შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 3 )


21-10-2022, 00:50
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 9 126

- მოდი ჩემთან, -საწოლზე დაატყაპუნა ხელი და ბალიშზე გაშლილ მკლავზე მანიშნა ეშმაკური ღიმილით, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას რომ სულ რამდენიმე წამით გავუძელი მის მომხიბვლელობას, გადავწყვიტე რომ სულ ცოტა ხნით ყველა და ყველაფერი დამევიწყებინა, არც იმაზე მიფიქრია მარკო რატომ იქცეოდა ასე, სადღაც ჯანდაბაში გავუშვი სირცხვილის და მორიდების გრძნობა იმის გამო რომ ფაქტიურად ნახევრადშიშველი ვიყავი, გვერდით მივუწექი, თავი მკლავზე დავადე და ხელი წელზე მოვხვიე.
- დახუჭე ეგ ლამაზი თვალები და დაიძინე, ჯერ ძალიან ადრეა, -მხოლოდ ეს მითხრა, პლედი გადამაფარა, შუბლზე ნაზად მაკოცა და თმაში შემიცურა თითები, ჩემდა გასაკვირად საერთოდ არ ვგრძნობდი უხერხულობას, მის გულისცემას და მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი, მისი სურნელით და ჩემს თმაში ახლართული თითების მოძრაობით ვტკბებოდი და ვფიქრობდი, თურმე იმისთვის რომ ძალიან მაგრად იკაიფო სულაც არ არის საჭირო ათასგვარი უბედურების გასინჯვა...

დილით საწოლში მარტოს გამეღვიძა და იქვე ბალიშზე დატოვებული წერილი რომ დავინახე გული სიხარულისგან ამიფრთხიალდა, ფრთხილად გავშალე ორად გადაკეცილი ცისფერი ოთხკუთხა ქაღალდი.
- ''გილოცავ, გასაუბრება წარმატებით გაიარე, ორშაბათს ათ საათზე ახალ სამსახურში გელოდებით''
- უფანტაზიო იდიოტი, -ჩავიბურტყუნე და დაკუჭული ქაღალდი გამეტებით მოვისროლე, თვითონაც არ ვიცი რას ველოდი, სასიყვარულო წერილს, ვარდს და საუზმეს? მგონი ზედმეტი მოვინდომე, ჩვენ ხომ ერთად ვნებიანი სასიყვარულო ღამე არ გავიტარებია, არადა...
- რა არადა, რა არადა ანა, -საკუთარი ფიქრებისგან გაცოფებულმა ვიტკიცე ლოყაზე ხელი და გამწარებულმა ხმამაღლა დავიკვნესე, ასე საკუთარ თავთან ლაპარაკით ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა, საათს დავხედე, თერთმეტი ხდებოდა არადა ამ დროს ამ უზარმაზარ სახლში კაცისშვილის ჭაჭანება არ იყო, უჩუმრად ჩამოვიარე მარმარილოს ფართო ნაცრისფერი კიბეები, მივდიოდი დერეფანში და გუშინდელისგან განხვავებით ახლა უფრო ყურადღებით ვაკვირდებოდი ყველაფერს, დერეფნის მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული უზარმაზარი ფანჯრებიდან ყვავილების სურნელით გაჟღენთილი თბილი ნიავი შემოდიოდა და ხის ყავისფერ იატაკამდე ჩამოშვებულ თხელ ნაცრისფერ ფარდებს აფრიალებდა, მზის შუქი კედლებზე ჩამოკიდებულ ძვირფას ჩარჩოში ჩასმულ ნახატებს ეცემოდა და უცნაურ ელფერს სძენდა, ჩემს თავს ზემოთ ოდნავ, სულ ოდნავ ირხეოდა უზარმაზარი ჭაღი და ძლივსგასაკონად წკარუნობდა ბროლის მძივები, იყო რაღაც უცნაური და მისტიური ამ ყველაფერში...
ცენტრალური შემოსასვლელი კარი ღია დამხვდა, ეზოში გავედი და იშვიათ მოკრიალებულ ცას ავხედე, მზეს თვალი რომ ვერ გავუსწორე მაშინღა გამახსენდა სათვალე რომელიც მაისურის საყელოზე მქონდა ჩამოკიდებული, სანამ გავიკეთებდი ხელში შევატრიალე, ვერ მივხვდი რატომ მეცნობოდა ასე ძალიან, ვერ ვიხსენებდი, ეს ხომ გუშინ იმ ბიჭმა მომცა არადა თითქოს იქამდეც მქონდა...
ღიმილით გადავაქნიე თავი, ტვინში აშკარად რაღაც მქონდა არეული, ნელი ნაბიჯით გავუყევვი ბილიკს, ჭიშკართან რომ მივედი ნაცნობი სხეული გადამიდგა წინ
- გამარჯობა ბატონო აპოლონ, -მხიარულად შევღიმე და თითისწვერებზე დავდექი რომ მივწვდომოდი და მხარზე ხელი დამერტყა, -სხვათაშორის სამსახურში მიმიღეს, არ გამართლდა შენი წინასწარმეტყველება იმის შესახებ რომ არ ამიყვანდნენ, -ნიშნისმოგებით ვახარე.
- გილოცავ, ისე მაინც რომ იცოდე დათო მქვია, -ისე საყვარლად და გულწრფელად გამიცინა რომ ჩემმა ტუჩებმა ჩემგან დამოუკიდებლად დაუბრუნეს ღიმილი, კარი გამიღო და თავი დამიკრა დამშვიდობების ნიშნად.

ქუჩაში გამოსულს ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოვხვდი, თანაც ყველანაირი წინასწარი შემზადების გარეშე, ხმაური მტვერი სიცხე, ერთბაშად დამატყდა თავს, ამოვიოხრე და ის იყო უნდა შევბრუნებულიყავი რომ გზის გადაღმა პარკში მჯდარ ჩემს ახალ ნაცნობს მოვკარი თვალი, გაუნძრევლად იჯდა ხის ქვეშ ჩრდილში და თვალს არ მაშორებდა, როგორც კი შეამჩნია რომ ვუყურებდი ხელი ასწია მოსალმების ნიშნად, მეც დავუქნიე ხელი და გავუღიმე, იმ წამს ჩემს წინ ჩავლილმა შუახნის მამაკაცმა ინსტიქტურად გააყოლა ჩემს მზერას თვალი, მერე მე შემომხედა, კიდევ ერთხელ გაიხედა პარკისკენ, საჩვენებელი თითი შუბლთან მიიტანა დაატრიალა და ბურტყუნით მოშორდა იქაურობას, არაფერი მითქვამს, მხოლოდ წარბი ავწიე და მხრები ავიჩეჩე, გიჟებს რა დალევს, ქუჩა სწრაფი ნაბიჯით გადავჭერი, პარკში შევედი ჩემი ნაცნობის გვერდით მოვკალათდი, ფეხები სკამზე ავიკეცე და ყურადღებით შევათვალიერე...
ისევ ის ტანსაცმელი ეცვა რაც გუშინ, თმებიც ისევ ისე ჰქონდა აჩეჩილი, უბრალოდ დღეს ბევრად უფრო ფერმკრთალი და უხასიათოდ იყო.
- მადლობა უნდა გითხრა, შენი წყალობით სამსახური ვიშოვე, -როცა მივხვდი რომ ხმის გაღებას არ აპირებდა ისევ მე ვითავე საუბრის დაწყება.
- ვიცოდი რომ გამოგივიდოდა, -უცნაურად მინავლებული ხმით ჩაილაპარაკა და სევდიანი თვალებით შემომხედა, წამიერად თვალწინ მარკოს სახემ გამიელვა და რატომღაც ვიფიქრე რომ სრულიად განსხვავებული ნაკვთების მიუხედავად ერთმანეთს გავდნენ, იყო მასში რაღაც თბილი, ახლობლური და მარკოსეული.
- როდის იწყებ მუშაობას, -ჩემი გაოცებული და ჩაფიქრებული სახე არაფრად ჩააგდო, -საზურგეს მიეყრდნო თვალები დახუჭა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.
- ორშაბათისთვის დამიბარეს.
- მარკო ნახე?
- იცნობ?
- დაგავიწყდა რომ მეც ამ ქუჩაზე ვცხოვრობ?
- ჰო რათქმაუნდა მახსოვს უსახელო ბიჭო, ლურჯ სახურავიან სახლში ცხოვრობ.
- ეს არ დაივიწყო, შეიძლება გითხრან რომ მოგატყუე, შეიძლება გითხრან რომ მოგეჩვენა, არავის დაუჯერო, დამპირდი რომ ყველაფერს დაიჯერებ რასაც გეუბნები...
გაოცებული ვუსმენდი, ამჯერად თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა, ახლა უფრო მეტად იყო გაფითრებული, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, თითები უთრთოდა, მისი ვენისკენ გამექცა თვალი რომლიდანაც სისხლი მოჟონავდა, ჩემს მზერას გააყოლა თვალი და აკეცილი სახელო დაბლა დაქაჩა...
- ყურადღებას ნუ მომაქცევ ამ ბოლო დროს ცოტა არ იყოს განერვიულებული ვარ, შენ ის მითხარი მარკო როგორ არის?
- საიდან იცნობ? -პირში ძლივს მოვიბრუნე ენა, -ისინი ხომ ახლახანს გადმოვიდნენ.
- ეს სახლი იყიდეს ახლახანს თორემ მარკოს დაბადებიდან ვიცნობ.
- ესე იგი იცოდი სადაც მაგზავნიდი.
- გამომიჭირე, -სუსტად გამიღიმა და ჩემი სახისკენ წამოიღო ათრთოლებული თითები თუმცა მაშინვე დაუშვა ძირს, -ვიცოდი რომ აგიყვანდნენ, დაგინახე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ მარკო ვერ შეგელეოდა.
- ასე ენდობა ის მილიონერი? საერთოდ არ ამოწმებს მარკოს მიღებულ გადაწყვეტილებებს?
- ააა ის? ჰო შეიძლება ითქვას რომ მარკო მისი მარჯვენა ხელია, -არეულად ჩაილაპარაკა, თავი ჩაღუნა და საკუთარ ფეხსაცმელებს დააშტერდა.
- ლეოპარდებზეც იცოდი?
- ლეოპარდები? სერიოზულად? -ისეთი სახით შემომხედა რომ მივხვდი მართლა არაფერი იცოდა, -მე მეგონა რომ მართლა შინაური ცხოველებისთვის ეძებდნენ მომვლელს, თუმცა შენ ისეთი ხარ მარკოს მოთვინიერება არ გაგჭირვებია და ლეოპარდებსაც მოუხერხებ რამეს, -გულიანად გადაიხარხარა და მზეს მიუშვირა გაფითრებული სახე.
- ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მართლა მათბობდეს მზე არადა ისე ცივა... -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა.
- რას გულისხმობ? -ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდა, მაკვირვებდა მისი ასეთი დაბნეულობა ცვალებადობა, უცნაური არეული საუბარი, სიმართლე რომ ვთქვა ცოტა მაშინებდა კიდეც.
- მითხარი რომ შეძლებ მიპოვო, -ანთებული თვალები მომაპყრო, -შეიძლება ეს იყოს ჩვენი ბოლო შეხვედრა მაგრამ უნდა დამპირდე რომ მომძებნი, შენ ერთადერთი ხარ ვისი იმედიც მაქვს, უნდა მიპოვო გესმის? ცოტა დრო დამრჩა, დამპირდი, დამპირდი...
სასოწარკვეთილი ხმით მთხოვდა რომ დავპირებოდი, ვერც განძრევას ვახერხებდი და ვერც ხმის ამოღებას, დაჰიპნოზებულივით ვიჯექი და ვუსმენდი...
- გპირდები, -თვითონაც არ ვიცოდი რატომ შევპირდი, ალბათ იმიტომ რომ შემეცოდა ან იმიტომ რომ ასე ძალიან ჰგავდა მარკოს, ან იმიტომ რომ... ტრანსიდან ჩემს ზურგს უკან ატეხილმა ხმაურმა გამომარკვია, დაფეთებული შევბრუნდი, ახალგაზრდა ბიჭი უზარმაზარ ძაღლს მოსდევდა დასაჭერად რომელიც მისგან გაქცევას ცდილობდა და შადრევანთან შეგროვილ ბავშვებში შიშს და პანიკას იწვევდა.
- აი ამიტომ უნდა ატარონ ასეთი უზარმაზარი ძაღლები თასმით და ალიკაპით, -გაბრაზებული შემოვბრუნდი და გავშრი, ჩემს გვერდით სკამი ცარიელი იყო, უცნობი ნაცნობის კვალიც კი არ ჩანდა, ასე როგორ გავერთე, ნუთუ ამდენ ხანს ვუყურებდი იმ ძაღლს რომ ასე უგზო უკვლოდ მოასწრო აორთქლება, სწრაფად წამოვხტი, ქუჩაში გავედი და ბევრი არ მიფიქრია ისე წავედი ქუჩის ბოლოში მდგარი ლურჯ სახურავიანი სახლისკენ, უნდა გამერკვია რა ხდებოდა, აუცილებლად უნდა გამერკვია, აშკარა იყო რომ ბიჭს დახმარება სჭირდებოდა და ჩემგან ელოდა შველას, შეიძლება გიჟი ვიყავი ამას რომ ვაკეთებდი მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, აღელვებულმა დავაჭირე თითი ზარს, ერთხელ, მეორედ, მესამედ, ბოლოს როგორც იქნა ძლივსგასაგონი ნაბიჯების ხმა გაისმა და კარი გაიღო, ჩემს წინ სამოციოდე წლის ქალი იდგა, აბაზანის ხალათში გამოწყობილი აბურდული ჭაღარა თმითა და ჩაწითლებული თვალებით, ინსტიქტურად შევათვალიერე მის უკან მდებარე ერთი ციდა ეზო, საკმაოდ ძველი და გვარიანად შელახული სახლი ჭიშკრიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, ის იყო პირი დავაღე ჩემს უცნობზე საკითხავად რომ დავინახე როგორ მიქნევდა ხელს ფანჯრიდან გამხდარი გრძელთმიანი გოგონა, როგორც კი მიხვდა რომ ჩემი ყურადღება მიიქცია თითი ტუჩებთან მიიტანა და მანიშნა ჩუმად ვყოფილიყავი...
- რა გნებავთ ამოღერღავთ ბოლოს და ბოლოს? -ცივი გამყინავი ხმა ჰქონდა ქალს, უნებურად შევკრთი და უკან დავიხიე.
- მე... მე ჩემს მეგობარს ვეძებდი, მომეჩვენა რომ აქ შემოვიდა და... - ორ სიტყვას ძლივს მოვაბი თავი.
- ვინ არის შენი მეგობარი? -დაძაბულმა მკითხა.
- დაბალი ლამაზი გოგოა, მოკლე ქერა თმით, -არ ვიცოდი რატომ მოვატყუე, უბრალოდ ვგრძნობდი რომ ასე იყო საჭირო.
- ასეთს არავის ვიცნობ, ამ სახლში მარტო ვცხოვრობ, არაფრის არ გრცხვენიათ დღევანდელ ახალგაზრდებს, დაბოდიალობთ ასე უგზო უკვლოდ და ხალხს ძვირფას დროს აკარგვინებთ, -გაცოფებულმა შემომხედა და ცხვირწინ მომიჯახუნა კარი.
- - - - - - - - - -
გაოგნებული, დაღლილი და გასავათებული დავბრუნდი სახლში, ლიკუნა კართან კიბეზე დამხვდა მოკალათებული, ზურგით კედელს ეყრდნობოდა და თვლემდა, დამინახა თუ არა წამოხტა და ისეთი გამწარებული მეცა მეგონა შუაზე გამგლეჯდა.
- შე უსინდისო, შე არანორმალურო, საძაგელო არსება, სად ხარ დაკარგული? იცი რომ ყველა შენ გეძებთ? შენი მშობლები და ძმა გადარეულები არიან, ნოდარიმაც კი დამირეკა, ვურეკავ არ მპასუხობს და ხომ ცოცხალიაო?
- ნოდარიმ დაგირეკა? -მისი სახელის გაგონებისას გული სასიამოვნოდ გამითბა.
- არა რა, მართლა არანორმალური ხარ, -თვალები აატრიალა ლუკუნამ და კედელს მიეყრდნო, -გაგლანძღე, უამრავი რამ გითხარი და შენ მარტო ნოდარი გაიგე? სად გაქვს ტელეფონი?
ახლაღა მივხვდი მართლაც რა უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, ალბათ მართლა როგორ ნერვიულობდნენ ჩემი მშობლები, ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე.
- გათიშულა, -დამნაშავესავით ჩავილაპარაკე.
- კი მაგრამ სად იყავი?
- მოდი ასე გავაკეთოთ, ახლა მე ჩემს მშობლებს და ძმას დავურეკავ, მერე წყალს გადავივლებ, მერე კი ძალიან მაგარი და უზომოდ საინტერესო ამბები მაქვს შენთვის.
- მართლა? ლიკუნას თვალები გაუბრწყინდა და აცმუკდა, ვიცოდი მისი სუსტი წერტილი, საშინლად ცნობისმოყვარე იყო.
ჩემს მშობლებს დაველაპარაკე და ერთსაათიანი ლექცია მოვისმინე თუ არა, ტანსაცმელი მისაღებშივე გავიხადე, ნივთები იქვე მივყარე და აბაზანაში შევედი, დიდხანს ვიდექი თბილი წყლის ქვეშ და ვცდილობდი ჩემს თავში ქაოსურად მიმდინარე მოვლენები როგორმე დამელაგებინა თუმცა არ გამომდიოდა, უცნობი და მარკო, ახალი სამსახური და მარკო, ლეოპარდები და მარკო, ლურ სახურავიანი სახლი და მოხუცი ალქაჯი აბაზანის ხალათით, ისევ მარკო... მარკო... მარკო... გაბრუებული გამოვედი მისაღებში.
- არ მჯერა რომ ეს სათვალე იპოვე, -ლიკუნა უცნობის საჩუქარს ათამაშებდა ხელში.
- რას გულისხმობ? მგონი რაღაც გეშლება.
- არაფერიც არ მეშლება, გგონია ჩემი ძმის სათვალეს ვერ ვცნობ? არ გახსოვს შარშან რამდენი ხანი ეხვეწებოდი რომ შენთვის ეჩუქებინა, ისიც რომ ვირივით გაჯიუტდა, არ გაჩუქა მოვპარეთ და მთელი კვირა ეძებდა გამწარებული, ლამის პოლიციაში განაცხადა...
- გამახსენდა, -დაბრუნებას ვაპირებდი, ეყოფა რაც გავამწარეთ ეგ ძუნწითქო მაგრამ დავკარგე, -დაბნეულმა ჩავილაპარაკე და სახე ხელებში ჩავრგე.
- ეგ როგორ არ გახსოვდა? -მხიარულად გაიცინა ლიკუნამ.
- დარწმუნებული ხარ რომ ის სათვალეა? -ვკითხე მაგრამ უკვე ვიცოდი რომ სიმართლეს ამბობდა, უბრალოდ ეს ყველაფერი ისე მქონდა დავიწყებული თითქოს საუკუნის წინ მოხდა, დავიჯერო სათვალე ამდენი ხანი ჩანთაში მედო და დაკარგული მეგონა? თუ ასეა მაშინ რას ნიშნავს ის ყველაფერი რაც პარკში მოხდა...
- - - - - - - - - -
იმ ღამით მესიზმრა... საშინლად ფერმკრთალი იყო, გალეული, გაფითრებული ტუჩებით და დასისხლიანებული ხელებით, საფეთქლებზე ლურჯი სისხლძარღვები ეტყობოდა, მხრები უცახცახებდა, იდგა პარკში ჩვენს სკამთან და ცდილობდა ჩემთვის რაღაც ეთქვა თუმცა ხმა არ ამოსდიოდა, ცდილობდა ჩემთვის რაღაც ენიშნებინა თუმცა ვერაფერს ვიგებდი, ბოლოს როგორღაც მოახერხა, ხელი ასწია და თითით ჩემი დამსაქმებლის ვილისკენ მიმითითა, მერე კი ლასლასით გავიდა პარკიდან და ქუჩის ბოლოსკენ გაუყვა ტროტუარს, ავედევნე ლურჯსახურავიან სახლს მიუახლოვდა, შემომხედა, გამიღიმა და კედელში ისე გაიარა როგორც მოჩვენებამ, ყვირილით გამომეღვიძა...
- დამშვიდდი, დაწყნარდი უბრალოდ სიზმარი იყო, -ლიკუნა თავზე მადგა და შეშფოთებულ მზერას არ მაშორებდა, ცივი წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა.
- დალიე და დამშვიდდი, რა გჭირს ასეთი არასოდეს მინახიხარ.
- ის მესიზმრა, ის ბიჭი პარკიდან...
- კარგი რა სერიოზულად?
- ვიცი რომ ჩემი არ გჯერა, მაგრამ ეს სულაც არ მიკვირს, შენს ადგილზე რომ ვიყო მეც არ დაგიჯერებდი, თვითონაც ვერ გამიგია რა ხდება, -წამოვჯექი შორტი ამოვიცვი და ბარბაცით გავედი ოთახიდან, ცოტა ხანში აივანზე ვისხედით თბილ პლედებში გახვეულები ხელში ცხელი ჩაის ჭიქებით, გავყურებდით მთვლემარე თბილისს და ჯიუტად ვდუმდით.
- მაპატიე ანა, ვიცი რომ გაწყენინე უბრალოდ ძნელია ასეთი რამის დაჯერება, ჯერ იყო და შუაგულ თბილისში სახლი სადაც ლეოპარდები ჰყავთ, მერე ის უცნაური უცნობი, რომელიც კაცმა არ იცის ვინ არის და რა განზრახვა ამოძრავებს, -ბოლოს და ბოლოს ისევ ლიკუნამ დაარღვია დუმილი.
- მესმის, -ამოვიოხრე და ხმაურით მოვსვი ქაფქაფა სითხე, -ისე რა ბედი მაქვს, ყველა უდღეური და უცნაური მე უნდა გადამეყაროს.
- უდღეურში ნიკოს გულისხმობ და უცნაურში იმ მოჩვენებას? -გულიანად გადაიკისკისა, მერე პირზე აიფარა ხელი და შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
- ნუ ხვიხვინებ, მეზობლებს გამიღვიძებ და მიჩივლებენ მერე, ისედაც არავის არ ვეხატები გულზე, -იდაყვი გავკარი და ვერც მე შევიკავე ღიმილი.
- გადავწყვიტე, ზეგ დილით სამსახურს ვიწყებ, ფისოების მომვლელად, -ომახიანად გამოვაცხადე.
- ეგ ისედაც გადაწყვეტილი არ გქონდა? მარკოზე ისეთი აღფრთოვანებით საუბრობდი... -დაწვრილებული თვალებით და აქაჩული წარბებით გამომხედა.
- სიმართლე რომ გითხრა ვყოყმანობდი მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ მინდა იქ მუშაობა დავიწყო, აუცილებლად უნდა გავარკვიო რა ხდება.
- არ მესმის, რის გარკვევას აპირებ?
- ვიცი რომ იმ ორ სახლს შორის რაღაც კავშირია, თანაც ის ბიჭი მარკოს იცნობს, ის ალქაჯიც არ მომეწონა აშკარად რაღაცას მალავს, სახლში მარტო ვცხოვრობო არადა მშვენივრად დავინახე ის გრძელთმიანი გამხდარი გოგო, სიზმარშიც კი იმ სახლზე მანიშნებდა მერე კი კედელში გაუჩინარდა.
- როგორც მოჩვენება?
- როგორც მოჩვენება, მაგრამ ეს სიზმარში თორემ ცხადში საკმაოდ რეალური იყო იმისთვის რომ მოჩვენება ყოფილიყო.
- არ გინდა რა, საერთოდ შეეშვი იქაურობას და ნოდართან დაბრუნდი, შენი ამბავი რომ ვიცი ისევ რაღაც შარში გაეხვევი, ერთხელაც იქნება რაღაც სერიოზულს დააშავებ და ნახავ მერე.
- ლიკუნა დეიდა პატარა ბავშვივით რომ მტუქსავ თუ ხვდები? -ჩამეცინა, წესით უნდა გავბრაზებულიყავი მაგრამ მიჩვეული ვიყავი მის შეგონებებს.
- იმიტომ გტუქსავ პატარა ბავშვივით რომ პატარა ბავშვის ტვინი გაქვს, -ზუსტად დედაჩემივით გამომიცხადა.
- რაკი თქვენნაირად არ ვაზროვნებ ეს იმას არ ნიშნავს რომ არასწორად ვაზროვნებ, თანაც რომ იცოდე შარში კი არა თავგადასავლებში ვეხვევი ხოლმე, რაც შენც არ გაწყენდა ხანდახან და ასეთი უჟმურიც აღარ იქნებოდი, -უდარდელად ჩავუკარი თვალი.
ცხვირაბზუებულმა გადმომხედა სერიოზული სახით, მრავალჭირნახული ბრძენი ქალივით ამოიოხრა, პლედი უფრო მაგრად შემოიხვია გამხდარ სხეულზე და უკვე საგრძნობლად გაცრეცილ ცას ახედა...



№1 სტუმარი One

Ai exla rodis dadeb magaze vifiqreb))
Ai dzaalian kargia))

 


№2  offline წევრი Lucien Vanserra

One
Ai exla rodis dadeb magaze vifiqreb))
Ai dzaalian kargia))


ხვალ საღამოს ავტვირთავ ახალ თავს blush

 


№3  offline წევრი ვიპნი

გული მიგრძნობდა რომ რაღაც საინტერესო იქნებოდა,სამივე თავი ერთიანად წავიკითხე და უნდა ვთქვა ,რომ ძალიან ,ძალიან უცხო და საინტერესოა.წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ირმა

ველი შემდეგს

 


№5 სტუმარი ეთო

ისეთი საინტერესო ისტორიაა,გამართულია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წარმატებები ❤

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან საინტერესოა მართლა. დავიწყე კითხვა და იმედია არვინანებბ. ვგულისხმობ დაგვიანებას. საინტერესოაა

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთა

ვერა ვერ მოვითმინე დასრულებამდე, რომ ვიცი როგორი გემრიელი და შენებური ისტორია იქნებოდა.
ძალიან მომეწონა, განსხვავებული, ცოტა მისტიური და იუმორით გაჯერებული. მოკლედ მოუთმენლობამ შემიპყრო, ველოდები ახალ თავს❤

 


№8  offline წევრი Lucien Vanserra

Qeti qimucadze
ძალიან საინტერესოა მართლა. დავიწყე კითხვა და იმედია არვინანებბ. ვგულისხმობ დაგვიანებას. საინტერესოაა


ვეცდები არ დავაგვიანო ხოლმე, კვირაში ორ თავს მაინც დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent