შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 7 )


30-10-2022, 20:46
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 680

- იოანე, თვალები არ დახუჭო იოანე, შემომხედე, ჩემთან დარჩი, -ვეჩურჩულებოდი და სახეზე ვეფერებოდი, ხელის აწევა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, მისი თითები თითებში მოვიქციე, ოდნავ მომიჭირა და გაღიმება სცადა, სახე საცოდავად დაემანჭა, თვალები გადაატრიალა და გაითიშა, მისი ხელი ხელში მეჭირა და ვცდილობდი როგორმე გამომეფხიზლებინა თუმცა არაფერი გამომდიოდა, ჩემი უძლურება მკლავდა და მანადგურებდა, ამ ყველაფერს ვეღარ გავუძელი და პატარა ბავშვივით ავღრიალდი.
- დამშვიდდი, კარგად იქნება, -მსუბუქი შეხება ვიგრძენი მხარზე, შევბრუნდი, გვერდით ნატა მედგა და პატარა უპატრონო კნუტივით შემომცქეროდა.
- კარგად იქნება, შენ ხომ თქვი რომ კარგად იქნება, მე შენი მჯერა, -გამიღიმა და წელზე მომეხვია, გულში ჩავიკარი და ახლა ასე განვაგრძე ტირილი, ცოტა ხანში სარდაფი პოლიციელებით და ექიმებით აივსო, ლიკუნაც შემოგვიერთდა, სულ მალე იოანესთან და ნატასთან ერთად სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოსკენ მივდიოდით, უკან პოლიციის მანქანები მოგვყვებოდა.
- მარკოს გააგებინე? -ჩამჩურჩულა ლიკუნამ.
- სახლიდან გამოვედით თუ არა აპოლონს დავურეკე და ვუთხარი ყველაფერი მარკოსთვის ეთქვა, -ისე ვუპასუხე იოანესთვის თვალი არ მომიშორებია.
- როგორ არის? -ვეღარ მოითმინა ლიკუნამ.
- მძიმედ არის, მაღალი სიცხე აქვს, ეტყობა ჭრილობაში ინფექცია აქვს შეჭრილი, კიდურებიც საკმაოდ მძიმედ აქვს დაზიანებული, თუმცა სრული სურათი რომ მივიღოთ და ვნახოთ რა მდგომარეობაშია ჯერ საავადმყოფოში უნდა მივიყვანთ და იქ გამოიკვლევენ, -ფუმფულა ქერათმიანი ექიმი, მშვიდად, წყნარად მოთმინებით გვიხსნიდა ყველაფერს.
- ყოჩაღ გოგონებო, -მეორე ექიმმა, გამხდარმა ჭაღარათმიანმა მამაკაცმა თბილად გაგვიღიმა, -ძალიან მამაცები ხართ, ორი ადამიანი უცილობელ სიკვდილს გადაარჩინეთ, ის გოგოც საშინლად არის გამოფიტული, ფსიქოლოგიურადაც ვერ აქვს ყველაფერი რიგზე.
- მისი დაძინება აუცილებელი იყო? -ლიკუნამ ბრაზიანი მზერა შეანათა ექიმს.
- აუცილებელი იყო, ხომ დაინახეთ რა მოხდა, სარდაფიდან გამოყვანა რომ დავუპირეთ პანიკაში ჩავარდა, დამამშვიდებელი უნდა გაგვეკეთებინა.
- ახლა სად მიყავთ?
- ჩვენთან ერთად მოდის, სავადმყოფოში მოყავთ, იმ მანქანაშია უკან რომ მოგვყვება.
მე და ლიკუნას აღარაფერი გვითქვამს, თავები ერთმანეთს მივადეთ და თვალები დავხუჭეთ, რამდენიმე წუთში სავადმყოფოში ვიყავით, იოანე და ნატა ექიმებმა წაიყვანეს, დერეფანში ვისხედით და ველოდით როდის გამოვიდოდნენ რომ მათი ჯანმრთელობის ამბავი გვეკითხა, ზუსტად ამ დროს პოლიციელები დაგვადგნენ თავზე და მოგვთხოვეს განყოფილებაში წავყოლოდით ჩვენების მისაცემად.
- სანამ არ გავიგებ რომ იოანე კარგად არის არსად არ წამოვალ, -მოვუჭერი მოკლედ და თვალები დავხუჭე.
- ეს ხუმრობა არ არის, ახლავე ადექით და წამოგვყევით, -ბრძანების ტონით მომმართა ერთ-ერთმა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ახალგაზრდა გამომძიებელმა.
- ხომ გითხრა რომ ჯერ არსად არ მოვდივართ, -უყვირა ლიკუნამ.
- რა ხდება, ანა აქ რას აკეთებ? -ნაცნობი ხმა რომ მომესმა თავი ავწიე, თვალებს არ ვუჯერებდი, თავზე ჩემი ყოფილი უფროსი მედგა და გაოცებული დამყურებდა, პოლიციელები მაშინვე გვერდზე გადგნენ და ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს.
- ბატონო ნოდარ, თქვენ თვითონ რას აკეთებთ აქ? -გაბზარული ხმით ვკითხე და თვალები ცრემლებით ამევსო, ჩემი მდგომარეობა ნამდვილად არ დარჩენია შეუმჩნეველი.
- ახლობლის მოსანახულებლად ვიყავი და შემთხვევით დაგინახეთ, შენ რა ტირი? -დაიხარა და ნაზად შემიმშრალა ლოყაზე ჩამოღვრილი ცრემლი, ვეღარ გავუძელი, ახლა ისე როგორც არასდროს სითბო და მხარდაჭერა მჭირდებოდა, მჭირდებოდა მეგრძნო რომ მარტო არ ვიყავი, აქ მისი გამოჩენა ჩემთვის ბნელში მოციმციმე ნათელი წერტილივით იყო, წამოვდექი, წელზე ხელები მოვხვიე და მკერდზე მივეხუტე, ერთი წამითაც კი არ გამოუხატავს გაოცება, თვითონაც მომეხვია და ნაზად მაკოცა თავზე.
- ყველაფერი კარგად იქნება ანა, -თბილი ხმით ჩამჩურჩულა, მის მკლავებში ჩავიკარგე, ერთბაშად დავმშვიდდი, დავწყნარდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს გაგანია ომში საიმედოდ დაცული თავშესაფარი მეპოვოს, არაფერს მეუბნებოდა უბრალოდ მეხვეოდა და ნაზად მეფერებოდა თავზე და მხრებზე, ცალ ხელს კი წელზე მიჭერდა და მაკავებდა რომ მოდუნებული და მოთენთილი არ დავცემულიყავი, ამ წუთას თავს ისე კარგად ვგრძნობდი საერთოდ არ მაინტერესებდა რომ ნოდარი ჩემი ყოფილი უფროსი იყო და თანაც ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა, ეგოისტივით ვიქცეოდი მაგრამ რა ვქნა არ მეთმობოდა...
- ანა გამოფხიზლდი, -ვიგრძენი როგორ მქაჩავდა ლიკუნა ხელზე, ნოდარს მოვშორდი და აჭარხლებულმა შევხედე მომღიმარ სახეში.
- რა ხდება? -უკმაყოფილო სახით შევბრუნდი ლიკუნასკენ და ერთ ადგილზე გავშეშდი როცა ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარი მარკო დავინახე, ვაკოსთან და პოლიციელებთან ერთად იყო, დაძაბული იდგა, თვალს არ მაშორებდა და მის სახეზე ერთმანეთს საოცარი სისწრაფით ენაცვლებოდა სხვადასხვა გრძნობები, ისე სწრაფად რომ ძლივს ვასწრებდი წაკითხვას, ჩემი და ნოდარის ჩახუტების დანახვით გამოწვეული სიბრაზე, იოანეს გამოჩენით გამოწვეული სიხარული, დანაშაულის გრძნობა იმის გამო რომ ასე საშინლად მომექცა, სინანული, სევდა, ტკივილი...
ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა თუ არა, თავის გაქნევით ვანიშნე არ მოსულიყო, არ შემწინააღმდეგებია, ღრმად ამოისუნთქა, ყბები ერთანეთს მაგრად დააჭირა, თავი ჩაღუნა და პირდაპირ ექიმის კაბინეტისკენ წავიდა, სამაგიეროდ ვაკოს ეყო გამბედაობა ჩვენთან მოსულიყო.
- შეიძლება დაგელაპარაკო? -ნაძალადევი ღიმილით მკითხა.
- არ შეიძლება, ახლა მე კი არ უნდა მელაპარაკებოდე მარკოს გვერდით უნდა იყო, ლიკუნა წავიდეთ? -ხელი ჩავკიდე და მერე ჩემს გვერდით მდგარ ნოდარს მივუბრუნდი რომელიც მშვიდად ადევნებდა თვალს სიტუაციას.
- ბატონო ნოდარ მაპატიეთ რომ შეგაყოვნეთ, მადლობა მინდა გითხრათ.
- რისთვის? -ისე საყვარლად გაიღიმა, გული საშინლად დამწყდა იმის გამო რომ მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობდი.
- იმისთვის რომ ასე თბილად მექცევით, ცოტა ხნის წინ თქვენი ჩახუტებით ძალიან დამეხმარეთ, მართლა.
- არ მეტყვი აქ რა ხდება?
- ახლა მე და ლიკუნა პოლიციის განყოფილებაში მივდივართ ჩვენების მისაცემად, მერე შეიძლება მოგიყვეთ კიდეც...
- მე წაგიყვანთ, -ცალი ხელი მე დამადო მხარზე, ცალით კი ლიკუნა მოიზიდა ნოდარმა.
- ანა გთხოვ დამელაპარაკე, -ვაკომ კიდევ ერთხელ სცადა ჩემთან დალაპარაკება.
- შეეშვი ბოლოს და ბოლოს ხომ ხედავ შენთან ლაპარაკი არ უნდა, ეყო ჩემს მეგობარს რაც თქვენს გამო გადაიტანა, საკმარისად არ დაამცირეთ? -ასეთ აგრესიულ ლიკუნას პირველად ვხედავდი, რომ მიმეშვა ალბათ თავისი პატარა ხელებით სიამოვნებით მოგუდავდა ვაკოს.
- საკმარისია, მარკოს ხმის გაგონებისას ყველა ერთდროულად შევბრუნდით მისკენ, ჩვენსკენ დაიძრა და ჩემს წინ შედგა, ერთხანს სევდიანი ღიმილით გვიყურებდა მე და ნოდარს რომელსაც ხელი ჯერ ისევ ჩემს მხარზე ედო, ვხედავდი როგორ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ვერ ახერხებდა.
- დარწმუნებული ვარ იცი და ხვდები შენი როგორი მადლიერი ვარ, -ჩახლეჩილი ხმით მითხრა.
- ვიცი, -მოკლედ მოვუჭერი.
- ბოდიშს გიხდი, მაპატიე რომ არ დაგიჯერე...
- წავედით? -ნოდარს ავხედე ქვემოდან და ისე შემოვბრუნდი მარკოსთვის პასუხი არ გამიცია, უკანმოუხედავად გავიარე დერეფანი და ლიფტში რომ შევედით მაშინღა მოვახერხე ამოსუნთქვა, ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი, ყოველ შემთხვევაში სიხარულს არა იმის გამო რომ მარკომ ბოდიში მომიხადა, სრულიად ცარიელი ვიყავი.

ვერ მოვითმინეთ და სანამ პოლიციის განყოფილებამდე მივიდოდით ნოდარს სიტყვასიტყვით მოვუყევით ყველაფერი, გაოცებული გვისმენდა, ბოლოს უკანა სავარძელზე მჯდარ, ქაქანით დაღლილ ლიკუნას ჩაეძინა.
- ისე შენგან არ მიკვირს, ჩვენთან მუშაობისასაც ყოველთვის რაღაც ხიფათში ეხვეოდი ხოლმე, -გაეცინა ნოდარს და თბილი მზერა შემავლო.
- მე არ ვეძებ ხიფათს, ხიფათი თვითონ მპოულობს, -უნიჭოდ ვცადე ხუმრობა.
- ესე იგი საავადმყოფოში რომ ვნახეთ ის ბიჭი იყო მარკო?
- ჰო, მის სახლში ვმუშაობდი და საბოლოოდ იოანეს ძმა აღმოჩნდა.
- საკმაოდ ჩახლართული ამბავია.
- ასეა, ჯერ ბოლომდე ვერც მე ვხვდები რა მოხდა, იოანე რომ გამოფხიზლდება ალბათ ყველაფერს აგვიხსნის.
- მარკო მოგწონს არა? -ისე უცაბედად მკითხა რომ მოულოდნელობისგან ნერწყვი სასულეში გადამცდა და ხველა ამიტყდა.
- ყველაფერი გასაგებია, -ცალყბად ჩაიღიმა და გზაზე გადაიტანა ყურადღება, -მასაც მოსწონხარ, უფრო სწორად რომ ვთქვათ უყვარხარ, ისე გიყურებდა...
- გეშლებათ ბატონო ნოდარ, -დარცხვენილმა ჩავილუღლუღე.
- მეშლება? ვნახოთ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს, -საჭეზე ააკაკუნა თითები და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
- მაპატიეთ, -ჩემი ჩამქრალი ხმა თვითონაც ძლივს გავიგონე.
- რა გაპატიო, -გაეცინა ნოდარს, -ის რომ მარკო მოგწონს თუ ის რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ, თავს ამ ყველაფრის გამო ცუდად ნუ იგრძნობ ანა, ხომ გაგიგია გულს ვერ უბრძანებ...
- - - - - - - - -
მე და ლიკუნამ მთელი ღამე განყოფილებაში გავატარეთ, იქაც რამდენჯერმე შევხვდით მარკოსა და ვაკოს, თუმცა ჩემთან გამოლაპარაკება აღარ უცდიათ, ალბათ ელოდნენ როდის დავმშვიდდებოდი და მათ მიმართ ბრაზი როდის გამინელდებოდა, სწორადაც იქცეოდნენ, ახლა არათუ მათთან ლაპარაკი მათი დანახვაც კი არ შემეძლო, დილით ძლივს მივაღწიეთ სახლამდე, გათიშულები ტანსაცმლიანად მივეყარეთ საწოლზე და რამდენიმე საათი გადაბმულად გვეძინა.

- ამ დრომდე რამ დაგვაძინა, -საათს შევხედე რომელიც საღამოს ექვსს უჩვენებდა, ლიკუნამ ხელი ჩაიქნია და ყავას მიუბრუნდა.
- ახლა რა მოხდება? -წინ ქაფქაფა სითხით სავსე ჭიქა დამიდო და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- რა უნდა იყოს, ის ალქაჯი ციხეში ან საგიჟეთში წავა, იოანე და ნატა გამოჯანმრთელდებიან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან...
- შენი აზრით რა მოხდა? როგორ მოხდა რომ პარკში იოანე ნახე?
- ჩანაწერებს თუ დავუჯერებთ არ მინახავს, -გულიანად დავამთქნარე და გვარიანად აბურდულ თმაში შევიცურე თითები.
- ეს ყველაფერი არ გაშინებს?
- სულაც არა, უბრალოდ ინტერესით ვკვდები, ერთი სული მაქვს როდის მოვა გონს იოანე და როდის აგვიხსნის ყველაფერს, ის ერთადერია ვისაც შეუძლია ამ აბსურდულ სიტუაციას ნათელი მოჰფინოს.

გაბმულმა კაკუნმა გვაიძულა საუბრის შეწყვეტა, ძლივს მივლასლასდი კართან და გამოვაღე, არ გამკვირვებია როცა მარკო დავინახე, რატომღაც გამაბრაზა იმან რომ მიუხედავად უძილობისა და დაღლილობისა მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თავი ძლივს შევიკავე რომ აჩეჩილ თმებზე არ შევხებოდი, ამ უაზრო სურვილისგან ათრთოლებული თითები ზურგს უკან დავმალე.
- აქ რას აკეთებ? -დაღლილი ხმით ვკითხე და წონასწორობის შესანარჩუნებლად ჩარჩოს მივეყრდენი.
- აუცილებელი რომ არ ყოფილიყო არ მოვიდოდი, -მართლა გულწრფელად შეწუხებული ჩანდა მარკო, -იოანე გამოფხიზლდა, ისიც და ნატაც გონზე არიან მაგრამ ორივე უარს აცხადებს ლაპარაკზე, არავის იკარებენ.
- მიხარია რომ კარგად არიან მაგრამ...
- უნდა წამომყვე ანა, ორივე შენ გითხოვს, შენი ნახვა და შენთან საუბარი უნდათ...

საავადმყოფომდე მარკომ მიგვიყვანა, გზაში ხმა არ ამოუღია დაძაბული მართავდა საჭეს, სადგომზე გააჩერა, გადმოვიდა, კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა რომ გადმოსვლაში დამხმარებოდა, ლიკუნას ჩაეცინა, მე კი მოღუშულმა ავუარე გვერდი და სწრაფი ნაბიჯით წავედი შესასვლელისკენ.
- ხომ იცი რომ სალაპარაკო გვაქვს, -მომაძახა უკნიდან.
- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, -არც შევბრუნებულვარ ისე ვუპასუხე და სირბილით შევედი საავადმყოფოში, ლიკუნას არ დავლოდებივარ ისე ავედი ლიფტით იმ სართულზე სადაც იოანე იწვა, მის პალატასთან რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, მათგან მხოლოდ ვაკო მეცნო.
- ანა რა კარგია რომ მოხვედი, -დამინახა თუ არა სახე გაუნათდა.
- ეს არის ანა? -ისეთი ხმით და სახით იკითხა დაბალმა ლამაზმა შუახნის ქალბატონმა რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა, ხელებგაშლილი რომ დაიძრა ჩემსკენ დავიბენი, რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან, სანამ მე ვყოყმანობდი გავქცეულიყავი თუ არა მომიახლოვდა და ისეთი ძალით ჩამეხუტა ჩემმა ძვლებმა ჭრიალი დაიწყო.
- მადლობა შვილო ჩემი პატარა გოგონა შენ დამიბრუნე, ჩემი ნატა გადამირჩინე, სიკვდილამდე შენთან ვალში ვიქნებით.
- კიდევ კარგი თქვენ მაინც გჯერათ რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, გუშინ კინაღამ იმ ალქაჯთან ერთად გამოგვკეტეს პოლიციელებმა, იმის მაგივრად რომ მადლობა ეთქვათ ცოტა დააკლდათ და გატაცებაში თანამონაწილეობას დაგვაბრალებდნენ, -ლიკუნა უკმაყოფილო სახით ამოგვიდგა გვერდით.
- შენ ლიკა ხარ შვილო? -ახლა მას მიუბრუნდა თვალცრემლიანი ქალი და გადაეხვია? -მე ელენე ვარ ნატას დედა, მადლობა რომ შვილი გადამირჩინეთ, კიდევ ერთხელ უნდა დაგვეხმაროთ, ნატა ახლოს არ გვიკარებს, იოანეს მეტი არავინ უნდა, ერთადერთი თქვენ გკითხულობთ, როგორმე უნდა დაარწმუნოთ რომ სახლში გამოგვყვეს.
- ჩვენ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? -ლიკუნამ უხერხულად აიჩეჩა მხრები.
- უარს ნუ მეტყვით შვილო, ეს ერთადერთი შვილი გვყავს, მის მეტი არავინ გაგვაჩნია, ამდენი წლის მერე ვიპოვნეთ და ჩვენი დანახვაც კი არ უნდა.
- დამშვიდდით, მან ისეთი რამ გადაიტანა სრულიად ბუნებრივია ასე რომ იქცევა, ცოტა დრო უნდა მისცეთ ძალა არ დაატანოთ თორემ უარეს შედეგს მიიღებთ, აცადეთ და დამშვიდდება, ნელ-ნელა შეეჩვევა ჩვეულებრივ ცხოვრებას... -გასუსული მისმენდა, ისეთი იმედით სავსე თვალებით მიყურებდა თითქოს სასწაულმოქმედი ვყოფილიყავი.
- ეს ჩემი ქმარია, ნატას მამა რამაზი, -მოახლოებული ჭაღარათმიანი მამაკაცი გაგვაცნო, რომელიც აცრემლებული თვალებით შემოგვყურებდა.
- მადლობა საკმარისი არ არის იმისთვის რაც თქვენ გააკეთეთ, -აშკარად გულწრფელი იყო კაცი, უხერხულობისგან აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა, ისევ მარკომ გადაგვარჩინა, ნატას მშობლებს ბოდიში მოუხადა და პალატისკენ წაგვიყვანა.
- მხოლოდ შენ შედი კარგი? იოანეს და ნატას ცალკე უნდათ შენთან საუბარი.
- ნატაც მასთან ერთად არის?
- ჰო ცალკე არ ჩერდება, პანიკური შეტევა ემართება როცა ცდილობენ რომ იოანეს მოაშორონ, იოსაც არ უნდა უიმისოდ ყოფნა, -ერთი წამით გაჩერდა და ამოიოიხრა, ვხვდებოდი როგორ უჭირდა საუბარი, მისი ძალიან კარგად მესმოდა, ამდენი წლის შემდეგ დაკარგული ძმა იპოვა რომელსაც მასთან საუბარი არ უნდა და სრულიად უცნობი ადამიანის ნახვას ითხოვს, გაუცნობიერებლად შევბრუნდი მისკენ და მისი ხელი ხელებში მოვიქციე, ამღვრეულ თვალებში ჩავხედე და გავუღიმე.
- ყველაფერი კარგად იქნება მარკო, ცოტა ხანში თვითონ ნახავ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება... -სიტყვა არ დამამთავრებინა, თავისკენ მიმიზიდა, მკლავები შემომხვია და გულში ჩამიკრა, მსუბუქად მომაკრო ტუჩები ლოყაზე და ვიგრძენი როგორ ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი, მერე ხელი გამიშვა და განზე გადგა, აჭარხლებულმა ავარიდე მზერა იქვე მდგომ უცნობებს რომლებიც თვალს არ გვაშორებდნენ და პალატაში შევვარდი, აფორიაქებულმა მივხურე კარი და ზურგით მივეყრდენი.

- რა გჭირს ანა მოჩვენება მოგდევს? -იოანეს მისუსტებული ხმა მომესმა, მიყურებდა დიდი ლამაზი თვალებით და მკრთალად მიღიმოდა, გაფითრებული იყო, დაღლილი...
- მოჩვენება არა? როგორი ხუმარა ხარ, -ჩავიბურტყუნე და საწოლს მივუახლოვდი.
- გამარჯობა ნატა, -მივესალმე იქვე საწოლთან ჩამომჯდარ, უძილობისგან უპეებჩაშავებულ გოგონას რომელსაც ისე მაგრად ჩაებღუჯა იოანეს ხელი თითქოს ეშინოდა რომ ვინმე წაართმევდა.
- გამარჯობა, -სუსტად გამიღიმა და თავი დახარა, იქვე მდგარი საწოლთან სავარძელი ახლოს მივაჩოჩე და ჩამოვჯექი.
- მითხრეს რომ ჩემი ნახვა გინდოდათ.
- გვინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ, -სუსტად გამიღიმა იოანემ.
- ამ მადლობებს რომ გადავახტეთ და პირდაპირ მითხრათ რაც ხდება ჯობია, თორემ უკვე ვეღარ ვითმენ და შეიძლება გავგიჟდე, -არ დამიმალავს რას ვგრძნობდი.
- ჩვენც შენს დღეში ვართ, არც ჩვენთვის არის ადვილი...
- იმის მაგივრად რომ მარკოს ან პოლიციას დალაპარაკებოდი ნატა კი მშობლებს, ჩემი ნახვა მოინდომეთ, მითხარით რატომ?
- არ ვიცი, იქნებ ერთად მოვიფიქროთ რა ვქნათ, ყველაფერი რომ ისე მოვუყვეთ პოლიციას როგორც იყო ალბათ მე და ნატას ფსიქიატრიულში გაგვიშვებენ შენ და შენს მეგობარს კი ციხეში, ამიტომაც ერთად უნდა მოვიფიქროთ რა ვთქვათ, სიმართლეს არავინ დავგიჯერებს...
- მე თვითონაც არ მჯერა და მათ როგორ უნდა დაიჯერონ? -მწარედ გამეცინა, -გამუდმებით ვფიქრობ, იმის მერე რაც პირველად გნახე პარკში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ტვინს ვიჭ....ტ და ვერაფრით ამიხსნია რა მოხდა, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო...
- ყველაფერი მოუყევი იო, თავიდან ბოლომდე, ზუსტად ისე როგორც იყო, -ნატამ თმაზე ხელი გადაუსვა და გამამხნევებლად გაუღიმა, იოანემ თავი დაუქნია და დაიწყო...
- - - - - - - -

- იმ დღეს როცა ეს ყველაფერი დაიწყო თხუთმეტი წლის გავხდი, საღამოს მარკო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის წვეულების მოწყობას აპირებდა, მაშინ ერთი გოგო მომწონდა, -თვალები აუციმციმდა იოანეს ეტყობა რაღაც სახალისო გაახსენდა, არ გამომპარვია როგორ მოღუშულმა გადახედა ნატამ, არც ის გამომპარვია როგორ ვერ შეიკავა ღიმილი როცა იომ თვალი ჩაუკრა და ხელზე ხელი მოუჭირა, ძალიან საყვარლები იყვნენ და საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს, რამდენიმე წამს დუმდა იოანე და მერე განაგრძო.
- დამირეკა, საღამოს ვერ მოვალ წვეულებაზე მშობლები არ გამომიშვებენ, ცოტა ხნით გამოდი სახლიდან პარკში შევხვდეთ და საჩუქარს მოგცემო, გახარებული ისე გავიქეცი სახლიდან ტელეფონიც კი არ წამიღია, ნათიას შეაგვიანდა, პარკის შესასვლელთან ველოდი როცა იმ შეშლილმა გამოიარა, ხელში ორი დიდი ჩანთა ეჭირა, ძლივს მიჰქონდა, მთხოვა აქვე ვცხოვრობ და სახლამდე მიმატანინეო, სახლში შევყევი, ჩანთები სამზარეულოში დავაწყვე და მერე აღარაფერი მახსოვს, გონს რომ მოვედი სარდაფში ვყავდი ჯაჭვით დაბმული...
- ერთი წუთით, ცოტა ხანს გავჩერდეთ კარგი? -შევაწყვეტინე და ფეხზე წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი გამოვაღე და რაფას დავეყრდენი, ნერვები აშკარად ცუდ დღეში მქონდა, ხელების ცახცახს ვერ ვიმორჩილებდი, უკვე ვიცოდი რა საშინელებების მოსმენაც მომიწევდა და წინასწარ ვემზადებოდი.
- ანა კარგად ხარ? -მხარზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი, შევბრუნდი, ზურგს უკან ნატა მედგა და მიღიმოდა.
- გინდა მერე გავაგრძელოთ? -იოანე თვალებმოჭუტული, გამომცდელი მზერით მიყურებდა და მივხვდი თუ რაოდენ სუსტი ვიყავი, მათ ამდენი რამ გადაიტანეს და მაინც პოულობენ საკუთარ თავში ძალას იმ საშინელებებზე ასე თავისუფლად ისაუბრონ, მე კი უბრალოდ მოსმენა არ შემიძლია, თავი გადავაქნიე, მტკიცე ნაბიჯით მივუახლოვდი საწოლს და ჩამოვჯექი.
- გააგრძელე გთხოვ, -თბილი ხმით ვუთხარი.
- კარგი გავაგრძელოთ, ერთი სიტყვით ბევრი ვიყვირე, დავემუქრე, ვიტირე კიდეც მაგრამ ვერაფერს გავხდი, ქალს აშკარად ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ეგონა რომ მისი შვილიშვილი ვიყავი, მუდამ დაბმული ვყავდი ისეთი გრძელი ჯაჭვით რომ თავისუფლად ვახერხებდი ოთახში გადაადგილებას და საბაზანოში შესვლას, მაიძულებდა მისი შვილიშვილის ტანსაცმელი ჩამეცვა, მასავით მესაუბრა, მისი საყვარელი საჭმელი მეჭამა, ზუსტად ერთ კვირაში მოიყვანა ნატა...
- მაშინ ცამეტი წლის ვიყავი, -ნატაც ჩაგვერთო საუბარში, -მეც ზუსტად ისე მიმიტყუა სახლამდე როგორც იოანე, მერე გამთიშა და სარდაფში ჩამათრია.
- ისეთი პატარა იყო, გამხდარი, სკოლის ფორმა ეცვა და გრძელი ნაწნავი ჰქონდა... -იოანემ ფრთხილად ჩამოუსვა თმაზე ხელი და ლოყაზე ნაზად მიეფერა, -ჩემს გვერდით დააწვინა და ისიც ჯაჭვით დააბა, მითხრა შეხედე შენი დაც ვიპოვე და მოგიყვანეო, მერე კი წავიდა, ვუყურებდი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, იწვა უგონოდ, სუსტი, უმწეო...
- რომ გავიღვიძე ძალიან შემეშინდა, იოანე ყველანაირად ცდილობდა რომ დავემშვიდებინე მაგრამ მისიც მეშინოდა, ვყვიროდი, ვტიროდი... იმ ღამით სიცხემ ამიწია, სარდაფში წამლები არ იყო, კიდეც რომ ყოფილიყო არა მგონია იოანეს ცოდნოდა მათი გამოყენება, მთელი ღამე სველ საფენებს მიცვლიდა შუბლზე და სიცხიანს გულში მიკრავდა.
- დედას ეძახდა, მთხოვდა რომ მასთან წამეყვანა, მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო, უძლურების შეგრძნება მკლავდა და ბოლოს მიღებდა, -იოანემ აწყლიანებული თვალები მაგრად დახუჭა რომ ცრემლებისთვის გადმოღვრის საშუალება არ მიეცა, -დილით როგორც იქნა სიცხემ დაუწია და მეც დავმშვიდდი, მას მერე ერთმანეთი უკეთ გავიცანით და ნელ-ნელა დავმეგობრდით კიდეც.
- ის რომ არა იმ ყველაფერს ვერ გადავიტანდი და გავგიჟდებოდი, -ნატამ სიყვარულით სავსე მზერა შეავლო იოანეს.
- მეც იგივე შემიძლია ვთქვა, -არც იოანეს დაუკლია თვალების ჟუჟუნი.
- სხვათაშორის ჯერ კიდევ აქ ვარ, -თეატრალურად ჩავახველე, ღიმილით სახეგაცისკროვნებულებმა შემომხედეს, მერე ისევ იოანემ დაიწყო.
- გვაიძულებდა ერთმანეთისთვის მისი შვილიშვილების სახელებით მიგვემართა, სასკოლო სახელმძღვანელოები მოგვიტანა და გვიბრძანა გვემეცადინა, მოჰქონდა ტანსაცმელი და საჭმელი, ბოლოს როცა იმედი გადაგვეწურა რომ ვინმე გვიპოვიდა და გაგვანთავისუფლებდა ნატამ სთხოვა ტელევიზორი მოგვიტანეო, საშინლად გაცოფდა და დაარტყა, მეორე დღეს კი მოვიდა და ბოდიში მოუხადა, გვაიძულებდა მისთვის გვეთქვა რომ გვიყვარდა და ჩავხუტებოდით, იმან რომ ერთმანეთი გვყავდა იქაურობის შეგუება გაგვიადვილა, იმ წლების განმავლობაში რაც იქ გავატარეთ საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა...
- მგონი ეს ცოტა მსუბუქად არის ნათქვამი, -გულიანად გამეცინა.
- ასე ადვილი შესამჩნევია? -მიამიტურად იკითხა იოანემ და წამოიწია რომ ნატასთვის აწითლებული ლოყები დაეკოცნა.
- ალბათ იმ ალქაჯმაც ამიტომ შეამჩნია ასე მარტივად, -ჩაიბურტყუნა ნატამ.
- რას გულისხმობთ?
- დაახლოებით ორი კვირის წინ გამოგვიცხადა რომ ჩვენი ურთიერთობა არ მოსწონდა, დასა და ძმას შორის ისეთი ურთიერთობა რაც თქვენ გაქვთ გამორიცხულია, ამას ინცესტი ქვიაო, გვიყვირა, გაგვლანძღა, ბოლოს თქვა გადავწყვიტე რომ ერთმანეთს დაგაშოროთო, ნატას უპირებდა სადღაც წაყვანას, იმდენად იყო გაბრაზებული პირველად დაუშვა შეცდომა და ჩემი ბორკილის გასაღები სარდაფში დარჩა, რათქმაუნდა ამ შანსის გამოყენება გადავწყვიტეთ, ჯაჭვი მოვიხსენი, კარი ღია დამხვდა, ალბათ იმის გამო რომ დაბმულები ვიყავით თავს მშვიდად გრძნობდა, ის იყო პირველ სართულზე გასასვლელი კარი უნდა გამეღო რომ ალქაჯი დაბრუნდა, კიბეზე რომ დამინახა შეშინდა სხვა ვერაფერი მოახერხა და ხელი მკრა, თავი ვერ შევიმაგრე და დავგორდი, სანამ გავითიშებოდი ბოლოს რაც ვიგრძენი საშინელი ტკივილი იყო...



№1 სტუმარი Mxolod is

Vaimeee rodis dadeb axals axla iqrato shewyvite weraaa... ragac magari idumali imaleba aq neta ra xdeba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent