შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შაქრის ციებ-ცხელება (თავი-2)


3-10-2022, 10:39
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 305

ესეც მომდევნპო ეპიზოდი. ველოდებიი თქვენი აზრების გაზიარებას kissing_heart




8 8 8 8
-სად ხარ, კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? -დაღლილი ხმით ჩასძახა ყურმილში მყუდრო კაფის ფანჯარასთან მოკალათებულმა ნატალიმ, ვისაც წინ შოკოლადის ნამცხვრის მოზრდილი ნაჭერი დაედო და ამ უკანასკნელს, შეჭმის მაგივრად ჩანგლით ეთამაშებოდა.
საღამოს რვის ნახევარი იყო. ქუჩაში თოვლის მსხვილი ფიფქები ცვიოდნენ, რაც ლამპიონების ოქროსფრად მანათობელი შუქის ფონზე ბევრად უფრო მომხიბვლელ სანახაობას ქმნიდა. გოგონა სრულიად მარტო იჯდა მთელს კაფეში. ერთ საათში დაწესებულება სამუშაო დროსაც დაასრულებდა, ხოლო ცხრა საათზე უკვე კომენდანტის საათი დაიწყებოდა, ამიტომ ნატალის სწრაფად სურდა იმ საქმის მოგვარება, რის გამოც ახლა სახლიდან იყო გამოსული.
-უკვე მოვედი და გხედავ კიდეც ნატალი
-სად ხარ? -როგორც კი ყურმილში მამაკაცის ხმა გაიგო, თავი მაშინვე გაატრიალა გოგონამ და დაინახა კიდეც გზაზე გადმომავალი მაღალი სილუეტი, რომელსაც ტანზე ნაცრისფერი მანტო მოერგო, ხოლო ყელზე ამავე ფერის კაშნე მოეხვია.
ფართოდ გაეღიმა ნატალის. საერთოდ არ შეცვლილიყო მამაკაცი იმ დროის განმავლობაში, რაც ერთმანეთი აღარ ენახათ. ჩაცმის სტილიც კი ისეთივე ჰქონდა, როგორიც ადრე. განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ ახლა ოდნავ მოშვებულ წვერს ატარებდა და უწინდელთან შედარებით თმა სულ ცოტათი გაეზარდა.
მისკენ მომავალი მამაკაცი, კერძოდ კი ალექსი მეტრეველი, ნატალის და აგრეთვე ლალიტას ახლო მეგობარი და თანაკლასელი გახლდათ. სკოლის დასრულების შემდეგ, ალექსმა მხოლოდ ერთი წელი ისწავლა საქართველოში, ხოლო შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო. გარკვეული დრო სამუშაოდაც შემორჩა და თბილისშიც სულ რაღაც ორი კვირის დაბრუნებული იყო. უნდა ითქვას, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ნატალის, ლალიტასა და ალექსს. მიუხედავად ბიჭის უხეში, უჟმური ხასიათისა, გოგონებს იგი მაინც ძალიან უყვარდათ და ისეთ საკითხებშიც ცდილობდნენ მის გაგებას, რაშიც მათ გარდა ვერასდროს ვერავინ გაუგებდა. ბავშვობაში ზედმეტსახელებიც კი ჰქონდათ ერთმანეთისთვის. ალექსს თავისი გაუცინარობისა და გულცივობის გამო გოგონები გამუდმებით სქვიდბორდს ეძახდნენ. როგორც გულუბრყვილოსა და მიმნდობს, პატრიკის მეტსახელი ნატალის ერგო წილად, ხოლო მუდამ მხიარულსა და მომცინარ ლალიტას –სპანჯ-ბობი.
უნდა აღინიშნოს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომანიც კი ჰქონდათ ალექსსა და ლალიტას. მეტიც, გიჟდებოდნენ კიდეც ერთმანეთზე დამამთავრებელ კლასებში, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ხასიათებში თანწყობა ვერ მოახერხეს და ამის გამო დაშორებაც მოუწიათ.
-ჯანდაბა, სქვიდბორდ, ისევ ისეთი სიმპათიური ხარ! -სკამის საზურგეს ღიმილით მიყრდნობოდა ნატალი და ისე უყურებდა თოვლის ფიფქების ქვეშ მომავალ მამაკაცს, ვისთანაც მთელი ბავშვობა და უამრავი სიგიჟე აკავშირებდა
-კარგი რა, ეგ სულელური მეტსახელი კიდევ არ დაგვიწყებია?
-შენც ხომ არ დაგვიწყებია პატრიკი?
-მე არც სპანჯ-ბობი დამვიწყებია, მაგრამ როგორც ჩანს მას არ ვახსოვარ, რადგან ახლა შენთან ერთად არ არის
-ლალიტას საქმეები ჰქონდა -მეგობრის გამართლების ავტომატურ რეჟიმზე გადაერთო გოგონა. ნამდვილად არ სურდა იმის აღიარება, რომ ახლა ლალიტა დანიელთან შესახვედრად იყო წასული. მართალია მათი რომანის დასრულების შემდეგ დიდი დრო იყო გასული, თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ იმოქმედებდა ალექსზე თავისი ყოფილი შეყვარებულის სხვა ადამიანის გვერდით წარმოდგენა.
მამაკაცს აღარაფერი უპასუხია. რამის თქმის მაგივრად, ტელეფონზე ყურმილი დაკიდა და იგი კვლავ მანტოს ჯიბეში ჩააბრუნა, რადგან უკვე თითქმის კაფის ზღურბლამდე იყო მისული და წამი-წამზე მის კარსაც შეაღებდა. ნატალიც წამოდგა ფეხზე მის შესაგებებლად. ახლა ბევრად უფრო ცხადად იგრძნო, თუ როგორ მონატრებოდა თავისი ძველი მეგობარი და შემოვიდა თუ არა ალექსი, მაშინვე ყურებამდე ღიმილიანი სახით გადაეხვია.
-რა მაგრად მომნატრებიხარ სქვიდბორდ, შენ აზრზეც არ ხარ რაა!
-კარგი, ზედმეტად სენტიმენტალურებიც ნუ ვიქნებით -საპასუხო მონატრება სიტყვებით არ გამოხატა მამაკაცმა, თუმცა ჩახუტებით მაინც ჩაეხუტა, თან იმდენად თბილად, რომ ნატალიმ უსიტყვოდაც იგრძნო ყველაფერი ის, რის ხმამაღლა თქმასაც ალექსი საერთოდ არ აპირებდა
-მოდი დავსხდეთ. რამეს შეჭამ?
-ჯერ ის მითხარი, ამ პანდემიის პერიოდში ისეთი კაფე სად იშოვე, სადაც კლიენტების შიდა სივრცეში მიღებაა შესაძლებელი?
ნატალიმ პასუხი მხოლოდ თავის სკამზე ჩამოჯდომისა და ნამცხვრის ერთი ლუკმის გასინჯვის შემდეგ გასცა.
-შიდა სივრცეში მიღება არც აქაა შესაძლებელი -მიუგო მან თან გარშემო მიმოატარა მზერა -ნახე, ჩვენს ირგვლივ არავინაა. დანარჩენებივით ეს კაფეც მხოლოდ გატანის სერვისებზე მუშაობს, უბრალოდ მისი მეპატრონე ჩემი კარგი ნაცნობია და უფლება მომცა ცოტა ხნით აქაურობა შენთან შესახვედრად გამომეყენებინა
-აი თურმე -ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა, თან ნატალის პირდაპირ დაიკავა ადგილი მამაკაცმა. მანტო არ გაუხდია. ვინაიდან კაფეში ნორმალური ტემპერატურა იყო და არც ზედმეტად ცხელოდა, მხოლოდ თავისი კაშნე მოიხსნა დაჯდომისას, ნიკაპზე ჩამოწეულ სამედიცინო პირბადესთან ერთად -სიმართლე გითხრა მეგონა სახლში დამპატიჟებდი
-თავადაც ეგრეც მინდოდა, მაგრამ მე და ლალიტამ ბინა შევიცვალეთ და ახლა მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობთ -გაეცინა გოგონას, თან კიდევ ერთხელ ჩაიდო შოკოლადის ნამცხვრის მოზრდილი ლუკმა -შენ კი კარგად მახსოვს ლიფტების როგორაც გეშინია
-გასაგებია -ოდნავ ჩაეცინა, თან ორივე მკლავით ჩამოეყრდნო მაგიდას -ისე, მეთექვსმეტე კარგია, ზაფხულში კოღოები არ შეგაწუხებენ
-კოღოები კი არა შენ ის მითხარი რამეს თუ შეჭამ? -დახლთან მდგომ მიმტან გოგონას გახედა ამის თქმისას ნატალიმ, ვისაც თავისუფალი დრო ეპოვა და მობილურში პირდაპირ თავით იყო ჩამძვრალი
-არა, არაფერი მინდა. ბებიაჩემის გადამკიდე უკვე საათობრივ კვებაზე ვარ გადასული
-საათობრივ კვებაზე? -გაეცინა გოგონას
-ჰო, აუჩემებია გერმანიაში ქართული საჭმელი მოგენატრებოდაო და ყოველ საათში ხან ხაჭაპურებით ხელში დამდევს, ხან კიდევ ღომით და მეგრული ხარჩოთი
-აუ მაგრად მომენატრა რაა ნინია ბებო -სახეზე ოდნავი სევდა გამოესახა ნატალის -გახსოვს რა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებდა ხოლმე, როცა მე და ლალიტა შენს სახლში ვმეცადინეობდით შუალედური გამოცდებისთვის?
-მე ისიც მახსოვს წონაში მატებას რომ ბებიაჩემს აბრალებდით და ბავშვებივით წუწუნებდით -ნატალის მსგავსად, ალექსის სახესაც მოჰგვარა ღიმილი წარსულის ამ მოგონებებმა. შემდეგ სწრაფად დასერიოზულდა, საფეთქელს ორი თითით დაეყრდნო და საქმიანი ადამიანის იერი მიიღო -მოკლედ, ყველაფერი გაგირკვიე იმ ადამიანის შესახებ, რაც კი შევძელი. როგორც მთხოვე, არ გეკითხები ვინ არის ეგ სებე ანჯაფარიძე ან რაში დაგჭირდა ეს ინფორმაცია.
ნატალის თვალებში უმალ გაჩდნენ სიხარულის ნაპერწკლები.
-მართლა ყველაფერი გამირკვიე მასზე?
-ჰო, ჰო, გაგირკვიე და ისეთი ინფორმაციებიც მაქვს, რაც თავს ბრაზილიურ სერიალში გაგრძნობინებს, თუმცა ამას ცოტა მერე მივუბრუნდები. ჯობია ჯერ სხვა რამებით დავიწყო
-კარგი, გისმენ -მაქსიმალურად დაინტერესებული სახით უყურებდა გოგონა, თავის წინ მჯდომ მამაკაცს და ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის დაიწყებდა საუბარს ეს უკანასკნელი. საბედნიეროდ, ამ მომენტს დიდხანს არც დაუგვიანია:
-მოკლედ, პირველ რიგში იმას გეტყვი, რომ მისი ინსტაგრამი, ფეისბუქი და ტვიტერი, სამივე გავტეხე და პაროლები აი აქ არის -თქვა თუ არა, ჯიბიდან ორად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო და ნატალის დაუდო წინ -რასაც გადავხედე, სოციალურ ქსელებს ძირითადად სამსახურისთვის იყენებს, თუმცა რამდენიმე პირადი მიმოწერაცაა და შეგიძლია თვალი გადაავლო. ასე უკეთ გაიცნობ მაგ ადამიანის პიროვნებას და მისი შესწავლის საშუალებაც მოგეცემა.
-აუ სქვიდბორდ მაგარ შარში გაგდებ რაა. ეს რომ სებემ გაიგოს, პირადი ინფორმაციის ხელყოფისთვის შეიძლება გიჩივლოს კიდეც
ალექსს ჩაეცინა.
-ნუ ღელავ ნატალი. იმდენად სუფთად ვმუშაობ, ჩემს კვალზე ძალიანაც რომ მოინდომონ, მაინც ვერ გამოვლენ -მაშინვე დაამშვიდა და კომენტარის გაკეთებაც აღარ აცალა ისე განაგრძო :-ერთი სიტყვით, რაც გავარკვიე ისაა, რომ საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნებაა და თუკი ადამიანს ხუთი თითივით არ იცნობს, ზედმეტად მიახლოების საშუალებას არასდროს მისცემს.
-კიდევ მითხარი რამე
-ზოგადი განათლების მხრივ ძალიან ჭკვიანია. სკოლაში და უნივერსიტეტში საუკეთესო ქულები ჰყავდა, თუმცა სწავლის მხრივ აქტიური და თავის წარმომჩენი ნაკლებად იყო. დღემდე ეზიზღება ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც ქალების თემაში უყვარს ტრაბახი, მიუხედავად იმისა, რომ კლასელი და კურსელი გოგონებიდან ოთხმოცდაათი პროცენტი მაინც, ზუსტად მაგ ტიპზე ნადირობდა. გაგიკვირდება და ერთხელ ნასამართლებიც კია
-ნასამართლები? -გაუკვირდა და წარბებიც უნებურად შეკრა ნატალიმ -რისთვისაა ნასამართლები?
-მაშინ ოცდაორი წლის იყო. თურმე ბარში მეგობრებთან ერთად სვამდა და ერთ ასეთ ფაქტს შეესწრო:- მოკლედ, ერთი ბიჭი ვიღაც გოგოს უპირებდა შებმას, ეს გოგო კიდევ გულგრილად ესაუბრებოდა და ახლოს არ იკარებდა. ჰოდა ამ ბიჭმაც გეგმა მოიფიქრა, ბარმენს დიდი ფული გადაუხადა, რათა ამ გოგონას სასმელში აღმგზნები ნარკოტიკი ჩაეყარა, რათა მერე მისთვის ის გაეკეთებინა, რაც სურდა. შენი სებე ბარმენისა და ამ ტიპის დიალოგს შეესწრო, ეგ გოგო თავის მეგობარს გააყვანინა ბარიდან, რათა მისთვის ხელი ვერავის ეხლო, ხოლო ის ტიპი და ბარმენი ისე სცემა, ორივეს ტრავმატოლოგიურში ამოაყოფინა თავი. მერე მაგათმა მშობლებმა უჩივლეს და საკმაოდ დიდი სკანდალები იყო.
-ანუ ეგ გოგო პოტენციურ გაუპატიურებას გადაარჩინა, არა?
-გაუპატიურებასაც ვერ დაარქმევ, რადგან სასმელში ისეთ წამალს უყრიდნენ, უხეშად რომ ვთქვათ, თვითონ შემოაჯდებოდა იმ ტიპს, თუმცა რაღაც მაგდაგვარი ნამდვილადაა
-ალექს ეს ყველაფერი საიდან გაიგე? -ცალკე მოსმენილისგან იყო გაკვირვებული ნატალი, ცალკე კი იმისგან, რომ ასეთ დეტალურ და სიღრმისეულ ისტორიებს მიაკვლია მამაკაცმა -როგორ მოახერხე ეგეთი პირადული ინფორმაციების შეგროვება?
-თუ შენ იმის მიზეზს არ ასახელებ, რატომ მთხოვე მაგ სებეზე ყველაფრის გარკვევა, მე ჩემს ინფორმაციის წყაროს დავტოვებ საიდუმლოდ. ხომ სამართლიანია?
-სრულიად -გაეცინა, მერე კი წამებში დასერიოზულდა, თან კვლავ ინტერესით სავსე მზერა ესროლა ალექსს -ჰო მართლა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდი საუბრის ბოლოს
-ჰო, მის საცოლეზე, თიკაზე მინდოდა მომეყოლა
-ერთმანეთი რომ არ უყვართ, მაგას თავადაც ვხვდები, სახეზეც ეტყობათ. შენ რამე ახალი მითხარი
-ვერც ეყვარებათ ნატალი -ტუჩის კუთხე კბილებში მოიქცია მამაკაცმა ამის თქმისას, თან ორაზროვნად შეხედა გოგონას. ამ უკანასკნელს, მაშინვე გაუჩნდა ალექსის სიტყვების ჩაძიების სურვილი.
-რას გულისხმობ? ასე გადაჭრით რატომ ამბობ, რომ ვერ ეყვარებათ? მართალია ეგ გოგო ოცი წლისაა და სებეზე რვა წლითაა უმცროსი, მაგრამ არა მგონია ამას ასაკობრივი ბარიერის გამო ამბობდე
-არა, ასაკი არაფერ შუაშია -მაშინვე იუარა, თან ოდნავ გაეღიმა -ამას იმიტომ ვამბობ, რომ სებე და თიკა ერთი მამის შვილები არიან, თუმცა ეს მათი გარდაცვლილი მამისა და თავად მათ გარდა არავინ იცის
-მოიცა, მოიცა, სტოპ -თავში ყველაფერი ტორნადოსავით აერია ნატალის. სცადა მაგრამ ვერაფრით გადახარშა გონებაში ის, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა -ამბობ ერთი მამის შვილები არიანო, თან ამის შესახებ თავადაც იციანო. თუ ასეა, რა მიზეზით ქორწინდებიან?
ალექსმა მხოლოდ სკამის საზურგეზე მიყრდნობისა და გულზე ხელების დაკრეფის შემდეგ გასცა პასუხი:
-იმის გამო, რომ თიკა ორსულადაა, შეყვარებულმა მიატოვა და არ სურს ამის შესახებ მისმა ზედმეტად მკაცრმა მშობლებმა გაიგონ. ჰოდა გამოსავალიც იპოვა –გათხოვება
-კი მაგრამ საკუთარ ძმაზე?
-უკგე გითხარი, რომ ეს მათ გარდა არავინ იცის. თიკას დედა, თავის ქმარს სებეს მამასთან ღალატობდა. ერთ დღესაც ამ კაცმა ორივენი შეხვედრაზე დაიბარა და უთხრა, რომ და-ძმანი იყვნენ, რადგან ერთმანეთთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ და შეეშინდა ეს ყველაფერი სიყვარულში არ გადაზრდილიყო. მოკლედ, სებე და თიკა ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ დატოვებდნენ, ახლა კიდევ ცოლ-ქმრის როლის თამაშიც გადაწყვიტეს, ერთი წლის ვადით, რათა თიკა, ქორწინებამდე დაორსულების გამო არ გარიყონ ოჯახიდან. ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით სამ თვეში მოიმიზეზებენ, თითქოს ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, ხელს გააწერენ და ყველაფერი უწინდებურად იქნება.
ნატალიმ ღრმად ამოიხვნეშა და ლოყებით ხელის გულებს ჩამოეყრდნო. ისტორია, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში უსმენდა, ნამდვილად არ იყო ის, რაც მარტივად აღიქმებოდა მის მიერ. სებე ანჯაფარიძე, ვისზეც ფიქრობდა, რომ წყნარი და აუღელვებელი ცხოვრება ჰქონდა, სინამდვილეში უზარმაზარ ოჯახურ ინტრიგებში იყო გახლართული, რასაც ისიც ემატებოდა, რომ მშობლების სიმკაცრისგან დაცვის მიზნით, საკუთარი დის ცოლად მოყვანა უწევდა. ყველაზე რთულად მაინც ის ნაწილი ეჩვენებოდა, რომ სებესთან ურთიერთობის დაწყებისას, თავი ისე უნდა დაეჭირა, თითქოს მისი საიდუმლოებების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა რა რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ყოველივე ამას მაინც შეძლებდა. სებეს მაინც დაუახლოვდებოდა, თავს შეაყვარებდა და ამაზე ისეთ რომანს ააგებდა, რაც საქვეყნო აღიარებას მოუტანდა. ისტორიის სახელი უკვე მოფიქრებული ჰქონდა –"შაქრის ციებ-ცხელება“. ზოგადი მონახაზიც უკვე გაკეთებული იყო. იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პერსონაჟი, რომელიც თავად მას განასახიერებდა, როგორ უნდა ესაუბრა მამაკაცთან და როგორ უნდა მიეღწია სასურველი შედეგისთვის.
-კარგი, ყველაფერი გასაგებია -ბევრი ფიქრის შემდეგ ხმა ამოიღო ნატალიმ და სწორედ იმ წამს გაახსენდა წინ დადებული შოკოლადის ნამცხვარი, რომლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელი იდო გამჭვირვალე თეფშზე -ახლა მხოლოდ ის წყარო მითხარი, საიდანაც თიკასა და სებეს ქორწინების ნამდვილი მიზეზის შესახებ გაიგე. მე მხოლოდ ის გითხარი, რომ ეჭვი მაქვს ერთმანეთი არ უყვართ და გაარკვიე-მეთქი. რაც შენ მომიყევი კი, ნამდვილი შოკი იყო.
-რა პრობლემაა გეტყვი. ეგ ყველაფერი მაგ გოგოს უახლოესი დაქალისგან ვიცი
-დაქალისგან?
-ჰო
-კი მაგრამ ისეთი რა უქენი, რომ ეგეთი პირადული რამ რამ გიამბო თავის მეგობარზე?
-ბევრი არც არაფერი გამიკეთებია. ცოტა მოვეფერე, ცოტაც ხელები ვუფათურე აკრძალულ ზონებში და ყველაფერი წამებში დაფქვა.
-არა რაა, ქალების შენს ჭკუაზე ტარების პრაქტიკაში არასდროს იჭრებოდი და ალბათ ახლაც ასეა -თქვა თუ არა, ნამცხვრის მორიგი ლუკმა ჩაიდო პირში ნატალიმ. მართალია ისიც ძალიან აინტერესებდა, თუ რა საშუალებით შეაგროვა ალექსმა ის ინფორმაცია, რაც სებესა და თიკას ქორწინების რეალურ მიზეზამდე მოისმინა, თუმცა ვინაიდან იცოდა ამის შესახებ მამაკაცი სიტყვასაც არ დაძრავდა, გადაწყვიტა გაჩუმებულიყო და აღარაფერი ეკითხა.
რამდენიმე წამის განმავლობაში დუმილი გაბატონდა. სიჩუმე მხოლოდ მაშინ გაიფანტა, როდესაც ალექსის თვალებში დაუფარავი სევდა გაკრთა და მისი სააშკარაოზე გამოტანაც მოუნდა:
-ქალების ჩემ ჭკუაზე ტარება რომ შემეძლოს, მე და ლალიტა ახლა კვლავ ერთად ვიქნებოდით -თქვა მან, თან ნერვიულად გადაისვა კეფაზე ხელი -თუმცა ეს უკვე წარსულია და არაფრის გამოსწორება აღარ მინდა. არ ვაპირებ ერთ მდინარეში ორჯერ შევცურო
-ლალიტა იმიტომ დაგშორდა, რომ გადაჭარბებულად აკონტროლებდი მის ყოველ ნაბიჯს, თორემ შენზე ძალიან ბევრჯერ უთქვამს, არა მგონია ალექსზე ერთგული ადამიანი კიდევ სადმე არსებობდესო
-ცდები ნატალი. მე, ლალიტას იმიტომ არ ვაკონტროლებდი, რომ არ ვენდობოდი. მე მისი გარემოცვის მიმართ არ მქონდა ნდობა. ვამჩნევდი როგორ უყურებდნენ მამაკაცები, რა ეწერათ სახეზე და რა სურვილები ჰქონდათ მისი მიმართულებით, მაშინ, როდესაც თავს მეგობრებად აჩვენებდნენ -იმედგაცრუება, ტკივილი, მონატრება –ყველაფერი ერთად ჩანდა როგორც მამაკაცის თვალებში, აგრეთვე მის ხმაში -თქვენ ქალები ხართ და ამას ვერ გაიგებთ, აი მე კი კარგად ვხვდები, თუ როდის უნდა კაცს ქალთან მეგობრობა და როდის მისი შიშველ მდგომარეობაში ხილვა
ნატალი ჩაფიქრდა. ალექსისა და ლალიტას ისტორია მასზე კარგად ნამდვილად არავინ იცოდა და ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, თუ რა გახდა წყვილის დაშორების მთავარი მიზეზი. რაღაც კუთხით, შეეძლო ალექსიც გაემართლებინა და ამართლებდა კიდეც, თუმცა რომ დაფიქრებულიყო, ლალიტას ადგილას, მსგავსი ხასიათის კონტროლსა და იმის მითითებას, თუ ვისთან უნდა ემეგობრა და ვისთან არა, თავადაც ვერ გაუძლებდა.
-კარგი, მოდი რა შევეშვათ ამ თემას და შენზე მომიყევი -საუბრის სხვა კუთხით წარმართვა სცადა მან -მაგალითად ის, თუ რას აკეთებდი გერმანიაში, ვინმეს თუ ხვდებოდი და ასე შემდეგ
-ანუ ჭორიკანა ჩაგერთო, არა? -გაეცინა მამაკაცს, თან ფეხზეც წამოდგა და ტანზე მოცმული მანტო გაიხადა -კარგი, თუ საუბარს ვაპირებთ, რამეს ჩემთვისაც შევუკვეთავ, თორემ შენი მადის შემხედვარეს ცოტა არ იყოს მეც მომშივდა
-მშვენიერი აზრია. კომენდანტის საათის დაწყებამდე ორმოცი წუთი კიდევ გვაქვს . . .


8 8 8 8
ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა. ლალიტას გვერდით მწოლიარე დანიელს, იმდენად ღრმად ეძინა, რომ ვერც იმ ფილმის ხმა აღვიძებდა, რაც გოგონას ჰქონდა ჩართული და ვერც ლალიტას წუწუნი, ვინც ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ეძახდა ვერ ვიძინებ და გთხოვ შენც გაიღვიძეო.
კიდევ ათი წუთის გასვლაც და უკვე ოფიციალურად ჩაითვლებოდა იუბილარად დანიელი. მიუხედავად ამისა, მამაკაცი მაინც არხეინად გაწოლილიყო საწოლზე და როგორც ჩანდა გაღვიძებას კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არ აპირებდა.
ძალიან მოიწყინა გოგონამ. ტელეფონზე თამაშიც უკვე საგრძნობლად მობეზრებოდა და არც ინტერნეტი იყო, სოციალური ქსელების მეშვეობით მაინც რომ შეექცია თავი. ერთადერთ გამოსავლად ის რჩებოდა სახლის გულდასმით დათვალიერებაში გაეყვანა დრო, თუმცა ვინაიდან ბუხარში ცეცხლი უკვე აღარ ენთო და საკმაოდ ციოდა, ეს ვარიანტიც არ ეჩვენებოდა მაინცდამაინც მომხიბვლელად.
გარეთ გაუჩერებლად თოვდა. ოთახში გამწკრივებული ღამის სანათების ოქროსფერი, ნაზი შუქის ფონზე ნათლად ჩანდა, თუ როგორ ლამაზად ცვიოდნენ ციდან თოვლის მსხვილი ფანტელები და როგორ მოსავდნენ ტყეში მდგომ მარადმწვანე ხეებს თეთრი, ქათქათა საბნით. ჯადოსნური იყო მთელი ეს სანახაობა. იმდენად ჯადოსნური, რომ ლალიტას სახეზე ღიმილი მოადგა, სწრაფად მოიხურა სხეულზე თბილი პლედი, ლოგინიდან ბავშვივით წამოხტა და დიდ, მრგვალ ფანჯარასთან მიირბინა. ბოლომდე ჯერაც არ სჯეროდა, რომ ასეთ საოცარ ადგილას იმყოფებოდა დანიელთან ერთად. უნდა ეღიარებინა, მოულოდნელობებით იყო სავსე მამაკაცი. ზოგჯერ ისეთ რამებს აკეთებდა, გოგონას შიშიც კი იპყრობდა მისდამი სრული ერთგულების სურვილი არ გასჩენოდა და თავისი ცხოვრებიდან ყოველგვარი ინტერესი არ გაექრო სხვა მამაკაცებისადმი.
ლალიტამ ღრმად ამოისუნთქა და საწოლზე მწოლიარე დანიელს შეხედა. წარსულის მოგონებები კვლავ დაუპატიჟებელი სტუმარივით ეწვია მის გონებას. ეს მოგონებები ამჯერადაც დანიელთან გახლდათ დაკავშირებული.
2021 წელი იყო. ოცდათერთმეტი დეკემბრის დილა თენდებოდა. ქუჩებში საშინელი სუსხი და სიცივე ბატონობდა. მართალია მიწაზე თოვლი არ იდო, თუმცა გარეთ ისე ყინავდა, როგორც ყინულოვანი ოკეანის აუზში, რის გამოც, ქუჩებში ხალხი სრულებით არ მოძრაობდა. იმ დილით, ლალიტასაც ადრიანად გაღვიძებოდა და თავის ატლასის საღამურებში გამოწყობილი, დილის ლატეს სვენებსვენებით შეექცეოდა. გოგონა სამზარეულოში სრულიად მარტო იყო. ნატალის ჯერ კიდევ ღრმად ეძინა საკუთარ ოთახში, ხოლო დანიელისთვის, ვინც ჯერ კიდევ არ გამოსულიყო სასმელის ზემოქმედებიდან, მისაღებში გაშლილ დივანზე მოეწყოთ პატარა კუთხე.
მას შემდეგ, რაც ლალიტამ თავისთვის სრულიად უცნობი მამაკაცი სახლში წამოიყვანა, თანაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, თვალი თითქმის არ მოუხუჭავს. ჯერ იყო და ნატალისთან მოუვიდა კამათი იმის გამო, რომ ქუჩაში უგონოდ ნაპოვნი ადამიანი მოიყვანა შინ, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელის გვერდითაც მოუწია დგომა, როდესაც ნიჟარაში თავით გადაყუდებული აღებინებდა. ძალზედ უცნაური იყო ეს ღამე გოგონასთვის. აქამდე ცხოვრებაში არასდროს ჰქონია შემთხვევა, როდესაც მთვრალი მამაკაცისთვის მოუვლია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც კი იცოდა ვინ იყო, ან რას წარმოადგენდა ეს უკანასკნელი.
რამდენჯერმე ისიც კი იფიქრა, ეს ტიპი მანიაკი არ აღმოჩნდეს, ან კიდევ რამე უარესიო, თუმცა შეხედავდა თუ არა მძინარე მამაკაცის სახეს, იმდენად უწყინრად ეჩვენებოდა, თავის პირვანდელ ვერსიას მაშინვე გამორიცხავდა ხოლმე.
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, თავის ფინჯნიდან კიდევ ერთხელ მოსვა ოდნავ შეგრილებული ლატე და კვლავ ფანჯარას შეხედა. სამზარეულოში მარტო ჯდომა უკვე საგრძნობლად მობეზრებოდა. იმ წამს მართლა ძალიან მოუნდა ნატალის ოთახში შესულიყო, გაეღვიძებინა და რამე ფილმისთვის ეყურებინათ ერთად. მართალია გოგონას დასვენების დღეებში გვიანობამდე უყვარდა ძილი და მისი ბუზღუნის მოსმენაც მოუწევდა ადრიანად გაღვიძების გამო, მაგრამ ახლა იმდენად ძლიერ სურდა უქმად ჯდომისთვის დაესვა წერტილი, ფეხზე დაუფიქრებლად წამოდგა და ის-ის იყო ნატალის ოთახისკენ მიმავალ გზას უნდა დადგომოდა, რომ თავის წინ მოულოდნელად აღმართულმა ადამიანმა გააშეშა ერთ ადგილას. თავდაპირველად ნამდვილად ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ცოტათი შეეშინდა კიდეც, თუმცა როდესაც გააცნობიერა, თუ ვინ და რატომ იდგა მის პირისპირ, კვლავ სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა, რათა ოდნავ მაინც დაეფარა თავისი გამომწვევი საღამურები.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში გოგონა ჩუმად იჯდა და ისე ათვალიერებდა თავზე წამომდგარ ადამიანს. უყურებდა მის გაკვირვებით სავსე ცისფერ თვალებს, ოდნავ წამოზრდილ წვერს, საყვარლად აჩეჩილ ღია ყავისფერ თმას, ნამძინარებ სახეს და ხვდებოდა, რომ ამ უკანსკნელს არც კი ახსოვდა რა მოხდა გასულ ღამით, ან რას აკეთებდა იქ.
-აბა რა ქენი კარგად გამოიძინე? -იმდენად უბრალოდ და ჩვეულებრივად ჰკითხა გოგონამ, თითქოს არაფერიო. ასეთი ტონით სურდა ის შემაწუხებელი უხერხულობა გაეფანტა, რომელიც აშკარად ჩამოვარდნილიყო მათ შორის.
მამაკაცი რამდენიმე წამით ჩუმად იყო. სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა სურდა, თუმცა ეს მანამ არ გაუკეთებია, სანამ სამზარეულოს მაგიდასთან ლალიტას პირისპირ არ დაჯდა და მას პირდაპირ თვალებში არ შეხედა.
-ვინ ხარ? -პირველად ეს კითხვა დასვა მან, სულ რამდენიმე წამში კი, მეორეც მოაყოლა:-აქ რას ვაკეთებ?
-ვინ ხარ? აქ რას ვაკეთებ? -სიცილით გამოაჯავრა ლალიტამ თავის წინ მჯდომი მამაკაცი -ზუსტად ვიცოდი, რომ შენი გაღვიძების შემდეგ ეგეთი შინაარსის შეკითხვების მოსმენა მომიწევდა
-თუკი ასეა, პასუხებიც წინასწარ უნდა გქონდეს მომზადებული -გოგონასგან განსხვავებით, ტონიც და გამოხედვაც მეტად სერიოზული ჰქონდა. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს და ამას ბრაზის ნაპერწკლებიც გაეჩინა მამაკაცის თვალებში. მისმა ასეთმა გამოხედვამ ცოტათი ლალიტაც გაანაწყენა და პასუხიც შესაბამისად მკვახე გასცა:
-წინასწარ მომზადებული პასუხები არაფერში მჭირდება საყვარელო. მოკლედ აგიხსნი –ბარში გამოთვერი, სავარაუდოდ იჩხუბე კიდეც, რის გამოც დაცვამ გარეთ მოგისროლა და ვინაიდან პატრონი არავინ გამოგიჩნდა, იძულებული გავხდი ჩემთან წამომეყვანე
-ჰოო? -სცადა გოგონას ირონიული ტონი არ შეემჩნია -და ის თუ იცი ვინ ვარ?
-როგორც მახსოვს მითხარი დანიელი მქვიაო. შენს შესახებ მეტი არაფერი ვიცი
-ძალიან მიხარია თუკი არ იცი -მიუგო თუ არა, ფინჯანი სწრაფად აართვა მამაკაცმა, იქედან უკითხავად მოსვა და ტუჩები გემრიელად გაილოკა -ესე იგი უშაქრო ლატე გიყვარს, არა?
-უშაქრო და დარიჩინიანი -სწრაფად შეუსწორა ლალიტამ, თან წარბების აწევით დაამატა:- მგონი შენთვის ჩემი ყავის დალევის უფლება არ მომიცია
-მე კი მგონია, რომ სტუმრებს ასე არ ელაპარაკებიან. შენ რა, მამა-პაპური ტრადიციები არ გასწავლეს?
-ბევრს თუ ილაპარაკებ გუშინდელ ღამეს მოგიყვები და საუბრის სურვილს საერთოდ დაკარგავ -არც ლალიტამ დაუდო ტოლი, თან ნიშნის მოგებით გადახედა თავის წინ მჯდომს. საკუთარმა სიტყვებმა აშკარა უპირატესობა აგრძნობინა დანიელის წინაშე და ამან საკმაოდ კარგი შეგრძნება დაუტოვა.
მასდა გასაკვირად მამაკაცს პასუხიც არ შეუბრუნებია. ერთადერთი რაც გააკეთა ის იყო, რომ სკამიდან ფეხზე ზანტად წამოდგა, საფეთქლების სრესით მიუახლოვდა ფანჯარას და მის რაფას ორივე ხელით ისე ჩამოეყრდნო, თითქოს წაქცევისგან თავდასაცავად საიმედო საყრდენს ეძებსო.
-რა გჭირს, კიდევ ცუდად ხომ არ ხარ? -მის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე, ლალიტამაც გადადო გვერდზე საკუთარი ირონია და სწრაფად წამოიწია სკამიდან.
დანიელს თავიც კი არ მოუბრუნებია ისე უპასუხა:
-კიდევ ცუდად რას ნიშნავს, ანუ გუშინ ცუდად გავხდი?
-ცუდად ძალიან რბილი ნათქვამია, ლამის უნიტაზს შეეზარდე
-რა გქვია? -როგორც კი ეს მოისმინა, მაშინვე ახალ თემაზე გადაუტანა მამაკაცმა, რადგანაც ძველის გაგრძელების არანაირი სურვილი აღარ ჰქონდა
-ლალიტა მქვია -კვლავ სკამზე ჩამოჯდა და ისე მიუგო, მერე კი დასძინა:- გუშინ უკვე გითხარი, მაგრამ გამეორება დღესაც არ მეზარება
-დიდი იმედი მაქვს შენს გუშინდელ ინსტაგრამ-სთორებში ის ამბავი არ მოხვდა, თუ როგორ მოგყავს სახლში ნასვამი ადამიანი, ლალიტა
-მაგაზე ნუ ინერვიულებ. ინსტაგრამზე აქტიური ვარ, მაგრამ ეგეთ მოსაწყენ სთორებს არ ვდებ ხოლმე -დაასრულა თუ არა ამის თქმა, გაზქურისკენაც ანიშნა, სადაც მადუღარა და ორი მოზრდილი ფინჯანი იდო -თუ გინდა შენთვისაც გაიკეთე ყავა
-მეგონა მეტყოდი თავად მოგიდუღებო
-გეტყოდი, მაგრამ ძალიან მეზარება
-ქედმაღალი და სარკასტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, იცი ეს? -ბასრი მზერით ლამის შუაზე ჭრიდა მამაკაცი, თუმცა გოგონას არც ამაზე ჰქონდა რეაგირება.
-ეგეთი დასკვნები რომ გამოიტანო, მინიმუმ ერთი კვირა მაინც უნდა იყოს გასული, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, შენ კი ფხიზელ მდგომარეობაში მხოლოდ თხუთმეტი წუთია რაც მესაუბრები
დანიელი ჯერ ფანჯრის რაფას მოშორდა, შემდეგ მაგიდასთან მჯდომ ლალიტას თავზე მოღუშული სახით წამოადგა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ხმაც ამოიღო:
-სახლში მინდა წასვლა. ჩემი მანქანა სად არის?
-სადაც გუშინ დალიე იმ ბართან აყენია. აქამდე ჩემი მანქანით მოგიყვანე და თუ სახლში წასვლა გინდა, შეგიძლია ტაქსი გამოიძახო
-კარგი იდეაა -ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ამოიღო ჯიბიდან მობილური, სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა და იქედან გასვლის წინ, ოდნავ ღიმილიანი სახით გამოხედა გოგონას, ვინც უკვე ასადგომად ემზადებოდა მამაკაცის გასაცილებლად -გამოყოლა საჭირო არ არის, შეგიძლია იჯდე
-კი ბატონო, მაშინ გზა მშვიდობისა
-კარგად იყავი -კარისკენ შებრუნდა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ისევ მოტრიალდა -ჰო მართლა, გუშინდელი ღამისთვის მადლობას გადაგიხდიდი, მაგრამ შენ წარმოიდგინე მეც ძალიან მეზარება -თქვა თუ არა ეს, თვალი ჩაუკრა მაგიდასთან მჯდომს და კარს ისე სწრაფად მიეფარა, გოგონამ სიტყვის დადევნებაც კი ვერ მოასწრო. მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ გაიაზრა ბიჭის ნათქვამი, საზურგეს აწეული წარბებით მიაწვა და გაგულისებულს მხოლოდ შემდეგი სიტყვები აღმოხდა პირდიდან:
-ერთი ამ იდიოტს დამიხედეთ!
მოგონება გაქრა, თუმცა სამახსოვროდ, ფართე ღიმილი დატოვა ლალიტას სახეზე. გოგონას ჯერ კიდევ ძალზედ უცნაურად ეჩვენებოდა, რომ დანიელთან უკვე ამდენი მოგონება და სახალისოდ გასახსენებელი მომენტი ჰქონდა შეგროვებული. ხანდახან ისეთი შეგრძნებაც კი უჩნდებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება იყო, რაც ამ ადამიანს იცნობდა და ასეთი ფიქრები რაღაც კუთხით აშინებდა კიდეც.
გოგონამ კიდევ ერთხელ შეავლო მზერა ფანჯრიდან მომზირალ, ლამაზად გადათოვლილ ტყეს, შემდეგ უფრო მაგრად მოიხვია სხეულზე თავისი თბილი პლედი და კვლავ საწოლისკენ გაეშურა, იქ, სადაც მამაკაცს ჯერ კიდევ ბავშვივით უშფოთველად ეძინა, საკუთარ ბალიშზე ჩახუტებულს. მიუხედავად სიცივისა, დანიელს ტანზე არაფერი ეცვა. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ძილს მუდამ სრულიად შიშველ მდგომარეობაში ამჯობინებდა ხოლმე და ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია. ლალიტას მუდამ ეღიმებოდა მის ამ თვისებაზე. ამას გარდა, კიდევ უამრავი უცნაური ჩვევა ჰქონდა მამაკაცს. მაგალითად ის, რომ ოცდაათი წლის ასაკშიც კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა გასაფერადებლები, დაძინება არასდროს გამოსდიოდა თუკი მის სიახლოვეს რამე პატარა ნათურა მაინც არ იყო ანთებული, უყურებდა მხოლოდ შავ-თეთრ ფილმებს და არასდროს ჭამდა ტკბილეულს. ერთი შეხედვით, საკმაოდ გამოუცნობი ადამიანიც იყო დანიელ დაშნიანი. თითქმის არავის აძლევდა უფლებას მისი სულის სიღრმეებამდე მიეღწია და მასთან დაახლოება ის ხილი იყო, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ვერასდროს გასინჯავდნენ.
დრო გადიოდა. საათის ისრები განუწყვეტლივ წიკწიკებდნენ. ვინაიდან მამაკაცი გაღვიძებას ჯერ კიდევ არ აპირებდა, ლალიტა ბუზღუნითა და მოღუშული სახით დაწვა მის გვერდით. გადაწყვეტილი ჰქონდა დრო უქმად არ დაეკარგა და ცოტათი თავადაც გამოეძინა, თუმცა დახუჭა თუ არა თვალები თავისი გეგმების სისრულეში მოსაყვანად, იმ წამსვე მოესმა ხმამაღალი წრიპინი, ტუმბოზე დატოვებულმა დანიელის ტელეფონმა რომ გამოსცა. გოგონა უკვე თითოეულ ხმას კარგად ცნობდა მამაკაცის ტელეფონზე, ამიტომ, ახლაც არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, ცოტა ხნის წინ რომ ახალი შეტყობინება მოვიდა დანიელის ტელეფონზე. სავარაუდოდ, ეს დაბადების დღის მისალოცი ტექსტი უნდა ყოფილიყო რომელიმე ნაცნობისგან, ან მეგობრისგან. აღნიშნულმა გარემოებამ ცოტათი დააეჭვა ლალიტა. მშვენივრად იცოდა, დანიელს არც მამა ჰყავდა, არც დედა, არც დედმამისშვილი და არც ისეთი მეგობარი, ვინც იუბილეს შუა ღამისას მიულოცავდა. ერთადერთ ვარიანტად გოგონას, დანიელის რომელიღაც ქალი ჰქონდა, ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრია, ორ წამში მოახერხა თავისი იმ პრინციპისთვის გადაბიჯება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრას უკრძალავდა და მამაკაცის ტელეფონს შეტყობინების ავტორის სანახავად ფრთხილად დასწვდა, რათა ეს უკანასკნელი უნებლიედ არ გაეღვიძებინა.
ტელეფონში ნანახმა ლალიტა ჯერ გაამხიარულა, შემდეგ გააღიმა, ბოლოს კიდევ სიცილიც მოჰგვარა. SMS-ის ავტორი თავად დანიელის ბებია გახლდათ, ვინც მოსალოც ტექსტთან ერთად, იმ ფოტოსაც უგზავნიდა, სადაც მამაკაცი, ღრმა ბავშვობის ასაკში, დიდ, წყლით სავსე ლურჯ ტაშტში იჯდა გაღიმებული, რეზინის ყვითელ იხვთან ერთად. სურათზე დანიელი იმდენად საყვარელი იყო, რომ ხალისიანი განწყობა კიდევ კარგა ხანს გაჰყვებოდა, რომ არა მოულოდნელი ძლიერი დარტყმა გულზე, რამაც ლამის საწოლში წამოახტუნა. როგორ მობეზრებოდა ეს შეგრძნება. უკვე თითქმის ერთი თვე გასულიყო, რაც პერიოდულად ძლიერ მორტყმებს გრძნობდა გულმკერდის არეში, თანაც თითქმის ყოველდღიურად. თავდაპირველად ამას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მსგავსი შეგრძნებები თინეიჯერობის, კერძოდ გარდატეხის ასაკშიც ჰქონდა გამოცდილი, თუმცა ბოლო დროს ამ ყველაფერმა იმდენად შემაწუხებელი სახე შეიძინა, ლალიტას გადაწყვეტილი ჰქონდა პირველივე შესაძლო შემთხვევა გამოეყენებინა, რათა დიაგნოზის დასასმელად ექიმისთვის მიემართა.
გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე წამით სუნთქვაც შეიკავა. ეს გარკვეულწილად ეხმარებოდა ხოლმე, რათა დარტყმები შედარებით ნაკლებად ეგრძნო. ბოლოს ნაცად ხერხს მიმართა, ჩანთიდან ის დამამშვიდებელი აბები ამოიღო, გასულ კვირას რომ შეიძინა, აფთიაქში და მისი მიღების შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში ოდნავი შვებაც იგრძნო. დანიელისთვის ამის შესახევ სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი. არც ნატალისთვის, რადგან ძალიან კარგად იცნობდა თავის მეგობარს და ისიც იცოდა რამდენად დიდი შიშითა და ემოციით მიუდგებოდა აღნიშნულ საკითხს. სურდა ჯერ თვითონ გაერკვია რაში იყო საქმე, რადგან მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ ბოლოდროინდელი გადაღლილობისა და სტრესის გამოძახილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე რამე უსიამოვნო.
ფიქრებში წასული ლალიტას გონება, რეალობას, მამაკაცის მიერ მის წელზე შემოხვეულმა ხელმა დააბრუნა. გოგონას მაშინვე თვალწინ დაუდგა ის ბავშვობის ფოტო, რომელიც ცოტა ხნის წინ ნახა მობილურში, სახეზე ღიმილი თავიდან გამოესახა და მხიარული გამომეტყველებით გადაბრუნდა ახლადგამოფხიზლებული დანიელისკენ. ამ უკანასკნელს თვალები ნახევრად ჰქონდა გახელილი, თუმცა ლალიტას ღიმილიანი სახის შემჩნევა მაინც არ გასჭირვებია და გაუჩნდა კიდეც კითხვა, თუ რისი დამსახურება იყო ეს ღიმილი:
-რა მოხდა? -ჰკითხა მან, თან სახეზე ხელი მოისვა -როცა მეძინა კატის ულვაშები მიმახატე და ახლა მაგაზე იცინი?
ლალიტამ ფეხზე წამოიწია და მამაკაცს ლოყაზე ნაზად აკოცა. ყოველთვის ძალიან სიამოვნებდა ხოლმე მის ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზე ტუჩებით შეხება და დანიელის სასიამოვნო სურნელით ფილტვების ავსება ამ დროს.
-პირველ რიგში დაბადების დღეს გილოცავ, დიდი ბიჭი გაიზარდე -უთხრა მან საზეიმო ტონით -ძალიან ცუდია სამკუთხედის ფორმის ქუდი და სადღესასწაულო სასტვენი რომ არ მაქვს ამ წამს
-სადღესასწაულო სასტვენს ვინ დაეძებს, ჩემი დაბადების დღეც კი არ გახსოვდა -მართალია ყოველივე ეს ღიმილით თქვა, თუმცა ამ ღიმილს მიღმა მაინც ჩანდა ფარული სევდა, რაღაც დოზით მამაკაცის ხმაშიც რომ მჟღავნდებოდა -კარგი ამას შევეშვათ, იმაზე არ გიპასუხია რატომ გეცინებოდა
-არაფერი უბრალოდ შენს ტელეფონზე რომელიღაც თამაშს ვთამაშობდი და შემთხვევით შენი ბებიის შეტყობინება გავხსენი, სადაც ბავშვობის დროინდელ ფოტოს გიგზავნის, დაბადების დღის მოსალოც ტექსტთან ერთად
-ჩემს ტელეფონში არც ერთი თამაში არ მიწერია ლალიტა -ცალი წარბი აწეული ჰქონდა მამაკაცს, როდესაც ამას ამბობდა -მიდი, გაამოტყდი, ცნობისმოყვარეობამ გძლია და შეტყობინებებში ამიტომ შეძვერი არა?
გოგონას ნამდვილად არ სურდა ტყუილში გამოჭერილი ბავშვის სახე მიეღო, ამიტომ მიუხედავად შინაგანი დაძაბულობისა მაინც თავდაჯერებას მოუხმო და პასუხიც მტკიცე ტონით გასცა:
-რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ გწერს? ან როდის იყო შენს პირად ცხოვრებაში ვიქექებოდი?
-ჰო არ იქექებოდი -მაშინვე დაემოწმა დანიელიც, თან ფეხზე წამოიწია, გოგონას ზემოდან მოექცა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა -თუმცა მაინც უნდა აღიარო, რომ მონაწერის გახსნა ეჭვიანობამ გაიძულა
-რამ?
-ე ჭ ვ ი ა ნ ო ბ ა მ -დამარცვლით გაუმეორა მამაკაცმა. სახეზე იმდენად კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, თანაც ისეთი დარწმუნებული ჩანდა თავის სიტყვებში, რომ ლალიტამ საკუთარი პოზიციის დაცვას ირონიის მოშველიება ამჯობინა და მაშინვე გააჟღერა ის სიტყვები, რაც ენის წვერზე პირველად მოადგა:
-ფანტაზიორი რომ იყავი სულ ვიცოდი, მაგრამ ვხედავ მეოცნებეც ყოფილხარ
-მერე რა? -მხრები ღიმილით აიჩეჩა დანიელმა და ამჯერად ყელის არეში აკოცა გოგონას -მეოცნებე მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს და არა სხვებს
-მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს. ეს ნიცშეს გამონათქვამია, ჩემი რჩეული ფილოსოფოსის
-ჰოო? -მზერამოუშორებლად უყურებდა თავისი ცივი, ცისფერი თვალებით და უზომოდ ნაზად ეფერებოდა მის სხეულს -კიდევ რაო მაგ ტიპმა?
-მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენო -თან საუბრობდა, თან პიკანტურ სიამოვნებას იღებდა მამაკაცის მხურვალე ხელების მის შიშველ კანზე სრიალით.
-კიდევ?
-მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდაო --ღიმილით იხსენებდა საყვარელი ფილოსოფოსის გამონათქვამებს გოგონა და ამით დანიელსაც გვრიდა სახეხე ღიმილს
-და მაგ ბოლოს შენ თუ ეთანხმები?
ლალიტა ჩაფიქრდა და პასუხი ხუთწამიანი ფიქრის შემდეგ დაუბრუნა:
-სხვათა შორის ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ ორმოცდაათი ორმოცდათზე
-გასაგებია
-და რატომ მეკითხები?
-წარმოდგენა არ მაქვს. სიმართლე გითხრა მეც მიკვირს ამ ლოგინში რა ნიცშეს ფილოსოფია აგვიტყდა. გაჩუმდი და მოდი რაა ჩემთან -თქვა თუ არა, მაშინვე ამოტრიალდა, ელვის სისწრაფით მოიქცია ზემოდან გოგონას სხეული, საბანი თავზე წაიფარა და ამჯერად მის ქვეშ განაგრძო ლალიტას სხეულის მოფერება.





8 8 8 8
ნატალიმ ახლადმოდუღებული ყავა მაგიდის ზედაპირზე შემოდო და სამზარეულოს სკამზე პირდაპირ ლალიტას წინ მოთავსდა.
შუა დღე ხანი იყო. ციდან წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი თოვლის ფიფქები ცვიოდნენ. ვინაიდან სამსახურში უკვე საახალწლო შვებულება დაწყებოდათ, გოგონები თავისუფალი დროის სახლში გატარებას აპირებდნენ, ყავის სმაში, საუბარსა და ფილმების ყურებაში. საკმაოდ ბევრი სასუსნავიც ჰქონდათ მომარაგებული. რა თქმა უნდა, პოპ-კორნის ჯამების გაევსოთ და ტელევიზორის წინ დაეტოვებინათ, რათა ყავის დალევის შემდეგ პირდაპირ კინომარათონის მოწყობაზე გადასულიყვნენ.
ლალიტა ოდნავ უხასიათოდ იყო. ვერ იგებდა რა სჭირდა, თუმცა ფაქტი იყო განწყობა უმიზეზოდ ჰქონდა გაფუჭებული და არც სადმე გასვლის თავი ჰქონდა იმ დღეს. ერთადერთი რაც სურდა, ეს დაღამებამდე სახლში ყოფნა და შემდეგ კარგი გამოძინება იყო, რაც აშკარად ეუცნაურებოდა. თავისუფალ დროს მუდამ კლუბებისკენ, ბარებისკენ გართობისა და ხმაურისკენ მიუწევდა გული, რაშიც ნატალისაც იყოლიებდა ხოლმე, ბოლო პერიოდებში კიდევ ხანდაზმულივით მუდამ სახლში ყოფნა და ტელევიზორის წინ ჯდომა გამხდარიყო მისი ცხოვრების სტილი.
-რა გჭირს, რა სახე ჩამოგტირის? -საკუთარ ფიქრებში წასულ ლალიტას, ბუნდოვნად მოესმა სამზარეულოს მაგიდასთან, მის პირისპირ მჯდომი ნატალის ხმა, ვისაც თავისი ფინჯანი ჯერ კიდევ მაგიდაზე ედო და მასზე შემოხვეულ თითებს ითბობდა.
-არაფერი, უბრალოდ გუშინ მე და დანიელმა თითქმის მთელი ღამე გავათიეთ და გადაღლილი ვარ -შუბლი მოისრისა ამის თქმისას, თან გემრიელად დაამთქნარა -შენ რას აკეთებდი სანამ მე ტყის სახლში ვიყავი?
ნატალი დაფიქრდა. რაღაც პერიოდით იმ აზრს მიემხრო, რომ ამის თქმა არც ღირდა, თუმცა ბოლოს, სასწორი მაინც გულახდილობის მხარეს გადაწონა და საუბრის წამოწყების წინ ლალიტას პირდაპირ თვალებში შეხედა:
-გუშინ ალექსი ვნახე -თქვა თუ არა, მაშინვე დაიწყო მეგობრის რეაქციაზე დაკვირვება -თურმე უკვე საქართველოშია და ვინაიდან სებე ანჯაფარიძესთან ძალიან ბევრ რამეს ვგეგმავ, მასზე ინფორმაციის მოძიება და ჩემამდე მოტანა ვთხოვე
-რაო? რა თქვი?!
-ასე იმის გამო მიყურებ, რომ ალექსს შევხვდი, თუ იმის გამო, რაც სებესთან მიმართებაში დავავალე?
-ნატალი შენ რა მაგ თავიდან ტვინი სულ ამოგიტუმბეს?! -ბრაზი, იმედგაცრუება, გაოცება, ყველაფერი ერთდროულად იკითხებოდა გოგონას ხმასა და გამოხედვაში -ჯერ იმასაც კი არ მეუბნები, რომ ჩემი ყოფილი ჩამოვიდა, მერე კიდევ დგები და უაზრო დეტექტივობანას თამაშში რთავ, რათა ადამიანს უთვალთვალოს და მის შესახებ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოს. კარგი, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ალექსი არანორმალურია და ამას გააკეთებდა, მაგრამ შენ? მართლა არ მესმის რა გემართება!
-მოდი რა ლანძღვის გარეშე Okay? ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ საქმეს სჭირდება და არა იმიტომ, რომ სებეს ცხოვრების დეტალებით ვარ დაინტერესებული
-და რომანს ისე ვერ დაწერ, თუკი ამისთვის რეალური ადამიანის გრძნობებზე არ ითამაშე? -ყავის დალევა საერთოდ დავიწყებოდა იმდენად გადართულიყო ნატალისთან საუბარზე -აუცილებელია ამისთვის ვიღაცას გული ეტკინოს?
-არ დაგავიწყდეს, რომ ერთხელ მეც მატკინეს გული, თანაც საკმაოდ მწარედ
-შენ ამდენი წლის მერეც კი ისევ რატიზე ხარ დაბოღმილი, მაგრამ დაიმახსოვრე, წარსული ვერ გატკენს, თუკი ამის უფლებას თავად არ მისცემ!
ნატალიმ მობეზრებისგან თვალები აატრიალა.
-კარგი რაა, არ გვინდა ახლა ეს შენი არქაული სიბრძნე. ისეთს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვცდილობ ოცნება ავისრულო და თანდათან წინ წავიწიო, როგორც მწერალმა
-წინ წაიწიო სხვა ადამიანების გამოყენებით, ინტრიგების ხლართვითა და სებეს თავის საცოლესთან დაშორების ხარჯზე, ხომ მართალია?
ნატალიმ კიდევ ერთხელ აატრიალა თვალები. მზერაშიც ეტყობოდა, თუ როგორ უჭირდა ამ დიალოგში თავდაჯერებული იერის შენარჩუნება, თუმცა ძალისხმევას ნამდვილად არ აკლებდა.
-სხვათა შორის, ომლეტს ისე ვერ მოამზადებ, თუკი რამდენიმე კვერცხი არ გატეხე. და კიდევ, სებეს საცოლე სინამდვილეში მისი დაა და ცოლადაც იმიტომ მოჰყავს, რომ მისმა მკაცრმა მშობლებმა უკანონო ორსულობის გამო ოჯახიდან არ გარიყონ!
მოსმენილმა სიტყვებმა ლალიტას ჯერ თვალები გაუფართოვა, შემდეგ რამდენიმე წამით მეტყველების უნარი დააკარგვინა, ბოლოს კი ხელზე ჩქმეტაც აიძულა იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
-რა სისულელეს ამბობ? ეს რა ხუმრობაა?
-არავითარი ხუმრობა -კატეგორიულად გადააქნია თავი გოგონამ -რაც ვთქვი სრული სიმართლეა, თუმცა ამის დეტალებში მოყოლა არ ღირს, საკმაოდ გრძელი და ჩახლართული ამბავია
-ეგ ყველაფერი ალექსმა გაგირკვია?
-ასეა
-მოკლედ რაა, სულ ვფიქრობ მეტად ვეღარ მაწყენინებს მეთქი, მაგრამ ყოველ ჯერზე ახერხებს ჩემს გაოცებას
-რა გინდა იმ ადამიანთან? რას ერჩი?
-იმას ვერჩი, რომ შენნაირ უტვინოს, მორიგი უტვინობის ჩადენაში ეხმარება!
-რამდენ ტკბილეულს ჭამ და მაინც რა ბოროტი ხარ
ლალიტამ თავის ყავის ჭიქიდან ოდნავ მოსვა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ კოფეინის მიღების ყველანაირი სურვილი დაჰკარგვოდა, რადგან ისევ გულის არეში გრძნობდა ძლიერ დარტყმებს.
-ალექსს ისე იცავ, თითქოს შენ თვითონ არ მომიწოდებდი მასთან დაშორებისკენ. ახლა რა შეიცვალა?
-ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არ მსურდა მენახა როგორ აკონტროლებდა მთელ შენს ცხოვრებას. ეგეთ ცხოვრებას ფასი არ აქვს, თუმცა მომეჩვენა, რომ ახლა სულაც აღარ არის ისეთი და მასში რაღაც შეიცვალა
ლალიტამ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და სუნქვა რამდენიმე წამით შეიკავა. მაქსიმალურად ცდილობდა ნატალისთან ცუდად ყოფნა არ შეემჩნია.
-ეგეთი ადამიანები არ იცვლებიან ნატალიკო, დამიჯერე. ალექსი კარგი ბიჭია, ერთგული, იდეალური მეგობარი და მხარში დგომაც საუკეთესოდ გამოსდის, თუმცა როგორც მეორე ნახევარი, საკმაოდ მკაცრი და დესპოტია. იმასაც კი აკონტროლებდა რა რაოდენობის ჰაერს ვსუნთქავდი დღის განმავლობაში
-ახლა აჭარბებ
-რა თქმა უნდა ვაჭარბებ, მაგრამ ამით იმას გავუსვი ხაზი, რამდენად უხეშად ერეოდა ყველაფერში, რაც კი მე მეხებოდა
-არ ვიცი, მე კი მომეჩვენა, რომ უფრო დასერიოზულებული და გონებრივად გაზრდილი იყო
ლალიტას ისეთი იმედგაცრუებით ჩაეცინა, აშკარად შეეტყო რამდენად პესიმისტურად გახლდათ განწყობილი ამ მოსაზრების მიმართ.
-კაცები არასდროს იზრდებიან -თქვა მან მეტად მტკიცედ, თან გადაჭრით -შინაგანად მუდამ ბავშვებად რჩებიან, უბრალოდ წვერები ამოსდით და მორჩა
-ეგ შენი თეორემაა თუ რომელიმე ფილოსოფოსს მოპარე?
-ნუ დამცინი, თორემ ამ ყავას სახეში შეგასხამ -სიცილით დაემუქრა, თან ცალი თვალით გაიხედა მისაღები ოთახისკენ, სადაც პოპ-კორნით სავსე ჯამები ელოდათ -ფილმის ყურება არ დავიწყოთ? რაღაც მუღამზე მოვედი და წამოდი ყავის სმა ტელევიზორთან დაასრულე
ნატალი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე წამოდგა ფეხზე, თავის ფინჯანთან ერთად. დასვენების დღეებში ლალიტასთან ერთად ფილმების ყურება მისი ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იყო და ახლაც კარგ ხასიათზე გახლდათ ამის გამო.
-კარგი, წამოდი, ოღონდ პირველი ფილმის ჟანრს მე ვარჩევ, მეორისას კი შენ, გაწყობს?
-მაწყობს -თავის დაქნევითაც ისევე დაეთანხმა გოგონა, როგორც სიტყვიერად -შენ წადი, მე ახლავე მოვალ, ჩემს ფინჯანს ამოვრეცხავ
-ჰო მაგრამ, ყავა ჯერ არ დაგილევია
-რაღაც გადამინდა, ჯობს სხვა დროს დავლიო
-კი ბატონო, როგორც იტყვი. მაშინ მე წავალ და ფილმების სიას გადავხედავ. ოღონდ მალე მოდი რაა და შენი ოთახიდან თბილი პლედებიც გამოიტანე -პატარა ბავშვივით აჟიტირებულმა უთხრა ბოლოს და სამზარეულოს კარიდან ისე გავარდა, მეგობრის პასუხს არც დალოდებია. არც ის დაუნახავს, თუ როგორ ძლიერად მიიჭირა ლალიტამ გულზე ხელი, როგორ მალულად ამოაცურა მარცხენა ჯიბიდან აბების პატარა შუშა, როგორ დაიყარა ისინი ხელის გულზე და როგორ დალია დამამშვიდებელი საშუალება ერთი ამოსუნთქვით, რათა ოდნავ მაინც ჩაეცხრო ის შემაწუხებელი შეგრძნებები, რასაც უკვე მთელი მისი სხეული მოეცვა, ნერვული სისტემის ჩათვლით.



№1 სტუმარი ანათეა

საინტერესო და სასიამოვნო საკითხავია, ველოდები შემდეგ თავს...

საინტერესო პერსონაჟები გყავს, მაინტერესებს ნატალიკოს სებესთა ურთიერთობა რას მოუტანს...არადა კარგი წყვილი იქნება

 


№2 სტუმარი Ana-maria

ვფიქრობ ნატალი მის დაგებულ მახეში თვითონ გაებმევა. ლალიტა ვერ ხვდება,მაგრამ დანიელი მისთვის საკმაოდ ძვირფასია და ალბათ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოს. მომწონს ისტორია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. წარმატებები

 


№3  offline წევრი თ. ა.

საინტერესოდ წარიმართა მოვლენები და ვფიქრობ ლალიტას სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ნატალის კის სერიოზული პრობლემები ელის ჩემი აზრით. სხვისი ცხოვრების ქექვა არც ისე სწორია და არამგონია სებემ მოუწონოს. თუ გაუგო რათქმაუნდა.
კარგი იყო.

 


№4 სტუმარი Елка

Лалита минда ро каргад икос. Нураферс даушавебт имито ро ковелтвис ганвицди да внервиулоб. Мадлоба да царматебеби

 


№5  offline მოდერი აირ ისი

ანათეა
საინტერესო და სასიამოვნო საკითხავია, ველოდები შემდეგ თავს...

საინტერესო პერსონაჟები გყავს, მაინტერესებს ნატალიკოს სებესთა ურთიერთობა რას მოუტანს...არადა კარგი წყვილი იქნება

Ana-maria
ვფიქრობ ნატალი მის დაგებულ მახეში თვითონ გაებმევა. ლალიტა ვერ ხვდება,მაგრამ დანიელი მისთვის საკმაოდ ძვირფასია და ალბათ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოს. მომწონს ისტორია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. წარმატებები

თ. ა.
საინტერესოდ წარიმართა მოვლენები და ვფიქრობ ლალიტას სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ნატალის კის სერიოზული პრობლემები ელის ჩემი აზრით. სხვისი ცხოვრების ქექვა არც ისე სწორია და არამგონია სებემ მოუწონოს. თუ გაუგო რათქმაუნდა.
კარგი იყო.

Елка
Лалита минда ро каргад икос. Нураферс даушавебт имито ро ковелтвис ганвицди да внервиулоб. Мадлоба да царматебеби



მადლობა ყველას აზრების გაზიარებისთვის ♥️♥️ ვეცდები მალე იყოს შემდეგი თავიც ♥️♥️

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო ისტორიაა ძალიან, ვნახოთ რა შედეგებს მოუტანს ეს ნაბიჯი,რაც შეეხება მეორე წყვილს მრავსლფეროვანი და საინტერედო თავგადასავალი გველის, თუმცა ეს ორივე გოგონას ცხოვრებაზე შეიძლება ითქვას,ასე, რომ გელოდებით

 


№7 სტუმარი სტუმარი Shorena

Sainteresoa sakmaod magram natalis qmedaba ar momtons namdvilad.gelodebit sayvarelo

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

გადასარევად წერ. გადმოცემ. საინტერესო თემაა. კაი ხანია აქ არაფერი წამიკითხავს ასეთი. ველი ყოველ თავს. მომწონს ყველა გმირი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent