შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღაური ( 3 )


9-01-2022, 16:54
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 578

- აქ რას აკეთებ? ახლა უნდა იწვე და გეძინოს, -კაკიმ როგორც კი ღია კარში მდგარ უხერხულად მომღიმარ ევას მოკრა თვალი, მაშინვე მასთან მიიჭრა და თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით შეათვალიერა.
- როგორ ხარ? ჭრილობა როგორ გაქვს? მოდი ვნახოთ ხომ არ გაგეხსნა.
- აჰა, როგორც იქნა ბატონ კაკიში მიძინებულმა ექიმმაც გაიღვიძა, -ჩაიფხუკუნა ნიკუშამ და თან გიგის ანიშნა ვარსკვლავი ოდნავ გვერდით დაამაგრე ასე მობრეცილიაო.
- ჭრილობის ნახვა საჭირო არ არის, კარგად ვარ, უბრალოდ გამეღვიძა და მარტო ვეღარ გავჩერდი, შეიძლება რომ აქ თქვენთან ერთად ვიყო?
აქამდე მშვიდად მდგარი, მომღიმარი საბა რომელიც ევას თვალს ვერ აშორებდა, მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
- ზუსტად ახლა ჭამას ვაპირებდით, მოხარულები ვიქნებით თუ შემოგვიერთდები.
ევამ გაუბედავად გაუწოდა ხელი რომელიც წამსვე ჩაიკარგა საბას თითებში, უცნაური თრთოლვით ახედა ქვემოდან და როცა სითბოთი სავსე, მომღიმარ მწვანე თვალებს წააწყდა, საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი, ვერც კი გაიგო როგორ გააცნო ბიჭები, როგორ მიაცილა მაგიდამდე, სკამი გამოუწია, დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა, პირველად გრძნობდა თავს ასე უმწეოდ, პატარა, გამოუცდელი გოგოსავით, ეს ყველაფერი... ეს მომღიმარი სახეები, საახალწლოდ მორთული, სითბოთი და სიყვარულით სავსე სახლი, ეს უბრალო, უანგარო დამოკიდებულება ბიჭების მხრიდან და სასურველი მამაკაცის დამათრობელი სურნელი გვერდით, სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, არაფერი ზედმეტი, არაფერი შემაწუხებელი... თავს უფლება მისცა გაეღიმა, მოდუნებულიყო და იმ სითბოთი და სიყვარულით ავსებულიყო რომელიც გარს ერტყა.
- დალევ? -გიგიმ შავი ღვინით სავსე ბოთლი აწია.
- რა გჭირს ბიჭო, ამისთვის ახლა დალევა არ შეიძლება, -ნიკუშამ ბოთლი უკან გადადგა და გიგის შეუბღვირა.
- ცოტა დამისხი, რამდენიმე ყლუპი ღვინო არაფერს მიზამს, -ევამ ჭიქა გაუწოდა და გაუღიმა, ბედნიერმა გიგიმ ჩვეული გალანტური მანერით დაუსხა ღვინო.
- მადლობა, -ისევ შესცინა ევამ და ღვინო მოსვა,
- შეჭამ რამეს? -საბამ შემწვარი კარტოფილით სავსე თეფში მიუწია ახლოს, სალათაც გადაიღე, ყველაფერი მე და კაკიმ გავაკეთეთ, იმედია მოგეწონება.
- ჰო, საჭმელს ყოველთვის მე და საბა ვაკეთებთ ხოლმე, ეს ორი უსაქმური კი ჭამის და ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებენ, -სიცილით ანიშნა კაკიმ გიგისა და ნიკუშასკენ,
საჭმლით პირგამოტენილმა ნიკუშამ კაკის ხელი აუქნია მაცადეო და მწვადით სავსე თეფშს წაეტანა, უყურებდა ევა ბიჭებს და გული სევდანარევი სითბოთი ევსებოდა, ასე კარგად და თან ასე უცნაურად თავი არასოდეს უგრძვნია, ნუთუ ცდებოდა როცა ამდენი ხანი განდეგილივით ცხოვრობდა, ნუთუ ცდებოდა როცა არავის აძლევდა მასთან მოახლოების უფლებას, ნუთუ...
- კარგად ხარ? -ხელზე შეხება იგრძნო და შეკრთა, საბა ფრთხილად ეფერებოდა თითებზე და უღიმოდა.
- ყველაფერი კარგადაა?
- კი უბრალოდ რაღაც გამახსენდა და... -ძლივს ამოილუღლუღა და საჭმელს წაეტანა, საბას აღარაფერი უკითხავს და ამის გამო თავი უფრო მშვიდად იგრძნო, ბუხრის სითბომ და რამდენიმე ყლუპმა ღვინომაც თავისი გაიტანა, საბოლოოდ დამშვიდდა და მოითენთა.
- შემოთავაზება მაქვს, -გამოაცხადა ნიკუშამ როცა ჭამას მორჩნენ და მაგიდა აალაგეს, -ცხელ შოკოლადზე და საახალწლო ფილმზე რას იტყვით?
- ხანდახან ტვინი გიმუშავებს ძმაო, -გიგიმ მხარზე ხელი დაკრა და საპასუხოდ გვერდში ისეთი მუჯლუგუნი მიიღო რომ ტკივილისგან ორად მოიკეცა, გასწორება შეძლო თუ არა კოჭში ისეთი ჩასცხო რომ ახლა ნიკუშა აღრიალდა და საცოდავად დაიწყო ცალ ფეხზე ხტუნაობა.
- რას აკეთებენ? -გაკვირვებული ევა აშკარად ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ამ ორს შორის.
- ამათ ყურადღებას ნუ მიაქცევ თორემ გაგაგიჟებენ, ასე ერთი შეხედვით კბენენ ერთმანეთს თორემ ისე ერთმანეთისთვის სიცოცხლესაც კი არ დაინანებენ, -საბამ ევა ბუხართან ახლოს მდგარ დივანზე დასვა, ფუმფულა პლედი გადააფარა და გვერდით მიუჯდა, ევამ ფეხები დივანზე აიკეცა მასთან ახლოს მიჩოჩდა, მხარზე მიეკრო და თავი მკერდთან ახლოს მიადო, ბიჭი გაშეშდა, ევამ იგრძნო როგორ გამოტოვა მისმა გულმა რამდენიმე დარტყმა, მერე გამბედაობა მოიკრიბა, ევას ხელი მოხვია და უფრო მჭიდროდ მიიხუტა მკერდზე, გაუნძრევლად ისხდნენ, საბა ფრთხილად ეფერებოდა თმებზე და თვალდახუჭული ივსებდა მისი სურნელით ფილტვებს, ევა კი მის გულისცემას უსმენდა და თან ბიჭებს უყურებდა, კაკი და გიგი კამათობდნენ რომელი ფილმი უფრო შესაფერისი იყო საახალწლოდ, ნიკუშა კი ჭიქებში ცხელ შოკოლადს ასხავდა.
- როგორ შეგიძლიათ ასეთები იყოთ? -თავისთავად წამოსცდა ევას გაფიცხებულ ბაგეებს.
- რას გულისხმობ?
- ასეთი კარგები, უბრალოები, საყვარლები, ამ ყველაფრის მიუხედავად არაფერს მეკითხებით, იმის უფლებასაც კი მაძლევთ რომ თქვენთან ერთად გავატარო ახალი წელი, იცი რომ ასეთი ახალი წელი არასდროს მქონია?
- ასეთში რას გულისხმობ? -მომღიმარმა საბამ ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა და ნაზად ჩამოუსვა ხელი ლოყაზე.
- ნაძვისხე, ბუხარი, ცხელი შოკოლადი და ადამიანები რომლებიც ისეთები არიან როგორიც სინამდვილეში, არაფერი ზედმეტი, არანაირი სიყალბე და თვალთმაქცობა.
- და აქამდე როგორ ადამიანებთან ერთად აღნიშნავდი ხოლმე ახალ წელს?
- არ აღვნიშნავდი, ახლ წელს ყოველთვის ვმუშაობ ხოლმე, წელსაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ არა ალბათ ჩვეულებრივად ვიმუშავებდი და ტრადიციულად შორიდან დავაკვირდებოდი, როგორ აღნიშნავენ ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები ამ დღესასწაულს.
- ოჯახი? მეგობრები?
- ექვსი წლის ვიყავი როცა ჩემი მშობლები დაიღუპნენ, აღარავინ მყავს, არც ნათესავები, არც მეგობრები...
ევამ იგრძნო როგორ დაიძაბა საბა, ჯანდაბა, ალბათ ეს არ უნდა ეთქვა არადა თავს ვერ იკავებს რომ ყველაფერი არ მოუყვეს, ჰმ, უცნაური გრძნობაა როცა გინდა ვინმეს გული გადაუშალო, ბოლომდე გაიხსნა და დაანახვო როგორი ხარ სინამდვილეში, ასეთი გრძნობა სიმონთან ერთად ყოფნისას არასდროს ჰქონია ალბათ იმიტომ რომ სიმონმა მის შესახებ ისედაც ყველაფერი იცის, თუმცა ალბათ საბამ რომ გაიგოს ევა სინამდვილეში როგორია... პირველად დაფიქრდა ევა საკუთარ ცხოვრებაზე და იმაზე თუ რამდენად სწორად ცხოვრობდა, რამდენად სწორი იყო ის ყველაფერი რასაც აქამდე აკეთებდა და სწორად მიაჩნდა.
- ძალიან ვწუხვარ შენი მშობლების გამო, -საბას ხმაში გულწრფელი მწუხარების ნოტები დაიჭირა ევამ, გული გაუთბა და უნებურად გაეღიმა.
- მოდი ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო აღარც კი მახსოვს, ახლა უბრალოდ მინდა რომ შენთან ერთად ყოფნით და ამ რამდენიმე მშვიდი დღით დავტკბე.
- რამდენიმე დღე? მხოლოდ რამდენიმე? რისი თქმა გინდა რომ ამ დღეების შემდეგ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებ?
- უცნაური ხარ, -ევამ ქვემოდან ახედა და როცა მის გაფართოებულ მწვანე თვალებში შიში და გაურკვევლობა შეამჩნია, გაეღიმა.
- საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ისიც კი არ იცი მართლა ევა მქვია თუ არა, საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში მიპოვნე და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ფიქრობ ჩემთან სამომავლო ურთიერთობაზე?
- მინდა რომ ვცადოთ ევა, ვიცი რომ ეს შენც გინდა.
- იქნებ მართლაც დამნაშავე ვარ, მკვლელი და არც თუ ისე კარგ საქმეებში ვარ გარეული,
- კარგი რა ნუ მაცინებ.
- ანუ შენთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა?
- არაფერს, -საბამ ღიმილის შეკავება სცადა და საყვარლად ააფახულა გრძელი შავი წამწამები.
- რომ გითხრა რომ სინამდვილეში კაცი ვარ? -ევას რატომღაც მოუნდა რომ ეხუმრა.
ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა, რამდენიმე წამი გაუჩერებლად ხარხარებდა საბა, ევაც და ბიჭებიც თვალებდაჭყეტილები უყურებდნენ და ელოდნენ როდის დაწყნარდებოდა, ძლივს მოახერხა დაწყნარება და სიცილისგან თვალზე მომდგარი ცრემლი აცახცახებული თითებით მოიწმინდა.
- მაპატიე რა, ‘’ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან’’ გამახსენდა და თავი ვეღარ შევიკავე, უბრალოდ იცოდე რომ მაგ საკითხში ოსგუდისნაირი გამგები ვერ ვიქნები, სხვა რაც გინდა მითხარი სულ ერთია, შენთან ურთიერთობაზე თუკი შენც გექნება სურვილი არავის და არაფრის გამო არ ვიტყვი უარს.
რამდენიმე წამს თვალმოუშორებლად უყურებდა მოციმციმე მწვანე თვალებში, მერე ცხოვრებაში პირველად გაითვალისწინა სიმონის რჩევა რომ ერთხელ მაინც ეფიქრა საკუთარ თავზე, საკუთარ სიამოვნებაზე, ერთხელ მაინც გაეკეთებინა ის რაც უნდოდა და არა ის რაც საჭირო იყო, ერთხელ მაინც გადაეხვია გეგმისთვის, იმ გეგმისთვის რომელსაც ყოველთვის სხვა უდგენდა და ისიც მორჩილად მიყვებოდა სათითაო დეტალს.
- ჯანდაბას, რაც მოხდება მოხდეს, -ჩაიჩურჩულა, მაგრად შემოხვია ხელები და თავი მის კისერში ჩარგო, იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ბიჭს მისი შეხებისას და იმის გააზრებისას რომ მასზე ასე მოქმედებდა სიამოვნებისგან ლამის კატასავით აკრუტუნდა.
- ანუ ეს ნიშნავს რომ...
- ეს ნიშნავს რომ ვცადოთ და ვნახოთ რა გამოვა, ვცადოთ ყველანაირი პირობების და გათვლების გარეშე, უბრალოდ ვცადოთ კარგი?
საბა ხელში ატაცებულ ევასთან ერთად წამოიჭრა ფეხზე და შუაგულ ოთახში გიჟივით დატრიალდა, მხიარულად კისკისებდა ევა, თავისუფლად მოფრიალე ცეცხლისფერი თმა, რბილი საახალწლო განათებების ფონზე ჯადოსნურად ელავდა და საბას უცნაურად ჩამუქებულ მწვანე თვალებში ირეკლებოდა.
- ეს უნდა აღვნიშნოთ, -როგორც კი საბამ გოგონა ძირს დასვა, ნიკუშამ მაშინვე შამპანიურის ბოთლი მოარბენინა.
- მართალია ცოტა მოულოდნელია მაგრამ ჩემი მეგობრის გახარებული სახის ნახვა ერთ რამედ ღირს და აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს, -გიგიმ ევას მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.
- შეიძლება თქვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო მაგრამ ერთი რამ რაც ყველაზე კარგად ვისწავლე ჩემი არცთუ ისე ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში არის ის რომ ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული დროა, მხოლოდ და მხოლოდ დრო, ასე რომ მირჩევნია ბევრი აღარ ვიფიქრო, ის კი არადა საერთოდ აღარ ვიფიქრო, ერთხელ მაინც მოვიქცე სპონტანურად და რაც შეიძლება დიდხანს ვიყო საბასთან ერთად, -ბიჭს ქვემოდან ახედა და წელზე მოეხვია.
- ჩემი ჭკვიანი გოგო, -ჩაიჩურჩულა საბამ და შუბლზე მიაკრო გახურებული ტუჩები.
- რამდენი წლის ხარ ევა? -კაკიმ ღიმილით შეხედა ლოყებ აწითლებულ გოგონას.
- მზად იყავი ახლა კითხვებს დაგაყრიან, -ჩაიცინა საბამ, -მართალია აქამდე არაფერს გეკითხებოდნენ მაგრამ ცნობისმოყვარეობით კვდებოდნენ, ახლა ნამდვილად ვეღარ დაუძვრები ამათ ხელიდან, მაგრამ თუ გინდა ნურაფერზე ნუ უპასუხებ, გადაიტანენ როგორმე.
- ანუ დუმილის უფლების გამოყენება შემიძლია?
- კარგი რა უბრალოდ ის მაინტერესებს სრულწლოვანი მაინც თუ ხარ? -კაკიმ პატარა ნაწყენი ბავშვივით გაბუსხა ტუჩები.
- თექვსმეტი, დიდი დიდი ჩვიდმეტი წლისას გავხარ და სულაც არ მინდა რომ ჩემი მეგობარი არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის მოხვდეს ციხეში.
- კარგი რა, -ევას მართლა გულიანად გაეცინა, -დამშვიდდით უკვე დიდი ხანია სრულწლოვანი ვარ და არავის წინაშე არ ვარ პასუხისმგებელი, ჰოდა კიდევ მინდა ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არ მინდა რომ რამე მოგატყუოთ ასე რომ ნურაფერს მკითხავთ კარგი?
ყველამ უხმოდ დაუქნია თავი, უამრავ კითხვას ხედავდა ევა მათ თვალებში, ეჭვს, ცნობისმოყვარეობას და ყველაფრის მიუხედავად მაინც დუმდნენ, აფასებდა ევა ამ დუმილს...
თითო ჭიქა შამპანიურის შემდეგ ბიჭებს უფრო მეტად შეეტყოთ მთელი დღის დაღლილობა, ევას დაემშვიდობნენ და დასაძინებლად განაწილდნენ ოთახებში.
- როგორ შეგიძლია ასე უპირობოდ მენდო, -ჰკითხა როცა მისაღებ ოთახში მარტო დარჩნენ და ისევ დივანზე მოიკალათა საბასთან ერთად.
- გახსოვს? მითხარი რომ ჩემი თვალების პატრონს ვინმესთვის რამის დაშავება არ შემიძლია.
- მახსოვს.
- როგორ გგონია მე რას ვხედავ შენს თვალებში? გარეგნული სიძლიერის და სიცივის უკან მიყუჟულ პატარა სუსტ, დაუცველ გოგოს რომელსაც სითბო და სიყვარული ისე სჭირდება როგორც არავის ამქვეყნად, უბრალოდ მინდა რომ ჩემთან ერთად იყო, მინდა იგრძნო რომ ამ ყველაფრის მოცემა შემიძლია შენთვის, სხვა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ნურაფერს მეტყვი, ნურაფერს ამიხსნი, ნურაფერს მომიყვები, სანამ ამისთვის მზად არ იქნები.
ხმა არ ამოუღია ევას, უბრალოდ ჩაეხუტა და მის ძლიერ მკლავებში ჩაიკარგა, პირველად გრძნობდა თავს სუსტ პატარა გოგოდ და პირველად ეიმედებოდა სხვისი მკლავები და გულისფეთქვა, თავი ასე მშვიდად და დაცულად არასოდეს უგრძვნია, ჯიუტად ცდილობდა გამუდმებით სხარტად მომუშავე გონება ცოტახნით გაეთიშა და იმაზე არ ეფიქრა რაც ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოყოლოდა.
- ახლა რომ სიმონმა დამინახოს ალბათ გაგიჟდება, -თვითონაც არ იცოდა რატომ თქვა ხმამაღლა და თან გულიანად გადაიკისკისა, საბას ახლაღა გაახსენდა ცოტახნისწინანდელი უცნაური ზარი.
- სიმონი ვინ არის?
- ერთადერთი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში ვისაც შემიძლია მეგობარი ვუწოდო, თუმცა შენთან და ბიჭებთან გატარებული ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ამ მეგობრობაზე დავფიქრებულიყავი...
- ჰოო? საინტერესოა, -ირონიამ და ეჭვმა ისე დაიბუდა საბას ხმაში რომ თვითონაც კი ვერ მიხვდა.
- რა გჭირს? -ევამ წამოიწია, მისი ხელები მოიშორა და პირისპირ დაუჯდა.
- დამავიწყდა რომ მეთქვა, ცოტახნის წინ დაგირეკა.
- ვინ? სიმონმა? როგორ? ჩემი ტელეფონი თან არ მაქვს.
- ჩემს ნომერზე დარეკა.
- ჰოო, ეგ არ გაუჭირდებოდა, -გაეღიმა ევას, -რა უნდოდა?
- უნდა რომ დაურეკო.
- დაახლოებით რამდენი ხნის წინ დარეკა?
- რამდენიმე საათის წინ.
- ჯობდა მაშინვე გეთქვა, ალბათ ახლა უკვე აქ მოდის.
- სერიოზულად? შენი მეგობარი სიმონი აქ მოდის? საიდან იცი რომ მოვა? საიდან იცის სად ხარ? თანაც გზები ჩაკეტილია.
- როცა საქმე მე მეხება, სიმონი ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადმოივლის და მაინც მოვა.
- ცხრათავიან გველეშაპსაც შეებრძოლება? -ირონია გაურია ხმაში საბამ.
- კი, თუ საჭირო იქნება შეებრძოლება, -არ დაუთმო ევამ და მისი მოღუშული სახის და შეკრული წარბების დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა.
- პატარა ბავშვივით იქცევი, ეჭვიანობის არანაირი საბაბი არ გაქვს, შენ არ იცი მე და სიმონს რა ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რაკი გეუბნები რომ მხოლოდ მეგობარია ესე იგი ასეცაა, ურთიერთობას კამათით ნუ დავიწყებთ კარგი? სიმონი მას შემდეგ არის ჩემს ცხოვრებაში რაც ექვსი წლის გავხდი და ამის შემდეგაც ყოველთვის იქნება, ეს ისეთი ჭეშმარიტებაა როგორც ის რომ დედამიწა მრგვალია...
თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა საბამ, მშვენივრად ხედავდა რომ არ იყო ევა ჩვეულებრივი გოგონა, ძალიან კარგად ესმოდა რომ არც მათი ურთიერთობა იქნებოდა ჩვეულებრივი წყვილის ურთიერთობა, მაგრამ მისი ერთი ღიმილისთვის ყველაფრისთვის მზად იყო, იმ ვიღაც სიმონის ატანასაც კი შეეცდებოდა, ევას გულისთვის, ევას გულისთვის, იმეორებდა გონებაში და თან საკუთარ თავს დამშვიდებას აიძულებდა.
- ამდენს ნუ ფიქრობ, ნუ ცდილობ ყველაფერს ახსნა მოუძებნო, უბრალოდ ისე მიიღე ყველაფერი როგორც არის, -ევას თბილმა ხმამ თითქოს ისევ დედამიწაზე დააბრუნა, საყვარლად უციმციმებდა ნაცრისფერი თვალები და ღიმილით შესცქეროდა.
- რა ლამაზი ხარ, -აღმოხდა გულიდან და მისი გაფართოებული თვალების დანახვისას ვეღარ მოითმინა, წვრილ წელზე მოხვია ხელი, კალთაში ჩაისვა და მოწყურებულივით დაეწაფა მის ბაგეებს.
რამდენიმე წამით ამ სამყაროს მოსწყდა ევა, თითები თმებში შეუცურა ბიჭს და კოცნაზე კოცნით უპასუხა, მთელი გრძნობით კოცნიდნენ ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთის კანში შეღწევას და ერთ მთლიანობად ქცევას ცდილობდნენ, საბამ მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები და ახლა მის შიშველ წელზე დააცურებდა გრძელ თითებს, კარზე გაბმულმა, ნერვიულმა კაკუნმა მოიყვანა გონს ერთმანეთზე გადახლართული წყვილი...
- - - - - - - -
ბრაზისგან გასიებული გამოვიდა სიმონი შტაბ ბინიდან, ავტომობილში ჩაჯდა, კარი მთელი ძალით მიიჯახუნა და საბურავების ღრჭიალით მოწყდა იქაურობას, რამდენიმე წუთს გიჟივით მართავდა, მერე როცა მიხვდა რომ სიბრაზისგან თვალებზე უკვე ბინდი ეკვრებოდა, ვეღარ შეძლო, შეანელა, გზიდან გადავიდა, გაჩერდა და ხელი მთელი ძალით დასცხო საჭეს, დილიდან ცდილობდა ევას მიერ ჩაგდებული ოპერაციისთვის გამართლება მოეძებნა, ბოლო რამდენიმე თვეა შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ევა და სიმონი ყოველთვის ახერხებდა მისი შეცდომების გამოსწორებას, ხედავდა როგორი დაბნეული და გამოფიტული იყო, ხედავდა და გული უკვდებოდა მისი ნაძალადევი ღიმილის და ვითომ უდარდელი გამომეტყველების დანახვისას, ყველაფერს გრძნობდა, მის ტკივილს, მის მარტოსულობას, ყველაფერს აკეთებდა მისთვის იმ სიმძიმის შესამსუბუქებლად რაც მხრებზე ეწვა ამ პატარა სიფრიფანა გოგონას, მაგრამ დღეს კი ვერაფერი გააწყო, უპატიებელი შეცდომა დაუშვა ევამ, სულელური და გაუაზრებელი...
- რას მიკეთებ ევა, ამას რატომ აკეთებ? -გააფთრებულმა ჩაიღრინა და ტელეფონზე საბას ნომერი აკრიფა.
თავჩაღუნული იდგა დაკეტილი კარის წინ, მხოლოდ თხელ პიჯაკში გამოწყობილი, განიერ მხრებზე და შევერცხლილ თმებზე ათოვდა, თუმცა სიცივეს ვერ გრძნობდა, ელოდა როდის გაუღებდნენ კარს, თუმცა არ იცოდა მერე რა უნდა გაეკეთებინა, პირველად იყო დაბნეული და ისეთი დაღლილი რომ ახლა მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, უბრალოდ ევას ნახვა უნდოდა, უნდა ენახა რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა, სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
კარის გაღებისას პირველი საბას მწვანე თვალებს შეეფეთა მხოლოდ შემდეგ დალანდა მის უკან მდგარი თმაგაჩეჩილი, განიერ სპორტულ შარვალში და ჟაკეტში გამოწყობილი ევა, პატარა დამნაშავე ბავშვივით იყურებოდა ბიჭის მხარსზემოდან და საყვარლად ახამხამებდა გრძელ, ხშირ წამწამებს
- მოხვედი? -მისი ხმა გაიგო თუ არა უნებურად გაუთბა გული და მოეშვა, საბას მიესალმა და შესვლის ნებართვა ითხოვა.
- მობრძანდით, -ბიჭმა ფართოდ გააღო კარი, მერე მისაღებში შეუძღვა, ჩაი შესთავაზა და თანხმობის შემდეგ სამზარეულოში გავიდა რომ ევასთან ერთად მარტო დაეტოვებინა.
მძიმედ ჩაეშვა სიმონი სავარძელში და საღესასწაულოდ მორთულ ოთახს თვალი მოავლო, მერე უცნაურად სახეგაბრწყინებულ და ბედნიერ ევას შეხედა, არ სჯეროდა რომ ორიოდე დღეს ამდენად შეუძლია შეცვალოს ადამიანი, თვალს ვერ აშორებდა, უყურებდა და ეგოისტურად სწყინდა რომ მასთან ერთად ყოფნისას არასდროს უნახავს ევას თვალებში ამდენი ბედნიერება და სიხარული...
- აბა, რას მივაწეროთ შენი სტუმრობა? -ევამ ფეხები სავარძელზე აიკეცა, მუხლებზე დაწყობილ ხელებზე ნიკაპი ჩამოაყრდნო და ღიმილით მიაჩერდა სიმონს, -არა, არ იფიქრო რომ შენი ნახვა არ გამიხარდა მაგრამ ახლა ნამდვილად არ გელოდი.
- მეგონა მიხვდებოდი რატომ მოვედი, -მთელი ნებისყოფის მოკრება დაჭირდა სიმონს რომ ძველი, ცივი და არაფრისმთქმელი ტონი დაებრუნებინა.
- ელჩის საქმე არა?
- ის საქმე რომელიც ჩააგდე და რომლის გამოც ორივე ცუდ დღეში ვართ, თუმცა როგორც ვხედავ ეს საერთოდ არ გაინტერესებს.
- იქ ბავშვები იყვნენ.
- ასეთ რამეებზე ყურადღების გამახვილება შენი საქმე არ არის ევა.
- ორი პატარა ბავშვი და ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდი, მეტყვი რატომ არ მქონდა ეს ინფორმაცია?
- თვითნებურად არ უნდა გემოქმედა, ელჩს რომ თავი დავანებოთ სამი ჩვენი აგენტი სასიკვდილოდ დაჭერი.
- ნუ მაცინებ, ხომ მიცნობ არა? სასიკვდილოდ რომ დამეჭრა ახლა ცოცხლები არ იქნებოდნენ, საერთოდ რატომ იყვნენ იქ?
- ამ ბოლო დროს რაღაც გჭირს ევა, ვეღარ გცნობ, ვეღარც შენს კონტროლს ვახერხებ, უბრალოდ არ მინდოდა რომ ოპერაცია ჩავარდნილიყო.
- ასე არა? იცოდი რომ იქ ბავშვებიც იქნებოდნენ, ისიც იცოდი მე რას გავაკეთებდი, შენ მე ძალიან კარგად მიცნობ, ამიტომაც გამომაყოლე ის იდიოტები, ჩემი ‘’გაფუჭებული’’ საქმე რომ გამოესწორებინათ, -მხიარულად ჩაიფხუკუნა და გაოცებულ სიმონს ღიმილით შეხედა.
- შეცდი მეგობარო, ამის შემდეგ ცოტა მეტად ჭკვიანი და კარგად გაწვრთნილი დამხმარეები გამომიგზავნე ხოლმე და არა ისეთი ღლაპები როგორებიც ისინი იყვნენ.
- მართლა შეიცვალე, პირველად ხდება რომ ასეთ რამეზე ვსაუბრობთ და დახრჩობას არ მიპირებ, ეს მისი დამსახურებაა არა? -სამზარეულოსკენ ანიშნა თავით.
- უბრალოდ მივხვდი რომ დროა საკუთარ თავზე ვიფიქრო, შენს რჩევას დავუჯერე სიმონ, მართალი იყავი, დრო, დრო მჭირდება.
- სამწუხაროდ უკვე არამგონია შენი დახმარება შევძლო.
- რატომ?
- ამ საქმის შემდეგ ალბათ სხვა კურატორს მოგამაგრებენ, -ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თავი ჩაღუნა, ყველაფერს გავაკეთებ რომ ასე არ მოხდეს მაგრამ ვერაფერს შეგპირდები.
- მე სხვა არ მჭირდება სიმონ, სხვასთან ერთად არ და ვერ ვიმუშავებ.
- ამას ჩვენ არავინ შეგვეკითხება ხომ იცი.
- ყველაფერი ვიცი, იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონია, ვიცი რომ ვერც ჯონათანი და ვერც მისი ზემდგომნი ასე ადვილად ვერ შემელევიან, ისიც ვიცი რატომ, არა მგონია მათი უნიკალური და უძვირფასესი იარაღის პატარა თხოვნა არ გაითვალისწინონ, ძალიან ძვირადღირებული ვარ საიმისოდ რომ ჩემი დაკარგვის არ შეეშინდეთ, შენს საქმეს მე მოვაგვარებ, ასე რომ მეგობარო, გინდა თუ არ გინდა სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევს ჩემი სისულელეების ატანა.
- ყველაფერი იცი? რამდენი ხანია? -ჩაწყვეტილი ხმით ჰკითხა და ნერვიულად შეიცურა თმაში თითები.
- მას შემდეგ რაც ათი წლის გავხდი, -სიმონის გაფართოებული თვალებისთვის და დაჭიმული ყბებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო...
- იმ დილით ექიმმა რობერტსმა ჩვეულებრივ გეგმიურ გამოკვლევებზე წამიყვანა...



№1 სტუმარი one

pirvel rigshi-bednieri weli❤️
ertad wavikitxe yvela da getyvi rom shesanishnavia)))
mokled aq var , male modi))

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

one
pirvel rigshi-bednieri weli❤️
ertad wavikitxe yvela da getyvi rom shesanishnavia)))
mokled aq var , male modi))


მადლობა
მიხარია თუ მოგწონთ
სამშაბათს იქნება ახალი თავი relaxed

 


და რა სჭირს ევას? ან ამ დროს გაწყვეტა იქნებოდა? რა მოითმენს ახლა შემდეგ თავამდე? :დ

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
და რა სჭირს ევას? ან ამ დროს გაწყვეტა იქნებოდა? რა მოითმენს ახლა შემდეგ თავამდე? :დ


ცოტა ადრე მოვრჩი მეოთხე თავს და დღეს საღამოს ავტვირთავ უკვე blush

 


№5 სტუმარი სტუმარი კირა

მშვენიერია!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent