კარებს, საიდანაც წამების წინ ბიჭი გავიდა, პატარა ბავშვივით გამოუყო ენა . . .
საავადმყოფოდან გამოწერის საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ, სახლში მართლაც ტაქსით დაბრუნდა გოგონა. ვინაიდან უკვე კარგად იყო და მცირედი ტკივილებიც აღარ აწუხებდა, პირველი, რაც გაახსენდა ეს კაკისა და სტეფანეს დილანდელი დიალოგი იყო, რომლის შინაარსის შესახებაც ჯერაც არ ჰქონდა წარმოდგენა. ცნობისმოყვარეობამ, რომელმაც იმ დროს შემოუტია, გასაქანი აღარ მისცა. მართალია უკვე გვიანი იყო და ბიჭიც სავარაუდოდ შუა ძილში იქნებოდა, თუმცა რაკი დილამდე მოთმენა მის ნერვებს აღარ შეეძლო, მოურიდებლად შეაღო მეზობლის საძინებელი ოთახის კარები და ზღურბლს ხმაურიანად გადააბიჯა. როგორც ელოდა, კაკის სინათლე ჩამქვრალი ჰქონდა და ბალიშზე მკლავებშემოხვეული, მაისურის გარეშე იწვა საწოლში. ფეხის ხმაზე არც კი განძრეულა. გვერდიც კი არ უცვლია, ამიტომ ლივია პირდაპირ მის საწოლზე ავიდა, კომოდზე მდგომი ვერცხლისფერი სანათი აანთო და მძინარე ბიჭს დაუწყო ნჯღრევა.
-კაკი გთხოვ რაა მერე დაიძინე, ახლა შენთან სალაპარაკო მაქვს -რაც შეეძლო ხმამაღლა ესაუბრებოდა, რათა მალე გამოეფხიზლებინა -მიდი გთხოვ, მაინტერესებს რაზე ისაუბრეთ შენ და იმ გამოქლიავებულმა
-მმმ . . .
-მმმ კი არა, ყურმილს რატომ არ იღებდი? ასე რომ მოქცეულიყავი ახლა შუა ღამითაც არ დაგადგებოდი თავზე
-ტელეფონი დამიჯდა ლივია, რას დამჩხავი? -ნამძინარევი ხმით, ძლივსგასაგონად ამოთქვა ბიჭმა, თუმცა თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა და არც ბალიშზე შემოხვეული მკლავები ჩამოუწევია ძირს
-ჰოდა თუ დაგიჯდა, ახლა ვისაუბრებთ
-კარგი რა, დილით ვერ ვილაპარაკებდით? იცი რა მაგარ პონტებში ვიყავი სიზმარში, შენ კიდევ გამაწყვეტინე
გოგონამ თვალები აატრიალა, თან კვლავ უწინდებურად განაგრძო კაკის ნჯღრევა.
-ადექი რაა, ხვალ ადრე ვარ წასასვლელი და საუბარს ვერ მოვასწრებთ. ხომ იცი რა გიჟური გრაფიკიც მაქვს იმ არანორმალურის გამო? რამე თუ მიქარა და ისევ პრესაში გამოჭენდა, ანთისა და ჯაბა ჩემგან ტოსტს მოამზადებენ
მართალია ჯერ კიდევ ნახევრად მოუფხიზლებელი იყო კაკი, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმდენი მაინც გააცნობიერა, რომ იმ მომენტში ძილი ნამდვილად აღარ ეწერა და სანათის შემაწუხებელი შუქისგან თვალებმოჭუტული, ბუზღუნით წამოჯდა საწოლში. კომოდზე, სხვა წვრილმანებთან ერთად, სიგარეტის კოლოფიც ჰქონდა შემოდებული. ბიჭი პირველ რიგში სწორედ მას დასწვდა, ერთ ღერს მოუკიდა და დაარტყა თუ არა პირველი ნაპასი, საწოლზე მჯდომ ლივიას გახედა წარბის აწევით.
-არანორმალური ხარ იცი?
-ვიცი. ახლა კიდევ ამოღერღე
-რა უნდა ამოვღერღო? მე და შენმა ბიძაშვილმა ვილაპარაკეთ და დაწყნარდა. ამიერიდან აღარც გაბრაზებული მოგივარდება ხოლმე იმის გამო, რომ ჩემთან ერთად ცხოვრობ და არც სხვა ბინაში გადასვლას მოგთხოვს კატეგორიულად
-კი მაგრამ ასეთი რა გაუკეთე? ჰიპნოზის თერაპია ჩაუტარე? -საოცრად აკვირვებდა ლივიას ბიძაშვილის ტვინის ასოთხმოცი გრადუსით შემობრუნების გენიალური ამბავი. იმდენადაც კი, რომ ეს სახის ყველა მონაკვეთზე გარკვევით ეწერა.
კაკის ირიბად ჩაეღიმა.
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა -მიუგო, რამდენიმე წამში კი დაამატა -მთავარია ყელის გამოჭრას აღარ აპირებს შენთვის. დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია
-კაკი მართლა ჯადოქარი ხარ -ბედნიერებით გაჯერებული ღიმილი ჩასდგომოდა თვალებში გოგონას -სტეფანეს თუ ვინმე რამეს შეაგნებინებდა, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ბავშვობიდან ისეთი ხისთავიანი იყო, საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა
საუბრის განმავლობაში, სიგარეტის ღერი ნელ-ნელა პატარავდებოდა. კაკიმ ბოლოჯერ ჩაიდო პირში უკვე დაპატარავებული ნამწვავი, იგი საფერფლეში ჩაასრისა და ის-ის იყო კვლავ ბალიშს მიაწვა, რომ მისმა ტელეფონმა ზარის ხმა გამოსცა. ლივიამ ინსტიქტურად გაიხედა ხმის მიმართულებით. ეკრანს ვიღაც ლამაზი, მუქთმიანი გოგონას სურათი ეხატა, ვინც მესენჯერში, ვიდეო-ზარით ცდილობდა კაკისთან დაკავშირებას.
-ვინმე განსაკუთრებული გირეკავს და გავიდე? -მობილურს დასწვდა თუ არა, მაშინვე შეეკითხა ლივია ღიმილითა და წარბების ცბიერი თამაშით
-ეგრე ნუ მიყურებ, ისეთი არაფერი ხდება, უბრალოდ მეგობრები ვართ
-კი აბა რა -თვალები აატრიალა გოგონამ, თან საწოლიდანაც წამოდგა, რათა კაკი მარტო დაეტოვებინა და ტელეფონზე საუბარი თავისუფლად შესძლებოდა -მეგობრები ასეთ დროს არ ურეკავენ ხოლმე ერთმანეთს, ამიტომ ჯობია მარტო დაგტოვოთ
-მოკლედ ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს
-რა თქმა უნდა ვერაფერს გამომაპარებს -კმაყოფილებით აღსავსე გამომეტყველებით შეიფერა კონპლიმენტი ლივიამ, მეზობელს თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გასასვლელი კარისკენ აიღო გეზი.






8 8 8 8
შუა დღე ხანი იყო. საათის ისრები ორის ნახევარს უჩვენებდნენ. უზარმაზარი პროდუქტების მაღაზია, სადაც კლიენტები, აურაცხელ თაროებს შორის გორგოლაჭებიანი ურიკებით დაიარებოდნენ, მთლიანად ხალხით იყო გადაჭედილი. იქ მყოფთაგან თითოეულს თავიანთი საქმე და საზრუნავი ჰქონდა. მწვანე უნიფორმებში გამოწყობილი კოსულტანტები ნაკლულ თაროებს პროდუქტებით ამარაგებდნენ, სალაროსთან მჯდომი, იგივენაირ უნიფორმაში გამოწყობილი გოგონები, სპეციალურ აპარატებს აწრიპინებდნენ და კლიენტებს პოლეეთილენის პარკებში ულაგებდნენ შენაძენს, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ღიმილის თანხლებით.
იმ თაროებს შორის სადაც ტკბილეული იყო განლაგებული, ხუთიოდე ადამიანი დაიარებოდა. მათ შორის ერთ-ერთი, საყიდელი პროდუქტების მოზრდილი სიითა და ურიკით ხელში მოსიარულე ლივია იყო, ვისაც კალათი თითქმის მთლიანად გაევსო, თუმცა მიუხედავად ამისა, თეთრ ფურცელზე დაწერილ პროდუქტების დასახელებებს დასასრული მაინც არ უჩანდა.
"ნუშის რძის ორცხობილები შოკოლადით" -ხმამაღლა წარმოთქვა გოგონამ ფურცელზე ამოკითხული ერთ-ერთი სახელი, თან შუბლზე მიიდო გაშლილი ხელის გული, მეტად გადაღლილი გამომეტყველებით. სია, რომელიც იმ წამს ხელში ეჭირა, თავად სანის მიერ გახლდათ შედგენილი და იგი იმდენად იშვიათი და ლივიასთვის უცხო დასახელებებით იყო სავსე, გოგონას უკვე ნერვები აღარ ჰყოფნიდა ამ სიტუაციაში სიმშვიდისა და უდარდელობის ნიღაბი ეტარებინა.
-ცეცხლი ჭამე სანი დარსაველიძე და ნავთიც დააყოლე დესერტად! -ხმამაღლა ამოთქვა მან, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ხალხი იყო და მის ხმასაც აუცილებლად გაიგებდნენ -ნეტავ ვიცოდე ამ ყველაფრის შეჭმას მართლა აპირებს თუ კვლავ ჩემს ნერვებზე პიანინოსავით დაკვრა აქვს გეგმაში და საყიდლებზეც ამიტომ გამომიშვა.
ლანძღვასა და საკუთარ თავთან გამართულ საუბარში გოგონამ თაროზე სასურველ ორცხობილების შეკვრასაც მიაგნო და გაბრაზებულმა ჩაუძახა იგი მოზრდილ ურიკაში, დანარჩენ შესაძენებთან ერთად. ზუსტად იმ მომენტში შარვლის მარცხენა ჯიბეში ჩადებულმა მობილურმა ზუზუნით ამცნო შეტყობინების მოსვლა და გოგონამაც მობეზრებული სახით ამოაცურა იგი, რათა გაეგო ვის გაახსენდა ასე ადრიან დილით. ეკრანზე დახედვა და ლივიას განწყობის გაუარესება ერთი იყო. SMS თავად დარსაველიძის ნომრიდან იყო გამოგზავნილი. მამაკაცი მხოლოდ ქვიშის საათის "ემოჯის" უგზავნიდა, რითაც გულისხმობდა დრო ცოტა გაქვს და ოდნავ დაუჩქარეო. გოგონამ საკუთარ თავს მაქსიმალურად დააძალა ამ შეტყობინებისთვის შუა თითის სმაილებით არ ეპასუხა. ამის გამო რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, მერე ისევ ამოისუნთქა და როგორც კი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის თერაპიით დამშვიდებით სასურველი შედეგი მიიღო, მობილური პასუხის გაცემის გარეშე ჩააბრუნა ჯიბეში. სიიდან ბევრი აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი. ურიკაში ჩაყრილ პროდუქტებს მხოლოდ რამდენიმე სახეობის გამაგრილებელი სასმელი დაუმატა, ამას ზემოდან შოკოლადის დაბალკალორიული კექსების ორი მოზრდილი ყუთიც დაადო და როცა მიხვდა, რომ საყიდლების სიამ უკვე დასასრულს მიუკაკუნა, თავისი სავსე ურიკით დაიძრა სალაროსკენ, სადაც კონსულტანტი გოგონა სპეციალური აპარატით ხელში იჯდა და სამ წამში ერთხელ აწრიპინებდა ამ უკანასკნელს. რამდენიმე კლიენტი რომ გაისტუმრა და ჯერი ლივიაზე მიდგა, გოგონამ გადაღლილი სახით დაიწყო პროდუქტების, ურიკიდან — კონსულტანტის მაგიდაზე გადაწყობა. აქედან სულ რაღაც ათ წუთში უკვე უზარმაზარი პარკებით ხელში მიემართებოდა წინასწარ გამოძახებული ტაქსის მანქანისკენ, რომელიც მაღაზიის შესასვლელთან ელოდა, ერთგული ჰაჩივით. ვინაიდან იმ მომენტში სანის უბნიდან არც თუ ისე შორს იმყოფებოდა, არც იქამდე მისასვლელად დასჭირვებია დიდი დრო. დილის ცხრის ნახევრისთვის უკვე დარსაველიძის უზარმაზარი სახლის წინ იდგა და გამოუძინებელი სახით შესცქეროდა ლამაზ შენობას, მთასავით მედიდურად რომ დაჰყურებდა თავზე. დაგვიანებით ნამდვილად არ დაუგვიანია. იმაზე ბევრად უფრო ცოტა დროც დასჭირდა, რაც სანიმ ამ "დავალების" შესასრულებლად გამოუყო, ამიტომ პროდუქტების პარკებით ხელში საკმაოდ ნელა გაუყვა ქვის ბილიკს. სახლის მთავარი, სენორული კარი, რომელიც მიახლოებისას ლიფტის მსგავად იხსნებოდა შუაში, უცნობი მიზეზით გაეუქმებინა დარსაველიძეს. ამის გამო, გოგონას მოუწია უკანა კარით ესარგებლა და მასთან აღმოჩენის თანავე, ზარი სამჯერ ზედიზედ დარეკა. ვინაიდან დარსაველიძე მარტო ცხოვრობდა, ლივია ზღურბლთან სწორედ მის გამოჩენას ელოდა, თუმცა გოგონას გაკვირვებამ ლამის პიკს მიაღწია, როცა ზარის ღილაკზე თითის მიჭერიდან ათი წამის შემდეგ, კარის ჩარჩოში დიდი, შავი, საყელურიანი დობერმანი დაინახა და გააცნობიერა, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა ჩამოსწია სახელური.
"ერთი უყურეთ ამ თვითკმაყოფილ იდიოტს ძაღლებიც კი რა კარგი გაწვრთნილი ჰყოლია" -გაიფიქრა მან გაოცებული გამომეტყველების თანხლებით და ზღურბლზე გადაბიჯების თანავე, მისაღებისკენ ძუნძულით წასულ ოთხფეხას მიჰყვა უკან. საბედნიეროდ, დარსაველიძის ძაღლები უკვე კარგად ცნობდნენ და აღარც კბილებს აღრჭიალებდნენ მისი დანახვისას. ამის გამო, ლივიამ მისაღებში თავისუფლად შეაბიჯა, როგორაც პარკებით ხელში მოუხერხდა ისე მიეფერა მეორე ძაღლს, მინიატუეილი ბუხრის წინ რომ იყო გაწოლილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახედა დივანში არხეინად მჯდომ სანის, ვინც ტელეფონში თამაშით გართული, მისალმებაზეც კი არ შეწუხებულა. არც თავი წამოუწევია, რათა გოგონასთვის შეეხედა. მხოლოდ ის უთხრა, პროდუქტები სამზარეულოში გაიტანე, მეც ახლავე მოვალო და შემდეგ კვლავ უწინდელ საქმეს მოუბრუნდა, მთელი შემართებით.
ვინაიდან დარსაველიძის უზარმაზარ სახლს კვირაში სამჯერ ალაგებდა სპეციალურად დაქირავებული დამლაგებელი, სამზარეულოშიც ისეთივე იდეალური წესრიგი სუფევდა, როგორც დანარჩენ ოთახებში. ლივიას სასიამოვნოდ მოხვდა თვალში ერთმანეთის გვერდიგვერდ, სიმეტრიულად გამწკრივებული სამზარეულოს ტექნიკური მოწყობილობები. სისუფთავისგან ირგვლივ ყველაფერი ისე ბრწყინავდა, როგორც უმაღლესი კლასის სასტუმროში და თითქოს ჰაერშიც კი იგრძნობოდა სისუფთავის სურნელი.
ნაყიდი პროდუქტების მაცივარში შელაგებით გართულ ლივიას, მხოლოდ მეორე პარკის ამოლაგების პროცესში მოესმა მკვეთრი ნაბიჯების ხმა. როგორც ჩანდა სანის უკვე დაემთავრებინა ტელეფონით გართობა და ახლა პირდაპირ სამზარეულოსკენ მოემართებოდა შესრულებული დავალების "ხარისხის შესამოწმებლად". უკან არ შემობრუნებულა გოგონა. თავისი საქმიანობა ისე განაგრძო, თითქოს იმ სახლში სრულიად მარტო ყოფილიყო. ყველაზე მეტად ის ფაქტი უშლიდა ნერვებს, რომ ამ სახლში იმაზე გაცილებით მეტ დროს ატარებდა, ვიდრე საკუთარში. სიგიჟემდე ენატრებოდა ძველი დრო, ის მყუდრო, პატარა კაფე, სადაც მანამდე მუშაობდა და ადამიანური გრაფიკი, რომელიც ბოლომდე აძლევდა საშუალებას საკუთარი თავისთვისაც მიეხედა. ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. ახლა სანი დარსაველიძე გახლდათ მისი მთავარი საზრუნავი, ის, ვის გარშემოც გამუდმებით უნდა ეტრიალა და თუკი საჭირო გახდებოდა, ამის გამო საკუთარი "მე"-ც კი დაევიწყებინა.
-რამდენ ხანს განაგრძობ ისე მოქცევას, თითქოს ვერც მამჩმნევ? -ხმა მხოლოდ მაშინ მოესმა, როდესაც პარკში მხოლოდ ორცხობილები ჰქონდა დარჩენილი ამოსაღებად. სანი მაცივართან იდგა, იქედან გამოღებულ ანანასის წვენს პირდაპირ ბოთლიდან სვამდა, თან გოგონას არ აშორებდა გამომცდელ, ოდნავ ღიმილიან მზერას
-მეხუმრები? შენი ვერ-შემჩნევა როგორ შეიძლება, ვარსკვლავივით ანათებ აქაურობას -სარკაზმით გაჟღინთა თავისი პასუხი და ისე მიუგო, თან ორცხობილების შეკვრაც ამოიღო პოლეეთილენის პარკიდან -უბრალოდ სახეში იმიტომ არ გიყურებ, რომ ეგ სიკაშკაშე თვალებს მჭრის
-ამდენი ირონია ერთ მშვენიერ დღეს დაგახრჩობს წითურო
-ყველაფერს გადახედე? რამის ყიდვა ხომ არ დამვიწყებია? -სხვა თემაზე გადაუტანა. იმ მომენტში მთელი საუბრის განმავლობაში პირველად შეხედა თვალებში. სანი კვლავ ოდნავ გაღიმებული მზერით აშტერდებოდა, თან პერიოდულად თავის ბოთლიდანაც სვამდა მაცივრიდან გამოღებულ ცივ სითხეს
-არა, არაფერი დაგვიწყებია. ჭკვიანი ფუტკარი ხარ
-თუ ასეა, მაშინ მე სტუმრების ოთახში შევალ და მოვწესრიგდები. მალე გადაღებებზე უნდა ვიყოთ -თქვა და მაშინვე დააპირა სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ წასვლა, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად სანის თითები მოევლინა, რომელიც მომენტალურად ჩაავლო მკლავში, კედელთან მიიმწყვდია და მარკჯვნიდან და მარცხნიდან ხელის გულები ისე მიადო, რომ გოგონა მათ შუაში აღმოჩენილიყო მოქცეული. ლივია დაიბნა. ცალკე თავისთვის თითქმის უცხო მამაკაცის ასეთი სიახლოვე აბნევდა, ცალკე ის დაჟინებული მზერა, როგორითაც სანი უყურებდა აღნიშნულ წამს. აღარ იცოდა რა მოემოქმედა. რაღაც მომენტში გაიაზრა, რომ ხმის ამოღებასაც ვერ შეძლებდა და ალბათ, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს დუმილი, თავად დარსაველიძეს რომ არ დაესვა მისთვის დიდი, შავი წერტილი.
-ცოტა თამამ კონპლიმენტებზე როგორ რეაგირებ ხოლმე ფუტკარო? -ჰკითხა მან, თან ქვედა ტუჩს მოსდო კბილები -უბრალოდ ვაზუსტებ მომელის თუ არა მწარე სილის გაწვნა სათქმელის დასრულების მერე.
-რამე კონპლიმენტი გადგას ენის წვერზე? -მიუხედავად დაბნეულობისა, მაინც უზომოდ მშვიდი, თავდაჯერებული ტონით ესაუბრებოდა, რითაც ცდილობდა თავისი პიროვნული სიძლიერისთვის გაესვა ხაზი და მამაკაცის წინაშე უსუსურ გოგოდ არ წარმოჩენილიყო
-სწორად მიმიხვდი
-თქვი, დამაინტერესა. თუ ძალიან თამამად ჩავთვლი, მართლა გაგაწნი სილას და ეგ იქნება. ამ პროდუქტებზე უთენია სიარულის ჯავრსაც ამოვიყრი თან
სანის ჯერ იდუმალებით მოცული ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში, მერე ფოტოგრაფისთვის დამახასიათებელი დამკვირვებლური მზერით შეათვალიერა გოგონა და ბოლოს, ყურთან ძალიან ახლოს მიუტანა ტუჩები.
-გასაგიჟებლად ლამაზი სხეული გაქვს -უთხრა ჩურჩულით, თან მის წელსაც მოხვია ხელები და ცხვირი გოგონას თმებში ჩარგო -განსაკუთრებით ფეხები იქცევს ყურადღებას, რადგან მართლაც საოცრად ლამაზად გამოიყურება ნებისმიერ სამოსში.
უხერხულობის შეგრძნებამ, რომელიც სანის სიტყვებმა გამოიწვია ლივიას გონებაში, ლამის პიკს მიაღწია, როდესაც ბიჭმა იგი თავისთან უფრო ახლოს მიიზიდა და ამჯერად თვალებში ყურების პარალელურად უთხრა:
-საოცრად სექსუალური ხარ . . . მართალია არ იყენებ მაკიაჟს, არ იცვამ გამომწვევად, არც ძვირადღირებული სამკაულებით ხარ მორთული, თუმცა სწორედ ესაა, რაც მიმზიდველს გხდის. შენი ბუნებრივობა, შენი თმა, რძისფერი კანი, შინაგანი სისუფთავე -საუბრის პარალელურად, თითის ბალიშებით ეფერებოდა გოგონას სახეს და მის არც ერთ რეაქციასა და ამოსუნთქვას არ ტოვებდა უყურადღებოდ -სიმართლეს გეტყვი და შენს ადგილას სხვა გოგო რომ ყოფილიყო, ათასჯერ მაინც ეცდებოდა ჩემს საწოლში შეთრევას, რაიმე გამორჩენის მიზნით. აი მე კი გიყურებ, გაკვირდები და ვხვდები რა საოცრად უცხოა შენი პიროვნებისთვის ყველაფერი ეს. თითქოს ძალიან სპეტაკ, სუფთა, უწყინარ სამყაროში ცხოვრობ, მე კი ბინძურსა და არეულში, რომელშიც ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის ნებისმიერ რამეზე მიდიან. მძულს ეს. მართლა მძულს და გთხოვ, არასდროს შეიცვალო. ნუ გაერევი იმ ბრბოში გარს რომ მახვევია. ახლა ნათელი სხივივით ხარ და იმედი მაქვს არც არასოდეს ჩაქრები.
მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც სანი ლაპარაკობდა, ხმა ერთხელაც კი არ ამოუღია ლივიას. რაც ამ ადამიანს იცნობდა, პირველად ხედავდა ასეთ სერიოზულსა და სიღრმისეულს. რამდენჯერმე ისიც კი გაიფიქრა ხომ არ მძინავს და სიზმარს ხომ არ ვხედავო, თუმცა ეჭვების გასაფანტად ხელზე ჩქმეტაც ვერ შეძლო, რადგან სანის მკლავები ჯერ კიდევ წელზე ჰქონდა შემოხვეული და მის ყველა გამოძრავებას ბიჭიც აუცილებლად იგრძნობდა.
გოგონამ თვალები დახარა და დარსაველიძის გამჭოლ მზერას როგორც შეეძლო ისე გაექცა. იმდენად ახლოს იყო მასთან ბიჭი იმ წამებში, მის სურნელსაც ცხადად გრძნობდა და სუნთქვასაც, მთელ სახეზე რომ ცხელი ლავასავით ედებოდა. უხერხულობის შეგრძნების გასაფანტად, ლამის სისხლის მაგივრად რომ მოძრაობდა ლივიას ძარღვებში, გოგონამ მხოლოდ მაჯის საათისთვის დახედვა მოიფიქრა, რათა სანისთვის ენიშნებინა ვაგვიანებთო.
-დროა მოემზადო, მალე გადაღებებზე უნდა იყო -სიტყვების ერთმანეთზე გადაბმაც კი გაუჭირდა იმ მომენტში, თუმცა მაინც ინარჩუნებდა მტკიცე გამოხედვას -მანამდე მეც მოვწესრიგდები და გავიდეთ
დარსაველიძემ, ქვედა ტუჩზე გადაიტარა ენის წვერი, თან გოგონას ლოყებზე დამჩნეულ მკრთალ ვარდისფერს კიდევ ერთხელ შეავლო საკმაოდ სერიოზული, ღრმა მზერა. მერე რამდენიმე წამით თავი გვერდზე მიაბრუნა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანზე ჩაფიქრდაო, კედელზე ერთმანეთის გასწვრივ მიდებული ხელები ძირს ჩამოიღო და ლივიასაც მიანიჭა ნანატრი თავისუფლება.
-კარგი, წავალ შხაპს მივიღებ -კეფაზე გადაისვა ხელი ამის თქმისას. სიამოვნებდა იმ არეული გამოხედვის დანახვა გოგონას სახეზე, რომელიც მისმა სიტყვებმა გამოიწვია, თუმცა ამას აშკარად არ გამოხატავდა -შენც მოიწესრიგე თავი და მერე საუზმე მომიმზადე, მგელივით მშია
-კარგი, რას შეჭამ? -საუბრის თემის უეცარი ცვლილება ლივიას გულსაც მალამოდ ვმოედო, რადგან ცოტა ხნის წინანდელმა მომენტებმა მართლაც ბრინჯივით დააბნია. ალბათ იმის გამო, რომ არასდროს ენახა სანი ასეთი სერიოზული და ნორმალური მის მიმართ. ამას ის კონპლიმენტებიც დაერთო, რომელთაც ოდნავ დაბალი, მომხიბვლელი ხმით ეუბნებოდა ბიჭი. არა, საერთოდ არ ჰგავდა ყოველივე ეს რეალურს.
-შვრიის ფაფა მომიმზადე, ბანანითა და მოცვით. ცოტა რძეც დაამატე, სხვა არაფერი მინდა
-ჯერ თავი უნდა მოვიწესრიგო, შენს საუზმეს მერე მივხედავ
-ჰო, ქალებისთვის სილამაზე უპირველესია -ლივიას თმას წაეთამაშა ბიჭი ამის თქმისას, ცხვირზე ორი თითით ისე მოუჭირა, როგორც პატარა ბავშვს და შემდეგ ისე გატრიალდა, რომ მეტად სიტყვაც აღარ დასცდენია. მართლაც გასაკვირი იყო ეს ყველაფერი. იმდენად გასაკვირი, რომ ლივიამ მარტო დარჩენის შემდეგაც ვერ შეძლო აზრზე მოსვლა, თუმცა მერე თავის თავს წარმოსახვითი სილა გააწნა, უწინდელი მომენტების გონებიდან ამოსაგდებად თვალები მაგრად დახუჭა და ისე სწრაფად წავიდა სასტუმრო ოთახისკენ, თითქოს უკან ვიღაც საშიში მანიაკი მისდევდა.
იმ მიზეზით, რომ დილით, სანის ადრიანი ზარის გამო შხაპის მიღება ვერ მოასწრო, პირველ რიგში აბაზანაში შევარდა და ბანაობის პროცესი ცხოვრებაში პირველად ჩაატია ისეთ მოკლე დროში, როგორც ხუთი წუთი გახლდათ. საშხაპე კაბინიდან გამოსვლის შემდეგ გოგონამ სწრაფად გადაიცვა თავისი ტანსაცმელი. მერე უზარმაზარი სარკის წინ, ლამის კედლის მეოთხედი რომ ეჭირა, თმები გადაივარცხნა, ჩანთიდან ამოღებული, წინასწარ გამზადებული დილის კრემი სახეხე წაისვა და კვლავ სამზარეულოში დაბრუნდა სანისთვის დაპირებული საუზმის მოსამზადებლად. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არ გამოსულიყო თავის ოთახიდან. როგორც ჩანდა, კაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინებიც მომზადებას საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ, ამიტომ მის ლოდინში დრო აღარ დაუკარგავს, კარადიდან შვრიის ფაფის ყუთი გამოიღო, მაცივრიდან მოცვი და ბანანი გამოალაგა, სველი თმა ცხენის კუდად აიკრა და მზადების პროცესი ტელეფონში აჟღერებული Ed Sheeran-ის პლეილისტით განაგრძო. მართალია უკვე ოცდაორი წლის იყო, თუმცა უნდა ეღიარებინა აქამდე შვრიის ფაფა ერთხელაც არ ჰქონდა გასინჯული. ზოგადად ჯანსაღი კვება მუდამ ძალიან მოსწონდა, თუმცა იმის ჭამას, რასაც ახლა ამზადებდა, ალბათ მილიონი დოლარის საფასურადაც კი ვერ შეძლებდა.
ბანანისა და მოცვის დაჭრას რომ მორჩა, ეს ყველაფერი უკვე წამოდუღებულ ფაფაში ჩაყარა, მას ცოტაოდენი რძეც დაუმატა და როგორც კი თავისი ნახელავი ემალის პატარა ქვაბიდან ჩაღრმავებულ თეფშზე გადაიტანა, სწორედ ამ დროს შემოაბიჯა სამზარეულოში დარსაველიძემაც. ბიჭს მხოლოდ ღია ფერის ჯინსის შარვალი და პუმას თეთრი ბოტასები ეცვა, მკლავზე ამავე ფერის პირსახოცი ჰქონდა გადაგდებული და პრესზე ჯერ კიდევ უბრწყინავდა წყლის გამჭვირვალე წვეთები.
-აი ეს მესმის -როგორც კი გაწყობილ მაგიდას შეხედა, ხელის გულები ერთმანეთს ღიმილით გაუსვა სანიმ, თან ყავის აპარატთან მივიდა დილის კოფეინის ჩამოსასხმელად -ძალიან გემრიელი სუნია
-საჭმელი გემოს მიხედვით უნდა შეაფასო და არა სუნის
-ეგ კულინარიული სიბრძნე იქეთ გადავდოთ და შენ არაფერს შეჭამ?
-არა, მადლობა -მხოლოდ მაშინ მიუგო ლივიამ, როცა აპარატი სანის ჭიქაში ყავის ჩამოსხმას მორჩა და ეს უკანასკნელიც მაგიდას მიუჯდა ფაფის დასაგემოვნებლად.
-ცუდია, არადა გუშინ ცეზარის სალათი შეუკვეთე, ვიცი გიყვარს -გამომცდელი, ოდნავ გამჭოლი მზერით ათვალიერებდა, სველი პირსახოცი კი ისევ მკლავზე ჰქონდა გადაგდებული
-შენ ეგ ვინ გითხრა?
-ვინ და შენმა ინსტაგრამმა. კულინარიულ გვერდებზე ლამის ყველა ცეზარის ფოტო დალაიქებული გაქვს
ლივიას ჯერ კიდევ ახსოვდა ცოტა ხნის წინანდელი სიახლოვის მომენტი სანისთან, რის გამოც მასთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა სულაც არ სურდა, მაგრამ იმდენად ძლიერად შეაწუხა შიმშილის გრძნობამ, თანაც მას შემდეგ, რაც სახელი "ცეზარი" გაიგონა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ მაცივრის კარს მიადგა ნერწყვების ყლაპვით.
დარსაველიძის მიერ შეკვეთილი ცეზარის სალათი ნამდვილად გემრიელი გამოდგა. ყველაზე კარგიც კი, რაც კი ოდესმე გაესინჯა. ცოტა უკვირდა კიდეც რატომ შეამოწმა სანიმ ასე ზედმიწევნით მისი ინსტაგრამის გვერდი, თუმცა ამაზე ფიქრს ახლა შიმშილის გრძნობა წონიდა და სწორედ ეს უბლოკავდა აღნიშნულ საკითხზე კარგად დაფიქრების შესაძლებლობას.
-ფუტკარო, მოდი, ჩემთან ახლოს დაჯექი და ისე ისაუზმე, მეჩვენება, რომ ძალიან შორს ზიხარ
ლივიამ ცოტა ხნით ჭამა შეწყვიტა, რათა თანამოსაუბრისთვის სახეში შეეხედა.
-ვიფიქრე, უბრალო მოკვდავს დიად სანი დარსაველიძესთან ძალიან ახლოს დაჯდომის უფლება არ მაქვს-მეთქი
ბიჭმა გადაწყვიტა სარკაზმი არ შეემჩნია.
-ჩათვალე გაქვს, ახლა კიდევ შეწყვიტე ჩემი კბენა და ახლოს მოიწიე. თუმცა არა, მე თვითონ მოგიყვან -სკამის საზურგეს ჩაავლო ხელი ამის თქმისას და სულ რაღაც ერთ წამში თვითონ მისწია ლივია თავისთან ისე ახლოს, როგორც სურდა.
-ცეზარი მართლა მომეწონა -მხოლოდ იმიტომ თქვა გოგონამ, რომ საუბრით თავის სხეულიდან ის ჟრუანტელი მოეშორებინა, უკვე მეორედ რომ დაუარა დღეს
-შენი მომზადებული ფაფაც ძალიან გემრიელია, ვაღიარებ
-როცა ვამზადებდი, ეჭვიც არ მეპარებოდა მაგაში
დარსაველიძეს გაეღიმა. მერე ჭამა დროებით შეწყვიტა და კვლავ ძალზედ სერიოზული, ღრმა მზერით გაუშტერა თვალი გოგონას სახეს. შექმნილი სიტუაცია, სანის სიახლოვე, მისგან წამოსული სასიამოვნო სურნელი და ინტიმური გარემო უკვე იმდენად უჩვეულო გამხდარიყო ლივიასთვის, რომ გაჩუმება უკვე აღარ გამოუვიდა და პირდაპირ ჰკითხა ის, რაც იმ მომენტში სიგიჟემდე აინტერესებდა.
-დღეს მთელი დღეა რაღაც უცნაურად მიყურებ, რაშია საქმე?
ბიჭს, ოდნავ ღიმილიანი მზერა სერიოზულმა შეუცვალა, თან კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა დაბნეულ ლივიას.
-არაფერში, უბრალოდ მომწონს შენი უხერხულობისგან აწითლებული ლოყების დანახვა
-ლოყები შენი მზერის გამო არ ამწითლებია, უბრალოდ აქ ცხელა
-ნუ იტყუები პინოქიო, თორემ ცხვირი გაგეზრდება -ამ სიტყვების პარალელურად, ცხვირზეც დაკრა საჩვენებელი თითი, რითაც ლივიას გამომეტყველებაც დაამსგავსა ამოსაფრქვევად გამზადებულ ვულკანს
-მორჩა, ჩემს ცხვირს კიდევ ერთხელ შეეხები და არც კი ვიცი სხეულის რომელ ნაწილს მოგტეხავ!
დარსაველიძე სიცილით შეხვდა გოგონას მრისხანებას და ოდნავ მოსვა ცხელი სითხე თავისი ყავის ფინჯნიდან.
-კარგი ჩემო რემბო, თუ მაქამდე მივა საქმე, შეიძლება მე ავირჩიო კონკრეტულად რას მომტეხავ?
-ჯანდაბა, სულ ხუმრობისა და ღლაბუცის ხასიათზე როგორ ხარ?
-ნწ, სულ არ ვარ, ხანდახან მძინავს ხოლმე
-აი კიდევ -თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა ლივიამ, თუმცა ოდნავ გაეღიმა კიდეც ბიჭის კომენტარზე -მოკლედ ერთი საქართველო ვერ შევა ნატოში და მეორე შენს არასერიოზულობას ვერ დაადგება საშველი
-მიდი, მიდი, დროზე დაასრულე ჭამა, თორემ ამ დროს საშინელი საცობებია და შეიძლება დაგვაგვიანდეს. თუ ჭკვიანად მოიქცევი, შენი საყვარელი Imagine Dragons-ის სიმღერებსაც ჩაგირთავ გზაში.
ლივიას სურდა ეკითხა, ეგ საიდანღა იციო, თუმცა სანამ რამის სათქმელად პირს გააღებდა, სანი თავისი ყავის ფინჯნით წამოდგა ფეხზე, იმ წამს შემოსულ სატელეფონო ზარს უპასუხა და სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა. მარტო ერთხელ გამოხედა ჯერ კიდევ იმავე პოზაში მჯდომ ლივიას, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. მხოლოდ კედლის საათზე ანიშნა თითით, იმის მანიშნებლად, რომ ეჩქარა და სამზარეულო სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.




8 8 8 8
-ლივ, ყავა მეც დამისხი რა, თავი მისკდება -დილის რვა საათი იყო, როდესაც მადუღარასთან მდგომს, კაკის სიტყვები მოესმა და აქედან მალევე, ბიჭის სუნამოს სურნელიც იგრძნო, რამაც მიახვედრა, რომ ადრიან დილით აპირებდა სადღაც გასვლას.
საშინელი ამინდი იყო. გარეთ ისე ძლიერად წვიმდა, თითქოს დედამიწა, თითოეული მასზე მცხოვრები ადამიანის სატირალს ერთიანად ტირისო. ფანჯრის მინას, რომელიც სამზარეულოდან გადაჰყურებდა კორპუსის ეზოს, განუწყვეტლივ ეკიდებოდნენ წვიმის მსხვილი წვეთები და ძირს ისე მიიწევდნენ, თითქოს კლდეზე მცოცავ ალპინისტს ფეხი მოუცურდაო. მოღუშულ ცის კაბადონს ერთიანად გადაჰკრავდა მტრედისფერში გარდამავალი ნაცრისფერი ტონალობა, ხოლო ქუჩიდან საამო მელოდიასავით შემოდიოდა წვეთების შხაპუნის ხმა.
-შაქარი ისევ ექვსი კოვზი? -ჰკითხა უკვე მაგიდასთან ჩამომჯდარ ბიჭს, თან ფინჯანში ადუღებული წყლის ჩასხმა დაიწყო, რომლის ხმაც სასიამოვნოდ შეერწყა გარეთ მოშხაპუნე წვიმას
-როგორც ყოველთვის
-დიაბეტს აიკიდებ ადამიანო, რატომ არ გეშინია?
კაკიმ ოდნავი ღიმილით გადააქნია თავი, თან ახალგაღვიძებულმა მარჯვენა თვალი მოისრისა და დაამქნარა.
-თუ ასაკიდებელი იყო აქამდე ამეკიდებოდა, რაც თავი მახსოვს ეგრე ვარ
-აუ დღეს მაგარი რთული დღე მაქვს -დედობრივ დარიგებებს მორჩა თუ არა, მაშინვე სხვა თემაზე გადაუტანა ლივიამ, პარალელურად კი შაქრის კოვზებს ითვლიდა გულში, რათა შემთხვევით ზედმეტი არ მოსვლოდა, ან არ დაკლებოდა
-რატომ, რა ხდება?
-ის ხდება, რომ სანის ინტერვიუ აქვს და მეშინია იქაც რამე არ მიქაროს -დარდიანად ამოიოხრა -ჯაბამ და ანთისამ უკვე ათჯერ მაინც მომწერეს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ მქონდეს და არაფრის გაფუჭების საშუალება არ მივცე
-მაინც რა უნდა გააფუჭოს?
-არ ვიცი, წინა ჯერზე მაგალითად ჟურნალისტს დაუწყო შებმა ინტერვიუს მსვლელობისას, ის ქათამიც აყვა და სულ აღარ გახსენებია არც ერთს, რომ სტატია ჟურნალში იყო დასაბეჭდი. ადგნენ და სადღაც ჯანდაბაში წავიდნენ გასართობად.
-გასაოცარია -გაეცინა კაკის, თან უკვე მომზადებული ყავის ფინჯანს, იმ წამს რომ დაუდგა წინ ლივიამ ორივე ხელი შემოხვია
-რა არის გასაოცარი, ოცდაოთხი წლის ბიჭს რომ თინეიჯერის ჭკუა აქვს თავში? საერთოდ ვერ აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობებს, რაც აკისრია. წარმოიდგინე, მაგიდაზე მაგის მიერ დაყრილი მიწისთხილის ქილების გადაყრაც კი მე მიწევს.
-ამდენს რომ ლაპარაკობ არ გაგვიანდება? -ჰკითხა, მერე კი მაჯის საათსაც დახედა და ცოტა ხანში მისი ციფერფლატი ლივიასაც დაანახა. ისრები თერთმეტის თხუთმეტ წუთს უჩვენებდნენ
-ჯანდაბა, თერთმეტზე იქ უნდა ვიყო, მე კიდევ ენა წამიგდია და შენ გეწუწუნები
-კარგი ნუ დაპანიკდი. შენ რომ სტიკერები მიაკარი იმ კარადაში ქაღალდის ჭიქებია, შენი ყავა მაგაში გადაასხი და გზაში დალიე. მე მანამდე ტაქსის გამოგიძახებ -თქვა თუ არა, ტელეფონიც მოიმარჯვა -ჩემს მანქანას ისევ პრობლემა აქვს და ახლაც პროფილაქტიკაში გადის მკურნალობის კურსს
-არ ფიქრობ, რომ ახალი გაქვს საყიდელი? -თავისთვის ჩაეცინა ლივიას -იმაზე ხშირად ფუჭდება, ვიდრე ჩვენი მეზობელი ლიკას ტელევიზორი, როცა შენი ნახვა მოუნდება ხოლმე
-ფანტაზიას უჩივის ეგ გოგო, ცოტა ცვლილებები შეიტანოს და ამჯერად თმის უთო ან ფენი მაინც გაუფუჭდეს ხოლმე -თან ესაუბრებოდა, თან ყავას სვამდა, თან უყურებდა როგორ ასხამდა ყავას მინის ფინჯნიდან, ქაღალდის ჭიქაში
-რა ქნას, ყველანაირად ცდილობს შენი ყურადღების მიქცევას ხომ ხედავ? -თავისთვის ეღიმებოდა გოგონას -პირად ხელოსნასაც კი გაგამწესა საკუთარ სახლში, მეტი რა ქნას?
-აჰა, მიეცა საღადაო თემა და ახლა რაღა გააჩუმებს?
-ხომ მიცნობ არა? სხვისი ნერვების მოშლით ენდორფინს ვიღებ და მერე მთელი დღე ბედნიერი ვარ ხოლმე
-შენი კაპრიზული მსახიობის ხელში ენდორფინი ნამდვილად გესაჭიროება ვერ გეკამათები -ამის თქმისას ტელეფონი ამოიღო, აპლიკაცია გახსნა და ლივიასთვის ტაქსის გამოსაძახებლად მისამართების შეყვანა დაიწყო -მითხარი რა ადგილას მიდიხარ, ბარემ ჩემი ბარათით გადაგიხდი მგზავრობის ფულს, იმის კომპენსაციად რომ დღესაც ვერ მიმყავხარ სამსახურში
-კარგი, მაშინ მე რამე გემრიელს წამოგიღებ უკანა გზაზე და შენს საყვარელ ლუდსაც გამოვიყოლებ
-როგორ მანებივრებ, ახლა თავში ამივარდება
-არა უშავს, თავში ავარდნილიც კარგი ტიპი იქნები -გაეღიმა გოგონას, ქაღალდის ჭიქას თავსახური მოარგო, მაგიდასთან კვლავ კაკის გვერდით მოთავსდა და ანთისას მიერ მოწერილი მისამართი უკარნახა.
გამოძახებული ტაქსი ზუსტად ოთხ წუთში გაჩერდა სადარბაზოს ღია კართან. როგორც კი კაკის ტელეფონზე Maxim-ის ოპერატორის ზარი შემოვიდა, გოგონამ მაშინვე გადაიკიდა თავისი ჩანთა, ყავას ხელი დაავლო, ბიჭს დაემშვიდობა და სირბილით დაუყვა კიბის საფეხურებს. სადარბაზოდან გასვლისას, ანთისასგან კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო, იმის შესახებ, რომ ინტერვიუს ჩაწერაზე დროულად მისვლა არ დავიწყებოდა. სიტყვიერი პასუხი არ გაუცია. მხოლოდ ცერა თითის "ემოჯი" გაუგზავნა იმის დასტურად, რომ SMS მიიღო, შემდეგ კი ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში მოათავსა და მაშინვე, სადარბაზოს კართან რამდენიმე სანტიმეტრში გაჩერებული ტაქსის მანქანის უკანა სავარძელზე დაიკავა ადგილი. საქარე მინა ნახევრამდე იყო ჩამოწეული. როგორც კი მანქანა დაიძრა, წვიმიანი ამინდის გამო, ლივიამ იგი ბოლომდე ასწია ზემოთ, საზურგეს რაც შეეძლო მოხერხებულად მიეყრდნო, მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გადაიდო და ჭერიდან ჩამოშვებულ პატარა სარკეში მძღოლის სახეს დააკვირდა. თავდაპირველად მხოლოდ უყურებდა და რაღაცის გახსენებას ცდილობდა მისი ქვეცნობიერი, თუმცა ნახევარი წუთის შემდეგ გონებამ განვლილი დღეების მოგონებები ამოუტივტივა და მაშინვე იცნო ის მდუმარედ მჯდომი ტაქსისტი, ახალი სამსახურის დაწყების პირველ დღეს რომ გადაარჩინა გადასაღებ მოედანზე დაგვიანებით მისვლას. ასეთ დამთხვევაზე ლივიას ოდნავ ჩაეღიმა, თან სარკესაც მოაშორა თვალი, რადგან არ სურდა მძღოლს შეემჩნია, რომ სწორედ მას აკვირდებოდა ასე მონდომებით. ამის შემდეგ, მისკენ საერთოდ აღარ გაუხედავს. გზაში, დროის გასაყვანად, კვლავ მობილური ამოაცურა ჯიბიდან, ინტერნეტი ჩართო და სოციალურ ქსელებს ესტუმრა. ინსტაგრამზე ორი ახალი გამომწერი ჰყავდა, რომელთაგან ორივე მამრობითი სქესისა იყო და აქედან ერთ-ერთს შეტყობინებაც ჰქონდა დატოვებული. ვინაიდან ინტერნეტით გაცნობები ვერც გოგონას ხასიათში ჯდებოდა და ვერც მის გემოვნებაში, მოწერილი ტექსტი პასუხის გარეშე დატოვა, ინსტაგრამი გათიშა და ამჯერად ფეისბუქი გახსნა. სწორედ ამ დროს, მანქანა წითლად ანთებულ შუქნიშანთან გაჩერდა. ლივიამ მხოლოდ ორი წამით ამოყო თავი მობილურის ეკრანიდან თუმცა ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა, რათა დაენახა, თუ როგორ შემოდიოდა სპეციალურ სათავსოში ჩადებული ტაქსის მძღოლის ტელეფონზე ზარი ვიღაც "პარაზიტი"-სგან, ვინც სავარაუდოდ, ხუმრობის მიზნით ჰყავდა შეყვანილი კონტაქტებში ამ დასახელებით. სულ მალე, სალონში ჩამოვარდნილი მდუმარებაც დილის ნისლივით აორთქლდა და გარედან შემოსულ მანქანების სიგნალებს, მძღოლის ხმაც შეერწყა. ამ უკანასკნელს, ტელეფონი ხმამაღალ კავშირზე ჰქონდა ჩართული, ხოლო მობილური კვლავაც სათავსოში მოეთავსებინა და მოთმინებით ელოდა შუქნიშანზე მწვანე ფერის დანახვას.
-დროზე მითხარი, რა გინდა?! -ჩასძახა მძღოლმა ტელეფონს თანაც ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია
მართალია, ლივიას ფეისბუქის გვერდი ჯერ კიდევ გახსნილი ჰქონდა თუმცა გაიგონა თუ არა ეს სიტყვები, ყურადღება მთლიანად საჭესთან მჯდომზე გადაიტანა, ვისი ხმაც აშკარად არ ჰგავდა მამრობითი სქესისას, მიუხედავად იმისა, რომ წინ მამაკაცი ეჯდა.
-რას შვრები დარტყმულო, სამსახურში ხარ? -გაეპასუხა ყურმილის მეორე მხარეს მყოფი. აი ეს კი აშკარად ბიჭის ხმა იყო.
-ჰო, და თუ რამე საქმე გაქვს, დროულად ამოღერღე
-საქმე მეტად სერიოზული მაქვს, მინდა შინ წამოსვლის წინ რამე ტკბილი და გემრიელი გამოიყოლო
-შენ რა, მარკეტის გზა დაგავიყწდა? ჩადი და თავად იყიდე -ამასობაში, ნანატრი მწვანე შუქიც გამოჩნდა და მანქანაც დაიძრა. ლივია კვლავაც ჩუმად იჯდა უკანა სავარძელზე, თუმცა რაც უფრო მეტს უსმენდა მძღოლის საუბარს, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მას ქალის ხმა ჰქონდა, მიუხედავად მამაკაცური ჩაცმულობისა.
-ნუ წიკვინებ რა იანა -ისევ გაისმა ყურმილის საპირისპირო მხრიდან -ერთი საცოდავი დასვენების დღე მაქვს კვირაში და არც ისეთი სახის დატვირთვა მინდა მივაღებინო საკუთარ თავს, როგორც ეს მარკეტში ჩასვლაა. თანაც ლიფტია გაფუჭებული და კიბეებზე ფეხით სიარული მაგრად მეზარება -კავშირი სწორედ აღნიშნულ სიტყვებზე გაწყდა და მობილურში წყვეტილი ზუმერიც გაისმა ამის დასტურად. კვლავ მდუმარებამ დაისადგურა სალონში. მხოლოდ ავტომობილში მჯდომთა სუნთქვა თუ ისმოდა იმ მომენტში, ხოლო სხვა მხრივ სრული სიმშვიდე იყო.
ქუჩაში წვიმამ, გადაღების მაგივრად თანდათან უფრო მოიმატა, რის გამოც, მინის საწმენდი ფარების გარეშე გზის დანახვა საშინლად ჭირდა. ამას ძლიერი ჭექა-ქუხილიც ემატებოდა, რომელიც ქალაქის ხმაურს ერწყმოდა და საბოლოოდ, ერთ დიდ აურზაურს ქმნიდა.
ლივია ჩაფიქრებული იჯდა უკანა სავარძელზე. ტელეფონი საერთოდ ვიღას ახსოვდა? ჯერ იყო და ქალის ხმა ამოდიოდა იმ ადამიანის პირიდან, ვინც მთელი ეს დრო კაცი ეგონა, მერე კიდევ ის, რომ თურმე იანა ერქვა, რაც აშკარად არ ჰგავდა მამრობითი სქესის წარმომადგენლის სახელს. ამ ყველაფერთან ერთად, ისიც შეამჩნია, რომ ამ ეტაპზე, ტაქსის მძღოლიც ზუსტად ისევე აკვირდებოდა ჭერიდან ჩამოშვებულ სარკეში, როგორც ამას თავად აკეთებდა რამდენიმე წუთის წინ. ლივიამ ტელეფონს თავი საბოლოოდ მიანება და თვითონაც მთელი ყურადღება საჭესთან მჯდომი ადამიანისკენ მიმართა. ხმის ამოღებას, ან დალაპარაკებას ნამდვილად არ აპირებდა, მხოლოდ მისი ყურებით შემოიფარგლებოდა და ალბათ უსასრულობამდეც კი გაგრძელდებოდა ერთმანეთზე მდუმარედ დაკვირვების პროცესი, მოულოდნელად თავად მძღოლს რომ არ დაესვა წერტილი სალონში ჩამოვარდნილი ხანგრძლივი სიჩუმისთვის:
-კარგად ვხვდები ახლა ეგეთი გაკვირვებული სახე რატომაც გაქვს -წამით უკან გამოიხედა ტაქსისტმა ამის თქმისას და ლივიამ შეამჩნია, რომ ამ ადამიანის კანი, მამაკაცის კანისთვის ზედმეტად ნაზი იყო -თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს
ლივიამ, პასუხის გაცემას, კვლავ მდუმარება და მზერით დასმული შეკითხვა ამჯობინა, რომლითაც ანიშნებდა, თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად თავის სიტყვებში.
ტაქსის მძღოლს ჩაეცინა. თქმით მასაც არაფერი უთქვამს. უბრალოდ მანქანას მიმართულება შეუცვალა, გზიდან გადაიყვანა და ავტოსადგომამდე მისულმა, მისი დაპარკინგება დაიწყო. მართალია ლივიას საკმაოდ უსიამოვნოდ მოხვდა გულზე მძღოლის ამგვარი საქციელი, თანაც მაშინ, როდესაც ინტერვიუს ჩაწერაზე იყო დროულად მისასვლელი, თუმცა პროტესტი მაინც არ გამოუთქვამს და მის შემდეგ მოქმედებას ისე დაელოდა, თითქოს კინოთეატრში რომელიმე საინტერესო ფილმს უყურებსო. მომდევნო ნაბიჯს არც დაუგვიანია. როგორც კი საჭესთან მჯდომმა მანქანა საბოლოოდ გააჩერა და ძრავაც გამორთო, ჯერ ულვაშების მოძრობა დაიწყო ტუჩიდან, ხოლო როგორც კი ამას მორჩა, თავიდან კეპიც მოიხადა და მხრებზე გრძელი, ქერა თმა ლამაზად ჩამოეშალა.
ლივია ლამის გაშრა. მთელი ეს დრო ფიქრობდა, რომ მანქანას მამრობითი სქესის წარმომადგენელი მართავდა, ახლა კი უყურებდა თავისკენ მობრუნებულ ადამიანს, ვინც მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის სამოსში გახლდათ გამოწყობილი, მაინც ქალი იყო და ამაში ეჭვი უკვე ერთი პროცენტითაც აღარ ეპარებოდა.
-ერთი წამით, ანუ თქვენ . . .
ქერათმიანი, უკანა სავარძელზე მჯდომი კლიენტის აშკარად შესამჩნევ დაბნეულობაზე მეტად გამხიარულდა და მას ამჯერად მთელი ტანით მოუბრუნდა.
-პირი დახურე ლამაზო, ბუზი არ შეგიფრინდეს
-ბუზს თავი დავანებოთ და თავის მამაკაცად გასაღება რამე ახალი მოდაა?
-ჰო, სინამდვილეში თანამედროვე აბეზარა ვარ -კვლავ გაეცინა, რის მერეც, გრძელი თმა კვლავ ზემოთ აიწია და კეპის შიგნით მოათავსა, ზუსტად ისე, როგორც ადრე ჰქონდა. მხოლოდ ულვაშისთვის არ უხლია ხელი და როგორც ჩანდა, მის უკან მიწებებას ჯერ არც აპირებდა -ნუუ კარგი, უბრალოდ არ მინდა ქალზე დახამებული კლიენტების ლაყბობისგან თავის ატკივება და დაუსრულებელი კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ ზის ქალი ტაქსის მანქანის საჭესთან
-არადა ახლა მეც მაგ კითხვის დასმას ვაპირებდი, თუმცა გადავიფიქრე. შეგიძლია მანქანა დაძრა? მაგვიანდება
-ანუ შენც სექსისტი ხარ -ალმაცერად გახედა ამის თქმისას, რის შემდეგაც, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე შეასრულა გოგონას თხოვნა და ძრავა კვლავ აამუშავა. პარალელურად თავისი მისაკრავი ულვაშებიც მოიძია და მას უწინდებურად მიუჩინა ადგილი ტუჩის ზემოთ.
-სექსისტი კი არა გაკვირვებული ვარ
-ხომ გითხარი ეს ყველაფერი აბეზარი ბიჭების მოსაშორებლად გავაკეთე-მეთქი? -მხოლოდ მაშინ მიუგო, როდესაც მანქანა კვლავ მაგისტრალზე გაიყვანა და სხვა ოთხბორბლიანებს შორის დაიწყო მოძრაობა -ვინაიდან ნაციხარი ვარ, სხვა სამსახური ვერ ვიშოვე და აქაც ნაცნობმა დამასაქმა -საუბრის მომენტში, ქერათმიანი, ჭერიდან ჩამოშვებული სარკის მეშვეობით ხედავდა, თუ როგორი ინტერესით უსმენდა ლივია მის თითოეულ სიტყვას და ამაზე გულში ეღიმებოდა კიდეც -თავდაპირველად, როგორც ქალმა ისე დავიწყე მუშაობა, თუმცა როცა ყოველმა მეორე დახამებულმა კლიენტმა ჩემი დაკერვა სცადა, იდეა გამიჩნდა, რომ სამუშაო საათებში აშკარად მამაკაცად ყოფნა ჯობდა.
-ჰმმ, ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ჭკვიანურია -გაკვირვებასთან ერთად აშკარა აღტაცებასაც გამოხატავდა ლივიას სახე იმ წამს. მართალია არ ესმოდა, თუ რატომ იყო მასთან ამდენად გულწრფელი სრულიად უცხო ადამიანი, მაგრამ ამაზე ბევრს არ ფიქრობდა. უნდა ეღიარებინა ცხოვრებაში პირველად ჰქონდა ასეთი უცნაური მომენტი და წინ მჯდომ პიროვნებასაც ლამის უცხოპლანეტელივით უჩვეულოდ მიიჩნევდა მოცემულ მომენტში
-ჰო, გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო ზუსტად ჩემზეა ნათქვამი -მერე ცოტა ხნით გზას თვალი მოწყვიტა, თავი მოაბრუნა და უკანა სავარძელზე მოთავსებულ კლიენტს შეხედა -ჰო მართლა, მე იანა მქვია
-ლივია
-უცხო სახელია
-ჩემს მშობლებს ყველაფერი ისეთი მოსწონდათ, რაც სხვისთვის უცხო იყო -მშობლების გახსენებაზე კვლავ სევდის მოწოლა იგრძნო გულის არეში, თუმცა ძალას მოუხმო და გარეგნულად არაფერი შეიმჩნია -ჰო მართლა, თუ საიდუმლო არ არის ციხეში რატომ იჯექი? ამ წამს შენი კლიენტი ვარ და მაინტერესებს უნდა მეშინოდეს თუ არა
ქერათმიანს კვლავ გაეცინა, თუმცა ამჯერად პასუხი ისე გასცა თავი აღარ მოუბრუნებია.
-ცუდი ბიძიების სახლებს ვძარცვავდი და ამ ფულს ქუჩის მაწანწალა ბავშვებს ვურიგებდი -მერე ცოტა ხნით ჩაფიქრდა და დაამატა:-ანუ რაღაც მხრივ ოცდამეერთე საუკუნის რობინ ჰუდი ვარ რა
-ესე იგი ქველმოქმედებას ეწეოდი ოღონდ სხვისი საფულის ხარჯზე
-ეგრე გამოდის
რამდენიმე წამით დუმილმა დაისადგურა.
-შენ სად მუშაობ? -ცნობისმოყვარედ იკითხა იანამ
ის-ის იყო ლივიამ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დააპირა, რომ მაშინვე კონტრაქტის შესახებ გაახსენდა, სადაც შემავალი ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თავისი სამსახურის შესახებ დეტალების მოყოლა სასტიკად ეკრძალებოდა და ამის გამო გადაწყვიტა რაც შეიძლებოდა ლაკონურად გაეცა პასუხი.
-კინემოტოგრაფიის სფეროში ვარ. ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის მენეჯერების თანაშემწე
-მაინც რომელი მსახიობის?
აი ამის დამალვას უკვე აღარანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ლივიამაც გადაწყვიტა ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მიუგო:
-რომლის და სანი დარსაველიძის
-სერიოზულად? -ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე, ტონს საგრძნობლად აუწია იანამ, თან ხმაში დიდი ენთუზიაზმიც დაეტყო -აი ჭკუას ვკარგავ რაა მაგ მსახიობზე. რომ შემოგხედავს და დაგცხება ისეთი ტიპია. თან ძალიან ბუნებრივად ირგებს ყველა როლს. პირადადაც იცნობ?
ლივიას სარკასტულად ჩაეცინა.
-კი, მაქვს მაგის პატივიც
-კარგი და რეალურ ცხოვრებაში როგორი ადამიანია? სასიამოვნო?
ვინ იცის, რა სიგიჟემდე მოუნდა იმ წამს ლივიას ეთქვა, თუ რამდენად საზიზღარი, აუტანელი და კაპრიზული იყო სანი მის თვალში, თუმცა ამჯერადაც დროულად დააჭირა ენას კბილები და სრულიად სხვა სიტყვები წარმოთქვა:
-ეგრე კარგადაც არ ვიცნობ, ხშირი შეხება არ გვაქვს . . . ჰო მართლა, შეგიძლია შენი ნომერი ჩამაწერინო? თუკი ტაქსი დამჭირდება და თავისუფალი იქნები, შენ გამოგიძახებ ხოლმე. სხვებისგან განსხვავებით გემოვნებიან მუსიკებს მაინც უსმენ და არც იმ წითელ დიპლომს ახსენებ ყოველ ორ წუთში ერთხელ, სულ ტყუილად რომ გიდევს სახლში
-კი, მაგ მხრივ უდიდეს კომფორტს ვუქმნი ჩემს კლიენტებს -კმაყოფილებით შეიფერა მან -კარგი, გიკარნახებ და ჩაიწერე, ოღონდ სახელად ტაქსის მძღოლს ნუ მიმაწერ, უბრალოდ იანა ჩაწერე. დარწმუნებული ვარ ამ სახელით ჩემს გარდა არავის იცნობ და ამორჩევა არ გაგიჭირდება . . .
სტუდიამდე მიღწევა იმაზე ადრე შეძლო, ვიდრე ეს საჭირო იყო. თერთმეტ საათზე დანიშნული ინტერვიუს დაწყებამდე ჯერ კიდევ თხუთმეტი წუთი იყო დარჩენილი, ამიტომ მანამდე კიდევ ერთი ჭიქა ყავის დალევაც შეეძლო მოესწრო, რათა უფრო მეტად მოსულიყო ენერგიაზე და სანისაც უკეთესად გამკლავებოდა. მართალია გადაცემებში და ინტერვიუს ჩაწერებზე დარსაველიძე საკმაოდ კარგად საუბრობდა და ყველას სიმპათიას იმსახურებდა, თუმცა მისი ბოლომდე ნდობა მაინც არ შეიძლებოდა, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ტვინში რაღაც გადაბრუნებოდა და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაეფუჭებინა.
გოგონამ წვიმით გაჟღენთილი ჰაერი ჩაისუნთქა, კაპიუშონი უფრო მოხერხებულად წამოიფარა გაშლილ თმებზე და ის-ის იყო სტუდიის კიბეებზე დაიწყო ასვლა, რომ მისმა ტელეფონმა შეტყობინების მოსვლის ხმა გამოსცა. თავდაპირველად გადაწყვიტა შიგნით შესვლის მერე გაეხსნა წერილი, თუმცა მერე იფიქრა იქნებ რამე მნიშვნელოვანიაო და სასწრაფოდ დახედა ეკრანს. მოწერილი ტექსტის წაკითხვამ ჯერ დააბნია, მერე გააოცა, ხოლო შემდეგ მრისხანების ნაპერწკლები ერთმანეთის მიყოლებით ააგიზგიზა ლივიას თვალებში. იმ მომენტში, ალბათ ნემსი რომ გეჩხვლიტათ ბრაზისგანაც კი გასკდებოდა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ასეთ საშინელ ამინდში, ლამის უთენია ადგა, ტაქსი გამოიძახა, გარეთ გამოვიდა და სანი, ინტერვიუს დაწყებამდე მხოლოდ თხუთმეტი წუთით ადრე ატყობინებდა, რომ ჟურნალისტს ჩაწერა გუშინ გადაადებინა, თანაც ორი დღით. გოგონას მოთმინების ფიალიდან უკვე ოკეანე იღვრებოდა. ვერაფრით ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი იმდენად უყურადღებო, რომ ასეთი რამის თქმა ოდნავადაც არ ჩაეთვალა საჭიროდ. გვერდით ყოლის შემთხვევაში, ალბათ სილასაც კი გააწნიდა დარსაველიძეს ასეთი საქციელის გამო, თუმცა საუბედუროდ მისგან ძალიან შორს იმყოფებოდა და ხელსაც ვერაფრით მიაწვდენდა.
"თუ გადატანა გადაწყვიტე, რატომ აქამდე არ შემატყობინე?" -მისწერა გოგონამ, რამდენიმე წამის შემდეგ კი დაამატა:- "დილას, ასეთ ამინდში ძაღლსაც კი არ გამოაგდებდნენ გარეთ, შენ კიდევ სულ ტყუილად დამაკარგვინე დრო."
სანის მხრიდან პასუხი აღარ ყოფილა. რამდენიმე წუთი რომ გავიდა და შეტყობინების კონვერტს კვლავაც არ დაეწერა ციფრი ერთი, ლივია მიხვდა, რომ მისი ბოლო SMS პასუხის გარეშე დატოვეს, რამაც უფრო მეტად აუშალა ისედაც ტორნადოგადვლილი ქალაქივით აშლილი ნერვები. სხვა რაღა დარჩენოდა? ვინაიდან არც ინტერვიუს ჩაწერა იქნებოდა და ახალი სერიისთვისაც უკვე გადაღებული იყო სანის სცენები, გადაწყვიტა კვლავ სახლში დაბრუნებულიყო. ვინაიდან უკანა გზაზე ავტობუსით გადაწყვიტა წამოსვლა, შინ მისასვლელად ერთი საათი დასჭირდა. კაკის სახლში დანახვას არ ელოდა, რადგან დღის იმ მონაკვეთში მუდამ გასული იყო ხოლმე, თუმცა ამჯერად აივანზე დაუხვდა, თანაც სიგარეტით ხელში და მეტად ჩაფიქრებული გამომეტყველებით. ლივიას შესვლა არც კი გაუგია არველაძეს. თავის სიახლოვეს მეორე ადამიანის ყოფნა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როდესაც გოგონა გვერდით მიუჯდა, გულზე ხელები გაბრაზებულმა დაიკრიფა და თვითონაც გამჭოლი მზერით მიაშტერდა ჰორიზონტს.
-მიდი, დაიწყე
-რა დავიწყო? -გაკვირვებული მზერით შეხვდა ლივია კაკის სიტყვებს, თუმცა მისკენ თავი არც მოუბრუნებია. კვლავ წინ გადაშლილ ჰორიზონტს უყურებდა, თითქოს მის მიღმა ცდილობს რაღაც კონკრეტულის შემჩნევასო
-მითხარი რის გამოც ასე უმოწყალოდ ხარ გაცეცხლებული. შენ შინაგან სიმხურვალეს კანითაც კი ვგრძნობ
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა. ახლა უკვე აშკარად ნათელი იყო რასაც გულისხმობდა კაკი თავის სიტყვებში.
-ასე ძალიან მეტყობა?
-იმდენად, რომ ჰაერიც კი უარყოფითად დაიმუხტა
-მოდი ლოგიკურად მივუდგეთ, შენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ჩემი ასეთ ხასიათზე ყოფნის მიზეზი?
კაკიმ სიგარეტი აივნის მოაჯირიდან გადააფერფლა, კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა:
-რა თქმა უნდა, ბატონი სანი დარსაველიძე
-რთული გამოსაცნობი ნამდვილად არ ყოფილა -მთელი საუბრის განმავლობაში პირველად მოწყვიტა თვალი ჰორიზონტის ხაზს ლივიამ და მზერა თანამოსაუბრის პროფილზე გადაიტანა -იცი როგორ მინდა სადმე უღრან ტყეში, ხეზე მივაბა და დიდი ჯოხით ვცემო?
-ამჯერად რა დააშავა?
-ხომ იცი, დღეს ინტერვიუზე უნდა მივსულიყავით სტუდიაში და ბოლო წამს ჩათვალა საჭიროდ გავეფრთხილებინე, რომ ჟურნალისტს ჩაწერა ორი დღით გადაადებინა. მითხარი, ასე რომელი ნორმალური ადამიანი იქცევა? ადამიანი კი არა, ნამდვილი ვირია!
ლივიას აგრესიას, კაკი ოდნავი ღიმილით შეხვდა და მხარზე მანუგეშებლად დაადო ხელი.
-ცოტა მოეშვი რაა -გოგონასთან უფრო ახლოს მიიწია, თან ნიკაპში თითების ჩავლებით სახე თავისკენ მიაბრუნებინა -დიდი ალბათობით ამაზე უარესი სიგიჟეების გადატანაც მოგიწევს, ამიტომ ნებისყოფა გმართებს. ბუნებით მართლა ძალიან ფეთქებადი ხარ და თავის ხელში აყვანა უნდა ისწავლო.
პასუხად უბრალოდ თავი დაუქნია ლივიამ. თვითონაც კარგად ხვდებოდა, რომ ასეთ სიტუაციებში ნერვების კონტროლი და გულგრილი მიდგომა საუკეთესო გამოსავალი იყო, თუმცა როგორც კაკიმ დაახასიათა —ბუნებით ფეთქებადსა და მომენტებში იმპულსურს, მთლად კარგადაც ვერ გამოსდიოდა სანის ჭირვეულობისა და უპასუხისმგებლობისათვის მშვიდად ყურება.
-ისე დღეს თავისუფალი დღე მაქვს და არ გინდა სადმე წავიდეთ? -უეცრად მოუვიდა გოგონას თავში იდეა, თან ცოტათი გუნებაც გამოუკეთდა ამის მოფიქრების გამო.
-კარგი რაა, ასეთ წვიმაში გარეთ ჯესიკა ალბაც ვერ გამიყვანს
-ჯესიკაზე უკეთესი მე ვარ. თან სასეირნოდ კი არ გპატიჟებ, კინოთეატრში წავიდეთ და რამე კარგი ფილმი ვნახოთ
კაკიმ სიგარეტი მოაჯირს დაასრისა. როგორც კი დარწმუნდა, რომ იგი ნამდვილად ჩამქრალი იყო, აივნის კუთხეში მიდებულ პატარა ურნაში მოისროლა წკიპურტით.
-თუ რამე კარგი ფილმის ნახვა გინდა, ლეპტოპიც გვაქვს და ვაიფაიც, აქ ვერ ვუყურებთ?
-კაკი ნუ ხარ ზარმაცი, კინოთეატრში ნანახ ფილმს სულ სხვა მუღამი აქვს -თვალები აატრიალა გოგონამ ამის თქმისას -აზრზე არ ხარ რაა
-ჰო, კარგი, კარგი, წამოვალ ოღონდ იმედია ჟანრად რომანტიკას არ აირჩევ, თორემ იქვე ვაღებინებ
-მაგაზე ნუ ღელავ -სიცილით შეხვდა ლივია მის კომენტარს -რამე უფრო სერიოზული ხასიათის ფილმს ვნახავთ, გპირდები. მაგალითად სამეცნიერო ფანტასტიკას
-ჰო, ეგ კიდევ შეიძლება -ფეხზე წამოდგა ბიჭი ამის თქმისას, სიგარეტის კოლოფი შარვლის მარცხენა ჯიბეში შეინახა და აივნიდან გასასვლელი კარისკენ წასულ ლივიას ფეხდაფეხ მიჰყვა უკან.


8 8 8 8
დილით, სახლიდან გასულ ლივიას, სადარბაზოს კართან კართან სტეფანე დაუხვდა, თავისი მანქანით. ეს უკანასკნელი საკმაოდ დახვეწილ, შავ სპორტულებში იყო გამოწყობილი, ფეხზეც ამავე ფერის ბოტასი მოერგო და ავტომობილის კარს მარჯვენა ფეხით მიყრდნობილი. ბიჭი აუჩქარებლად აბოლებდა ორ თითს შორის მოქცეულ თამბაქოს, თან გოგონას გაკვირვებისგან გაშეშებულ სახეს წამითაც არ აშორებდა თვალს.
-რა იყო, რა გამომეტყველება გაქვს, მოჩვენება ხომ არ დაინახე? -იკითხა მან გულგრილად. მანქანას მილიმეტრითაც არ მოშორებია, ისე, თითქოს ვინმემ სწორედ მის პირად მცველად დაიქირავაო.
-აშკარად ჯობდა მოჩვენება დამენახა. ვერ მეტყვი აქ რას აკეთებ?
-კარგი რა, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ერთმანეთს ისედაც იშვიათად ვხვდებით და კარგად უნდა დამხვდე
-სტეფანე რა გინდა? -დაღლილი სახით ამოიხვნეშა, რადგან სულაც არ ჰქონდა იმ დილით ბიძაშვილთან საუბრის არც სურვილი და არც განწყობა
ბიჭმა უდანაშაულო ბავშვივით აიჩეჩა მხრები.
-არაფერი, უბრალოდ იმისთვის მოვედი, რომ სამსახურში მე წაგიყვანო, თან ვნახავ კიდეც სად მუშაობ და კონკრეტულად რას საქმიანობ
-საჭირო არ არის, კაკიმ თავისი მანქანა მათხოვა და თვითონ წავალ -მაშინვე იუარა, თუმცა როგორც კი სტეფანეს კატეგორიულობაში გადასულ მზერას გადააწყდა, მიხვდა, რომ იგი ასე უბრალოდ არ დანებდებოდა და ვერც მისი თავიდან მოშორება იქნებოდა მარტივი.
-კაკის მანქანით სხვა დროს წახვალ!-გადაჭრით მიუგო ბიჭმა. სიგარეტით ხელში, უფრო მკაცრი იერი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ -ახლა კიდევ ჩემს მანქანაში დაბრძანდები, ყოველგვარი ზედმეტი ტ*აკის თამაშის გარეშე
-როგორ მელაპარაკები?!
-რა იყო, ახლა არ მითხრა ტ*აკი უზრდელი სიტყვააო, თორემ სამსახურის მაგივრად საბავშვო ბაღში წაგიყვან, შენს თანატოლებთან
-საერთოდ არ არის სასაცილო -თვალების ტრიალით შეხვდა გოგონა ბიძაშვილის ირონიულ რეპლიკას
-აი მე კი ძალიან მეცინება. ახლა კიდევ გვეყოს ლაყბობა და ჩაჯექი. ისედაც უამრავი საქმე გადავდე, რათა შენთვის გამომევლო
-როგორც მახსოვს, შენს გარეგნობაზე ზრუნვისა და სარკის წინ ტრიალის გარდა საქმე არც არაფერი გქონია
სტეფანემ, მამიდაშვილის ნათქვამზე კომენტარი მხოლოდ იმის შემდეგ გააკეთა, რაც სიგარეტი მოისროლა და ავტომობილის მარჯვენა კარი გამოაღო:
-რაც მშობლები აღარ მყავს, ფულს სწორედ ჩემი გარეგნობის წყალობით ვშოულობ. აღარ დაჯდები?
-რატომ, კაცი გამოძახებით სერვისში დაიწყე მუშაობა? -სარკასტულად ჩაეცინა. შემდეგ გადაწყვიტა მეტად აღარ გაეჭიანურებინა და ავტომობილის სავარძელზე მოხერხებულად მოთავსდა -ზედმეტსახელად რას გეძახიან? ქერა შაქარს თუ ცეცხლოვან აფთარს?
-როგორც მახსოვს ქერა შაქარს შენ მეძახდი ბავშვობაში
-მაშინ ქერაც იყავი და შაქარივით ტკბილიც -როგორც კი მანქანას მოუარა და საჭესთან მოთავსდა მაშინვე უპასუხა, ოდნავ სევდიანი ტონით -ახლა კიდევ მხოლოდ ცივსისხლიანი ქერა ხარ
-რა იყო ბავშვობა გენატრება მამიდაშვილო? -ხმაურით დაძრა მანქანა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩქარა ატარებდა, რადგან ეს ჩვევა უკვე სისხლში ჰქონდა გამჯდარი.
-მოკეტე და ის თქვი შენი გარეგნობით ფულს როგორ შოულობ. იმედია კარგ საქმეს აკეთებ და მილიონრების ცოლების შეცდენაში არ გიხდიან თანხას მათი ჰეითერები
სტეფანეს ისეთი გულიანი სიცილი აუტყდა, რომ გარკვეული დროით გაჩერება ვერც შეძლო.
-აი გაფიცებ საიდან მოგდის ეგეთი სულელური აზრები? -ჰკითხა როგორც კი ცოტათი მოითქვა სული.
-მე რა ვიცი, დღევანდელ დროში ხალხი არანაირ საზიზღრობას არ ერიდება, რათა ფული გამოიმუშავოს -დაცინვა არ შეიმჩნია ლივიამ
-ნუ ღელავ, მე მხოლოდ რეკლამებში მიღებენ. მილიონრების ცოლების საცვლებში ნამდვილად არ დავძვრები
-სერიოზულად? რომელ კომპანიასთან თანამშრომლობ? -ვერც კი გააცნობიერა გოგონამ ისე დაიწყო მათ შორის ნორმალური დიალოგი. დიალოგი, სადაც არ ჩხუბობდნენ და ერთმანეთსაც ცივილიზებული ადამიანებივით ესაუბრებოდნენ
-მავის ბრენდის შესახებ გსმენია?
-რაო? -ლამის ორი ზომით დიდი გაუხდა თვალები, ცოტა ხანში კი დამცინავი სიცილი აუტყდა -მეკაიფები? მავის მოდელი შენ როგორ უნდა გამხდარიყავი? ეგ ბრენდი ჩვენს ქვეყანაში არც კი შემოდის
სტეფანე კვლავ გზას უყურებდა, თუმცა გოგონამ მაინც კარგად შეამჩნია მის ტუჩებზე დამჩნეული ოდნავი ღიმილი.
-არც ვამბობ შემოდის-მეთქი -ახსნის ტონით დაიწყო მან -უბრალოდ წინა კვირაში ამერიკაში ვიყავი, იქ ბარში ერთი გოგო გავიცანი, რომელიც ამ ბრენდში მუშაობს და მან მითხრა ახალ სახეს ეძებენ, მამაკაცის ჯინსების ახალი კოლექციისთვისო. ჰოდა კასტინგი წარმატებით გავიარე.
-სტეფანე არ ხუმრობ? -ჯერ კიდევ არ სჯეროდა ლივიას მოსმენილი, რასაც მის თვალებში არეკლილი უნდობლობაც გამოხატავდა -მართლა მავის სახე გახდი?
-რა ვქვნა, მაინცდამაინც იუთუბში განახო რეკლამა?
-აბა რა უნდა ქნა -სასწრაფოდ დაწვდა გოგონა ტელეფონს ამის თქმისას, ეკრანს ბლოკი მოხსნა და მაშინვე გაუწოდა იგი ბიძაშვილს -მიდი ჩამირთე. სიმპათიური კი ხარ, მაგრამ სანამ მაგ რეკლამას საკუთარი თვალით არ ვნახავ, მანამდე მაინც ვერაფრით დაგიჯერებ.
-კარგი, როგორც გინდა -ცალი ხელი საჭეზე დატოვა, მეორეთი კი ტელეფონი დაიჭირა და იუთუბის პროგრამის საძიებო ველში რეკლამის მოსაძებნი სახელის აკრება დაიწყო …
ოთხი წუთის გასვლაც და ლივია საკუთარი ტელეფონით ხელში, შოკირებული სახით გახლდათ მიყრდნობილი მანქანის სავარძლის საზურგეს. მართალია რეკლამა ნახა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა ბოლომდე, რომ ყოველივე ეს სიმართლე იყო. მართალია სტეფანეს იდეალურთან ზედმეტად მიახლოებული ვიზუალური მონაცემები ჰქონდა და მუდამ თაყვანისმცემელი გოგონების არმია დაჰყვებოდა უკან, თუმცა ამხელა წარმატება, თანაც ასეთ მოკლე დროში, მართლაც იღბლიანი ჩემოდნის თავში დაცემას ჰგავდა.
-კი მაგრამ ასე მარტივად მიგიღეს რეკლამაში? -სახეში არც უყურებდა ბიძაშვილს. ტონი იმდენად დაბნეული და არეული ჰქონდა როგორც არასდროს ცხოვრებაში და ეს მის მზერაშიც აშკარად ირეკლებოდა.
-სხვათა შორის მეც გამიკვირდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მოდელი სჭირდებოდათ, მე ინგლისური ქართულივით ვიცი, თითქმის უაქცენტოდაც ვლაპარაკობ, გარეგნული მონაცემებითაც ბოლომდე ჩავჯექი გადამღები ჯგუფის გემოვნებაში და ეს საქმეც გამოვიდა.
-და ახლა?
-ახლა რა? -სიჩქარეს ოდნავ მოუკლო და ცნობისმოყვარედ გამოხედა ბიჭმა
-მაინტერესებს, ხშირად მოგიწევს ხოლმე ამერიკაში სიარული?
-ჰო, ალბათ ასე იქნება. თუმცა იმ რეკლამის მერე აქაური კომპანიებისა და ჟურნალებისგანაც მაქვს რაღაც შემოთავაზებები. მოკლედ, მთლად საჩემო პროფესია ვერაა, თუმცა მარტივია და შემოსავლიანი. ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს -მერე საჭეს ცალი ხელი აუშვა, თან საქარე მინა ჩასწია, რათა სალონში გრილი ჰაერი შემოეშვა -არ მეტყვი კონკრეტულად სად უნდა მიგიყვანო?
-დამაცადე ლოკაციას ჩაგიგდებ
-მაინც რას აკეთებ ხოლმე იმ გადასაღებ მოედანზე? მსახიობებისთვის ყავა მიგაქვს შესვენების საათებში?
-აი ასე, უკვე ჩავაგდე. ეს მისამართია
-კითხვაზე რატომ არ მპასუხობ?
ლივიამ ღრმად ამოიოხრა. რა თქმა უნდა, არც სტეფანესთვის უნდა ეთქვა რას ავალებდა კონკრეტულად თავისი სამსახური, ამიტომ ამჯერადაც დეტალების დამალვა ჩათვალა გონივრულ ვარიანტად.
-სანი დარსაველიძის მენეჯერების ასისტენტი ვარ. სანის სცენების გადასაღებების დროს, ყველაფრისთვის მევალება თვალყურის დევნება, რათა რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს
-აჰა, ანუ მაგ ტიპს პირადადაც იცნობ -ცალი წარბი აზიდა. ავტომობილის მაგნიტოფონში დაბალ ხმაზე ისმოდა ლივიასთვის საყვარელი Imagine Dragons-ის სიმღერა, რაც სალონში წყნარ, მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა
-ჰო, ვიცნობ -გახედა თუ არა გზას, თავის მხარესაც ჩასწია საქარე მინა. ესიამოვნა გრილი ჰაერი. სახეც კი მიუშვირა მას და რამდენიმე წამით თვალდახუჭული ტკბებოდა ამ შეგრძნებით, მანამ, სანამ კვლავ არ გაახილა თვალები და ნაცნობი ადგილები არ დალანდა -მორჩა, აქედან უკვე ახლოსაა, შემიძლია ფეხითაც წავიდე
-ლივია იჯექი სადაც ზიხარ! -აწეულ ხმის ტემბრზე ნათლად შეეტყო, რომ მამიდაშვილის სიტყვები უსიამოვნოდ მოხვდა გულზე. მიუხედავად მათი დაძაბული ურთიერთობისა, მაინც არ სიამოვნებდა ლივიასგან თავის არიდების მცდელობები და ყველანაირად ცდილობდა სიტუაციის მართვის სადავეები ბოლომდე საკუთარ თავზე აეღო. დარჩენილი გზა არც ერთს ამოუღია ხმა და არც, მეორეს. ისე უმეტყველოდ იჯდნენ, თითქოს სიჩუმის პირობა ჰქონოდათ ერთმანეთში დადებული და ამ პირობის დამრღვევი მკაცრი სასჯელით უნდა დასჯილიყო. შემაწუხებელ დუმილს მხოლოდ მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც ავტომობილი ლოკაციით განსაზღვრულ ადგილს მიუახლოვდა და თანდათანობით სვლაც შეანელა, რათა მანქანებით გადაჭედილ ავტოსადგომზე დაეკავებინა ადგილი.
-გმადლობ რომ მომიყვანე -ჩანთა ბეჭზე უფრო მოხერხებულად გადაიკიდა, პარალელურად კი ღვედის გახსნა დაიწყო ლივიამ, თუმცა მაინცდამაინც იმ მომენტში შესაკრავი გაიჭედა და როცა თავისი ძალებით ვერ მოუხერხა ვერაფერი, სტეფანე დაეხმარა მის გახსნაში
-არ გინდა აქედანაც მე წაგიყვანო შინ? -ჰკითხა ბიჭმა იმ წამსვე, რა წამსაც ღვედის „ტყვეობისგან“ გაათავისუფლა.
-არა, არ მინდა. სახლში მუდამ სანის ან მის მძღოლს მივყავარ ხოლმე, ამიტომ შეგიძლია არ შეწუხდე
-შენ კარგად მიცნობ და ისიც იცი, რომ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც შემაწუხებს -როდესაც ამ სიტყვებს ეუბნებოდა, პირდაპირ თვალებში უყურებდა. რაღაც მომენტში, სევდიანიც მოეჩვენა ლივიას ბიძაშვილის გამოხედვა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დაიჯერა, რომ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო.
-ნახვამდის სტეფანე
-თავს გაუფრთხილდი
აღარაფერი უპასუხია გოგონას, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის ბოლო სიტყვებმა სახეზე ღიმილი მოჰგვარა. ამის მაგივრად, ავტომობილიდან უხმოდ გადმოვიდა, კარი მიხურა და პარკინგის ერთი ბოლოდან მეორისკენ ისე დაიძრა უკან ერთხელაც არ მიუხედავს.
გადასაღები მოედანი ჩვეული რიტმით მუშაობდა. ვიზაჟისტები, ხმისა და ტექნიკური ოპერატორები, გადამღებები და სცენარისტები, თითქოს უხილავი ძაფებით იყვნენ შეკავშირებულნი და ერთ დიდ, ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილ მთლიანობას ქმნიდნენ. იმ მთლიანობას, რომელთაც საერთო საქმე აერთიანებდათ და ამ საქმის პროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის ნებისმიერ ღონეს ხმარობდნენ. დაუღალავად მუშაობდა თითოეული მათგანი. ლივიას იმის ყურებაც კი სიამოვნებას გვრიდა, როგორი მეგობრული, თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში გადამღებ ჯგუფსა თუ ქასთის წევრებს. ერთადერთი, ვინც იქ შეკრებილთაგან აღიზიანებდა, ეს ალისია იყო, რომელსაც თავი მართლაც მსოფლიოს მბრძანებალად წარმოედგინა და სანისაც იმდენად ეწებებოდა, ნებისმიერი ადამიანი მიხვდებოდა, რა ძალისხმევითაც ცდილობდა მის სასიყვარულო მახეში გაბმას.
ანთისა და ჯაბა კვლავაც არ ჩანდნენ. ბოლო პერიოდში, რაც სანის თავი ლივიას გადააბარეს, საკმაოდ იშვიათად შემოივლიდნენ ხოლმე გადასაღებ მოედანზე, თანაც მხოლოდ რამდენიმე წუთით. ამ რამდენიმე წუთის შუალედში სიტუაციას დაზვერავდნენ, რეჟისორებს გაესაუბრებოდნენ, მერე კი ისევ საკუთარ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და თითოეულ დეტალს, ლივიასგან იგებდნენ ხოლმე.
საბედნიეროდ, იმ დღეს გვიანობამდე არ მოუწევდა გადაღებებზე დასწრება გოგონას. იმის გამო, რომ სერიალში სანის პერსონაჟი რაღაც დროით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, მისი სცენები არც თუ ისე ბევრი იყო, ამიტომ სახლშიც დროულად დაბრუნდებოდა და კარგად გამოძინებასაც მოახერხებდა, რაც მართლაც ძალიან აკლდა მას შემდეგ, რაც იმ შარში გაყო თავი, რომელსაც სანი დარსაველიძე ერქვა. დუბლების ჩაწერა ზუსტად თერთმეტ საათზე დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ლივია ხან მსახიობების თამაშს ადევნებდა თვალს, ხან ვიზაჟისტებს ესაუბრებოდა, ხანაც სოციალური ქსელებით გაყავდა დრო და "ნიუსებსაც" ათვალიერებდა. ყველაზე მეტად მაინც სანის სცენებს აკვირდებოდა. სიგიჟემდე მოსწონდა მისი შესრულება, ის ბუნებრიობა, რაც მინიჭებული როლის უმაღლეს დონეზე თამაშში უწყობდა ხელს და შარმი, რომელიც მიუხედავად ჭირვეული ხასიათისა, მაინც თითოეულ მის გამოძრავებასა და მიმიკაში ვლინდებოდა.
საღამომდე დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი გაიგო გოგონამ. დაახლოებით ექვსი იყო, როდესაც გადამღები ჯგუფი სანისთან მუშაობას მორჩა და ისიც ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევიდა მსახიობებისთვის განკუთვნილ დიდ ფურგონში. სანამ შინ წასვლის დრო მოვიდოდა, ლივიამ გადაწყვიტა კიდევ ერთი ჭიქა ყავა დაელია. ამჯერად, რატომღაც რძიანი მოუნდა და მივიდა კიდეც ყავის აპარატთან, რომ უეცრად, ზურგს უკნიდან ნაცნობი სუნამოს სურნელი იგრძნო, რამაც მიახვედრა, რომ ალექსი უახლოვდებოდა.
-ყავა შენც ხომ არ გინდა ალექს? -ისე ჰკითხა, არც მიბრუნებულა, თან თავისი ფინჯნის ავსება დაიწყო
-საიდან მიხვდი მე რომ ვიყავი? -მართალია არ დაუნახავს, თუმცა ტონზე შეატყო იღიმოდა
-სუნამოს არომატმა გაგყიდა
-აჰა, ახლა უკვე გასაგებია -ამჯერად გვერდით ამოუდგა და ისე გასცა პასუხი -ყავას რაც შეეხება, დიდად არ მიყვარს, ამიტომ კომპანიონობას ვერ გაგიწევ
-არა უშავს, არ მეწყინება
ამასობაში აპარატმაც დაამთავრა ცხელი სითხის ჩამოსხმა და ლივიამაც ორივე ხელი შემოხვია სურნელოვანი კოფეინით სავსე ფინჯანს.
-ისე, ამ ბოლო დროს ვეღარც ვსაუბრობთ -აღნიშნა სევდიანი ტონით ალექსმა -აქ მუდამ ისეთი გიჟური გრაფიკია, შენთან ნორმალურად მოსალმებასაც კი ვერ ვახერხებ
-სამაგიეროდ კარგი პროექტია და ხალხს მოსწონს. მთავარიც ხომ ესაა?
-შენთვისაც სახალისოა, მომდევნო სერიის გამოსვლამდე იცი რა მოხდება შემდეგ ეპიზოდში
-ჰო, ამაზე რატომღაც აქამდე არ დავფიქრებულვარ -ფინჯნიდან ფრთხილად მოსვა ცხელი კოფეინი, რათა ენა არ დაეწვა
-ხედავ? ანუ რაღაც ახალი ინფორმაცია შევმატე შენს ცხოვრებას -მერე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას, ყურზე თმა ნაზად გადაუწია და კიდევ უფრო შეამცირა თავისსა და ლივიას შორის არსებული მანძილი -იქნებ, ამ დღეებში სადმე ერთად გავსულიყავით და რამე გვეჭამა? მაგალითად იაპონური სამზარეულოდან
ყავის ფინჯანი, რომელიც ხელში ეჭირა, ბიჭის სიტყვების შემდეგ კვლავ აპარატთან დააბრუნა გოგონამ. ხვდებოდა, საითაც მიჰყავდა საუბარი ალექსს, თუმცა ახლა იმდენად დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, არანაირი პირადი ურთიერთობისთვის არ დარჩებოდა დრო, რაც აშკარა უთანხმოებას, მერე კი ურთიერთობის ნგრევას გამოიწვევდა, ამიტომ უკვე უარის სათქმელად ემზადებოდა და ამის რბილად გადმოსაცემად საჭირო სიტყვებსაც ეძებდა, რომ უეცრად გაგონებულმა სანის ხმამ, ქარის დაბერვის მსგავსად გაუფანტა ფიქრები.
-ყველგან გეძებ, შენ კი თურმე აქ დასეირნობ -მკლავზე იგრძნო დარსაველიძის თითების მოჭერა იმ მომენტში. ბიჭი იმდენად მოულოდნელად გამოჩენილიყო, ისიც კი ვერ გაიგო, კონკრეტულად როდის მოვიდა ასე ახლოს.
-ყავის დალევა მომინდა. შენც ხომ არ დაგისხა?
-არ მინდა. წამოდი გვეჩქარება -ისე ელაპარაკებოდა, ალექსს ზედაც არც უყურებდა, თითქოს უჩინარის ქუდი ეხურა ან იქ საერთოდ არ მდგარიყო. ამან ლივიას უფრო მეტად აგრძნობინა უხერხულობა. ისიც ახსოვდა, რომ ალექსისთვის პასუხი ჰქონდა გასაცემი, თუმცა სანის გვერდით ამას ვერანაირად ვერ გააკეთებდა და ბიჭს თვალებით ანიშნა მოგვიანებით ვილაპარაკოთო.
-უკვე ყველაფერს მორჩი?
-ჰო, მოვრჩი -მართალია პასუხი დაუბრუნა, თუმცა სხვა მხრივ, ზედაც არ შეუხედავს გოგონასთვის. ამის მაგივრად, ალექსს არ აშორებდა ბასრ მზერას, ისე, თითქოს თვალებით მისი შუაზე გადაჭრა ჰქონდა გადაწყვეტილი. ლივიამ სიტუაციის დაძაბვა იგრძნო და გადაწყვიტა ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან რაც შეიძლებოდა სწრაფად გაერიდებინა.
-კარგი, მაშინ წავიდეთ სანი -მკლავზე დაქაჩა, რათა როგორმე მაქანისკენ წაეყვანა. რატომღაც ელოდა, რომ ბიჭი კვლავ დაუმორჩილებლობას გამოამჟღავნებდა და გაუძალიანდებოდა, თუმცა სრულიად პირიქით მოხდა და შვებითაც ამოუსუნთქა ამის გამო -დროებით ალექს, მერე ვისაუბროთ
-დროებით ლივია -საპასუხოდაც გაუღიმა გოგონას, ხოლო სანის მეტად ავი მზერა გააყოლა, რაც ამ უკანასკნელს ნამდვილად არ დარჩენია ყურადღების მიღმა.
ავტოსადგომი, გადასაღები მოედნიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით მდებარეობდა. სწორედ იქ ეყენა სანის რეინჯ-როვერიც, რომელიც სისუფთავისგან ახლაც იმდენად ლაპლაპებდა, ვინმეს ეგონებოდა ჯადოსნურმა ელფებმა ზემოდან მბრწყინავი მტვერი მოაბნიესო.
-იმ ალექსს თავი უნდა აარიდო -გზის ნახევარი უკვე გავლილი ჰქონდათ, როდესაც უეცრად სანის ინიციატივით დაირღვა სიჩუმე. მართალია გოგონასკენ არ იყურებოდა, თუმცა აშკარა იყო მას ესაუბრებოდა. ეს ის უიშვიათესი შემთხვევა გახლდათ, როდესაც დარსაველიძე არც ხუმრობდა, არც აწვალებდა და მეტად სერიოზული ტონით ესაუბრებოდა მას.
-და მაგას რატომ მეუბნები?
-იმიტომ გეუბნები, რომ აშკარად შენი დათრევა უნდა -სიმკაცრეში გადასული ტონით დაუბრუნა პასუხი ბიჭმა -მაგრამ ის ფაქტი ავიწყდება, რომ სახლში ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი უცდის
მოსმენილისგან ენა ლამის მუცელში გადაუვარდა ლივიას. რაღაც პერიოდი მხოლოდ სანის გვერდით მიაბიჯებდა დამნაშავესავით თავჩაქინდრული, მის სიარულს ფეხს უწყობდა და ხმასაც ვერ იღებდა. სიტყვის დაძვრა მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც პარკინგზე დაყენებულ მანქანამდე მიაღწიეს და ორივენი შიგნით მოთავსდნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ.
-მაგრამ მის თითზე ქორწინების ბეჭედი ვერსად შევნიშნე
დარსაველიძემ მხოლოდ ძრავის დაქოქვის შემდეგ გადახედა გვერდით მჯდომს, თან ირონიული ჩაცინებაც მოაყოლა ამ გამოხედვას.
-როგორ ფიქრობ რატომ არ უკეთია? -ჰკითხა -სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩვეულებრივად ატარებდა, მაგრამ იპოვა თუ არა ახალი სამიზნე, ბეჭედს დროებით ჯიბეში მიუჩინა ადგილი. აი თავად კიდევ უტვინო ბატივით წამოეგე და ეგრევე დაიკერე მის ცისფერ თვალებზე
-რას ბოდავ?! -აშკარად პროტესტის გრძნობა აღმოაცენა ბიჭის ნათქვამმა ლივიას გულში. მეტიც, შეურაცხყოფილადაც აგრძნობინა თავი. მართალია ალექსის შეფასებაში შეცდა, თუმცა ის ნამდვილად არ იყო სიმართლე, რომ მასთან სამომავლო ურთიერთობის სურვილით იწვოდა და სწორედ ამიტომ გააცოფა ცოტა ხნის წინ მოსმენილმა სიტყვებმა -საიდან დაასკვენი, რომ დავიკერე და მის დანახვაზე პულსი მიჩქარდება?
-შენთვისვეა კარგი, თუკი არ გიჩქარდება -კვლავაც არ უყურებდა თვალებში საუბრისას -საერთოდ არ ჰგავხარ იმ კატეგორიას ცოლიან კაცებს რომ დასდევს პეპლის საჭერით
-შენ კი ძალიან ჰგავხარ იმ კატეგორიას, ვინაც არ იცის როგორ უნდა მელაპარაკოს -უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები, თან დასძინა:- ისე, შენს გაძლებაში მართლა ოქროს მედალი მეკუთვნის, მაგრამ რატომღაც ჩემს მკერდზე მიბნეულს ვერ ვხედავ
-გამახსენე და ამ დღეებში აუცილებლად მიგაბნევ -მერე ცოტა ხნით გაჩუმდა, კეფაზე ხელი გადაისვა და კვლავ ალაპარაკდა -აიზბერგის ქვედა ნაწილზე თუ გსმენია რამე?
ლივიას აშკარად გაუკვირდა სასაუბრო თემის ასე მკვეთრად შემობრუნება, თუმცა მიუხედავად ამისა პასუხი მაინც დაუბრუნა.
-ადამიანის ფარულ მხარეს გულისხმობ?
-ჰო, მაგას -მსწრაფლ დაუქნია თავი თანხმობის გამოსახატად -გგონია მიცნობ, ჩემს შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ ასე არაა. შენი შეხედულებები ჩემზე, სხვისი აზრების ზეგავლენაა, ამიტომ თუკი ადამიანის სულის სიღმეებზე არ გაქვს წვდომა, მაშინ მისი პიროვნულობის შესახებ დასკვნები არ უნდა გააკეთო
-ანუ იმას ამბობ, რომ სინამდვილეში სრულიად სხვანაირი ხარ? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით უცქერდა ლივია -პირადად მინახავს, როგორ ბავშვივით ჭირვეული ხდები ხოლმე ხშირ შემთხვევაში. გინდა ყველა შენს ჭკუაზე ატრიალო ჭადრაკის ფიგურებივით და ირგვლივ შეკრებილებმაც რობოტებივით იმეორონ, რომ რაც სურს სანის, იმას კანონის ძალა აქვს
-არ არის ეგრე
-აბა როგორ არის?
-არ ვაპირებ შენთან ამაზე საუბარს -საქარე მინა ბოლომდე ჩამოსწია, რათა სალონში გრილი ჰაერი შემოეშვა -უმჯობესია სხვა დროისთვის გადავდოთ
-კი ბატონო, მაგას ვიმახსოვრებ
-ამ ეტაპზე ჯობს სხვა რამე დაიმახსოვრო
-მაგალითად რა, შენი დღის განრიგი? -ჩაეკითხა გესლიანად, თუმცა ბიჭისგან საკმაოდ მშვიდი პასუხი მიიღო
-დღის განრიგი კი არა ის, რომ დღეს ღამით გონის დაკარგვამდე ვაპირებ დალევას და კარგი კამპანია უნდა გამიწიო
-იმედს ვიტოვებ გონის დაკარგვამდე დალევის შემდეგ რამე სისულელეს არ ჩაიდენ
-ასეთ დროს ადამიანს ჭკუა არ მოეკითხება, ხომ იცი?
-სანი სერიოზულად -წარბები მაღლა აზიდა ლივიამ კატეგორიული ტონის უფრო მეტად გასამძაფრებლად -თუკი იქაც რამე სისულელეს ჩაიდენ, ფეხებშუა მაგრად ამოგცხებ და სიმწრისგან აღრიალებულს მიგატოვებ იატაკზე დაგდებულს
-შენ რა, ჩემს გვარს გაგრძელების საშუალებას უსპობ? -მის სიტყვებზე სიცილს ძლივს იკავებდა დარსაველიძე. მიუხედავად გამუდმებული კამათისა, მაინც აუხსნელი სიამოვნება იყო ბიჭისთვის ლივიასთან დროის გატარება და ეგოისტურად სურდა მუდამ გვერდით ჰყოლოდა ხოლმე.
-თუ ჭკვიანად არ იქნები, მოვუსპობ
-ეჰ შევცდი -თეატრალურად დამწუხრებული სახე მიიღო მან-აბჯარი უნდა ჩამეცვა და ისე წამოვსულიყავი. ჩემი გამრავლების სისტემა უფრო დაცული იქნებოდა
-ყველაფერზე გეხუმრება რაა -როგორ უნდოდა გაბრაზებულიყო, როგორ სურდა უხეშად მოქცეოდა, მაგრამ გულში მაინც ეცინებოდა სანის თითოეულ სიტყვაზე. მეტიც, მის იუმორზე გიჟდებოდა კიდეც.
-კარგი, მოდი ახლა Imagine Dragons-ის სიმღერას ჩაგირთავ და ცოტათი ხასიათზე მოხვალ
-შენ საიდან იცი ეგ ჯგუფიც რომ მომწონს?
-მე ისიც ვიცი, რომ მაგ ჯფუფის ლაივ-კონცერტზე დასწრება შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა
-ჰოო? -ჩაეცინა. ესე იგი სანი მისი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდების ხშირი სტუმარიც იყო, ყველაფერთან ერთად -კიდევ რა ინფორმაციას ფლობ ჩემზე?
-მართლა გაინტერესებს?
-სხვა შემთხვევაში არც გკითხავდი
-კარგი, მაგალითად ის ვიცი, რომ ბინის ქირას ვიღაც ცხრამეტი წლის მხატვარ, აკაკი არველაძესთან იყოფ და ისიც, რომ თქვენს შორის ზედმეტი არაფერი ხდება -ისე ჩვეულებრივად მიუგო, თითქოს განსაკუთრებულს არაფერს ამბობდა, თან ირიბად გახედა მის პროფილს. ლივიას გაკვირვებული სახის დანახვისას, თითქოს ის დაუსმელი კითხვებიც ცხადად ჩაესმა, იმ წამს რომ ქარბორბალასავით ტრიალებდნენ გოგონას თავში -ვიცი ახლა რაც გაინტერესებს და მხოლოდ ერთს გეტყვი - თუკი მოვინდომებ, ჩემთვის არაფრის გაგება არაა შეუძლებელი
ამის შემდეგ ხმა არც ერთს აღარ ამოუღიათ. მხოლოდ მაგნიტოფონში აჟღერებული Bad Liars-ის ნაზი მელოდია ფანტავდა სიჩუმის ნაწილაკებს, სქელი ღრუბლის მსგავსად რომ გაწოლილიყო მათ თავზე.
დანიშნულების ადგილზე მისვლას იმაზე გაცილებით უფრო მცირე დრო მოანდომეს, ვიდრე ნავიგატორში იყო ნაჩვენები. მათი საბოლოო გაჩერება, ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული ქუჩა გახლდათ, არაფრით გამორჩეული ლურჯაბრიანი ბარით, რომელსაც მოზაიკის სტილის მრგვალი ფანჯრები ჰქონდა დატანებული და შიგნიდან გამომკრთალ ულტრაიისფერ შუქსაც უზომოდ ლამაზად ირეკლავდა.
-მგონი აქაურობა ძალიან ჩვეულებრივს ჰგავს -მანქანის გამოღებულ კარზე დაყრდნობილმა გოგონამ, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დაწესებულებას და შესაბამისი დასკვნაც გააკეთა.
-ჰო, მერე?
-არაფერი, უბრალოდ მეგონა მხოლოდ ისეთ ადგილებს სტუმრობდი, სადაც კბილის საჩხრეკიც კი ორმოცდაათ დოლარადაა შეფასებული
სანის ჩაეცინა. მერე მანქანა ჩაკეტა გასაღების ბოქლომგამოსახულ ღილაკზე თითის დაჭერით და შენობაში შესასვლელი კარისკენ ლივიასთან ერთად გასწია.
-ორმოცდაათ დოლარიან კბილის საჩხრეკს თუ სადმე მართლა იპოვი, მეც მაჩვენე, სურათი უნდა გადავუღო
-პრობლემა არაა, მე გადავუღებ და გადმოგიგზავნი
-მაგ უხარისხო ტელეფონით? -ხელში დაჭერილ ძველი მოდელის სამსუნგზე ანიშნა ბიჭმა -საერთოდ შეუძლია სურათის გადაღება? მეგონა ფანრიანი ნოკიის შორეული წინაპარი იყო
-ძალიან სასაცილოა
-აი მე კი ვთვლი, რომ არის -თვალი ჩაუკრა და ბარში შესასვლელ კარში, პირველი გაატარა გოგონა.
შენობის ინტერიერი ზუსტად ისევე დახვეწილად გამოიყურებოდა, როგორც მისი ექსტერიერი. დარბაზში აზალიებით გაფორმებული მინის მაგიდები იდგა, ჭერის ზუსტად ცენტრში, დიდი, ვერცხლისფერი ბურთი ტრიალებდა, რომლის ბრჭყვიალებიც, ოთხივე კედელზე ლამაზად ირეკლებოდა და ბარის განათებასთან იდეალურ კონტრასტს ქმნიდა. ყველაზე კარგი მაინც ის იყო, რომ ხმის გამაძლიერებელი უზარმაზარი ბასების მაგივრად, ცოცხალი მუსიკისთვის იყო სცენა მოწყობილი. სწორედ ამ სცენაზე, შავი ფანქრით თვალებჩახატული, ლურჯთმიანი სოლისტი გოგონა, გიტარისტთან და დრამერთან ერთად ასრულებდა Scorpions-ის ალბომის ერთ-ერთი სიმღერის ქავერს და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა დარბაზში შეკრებილი ადამიანების აყოლიება, მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა.
იმის გამო, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ, სანი და ლივია დარბაზის მაგივრად ბარის დახლთან, მაღალ სკამებზე ჩამოსხდნენ, სადაც იმ მომენტში მათი და ბარმენის გარდა საერთოდ არავინ იყო. მართალია ამ უკანასკნელმაც მაშინვე მოახერხა მსახიობის ამოცნობა და ეს სახეზეც ნათლად შეეტყო, თუმცა მისი შეწუხება მაინც არ უცდია. მხოლოდ შეკვეთა აიღო, სადაც სანი თავისთვის „კალვადოსს“ უკვეთავდა, ხოლო ლივიასთვის—კოქტეილ „ლონგ-აილენდს“. მეტად სიტყვაც აღარ დაუძრავს. როგორც კი სასურველი სასმელები დაუდგა წინ კლიენტებს, მაშინვე შინდისფერ ტილოს დასწვდა და დახლის გაპრიალებას ისე მონდომებით შეუდგა, თითქოს ამაზე მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოფილიყო დამოკიდებული.
-ანუ რავიკისა და ჟოან მადუს საყვარელი სასმელი? -სანის ჭიქას უყურებდა გოგონა, როდესაც ამ კითხვას სვამდა, თან გამორჩეული მომენტებიც ახსენდებოდა ხსენებული წყვილის დრამატული ისტორიიდან
-რა თქვი?
-კალვადოსზე გეუბნები -სწრაფად განუმარტა ლივიამ თავისი სიტყვები -ტრიუმფალური თაღი წაკითხული არ გაქვს?
-აჰაა, ანუ რემარკი მოგწონს?
-კი, მომწონს, თუმცა მამაკაცის პერსონაჟი საკმაოდ ცივი და უგულო გამოუვიდა. მომეჩვენა, რომ მასში ერთი გრამი ადამიანური ემოციაც კი არ იდო
-ჟოანიც ხომ ზუსტად ასეთია? -ოდნავ მოსვა თავისი ჭიქიდან და ისე მიუგო -საყვარლის ხარჯზე მოწყობილ ბინას, მამაკაცს, ვინც მასზე შეყვარებულია ისე აჩვენებს, თითქოს არაფერიო
-მართალი ხარ -თავის სწრაფი დაქნევით დაემოწმა ლივიაც -ზოგადად რემარკს უყვარს ემოციურად უგრძნობი პერსონაჟების შექმნა, თუმცა ეგ მწერალი მაინც გამორჩეულად მიყვარს
-კიდევ რა გიყვარს?
-ამით რატომ ინტერესდები? -სანის შეკითხვის შინაარმაც გააკვირვა და იმ ინტერესიანმა მზერამაც, რომლითაც აღნიშნულ წამს უყურებდა
-არ შეიძლება რაღაც გკითხო?
-შეიძლება, თუმცა უცნაურია. ისეთ კითხვებს მისვამ, როგორსაც ბრმა პაემანზე უსვამს ხალხი ერთმანეთს
სანიმ თავისი სასმელი მოსვა. რაღაც კუთხით მიხვდა, რომ გოგონა სიმართლეს ამბობდა. უცნაური იყო, თუმცა უნდა ეღიარებინა, რომ მცირედი დეტალებიც კი აინტერესებდა ლივიას შესახებ და ამ ინტერესს მართლაც ვერაფერს უხერხებდა.
-არაფერი მკითხო რა, უბრალოდ შენზე მელაპარაკე -მუდარის ტონი გამოსჭვიოდა ბიჭის სიტყვებიდან -დაუფარავად მომიყევი ყველაფერი, რაც გაგახსენდება
-დარწმუნებული ხარ, რომ არ მოგბეზრდება? -იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ეუცნაურებოდა ბიჭის საქციელი, გადაწყვიტა მეტი კითხვა აღარ დაესვა და ის მარტივი რამ, მთელი გულით რომ სთხოვა რამდენიმე წამის წინ, უპრობლემოდ შეესრულებინა მისთვის -როცა ლაპარაკს ვიწყებ, ხშირად ვეღარ ვარჩევ ხოლმე რა იქნება მსმენელისთვის საინტერესო და რა არა
-ჩემთვის ყველაფერი საინტერესო იქნება -დანისლულ, ღრმა მზერაში თავდაჯერება და გულწრფელობაც ჩანდა
-მაშინ დავიწყოთ, ოღონდ პარალელურად უნდა დავლიოთ კიდეც
-სრულ მზადყოფნაში ვარ, ერთისთვისაც და მეორისთვისაც -სასმისი ასწია სანიმ, იგი ლივიას ჭიქას მიუჭახუნა და სულმოუთქმელად გამოცალა მასში ჩარჩენილი სითხე.
მართლაც რომ უზომოდ ბევრი ისაუბრეს და დალიეს ბარში ყოფნისას. ლივიას ისიც კი არ დარჩენია უთქმელი, რომ კაკისთან რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და რომ იგი მისი ერთადერთი მეგობარი იყო ამხელა ქალაქში. უამბო ბავშვობის ბედნიერ წლებზე, ბიძამისისა და ბიცოლას ტრაგიკულ დასასრულზე, მისი და სტეფანეს ურთიერთობის გაფუჭებაზე, იმ სირთულეებზე, რისი გადალხვაც სრულიად მარტოს მოუწია და კიდევ სხვა მრავალი. არც სანი მჯდარა ჩუმად. მანაც საკმაოდ ბევრი დეტალი უამბო თავისი წარსულიდან, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო პირველი სიყვარული ბაღის ასაკში, თავისი სკოლაზე, სადაც თურმე ყველაზე ცელქ ბავშვად იყო აღიარებული და შატალოების ორგანიზატორადაც მუდამ თავად გამოდიოდა ხოლმე. ამდენი საუბრის შემდეგ, იმ ღამით სახლში მისვლა არც ერთს არ უნდოდა, თუმცა როცა ჩამოღამდა, ბარი ხალხით გაივსო და სანისაც უამრავი ფოტოს გადაღება და ავტოგრაფების დარიგება მოუწია თაყვანისმცემელი გოგონებისთვის, უკვე ორივემ იგრძნო, რომ ასეთ ხალხმრავლობაში ყოფნა საერთოდ აღარ ანიჭებდათ სიამოვნებას. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტეს ბარმენისგან ერთი ბოთლი სასმელი ეყიდათ, სადმე მშვიდ ადგილას, მაგალითად პარკის გაზონზე გასულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ დაწყებული საღამო.
-შენ აქ დამელოდე, მე უცებ საპირფარეშოში შევალ და მაშინვე წავიდეთ -უკვე ბარიდან გასასვლელ კართან იყვნენ მოსულები, როდესაც სანი გოგონას მოუტრიალდა და ალკოჰოლისგან დანისლული კარამელისფერი თვალები შეანათა
-კარგი, ოღონდ სწრაფად, ფეხზე ძლივს ვდგავარ და სადმე ჩამოჯდომა მინდა
-იცოდე არსად წახვიდე -მხოლოდ ეს უთხრა ბიჭმა, სანამ მარტო დატოვებდა, მერე კი სწრაფად შეუხვია მარცხენა დერეფნისკენ და აქედან სულ რაღაც ხუთ წამში თვალსაც მიეფარა. მარტოდმარტო დარჩენილ ლივიას უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. პირველ რიგში ნასვამი იყო და გარშემო ყველაფერი უორდებოდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ სხეული საშინლად უხურდა, ხოლო ბოლოს, ვიღაც ტიპის თავისკენ მომართული მეტად თავხედური მზერაც იგრძნო და ამან საბოლოოდ დაუკარგა იქ მარტო დგომის სურვილი. მიუხედავად ამისა, სანის თხოვნა კარგად ახსოვდა და ადგილიდან ოდნავადაც არ განძრეულა. არც მაშინ მოუცვლია ფეხი, როდესაც უცნობმა ბიჭმა კიდევ ერთი ჭიქა არაყი გადაკრა და პირდაპირ მისი მიმართულებით წამოვიდა და არც მაშინ, როდესაც საკმაოდ ახლოს დაუდგა გვერდით.
-გთხოვ წადი რაა, შენი თავი არ მაქვს -სანამ უცნობი რამის სათქმელად გააღებდა პირს, მანამდე სცადა მისი თავიდან მოშორება ლივიამ
-თავიდან ყველა ასე იწყებს ფისუნია. ქალებს გიყვართ თავის დაფასება
-წადი!
-რატომ უნდა წავიდე? -ამჯერად წინ დაუდგა და ისე ჰკითხა -ძალიან მომეწონე და თუკი პრანჭვას შეწყვეტ, შენც მაგრად გასიამოვნებ
გულის რევა იგრძნო ამ სიტყვების მოსმენისას გოგონამ. ცოტა დააკლდა იმისგან, რომ იქვე არ დაწყებოდა ღებინება.
-ბოლოჯერ გიმეორებ, მოშორდი აქედან! -რაც შეეძლო მკაცრი, კატეგორიული ტონი ჩადო ამ სიტყვებში, თუმცა როგორც ჩანდა, უცნობი ბევრად უფრო დიდ აზარტში ჩააგდო გოგონას მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ და ისე თავხედურად მიიზიდა თავისკენ წელზე ხელების მოხვევით, რომ ლივიას მისთვის მთელი სახის დაკაწვრა მოუნდა. გააკეთებდა კიდეც ამას, ბიჭს რომ სწრაფად არ გაეკავებინა ორივე ხელით და საბოლოოდ არ წაერთმია თავის დახსნის საშუალება.
-მართლა მაგარი გოგო ხარ და ნუ მეწინააღმდეგები რა -მისი ყურის ბიბილოს მოსდო კბილები ამის თქმისას, მერე კი მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები და შიშველ ზურგზე მიეფერა -ნუ ფართხალებ, არ გაწყენინებ
-შემეშვი, არ გესმის?! -მთელი ძალით იბრძოდა გოგონა თავისუფლების მოსაპოვებლად, თუმცა მამრობითი სქესის ძალა აშკარად უპირატესი იყო და არაფერი გამისდიოდა
-ჩუმად პატარავ -ამჯერად საპირფარეშოს დერეფნისკენ წაათრია, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყრო, კედელზე ააკრა და ხელები მაგრად გაუკავა -თუ წინააღმდეგობას არ გამიწევ, შენც გაგისწორდება
-გთხოვ არ შემეხო!
-მაპატიე, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ხარ იმისთვის, რომ აქედან ცოტაოდენი მოფერების გარეშე გაგიშვა. სხვას ამდენ ხალხში მაინც ვერაფერს გიზამ, უბრალოდ ცოტას მოგეფერები -თქვა ვნებით ანთებული თვალებით, თმებში ხელი ჩაავლო და წამი-წამზე უნდა ეკოცნა კიდეც, რომ თავისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგომი ადამიანის ხმამ ააღებინა ხელი განზრახვაზე. ლივიამ შვებით ამოისუნთქა. ახლადმოსულის სიტყვებში, დარსაველიძის ხმა ამოიცნო და ესეც ეყო იმისთვის, რათა შინაგანი სიმშვიდე მთლიანად დაპატრონებოდა მის სხეულს.
-რა ჯაბდაბა ხდება აქ?! -ბრაზისგან ჩასისხლიანებული თვალებში, ენით აღუწერლად საშიში მზერა ჰქონდა ბიჭს
-სანი გთხოვ არაფერი დაუშავო და წავიდეთ აქედან -სუსტად გაისმა ლივიას ხმა. დარსაველიძემ მისი მიმართულებით გაიხედა. ამ ერთმა, ცრემლიანმა გამოხედვავ იმდენი ქნა, რომ თუკი აქამდე აპირებდა ქანცის გაწყვეტამდე ეცემა ის ადამიანი, გოგონას მუდარით სავსე თვალების დანახვამ სრულიად შეუცვალა თავისი პირვანდელი ზრახვები.
არაფერიც არ ხდება მეგობარო, უბრალოდ მის უკეთ გაცნობას ვცდილობდი. მშვიდობაა?
-თუკი შენ მშვიდად ხარ, არც მე მოგიქნევ ხმალს, მაგრამ როგორც ჩანს ზურგს უკან ბინძურ დანას მალავ
-მეტაფორები არ მევასება ძმაო
-მე კიდევ ქალების შემწუხებელი სი*ები არ მევასება, ძმაო -ბოლო სიტყვას, მეტად დამცინავად გაუსვა ხაზი და ლივიას ამჯერად წინ გადაუდგა -ეს გოგო ჩემთანაა, შეგიძლია შენი გზით წახვიდე!
-ნეტავ ვიცოდე შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?! -სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც დიდ გულზე იყო, რადგან აშკარად არ ესიამოვნა იმ ხელის შემშლელის გამოჩენა, სამიზნესთან მიახლოების ყველა გზას რომ უკეტავდა -ახლავე გაა*ვი აქედან!
-მისმინე, გალეშილი ხარ, ვერ აზროვნებ და ამიტომ სიტყვა "გააჯვის" როგორღაც გაგიტარებ, მაგრამ თუ ხუთ წამში არ დაახვევ, იცოდე აქაურობას თავზე დაგამხობ! -იმდენად მკაცრი, ყინულივით მჭრელი და საშიში მზერა ჰქონდა იმ მომენტში არც ერთი ნორმალური ადამიანი არ ისურვებდა შეწინააღმდეგებოდა, ან წინ გადადგომოდა. აღარც უცნობ ბიჭს გამოუდია თავი. მართალია დიდად არ ესიამოვნა შექმნილი სიტუაცია და არც ის, რომ ბარში ყოფნისას ვერავინ "ააგდო", თუმცა მაინც გატრიალდა, ერთი ხმადაბლა შეიგინა და იქაურობას არეული ნაბიჯებით გაეცალა.
-წამოდი, ჰაერზე გავიდეთ ცოტა მოფხიზლდები -დაისადგურა თუ არა სიმშვიდემ და მიეფარა თუ არა თვალს შემაწუხებელი ტიპი, მაშინვე გოგონასკენ მიბრუნდა სანი. ლივიას ლოყები, სიმხურვალისგან ოდნავშესამჩნევად აწითლებულიყვნენ. გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ ის გარემო უკვე სულს უხუთავდა. ქუჩაში გასვლა ახლა უთუოდ უნდა დახმარებოდა ცოტა აზრზე მოსვლაში, ამიტომ უპრობლემოდ დაჰყვა ბიჭის ნებას და გასასვლელ კარში მასთან ერთად გააბიჯა.
შენობიდან გასულები, იქვე ახლოს, დაახლოებით ას მეტრში მდებარე ლამაზად გამწვანებულ პარკში დასხდნენ, პირდაპირ გაზონზე. როგორც ელოდნენ ზუსტად ისე მოხდა. გრილმა ჰაერმა აშკარად იდეალური დახმარება აღმოუჩინა გოგონას ალკოჰოლისგან მოგვრილი სიმხურვალის განდევნაში და ნელ-ნელა დაუბრუნდა საღი გონებაც, რომელიც შექმნილი სიტუაციის თავიდან ბოლომდე გააზრებასა და იმის მიხვედრაში დაეხმარა, რომ ცოტა ხნის წინ სანიმ მოძალადის კლანჭებისგან იხსნა.
მიუხედავად ბიჭთან არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობისა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი საათიდან ორ წუთსაც კი არ ატარებდნენ ჩხუბის გარეშე, იმ წამს მაინც საიმედო საყრდენს ხედავდა მისი სახით და იმაშიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რომ შეეძლო ბოლომდე, უპრობლემოდ მინდობოდა.
-რატომ ხდება ასე სანი? -ხმა ამოიღო თუ არა, ბრილიანტისფერი ცრემლი უნებურად მოწყდა გოგონას გრძელ წამწამს -ეს სამყარო სავსეა მოძალადეებით, რომლებიც ნებისმიერ სიბინძურეზე არიან წამსვლელები, ოღონდ კი თავისი გაისწორონ. შეხედავ, იფიქრებ, რომ ნორმალური ადამიანები არიან, რადგან საზოგადოებაში ყოფნისას ყველანი თვალთმაქცობენ სხვისი სიმპათიის მოსაპოვებლად, თუმცა მოიხსნიან თუ არა ამ ნიღაბს, მაშინვე გულისრევის შეგრძნებას იწვევს მათი ნამდვილი სახე
-მგონი სასმელის გამო სენტიმენტები მოგაწვა და ამიტომაც დაიწყე ამ ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი, არა? -ღიმილით დაადო მხარზე ხელი. ადამიანის დამშვიდებაშიც კი საკუთარი სტილი ჰქონდა დარსაველიძეს - გაცვეთილი სიტყვების მაგივრად, პოზიტივის შემოტანით ცდილობდა ლივიას გამხნევებას და ამას ისიც მშვენივრად ხვდებოდა -სამყაროს სიბინძურეს ვერც შენი ცრემლები დაასუფთავებს და ვერც ვინმე სხვისი. უბრალოდ ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, ცურვისთვის შედარებით უსაფრთხო ადგილი აარჩიო და მუდამ იცოდე, რომ ძალიან ახლოს თუ არა, ოდნავ მოშორებით მაინც იქნებიან მტაცებელი თევზები. უბრალოდ მათთან თანაარსებობა უნდა ისწავლო. სხვა გამოსავალი არ არსებობს
-ჰო, დევს ამაში რაღაც აზრი -გაეღიმა. იმ წამს, საკუთარ თავთან ისიც აღიარა, რომ სანი საკმაოდ სასიამოვნო და ამავდროულად საინტერესო მოსაუბრე იყო, მაშინ როდესაც ბავშვურ ჭირვეულობას დროებით გვერდზე გადადებდა ხოლმე
-იცი, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქალად ყოფნა საკმაოდ რთული ამოცანა იყო
-ასეცაა, მაგრამ შენ რატომ ფიქრობ ეგრე? -აშკარად ინტერესში ჩააგდო ბიჭის სიტყვების მიღმა დამალულმა აზრმა
-ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ახალი სიცოცხლის გაჩენაა, ქალის საქმეა. მშობიარობის შემდგომი პრობლემებიც უნდა აიტანოთ, ბავშვის აღზრდაზეც ქალს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და ციკლის ტკივილების ატანაც თქვენ გიწევთ -სიცილით დაამატა ბოლოს და ლივიაც გააცინა თავისი სიტყვებით.
-მოკლედ, იწყებ თუ არა რამე სერიოზულზე საუბარს, ბოლოს მაინც ყველაფერს აფუჭებ ხოლმე
-რატომ, ტყუილი რა ვთქვი? -კვლავ ეღიმებოდა -ჩემი უმცროსი და სულ მაგაზე წუწუნებდა ჩემთან
-შენთან? -აშკარად გაუკვირდა გოგონას
-ჰო, ისეთი ურთიერთობა გვაქვს, არასდროს არაფრის ერიდებოდა. მახსოვს, პირველი დღე ყოველთვის ძალიან კრიტიკული ჰქონდა და ყურადღების გადასატანად თავის მასაჟს ვუკეთებდი ხოლმე, უზომოდ სიამოვნებდა.
-აი მე კი არც ის ვიცოდი და თუ გყავდა
-დაც მყავს და უმცროსი ძმაც
-მერე ახლა სად არიან? -ცნობისმოყვარეობამ შემოუტია და ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეკითხვაც დასვა
-ემილი მოდელია და ძალიან ხშირად ამერიკაში უწევს ხოლმე ყოფნა, დაჩი კიდევ წელიწადის სამას სამოცდახუთი დღიდან, მხოლოდ ხუთს თუ ატარებს შინ. სხვა დროს, სალაშქრო ტურებზე დადის, სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად. ტიპური თავგადასავლების მაძიებელია
-ანუ მეორე ალექსანდრე სუპერმაწანწალაა?
-ჰო, რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ იმედია მის მსგავსად არ დაასრულებს და ფურგონში გაყინულს არ იპოვნიან სადღაც ველურ პირობებში
-მაგას რა ვუყოთ ხელში რომ გიჭირავს? -იმ შამპანიურის ბოთლზე ანიშნა ლივიამ, რომელიც ჯერ კიდევ ბარში ყოფნისას შეიძინეს
-არ ვიცი, რომ გეცლია იმ ტიპს გადავალეწავდი თავზე, მაგრამ მშვიდობის მაძიებლის როლი უფრო მოგწონს
-სულით პაცეფისტი ვარ, რას ვიზამთ
-ჰოდა მაშინ დარჩენილა ეს ბოთლი უფუნქციოდ -გვერდზე გადადო შამპანიური ამის თქმისას -მეტს რომც მეხვეწო მაინც აღარ დაგალევინებ. იმ ზომამდე იყავი მისული, რომ დაყვირებაც ვერ შეძელი რათა ვინმე დაგხმარებოდა და ის ტიპი მოეშორებინა შენთვის
-ამაზე აღარ ვისაუბროთ რა -მიხვდა რა უსიამოვნოდაც სწიწკნიდა გულს იმ კადრების გახსენება, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მათგან თავის არიდებას. სანის გვერდით ყოფნა ეხმარებოდა კიდეც ამაში. თითქოს პოზიტივის დაუსრულებელ წყაროდ ქცეულიყო ეს ადამიანი მისთვის. სიამოვნებდა მასთან საუბარი, ის გრილი ჰაერი სახეზე რომ ელამუნებოდა და მშვიდი, ზედმეტი ხალხისგან თავისუფალი ატმოსფერო, რომელშიც იმ წამს იმყოდებოდნენ. ლივიამ ახლა უფრო მძაფრად იგრძნო, რომ იმ ღამით შინ დაბრუნება არ სურდა. იმდენად ძლიერ მოსწონდა იქაურობა, მზად იყო მთელი ღამის განმავლობაშიც დარჩენილიყო. გოგონამ კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და ფაფუკ ბალახზე ზურგით გაწვა. თვალები რომ დახუჭა, რამდენიმე წამში სანის გვერდით მოწოლაც იგრძნო. ბიჭის ცხელი სუნთქვა მარჯვენა ლოყაზე ეფრქვეოდა და სწორედ ეს ახვედრებდა, რომ იმ მომენტში მისკენ იყო გადმობრუნებული.
-აქამდე ქუჩაში ღამე გაგითევია? -თვალებიც არ გაუხელია ისე ჰკითხა გოგონამ
-არა, მაგრამ თუკი შენ შემომთავაზებ აუცილებლად დავფიქრდები
-თუ ამჩნევ შემოთავაზება არ გამიკეთებია, უბრალოდ კითხვა დაგისვი -თავქვეშ ხელები ჰქონდა ამოდებული და ამჯერად უკვე თვალებიც გაეხილა -შენ თუ გინდა შინ წადი
-და აქ დაგტოვო? -ისე გაიკვირვა, თითქოს ვინმეს მისთვის სამშობლოს ღალატში დაედო ბრალი -ამით ჩემს ჯენტლმენობის დღიურში ჩავიწერ დიდ, მსუქან ორიანს
-შენი ეგ დღიური, რომ სადმე მენახა, დამიჯერე ორიანებით გაგივსებდი
-როგორც ვხედავ, შენს ხელში საშემოდგომოც არ ამცდებოდა
-კი, ზუსტად ასეა -დაეთანხმა, აქედან რამდენიმე წამში კი თვალებშიც შეხედა ბიჭს გამომცდელად -აქ, ჩემთან ერთად დარჩენას მართლა აპირებ?
-რატომაც არა? თუკი შემცივდება ჩახუტების უფლებას გამოვიყენებ და თუ უფრო მეტად შემცივდება, უფრო ძლიერი ჩახუტების
-კიდევ ხომ არ დაამატებდი რამეს? -უკვე ღიმილი ერეოდა ლივიას მის სიტყვებზე
-კი, დავამატებ. ღამღამობით უცნაური ჩვევა მახასიათებს, ლამაზ გოგონებს ვკოცნი ხოლმე და თუ რამე მზად იყავი
-მაგას იზამ და გპირდები ეგ შენი უკანასკნელი კოცნა იქნება
-ჯანდაბა, არადა რა დიდი იმედი მქონდა -ვითომ შეწუხებული სახე მიიღო, რითაც კიდევ უფრო გაამხიარულა ლივია
-ასეთ სისულელეებს ამბობ, მაგრამ ვერც კი გიბრაზდები
დარსაველიძემ მხრები აიჩეჩა, თან ღამის ცას ახედა დაკვირვებით.
-რატომ უნდა გამიბრაზდე? -ჰკითხა სიცილით -ასეთი სიმპათიური ბიჭი შენთან ერთად გაზონზე ძილს დავთანხმდი, თანაც რბილი ბალიშისა და პლედის გარეშე. კოცნა და ჩახუტება მეკრძალება და კიდევ შენ უნდა იყო გაბრაზებული?
-ჰოდა რახან დამთანხმდი, მე მაინც გამოგიყენებ ბალიშად
დაასრულა თუ არა ამის თქმა გოგონამ, მაშინვე წამოიწია ბალახიდან, ოდნავ გვერდზე მიიწია და თავი პირდაპირ სანის გულზე დადო. აუხსნელად სასიამოვნო შეგრძნება მოჰგვარა ლივიას ასეთმა საქციელმა ბიჭს. თითქოს სული გაუთბო და მთელს მის შინაგან სამყაროში რაღაც ახალი მუხტი შემოიტანა.
-რბილად მოეწყვე ფუტკარო?
-საკმაოდ და იმედია ღამე ბევრს არ იწრიალებ, მოხერხებულად მინდა დავიძინო
-კარგი, რაც არის არის. მოდი ერთი დავტესტავ როგორი შეგრძნებაა спать под открытым небом -მერე ჩაფიქრდა და კვლავ თავისზე მოხუტებულ ლივიას დახედა ზემოდან -მოკლედ, თავისუფალ დროს ხელში სულ ლექსიკონი მიჭირავს, მაგრამ რაღაც ტერმინები მაინც მხოლოდ რუსულად ვიცი და ხომ ვერ მეტყვი, ეს წინადადება ქართულად როგორ გამოითქმის?
-ღია ცის ქვეშ ძილი -მაშინვე გადაუთარგმნა, თან მოთენთილობისგან პირზეხელაფარებულმა დაამთქნარა
-გმადლობ ჩემო თარჯიმანო
-ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ სერ -მსუბუქად გაეღიმა გოგონას და სანის გულზე თავდადებულმა თვალებიც დახუჭა . . .




8 8 8 8
დილით, სანის სახლში, კონკრეტულად კი მის სასტუმრო ოთახში გამოეღვიძა გოგონას. რბილ ბალიშებზე თავმიდებულს, საფეთქლებში ყრუ ტკივილი ჰქონდა, თუმცა წარსულში იმდენად ბევრი საშინელი ნაბახუსევი გამოეარა, ეს ყველაფერი იმასთან შედარებით ბავშვურ თამაშად ეჩვენებოდა.
გოგონამ საწოლში გვერდი იცვალა და ფანჯრიდან შემოჭრილი შუქისგან თავის დასაღწევად თბილი პლედი თავზე წაიფარა. სწორედ იმ მომენტში გაახსენდა, რომ წინა ღამით, ის და სანი, ღია ცის ქვეშ აპირებდნენ ღამის გათევას, პირდაპირ გაზონზე, ამიტომ ახლა აშკარად ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა საწოლში და თან სანის სახლში. მაჯის საათს ნამძინარევი სახით დახედა ლივიამ. ისრები ორის ნახევარს უჩვენებდნენ. დარსაველიძის გადამკიდე აღარც კი ახსოვდა როდის გამოიძინა ბოლოს ასე კარგად ან როდის შემორჩა საწოლში ამ დრომდე. ვინაიდან დაღლილობას უკვე აღარ გრძნობდა და შუა დღე ხანიც მოსულიყო, ლივია სწრაფად წამოდგა საწოლიდან, იგი ლამაზად გაასწორა და პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, თავის მოსაწესრიგებელი პროცედურების ჩასატარებლად. ვინაიდან სანის სახლში ისეთი პირადი ნივთებიც კი ჰქონდა დატოვებული, როგორიც კბილის ჯაგრისი და ტანის გელი იყო, თავს რაღაც მხრივ თავის მყუდრო ბინაშიც კი გრძნობდა, საკუთარ სააბაზანოში. მომზადებისთვის დიდი დრო საერთოდ არ დასჭირვებია. სულ რაღაც ათ წუთში მორჩა შხაპის მიღებას, თმაც მალევე გაიშრო, კბილები გაიწმინდა და როგორც კი სარკეში, თავისი ანარეკლის დანახვისას მიხვდა, რომ სრულ წესრიგში იყო, საძინებელი ოთახიდან გასასვლელ კარსაც მიაშურა.
სანი სასტუმრო ოთახში, დივანზე გაწოლილი დაუხვდა, პირდაპირ ტელევიზორის წინ. ბიჭს თავზე დიდი ნაუშნიკები ჰქონდა ჩამოცმული, ხელში ტელეფონი ეჭირა, თან ალაგ-ალაგ გახედავდა უზარმაზარ ეკრანს, სადაც ფილმი -მატრიცა იყო ჩართული. შორიახლოს მაილო და ბოლტო იწვნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ძაღლებს წინ პედიგრით ნახევრად სავსე ჯამები ედგათ და როგორც ჩანდა, ბოლომდე ვერ მოერხერხებინათ თავიანთი ულუფების დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენებში მუსიკა ჰქონდა ჩართული სანის, გოგონას ოთახში შესვლა მაინც წამსვე შეამჩნია და თითქოს სწორედ ამას ელოდაო, მაშინვე მჯდომარე პოზაში გადაინაცვლა დივანზე.
-ახლახანს გაიღვიძე ძილის გუდა? -ჰკითხა, თან მუსიკაც გამორთო ტელეფონში
-არა, ასე ნახევარი საათის წინ -მხოლოდ მის გვერდით ჩამოჯდომის შემდეგ გასცა პასუხი -აქ რატომ ვართ? გუშინ ღამით რა მოხდა?
-ის მოხდა, რომ დაახლოებით ოთხ საათზე გამოგეღვიძა, მეც გამაღვიძე და იმაზე დაიწყე ტვინის ბურღვა, რომ რბილ ბალიშზე არ გედო თავი -ნათლად დაუდგა თვალწინ სანის წინა ღამის მომენტები, რამაც კვლავ მაშინდელივით გაამხიარულა -ვცადე ისევ დამეძინებინე, თუმცა რომ აღარ გაჩუმდი იძულებული გავხდი მანქანაში ჩამესვი და აქ წამომეყვანე. ჰოდა კიდევ -ჟურნალების მაგიდაზე დადებული ფურცელი დაანახა ბიჭმა -ჯარიმა მომარტყეს საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომის გამო, რომელსაც შენ გადაიხდი
ლივიამ ღრმად ამოიოხრა. მერე სახემოღუშულმა ჩამოართვა ჯარიმის ფურცელი და ზემოდან უკმაყოფილოდ დააშტერდა.
-კარგი, გადავიხდი ჯანდაბას. ჩემი ბრალი რაცაა, თავად გამოვასწორებ
-ღადაობ წითურო? რა შენ გადაიხდი, უბრალოდ გეხუმრე -მაშინვე აართვა დარსაველიძემ ფურცელი გოგონას და მას მოსაცმელის ჯიბეში მიუჩინა ადგილი -ისე დღეს თავისუფალი ვარ, გადაღებები არ მაქვს, სანამ შენ გეძინა ის ინტერვიუც მოვილიე, გუშინწინ რომ გადავატანინე, ამიტომ ახლა სადმე ბუნებაში ვაპირებ გასვლას და მოემზადე, ჩემთან ერთად მოდიხარ
-მოიცა, მოიცა -მარჯვენა ხელის გულის ზემოთ აწევით შეაჩერა ლივიამ -ჟურნალისტი სახლში დაიბარე?
სანის ღიმილი მოჰგვარა მისმა გამომეტყველებამ.
-ასეთი სახე რატომ გაქვს? შენ აზრზეც არ ხარ რა მაგრად მეზარება ამ სტუდიებში სირბილი. თან მაგას ჰქონდა ჩემთან კითხვები და არა პირიქით, ამიტომ წესით თავად უნდა მოსულიყო
-ეჰ, მართლა არაა რა შენი საშველი -ბოლომდე იმედდაკარგული ადამიანივით გადააქნია თავი და სანამ კიდევ რამეს იტყოდა, მანამდე მაგიდაზე დადებულმა ბიჭის ტელეფონმაც დაიწრიპინა. შეტყობინება ინსტაგრამიდან იყო მოსული -მგონი შენი მობილურია. არ ნახავ?
-ნაცნობები ინსტაგრამზე არ მწერენ ხოლმე. თუკი ვინმეს რამე აუცილებელი საქმე აქვს ნომერზე მირეკავს
-აჰა, ანუ ეს რომელიმე ფანის გამოგზავნილი წერილი უნდა იყოს -დაასრულა თუ არა წინადადება, წამიც აღარ დაუცდია, მაშინვე ეცა ბიჭის ტელეფონს და ვინაიდან ეკრანს ბლოკი არ ედო, შეტყობინებების ველში შესვლაც მარტივად მოახერხა. როგორც დასაწყისში ელოდა, წერილების ავტორთა უმეტესი ნაწილი მდედრობითი სქესისა იყო. ბოლო თაყვანისმცემლის მონაწერს, ლივიამ ჯერ თავისთვის გადაავლო თვალი, მისმა შინაარსმა აშკარად გაამხიარულა და შემდეგ უკვე ხმამაღლაც ამოიკითხა:
-"ზოგადად ნადირობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ შენ სიამოვნებით მოგინადირებდი ლამაზო" -ბოლო სიტყვაზე სიცილი აუტყდა, მერე კი სხვა გაუხსნელმა მონაწერებმაც დააინტერესა და დანარჩენების კითხვაც განაგრძო -"ცოლად მომიყვანე და ბებიაჩემის გაკეთებულ კომპოტს გაგასინჯებ"
-ისე ახლა რომელიმე საყვარელი ბებოს გაკეთებული კომპოტი მართლა მაგრად გაასწორებდა
-აუ კიი -სწრაფად დაეთანხმა ლივიაც და მორიგი წერილი გააჟღერა ხმამაღლა -"უძრავი ქონება რომ იყო, ჩემს სახელზე გადმოგიფორმებდი პატარავ"
-რაო? -ამაზე თავადაც ვერ შეიკავა სიცილი სანიმ
-ჰო, ზუსტად ეგრე წერია
-მოკლედ, აჭრილია რა ეს ხალხი
-ეს მაინც ყველაზე მეტადაა აჭრილი, ნახე რას გწერს -სიცილისგან შეცვლილი ხმის ჩასაწმენდად რამდენჯერმე ჩაახველა და მორიგი წერილიც ამოიკითხა -"ალბათ შენი მშობლები ტერორისტები იყვნენ, სწორედ ამიტომ გაჩნდი ასეთი ბომბა."
-კარგი, გეყოფა -კვლავ გაეცინა სანის, თან ტელეფონის წართმევა სცადა გოგონასთვის, თუმცა ლივია სწრაფად გაიწია გვერდზე და ამის უფლება არ მისცა
-დამაცადე რაა, მშვენივრად ვერთობი
-შენ კი ერთობი, მაგრამ მე ასეთი წერილების მოსმენა სერიოზულად მაფიქრებს იმაზე, რომ პროფესია შევიცვალო
-რატომ? აი ნახე ვიღაც "ელენკა 008"-ს უნდა, რომ შენი ჭიქა იყოს და ყოველდღიურად ეხებოდე მაგ მიმზიდველი ტუჩებით. ასეთ დროს პროფესიის შეცვლა იქნება?
-მიეცა სახუმარო თემა და ახლა რაღა გააჩერებს
-სხვათა შორის, რაღაც კუთხით სახალისოა შენს ადგილას ყოფნა -გულწრფელად აღიარა ლივიამ, თან უფრო მოხერხებულად მოეწყო რბილ დივანზე -მართალია პაპარაცებისა და ჟურნალისტების კამერის გარეშე მხოლოდ ტუალეტში შეგიძლია არსებობა, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი გაქვს, რაც კი ადამიანმა შეიძლება ინატროს
-კარგი, მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს -ფეხზე წამოდგა. ამჯერად უკვე ზემოდან დაჰყურებდა ჯერ კიდევ დივანზე მოკალათებულ ლივიას -სანამ გათიშულს გეძინა, მანამდე ომლეტი მიგიმზადე, მიდი შეჭამე და მერე გავიდეთ
ლამის ორი ზომით დიდი გაუხდა თვალები ლივიას ამის მოსმენისას. ხელზე ჩქმეტაც კი მოუნდა იმაში დასარწმუნებლად, ნამდვილად ეღვიძა თუ არა.
-დარწმუნებული ხარ, რომ შენ მომიმზადე ომლეტი? -ჰკითხა დაეჭვებით. იმასაც კი ელოდა, რომ სანი წამი-წამზე ეტყოდა, გეხუმრე, შენთვის საუზმე რატომ უნდა მომემზადებინაო, თუმცა სრულიად პირიქით მოხდა
-ჰო, მე მოვამზადე, რა იყო?
-არა, არაფერი, უბრალოდ ძალიან გამიკვირდა. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ყავაც კი არ გექნება მომზადებული სპეციალური აპარატის გარეშე
-ერთხელ ყველაფერი ხდება, ახლა კიდევ სამზარეულოში წამოდი და ნახელავი გამისინჯე, მალე უნდა გავიდეთ
-მე რომ ტაქსი გამოვიძახო და შინ დავბრუნდე არ შეიძლება? -წინ წასულს უკან აედევნა ლივიაც -ბუნება კი კარგია, მაგრამ დღეს ნამდვილად არ ვარ მაგის განწყობაზე
-ჰოდა შეეცადე განწყობა შეიქმნა, რადგან მინდა ჩემთან იყო
-სანი დაღლილი ვარ და აქეთ-იქით ხეტალის თავი მართლა არ მაქვს -თავის მოსაწყ'ლება სცადა ბიჭის წინაშე, თუმცა მის ამ ხერხს საერთოდ არ გამოუღია სასურველი შედეგი
-იცოდე იქ რომ მივალ, ციყვებსა და ჭიამაიებს დავუწყებ წვალებას, პრესა ამაზეც ალაპარაკდება და ყველაფერი შენი ბრალი იქნება
-კარგი რაა სანი, რა ჩემოდანივით დამათრევ ყველგან, სადაც მიდიხარ?
-მორჩი წუწუნს წითურო, ვიცი ქალაქგარეთ გასვლები შენც ძალიან გიყვარს. თან გპირდები, როდესაც იქ ვიქნებით ჭკვიანად მოვიქცევი და ნერვებს ერთხელაც არ მოგიშლი
-ჩემთვის ნერვების მოშლის გარეშე წუთნახევარიც ვერ ძლებ, ამიტომ ცრუ დაპირებებს ნუ იძლევი
პასუხი არ გაუცია სანის. ამის მაგივრად მაჯაში ხელი მოჰკიდა გოგონას, პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა, რითაც მიანიშნა გაჩუმებულიყო და ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე, პირდაპირ სამზარეულოსკენ წაიყვანა. რაღა უნდა ექნა ლივიას? კარგად იცოდა, თუ რა ტყუილი დროის კარგვა იქნებოდა სანისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თან უნდა ეღიარებინა, რომ ბოლომდე სკეპტიკურად არც თავად იყო განწყობილი ამ ქალაქგარეთ გასეირნების მიმართ, ამიტომ გადაწყვიტა ბიჭის ნებას დაჰყოლოდა და საუზმობის შემდეგ, შინის მაგივრად მასთან ერთად წასულიყო.
გოგონასდა გასაკვირად სანის მომზადებული ომლეტი ნამდვილად არ იყო ურიგო. მართალია ოდნავ დამარილება აკლდა და ისე მაგრადაც არ იყო შემწვარი, როგორც ლივიას უყვარდა, თუმცა ამაზე ყურადღება არც კი გაუმახვილებია გოგონას. პირიქით, ნახელავი ყოველგვარი მინუსის აღნიშვნის გარეშე შეუქო და როგორც კი საუზმობას მორჩა და დასვრილი თეფშიც ნიჟარაში ამორეცხა, უკვე სრულ მზადყოფნაში მყოფ სანისთან ერთად გააბიჯა სახლიდან გასასვლელ მინის კარში.
დარსაველიძემ თავის რეინჯ-როვერის ნაცვლად, ჯიპით გადაწყვიტა მგზავრობა. ბიჭის თქმით ისეთ გზებზე, ამ მანქანით უფრო კომფორტული იქნებოდა სიარული და ლივიასაც სწორედ შიგნით ჩაჯდომის შემდეგ დაებადა კითხვა, თუ რა იქნებოდა მათი საბოლოო გაჩერების ადგილი.
-მაინც სად ვაპირებთ წასვლას?
-ჭილის ტბა გაგიგია? -ღვედი შეიკრა და გოგონასკენაც გადაიხარა, რათა იგი საკუთარი ხელით შეეკრა. იმდენად სასიამოვნო სურნელი ასდიოდა სანის სამოსს, ლივიამ ინსტიქტურად დახუჭა თვალები. ისიც კი ინატრა კიდევ დიდხანს დარჩენილიყო მასთან ახლოს, თუმცა სამწუხაროდ ეს მომენტი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა.
-რა თქმა უნდა გამიგია. ბავშვობაში მე და ჩემი ბიძაშვილი ხშირად დავყავდით ხოლმე მის მშობლებს. ძალიან ლამაზი ადგილია, თუმცა ზაფხულში იმაზე მეტი მწერია, ვიდრე ცაში ვარსკვლავები და თუკი არ გინდა შეგჭამონ, დამცავი ლოსიონი შინ არ უნდა დაგრჩეს
დარსაველიძემ ღმუილით აამუშავა მანქანის ძრავა და ნელი სვლით დაიძრა ეზოდან გასასვლელი დიდი ჭიშკრისკენ, რომელსაც ზემოდან ხახადაღებული ლომის ქანდაკებები ედგა.
-შენი მშობლები არ გენატრებიან? -ჰკითხა უეცრად. ისეთი მზერით უყურებდა იმ მომენტში, თითქოს მისი სულის სიღრმეებში აპირებდა ჩახედვას.
საუბრის თემის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ აშკარად დააბნია ლივია. ვერც პასუხის დაბრუნება შეძლო, მანამ, სანამ ის ტკივილი არ მოიშორა გულიდან, რაც მშობლების გახსენებამ მოჰგვარა.
-რა თქმა უნდა მენატრებიან -სევდიანი ღიმილი გადაეფინა გოგონას ვარდისფერ ტუჩებს. იმ წამს ყველანაირად ეცადა თვალის გარსზე მომდგარი მარილიანი სითხე იქვე დაეტოვებინა და ჯებირებს მიღმა არ გადმოეშვა -იმდენად კარგები იყვნენ, როგორ შეიძლება არ მენატრებოდნენ
-ძლიერი ადამიანი ხარ, იცი?
-არა, ძალიან ცდები, ოდნავადაც კი არ ვარ ძლიერი -უარყოფის ნიშნად გადააქნია თავი -ძლიერი ადამიანები ბალიშში თავჩარგულები არ ტირიან, როდესაც მარტონი დარჩებიან ხოლმე თავიანთ საძინებლებში
-მე კი მგონია, რომ ცდები. მართალია, სხვებთან ძლიერი უნდა იყო და შენი ტკივილი ყოველ მეორეს არ აჩვენო, მაგრამ საკუთარ თავთანაც თუ არ ხარ გულწრფელი და მარტო დარჩენის შემდეგაც არ იხსნი იმ ნიღაბს, რაც საზოგადოებაში გიკეთია, ეს ყველაზე მეტად დაგტანჯავს
-თავად თუ ხარ საკუთარ თავთან გულწრფელი, როცა პირად სივრცეში აღმოჩნდები და არავინ გხედავს?
-ბოლო პერიოდში რამე მნიშვნელოვანი მაწუხებს და სასმელში ვაკლავ დარდს-მეთქი ვერ გეტყვი, თუმცა თინეიჯერობის ასაკში მქონდა ისეთი მომენტი, როდესაც ერთმა დაუფიქრებლად გადადგმულმა ნაბიჯმა ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო. მართალია გარეგნულად მშვიდ იერს ვინარჩუნებდი, მაგრამ მოვიხურავდი თუ არა ჩემი ოთახის კარს, ან ბალახს ვეწეოდი, ან რაღაცებს ვლეწავდი, ან მთელს საძინებელს თავდაყირა ვაყენებდი და მერე ისევ ვალაგებდი
-ეგეთი რა მოხდა, რომ ამ ზომამდე მიხვედი? -აშკარა ინტერესმა დაიდო ბინა ლივიას გულში
-ის მოხდა, რაც ალბათ კიდევ ბევრს დამართნია ამ ასაკში -კეფაზე ხელი გადაისვა, თან გაეცინა. ბიჭის სახის გამომეტყველებიდან ლივიაც მიხვდა, რომ წარსულის ის მოგონებები დაუდგა თვალწინ, რომლებზეც ახლა საუბრობდა
-მომიყვები?
სანიმ თავი დაუქნია, თანხმობის გამისახატად. აქედან რამდენიმე წამში ამბის თხრობაც დაიწყო:
-მოკლედ, თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ბათუმში ყოფნის დროს, ერთმა ჩემმა იქაურმა მეგობარმა დაბადების დღეზე დამპატიჟა. მახსოვს ძალიან ბევრი დავლიე, მერე კი იუბილარის ერთ-ერთ კლასელი გოგონა გამოვიწვიე საცეკვაოდ. ისიც ნასვამი იყო და ყოველ გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ ყველაფრისთვის იყო მზად. მერე დეტალებში აღარ მახსოვს რა და როგორ მოხდა. მხოლოდ ის მახსენდება, რომ სანაპიროზე ერთად ჩავედით, ცოტა კიდევ დავლიეთ სუფრიდან მოპარული კონიაკი, რაღაც ტაბლეტიც გავიყავით და მეორე დღეს ერთმანეთში გადახლართულებსა და შიშვლებს გაგვეღვიძა. სწორედ ამ დროს გავიაზრეთ, რომ თავი არ დაგვიცავს.
-მერე?
-მერე საკმაოდ რთული პერიოდი დამეწყო. მართალია ყველაფერი არა, მაგრამ ის დზუსტებით მახსოვდა, რომ ერთ ღამეში რამდენჯერმე მაინც მოვასწრით და დიდი შანსი იყო იმისა ორსულად დარჩენილიყო
-და რა მოხდა? -დიდი ინტერესით უსმენდა ლივია თითოეულ მის სიტყვას, თან წამითაც არ აშორებდა მზერას
-ის მოხდა, რომ ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, თითქოს ვამშვიდებდით, ორი კვირის მერე კი გახარებულმა მაცნობა გადავრჩით ციკლი მომივიდაო და ეს ფაქტი აღვნიშნეთ კიდეც რესტორანში -კვლავ გაეცინა, თან საჭეს ცალი ხელი აუშვა და იგი ჩამოწეულ ფანჯარაზე შემოდო -იმ ამბების შემდეგ ერთმანეთი აღარც გვინახავს. ორივეს ჩვენი ცხოვრების ცუდ პერიოდს გვახსენებდა ერთმანეთის სახის დანახვა და გადავწყვიტეთ აღარც შევხვედროდით
-ის გოგო შენი პირველი იყო?
-არა რა პირველი -სიცილით გააქნია თავი -მაგ დროს პირველი პრაქტიკა უკვე ორი წლის გავლილი მქონდა
-ჯანდაბა, თურმე შენ რა ამბებში ყოფილხარ ცამეტი წლის ასაკიდან მოყოლებული
-მიდი, მიდი, დამცინე
-არ დაგცინი -მაშინვე დასერიოზულდა ლივია, თან მიხვდა, რომ იმ კითხვის გაჟღერებისთვის, რაც მოცემულ მომენტში უტრიალებდა გონებაში ახლა ყველაზე შესაფერისი დრო იყო -დავუშვათ მომხდარიყო და ის გოგო ფეხმძიმედ დარჩენილიყო. ასეთ შემთხვევაში რას გააკეთებდი?
-რა უნდა გამეკეთებინა? -გაკვირვებით აიჩეჩა მხრები -სანამ მუცელი დაეტყობოდა, ავდგებოდი და ცოლად მოვიყვანდი
-ამას დღევანდელი გადმოსახედიდან ამბობ, თუ თხუთმეტი წლის სანიც იგივენაირად მოიქცეოდა?
-დამიჯერე ისიც სწორედ ასე მოიქცეოდა -იმდენად გულწრფელი ტონი ჰქონდა ამის თქმისას, მცირედი ეჭვიც კი არავის შეეპარებოდა მის ნათქვამში და არც ლივიას შეპარვია.
-თუკი ასეა, ქედს ვიხრი შენს წინაშე. კაცები ბევრად უფრო მოწიფულ ასაკში გაურბიან მსგავსი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, შენ კიდევ მაშინ სათამაშო მანქანებისთვისაც კი ახალი გაშვებული გქონდა ხელი
აღარაფერი უთქვამს სანის. ცოტათი ეუცნაურა კიდეც ეს სიტყვები, რადგან კონპლიმენტების მაგივრად მუდამ ჩხუბი და კამათი ესმოდა ლივიასგან. მიუხედავად ამისა, სიამოვნება მაინც მოჰგვარა გაგონილმა სიტყვებმა და ალბათ დიდხანს გაჰყვებოდა კიდეც ეს შეგრძნება უეცრად ერთი რამ რომ არ მომხდარიყო. შუა ტრასაზე, სადაც იმ მომენტში სანის ჯიპის გარდა არც ერთი ოთხბორბლიანი არ მოძრაობდა, მისმა მანქანამ რაღაც პატარა აფეთქების მაგვარი ხმები ამოუშვა, სვლა საგრძნობლად შეანელა და აქედან რამდენიმე წამის შემდეგ სრულიად უძრავად გაჩერდა.
-ეს რა იყო?
დარსაველიძემ ნერვებმოშლილი სახით დაარტყა ხელი საჭეს.
-რა იყო და ხმა, რომელიც პრობლემის შექმნას მოასწავებს -გაეპასუხა წარბების შეკვრით
-მანქანა გაფუჭდა?
-ბინგო!
-კარგი და ახლა რა უნდა ვქვნათ? -სალონიდან გადასულ სანის, თავადაც სწრაფად მიჰყვა უკან, თან გარემოს თვალი დაკვირვებით მოავლო -იქნებ რომელიმე გამვლელი მანქანა გაგვეჩერებინა და დახმარება გვეთხოვა?
-ხუმრობ? აქაურობას შეხედე, იმდენად მიყრუებულია, ნებისმიერ ბუჩქში შეგვიძლია შევათრიოთ ადამიანი და გავძარცვოთ. შენი აზრით ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ გვენდოს და მანქანა გაგვიჩეროს?
-ჰო, ეგეც მართალია -როცა ყველა დეტალი გაიაზრა, თავადაც დაემოწმა ლივია, თუმცა სიტუაციისგან თავის დასახსნელად ალტერნატიული ვარიანტიც ჰქონდა -ვინმესთვის რომ დაგვერეკა და დახმარება გვეთხოვა?
-ასეც ვიზამდით, რომ არა შენი გენიალური იდეა, რის მიხედვითაც ტელეფონები სახლში უნდა დაგვეტოვებინა, რათა ბუნების რიტმი უკეთესად შეგვეგრძნო
-ჯანდაბა, ეგ სულ დამავიწყდა. აბა რა უნდა გავაკეთოთ? -კისრის უკან ერთმანეთში გადახლართა ორივე ხელის თითები გოგონამ
-მე რა ვიცი? ქალი არ ვარ კაბა რომ ავიწიო და მძღოლებს ლამაზი ფეხები დავანახო, რათა ქალაქამდე ჩამიყვანონ
-კიდევ კარგი ელასტიკი და შორტი მაცვია, თორემ მე მაიძულებდი მაგის გაკეთებას -მწარედ ჩაურტყა გოგონამაც, თუმცა არანაკლებ გესლიანი პასუხი მიიღო მოწინააღმდეგისგან
-შენი ფეხები მაგისთვის არ გამოდგება, წითურო
-ვითომ რატომ?
-კარგი, ვხუმრობ. ძალიან ლამაზი სხეული გაქვს, ამიტომ მას მხოლოდ რჩეულები უნდა უყურებდნენ, მაგალითად ჩემნაირები
-ცანცარს მოეშვი და რამე გააკეთე
-თუ ძალიან გინდა, თავად გააკეთე -მიუგო არხეინად, მერე კი მანქანის კაპოტზე გაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ლურჯად მოკრიალე ცას ახედა -მე ცოტა ხნით დავისვენებ
ძალიან გააბრაზა ლივია ბიჭის საქციელმა. როგორც ამჩნევდა იქ თავად იყო ერთადერთი, ვისაც შექმნილი სიტუაცია ადარდებდა, ამიტომ გადაწყვიტა არც თვითონ დაეწყვიტა ნერვული დაბოლოებები დიდად და აღარც გამოსავლის ძიებაზე ეჭყ'ლიტა ტვინის უჯრედები. ამის მაგივრად სიმშვიდეს მოუხმო, მანქანის კაპოტზე სანის გვერდით გაწვა, ხელები ზუსტად მასავით ამოიდო თავის ქვეშ და თვალებმოჭუტულმა აიხედა ზემოთ. ცის მშვიდმა, ლურჯმა ფერმა თითქოს წამებში იმოქმედა დადებითად გოგონას ნერვულ სისტემაზე. უწინდელი ფორიაქი სადღაც უკვალოდ, ბალახიდან აორთქლებული დილის ნამივით გაქრა და ასეთ მომენტშიც კი ისეთი პოზიტივით დაიმუხტა, რომ გარშემო აღარაფერი ადარდებდა.
-რა ქენი ჩაცხრი? -როგორც ჩანს სანიმაც შეამჩნია ლივიას დამშვიდება
-ჭილის ტბამდე ვერ მივაღწიეთ, თუმცა აქაურობაც ძალიან ლამაზად მეჩვენება
-ლამაზ ადგილებში ძალიან მშივდება ხოლმე. შოკოლადის ორცხობილა ხომ გვაქვს?
-გვაქვს, თუმცა იგი მარტო ჩემია და შენ არ გაჭმევ
ამ სიტყვებზე სანიმ და ლივიამ ერთმანეთში მზერები გაცვალეს. რამდენიმე წამის განმავლობაში უხმოდ უყურებდნენ ერთიმეორეს. მერე, თითქოს რაღაცამ მწარედ უკბინათო, ორივენი სინქრონულად წამოვარდნენ ფეხზე და ორცხობილის ყუთის დასასაკუთრებლად მანქანის უკანა სავარძლის კარებს მიახტნენ. ამ ორთაბრძოლაში, საბოლოო გამარჯვების გვირგვინი მაინც სანიმ დაიდგა თავზე, ვინაც ოსკარის ქანდაკებასავით ასწია ორცხობილის ყუთი ზემოთ, მოგების ნიშნად და ლივიას მხოლოდ პაწაწინა, ლამის ცერცვის მარცვლისოდენა ნაჭერი გაუწოდა. მერე კვლავ მანქანის კაპოტზე გაწვა, ოღონდ ამჯერად ხელები თავის ქვეშ აღარ ამოუდია და ლურჯი ცის მაგივრადაც გოგონას სახის გამომეტყველებას აკვირდებოდა.
-ნუ მიყურებ შრეკის კატის თვალებით
-აუ მაშინ ცოტა მაჭამე რაა -მართლაც რომ კატასავით მიუცუცქდა იგი სანის -ეს პატარა ნატეხი მე კი არა, იმ ბეღურასაც არ ეყოფა, ჩემს აივანზე რომ ვაჭმევ ხოლმე
-აჰა, ანუ თბილისელი ბეღურებისთვის კათარზისიც გაქვს გახსნილი
-რაღაც მაგდაგვარი -ნერწყვებმომდგარმა მიუგო, რის მერეც კვლავ საწყალი გამომეტყველება მოიშველია. ისეთი სევდიანი თვალებით უყურებდა, რომ სანის უკვე ძალა აღარ ჰყოფნიდა კვლავ უწინდებურად გაეგრძელებინა მისი სასტიკი წვალება. ამის მაგივრად შეკვრიდან ორი ცალი ორცხობილა ამოაძვრინა და მანქანის კაპოტზე თავის გვერდზე გაწოლილ ლივიას გაუწოდა.
ლურჯად მოკამკამე ზეცა, კვლავაც ლამაზად დაჰყურებდათ ზემოდან. მხოლოდ ერთი ღრუბლის ნაგლეჯი ჩანდა მთელს ცაზე და სწორედ ამ უკანასკნელს მიშტერებოდა სანიც, ვინაც მოულოდნელად ორცხობილის შეკვრა გვერდზე გადადო და დუმილი დაარღვია:
-ფუტკარო, მეჩვენება, თუ იმ ღრუბელს მართლა ტ*აკის ფორმა აქვს?
ხმამაღალი სიცილი აუტყდა ბიჭის სიტყვებზე ლივიას. იმდენ ხანს იცინოდა, სანამ საბოლოოდ სიცილისგან მუცელი არ ასტკივდა და სუნთქვა არ გაუჭირდა.
-არა გაფიცებ, სპეციალურად აკეთებ ასეთ რამებს თუ მართლა ეგეთი ხარ? -ჰკითხა, როგორც კი სული მოითქვა
-მაინც როგორი? -იდაყვით წამოიწია და ისე დახედა მის ღიმილიან სახეს
-აი ასეთი. ყველაფერზე ხუმრობ, ყველაფერში პოზიტივს ეძებ და მას გარშემო მყოფებსაც გადასცემ. უნდა ვაღიარო, ხშირ შემთხვევაში ძალიან სასიამოვნოც კია შენს გვერდით ყოფნა
-გითხარი არც ისეთი ურჩხული ვარ, როგორსაც ანთისა და ჯაბა მხატავენ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერე
-მოდი მაგ თემას შევეშვათ -თქვა, თან ხრაშუნა ორცხობილა გემრიელად ჩაკბიჩა -უკვე დროა იმაზე დავიწყოთ ფიქრი, როგორ გავაღწიოთ აქედან. ბოლობოლო ამ ტყეში დარჩენას ხომ არ ვაპირებთ?
-დავრჩეთ რა პრობლემაა? მე ტარზანი ვიქნები, შენ ჯეინი და ვიხტუნაოთ ხიდან ხეზე. თუკი მარტო ყოფნა მოგვბეზრდება ერთ-ორ ბავშვზეც ვიფიქროთ და ასე
-მართლა კლოუნი ხარ სანი დარსაველიძე
-კარგი, კარგი, ჰო -გოგონას სიცილზე თავადად გაეცინა მას -ცოტა კიდევ დავისვენოთ, მერე კი მანქანა დავტოვოთ და დასახლებულ პუნქტამდე ფეხით მივიდეთ. იქ ვიღაც აუცილებლად დაგვეხმარება
-რაღაც არ მომწონს ეგ აზრი
-მგონი ვიღაცას სიარული ეზარება და აზრებსაც ამიტომ მიწუნებს
-სულაც არ მეზარება, უბრალოდ ოდნავ ქუსლიანი, მოუხერხებელი ბათინკები მაცვია და ამით შორ გზაზე წასვლა ცოტა გამიჭირდება
სანიმ ჯერ გოგონას ფეხსაცმელს დახედა, მერე კი კვლავ გააგრძელა ორცხობილის ჭამა.
-მგონი რაღაც მოვიფიქრე -თქვა მან -ოღონდ ჯერ ეს შეკვრა გავათავოთ და საქმეს მერე მივხედოთ . . .
აქედან რამდენიმე წუთში, სანი უკვე შემოდგომის ხრაშუნა ფოთლებში მიაბიჯებდა, თავის მანქანასაც საგრძნობლად გაშორებოდა და ზურგითაც ტვირთი მიჰქონდა— ლივიას სახით, ვისაც ფეხები ბიჭის წელზე, ხოლო ხელები მის კისერზე ჰქონდა შემოხვეული, თან შემოდგომისფერ ტყეს ათვალიერებდა ღიმილიანი სახით.
მანქანა დაახლოებით კილომეტრის უკან მაინც ჰქონდათ მოტოვებული. დასახლებული პუნქტი ჯერ არსად ჩანდა, თუმცა გზას მაინც შეუსვენებლად აგრძელებდნენ და ლივიას უკვირდა კიდეც საიდან ჰქონდა სანის იმის ენერგია, ზურგზე ტვირთმოკიდებულს ევლო ამდენ ხანს.
-მისმინე, მძიმე ხომ არ ვარ? -ჰკითხა გოგონამ ვინ იცის უკვე მერამდენედ -თუ გინდა ცოტა ხნით ჩამოვალ და გზას ფეხით გავავრძელებ
-იყავი სადაც ხარ წითურო. უკვე მერვედ გიმეორებ, რომ ჩიტის წონა გაქვს და ფაქტობრივად ვერც კი გგრძნობ
-ეგეთი ანორექსიულად გამხდარიც არ ვარ -მაშინვე იუკადრისა ლივიამ
-არ მითქვამს, რომ ანორექსიულად გამხდარი ხარ, უბრალოდ ის ვთქვი მსუბუქი ხარ-მეთქი -მერე ცოტა ხნით გაჩუმდა და დაამატა -ისე ვარჯიშობ თუ საიდან ხარ ეგეთ ფორმაში?
-რას გულისხმობ?
-უბრალოდ სხეულის თითოეული ნაწილი იდეალური გაქვს -ოდნავ დაბალი, რაღაც შეცვლილი ხმით აღნიშნა დარსაველიძემ -თითქოს ვიღაცას შენი უნაკლოდ შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამაზე ძალიან ბევრი იმუშავა
ლივია დაიბნა. თავდაპირველად არც კი იცოდა რა ეპასუხა. სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც უნდა ეღიარებინა, რომ სანის სიტყვებმა მის შინაგან სამყაროზე ძლიერი გავლენა მოახდინა და გულში ესიამოვნა კიდეც ასეთი კონპლიმენტი.
-სპორტ-დარბაზებისა და ვარჯიშის დრო ძირითადად არ მრჩება ხოლმე -ბოლოს მაინც ისეთი პასუხი ამჯობინა, რომელიც სანის კონპლიმენტს არანაირად არ გამოეხმაურებოდა და სასაუბრო თემის შეცვლასაც შეუწყობდა ხელს
-ჩემს გამო არ გაქვს მაგის დრო?
-თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ, მე თვითონ გავყავი თავი ამ შარში
-ჯაბამ და ანთისამ მითხრეს, რომ ჩემთან მხოლოდ სერიალის გადაღებამდე იქნები -თქვა, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, მერე კი განაგრძო -ამის შემდეგ რა გეგმები გაქვს? რას აპირებ?
-რომში მინდა წასვლა -არც კი დაფიქფებულა ისე მიუგო გოგონამ -ჩვენს უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამა აქვს იტალიასთან და მინდა ბოლო კურსი იქ დავხურო. თან ვიმუშავებ კიდეც პარალელურად
-ანუ აქედან მინიმუმ ერთი წლით აპირებ გამგზავრებას -ხმაზეც კი შეეტყო, რომ აშკარად არ ჩანდა მოსმენილი ამბით ნასიამოვნები, მაგრამ თავის ფიქრებში ჩაძირულ ლივიას, ვინც წარმოსახვებში უკვე რომის ვიწრო ქუჩებში დასეირნობდა, ეს საერთოდ არ შეუმჩნევია.
-ჰო, ასე გამოდის
-მე არ მოგენატრები? -იმდენად გულწრფელად, საყვარელი ხმით ჰკითხა, გოგონამ მაშინვე გამორთო თავის წარმოსახვა, სადაც ღია კაფეში იტალიურ პიცას შეექცეოდა და კვლავ შემოდგომის ტყეში დაბრუნდა, სანისთან
-რა მკითხე?
-მე არ მოგენატრები-მეთქი?
გულზე რაღაცამ უხილავად მოუჭირა ლივიას. თითქოს სული ეტკინა. არ ელოდა ასეთ კითხვას და არც იმაზე ფიქრი სურდა, თუ რა იქნებოდა სერიალის გადაღებების დასრულების შემდეგ.
-შენი იუმორი მომენატრება -უპასუხა სახეზე მომდგარი სევდიანი ღიმილით -მაილო და ბოლტოც მომენატრებიან და გადასაღებ მოედანზე ყოფნაც, თუკი ალისიას არ ჩავთვლით
სანის გაეცინა.
-აჰაა, ანუ ალისია მაინცდამაინც არ მოგწონს
-სამაგიეროდ შენ მოგწონს
-საიდან მოიტანე, რომ მომწონს? -აშკარად გაკვირვებული ხმა ჰქონდა სანის -ბოლო პერიოდში, ჩემს პარტნიორ მსახიობთან რომანი არასდროს გამიბამს, ამის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ
-ჰოო? და რატომ?
-იმიტომ, რომ ეს პრობლემებს წარმოშობს ჯერ სამსახურში და შემდეგ უკვე პირადშიც. დამიჯერე მაქვს ამის გამოცდილება და ვიცი რასაც ვამბობ
-ჰოო -ჩაფიქრებული სახე მიიღო, თან ნიკაპზე აათამაშა თითები -გავიაზრე და მგონი მართალი ხარ
-დღეს იმდენ რამეში მეთანხმები ეს დღე კალენდარში უნდა მოვნიშნო
-მეც უნდა მოვნიშნო, რადგან ამ დიად დღეს, დიადმა სანი დარსაველიძემ უბრალო მოკვდავი მთელი ოცდახუთი წუთი ათრია ზურგით
-სიმართლე გითხრა, შენზე მეტად შენი გრძელი ენა უფრო მამძიმებს -თავი მიატრიალა გოგონასკენ ამის თქმისას -მგონი ცოტა დასამოკლებელია, რას იტყვი?
-რას ვიტყვი და წინ იყურე, ხეს არ დაეჯახო -თავი კვლავ სავალი ბილიკისკენ შეაბრუნებინა ბიჭს, თან ვინ იცის უკვე მერამდენედ იგრძნო ბაგეებზე მომდგარი უნებური ღიმილი. სანისთან დიალოგით კარგ ხასიათზე დამდგარს, მხიარული გამომეტყველება სახეზე მხოლოდ მაშინ მიეყინა, როდესაც წიწვის მაღალ ხესთან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით რომ აღმართულიყო, დიდი, ბანჯგვლიანი, რაღაც თავისთვის გაურკვეველი ჯიშის დორბლიანი ძაღლი შენიშნა, მეტად ავი თვალებით რომ იყურებოდა და აშკარად არ ჰქონდა კეთილი ზრახვები.
ლივიას თვალებში მაშინვე შიშის ნაპერწკლებმა დაიწყეს თამაში.
სწორედ ამ შიშმა აიძულა ბიჭის კისერს უფრო მაგრად მოხვეოდა და აფორიაქებულმა ვერც კი გააცნობიერა ისე გადააქცია სიტყვებად საკუთარი ფიქრები:
-მგონი დაგვერხა სანი
-მგონი კი არა ნამდვილად დაგვერხა ფუტკარო . . .




8 8 8 8
ჭრიჭინების მხიარული ჭრიჭინი ტყეს საამო მელოდიასავით ეფინებოდა. მზის თბილი, მოალერსე სხივები, ანცად დაიარებოდნენ ხეების ტოტებს შორის და სასიამოვნო სითბოს ჩუქნიდნენ დედამიწას. საკმაოდ უჩვეულო ამინდი იყო ნოემბრის თვისთვის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ცაზე მანათობელი კაშკაშა ბურთი სწორედ იმ დღეს ჩუქნიდა შემოდგომის ტყეს იმ სხივებს, რომელსაც იგი მთელი ზამთრის განმავლობაში ვეღარ იხილავდა.
ტყეში მდგომი ერთ-ერთი წიწვის ქვეშ, მისი ტოტები ლამის ცას რომ სწვდებოდა, მშვიდად გაწოლილოყო —დიდი, ბანჯგვლიანი ძაღლი. სწორედ ამ ძაღლს გადმოჰყურებდნენ ამავე ხის ყველაზე სქელი ტოტიდან, ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდომი სანი და ლივია, რომლებიც უკვე ოცი წუთი მაინც იყო, რაც იქედან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ქვემოთ მოკალათებული ბოროტი დარაჯის გამო. ეს უკანასკნელიც არხეინად გამოიყურებოდა და თითქოს ზუსტად იმიტომ არ იძვროდა ადგილიდან, რომ მათ ჩამოსვლას ელოდა მოთმინებით და აუღელვებლად.
-კარგი რაა, ნუთუ სხვა საქმე არ აქვს? -სევდიანად გაისმა ლივიას წუწუნი კიდევ ერთხელ. იმ წამს გოგონა ერთ ტოტზე თავად იჯდა, მეორეს მკლავებით დაყრდნობოდა და წიწვის ხეს, წარბშეკრული აცლიდა გამხმარ ქერქს.
-კიდევ კარგი აქ მაინც ამოვასწარით და არ დაგვგლიჯა, დანარჩენს ეშველება
-დარწმუნებული ხარ, რომ შენთვის არ უკბენია? -ინტერესით უყურებდნენ სანის იმ წამს ლივიას ცეცხლისფერი თვალები -ხეზე ჩემს მერე ამოძვერი და შარვლის ქვედა ნაწილიც გახეული გაქვს. შეიძლება აცრა დაგჭირდეს.
დარსაველიძემ თავი გააქნია.
-ფუტკარო, უკვე ათასჯერ მაინც დაათვალიერე ჩემი ფეხი. თუკი კანის ქსოვილის მთლიანობა არ არის დარღვეული, არც ანტირაბილური დამჭირდება. უბრალოდ კბილებით შარვალი გამიხია და მორჩა
-ნამდვილად იცი?
-კი, ნამდვილად ვიცი
ლივია რამდენიმე წამით გაჩუმდა. არც ბიჭს ამოუღია ხმა. მდუმარებაში მანამ ისხდნენ, სანამ გოგონას უეცრად ერთი სახალისო იდეა არ მაიწოდა ტვინმა და მისი ხმამაღლა გაჟღერება არ გადაწყვიტა:
-ისე საქმე მაინც არაფერი გვაქვს და ხომ არ გინდა ჩვენი ერთი ყველაზე ბედნიერი მოგონება გავიხსენოთ? ცოტა გავერთობით
-რატომაც არა, გავიხსენოთ -წამოწყებაში მალევე აჰყვა დარსაველიძეც, რადგან ასე უსაქმოდ ჯდომა და დაუსრულებელი ლოდინი უკვე აუტანელი გამხდარიყო მისთვის.
-შენ დაიწყებ, თუ მე დავიწყო?
-რადგანაც იდეა შენ გეკუთვნის, დაწყებაც შენთვის დამითმია
ფიქრის ნიშნად, ლივიამ, როგორც ჩვეოდა, ნიკაპზე დაიწყო თითების თამაში. მაშინ, როდესაც გამორჩეულ მომენტებზე მიდგებოდა საქმე, მუდამ თავისი საფრანგეთში ყოფნის პერიოდი ახსენდებოდა ხოლმე და ახლაც სწორედ ის კადრები ამოუტივდა წარსულის დამტვერილი სკივრიდან.
-მოკლედ, ყველაზე ბედნიერი მომენტი მაშინ მქონდა, როდესაც უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით პარიზში წავედი და ქუჩაში შემთხვევით ნანახმა ალენ დელონმა ავტოგრაფი მომცა
-შენ აღარც ხუმრობ. ანუ ალენ დელონის ავტოგრაფი გაქვს?
-მარტო ავტოგრაფი კი არა, თავისი სათვალეც მაჩუქა -სახეზე ღიმილით იხსენებდა გოგონა მაშინდელ ემოციებსა და განცდებს. თითქოს ჯერ კიდევ ცხადად გრძნობდა იმ ენით აღუწერელ სიხარულს, რაც მსოფლიოში ცნობილი მსახიობისგან მიღებულმა საჩუქარმა განაცდევინა -ალბათ საკუთარ შვილსაც არ მოვუფრთხილდები ისე, როგორც მაგ სათვალეს ვუფრთხილდები
-საბრალო შენი მომავალი შვილი, მზის სათვალე მასზე მეტად ეყვარებათ
-გეყოფა მაიმუნობა და ახლა შენი მომიყევი
სანიმ ღრმად ჩაფიქრებული სახე მიიღო. თავისი ცხოვრების განმავლობაში, მართლაც უამრავი ბედნიერი მომენტი ჰქონია, საკმაოდ ბევრი სიხარულიც განუცდია, თუმცა როდესაც ერთი კონკრეტულის გამოყოფაზე მიდგა საქმე, ტვინმა მაინც ამოუტივტივა ქვეცნობიერის სიღმეებიდან ის ერთი განსაკუთრებული კადრი და სანამ ამაზე საუბარს დაიწყებდა, ხის ტოტზე უფრო მოხერხებულად მოიკალათა.
-მოკლედ, ყველაზე მაგარი მომენტი მაშინ მქონდა, როდესაც თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიაზე გადაღებულ ფილმში ტყვედ აყვანილი ტერორისტის როლზე დამამტკიცეს. მახსოვს, რუსულ-ამერიკული ნეთფლიქსის პროექტი იყო. მაშინ ამ სფეროში მეც დამწყებად ვითვლებოდი და მხოლოდ ეპიზოდური როლები მქონდა ნათამაშები რაღაც დაბალრეიტინგულ ფილმებში.
-ეგ რომელია "ტრაგედია ღრუბლებში" რომ ჰქვია და პენსილვანიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებს რომ ასახავს?
-ჰო, ზუსტად ეგ -დაუმოწმა -ისე, შენ მგონი ჩემი ყველა ფილმი გაქვს ნანახი, თუ ვცდები?
-მართალია მაქვს, მაგრამ თავში ნუ აგივარდება -გამაფრთხილებლად აუწია თითი ამის თქმისას -მსახიობებს გასაგიჟებლად კარგი ვიზუალით კი არა, ნიჭით და ბუნებრიობით ვაფასებ, შენ კი ერთიც გაქვს და მეორეც
-მგონი ახლა მითხარი, რომ გასაგიჟებლად კარგი ვიზუალი მაქვს
გოგონამ თვალები აატრიალა.
-სანი, რომელსაც მე ვიცნობ, ზუსტად ამაზე გაამახვილებდა ყურადღებას და არა იმაზე, რაც მერე ვუთხარი
-რისი მოსმენაც უფრო გამისწორდა, ყურადღებაც იმაზე გავამახვილე
ლივიამ ჯერ ქვემოთ ჩაიხედა, რათა ენახა მათი "დარაჯი" ისევ იქ იწვა თუ არა, მერე კი, როცა დარწმუნდა ამ კუთხით არაფერი შეცვლილიყო, კვლავ ბიჭს დაუბრუნდა მზერით.
-თუ არ წავიდა რა გვეშველება? ხეზე ციყვებივით უნდა გავიკეთოთ ფუღურო და შიგ შევძვრეთ?
-თუკი ზამთრისთვის თხილის მომარაგებას შენს თავზე აიღებ თანახმა ვარ. თან საინტერესო იქნება შენთან ერთად ფუღუროს განაწილება -ქვედა ტუჩის კუთხეს მოსდო კბილები, პარალელურად კი გამომწვევი თვალებით გახედა გოგონას. ამ უკანასკნელმა, მხარზე ჩქმეტით დააჯილდოვა ასეთი გამოხედვისთვის.
-ახლა მართლა შეგტენი ფუღუროში და იქედან აღარც გამოგიშვებ!
-ცოტათი შემეშინდა
-სერიოზულად სანი, რა უნდა ვქვნათ? მგონი მართლა არ აპირებს აქედან წასვლას -ხის ქვეშ გაწოლილ ოთხფეხაზე ანიშნა ცერა თითით
-ნუ ღელავ, ოდესმე მობეზრდება და წავა, ან ვინმე გამოივლის და ის დაგვეხმარება. მანამდე კიდევ დროის გასაყვანი საშუალება გვჭირდება, ყურადღების გადასატანად, თორემ უკვე ერთი ადგილი ამტკივდა ამ მოუხერხებელ ტოტზე ჯდომით.
-ერთი ადგილის ტკივილს ვინ დაეძებს, იმდენი ხანია აქ ვზივარ, თავი მერცხალი მგონია
-მერცხლები ამ დროს თბილ ქვეყნებში ატარებენ შვებულებას
-ჰოდა მე აქ დავრჩი, ტროპიკები მაინცდამაინც არ მხიბლავდა -მერე ხის ტოტს ჩამოეყრდნო მკლავებით, ღრმად ამოისუნთქა და სანის გახედა. ბიჭი აშკარად ვერ ისვენებდა ერთ ადგილას და გამუდმებით იცვლიდა ჯდომის პოზას -ისე კარგად რომ დავუფირქდეთ ბედნიერებისთვის კიდევ უამრავი მიზეზი გაქვს
-მაინც რა მიზეზი?
ლივია წამით ჩაფიქრდა, აწონდაწონა ღირდა თუ არა იმის ხმამაღლა გაჟღერება, რაც
მოცემულ მომენტში უტრიალებდა თავში, თუმცა ბოლოს, წინადადების შუა გზაზე გაწყვეტას, მაინც მისი დასრულება ამჯობინა და ხმაც ამოიღო:
-იმას ვგულისხმობ, რომ დოლარის კუპიურებს ცხვირის მოსაწმენდად იყენებ, ულამაზეს სახლში ცხოვრობ, საუკეთესო მანქანა გყავს, შენს ლოგინში ყოველ დღე თუ არა, კვირაში ოთხჯერ მაინც ისეთი გოგო წევს, მეც კი ნერწყვების ყლაპვით ვაყოლებ თვალს. ბედნიერებისთვის ფაქტობრივად არაფერი გაკლია
-კარგი, ვაღიარებ ფინანსური კუთხით სხვებზე მეტად გამიმართლა, მაგრამ ვთვლი, რომ შენც გაქვს რაღაც ისეთი, რამაც შეიძლება თავი ბედნიერად გაგრძნობინოს
-განაგრძე -აშკარად დაინტერესდა ლივია, თუ რა იმალებოდა ამ სიტყვების უკან და ბიჭიც მიუბრუნდა დაწყებულ წინადადებას:
-იმას ვამბობ, რომ შენს თვალებს რაღაცის დანახვა შეუძლიათ, შენს ყურებს გაგონება, შენს ფეხებს სიარული. მართალია ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენებად გვეჩვენება და თვლი, რომ ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ რამდენი ადამიანია ისეთი, ვისაც აინტერესებს რა ფერი აქვს ოკეანეს, ღამის ცას, როგორ გამოიყურებიან მთვარე და ვარსკვლავები ან რა ზღაპრული სანახაობაა მზის ჩასვლა? -აქ ცოტა ხნით გაჩუმდა, ლივიას რეაქციას მიადევნა თვალყური და როგორც კი გააცნობიერა, რომ გოგონა მთელი გულისყურით უსმენდა, კვლავ განაგრძო -კარგი, მოდი ამას შევეშვათ. ის თუ იცი, რამდენი ადამიანი ოცნებობს საკუთარი ფეხით შეეძლოს ქუჩაში სასეირნოდ გასვლა ან დილით სირბილი პარკში? შენ გაქვს ამ ყველაფრის უნარი, თუმცა არაფრად აგდებ, რადგან გგონია ასეც უნდა იყოს. ადამიანები ვერასდროს ხვდებიან, რომ ნამდვილი ბედნიერება სწორედ ამგვარ წვრილმანებშია. იმ წვრილმანებში, რომლებიც მუდამ ცხვირწინ არიან, მაგრამ იმდენად ბრმები ვართ, ვერც კი ვხედავთ.
ხანგრძლივმა დუმილმა დაისადგურა. სანის გაცნობის შემდეგ, მართლაც პირველად ხდებოდა, რომ ლივია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით— გაშტერებული უყურებდა მის სახეს. უზომოდ ეუცხოვებოდა ბიჭისგან ამგვარი მონოლოგი და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა საპასუხოდ. ზოგჯერ მართლა უკიდეგანოდ აოცებდა ეს ადამიანი. ეჩვენებოდა, რომ მასში კიდევ ბევრი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობდა, რომლებიც ნელ-ნელა, ეტაპობრივად გამოჰყავდა დღის სინათლეზე, რათა უფრო მეტად გაეოცებინა გარშემო მყოფები.
-იცი ახლა რა გააკეთე? -ღიმილით დაიწყო გოგონამ, თუმცა სახეში არ უყურებდა დარსაველიძეს
-რა?
-ისეთ რამეზე დამაფიქრე, რაზეც აქამდე მართლა არასდროს მიფიქრია
-ხეზე უსაქმურად ჯდომის დროს ბრძნული აზრები მოდისო არ გაგიგია?
-მოკლედ, არასდროს ყოფილა მომენტი, რომ სერიოზულად დაწყებული დიალოგი, ბოლოს ხუმრობით არ დაგესრულებოს
-ჩემი ბრალი არაა, ენა თვითონ გამირბის -თავის გამართლების ნიშნად, ორივე ხელის გული ზემოთ ასწია, თან ძლივს იკავებდა ტუჩებთან მომდგარ ღიმილს. ლივიასაც ჩაეღიმა, მაგრამ საპასუხო სიტყვების მოფიქრება ვეღარ მოასწრო, რადგან სწორედ იმ მომენტში, ფოთლების უცნაური ხრაშუნი გაიგონა და მთელი გულისყურიც სწორედ ამ ხმაზე გადაიტანა.
-სანი მგონი ვიღაც მოდის -აღნიშნა მან ჩურჩულით. პარალელურად ხის ქვემოთ გაწოლილ ოთხფეხას გადახედა, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ ამ ხმას ის კი არა, რაღაც სხვა გამოსცემდა.
-მგონი კი არა, ნამდვილად მოდის -ამჯერადაც იცვალა ხის ტოტზე პოზა. წინადადებების დასრულებიდან ორ წამში, ძახილის მაგვარი ხმაც შემოესმათ, ამჯერად გაცილებით უფრო ახლო მანძილიდან.
-მიმის ახსენებს, მგონი ძაღლის პატრონია და ტყეშიც მას ეძებს -მერე კიდევ უფრო კარგად დაუგდო ყური და მეორე დასკვნაც გამოიტანა ლივიამ -აშკარად მოხუცი ქალის ხმაა
გოგონას სიტყვები, ძაღლის ქცევამაც დაადასტურა. როგორც კი ხის ქვეშ, არხეინად გაწოლილმა ახლო მანძილიდან გაიგო ქალის ძახილი, მწოლიარე მდგომარეობას მაშინვე გამოეთხოვა, ფეხზე სხარტად წამოხტა და რამდენჯერმე დაიყეფა.
-მიმიი შე სასიკვდილე! -ყეფას წამის მეასედში გამოეხმაურა ქალიც. ზუსტად იმ წუთას, ხეზე მჯდომმა სანიმ და ლივიამ, სქელ, შალის თავსაფარში გაკონილი, წელში ოდნავ მოხრილი, ჯოხიანი ქალიც დალანდეს ნელ-ნელა რომ მოემართებოდა მათკენ და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას შემოდგომის ფოთლებს ახრაშუნებდა.
ძაღლმა კიდევ რამდენჯერმე დაიყეფა, თან ადგილზე მხიარულად შეხტა. ყოველ ქცევაზე ეტყობოდა, რომ მოხუცი ქალი ნამდვილად მისი პატრონი იყო, თუმცა საბოლოოდ ამაში მაშინ დარწმუნდნენ ლივია და სანი, როდესაც ბანჯგვლიანი ოთხფეხა მის ფეხებთან მივიდა, ქვეშ პატარა ბავშვივით გაუწვა და უდანაშაულო კნუტის თვალებით ახედა თავზე წამომდგარს.
-სად იყავი შე სასიკვდილე აა?! -აშკარად გაბრაზებული ხმა ჰქონდა მოხუცს. ხის ტოტზე მჯდომ წყვილს ჯერ ვერც კი ამჩნევდა, იმდენად იყო დაკავებული საკუთარი ბრაზის ამონთხევით. ლივიამ და სანიმ გაღიმებულებმა გადახედეს ერთმანეთს. მერე კვლავ მოხუცზე გადაიტანეს მზერა, რომელიც იმ წამს თავის ოთხფეხა მეგობარს საყელურში აბამდა თოკს, ეს უკანასკნელი კი ცელქად ცმუკავდა ადგილზე. იმდენად უხაროდა პატრონთან ყოფნა, გარშემო უკვე აღარაფერი აინტერესებდა მის გარდა. ლივია მიხვდა, რომ ასე უხმოდ ჯდომით, მოხუცი კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა მათ დანახვას, ამიტომ გადაწყვიტა დუმილი დაერღვია.
-გამარჯობა ბებო! -ხმამაღლა დაიძახა მან, თან ხელის ქნევაც დაიწყო მისალმების ნიშნად. ქალი გახევდა. თავდაპირველად თითქოს შეეშინდა, თუმცა მერე თავის ოთხფეხა მცველს შეხედა და მისი იქ ყოფნით გულგამაგრებულმა, ცხვირზე დაკოფსებული სათვალის სწორებით აიხედა ზემოთ. გარკვეული დრო მართლაც გაოცებული უყურებდა წიწვის ხეზე შემომსხდარ, თავისთვის უცნობ ადამიანებს. მერე უფრო მეტად მიუახლოვდა, კარგად დააკვირდა და ზუსტად ისეთივე გაოცებული გამომეტყველებით ასძახა, როგორიც მათი დანახვისას ჰქონდა:
-მაგ სიმაღლეზე რამ აგიყვანათ ბებო?
სანის გაცინება მოუნდა ქალის დაბნეულ გამომეტყველებაზე, თუმცა ამის მაგივრად სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა ჩამოსძახა:
-ბოროტ დედინაცვალს გამოვექეცით ბებო და აქ ვემალებით. იცოდე არსად თქვა, რომ გვნახე
-არ მოუსმინოთ, ასე სულელურად ხუმრობს ხოლმე -ლივიაც ჩაერთო საუბარში, თან შეუმჩნევლად უჩქმიტა სანის მკლავზე -უბრალოდ მანქანა გაგვიფუჭდა, თქვენმა ძაღლმა შეგვაშინა და აქ ამიტომაც ამოვძვერით
ქალმა ჯერ ძაღლს დახედა, მერე კი ისევ ხეზე მჯდომი წყვილისკენ მიმართა მთელი ყურადღება.
-ჩამოდით შვილო, თოკით მიჭირავს ეს ბედოვლათი და ვერაფერს გიზამთ -ღიმილით მისცა მან გარანტია -ასე იცის, მოაღებს პირს და ყველას უყეფს, მარა ჩემთან თუ გნახათ და სუნი დაიმახსოვრა, მერე ხმის ამომღები აღარაა
-თოკზე ხელი ხომ არ გაგეშვებათ? -ჯერ კიდევ ყოყმანობდა ჩამოსვლას გოგონა. სურდა, სანამ ხიდან ფეხს ჩაადგამდა, ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული საკუთარ უსაფრთხოებაში.
-კი მიკანკალებს შვილო ეს დასაწვავი ხელები ცოტა, მარა თლათ მასეც არაა ჩემი საქმე, თოკი ვერ დავიჭირო.
-წამოდი, ნუ გეშინია -სანის ხმაც შემოესმა იმ წამს, ვისაც უკვე დაეწყო ქვევითკენ ჩასვლა -პატრონი აქაა, მაგრამ თუ მაინც რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, შეგიძლია კვლავ ზურგზე მომახტე
ღრმად ჩაისუნთქა ლივიამ. მართალია შიშის გრძნობა ბოლომდე არ ჰქონდა გამქრალი, თუმცა ბიჭს მაინც დაუქნია თავი, მერე კი კვლავ ძაღლს ჩახედა. იგი ამჯერად ქალის გვერდით იჯდა, მშვიდი თვალებით იყურებოდა და აღარც კბილებს აღრჭიალებდა ისე ბოროტად, როგორც პირველი შეხვედრის მომენტში.
ხიდან ორივენი ერთდროულად ჩამოვიდნენ. სათვალიანი, მოხუცი ქალი ახლა მათი ერთადერთი ხსნა იყო, რომელიც იქედან გაღწევაში უნდა დახმარებოდათ და სწორედ ამ იმედზე მაგრად ჩაჭიდებას აპირებდნენ მოცემულ მომენტში.
-მოდით შვილებო, მოდით, ნუ გეშინიათ -საუბრით ორივეს ესაუბრებოდა, თუმცა ყურებით მხოლოდ სანის უყურებდა, თანაც მეტად კეთილგანწყობილი, ღიმილიანი მზერით -აქვე ახლოს ვცხოვრობ, თუ გინდათ ჩემთან წამოდით და ცოტა დაისვენეთ
-მობილური ხომ გაქვთ? -მაშინვე ის ჰკითხა ლივიამ, რითაც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული -როგორც გითხარით მანქანა შუა გზაზე გაგვიფუჭდა და დასახმარებლად ვინმეს დავურეკავდით
-მაქვს ჩემო კარგო, აბა არ მაქვს? ოღონდ სახლში დავტოვე, როცა ამ სასიკვდილეს საძებნელად წამოვედი -გაბრაზებით დახედა ძაღლს წინადადების დასასრულს -დაბორიალებს ასე თავმოჭრილი ინდაურივით და უნდა ვზდიო ამ ხნის ქალმა კუდში, სადმე რომ არ დაიკარგოს
-თქვით აქვე ახლოს ვცხოვრობო, არა? -საბოლოოდ დასარწმუნებლად კიდევ ერთხელ ჩაეკითხა გოგონა
-კი შემოგევლე, ასე ხუთი წუთის სავალია და ჩემთან წაგიყვანთ. ცოტას მაინც დამელაპარაკებით, თვარა გამოვყრუვდი იმ ოთხ კედელში თლა მარტო ჯდომით
-შემთხვევით რამე გემრიელი კომპოტიც ხომ არ მოგეპოვებათ? -იმ მხარეს, სადაც ძაღლი არ ედგა, ხელკავი საუკეთესო მეგობარივით გამოსდო სანიმ. პარალელურად შეამჩნია როგორი ყურადღებით აკვირდებოდა ქალი. მაშინვე იცნო ეს მზერა -მიხვდა, რომ მოხუცს იგი სახეზე ძალიან ეცნობოდა და ტვინსაც მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებდა, რათა გაეხსენებინა საიდან.
-მაქვს ბებო, აბა არ მაქვს? -სიხარულმა გაუბრწყინა თვალები, თან უფრო კარგად დააკვირდა დარსაველიძის სახეს -შენ ისე კარგი ბიჭი ჩანხარ, ჩემი სანაქებო ფეიხოს კომპოტის გახსნასაც არ დაგამადლი
-აუ ბებო, რა მაგარი ტიპი ხარ! ჩემი იმედი გქონდეს, სასაუბროდ იმდენ ხანს დავრჩები, რამდენ ხანსაც მოგინდება -მერე ლივიას გახედა, ვინც, მათი დიალოგის გამგონე ჩუმი სიცილით მოდიოდა უკან და ჰკითხა -ხედავ ფუტკარო? ყველას ერთი ნახვით ვუყვარდები. მხოლოდ შენ ვერ მოგატეხე ეგ რქები.

8 8 8 8
დაახლოებით ღამის ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც სანის სახლის კარი, ზურგჩანთამოკიდებულმა, მაღალმა, ჩალისფერთმიანმა ბიჭმა შეაღო და კარებთან იმ წამს მიცვენილ მაილოსა და ბოლტოს თავზე ხელი სათითაოდ გადაუსვა.
სახლის არც ერთი ოთახიდან შუქი არ გამოდიოდა. არც ტელევიზორის ხმა მოისმოდა საიდანმე და არც რამე სხვა, რაც იმას დაადასტურებდა, რომ შინ კიდევ იყო დამატებითი პიროვნება. ამას ახლადმოსულიც კარგად მიხვდა, ამიტომ, როგორც კი ძაღლების მოფერებით გული იჯერა, ჰოლში შუქი მაშინვე აანთო და მძიმე ზურგჩანთის მოხსნის შემდეგ, პირდაპირ მისაღები ოთახისკენ აიღო გეზი. იქაც სრული სიმშვიდე და იდილია სუფევდა. მხოლოდ მინიატურული ბუხრის სასიამოვნო ტკაცუნის ხმა იბნეოდა სიჩუმით გაჟღენთილ ჰაერში და ცოტათი ახმაურებდა დუმილით მოცულ ატმოსფეროს. ბიჭმა ღიმილით მოათვალიერა თავისთვის უკვე კარგად ნაცნობი ოთახი, რომელთანაც მართლაც უამრავი ტკბილი მოგონება აკავშირებდა და ამჯერად დახურული აუზების ოთახისკენ წავიდა, ტანსაცმლის გახდის პარალელურად. შიგნით შესვლისას, აბსოლუტურად ყველაფერი ისე დახვდა, როგორც წასვლამდე დატოვა. ბამბის თეთრი პირსახოცები, კვლავ მეორე აუზის შორიახლოს მდგომ, პატარა, მაღალ მაგიდაზე იყო შემოწყობილი, ბასეინებში წყალი უწინდებურად სისუფთავისგან კამკამებდა და განათებაც ისევ ღია ოქროსფერი იყო.
ბიჭს გაეღიმა იმის გაცნობიერებაზე, რომ ამ ოთახში მცირედი ნიუანსებიც კი უცვლელი რჩებოდა. ბევრი აღარ უფიქრია, როგორც კი ზედმეტი ტანსაცმლისგან სრულიად განთავისუფლდა, მაღლა აწეული ხელები შეატყუპა და აუზის კრიალა წყალში, პირდაპირ თავით გადაეშვა. დიდი ხნის განმავლობაში ცურავდა. აუზის ერთი კიდიდან მეორესთან მიდიოდა, ბოლოში გასული ფეხის გულს მიარტყამდა და კვლავ ჩქარი ცურვით მიიწევდა უკან. ისე იქცეოდა, თითქოს ენერგიისგან სრულიად დაცლა ჰქონდა გადაწყვეტილი და მანამ არ აპირებდა გაჩერებას, სანამ ამ მიზანს ბოლომდე არ მიაღწევდა. აუზში ჩასვლიდან დაახლოებით ათი წუთი იქნებოდა გასული, როდესაც ბიჭის სხეულმა აშკარად იგრძნო გადაღლილობა. იმ მომენტში ისიც გააანალიზა, რომ ცურვის გასაგრძელებლად ძალა აღარ ჰქონდა, ამიტომ კიდესთან მისული, მას მკლავებით ჩამოეყრდნო, ზემოდან ნიკაპი დაადო და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას მოჰყვა. გარკვეული დრო სიჩუმეში იყო და გარშემო არანაირი ხმაური არ გაუგონია. ასეთ სიმყუდროვეში, ალბათ სულ ცოტაც და ჩაეძინებოდა კიდეც რომ არა მოულოდნელი კარის ჯახუნი, მისაღები ოთახიდან რომ გაისმა, თანაც საკმაოდ მკაფიოდ.
ბიჭმა მკლავებზე დადებული თავი მაშინვე აიღო და გადაღლილი თვალები ახალგაღვიძებული ჩვილივით მოისრისა. სახეზე კმაყოფილების კვალი აჩნდა, რადგან უკვე კარგად ხვდებოდა, ვისი გამოწვეულიც იყო ეს ხმაური. არც შემცდარა. ნაბიჯების ხმის გაგებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, აუზების ოთახში ჯერ მაილო და ბოლტო შემოცვივდნენ, ხოლო სულ მალე, მათ სპორტულ სამოსში განოწყობილი სანიც უკან მოჰყვა, ვინაც, შემოსასვლელში დატოვებული ზურგჩანთის მეშვეობით, აშკარად იცოდა სახლში წვეული მოულოდნელი სტუმრის შესახებ.
აუზის კიდესთან, ჩალისფერთმიანი ბიჭის დანახვა ოდნავადაც არ გაჰკვირვებია დარსაველიძეს. პირიქით, სწორედ მის დანახვას ელოდა აქ შემოსული და მოჰკრა თუ არა თვალი თავისთვის კარგად ნაცნობ სახეს, მაშინვე ოდნავშესამჩნევი ღიმილით გადაიძრო თავისი მაისური, რათა წყალში თავადაც გადამხტარიყო.
-როგორაა საქმეები? -ჰკითხა სანიმ, თან შარვლის გახდასაც მოჰყვა -მორიგი გასვლა ისევ ორ დღეში გაქვს დაგეგმილი, თუ ამჯერად დიდი ხნით რჩები?
-დასაწყისისთვის მომესალმე მაინც ძამიკო -სველ თმაზე მარცხენა ხელი გადაიტარა ბიჭმა, მერე კი უფრო მოხერხებულად ჩამოეყრდნო მკლავებით აუზის კიდეს. გაგონილმა სიტყვებმა, სანის ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ხმა მანამ არ ამოუღია, სანამ თავადაც არ გადაეშვა წყალში და რამდენიმე წამის შემდეგ ზედაპირზე არ ამოყო თავი.
-მთელი ოთხი თვე არ ჩანდი -საყვედურის კილო ადვილად შეიმჩნეოდა სანის სიტყვებში -უკვე იმასაც ვფიქრობდი, რომ ტყეში რომელიმე დათვმა დაგგლიჯა, სალაშქრო ტურის ხელმძღვანელობა კი ამ ფაქტს მალავდა
-ხუმრობ? -ცოტათი რომ ენერგიაზე მოსვლა იგრძნო, წყალზე ზურგით გაწვა და ისე შეუდგა ცურვას -დაჩი დარსაველიძემ შეიძლება ყველანაირი გზით დაასრულოს სიცოცხლე, მაგრამ დათვის მომნელებელ სისტემაში მოხვედრას ნამდვილად ვერ აიტანს
-მორჩი ყბედობას და თქვი რამდენი ხნით რჩები
ბიჭმა წყალზე ზურგით გაწოლილი ცურვა მაშინვე შეწყვიტა, აუზის კიდეს, სანის მსგავსად მიეყუდა ზურგით და იდაყვში მოხრილი მკლავები ზემოთ შემოაწყო.
-სავარაუდოდ დიდი ხნით მომიწევს დარჩენა -მიუგო, თანაც ისეთი ტონით, რომლის უკანაც აშკარად დიდი საიდუმლო იმალებოდა -ემილი აპირებს ჩამოსვლას რამდენიმე დღეში. მნიშვნელოვანი ახალი ამბავიც აქვს ჩვენთვის.
-სერიოზულად? გუშინ ღამით ვესაუბრე და ჩემთან ამაზე სიტყვა არ დასცდენია
დაჩის სახე უფრო მეტად დასერიოზულდა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ. თვალებში ეტყობოდა, რაღაც არ ასვენებდა. შეიძლება ითქვას, ანერვიულებდა კიდეც.
-მიზეზიც აქვს ამისთვის. ისეთი ამბავი უნდა გითხრას, წესით აღფრთოვანებული არ დარჩები
-რა ხდება? -სანისაც იმ წამსვე შეეცვალა სახე, რა წამსაც ეს გაიგონა. მისი მოთმინების ფიალისდა საბედნიეროდ, დაჩის მხრიდან, მცირეხნიანი პაუზის გარეშე გაისმა პასუხი:
-ის ხდება, რომ ჩვენი და, მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს -ძმისკენ არც გაუხედავს ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, თანაც იმოდენა სევდით, გარეშე პირიც რომ შენიშნავდა, რამდენიმე მეტრის მანძილიდან -დანარჩენის თქმის უფლებას მას დავუტოვებ, ჯობს ეს თავად გააკეთოს
-დაჩი, ან ბოლომდე მეტყვი რა ხდება, ან ამ აუზის ფსკერზე მოგიწევს ცხოვრების ბოლო წამების ათვლა!
-მოდი დასაწყისისთვის რამე გემრიელი მაჭამე და შემდეგ ემილის ერთად დავურეკოთ, მგონი ჩემს წყალში ჩახრჩობას ეს ვარიანტი ჯობია -თქვა თუ არა ეს, მაშინვე ამოზიდა ტანი წყლიდან, ზემოთ ასულმა, მაგიდაზე დაწყობილი პირსახოცებიდან ერთ-ერთი აიღო და მაშინვე სანის გამოხედა. ამ უკანასკნელს ოდნავადაც არ ეცვალა მდგომარეობა და კვლავაც ისეთივე ჩაფიქრებული მზერით უყურებდა ერთ წერტილს -მოდიხარ თუ ვარდიანი ბარათი გინდა?
-ვარდიან ბარათს შევეშვათ და იმედია ემილი ისეთის არაფრის თქმას არ აპირებს, მთელი თვის განწყობა რომ მომიშხამოს
-მთელი თვის არა, მაგრამ ნახევარი თვის შეიძლება -მერე ცალი წარბი აზიდა და ეჭვიანად გახედა უფროს ძმას -ჰო მართლა, შენ სად იყავი აქამდე? ვიცი დღეს დასვენების დღე გაქვს და გადასაღებ მოედანზეც ვერ შემორჩებოდი ამდენ ხანს
-გადასაღებ მოედანზე არ ვყოფილვარ, მაგრამ წიწვის ხეზე ნამდვილად ვიჯექი რამდენიმე საათი, ქვემოთ ავი ძაღლი მდარაჯობდა და მერე ერთ მოხუც ბებოსთან ძაან მაგარი ფეიხოს კომპოტიც დავლიე, მისსავე სახლში
-რაო რა თქვი? -სიცილი აუტყდა დაჩის -ძმობას გაფიცებ სად იყავი? ასეთი კარგი მოსაწევი ჰქონდათ?
სანი სიცილით ამოვიდა წყლიდან, მერე კი თავადაც მაგიდიდან აღებული პირსახოცით შეიმშრალა ბრილიანტისფერი წვეთებით დანამული სხეული.
-ყოველთვის ასეა რა, როცა სიმართლეს ამბობ, შენი არავის სჯერა
-კარგი, მიდი ჩაიცვი, დანარჩენზე გარეთ ვილაპარაკოთ -თავით აუზების ოთახიდან გასასვლელი კარისკენ ანიშნა და სანამ კიდევ რამის თქმას მოასწრებდს სანი, მანამ დატოვა იქაურობა.
დაჩის ოთახი, სახლის მეორე სართულზე მდებარეობდა, თუმცა ბიჭი მას დასაძინებლად არასდროს იყენებდა ხოლმე. ამის მაგივრად, გამუდმებით მისაღების დივანზე ეძინა, ტელევიზორის წინ, ხოლო თავისი საძინებელი მხოლოდ გარდერობისთვის და პირადი ნივთების შესანახად ჰქონდა მოწყობილი, რადგან როდესაც საქმე დაძინებას ეხებოდა, დახურულ სივრცეს ვერაფრით ეგუებოდა ხოლმე. ისევე როგორც ძილზე, საკვებშიც მეტად პრეტენზიული გემოვნება ჰქონდა დაჩის. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული ვერ იტანდა კერძებს, რომელთაც ხახვი ან მწვანილი ჰქონდათ გარეული. ახლაც, როდესაც სანის მაცივარში იქექებოდა, სწორედ ისეთ საჭმელს ეძებდა, რომელშიც მისთვის საძულველი პროდუქტებიდან არც ერთი მათგანი არ იქნებოდა გამოყენებული. სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული მაშინაც, როდესაც სამზარეულოში, ხმაურიანად შემოაბიჯა სპორტული მაისურის სწორებით დაკავებულმა სანიმ, ნახევრად სველ სხეულზე რომ გადაეცვა აუზში ბანაობის შემდეგ.
-რა ქენი, იპოვე რამე? -ჰკითხა ძმას, თან მაგიდასთან ჩამოჯდა თითებგადაჭდობილი. დაჩიმ სწორედ იმ წამს გამოყო თავი მაცივრიდან.
-კი, რაღაც საინტერესო აღმოგაჩნდა -თავისი საჭმლიანად, თვითონაც გვერდით მიუჯდა უფროს ძმას. ამ დროს, მაგიდაზე დადებული კურდღლებიანი ყურსასმენებიც დალანდა და ღიმილით შეათამაშა ხელში ეს უკანასკნელი -გაფიცებ, ეს რაღა ჯანდაბაა?
-ყურადღებას ნუ მიაქცევ, ალბათ ჩემს ფუტკარს დარჩა
-შენს ფუტკარს? -სახეზე აშკარად შეეტყო დაინტერესების კვალი, რის გამოც სანი იძულებული გახდა უფრო ვრცელი განმარტება გაეკეთებინა:
-ჰო, ერთი გოგოა. ჯაბამ და ანთისამ სპეციალურად დამიქირავეს, რათა ასე ვთქვათ ყვითელ პრესაში არ გამოვჭენდე სკანდალურად
-აჰაა ყველაფერი გასაგებია, ანუ ის ფუტკარი შენი პირადი მისის დაუთფაიერია -სიცილით გადააქნია თავი და მორიგი კითხვაც გააჟღერა -ნამდვილი სახელი რა ჰქვია მაგ უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილს?
-შენ გირჩევნია ყბედობას შეეშვა და ჭამა მალე დაასრულო, ემილისთან გვაქვს დასარეკი
-ოო რა იყო, რა ბალიშის მეორე მხარესავით ცივი ხარ დღეს? ეგეთიც არაფერი მომხდარა, ორ აგურს რომ ვეძებდეთ თავში სარტყმელად
-როცა საქმე ემის ეხება, ყველაფერი მაფიქრებს
-ჰო, ვიცი, მაგრამ ნუ ღელავ, თავს საკმაოდ კარგად გრძნობს, ამიტომ ნუ დამახრჩვე და გადამაყლაპე ეს სალათი -მორიგი ლუკმა ჩაიდო და ამჯერად უკვე პირგამოტენილმა განაგრძო საუბარი -სხვათა შორის გემრიელია, რისგანაა?
-ქათმის ხორცისგან და რაღაც სანელებლებისგან. ზუსტად მეც არ ვიცი, ლივიამ მოიტანა
-ლივიამ? -მერე ეჭვისგან შეჭმუხნილი წარბები გაეხსნა, ისე, თითქოს მის თავში ნათურა აინთო და რაღაც მნიშვნელოვანს მიხვდაო -აჰაა, ანუ ლივია ჰქვია იმ ფუტკარს?
-ჰო -რაც შეიძლებოდა მშრალი პასუხი წამოვიდა სანის მხრიდან, თუმცა ამან მაინც ვერ იმოქმედება დაჩის სურვილზე, რაც შეიძლებოდა მეტი გაეგო თავისთვის ჯერ კიდევ უცნობი გოგონას შესახებ.
-ზედმეტსახელებს არავის არქმევ ძამიკო, რა მოხდა ხომ არ დაგევასა?-ჰკითხა ოდნავ ღიმილიანი, გამომცდელი მზერით, თუმცა როდესაც უფროსი ძმის დაბღვერილ გამომეტყველებას მოჰკრა თვალი, მაშინვე დაეკარგა დაკითხვის გაგრძელების სურვილი და სასწრაფოდ გააკეთა პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია.
ამ მომენტიდან ჭამის დასრულებამდე, ხმა ერთხელაც კი აღარ ამოუღია დაჩის. თავის მხრივ არც სანი ცდილობდა მდუმარების დარღვევას. ძმებს შორის საუბარი მხოლოდ მაშინ განახლდა, როდესაც დაჩის წინ დადებული სალათის თეფში სრულიად დაცარიელდა და ეს უკანასკნელიც ფეხზე წამოდგა, რათა დასვრილი ჭურჭელი ნიჟარამდე მიეტანა.
-მიდი, აიღე ტელეფონი და ჩვენს დას დაურეკე -უთხრა დაჩიმ უკანმოუხედავად -დღის ამ მონაკვეთში სახლშია ხოლმე და გიპასუხებს
უფროსი ძმისგან პასუხი აღარ გაუგონია, თუმცა როდესაც თეფშის ამორეცხვა დაამთავრა და მოტრიალდა, დაინახა, რომ სანის უკვე ხელში ეჭირა ტელეფონი, თან ზარის გამსვლელ ღილაკზეც მოესწრო თითის დაჭერა.
-რეკავ?
-როგორც ხედავ კი
-ნუ იღრინები რა, თვითონ გეტყვის რაც ხდება, ვერ ვავიგე მე რას მერჩი?
-ბავშვობიდან ასეთი აუტანელი იყავი, რაღაცაზე საუბარს იწყებდი ხოლმე და ბოლომდე არასდროს ამთავრებდი. დღესაც ზუსტად ასე იქცევი
-აუ თუ ძმა ხარ არ გვინდა ახლა ეს რიჟა ბაზარი, ჩემი სათქმელი რომ იყოს გეტყოდი, მაგრამ ეგრე ნამდვილად არაა
-თუკი ასეა, არც ამ თემის წამოჭრა იყო შენი საქმე და ენისთვის კბილი უნდა დაგეჭირა -სანიც არ თმობდა პოზიციებს. ამ გზით ცდილობდა ის აუტანელი მოუთმენლობის განცდა გაექრო, მთელს მის გონებაში რომ ჰქონდა გადგმული ფესვები უღრანი ტყის მსგავსად
-აუ ჩემი, უკვე ტვინს ბურღავ
-ტვინის ბურღვაზე შენ არ უნდა მელაპარაკებოდე
-ასე უნდა დახვდე ოთხი თვის უნახავ ძმას? -ვითომ შეწუხებული გამომეტყველება მიიღო დაჩიმ. როგორც არ უნდა ყოფილიყო განერვიულებული ემილის მოულოდნელი სიუპრიზით, უფროსი ძმის მჟავე სახის ყურება მაინც ზედმეტად ართობდა.
-უკეთესი დახვედრა თუ გინდა, უნდა დაიმსახურო
-მერე და რით ვერ დავიმსახურე?
-მეკითხები კიდეც?
-ჰო, გეკითხები და კარგი იქნება თუ პასუხს გამცემ
-ეი, ბიჭებო! -ერთმანეთთან კამათში გართულებმა, უეცრად მესამე პირის ჩართვაც იგრძნეს დიალოგში. რამდენიმე წამი დასჭირდათ იმის გასააზრებლად, რომ ეს ხმა ტელეფონიდან მოდიოდა და ემილის ეკუთვნოდა -აჰაა, როგორც იქნა კინკლაობა შეწყვიტეთ და ყურადღება მომაქციეთ. არადა უკვე გათიშვას ვაპირებდი
-სალამი ემ -პირველად დაჩი გამოერკვა და ხელის აწევით მიესალმა დას. კამერაში ჩანდა, რომ გოგონა იმ წამს საწოლში იწვა და ტანზეც ლურჯი, კაპიუშონიანი ხალათი ეცვა, კურდღლის ყურებით
-სალამი ბაჭიებო -თბილი ღიმილით შეხედა ორივეს გოგონამ -ვერც კი წარმოიდგენთ რა საყვარლები ხართ, როცა ჩხუბობთ
-დაჩიმ მითხრა, რომ ამ დღეებში ჩამოდიხარ და რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი -წამიც კი არ მოიცადა ისე გადავიდა მთავარ თემაზე სანი.
ემილის სახეს კარგად შესამჩნევი დაბნეულობა დაეტყო, თუმცა მიუხედავად ამისა, პასუხის გაცემაზე დიდხანს მაინც არ უწვალებია უფროსი ძმა.
-ჰო ასეა -თავი დაუქნია. პარალელურად, მკვლელი მზერით გახედა დაჩის, ვინაც უკვე აღარ იცოდა საითკენ მიემართა უხერხულობის გრძნობით გაჟღენთილი მზერა -კარგი ამინდია დღეს მაქეთ?
-თემას ნუ ცვლი ემი, რა ხდება?
-სანი, არ ჯობია ამაზე პირისპირ ვილაპარაკოთ? -ტონზეც ზუსტად ისევე ეტყობოდა საუბრისგან თავის დაძვრენის მცდელობა, როგორც გამოხედვაზე -ასე ტელეფონით რაღაც არა მგონია კარგი აზრი იყოს
-მერწმუნე პირადადაც აუცილებლად ვილაპარაკებთ -არც სანი აპირებდა სადავეების დათმობას -ახლა კი ყურადღებით გისმენ, დაიწყე
რამდენიმე წამით შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოწვა. ამ სიჩუმეში ემილიმ რაღაც პერიოდით თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა, მერე გვერდზე გაიხედა, ოდნავ ჩაეღიმა და კვლავ მისი ხმის ამოღების მომლოდინე ძმებისკენ მიაბრუნა თავი.
-ვთხოვდები ბიჭებო -თქვა გოგონამ ხმადაბლა, თუმცა მდუმარებით მოცულ სამზარეულოში, მაინც ექოსავით გავარდა მისი ხმა. სანის გიტარის სიმივით დაეჭიმა მთელი სხეული. ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო აზრზე და ის სიტყვებიც, რომლებიც ცოტა ხნის წინ ემილის პირიდან ამოვიდა, სრულ ილუზიად ეჩვენებოდა
-მოიცა რას შვრები? -იკითხა ბიჭმა გატეხილი ხმით, თან გვერდით მჯდომ, თავჩაქინდრულ დაჩის გახედა. მართალია ბიჭი მასავით გაკვირვებული არ ჩანდა ახალი ამბით, თუმცა არა ნაკლებ ადარდებდა შექმნილი მდგომარეობა
-რას ვშვრები და ვთხოვდები სანი. რა არის აქ გაუგებარი?
-ემილია, სულ რაღაც ცხრამეტი წლის ხარ, რას ბოდავ? -საშინლად გაბრაზებული ჩანდა იგი. სრული სახელით, მხოლოდ ბრაზის მომენტში თუ მიმართავდა ხოლმე უმცროს დას, ახლა კი სწორედ ასეთი მომენტი იდგა.
-დაიცადე, ჯერ ყველაფერი არ უთქვამს -და-ძმის საუბარში, მესამე დარსაველიძეც ჩაერთო, დაჩის სახით -ის ფაქტი გამორჩა, რომ მისი საქმრო მასზე თერთმეტი წლით არის უფროსი და ფაქტობრივად მამად ეკუთვნის.
-დაჩი ენას ამოგაძრობ -ტელეფონში ემილის ნაწყენი ხმა გაისმა, ვინც მობღვერილი სახით უყურებდა საკუთარ ძმას და გვერდით რომ ჰყოლოდა, სავარაუდოდ ხელითაც კი შეეხებოდა.
-რა მოხდა, ოდესმე ხომ მაინც გაიგებდა?
-მოიცა, მოიცა, ამას ახლა სერიოზულად ამბობთ თქვენ ორნი?
-კი, სანი -მთელი გამბედაობა მოიკრიბა, რათა ამჯერად მეტად მტკიცე ტონი ჰქონოდა ძმების წინაშე -მას მარკი ჰქვია და ამერიკიდან ჩემთან ერთად ჩამოვა თქვენს გასაცნობად. ქორწილის გადახდასაც მანდ ვგეგმავთ.
კვლავ დუმილი ჩამოწვა. ამჯერად უფრო დიდხნიანი და უფრო დაძაბულიც. ასეთ ატმოსფეროში უკვე სუნთქვაც კი მძიმე გახდა სამივესთვის, განსაკუთრებით კი სანისთვის, ვისაც ჯერ კიდევ აუტანელ ტკივილს აყენებდა იმის გაცნობიერებაც კი, რომ თავისი უმცროსი და, რომელსაც ძილის წინ თავად უკითხავდა ზღაპრებს და გულში ჩახუტებულს აძინებდა, ახლა ვიღაც უცხოელზე, თანაც თავისზე თერთმეტი წლით უფროს მამაკაცზე აპირებდა გათხოვებას, ცხრამეტი წლის ასაკში. ეს ყველაფერი მართლაც მეტისმეტი იყო სანისთვის. იმ წამს ისიც კი მოუნდა, რომ გარშემო ყველაფერი დაელეწა და თავის შიგნით დაბუდებული ბრაზიც ამ საშუალებით ამოენთხია, თუმცა როგორღაც თავი მოთოკა, ყურმილის დაკიდების ღილაკზე თითის დაჭერით ემილისთან წამოწყებული ვიდეო-ზარი გათიშა და სამზარეულოს სკამიდან წამომდგარმა, პირდაპირ მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს დაავლო ხელი. მისი ეს საქციელი არც დაჩის თვალისთვის ყოფილა შეუმჩნეველი.
-სანი სადმე აპირებ წასვლას? -თავადაც ფეხზე წამოხტა, რათა სიტუაციაში გარკვეულიყო
-მომწყდი თავიდან!
-სანი-მეთქი! -მკლავში ხელის ჩავლებით მისი შეჩერება სცადა დაჩიმ, თუმცა ვერც ამ გზით შეძლო უფროსი ძმისთვის გზის გადაღობვა, რადგან ამ უკანასკნელმა იგი ხელის კვრით მიანარცხა მაცივარს, ბოლოჯერ ესროლა გამაფრთხილებელი, ბასრი მზერა და ისე დაიძრა სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ, რომ არც კი დაუბარებია სად მიდიოდა, ან როდის დაბრუნდებოდა უკან. არ მიუქცევია ყურადღება დაჩის ძახილისთვის, ის აზუზუნებული ტელეფონიც დააიგნორა, რომელზეც ემილი ცდილობდა მასთან კავშირზე გასვლას. იმ წამსა და იმ მომენტში, თითქოს უხილავი ინსტიქტები მართავდნენ ბიჭის თითოეულ ნაბიჯსა თუ მოძრაობას და სწორედ მათ აყოლილი მიაბიჯებდა ეზოში დაყენებული თავისი მანქანისკენ. ახლა, მხოლოდ იქაურობისგან ძალიან შორს წასვლა უნდოდა, თუმცა კიდევ სურდა ერთი რამ. იმდენად სურდა ეს რაღაც, რომ ამჯერადაც ინსტიქტებს დანებდა —ჩაჯდა თუ არა მანქანაში, მაშინვე მოიმარჯვა თავისი მობილური, საჭირო ნომერი აკრიბა და სპეციალურ სათავსოში ჩასმული ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე გადართო, რათა საჭის მართვის პარალელურად საუბარი შესძლებოდა. წყვეტილი ზუმერის ხმა, ყურმილში ოცი წამის განმავლობაში მაინც ისმოდა. ამასობაში ბიჭმა მანქანის დაქოქვაც მოასწრო და მისი ეზოდან გაყვანაც. მხოლოდ მაშინ მოესმა სასურველი ადამიანის ნამძინარევი ხმა, როდესაც უკვე გზატკეცილზე გადიოდა თავისი რეინჯ-როვერით.
-რა მოხდა სანი?
-იმედია სახლში ხარ ფუტკარო
-სახლში ვარ, მაგრამ ხდება რამე? -ხმაზე ეტყობოდა ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო ძილისგან
-ჰო, ხდება! -სიჩქარის მაჩვენებელი მაქსიმალურად გაზარდა ბიჭმა, თან საქარე მინა ჩამოსწია -ახლავე მოემზადე, გამოგივლი და სადღაც მივდივართ!
-კი მაგრამ, ბოლოს ორი საათის წინ არ ვნახეთ ერთმანეთი? -საწოლში წამომჯდარ ლივიას, სანისთან ერთად ხეზე ჯდომისა და უეცრად გამოჩენილი მოხუცი ქალის სახლში ყოფნის მომენტები დაუდგა თვალწინ, იმ წამს.
-არ მაინტერესებს ბოლოს ორი საათის წინ მნახე, თუ ორი წუთის წინ! -ზედმეტად კატეგორიული ტონით, ყოველგვარი წინააღმდეგობის თავიდან აცილება სცადა -ჩემთან ერთად მოდიხარ და მორჩა! მოსამზადებლად ათ წუთს გაძლევ!
-მაგრამ აბაზანიდან ახალი გამოსული ვარ და ისე ჩამეძინა თმის გაშქრობაც ვერ მოვასწარი. თანაც ჯერ კიდევ ხალათში ვარ, ნახევრად გამოუფხიზლებელი
-ჰოდა შენც არ გაიშრო ეგ თმა და ისე წამოდი, გზაში გაგიშრება! -ნერვებზე მოშლილმა, ხმის ტონს იმდენად აუწია, ლამის ყურის ბარაბანი გაუხეთქა გოგონას -ბევრს ნუ მალაპარაკებ და დროულად ჩაიცვი, თორემ თუკი მოვედი და მზად არ დამხვდი, შიშველსაც წაგიყვან!
პასუხისთვის აღარ დაუცდია სანის. ამის მაგივრად, გათიშული ტელეფონი დაუდევრად მოისროლა მანქანის უკანა სავარძელზე. მისი გონების ერთი ნაწილი ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, თუმცა მეორე ნაწილმა კარგად იცოდა, რომ ასეთ მომენტში, მხოლოდ ლივიას სიახლოვე თუ ჩაუცხრობდა იმ მღელვარებას, მთელს მის შინაგანში რომ გამძვინვარებული ტორნადოს მსგავსად ბობოქრობდა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რაც ხდებოდა. უმცროსი და, რომელზეც თავადაც ბავშვობიდან ზრუნავდა და გამუდმებით ხელის გულზე ატარებდა, ასეთ ნაადრევ ასაკში გეგმავდა ოჯახის შექმნას, თანაც თავისზე ბევრად უფროს მამაკაცთან. ამ ფაქტის გამო, იმდენად იყო გაღიზიანებული, ავტომობილს მართლაც გიჟივით მართავდა. სწორედ ეს გადაჭარბებული სიჩქარე გახდა მიზეზი იმისა, რომ დათქმული ათი წუთის მაგივრად, სულ რაღაც რვა წუთში მიაყენა მანქანა ლივიას სადარბაზოსთან.
სალონიდან გადმოსულს, ლიფტის ლოდინში ზედმეტი დრო არ დაუკარგავს. ამას ისევ კიბის გამოყენება ამჯობინა, თითქმის სინათლის სიჩქარით აირბინა ლივიას ბინამდე მისაღწევი ყველა საფეხური და კარზე ძლიერად დააბრახუნა. სანისდა საუბედუროდ გოგონას კარი მალევე არ გაუღია. ზღურბლის მეორე მხრიდან ფეხის ხმა მხოლოდ მაშინ გაისმა, როდესაც მოუთმენლობის შეგრძნებას დამონებული ბიჭი უკვე ხელმეორედ აპირებდა დაკაკუნებას. რამდენიმე წამიც და სადარბაზოს სუსტი განათების ფონზე, კარის ჩარჩოში, ლივიას სილუეტი გამოიკვეთა. გოგონას, ტანზე ლურჯი, ნაქსოვი სვიტერი მოერგო, წელს ქვემოთ დახეული ჯინსი ამოეცვა, ნაიკის კედებთან ერთად, ხოლო სველი თმის ტალღები ლამაზად ეყარა გადაღლილობისგან ჩამოშვებულ მხრებეზე. მისი შემხედვარე, სანის ბობოქარი მღელვარებაც თითქოს ოდნავ ჩამშვიდდა, თუმცა ცეცხლის ბოლო ნაპერწკლამდე ჩაქრობა საკმაოდ რთული ამოცანა იყო.
-აბაა? -დარსაველიძის ანთებულ, ბრაზისგან ჩასისხლიანებულ თვალებში ყურებას რომ ვეღარ გაუძლო გოგონამ, იძულებული გახდა დუმილი დაერღვია -შემოხვალ თუ პირდაპირ წამოვიდე? ან რა სახე გაქვს?
-არსადაც არ შემოვალ -მაჯაში ხელი ჩაავლო და ლურჯი ზურგჩანთაც ჩამოართვა სანიმ -ამაღამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და მინდა ჩემთან იყო
-და რამდენი ცუდ ხასიათზე იქნები, მე უნდა წამომაგდო ლოგინიდან? ან, დღეს დილით რომ წამოგყევი და შენს გამო საათების განმავლობაში ვიჯექი ხის ტოტზე ეგ არ კმარა? -ლამის ტირილამდე მისულიყო ლივია, იმდენად უჭირდა იმ წამს ფეხზე დგომა. გადაღლილობისგან, გაბრაზებაც კი არ შეეძლო ბიჭზე, რადგან თვლიდა, რომ ესეც კი გამოაცლიდა ისედაც ბეწვზე მყოფ ენერგიას.
-გაჩუმდი და გამომყევი!
-ბედი შენი რომ კაკი ამ ღამეს სხვაგან ათევს, თორემ შენს თავს ბოლო ამოსუნთქვამდე ვაცემინებდი -ბუზღუნით ამოიღო გასაღების ასხმა ამის თქმისას, ნახევრად თვალდახუჭულმა კლიტეს გაჭირვებით მოარგო და ორჯერ, მოყოლებით გადაატრიალა. იმ მომენტში, ძლიერი ხელის ჩავლებაც იგრძნო მაჯაში. სწორედ ამ ხელის პატრონმა წაათრია იგი კიბეების მიმართულებით და საფეხურები ბოლომდე ისე სწრაფად ჩაატარა, რომ სადარბაზოდან გარეთ გასულმა გოგონამ, ლამის მიწაც კი დააჯილდოვა კოცნით, რადგანაც კისრის მოტეხვის გარეშე მოახერხა სანის მანქანამდე მისვლა და შიგ ჩაჯდომა. ამის შემდეგ თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარი და უარესი ჯერ კიდევ წინ რჩებოდა. საჭესთან მჯდომი სანი, ვისაც მარჯვენა და მარცხენა საქარე მინები სულ ბოლომდე ჩაეწია, ავტომობილს იმდენად სწრაფად მართავდა, რომ ლივია უკან ჩამოტოვებულ კორპუსებსა და ხეებსაც კი ვეღარ ანსხვავებდა ერთმანეთისგან. უნდა ეღიარებინა ძალიან ეშინოდა იმ მომენტში. მართალია სანის ბრაზიანი სახისა და ჩასისხლიანებული თვალების შემხედვარეს, ხმის ამოღებას ყველაფერი ერჩივნა, თუმცა იმდენად თრგუნავდა გზატკეცილზე, სინათლის სიჩქარით მოძრავ ავტომობილში ჯდომა, რომ მოსალოდნელი ავარიის პრევენციის მიზნით, სიჩუმის დარღვევის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩენოდა.
გოგონამ ერთი ღრმად ჩაისუნქა, მერე კი საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა საუბრის მომენტში ხმა არ აკანკალებოდა. ახლა თუ არაფერს მოიმოქმედებდა, შეიძლებოდა, მომდევნო დღემდე ცოცხალს ვერც მიეღწია, ამიტომ, შექმნილ სიტუაციაში ერთი წამის დაკარგვაც არ შეიძლებოდა.
-სანი, იქნებ ცოტათი მოუკლო სიჩარეს? -სცადა მაქსიმალურად ფრთხილად შეერჩია ტონიც და სახის გამომეტყველებაც, რათა ბიჭის უფრო მეტად გაღიზიანება არ გამოეწვია თავისი ჩარევით -სანი მისმენ?
-გაჩუმდი ფუტკარო!
-სად მივდივართ? -ბიჭის მკაცრი პასუხის მიუხედავად მცდელობა მაინც არ შეუწყვეტია -ან სადაც არ უნდა მივიდიოდეთ, არა მგონია იქამდე მთელებმა მივაღწიოთ, თუკი ამ სიჩქარით განაგრძობ სიარულს
-ჩემს აგარაკზე მივდივართ, სურამში და დაწყნარდი, მაღალი სიჩქარით სიარულს საკუთარი ხელით ჩაცმაზე უფრო ადრე მივეჩვიე!
-ეგ სიტყვები ვერ მამშვიდებს
სანიმ პასუხის გაცემის მაგივრად, მაგნიტოფონში, საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩართო მუსიკა. რა თქმა უნდა, არც გოგონას გასჭირვებია იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ასეთი გზით მასთან საუბრისგან სურდა თავის დაძვრენა დარსაველიძეს. ამან საშინლად გააცეცხლა ლივია. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ბიჭის ტელეფონი გაუჩერებლად ბზუოდა და ეკრანს ხან დაჩი ეწერა, ხანაც კი ემილი.
-სანი არ გეხუმრები, მოუკელი ამ წყეულ სიჩქარეს! -როცა ტკბილი სიტყვით ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა ხმალი აელესა და იერიშზე გადასულიყო. საუბედუროდ, ვერც ამან მიაღებინა სასურველი შედეგი:
-გაჩუმდი-მეთქი! ჩემი გრძნობები აშვებულია და თან მშიერი, ამიტომ გირჩევ ხელში ცუდად არ მომყვე!
-ნეტავი მზერით მოკვლა შემეძლოს, უკვე რამდენი ხნის გაგორებული მეყოლებოდი!
-რა გულწრფელი ბზუილი მესმის
-ნუ მეირონიულები, ვერ ვიტან! -ყოველ ახალ წინადადებაზე უფრო და უფრო უჭირდა ხმის გაკონტროლება, თუმცა ეს, სანის სიმკაცრეზე მცირედ გავლენასაც ვერ ახდენდა.
-ირონია ჩემს ძარღვებში სისხლის მაგივრად მოძრაობს პატარავ, ვერაფერს ვიზამ
დანებდა. ცოტა ხნის წინანდელი სიმტკიცეც კონკიას ბროლის ქოშივით დაიმსხვრა. ბიჭის სიტყვებიდან და ქცევებიდან გამომდინარე, მისთვის უკვე აშკარად ნათელი გახდა, რომ ვერც მუდარით გააწყობდა რამეს და ვერც ჩხუბით. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა, რომელსაც იმ წამს ისე ჩაეჭიდა, როგორც წყალწაღებული ადამიანი მდინარიდან ამოწვერილ ერთადერთ ლოდს. კარგად ახსოვდა, რომ რამდენიმე დღის წინათ, სანის მანქანაში, კერძოდ კი ბარდაჩოკში საძილე აბების ნახევრად სავსე შუშა შენიშნა. მას ათასში ერთხელ, მაგრამ მაინც იყენებდა ბიჭი, როდესაც, დატვირთულ რეჟიმში გადაღებებისგან მოქანცულს, დაძინება გაუჭირდებოდა ხოლმე. თუკი ცდიდა, თავადაც მას მიიღებდა და რეალობას გამოეთიშებოდა, ვეღარც სიჩქარეს იგრძნობდა და ვეღარც იმ შიშს, ურცხვად რომ დაპატრონებოდა მის გულსაც და გონების სიღრმეებსაც. ლივიას ტვინს საკმაოდ გონივრული ეჩვენა აღნიშნული ვარიანტი. ბიჭის უჩვეულო საქციელისგან დათრგუნულს, ბევრი აღარც უფიქრია. ვინაიდან იმ მომენტში, სხვისთვის საერთოდ არ ეცალა სანის და ვერც იმას ხედავდა, რა ხდებოდა თავის გარშემო, სასწრაფოდ ამოაძვრინა ბარდაჩოკიდან წამლის შუშა, სამი აბი მიყოლებით, წყლის გარეშე გადაყლაპა და სავარძლის საზურგეზე თავმიყრდნობილი დაელოდა როდის დაიწყებდა იგი მოქმედებას. საბედნიეროდ ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. აბები საკმაოდ ძლიერმოქმედი აღმოჩნდა, რისი წყალობითაც ხუთ წუთზე ნაკლებ დროში, საკუთარ მკლავზე ჩამოყრდნობილი, უკვე თვალებდაბინდული თვლემდა. ამ მომენტიდან მოყოლებული, მხოლოდ მაგნიტოფონში აჟღერებული ელექტრონული მუსიკის ხმა ისმოდა სალონში. საქარე მინებიდან შემოჭრილი ქარი შემაწუხებლად ზუზუნებდა, თუმცა ვერც ამას გრძნობდა ვერც ერთი. განსაკუთრებით ლივია, ვისაც უკვე აღარც სახიფათო სიჩქარე ადარდებდა და აღარც ფანჯრებიდან შემოჭრილი ჰაერი. გოგონას ასეთი სიჩუმე, რამდენიმე წუთის შემდეგ, სანისთვისაც მეტად უცნაური გახდა. ვერ მიხვდა, თუ რატომ იჯდა იგი ამდენად ჩუმად მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ მთელი ძალით ცდილობდა ავტომობილის მაღალ სიჩქარეზე გავლენის მოხდენას. გარკვეული დრო ისევ გზას მიშტერებოდა და გვერდზე არ იყურებოდა იმ იმედით, რომ ლივია, მალე ისევ ამოიღებდა ხმას, თუმცა როდესაც ეს მომენტი არა და არ დადგა, ჰორიზონტს თვალი მოწყვიტა და იმ სავარძლისკენ გაიხედა, რომელზეც გოგონას ჰქონდა ადგილი დაკავებული. სურათმა, რომელიც იმ მომენტში თვალწინ გადაეშალა, საწყის ეტაპზე გააკვირვა, მერე დააბნია, ბოლოს კი ტუჩებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი მოჰგვარა. გოგონას მძინარე სახის შემხედვარეს, წამით საშინლად მიუნდა მისი შეხება. წაიღო კიდეც მარჯვენა ხელი ლივიას ლოყისკენ, თუმცა მალევე გააცნობიერა რასაც აკეთებდა და გვერდზე წაღებული თითები ელვის უსწრაფესად დააბრუნა საჭეზე. ამის მერე გოგონას ჯერ კიდევ სველ თმას შეხედა, საკუთარ საქციელზე ნერვებმოშლილმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ბოლომდე ჩაწეული საქარე მინები სასწრაფოდ ასწია ზემოთ. ერთ სადარდებელს მეორეც დაემატა. თუკი წინათ მხოლოდ ემილის ამბავი უწამლავდა ტვინის უჯრედებს, ახლა უკვე იმაზეც ფიქრობდა, თუ რა ცხოველურად მოიქცა ლივიას წინაშე და ამან ბევრად უფრო მეტად აუწვა სული, ვიდრე იმ ამბავმა, რის გამოც ახლა გიჟივით მართავდა მანქანას. სანიმ ღრმად ამოიხვნეშა, სიმწრისგან თვალები დახუჭა და საჭეს ხელი გამეტებით დაარტყა. დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როდესაც გოგონას ხელში, თავისი საძილე წამლების შუშა შენიშნა. ახლა უკვე კარგად ხვდებოდა, რატომაც ჩაეძინა მას ასე მოულოდნელად და ბრაზი კისერში მოაწვა ამის გამო. მაინც რას ერჩოდა ამ გოგოს? რატომ ურთულებდა ცხოვრებას? რა მიზეზით ექცეოდა ისე, თითქოს მონათა ბაზარზე ჰყავდა ნაყიდი? ზემოთ ხსენებული კითხვებიდან არც ერთ მათგანზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა ფაქტი იყო ყოველივე ამას სპეციალურად არ აკეთებდა. უბრალოდ თავისდაუნებურად გამოსდიოდა ასე, მერე კი რამის შეცვლა უკვე გვიანი იყო.
მანქანაში ჩართული ელექტრონული მუსიკა, ახლა პირდაპირ ნერვებზე ურტყამდა სანის. არც ლივიას გაღვიძება სურდა, ამიტომ, სწრაფად მიაჭირა თითი მაგნიტოფონის გამორთვის ღილაკს, გოგონას წამლის შუშა ხელიდან გამოართვა და ამჯერად ოდნავ შენელებული სიჩქარით განაგრძო გზატკეცილზე სიარული.
მთელი დარჩენილი გზა სურამამდე, საკუთარი თავის ბოლომდე დამშვიდებას მოუნდა დარსაველიძე. ამისთვის დრო საკმაოდ ბევრი ჰქონდა. არც ხელის შემშლელი ჰყავდა ვინმე, ამიტომ ყველანაირი ნეგატიური აზრი ნელ-ნელა განდევნა გონებიდან, სიმშვიდე თავის გულსა და გონებაში შემოუშვა და გადაწყვიტა, აგარაკზე მისვლამდე მაინც დაევიწყებინა მომხდარი. დიდი მცდელობის შემდეგ დასახულ მიზანს მიაღწია კიდეც. სრულ სიჩუმეში დარჩენილმა აშკარად იგრძნო გულზე იმ უხილავი მარწუხების მოშვება, მთელი ამ დროის განმავლობაში რომ შემაწუხებლად უჭერდნენ. ქაოტურად მოძრავი აზრები ჩაწყნარდნენ, სხეულში ანთებული კოცონი ჩაქრა, გონება ჩამშვიდდა და ახლა უკვე ტკივილის განცდის გარეშე შეეძლო ამოსუნთქვა.
სურამს რომ მიუახლოვდნენ, უკვე ღამის პირველი საათი სრულდებოდა. ლივიას ჯერ კიდევ თავის სავარძელში ეძინა, თანაც ისე, რომ გვერდი ოდნავადაც არ ჰქონდა შეცვლილი. წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ახლაც ვერ აღიქვამდა ვერაფერს. არ გაუგია თუ როგორ გაუარეს გვერდი ახალ წარწერიან ტრაფარეტს, როგორ მიადგნენ დიდ, ორსართულიან, წითელი აგურით ნაგებ შენობას და როგორ გამოირთო მანქანის ძრავა ჭიშკართან მიახლოების შემდეგ.
მართლაც რომ ულამაზესი იყო გალავანს მიღმა აღმართული სახლი. ერთიანად მწვანე ბუჩქებში ჩაფლულ ლამაზ შენობას, მთელ კედლებზე მიუყვებოდა მდელოსფერი ხავსი და სურო. ფანჯრები დიდი, მრგვალი ფორმისა იყო, სწორედ ასეთივე ფორმა ჰქონდა შიგნით შესასვლელ კარსაც, ხოლო სახლამდე ასასვლელი კიბეები, მთლიანად მარმარილოსგან დაემზადებინათ და რვა საფეხურისგან შედგებოდა.
ვინაიდან ლივია ჯერ კიდევ არ იყო გამოსული წამლის ზემოქმედებიდან, სანიმ, მანქანის ავტოფარეხში დაყენების შემდეგ, იგი საკუთარი ხელით აიყვანა საფეხურებზე, ყვავილის ქოთნიდან ამოღებული გასაღებით კარი გააღო და მკლავებში მოქცეული გოგონა შიგნით ფრთხილად შეიყვანა. ჯიბეში ჩადებული ტელეფონი კვლავაც გაუჩერებლად ურეკავდა დარსაველიძეს, თუმცა მას ყურადღებას არც ამჯერად აქცევდა. უბრალოდ ზუსტად იცოდა, რომ იმ მომენტში ვერავისთან საუბარს ვერ მოახერხებდა და სწორედ ამიტომ აიგნორებდა თითოეულ ზარს ისე, რომ იმ ადამიანის ვინაობითაც არ ინტერესდებოდა, ვინც მასთან კონტაქტზე გასვლას ცდილობდა.
ბიჭმა ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ხმას ბოლომდე ჩაუწია. შემდეგ კვლავ თავის გულზე მიხუტებულ ლივიას დააცქერდა, კიდევ ერთხელ გაუმეორა საკუთარ თავს,"სანი დღეს ნამდვილად ზედმეტი მოგივიდაო" და პირდაპირ საძინებელი ოთახისკენ წაიყვანა გოგონა.
დატვირთული გრაფიკის გამო, იქაურობას ხშირად არ სტუმრობდა ხოლმე ბიჭი, თუმცა სახლისთვის დამლაგებელი ჰყავდა დაქირავებული, ვინც კვირაში სამჯერ მაინც მოდიოდა და ვისი წყალობითაც, იქაურობა სისუფთავისგან ბრწყინავდა. სწორედ ასეთი წესრიგი და იდილია სუფევდა საძინებლებშიც. განსაკუთრებით იმ ოთახში, რომელიც სანის საკუთრებას წარმოადგენდა და რომლიდანაც ყველაზე ლამაზი ხედი იშლებოდა. სწორედ იქ შეიყვანა ბიჭმა ლივია. ოთახში ნათურა არ აუნთია. ჩათვალა, რომ მრგვალი ფანჯრიდან შემოჭრილი მთვარის შუქიც საკმარისი იქნებოდა სინათლის წყაროდ, ამიტომ მკლავებში მოქცეული სხეული, პირდაპირ ოთახის ცენტრში მდგომი უზარმაზარი საწოლისკენ წაიყვანა, ზედ ფაიფურის თოჯინასავით ნაზად დააწვინა, ფეხსაცმელები საკუთარი ხელით გახადა და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, თავადაც გვერდით მიუწვა. გოგონა კვლავაც ისევე მშვიდად და უშფოთველად სუნთქავდა, როგორც მანქანაში ჯდომისას. მის სახეს მხოლოდ მთვარის ვერცხლისფერი, დახრილი სვეტი ეცემოდა, რაც კიდევ უფრო ლამაზს აჩენდა ლივიას რძისფერ კანს. ამ სანახაობამ ვეღარც სანი დატოვა გულგრილობის ნიღაბს ამოფარებული. ცხოვრებაში პირველად, მარტო დარჩენილი, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ლივიასთან ყოფნა სულ სხვანაირად სიამოვნებდა და სწორედ ამ სიამოვნების გამო ეძებდა მიზეზებს, რათა რაც შეიძლებოდა ხშირად ჰყოლოდა იგი თავის გვერდით. ზუსტად ეს განცდა გახლდათ მიზეზი იმისა, რატომაც უშლიდა ნერვებს გოგონას, რატომაც იბარებდა გვიანი ღამის საათებში საკუთარ სახლში და რატომ ცდილობდა წაეყვანა ყველგან, სადაც კი თავად წავიდოდა.
დარსაველიძემ თვალები მაგრად დახუჭა და მძინარე გოგონას მხარს, თავი პატარა ბავშვივით ჩამოადო. რამდენიმე წამში იგრძნო, რომ მხოლოდ ეს არ ჰყოფნიდა, ამიტომ, მის წელს ხელები მაგრად შემოხვია, ტუჩები ყელთან ახლოს მიუტანა და იქვე ამოიჩურჩულა:
-ვიცი სისხლს გიშრობ წითურო, მაგრამ შენ ყველაზე დიდი სიმშვიდის წყარო ხარ ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე, ყველაზე დიდი -მერე თავისი თითები გოგონას თითებში გადახლართა, უფრო მაგრად ჩაეხუტა და საწოლზე დადებული პლედი ისე გადაიფარა, რომ მის ქვეშ ორივენი ერთად მოქცეულიყვნენ.



8 8 8 8
დაახლოებით დილის ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ძილისგან გამორკვეულმა ლივიამ, თავის მუცელზე შემოხვეული ძლიერი მკლავი იგრძნო და მისმა გონებამაც სინათლის სიჩქარით დაიწყო რამდენიმე საათის წინანდელი კადრების გახსენება. ჯერ თავის ტელეფონზე გაგონილი უეცარი ზარი გაახსენდა გვიან ღამით, მძინარეს რომ განგაშის სიგნალივით ჩაესმა. შემდეგ სანის მოსვლა მოაგონდა, მერე ის მომენტები დაუდგა თვალწინ უკანასკნელი გიჟივით რომ მიაქროლებდა მანქანას გზატკეცილზე და იმაში დასარწმუნებლად, ნამდვილად ცოცხალი იყო თუ არა, ხელზე რამოდენიმეჯერაც იჩქმიტა. მაშინდელი განცდები, თითქოს ჯერ კიდევ ჭიანჭველებივით დაუძვრებოდნენ გოგონას კანის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წარსულში დარჩა, ახლაც გაქცეული კინო-კადრებივით უდგებოდა თვალწინ ყოველივე გამოვლილი და ძილისგან გამორკვეულს ხელთავიდან თრგუნავდა.
გოგონამ განძრევა სცადა, თუმცა თავის მუცელზე შემოხვეულმა სანის ხელმა შეაჩერა და ამის გამო უკმაყოფილოდ ამოისუნთქა. ჯერ კიდევ არ განელებოდა ის ბრაზი, რომელსაც ბიჭის მიმართ განიცდიდა, მაგრამ მძინარე მდგომარეობაში იმდენად უწყინარი და საყვარელი ეჩვენებოდა, შურისძიებაზე საფიქრელადაც კი ვერ იკრებდა გონებას.
-ნეტავ ის გამაგებინა ასე ძალიან რამ გაგაგიჟა რამდენიმე საათის წინ -ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, თითქოს სანი ფხიზელი იყო და მისი საუბარიც კარგად ესმოდა. საკუთარი თავისა თვითონ უკვირდა, თუმცა ყოველივე იმის შემდეგ, რა კოშმარიც გამოატარა, მაინც ღიმილს გვრიდა მის მხარზე თავდადებული, დამშვიდებული სანის დანახვა, ვინც პატარა ბავშვივით ეხვეოდა წელზე და მშვიდი, თანაბარი სუნთქვით არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს. ლივია კიდევ რამდენიმე წამი იყო დაკავებული მძინარე ბიჭის ყურებით. მერე მიხვდა, რომ დარსაველიძის გვერდით, მით უმეტეს მის ლოგინში არაფერი ესაქმებოდა. აღნიშნულის გამო, კიდევ ერთხელ სცადა ფეხზე წამოდგომა, თუმცა რაღაცამ შეაფერხა. ეს რაღაც ის უჩვეულოდ ცხელი ტემპერატურა იყო, რომელიც ბიჭის ხელზე კიდევ ერთხელ შეხებისას იგრძნო. შექმნილმა სიტუაციამ დააეჭვა. როგორი ნაწყენიც არ უნდა ყოფილიყო სანიზე, ასეთ მდგომარეობაში მაინც ვერ მიატოვებდა, ამიტომ შუბლზე ტუჩები ფრთხილად შეახო და როდესაც დარწმუნდა ნამდვილად ტემპერატურა ჰქონდა, იმ წამსვე დაიძვრინა თავი მისი მკლავებისგან, რამე ზომების მისაღებად.
-მართლა იწვის ეს წურბელა, რამე უნდა ვუშველო -საწოლზე მუხლებით დამდგარი, ცეცხლისფერ თვალებში არეკლილი სიბრალულით დააჩერდა ზემოდან, თან თმებში შეიცურა თითები. ვინაიდან სანი ამ სახლში არ ცხოვრობდა და ხშირადაც არ სტუმრობდა ხოლმე აგარაკს, სიცხის დამწევი საშუალებები დიდი ალბათობით აქ არც უნდა ჰქონოდა. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა გოგონას -მანქანა უნდა წაეყვანა და მიუხედავად იმისა, რომ სურამში აქამდე არასდროს იყო ნამყოფი, უახლოეს აფთიაქში უნდა წასულიყო, რათა სანისთვის სიცხის დამწევი წამლები მოეტანა. საგონებელში ჩავარდა ლივია. ისიც კი არ იცოდა ზუსტად რა ადგილას იმყოფებოდა, თუმცა როდესაც დარსაველიძეს კვლავ მიადო შუბლზე ხელი, მისი სიმხურვალე იგრძნო და ისიც შენიშნა, თუ რა მოუსვენრად ბორგავდა ლოგინში, ზედმეტი ფიქრის გარეშე წამოდგა, კომოდზე დაგდებულ გასაღებს დასტაცა ხელი, კიდევ ერთხელ შეხედა ლოგინზე გაწოლილ, ბალიშზე მაგრად ჩახუტებულ ბიჭს და საძინებლიდან იმდენად სწრაფად გავარდა, რომ ფეხსაცმელებსაც კი გზაში იცვამდა.
საბედნიეროდ აფთიაქის მოძებნა დიდად არ გასჭირვებია გოგონას. ვინაიდან, სანის სახლი ცენტრთან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა, ლივიამაც მალევე მოახერხა ყველა იმ მედიკამენტის შეძენა, რომელთაც ერთ დროს სიცხის დაწევის მიზნით ასმევდა ხოლმე ბიცოლა და უკანა გზაზე, როგორც შეეძლო ისე ჩქარა მართავდა მანქანას, რათა სახლამდე მისვლა წამითაც არ დაეგვიანა. ასეთი სწრაფი სიარულის წყალობით, შინ დასაშვებზე უფრო მალე დაბრუნდა, დრო რომ არ დაეკარგა, მანქანა ავტოფარეხის მაგივრად, ეზოში დააყენა და პირდაპირ იმ საძინებელისკენ აიღო გეზი, სადაც რამდენიმე წუთის წინ სანი დატოვა, ლოგინში მწოლიარე. შიგნით შესულმა მაშინვე ცხადად გააცნობიერა, რომ ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად უარესობისკენ იყო წასული. სანის, შუბლზე და ყელზე ცივი ოფლი ასხამდა, ტუჩები სულ გამოშრობოდა და მთელ სხეულზე ისე ამცივნებდა, რომ ოდნავ კანკალებდა კიდეც. მისი შემხედვარე, ლივიაც კარგად მიხვდა, რომ დროის დაკარგვა მეტად აღარ შეიძლებოდა. წამლების პარკით ხელში მდგომმა გოგონამ სწრაფად აანთო სინათლე, საწოლთან მიირბინა, მარკეტში ნაყიდ პატარა წყლის ბოთლს თავი საჩქაროდ მოხსნა, სიცხის დამწევის ფირფიტიდან ერთი აბი ამოაცურა და ბიჭს პირთან ახლოს მიუტანა:
-სანი გაიღვიძე, სიცხე გაქვს და წამალი უნდა დაგალევინო
რეაგირება საერთოდ არ ყოფილა. მხოლოდ სხეულის კანკალმა მოუმატა და გოგონაც ხელმეორედ შეუდგა მისი გამოფხიზლების მცელობას. ამ ჯერზე შედარებითი პროგრესი შეინიშა, რადგან ბიჭმა, ლივიას მსუბუქ შენჯღრევას ზმუილით უპასუხა, ხოლო მესამე უფრო ძლიერ შენჯღრევაზე უკვე სიტყვიერი პასუხიც გამოიყენა:
-შენ . . . შენ . . . -ხმაზე ეტყობოდა, თუ როგორ უძნელდებოდა იმ წამს საუბარი, თან პლედს გამეტებით უჭერდა ორივე ხელს -მე მეგონა წახვედი და მიმატოვე
-არსად წავსულვარ. მოდი, წამოგაჯენ და წამალი ისე დავლიოთ -ამის თქმის შემდეგ, ბიჭის პასუხისთვის აღარ დაუცდია. სანამ იგი კიდევ მოიკრებდა ძალას ხმის ამოსაღებად, მანამდე მიუახლოვდა, საწოლიდან წამოჯენის შემდეგ, სხეულზე გაჭირვებით მიიყუდა ზურგით, შუბლზე ჩამოყრილი თმები ხელით გადაუწია, და ტუჩებთან სიცხის დამწევი აბი მიუტანა.
-პირი გააღე რა გთხოვ, ამაზე მაინც არ მაწვალო -ემუდარებოდა, თან ბიჭის მხურვალე კანისგან წამოსულ სითბოს, მთელი სხეულით იწოვდა -ხვალ გადაღებები გაქვს და კარგად თუ არ იქენი, შენი გიჟი მენეჯერები მტკვარში ჩამახრჩობენ.
უთხრა თუ არა ეს, მალევე ისიც იგრძნო, როგორ დააშორა სანიმ ტუჩები ერთმანეთს და სანამ მათ კვლავ შეაერთებდა, აბის პირში ჩადებაც მოასწრო.
-აი ასე, ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ -წამალზე წყალიც მიაყოლებინა, თან საფეთქელზე ტუჩები შეახო ტემპერატურის შესაგრძნობად. დარსაველიძე ახლა იმაზე ოდნავ უფრო მეტად ცხელი იყო, ვიდრე თავდაპირველად და როგორც ჩანდა, ბოლომდე გონზეც ვერ მოდიოდა.
-რა ცხელი ხარ
-ცხელი მე კი არა შენ ხარ გენიოსო -ოდნავი ღიმილით შეხედა გოგონამ, მერე კი უფრო მოხერხებულად მიიხუტა ზურგით ბიჭის მხურვალე სხეული
-ფუტკარო
-რა გინდა?
ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რის დროსაც საძინებლის მდუმარებას, მხოლოდ ორი ადამიანის სუნთქვის ხმა არღვევდა, სანიმ, გოგონას თითებს თავისი სუსტად მოუჭირა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნა:
-ჩემგან ნურასდროს წახვალ რაა. რაღაცნაირად პოზიტივი შემოგაქვს ჩემს ცხოვრებაში -სიტყვებს ნელა, სვენებ-სვენებით ამბობდა, თუმცა მათში, მუდარის ტონი მაინც ადვილი შესამჩნევი იყო -გთხოვ, არ მიმატოვო. როცა ჩემს გვერდით ხარ თითქოს თავისუფლად ვსუნთქავ.
-ბოდავ სანი
-არ ვბოდავ
-კი, აშკარად ბოდავ -თავის დაქნევით მიუგო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უჩვეულო, აუხსნელი სიამოვნება მოჰგვარა მოსმენილმა სიტყვებმა და სწორედ ამ სიამოვნების გავლენით დაემჩნა ტუჩებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი.
-ძალიან მცხელა. მცხელა და მაკანკალებს
ლივიამ მისი თავი მხარზე დაიდო, თან ნაზად მიეფერა მარცხენა ლოყაზე, გრილი ხელით.
-დამწევი დალეული გაქვს, ცოტაც მოითმინე და ტემპერატურა აუცილებლად დაგიკლებს
-მაისური გამხადე რაა
ამის გამგონე, თითქოს ერთ ადგილას გაიყინა ლივიაც. არც კი იცოდა რა ეთქვა ან ეპასუხა. ფაქტი იყო ეუხერხულებოდა ნახევრად შიშველ მამაკაკაცთან ერთად, საერთო ოთახში ყოფნა, თუნდაც ეს უკანასკნელი, სიცხისგან ყოფილიყო დამწვარი, მაგრამ ბოლოს მაინც მოიშორა ყველანაირი კომპლექსური ფიქრი, სანის წელს ზემოთ ყველაფერი გახადა და ბალიშზე მეტად ფრთხილად მიაწვინა. მართლაც რამდენს არ ეცადა გოგონამ ამის შემდეგ ბიჭისკენ მზერა არ გაქცეოდა. ცდილობდა მისთვის თვალი აერიდებინა, თუმცა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ეს ვერაფრით მოახერხა. ბოლოს და ბოლოს ისიც ქალი იყო და გულგრილი ნამდვილად ვერ რჩებოდა იმ სრულყოფილების წინაშე, მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში რომ იწვა საწოლზე.
ლივიამ ღრმად ამოიხვნეშა და ბიჭის ნავარჯიშები სხეულიდან ამჯერად მის სახეზე გადაიტანა მზერა. თითქოს წინა საუკუნეებად ეჩვენებოდა ის პერიოდი, როდესაც სანის შესახებ ყველანაირ სტატიას კითხულობდა, მის ყველა ფილმს უყურებდა და ბიჭის სურათებს ღიმილით აშტერდებოდა ხოლმე. მუდამ მამაკაცური მომხიბვლელობის ეტალონი იყო გოგონასთვის სანი დარსაველიძე. მოსწონდა მისი კარამელისფერი თვალები, მხატვრის დახატულივით მომხიბვლელი წარბები, ოდნავი სიმკაცრის იერს რომ აძლევდა ბიჭის სახეს, მოსწონდა მისი ღიმილი, ტუჩების მოყვანილობა და ლამაზად გამოკვეთილი ყბები. ახლა, როდესაც ასე მდუმარედ და უმოძრაოდ იწვა, ბევრად უფრო შესამჩმევი იყო ლივიასთვის დარსაველიძის თვალში საცემი ვიზუალი და ეს ოდნავ აბნევდა კიდეც, რადგან ძირითადად მუდამ ბრაზის გრძნობა იყო, რასაც სანის მიმართ განიცდიდა ხოლმე.
-აშკარად მძინარე უფრო საყვარელი ხარ -კვლავ შუბლზე დაადო ამის თქმისას ამობრუნებული ხელის გული ლივიამ -ბევრად მეტად მომწონხარ, როდესაც პირი დამუწული გაქვს და არაფერს ამბობ.
რამდენიმე წამში, სანის პასუხიც მოესმა, არადა იმ წამს რეალურად ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეძინა:
-ანუ ახლა მოგწონვარ? -მისუსტებული ხმით ეკითხებოდა ბიჭი, ისე, რომ თვალებსაც არ ახელდა.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ სანი, მაღალი სიცხე გაქვს
-ლივია მითხარი, გეზიზღები?
-რა? -გაფართოებული თვალებით დახედა ზემოდან გოგონამ. მის ასეთ რეაქციას ორი მიზეზი ჰქონდა -პირველი ის, რომ იმ მომენტში სანიმ პირველად მიმართა სახელით, ხოლო გაკვირვების მეორე მიზეზი, თავად დასმული შეკითხვის არსი იყო.
-გეზიზღები-მეთქი? -წინაზე შედარებით ხმადაბლა, თუმცა გამოკვეთილად გაუმეორა სანიმ და საბოლოოდაც აურია სუნთქვა ისედაც დაბნეულობის მწვერვალზე მყოფ გოგონას.
-ამას რატომ მეკითხები?
-გთხოვ… გთხოვ, უბრალოდ მიპასუხე
ლივიამ გამშრალი ტუჩები ენის წვერით გაისველა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სრულიად სხვა სამყაროში მოხვედრილიყო სანისთან ერთად. სამყაროში, რომელსაც რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო და სადაც ორივენი რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ.
-რაღაც არის შენში -ამოთქვა თვალებდახუჭულმა, თან ინსტიქტურად შეეხო ბიჭის თითებს -შეიძლება ნერვებს მიშლიდე, წყობილებიდან გამოგყავდე, ათას საშინელებას მიკეთებდე, მეც და გარშემო მყოფებსაც, მაგრამ შენი შეძულება მაინც არ შემიძლია. ამას ვერასოდეს მოვახერხებ.
-მოდი რაა ჩემთან -მოსმენილის ზეგავლენით ტუჩებზე ღიმილი მოსდგომოდა ბიჭს, თან ნახევრად გახელილი თვალებით უყურებდა ლივიას სახეს -არ მკითხო ამას რატომ გთხოვ, უბრალოდ მოდი ჩემთან, კარგი?
იმ წამსა და იმ მომენტში ზედმეტი კითხვები მართლაც არ დასმულა ოთახში. არც ხმა ამოუღია ვინმეს. მხოლოდ კედელზე დაკიდებული ვინტაჟური საათის რიტმული წიკწიკის ხმა ერწყმოდა სიჩუმის ნაწილაკებს და ამ სიჩუმეში, საკმაოდ სუსტად მოისმოდა გვერდიგვერდ მწოლიარე ორი ადამიანის სუნთქვა, რომელთაც ერთმანეთისთვის ხელი ჩაეჭიდათ, თვალები დაეხუჭათ და ნელ-ნელა ეშვებოდნენ ძილის მთენთავ ბურუსში, ღამეული ქურდივით რომ იპარებოდა მათ სხეულებში.


8 8 8 8

ადრიან დილით, სიცხისგან გამორკვეულ და გონზე მოსულ სანის, ლივიას მაგივრად, საწოლში მხოლოდ ბალიში და პლედდები დაუხვდა. საათის ისრები რვის ნახევარს უჩვენებდნენ. ღრუბლიანი ამინდის გამო, გარეთ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გათენებული, რის გამოც ოთახში ოდნავ ბნელოდა და ამას, ბოლომდე ჩამოფარებული, ღია კაკაოსფერი ფარდებიც უწყობდა ხელს. სანიმ თვალები მოიფშვნიტა და თავის მობილურს დახედა. ეკრანზე ნაჩვენები წარწერა ზუსტად ოცდაჩვიდმეტ გამოტოვებულ ზარს უჩვენებდა, რომელთა ნაწილი ემილისგან იყო, ნაწილი დაჩისგან ხოლო ნაწილიც ანთისასა და ჯაბასგან. გადარეკვაზე არც ერთ მათგანთან არ უფიქრია. იმ მომენტში მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ სად გაქრა ლივია ასე მოულოდნელად და სწორედ ამის გასარკვევად წამოდგა საწოლიდან. როგორც ჩანდა სიცხის დამწევებს უკვე კარგად ემოქმედა, რადგან უკვე აღარც თავი სტკიოდა და აღარც სისუსტის შეგრძნება ჰქონდა. ბევრად მომჯობინებულსა და ენერგიაზე მოსულს, წინა დღის კადრები ნაწილ-ნაწილ დაუდგა თვალწინ. გაახსენდა ლივიას შეშინებული გამომეტყველება, როდესაც ავტომობილს ბოლო სიჩქარით მართავდა, მოაგონდა მათი დიალოგი, ბრაზისგან აწეული ხმა, დაძაბული ატმოსფერო და კიდევ ერთხელ გაუკვირდა საკუთარი თავის, რადგან მის ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ თვითკონტროლის ერთი პატარა წვეთის შენარჩუნებაც ვერ შეძლო. სანიმ მობილური ჯიბეში ჩაიდო და კეფაზე ორივე ხელი გადაისვა. იმედი ჰქონდა ლივია ჩუმად, მასთან დამშვიდობების გარეშე არ გაპარულიყო აგარაკიდან, ამიტომ საძინებელში უთავბოლოდ სიარულში დრო აღარ დაუკარგავს, კარები ფართედ გამოაღო და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

-ლივიაა! -დაიძახა მან ხმამაღლა, როგორც კი ზღურბლს ფეხი გადააბიჯა. მერე დერეფნის კედელზე ამოჭრილ ფანჯარას შეხედა და დაინახა, რომ თავისი მანქანა ეზოში, ყვავილების გაზონთან ეყენა, არადა კარგად ახსოვდა, რომ გუშინ ღამით ფარეხში დააყენა ეს უკანასკნელი -ლივიაა, სად ხარ?!

პასუხი არსაიდან გაუგონია, არადა სახლის აკუსტიკა ისეთი იყო, რომ ხმა ნებისმიერი ადგილიდან ვრცელდებოდა ყველა ოთახში. ამან ეჭვები გაუღვიძა, რომ გოგონას ადრიან დილით გამოეძახა ტაქსი და სრულიად უსიტყვოდ დაბრუნებულიყო შინ. აღნიშნულ წუთს მთელი გულით ინატრა შეცდომა მოსვლოდა და ასე არ აღმოჩენილიყო. ამ დილის მარტოდმარტო დაწყება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შეგრძნება იქნებოდა, რაც კი ცხოვრებაში აქამდე ჰქონია გამოცდილი. მართალია ტემპერატურამ დაუწია და აღარც ნერვებს ჰყავდა ატანილი გუშინდელივით, თუმცა ჯერ კიდევ ცუდ ხასიათზე აყენებდა იმის გახსენება, რაზეც დაჩის და ემილის ესაუბრა წინა ღამით.

სახლში ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა. არც სამზარეულოში ჩანდა ვინმე, არც მისაღებში და არც სადმე სხვაგან. სანი უკვე დარწმუნდა კიდეც, რომ შინ მის გარდა აღარავინ იყო, თუმცა როდესაც შინიდან გარეთ გასულმა, მარმარილოს შადრევანთან მჯდომი ადამიანი შენიშნა, ვინც პატარა, წითურ კნუტს თავისი ხელით აჭმევდა ორცხობილას, მთელი შინაგანი თითქოს რაღაც აუხსნელი სითბოთი აევსო და კიბის მოაჯირს მიყრდნობილმა, ღიმილით დაუწყო ყურება ამ ლამაზ სცენას. დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ბიჭი შადრევანთან, მისგან ზურგით მჯდომ ადამიანსა და შინაურ ცხოველს. ხედავდა როგორ მორჩა კნუტი ჭამას, როგორ მოუნდა თამაში და როგორ ნაზად ეფერებოდა მუხლებზე დასმულს, მასთან ერთად მყოფი პიროვნება. ცუდი განწყობა, რომელმაც დილით თვალის გახელის თანავე შემოუტია, თითქოს მთის წვერზე შერჩენილი, ადრიანი რძისფერი ნისლივით გამქრალიყო ბიჭის გონებიდან. ერთადერთი, რასაც ახლა გრძნობდა, ეს, უჩვეულო სიმშვიდე გახლდათ, ამ სიმშვიდეს კი სწორედ ის ადამიანი იწვევდა, ვის ყოველ გამოძრავებასაც, ამ წუთას, თვალმოუშორებლად და დიდი დაკვირვებით ადევნებდა თვალს სანი.

-ადრე გამოგღვიძებია -სიჩუმეში ყოფნა რომ მობეზრდა, გადაწყვიტა შემაწუხებელი დუმილი დაერღვია და ხმაც ამოიღო. პარალელურად მარმარილოს კიბეებიც ჩაირბინა და პირდაპირ დეკორატიულ შადრევანთან გაჩერდა, რომლის წყალშიც ლამაზად დაცურავდნენ აგრეთვე დეკორატიული, ვარდისფერი ლოტუსის ყვავილები.
-შენ კი როგორც ვხედავ ტემპერატურა აღარ გაქვს
-ჰო, ახლა ბევრად უკეთ ვარ -მიუგო, თან თვითონაც ჩამოჯდა ფანტანის ზედაპირზე და კნუტს ყურებზე მიეფერა -როგორც ვხედავ ორმა წითურმა ერთმანეთი იპოვეთ
-ჩემი თმის ფერი შენთვის ყოველთვის სახუმარო თემა რატომაა?
-ვინ გითხრა, რომ სახუმარო თემაა? -გაიოცა ბიჭმა და წყენით სავსე თვალებში ჩახედა გოგონას -პირიქით, ძალიან მომწონს
-შენი გუშინდელი საქციელი თუ მოგწონს?
-მეც მაქვს ერთი კითხვა, უფრო სწორად ორი -ცვლილება შეიტანა საკუთარ ნათქვამში და მანამ განაგრძო, სანამ გოგონა სიტყვის ჩაკვეხებას მოასწრებდს -პირველი -რატომ არ დგას ჩემი მანქანა ფარეხში და მეორე -საიდან მოიყვანე ეგ კნუტი?
ლივია კვლავ პატარა ოთხფეხას მოფერებით იყო გართული, თუმცა დაასრულა თუ არა დარსაველიძემ კითხვების დასმა, მათზე პასუხის გასაცემად წამიც არ შეყოვნებულა:
-შენი მანქანა გუშინ მე წავიყვანე, რათა სიცხის დამწევი წამლები მომეტანა, თან ეს ორცხობილაც ვიყიდე. კნუტს რაც შეეხება, გვერდითა სახლის ღობიდან გადმოძვრა და მგონი შენი მეზობლის უნდა იყოს
-კარგი, ბარემ მესამე კითხვაზეც მიპასუხე, ძალიან შეგაშინე გასულ ღამით?
ამ კითხვაზე, ცალი წარბი აზიდა გოგონამ, თან კნუტის მოფერებასაც ცოტა ხნით მიანება თავი.
-შეშინებით თავად შეგეშინდება, როდესაც ქალაქში დაბრუნებული, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გიჩივლებ
-ბოდიში რომ მიგიხადო? -ტუჩებზე მოწოლილ ღიმილს ძლივს იკავებდა სანი, რათა გოგონას სერიოზული გამომეტყველებისთვის, ასეთივე მზერით ეპასუხა
-შენნაირები ბოდიშს არ იხდიან
-რას ნიშნავს ჩემნაირები? ანუ მე როგორი ვარ?
-ამაყი, ამპარტავანი, ნარცისი, გამოუსწორებელი ეგოისტი -თან საუბრობდა, თან ყოველი უარყოფითი თვისების ხსენებისას, თითო თითს წევდა მაღლა -რა ვქვნა, კიდევ გავაგრძელო?
სანიმ ჯერ ითმინა, თუმცა ცოტა ხნის მერე, სერიოზული მზერა სწრაფად შეეცვალა მხიარულით და გოგონას სიტყვებზე გულიანად გაეცინა.
-აი რა ვქვნა და ისეთი ტიპი ხარ, შენი ლანძღვაც კი სასიამოვნოდ ჩამესმის ყურებში -თვალში თვალი გაუყარა მისი ასეთი რეაქციისგან დაბნეულ ლივიას, თან ფრთხილად ჩამოატარა ხელი გოგონას სახეზე და ისეთი ღრმა მზერით შეხედა, გოგონამ ცხადად იგრძნო, თუ როგორ დააყარა ტანზე ეკლებმა -მაპატიე რა ფუტკარო, მეტს მართლა აღარ ვიზამ
იმ მომენტში, ლივიას გულის რაღაც ნაწილს ძალიან უნდოდა კვლავ გაბრაზებულ მდგომარეობაში დარჩენილიყო და არც რამდენიმე წამის წინანდელი ბოდიში მიეღო, თუმცა მეორე, უფრო ძლიერი ნაწილი, ჰუმანურობის მხარეს იხრებოდა და გულწრფელი პატიების თხოვნაზე, შესაფერისი პასუხის გაცემისკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ ასეც გადაწყვიტა, თუმცა ეს როდი ნიშნავდა იმას, რომ არ შეეძლო პატარა სამაგიერო გადაეხადა დარსაველიძისთვის.
-კარგი, მაშინ შენც მაპატიე -დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრულმა, საკმაოდ დამაჯერებელი ტონით დაიწყო -ბოდიში იმისთვის, რომ როდესაც გეძინა, შენს ინსტაგრამზე შევედი და სთორებში მომდევნო სერიის სპოილერები გავავრცელე, ახალი ეპიზოდის გამოსვლიდან ოთხი დღით ადრე.
-მოიცა, მოიცა, რა ქენი? -აშკარა დაძაბულობა დაეტყო და მაშინვე ჯიბეში მოთავსებული თავისი ტელეფონისკენ გააქანა ხელი ბიჭმა, თუმცა სწორედ იმ მომენტში, როდესაც იგი ზემოთ უნდა ამოეღო, ლივიას მოგუდული სიცილი მოესმა.
-შენი სახე უნდა გენახა -დაცინვას ვერ წყვეტდა გოგონა -მგონი იმაზე მეტადაც შეგეშინდა, ვიდრე მე შემაშინე ჩვენი გაცნობის პირველ დღეს, ფურგონში
-ამის დედაც! -იმ წამს, რაც წამსაც მიხვდა ეს ყველაფერი ტყული იყო, შვებით ამოსუნთქულმა გადაისვა კეფაზე ხელი -მგონი უფსკრულისკენ მიგათრევ, რაც ჩემთან ურთიერთობა გაქვს, დღითიდღე უფრო და უფრო უარესი ხდები.
-არ მეტყვი გუშინ რა გჭირდა? -წამებში შეცვალა საუბრის თემა, რათა ის კითხვა დაესვა, წუხანდელს მერე რომ უტრიალებდა გონებაში -მინახიხარ ჭირვეული, შენი საქციელით ბოლო ხმაზე ყვირილამდეც მიგიყვანივარ, მაგრამ გუშინ რაც დაგემართა ეს… ეს მეტისმეტი იყო. თითქოს საკუთარ თავს არ ჰგავდი და რაღაც ბოროტი ძალა გმართავდა
-ამ დღეებში შემახსენე და მკითხავთან წავალ ეგზორციზმის რიტუალი რომ ჩამიტაროს
-ნუ ცდილობ პასუხისგან თავის დაძვრენას -მაშინვე მიუხვდა განზრახვას და საუბრის თემისგან გადახვევის საშუალებაც ბოლომდე მოუსპო ლივიამ -გუშინ ღამით, კინაღამ შენთან ერთად მოვკვდი და იმის გაგებას მაინც ვიმსახურებ, რატომ უნდა დასრულებულიყო ჩემი ცხოვრება ოცდაორი წლის ასაკში.
სანიმ ღრმად ამოისუნთქა. მართალია გულის გადაშლა მთლად ვერ იყო მისი ხასიათისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა მაინც გადაწყვიტა, რომ ლივიასთვის ყველაფრის მოყოლა აშკარად არ უნდა ყოფილიყო ცუდი. თანაც გოგონა ყველაზე მეტად იმსახურებდა სიმართლის ცოდნას, მას შემდეგ, რა კოშმარიც წინა ღამით გამოატარა.
-არ გინდა ციხეზე ავიდეთ და საუბარი იქ გავაგრძელოთ? -შეეკითხა ბიჭი მისკენ თავის მიუტრიალებლად -სურამიდან ისე არავინ უნდა წავიდეს, თუკი ციხიდან გადაშლილ ხედებს არ გადაავლო თვალი
-სანი, მგონი გავიწყდება, რომ დღეს გადაღებები გაქვს. იქ რომ დააგვიანო, ანთისა და ჯაბა მაგ ციხეში მე გამომკეტავენ და სიკვდილსაც მომისჯიან.
ბიჭმა ჯერ მაჯის საათს დახედა სიცილით, მერე კნუტი გადმოისვა თავის მუხლებზე და პასუხიც მხოლოდ ამის მერე დააბრუნა:
-გადაღებები შუა დღეს მეწყება, ახლა კიდევ ცხრა საათიც არ არის. ნუ ღელავ, მოვასწრებთ
-და რომ მშია?
-სწრაფ კვებაში გავიაროთ და რამე საჭმელიც ვიყიდოთ -ამჯერად ძირს გადასვა პატარა ოთხფეხა, შემდეგ კი სწრაფად წამოდგა, რათა შინიდან მანქანის გასაღები გამოეტანა
-სწრაფ კვებაშიო თქვი? -გაკვირვებისგან ლამის შუბლზე გადასულიყვნენ ლივიას თვალები -სანი, რომელსაც მე ვიცნობ, ასეთ საჭმელს ათი მეტრის რადიუსითაც არ ეკარება
-ის სანი კი ვისაც მე ვიცნობ, ხანდახან გამონაკლისებს უშვებს და ახლა სწორედ ეგ გამონაკლისი შემთხვევაა
-თუკი ეგრეა, რა განწყობა -თვითონაც წამოდგა და მხრებეზე ჩამოშლილი თმა უბრალო რეზინით აიკრა ზემოთ -თან სურამის ციხესაც სიამოვნებით ვნახავდი.
-დამელოდე, გასაღებს მოვიტან და ახლავე დავბრუნდები -თვალი სწრაფად ჩაუკრა თვალი სანიმ და სახლისკენ ისე გატრიალდა, თანამოსაუბრისგან პასუხს აღარც დალოდებია.
ციხემდე მისასვლელი გზის ნაწილი მანქანის საშუალებით გაიარეს, ნაწილი კიდევ ფეხით. მართალია ადრიანი დილის გამო გარეთ ოდნავ ციოდა, თუმცა მზის სხივები ნელ-ნელა იწყებდნენ გახურებას და სიცივეც, თანდათანობით ნაკლებად შესამჩნევი ხდებოდა. მართლაც რომ საოცარი სანახავი იყო შემაღლებული ადგილიდან დანახული ხედები. უზარმაზარი, ისტორიული შენობის ქვემოთ, მთელ სიგრძეზე გადაშლილიყვნენ საცხოვრებელი სახლები, თავისი დიდი ეზოებით. ჩრდილოეთიდან ოდნავ გრილი, თუმცა მაინც სასიამოვნო ნიავი ქროდა. იგი ნაზად უფრიალებდა თმებს ციხისგან ცოტა მოშორებით, ბალახზე, სანის გვერდით მჯდომ ლივიას, ვინც ღიმილიანი მზერის თანხლებით გადასცქეროდა ქვემოთ გადაშლილ სურათებს და მათი სილამაზის ზეგავლენით, გუშინდელი ღამიდან გამოყოლილი დაძაბულობაც მთლიანად გაქრობოდა გულიდან.
-წარმომიდგენია რა ლამაზი იქნება აქედან დანახული სანახაობაა ღამით -ხედისთვის თვალმოუშორებლად, თანაც ისე აღნიშნა, თითქოს გვერდით მჯდომს კი არა, თავის მეორე "მე"-ს ელაპარაკებაო -სიბნელეში განათებული სახლები, უზარმაზარი ციხე, სიმშვიდე . . . მართლა საოცარი ადგილია
-ბავშვობაში აქ ხშირად ამოვდიოდი ხოლმე დაჩისთან და ემილისთან ერთად -საუბრის დაწყებისას, სანიც ხელის გულივით გადაშლილ სანახაობას გადასცქეროდა -ეს ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო მთელ სურამში.
პასუხის გაცემის ნაცვლად, მწვანედ მოხასხასე მდელოზე ზურგით გაწვა ლივია, თან მზერა ნაცრისფერი ტონალობით შეფერილ ცას მიაპრყრო, რომელზეც, სქელი ღრუბლებიდან, სუსტად იკვეთებოდა კაშკაშა ბურთის ოქროსფრად მანათობელი სხივები. რამდენიმე წამის შემდეგ, სანიმაც ზუსტად იგივე გაიმეორა. შექმნილი იდილიისგან თვალებდახუჭული ლივია, სუნამოს სასიამოვნოდ გრილი არომატის საკმაოდ ახლო მანძილიდან შეგრძნებით მიხვდა, რომ ბიჭი გვერდით ეწვა და მისი ასეთი სიახლოვისგან არეულმა, გულზე დაკრეფილი თითები ერთმანეთს ნერვიულად გადააჭდო.
-როგორც მახსოვს შენი უეცარი ჭკუიდან შემშლის მიზეზზე უნდა მოგეყოლა, როდესაც აქ ამოვიდოდით
-კარგი მახსოვრობა გაქვს
-ასე მგონია, რომ სანამ ლაპარაკს დაიწყებდე დროს წელავ -თვალები გაახილა თუ არა, დამკვირვებლური მზერა მიმართა ბიჭისკენ, რათა მისი სახის გამომეტყველებით, მიახლოებით მაინც ამოეცნო რას ფიქრობდა იმ წამს.
-არაფერს ვწელავ -თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა დარსაველიძემ, ვიდრე სხვის გასაგონად, თუმცა გოგონას მაინც მკაფიოდ ჩაესმა მისი პირიდან წარმოთქმული თითოეული სიტყვა.
-თუკი ეგრეა, დაიწყე. გპირდები სანი დარსაველიძის ექსკლუზიური აღიარება ჩემთან დარჩება და პრესაში არ გაჟონავს -პირობის ნიშნად თითებიც გადააჭდო ბოლოს და ბიჭის სახეზეც გააჩინა ოდნავი ღიმილი. გარკვეული დროის განმავლობაში, ბალახზე ზურგით იწვა სანი და მზის სხივებს ოდნავ მოჭუტული თვალებით მიშტერებოდა. შეწყვეტილი საუბრის გაგრძელების აუცილებლობა მხოლოდ მაშინ იგრძნო, როდესაც, დუმილი ერთ წუთზე მეტ ხანს გაიწელა და ლივიასკენ გადმოტრიალებულმა, თავის ქვეშ, იდაყვში მოხრილი მკლავი ამოიდო. ახლა უკვე ნათლად ხედავდა მისკენ თავმობრუნებული გოგონას ცეცხლისფერ თვალებს, რომლებიც დაჟინებითა და დიდი ინტერესით შეჰყურებდნენ, თანაც მზერამოუშორებლად.
-საქმე ჩემს უმცროს დას ეხება -ვერც კი გააცნობიერა, ისე გადააქცია ფიქრები სიტყვებად. გოგონა კვლავ იმავე ინტერესით უსმენდა, ამიტომ საუბრის გაგრძელება დიდხანს არ დაუყოვნებია -ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლისაა, ფუმფულა სათამაშოების ლოგინში ჩაწვენასაც კი ერთი წლის წინ გადაეჩვია და გუშინ ვიგებ, რომ თავისზე თერთმეტი წლით უფროს მამაკაცს მიჰყვება ცოლად, თანაც უცხოელს.
-სერიოზულად?
-ასეთ რამებზე ვინმე ხუმრობს? -კითხვა შეუბრუნა სანიმ და მეტად უკმაყოფილოდაც ამოისუნთქა -ემი ფაქტობრივად ჩემს ხელშია გაზრდილი, მშობლებზე დიდ დროს მასთან მუდამ მე ვატარებდი ხოლმე. სკოლაშიც კი მე დამყავდა და ცუდი სიზმრებისგან შეშინებულიც მუდამ მე მიძვრებოდა ხოლმე საწოლში. ვერც კი წარმოიდგენ რა რთულია ჩემთვის ისეთი რამის გადახარშვა, რაც გუშინ გავიგე.
ლივია დამუნჯდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა ბიჭისთვის ასეთ მომენტში. ახლა უკვე ბოლომდე აეხადა ფარდა იმ მიზეზს, რამაც დარსაველიძის ასეთი უჩვეულო საქციელი გამოიწვია. მიუხედავად წინა ღამით განცდილი შიშისა, სრული ისტორიის მოსმენის შემდეგ, სანის მიმართ ბრაზს ოდნავადაც აღარ გრძნობდა. მხოლოდ ერთი რამ აკვირვებდა -რატომ მოუნდა ასეთ რთულ მომენტში ბიჭს მაინცდამაინც მასთან მისვლა და რატომ გამოუწია გულმა ზუსტად მისკენ.
-იქნებ მართლა კარგი ადამიანია შენი დის საქმრო და ამდენსაც ტყუილად ნერვიულობ -ბოლოს მაინც მოძებნა ისეთი სიტყვები, რომლებიც სანის კარამელისფერ თვალებში დანახულ ტკივილს უნდა შებძროლებოდნენ -ბევრი ასაკობრივად განსხვავებული წყვილი მინახავს, რომლებმაც ძალიან ბედნიერი, მყარი ოჯახები შექმნეს. მაგალითად, ბიძაჩემი ათი წლით იყო უფროსი ბიცოლაჩემზე, მაგრამ მათი ურთიერთობის ყველას შურდა.
-არ ვიცი -კვლავ გოგონასკენ იყო გადმოტრიალებული და თავისი მზერით ლამის სულის სიღრმეებში უძვრებოდა. თითქოს ამშვიდებდა მათი ცქერა, თან ყველაფერ იმაზე ლაპარაკს უიოლებდა, რასაც ეგონა, რომ მძაფრი ემოციების გარეშე ვერ მოყვებოდა -იმ ტიპს არც კი ვიცნობ, მხოლოდ სახელი ვიცი და ის, რომ მალე ამერიკიდან ემილისთან ერთად ჩამოვა, ჩემი და დაჩის გასაცნობად.
-ხედავ? -გულწრფელად გაუხარდა ამის მოსმენა ლივიას -ეგ ფაქტი აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. იმას კი არ ამბობს, მოსაწვევს და ბილეთებს გამოგიგზავნით, რათა ქორწილში თავად გვეწვიოთო, არამედ თქვენს სანახავად პირადად აპირებს ჩამოსვლას.
-მართლა რანაირი ვიღაც ხარ -სიამოვნებისგან გაკვირვებული გამომეტყველება ბიჭის სახეზე სარკესავით ირეკლებოდა აღნიშნულ წამს -მიუხედავად იმისა, რაც გუშინ გაგიკეთე, მაინც ჩემს გამხნევებაზე ჩალიჩობ
-რას ვიზამთ, ამ პლანეტაზე შენზე ჰუმანური ხალხიც ვარსებობთ
-მგონი ახლა ჩემი შექება შეიფერე -გაეცინა ბიჭს
ამ სიტყვებზე კომენტარის გაკეთების მაგივრად, ლივიამ თავზე წამომდგარ უზარმაზარ შენობას ახედა და ძველი სასაუბრო თემის მაგივრად ახალი შემოაგდო.
-ისე, ლეგენდის თანახმად, ამ ციხის მშენებლობისას, შიგნით ადამიანიც ჩააყოლეს
-ჰო, ვიცი -თავი დაუქნია სანიმ -მე და დაჩი ვეძებდით კიდეც მაგ ადამიანს და ციხის ყოველი გამოვარდნილი ქვის უკან დარჩენილ სიცარიელეში ვიყურებოდით, იმ იმედით, რომ სადმე მართლა მივაგნებდით.
ბიჭის სიტყვებზე ლივიას მოგუდული სიცილი აუტყდა.
-კარგი რაა, მაგას მართლა აკეთებდით? -ჰკითხა როგორც კი ოდნავ მოითქვა სული
-ნუ იცინი, ბავშვები ვიყავით და ჭკუა არ მოგვეკითხებოდა
-დაჩისი არ ვიცი, მაგრამ შენ არც ახლა მოგეკითხება ჭკუა
-რა მწარედ იკბინები
-შენ არ ამბობ ფუტკარი ხარო? -ირიბად გადახედა გოგონამ -ფუტკრები კიდევ ძალიან მწარედ იკბინებიან
-რაღაცას გკითხავ კარგი? -ამჯერად სანიმ წაიყვანა დიალოგი სრულიად სხვა კუთხით. ერთადერთი, რისი შეცვლაც იმ წამს არ უნდოდა, ეს ლივიასკენ მიმართული მზერა იყო, რომლის იდუმალებაც, უკვე ტანზე ეკლებს აყრიდა გოგონას.
-მკითხე
-მაინტერესებს, ანთისამ და ჯაბამ ჩემზე ყველაზე საშინელი რა გითხრეს, როდესაც მახასიათებდნენ? -მერე ოდნავ ჩაეცინა და დაამატა -ოღონდ ახლა არ მითხრა შენი ქების გარდა პირიდან არაფერი ამოსვლიათო, მაინც არ დაგიჯერებ.
-არა, არა, მაგას არც გეტყვი, მაგრამ სიმართლე გითხრა, ამ კითხვის დასმის გარდა ყველაფერს ველოდი -გულწრფელად გაკვირვებულ სახეს, ასეთივე ტონიც დაემატა გოგონას მხრიდან. მიუხედავად ამისა, მაინც ჩაფიქრდა. პასუხის გასაცემად, ის მომენტები ამოიტანა წარსულის ზარსახშიდან, როდესაც პირველად მივიდა გასაუბრებაზე ჯაბას სახლში და აქედან სულ მალევე ხმაც ამოიღო:
-ყველაზე საშინელი მოსასმენი ალბათ ის იყო, შენს პარტნიორ მსახიობს ორი წუთით დაგვიანება რომ არ აპატიე და იმ დღეს საერთოდ გააუქმე გადაღებები.
-სხვათა შორის, ეგ მსახიობი, ვის სახელსაც და გვარსაც ახლა არ დავასახელებ, რეჟისორის შვილი იყო და ეგონა ყველაფრის უფლება ჰქონდა -ტუჩებზე მომდგარი ღიმილით სცადა თავისი ამგვარი რეაქციის მიზეზების ახსნა -მსგავსი მოქცევით უბრალოდ ჭკუა ვასწავლე და მას შემდეგ, მუდამ თავის დროზე მოდიოდა ხოლმე
-ჰოო? -რატომღაც ესიამოვნა მოსმენილი განმარტება. ალბათ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მუდამ სურდა, სანის ყოველი ჭირვეული საქციელისთვის რაღაც კონკრეტული გამართლება მოეძებნა -მე კიდევ მეგონა, რომ ესეც შენი მორიგი კაპრიზული გამოსვლა იყო.
-იდეალური ვარ-მეთქი არ ვამბობ, მაგრამ მთლად წყალსაც ნუ გამატანთ, ცურვა არ ვიცი
-აჰაა, ისევ შენი იუმორი -თვალების ტრიალით შეხვდა ბიჭის ნათქვამს, თუმცა ამისდა მიუხედავად, მაინც გაჩნდა ღიმილი მის სახეზე -მე კიდევ ვფიქრობდი ამდენ ხანს რატომ არ ჩანს-მეთქი
-დამალობანას გეთამაშებოდა
-მართლა არანორმალური ხარ რაა
-და შენ საკუთარი თავი ნორმალური გგონია? -ირიბი ღიმილით ჩაეკითხა სანი -ნორმალური ადამიანი იმის შემდეგ გაიქცეოდა ჩემგან, რაც ფურგონში გაგიკეთე. ზუსტად მას მერე მივხვდი, რომ ტვინში ყველაფერი მთლად წესრიგშიც ვერ გქონდა, მაგრამ სწორედ ეს გხდის განსაკუთრებულს -ბოლო სიტყვები ისეთი სხვანაირი, თბილი ხმით წარმოთქვა, ლივიას სხეულის თითოეულ უჯრედს სიგიჟემდე მოუნდა სიახლოვის იმ ზღვარის გადაკვეთა, რომელიც ბიჭსა და მას შორის, მართალია აბსტრაქტულად იყო გავლებული, მაგრამ მაინც გადაულახავ ბარიერს ქმნიდა.
-მეუცნაურება ეს სიტუაცია -გულწრფელი აღიარება თითქოს ინსტიქტურად გააკეთა გოგონამ -გასაუბრებაზე, იმდენად თავაშვებული ადამიანის შთაბეჭდილება შემიქმნეს შენზე ანთისამ და ჯაბამ, რომ ვერასდროს ვიფიქრებდი ასე წოლასა და საუბარს თუ შევძლებდით ოდესმე.
-და რას ეძახიან ანთისა და ჯაბა თავაშვებულობას? იმას, რომ ცნობადი სახე ჩვეულებრივი ადამიანივით ვრეაგირებ ჩემს ირგვლივ მომხდარზე და არა ისე, როგორც მსახიობს შეეფერება? -ჰკითხა სანიმ დამკვირვებლური მზერით -მოდი მაგალითად ის ადამიანი ავიღოთ, ვინც მეორე ადანიანმა წყობიდან გამოიყვანა და ამის გამო, ცხელ გულზე საჯაროდ გაარტყა ხელი. ამაზე ვინმე ალაპარაკდება? განხილვის თემად იქცევა? მაქსიმუმ ორი წუთით ისაუბრონ მომხდარზე უბნის ჭორიკნებმა და შემდეგ ყველა თავიანთ ცხოვრებას დაუბრუბდება. თუმცა საკმარისია მე გავაკეთო იგივე, მეორე დღეს ყველა კლავიატურას ამოფარებული უსაქმური ამაზე დაიწყებს წერას.
-ჰო, მაგაში უდავოდ გეთანხმები
-მერე? ხვდები რასაც ვამბობ?
ლივიამ თავი გააქნია უარყოფის გამოსახატად. მართალია ნაწილობრივ გაიგო სათქმელის არსი, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ჩასწვდენოდა სანის სიტყვების უკან დამალულ ჭეშმარიტებას.
-იმას ვგულისხმობ, რომ ვერასდროს შევეგუები ჩემი ცხოვრების სტილზე გამოთქმულ სხვების აზრებს. ზუსტად მაგ მიზეზის გამო დამახასიათეს ანთისამ და ჯაბამ შენთან ნამდვილ მონსტრად. მაგ ორის ტვინი ისეა მომართული, რომ თუკი შენთან მუშაობენ, სურთ სკანდალებისგან შორს, გამუდმებით ფუღუროში დაიმალო, აი მე კი ვერასდროს დავუშვებ ქუჩაში, პატარა გოგოზე აკიდებული გამო*ირებულებისთვის მხოლოდ იმიტომ არ შემეძლოს თითების ერთმანეთზე მოყოლებით დამტვრევა, რომ ცნობადი სახე ვარ და ამაზე ინტერნეტ-საიტებზე დაწერენ. არც არასდროს მითხოვია მენეჯერებისთვის, ჟურნალისტებს ეხვეწეთ, რათა სოც-ქსელებში ის სურათები არ ატვირთონ, სადაც, მოტოციკლებით უკანონო რბოლაში ვიღებ მონაწილეობას, გართობის მიზნით-მეთქი და არც ის, ჩემი დის მთვრალი ნაბი*ვრებისგან დაცვის გამო ატეხილი ჩხუბის პრესაში გამოქვეყნების ნება არავის მისცეთ-მეთქი. ამ და ყოველ, თავიანთი გემოვნებისთვის შეუფერებელ საქციელს, ანთისა და ჯაბა საკუთარი სურვილით მალავდნენ მედიისგან. მე რაც შემეხება, სხვების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ნიღბების ტარება არასდროს მიცდია.
-ანუ თავად არ თხოვდი ხოლმე მათ შენი ნამოქმედარის შესანიღბად ადამიანები მოექრთამათ?
-ეს მხოლოდ ერთხელ გავაკეთე და მაშინაც იმიტომ, რომ ჩემს შესახებ ტყუილი ინფორმაციის გავრცელებას არ დავუშვებდი -ამ სიტყვებზე ლივიას ინტერესით სავსე მზერა იგრძნო, ამიტომ ყოველგვარი კომენტარის გარეშე განაგრძო დაწყებული -მოკლედ ეს იმის წინა დღეს მოხდა, სანამ ანთისა და ჯაბა შენს შესახებ მეტყოდნენ. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კლუბში ვიღაც გოგოს შევხვდი, საბოლოო ჯამში კი ფსიქოპათი აღმოჩნდა და ჩემს შესახებ ტყუილების გავრცელებით იმუქრებოდა, თუკი მაქსიმუმ ორ კვირაში ცოლად არ მოვიყვანდი
-კონკრეტულად რის თქმას აპირებდა?
-იმის, რომ გამოვიყენე და მივაგდე, იმის, რომ ჩემგან ორსულად იყო და მუცლის მოსაშლელად ძალის გამოყენებით წავიყვანე ექიმთან და კიდევ ათასი საზიზღრობის. არადა რეალურად მხოლოდ ის მოხდა, რომ ერთად დავლიეთ, ოთხი-ხუთი ფოტო გადავიღეთ და ცეკვის პარალელურად რამდენჯერმე ვაკოცე. ს*ქსიც კი არ გვქონია
-არა რაა, მაინც სად ნახულობ ხოლმე ასეთ ტვინშერყეულებს? -მოსმენილ ამბავს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ლივია. ვერც კი წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა ადმაიანს ამხელა ტყუილი მოეგონებინა სხვის დასაშანტაჟებლად და მისი რეპუტაციის ლაფში ამოსასვრელად.
-იმიტომ გეუცხოვება, რომ შენი პიროვნებისთვის ასეთი რამ წარმოუდგენელია -ოდნავ ჩაეღიმა სანის, მერე კი საკმაოდ სერიოზული გაუხდა მზერა -მაგრამ ადამიანები ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან სიმდიდრეში ცხოვრებისთვის.
-შესაძლოა -თავი დაუქნია. უნდა ეღიარებინა, ამ დიალოგმა სრულიად სხვა კუთხიდან დაანახა დარსაველიძეც და მისი ქცევებიც -უნდა გამოგიტყდე, ყოველივე ამისთვის, არასდროს შემიხედავს შენი თვალით და ალბათ ამიტომაც არ მესმოდა რას, რატომ აკეთებდი.
-მაგრამ რაღაც კითხვა მაინც გადგას ენის წვერზე
-ასეა
-მკითხე, ხომ ხედავ დღეს ექსკლუზიური ინტერვიუ გვაქვს და ყველაფერზე გულახდილად გპასუხობ
ლივიას სტიმული მიეცა და ოდნავ გაეღიმა კიდეც ბიჭის სიტყვებზე.
-კარგი, მაშინ მითხარი, როგორ ალოდინებდი მთელ გადამღებ ჯგუფს იმის გამო, რომ გონკების თამაშით იყავი გართული ფურგონში? -ეჭვით დააწვრილა თვალები და სანიც აშკარად გაამხიარულა თავისი შეკითხვით. უფრო მეტიც, ამით ის ნეგატიური თემებისგან მოგვრილი აურაც გააქრო, რომელიც წინა თემებზე საუბრისას შეიმჩნეოდა მათ შორის.
-მაგაზე პასუხი მარტივია. უბრალოდ ვიცოდი, რომ შენი პირველი სამუშაო დღე იყო და გადავწყვიტე გამოცდა მომეწყო. ვაღიარებ და ძალიან დიდი ინტერესი მქონდა რამდენად ამტანი იქნებოდი -კვლავ ის მომენტები გაახსენდა ბიჭს, როდესაც გოგონა პირველად დაინახა ფურგონში და ჩაეცინა -მართალია გადამღები ჯგუფი ცოტათი ვალოდინე, მაგრამ ამით სამყაროს აღსასრული არ მომხდარა.
გოგონა დადუმდა და კვლავ სანის კარამელისფერი თვალებში განაგძო ცქერა. უნდა ეღიარებინა, რაღაც ასეთ პასუხს თავადაც ელოდა, რადგან გარკვეული კუთხით უკვე შეეძლო კიდეც ბიჭის მიზნებისა და ფიქრების ამოცნობა. ერთმანეთისთვის ყურება და მდუმარება მხოლოდ ათი წამის შუალედით მიმდინარეობდა. ლივიას დაეფიცებოდა, რომ უჩვეულო დაბნეულობისგან უსასრულობამდეც კი შეეძლო ასე ყოფნა, თუმცა ინტიმური სიტუაცია მის ტელეფონზე შემოსულმა შეტყობინებამ იხსნა, რომლის ავტორიც, არც მეტი, არც ნაკლები სტეფანე იყო.
"დღეს სახლში გამოგივლი და სადმე წავიდეთ, ერთად ვივახშმოთ" -სწერდა ბიჭი. მისმა კატეგორიულმა ტონმა ლივია მაშინვე გააღიზიანა და პასუხიც სწრაფად აკრიბა სენსორზე:
"შენთვის არ მცალია, სხვა გასართობი ეძებე!"
ათი წამიც არ იყო გასული, რომ
კვლავ მოუვიდა საპასუხო ტექსტი:
"ლივია, გამოგივლი და მორჩა, ეს აღარ განიხილება! გირჩევნია მზად დამხვდე."
შესაწინააღმდეგებელი სიტყვების გამოყენებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ვინაიდან ღრმა ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, გოგონამ ყველაზე კარგად იცოდა ბიძაშვილის ხასიათის თავისებურებები და იმასაც ხვდებოდა, რომ წინააღმდეგობა ბევრად უფრო დიდ აზარტში ჩააგდებდა სტეფანეს. რაც იქნებოდა, იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს ერთ ვახშამს როგორმე გადაიტანდა, ამიტომ უარი აღარ უთქვამს, მხოლოდ გაბრაზებული სმაილები გაუგზავნა და როგორც კი მისგან გულის "ემოჯები" მიიღო პასუხად, ტელეფონი უკმაყოფილო სახით ჩაიბრუნა ჯიბეში.
-მგონი დროა წავიდეთ -უთხრა მან სანის, ვისაც ლამია ჩამოსძინებოდა ასეთ სიმშვიდეში -გადაღებებზე წასვლამდე სცენარი უნდა გადაიმეორო და უნდა მოემზადო
-წავალთ, ლივია, წავალთ -ამოთქვა ბიჭმა ხმადაბლა -მანამდე კი ერთ კარგ რჩევას მოგცემ
-მაგალითად რას?
-იმას, რომ მაგ ადამიანს ხელი არ კრა -სწრაფად მიუგო და გოგონასთვისაც აშკარა გახადა, რომ როგორღაც შეტყობინებების ტექსტისთვის მოეკრა თვალი
-შენ რა, ყველაფერს ჩუმად კითხულობდი?
-არ ვკითხულობდი, უბრალოდ ტელეფონი გეჭირა ისე, რომ რამდენიმე შეტყობინებაზე სულ შემთხვევით მომიხვდა თვალი -დაასრულა თუ არა ამის თქმა, მაშინვე წამოჯდა მწვანედ მოხასხასე ბალახზე, ფეხზე წამოიმართა და ჯერ კიდევ გულაღმა გაწოლილ გოგონას საკუთარი მარჯვენა გაუწოდა -ახლა კი ადექი და წამოდი. თუ გინდა კომპენსაციის სახით, გზაში ნაზუქს გიყიდი და რამე ლამაზ თიხის თასსაც ჩემი სადღეგრძელო რომ დალიო ხოლმე.
-იმენა ცანცარა ხარ რაა -შეკავებული სიცილით მოეჭიდა სანის გამოწვდილ ხელს და მასთან ერთად გაემართა ბუმზერაზივით აღმართული ციხიდან, ქვემოთ ჩასასვლელი დამრეცი ბილიკისკენ.



8 8 8 8
საათის ისრები ზუსტად საღამოს რვას უჩვენებდნენ, როდესაც ლივია, თავის სადარბაზოსთან დაყენებულ სტეფანეს მანქანაში ჩაჯდა და უსაფრთხოების ღვედი ისე შეიკრა, ბიძაშვილისთვის ელემენტარული მისალმებაც არ უღირსებია.
-წავედით, ძალიან ცოტა დრო მაქვს! -უთხრა რაც შეიძლებოდა მკაცრად და მშრალად, რითაც პირველივე წუთებში შემოიტანა დაძაბული ატმოსფერო და სტეფანესაც გადასდო თავისი მოღრუბლული განწყობა.
-ისე, ნორმალური ადამიანები ჯერ გამარჯობას ამბობენ ხოლმე -ამოთქვა მან წყენით. სამწუხაროდ, ლივიას ბრაზზე მის ტონს მცირედი გავლენაც არ მოუხდენია
-ახლა რომ მანქანაში გიზივარ და მოწერის თანავე არ დაგახვევინე, უკვე ჩემს არანორმალურობაზე მეტყველებს
-ნუ მეუზრდელები გოგო! -ნაწყენი ხმა, გაღიზიანებულით შეეცვალა, თან მანქანაც დაქოქა და ნელ-ნელა დაიძრა ეზოდან გასასვლელისკენ
-კი არ გეუზრდელები, ფაქტს აღვნიშნავ
-მოკლედ, შენთან ნორმალურად ლაპარაკი შეუძლებელია
-ნორმალურად ლაპარაკი ჩვენს შორის უკვე დიდი ხანია შეუძლებელია სტეფანე
ბიჭმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. შექმნილი დაძაბულობის გავლენით, რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმადაც იყო, შემდეგ კი ხელით სამოსზე ანიშნა მამიდაშვილს და საუბარი სრულიად სხვა თემაზე გადაუტანა:
-სადაც მივდივართ, იმ ადგილისთვის შეუფერებლად გაცვია, იცი?
-ფეხებზე მ'კიდია
-ჯანდაბა, რა ლიმონივით მჟავე ხასიათი გაქვს
-ჰო, მაგაში რატომღაც ბიძაშვილს დავემსგავსე
-ნუ იკბინები შუქნიშანო
ლივიას ბრაზი კისერში მოაწვა. ზოგადად მუდამ ფეთქებადი ხდებოდა ხოლმე, როდესაც ეს მეტსახელი ესმოდა სტეფანეს პირიდან და ამჯერადაც ზუსტად ასე მოხდა:
-ბავშვობის მერე გეჩხუბები ეგრე ნუ მეძახი-მეთქი! რით ვეღარ შევიდა შენს დეგრადირებულ ტვინში?!
ბიჭს ირიბად ჩაეცინა.
-ჰოდა თუ ბავშვობის მერე ვერაფერი შეცვალა შენმა ჩხუბმა, უკვე დროა შეეგუო.
ღიმილით ნათქვამმა ამ სიტყვებმა, კიდევ უფრო გააღიზიანა გოგონა. სტეფანე რომ იმ მომენტში საჭესთან რომ არ მჯდარიყო, არც მის ცემაზე იტყოდა უარს.
-ნეტავ ეს თმა რომ სხვა ფერად გადავიღებო, მერე რაღას დამიძახებ? მართლა მაინტერესებს
-ეგ არც გაბედო! -წარბების აწევით გამოხედა საჭესთან მჯდომმა -ხომ იცი, როგორც ვგიჟდები შენს თმაზე
მოსმენილის შემდეგ, ლივიამ თავი გააბრუნა და სიტყვაც აღარ დაუძრავს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძაშვილის სიტყვები, ჭრილობის მალამოსავით სასიამოვნოდ მოედო გულზე. ოდნავ გააღიმა კიდეც. ბოლო პერიოდში სტეფანესგან თბილ სიტყვებსა და მსგავს კომენტარებს ბოლომდე იყო გადაჩვეული და სწორედ ამიტომ ეუცხოვებოდა შექმნილი სიტუაცია ასე ძალიან.
საბოლოო გაჩერებამდე დარჩენილი გზის განმავლობაში, არც სტეფანეს უცდია საუბრის განახლება. გახედვითაც კი არ გაუხედავს გვერდითა სავარძელში მჯდომი მამიდაშვილისკენ. ეს უკანასკნელი თავისი მზერის ღირსი მხოლოდ მაშინ გახადა, როდესაც მანქანის დაპარკინგება საკმაოდ ლამაზეზოიანი, იტალიური რესტორნის წინ დაიწყო და ნელ-ნელა შეაყენა თავისი შავი სედანი, ორ მერსედესის მარკის ავტომობილს შორის დარჩენილ თავისუფალ ადგილას. დაწესებულების აბრაზე ლურჯი ასოებით, ლამაზად ანათებდა სახელწოდება Orchidea Blue (იტალ:- ლურჯი ორქიდეა). არანაკლებ დახვეწილი, სასიამოვნო გარემო დაუხვდათ რესტორნის დარბაზშიც. მიუხედავად იმისა, რომ არც იქაურობა ჩანდა მაინცდამაინც ხალხით გადატვირთული, სტეფანემ წინ შემოგებებულ მიმტანს მაინც დახურული კუპის გამოძებნა სთხოვა დასაჯდომად, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ იმ საღამოს ზედმეტი ხმაური არ სჭირდებოდა. დაწესებულების თანამშრომელმაც, ასეთი თხოვნის შესაბამისად, საშუალო ზომის კუპეში, ორადგილიან, შოკოლადისფერ მაგიდასთან მიუჩინა ახლადშემოსულ კლიენტებს ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მოთავსდნენ. სტეფანემ სწრაფად გააკეთა თავისი შეკვეთა და წინ გადაშლილი მენიუდან, რიზოტოს შეკვეთა მისცა, წიგნაკით ხელში თავზე წამომდგარ მიმტანს, ხოლო ლივიამ, დაახლოებით ნახევარწუთიანი ფიქრის შემდეგ კასეროლეზე შეაჩერა არჩევანი. შეკვეთილი კერძების მოტანამდე, ორივენი უსიტყვოდ, თავთავიანთ ტელეფონებში იყვნენ ჩამძვრალნი და მხოლოდ ხანდახან თუ გახედავდნენ ერთმანეთს წარბებს ქვემოდან. თვალებით კონტაქტსა და დაძაბულ სიჩუმეს წერტილი მხოლოდ მაშინ დაესვა, როდესაც მაგიდაზე, პირდაპირ ლივიასა და სტეფანეს შუაში, ლამაზად სერვირებული კერძები გაჩნდა და მათმა შემომტანმა მომსახურე პერსონალმაც ტრადიციული "გემრიელად მიირთვის" შემდეგ დატოვა კლიენტებისთვის გამოყოფილი კუპე.
-რაღაც გადაღლილი მეჩვენები -საუბრის წამოწყების მცდელობა საკუთარ თავზე სტეფანემ აიღო, თან დაკვირვებით შეათვალიერა მამიდაშვილი, ვისაც ოქროსფერი ჩანგალი ხელში ეჭირა და მისი გამოყენებით, თავის კასეროლეს, ჭამის მაგივრად —აწვალებდა.
-ვარ კიდეც გადადლილი -უღიმღამოდ მიუგო, ერთი წამის მერე კი დაამატა:- ზუსტად ამიტომ მერჩივნა სახლში დავრჩენილიყავი
-გეყოფა რა, ყველა ჩვენი საუბარი იმით მთავრდება, რომ ვჩხუბობთ
-მერე და ვისი მიზეზით? -ცალი წარბის აწევით ჰკითხა მაშინვე, როგორც კი საჭმლით თამაშს შეეშვა. სტეფანემ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.
-თუ ამჩნევ ნორმალურად დალაპარაკებას ვცდილობ, შენ კი გაავებული კრაზანასავით იკბინები -იმოდენა სევდა აღიბეჭდა ბიჭის თვალებში ამის თქმისას, ლივიამ თავი ოდნავ დამნაშავედაც კი იგრძნო და გადაწყვიტა ამ ეტაპზე ირონიული ტონი შვებულებაში გაეშვა.
-კარგი, საქმეზე გადადი, რისი თქმა გინდოდა? -ჰკითხა მან საქმიანად, თან კერძის პირველი ლუკმა დააგემოვნა, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში არც მადა ჰქონდა და არც სურვილი ყელში რამე გადასვლოდა. ჭამის სურვილი არც სტეფანეს ჰქონია. როგორც ჩანდა, კერძები ორივეს მოვალეობის მოხდის მიზნით ჰქონდათ შეკვეთილი.
თვალებში უსიტყვოდ ყურება კიდევ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო სტეფანემ, როდესაც საუბრის წამოწყების აუცილებლობა უკვე მეტად აშკარა გახდა და ენის წვერზე დადებული სიტყვების ხმამაღლა გაჟღერებამდე, მაგიდაზე იდაყვით დაყრდნობილი ხელები ერთმანეთში გადააჭდო.
-უბრალოდ დანაკლისი მაქვს -ამოთქვა ოდნავ დაბალი, ნაღველით გაჟღენთილი ხმით და ლივიამ მაშინვე იგრძნო, რომ ამის უკან კიდევ უდიდესი სათქმელი იმალებოდა
-რა დანაკლისს გულისხმობ?
-შენს დანაკლისს -მაშინვე დააზუსტა ბიჭმა -ჩვენი კბილის ჯაგრისები, ჯერ კიდევ ერთმნეთის გვერდიგვერდ დევს სააბაზანოში და სიმართლე გითხრა მომენატრა ეს დრო. მომენატრა ჩემს სახლში შენი ვარდისფერი, ბრჭყვიალა ჩუსტების დანახვა, შენი ტანსაცმლისაც, შენი სულელური, ფუმფულა სათამაშოებისაც. არც კი მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სიგიჟემდე მენატრები შუქნიშანო.
ყელში მოწოლილმა ცრემლების ბურთმა, ლამის სასუნთქი გზები გადაუკეტა იმ მომენტში ლივიას. მთელი ძალისხმევა, რაც კი შინაგანად გააჩნდა მხოლოდ იმას შეალია, რომ ბიძაშვილის წინ ცრემლები არ გადმოსცვენოდა და თავისდა გასაკვირად, ეს როგორღაც გამოუვიდა. მერე წყალი მოსვა აკანკალებული ხელებით, გამოფიტული სკამის საზურგეს მიეყრდნო და ოდნავ დამშვიდების შემდეგ, თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა.
-ბიძიას და ბიცოლას ამბის შემდეგ, ძლიერი ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა -კედელზე, ერთ ამოჩემებულ წერტილს უყურებდა ლივია, როდესაც ამას ამბობდა -შენ არასდროს არაფერს გეუბნებოდი, მხოლოდ ჩემს ოთახში ჩაკეტვისას ვამჟღავნებდი საკუთარ თავს, ჩემს ბალიშზე ჩახუტებული, იქედან გამოსვლისას კი შენს გამო ვცდილობდი თავის ძლიერ ადამიანად გასაღებას. იმისთვის, რათა შენ დაგდგომოდი მხარში, რადგან შენ, ჩემზე ორჯერ უფრო მეტად გტკიოდა.
-ლივია . . .
-მაგრამ მერე იცი რას მივხვდი? -კვლავ უწყვეტად აგრძელებდა გოგონა -მივხვდი, რომ მარტო მათი დახმარება შეიძლება, ვისაც თავად სურს, რომ დაეხმარონ, შენ კი არ გინდოდა ვინმე დაგხმარებოდა. შენ დეპრესიაში ჩახრჩობა უფრო მოგწონდა და მეც ამ უფსკრულისკენ მიმაქანებდი.
სტეფანეს თვალის გარსს ნელ-ნელა წითელი შეეპარა და სულ მალე შესამჩნევიც გახდა ის სისხლისფერი კაპილარები, დატოტილი ხესავით რომ დამჩნეოდა გუგების გარშემო. მოცემულ მომენტში, სიჩუმეს ძლივს ინარჩუნებდა და სიგიჟემდე უნდოდა ხმის ამოღება, თუმცა ყოველი სიტყვა, თითქოს ენის წვერზე ჰქონდა დაქვავებული და მათი ხმამაღლა წარმოთქმისთვის ძალა არ ჰყოფნიდა.
-აქ რისთვის მომიყვანე? -არანაკლები ტკივილის შემცველი იყო გოგონას გამოხედვაც -საკუთარი ცხოვრებიდან ისე მომისროლე, თვალიც არ დაგიხამხამებია. ყველაფერთან ერთად ის სადარდებელიც გამიჩინე სად მეცხოვრა, რა მეკეთებინა ან რით მერჩინა თავი, თუმცა ერთი რამის გამო მადლობელი ვარ —ამით ძალა შემმატე. ნათლად დამანახე, რომ ადამიანის გვერდში დგომის კი არა, საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს ყველგან და ყველაფერში.
-ლივია . . .
-არა სტეფანე, გაჩუმდი! -ხელის აწევით შეაჩერა რაღაცის სათქმელად მომართული ბიჭი -გასაგებია შენი მონატრება, მაგრამ უკვე აღარც ამის საჭიროება მაქვს. მე უკვე ფეხზე დავდექი, სახლიც მაქვს, სამსახურიც და მეგობარიც, ვისაც ყველაფერზე თუ არა, გარკვეულ თემებზე მაინც შემიძლია ვესაუბრო. შენ კი ერთ რამეს გეტყვი —ფეხზე წამოდგა, ჩანთა გადაიკიდა და კუპიდან გასასვლელ კართან მისული, ჯერ კიდევ მაგიდასთან მჯდომ ბიძაშვილს აწყლიანებული თვალებით მოუტრიალდა : -თუკი ადამიანის გვერდით მაშინ არ ხარ, როცა ცუდადაა, ნურც მაშინ გამოჩნდები, როდესაც კარგად იქნება . . .



8 8 8 8
საღამო ხანი იყო. სანი და დაჩი, კამკამა წყლით სავსე აუზიდან ერთი მეტრის მოშორებით მდგომ მაგიდასთან ისხდნენ, მინის პატარა ჭიქები მოემარაგებინათ და ბოთლში ჩასხმულ ორმოცი წლის დაძველების ტეკილა, ნელ-ნელა დაჰყავდათ ფსკერამდე.
სასიამოვნო ამინდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანათობელი ბურთი ღრუბლებს ეფარებოდა და ნაკლებ სითბოს გამოყოფდა, ჰაერე მაინც დამაკმაყოფილებელი ტემპერატურა ჰქონდა და ზედმეტად ქარიც კი არ იძვროდა.
დაჩის უკვე საგრძნობლად მოჰკიდებოდა სასმელი. მისგან განსხვავებით, სანი შედარებით ფხიზელი იყო, რადგან გვიან შეერთებოდა აუზთან სასმელად გამოსულ უმცროს ძმას და არც ხუთ წამში ერთხელ ივსებდა ჭიქას მორიგი დოზით.
-იქნებ ცოტა ხნით შეგესვენა? -დაახლოებით მეათე ჭიქაზე იყო, როდესაც სანიმ ბოთლის საცობზე დაუფარა ხელი, რადგან მიხვდა დაჩის მართლა მეტისმეტი მოსდიოდა. ახლა თუ რამეს არ გააკეთებდა, მთელი ღამის განმავლობაში მოუწევდა მასზე პატარა ბავშვივით ზრუნვა და ეს ნამდვილად არ ეხალისებოდა.
-შენ მაგაზე ფიქრს შეეშვი და ის მითხარი ემიზე თუ ხარ კიდევ გაბრაზებული -ბოთლისთვის ხელი არ გაუშვია ისე მიუგო -რაც ვიდეო-ზარით ისაუბრეთ და სახლიდან გიჟივით გავარდი, მას შედეგ ამაზე სიტყვაც აღარ დაგიძრავს.
ყველაზე ნაკლებად, იმ წამს სურდა აღნიშნულ თემაზე საუბარი სურდა სანის და ეს, არც უკმაყოფილო გამომეტყველებითა და სიტყვებით დაუმალავს:
-გაჩუმდი და ამაზე საუბარი ცოტა ხნით აღარ წამოჭრა! -შეუღრინა -ჯერ კიდევ ვცდილობ ყველაფერი ისე გადავხარშო, რომ ჭკუიდან არ შევიშალო!
-სანი თუ დაგავიწყდა მე გეტყვი, რომ ემი ამ დღეებში ჩამოსვლას აპირებს, თავის საქმროსთან ერთად, რათა გაგვაცნოს და ქორწილიც აქ გადაიხადონ. იმედია წესიერად მოიქცევი -თქვა თუ არა, კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა და ლიმონის ნაჭერიც ჩაღეჭა გემოს გასანეიტრალებლად
-შემთხვევით პალმის რტოებითაც ხომ არ გინდა დავხვდე აეროპორტში, მშვიდობის ნიშნად?
-ნუ ცინიკოსობ რა თუ ძმა ხარ. ეს ჩვენი დის არჩევანია და პატივი უნდა ვცეთ. მართალია ამ ამბით დიდად აღფრთოვანებული არც თავად ვარ, მაგრამ ემი უკვე პატარა აღარაა, ზრდასრული ქალია
-ბიჭო შენ შ*იგ ხომ არ გაქვს?!-საბოლოოდ ააფეთქა სანი ამ სიტყვებმა -ცხრამეტი წლის ბავშვს ზრდასრულ ქალს როგორ ეძახი?
-სრლწლოვანია სანი!
-სრულწლოვანი რომ გახდი, ჯერ კიდევ მულტფილმებს ეჯექი და გრამი ჭჯუა არ მოგეკითხებოდა, დაგავიწყდა? -თავადაც გადაკრა ერთი ჭიქა და ეს უკანასკნელი მაგიდაზე ხმაურიანად დაახეთქა
-ნუ გადამაყოლე , მარტო ტომი-ჯერი მევასება. როდის მნახე პრინცესა და მფრინავი რაშის საიდუმლოს რომ ვუყურებდი ან კიდევ სხვა ეგეთ სი*ობებს?
სანიმ უპასუხოდ დაისხა კიდევ ერთი ჭიქა ტეკილა. აღარ აპირებდა დაჩისთან უწინდელი სასაუბრო თემის გაგრძელებას, რადგან კარგად იცოდა როგორც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და იმასაც ხვდებოდა, რომ შეთანხმებასა და ერთ აზრზე შეჯერებას მაინც ვერაფრით შეძლებდნენ. ბიჭებმა ამჯერად უხმოდ განაგრძეს აუზთან ჯდომა. დაჩი უკვე აღარ სვამდა. მხოლოდ სანი ივსებდა ჭიქას ორ წუთში ერთხელ, თან ორივენი თავთავიანთ საფიქრალს მისცემოდნენ და ეს პროცესი მანამ გრძელდებოდა, სანამ მათთვის სრულიად მოულოდნელად და დაუპატიჟებლად, ანთისა და ჯაბა არ წამოადგათ თავზე, აუზთან სასმელის ბოთლით მოკალათებულებს.
-მგონი შენი მენეჯერები გეწვივნენ -პირველად დაჩიმ შეძლო უეცარი სტუმრების შემჩნევა, რადგან სანი მათგან ზურგით იჯდა და არც ფეხის ხმა გაუგონია იმ მომენტამდე. მართალია ახლა ჯაბას და ანთისას ხასიათზე სულაც არ იყო და არც ის მიზეზი აინტერესებდა, რის გამოც აქ იყვნენ მოსულები, თუმცა მათ მაინც სახეზე აკრული ღიმილით მიუტრიალდა და მისალმების ნიშნად ხელიც აუწია.
-ორიელას და ბორიელას ვახლავარ! -კვლავ ის მეტსახელები გამოიყენა, რითაც ჩვეულებრივ მიმართავდა ხოლმე მენეჯერებს -ახლაც რამე დავაშავე თუ მოგენატრეთ და ამიტომ შემომიარეთ?
-გეყოფა მაიმუნობა -ქუსლების კაკუნით მიუახლოვდა ბიჭებს, მერე კი უმცროს დარსაველიძეს გაუღიმა შანელის მანტოში გახვეულმა ანთისამ -დაჩი როგორ ხარ ტკბილო? ისიც არ ვიცოდი, თუ დაბრუნდი
-კარგად ანთი -საპასუხოდ ბიჭმაც გაუღიმა -შენ აღარ გკითხავ, მშვენივრად გამოიყურები, რასაც ჯაბაზე ვერ ვიტყვი
-ვითომ რატომ ვერ იტყვი? -სათვალის მინების უკანაც ნათლად წასაკითხი გახდა მამაკაცის თვალებში არეკლილი იმედგაცრუება. დაჩის ირიბად ჩაეღიმა.
-მე რა ვიცი, ისე გახდი, ადამიანს ეგონება ვინმემ დაგღეჭა და გადმოგაფურთხა
-შენი ძმის ხელში კიდევ კარგად ვარ -მოღუშული სახით შეუღრინა კაცმა უმცროს დარსაველიძეს და ასეთივე გამომეტყველებით გადახედა გვერდით მდგომ ანთისასაც, როგორც კი ქალის მოგუდული სიცილის ხმა გაიგო -ისე გაცინება, თითქოს აქ რაღაც ძალიან სერიოზული საქმის გამო არ ვიყოთ მოსულები.
-ახლა სიცილიც ამიკრძალე
-ძალიან კარგად იცი, როგორ არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემზე იცინიან. ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და ცუდ რამებს მახსენებს!
-ბულინგის მსხვერპლი იმიტომ იყავი, რომ შატალოებზე წასულ ბავშვებს შორის, ერთადერთი შენ რჩებოდი ხოლმე კლასში -არც ანთისამ დაუთმო პოზიციები. დაჩი მხიარული სახით ადევნებდა თვალს მათ პაექრობას და სრული სიამოვნებისთვის მხოლოდ პოპ-კორნის ჯამი აკლდა წინ.
-კლასში იმიტომ ვრჩებოდი, რომ . . .
-რომ რა, რა? -სარკასტულად ჩაეკითხა ქალი. მამაკაცის სახეზე დანახული დაბნეულობით თითქოს უზღვავ ენდორფინის დოზას ღებულობდა იმ წამს -პასუხიც კი არ გაქვს ხედავ?
-კარგით, კარგით, გეყოფათ -სანის ფეხზე წამოდგომამ მაშინვე დაუსვა წერტილი მენეჯერების ბავშვურ კინკლაობას -წამოდით და შიგნით ვილაპარაკოთ. ისე მშვიდობაა?
-შენ და მშვიდობა ერთმანეთს როდის ეწყობოდით? -ამჯერად ანთისამ გადააქნია თავი უკმაყოფილოდ, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და სახლისკენ მანამ დაიძრა, სანამ ამას სანი და ჯაბა გააკეთებდნენ.
შიგნით შესულებმა, სამზარეულო აირჩიეს ადგილის დასაკავებლად. ვინაიდან ჯაბასაც და ანთისასაც საკმაოდ დიდხნიანი ნაცნობონა აკავშირებდათ სანისთან, მის სახლში თავს მუდამ ზედმეტად თავისუფლად გრძნობდნენ ხოლმე. იმ მომენტშიც ისე დაიწყეს თავისთვის ყავის მომზადება, მასპინლისთვის ზედაც არ შეუხედავთ. მხოლოდ მაშინ გახადეს თავიანთი მზერის ღირსად, როდესაც ორივემ თავისთვის სასურველი კოფეინით სავსე ფინჯანი დაიჭირა ხელში. დარსაველიძე ამ დროს მაგიდასთან ჩამომჯდარიყო და სოციალურ ქსელებში მიღებული წერილების ნახვით გაჰყავდა დრო.
-გეტყოდით თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში-მეთქი, მაგრამ როგორც ვხედავ უკვე გრძნობთ -ჩამოჯდნენ თუ არა მენეჯერები მაგიდასთან მის გვერდით, მაშინვე ამოყო თავი მობილურის ეკრანიდან და მზერა მათზე გადაიტანა ბიჭმა.
-სერიოზული იყავი სანი, შენთვის რაღაც გვაქვს სათქმელი
-რა ხდება, რეჟისორებს ყელში ამოვუვედი და ჩემი სხვა მსახიობით ჩანაცვლება სურთ?
-ასე მეორედ აღარ იხუმრო! -უკმაყოფილება და შიში ერთად აირეკლა ანთისას თაფლისფერ თვალებში
-ჰოდა მაშინ ნუღარც თქვენ წელავთ, თქვით რა ხდება
ანთისამ ჯაბას გადახედა, ღრმად ამოისუნთქა და ყოველგვარი ზედმეტი შეყოვნების გარეშე, უკმაყოფილო ხმით ალაპარაკდა:
-ის ხდება, რომ მორიგ შარში ჩავიგდეთ თავი შენთვის იმ გოგოს მოყვანით და ვაპირებთ ეს შეცდომა დაუყოვნებლივ გამოვასწოროთ.
სახის გამომეტყველება წამებში შეეცვალა სანის ამის მოსმენისას. მართალია წარმოდგენაც არ ჰქონდა რა იდგა ანთისას ამ სიტყვების უკან, თუმცა ყველაფერი ეს მაინც ცუდად ენიშნა და ინსტიქტურად შეკრა წარბები.
-ლივიას გულისხმობთ?
-ჰო, სწორედ მას -ამჯერად ჯაბა გამოვიდა მოპასუხის როლში -ხალხმა უკვე იმაზე დაიწყო ჭორაობა, რომ თქვენ ორს საიდუმლო რომანი გაქვთ. ინტერნეტში არ შეგიხედავს? ყველგან ის სურათებია გამოფენილი, სადაც რესტორანში ერთად ზიხართ და მერე იქედან ხელში აყვანილი გამოგყავს.
-რა?
-ჰო, რა გიკვირს? -ყავა მოსვა მამაკაცმა -არ იცი, რომ ყველგან ვიღაც გისაფრდება, რათა რამეში გამოგიჭირონ?
სანი ფეხზე წამოდგა, რათა თავადაც მისულიყო ყავის აპარატთან, ამერიკანოს ჩამოსასხმელად.
-იმ რესტორანში ბევრჯერ ვყოფილვარ -თქვა მან. იმ წუთებში საერთოდ არ ადარდებდა რას დაწერდა მასზე პრესა. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა —ლივიას არ შექმნოდა პრობლემები ან უხერხულობა ამის გამო -დარბაზში ყოველთვის რაღაც მხრივ შენიღბული შევდიოდი ხოლმე და მსგავს გართულებებს ადგილი არ ჰქონია
-როგორც ჩანს კარგად ვერ შენიღბულხარ ჩემო ტკბილო, თორემ ახლა ასეთ საშინელ დღეში არ ვიქნებოდით -თვალების ტრიალით ამოიხვნეშა ქალმა და როგორც კი მზერა სანისკენ შეაბრუნა, ბიჭის გაბრაზებულ სახესაც მოჰკრა თვალი.
-მე ის მაინტერესებს საშინელ დღეში რატომ ვართ ანთისა? -იკითხა მან -მერე რა მოხდა თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მე და ლივიას რომანი გვაქვს? ახლა მხოლოდ ის მაფიქრებს, მას არ გაურთულდეს საქმე ამის გამო.
-რას ნიშნავს მერე რა მოხდა? -უნებურად აუწია ქალმა ხმის ტემბრს -ფანები შენ და ალისიას მიგიჩნევენ იდეალურ წყვილად და იმედები გაუცრუვდებათ, თუკი ვიღაც გომბიოს ნახავენ სანი დარსაველიძის გვერდით, თანაც ისეთს, ვინც ვერც ოჯახური წარმომავლობით დაიკვეხნის და არც შოუ-ბიზნესში აქვს ადგილი დამკვიდრებული.
-ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მაგრამ ფანებს ნამდვილად ვერ მივცემ იმის გადაწყვეტის უფლებას, ვინ იწვება ჩემს საწოლში
-მაგაში გეთანხმები, მაგრამ კარგი იქნება, თუკი სერიალის გადაღებების დასრულებამდე ისე მოიქცევი, თითქოს შენ და ალისია ერთმანეთს ხვდებით -კვლავ მთელი ძალით ცდილობდა ქალი მის დარწმუნებას და ალაგალაგ გახედავდა გვერდით მჯდომ ჯაბას, ვინც უხმოდ იჯდა და მთლიანად ანთისას უთმობდა ბურთსა და მოედანს -სწორედ ამიტომ უნდა მოგაშოროთ ეგ გოგო. მორჩა, ახლავე დავურეკავ და ვეტყვი, რომ შეუძლია სხვა სამსახური ეძებოს. მაინც უჭირდა შენთან გამკლავება და ზუსტად ვიცი ძალიან არ ეწყინება.
-მაგის გაკეთების უფლებას არ მოგცემ! -ტელეფონისკენ წაღებული ხელი, პირდაპირ მაჯაში დაუჭირა დარსაველიძემ. მათი ნაცნობობის მანძილზე პირველად იყო ისეთი მომენტი, როდესაც ანთისასთან ხმას აუწია ბიჭმა და ამ ფაქტით, ყავის ფინჯნით ხელში მჯდომი ჯაბაც საკმაოდ გაოგნებული ჩანდა. სწორედ ამ გაოცებამ აიძულა სიჩუმეს გამოთხოვებოდა და ბოლოს და ბოლოს ხმაც ამოეღო:
-სანი, ერთ დროს თვითონ არ იყავი მაგ გოგოს წინააღმდეგ? -ჰკითხა მან დამკვირვებლური მზერით -ამბობდი კიდეც მე ვიზრუნებ იმაზე, რომ საკუთარი ნებით გაიქცეს ჩემგანო. ახლა რა შეიცვალა?
ორივემ დიდი ინტერესით შეხედა სანის ამ კითხვის დასმის შემდეგ. მიუხედავად საფუძვლიანი დაკვირვებისა, ბიჭის თვალებიდან ვერანაირ ემოციას ვერ კითხულობდნენ, ამიტომ მოთმინებით ელოდნენ როდის მოისმენდნენ სანის პასუხს, ვინც იმაზე მეტად სერიოზული ჩანდა აღნიშნულ მომენტში, როგორც არასდროს.
-ეგ უკვე თქვენ აღარ გეხებათ, ორიელა და ბორიელა -გაეპასუხა იგი ცინიზმში გარეული ბრაზით -ლივია ჩემთან დარჩება და ისე გააგრძელებს, თითქოს არაფერი ყოფილა. ამ სულელური სტატიების ინტეტნეტ-საიტებიდან წაშლის ამბავს კიდევ მე თვითონ მოვაგვარებ, თქვენ უბრალოდ ინფორმაციის წყარო მითხარით, ვინ გაავრცელა?
ჯაბამ, თვალების მობეზრებული ტრიალით გადაიდო ფეხზე, ფეხი.
-სანი, ინფორმაციას წაშლი, მაგრამ ამით ეს სტატია არავის გონებიდან არ ამოიშლება, გაიგე? შენი და იმ გოგოს შესახებ სკანდალური ინფორმაციის გავრცელება არანაირად არ გვაწყობს, ამიტომ ეს პრობლემა ახლავე უნდა მოგვარდეს.
-სკანდალური ინფორმაციების გავრცელება თქვენ მერე უნდა ნახოთ, თუკი ლივიას ჩემი ცხოვრებიდან გაშვებას შეეცდებით -ბასრი მზერით ლამის შუაზე გადაჭრა მენეჯერები მან -არც კი იფიქროთ ამის გაკეთება გესმით?! წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს დავერიდები და ყველაფერს თავდაყირა დავაყენებ.
ანთისა საფეთქლებში მოწოლილი თავის ტკივილისგან ხმას ვეღარ იღებდა. ასეთი რამ, ნერვიულობის ნიადაგზე ხშირად ემართებოდა ხოლმე და ყველაზე ინტენსიურად, ეს სწორედ სანის გვერდით ყოფნისას ხდებოდა. ქალის ასეთი მდგომარეობის გამო, კვლავ ჯაბა აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბიჭის თავის აზრზე გადმოსაბირებლად.
-შენ რა, ვერ ხვდები, რომ ახლა კარიერის განადგურებასაც არ ერიდები? -ეჭვით დსწვრილებული თვალებით შესცქეროდა ამის თქმისას. იმედს ჯერ კიდევ არ კარგავდა, რომ რაღაც მაინც გამოვიდოდა მისი შეგონებებისგან.
-ჩემს თაყვანისმცემლებს ისეთი უნდა ვუყვარდე, როგორიც ვარ. თუკი ეს არ შეუძლიათ, ჯაჭვით არავის ვაბამ -განაცხადა მან უწინდებურად მკაცრი მზერით, ყავის ფინჯნიდან ოდნავ მოსვა თან დაამატა -არც იმის გადაწყვეტის უფლებას მივცემ ვინმეს, ალისია შემეფერება, ნატაშა თუ კატერინა. ჩემი პირადი ცხოვრება ის მდელოა, სადაც გოლი მხოლოდ მე გამაქვს და სხვები წყნარად უნდა იჯდნენ სათადარიგო სკამებზე, მანამ, სანამ აზრის გამოთქმის უფლებას არ მივცემ.
სანის მონოლოგის შემდეგ, ჩაფიქრებული სახით მოსვა ყავა ანთისამ. საფეთქლების ტკივილი ჯერ კიდევ არ განელებოდა, თუმცა ენის წვერზე მომდგარ სიტყვებს მაინც დაანახა დღის სინათლე:
-სანი, თუკი ლივიას შებმა გინდა დრო არ დაკარგო -ყოველივე ეს ოდნავ ბრაზში გადასული, თუმცა მაინც გამაფრთხილებელი ტონით იყო ნათქვამი -იმ კაგეგორიაში არ გადის, ვინც გართობის მიზნით შლის ფეხებს, ყოველ მეორე მამაკაცთან
-მშვენივრად ვიცი რა კატეგორიასაც ეკუთვნის -არც სანი წასულა კომპრომისზე. მოცემულ მომენტში ის ფაქტიც კი უცნაურად აღიზიანებდა, რომ აღნიშნულ თემაზე უწევდა კომენტარის გაკეთება -მას თქვენზე ბევრად უკეთ ვიცნობ და ისიც ვიცი რამდენად მაღლა დგას შოუბიზნესის სიბინძურეზე, თუმცა ამ საუბრის გაგრძელება უკვე აღარ მინდა. ჯობია დაჩისთან დავბრუნდე, აუზზე და დიდ იმედს ვიტოვებ როდესაც აქ კვლავ შემოვიხედავ უკვე წასულები დამხვდებით.


8 8 8 8
ადრიანი დილა იყო, როდესაც დაჩიმ დაუკაკუნებლად შეაჭრა უფროსი ძმის ოთახში და პირველი, რაც თვალში მოხვდა, მის საწოლში მწოლიარე, გრძელთმიანი, მძინარე გოგონა იყო, ვისაც პლედი მხოლოდ სხეულის მეოთხედს უფარავდა და ამის გამო, ზედმეტად ცხადად მოჩანდა მისი იდეალური პარამეტრები. თუკი აბაზანიდან მომავალი წყლის წვეთების ხმით ვიმსჯელებდით, თავად სანი, იმ მომენტში შხაპს იღებდა. დაჩიც ოდნავ მიუახლოვდა კარს იმის გადასამოწმებლად, რომ შხაპუნის ხმა უბრალოდ არ მოსჩვენებია და როდესაც უფროსი ძმის იმ კარს მიღმა ყოფნაში საბოლოოდ დარწმუნდა, ღიმილით აათვალიერა თეთრეულში მწოლიარე სრულყოფილება. უცნობი გოგონას მზისფერი კულულები ლამაზად გაბნეულიყო ქათქათა ბალიშზე, ლამაზი, სავსე ტუჩები ძილისგან ოდნავ წინ ჰქონდა წამოწეული, მიმზიდველი სხეულის თითოეული მონაკვეთი თვალში საცემად იქცევდა ყურადღებას, ხოლო თოვლისფერი კანი კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებდა ისედაც იდეალურობასთან მიახლოებულს. დაჩის კიდევ უსასრულობამდე შეეძლო მძინარე ლამაზმანზე დაკვირვება, თუმცა უკვე სინდისმა შეაწუხა იმის გამო, რომ იმ გოგოს უყურებდა, თანაც უნებართვოდ და ნახევრად შიშველს, ვისთანაც წინა ღამით მისი ძმა იწვა, ამიტომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მივიდა გასასვლელ კართან, ზღურბლთან მიახლოებულს ირიბი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა, ისე, რომ თავისი იქ ყოფნის არანაირი ნიშანკვალი არ დაუტოვებია.
სანის საძინებლიდან გასულმა, პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა და თავისთვის ტოსტის მზადება დაიწყო, ლორითა და მდნარი ყველით. მაილო და ბოლტო მის სიახლოვეს დაძუნძულებდნენ და ალაგალაგ ერთმანეთსაც ეთამაშებოდნენ. რამდენჯერმე დაჩის შარვალსაც ეცნენ თამაშის პროცესში და მათგან შეწუხებულმა ბიჭმაც, ხელმეოერედ დაუყარა თავთავიანთ თასებში პედიგრის მორიგი ულუფა, რათა მათგან ცოტა ხნით დაესვენა და თავისი ტოსტის ჭამაც თავისუფლად შეძლებოდა.
ლორისა და მდნარი ყველის ერთმანეთში არეული არომატი ყველაზე მეტად უყვარდა დაჩის. იმ მომენტშიც დიდი ნეტარებით შეექცეოდა საუზმეს, თან პერიოდულად მანგოს ცივ წვენსაც აყოლებდა, როცა კიდევ ერთი რაღაც შეიჭრა მის მყუდროებაში. კერძოდ, ეს მისაღებიდან მომავალი ნაბიჯების ხმა გახლდათ, რომელიც დიდი ალბათობით სამზარეულოსკენ მოდიოდა. სწორედ იქეთკენ, სადაც დაჩი იჯდა, მაილოსთან და ბოლტოსთან ერთად და თავის მოზრდილი ტოსტის დარჩენილ ნახევარს გემრიელად კბეჩდა.
ძაღლებს ზედმეტად თავიც კი არ წამოუწევიათ თავიანთი ჯამებიდან. ამ ფაქტმა დაჩისთვისაც ნათელი გახადა, რომ უეცარი სტუმრის სუნი მათთვის კარგად ნაცნობი იყო და სწორედ ამ მიზეზით არ გარბოდნენ სამზარეულოდან ყეფითა და კბილების ღრჭიალით. ბიჭის ეს ვარაუდები მართალიც აღმოჩნდა. ნაბიჯების ხმის გაგებიდან ნახევარი წუთის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდა. ზუსტად მაშინ, როდესაც სამზარეულოში, ფოსფორ-ყვითელ სპორტულებში გამოწყობილ გოგონას მოჰკრა თვალი, ვისაც პარკები გულზე მაგრად აეხუტებინა და მათი სიდიდის გამო ნორმალურად სახეც კი აღარ უჩანდა.
-გამარჯობა -სიცილით მიესალმა დაჩი ახლადმოსულს. მართალია პარკების გამო კარგად ვერ ხედავდა, თუმცა ერთადერთი, ვინც შეიძლებოდა სანის სახლში ასე პროდუქტებით დატვირთული მოსულიყო, ეს ლივია იყო და ბიჭიც სწორედ აქედან მიხვდა ადრიანი სტუმრის ვინაობას.
-გამარჯობა -დაბნეული სახით დაუბრუნა სალამი ლივიამ, თან მიტანილი პარკები დააწყო მაგიდაზე, პირდაპირ დაჩის თეფშის გვერდით. აშკარა იყო, ამ ბიჭს, სანის სახლში დღეს პირველად ხედავდა და აზრადაც კი არ მოსდიოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უკანასკნელი.
-შენ ალბათ სანის პირადი მისის დაუთფაიერი ხარ, არა? -კვლავ უმცროსმა დარსაველიძემ განაახლა საუბარი, ისე, რომ აზრადაც არ მოსვლია დაბნეული გოგონასთვის თავისი ვინაობის შესახებ ეთქვა.
-უკაცრავად ვისი სახელი დამიძახეთ?
-ფილმზე გეუბნები, ნანახი არ გაქვს? -მერე იმასაც მიხვდა, რომ გოგონას ჯერ არც კი გასცნობოდა და ჩამოსართმევად თავისი მარჯვენა გაუწოდა -ბოდიში თავის წარდგენა დამავიწყდა —მე დაჩი ვარ, სანის უმცროსი ძმა
-აჰა, ახლა გასაგებია -საპასუხოდ ლივიამაც შეაგება თავისი ხელი, თან არც თავაზიანად ღიმილი დავიწყებია -ფილმს რაც შეეხება, ახლა გადავხარშე რაც იგულისხმე, თუმცა დაუთფაიერს მაინც მირჩევნია ლივია დამიძახო
-კარგი, მაშინ ეგრე დაგიძახებ ხოლმე -პირობის ნიშნად ხელის გული მაღლა ასწია, აქედან რამდენიმე წამის შემდეგ კი გოგონას მოტანილ ქაღალდის პარკებს დააკვირდა -ეს რა არის, ზამთრის მარაგს გვიკეთებ?
მოსმენილზე ჩუმად ჩაეცინა ლივიას. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა მომენტი, როდესაც ადამიანისგან, გაცნობის პირველივე წუთებში იგრძნო დადებითი ენერგეტიკა და ამ ფაქტით საკმაოდ ნასიამოვნებიც დარჩა.
-ეს ის პროდუქტებია, რომლებიც სანიმ ყოველკვირეულად უნდა მიიღოს -განუმარტა, თან ჯამებში თავჩარგულ ძაღლებს მიეფერა და დასძინა :- ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობს და ენერგია სჭირდება
-გასაგებია, მაგრამ ამდენი რამის მოტანა შენ დაგავალა?
-არა, გარეთ მის მძღოლს შევხვდი, დემნას და უბრალოდ პროდუქტები გამოვართვი, რათა შიგნით შემომეტანა -მერე მაგიდაზე დატოვებულ დაჩის ნაჭამ ტოსტს შეხედა, თან ჰკითხა :საუზმობა ხომ არ გაგაწყვეტინე?
-გამაწყვეტინე, მაგრამ თუკი თავადაც დამეწვევი, მაშინ დიდსულოვნებას გამოვიჩენ და გაპატიებ -გვერდითა სკამი გალანტური ჟესტით გამოუწია ბიჭმა ამის თქმისას, თვალებით კი დაჯდომისკენ ანიშნა -ტოსტს მე თვითონ მოგიმზადებ, უბრალოდ მითხარი როგორი გიყვარს
-სიმართლე გითხრა, როცა პროდუქტებს შემოვიტანდი, მანქანაში ვაპირებდი დაცდას -ყოყმანი ჩანდა გოგონას თვალებში -სანი როგორც კი მოემზადება, მაშინვე უნდა წავიდეთ და საუზმობის დრო არ მაქვს
-სანი ჯერ შხაპს იღებს, ნუ ღელავ, ყველაფერს მოასწრებ -ღიმილით შეაგულიანა დაჩიმ და კიდევ ერთხელ ანიშნა სკამზე დამჯდარიყო. ამჯერად წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ლივიას. მართალია ადრიან დილით საუზმობა მთლად ვერ ჯდებოდა მისი ცხოვრების წესში, თუმცა ბიჭი ისეთი სახითა და ტონით სთხოვდა, უარის თქმა ძალიან მოერიდა. სწორედ ამის გამო, გადაწყვიტა ერთი დღით გამონაკლისი დაეშვა.
-კარგი, კარგი, გაგიწევ კამპანიას, ოღონდ ტოსტს თავად მოვიმზადებ ჩემთვის
-არავითარ შემთხვევაში! -როცა მიხვდა დაჯდომას არ აპირებდა, მხრებზე ხელის გულებით დააწვა და სკამე ფაქტობრივად ძალით დასვა -ამ სახლში სტუმარი შენ ხარ და მე უნდა მოგემსახურო.
მიუხედავად იმისა, რომ დაჩი საკმაოდ კარგ, გულღია პიროვნებად მოეჩვენა, მაინც უცნაურობის შეგრძნებამ შემოუტია ლივიას. რაც სანის სამყაროში შემოდგა ფეხი, მას შემდეგ მუდამ თავად უწევდა ხოლმე ამ სამზარეულოში საჭმელების მზადება, ახლა კი პირადად მისთვის ამზადებდნენ საუზმეს, თანაც ვინ? თავად უმცროსი დარსაველიძე.
-ახლა მორცხვობას შეეშვი და მითხარი როგორი ტოსტი გაგიკეთო? არაქისის კარაქით გირჩევნია თუ ისეთი, როგორსაც მე ვჭამ?
-მმმ, არაქისზე ალერგია მაქვს, მოდი შენ როგორსაც ჭამ ისეთი იყოს
-როგორც იტყვით მილედი -მაშინვე გამოალაგა ბიჭმა მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები და სულ რაღაც ნახევარ წუთში, უვე გამზადებული ბუტერბროდი მოათავსა ტოსტერში -ჰო მართლა, დღეს რომელ საათამდე გრძელდება გადაღებები?
-რვამდე -მაშინვე მიუგო, თან ტელეფონზე შემოსულ კაკის შეტყობინებასაც უპასუხა, ვინც ეკითხებოდა, თუ რა ადგილას დადო ფენი, თმის გაშქრობის შემდეგ -დღეს სანის სცენები ბევრია და დიდხანს მოუწევს მუშაობა
-აჰაა, ანუ გვიან დაბრუნდებით -ჯერ კიდევ ტოსტერთან იდგა და ელოდა როდის შეიცვლებოდა მოწყობილობის წითლად განათებული ნათურა —მწვანეთი
-ჰო, ეგრე გამოდის -მიუგო და სწორედ იმ მომენტში ორი რამ ერთდროულად მოხდა —პირველი, ტოსტერმა დაიწრიპინა იმის დასტურად, რომ თავისი მოვალეობა უკვე შეესრულებინა, ხოლო მეორე, სანის საძინებლის კარის გაღება-დაკეტვის ხმა გაისმა და აქედან სულ მალე, სამზარეულოს კართან, გვერდზე მოუხედავად ჩაიარა ქერა, მოკლე წითელ კაბაში გამოწყობილმა, გრძელფეხება გოგომ, ქუსლების ხმამაღალი კაკუნით. დაჩიმ ღიმილიანი მზერა გააყოლა ლამაზმანს. მერე გამზადებული ბუტერბროდი სწრაფად გადმოიტანა თეფშზე, მაგიდასთან ჩამომჯდარ ლივიას წინ დაუდო, თავად კი მის გვერდით მოთავსდა და თავის მორჩენილ საუზმეს ისე შეუტია, რომ არც სამზარეულოს დიდი ფანჯრიდან შეუწყვეტია იმის ყურება, როგორი მოხდენილი სიარულით გავიდა წითელკაბიანი გოგონა გარეთ, როგორ მოიცვა გრძელი, ნაცრისფერი მანტო და როგორ ჩაჯდა სახლთან, იმ წამს მოსულ ტაქსის მანქანაში.
-ეს ვინ იყო? -ფიქრებიდან ლივიას ხმამ გამოარკვია ბიჭი. იმ წამს, ორივეს გადავიწყებოდათ წინ დადებული საუზმე და თვალმოუშორებლად უყურებდნენ იმ ტაქსის მანქანას, რომელშიც ცოტა ხნის წინ ჩაჯდა უცნობი ლამაზმანი.
-ვინ და სანის ღამის სტუმარი -ირიბად ჩაეღიმა ბიჭს -შენ ალბათ პირველად შეესწარი, მაგრამ მე უკვე შეჩვეული ვარ ასეთ რამებს
-ცდები, მეც ბევრჯერ შევსწრებივარ მსგავს სცენებს -თქვა თუ არა, რაღაც უცნაური სიმძიმის დაწოლა იგრძნო გულზე -თუმცა ეს ყველაზე ლამაზი იყო მათ შორის, ვინც მინახავს
-აუ ჰოო, გამოვშტერდი ისეთი გოგო იყო -ჯერ კიდევ ვერ გამოდიოდა ეიფორიიდან დაჩი, თან მადიანად შეექცეოდა თავის ბუტერბროდს.
ლივიას ხასიასთი გაუფუჭდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა კონკრეტულად რატომ მოუშალა ნერვები უცნობი გოგონას დანახვამ, მაგრამ ამ გრძნობამ იმდენად შეაწუხა, ყურადღების გადასატან ერთადერთ საშუალებად ჭამა მოევლინა და მაშინვე დასწვდა თეფშზე დადებულ, დაჩის გაკეთებულ ტოსტს. საუზმობის პარალელურად, ბიჭი, მასთან დიალოგის გაბმასაც ცდილობდა, რათა უხმოდ არ მჯდარიყვნენ, თუმცა ლივია მხოლოდ მოკლე-მოკლე პასუხების გაცემას ახერხებდა და ამასაც ძლივსძლივობით. მართლაც რა ემართებოდა? აქამდეც ხომ არაერთი გოგო უნახავს ამ სახლში? რით იყო ეს შემთხვევა ასეთი განსაკუთრებული? რატომ ვერ იგდებდა თავიდან ნეგატიურ ფიქრებს, ან რის გამო სურდა ცოტა ხნით სრულიად მარტო, ყველასგან შორს გაქცეულიყო? სამწუხაროდ ამ კითხვებიდან არც ერთ მათგანზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა მის რაღაც ნაწილს პასუხების პოვნისაც ეშინოდა, რადგან გუმანით გრძნობდა იმ მოსალოდნელ ტკივილს, რაც შეიძლებოდა მათ პოვნას გამოეწვია.
სანამ გოგონა უგემურად შეექცეოდა თავის ბუტერბროდს და იატაკზე, მის ქვემოთ გაწოლილ მაილოს ფეხსაცმლის წვერით ეთამაშებოდა, ამასობაში სამზარეულოს მესამე პიროვნებაც შემოუერთდა, სანის სახით, ვინაც მაისურის გადაცმის პარალელურად შემოაბიჯა შიგნით და პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ ლივიას გაუღიმა.
-უკვე მოხვედი? -ჰკითხა მან გოგონას, თან მაცივრის კარიც გამოაღო ფორთოხლის წვენის ასაღებად
-ცოტა დაუჩქარეთ, თითქმის ათია და გაგვიანდებათ -უკვე ბუტერბროდის ბოლო ლუკმას ღეჭავდა დაჩი, როდესაც მათ აღნიშნული გაფრთხილება მისცა. აქ უკვე საუბარში ლივიაც ჩაერთო:
-გასაღები მომეცი სანი, მე მე მანქანაში დაგელოდები
-რატომ? -გაიკვირვა -დამელოდე, ცოტას შევჭამ და ერთად გავიდეთ. თან შენც არ დაგიმთავრებია საუზმობა.
-სანი გითხარი გასაღები მომეცი-მეთქი! -ნერვებმოშლილმა, ხმის ტემბრის გაკონტროლებაც ვერ შეძლო. თავისმა იმპულსურობამ ახლაც ნათლად გამომჟღავნებინა მთელი ის ბრაზი, რაც ყოველ უჯრედში სასიკვდილო შხამივით ჰქონდა გამჯდარი -ასეთი წვრილმანების მხრივ მაინც ნუ ცდილობ სულ შენი გაიტანო!
-კარგი, კარგი, როგორც გინდა -მართალია ლივიას რეაქციამ გააოცა, თუმცა ზედმეტად არც კითხვა დაუსვამს და აღარც წინააღმდეგობა გაუწევია. ამის მაგივრად ჯიბიდან გასაღების ასხმა ამოიღო, გოგონას ხელის გულზე დაუდო და კვლავ მაცივრისკენ შებრუნდა, წვენთან ერთად სალათის გამოსაღებად. საჭმლის ძებნის დროს ისიც გაიგონა, როგორ დაემშვიდობა ლივია დაჩის, როგორ გაემართა გასასვლელი კარისკენ და როდესაც კვლავ მოტრიალდა, სამზარეულოში მხოლოდ უმცროს ძმასთან ერთად იყო. ეს უკანასკნელი, ნიჟარასთან იდგა და თავის დასვრილ თეფშს რეცხავდა იმ დროს.
-შენ აწყენინე რამე? -ჰკითხა სანიმ ეჭვიანი მზერით. საჭმელად მაგიდასთან დაჯდომა არც უფიქრია, მხოლოდ რამდენიმე წამით შეხედა ლივიას დატოვებულ თეფშს, წვენი მოსვა, მერე კი ფეხზე მდგომი შეუდგა თავისი სალათის დაგემოვნებას.
-მე რა უნდა მეთქვა? -ონკანის გადაკეტვისა და თეფშის სათავსოში ჩადების შემდეგ გაეპასუხა დაჩი, თან იდუმალი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში.
-თუ ეგრეა, აბა რა ბზიკმა უკბინა?
-მართლა ვერ მიხვდი, თუ თავს ისულელებ?
-შენ თუ მიხვდი, გამოცანებით ლაპარაკს შეეშვი და მეც ამიხსენი -ტონზე მოუთმენლობა ეტყობოდა, გამოხედვაზე კი ინტერესი. ამის გამო, დაჩიმაც აღარ აწვალა ზედმეტად და პირდაპირ უთხრა ის, რასაც ამ სიტუაციაზე ფიქრობდა:
-იმას ვგულისხმობდი, რომ შენმა პატარა ფუტკარმა, შენივე საძინებლიდან გამოსული ის გრძელფეხება ქერა დაინახა და იეჭვიანა
-კარგი რა, სისულელეებს ნუ იგონებ -მაშინვე გააქნია თავი ურყოფის ნიშნად. აქედან მალევე, ფეხზე დგომის მდგომარეობასაც გამოეთხოვა და მაგიდასთან მჯდომმა განაგრძო თავისი სალათის ჭამა -ლივია არასდროს შემომხედავს, როგორც მამაკაცს. მისნაირები, სხვანაირ ადამიანებს თვლიან საკუთარი ყურადღების ღირსად.
-ეგრე რატომ ფიქრობ?

-იმიტომ, რომ რაც გამიცნო, მას შემდეგ პრობლემების შექმნისა და წვალების მეტს არაფერს ვუკეთებ. ჩემს გამო ფაქტობრივად პირადი ცხოვრებაც აღარ აქვს, მაგრამ ამას მაინც ვერ ვცვლი -კარამელისფერ თვალებში ღრმა სევდა აირეკლა იმ წამს -გგონია ვერ ვხვდები, როგორ ვტანჯავ? საკმაოდ კარგად ვხვდები, თუმცა მხოლოდ ჩემი ჭირვეული ხასიათით თუ გავამართლებ მასთან ყოფნის სურვილს. ჩვენი გამუდმებული კამათის მიუხედავად, იმდენად დიდი სიამოვნებაა მისი სიახლოვე, გიჟური სურვილი მაქვს ოცდაოთხი საათი გვერდით მყავდეს. ამისთვის ათასი მიზეზის მოფიქრება მიწევს და ეს დედააფეთქებული, ბოლო პერიოდში მართლა ნარკოტიკის მსგავსად მინდება ეგ გოგო!

მთელი საუბრის განმავლობაში, შეკრულ ხელზე ნიკაპდაყრდნობილი უსმენდა დაჩი უფროსი ძმის თითოეულ სიტყვას და ხმამაღლა სუნთქვასაც კი ერიდებოდა, რათა მას ლაპარაკი არ შეეწყვიტა. არც კი აგონდებოდა ისეთი მომენტი, როდესაც თავის ფიქრებზე ამდენად გულწრფელად ესაუბრა სანის და შექმნილი სიტუაცია სასიამოვნოსთან ერთად უცნაურადაც ეჩვენებოდა.

-გევასება ეგ გოგო არა? -ჰკითხა დაჩიმ გაუნძრევლად, თუმცა ცბიერი ღიმილით და სანიც სწორედ იმ წამს მიხვდა, რომ ზემდეტად ბევრი რამ გამოიტანა სააშკარაოზე, ძმასთანაც და საკუთარ თავთანაც -გევასება კი არა, მგონი მაგაზე ბევრად მეტსაც გრძნობ

-შენ მაგ ბუტერბროდში მეტამფეტამინი გაურიე თუ რა სისულელეებს როშავ?

-სულაც არაა სისულელე, თავად ამბობ სულ მასთან მინდა ყოფნაო, ანთისას და ჯაბასაც სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიე, როცა თქვეს სამსახურიდან ვუშვებთო, პლუს ამას, ისეთი თბილი მზერით უყურებ, მეც კი ვდნები შენი შემხედვარე და ამის მერე ამბობ არაფერს ვგრძნობო?

-დაჩი ნუ მიედ-მოედები და სახლი მოაწესრიგე, შენი ნაჭამი ჩიფსების პარკები ჯერ კიდევ ტელევიზორის წინაა დაყრილი -თქვა თუ არა ეს სიტყვები, ლივიას მსგავსად მანაც შუა გზაში მიატოვა საუზმობა, თეფში დაჩის დაუტოვა მაგიდაზე, თავისი მობილური აიღო და კარიდან გასვლამდე, უმცროს ძმას მხოლოდ ის მიაძახა, წავედი, გადაღებებზე მეჩქარებაო.

ლივია უკვე საჭესთან იჯდა და მოთმინებით ელოდა სანის გამოჩენას. საკუთარ თავზე საშინლად ბრაზობდა იმ ემოციების გამო, რაც ცოტა ხნის წინ გამოიტანა დღის სინათლეზე. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სანი მასთან ბოლომდე გაიხსნა და თავისი ცხოვრების მეტად პირადული დეტალები გაანდო, თითქოს რაღაც ტრანფორმაცია განიცადა გოგონას მისდამი წარმოდგენებმა. ეშინოდა კიდეც ამ ცვლილებების, თუმცა ახლა არაფერ ამდაგვარზე ფიქრი არ სურდა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ შინ არ მივიდოდა და დაღლილ-დაქანცული არ ჩაეხუტებოდა საკუთარ ბალიშს.

გარეთ გამოსვლიდან ზუსტად ექვსი წუთი იყო გასული, როდესაც ჯერ მანქანის კარის გაღების ხმა გაიგო, ხოლო მერე სანის მოჯდომაც იგრძნო გვერდითა სავარძელზე. მისკენ არც გაუხედავს გოგონას. ეშინოდა, რომ ასეთ შემთხვევაში რაღაცას აუცილებლად შეატყობდა ბიჭი, ამიტომ ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე გადაატრიალა გასაღები, გაზს მიაჭირა და ავტომობილი ზუსტად ისევე გიჟივით მოწყვიტა ადგილს, როგორც სანიმ გააკეთა რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როდესაც ემილის მომავალი ქორწილის შესახებ გაიგო.

-საჭესთან შენ უნდა იჯდე? -შეეკითხა ბიჭმი, როგორც კი მანქანით გზატკეცილზე გავიდნენ. ჩქარა სიარული ოდნავადაც არ აწუხებდა, მხოლოდ ის უკვირდა რატომ მართავდა ლივია ასეთი სიჩქარით, მაშინ, როდესაც ზედმეტად ჩქარა მოძრავ ავტომობილში ჯდომა ძალიან აშინებდა.

-ჰო, მე უნდა ვიჯდე

-კარგი, მაშინ ფრთხილად ატარე -პატარა, სკოლის მოსწავლესავით დაარიგა იგი -მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ მახსოვს, როგორაც გეშინია სიჩქარის

ბიჭმა ლივიას პროფილს შეხედა ამის თქმისას. რამდენიმე წამიც არ იყო გასული მისი სიტყვებიდან, რომ გოგონა, დარიგების სრულიად საპირისპიროდ მოიქცა —გაზს ფეხი ბოლომდე მიაჭირა, სპიდომეტრი მაქსიმალურზე აიყვანა და სინათლის სიჩქარით გაიჭრა წინ.

-რას აკეთებ? -ახლა უკვე მართლა პიკს მიაღწია სანის გაკვირვებამ. ასეთ არაპროგნოზირებად მდგომარეობაში ნამდვილად პირველად ხედავდა ლივიას -შენ რა, თავი ვინ დიზელი გგონია?!

გოგონას მხრიდან პასუხი არ ყოფილა.

-წითურო, შენ გელაპარაკები!

-ნუ ღელავ, არ დავიმტვრევით

-შენს შესაძლებლობებში ეჭვი არც მეპარება, მაგრამ ასე შეიძლება პოლიციამ გაგვაჩეროს, მე კიდევ ძალიან მეჩქარება და ჯარიმების წერისთვის დასაკარგი დრო არ მაქვს

-დროზე გაგეშვა სახლში ის გრძელფეხება ქერა და არ დაგაგვიანდებოდა -თქვა თუ არა ეს, იმ წამსვე გააცნობიერა, რომ ასეთი გიჟური სიჩქარით მართლა შეიძლებოდა რამეს შეტაკებოდა, მიხვდა რა სულელი ბავშვივითაც იქცეოდა და ამაზე უფრო მეტად ნერვებმოშლილმა, სიჩქარის მაჩვენებელი ნელ-ნელა დაიყვანა ნორმალურზე -ისე, თუ თქვენი ურთიერთობა ქორწინებით დამთავრდა, შვილებიც ძალიან ლამაზები გეყოლებათ

-რა ქორწინება? რა შვილები? -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან დარსაველიძე -ახლა ერთჯერად სექსსა და სერიოზულ ურთიერთობას ურევ ერთმანეთში

-ჰოო? და იმ საცოდავმა თუ იცის, რომ ეს ყველაფერი ერთჯერადად მოხდა?

-და მე თუ ვგავარ იმ ადამიანს, ვინც ქალებს ოცნების კოშკებს უგებს, ლოგინში ჩაწვენის მიზნით? -კითხვაზე კითხვის შებრუნებით თითქოს თავს დაესხა სანი -ყალბ ილუზიებს არავის ვაძლევ. თუ ვინმეს ჩემს ქალს დავარქმევ, ამაში დარწმუნებული ვიქნები და არც ყოველი მეორესთვის ვაპირებ მსგავსი სტატუსის მინიჭებას, ახლა კი იმ ქერას თავი დაანებე და ის მითხარი შენ რა დაგემართა? -ჰკითხა გამომცდელი ტონით. მოცემულ მომენტში ჯერ კიდევ დაჩისთან დიალოგი უტრიალებდა თავში და რაღაც ვერსიები მართლა უჩნდებოდა ლივიას უცნაურ საქციელთან დაკავშირებით -მარცხენა ფეხზე ადექი დღეს თუ რამე სხვაშია საქმე?

-არაფერი ისეთი, უბრალოდ . . .

-უბრალოდ რა? -ნელ-ნელა ღიმილი ეპარებოდა სანის ტუჩებს და მთელი სხეული სიამოვნებისგან ევსებოდა იმის გააზრებისას, რომ შეიძლებოდა ყოველივე ეს, მართლაც ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილიყო გაკეთებული.

-შეიძლება ამაზე არ ვესაუბროთ? უბრალოდ რაღაც ქალური პრობლემები მაქვს და მორჩა -სცადა საუბრისგან თავი აერიდებინა. არ სურდა ის მომენტები გაეცოცხლებინა მის გონებას, როგორ გამოდიოდა მისი ოთახიდან ქერა ლამაზმანი და არც იმის წარმოდგენა სურდა, რას აკეთებდა სანი მასთან ერთად საძინებლის დაკეტილი კარის იქეთ.

-არა მგონია ეგ რეაქცია მხოლოდ ციკლის ბრალი იყოს, თუმცა კარგი, აღარ ჩაგეძიები

-ძალიან გამიხარდება თუ ეგრე მოიქცევი -მიუგო სავარძელზე იდუმალი ღიმილით მჯდომ ბიჭს და ამის მეტად სიტყვაც აღარ დაუძრავს. არც სანი იღებდა ხმას. დანიშნულების ადგილამდე დარჩენილი დრო თავის მობილურში იყო ჩამძვრალი და გამომეტყველებაზეც აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცით უზომოდ იყო კმაყოფილი.

იმ დღეს, გადაღებები იმაზე დიდხანს გაიწელა, ვიდრე ამას რეჟისორები და ოპერატორებუ ვარაუდობდნენ. დუბლების ჩაწერა დათქმული რვა საათის მაგივრად, ცხრაზე დასრულდა, რის გამოც ყველანი საშინლად იყვნენ გადაღლილები. მხოლოდ სანის არ დაუკარგავს ჩვეული ენერგია. ბიჭი დღის ბოლოსაც ზუსტად ისეთივე მხნედ გამოიყურებოდა, როგორც მის დასაწყისში. სწორედ აღნიშნული ენერგიის გამო გადაწყვიტა სახლში კიდევ ცოტა ხანს არ მისულიყო, ხოლო ლივიას, ვინც აშკარად ძლივს ახერხებდა ფეხზე დგომას, თავისი პირადი მძღოლი გამოუძახა, რათა შინ მას მიეყვანა.

-შენ დემნა გამოგივლის ხუთ წუთში და მას გაჰყევი -საგრიმიორო ფურგონთან მდგომს, უკნიდან მიუახლოვდა დარსაველიძე და გვარიანადაც შეაშინა ლივია -მე ვერ წაგიყვან, სხვა საქმეები მაქვს

-ჯანდაბა სანი, გული გამიხეთქე!

-ძალიან დაიღალე, არა? -ხმაში სიბრალულთან ერთად დანაშაულის გრძნობაც ემჩნეოდა -მოდი ასე მოვიქცეთ, შეგიძლია ხვალიდან სცენების გადაღების მხოლოდ ნახევარს დაესწრო ხოლმე. ანთისასთან და ჯაბასთან ხელს მე დაგაფარებ

-მაგას სერიოზულად ამბობ? -საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა ლივია

-სრულიად სერიოზულად. საერთოდ არ მოგიყვანდი, მაგრამ ეგ უკვე მე აღარ მაწყობს, შენი ნახვა მომინდება

გოგონას იმის თავიც კი არ ჰქონდა, რომ ნორმალურად გამოეხატა მადლიერება გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. იმ წამს, ენის წვერზე დადებული მხოლოდ ერთი სიტყვის —მადლობის თქმა თუ შეეძლო, მაგრამ გააღო თუ არა პირი მის წარმოსათქმელად, სწორედ იმ წამს, ალისია აეკრა ტკიპასავით სანის ზურგს და ბიჭის ლოყას, ტუჩები ურცხვად მიაწება.

-წავიდეთ სანი? -ჰკითხა მან გამომწვევი სახითა და დახვეწილი რუსული აქცენტით

-ჰო, წავედით -მშრალად გასცა პასუხი. მერე ლივიას გამომეტყველებასაც დააკვირდა, თითქოს ალისიას გამოჩენაზე გოგონას რეაქციას ამოწმებსო -აბა შენ იცი ფუტკარო, დემნა მალე მოვა და შინ წახვალ.

-გმადლობ ყურადღებისთვის -საკმაოდ უემოციო, უგრძნობი ტონით წარმოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ყველაფერი ადუღებული წყალივით უდუღდა, თან დასძინა -სამუშაო გრაფიკის შემოკლებისთვისაც გმადლობ.

-სანი წავიდეთ, ძალიან ვარ დაღლილი -ამჯერად ალისიაც ჩაერთო საუბარში, რომელიც არც ისე კეთილგანწყობილი მზერით ათვალიერებდა თავის წინ მდგომ ლივიას. ამის მერე დიდხანს აღარც შეყოვნებულან. სანი სწრაფად დაჰყვა პარტნიორი მსახიობის ნებას, მასთან ერთად აქცია ზურგი მძღოლის გამოჩენის მომლოდინე ლივიას და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა სადგომზე დაყენებული თავისი ავტომობილისკენ, ისე, რომ არც უკან მოტოვებული გოგონას თვალიდან მოწყვეტილი ერთადერთი ცრემლი დაუნახავს და არც მისი პირიდან წარმოთქმული ის სიტყვები გაუგონია, რომლებიც ზუსტად ასე ჟღერდნენ:

"როგორც ჩანს, ახალი ქალით გართობა მოუნდა ჩვენს კაზანოვას."

სპეციალურად ნაქირავებ შენობაში, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა ხოლმე, საკმაოდ ცოტა ადამიანი დარჩა. მათგან თითოეული, აპარატურის ალაგებითა და დაბინავებით იყო დაკავებული. საბედნიეროდ, ლივიასაც აღარ მოუწია იქ დიდხანს დარჩენა. სანის მიერ გამოგზავნილმა პირადმა მძღოლმა —დემნამ, მართლაც დათქმულ დროს გააჩერა მანქანა გოგონას ფეხებთან და გალანტური ჟესტითაც გამოუღო უკანა სავარძლის კარები. გზა თითქოს უსასრულოდ გაიწელა სახლამდე. მთელი მგზავრობის განმავლობაში, ხმა ერთხელაც კი არ ამოუღია გოგონას. საქარე მინიდან მორბენალი ღამის ქალაქის ყურებისას, მხოლოდ იმაზე ფიქრით იჭყ'ლეტდა ტვინს, ხომ არ გამოუმჟღავნებია ან უთქვამს რამე ისეთი, რითაც სანის, მისი უცნაური საქციელების მიზეზის ახსნა შეეძლებოდა და ყოველი ფიქრის შემდეგ, იმ დაკსვნამდე მიდიოდა, რომ ზედმეტად აშკარად გასცა საკუთარი თავიც და ფიქრებიც.
ხასიათი უფრო მეტად გაუფუჭა ამ ყველაფერმა ლივიას. განწყობა არც მაშინ გამოკეთებია, როდესაც ბოლოს და ბოლოს თავის უბანში აღმოჩნდა და გაიაზრა, რომ მალე შინ ასვლასა და დასვენებას შეძლებდა. უბრალოდ უღიმღამოდ მოუხადა მადლობა საჭესთან მჯდომ დემნას, მანქანის კორპუსთან გაჩერების შემდეგ, ღამე მშვიდობისაც უსურვა და ისე დამძიმებული დაიძრა თავისი სადარბაზოსკენ, თითქოს კისერზე ორასტონიანი გირები ჰქონოდა ჩამოკიდებული.

სახლში შესულმა, პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ შემოსასვლელში ფეხსაცმელი გაიახადა და ჩანთაც საკიდზე დაკიდა. გრძნობდა, რომ იმ მომენტში, გადაღლილობის მიუხედავად, მხოლოდ დასვენებას თუ შეძლებდა, მაგრამ ძილს ვერა, ამიტომ, ახლაც ის გააკეთა, რასაც ძირითადად აკეთებდა ხოლმე ნერვებმოშლილ მდგომარეობაში —მოურიდებლად შეაჭრა კაკის საძინებელში, საწოლში ლეპტოპით ჩაწოლილს, გვერდით ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიუწვა და ისეთი თვალებით შეხედა, არველაძემ მაშინვე გააცნობიერა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო.

-სასწრაფოდ რამე ფილმი ჩართე კაკი! -თქვა გოგონამ მკაცრი, თუმცა რაღაც მხრივ მაინც მუდარაში გადასული ტონით. საშინლად გრძნობდა თავს იმ მომენტში. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, სული უფრო და უფრო მეტად ეწვოდა. იმის წარმოდგენაც კი სულს უხუთავდა, რომ ახლა, სანი და ალისია ერთად იყვნენ, ერთ მანქანაში იჯდნენ და ვინ იცის რით იყვნენ დაკავებულები.

-ლივია მოხდა რამე?

-კაკი ჩართე-მეთქი! -ბიჭის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არც უცდია. ახლა ვინმე სხვასთან კი არა, საკუთარ თავთანაც არ სურდა ბოლომდე ეღიარებინა ამ შინაგანი ტკივილის გამომწვევი მიზეზი, ამიტომ, აღნიშნულ თემაზე ხმამაღლა საუბარი სიკვდილივით აშინებდა.

-კარგი, კარგი ჩავრთავ -როცა მიხვდა გოგონასგან ახსნა-განმარტებას ვერ მოისმენდა, გადაწყვიტა ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვის დასმის გარეშე დაჰყოლოდა მის ნებას -გუნების გამოსაკეთებლად შენი საყვარელი ჟანრი ჩავრთოთ, რომანტიკა.

-რომანტიკა? -სიმწრისგან ჩაეცინა -არანაირი რომანტიკა. ახლა მხოლოდ სისხლი და ძალადობა გამისწორდება

-ჯანდაბა, შენ მართლა აჭრილი ხარ

-ჰო, ვარ და საკუთარი თავი მეზიზღება ამის გამო -სევდით გაჟღენთილი ხმით ამოთქვა მან და როცა იგრძნო, გულს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, მთელი დღის შეკავებულ ცრემლებს იმ ღამით მისცა გასაქანი.

სიჩუმე ჩამოვარდა. წამით არც ერთი არ იღებდა ხმას და მხოლოდ ლივიას ჩუმი ტირილი ფანტავდა მდუმარების ნაწილაკებს. კაკი აშკარად დაბნეული ჩანდა. მიზეზების კითხვას არც ახლა აპირებდა, რადგან იცოდა, ასე უფრო მეტად დაამძიმებდა გოგონას, ამიტომ, ის გააკეთა, რაც მსგავს სიტუაციაში ყველაზე სწორი იქნებოდა—მუხლებზე დადებული ლეპტოპი საწოლის მეორე მხარეს გადადო, ატირებული გოგონა ბავშვივით ჩაიხუტა გულში, მასთან ერთად მიაწვა რბილ ბალიშებს და უსიტყვო თანაგრძნობით ბევრად უფრო მეტი აგრძნობინა, ვიდრე ეს სიტყვებით იყო შესაძლებელი.




8 8 8 8

ადრიანი დილა იყო, როდესაც სანი, მეტად სასიამოვნო, თანაც ნაცნობმა ხმამ გამოაღვიძა და თვალების ზანტად გახელისას, პირველი, რაც მზერის ფოკუსში მოხვდა, ეს თავზე წამომდგარი ე