შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღაური ( 1 )


5-01-2022, 01:36
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 11 198

ჩვეულებრივი ზაფხულის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მშვიდი საღამო იდგა თბილის ქალაქში, მუხლებს აცილებულ თეთრ თხელ სარაფანში და დაბალძირიან საზაფხულო ფეხსაცმელში გამოწყობილი ევა ნელი, მშვიდი ნაბიჯით მიუყვებოდა დადიანის ქუჩას, საშუალო სიმაღლის იყო, წითური თმა ცეცხლოვან ტალღებად ეშვებოდა წელამდე, კაბის თხელი და რბილი მატერია გრძელ, აშოლტილ ფეხებს ეკვროდა, წვრილ წელს გამოკვეთდა და ოდნავ ლანდავდა პატარა, მრგვალ, მკვრივ მკერდს, რომელიც ბიუსტჰალტერის გარეშე იმდენად ლამაზად იმზირებოდა არცთუ ისე ღრმა დეკოლტედან რომ თვალს ვერ აარიდებდი, ამაყად ყელმოღერებული მიუყვებოდა ქუჩას ევა და თან ქალთა შურიანი მზერა და მამაკაცთა გულიდან ამოხეთქილი და უნებურად ტუჩებს წამოცდენილი ოხვრა მიჰქონდა.
ახლად რესტავრირებული კიკვიძის ბაღის მოპირდაპირე მხარეს შეჩერდა შუქნიშანთან, თვალი ბაღის შესასვლელთან მდგარ პატარა შენობაზე გაუშტერდა, ბავშვები ჩამოსასხმელი ნაყინის რიგში იდგნენ და თან მხიარულად ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს, ერთხანს უძრავად იდგა, ისეთი გაფართოებული თვალებით უცქერდა როგორ ასხავდა ახალგაზრდა თეთრპერანგიანი ქალი ფერად-ფერად ნაყინებს ვაფლის ჭიქაში, თითქოს ეს რაღაც ხელოვნება ყოფილიყოს, მერე ალბათ რაღაც სასიამოვნო გაახსენდა, გაიღიმა, ქათქათა კბილები გამოაჩინა და ლოყებზე ორთავ მხრივ საყვარელი ღრმულები გაუჩნდა, შუქნიშანს ახედა, დაელოდა სანამ ფეხით მოსიარულეთათვის მწვანე აინთებოდა და სწრაფად გადაირბინა გზაზე, წელზე შემორტყმული ნაცრისფერი ნაჭრის ჩანთიდან დაუდევრად დაკუჭული ხუთლარიანი ამოაძვრინა, ხელისგულზე დაიფინა, მეორე ხელით შეძლებისდაგვარად გაასწორა და ბავშვების უკან ჩადგა ნაყინის რიგში.
უცნაურად ღელავდა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად გრძნობდა თავს ისე თითქოს ისევ ის პატარა გოგო იყო მამას ხელჩაკიდებული რომ მიყავდა მაშინ აგრერიგად იშვიათ სანაყინეში, იყიდიდნენ უზარმაზარ ფერად ბურთულებს და დაუყვებოდნენ, აღმაშენებლის გამზირს, ისეთი პატარა იყო მაშინ და ისე უსასრულო ეჩვენებოდა საყვარელი აღმაშენებელი, მიდიოდნენ, მიდიოდნენ და არ ილეოდა, არ მთავრდებოდა, ბოლოს იღლებოდა და წუწუნს იწყებდა, სახლში წასვლა კი არ უნდოდა, შემოხვევდა მამა ძლიერ მკლავებს და შეისმევდა ხოლმე ფართო მხრებზე, შეუსვენებლად ტიტინებდა, ნაყინი კი იღვენთებოდა პატარა ფუმფულა ხელებზე და სახლში ორივენი მთლიანად გაწებილები ბრუნდებოდნენ, ღია კარში მდგარი, წარბაწეული, დოინჯშემოყრილი დედის დანახვისას, რომელსაც ძლივსშეკავებული სიცილისგან მხრები უცახცახებდა, მამის ფეხებს უკან იმალებოდა, მამა კი ისეთი ამაყი სახით იბრალებდა დასვრილ პერანგს და გაწებილ თმებს, თითქოს თანამებრძოლის საშინელი საპყრობილესგან გადარჩენას ცდილობდა...
- გოგონი თქვენი რიგია, რომელ ნაყინს ინებებთ? -ფიქრებიდან გამოერკვა და ღიმილით შეხედა თეთრპერანგიან ქალბატონს, თუმცა მის თვალებში დანახული დაღლილობის და ნაძალადევი ღიმილისგან დამანჭული ტუჩების დანახვისას თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა, მისკენ გაწვდილი თლილი თითები რომლებითაც ძლივსგასწორებული ხუთლარიანი ეჭირა უკან გამოსწია და მოუბოდიშა,
- გმადლობთ, გადავიფიქრე, აღარ მინდა.
ქალმა მხრები აიჩეჩა, თუმცა უკან გამობრუნებულს მაინც დააწია სიტყვები რომ თურმე მოცლილია, ტყუილად დაბოდიალობს ქუჩაში და დროს აკარგვინებს ადამიანებს, სხვა დროს ალბათ გაბრაზდებოდა და შეეპასუხებოდა კიდეც, მაგრამ ახლა უბრალოდ ჩაიღიმა, რას ვიზავთ, ყველა თავისებურად ცდილობდა, საკუთარ დემონებთან გამკლავებას.
- დამშვიდდი ევა, მაინც აღარ აქვს ისეთი გემო ნაყინს როგორც ადრე, -ჩაილაპარაკა და ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა, გაჩერებაზე არავინ იყო, ტაბლოზე ჩვიდმეტი წუთი ეწერა, რამდენიმე წამს მოღუშული უყურებდა, მერე კორონამდელი დრო ინატრა, მაშინ როცა წლების შემდეგ პირველად დაბრუნდა ამერიკიდან, როცა ავტობუსები ყოველ ორ-სამ წუთში მოდიოდნენ გაჩერებაზე და არც ასე ძალიან იყო ხოლმე გადაჭედილი, ის იყო დაჯდომა დააპირა რომ ერისთავის ქუჩიდან მთელი სიჩქარით გამოვარდნილმა ავტომობილმა გაჩერებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაამუხრუჭა, ჩამუქებული მინები ფერად-ფერადი საღებავებით იყო დასვრილი, ყველა კარი ერთბაშად გაიღო და სამხედრო ტანსაცმელს მიმსგავსებულ ფორმებში გამოწყობილი, ჩაფხუტიანი და ნიღბიანი ბიჭები გადმოლაგდნენ, ხელში პეინტბოლის თოფებით, ხმამაღლა იცინოდნენ და ერთმანეთს საღებავით დასვრილ ფორმებზე ანიშნებდნენ.
- მაგარი ხარ ნიკუშ, რა მაგრად ჩამოიტოვე უკან ის ბედოვლათები, -ერთ-ერთმა საშუალო სიმაღლის ბიჭმა, მძღოლის ადგილიდან გადმობობღებულ ახმახს მხარზე ხელი დაკრა.
- მაგრად კი გამწარდნენ, ამ ერთ კვირაში უკვე მესამე წაგება აქვთ, შენი წყალობით საბა, ყველა თითქმის შენ გაანეიტრალე, თვითონ კი ერთხელაც არ მოგხვედრია, ოდნავ პუტკუნა ბიჭმა ავტომობილის უკანა კართან უხმოდ მდგარ მაღალ ბიჭს ხელი გადახვია და გულიანად გადაიხარხარა,
- პიკოს სახე დაინახე? გაცოფებული იყო.
ევა თვალს ვერ აშორებდა ბიჭებს, უჩვეულოდ ხალისიანები იყვნენ, უბრალოები, დიდები მაგრამ მაინც ბავშვურები და სასაცილოები, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის საბურავების ხმამ ყურადღება გაუფანტა, ბიჭმა რომელსაც საბა უწოდეს თავი ასწია და ახლაღა შეამჩნია გაჩერებაზე გაუნძრევლად მდგარი თეთრკაბიანი, ცეცხლისფერთმიანი ანგელოზი, წამით საშინელი სისწრაფით მომავალ ავტომობილს შეხედა, მერე ისევ ევას, ერთმანეთს მზერა გაუსწორეს და როცა ევამ მის გაფართოებულ თვალებში, იმ აღფრთოვანებული მზერის მაგივრად რომელსაც მამაკაცებისგან იყო მიჩვეული შიში დაინახა, რატომღაც თვითონაც შეეშინდა, ძალიან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო შიში, მერე გასროლის ხმამ ზაფხულის მცხუნვარე მზისგან აალებული ჰაერი გაჰკვეთა...
თავიდან ტკივილი არ უგრძვნია, ინსტიქტურად გადადგა უკან ნაბიჯი და ავტობუსის გაჩერების, განცხადებებით დაფარულ სარეკლამო დაფას მიეყრდნო, ფრთხილად ჩაცურდა ძირს და პირდაპირ ტროტუარზე დაჯდა, თბილი, ბლანტი სითხე გადმოვიდა მარჯვენა მხრიდან და მკერდზე ჩამოეღვარა, ჭრილობაზე ხელი მიიჭირა, მერე მოიშორა და წითლად შეღებილ თეთრ თითებს ღიმილით დააკვირდა.
- დაჭრილი ხარ? შემომხედე, როგორ ხარ? წამოდი ახლავე სავადმყოფოში უნდა წავიდეთ, გეფიცები არ ვიცოდი რომ იარაღი ჰქონდათ, არ უნდა ჰქონოდათ, უნდა დამიჯერო, ჩვენ ვიღაც განგსტერები არ ვართ, უბრალოდ ვთამაშობდით, ჯანდაბა, ჯანდაბა, ხმას რატომ არ იღებ?
საბა ევას წინ იყო დაჩოქილი, ჯერ კიდევ ნიღაბი ეკეთა რომელიც თვალებამდე უფარავდა სახეს, თუმცა ჩაფხუტი მოეძრო და ახლა უწესრიგოდ აჩეჩილი შავი სწორი თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი, თავი ასწია ევამ და ნაცრისფრად მოელვარე თვალები შეანათა, იმ წუთას თითქოს გული გაუჩერდა საბა მეტრეველს და სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა და როცა ევამ მის ჭაობისფერ მწვანე თვალებში საკუთარი ანარეკლი დაინახა, მაშინვე მიხვდა რომ დღეიდან აღარაფერი იქნებოდა ძველებურად...
პოლიციის სირენის ხმამ გამოაფხიზლათ, ბიჭები ამაოდ ცდილობდნენ საბას წაყვანას ავტომობილისკენ და საბა ამაოდ ცდილობდა ევა დაეთანხმებინა რომ საავადმყოფოში წაყოლოდა.
- წადით სანამ პოლიცია მოსულა, მე არაფერი მიჭირს, სასაწრაფოს გამოიძახებენ და მათ წავყვები, -ევა სრულიად მშვიდად საუბრობდა,
- როგორ თუ არაფერი გიჭირს, დაჭრილი ხარ, -საბა აშკარად არ აპირებდა მის დატოვებას.
- კარგად ვარ, ტყვიას მნიშვნელოვანი არაფერი დაუზიანებია, გამჭოლი ჭრილობაა, რამდენიმე დღეში მოშუშდება, თქვენ კი თუ პრობლემები არ გინდათ აქედან წადით, სწრაფად.
საბას აწეული წარბის დანახვაზე ევას გაეღიმა და მის მეგობრებს ანიშნა აქედან მოაშორეთო, ბიჭებმა ლამის ძალით ჩატენეს საბა ავტომობილში და იქაურობას მოშორდნენ, ევას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება გარს შემოხვეული ხალხისთვის, მარცხენა ხელით ჩანთიდან მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა,
- გისმენ, -ცივი, არაფრისმთქმელი ხმა გაისმა და ევა რატომღაც პირველად გაბრაზდა რომ არასდროს არ ჰქონდა ხმა ოდნავ მაინც თბილი და ისეთი რომ გაეგო რას გრძნობდა.
- დახმარება მჭირდება სიმონ.
- კარგი, -მოკლედ მოჭრა სიმონმა და ტელეფონი გათიშა.
- - - - - - - -
- ნამდვილად შემთხვევითობა იყო? -სიმონმა კიდევ ერთხელ შეამოწმა ევას ჭრილობა და რომ ნახა ყველაფერი რიგზე იყო, მშვიდად ჩაეშვა სავარძელში და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- დარწმუნებული ვარ უკვე იცი რომ შემთხვევითობა იყო და რაღატომ მეკითხები? -შეუღრინა ევამ და გულაღმა გაიშოტა დივანზე,
- რათქმაუნდა ვიცი, უბრალოდ მაინტერესებდა შენ რას ფიქრობდი ამ საკითხზე,
- ბავშვები თამაშობდნენ და ერთ-ერთ გამოთაყვანებულს სათამაშო იარაღის მაგივრად ნამდვილი აღმოაჩნდა, ეს იყო და ეს.
- ბავშვები? ჰმ, -სიმონმა ევა შემფასებლურად შეათვალიერა, ამჯერად სახლისთვის შესაფერისად, თავისუფლად ეცვა, მოკლე შორტი და ფართო გრძელი მაისური, გამხდარი გრძელი ფეხები დივნის საზურგეზე ჰქონდა შემოლაგებული, ხოლო წითური თმა ამჯერად კეფაზე შეეკრა, თვალდახუჭული იწვა და იღიმებოდა, სიმონმა თვალები მოჭუტა და სახეზე დააკვირდა, არა, რაც არ უნდა ეცადოს რომ ისე შეხედოს როგორც მოზრდილს და მითუმეტეს როგორც ქალს მაინც არ გამოსდის, ჩვიდმეტი წლის გოგოს ჰგავს, დიდი დიდი თვრამეტისას...
მაღალი, მხარბეჭიანი, მუდამ სერიოზული და საფეთქლებზე ოდნავ თმაშევერცხლილი სიმონის გვერდით კიდევ უფრო მეტად ჰგავდა პატარა, დაუცველ ბავშვს, თუმცა ვინ ვინ და სიმონმა ნამდვილად იცოდა რომ ევა სულაც არ იყო ასეთი.
- მორჩი ჩემს შესწავლას? -ფეხზე წამოხტა და ხტუნვა ხტუნვით წავიდა სამზარეულოსკენ.
- ცოტა ნელა, მგონი უკვე დაგავიწყდა რომ სულ რაღაც ორიოდე საათის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაგჭრეს.
- კარგი რა, ხომ იცი სამიოდე დღეში ნაწიბურიც კი არ დამრჩება, თანაც ეს ჭრილობა არაფერია იმასთან შედარებით რაც აქამდე გადამიტანია,
- არაფერია მაგრამ განსხვავებულია.
- განსხვავებული? რას გულისხმობ?
- არც ერთი ჭრილობის შემდეგ არ ყოფილხარ ასეთი მხიარული, იღიმი ევა, იცი რამდენი ხანია შენს სახეზე ასეთი ღიმილი არ დამინახავს? არ მეტყვი რა არის ამის მიზეზი?
- ეგ რა შუაშია, -ევამ წითელწინწლებიან თეთრ ჭიქაში ყავა დაისხა და ისევ დივანზე მოთავსდა, -სხვათაშორის დილიდანვე კარგ ხასიათზე ვიყავი მაგრამ შემდეგ ხასიათი გამიფუჭდა,
- ვინ გაბედა და გაგაბრაზა?
- ნაყინის გამყიდველმა.
- რაა? -სიმონს თვალები შუბლზე აუვიდა, -ნაყინის გამყიდველს რას ერჩოდი? იმედია ჯერ კიდევ ცოცხალია.
- ყველაფერი უკუღმა რატომ გესმის? მე კი არ ვერჩოდი მან გამაბრაზა, იცი რამდენ ხანს ვიდექი რიგში? მერე კი თავისი უფერული სიცოცხლემობეზრებული თვალებით და ყალბი ღიმილით შემომხედა,
- მერე? -სიმონს აშკარა ინტერესი შეეტყო, უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელში და მთელი გულისყური მოიკრიბა.
- მერე უბრალოდ მივხვდი რომ ნაყინი აღარ მინდოდა,
- სულ ეს არის?
- მაინც რა გინდა რომ მათქმევინო? ასეთ დაკითხვას რომ მიწყობ თავი ფსიქოლოგთან მგონია კონსულტაციაზე.
- მე შენი ფსიქოლოგი არ ვარ,
- მეც მაგას არ ვამბობ? არ ხარ და ისე რატომ იქცევი თითქოს ხარ?
- უბრალოდ მინდა გავიგო შენს თავს რა ხდება, მაინტერესებს რატომ მთხოვე რომ იმ უტვინო ბიჭების საქმე მომეგვარებინა, როდის აქეთია გაღელვებს რა ხდება იქ სადაც შენ არ ხარ, როდის აქეთია სხვისი ბედით ინტერესდები?
- კარგი, ვაღიარებ, აქაურობა ჩემზე ცუდად მოქმედებს, -ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა და გაცეცხლებული წამოხტა ფეხზე, -აი ხომ ხედავ მაინც გამანერვიულე, შენ რანაირი ფსიქოლოგი ხარ იმის მაგივრად რომ დამამშვიდო ნერვებს მიშლი,
- მგონი შევთანხმდით იმაზე რომ არ ვარ ფსიქოლოგი, -ღიმილისგან თავი მაინც ვერ შეიკავა, თავის შეკავება არ შეეძლო როცა ასე ნერვებ მოშლილ, აფორიაქებულ და საყვარლად სახეაწითლებულ ევას ხედავდა ხოლმე, თანაც ეს ისე იშვიათი სანახაობა იყო...
- ხომ შეიძლებოდა ამერიკაში დავრჩენილიყავი,
- ამჯერად აქ იყავი საჭირო,
- უკვე ძალიან დიდი ხანია აქ ვარ, თითქმის ოთხი წელია, როდის შევძლებ უკან დაბრუნებას?
- ჯერ ვერა.
- ჯანდაბა, ვერ ვიტან საქართველოს, ყელში ამომივიდა, აქაურობა სულს მიხუთავს გესმის?
- ალბათ დაბინძურებული ჰაერის ბრალია.
- ხუმრობ არა?
- რა გინდა ევა? დასვენება გჭირდება? გინდა რომ დრო მოგცე? ხომ იცი შემიძლია, შენ უბრალოდ მითხარი, მითხარი რამდენი დრო გჭირდება რომ დაისვენო, ოღონდ არ მითხრა რომ არ გინდა, არ აღიარებ მაგრამ გამოფიტული ხარ, დაღლილი და განადგურებული, ადამიანს აღარ ჰგავხარ ევა...
- გუშინ ნინო დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, -სიმონს ზურგი შეაქცია, იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა და თავი დივნის საზურგეს მიაყრდნო, მეც იქ ვიყავი, შორიდან ვუყურებდი როგორ ჩაუშვეს მიწაში, უკანასკნელი ძაფი რომელიც ჩემს ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებდა გაწყდა, წარმოგიდგენია? ვიღაცის საფლავს ამოფარებული ვიდექი და ვუყურებდი როგორ აყრიდნენ მიწას ჩემს ნინოს, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი, გუშინ მივხვდი რომ სულაც არ არის ადვილი, იმ უამრავი სიკვდილის მიუხედავად რაც მინახავს, მაინც ვერ მივეჩვიე
- არც უნდა მიეჩვიო, -ზურგზე სიმონის ძლიერი ხელი იგრძნო, მის გვერდით დაჯდა იატაკზე და მისი თავი მხარზე მიიყრდნო.
- დაიმახსოვრე ევა, იმ დღეს როცა ვინმეს მოკლავ ან ვინმეს სიკვდილს ნახავ და ვეღარაფერს იგრძნობ, ყველაფერი დამთავრდება, იმ დღეს მიხვდები რომ ადამიანი აღარ ხარ და თუ ადამიანი არ ხარ... -ხმა შესამჩნევად აუთრთოლდა, ყბები დაეჭიმა, აღარაფერი უთქვამს, თავი გვერდზე შეაბრუნა და აივნის ღია კარიდან მომზირალ უმთვარო ღამეს გახედა.
- - - - - - - -
რამდენიმე თვე ეძებდა საბა მეტრეველი ევას, გოგონას რომლის სახელიც კი არ იცოდა, მთელი თბილისი შეძრა, ყველა ნაცნობი თუ უცნობი შეაწუხა, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნო, აკვიატებად ექცა, უზომო სურვილად და თანმდევ მოლანდებათ, ყველა იმედი რომ გადაეწურა წლების უნახავ მამას მიაკითხა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და დახმარება სთხოვა.
უყურებდა თემური მეტრეველი მის წინ სავარძელში მჯდომ, მაღალ, ოდნავ წვერმოზრდილ, ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცს და არ სჯეროდა რომ ამდენი დრო გავიდა, ოცდახუთი წელი, ზუსტად ოცდახუთი წელი მას შემდეგ რაც სამშობიაროში საკუთარი პირმშო ხელში აიყვანა, ერთადერთი შვილი რომელიც ყველაფერს ერჩია.
უყურებდა და ახლა ისე სტკიოდა მასთან სიშორე როგორც არასდროს, არ იყო ცუდი კაცი, არ იყო იმდენად სინდის გარეცხილი რომ ცოლის და შვილისთვის ღალატის ასახსნელად და თავის გასამართლებლად უამრავი საზიზღრობა მოეფიქრებინა, ანდა როგორ უნდა ეთხოვა პატიება როცა საკუთარ თავს თვითონაც კი ვერ პატიობდა, ვერ მივიდა და ვერ სთხოვა ყველაფერი დაევიწყებინათ, მათაც არ აპატიეს, ნათიამ იმ სიყვარულის ფეხქვეშ გათელვა არ აპატია რომელიც აკავშირებდათ, საბამ კი ნათიას ცრემლიანი თვალები...
- აბა, რით შემიძლია დაგეხმარო? -პირველმა თვითონ ითავა საუბრის დაწყება,
- ყველაფერი ვცადე და ვერაფერი გავაწყვე თორემ ხომ იცი არ შეგაწუხებდი, -საბამ თვალი გაუსწორა და სავარძლის სახელურს ისე მოუჭირა ხელი რომ თითები მთლად გაუთეთრდა.
დაიმედებული გამოვიდა სამინისტროდან, იცოდა თემური ქვას გახეთქავდა და მაინც იპოვიდა ცეცხლისფერთმიან ანგელოზს, ის თუ არა სხვა ვინ მოახერხებდა ამას.
ორი დღე ელოდა როდის დაურეკავდა, არ უჭამია არ უძინია, ამოღამებული თვალებით იჯდა აივანზე და ელოდა... საღამოს ექვსი საათი იქნებოდა როცა დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა, რამდენიმე წუთით მიიღო საკუთარ კაბინეტში, ანიშნა ნუ ვისაუბრებთო და კონვერტი გადასცა, სახლში რომ მიხვალ მერე გახსენიო გააფრთხილა, ვეღარ მოითმინა, სახლში მისვლამდე გადაიყვანა მანქანა გზიდან და კონვერტი გახსნა, სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა...
- დაივიწყე, თითქოს არც კი გინახავს და არასოდეს შეგხვედრია, ამაზე ჩემი, შენი და ყველა ჩვენი ახლობლის უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
გაშრა, შეცბა, გაშეშდა, ერთხანს ასე იჯდა, მერე მანქანიდან გადმოვიდა, ბოლო ხმაზე იღრიალა და იქვე საბურავთან ჩაჯდა პირდაპირ ასფალტზე.
- თუ გგონია რომ ასე უბრალოდ დაგივიწყებ და თავს დაგანებებ ცდები, -ჩაილაპარაკა და ხელი ისე მაგრად დასცხო ძირს რომ გადაყვლეფილი ხელისგულიდან სისხლი წამოუვიდა.
- ვინ ხარ? ვინ ხარ ასეთი რომ დიდ თემურისაც კი შიშის ზარს სცემ? ჰმ, წარმოგიდგენია? თემური მეტრეველს ეშინია, ეს უკვე საინტერესოა, ახლა უბრალოდ დასვენება და გონების მოკრება მჭირდება, სულ ცოტა ხნით რომ მერე უკეთ მოვიფიქრო როგორ გიპოვო.
- - - - - - - - -
- კარგი რა სამ დღეში ახალი წელია, რა დროს ბაკურიანი და გუდაურია, თანაც საშინელი თოვლია გზებზე, გავიჭედებით სადმე და ნახავთ მერე სეირს, -ნიკუშამ მინერალური წყლის ბოთლი ჩაიხუტა და ეს ორმეტრიანი კაცი საცოდავად მოიკუნტა დივანზე.
- შენ ამას ნუ უსმენ, -კაკიმ საბას ხელი გადახვია, -ამას ბაკურიანი კია არა ნაბახუსევი აწუხებს ახლა და უბრალოდ მგზავრობა ეზარება.
- გიგა სად არის?
- ბარგს ალაგებს, გამომიარეთო დამირეკა.
- რა ბარგს, ხომ არ გაგიჟდა ერთი თვით კი არ მივდივართ, სულ ორი-სამი დღით უნდა დავრჩეთ.
- ეგ ხომ იცი როგორია, ათი წყვილი ფეხსაცმელი და რამდენიმე სვადასხვა ქურთუკი თუ არ წამოიღო გაგიჟდება, ვერ მოისვენებს, ალბათ ახლა სამი დიდი ჩემოდნით დაგვხვდება.
ბოლოს როგორც იქნა ჩაბარგდნენ და გზას დაადგნენ, საჭესთან კაკი იჯდა, საბამ მის გვერდით დაიკავა ადგილი, გიგი და ნიკუშა უკანა სავარძელზე ისხდნენ, ნიკუშას გიგის მხარზე ედო თავი და კრუსუნებდა.
- რა დალია ამ უპატრონომ ასეთი რომ ვეღარ გამოფხიზლდა, -ბუზღუნებდა გიგი და მის მოშორებას ცდილობდა, ის კი პირიქით უფრო და უფრო ეხუტებოდა.
- ეი რა გჭირს? ისევ უხასიათოდ ხარ, თემურიმ ვერაფერი გაარკვია? -კაკის საბას მოღუშული სახე და ნაძალადევი ღიმილი არ გამოპარვია, საბამ უხმოდ გაიქნია თავი და დათოვლილ გარემოს გახედა, უკვე ბაკურიანს უახლოვდებოდნენ და თოვა უფრო და უფრო იმატებდა, ფაქტიურად აღარაფერი ჩანდა, ძლივს მიდიოდნენ.
- კიდევ კარგი ჯაჭვები გვაქვს თორემ ხომ დავრჩებოდით აქ და გავიყინებოდით, -ჩაიბურტყუნა კაკიმ და კიდევ უფრო შეანელა სვლა.
- მალე მივალთ? -ნიკუშა გიგის მხარს მოშორდა და თვალები მოიფშვნიტა.
- ოჰ, გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა, რამეს ხომ არ ინებებთ თქვენო ბრწყინვალებავ?
- გაჩუმდი გიგი თორემ არ ვიცი რას გიზავ,
- მეტი რაღა უნდა მიქნა მხარი მაქვს გაშეშებული.
- გააჩერე, -იყვირა უცებ საბამ და კაკიმაც დაამუხრუჭა.
- შეხედეთ გზაზე მანქანაა გაჩერებული.
- მერე?
- რა მერე ბიჭო, რამე რომ არ უჭირდეს ახლა აქ, ასე იქნებოდა გაჩხირული? მიდი ახლოს, გადავალ და ვნახავ ვინ არის და რა უჭირს.
- გადახვალ? იქნება და მანიაკია,
- ნუ მაგიჟებ, რა უნდა ბიჭო აქ მანიაკს,
- კარგი, შენ გადადი მაშინ მარტო, ჩვენ აქ დავრჩებით და კარებს ჩავკეტავთ, -მხიარულად გაიკრიჭა კაკი.
- მასხარები ხართ რა, არაფერში არ გამოადგებით ადამიანს, -საბამ ხელი ჩაიქნია, ბეწვიანი კაპიუშონი წამოიხურა და გადავიდა, ფრთხილად მიუახლოვდა ავტომობილს, მინები დაორთქლილი იყო, გარედან არაფერი ჩანდა, კარი მოსინჯა, ღია იღო, პირველი რაც შეამჩნია, საჭესთან მჯდარი პატარა, გამხდარი სხეული იყო, თხელი ჯემპრით, ვიწრო ჯინსის შარვლით, დაბალყელიანი ბოტებით და ფუმფულა, ყურებიანი ქუდით, ქუდი ისე ჰქონდა ჩამოფხატული სახე თითქმის არ უჩანდა, ხელი მუცელზე მოხვეულ ხელებზე შეახო და მერეღა შეამჩნია სისხლი, გათოშილი ხელები ააწევინა, მარჯვენა ფერდთან ჯემპრი სისხლით იყო გაჟღენთილი, გათოშილი იყო, გონებადაკარგული მაგრამ ჯერ ისევ სუნთქავდა, ბევრი არ უფიქრია, ერთი ხელი მუხლებში შეუცურა მეორე ზურგს უკან და გადმოიყვანა, გულზე ისე აიხუტა თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ყოფილიყოს, ბიჭებმა დაინახეს თუ არა მაშინვე გადმოცვივდნენ და გარს შემოეხვივნენ, არაფერი უთქვამთ, ნიკუშა წინა სავარძელზე დაჯდა, გიგი უკან მიიყუჟა კუთხეში და საბას და ახალ მგზავრს ადგილი დაუთმო.
- სწრაფად რა კაკი, რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეთ, ძალიან არის გაყინული და თან დაჭრილია, -კაკის არაფერი უთქვამს, შეძლებისდაგვარად მოუმატა სისწრაფეს.
- ნუ გეშინია, მალე მივალთ და გაგათბობ, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩასჩურჩულა საბამ უგონოდ მყოფ გოგონას და ფრთხილად მოხადა ქუდი, ქუდისქვეშიდან გრძელი, ცეცხლისფერი თმა ჩამოიშალა და მხრებზე და მკერდზე დაეფინა...



№1 სტუმარი Lucien Vanserra

განსხვავებული ჩანს, ევამ დამაინტერესა, თუ იმ დროს იყო ასეთი პატარა როცა თბილისში სანაყინეები იშვიათობა იყო, ესე იგი 90 იან წლებზეა საუბარი და თუ ასეა, ჩვიდმეტი წლის გოგოსავით როგორ გამოიყურება ახლა ჩვენს დროში, რაშია საქმე?
ბარემ წინასწარ გვითხარი ეს ახალიც ფანტასტიკაა თუ???

პ.ს. ძალიან კარგად წერ blush

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

Lucien Vanserra
განსხვავებული ჩანს, ევამ დამაინტერესა, თუ იმ დროს იყო ასეთი პატარა როცა თბილისში სანაყინეები იშვიათობა იყო, ესე იგი 90 იან წლებზეა საუბარი და თუ ასეა, ჩვიდმეტი წლის გოგოსავით როგორ გამოიყურება ახლა ჩვენს დროში, რაშია საქმე?
ბარემ წინასწარ გვითხარი ეს ახალიც ფანტასტიკაა თუ???

პ.ს. ძალიან კარგად წერ blush


მადლობა heart_eyes
რაც შეეხება 90 იანებს და იმას ფანტასტიკაა თუ არა, თავიდანვე თუ გითხარით ყველაფერი არ გამოვა ეგრე ეგ საქმე smile

 


ევას გმირმა დამაინტერესა❤ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საშიში პერსონაჟი ჩანს :)
დანარჩენი შემდეგ თავებში გამოჩნდება ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ასეთი სუსტი ნაზი ციცქნა გოგო ასეთი საშიში როგორ იქნება საინტერესო და განსხვავებული ნაწარმოები ჩანს მომეწონა ძალიან მადლობა წარმატებები ????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent