შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 11 )


12-11-2022, 00:14
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 457

უცნაურმა სიბრაზემ შემიპყრო, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რატომ ვიყავი ასეთი მიმნდობი და დაუფიქრებელი, როგორ შემეძლო... ის იყო წამოდგომა დავაპირე რომ ჩვენთან შეუმჩნევლად და უხმაუროდ მოსულმა ჰანიელმა მხარზე ხელი მომხვია და მაიძულა ძირს გაწოლილი დავრჩენილიყავი.
- არ ადგე, შეგამჩნევენ, -ძლივსგასაგონად ჩამჩურჩულა.
- ჰო მაგრამ იქ ურიელი და დანიელი არიან, -საცოდავად ამოვისლუკუნე, ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა, ასე სუსტად და უმწეოდ თავი არასოდეს მიგრძვნია, ეს ადგილი ჩემზე ცუდად მოქმედებდა, მასუსტებდა, ჩემში უჩვეულო შიშს იწვევდა, ახლა ამწუთას მხოლოდ ერთი რაღაც მინდოდა, თავი აზრაელის ძლიერი მკლავებისთვის შემეფარებინა და წამით მაინც მეგრძნო ის სიმშვიდე, მასთან სიახლოვისას რომ განვიცდიდი.
- მშვიდად ლილა, მშვიდად, -ჰანიელი სათითაოდ არჩევდა სიტყვებს, -მშვენივრად იცი რომ მეც ისრაფიელისა და ჯესისავით მეეჭვებოდა ყველაფერი რასაც რენას შესახებ გვიყვებოდი მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ მას უნდა ვენდოთ.
- ამას როგორ მეუბნები? რის საფუძველზე?
- ვგრძნობ რომ სიმართლეს ამბობს, ისრაფიელიც ასე ფიქრობს, ცოტაც მოვიცადოთ კარგი? რენას თუ არა ჩვენ მაინც გვენდე, თანაც აქაურობის ბრალიცაა რომ ახლა ასე ცუდად ხარ...
- მართალს ამბობს, -აქამდე ჩუმად მყოფი რენაც ალაპარაკდა, -ეს გარემო შენზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს, ნელ-ნელა, სწორად და თანმიმდევრობით უნდა გაიარო ადაპტაცია, შეჩვევა გჭირდება.
- აზრაელი? ის შეეჩვია? -ვკითხე ისე რომ თვალი არ მომიშორებია, ვიცოდი რომ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნებოდა, ჩემს კითხვაზე არ უპასუხია, ისე მოიქცა თითქოს არც გაუგია, შებრუნდა და ისევ ხოხვით წავიდა უკან.
- წამოდი ლილა, -ჰანიელმა თავით მანიშნა რომ გავყოლოდი, კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს თვალწინ გაშლილ დაბლობს, ისინი იქ იყვნენ, ჩემგან ერთი ხელის გაწვდენაზე, ახლა რომ მათთვის ჩემი აქ ყოფნა მენიშნებინა, მოვიდოდნენ და აზრაელთან წამიყვანდნენ, რატომ არ უნდა გამეკეთებინა ეს? რამდენიმე წუთიანი ჩემს თავთან ჭიდილის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე რომელიც დიდი ალბათობით ძირფესვიანად შეცვლიდა ყველაფერს, გადავწყვიტე რენასთვის და ჰანიელის წინათგრძნობისთვის დამეჯერებინა...

კიდევ კარგა ხანს ვიარეთ მიხვეულ-მოხვეული გზებით მთებსა და გადახრუკულ ველებს შორის, ციოდა, ქარი ქროდა და მტვერი და უსიამოვნო სურნელი მოჰქონდა ჩვენამდე, თითქოს დამწვარი ბალახის, თითქოს ნაცრის და უიმედობის...
- აქ მართლა არასდროს ამოდის მზე? -ჩემს გვერდით მომავალმა ჰანიელმა ალიას გადაულაპარაკა, მან საპასუხოდ გაუღიმა თავი უკან გადახარა და ნაცრისფერ ცას ახედა.
- ახლა დღეა, წესით მზე უნდა ჩახჩახებდეს, ეს ველები მწვანე ბალახით უნდა იყოს დაფარული, მთები ტყით, ხოლო ხევებში მდინარეები უნდა მოედინებოდეს.
- კი მაგრამ ისეთი რა მოხდა რომ აქაურობა ასეთ დღეშია?
- ეს ძალიან გრძელი ისტორიაა, ასე გზაში მოსაყოლი ნამდვილად არ არის, მოიცადე დანიშნულების ადგილამდე მივაღწიოთ და ბევრი დრო გვექნება სასაუბროდ.
ცხენი ააჩქარა რომ წინ მიმავალ ნოვას დასწეოდა, ჰანიელმა გადმომხედა და გამამახნევებლად გამიღიმა.
- გაჰყევი, -თვალით ვანიშნე წინ მიმავალ ალიაზე, -სახე შეეცვალა მიხვდა რომ მათი მსუბუქი ფლირტი არ გამომპარვია, მშვენივრად ვამჩნევდი როგორ უყურებდნენ ერთმანეთს, ღიმილით დამიკრა თავი და ალიას ამოუდგა გვერდით, ჩვენი ჯგუფის თავში რენა მიდიოდა ასტაროტთან ერთად რომლებმაც შეხვედრისთანავე რატომღაც უსიტყვოდ გაუგეს ერთმანეთს, მერე ნოვა და ჯესი, ალია და ჰანიელი, ისრაფიელი და ბოლოს მე
- სულ რამდენიმე წუთიც და დანიშნულების ადგილზე ვიქნებით, -გადმოგვხედა რენამ, უემოციოდ მოვათვალიერე იქაურობა, გარშემო ქვების და კლდეების მეტი არაფერი ჩანდა, არანაირი დასახლების ან იმის კვალი რომ ამ არე-მარეში რამე სულიერი ბინადრობდა, ირგვლივ ყველაფერი მკვდარი იყო, უსულო, უფერო და უსახური, სიცივის და მუდმივად მქროლავი ნიავის მიუხედავად მკერდის არეში სიმხურვალეს ვგრძნობდი და სული მეხუთებოდა, უცნაურ მოუთმენლობას ვყავდი შეპყრობილი, საშინლად ვიყავი გაღიზიანებული, ყველა გრძნობა გამძაფრებული მქონდა და აცახცახებულ ხელებს ძლივს ვიმორჩილებდი...
- მოვედით, -რენამ ცხენი შეაჩერა და ჩამოხდა, გულისგამაწვრილებლად ახრიალდა ქვიშა მისი ფეხსაცმლის ქვეშ, შუბლზე შემოვიჭდე თითები და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი...
- სად მოვედით, აქ არაფერია, -ჯესი გაკვირვებული შესცქეროდა ჩვენს წინ აღმართულ კლდეს, რენას გვერდით ამოუდგა და კიდევ ერთხელ თვალებ მოჭუტულმა დაკვირვებით მოათვალიერა იქაურობა, -ალბათ რამე ჯადოსნური სიტყვა გაქვთ, სეზამ გაიღე ან აბრაკადაბრა.
- იქნებ ალოჰომორა, -ეშმაკურად ჩაუკრა თვალი იქვე მდგარმა ნოვამ.
- შე პატარა ცუღლუტო, -თითი ცხვირწინ გაუქნია ჯესიმ, -აკი გამოქვაბულში საუბრისას შენ და შენმა დამ მითხარით თქვენს სამყაროში არასდროს ვყოფილვართო?
ნოვამ შეცბუნებულმა გადახედა ალიას და მერე რენასკენ გააპარა თვალი რომელიც მკაცრი გამომეტყველებით გაუნძრევლად იდგა და უსმენდათ, -ჩვენ არ ვართ თქვენს სამყაროში ნამყოფი, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა.
- ჰოო მაშინ გამოდის რომ საკუთარი ჯოან როულინგი გყავთ, -არ ეშვებოდა ჯესი, რენა უკვე აღარ უსმენდათ რაღაცას ეძებდა მხარიღლივ გადაკიდებულ პატარა ჩანთაში, ჰანიელი და ასტაროტი გაცხარებით საუბრობდნენ აშკარად რაღაც საჭირბოროტო საკითხზე, ისრაფიელი რატომღაც მე მიყურებდა დაჟინებით, მე კი ამ ყველაფერს თითქოს სადღაც ზემოდან დავყურებდი და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვწყდებოდი არსებულ ქაოსურ რეალობას.
- როგორც იქნა ვიპოვე, -რენამ ჩანთიდან ხელისგულისოდენა ვერცხლისფერი ნივთი ამოიღო და მის შუაგულში მოთავსებულ ღილაკს თითი დააჭირა, ჩვენს წინ მდებარე კლდის ქვემოთა ნაწილი შეირყა და დაახლოებით ადამიანის სიმაღლეზე შუაზე გაიპო, კედლები საოცრად უხმაუროდ გაცურდა გვერდზე და ჩვენს წინ საკმაოდ ფართო ჩაბნელებული გვირაბი გამოჩნდა რომელიც მთის სიღრმეში შედიოდა.
- ყველანი ჩამოდით ცხენებიდან და გამომყევით, -ხმამაღლა გამოაცხადა რენამ და გვირაბში შეაბიჯა, ჩამოხტომა ვცადე და ვიგრძენი როგორ დატრიალდა ჩემს თვალწინ სამყარო, თავბრუ დამეხვა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სადაცაა გული ამერეოდა, წონასწორობის დაცვა ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა, თავით დავეშვი ძირს, მეუცნაურა როცა დაცემის გამო გამოწვეული ტკივილი ვერ ვიგრძენი, გაჭირვებით გავახილე თვალები, ძირს ჩამუხლული ისრაფიელის მკლავებში ვიწექი და შეშფოთებული დამყურებდა თავზე...
- რა გჭირს კარგად ხარ? -აღელვებული ხმით მკითხა, მინდოდა მეპასუხა, ტუჩები ავამოძრავე თუმცა ყელიდან ხმა არ ამომივიდა, უმწეოდ მიმოვიხედე, ყველანი მე და ისრაფიელს გვიყურებდნენ, რენა გვირაბის შესასვლელში იდგა ნოვასთან და ალიასთან ერთად, ასტაროტი ჯესი და ჰანიელი უკვე თავზე გვადგნენ და ვერ გაეგოთ რა ხდებოდა, თავისთავად დამეხუჭა თვალები და ამ დროს მოხდა ის რასაც ახლა და აქ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, მე ის ვიგრძენი, მთელი სხეულით, მთელი არსებით ვიგრძენი, ჩემი სიყვარული, ჩემი აზრაელი...
- აზრაელ სად ხარ? -სასოწარკვეთილი ხმა აღმომხდა და მთელი სხეულით ავცახცახდი, მასთან გონებრივ კავშირს ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ ცდილობდა ჩემს პოვნას, როგორ ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას და ჩემს ცნობიერებაში შემოსვლას, მთელი ძალით ცდილობდა ჩემში შემოღწევას, უხეშად, ძალდატანებით... უამრავმა სხვადასხვა სურვილმა შემიპყრო ერთდროულად, სუნთქვა შემეკრა ისე მომინდა მისი სხეულის შეგრძნება, ნიავმა საიდანღაც მისი სურნელი მოიტანა და გარს საბურველივით მომახვია, რას არ მივცემდი რომ ახლა, სწორედ ახლა, თუნდაც რამდენიმე წამით შემძლებოდა შევხებოდი, მისი სითბო მეგრძნო, მისი ტუჩები ჩემსაზე, მისი ცხელი ხელები ჩემს სხეულზე...
სხვა დროს არც კი დავფიქრდებოდი ისე გავუღებდი გონების კარს და უფლებას მივცემდი მთლიანად დამპატრონებოდა მაგრამ ახლა მისი უსაშველო მონატრებისა და სურვილის მიუხედავად ვხვდებოდი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, ვერ ვაანალიზებდი მაგრამ ვგრძნობდი რომ უკეთესი იქნებოდა მისგან შორს ვყოფილიყავი...
- რა ხდება ყველაფერი კარგადაა? -რენას ხმამ მაიძულა რომ თვალები გამეხილა, მთელი ძალა მოვიკრიბე რომ აზრაელთან კავშირი გამეწყვიტა, ისრაფიელის მკლავებისგან თავი გავინთავისუფლე, წამოდგა მეც, წამომაყენა და წელზე მჭიდროდ მომხვია ხელი რომ არ წავქცეულიყავი.
- ასეთი სუსტი არასოდეს მინახავს, აქაურობა მართლა ცუდად მოქმედებს მასზე, -ამოიოხრა ჰანიელმა.
- სერიოზული არაფერი მომხდარა ნუ აზვიადებთ, -უდარდელად ავიქნიე ხელი და გაღიმება ვცადე, -უბრალოდ აზრაელმა ჩემთან დაკავშირება სცადა და...
- ეს შეუძლებელია, -აქამდე ჩუმად მყოფ რენას შევხედე რომელსაც თვალებში ერთდროულად ჩასდგომოდა გაოცება და შეშფოთება, -შენ ის იგრძენი? -შემეკითხა ათრთოლებული ხმით, საპასუხოდ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ნერვიულად დაქაჩა მხარზე გადმოგდებული ქერა ნაწნავი და ტუჩი მოიკვნიტა.
- როგორც ჩანს თქვენ ორს უფრო ძლიერი კავშირი გაქვთ ვიდრე მე ვვარაუდობდი, ის რაც მან გააკეთა უბრალოდ შეუძლებელია.
- რენა მართალია, -ჩაერია ასტაროტი, -არც ჰანიელს და არც ისრაფიელს მსგავსი არაფერი უგრძვნიათ, მათაც სცადეს დანარჩენებთან გონებრივი კავშირი მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
- სწორედ ამიტომ მიკვირს, -რენამ ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი და ისევ მე მომიბრუნდა, -შეგიძლია ერთ კითხვაზე მიპასუხო, ეს კავშირი ორმხრივი იყო?
- ორმხრივი არ ყოფილა, -გულწრფელად ვუპასუხე, -არ ვიცი რატომ მაგრამ უფლება არ მიმიცია რომ ჩემს გონებაში შემოეღწია, თითქოს რაღაც საფრთხე ვიგრძენი, არც კი ვიცი როგორ აგიხსნათ, -დამნაშავე მზერა მოვავლე ჩემს გარშემო მდგარ ჯესის ისრაფიელს და ჰანიელს, -მაპატიეთ ისე გამომივიდა თითქოს აზრაელს არ ვენდობი მაგრამ...
- დამშვიდდი მეგობარო, -ჯესიმ ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და მაგრად მომიჭირა, -ჩვენ შენ გენდობით ვიცით რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, ყველაფერს ისე აკეთებ როგორც უნდა აკეთებდე, შენ რომ არა საერთოდ ვერ მოვახერხებდით ამ სამყაროში შემოღწევას და მე... მე... ჯანდაბა მე ურიელს და ლეოს ვეღარასოდეს ვნახავდი, ურიელის გარეშე ჩემს ცხოვრებას უბრალოდ აზრი დაეკარგება, ახლა კი შენი წყალობით იმედი მაქვს...
დავინახე როგორ ჩამოუგორდა ერთადერთი ცრემლი ლოყაზე, ისიც შევამჩნიე როგორ აარიდა ასტაროტმა თვალი და როგორ დააჭირა ყბები ერთმანეთს, ჰმ, ყველას ძალიან კარგად ეხერხებოდა გრძნობების დამალვა, საკუთარ ტკივილს, დარდს, სევდას, მონატრებას მალავდნენ და თავს უდარდელად და მხიარულად მაჩვენებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ მე თავი უკეთ მეგრძნო, თვით ასტაროტიც კი რომელიც ცოტა ხნის წინ ეზიარა ადამიანურ გრძნობებს და ახლა დარწმუნებული ვარ მთელი მისი არსება ქაოსით იყო მოცული, ახერხებდა და სიმშვიდეს და სიმტკიცეს ინარჩუნებდა, თავს ისე გვაჩვენებდა თითქოს არაფერი ადარდებდა მაგრამ მე ხომ ვიცოდი...
- ეგოისტი ვარ, -თავისთავად წამომცდა.
- დამშვიდდი, ეგოისტი არ ხარ, შენ იმაზე მეტს აკეთებ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, სხვა შენს ადგილზე ვერ მოითმენდა, მე რომ შენს ადგილზე ვყოფილიყავი მერე გენახა ეგოისტობა, ურიელის გარდა სხვაზე ვერავისზე და ვერაფერზე ვიფიქრებდი, შენ კი ყველაზე ფიქრობ, თითქოს შენს ბუნებაშია რომ ჩვენზე იზრუნო და დაგვიცვა.
- ჯესი მართალია, კარგად მოიქეცი რომ აზრაელს უფლება არ მიეცი შენს გონებაში ჩაეხედა, ამის შესახებ თავიდანვე გაგაფრთხილებდი უბრალოდ ვერ წარმომედგინა, არც კი მიფიქრია იმაზე თუ მოახერხებდა და დაკიკავშირდებოდა, -რენამ მხარზე ხელი დამადო და გამიღიმა, -ასე ნუ მიყურებ, მე თუ არა შენს თავს ხომ ენდობი ლილა, რაც იგრძენი სწორი იყო...
- კი მაგრამ ვერაფერს ვხვდები რენა, აზრაელი მთელი ჩემი ცხოვრებაა, უიმისოდ სუნთქვაც კი მიჭირს მაგრამ ახლა როცა ჩემთან დაკავშირება სცადა შემეშინდა, ვიგრძენი რომ ეს არასწორი იყო, რატომ? რატომ უნდა მეშინოდეს მისი? ეს უბრალოდ უაზრობაა, მე ის არასდროს არაფერს დამიშავებს...
- არ დაგიშავებს მხოლოდ მასზე რომ იყოს დამოკიდებული.
- რას გულისხმობ?
- ვფიქრობ ჯობია ის ყველაფერი რაც გაინტერესებს იმისგან მოისმინო ვისაც უპირობოდ ენდობი.
- კიდევ ერთი გამოცანა? -უკმაყოფილოდ ჩავიღრინე. -ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი რენა.
- ცოტაც, სულ ცოტაც, -კიდევ ერთხელ გამიღიმა და გვირაბისკენ შებრუნდა, ნაბიჯი გადავდგი რომ უკან გავყოლოდი თუმცა მუხლებმა მიმტყუნა და ისრაფიელმა კიდევ ერთხელ მიხსნა უცილობელი დაცემისგან, მკლავები შემომხვია და პატარა ბავშვივით ამიტატა ხელში, არც კი მიფიქრია გამეპროტესტებინა, მშვენივრად ვხვდებოდი რომ სიარულს ვერ შევძლებდი.
- თუ დაიღალო მითხარი კარგი? -ჩავიბუტბუტე და ძლიერ მკერდზე მივეყრდენი, ღიმილით დამხედა ზემოდან და არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ თვალები აუწყლიანდა.
- თუ საჭირო გახდება მთელი ცხოვრება ხელით გატარებ ჩემო გოგო, -თბილი ხმით ჩამჩურჩულა და თავზე ნაზად მაკოცა...

- - - - - - - - - -
ისრაფიელის მკლავებში მოქცეული ვათვალიერებდი გვირაბის კედლებს რომლებიც ცეცხლწაკიდებული ჩირაღდნებით იყო განათებული, ცხენები, ჩირაღდნები...
- ამ ყველაფერმა ძველი დრო გამახსენა, -ნოსტალგია შერეული ხმით ჩაილაპარაკა.
- მაინც რომელი? -რატომღაც დაბოღმილმა ვკითხე, ვერაფრით ვეგუებოდი იმას რომ უამრავი ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი და დედამიწაზე მომხდარი ყველა დასასრული და დასაწყისი მათ კისერზე და სინდისზე იყო.
- შენი მესმის ლილა, ძალიან კარგად მესმის, გგონია ჩვენთვის ადვილია? მესმის ახლა რას გრძნობ და რას ფიქრობ, არ დაგამშვიდებ და არ გეტყვი რომ ჩვენ არ დაგვემსგავსები ან როდისმე იმ ყველაფრის დავიწყებას შეძლებ რასაც ნახავ და გააკეთებ, ვერ დაივიწყებ, ვერ შეეგუები, შეიძლება უკვდავობა ერთი მხრივ ვინმეს მომხიბვლელად ეჩვენებოდეს მაგრამ ერთი ძალიან ცუდი მხარე აქვს.
- მაინც რა? -ქვემოდან ავხედე და დავინახე როგორი სევდიანი ღიმილი ჰქონდა სახეზე გადაფენილი.
- იდეალური მეხსიერება გვაქვს, ეს არის უკვდავობის ყველაზე ცუდი მხარე, ყველაფერი მახსოვს, ჩემი უბადრუკი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი, საოცარი სიცხადით მახსოვს ყველა საშინელება რაც ჩამიდენია, თუნდაც ის საშინელება რაც თქვენ გაგიკეთეთ...
- კარგი რა, ასე რატომ ლაპარაკობ ისრაფიელ...
- გგონია როდისმე იმის დავიწყებას შევძლებ რაც ჩავიდინე? ჩემს ძმებს უხსოვარი დროიდან ვატყუებდი, მერე შენც, ჩემს გამო ორჯერ კინაღამ მოკვდი...
- საკმარისია, გაიძულებ რომ დაივიწყო, ისეთი არაფერი გაგიკეთებია რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენ ყველამ გაპატიეთ.
- ნამდვილი ანგელოზი ხარ, -თბილად ჩაილაპარაკა დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.
- უცნაური კომპლიმენტი იყო, -გულიანად გამეცინა, -ხომ არ დაგავიწყდა რომ ნამდვილად ნამდვილი ანგელოზი ვარ.
- ვიგულისხმე რომ ისეთი ანგელოზი ხარ, როგორისაც ადამიანებს სჯერათ და სწამთ, ჩვენზე ყველაზე მაღლა მდგომი, წმინდა, კეთილი, ძლიერი და ყველასა და ყველაფრის მოყვარული.
- ოოოჰ კარგი რა, -გული უცნაურად გამითბო მისმა სიტყვებმა თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ მესიამოვნა...
- შენ ჩვენი საოცრება ხარ ლილა.
- ასე რომ იყოს ახლა აზრაელი და დანიელა ჩემს გვერდით იქნებოდნენ, -მაინც ვერ შევიკავე თავი და ის ვთქვი რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, -მშიშარა ვარ ისრაფიელ, დანიელაზე ფიქრის, მასზე ლაპარაკისაც კი მეშინია, ვერ დავიცავი, ვერ მოვუარე და ახლა მეშინია რომ...
- არ გინდა, ნუღარაფერს იტყვი, დანიელა კარგად იქნება, ჩემი პატარა კარგად იქნება, არ გაბედო და იმედი არ დაკარგო ლილა...

- მგონი მოვაღწიეთ, -ჯესის ხმა მომესმა და ისრაფიელს ვთხოვე ძირს დავესვი, მანაც ფრთხილად დამსვა, გვირაბი ფართოვდებოდა მაგრამ უზარმაზარი რკინის კარით იყო გადაკეტილი, რენამ რამდენჯერმე დაარტყა კარს შეკრული მუშტი, სუსტი ჭრიალი გაისმა და ცოტა ხანში მკვეთრმა დღის სინათლემ მოგვჭრა თვალი, ფართოდ გაღებული კარიდან გვირაბში ყვავილების და სხვადასხვა მცენარეების სუნით გაჟღენთილი თბილი ჰაერი შემოიჭრა, სმენას ფრინველთა გალობის და წყლის ჩუხჩუხის ხმა მოსწვდა, რენა გაღიმებული მობრუნდა ჩვენსკენ და ხელები გაშალა...
- რას დგახართ, რაღას ელოდებით, შემოდით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში...

გაოცებულებმა, რაღაც უცნაურის და უჩვეულოს მოლოდინით აჟიტირებულებმა გადავაბიჯეთ რკინის ზღურბლს, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გავიარეთ და ჩვენს თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა, საოცარი მით უმეტეს მას შემდეგ რა ჯოჯოხეთური უდაბნოც გამოვიარეთ, გვირაბი პირდაპირ უზარმაზარ, ფართო და გრძელ ხეობაში გადიოდა, კართან შიდა მხრიდან შეჯავშნული, შეიარაღებული მცველები იდგნენ და დაუფარავი ინტერესით გვათვალიერებდნენ, პირველი ნაბიჯი რომ გადავდგი და ფუმფულა მწვანე ბალახში ჩავაბიჯე გაოცებისგან გაურკვეველი ხმა აღმომხდა, ჩემს წინ თვალუწვდენელი მწვანე მინდორი იყო გადაშლილი, იქვე ახლოს საკმაოდ განიერ კალაპოტში მშვიდად მიედინებოდა მდინარე, ხეობის ორივე მხარეს, მთის დამრეც ფერდობებზე პატარა ლამაზი სახლები იყო შეფენილი, თეთრად შეღებილი კედლებით და წითელი სახურავებით, ფაქტიურად ამ მთებზე მთელი ქალაქი იყო გაშენებული, მკაფიოდ ვხედავდი ფერადი ქვით მოკირწყლულ ქუჩებს, ალაგ-ალაგ მედიდურად წამომართულ ქვით ნაგებ, გუმბათებიან და თაღებიან შენობებს და ყვავილებითა და ხეებით სავსე ბაღებს, მდელოზე ცხენები ძოვდნენ, ცაში ფრინველები დაფრინავდნენ და რაც ყველაზე მეტად გასაოცარი იყო მზე საოცარი ძალით ანათებდა და ათბობდა ყველაფერს...
- ეს ყველაფერი მეჩვენება? -პირველმა ჯესიმ მოახერხა ხმის ამოღება.
- გინდა გიჩქმიტო? -საყვარლად გაიკრიჭა ალია.
- რატომ უნდა მიჩქმიტო? -აიფოფრა ჯესი.
- იმიტომ უნდა გიჩქმიტოს რომ გაიგო გეჩვენება თუ არა, -სრულიად სერიოზულად მიუგო ასტაროტმა და ჩემსკენ წამოვიდა, გვერდით ამომიდგა და ღიმილით მოავლო თვალი იქაურობას.
- ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, -აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა, გამეღიმა.
- ახლა ვფიქრობ ასტაროტ და როცა ცისკრის ვარსკვლავი და მის გარშემო ბაღი მახსენდება, ვფიქრობ რომ შენში ყოველთვის იყო ადამიანური გრძნობები, უბრალოდ შენ თვითონ არ გჯეროდა ამის.
- რას გულისხმობ?
- იმას რომ შენი ასეთი ცვლილება მთლად ჩემი ბრალი არ უნდა იყოს, ჩემი ენერგია იმ გრძნობებს დაეხმარა სინათლეზე გამოსვლაში რაც ისედაც იყო შენში, უბრალოდ ღრმად იყო დამარხული.
- ასე ფიქრობ? -თავი დახარა და ფეხსაცმლის წვერით უცნაური ფიგურების მოხაზვა დაიწყო, ხელით მხარზე დავეყრდენი.
- ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ და ვიცი რაზეც ფიქრობდი ის ერთი თვე რაც ძილში გავატარე, შენ ძალიან გიყვარს შენი ხალხი, შვილები გყავს, თანამებრძოლები, ისინი ვისთანაც ერთად ათასწლეულები გაქვს გატარებული, შენ მათი უპირობო ლიდერი იყავი, მათი მბრძანებელი, ახლა კი გეშინია რომ ასეთს ვეღარ მიგიღებენ, ფიქრობ რომ შენი მგრძნობიარობის გამო სუსტად ჩაგთვლიან, გეშინია რომ ოჯახს დაკარგავ, იმისაც გეშინია რომ ისინი ვერასოდეს იგრძნობენ იმას რასაც შენ გრძნობ, გეცოდებიან ასეთი შავ-თეთრი და უსიყვარულო არსებობისთვის...
- რისი გაკეთება შემიძლია? -ხმაწასულმა ამოიხრიალა.
- ძალიან ბევრი რამის, ხომ გითხარი, იმაში რომ ახლა ასეთი ხარ მე წვლილი ფაქტიურად არ მიმიძღვის, ეს ყველაფერი შენ თვითონ მოახერხე იმიტომ რომ გინდოდა, იმიტომ რომ ამის სურვილი გქონდა...
- შენ ფიქრობ რომ მათაც აქვთ შანსი? -თავი ასწია და ანთებული თვალებით შემომხედა, თანხმობის ნიშნად გავუღიმე და თავი დავუქნიე, მოულოდნელად მეცა, ხელში ამიტაცა და ერთ ადგილზე დამატრიალა.
- მადლობა, მადლობა ლილა, -ჩურჩულებდა და საერთოდ არ ერიდებოდა იმის რომ ვინმე დაინახავდა როგორ მოდიოდა თვალებიდან ცრემლები.

- კარგი იქნებოდა ფოტოაპარატი წამომეღო, ამ გულისამაჩუყებელ კადრს დავაფიქსირებდი, -ირონიულად ჩაილაპარაკა შეუმჩნევლად მოახლოებულმა ჯესიმ და უნებურად ძალიან გავბრაზდი მასზე, ასტაროტს მისთვის არაფერი დაუშავებია, მაშინაც კი როცა უგულო დემონი იყო.
- გეყოფა ჯესი, ბოლოს და ბოლოს მამაშენია, -საკმაოდ ხმამაღლა მივმართე საიმისოდ რომ იქვე ახლოს მდგარ ნოვას ყურები ეცქვიტა, ერთხანს დაკვირვებით უმზერდა ასტაროტს და მერე მოგვიახლოვდა.
- მართლა მამაშვილი არიან? -რატომღაც მე მკითხა?
- დაუჯერებელი რა არის? -გამეღიმა.
- უბრალოდ გზაში ვაკვირდებოდი და ჯესი ისე იქცეოდა ისე უბღვერდა და ეუხეშებოდა, ნაჩხუბარი შეყვარებულები მეგონენ.
ჯესიმ მოღუშულმა გადააქნია თავი და გოგოს ისე გადახედა ალბათ უფლება რომ მიგვეცა ერთს გემრიელად შემოულაწუნებდა, ასტაროტს კი ლოყებზე წითელმა ფერმა გადაუარა და მასზე მიშტერებულ ნოვას თვალი აარიდა.
- რამდენი წლის ხარ? -მოურიდებლად კითხა ნოვამ.
- რამდენიმე ათასი წლის, სისხლისმსმელი და შეუბრალებელი დემონია, -ასტაროტის მაგივრად ცალყბა ღიმილით უპასუხა ჯესიმ.
- დემონი? თანაც შეუბრალებელი? -თვალებში ინტერესი გაუკრთა ნოვას.
- სისხლისმსმელი გამოგრჩა, -ჩაისისინა ჯესიმ და ასტაროტს გადახედა რომელიც ჯერ ისევ შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
- აბა, მგონი საკმარისი დრო მოგეცით რომ აქაურობა კარგად შეგეთვალიერებინათ, -მომღიმარი რენა მოგვიახლოვდა და სიამაყით სავსე მზერა მოავლო ხეობას, -როგორ მოგწონთ?
- ნამდვილი საოცრებაა, როგორ მოახერხეთ და ამ სამყაროში ასეთი სამოთხე შეინარჩუნეთ.
- თქვენი ძალების და შესაძლებლობების მქონე არსებებს ეს არ უნდა გიკვირდეთ, -მხიარულად ჩამიკრა თვალი და ცხენებზე მიგვითითა, -გზა განვაგრძოთ? -უხმოდ დავუქნიე თავი.

ცხენები ჩორთით მიდიოდნენ და საშუალება გვქონდა უფრო დაკვირვებით დაგვეთვალიერებინა ეს საოცარი ადგილი, მდინარეზე გადასასვლელ ქვის ხიდს მივუახლოვდით, ცხენები უშიშრად შედგნენ ზედ, თვალს ვერ ვაშორებდი ფერადი თევზებით სავსე მდინარეს რომელიც ნება-ნება მოაგორებდა კამკამა ტალღებს, სახეზე სასიამოვნოდ გრილი ნიავი მელამუნებოდა, აღმართს რომ შევუყევით უკვე იმდენად შემომიტია დაღლილობამ რომ ულამაზესი ბუნებაც კი აღარ მახალისებდა, თვალებს ძლივს ვახელდი და ერთი სული მქონდა როდის შევძლებდი დაძინებას, ვიწრო ქუჩაზე მივდიოდით რომლის ორივე მხარეს საცხოვრებელი სახლები იყო ჩარიგებული, ჩვენი დანახვისას ხალხი ეზოებიდან და სახლებიდან გამოდიოდნენ და ისე გვესალმებოდნენ თითქოს ხანგრძლივი ომიდან დაბრუნებული გმირები ვყოფილიყავით, ჩემს თანამგზავრებს გადავხედე, აშკარა იყო რომ მათაც ვერ გაეგოთ რა ხდებოდა, როგორც იქნა ქუჩას გავცდით და საკმაოდ ფართო მოედანზე გავედით.
- აქედან ფეხით უნდა წავიდეთ, -რენა ცხენიდან ჩამოხდა და ჩვენც გვანიშნა მომყევითო, მოედნიდან გამავალ ერთ-ერთ ქუჩას გავუყევით და რამდენიმე წუთში ორსართულიანი ულამაზესი სახლის წინ ვიდექით რომელიც ყვავილებით და ხეებით სავსე ბაღის შუაგულში იდგა.
- მოგწონს? -ალიამ ისეთი სახით შემომხედა რომ აშკარა იყო ჩემს აღფრთოვანებულ შეძახილს ელოდა, სახლი მართლაც ულამაზესი იყო.
- ძალიან მომწონს, საოცრად ლამაზია, -გულწრფელად ვუთხარი.
- მე შევარჩიე თქვენთვის, დარწმუნებული ვიყავი რომ მოგეწონებოდათ...
- გეყოფა, ისედაც დაღლილები არიან, -გაწყვეტინა რენამ, -ეს სახლი თქვენ გეკუთვნით, -თავით სახლისკენ მანიშნა, იქ ყველაფერია რაც დაგჭირდებათ რომ კარგად დაისვენოთ, საღამოს გესტუმრებით და ყველაფერს ნათელს მოვფენთ, -ბაღში შესასვლელი კარი საკუთარი ხელით გააღო და გვერდზე გადგა, არაფერი მითქვამს, ერთი სული მქონდა საძინებლამდე მიმეღწია...
სახლი შიგნიდან საკმაოდ დიდი, მაგრამ უჩვეულოდ მყუდრო იყო, ფართო კორიდორით, რომლის ორივე მხარეს რამდენიმე კარი ჩანდა, მაგრამ ახლა არაფრის დათვალიერება არ მინდოდა, პირდაპირ მეორე სართულზე ამავალ კიბეს მივაშურე.
- მოიცადე, -შუა კიბეზე შემაჩერა ისრაფიელმა, თვითონაც დაღლილი იყო მაგრამ მაინც ცდილობდა რომ ჩემზე ეზრუნა, -კარგად იქნები? -ღიმილით მკითხა და ფრთხილად მომეფერა ლოყაზე.
- კარგად ვიქნები, თქვენს თავს მიხედეთ, თქვენც არანაკლებ დაღლილები ხართ და დასვენება გჭირდებათ, -კიბის ძირში მდგარ ჯესის გადავხედე რომელიც ჰანიელს ეყრდნობოდა და ძლივს ახელდა თვალებს, ჩენს შორის ყველაზე მხნედ ასტაროტი გამოიყურებოდა, კიბე ავიარე, ჩემთვის განკუთვნილი საძინებელი მოვძებნე და ოთახის კარი ზურგსუკან მივიხურე თუ არა ტანსაცმელი გავიძვრე, შიშველმა მივაშურე აბაზანას, წყალი გადავივლე, არ გამკვირვებია როცა საძინებლის კარადაში საცვლები და პიჟამოები აღმოვაჩინე, ჩავიცვი და შედარებით გამოფხიზლებული გავედი აივანზე რომელიც საძინებლის მთელ კედელს გასდევდა, აივნიდან გადაშლილ ხედს რომ გავხედე ნამდვილად ვეღარ შევიკავე აღფრთოვანებისგან გულიდან ამომსკდარი ხმა, ჩემს წინ მთელი თავისი სიმშვენიერით იყო გადაშლილი ზღაპრულად ლამაზი ქალაქი...



რა ადგილზე არიან მოხვედრილები ჩვენი გმირები? ისე აღწერე მეთქი სამოთხეა-თქო :)
ვკვდები ინტერესით რა მოხდა ისეთი ასე მცირე დროში, რომ აზრაელი და ბიჭები ლილას წინააღმდეგ იბრძვიან? რამ ან ვინ შეცვალა აზრაელი?
ვინც რენას და ჩვენებს ეხმარება მაგ ვინღაა? რაღაც ეჭვი მაქვს და იმედია გამართლდება relaxed
რაც შეეხება ჯესის და მამამისის ურთიერთობას. მგონია, რომ ჯესის ძალიანაც უყვარს ასტაროტი, უბრალოდ ვერ ეგუება რომ თავის დროზე ასტაროტმა ვერ შეიყვარა სათანადოდ და ახლა როცა ასტაროტს ადამიანური გრძნობები აქვს, ფიქრობს რომ მამამისის გრძნობები ყალბია. ხოდა დროა ჯესისაც წაემტვრას რქები.
ისრაფიელი რომ მიყვარს გითხარი ხომ? თუ არა იცოდე blush
ველოდები შემდეგს relaxed

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
რა ადგილზე არიან მოხვედრილები ჩვენი გმირები? ისე აღწერე მეთქი სამოთხეა-თქო :)
ვკვდები ინტერესით რა მოხდა ისეთი ასე მცირე დროში, რომ აზრაელი და ბიჭები ლილას წინააღმდეგ იბრძვიან? რამ ან ვინ შეცვალა აზრაელი?
ვინც რენას და ჩვენებს ეხმარება მაგ ვინღაა? რაღაც ეჭვი მაქვს და იმედია გამართლდება relaxed
რაც შეეხება ჯესის და მამამისის ურთიერთობას. მგონია, რომ ჯესის ძალიანაც უყვარს ასტაროტი, უბრალოდ ვერ ეგუება რომ თავის დროზე ასტაროტმა ვერ შეიყვარა სათანადოდ და ახლა როცა ასტაროტს ადამიანური გრძნობები აქვს, ფიქრობს რომ მამამისის გრძნობები ყალბია. ხოდა დროა ჯესისაც წაემტვრას რქები.
ისრაფიელი რომ მიყვარს გითხარი ხომ? თუ არა იცოდე blush
ველოდები შემდეგს relaxed


ისრაფიელი მეც ძალიან მიყვარს, სულ თავიდან პირველად რომ უღალატა ანგელოზებს მაშინ უნდა ქცეულიყო წესით ბოროტ გმირად მაგრამ ვერ გავიმეტე ბოლომდე blush

შემდეგ თავში სასიამოვნო სიურპრიზი მაქვს მომზადებული თქვენთვის relaxed

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
რა ადგილზე არიან მოხვედრილები ჩვენი გმირები? ისე აღწერე მეთქი სამოთხეა-თქო :)
ვკვდები ინტერესით რა მოხდა ისეთი ასე მცირე დროში, რომ აზრაელი და ბიჭები ლილას წინააღმდეგ იბრძვიან? რამ ან ვინ შეცვალა აზრაელი?
ვინც რენას და ჩვენებს ეხმარება მაგ ვინღაა? რაღაც ეჭვი მაქვს და იმედია გამართლდება relaxed
რაც შეეხება ჯესის და მამამისის ურთიერთობას. მგონია, რომ ჯესის ძალიანაც უყვარს ასტაროტი, უბრალოდ ვერ ეგუება რომ თავის დროზე ასტაროტმა ვერ შეიყვარა სათანადოდ და ახლა როცა ასტაროტს ადამიანური გრძნობები აქვს, ფიქრობს რომ მამამისის გრძნობები ყალბია. ხოდა დროა ჯესისაც წაემტვრას რქები.
ისრაფიელი რომ მიყვარს გითხარი ხომ? თუ არა იცოდე blush
ველოდები შემდეგს relaxed


ისრაფიელი მეც ძალიან მიყვარს, სულ თავიდან პირველად რომ უღალატა ანგელოზებს მაშინ უნდა ქცეულიყო წესით ბოროტ გმირად მაგრამ ვერ გავიმეტე ბოლომდე blush

შემდეგ თავში სასიამოვნო სიურპრიზი მაქვს მომზადებული თქვენთვის relaxed

ინტრიგა ინ ექშენ joy

 


№4 სტუმარი One

Auu gvinda surprizi, gvinda, gvinda))) arasodes ar myopnis, imdenad sainteresoa yvela momdevno tavi))
Veli shemdegs❤️

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

One
Auu gvinda surprizi, gvinda, gvinda))) arasodes ar myopnis, imdenad sainteresoa yvela momdevno tavi))
Veli shemdegs❤️


heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ჩემი აზრით ტყუილად არ ჩაუცინია ასტაროტის ,,უგრძნობობაზე", ისინი იმ სამყაროდან არიან ალბათ და ის ისევე უბრუნდებათ თავისი გრძნობები და შესაძლებლობები, როგორც ლილამ დაიწყო შესუსტება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent