შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე-ღმერთის საჩუქარი


21-09-2022, 22:43
ავტორი კი პრი
ნანახია 650

მე-ღმერთის საჩუქარი
შუაღამეა, მე კი ისევ კომპიუტერს ვუზივარ და გაცნობის საიტზე დავძვრები. ეს ვებ - გვერდი რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე და ერთჯერადი შეხვედრების დაგეგმისთვის იდეალურია. აქ შემოსულმა, ყველამ ვიცით, რას ველოდებით ერთმანეთისგან. „ვხვდებით, ვერთობით და ვიშლებით“ - ესაა ჩვენი ლოზუნგი. ვიღაცები ალბათ ხანგრძლივათაც აგრძელებენ ურთიერთობას, მაგრამ მე ორჯერ ერთი და იგივეს არასდროს ვხვდები. გამონაკლისებიც კი არ არსებობს. მე ჩემი წესები მაქვს, რომელთა დაცვა ანონიმურობის და საიმედოობის გარანტიაა. შეხვედრის ადგილს ყოველთვის მე ვირჩევ. სასტუმროს საფასურსაც მე ვიხდი. ისეთ ვარცხნილობას ვიკეთებ და სახესაც ისე ოსტატურად ვიხატავ, „პატრონიც ვერ მიცნობს“. შეხვედრის ადგილსაც ისეთ დროს ვტოვებ, როცა ჩემს ღამის პარტნიორს ძინავს. ტელეფონის ნომერს არასდროს ვაძლევ და საიტზეც ვბლოკავ. ჯერ არასოდეს შემქმნია პრობლემა.
ღამის პარტნიორის შერჩევისას განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს. ერთი ღამეა, მეტი ხომ არა. მრავალფეროვნება მომწონს. თუმცა ერთი პირობა უცვლელია, არანაირი „ქართული მამა-პაპური ღიპი.“ ეს ერთადერთია რასაც ვერ ავიტან.
სადაცაა დამათენდება, მე კი ჯერ ახალი და საინტერესო ვერავინ ვიპოვნე. ვფიქრობ, ამ კვირაში გართობის გარეშე დავრჩები.
უკვე „ჩათის“ დახურვას ვაპირებ, როცა შეტყობინება მომდის.
-გავიცნოთ?
სასწრაფოს მის პროფილზე გადავდივარ. იქ მხოლოდ ერთი სურათი მხვდება. სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი სათვალით. მის ნაკვთებს ვათვალიერებ. მისაღები ვარიანტია. მთავარია ახლა ეს ფოტო ნამდვილად შეტყობინების ავტორს ეკუთვნოდეს.
-სურათი გამომიგზავნე - ვპასუხობ ნაჩქარევად.
-უკვე? ასე ჩქარა? - უკვირს ადრესატს.
-აიღე ფურცელი და დღევანდელი რიცხვი დაწერე, ხელში დაიკავე და ისე გადაიღე სურათი, ან მოვრჩეთ საუბარს - ვაყენებ ულტიმატუმს.
-შიშველი? - მეკითხება მაცდურად და რამდენიმე სიცილის ნიშანს აყოლებს.
-წელს ზევით - ვპასუხობ დაუყოვნებლივ.
- ოჰოოოო - გაოცებულია ჩემი სიჩქარით. მე ბევრი დრო არ მაქვს. საკმაოდ დაკავებული ვარ იმისთვის, რომ მასთან ფლირტაობაში დრო დავკარგო.
-იქნებ გოგო არ ხარ - ეპარება ეჭვი.
- ფოტოს გამოგიგზავნი.
რამდენიმე წამში მისი სურათი ჩნდება ჩემს ეკრანზე. ნამდვილად ისაა ვიცი ფოტოც საიტზე ვნახე. სახეც ჩანს, ტანიც და რაც მთავარია, ხელსახოცზე დაწერილი დღევანდელი რიცხვი. მეც ვიღებ პატარა ფურცელს. გაკრული ხელით მის სახელს ვწერ, თითებს შორის ვიქცევ და სურათს ვიღებ.
-იმედია ხელის მტევნის მიხედვით მიხვდები რომ ქალი ვარ, ან მენდობი უბრალოდ. - ვაყოლებ სიცილის ნიშნებს.
- (ღიმილები) როდის ვხვდებით?
-ხვალ მოგწერ მისამართს და დროს. ზეგ გცალია? საღამოს?
-არაფერს დავგეგმავ - მაძლევს იმედს.
-„ შევხვდეთ, გავერთოთ, დავიშალოთ“ . გაწყობს?
-მაწყობს. შეხვედრამდე. - მწერს და თავს მანებებს.
მორჩა, ეს საქმე მოგვარებულია. ხვალიდან 24 საათი მორიგე ვარ, ამიტომ ზეგ საღამოს გართობა და დასვენება მეკუთვნის.
დილას საავადმყოფოში ქაოსი მხვდება. ყველას ერთად მოუნდა ავად გახდომა. ოჯახის ექიმებს იმდენი პაციენტი ყავთ ჩემთან გადმომისამართებული, საღამომდე თავს ვერ ავწევ. დედებს შეწუხებული სახით შემოყავთ ბავშვები. პატარები მიყვარს. მათ ფუმფულა მუცლებს რომ ვსინჯავ, გულს უხარია. ზოგი იცინის, ზოგს ეშინია. მე ტკბილი და თბილი ექიმი ვარ. თან ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი საავადმყოფოში. ქალაქში ნაწლავური ინფექციაა გავრცელებული. ზოგიერთ პატარას მისი გართულებული ფორმა აქვს. დამატებით ანალიზებზე ვუშვებ ან წამლებს ვუწერ. მათთან ყოველთვის ფრთხილად ვარ.
აი „მამა-პაპურ ღიპიანი“ კაცები კი ძალიან მაღიზიანებს.
-ისა და, ქალბატონო - მიჟუჟუნებს თვალებს მირიგი ძია. მუცელზე ღილი ისე აქვს, სადაცაა აწყდება და შუბლში მომხვდება.
- ჩვენში დარჩეს და კუჭი მაქვს აშლილი. - უხერხულად იშმუშნება.
- ჩვენში დარჩება ბატონო … - ვყოვნდები და მის სამედიცინო ბარათს ჩავჩერებივარ. - ბატონო ვახტანგ. ამ ოთახში ჩვენს გარდა არავინაა. კიდევ რა გაწუხებთ. საჭმელი როდის ჭამეთ ბოლოს? ალკოჰოლი როდის მიირთვით? - აშკარად ნაბახუსევია.
-გუშინ კაცო ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე იყო. ხოდა შევუბერეთ მე და ჩემმა ძმაკაცებმა. კაი ღვინო დავლიეთ. კაი ხაჭაპური ჩავკეცეთ. მწვადი მივაყოლეთ - იწყებს მენიუს ჩამოთვლას პაციენტი.
მისი ანალიზების პასუხს ვათვალიერებ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა. ამას ოჯახის ექიმიც უპრობლემოდ მიხვდებოდა და უმკურნალებდა. ალბათ თავიდან მოიშორა და მე მომიგდო. ბატონი ვახტანგი არ ჩუმდება. ყველაფერი გასაგებია, ხაჭაპურიც, ღვინოც, მაგრამ შვილიშვილის დაბადების დღეზე ის და მისი ძმაკაცები რატომ „ჩალბნენ“ ასე, ამას ვერ ვგებულობ.
-რამდენი წლის გახდა თქვენი შვილიშვილი? - ვეკითხები იმისთვის რომ როგორმე მადისაღმძვრელი მენიუს ჩამოთვლა შევაწყვეტინო.
-ათის. ენაცვალოს პაპა - თვალები უბრწყინდება პაპას.
წნევის აპარატს ვიღებ და მკლავზე ისე ვუმაგრებ, ლაპარაკს არ წყვეტს. გულისცემა იმხელა აქვს, ყურები მტკივდება. არც წნევა ჩამორჩება. წამლების ჩამონათვალს ვწერ, დიეტას დეტალურად ვუწერ. ბატონი ვახტანგი კი ყვება, როგორ ასწავლის თავის ათი წლის შვილიშვილს სადღეგრძელოებს. რომელიც ალბათ ოც წელიწადში ჩემი პაციენტი გახდება.
-ბატონო ვახტანგ, ეს წამლები მიიღეთ და დიეტა დაიცავით აუცილებლად. ისე არაფერი გამოვა. - ვაწყვეტინებ საუბარს და დეტალურად ვუხსნი რისი ჭამა შეუძლია და რისი არა. დალევა სასტიკად აკრძალულია.
-მოიცა კაცო, შაბათს შოთას ბიჭის ქორწილია და თამადა ვარ - ისე იცხადებს ვახტანგი, თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე.
-თქვენი საქმე თქვენ იცით, მაგრამ შუა ქორწილამდეც ვერ მიაღწევთ, ისე აღმოჩნდები საავადმყოფოში - ვაშინებ შეპარვით.
-უი გენაცვალე, სულ არ წავალ - უარობს ცივად. მე ვუღიმი.
-თქვენი ნომერი რომ მომცეთ გენაცვალე? - მეკითხება შეშინებული პაციენტი.
-ნომერი რეცეპტზეა მითითებული. ჯერ თქვენს ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ - ვუხსნი ღიმილით.
ბატონი ვახტანგი დგება. გადავრჩი, ღილი თავის ადგილზეა. კარებთან ტრიალდება და მოულოდნელ კითხვას მისვამს: დიეტის შემდეგ ხინკალზე და ლუდზე რას იტყვით?
-მე? ვაფახურებ თვალებს გაკვირვებული.
-დიახ, ერთად აღვნიშნოთ გადარჩენა.
ვბრაზდები.
-ბატონო ვახტანგ, ვახშამზე არც მოქმედ და არც ყოფილ პაციენტებთან არ დავდივარ.
იმედგაცრუებული და ალბათ შეურაცხყოფილი ვახტანგი კარებს კეტავს. მე კი შემდეგი პაციენტის მისაღებად ვემზადები.
ისე არავის ეზიზღება თავისი პროფესია, როგორც მე. არასდროს მდომებია ექიმობა. არც ბავშვობაში მიმკურნალია თოჯინებისთვის. მთელი ცხოვრება ვუყურებდი როგორ ფრცქვნიდა დედაჩემი მასთან მისულ პაციენტებს. გაჭირვების წლებში, როცა ხალხს პური და ცივი მჭადი ენატრებოდა, დედაჩემთან ბევრჯერ ფულის მაგივრად ქათამი, ყველი ან ძველი კარგი ცხოვრებიდან შემორჩენილი „ჩეხური ბროლის ვაზა“ მოუტანიათ. ისიც ყოველთვის ართმევდა, თან ისე, რომ თვალს არ ახამხამებდა. ჩემი მეზობლები ნახევრად მშიერები რომ დადიოდნენ, მე თაფლი და კარაქი მქონდა ყოველ დილას და ჭამა რომ არ მინდოდა, ფანჯარაში ვყრიდი.
მორიგი პაციენტის მიღების შემდეგ, შესვენების დრო დგება. ვდგები, ტანსაცმელს ვისწორებ და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ. კარებზე მოკრძალებული კაკუნია. სახეს უკმაყოფილოდ ვმანჭავ. სტუმარი „მობრძანდის“ არ ელოდება, ისე იჭრება ჩემს სივრცეში.
-ქალბატონო თამარ, გამარჯობა - მესალმება ჩემი უსექსუალურესი თანამშრომელი გიორგი. ჩემი ასაკისაა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის „ქალბატონოთი“ მომმართავს. - ყავას ხომ არ დალევთ ჩემთან ერთად?
თვალები შუბლზე ამდის და კეფაზე გადამდის. ჩვენ აქამდე მხოლოდ შორიდან ვესალმებოდით ერთმანეთს, იშვიათად გვქონია საქმიანი საუბარი. ახლა კი აქ ჩემს კაბინეტთან დგას და ჩემთვის საძულველ სითხეზე მეპატიჟება. ბევრჯერ შემითვალიერებია მისი ზომიერად დაკუნთული სხეული. ერთი-ორჯერ მსიზმრებია კიდეც საკმაოდ ინტიმურ სიზმრებში. მაგრამ.... არასდროს მიფიქრია გამოვლაპარაკებოდი. არასდროს, არასდროს, არასდროს მიმიცია უფლება თავისთვის თანამშრომლებთან რამე ურთიერთობა მქონოდა. თუნდაც ყავა/ჩაი დამელია. ეს დაუწერელი კანონია, რომელსაც არასდროს ვარღვევ.
ახლაც, როგორც ყოველთვის, გიორგი მოდების ჟურნალიდან გადმომხტარს გავს. სულ მაინტერესებს, როგორ ახერხებს პერანგი ისე შეინარჩუნოს ტანზე, თითქოს ორი წუთის წინ აიღო საუთოო მაგიდიდან. შარვალი ისე ქონდეს ტანზე, თითქოს არც კი ჩაუმუხლია. თმა ხომ ყოველთვის იდეალურად დალაგებული აქვს და საერთოდაც ანათებს.
მისი მომლოდინე მზერა მაბნევს. ტანზე ვიხედები და მექანიკურად შარვალს ვისწორებ. მიუხედავად იმისა, რომ არც ზედმეტ წონას ვუჩივი და საკმაოდ ლამაზადაც ვითვლები, მის მომხიბვლელობას გვერდით მაინც ვერ ვუდგები. ჩემი ტანსაცმელი უკვე დაკუჭულია, მიუხედავად საავადმყოფოში გატარებული მხოლოდ რამდენიმა საათისა.
-დიახ გიორგი, სიამოვნებით - ვპასუხობ და რატომღაც ყავაზე ვთანხმდები, რომელზეც რამდენიმე წელია პირი არ დამიკარებია. ამას თავისი დიდი და ობიექტური მიზეზი აქვს.
სკოლის ბოლო წელს, ოჯახში კონსილიუმი შეიკრიბა. უნდა გადაწყვეტილიყო ჩემი მომავალი განათლების და კარიერის ამბავი. ჩემთვის არც აზრი უკითხავთ და არც დაინტერესებულან, საერთოდ მინდოდა თუ არა სწავლის გაგრძელება. დედისერთა გაზულუქებულ გოგოს სერიალების ყურების და წიგნების კითხვის მეტი არაფერი მაინტერესებდა. დედაჩემმა პომპეზურ ვახშამზე ფრთიანი ფრაზა გამოაცხადა „ჩმი შვილი დოხტორი უნდა გამოვიდეს“. ბებია-ბაბუებმა ისე აიტაცეს ეს იდეა, თითქოს უკვე დიპლომიანი ექიმი ვიყავი და სადღეგრძელოც კი შესვეს რომელიღაც გაძვალტყავებული პაციენტის მიერ დედაჩემისთვის მორთმეული ბროლის ჭიქით. მამას გადავხედე, ისეთი სევდიანი თვალები ქონდა, მივხვდი ვერაფერს მიშველიდა და ბედს დავმორჩილდი. მაშინ დაიწყო ჩემი ტანჯვა და ცოტა მოგვიანებით ყავისადმი სიძულვილი.
დედაჩემმა იმდენი მასწავლებელი დამახვია თავს, თითქოს მათ უნდა ესწავლათ ჩემს მაგივრად. ყველა საგანს ორ- ორი რეპეტიტორი მაძულებდა. ერთი რომ მიდიოდა, მეორე მოდიოდა და ამას ტონობით ყავის სმა ემატებოდა. ვასმევდი მათაც და ვსვამდი მეც, განუსაზღვრელი რაოდენობით და დოზით. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველა რეპეტიტორს სისხლს ვუშრობდი, ნელ-ნელა ამბიცია გამიჩნდა. რაღაცის დამტკიცების სურვილით და მომავალში ჩემი პროფესიით დედაჩემისგან თავის დაღწევის იმედით, სწავლაც გავაორმაგე და ყავის სმაც. სკოლის დამთავრებისთვის ჭარბწონიანი, ლოყებწითელა „ბუშტიდან“ გრძელფეხება გამხდარ გოგოდ ვიქეცი. ძლივს კლასიდან კლასში მოჩანჩალედან ტვინგამოტენილ მომავალ ექიმად. სარკეში საკუთარი თავიც მომეწონა და ბიჭების ყუურადღებაც მივიქციე. მაგრამ მე უკვე ტვინი გამოტენილი მქონდა ქიმიის ფორმულებით, ბიოლოგიის საჭმლის მომნელებელი სისტემით, ქართულის შუშანიკითა და აბოთი, ინგლისურის მოდალური ზმნებით და კიდევ ვინ იცის რით არა.
იმ წლის შემდეგ ყავა არ დამილევია, მწვანე ჩაიზე გადავედი. რადგან სიმსუქნე მთელ სანათესაო ხაზს გასდევს, მუდმივ დიეტაზე ვარ. რაც იმას ნიშნავს, რომ ქრონიკულად მშიერი ვარ. მოკლედ მახინჯი იხვის ჭუკიდან ლამაზ გედამდე მივედი, მაგრამ გულში მაინც იხვის ჭუკი ვარ.
ახლა ჩემი მომხიბვლელი კოლეგა ანესთეზიოლოგი დგას ჩემს წინ და მელოდება. ფართხაფურთხით ვიღებ ჩემს ნივთებს და მივყვები. ისიც ჯელტმენურად მაცილებს საავადმყოფოს პატარა სასადილომდე. კუთხის მაგიდასთან სკამს წევს და მანიშნებს დაბრძანდიო. თვითონ კი ორიოდე წუთში ყავით და ნამცხვრით ხელდამშვენებული მოაბიჯებს.
უხერხული სიჩუმის დარღვევას გიორგი ცდილობს.
-ქალბატონო თამარ, ლამის საუკუნეა ერთად ვმუშაობთ და რატომ არასდროს დაგვილევია ყავა ერთად? - სვამს რიტორიკულ კითხვას.
-ალბათ იმიტომ რომ არასდროს დაგიპატიჟებივარ ბატონო გიორგი და არც ყავას ვსვამ. - ვუღიმი გულიანი ღიმილით.
ბიჭი ცბება.
-არ მეგონა თუ რომელიმე ექიმი ყავას არ სვამდა. - უკვირს გულწრფელად. - აბა როგორ ფხიზლდები?
-არც არასდროს მძინავს. - ვპასუხობ არანაკლები გულწრფელობით და ცხელ სითხეს ვეწაფები. თურმე როგორ მომნატრებია. ოხშივარს ხარბად ვყნოსავ და ფილტვებში ვუშვებ. ერთ დროს მასზე ნარკოტიკივით ვიყავი დამოკიდებული. -თითქმის 15 წელია ყავა არ დამილევია, დღემდე.
-საინტერესოა, დიდი ხანია მინდა შენთან გამოლაპარაკება და ვერასდროს მოვახერხე. ალბათ იმიტომ რომ კაბინეტის გარეთ იშვიათად გხედავ - მანათებს თავის ცისფერ თვალებს და თმაზე ხელს ისვამს. ურჩი ქოჩორი ჯერ უკან გადადის მერე ისევ წინ იყრება. მაბნევს. ალბათ ცოტა ვწითლდები კიდეც. იმედია ამას ვერ ამჩნევს, მე კი ვგრძნობ როგორ მიხურს ლოყები. თითებს დავჩერებივარ და უნებურად ყელისკენ მიმაქვს. მისი მზერა ყველა მოძრაობას თანმიმდევრულად ირეკლავს. თვალი ჩემს მკერდზე უჩერდება. მერე მიღიმის და ისევ თმას ისწორებს. ვიშმუშნები. საავადმყოფოში ყოველთვის მოკრძალებულად მაცვია და ახლაც დარწმუნებული ვარ, ზედმეტი არაფერი მიჩანს.
-კი იშვიათად გამოვდივარ კაბინეტიდან - ვეთანხმები თავის დაქნევით.
-ყველაზე იდუმალი და უკარება თანამშრომელი ხარ - პირდაპირ ამბობს გიორგი რასაც ფიქრობს.
-ხო ცოტა უცნაური ვარ - ვაღიარებ მეც.
-როგორც ვიცი ოჯახი არ გყავს, თავისუფალ დროს რას აკეთებ? რით ერთობი? - არ მეშვება სიმპათიური ანესთეზიოლოგი. მეცინება. ძალიან უნდა ჩემს სამყაროში შემოძრომა. როგორც ჩანს, დაინტერესებულია ბიჭი. არაა ცუდი კანდიდატურა, მაგრამ ჩემი გართობის ობიექტობისთვის ის არ გამოდგება. ღამეული ამბები ჩემი პირადი ცხოვრებაა, რომელსაც დიდი ხანია კარგად ვაკონტროლებ და ახლა საფრთხეს ვერ შევუქმნი. მეოჯახე კაცი კი ის არაა, მეც კი გამიგია მისი რეპუტაციის შესახებ და ჩემამდე რომ მოაღწია ამბავმა, წარმომიდგენია იმის უკან რა იქნება. ამიტომ მადლობთ ბატონო გიორგი!!! ერთი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება მაგრამ იმის იქით ნუღარ მომიახლოვდები.
-როცა საავადმყოფოში არ ვარ, ვეტერინარულ კლინიკაში ვმუშაობ და როცა არცერთგან ვარ, მაშინ სახლში სადისერტაციო თემას ვწერ.
-დისერტაცია? - უფართოვდება თვალები - არ ვიცოდი.
-ხო ბევრმა არ იცის, ცხოველებში სხვადასხვა ტიპის პარაზიტების მიერ გამოწვეულ დაავადებებს ვიკვლევ. მათ გავლენას ღვიძლსა და შინაგან ორგანოებზე.
-ვეტერინარია... რამდენი რამე არ მცოდნია შენზე...
-შენ არაფერი იცი ... ჩემზე - თვალს თვალში ვუყრი.
-რომ გავიგო წინააღმდეგი ხარ? - მიჟუჟუნებს თვალებს და ისევ თმას ისწორებს. ეს მისი საფირმო ჟესტია.
-არა მაგრამ არ დაგაინტერესებს. მადლობა ყავისთვის.
ვდგები, ვუღიმი და ადგილზე ვტოვებ. მადლობა გიორგი ყურადღებისთვის, მაგრამ იმ ქალი ექიმების 2/3 -ში ვერ შევალ ვისთანაც უკვე გაიზიარე სარეცელი და ამაზე მთელი საავადმყოფო ლაპარაკობს.
დისერტაციას მართლა ვიცავ და ვეტ კლინიკაშიც ვმუშაობ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პატარა ჩავარდნა მქონდა. თუ ამას პატარა შეიძლება ერქვას... ჩემს სახლთან ახლოს ვეტ კლინიკა იხსნებოდა. უმუშევარი ვიყავი, მათ კი ექიმის დამხმარე ჭირდებოდათ. არ გამჭირვებია ალღო ამეღო ახალი პროფესიისთვის. იმდენად დავინტერესდი რომ ვეტერინარიის სწავლა მომინდა. მესამე კურსზე დამსვეს. ახლა დიპლომიანიც ვარ და დისერტაციაზეც ვმუშაობ.
მართალია სახლი (ბინა) მამამ მიყიდა უნივერსტეტში სწავლის პირველ წელს, მაგრამ როცა „პატარა ჩავარდნა“ მქონდა ანუ ექიმის სალიცენზიო გამოცდაზე ჩავიჭერი, დედამ თავისი წილი დაფინანსება შემიწყვიტა.
უნივერსტეტის ბოლო კურსზე იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, წინ ვერაფერი დამიდგებოდა, სალიცენზიო გამოცდისთვის ხელი და ტვინი არ გამინძრევია. ხოდა ბრახ!!! ჩავიჭერი. ორი კვირა ხმას ვერ ვიღებდი, არადა დედაჩემს უკვე ჩემთვის სამსახურიც გამზადებული ქონდა. მირეკავდნენ რომ მივსულიყავი, მაგრამ როგორ?! იძულებული გავხდი მშობლებისთვის სიმართლე გამემხილა. მამამ არაუშავსო ჩაილაპარაკა და ტელევიზორს მიუჯდა. მისთვის პოლიტიკის იქით არაფერი არსებობდა. თავის დროზე, არ ვიცი საიდან და როგორ ნაშოვნი ფულით, რამდენიმე უძრავი ქონება შეისყიდა. ახლა გაქირავებული ქონდა და ტელევიზორის ყურებაში გართულს ისე მოსდიოდა შემოსავალი ვერ გებულობდა. მამაჩემსაც და მის ბიუჯეტსაც დედა განკარგავდა.
დედამ ჯერ მე შემომხედა, მერე იქვე მის ფეხებთან ჩაცუცქულ პეკინესზე მიმითითა და ოლიმპიური სიმშვიდით გამომიცხადა „ -ამის იმედი უფრო მქონდა ვიდრე შენი. ისევ მე უნდა გამოვასწორო გაფუჭებული საქმე. აბა სად გავამხილო სამედიცინო დაამთავრა და ექიმი ვერ გახდაო.“ ისე წამოვედი მშობლების სახლიდან, არც შემოუხედავს.
ვეტ-კლინიკა მაშველი რგოლი აღმოჩნდა ჩემთვის. თავდაუზოგავად ვმუშაობდი და თანდათან ერთი კაბინეტიდან მრავალპროფილურ საავადმყოფოდ ვიქეცით. ეს ის ადგილია სადაც მისვლა და მუშაობა ყველაფერს მირჩევნია. რის შექმნაშიც და გაზრდაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის.
მომდევნო სალიცენზიო გამოცდისთვის თავდაუზოგავად ვმეცადინობდი, მაგრამ დაღლილი, გამოფიტული და განერვიულებული ვიყავი. ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. უკვე ვფიქრობდი, რომ ცხოველებისთვის დამეთმო მთელი ჩემი დრო და ენერგია. ექიმობაზე აღარ მეფიქრა. დედაჩემს ხომ ტელეპატიური ნიჭი აქვს. ალბათ ჩემი ეს ფიქრები იგრძნო. აბა მე ის საუკუნეა არ მენახა. გამოცდამდე ორი კვირით ადრე სახლში გამომეცხადა. როგორც ყოველთვის ახლაც ისე შემოვიდა, თითქოს ვიღაც უცხოსთან მიდიოდა. ტახტის კიდეზე ჩამოჯდა, თითქოს დასვრას ერიდებოდა. შანელი #5 სუნი დააყენა ჩემს ერთოთახიან მოკრძალებულ ბინაში. გამიკვირდა მისი დანახვა. ველოდებოდი როდის ამეტყველდებოდა.
-გავიგე ძაღლებს და კატებს უვლი - მითხრა და ჩემი არეული ოთახი მოათვალიერა.
-არ ვუვლი, ვმკურნალობ - ვუპასუხე მშვიდად. მასთან კამათში ყოველთვის ვმარცხდებოდი და ახლა რამის თქმის სურვილი არ მქონდა.
-გინდა ისევ ნამდვილი ექიმობა?
-რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, არამგონია რამე გამომივიდეს. - ვაღიარე გულწრფელად.
-გამოცდაზე გახვალ, რასაც დაწერ, დაწერ. დანარჩენი შენი საქმე არაა. მომავალი თვის პირველი რიცხვიდან კახიძის სახელობის საავადმყოფოში იმუშავებ. ძაღლებსა და კატებთან გართობას მორჩები. დანარჩენი არ იკითხო.
ადგა და წავიდა.
რატომ დავუჯერე არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ ნამდვილი, დიდი საავაადმყოფოს ექიმობა მინდოდა. დიდი ამბიცია მქონდა, მაგრამ წინ დიდი დაბრკოლებაც, რომელსაც ისე გადავლახავდი, ვერც გავიგებდი.
დედაჩემმა გაყალბებული ექიმის ლიცენზია სახლში მომიტანა. და მეც შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან ექიმად დავიწყე მუშაობა. დღეს ძალიან კარგი ექიმი ვარ, საუკეთესო ჩემს სფეროში, მაგრამ ყალბი ლიცენზიით. დედაჩემის პირობა ბოლომდე არ შევასრულე. ვეტ - კლინიკაში ისევ ვმუშაობ კვირაში სამჯერ.
საავადმყოფოს სასადილოდან გამოსვლის და გიორგის დატოვების შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობ. კაბინეტის კარებთან ისევ პაციენტების რიგი მხვდება. ერთი წამით ვერ ვიცლი. დღეს არანაკლებ რთული ღამე მოსდევს. ქალაქში გავრცელებული ვირუსული ინფექციის გამო საავადმყოფო გადავსებულია. პალატიდან პალატაში დავქრივარ და ყურადღებას ერთ წამს არ ვადუნებ. ერთი-ორჯერ გიორგიც მხვდება, ალბათ ისიც მორიგეა, მაგრამ მისთვის არ მცალია. არც თვითონ იჩენს საუბრის ინიციატივას. დილას დაღლილი ვბრუნდები სახლში და საღამომდე მძინავს. თავს ძლივს ვწევ ზევით, მაგრამ გართოვა მელოდება წინ და ამაზე უარს არაფრისთვის ვიტყვი.
ვიქტორია სეკრეტის ახალ საცვლებს ვიღებ. თმას წითლად ვიღებავ ერთჯერადი საღებავით. ბანაობის დროს ადვილად ირეცხება. ნაცადი ხერხია. ტუჩებს და თვალებს ისე ვიშავებ, მეც კი ვერ ვცნობ საკუთარ თავს. მაღალ ჩექმას და მოკლე კაბას ვიცმევ. ტყავის გრძელ მოსასხამში ვეხვევი. ახლა დედაჩემიც კი გვერდით ჩამივლის, სადმე რომ შემხვდეს. ტაქსს ვიძახებ და მის მოლოდინში ვირინდები. ეს დასვენება მეკუთვნის...
კვირა დღეს საწოლში ვატარებ. ფუფუნებაში არ ვცხოვრობ, სახლის ნივთებსა და ტანსაცმელში მინიმალურ თანხას ვხარჯავ, ფულს შავი დღისთვის და მოგზაურობისთვის ვაგროვებ. მაგრამ დიდი ტელევიზორი მაინც ვიყიდე. კედელზე ჩამოვკიდე და კვირა დღეს საწოლში, მის ყურებაში ვატარებ. წინა ღამის თავგადასავლის შემდეგ გამოძინებაც მჭირდება და აზრზე მოსვლაც. რომ არა ჩემი დაუწერელი წესი, „ერთი პარტნიორი, ერთი ღამე“, ამ ბიჭთან მეორედაც და მესამედაც კარგი იქნებოდა. მგონი არც თვითონ დარჩენილა უკმაყოფილო. მხოლოდ გამთენიას ჩაეძინა და მეც მაშინვე გამოვიპარე. ალბათ როგორ გაუფართოვდებოდა თვალები, ნომერში რომ ვერ მიპოვნიდა. სულ მწყდება ხოლმე გული, ასეთ საინტერესო მომენტს რომ ვტოვებ.
საბანში ყელამდე ვეფლობი. ბალიშებს გვერდზე ვალაგებ და ტელევიზორში რამე საინტერესოს ვეძებ. მბეზრდება და ისევ წიგნის წაკითხვას ვირჩევ. ახალგაზრდა მწერლის დეტექტივია. თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას. ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ვგულშემატკივრობ. დრო როგორ გადის ვერ ვგებულობ. თვალი აკვარიუმისკენ გამირბის. ჩემს სახლში ერთადერთი ცოცხალი არსება ოქროსფერი თევზია. თავიდან სამი მყავდა, მათთან ერთად ოთხი ზღვის კუ იწონებდა თავს, მაგრამ ეს ერთიღა შემომრჩა. თუ წყალს არ გამოვუცვლი და საჭმელს არ დავუყრი, მალე ესეც აღარ შემაწუხებს. მეტს აღარც მოვიყვან. დროდადრო ვთვლემ. ძილბურანში ვარ. სადღაც ჩემი ტელეფონი გაუთავებლად ღმუის. ფორთხვით ვდგები საწოლიდან და შემოსასვლელში ტუმბოზე დაგდებულ აპარატს დავჩერებივარ.
ჰოი საოცრებავ! დედაჩემის ზარია. პირველი რაც თავში აზრად მომდის, მამაჩემის ინფაქტია. ერთხელ უკვე გადაიტანა, თან საკმაოდ მძიმედ. მუდმივად წნევა აწუხებს. სულ წამლებით დადის. კიდევ კარგადაა დედაჩემს რომ უძლებს ორმოც წელზე მეტია.
-გისმენ დედა - ჩავყვირი მთელი ხმით.
-თამუნა, რატომ არ მპასუხობ დროზე? ხომ იცი რომ ვერ ვიტან გაუთავებელ ლოდინს.
დედა მოწოდების სიმაღლეზეა, ესე იგი მამა კარგადაა.
-მეძინა. მორიგე ვიყავი, საშინელი ღამე მქონდა. რა მოხდა? კარგად ხართ?
-ჩვენ კი. ნოდარია ცუდად. საავადმყოფიში წაიყვანა სასწრაფომ. ადექი და იქ წადი. მეც მოვდივარ.
ტელეფონს მითიშავს. გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებ.
ძია ნოდართან დაკავშირებული ყველა მოგონება ერთბაშად ღვივდება ტვინში. თავი მისკდება, იქვე კედელს ვეყრდნობი და ძირს ვცურდები.
ძია ნოდარი დედაჩემის ბიძაშვილია. თავის დროზე ძალიან კარგი ექიმი ყოფილა. სანამ „კაიფში“ მყოფს პაციენტი არ შემოაკვდა. მართალია ეს ამბავი ნახევარი ქონება დაუჯდა მის ოჯახს, მაგრამ მშრალად გამოძვრა. იმის შემდეგ საავადმყოფოს არ გაკარებია, თუმცა სამინისტროში რბილი სავარძელი იპოვნა დიდი კაბინეტით, წითელპომადიანი და მოკლეკაბიანი მდივნით და ბოლო თხუთმეტი წელია იმ სავარძელს ათბობს. მას არც მთავრობის ცვლილება ეხება და არც რეორგანიზაცია. მხოლოდ მანქანას და მდივანს იცვლის წელიწადში ერთხელ. მცირდება ავტომობილის ასაკიც და მდივნისაც. ძია ნოდარი დაეხმარა დედაჩემს ჩემი ლიცენზიის ამბების მოგვარებაში. მეგონა ამ საკითხს არც თვითონ გაიხსენებდა და არც მე ვიქნებოდი მასთან ვალში. თუმცა შევცდი. ერთ დღეს, როცა უკვე მშვიდად ვმუშაობდი და ყველა საფრთხე გადავლილი მეგონა, ძია ნოდარის ზარმა შემაფხიზლა.
-თამარა საყვარელოოო - რატომღაც ყველას „საყვარელოს“ ეძახდა და ისე წელავდა, ვეღარ ასრულებდა ხოლმე.
-დიახ ძია ნოდარ, როგორ ბრძანდებით? - დავიღვარე ზრდილობად.
-შენთან ერთი პატარა საქმე მაქვს, ამ დღეებში სამსახურში გამომიარე. გელოდები ჩემო გოგო - მითხრა და ტელეფონი გათიშა. არც პასუხს დალოდებია და არც დამშვიდობებას. გამიკვირდა და არ მესიამოვნა. გული ცუდს მიგრძნობდა. ამიტომ მეორე დღესვე სამსახურიდან თავი გავითავისუფლე, ჯანდაცვის სამინისტროში მივდივა-თქო. უარი არ უთქვამთ და ძია ნოდარს ვესტუმრე.
შესასვლელში წითელ პომადიანი და მოკლე კაბიანი მდივანი ყავას წრუპავდა და გამოღებულ ფანჯარაში ჩუმად სიგარეტს ეწეოდა. რომ შევედი უკმაყოფილოდ შემომხედა.
-ბატონი ნოდარი დაკავებულია - მითხრა გაზეპირებული ფრაზა.
-დაბარებული ვარ - ვუპასუხე უემოციოდ და კაბინეტის კარი შევაღე. მოკლე კაბიანი და მაღალ ქუსლიანი გოგო დამედევნა, თუმცა ჩემს „კონვერსებს“ ვერ დაეწია და ზურგს უკან ამეკრა.
-ბატონო ნოდარ - აწიკვინდა გამყინავი ხმით - დაუკითხავად შემოვიდა.
ნოდარმა ისეთი მკვლელი სახით შეხედა, სავარაუდოდ ჩემი წასვლის შემდეგ კარგი არაფერი ელოდა. იჯდა სავარძელში ვისკის გაბერილი ჭიქით ხელში და ამერიკულ რეალითი შოუს უყურებდა. ალბათ სახლში მისმა გაპრანჭულმა ცოლმა არ აყურებინა და ხომ არ გამოტოვებდა ეპიზოდს. ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა.
-თამარა საყვარელო, შემოდი, ასე მალე არ გელოდი - ფეხზე წამოდგა და ისე ჩამეხუტა, თითქოს ჩემზე ფიქრის და მონატრების მეტს არაფერს აკეთებდა.
-რომ დამირეკეთ შევშფოთდი, ალბათ მნიშვნელოვანი საქმე გქონდათ.
ოფიციალური ტონი არ შეიმჩნია. სავარძელზე მიმითითა და თვითონაც ჩემს წინ სარწეველა სკამში ჩაეფლო.
-როგორ მიდის შენი საქმეები საყვარელო? გავიგე საავადმყოფოში ძალიან გაფასებენ. გავიკითხე და საუკეთესო ექიმიაო. მისთვის ყველა კარი ღიააო. - გამიღიმა მელიის ყალბი ღიმილით.
არ მესიამოვნა მისი დაინტერესება ჩემი სამსახურით, აქ ამაზე სალაპარაკოდ არ დამიბარებდა.
-დიახ, ყველაფერი კარგადაა - ვუპასუხე მოკლედ და დაველოდე რას მეტყოდა. ტანში უსიამოვნოდ მცრიდა. მციოდა და ლამისაა კანკალისგან კბილები მეკაწკაწებინა.
-შენთან საქმე მაქვს - დაუწია ხმას და ჩემსკენ გადმოიხარა. ლამის შუბლი ფეხებზე მომადო. არაფერი მიპასუხია, გავიტრუნე. - შენს საავადმყოფოში მალე ერთ კაცს დააწვენენ. შენი პაციენტი იქნება. ეს ამბავი მოგვარებულია. ოპერაციის შემდეგ ყველას დაარწმუნებ რომ ხელოვნური კომაა საჭირო და მართვით სუნთქვაზე გადაიყვან. დანარჩენს შევხედავთ. მთავარია ცოცხალი იყოს. ეს მნიშვნელოვანია. ცოცხალი მაგრამ უგონო. გასაგებია ჩემო გოგო?
ნოდარი წამოიწია, თითქოს ადგომა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და სავარძელზე მიესვენა.
გაკვირვებისგან ხმა ვერ ამოვიღე.
-ვინაა ეს კაცი? - იმის მაგივრად რომ გამეპროტესტებინა, ყველაზე უსარგებლო შეკითხვა დავსვი ამ სიტუაციაში.
-ერთი ძლიერი და გამოჩენილი კაცია, რომლის გაქრობა ქვეყანას შეძრავს. მაგრამ უნდა გაჩუმდეს.
გამახსენდა, ვიღაც მაღალჩინოსანი დაიჭირეს რამდენიმე თვის წინ და ალაპარაკებას აპირებდა. ალბათ ისაა-თქო ვიფიქრე.
-ძია ნიდარ, ხომ იცით რომ ეს ექიმის ეთიკის დარღვევაა. ჩვენ ხომ ფიცი გვაქვს დადებული - ამოვილუღლუღე ისეთი სუსტი არგუმენტი, რომელიც ზუსტად ვიცოდი, საერთოდ არ ადარდებდა ჩემს შორეულ ბიძას.
გაეღიმა.
-უსაფრთხოება ეთიკაზე მაღლა დგას თამარა. უკვე დიდი გოგო ხარ, უნდა იცოდე.
-მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ვინმემ რომ გაიგოს, დამიჭერენ. ეს არ არის სწორი - ხმა სადღაც გამეპარა და სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი.
-შენი ლიცენზიის ამბავიც რომ გაიგონ, არც ეგ იქნება კარგი - ისევ მელიის ღიმილი გადაეკრა სახეზე კაცს.
მივხვდი რაც მითხრა, აი თურმე რატომ ამირჩია მე. იცოდა უარის თქმა გამიჭირდებოდა.
-მოვიფიქრებ - ჩავილუღლუღე და ფეხზე წამოვდექი.
-პაციენტი ზეგ უკვე შენთან იქნება. მოემზადე - დამაწია უკნიდან.
არც შევბრუნებულვარ და არც დავმშვიდობებივარ. მანქანაში ჩავჯექი და სახლში ისე მივედი, ვერ გავიგე. მაშანტაჟებდა და მე თავის დაძვრენის საშუალება არ მქონდა. არა, საშუალება კი მქონდა, მაგრამ მაშინ დავკარგავდი ყველაფერს, რაც ამდენი ხნის მანძილზე ვაკოწიწე და სადღაც ჯანდაბაში უნდა გადავსახლებულიყავი. დედამიწიდან შორს, მარსზე ან იუპიტერზე.
მესამე დღეს ტელევიზიების თანხლებით საავადმყოფოში ის პაციენტი შემოიყვანეს, რომელზეც ვეჭვობდი. ჯერ ერთი - ორი წერილის გაგზავნა მოასწრო ციხიდან, მაგრამ ალბათ ბევრის თქმას აპირებდა. ბადრაგს ციხის ახალგაზრდა ექიმი მოყვა. პაციენტის ისტორია შემომაჩეჩა და გაქრა. საშუალო ასაკის მამაკაცი ოთხად გაკეცილი იჯდა სავარძელში და ბორბლების ყოველ გადატრიალებაზე კვნესოდა. ანამნეზს ჩავხედე. 1. სხეულის ტემპერატურა 400 , 2. ღებინება, 3. პირის სიმშრალე. 4. მუცლის ტკივილი.
რომ არ მცოდნოდა ვისთან მქონდა საქმე, ვერ ვიცნობდი. რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, წონაში საგრძნობლად დაეკლო. გათეთრებულიყო და დაბერებულიყო. აღარაფრით გავდა იმ კაცს, აბეზარ ჟურნალისტებს პირად დაცვას რომ მიუქსევდა ხოლმე და გამარჯვებული ღიმილით იშორებდა თავიდა. „დრონი მეფობენ და არა მეფენი“ გავიფიქრე და ექოსკოპიის გადასაღებად წავაკოკიალე.
მდგომარეობა იმაზე ცუდი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ნაწლავების ნაწილი დაზიანებული, ადგილ-ადგილ სისხლის კოლტები და რაც მთავარია, ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშნები დაწყებული იყო.
საოპერაციო მზად დამხვდა. გვერდიდან არ მოვშორებივარ, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ხელოვნურ კომაში მყოფი, მართვით სუნთქვაზე მშვიდად იყო მიერთებული.
გარეთ ჟურნალისტების რიგი არ წყდებოდა. მე მათთან არაფერი მესაქმებოდა. თვით საავადმყოფოს დირექტორმა, ბატონმა ლევანმა ინება კაბინეტიდან გამობრძანება და მედიისთვის განცხადების გაკეთება. დერეფანში შემხვდა, თვალი თვალში გამიყარა და სიტყვა არ უთქვამს. ესეც საკმარი აღმოჩნდა იმის მისახვედრად, რომ ორივეს ჩვენი საქმე უნდა გვეკეთებინა და პირში წყალი ჩაგვეგუბებინა.
უკვე მეოთხე თვე იწურებოდა, რაც ხელოვნურ კომაში მყოფი პაციენტი სტაბილურად მყავდა მართვით სუნთქვაზე. აღარც ტელევიზიებს ახსოვდა და აღარც მის ყოფილ თანაგუნდელებს. მაგრამ ეს შენელებული მოქმედების ბომბი როდესმე ამოქმედდებოდა. უსასრულოდ ამ მდგომარეობის გაგრძელება წარმოუდგენელი იყო. ღამეები არ მეძინა, კოშმარები მტანჯავდა, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, როგორ მაპატიმრებდნენ.
ჩემი იდუმალი პაციენტის საავადმყოფოში დაწვენიდან რამდენიმე დღეში ჩემს სახლთან ძველი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შევნიშნე, რომელშიც მყოფი ორმეტრიანი კაცები უნიჭოდ ცდილობდნენ შენიღბვას. მითვალთვალებდნენ და ალბათ ჩემს ტელეფონსაც უსმენდნენ. ღამეული თავგადასავლებისთვის ინტერნეტს მოვიხმარდი. სახლიდან ისეთი ჩაცმული გავდიოდი, ისინი კი არა დედაჩემიც ვერ მიცნობდა. მსხდარიყვნენ და ეყარაულათ ჩემი სახლისთვის. პირადი დაცვის დაქირავებაში ხალხი ფულს იხდიდა, მე კი ამას სახელმწიფო მთავაზობდა და უარი რატომ უნდა მეთქვა.
ახლა ამ ყველაფრის შემოქმედი ძია ნოდარი საავადმყოფოში ბრძანდებოდა. ჩემი სახლის შესასვლელში ცივ იატაკზე დამჯდარს ფეხები მეყინება. ტვინი ნელ-ნელა მუშაობას იწყებს. „ნეტავ რა დააემართა?“ ვფიქრობ ჩემთვის და კარადიდან ტანსაცმელს ვყრი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდე საავადმყოფოში. პირველივე წუთიდან ჩემს ხელში უნდა იყოს. არავის მივცემ უფლებას მიახლოვების.
საავადმყოფოს მიმღებში ჩემი გამოჩენა უკვირთ. სწრაფი ნაბიჯებით მორიგე ექიმს მივდევ დერეფანში და მეგობრულად მხარზე ვეხები. ბრუნდება და გაკვირვებული აფახურებს დაღლილ თვალებს.
-ქალბატონო თამარ, აქ არ გელოდით - მეუბნება მოკრძალებით.
-ნოდარ მამასახლისი ჩემი ბიძაა, თუ ნებას მომცემ, მის ანამნეზს გადავხედავ. - ვუღიმი. ახალგაზრდა დაღლილ ექიმს სახე ებადრება. გადავსებულ მიმღებში ვინმე თუ მიეშველება უარს როგორ იტყვის.
-აქ არის. - მაჩეჩებს ხელში ფურცლებს. - თუ წინააღმდეგი არ იქნები, ფორმალურ მხარესაც მოვაგვარებ და გადმოგაბარებ.
მეც ეს მინდა. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და რეგისტრატურისკენ მივდივარ.
-მუცლის მწვავე ტკივილით შემოიყვანეს. პირის სიმშრალე აქვს. პალპაციით (ხელით მუცლის გასინჯვა) მუცლის კუნთების სიმაგრე და დაჭიმულობა შეინიშნება. სისხლის საერთო ანალიზის პასუხს ველოდები. სავარაუდოდ ლეიკოციტები მომატებული ექნება. ყველაფერი მწვავე აპენდიციტზე მიუთითებს. ახლა მუცლის ღრუს ექოსკოპიას უკეთებენ. - მოკლე ანამნეზს მაცნობს ექიმი.
-მადლობა დაჩი - ვეუბნები ისე რომ თავს არ ვწევ.
-პირიქით მადლობა შენ, რომ შემომეშველე - მპასუხობს და მშორდება.
ძია ნოდარს ტკივილებისგან ფერები გადასდის. ექოსკოპიის საწოლზე მოკეცილი წევს და ილანძღება. ჩემს დანახვაზე ცოტა ეშვება და გაღიმებას ცდილობს, მაგრამ ტკივილი სახეს უმანჭავს.
-როგორაა საქმე? - ვეკითხები ექიმს, რომელიც ეკრანს გაფაციცებით ათვალიერებს.
-აპენდიციტია. წუთი წუთზე გასკდება და სითხე მუცელში ჩაიღვრება. სასწრაფო საოპერაციოა - მპასუხობს თავაუწევლად და ხელსახოცით ძია ნოდარს მუცელს უწმენდს, რასაც მისი მხრიდან თავშეუკავებელი გინება მოყვება. უხერხულობისგან ვიწურები. ბორბლებიანი სავარძელი ახლოს მიმაქვს პაციენტთან და გადმოსვლაში ვეხმარები. საოპერაციო უკვე მზადდება. რამდენიმე წუთში ჩემი დამაშანტაჟებელი ძია ნოდარი ჩემი დანის ქვეშ დაწვება.
ოპერაცია ცოტა ხანი და გართულებების გარეშე მიდის. ნარკოზიდან ახალი გამოსული ძია ნოდარი პალატაში გადამყავს. ცოტაოდენ მორფს ვუშხაპუნებ და გვერდით ვუჯდები.
-ძია ნოდარ გესმის ჩემი? - ვეკითხები ხმამაღლა. ხელების უნებლიე მოძრაობას წყვეტს და შემომყურებს.
-„თამარ ქალო, ნატვრის თვალო“ შენ ხარ? მტკივა - მაპყრობს დაბინდულ თვალებს.
-მორფი გაგიკეტე და მალე აღარ გეტკინება, დაგეძინება - ვაიმედებ კაცს.
-შენი იმედი ყოველთვის მქონდა - ჩურჩულებს ძია ნოდარი - ახლოს მოდი რაღაც მაქვს სათქმელი.
მის ტუჩებთან ვიხრები.
-რამდენიმე დღეში შენთან პაციენტს შემოიყვანენ. ოპერაცია უნდა გაუკეთო და იქიდან ვერ უნდა გამოვიდეს.
გველნაკბენივით ვხტები. რას მეუბნება ეს კაცი. მგონია რაღაცას ბოდავს. თვალებში ვუყურებ და ხმას ვერ ვიღებ.
-ჩემი ტელეფონი მომაწოდე.
ინსტიქტურად ვასრულებ მის სურვილს. მძიმედ სუნთქავს. წამალი მოქმედებს. გაჭირვებით ეძებს რაღაცას და პოულობს. ფოტოს მაჩვენებს. თვალები შუბლზე ამდის. ეკრანიდან საკმაოდ ცნობილი და ქვეყანაში გავლენიანი სახე მიღიმის ქვევით ძირს დახრილი ცერი ახატია.
-ესაა. ახლა კარგად მომისმინე. მისი აქ მოყვანა უკვე დაგეგმილია. თუ გინდა კიდევ ექიმობა, ეს კაცი ოპერაციის დროს უნდა დაიღუპოს. ან შენი ლიცენზიის ამბავი გასკდება და ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომება.
ვშრები.
-თქვენს გარდა კიდევ ვინ იცის ჩემი ლიცენზიის ამბავი?
-ჯერ-ჯერობით არავინ, მაგრამ მალე გაიგებენ.
-რომ ვთქვა თქვენ გამიკეთეთ?- ვცდილობ თავი დამნაშავედ ვაგრძნობინო და შევაშინო. ისევ მელასავით იცინის.
-შენ გგონია ვინმე დაიჯერებს? ეგ ამბავი უკვე მოვაგვარე. მე მომეფერე და ყველაფერი კარგად იქნება.
ნოდარი მძიმედ სუნთქავს. წამალმა მოქმედება დაიწყო. თვალები ეხუჭება. ჯერ ერთი ხელოვნურ ყოფაში მყოფი კაცი მადგას ყელზე და მახრჩობს. ახლა მეორეს მოკვლას მავალებს.
-ძია ნოდარ, ძია ნოდარ - ჩავძახი ყურში.
-ხოოო - მეხმიანება ჩურჩულით.
-ამ კაცის სიკვდილის ამბავი კიდევ ვინ იცის?
-სულ რამდენიმე ადამიანმა.
-მე რომ უნდა მოვკლა, ის ვინ იცის? - ვაკონკრეტებ.
-ეგ ჯერ მე და შენ. მერე მიხვდება ის ვინც საჭიროა და დაგიფასებს. ახლა დამაძინე.
ვხვდები რით ინარჩუნებს ეს კაცი სკამს თბილად, ისე რომ არავინ ეხება. ნეტავ კიდევ რამდენი ჩემნაირი ყავს გამოჭერილი. პალატიდან გაბრუებული გამოვდივარ. ეს უკვე მეორე ადამიანი იქნება, ვის სიცოცხლესაც საფრთხეს შევუქმნი, ისე რომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია. თავი მისკდება. ხელს თმაში ვიცურებ და ძირებში ვუჭერ. მტკივა. გული მერევა. ტვალეტში შესვლას ძლივს ვასწრებ.
თმის სწორებით გამოვდივარ და დერეფანში უაზროდ მივაბიჯებ. დღეს მორიგე არ ვარ, აქ საერთოდაც არ უნდა ვიყო. კაბინეტში ვიკეტები და ფანჯარაში გავცქერი. გარეთ ცივა. ქარიცაა და ფოთლებს და ნაგავს ატრიალებს. მობუზული ხალხი სახლებში მიიჩქარის. მე არსად მეჩქარება, იმიტომ რომ არავინ მელოდება. ახლა მათზე, ყველაზე უფრო დიდი პრობლემა მაქვს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო. ნელ-ნელა ბინდდება. ფეხით მოსიარულეთა რიცხვი იკლებს. მანქანების რაოდენობა იმატებს. ქარი ჩადგა, მაგრამ წვიმა დაიწყო. მე კი გაუნძრევლად ვზივარ და ფიქრები ერთმანეთში ირევა. ნოდარის გაპუწკული ცოლი პალატასთან ტრიალებს. ექთანმა მითხრა, შიგნით დიდხანს ვერ გაჩერდა, არ შეუძლია ასეთ მდგომარეობაში ქმრის ყურება და კაფეტერიაში ჩავიდაო. შენ გკითხულობდაო. ახლა მასთან საუბრის თავი არ მაქვს. ისედაც მილიონჯერ დამირეკა დედაჩემმა, თითქოს ნოდარზე მეტი საფიქრალი არაფერი ქონდეს. გონებაში აზრი მწიფდება. მზად ვარ მის განსახორციელებლად. უჯრას ვაღებ და წამლებს ვათვალიერებ. თვალში კალიუმის პატარა ამპულა მხვდება. საუკუნეა აქ დევს და მისი არსებობა აღარც კი მახსოვდა. თითებში ვიქცევ და ერთჯერად ინსულინის ნემსს ვავსებ. გულის ჯიბეში ვიცურებ. დერეფანში მტკიცე ნაბიჯით გავდივარ. მიმღებში ვკითხულობ, ვინმეს ჩემი დახმარება ხომ არ ჭირდება. ძია ნოდარის სამედიცინო ანკეტას ვიღებ და ვათვალიერებ. ცოტა გული აწუხებს და წნევებსაც უჩივის. არც ღვიძლი აქვს მწყობრში. თუ გავითვალისწინებთ ალკოჰოლის და ნარკოტიკების დიდ რაოდენობას, არცაა გასაკვირი. აუჩქარებელი ნაბიჯით მის პალატაში შევდივარ. ნოდარს ძინავს. მარტოა. მაჯაზე კათეტერი უჩანს. გამაყუჩებლის მოქმედების ქვეშაა. იმხელა დოზა აქვს გაკეთებული, დილამდე არ გაიღვიძებს. საერთოდ თუ გაიღვიძებს ეგეც საკითხავია. ჩემს ფიქრებზე მეცინება. კალიუმიან ნემსს გულის ჯიბიდან ვიღებ და კათეტერში ვუშვებ. მშვიდად განისვენე ძია ნოდარ... თვალს ვავლებ კაცს და ოთახიდან მტკიცე ნაბიჯით გამოვდივარ. მიმღებში ცუდი ამბავი მხვდება. ნაავარიები პატარა შემოყავთ. სულ სისხლითაა მოსვრილი. ხელთათმანებს ვირგებ და საქმეში ვერთვები. რამდენიმე ნაკერს იქვე ვადებ. ვწმენდ და ვეფერები. ტომოგრაფიაზე მე თვითონ მიმყავს და მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები, როცა საფრთხე აღარ ემუქრება.
ჩემი კაბინეტისკენ დაღლილი მივიჩქარი, როცა საავადმყოფოში ხმაური და სირბილი იწყება.
-რა ხდება? - ვეკითხები პირველივე შემხვედრ ექთანს.
-თქვენ გეძებენ ქალბატონო თამარ, ტელეფონზე არ პასუხობთ. თქვენი პაციენტი ცუდადაა.
-პატარა ბავშვი? - ვეკითხები შიშით, მახსენდება რომ ტელეფონი კაბინეტში დამრჩა.
-არა, ნოდარ მამასახლისი.
სახეზე ფერები მივლის. ექთანს ვტოვებ და ძია ნოდარის პალატისკენ გავრბივარ. ოთახში რეანიმატოლოგი, თერაპევტი, ქირურგი და რამდენიმე ექთანი მხვდება.
-რა ხდება? - ვკითხულობ აკანკალებული ხმით.
-გულის ამუშავებას ვცდილობთ. თრომბია - მპასუხობს ექთანი. პაციენტს ტუჩები გალურჯებული აქვს. აღარ სუნთქავს და აღარც გულისცემა ისმის. წნევა აღარ ესინჯება.
-გულში ადრენალინი გავუკეთე, მაინც არაფერია. დათრომბა - ორ სიტყვას მეუბნება რეანიმატოლოგი და ისევ ხელით ცდილობს გულის ამუშავებას. რამდენიმე წუთი სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში გადის.
-სიკვდილის დრო 5:44 - მესმის დაღლილი ექთნის ხმა და ყველაფერი შეშდება. პალატიდან გამოვდივარ და კაბინეტისკენ მივდივარ. ალბათ შეშლილი სახე მაქვს, რადგან თანამშრომლები თვალს მაყოლებენ და ხმას არავინ მცემს. ოთახში შევდივარ, სავარძელში ვეშვები და ვითიშები.
ფანჯრიდან მზე ანათებს. გუშინდელი თავსხმა წვიმის შემდეგ მიკვირს. ეს ნიშანია იმის, რომ სწორად მოვიქეცი და ჩემი ცხოვრება ისევ მშვიდად წავა. მოსაცმელს ვიღებ და საავადმყოფოს მანამდე ვტოვებ, სანამ სიწყნარეა. ნოდარს ჩემს გარეშეც მიხედავენ. მე ჩემი როლი შევასრულე, ისიც დავასვენე და მისგან დაშანტაჟებული ხალხიც. სახლში მიუსვლელად ეკლესიაში მივდივარ. აქ ხშირად დავდივარ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრები. სანთელს ვანთებ და ღმერთს მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის რაც მაქვს. გამოსვლისას მოძღვრის ხმა მაჩერებს.
-თამარა შვილო, როგორ ხარ? აღსარებას არც დღეს მაბარებ? ახლა დრო მაქვს - მოგორავს ჩემსკენ საშუალო ასაკის მსუქანი მღვდელი.
-ახლა არა მამაო, ოდესმე ჩაგაბარებ - უკვე მერამდენედ ვეუბნები გაზეპირებულ ფრაზას და ვუღიმი.
-ოდესმე ღმერთთან დაახლოვება მოგინდება და მოდი ჩემთან. ღმერთმა დაგლოცოს - მეუბნება მოძღვარი.
-მადლობა მამაო - ვპასუხობ და ვშორდები. ჯერ ისე არ გავგიჟებულვარ, ვინმეს მოვუყვე ჩემს ცხოვრებაზე. ისიც ადამიანია და ერთ დღეს ცდუნებას რომ ვერ გაუძლოს და ალაპარაკდეს, მერე რა ვქნა. მადლობთ მამაო, მაგრამ მე და ღმერთი შუამავლების გარეშე ვახერხებთ ურთიერთობას.
ვეტ- კლინიკაში სიწყნარეა. ერთი საყვარელი პეკინესი მყავს პალატაში. ახალი ნაოპერაციებია და გამაყუჩებლების მოქმედების ქვეშაა. მიუხედავად ნახევრად მძინარე მდგომარეობისა, მაინც ვგრძნობ მის მადლიერ გამოხედვას. სავარძელზე მიწოლილი სიმშვიდით ვტკბები. მძიმე კვირა იყო. ძია ნოდარის სამძიმრები. დასაფლავება. დავდიოდი პანაშვიდებზე და ვისმენდი ვინ რას ლაპარაკობდა. ძირითადად ერთი ვერსია ტრიალებდა, რომ თრომბი დაიძრა და გულმა ვერ გაატარა. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, ნარკოტიკებისგან დაზიანებულმა ღვიძლმა ვერ გაუძლოო. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი ხოლმე, სამძიმარს ვიღებდი და თავის დაქნევით ვეუბნებოდი ხალხს მადლობას. როგორც იქნა გადავაგორე ეს კვირა. ახლა დაღლილ-დაქანცულს ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი მუშაობას, სახლში რომ წავსულიყავი.
კარები გაიღო და ოთახში ცისფერმა თვალებმა შემოანათა. ასე გვიან აღარავის ველოდი.
-ქალბატონო თამარ, შეიძლება? - მეკითხება ახალგაზდა მამაკაცი და ძალიან ნაცნობ თვალებს მანათებს.
-მობრძანდით - ვეპატიჟები და ფეხზე ვდგები. თან ტვინში ნერვული იმპულსები ელვაზე უფრო სწრაფად გადარბის, იქნებ როგორმე გავიხსენო ვინ არის.
მამაკაცს უკან შავი, ულამაზესი პიტბული მოსდევს. ჭკვიანი თვალებით მათვალიერებს. ასეთი ლამაზი ძაღლი იშვიათად მინახავს. შავ მაღალ ფეხებზე დგას. ყურები აუცქვეტია. სულ შავია, მხოლოდ გულზე თეთრი ვარსკვლავი აქვს. ხელს მისკენ ვწევ და დაყნოსვის საშუალებას ვაძლევ. ყელი შეხვეული აქვს, სისხლიც ეტყობა. იჩხუბა? უჯრიდან ძაღლების სასუსნავს ვიღებ და ვაწვდი. ჭკვიანი ცხოველი სუნავს მაგრამ პირს არ აკარებს და პატრონისგან ნებართვას ელოდება.
-ტაისონ აიღე - ეუბნება მამაკაცი. ისიც გაბედულად აგემოვნებს.
-რა ჭირს იჩხუბა? - ვეკითხები პატრონს და სახვევს ვხსნი.
-არა რამდენიმე დღის წინ გაებერა, დღეს საღამოს კი გაუსკდა და სითხე გადმოუვიდა.
სახვევს უსიამოვნო სუნი აქვს. ინფექციაა. სავარაუდოდ საყლაპავიდან, ან სანერწყვე სადინარიდან.
ტაისონს ყელს ვუსინჯავ. იღრინება მაგრამ არ ინძრევა. იცის რომ მის დასახმარებლად ვარ აქ და არა რამეს სატკენად.
-რომ დავაძინო ცოტა ხნით რას იტყვით? ექოსკოპიასაც ადვილად გადავუღებ და ჭრილობასაც გავწმენდ. თუ საჭიროა გავკერავ კიდეც. არ ეტკინება.
მამაკაცი თავს მიქნევს. ნემსს ვამზადებ და ხელის ერთი მოძრაობით კუნთში ვუკეთებ. ტაისონი მიბღვერს, მაგრამ პატრონის ნიშანზე ჩუმდება. სანამ ის დაიძინებს ექთანს ვეძახი და საბუთებს ვნახულობ.
-ტაისონ მამუკას ძე ღლონტი - მეუბნება მამაკაცი. მეღიმება. სამედიცინო ბარათში აცრების მეტი არაფერია. ესე იგი ჯანმრთელია. ტაისონს უკვე ძინავს. მის აწევას და მაგიდაზე გადაყვანას ვცდილობ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმეა. ტყვიასავით მძიმეა. ბატონი მამუკა მეხმარება. ექოსკოპიის აპარატს ყელზე ვატარებ. ჭრილობიდან მოწითალო, მძაფრსუნიანი სითხე ამოდის. საყლაპავი გაჭრილი აქვს და კუნთში ინფექციაა შეჭრილი. კანმა ვეღარ გაუძლო და გასკდა.
-ბატონო მამუკა, რა ჭამა? საყლაპავი მილი აქვს დაზიანებული - ვეკითხები კაცს და ეკრანზე ჭრილობას ვაჩვენებ.
-ქვებს ყლაპავს. მეტი საეჭვო არაფერი მახსენდება - მეუბნება დაფიქრებული პატრონი.
- ხო ეგ შემთხვევა მქონდა ერთხელ. შეიძლება ძვალმაც დაუზიანა. საშიში არაფერია. გავწმენდ, გავკერავ და ყველაფერი კარგად იქნება. თუ გნებავთ გარეთ დაგველოდეთ.
ხელთათმანს ვიხდი, ექთნის დახმარებით მაგიდას ვამზადებ. ხელებს ვიბან და მანიპულაციისთვის ვემზადები. მამაკაცი ყოყმანობს.
-დავრჩები - მეუბნება ის. ტაისონს ხელს უსვამს და დრუნჩთან კოცნის.
-თქვენზე მითხრეს საუკეთესოაო. ამიტომაც მოვიყვანე აქ - არ წყვეტს ძაღლის ფერებას პატრონი - თქვენი სახელი საიდანღაც მეცნობა და ვერ ვიხსენებ.
- მეც ვეუბნები ნაჩქარევად - ახლა ტაისონს მივხედოთ. კაცი ჩუმდება. არ მიყვარს როცა საქმის დროს სხვა რამეზე მესაუბრებიან.მშვიდად ვწმენდ ჭრილობას. ოთახში საშინელი სუნი დგება, მე არ მაწუხებს. მამუკას სუნთქვა უჭირს. გარეთ გარბის. მეღიმება. საყლაპავს ვუკერავ. გარე ჭრილობაში ტამპონს ვდებ და საფენს ვადებ. ძაღლს ვეფერები და მის გამოფხიზლებას ვცდილობ. პატრონი მიერთდება და ჩურჩულით ყურში სახელს ჩასძახის. ტაისონი რეაგირებს. თვალებს ახელს და კვნესის. შვებით ვსუნთქავ. ფურცელს ვიღებ და წამლების დასახელებას და მიღების წესებს ვწერ. ძაღლი ფეხზე წამოდგომას ცდილობს.
-ბატონო მამუკა - მივმართავ კაცს, მასაც ჩემზე გადმოაქვს ყურადღება - აქ წამლების ჩამონათვალია. ეს გამაყუჩებელია. გადააყლაპეთ თუ შეხედავთ რომ კვნესის და წუხს. ეს ანტიბიოტიკია, რომელიც სამი დღე კუნთში უნდა გაუკეთოთ დღეში ერთხელ. თუ ვერ გაუკეთებთ აქ მოიყვანეთ და ჩვენ მივხედავთ. ხვალ ტამპონი უნდა ამოვუღოთ აუცილებლად. მე არ ვიქნები, მაგრამ უჩემოდაც მოუვლიან. ეზოში არ დატოვოთ, სახლში გყავდეთ და სიცხე აკონტროლეთ. იცი როგორ უნდა მიხვდეთ თუ ტემპერატურა აუწევს?
კაცი თვალებში გაფაციცებით მიყურებს და ყველა სიტყვის დამახსოვრებას ცდილობს.
-დიახ ვიცი, ცხვირი და თათები უნდა ქონდეს სველი.
-სახლში მყავს, ჩემთან ძინავს. არ გამიჭირდება ყურადღების მიქცევა. ცუდია ხვალ რომ არ იქნებით.
-ტელეფონის ნომერი აქ წერია, დამირეკეთ ნებისმიერ დროს - ვეუბნები მამუკას და ბარათს ვაძლევ. - ახლა შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. ტკივილგამაყუჩებელი აქვს გაკეთებული და მოდუნებული იქნება.
კაცს ტაისონი პატარა ბავშვივით აყავს ხელში. გულზე იხუტებს და მადლობას მიხდის.
-ქალბატონო თამარ, თუ არ შეწუხდებით, მანქანის კარები გამიღეთ, შემოსასვლელთან დგას.
ჯიბეში ხელს მორიდებულად ვუყოფ და გასაღებს ვიღებ. მანქანის უკანა სავარძელზე ტაისონს ვაწვენთ. ძაღლი თვალებს ახელს და ხელს მილოკავს. ასეთი წუთებისთვის ღირს მათთან მუშაობა. ჯერ თავზე ვკოცნი, მერე დრუნჩზე და კარს ვკეტავ. უცებ თვალში საქარე მინაზე გაკრულ შსს ემბლემას ვხედავ.
სახლში გაბრუებული ვბრუნდები. „მამუკა ღლონტი, შსს, რაღაც ნაცნობია და ვერ ვიხსენებ“ - ვფიქრობ ჩემთვის და გონებას ვძაბავ. დაrლილობის მიუხედავად ცუდად მძინავს. შუაღამეს ოფლში გაწურულს მეღვიძება და მახსენდება, სად მყავს ნანახი ეს ცისფერი თვალები.
დედაჩემი ცნობილი და შეძლებული ექიმია. სამეგობროც ასეთივე ყავს. ჩემს ბავშვობაში სიცივე, შიმშილი და გაჭირვება რომ დაძრწოდა მთელი ქვეყნის ქუჩებში, დედაჩემის სამეგობროს შვილები ჩოგბურთზე, ცურვაზე, კალათბურთზე და ვინ იცის კიდევ რაზე არ დადიოდნენ. ზოგიერთს დაუფასდა. შვილები მშობლებივით წარმატებული ხალხის სისხლის მწოველი ექიმები, ეკონომისტები და იურისტები გამოვიდნენ. თუმცა უმრავლესობა მშობლების გაზულუქებულ შვილად დარჩა და დღემდე მათ კმაყოფაზე არიან.
ლადო გიგანი დედას ერთ-ერთი მეგობრის შვილი იყო. მთელი ბავშვობა ვხედავდი და ვისმენდი მის წარმატებებს. „როგორი ლამაზი ბავშვია, რა მოქნილი“. მოგვიანებით „როგორ ცეკვავს, როგორ უკრავს, ჩოგბურთს როგორ თამაშობს, სასწაულია ეს ბიჭი“. კიდევ უფრო მოგვიანებით „ ლადო უიმბლდონზე გავიდა, რეიტინგში წინ მიიწევს. მალე მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება“. იზრდებოდა ლადოს პოპულარობა და ჩემი მისდამი ინტერესიც. თუმცა თვითონ რამდენჯერაც შემხვდებოდა, ლოყაზე ხელს მომითათუნებდა, „რა ბუთქუნა გოგოაო“ იტყოდა და გამეცლებოდა. სკოლის დამთავრების და ჩემი უშნო ჭუკიდან ლამაზ გედად ქცევის შემდეგ, სულ დამავიწყდა ლადოც და მისი წარმატებებიც. ტელევიზიით და ინტერნეტით თუ გავიგებდი მის სახელს. წარმატების კვარცხლბეკზე ზევით და ზევით მიიწევდა.
ერთ დღეს სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე ლადო გიგანის შეტყობინება დამხვდა.
-გამარჯობა თამარა, იმედია გახსოვარ - მწერდა ის.
-დიახ, მახსოვხარ - ვუპასუხე გაკვირვებულმა.
-შენს ფოტოებს გადავაწყდი და ვიფიქრე შევეხმიანები-თქო - არ დააყოვნა პასუხმა.
-(ღიმილის ნიშანი)
-ძალიან ლამაზი ხარ იცი? როგორ მიდის შენი საქმეები?
ეს მოკითხვით დაწყებული მიმოწერა თითქმის წელიწადი გაგრძელდა.
მიმოწერის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ჩემი პირველი შვებულებით ვისარგებლე. მთელ დანაზოგს თავი მოვუყარე და საბერძნეთში წავედი. ლადო იქ მელოდა. ორი კვირა კუნძულ კრეტასა და ათენს შორის ვმოგზაურობდით. სადაც დაგვიღამდებოდა იქ ვჩერდებოდით. ჰოსტელშიც გვიძინია და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროშიც. ერთმანეთს ძლივს დავშორდით. მიმოწერა გაგრძელდა.
ექვსი თვის თავზე, დეკემბრის დასაწყისში მისგან პარიზის ბილეთის სურათები მივიღე. თარიღი შეუვსებელი იყო. სიხარულისგან ისე დავფრინავდი, საავადმყოფოს ექიმები და ექთნები გაკვირვებული თვალებს აფახურებდნენ. დერეფნის კუთხეში შევიმალე და „გულები“ გავუგზავნე. ზამთარი, პარიზი, ეიფელი, ლუვრი...
ჩემმა მშობლებმა ძალიან გააპროტესტეს ჩემი საფრანგეთში ვიზიტი. მამაჩემმაც კი აუწია ხმას. მაგრამ ლადოსთან ერთად სიყვარულის ქალაქში შობა-ახალი წლის გატარება ყველაფერს მერჩივნა. ოცდახუთ დეკემბერს ბარგი ჩავალაგე და გავფრინდი.
ის უკვე აეროპორტში იყო და წინ საოცრებები გველოდა.
ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ყველა შვებულებას და შობა-ახალს წელს ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებდით და ეს შესანიშნავი იყო. ამაზე არასდროს არავისთან დამცდენია სიტყვა. ლადო ახალ მწვერვალებს იპყრობდა, მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში იყო. მეც ჩემი ჩავარდნების მიუხედავად, წინ მივიწევდი. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთ დღეს ღიად გამოვაცხადებდით ჩვენს ურთიერთობას. ისიც წარმოდგენილი მქონდა, როგორ ავაწყობდით ორ ქვეყანაში ცხოვრებას.
შემოდგომა იწურებოდა. გარეთ უკვე ძალიან ციოდა და ჟინჟლავდა. საავადმყოფოდან დაღლილი და გაყინული მივედი სახლში. ტელევიზორი ჩავრთე და სამზარეულოს მივაშურე. როგორც ყოველთვის მაცივარი ცარიელი დამხვდა. მე არ შემივსია და სხვა ვინ იზამდა ამას. რაც ვიპოვნე მოვაგროვე და ის იყო კომფორტულად მოვეწყვე რომ იუმორისტული გადაცემის წამყვანის ხმა მომწვდა ყურში: „დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი ჩოგბურთელი ლადო გიგანი“. ხელი გამიშეშდა და ლუკმა გადამცდა. ისიც არ ვიცოდი ჩამოსვლას თუ გეგმავდა. სტუდიაში ჩემი ლადო გრძელფეხება, მოკლე შორტიან, ქერათმიან, ულამაზეს გოგონასთან ერთად შემოვიდა.
მთელი გადაცემა ვუყურე. რაზე ხუმრობდნენ არ მესმოდა, გონებაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ტრიალებდა: „ჩემი საცოლეა“, „ უკვე ორი წელია ერთად ვართ“, „ლატვიელია“, „მოდელია“. გონზე რომ მოვედი საინფორმაციო გადიოდა. ტელეფონი ვიპოვნე და პირველი რაც თავში მომივიდა ის მივწერე.
„გადაცემა ვნახე, ვინაა ის გოგო?“
„ბოდიში აქამდე უნდა მეთქვა, მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი“
„მოგვიანებით“ უსასრულოდ გაგრძელდა. მე გათიშული დავბორიალებდი, ის კი ტელევიზორის ეკრანიდან არ ჩამოდიოდა თავის ულამაზეს საცოლესთან ერთად. ახალ წელს ეგვიპტეში უნდა შევხვედრილიყავით, ლადო კი თურმე ლატვიაში აპირებდა წასვლას კაწიას მშობლებთან შობის გასატარებლად. ალბათ მერე პირდაპირ იქიდან გამოფრინდებოდა გიზის პირამიდის ჩემთან ერთად სანახავად. რა ირონიაა...
ახალ წლამდე გაფაცივებით ვადევნებდი თვალს ლადოს სოციალურ ქსელებს. ჩემს მშობლებთანაც რამდენჯერმე ჩამოვაგდე მასზე სიტყვა. თურმე კაწია მათაც გაუცვნიათ. მამაჩემი მოხიბლული იყო ბალტიისპირელი ლამაზმანით. ალბათ საბჭოთა ნოსტალგიის გაქარწ....ბას ცდილობდა. ლადოს მეც მოვუკითხივარ. დედაჩემმა სიტყვა-სიტყვით გადმომცა მისი ნათქვამი: „ისევ ისეთი საყვარელია როგორც ბავშვობაში იყოო?“ „ალბათ შენი მსუქანი და საყვარელი ლოყები ახსოვსო“ - დაამატა. მე კი მგონია, ის უფრო აინტერესებდა, იცოდნენ თუ არა ჩემმა მშობლებმა ჩვენი რომანის შესახებ. საკითხავია, რატომ ქონდა იმედი, რომ მე არაფერს ვიტყოდი. კარგად მიცნობდა და დარწმუნებული იყო მე ისტერიკას არასდროს მოვაწყობდი. რა უნდა მეთქვა, ჩემთან ერთობოდა და ახლა ცოლი მოყავს-თქო? თავს ვერავის დავაცინინებდი.
ჩემი მშობლებისგან გავიგე, რომ ძველით ახალი წლისთვის რაღაც ღონისძიება იმართებოდა სპორცმენებისთვის. ლადო იქ იქნებოდა. ცხოვრებაში ერთადერთხელ ჩემი ყოფილი პაციენტი გამოვიყენე და მოსაწვევი ვთხოვე. სპორტის სამინისტროში მუშაობდა და დიდი სიხარულით გამიწია ეს პატარა სამსახური. ვნერვიულობდი. რამდენიმე დღე შესაფერისი ტანსაცმელი ვეძებე. საბოლოოდ ისეთი კაბა შევარჩიე, რომელშიც ლამაზიც ვიქნებოდი და შეუმჩნეველიც.
უამრავი ცნობილი ადამიანი ირეოდა საზეიმოდ გაწყობილ დარბაზში. მათზე უფრო მეტი უცნობები იყვნენ, რომელთაც იმედი ქონდათ ერთი შანსი მაინც ექნებოდათ ფოტო გადაეღოთ საყვარელ სპორცმენთან. ყველგან კამერა ანათებდა. ვიღაც ინტერვიუს იღებდა, ვიღაც ავტოგრაფს ითხოვდა და მიღების შემდეგ ბედნიერი ღიმილით იხუტებდა გულში.
ლადოს ვეძებდი. მეგონა კამერების სიახლოვეს ვიპოვნიდი. ის კი თავის ლამაზ საცოლესთან ერთად კუთხეში იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს ხალხს. ხელი კაწიას თეძოზე ედო და რაღაცას ეჩურჩულებოდა.
პირველმა ეიფორიამ გადაიარა. კამერებიც ჩაქრა. რამდენიმე მისასალმებელი სიტყვის და ქება-დიდების შემდეგ მონასტერი აირია. ყველა ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ახალ წელს ულოცავდა და უაზროდ ლაყბობდა. როგორც იქნა კაწია მოწყდა საქმროს და დერეფნისკენ წავიდა. ალბათ თავისი იდეალური გარეგნობა სარკეში უნდა შეეთვალიერებინა. დრო ვიხელთე, ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა ბარიდან ავიღე და ლადოსკენ დავიძარი. ბიუსჰალტერიდან ვერატრიდინის ფხვნილი ამოვიღე, ჭიქაში ჩავყარე და შევანჯღრიე.
ჩემს უკვე ყოფილს ჩემი დანახვა არ ესმიამოვნა. თვალები გაუფართოვდა და მშველელის ძებნა დაიწყო, მაგრამ ახლომახლო ნაცნობი ვერავინ შენიშნა და მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.
-საჩხუბრად არ მოვსულვარ - ვუთხარი მიახლოვებისთანავე. გავუღიმე და ჭიქა გავუწოდე. ფორთოხლის წვენი მისი სისუსტე იყო. უარს ვერ იტყოდა. ცოტა დამშვიდდა და შემათვალიერა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები - გამიღიმა თავისი უზადო ღიმილით.
-მადლობა. შენს საცოლეს ვერ შევედრები - ვუპასუხე ისე რომ მზერა არ მომიშორებია. თვალი ამარიდა -გაგიმარჯოთ, ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს.
ჩემი ჭიქა მისას მივუჭახუნე და შამპანური ბოლომდე დავცალე. მანაც ფორთოხლის წვენი მოიყუდა. ცარიელი ჭიქა გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე.
-არ დამვიწყები როგორ გიყვარს წვენები - ვუთხარი, გავუღიმე და გავშორდი. აღარ მინდოდა იმის ყურება, რაც შემდეგ მოხდებოდა. ამ წამლის 0,6 სასიკვდილო დოზაა. მე ლადო სიკვდილისთვის ვერ გავიმეტე, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვაშორე დიდ სპორტს.
ნახევარ საათში სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა ლადო გიგანი. დიდი ხანი დაჭირდათ ექიმებს გულის ინფარქტის, წნევის ცვალებადობის და კუნთების სპაზმის სამკურნალოდ. გამოძიება ფორმალურად დაიწყო. ჩემთანაც, როგორც ერთ-ერთ რიგით სტუმართან გამომძიებელი მამუკა ღლონტი მოვიდა და გამესაუბრა. ის მამუკა ღლონტი, რომელიც გუშინ საღამოს საყვარელ პიტბულთან ერთად კლინიკაში მესტუმრა.
გამომძიებლისთვის არ დამიმალავს, რომ მე და ლადო ერთმანეთს ვხვდებოდით შვებულებებზე. „ასეთი ფარული რომანი ორივეს გვაწყობდა, ამიტომაც არავისთვის გვითქვამს ამის შესახებ და მისი საცოლის არსებობის ამბავიც ვიცოდი“ - ვუთხარი ბატონ მამუკას და დამიჯერა. ჩვენი მიმოწერა გადაამოწმა. საეჭვო ვერაფერი ნახა და აღარ შევუწუხებივარ. ახლა კი ვერ მიცნო. არც მქონდა სურვილი, რადგან თუ პრობლემას შემიქმნიდა, მისი მოგვარების გზების ძიება მომიწევდა. მე კი პატიოსნად იშვიათად ვთამაშობდი.
სალომე ტაბატაძე
21,09,2022



№1 სტუმარი სტუმარი ნელი

საინტერესო ისტორიაა, კარგად წერ,ველოდები ახალს, წარმატებებს გისურვებ.

 


№2  offline წევრი კი პრი

სტუმარი ნელი
საინტერესო ისტორიაა, კარგად წერ,ველოდები ახალს, წარმატებებს გისურვებ.

მადლობა თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია

 


№3 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან საინტერესოდ წერთ, ეხლა აღმოგაჩინეთ და ყველა ისტორია წავიკითხე.
ქარვამ მომხიბლა.
იმედია ამასაც მალე განაგრძობთ

 


№4  offline წევრი კი პრი

სტუმარი ნენე
ძალიან საინტერესოდ წერთ, ეხლა აღმოგაჩინეთ და ყველა ისტორია წავიკითხე.
ქარვამ მომხიბლა.
იმედია ამასაც მალე განაგრძობთ

ძალაინ მიხარია. დიდი მადლობა

 


№5 სტუმარი ხათი

საინტერესო იყო, მაგრამ არ მეყო. გააგრძელეტ რა. მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent