შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შაქრის ციებ-ცხელება (თავი-4)


11-10-2022, 01:20
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 267

8 8 8 8

"თქვენს კარდიოგრამაში რაღაც არ მომწონს"
"თქვენს კარდიოგრამაში რაღაც არ მომწონს"
"თქვენს კარდიოგრამაში რაღაც არ მომწონს"
ვერცხლისფერი განათების ქვეშ მწოლიარეს, გამუდმებით ეს სიტყვები უწუოდა ყურში, თუმცა სახეზე პანიკის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. უბრალოდ ისვენებდა, მშვიდად სუნთქავდა და გულ-მკერდზე წასმულ, სპეციალურ გელზე ასრიალებული აპარატის ყოველ მოძრაობაზე, უკმაყოფილებისგან მანჭავდა სახეს.
დრო გადიოდა. ლალიტას თვალები ჯერ მონიტორს უყურებდნენ, მერე ექიმის შეჭმუხნილ წარბებს, შემდეგ კვლავ მონიტორს, რაზეც მისთვის ყველაფერი გაუგებარი იყო და გრძნობდა, რომ საბოლოო პასუხი მეტად უსიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. აბსოლუტურად ყველაფერზე ეფიქრებოდა იმ მომენტში. დარდობდა იმაზე, რისი გაკეთებაც სურდა და ვერ მოასწრო, იმაზე, თუ რა ახალგაზრდას უწევდა ყოველივე ამის გადატანა და იმაზეც, რომ ოცდაექვსი წლის ასაკში არაფერი ჰქონდა გაკეთებული ისეთი, რითაც შეეძლო ოდნავ მაინც ეამაყა.
იქნებ დასმული დიაგნოზი მართლაც განაჩენი ყოფილიყო? რა უნდა გაეკეთებინა მაშინ? დეპრესიაში ჩავარდნილიყო, თუ ახლობელი ადამიანებისთვის ყველაფერი დაემალა და სანამ დრო ხელს უწყობდა, ყოველი დღით მაქსიმალური სიამოვნება მიეღო? მისი გული პირველ ვარიანტზე აკეთებდა არჩევანს, რადგან თავის მოჩვენება, თითქოს კარგად იყო, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვებოდა, ხოლო გონება სრულიად საპირისპირო პოზიციაზე იდგა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ უსიამოვნო სიტუაციის მიუხედავად, პოზიტიური განწყობა აერჩია ცხოვრების მეგზურად.
ყველაზე მეტად, მაინც კართან მომლოდინე დანიელზე ეფიქრებოდა. საკუთარ თავს წყევლიდა იმის გამო, რომ ცუდად გახდომის შემდეგ პირდაპირ მას დაურეკა. ნამდვილად არ სურდა რაიმე არასასიამოვნო დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ეს ამბავი ვინმე სხვასაც გაეგო, თუმცა არც მოტყუება გამოუვიდოდა, რადგან სრულიად შესაძლებელი იყო დანიელი სიტყვაზე არ ნდობოდა და ყველაფერი თავად ექიმთან გადაემოწმებინა, ბოლომდე დასარწმუნებლად.
-რამე საშიშია? -თვალებდახუჭულმა ჰკითხა თეთრხალათიანს. ეს კითხვა უკვე დიდი ხანი იყო, რაც გონებაში, ფუტკრების ოჯახივით შემაწუხებლად ბზუოდა, თუმცა მთელი დრო, გულიც და გონებაც შეთანხმებულად ეუბნებოდა უარს მის ხმამაღლა გაჟღერებაზე.
-თუ შეიძლება კვლევის დასრულებას დაველოდოთ. ყველაფერს ბოლოს მოგახსენებთ
დუმილი . . .
შემზარავი, აუტანელი დუმილი და გულში, პარაზიტი ჭიასავით შემოპარული შიში, რომელსაც მთელი თავისი არსებული და არარსებული ძალებით ებრძოდა ლალიტა. საშინლად არ უნდოდა იმ ადამიანებს დამსგავსებოდა, რომლებიც მსგავს მომენტებში პანიკაში ვარდებოდნენ და სახეზე ცარცის ფერი ედებოდათ. უბრალოდ სურდა, რაც არ უნდა ეთქვა ექიმს, ყველაფერს ისე შეხვედროდა, როგორც უშიშარ ადამიანს შეეფერებოდა და სწორედ ამას შთააგონებდა საკუთარ თავსაც.
თეთრხალათიანმა ქალბატონმა გამჭვირვალე გელი კიდევ ერთხელ დაასხა აპარატს და ამჯერად იგი გოგონას მკერდის ქვეშ აასრიალა. პერიოდულად სათვალეს ისწორებდა და კარედ შეჭრილი თმა გადაჰქონდა ყურს უკან, რათა მონიტორისთვის უკეთ შეეხედა.
კვლევა კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. მისი ხანგრძლივობა, საბოლოოდ მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ლალიტას ექოკარდიოგრაფიაზე შესვლიდან ნახევარი საათი გავიდა. პროცედურის დასრულების შემდეგ, ექიმმა ფრთხილად მიაწოდა გოგონას ხელსახოცი, სხეულიდან გელის მოსაწმენდად, ხოლო თავად ფეხზე წამოდგა და კაბინეტის მაგიდას მეტად სერიოზული გამომეტყველებით მიუჯდა.
-გულ-მკერდი გაიწმინდეთ და თუ შეიძლება ჩემს პირისპირ დაბრძანდით -თავის მოპირდაპირედ მდგომ მუხისფერ სავარძელზე ანიშნა ლალიტას. ქალის ხმის ტემბრი, გამოხედვა და შეკრული წარბები, ერთობლივად მოასწავებდა ღრუბლიან პროგნოზს და ამაში 70%-ით დარწმუნებული ლალიტაც, მორჩილი გამომეტყველებით მიუჯდა მაგიდას.
-თუ ვკვდები, გთხოვთ დიდხანს არ დააყოვნოთ და ზედმეტი გაჭიანურების გარეშე მითხრათ -ისეთი შესაშური სიმშვიდით თქვა მან, რამდენიმე წამის განმავლობაში ექიმიც კი გაოცებული სახით უყურებდა, რამე ხომ არ მომესმაო.
-არა, სიკვდილით არ კვდებით -არც თუ ისე მოკლეხნიანი დაკვირვების შემდეგ, როგორც იქნა ენა ამოიდგა ქალმა, თან ცხვირზე დაკოფსებული სათვალეც მოიხსნა და ამ უკანაკსნელს მაგიდის ზედაპირზე მიუჩინა ადგილი.
-კარგი. სიკვდილით რომ არ ვკვდები ეს უკვე კარგია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მონიტორზე ვარდისფერი პეპლები არ დაგინახავთ და რაღაც უსიამოვნო მჭირს
ექიმმა ბროლის გრაფინიდან ერთი ჭიქა წყალი ჩამოისხა, იქედან ოდნავ მოსვა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გასცა გოგონას:
-სამწუხაროდ მიწევს გაცნობოთ, რომ თქვენი შემთხვევა მეორე სირთულის მანკებს განეკუთვნება -თქვა მან ერთმანეთში გადახლართული თითებით -ასეთ სიტუაციაში ოპერაციული ჩარევით ვაგვარებთ ხოლმე პრობლემას, თანაც აუცილებლად ღია წესით
-იქნებ უფრო კონკრეტულად განმიმარტოთ რა მჭირს? -მაგიდას ცალი მკლავით ჩამოყრდნობოდა ლალიტა და ექიმის პასუხის მოლოდინში სმენად იყო ქცეული. ამას არც დაუგვიანია:
-მარტივ ენაზე რომ აგიხსნათ, თქვენი ფილტვისკენ გამავალი არტერია ძალზედ შევიწროებულია, რის გამოც გულს ჩვეულებრივზე დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა და მარჯვენა პარკუჭში წნევა დასაშვებზე ოთხჯერ უფრო მაღალია. სწორედ ეგ იწვევს იმ ძლიერ მორტყმებს გულ-მკერდის არეში, რასაც ბოლო პერიოდებია გრძნობთ.
რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა. ლალიტა ჩაფიქრებული სახით იჯდა და მაგიდაზე რიტმულად აკაკუნებდა თითებს, მანამ, სანამ გონებაში მორიგი შეკითხვა არ დაებადა:
-მეორე სირთულის კატეგორია იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია სასწრაფოა, თუ შესაძლებელია გეგმიურად ჩატარდეს?
-თქვენს შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, ოპერაცია არა უგვიანეს სამი თვის ფარგლებში უნდა გაკეთდეს, თორემ შემდგომში, მდგომარეობა უფრო მეტად გართულდება
-ანუ?
-ანუ ის, რომ ხშირად შესაძლოა უეცარი ტაჰიკარდიების, გულ-მკერდის არეალის ტკივილის, გონების კარგვისა და სუნთქვის უკმარისობის შემთხვევებმა იჩინოს თავი. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მალე დაგეგმოთ ოპერაციის თარიღი და ეს პრობლემაც დროულად მოიშოროთ. შემიძლია ჩვენი კლინიკიდანაც გირჩიოთ რომელიმე ქირურგი. კარდიოლოგიის სფეროში მართლაც რომ საუკეთესო სპეციალისტები გვყავს.
ლალიტას მსუბუქად ჩაეღიმა. ექიმის სიტყვების მაგივრად, ახლა იმაზე ეფიქრებოდა, ეთქვა თუ არა ეს ამბავი კაბინეტის კართან მომლოდინე დანიელისთვის. რაღაც მომენტში ისიც იფიქრა, ამ ამბის შესახებ ხმა საერთოდ არ ამოეღო, თუმცა როდესაც დაფიქრდა, მიხვდა, რომ დანიელი მაინც არ შეეშვებოდა და თავად მოახერხებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას. ზუსტად ამიტომ, სიჩუმეს, მაინც სიმართლის თქმა ამჯობინა და ისე, რომ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ საუბარი აღარ გაუგრძელებია, მუხისფერი სავარძლიდან ფეხზე წამოდგა.
-კარგად ბრძანდებოდეთ, სასიამოვნო დღეს გისურვებთ
-მაგრამ უკვე დავასრულეთ? -იმის გამო, რომ საუბარი უეცრად შეწყვიტა, ფეხზე გაკვირვებული წამოდგა ექიმიც -თარიღზე ან სხვა დეტალებზე არაფერს იტყვით? იქნებ დღესვე გაგვეკეთებინა მიმართვა და ეს პროცესიც დაგვეჩქარებინა?
ლალიტამ, უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია.
-ჯერ არ მსურს მაგ თემაზე ლაპარაკი -განაცხადა მან კატეგორიულად -ამ ეტაპზე ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე და ავწონდავწონო
მეტად არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია გოგონას. აღარც ექიმის მხრიდან დალოდებია პასუხს. იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად სურდა კვლავ უწინდელ თემაზე გაეგრძელებინათ საუბარი, ამიტომ კარი სწრაფად გამოიხურა, ღრმად ამოისუნთქა, თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა თუ არა, მაშინვე დანიელის სახე მოხვდა მისი მზერის ფოკუსში. მართალია მამაკაცი მდუმარედ უყურებდა, თუმცა მისი ღია ცისფერი თვალებიდან გადმოღვრილი მზერა უამრავ კითხვას აჟღერებდა, რომელთა შინაარსის ამოკითხვაც არც ლალიტასთვის ყოფილა რთული ამოცანა.
-წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ -უთხრა მან ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გაკეთების გარეშე -თუ რამე კითხვა გაქვს, შეგიძლია იქ დამისვა
-დაიცადე -დერეფნის ბოლოსკენ წასული, მამაკაცის მიერ მკლავში ჩავლებულმა ხელმა შეაჩერა. მისი თვალები კვლავაც უამრავ კითხვას აშუქებდნენ.
-რა გინდა დანიელ, რა?! გითხარი მანქანაში ვილაპარაკოთ-მეთქი! -ნერვებმა უმტყუვნა და ხმასაც აუწია ამის გამო -რატომ არ გესმის რასაც გეუბნები?!
-იქნებ იმიტომ, რომ ერთი სული მაქვს გავიგო რა ჯანდაბა გითხრა იმ ექიმმა! -მის მსგავსად მამაკაცმაც აუწია ხმას, თუმცა მალევე მიხვდა, რომ დერეფანში თითქმის ყველა მათ უყურებდა და შედარებით დამშვიდებულმა ჩასჭიდა ხელი, ლალიტას მარჯვენას -დროზე წამოდი და ყველაფერი დაფქვი! ოღონდ ტყუილების მოგონება არც გაბედო, სახეზე მაინც ყველაფერს შეგატყობ!
აქედან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ლალიტა და დანიელი, უკვე მანქანის სალონში ისხდნენ და იმ თემას განიხილავდნენ, რაზეც ექიმი ესაუბრა ლალიტას, ექოკარდიოგრაფიის განყოფილებაში. გოგონა მშვიდად, აუღელვებლად საუბრობდა ყოველივე იმაზე, რა შედეგიც გამოკვლევამ აჩვენა, ხოლო მამაკაცი, სავარძლის საზურგეზე მიყრდნობილი უსმენდა და მთელი ამ დროის მანძილზე სიტყვასაც არ ძრავდა.

დაძაბულობა თითქოს ჰაერის ყოველ ნაწილაკში პარაზიტივით იყო შემძვრალი. დანიელი ღრმად სუნთქავდა, ლალიტა კვლავ შეუსვენებლად საუბრობდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ექიმის ნათქვამი ყოველი სიტყვა ზედმიწევნითი სიზუსტით არ გადასცა მამაკაცს.
სამარისებური მდუმარება, გოგონას მიერ საუბრის შეწყვეტის შემდეგ ჩამოწვა. მანქანაში მხოლოდ ორი ადამიანის რიტმული სუნთქვის ხმები ისმოდა და სხვა არაფერი. საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ასე. გულის გამაწვრილებელი სიჩუმე მხოლოდ მაშინ გაიფანტა, როდესაც, დანიელის ავტომობილის გვერდით მდგომმა მერსედესის მარკის მანქანამ, რამდენჯერმე ხმამაღლა დაასიგნალა. ამან თითქოს მამაკაციც მოიყვანა გონს. დასაწყისისთვის ღრმად ამოისუნთქა, მერე მთელი ტანით გვერდით მჯდომი ლალიტასკენ მიტრიალდა, თვალებში შეხედა და ისე ალაპარაკდა:
-იმედია ახლა პანიკაში არ ხარ და რაღაც საშინელებებზე არ ფიქრობ -გამომცდელი მზერითაც ზვერავდა, როდესაც ამ სიტყვებს ეუბნებოდა. ლალიტამ იოლად გაშიფრა მამაკაცის გამოხედვა და ტუჩებზე ღიმილმა გადაუარა.
-ცუდზე არა, მაგრამ ერთ რამეზე ნამდვილად ვფიქრობ
-რაზე?
-იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება მისი ხანგრძლივობით კი არა, იმით განისაზღვრება, თუ რა გააკეთა მან თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მე კი ჯერ არაფერი გამიკეთებია და არც სიკვდილი მინდა
-მაგაზე საერთოდ რატომ საუბრობ? -თითოეული სიტყვის წარმოთქმისას
ნერვიულად დაჭიმვოდა ყბები მამაკაცს, ხოლო ყინულისფერში გარდამავალ, ღია ცისფერ თვალებში თანაგრძნობასთან ერთად დაძაბულობაც ჩასდგომოდა -შენ კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებ და იამაყებ კიდეც საკუთარი თავით
-ნატალიმ ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს
-ანუ მისთვის დამალვა გადაწყვიტე
-ჰო, ასეა -დასტურის ნიშნად თავიც დააქნია -კარგად ვიცნობ მის ხასიათს. ძალიან ემოციურია და თუ ჩემს თვალწინ არა, ზურგს უკან მაინც გამომიგლოვებს. მირჩევნია მშვიდად იყოს და სანერვიულო არაფერი ჰქონდეს.
-მაგრამ ოპერაცია ხომ უნდა გაიეკთო? მაგ ფაქტს ვერსად გაექცევი და ამ გზით ხომ მაინც შეიტყობს ყველაფერს?
-რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ -საფეთქლებზე თითები მიიჭირა და თვალები მაგრად დახუჭა გოგონამ -უბრალოდ დამაცადე. დასაწყისისთვის, ყველაფერი უნდა გადავხარშო და ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდე. ერთია, როცა ნამდვილად ძლიერი ხარ და მეორე, როცა უფლება არ გაქვს სუსტი იყო. მე კი ახლა სისუსტის უფლება არ მაქვს, თუმცა სიძლიერისგან ძალიან შორს ვარ. ძალიან მეშინია დანიელ.
მამაკაცი რაღაც პერიოდით უხმოდ უმზერდა გოგონას სახეს. მერე ეს უკანასკნელი წელზე ხელის მოხვევით გადმოისვა კალთაში, მის სახეზე თითები ფრთხილად ჩამოატარა და თავისი ტუჩები ნაზად შეუერთა მისას.
-შიში ერთადერთი რამაა, რისიც მართლა უნდა გეშინოდეს ლალიტა -ჩასჩურჩულა მან ყურთან ახლოს, ტუჩები კიდევ ერთხელ დაუგემოვნა და ამჯერად ყელის მიდამოებისკენ ჩაუყვა ნაზი კოცნით -შიშმა ვერ უნდა გაგაკონტროლოს, პირიქით, შენ უნდა აკონტროლებდე მას.
-ვერც გამაკონტროლებს! -მეტად კატეგორიულად ჟღერდა გოგონას ხმა -ეს მომენტი დაივიწყე. სხვის თვალწინ აღარასოდეს შევიმჩნევ, რომ რამის მეშინია!
დანიელმა, გაღიმებული სახით მიიხუტა კალთაში მოქცეული ლალიტა გულზე და ამჯერად, მის გაშლილ თმაში დაიწყო თითებით თამაში.
-ერთი დღე მომეცი, კარგი? ყველაფერს ისე მოვაგვარებ, რომ შენ ხელის განძრევაც კი არ დაგჭირდება. ნახავ ეს ყველაფერი რა მალე დასრულდება
-რას გულისხმობ? ერთი დღე რისთვის უნდა მოგცე? -მისი გულიდან თავი არ წამოუწევია ისე შეეკითხა გოგონა
-ძალიან გთხოვ, მეტს ნურაფერს მკითხავ რა -თხოვნა იგრძნობოდა მამაკაცის ტონში ამ სიტყვების თქმისას -რაც შეეხება შიშის სხვის თვალწინ არ შემჩნევას, უბრალოდ იმას გეტყვი, რომ აუცილებელი არაა ყოველთვის ძლიერი ადამიანის ნიღაბი ატარო. არა უშავს ხანდახან თუ მოდუნდები და შენს რეალურ გრძნობებს გამოიტან სააშკარაოზე.
ლალიტამ თავი ფრთხილად ასწია, დანიელის ცივ, ცისფერ თვალებს შეხედა და მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-მგონი დე ჟა ვუ მაქვს
-ჰოო? და რატომ?
-იმიტომ, რომ ზუსტად ეს სიტყვები, ჩვენი მეორე შეხვედრის დროს მითხარი, ბარის ავტოსადგომზე
-ავტოსადგომზე?
-კი, ავტოსადგომზე. ახლაც მახსოვს, იანვარი იყო, რვა რიცხვი.

2022 წელი. 8 იანვარი.

ღამის თერთმეტი საათი იყო. ქალაქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი ბარის "Sunshine"-ს წინ მდებარე პარკინგზე, ლალიტა თავის მანქანას ზურგით მიყრდნობოდა და აუჩქარებლად სვამდა ნახევრად სავსე ვისკის ბოთლიდან. გარეთ საშინლად ციოდა. სუსხი ლამის ძვალსა და რბილში ატანდა, თუმცა სასმელის ზემოქმედების გამო, გოგონას მთელი სხეული ვულკანური ლავასავით ჰქონდა გახურებული და ვერც შემაწუხებელ სუსხს გრძნობდა.
ჩვეოდა ხოლმე ასე ზოგჯერ. ადამიანებისგან განცალკევებით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, სიჩუმის მოსმენისა და ფიქრის სურვილი უჩნდებოდა. ფიქრის იმაზე, თუ რამდენად მოსწონდა თავისი ცხოვრება, ადამიანური თვისებები, რისი შეცვლა სურდა და რისი არა, ან რა შეცდომები დაუშვია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ახლაც ზუსტად ამას აკეთებდა, თუმცა ამჯერად, ალკოჰოლური სასმელიც უწევდა პარტნიორობას.
სახის კანზე ცივი ჰაერის შეგრძნება და ყინულის სველი სურნელი, უსიამოვნო შეგრძნებების ნაცვლად, ერთიანად სიამოვნების ბურუსში ხვევდა ლალიტას. მყუდროება და სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. მოსწონდა კიდეც ეს მყუდროება და სიხარულით გაატარებდა მასში უზომოდ დიდ დროს, რომ არა მოულოდნელი, შემაწუხებელი ფაქტორი აქამდე მდუმარებით მოცულ ქუჩაზე. ბარის წინ, რომლის წარწერაც უფუნქციობის გამო ბოლომდე იყო ჩამქვრალი, ზუსტად ლალიტას მანქანის გვერდით, სულ რაღაც წამებში კიდევ ერთი ავტომობილი გაჩნდა, რომელიც მეტად ხმაურიანად წამოვიდა წინ, ბორბლების ღრჭიალით დაამუხრუჭა და ძრავის გამორთვამდე მარცხენა საქარე მინა ჩამოსწია.
გოგონამ ღრმად ამოსუნთქვას გააყოლა მთელი ის უარყოფითი შეგრძნებები, რაც მყუდროების უხეშად დარღვევამ გააჩინა მის გულში. იმ წამს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კვლავ თავის მანანაში ჩამჯდარიყო და განმარტოებისთვის ახალი ადგილი მოეძებნა, თუნდაც თავისი საყვარელი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ წაიღო თუ არა ხელი ჯიბისკენ, ავტომობილის გასაღების ამოსაღებად, მაშინვე შეაჩერა ხმამ, რომელიც, მართლაც რომ ექოსავით გაისმა ადამიანებისგან დაცარიელებულ ქუჩაზე.
-პირველი შეხვედრა შემთხვევითობაა, აი მეორედ კი უკვე ბედისწერაო, არ გაგიგია?
ლალიტამ ბოთლი მანქანის კაპოტზე შემოდო, თანაც ისე, რომ მისი ყელისთვის ხელი არ გაუშვია. თუკი საჭირო იქნებოდა და სიტუაცია ამის აუცილებლობას მოსთხოვდა, ახლადმოსულს თავზეც კი გადაალეწავდა. დასაწყისისთვის მხოლოდ ის უნდა გაეგო, რა უნდოდა მისი იდილიის დამრღვევს, ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე გაატრიალა თავი გვერდზე და დაინახა თუ არა მანქანაში მჯდომი ადამიანი, გაოცებისგან ლამის თვალებიც კი ორი ზომით დიდი გაუხდა.
მართალია მხოლოდ ერთდელ ჰყავდა ნანახი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არასოდეს დაავიწყდებოსა ის სახე, ის თვალები და გამოხედვა. მის გვერდით ნამდვილად იგივე ადამიანი იყო, ვინც გასულ თვეში, ნასვამ მდგომარეობაში წამოიყვანა სახლში და მას შემდეგ, ერთხელაც კი აღარ უნახავს. გასაკვირი გახლდათ ლალიტასთვის ამ პიროვნების კიდევ ერთხელ ნახვა, თუმცა გასაკვირზე მეტად, უსიამოვნო უფრო იყო, რადგან მყუდრო გარემო, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ფლობდა, სადღაც გამქრალიყო და მისი ადგილი "ქაოსს" დაეკავებინა.
-აქ რას აკეთებ? -ეჭვისგან მოჭუტული თვალებით ჩაეკითხა გოგონა, პარალელურად მკაცრად აზიდა მარცხენა წარბი -ან რა ბედისწერაზე მესაუბრები? შენ რა, ისევ ნასვამი ხარ?
-აჰა, ესე იგი მიცანი და თავის შეხსენება აღარ დამჭირდება -კმაყოფილებით მოცულს ჩაეცინა, ნახევრამდე ჩამოწეული მარცხენა საქარე მინა ბოლომდე ასწია და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა -ნუ ღელავ, დღეს სრულიად ფხიზელი ვარ და არც ძიძა მჭირდება სახლამდე მისაცილებლად
-იმაზე პასუხის გაცემა დაგავიწყდა, თუ რას აკეთებ აქ
-გულახდილად თუ გაინტერესებს, შენ გამოგყევი -გულზე ხელები დაიკრიფა და ისე მიუგო. ერთი წამითაც არ უცდია ტყუილის მოგონება და სინამდვილის დასამალად ყალბი ისტორიის შეთხზვა
-მე გამომყევი?
-ჰო, შენ -დაუმოწმა -დაგინახე, თუ როგორ იყიდე აქედან ახლოს მდებარე მარკეტში ვისკის ბოთლი და ამჯერად, მე გადავწყვიტე შენზე ზრუნვა, თუკი ქუჩაში ნასვამი დაიძინებდი
მიუხედავად ბრაზისა, რომელიც თავის პირად იდილიაში შემოჭრამ აგრძნობინა ლალიტას, მამაკაცის გამოჩენას და მის სიტყვებს, რატომღაც მაინც არ გაუღიზიანებია. პირიქით, რაღაც კუთხით კარგ ხასიათზეც დააყენა და მარტოობაში ყოფნის სურვილიც დაუკარგა.
-აქამდე მალულად მაკვირდებოდი? -ჰკითხა დაუფარავი ინტერესით, თან მამაკაცის ცისფერ თვალებსაც ესროლა გამჭოლი მზერა. ჯერ კიდევ ძალიან უკვირდა, რომ ამ ადამიანს ასე მოულოდნელად შეხვდა, თანაც სრულიად შემთხვევით და ყოველივე ეს, იმ სულელურ სერიალებში ნანახ სიუჟეტს აგონებდა, რომელთა ყურებასაც ნატალი აიძულებდა ხოლმე, ღამღამობით.
-ამდენი კითხვის დასმას არ გირჩევნია სასმელზე მეც დამპატიჟო? -ტუჩებზე ღიმილმომდგარი მიუახლოვდა გოგონას, თან თვითონაც მიეყრდნო მისი მანქანის კაპოტს -შენთან სახლში რომ ვიყავი, ნორმალურად ყავაც კი არ შემომთავაზე, ახლა შანსი გეძლევა სიტუაცია გამოასწორო
-შენ რა, ჩემს გარდა სხვა საქმე არ გაქვს? -სიცილით ჰკითხა ლალიტამ -თუ სასმელი გინდა, შეგიძლია თავად უყიდო შენს თავს. იმ მაღაზიაში კიდევ ბევრი ასეთი ჰქონდათ
-უხეში ხარ
-არ უარვყოფ
-და სექსუალურიც
-არც მაგას უარვყოფ
-შენ იმდენ რამეზე დამეთანხმე, ახლა რომ ს*ქსი შემოგთავაზო მგონი მაგაზეც თანხმობაზე წამოხვალ
-კარგი, მიდი სცადე -ღიმილი არ შორდებოდა მამაკაცის სიტყვებზე გოგონას -მერე ერთად დავაკვირდეთ, კონკრეტულად სახის რომელი ნაწილი დაგიზიანდება
-მგონი გარისკვად მიღირს
-მორჩი მაიმუნობას და მითხარი რა გინდა?
-მოსაწყენი კითხვების დასმა დაიწყე. მგონი ჩემმა სიტყვებმა დაგაბნია და აღარ იცი ჭკვიანური რა მითხრა
ლალიტას ჯერ გაეცინა, მერე დასაშვებზე მეტად მიუახლოვდა მამაკაცს, მის გულ-მკერდზე თითები აასრიალა და თვალებში იმდენად ახლოდან ჩახედა, რომ ცხვირის წვერით ლამის მის კანსაც შეეხო.
-და შენ? -შეეკითხა მაცდური ხმით -ამ წუთას დაბნეული ხარ, თუ კვლავ საღ გონებას ინარჩუნებ?
-საბედისწერო ქალი ჩანხარ, ლალიტა -მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა მამაკაცი, როდესაც ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გოგონას მოშორდა -თუმცა ერთი რაღაც აშკარად არ მომწონს შენში
-ჰოო? და რა?
-ის, რომ შეუვალი ადამიანის იმიჯი მოგწონს -უპასუხა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე -ვფიქრობ, აუცილებელი არაა სხვას თავი ყოველთვის ძლიერ პიროვნებად მოაჩვენო. არა უშავს ხანდახან თუ მოდუნდები და შენს ნამდვილ გრძნობებს გამოიტან სააშკარაოზე . . .






8 8 8 8
ბინდდებოდა. ციდან თოვლის ქათქათა ფანტელების ცვენა სულ ახალი დასრულებული იყო და ამჯერად სუსხიანი ნიავი დაეხეტებოდა ღამის ცის ქვეშ. ალექსი და ნატალი, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერში, თბილად ჩაცმულები მისეირნობდნენ და ელექტრო-სიგარეტიდან რიგრიგობით უშვებდნენ ჰაერში ხილის არომატებს. ლამაზი ღამე იყო. გარშემო სასიამოვნო სიმშვიდე ბატონობდა. დიდი, მრგვალი ლამპიონების ოქროსფერი შუქი, კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენდა გიშრისფერ ზეცას და სრული სიმშვიდის ილუზიას ქმნიდა.
ნატალი ნელი სვლით მიაბიჯებდა ალექსის გვერდით, ფაფუკ თოვლში. გოგონა ღრმად იყო ჩაფიქრებული. მისი აზრები ჯერ კიდევ რატის დასტრიალებდნენ, თუმცა მაინც ვერ ეპოვნა პასუხი იმაზე, თუ რისი მანიშნებელი უნდა ყოფილიყო მამაკაცოს ასეთი მოულოდნელი გამოჩენა, თანაც წლების შემდეგ.
დაშორების მერე, მასზე სრულიად არაფერი სმენოდა ნატალის. ისიც კი არ იცოდა, სად იყო, ან შექმნა თუ არა საერთოდ ოჯახი. მის სოციალურ ქსელებს შეგნებულად არ სტუმრობდა ხოლმე, რათა ძველი გრძნობები არ გაძლიერებულიყვნენ და გულს კვლავ რატის მიმართულებით არ გაეწია. არ სურდა ეს. აღარ უნდოდა კვლავ წარსულში დატოვებული ადამიანი მოეწვია თავის აწმყოში, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გრძნობები ჯერ კიდევ ნაკვერჩხალივით ღვიოდა გოგონას გულში.
უხმოდ სიარული რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ალექსი უკვე კარგად ხვდებოდა, რომ გოგონა, ფიქრებით სულ სხვა განზომილებაში დაფრინავდა. ეს სახის თითოეულ მონაკვეთზე ეწერა, ამიტომ გადაწყვიტა დუმილის დარღვევის ინიციატივა თავად გამოეჩინა:
-ნატალი რამე მოხდა? -ჰკითხა დამკვირვებლური მზერით -ჩემს გვერდით მოაბიჯებ, მაგრამ ვხედავ, რომ ფიქრებით სადღაც იუპიტერზე ხარ
ამ სიტყვების გაგებამ გოგონა თითქოს ღრმა ძილის სამყაროდან გამოაფხიზლა. რატიზე ფიქრებში გართულს, ალექსის გვერდით ყოფნა საერთოდ გადავიწყებოდა და ყოველივე ზემოთ ხსენებულის გაცნობიერებამ, საკუთარი თავის მიმართ ბრაზი აგრძნობინა.
-დღეს რაღაც მოხდა -გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გაისვა და ისე თქვა მან -რაღაც ისეთი მოხდა, რაზე ფიქრსაც ვერ ვწყვეტ და ამის გამო ჩემი თავი საშინლად მძულს
-რა გაქვს მხედველობაში?
ნატალიმ დარდიანად ამოიხვნეშა და გადაწყვიტა ენის წვერზე დადებული სათქმელი, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გამოეტანა სააშკარაოზე.
-რატი ისევ გამოჩნდა ალექს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში
მამაკაცის სახეს აშკარად შეეტყო, თუ რამდენად ნეგატიურად შეხვდა მისი გონება ამ ახალ ამბავს.
-რა უნდა მაგ *ირს?! -წარბები შეკვროდა და შუბლზე ბრაზის გამომხატველი ორი ღარი აჩნდა -აქამდე იმიტომ არ ჩავრეულვარ, რომ მეგონა *რაკი დააყენა, თორემ გერმანიიდან მაგის დასამუშავებლად ჩამოსვლა ნამდვილად არ დამეზარებოდა
-კარგი რა, შენებურები ნუ დაიწყე. ისღა მაკლია რატი ჩემს გამო სცემო
-ჰოდა მაშინ თავად დადექი მაგრად
-ოდესმე გინახავს ცხოვრებაში მაგრად დამდგარი ნატალი? -ნაღვლიანად შეეკითხა გოგონა და წამით, სახეზეც აიფარა ორივე ხელის გული
-არა, არ მინახავს, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ვნახო
საპასუხოდ არაფერი უთქვამს ნატალის. ამის ნაცვლად, ერთ ადგილას უმოძრაოდ დადგა და რამდენიმე წამში უკვე ფაფუკ თოვლში, ხელებგაშლილი იწვა, სახით ცისკენ.
-რატომ ხდება ისე, რომ ადამიანებს ზოგჯერ ისინი გვიყვარდება, ვინც ჩვენი ფასი არ იცის ალექს? -იკითხა მან სევდით გატენილი ხმით -რის გამო უნდა ვგრძნობდე რატის მიმართ სიყვარულს, იმის შემდეგ, რაც გამიკეთა ან რამდენი დროც გავიდა მას მერე?
-მაგას არა უშავს -გაეცინა მამაკაცს და თავადაც ზუსტად ნატალის მსგავსად, თანაც პირდაპირ მის გვერდით გაწვა თოვლზე. მართალია გარეთ საშინლად ციოდა, თუმცა ყინულისა და სიცივის ერთმანეთში აზავებული სურნელი მაინც ძალიან სიამოვნებდა და ხარბადაც უშვებდა ფილტვებში ამ უკანასკნელს.
-რას ნიშნავს არა უშავს?
-ჰო, არა უშავს. მედუზებიც ტვინის გარეშე ცხოვრობენ და შენც როგორმე გაძლებ
-კარგი რა -უკმაყოფილოდ შეკრული წარბებით გადახედა მამაკაცს -შენ და ლალიტა ზუსტად ერთნაირები ხართ, თქვენი ირონიით ხალხს წამლავთ
-ირონია აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ შენც იმ ჯიუტი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, ვისაც მაინცდამაინც ის უნდა, ვისი მიღებაც ვერ შეძლო
-ისე მაგაში გეთანხმები -ტკივილიანად ჩაეცინა. მის მზერაში იმედგაცრუებაც ნათლად აირეკლა -ადამიანებს სწორედ ის გვსურს, რაც არ გვაქვს. მაგალითად, მე ქერა მინდა ვიყო, ლალიტას –შავგრემანი, მაგრამ მე შავგრემანი ვარ, ის კიდევ ქერა.
-წითური დაქალი გაკლიათ სასტავში და იმენა ჩარლის გოგონები ხართ რაა
-აუ, ისე რამდენი ხანია ეგ ფილმი აღარ მინახავს. იქნებ დღეს საღამოს ჩავუჯდეთ?
ალექსმა ღიმილით გადააქნია თავი.
-მგონი ვიღაცას ავიწყდება, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, ერთ ადამიანთან
-ეგ ვის გაახსენდა -შუბლზე შემოირტყა გაშლილი ხელის გული ნატალიმ -ისე, ლამაზად გამოვიყურები? გამოცვლა არ მინდა და ვფიქრობ შეხვედრაზე ასე წავიდე
ალექსმა ჩაფიქრებული სახით ამოისუნთქა, თუმცა გოგონას კითხვაზე არ უპასუხია. საუბარი სრულიად სხვა კუთხით წარმართა:
-ეგ ტიპი არ გამოიყენო ნატალი -უთხრა მან თხოვნის გამომხატველი ტონით -არა მგონია შენი ყოფილისნაირი გამო*ირებული იყოს და ცუდს ნუ გაუკეთებ
-გეყოფა რაა -კვლავ წარბებშეკრული ესაუბრებოდა ალექსს -რატის ისე ადანაშაულებ, თითქოს თავადაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება არ გქონდეს ქალებთან მიმართებაში. რაც ლალიტას დაშორდი, შენც მხოლოდ გართობაზე ხარ გადასული და სერიოზულ ურთიერთობებს გაურბიხარ
-მე თუ სერიოზულ ურთიერთობებს არ ვამყარებ, არც ოცნების კოშკებს ვაგებ და არც ისეთ თბილ სიტყვებს ვიყენებ ქალებთან, როგორსაც შენ გეუბნებოდა ის ტიპი. და საერთოდ, მე რას მომადექი? მაგ საკითხში, არიელში გარეცხილი თეთრეულივით სუფთა გული მაქვს
-მოკლედ ყველაფრისგან შეგიძლია თავის დაძვრენა -ფართე ღიმილით შეხვდა მის სიტყვებს ნატალი. წარბებზე, ბრაზისგან გაჩენილი ღარები სადღაც გაპარულიყვნენ, თანაც ისე, რომ მათი კვალიც კი აღარსად ჩანდა -თუმცა ნურც მე ჩამთვლი სულელად. თუკი გგონია, რომ რატის ასეთი მოულოდნელი გამოჩენა რამეს შეცვლის, ან გული მომილბება, ცდები. ჩემგან წასულ ადამიანს უკან აღარ მივიღებ, როგორც არ უნდა მტკიოდეს გული
-მაგ კუთხით რომ მივუდგეთ, ის შენგან არც წასულა. თავად წახვედი მისგან
-მან მაიძულა წავსულიყავი ალექს, რადგან ჩემთან ურთიერთობისთვის არანაირი სახელის დარქმევა არ სურდა. ეს კი ერთი და იგივეა
მდუმარებამ დაისადგურა ამ სიტყვების შემდეგ. ალექსიც და ნატალიც, კვლავ ბამბისფერ თოვლზე გაწოლილები უცქერდნენ ღამისფერ ცას და იქედან გადმოცვენილი წვრილი თოვლის ფიფქების დნობასაც გრძნობდნენ სახის კანზე, სიცივის შეგრძნებას რომ უტოვებდა რამდენიმე წამით.
მართალია ბოლომდე საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, თუმცა სებესთან შეხვედრა საშინლად ძაბავდა ნატალის. თვითონაც მშვენივრად აცნობიერებდა, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანის თავის სათამაშოდ გამოყენება ჰქონდა მიზნად დასახული, თუმცა პირვანდელ გადაწყვეტილებაზე ხელის აღებას მაინც არ აპირებდა. არც ვინმეს რჩევის მოსმენა სურდა ამ საკითხთან დაკავშირებით. რადაც არ უნდა დაჯდომოდა, სებე ანჯაფარიძე ანკესზე თევზივით უნდა წამოეგო და ამისთვის, მთელი თავისი ქალური მომხიბვლელობა უნდა გამოეყენებინა.
-ალექს -მამაკაცისკენ გადატრიალდა გოგონა, სახეში შეხედა და ოდნავი ღიმილით დაუსვა კითხვა:-შენი აზრით მიმზიდველი ქალი ვარ? მოკლე დროში კაცისთვის ტვინის გადაბრუნებას შევძლებ?
ალექსის სერიოზული გამოხედვა, მხიარულმა შეცვალა იმ წამს.
-თუკი პასუხი არ გაგიტყდება, მაშინ გეტყვი
-არ გამიტყდება -დაპირების ნიშნად ხელის გული მაღლა ასწია ნატალიმ -მიდი, გისმენ
-კარგი, თუ ეგრეა ასე ვიტყვი –რომ არ გიცნობდე და პირველად გხედავდე, შენზე ვიფიქრებდი ამასთან *ექსი მართლა *ენისის პატივისცემა იქნებოდა მეთქი -კვლავ გაეცინა, თან დაამატა -თუმცა არც იოცნებო პატრიკ. ჩემთვის ისეთი მეგობარი ხარ, საწოლში სრულიად შიშველი რომც ჩამიწვე, მაინც არ ამი*გება
-ეს ყველაზე უხეში და ამავდროულად სასიამოვნო კომპლიმენტი იყო, რაც კი მამაკაცისგან მიმიღია -სიცილს ვერ წყვეტდა ნატალი. ალექსთან დროის გატარებისას ხასიათი მუდამ უმჯობესდებოდა ხოლმე და ძალიანაც უხაროდა იმ მომენტებში მისი გვერდით ყოფნა.
-აღიარე, რომ ორიგინალური ვარ
-ხარ, მაგრამ ამავდროულად უხეში და თავხედიც ხარ
-მოდი ახლა შენი უარყოფითი თვისებების ჩამოთვლას ნუ დამაწყებინებ
-კარგი, კარგი, ვჩუმდები -დანებების ნიშნად ასწია ხელები ნატალიმ. სიცივისგან ოდნავ შეწუხებული, თოვლზე გაწოლილ ალექსს მიეხუტა და გულზე თავი ფრთხილად დაადო -დროა სასტუმროში დავბრუნდეთ სქვიდბორდ. ზუსტად შუა ღამით სებეს უნდა შევხვდე და არ მინდა დავაგვიანო.



* * *
შუა ღამე იყო. საათის ისრები ზუსტად თორმეტს უჩვენებდნენ. სასტუმროს მიმღებში, ქურთუკითა და თბილი ქუდით მდგომი ნატალი, გულზე დაკრეფილი ხელებითა და ტუჩებზე დამჩნეული ოდნავი ღიმილით უყურებდა მისგან ზურგით, სავარძელში ჩამომჯდარ სებეს და სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ მამაკაცი აქ სწორედ მას ელოდა.
შეხვედრის გეგმა, უკვე თავიდან ბოლომდე შედგენილი ჰქონდა გოგონას. წინასწარ იყო გათვლი ყოველი მოქმედება თუ სიტყვა. ყველაფერზე ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, რადგან არ სურდა თავის სამიზნესთან პირველი შეხვედრა უბრალო, ან ბანალური ყოფილიყო. უნდოდა რაღაც იმდენად განსაკუთრებული გაეკეთებინა, რაც მამაკაცისთვის მეტად უცხო გამოცდილება იქნებოდა და მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდებოდა.
გოგონამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მიმღების სავარძელზე მჯდომ მამაკაცს და ისე, რომ მეტად აღარ მოუცდია, სასტუმროდან გასასვლელი კარისკენ ფეხაკრებით გაიპარა. გარეთ თოვას უკვე გადაეღო და აღარც სუსხიანი ქარი ქროდა. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ციოდა, ამიტომ, ნატალიმ გასვლის თანავე მოირგო თავისი თბილი ხელთათმანები და სასტუმროს შორიახლოს, ძელებზე მიბმული, ორი შეკაზმული ცხენის დანახვაზე კმაყოფილებისგან ჩაეღიმა.
ვინაიდან დიდი თოვლის გამო ნაბიჯების გადადგმა ცოტათი ჭირდა, გოგონა ნელა მიუახლოვდა ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომ თეთრსა და შავ ცხენებს შორის –თეთრს, მასზე მკვირცხლად შემოჯდა და ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონიც ამოაცურა, რათა რესეფშენში მომლოდინე სებესთვის დაერეკა. ასეც მოიქცა, როგორც კი ეკრანს ბლოკი მოხსნა, მაშინვე მამაკაცის ნომერი ამოარჩია სატელეფონო კონტაქტებში და მობილურიც ხმამაღალ კავშირზე ჩართო. გაბმული ზუმერის ხმა, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად მეოთხე ზარის გასვლაზე შეწყდა და იგი ანჯაფარიძის ოდნავ დაბალმა, მომხიბვლელმა ბარიტონმა ჩაანაცვლა:
-გისმენთ
-ცოტა ხნის წინ დაგინახე და მივხვდი, რომ დღევანდელი ღამის კვალობაზე ცოტათი არაშესაბამისად გაცვია
-ნატალი?
-ძალიან მიხარია, რომ ხმაზე მაშინვე მიცანი -ღიმილი ფართედ მოადგა გოგონას სახეს -გარეთ თუ გამოხვალ დამინახავ კიდეც, მაგრამ გაითვალისწინე, მარტო არ ვარ
ყურმილის მეორე მხრიდან საპასუხო სიტყვები არ გაუგია ნატალის, თუმცა ხმებით იმას ნამდვილად მიხვდა, რომ მამაკაცი სავარძლიდან წამოდგა და სასტუმროდან გამოსასვლელი მოკლე დერეფნისკენ წამოვიდა. აქედან სულ რაღაც ხუთი წამის შემდეგ დაინახა კიდეც, თუ როგორ გაიღო დიდი, სენსორული კარი და მის ზღურბლზე, აუჩქარებელი ნაბიჯებით მომავალი სებეც შენიშნა, ვისაც ტელეფონი უკვე გაეთიშა და მისთვის შარვლის მარცხენა ჯიბეში მიეჩინა ადგილი.
მამაკაცმა გარეთ გამოსვლის თანავე, თავზე ქურთუკის კაპიუშონი წამოიფარა, თოვლში მოხერხებულად გააბიჯა და თეთრ ცხენზე არხეინად შემომჯდარი ნატალის დანახვაზე გაკვირვების ნიშნად აზიდა ცალი წარბი.
-ესენი აქ შენ მოიყვანე?
-კი, მე მოვიყვანე -ამაყად დაუწმოწმა და თავიც დაუქნია -თეთრს ანგელოზი დავარქვი, შავს კი დემონი
-აჰა, ესე იგი, დღევანდელ საღამოს ან სამოთხეში წაგვიყვანენ, ან ჯოჯოხეთში
-რა პოეტურად გამოგივიდა -თავის ცხენს გადმოაწვა თუ არა, კისერზე მკლავები ნაზად მოხვია და სებეს ნაზად გაუღიმა -ზუსტად არ ვიცი ჯირითი გამოგდის თუ არა, მაგრამ იმდენად თვინიერი ცხენები არიან, არაფრის შეგეშინდეს და თამამად დაჯექი
სებემ ფილტვებში ღრმად შეუშვა ღამის ცივი, მაგრამ კრისტალივით სუფთა ჰაერი და თავისი მზერა ერთ კონკრეტულ ადგილას გაყინა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად უყურებდა ცხენზე ამხედრებულ, თმაგაშლილ ნატალის, მის თითეოულ ნაკვთს, მუქ თვალებში აღბეჭდილ იდუმალ გამოხედვას, სიცივისგან ოდნავ აწითლებულ ცხვირის წვერს, მალინისფერ ტუჩებს და უზომოდ ბევრ რამეზე ეფიქრებოდა. პირველ რიგში კი თავში ერთი მოსაზრება უტრიალებდა. თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ამ გოგოს მისგან რაღაც სურდა და სწორედ ამის გარკვევა ჰქონდა მიზნად დასახული.
-სად ვაპირებთ წასვლას? -ჰკითხა ცნობისმოყვარედ, თან ისე მოხერხებულად გადაევლო ცხენს, რომ გოგონა მაშინვე მიხვდა, რამდენად გაწაფულიც უნდა ყოფილიყო მამაკაცი ცხენზე ჯირითში
-ნუ ღელავ, მართლა თოვლის პაპას გაკეთებას და გუნდაობას არ ვაპირებ შენთან ერთად, როგორც ეს რესტორანში გითხარი. მე უფრო ადრენალინის მომხრე ვარ
-კარგი, ეგ გასაგებია, მაგრამ ის რატომღა მითხარი, რომ დღევანდელი ღამისთვის არაშესაბამისად მაცვია? -ჰკითხა თუ არა, ნატალის მსგავსად, ცხენს თვითონაფ მოქაჩა აღვირი და თავისი შავი დემონი, ანგელოზის კვალდაკვალ წაიყვანა. გოგონას მხრიდან პასუხს დიდხანს არ დაუგვიანია:
-იმიტომ, რომ რის გაკეთებასაც ვაპირებთ, იმას ოდნავ სპორტული ჩაცმულობა სჭირდება
-გამოუცნობი ადამიანი ხარ
-რაღაც კუთხით ყველანი გამოუცნობები ვართ. მათ შორის შენც
-რას გულისხმობ? -მისკენ არც გაუხედავს ისე ჰკითხა სებემ. ცხენები კვლავ ერთმანეთის გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ და თავიანთი მხედრები აუჩქარებლად მიჰყავდათ თოვლიან ბილიკზე.
-კონკრეტულად არაფერს. უბრალოდ ის აღვნიშნე, რომ საიდუმლო მხარე თითოეულ ჩვენგანს აქვს
-თუ ასეა, შენი საიდუმლოც გამიმხილე და მითხარი სად მივდივართ
პასუხის გაცემის მაგივრად, ნატალიმ თავისი ცხენი ერთ ადგილას უძრავად შეაყენა. სწორედ იგივენაირად მოიქცა სებეც. რამდენიმე წამით მდუმარედ უყურებდნენ ერთმანეთს. მამაკაცის თვალებში უამრავი კითხვის ნიშანი იკითხებოდა და ამას გოგონაც მშვენივრად ხედავდა.
-მაღალი გორაკიდან სნოუბორდით დაშვება, თანაც ღამით, რამდენად ზის შენს გემოვნებაში? -დაუსვა თუ არა შეკითხვა, ცნობისმოყვარედ შეაცქერდა ანჯაფარიძის მუქ ლურჯ თვალებს, სიბნელეში კიდევ უფრო რომ ჩამუქებულიყო.
-ანუ ეს არის ჩვენი გეგმა?
-ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ სნოუბორდზე დგომა იდეალურად გამოგდის და მეტიც–გიჟდები კიდეც ამაზე. ჰოდა, გადავწყვიყე ეს საკუთარი თვალით მენახა.
-აჰა, ახლა უკვე გასაგებია რატომ აქვს შენს ანგელოზს ზურგზე აკიდებული დიდი ტომარა -კიდევ ერთხელ შეხედა ცხენის უნაგირს ამის თქმისას -ესე იგი მანდ სნოუბორდის დაფები გიდევს, არა?
დასმულ შეკითხვას გოგონამ მხოლოდ მაშინ უპასუხა, როდესაც ცხენის აღვირი კვლავ მოქაჩა და ფაფუკ თოვლში განაგრძო ნელი სვლა.
-კი, ასეა და დამატებითი საჩუქარიც მაქვს იმის გამო, რომ ჩემს წინადადებას დათანხმდი
-საჩუქარი? -ღიმილის შეკავება ვერ მოახერხა სებემ. უნდა ეღიარებინა, ნატალისთან დიალოგი თანდათან უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა მისთვის.
-ჰო, საჩუქარი. რახან ასეთ ყინვაში ჩემთან ერთად გარეთ გამოსვლას დათანხმდი, შენი ოქროს თევზი ვიქნები და ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებ. შეგიძლია რაც გინდა მთხოვო, თუკი რა თქმა უნდა შენი თხოვნა ინტიმურ სიახლოვესთან არ იქნება კავშირში.
-ინტიმურ სიახლოვესთან? -ტუჩის კუთხეში შეპარული ოდნავი ღიმილითა და გამომცდელი მზერით ათვალიერებდა ანგელოზზე შემომჯდარ მხედარს -ძალიან შეცდი თუკი იფიქრე, რომ ასეთ რამეს გთხოვდი
-ჰოო?
-დამიჯერე ასეა -საკუთარ თავში დარწმუნებული, ოდნავ დაბალი და მომხიბვლელი ხმის ტემბრით ესაუბრებოდა. თითოეული მისი მოქმედება, ქცევა, ჟესტი თუ სიტყვა, ძალზედ მიმზიდველი იყო ნატალისთვის და ყველანაირად ჯდებოდა იმ ოქროს შუალედში, რომელიც თავის წარმოსახვაში ჰქონდა დაწესებული მამაკაცთა მოდგმისთვის.
-მე არ მითქვამს, რომ ასე ვიფიქრე, უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მირჩევნია პრევენციული ზომების მიღება
-ჰოდა მაშინ შესაფერისი დროა იმის სათქმელად, რომ პაემნიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ სე*სით არ ვკავდები ხოლმე
-ნუთუ? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით, ლამის შუაზე ჭრიდა მამაკაცს, ნატალი -ვერაფრით დამაჯერებ იმას, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ გქონია დაუგეგმავი სე*სი და მეორე დღეს ყველაფერი არ დაგიმთავრებია იმ ადამიანთან
სებეს გაეცინა.
-მოდი ვაღიარებ, რომ ოც წლამდე ჩემთვის თითქმის ყოველი დღე ზუსტად ეგეთი იყო, მაგრამ მერე გონებრივად იზრდები და ხვდები, რომ, როდესაც ქალის სხეული და ტვინი ერთნაირად გიზიდავს, მაშინ მისი შიშველ მდგომარეობაში ხილვა უფრო მეტად აზარტულია.
-ანუ ქალის ტვინის შესახებ რომ წარმოდგენა შეგექმნას, ამისათვის გარკვეული ხნით საუბარი და მისი გაცნობაა საჭირო -დამკვირვებლური მზერით უცქერდა, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელის გამო მის სახეს კარგად ვერ ხედავდა -მაშინ ის მითხარი, რა აზრის ხარ ჩემზე ან ჩემს ტვინზე
სებემ მაშინვე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად.
-არა. წინასწარ რამის თქმას მირჩევნია შენგან ნაჩუქარი სურვილი გამოვიყენო
-აჰა, გასაგებია -ჩაეცინა მხიარულად და წამებში მოიცვა მთელი მისი სხეული დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ -გამოდის უკვე მოფიქრებული გაქვს რომელი ერთი სურვილის შესრულება უნდა მთხოვო
-რთული მოსაფიქრებელი არ ყოფილა. უბრალოდ იმას გეტყვი, რაც უკვე დიდი ხანია მინდა და ამაზე ხმამაღლა არასდროს მისაუბრია
-და რა არის ეს? -ერთი იდეაც კი არ გააჩნდა გოგონას, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სებეს იდუმალი სურვილი -რამე რთულია?
-ისეთი არაფერი -მხრები აიჩეჩა მან, თან მოულოდნელად შეაყენა თავისი ცხენი და უნაგირიდან სწრაფად ჩამოხტა ქათქათა თოვლში -დასაწყისისთვის ძირს ჩამოდი. ცხენები დაიღალნენ და ცოტათი შევასვენოთ
-კარგი, უსიტყვოდ გემორჩილები
-მოდი აქ, დაგეხმარები -წელზე ორივე ხელი მოჰკიდა და თავისი თეთრი ანგელოზიდან ჩამოსვლაში მიეხმარა. ნახევარი წამიც და ნატალი უკვე მის პირისპირ იდგა, თანაც იმდენად ახლო მანძილზე, რომ გოგონას ცხელი სუნთქვა სახის კანზე სასიამოვნოდ ეფრქვეოდა.
-კარგი, მიდი მითხარი შენი სურვილი
-ნებისმიერს ვასრულებო თქვი, არა?
-კი, ნებისმიერს -მსწრაფლ დაუმოწმა და სმენადაც იქცა პასუხის მოლოდინში. სებემ გარკვეული დროით დააყოვნა ხმის ამოღება. სანამ რამეს იტყოდა, ჯერ გოგონას სახეზე ჩამოატარა თითები, შემდეგ მკერდზე ჩამოშლილი თმები გადაუყარა ზურგს უკან და მომხიბვლელად დაბალი, მაცდური ხმით, ყურთან ახლოს შემდეგი სიტყვები ჩასჩურჩულა:
-როდესაც გორაკიდან სნოუბორდით დავეშვებით, ჩემს ნომერში გამომყევი და უფლება მომეცი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დაგხატო.



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

???????????? უკარგესია ????

<3 უკარგესია

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

სებე და ნატალი - დახვეწილობის ზენიტია. დანიელი და ლალიტა უსაყვარლესები. ალექსი უხამსი ბიჭი :დდდ
ძალიან მომწონხარ ავტორო. ძველ ნამუშევრებსაც უნდა გადავავლო თვალი. მომწონს შენი წერის სტილი❣

 


№3 სტუმარი Ana-maria

სებეს სურვილი ჩემთვის მოულოდნელი იყო. რა არ ვიფიქრე.მართალი რომ გითხრათ,სებე არ იმსახურებს სხვის ნაცვლად დასჯას. იმედია ნატალი მიხვდება და სხვა მიმართულებას მისცემს მის გეგმას.
რაც შეეხება ლალიტას,იქნებ მიხვდეს ეს ორი ერთმანეთი რომ უყვართ.
წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent