შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლში გახვეული ფიქრები


20-03-2022, 20:27
ავტორი კი პრი
ნანახია 613

ცეცხლში გახვეული ფიქრები
ნოემბრის ბოლოს ისე აცივდა, როგორც არასდროს ამ დროს აფხაზეთში. ძმათა სისხლის ღვრას ვერ ეგუებოდა ზღვა, რომლის ხმა მებრძოლებამდე აღწევდა. ქართული ლეგიონი პარტიზანულ ბრძოლებზე იყო გადასული და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა რუსებს. არავინ იცოდა რა უნდოდათ მათ იმ მიწაზე, სადაც ქართველი და აფხაზი გოგო-ბიჭები ლაღად დააბიჯებდნენ და გასაყოფი არაფერი ქონდათ.
-ბაჩუკი, ბაჩუკი, ნეფარიძე, შენ გეძახი - მხარში ხელი დაავლო მებრძოლს მეგობარმა და თითქმის დაძრული მანქანის ძარაზე შეაგდო - გამოფხიზლდი ბიჭო, თავის მოკვლით ომს ვერ მოვიგებთ. გავეცალოთ აქაურობას.
გამურული, სახე გაწითლებული ოცამდე ბიჭი აღმუვლებული მანქანის ძარაზე იწვა და ლოცულობდა მშვიდობით გაერიდებინა თავი ბომბების ქარცეცხლიდან.
-შენ თავს არ გავხარ დღეს, რა გჭირს? - ისევ შეეხმიანა ბაჩუკის მეგობარი, რომელსაც მხარზე ტყვია მოხვედროდა და მაისურიდან შემოხეული ჭუჭყიანი ნაჭრით ცდილობდა სისხლის შეჩერებას. ეს ტყვია ბაჩუკისთვის იყო განკუთვნილი და რიგით გიგაურს ზუსტად მაშინ მოხვდა, როცა მეგობრისკენ გარბოდა.
-მალე მივალთ ჩვენებთან და კარგად დაგიმუშავებენ ჭრილობას, საშიში არაფერია - მეგობრის კითხვა თითქოს არ გაუგონია, ისე გადაუჭირა სახვევი დაჭრილს ბიჭმა და თვალი სივრცეს გაუშტერა. გიგაურს უცნაურად ეჩვენებოდა მეგობრის საქციელი. ის არ გავდა იმ ბაჩუკის, რომელიც ჯარისკაცების სული და გული იყო.
- არ იტყვი რა გჭირს ბიჭო? - არ ეშვებოდა ჯარისკაც ნეფარიძეს მეგობარი.
- გუშინ წერილი მომივიდა, შვილს ველოდები, მე კი შეიძლება ვერასდროს ვნახო - ჩაიბურდღუნა ნეფარიძემ და თავი ჩაღუნა. მისი ხმა ყუმბარის აფეთქებამ დაფარა.
-რაო? მამა ხდები? ამას მალავდი მერე? - გიგაურის ბუბუნა ხმამ ძარაზე მყოფ მკვნესავ მებრძოლებს გადაუარა. - ბიჭებო! ჩვენი ნეფარიძე მამა ხდება!
აფეთქებების ხმაურსა და ბოლში მიმავალი სატვირთო მანქანის ძარაზე ისეთი ხმაური და ყიჟინა ისმოდა, კაბინიდან შეშინებულმა მძღოლმა გამოყო თავი. ვერაფერი გააგონა მებრძოლებს და ხელჩაქნეული თავის საქმეს მიუბრუნდა.
ის დღე მწარედ ახსოვდა ბაჩუკის, როცა ომში გაწვევის ცნობა მოუვიდა. მამამისმა ნამგალი ძირს დააგდო და ბელტზე ჩამოჯდა. დედა ხმის ამოუღებლად გავიდა ჭიშკრიდან და სოფლის მთავარ გზას დაადგა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდიოდა. „მოკლავენ. მოკლავენ“ ჩურჩულობდა და ომში ჯერ წაუსვლელ შვილს გლოვობდა.
რუსული წარმოების ყავისფერმა „კამაზმა“ ოჩამჩირეს შეაფარა თავი. გაშავებული და გადამწვარი სახლების ფანჯრები ხახადაფჩენილი ჯოჯოხეთივით გამოიყურებოდა, თითქოს სადაცაა ბიჭებს ჩაყლაპვას უპირებდა. ვიღას ახსოვდა ომის ქარცეცხლი ან ჭრილობის ტკივილი, ბაჩუკის ჯერ არ დაბადებული ბავშვი სინათლის გამოჩენა იყო გვირაბის ბოლოს.
ხახადაფჩენილი სახლის სარდაფის კარი გაიღო და სინათლემ გამოაჭყიტა.
-აქეთ, აქეთ - გაისმა ცხრამეტი-ოცი წლის გოგონას ხმა. მებრძოლები ერთმანეთის მიყოლებით შეილალენ ოთახში.
-დაჭრილები მარჯვნივ. მშივრები აქეთ, მაგიდასთან. ცოტა დაისვენეთ და მივდივართ - გოგონას ხმა ბრძანებასავით ისმოდა და მას ყველა ემორჩილებოდა.
-ეს ვინ არის? - გადაულაპარაკა ბაჩუკიმ ავთო გიგაურს.
-პირველად ვხედავ - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. გვერდულად აათვალიერა გოგონა და დაჭრილებისთვის განკუთვნილი ოთახისკენ აიღო გეზი.
ბაჩუკის არც ჭამის სურვილი ქონდა და არც არყისგან გამხიარულებული მეგობრების ყურების. ბრძოლის ქარცეცხლგამოვლილს, ხორცის დანახვა გულს ურევდა. მის თვალწინ თავგახეთქილი, ფეხმოგლეჯილი და გულ-მკერდ განგრეული მებრძოლების კადრებმა გაირბინა. გარეთ გამოვარდა და ხესთან ჩაიჩოქა.
სოფლის სკოლის ფრიადოსანი მოსწავლე ბაჩუკი ნეფარიძე სკოლის ბოლო წელს მაღაროში წავიდა სამუშაოდ. მასწავლებლებმა ხელი ჩაიქნიეს, დავკარგეთ სოფლის მომავალი იმედიო. დედამ ვაი-ვიში ატეხა „იმისთვის გყვებოდი თან, რომ მაღაროში გაგევსო ფილტვები მარგანეცითო?“’ თავზე თეთრი თავსაფარი წაიკრა და ქათმები დააწიოკა. მამამ ნაჯახი ხის გადანაჭრელზე დაკრა და სიტყვა არ დაუძრავს. ის კი არ იცოდნენ, რომ მთელი წელი იმ პირობის შესასრულებლად უნდა ემუშავა, რომელიც ათი წლის წინ კიკინებიან, თეთრ წინსაფრიან გოგონას მისცა.
ბაჩუკის ხაკისფერი შარვალი და თეთრი გახამებული პერანგი ტანზე უჭერდა. ექვსი წლის ბიჭს სკოლის მერხზე ჯდომას, ეზოში, ფეხბურთის თამაში ერჩივნა. ცქმუტავდა, მასწავლებლის ერთი სიტყვაც არ ესმოდა. საკლასო ოთახის კარები გაიღო და კიკინებიანი გოგონა შემოვიდა. ბაჩუკისკენ დაიძრა და გვერდით მიუჯდა. ჩანთიდან წიგნები ამოალაგა. რომელიღაც ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი სურათიც ამოაძვრინა და მაგიდის კიდეზე მიაყუდა.
-ეს რა არის? - კითხა ბიჭმა, რომელიც ინტერესით ადევნებდა თვალს გოგონას.
-ეს აფხაზეთია - მშვიდად უპასუხა გვერდით მჯდომმა.
-აფხაზეთი? იქ რა გინდა?
-იქ ზღვაა, დიდი რომ გავიზრდები წავალ - თავდაჯერებით უპასუხა გოგონამ.
- მე წაგიყვან - შეპირდა ბიჭი და ათი წლის შემდეგ ზუსტად ამ დანაპირების შესასრულებლად შედიოდა მაღაროში.
ბაჩუკის ტუჩებზე ღიმილი დათამაშებდა. ტოტებში ჩამჯდარს ზურგი ხის ტანზე მიეყუდებინა და ტკბილ ფიქრებში გადასულიყო. ცაზე გარიჟრაჟი შეიმჩნეოდა. სადღაც შორიდან ზღვის ტალღების ხმა ისმოდა. სარდაფის კარები გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები ამოლაგდნენ.
-ნეფარიძე - გრგვინვასავით გაისმა პოლკოვნიკ ასათიანის ხმა.
-აქ ვარ. - ფეხზე წამოდგა ბაჩუკი და პოლკოვნიკისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
-სასწრაფოდ ჯავშანტრანსპორტიორში ჩადი და ბიჭებს წინ გაუძეხი. ტაშირისკენ მიდიხართ. ზღვიდან ოთხი გემი მოადგა ნაპირს და დესანტი გადმოსხა. პირველი ოცეული შენ გემორჩილება. გამოფხიზლდი...
ბაჩუკიმ შესისხლხორცებულ ავტომატს ხელი დაავლო. ხელყუმბარის ასხმა მხარზე გადაიკიდა და ტრანსპორტისკენ გაიქცა.
სოფელ ტაშირამდე სიმშვიდე იყო. სადღაც შორიდან ზღვის ხმა ისმოდა. მოწინააღმდეგეები ჯერ არსად ჩანდნენ. ბაჩუკი ჩასაფრებას ელოდა და არც შემცდარა. ჯავშანტრანსპორტიორის სახურავიდან თავი ოდნავ ამოწია. ზედმეტი სიმშვიდე არ მოეწონა, ამაში იყო რაღაც არაბუნებრივი.
-ბიჭებო, მოემზადეთ - დაიყვირა ხმამაღლა და პირველმა თვითონ გაისროლა. თითქოს ამას ელოდნენო, ოთხივე მხრიდან ცეცხლის წვიმა წამოვიდა. ბაჩუკიმ ისიც არ იცოდა რამდენი ადამიანი იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ ერთი მხარე განსაკუთრებით აქტიურობდა. ბიჭმა მიზანში ფოთლებში ჩაფლული ხის ტანი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. არც შემცდარა, ტყვიების წვიმა შეწყდა და ერთი წამით ყველაფერი შეჩერდა. ეს სიჩუმე საკმარისი იყო მებრძოლებისთვის. ტრანსპორტიდან გადახტნენ და გზის ნაპირებს შეესივნენ. ბრძოლა სულ რამდენიმე წუთის გაგრძელდა. ავტომატების ხმას აქეთ-იქიდან ბიჭების შეძახილები ერეოდა.
-ბაჩუკი ამ ყაზილარებს რა ვუქნა? - შეეხმიანა გამურული მებრძოლი ნეფარიძეს და გზაზე გამოყვანილ ტყვე ჯარისკაცებზე ანიშნა.
-საბუთები შეუმოწმეთ. იარაღი აყარეთ. შეკარით. სადაცაა სატვირთო წამოგვეწევა და იმით გავამგზავროთ - უპასუხა და თვალით დანარჩენი მებრძოლები მოათვალიერა. - ვინმე გვაკლია?
-არა უფროსო. ყველა აქ ვართ - გაეპასუხნენ აქა-იქიდან.
-ბიჭებო, ეს არც რუსია და არც აფხაზი, ჩეჩენია - შეეხმიანა დანარჩენებს ის რიგითი, რომელიც ტყვეს თავზე დატრიალებდა, ნივთებისგან ათავისუფლებდა და კონდახს გამალებით ურტყამდა.
-შეეშვი, დაანებე თავი - ტყვესა და ჯარისკაცს შორის ჩადგა ბაჩუკი.
-რას შევეშვა, აქვე გავასხმევინებ ტვინს - ავტომატი მიუშვირა რიგითმა ტყვეს და სასროლად მოემზადა - რა უნდა აფხაზეთში? თავის ჩეჩნეთში ცოტა აქვთ არეული, აქ რომ არ დაიწყონ დალაგება?
-შეეშვი-თქო გეუბნები - ხელი კრა ბაჩუკიმ გამწარებულ მებრძოლს. - აგერ მოვიდნენ ბიჭები და გაატანე მაგათ. ჩვენ წინ ვაგრძელებთ გზას.
ბაჩუკიმ ტყვე იქვე დატოვა და მოახლოვებულ სატვირთოს ხელის აწევით მიესალმა.
-პოლკოვნიკო რამე ახალია?
-ცუდი ამბებია. ძალიან ცუდი. ოთხი გემიდან 500 კაციანი დესანტი გადმოსხეს. დუშეთისა და „შავნაბადას“ ბატალიონი თითქმის განადგურებულია. არ ელოდნენ და მძინარეები ამოწყვიტეს. ბრძოლის ხაზმა აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. ისინი შეეცდებიან აფხაზებს დაეხმარონ სოხუმის აღებაში. ჩვენ ალყა უნდა გავარღვიოთ და უკან დავაბრუნოთ ფრონტის ხაზი. ტყვეები ოჩამჩირეში გაგზავნეთ და დანარჩენები ჯავშან ტრანსპორტიორში და „ურალის“ „კუზაოზე“ მოთავსდით. - გასცა ბრძანება ასათიანმა და პირველმა თვითონვე დაიწყო მისი შესრულება.
სატვირთო მანქანის ძარაზე ასულ ბაჩუკის თვალები მიელულა. დაღლილობამ თავისი გაიტანა. როგორც ცხადში, ისე გაირბინა მის თვალებში სახლის ეზომ. მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დილას ისე ადრე ადგა, მამალსაც არ ქონდა ნაყივლები. სახლის კარები ჩუმად გაიხურა და ეგონა ეზოსაც ასევე გაივლიდა. ჭიშკართან მისულს მამის ჩაღიღინება მოესმა. გლეხკაცს საქონელი გამოეშვა და ეზოს ასუფთავებდა. ბაჩუკიმ მიიხედა, მამას თვალი თვალში გაუყარა. კაცმა შვილს გაუღიმა და თვალი ოდნავ ჩაუკრა.
ნონას ფანჯარასთან მისვლა ადვილი არ იყო, მაგრამ ბაჩუკის იმდენჯერ ქონდა ეს გზა გავლილი, ახლაც თვალდახუჭული გაივლიდა. ავი გოშია სტუმარს კუდის ქიცინით შეეგება და თვითონვე მიაცილა ფანჯრამდე. ბიჭმა ხელი კედლის ნაპრალს წაავლო და ერთი ნახტომით ოთახში გაჩნდა. ნონას ტკბილად ეძინა. ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და შუბლზე ჩამოვარდნილ კულულს ამოსუნთქული ჰაერი არხევდა.
ბაჩუკიმ ვერ მოითმინა. კულული უკან გადაუწია და ტუჩებით შუბლზე შეეხო. ნონამ თვალები აახამხამა. წამწამები ერთმანეთს დააშორა. ბიჭს შეხედა და მხარი იცვალა.
-ნონა, აქ ვარ. გაიღვიძე რაა - ჩაუჩურჩულა ბაჩუკიმ გოგონას და თმაზე წაეთამაშა.
გოგონა შეირხა. თვალები ჯერ ოდნავ გაახილა. მერე უცებ გამოფხიზლდა და საწოლზე წამოჯდა.
-აქ რას აკეთებ? - ჩაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით.
-დღეს შენებთან გოგი ძია მოვა და ჩვენი ნიშნობის დღეს შეათანხმებს. მეორე დღეს კი სოხუმში მივდივართ მე და შენ. ახლავე მოემზადე.
-გაგიჟდება მამაჩემი - თვალებში შიში ჩაუდგა გოგოს.
-მამაშენი ათი წელია გიჟდება ჩემს დანახვაზე. გახსოვს თოფი რომ გამოიტანა და მოკვლას მიპირებდა 13 წლის ბიჭს? - გაეცინა ბაჩუკის
- ის ნამდვილი თოფი არ იყო - გაეღიმა ნონასაც.
-მე კი შემეშინდა, რა მნიშვნელობა ქონდა რა იყო. გოშია ფანჯრის ქვეშ მდარაჯობს, რომ წყნარად გამაცილოს. ბიჭი წამოდგა. გოგონას მოეხვია. მოშიშვლებულ მხარზე აკოცა და ფანჯრიდან იმავე გზით გაუჩინარდა, როგორც მოვიდა.
სამხედროები წინ მიიწევდნენ. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამის პირველი ნიშანი წინიდან მომავალი ჯავშანტრანსპორტიორი იყო. მოწინააღმდეგეები ქართველ ჯარისკაცებს ხელის აწევით მიესალმნენ. თავისიანები ეგონათ და გვერდი ჩაუარეს. ბაჩუკიმ პოლკოვნიკ ასათიანს თვალი თვალში გაუყარა. სატვირთოს ძარადან გახსნილი ხელყუმბარა ისროლა. რუსების სიამაყე „ბეტეერი“ ჰაერში ავარდა. ყირა გააკეთა და გზიდან გადაწვა. ბიჭებს პირველი ყიჟინა ამოხდათ ყელიდან. მანქანა არ გაუჩერებიათ. წინ მთავარი ბრძოლა ელოდათ. ზღვა უფრო ახლოვდებოდა. მისი ხმა ყოველ წუთს აღწევდა მებრძოლებამდე. ბაჩუკის გონება ნონასთან დაფრინავდა. მათი ნიშნობის მეორე დღეს ბიჭმა თავისი ეზოდან ნონას სახლამდე ნაცნობი გზა რამდენიმე წუთში გაიარა. ავი გოშია კუდის ქიცინით მიეგება სტუმარს. ცოტა გაუკვირდა, როცა საძინებლის ფანჯრის მაგივრად სტუმარმა ჭიშკარი შეაღო და გამართული შევიდა ეზოში.
-ბატონო გურამ, მასპინძელო! - დაიძახა ხმამაღლა და იქვე ეზოში სკამზე ჩამოჯდა. პირველი სართულიდან თმაწაკრული, წინსაფრიანი ქალი გამოვიდა და თვალებზე ხელი მიიჩრდილა. როგორც კი სტუმარი იცნო, მისკენ დაიძრა.
-ბაჩუკი, ბიჭო, რა შორიდან იძახი. პირველად ხარ ამ ეზოში? მოდი. მოდი. ახლავე ცხელ ხაჭაპურებს დავაცხობ. - აქოთქოთდა ქალი და თან ხელები წინსაფარზე შეიმშრალა.
ბაჩუკის გაეცინა. ეს ქალი ახლა ხაჭაპურზე ეპატიჟებოდა. არადა გუშინდელ დღემდე ამ ეზოში რომ ენახა, ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. ბიჭს ძალიან აინტერესებდა, რა უთხრეს გურამს მამამისმა და ძია გოგიმ, მაგრამ ფაქტია, შვილის გათხოვებაზე დაითანხმეს.
საიდანღაც გურამიც გამოჩნდა. არ ეპიტნავა სტუმრის დანახვა, მაგრამ არ შეიმჩნია და გაწვდილი ხელით შეეგება ბაჩუკის.
-ბატონო გურამ, თქვენთან მოვედი, არც ხაჭაპური მინდა და ჯერ არც ნონასთან სალაპარაკოდ მოვსულვარ. როგორც მამას უნდა გთხოვოთ, ხვალ დილას თქვენი შვილი ჩემთან ერთად სოხუმში გამოუშვით. ყველაფერი გამზადებული მაქვს. აი ბილეთები. დილის მატარებლით მივდივართ. საღსალამათი დაგიბრუნდებათ უკან.
გურამს სახე შეეცვალა. ჯერ კიდევ ქონდა იმედი, რომ ნონა ცოტა ხანი მაინც თავისთან ეყოლებოდა, მაგრამ ეს ბიჭი არ ხუმრობდა. ნიშნობის მეორე დღესვე საცოლე სამოგზაუროდ მიყავდა და ვერაფერს იზამდა. გაბრაზებაც კი არ შეეძლო. ბიჭი ვაჟკაცურად პირდაპირ მასთან მივიდა და უარით ვერ გაისტუმრებდა.
-ნონა, ნონა გოგო, მოდი აქ - აყვირდა გამწარებული გურამი მთელ ხმაზე და მისმა ღრიალმა სოფელს გადაუარა.
ფანჯრიდან თმამოუწესრიგებელი, ხელებწაკაპიწებული გოგონა გამოჩნდა. ბაჩუკის დანახვაზე კიბეებზე ჩამოირბინა, მაგრამ მამის მზერამ შუა გზაზე გაყინა.
-ხვალ ბაჩუკისთან ერთად სოხუმში მიდიხარ. მოემზადე. - გურამმა ორი სიტყვა მიუგდო შვილს და სასიმინდისკენ დაიძრა. ნონას თვალები აუწყლიანდა. თავი ვეღარ შეიკავა და დანიშნულს კისერზე ჩამოეკიდა. ბიჭმა ხელი მოხვია და რამდენჯერმე დაატრიალა.
სამხედრო სატვირთო ავტომობილი სასაფლაოებს გაუსწორდა და ავტომატის კაკანმაც არ დააყოვნა. ჯარისკაცებმა ერთბაშად ისკუპეს ძარადან და საფლავის ქვებს ამოეფარნენ. ცეცხლი გაიხსნა. რუსები იერიშზე გადმოვიდნენ და ქართველებს ძალიან უჭირდათ მათი მოგერიება. ერთსაათიანი შეუჩერებელი ბრძოლის შემდეგ, პოზიციებს კარგავდნენ და უკან იხევდნენ. გასაქცევიც არსად ჩანდა. მებრძოლები თავგანწირვით იბრძოდნენ და მზერით ამხნევებდნენ ერთმანეთს. მოულოდნელად ქართველ ჯარისკაცებს ზურგიდან ხელყუმბარებმა გადაუფრინა და მოწინააღმდეგის მხარეს დაეცა. ბრძოლოს ბედი ელვის სისწრაფით შეიცვალა. ბიჭებს იმედი მიეცათ. ბაჩუკიმ ზურგს უკან თვალი მოავლო დამხმარეებს და ის გოგონა ამოიცნო ოჩამჩირეში სარდაფში ბრძანებებს რომ გასცემდა. უკან ახალგაზრდა ქერა ბიჭი მისდევდა, თავგანწირვით იბრძოდა. მის გამურულ სახეზე მწვანე თვალები კვესავდა. მათ უკან ათიოდე ჯარისკაცი იშლებოდა და ალყაში აქცევდა რუსებს. კიდევ რამდენიმე წუთი, და ალყა გარღვეული იყო. ტყვეები აყვანილი, ქართველი მებრძოლები კი საფლავის ქვებზე მიწოლილი სულს ითქვამდნენ. გოგონა მწვანეთვალება თანამგზავრთან ერთად დაჭრილებს უვლიდა. მსხვერპლი ორივე მხარეს ქონდა. ქართველებმა სამი ჯარისკაცი დაკარგეს და ახლა მას დასტიროდნენ.
ბაჩუკის ფერდი ეწვოდა. სისხლიც ჟონავდა პერანგიდან, მაგრამ ჯერ ისევ ფეხზე იდგა და მიცვალებულებს აპატიოსნებდა. წამიერად თვალთ დაუბნელდა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. გოგონა მასთან გაჩნდა და მიწაზე დააწვინა. ჭრილობა არც ისე ღრმა იყო, მაგრამ სისხლს პერანგი და შარვალი გაეჟღინთა. გოგონამ რამდენიმე ფენა სახვევი დაადო. მაგრად გადაუჭირა და მანქანის ძარაზე ასვლაშიც დაეხმარა. მის გვერდით მოთავსდა და თავი კალთაში ჩაიდო. ბაჩუკის თავბრუ ეხვეოდა, სახეზე თბილ ხელებს გრძნობდა და უჭირდა გარჩევა, ეს ნონას ხელები იყო თუ უცნობი ექთნის. უყვარდა ბიჭს ნონას ხელების და თმის სურნელი. ზღვაც იმიტომ უყვარდა, რომ მასაც ნონას თმის სუნი ქონდა. ნონამ პირველად ზღვა რომ დაინახა, ბაჩუკის მის კალთაში ედო თავი და თვლემდა. ხელებმა მოძრაობა შეწყვიტეს და ბიჭი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. მატარებლის ბორბლის ხმა მუსიკასავით ჩაესმოდა წყვილს. გოგონას ცრემლები ცვიოდა და გულაჩქარებული ხმამაღლა ყნოსავდა მარილნარევ ჰაერს. დიდხანს ვერ მოწყვიტა ზღვას თვალი. მხოლოდ ერთი წამით დაიხარა ბაჩუკისკენ და ისეთი გრძნობით აკოცა, როგორითაც მანამდე არასდროს. მასში იყო ბედნიერებაც, მადლიერებაც და კიდევ უამრავი აუხსნელი გრძნობა.
ბაჩუკიმ თვალი გაახილა. ირგვლივ კვნესის ხმა ისმოდა. ვიღაც გოგონა მაგიდასთან იდგა და წამლებს ახარისხებდა. სისხლის სუნი ცხვირს უწვავდა ჯარისკაცს.
-ჰეი, - ამოიკვნესა ბაჩუკიმ - გოგონა - დაიძახა ცოტა უფრო ძლიერად. გოგონა შემობრუნდა, რამდენიმე ნაბიჯში მის საწოლთან გაჩნდა და ყური ტუჩებთან მიუტანა.
-სად ვარ? - იკითხა ბიჭმა.
- სოხუმის საავადმყოფოში.
- რამდენი ხანია აქ ვარ? - ძლივს ამოიკვნესა ბიჭმა.
- ორი დღეა. ბევრი სისხლი დაკარგე. საშიში არაფერია. ექიმს დავუძახებ.
ბაჩუკის კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ თეთრხალათიანი კარებში გაუჩინარდა.
ჯარისკაცმა ვერ გაიგო რამდენი დრო გავიდა ექთნის გასვლიდან. თვალები ეხუჭებოდა და ძილი ითრევდა. თვალი რომ გაახილა, მის თავთან თეთრთმიანი, ასაკიანი ექიმი იდგა და თავზე ხელს უსვამდა. სახეზე აკვირდებოდა, თითქოს ვიღაცის ამოცნობას ცდილობდა.
-ვისი ბიჭი ხარ შენ შვილო? - იკითხა შინაურულად ექიმმა.
- შოთა ნეფარიძის - გაეპასუხა დაბნეული ჯარისკაცი.
- რას ამბობ კაცო, სერზე ცხოვრობ ხო? - გაიღიმა ექიმმა - რაც მე და მამაშენს ფეხბურთი გვითამაშია... ცოტა პატარა იყო ჩემზე, მაგრამ ტოლს არ გვიდებდა. ეჰ რა დრო იყო...
- თქვენ? თქვენ როსტომ ექიმი ბრძანდებით? - გაუხარდა ჯარისკაცს.
- მე ვარ ბიჭო, მე. ხომ ხედავ რა დრო დაგვიდგა. აქ ჩვენს მიწაზე ვებრძვით ჩვენივე ძმებს - შუბლი მოისრისა ექიმმა და თვალებში ნისლი ჩაუდგა.
- როსტომ ძია, მართალია თქვენზე რომ ამბობენ, ბერლინში შეყვა საბჭოთა ჯარსო? - ისე იკითხა ბაჩუკიმ, თითქოს მარტო ეს ქონდა საფიქრალი.
ექიმს გაეღიმა.
-მართალია. სამედიცინო უნივერსიტეტი როგორც კი დავამთავრე, მეორე დღესვე ბათუმში წაგვიყვანეს მთელი კურსი. ორ გემში ჩაგვსხეს და ფრონტზე გაგვიშვეს. ქერჩში ბრძოლები მიდიოდა. სადაცაა კავკასიონს გადმოლახავდნენ ფაშისტები. შუა ზღვაში ვიყავით ჩვენი დაბომბვა რომ დაიწყო. ერთი გემი აფეთქდა. ისე დაიღუპნენ ახალგაზრდა ექიმები, რომ ფრონტის ხაზამდეც ვერ მიაღწიეს. მე გამიმართლა, ბერლინამდე შევყევი ჩვენს ჯარს. ბოლომდე ვემსახურე მათ. ბევრი ხელში ჩამაკვდა. უფრო მეტი გადავარჩინე. უმრავლესობის სახელიც არ ვიცი.
-მეც გადამარჩინე, მადლობა - სახეზე ჩამოისვა ხელი ჯარისკაცმა.
-არა შვილო. შენ იმ გოგომ გადაგარჩინა. ოლიამ.
-სად არის ოლია? - დასვა მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა ბაჩუკიმ.
- გინახულებს. როგორც კი შემოგიყვანეს, ჩემთან გამოიქცა, თქვენი მოგვარე მოვიყვანეო. მე წავალ და ოლიას გამოგიგზავნი - თვალი ჩაუკრა ექიმმა ბაჩუკის და ოდნავი კოჭლობით გავიდა ოთახიდან.
რამდენიმე დღე ბაჩუკის მხოლოდ ახალგაზრდა ექიმები აკითხავდნენ. ჭრილობებს უხვევდნენ. ოლია კი არ ჩანდა. ჯარისკაცს მისი ნახვა უნდოდა, მადლობა უნდა ეთქვა გადარჩენისთვის. გარეთ წვიმდა, ბაჩუკის ფიქრისთვის ბევრი დრო ქონდა. თვალწინ ნონას სახე არ შორდებოდა. პატარა, კიკინებიანი გოგონა მის გვერდით იჯდა მერხზე ათი წელი. მის თვალწინ იზრდებოდა. ბიჭს კარგად ახსოვდა ის დღე, როდესაც კიკინებიანი ბავშვის მაგივრად ლამაზი ახალგაზრდა გოგონა დაინახა. ნონასთვის მთელი ზაფხული არ მოეკრა თვალი. მამამისს ბებიასთან ყავდა გაგზავნილი. ბაჩუკის არ მოუსაკლისებია თავისი მერხის მეგობარი, რომელიც ხშირად ნერვებს უშლიდა და რომლის ჯიბრზეც ყველა გაკვეთილს მასზე უკეთესად სწავლობდა.
აგვისტო იწურებოდა. ბიჭებთან ერთად ბაჩუკი ფეხბურთს თამაშობდა. ოფლისგან გახვითქულმა სულ ერთი წამით გაიხედა მაყურებელი მეზობლებისკენ და ნონას მოკრა თვალი. გოგონას ვარცხნილობა შეეცვალა. ის აღარ იყო გაჩხინკული ბაფთებიანი გოგონა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ბიჭს. თვალწინ ნონას სახე ედგა. იხსენებდა მის ყველა სიტყვას, ქცევას და ფიქრობდა რა ემართებოდა. რატომ ვერ იშორებდა თავიდან.
ჯარისკაცების კვნესა ისმოდა ოთახში. ბაჩუკიმ რამდენჯერმე სცადა ადგომა, მაგრამ თავბრუსხვევა არ ასვენებდა. უმეტესად იწვა და ჯერ დაუბადებელ შვილზე ფიქრობდა. სახეზე ნაცნობი სუნთქვა იგრძნო. სასიამოვნოდ გრილი და ცოტა ოფლიანი.
-ჯარისკაცო გაიღვიძე - ჩაუჩურჩულა ყურში გოგონამ.
ბიჭმა თვალი გაახილა. მის სახესთან ოლია დახრილიყო და გრილ ჰაერს აფრქვევდა.
-ოლია - გაუღიმა ბაჩუკიმ.
-ჩემი სახელი გაგიგია - ფეხზე წამოდგა გოგონა.
-ჩემი გადამრჩენლის სახელი როგორ არ უნდა ვიცოდე. მადლობა ოლია.
-არაფრის. ახლა კი ადექი, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ. პოლკოვნიკმა ასათიანმა შენთან რაღაც დამაბარა.
-ჩემთან? ახლავე - წამოდგომა ცადა ბაჩუკიმ. თავისდა გასაკვირად გამოუვიდა. ოლიამ ხელი შეაშველა, მხარში შეუდგა და კიბეზე ჩასვლაში დაეხმარა. ჯარისკაცს ესიამოვნა. აღარ წვიმდა, მაგრამ სიცივე იგრძნობოდა. გააჟრჟოლა. ოლიამ მოსასხამი შეუსწორა და ფეხი აუწყო.
-პოლკოვნიკმა დააფასა შენი თავდადება. მალე ორდენზე წარგადგენენ. რაც შეიძლება ჩქარა უნდა დადგე ფეხზე. მაგრამ ომის წინა ხაზის მაგივრად, მთაში გიშვებენ.
-სად მთაში? მთაში რა მინდა.
-ჭუბერის უღელტეხილით დაიწყო ხალხმა წასვლა სვანეთისკენ. იქიდან სამეგრელოში ეცდებიან ჩასვლას. გთხოვს რომ მოხალისეები წაიყვანო და იმ ხალხს მიეხმარო. ფეხით მიდიან. ყინავს და გაუჭირდებათ სვანეთამდე მიღწევა. სატვირთოებს გაგატანს, მაგრამ ისეთი ხალხი უნდა წაიყვანო, ვინც უბრალოდ მოვალეობას კი არ შეასრულებს, არამედ მართლა მიეხმარება.
-როდის მივდივარ?
-როგორც კი შეძლებ. დღეს მე უნდა მივუტანო შენი ჯანმრთელობის ამბავი.
-მაშინ უთხარი, რომ კარგად ვარ - მხრებში გაიშალა ბაჩუკი.
-ჯერ ამ ეზოში უნდა ვისეირნოთ - გაიღიმა გოგონამ და გამომცდელად შეათვალიერა ჯარისკაცი.
-შენ საიდან ხარ ოლია? - საუბრის განახლება სცადა ბიჭმა.
-გალიდან - მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
-რამდენი წლის ხარ? შენი მშობლები სად არიან? - არ ეშვებოდა ჯარისკაცი.
-ბევრ კითხვას სვამ და მე მოსაყოლად დრო არ მეყოფა.
-ეზო დიდია. არ მეჩქარება.
-აღარ არიან ცოცხლები. დაიღუპნენ - ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ. ბაჩუკის ეგონა ამით დაამთავრა თავის ოჯახზე საუბარი, მაგრამ შეცდა, ოლია ისევ ალაპარაკდა: დედით რუსი ვარ, მამით აფხაზი. პირველად არეულობა რომ დაიწყო, კაზაკთა რაზმი შემოვიდა. ჩვენს ქუჩაზე ჩამოიარეს და სხვადასხვა ოჯახებში გადანაწილდნენ. ჩვენს ეზოში რომ შემოვიდნენ, მამა გაეგება. რადგან აფხაზი იყო, ეგონა პრობლემებს არ შეგვიქმნიდნენ. ვახშმობა მოინდომეს. დედაჩემმა სამზარეულოში მიკრა თავი და იქიდან გამოსვლა ამიკრძალა. თვითონაც გვერდიდან არ მშორდებოდა. რამდენიმე კაზაკი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რამდენიმემ ჩვენი საძინებლები დაიკავა და ეძინა. ორმა, ჩემდა გასაკვირად, სამზარეულოში შემოიარა, იმის გასაგებად, რას ამზადებდა დედა ვახშმად. ერთმა თვალი მომკრა. ამათვალიერა და უკანალზე ხელი წამავლო. დედას მიუბრუნდა და რუსულად უთხრა, ვახშმის შემდეგ გაგვართოსო. დედამ თავი დაუქნია. როგორც კი გავიდა, სარდაფში ჩამიშვა, უკანა კარიდან რომ გავპარულიყავი. თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ვიცოდი რა ელოდა ჩემს მშობლებს, მე რომ ვეღარ მნახავდნენ კაზაკები. სარდაფში რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე და თვალში თაგვებისთვის დადებული საწამლავი მომხვდა. ტვინში ნათურა ამენთო. გონება გამინათდა და გამეღიმა. სასმელს აუცილებლად მოითხოვდნენ ჩვენი „სტუმრები“. მამა მათ ღვინოს შესთავაზებდა, მეტი ალკოჰოლური არაფერი ქონდა. ღვინის ჭურჭელს თავი მოვხადე და წამალი შიგ ჩავყარე. არ ვიცოდი რამდენად გაჭრიდა, მაგრამ იმედი მქონდა იმოქმედებდა. სარდაფში ჭურჭელი მივწი-მოვწიე და ჩავიმალე. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა. ბოლოს და ბოლოს მამაჩემი ჩამოვიდა და ღვინო წაიღო. კიდევ ერთი საათი ვიჯექი სარდაფში. თავიდან ხმაური ძლიერდებოდა, მერე კი მინელდა. თავშესაფრიდან ამოვძვერი და სახლში ავედი. დედა და მამა სამზარეულოში იდგნენ და „სტუმრებს“ თვალებგაფართოებული მიჩერებოდნენ. ზოგიერთს თავი მაგიდაზე ჩამოედო და ხელები უღონოდ ჩამოეყარა. რამდენიმე აქეთ-იქით აწყდებოდა კედლებს და აღებინებდა. თუმცა სასიკეთო პირი არც მათ უჩანდათ. ნახევარ საათში მისაღებ ოთახში ყველა უსულოდ ეყარა. გამეღიმა. მერე ისტერიკული ხარხარი ამიტყდა და თავს ვერ ვიკავებდი. ზუსტად ამ ჩემმა გიჟურმა სიცილმა დამღუპა. საძინებლიდან ერთი კაზაკი გამობორიალდა. ალბათ მეგობრებმა არ ან ვერ გააღვიძეს. დედამ ხელი მკრა და სარდაფში ჩამაგდო. მეც ანგარიშმიუცემლად გავიქეცი. აზრზე რომ მოვედი, ჩემი სახლიდან რამდენიმე ქუჩის დაშორებით ვიყავი. მოვბრუნდი, მაგრამ გვიან იყო. ჩემი მშობლები კაზაკს ეზოში გამოუყვანია და თითო გასროლით დაუხვრეტია. მათი გვამები ისევ ისე ეყარა. წამოვედი და უკან აღარ მივბრუნებულვარ.
გოგონას თვალები ცრემლებით ქონდა სავსე და მათ დამალვას გულმოდგინედ ცდილობდა. ბაჩუკიმ თვალი თვალში გაუყარა და ხელები სუსტ მხრებზე მოხვია.
-ყველაფერი რომ დამთავრდება, რას აპირებ?
-არ ვიცი. ჩემი სახლი დამწვარია. მშობლები აღარ მყავს. სულ მარტო ვარ. რამეს მოვიფიქრებ. - გაღიმება სცადა ოლიამ.
-საავადმყოფოში დავბრუნდეთ. პატარა ბარათს და მისამართს მოგცემ. მე რომც არ ვიყო ცოცხალი, ომის შემდეგ იმ მისამართზე მიხვალ. ბარათს მიცემ და ისინი ნამდვილ შვილად მიგიღებენ. ახლა დავბრუნდეთ და პოლკოვნიკ ასათიანს გადაეცი, ხვალისთვის მანქანები მომიმზადოს.
ჭუბერისკენ მიმავალი გზა თოვლიანი და ყინვიანი იყო. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მაგრამ ბაჩუკი მეგობრებთან ერთად სულ ზევით ზევით უღელტეხილისკენ მიიწევდა. ორი მანქანა ტანსაცმლით, საჭმლით, წამლებით და ყველაფერ იმით იყო დატვირთული, რისი შოვნაც კი შეძლეს ჯარისკაცებმა. ქალები, ბავშვები და მოხუცები წინ მიიწევდნენ ქარსა და ყინვაში. ჯარისკაცებს რამდენიმე საფლავის გათხრაც დაჭირდათ, გაყინული მოხუცებისთვის სამუდამო სასუფევლის დასამკვიდრებლად. ყველა მებრძოლს ერთი აზრი უტრიალებდა თავში, აქ ყოფნას და ამ ხალხის ყურებას, ბრძოლის ველზე ყოფნა ერჩივნათ. როგორც იქნა თოვამ გადაიღო. ცა მოიწმინდა და ვარსკვლავები გამოჩნდა. ბაჩუკიმ ცას ახედა. „მოყინავს“ - ჩაილაპარაკა თავისთვის და დათოვლილ ტოტებს თვალიერება დაუწყო.
-რას აკეთებ მეგობარო? - მიმართა გიგაურმა ბაჩუკის. ამ ბიჭმა რამდენჯერმე იხსნა მისი სიცოცხლე და ახლაც გვერდიდან არ შორდებოდა.
-ტოტები მოვაგროვოთ და ცეცხლი დავანთოთ. ამაღამ გაყინავს. ხალხი დაიღუპება. იქნებ გადავარჩინოთ.
-რომ შეგვამჩნიონ და დაგვბომბონ? - ვარაუდი გამოთქვა ჯარისკაცმა.
-არ მგონია თვითმფრინავებს ახლა ჩვენთვის ეცალოს. თან ან შეგვამჩნევენ და ან არა. გაყინვით კი აუცილებლად გაიყინებიან.
გიგაურმა ხელები ასწია, როგორც იტყვიო, ჩაიბურდღუნა და ტოტების მოგროვებას შეუდგა.
გამთენიას ყინვამ ისე მოუჭირა, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. გამონაორთქლი ჰაერშივე იყინებოდა. ბაჩუკის აქა-იქიდან კვნესის ხმა ესმოდა. ჩანთებზე მიწოლილ ადამიანებს მოუსვენრად ეძინათ. ერთმანეთს ჩახუტებულები გათბობას ცდილობდნენ. ჯარისკაცებმა ხალხში გაიარეს. ვიღაცებს თბილი ტანსაცმელი მიაშველეს, ვიღაცებს წამალი და თვითონაც კოცონთან დაბრუნდნენ. გარიჟრაჟთან ერთად ბავშვის ტირილი ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ თვალი ვერ მოხუჭა. ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდა და ნონას გაბერილ, ჯერ თვალით არ დანახულ მუცელს ეფერებოდა.
ბაჩუკის ომში გაწვევის წერილი ხელში ეკავა, როცა მილიონჯერ გავლილი გზა გაიარა თავისი სახლიდან ნონას საძინებლამდე. გოგოს წააკითხა და მის რეაქციას დაელოდა. ნონას ხმა არ ამოუღია. არც ცრემლი გადმოვარდნია. უსიტყვოდ უყურებდა ბიჭს და მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა, ტკივილიც, ტირილიც და გლოვაც.
„რა ვუთხრა ჩემს შვილებს, როცა სხვები ომობდნენ, მე ჩაის ვსვამდი-თქო?“ - მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა. გარიჟრაჟზე დატოვა სატრფოს ოთახი ბაჩუკიმ ისევ იმავე გზით, რითაც მოვიდა და ისევ ავმა გოშიამ გააცილა.
პატარას ხმა ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ ვეღარ მოითმინა და ხმას გაყვა. ახალგაზრდა ქალი პატარა ჩანთაზე მიწოლილიყო და არ ინძრეოდა. პატარა ალბათ წლამდე იქნებოდა. ხელებს დედის სახეზე აცეცებდა და რაღაცას ლუღლუღობდა. ბაჩუკიმ ქალთან ჩაიცუცქა, ხელი გაიწვდინა და ოდნავ შეეხო. მოულოდნელად სადღაც ქალის კალთიდან ორი პატარა ეშვი გაჩნდა და ბიჭს მკლავზე დაეკიდა. კბილებს პრიალა ცხვირი მოყვა. მალე შავმა დიდმა ყურებმაც არ დააყოვნა და გაბურძგნული ლეკვი გამოჩნდა. ყელზე საყელო ეკეთა მედალიონით. ბიჭს გაეცინა. ძაღლს კისერში ხელი დაავლო და ზევით აწია. „მაქსი“ წაიკითხა მედალიონზე.
-შენ მერე მოგხედავ, ახლა მაცადე მეგობარო - მოეფერა ბიჭი ძაღლს და გვერდით გადასვა. პატარა დამცველი არ ჩერდებოდა. ჯარისკაცს შარვლის ტოტზე ეკიდებოდა და ქალთან არ უშვებდა.
-ქალბატონო - ბაჩუკიმ ქალს ხმადაბლა დაუძახა და ოდნავ შეეხო. უსიცოცხლო სხეული ბიძგს დაემორჩილა და გადატრიალდა. ბიჭი შეცბა, ფეხზე წამოხტა და ხმამაღლა შეყვირა. ყვირილის ხმაზე კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე მებრძოლი მასთან გაჩნდა.
-ბიჭებო, ქალია მკვდარი - შეაჩერა იარაღმომარჯვებული მებრძოლები ჯარისკაცმა და პატარასთან დაიხარა. ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა. პატარას სითბო ესიამოვნა. იყუჩა და თვალები მილულა. მაქსი ფეხსაცმელზე ეკიდებოდა და პატარას არ თმობდა.
-ქალბატონი მიწას მივაბაროთ და დანარჩენს მერე მივხედოთ - ორი სიტყვა დაუგდო ბაჩუკიმ მეგობრებს და კოცონისკენ დაიძრა. ლეკვი ფეხდაფეხ მისდევდა.
-რა უნდა ვუქნათ ამათ? - თავზე დაადგა გიგაური მეგობარს.
-მანქანას ვიშოვნი და დედაჩემთან და ნონასთან წავიყვან - არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ბიჭმა.
-გასაგებია. მანქანას მე გიშოვნი - მიუგო პასუხი მებრძოლმა და გაეცალა.
ბაჩუკიმ პატარა ჩაით და პურით დააპურა. არც მაქსი გამორჩენია. ამ ბავშვის გადარჩენა მისი ცხოვრების მიზნად იქცა და მეტი არაფერი აინტერესებდა.
ორი საათი არ იყო გასული, გიგაურმა რუსული „ნივა“ რომ მოიყვანა. მანქანაში ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ისხდნენ და გულზე ძაღლ და ბავშვ მიხუტებულ ბაჩუკის თვალებდაჭყეტილი მიჩერებოდნენ.
-ესენი ქუთაისში მიდიან ძმაო, თან გაგიყოლებენ. იქიდან რამეს იზამ - მხარზე ხელი დაარტყა გიგაურმა მეგობარს - მე უღელტეხილზე ამ „უაზით“ გადაგიყვანთ. წადი და მალე დაბრუნდი.
ბაჩუკის გული გაუთბა, მეგობარს გადაეხვია. მხარზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა. ქურთუკის უბეში ორი პატარა ყავდა ჩასმული და თავისი სიცოცხლის ფასად დაიცავდა ორივეს. ბავშვს მშვიდად ეძინა, ყურებპანტურა კი მებრძოლს ჯერ ისევ უნდობლად უყურებდა და თვალს არ ხუჭავდა.
ბაჩუკი გამთენიას მიადგა სოხუმის მისადგომებს. მის თანამებრძოლებს დანგრეულ შენობებში მიმობნეულს ეძინათ. კოცონის ნაღვერდალი ოდნავ ბჟუტავდა. თენდებოდა. ახლოს ზღვის წყნარი ფშვინვა ისმოდა. ჯარისკაცმა ზურგჩანთა კოცონთან მიაგდო და ნაკვერჩხალი გაქექა. თბილ ქვაზე ჩამოჯდა და სივრცეს თვალი გაუსწორა. სადღაც ხეებიდან ოდნავი ტკაცუნი გაისმა, რასაც ავტომატის გასროლა მოყვა. ნანგრევებიდან პირველი გიგაური გამოვარდა. კოცონთან პირქვე დამხობილ სხეულს დაადგა და გადმოაბრუნა. ბაჩუკის ხუჭუჭა თმა შუბლზე ჩამოყროდა და ტყვიით გახვრეტილი შუბლიდან თბილი სისხლი ჟონავდა. მებრძოლმა ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. მეგობრის თავი გულზე მიიხუტა და აღრიალდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent