შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე(მეთერთმეტე თავი)


29-11-2022, 23:04
ავტორი Blume
ნანახია 631

ლალისფერ პეპლებად დაიფანტა თომას სიტყვები. პეპლებად, საუკუნით რომ მიევიწყებინა გვანცას,მაგრამ წამიც არ დასჭირდა გამოსაფხიზლებლად ვაჟს და როცა წინმდგომისკენ უნებურად გადახრილი სხეულიდან ერთიანად ჩამოეფერთხა ბანგი , უსაყვედუროდ გაქრნენ პეპლები ქალში. მჭიდროდ დახურულ თვალებს მიღმა ხმა არ გაუღიათ უმწეოდ ჩამოყრილ პაწაწინა ფრთებს ,მხოლოდ უნებურად უკან წაღებულმა ხელებმა გასცეს გვანცა ,მაგრამ დამახსოვრება მოასწრო თომამ - ჯერ ფართოდ გაშლილი მტევნები,მერე თრთოლამოდებული ფალანგები, ნეკი,შუა,არა და საჩვენებელი თითი - ოდნავ მოხრილი,ცერი - ჯერ კიდევ იმედს ჩაჭიდებული და გაშლილი და ბოლოს, ზურგს მიღმა დამალული ხელები.

სცენა გონებაში გაიმეორა,მაგრამ დღეს მერამდენედ,დაუკითხავად მოსულ ფიქრს თუ რატომ , თავი აარიდა .

უმალვე იგრძნო ცვლილება გვანცამ. ცოტა ხნის წინ, თითქოსდა წყაროს ბაგეთაგან ციმციმ შეგროვებულ წყალს უწილადებდნენ დამშვრალს,თითქოსდა ვაჟს ორადორ სიტყვით შეეძლო გული,ყელში რომ მიბჯენოდა ახლა,წვიმის წვეთებად დაეგროვებინა ხელისგულებში და მერე ამ თბილი,რძისფერი სიმყუდროვიდან ალაჟვარდებული ზღვისთვის მიენდო იგი,რათა დაუსრულებლად ყოფილიყო წვიმაც და ზღვაც,უსუსურ ყლორტზე დატეული წვეთიც ლეშხისა და ნაპირებს გადმოსული ტალღაც ზვირთებად აწეწილი ზღვისა,მაგრამ ახლა მხოლოდ არფრისმთქმელი,ცივი გაკვირვებით შეჰყურებდა თომა.რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ არ დასცალდა.ოთახში გამომავალი ერთ-ერთი კარი გაიღო და წრიულ დარბაზში მათთან ერთად მესამე,გამხდარი ადამიანის ფიგურა დალანდა გვანცამ.
თამარი იყო.თავდახრილი ,ჩქარი ნაბიჯით ცდილობდა გასასვლელისკენ წასვლას,მაგრამ შეიცნო თუ არა ,მკლავში ჩააფრინდა.მაშინვე იგრძნო,დარბაზში ჩამოწოლილი სითბოს მიუხედავად,მკლავები გაჰყინვოდა თამარს.

-აქედან წავიდეთ!-კანკალით ამოთქვა და ნიღაბი მოიძრო სახიდან,-მოკვდები! გაიგე? სალომეზე იფიქრე!
-აქ რას აკეთებთ?!- თამარს ეტყობოდა ახლაღა ეცნო წინმდგომი,-არაფერი მომივა.თქვენ კი უნდა წახვიდეთ. საფრთხეში ხართ აქ.
- შეიძლება სისხლდენა დაგეწყოს.თამარ,ხომ გითხარი შემიძლია დაგეხმარო.წავიდეთ,სანამ დროა,-ლამის ვედრებით თქვა.
-ხელებზე რა გჭირთ ?! - შიშით შეათვალიერა თამარმა და იქვე,უძრავად მდგომი თომასკენ გააპარა მზერა,-მან დაგმართათ? ის ხომ გიცნობთ თქვენ ?- უნებურად გეგელაურისკენ შებრუნდა გვანცაც,-მომატყუეთ?-ახლა უკვე გოგონა გვანცას უყურებდა,მაგრამ ისედაც ანდამატივით იზიდავდა თომა ამ უკანასკნელს.რა ხანი იყო,ასე ახლოდან არც ენახა იგი და ახლაც კი,ამ სიტუაციაში,ვერ ახერხებდა თამარისკენ შებრუნებულიყო."არა" მექანიკურად უპასუხა ,ისე რომ არც შეუხედავს მისთვის,-მაშინ ის დაგეხმარებათ,-ხელის გაშვება სცადა,მაგრამ წამსვე გამოერკვა გვანცა.
-მთავარი გასასვლელის გარდა,პერსონალისთვისაც ხომ იქნება გასასვლელი?-თითქოს არც გაუგონიაო ,ისე თქვა გვანცამ.თვალის კუთხიდან შეამჩნია,როგორ ჩაეშვა თომა სავარძელში .ვაჟის მზერაც იგრძნო,მისკენ მომართული.მისი სიტყვები ამოუტივტივდა თავში და უნებურად გახედა წამით.თვალი არ მოურიდებია თომას და იმის გამო,რომ ნიღაბი მთელ სახეს უფარავდა,ვერაფრით გაეგო ქალს რას ფიქრობა წითური,-ორსულად ხარ,გაიგე ?! - ოდნავ შეანჯღრია გაოცებული თამარი,-საავადმყოფოში მითხრეს,მეთხუთმეტე კვირაში ხარ.მალე მუცელი დაგეტყობა და ვეღარაფრით დაიხსნი თავს ანდროსგან. სანამ დროა,წადი.
-სალომე აქაა,-მექანიკურად გაეპასუხა თამარი,-ზედა სართულებზე , საძინებელი ოთახებია სტუმრებისთვის.რამდენიმეს არასდროს იყენებენ ხოლმე და იქ ვტოვებ.
-სალომე აქ მოგყავს?!- წამოცდა აღშფოთებულს,მაგრამ როცა შეამჩნია,როგორ მოიბუზა თამარი,ეცადა ხმა გაეკონტროლებინა,- ჩამოიყვანე და მოსამსახურე პერსონალის გასასვლელთან დამელოდეთ.
-მაგრამ დაცვაა კართან,-მექანიკურად ამოილაპარაკა თამარმა,-არ გაგვიშვებს ცვლის დამთავრებამდე.
-მომეცი - ლანგარზე დადებულ კორპსაძრობზე ანიშნა უკვე დივნისკენ დახრილმა . იგრძნო იქვე ჩამომჯდარმა ვაჟმა როგორ ამოხედა,ინტერესით აათვალიერა,მაგრამ მისკენ არ გაუხედავს , - თუ უბრძანებენ,გაგვიშვებს. არა?- შეაწყვეტინა გვანცამ და უკვე დივანზე ჩამომჯდარმა, სწრაფადვე შეაწმინდა ხელი ხაოიან ზედაპირს . ალბათ , თომას ერთ სიტყვას შეეძლო უპრობლემოდ გასვლაში დახმარებოდა ორივეს,მაგრამ ჯერ კიდევ უსიტყვოდ,თითქმის უძრავად იჯდა იგი . არა, გვანცა არაფერს სთხოვდა . თამარს საკუთარ პაუსხიმგებლობად თვლიდა , - აქედან,სახლში წადი.იქ...იქ ტიტე დაგხვდება და დაგემხარება.
-მაგრამ თქვენ?
-მე მირიანს დაველოდები,- სასწრაფოდ ამოაძვრინა მობილური ჩანთიდან და ტიტეს მისწერა.თავი რომ აღმართა,შეამჩნია თომა ისევ აკვირდებოდა ,მაგრამ გაოცების ნატამალიც არ ეტყობოდა სახეზე. უცნაური იყო,მაგრამ ძალა შეამატა ამან.

გაახსენდა სახლში საგულდაგულოდ შენახული გაცრეცილი რვეული,შეყვითლებულ ფურცელზე გეგელუარის ხელით გამოსახული საკუთარი თავი - შავი ფანქრით მოხაზული ,ყურებამდე გაღიმებული გოგონა წინ უცნაურად გამოშლილი ხელებით და მათში მოქცეული ალით.კლასში ერთადერთი იყო გვანცა ,ვინც მასწავლებელს დაუჯერა და გაბედა მართლა გამოეცადა ,რომ ეთილის,ბორისა და ჰიდროქლორუმის მჟავისგან შემდგარი ცეცხლი არ წვავდა და რა თქმა უნდა,ერთადერთი,ვინც საყოველთაო აღფრთოვანება არ გაიზიარა თომა იყო.

თომა, მერე რვეულში ასე საგულდაგულოდ,რომ გადმოეხატა კლასში დატრიალებული სცენა.

თვალწინ დაუდგა ნახატი და ქვემოთ,შავად მიწერილი წარწერა - "მამაცი ჩიტბატონა".
ფიქრებიდან გამოერკვა.შეამჩნია,მართლაც უსიტყვოდ გასცლოდა თამარი.
-კორპსაძრობით აპირებ მირიანის დამორჩილებას?- ამოილაპარაკა თომამ,-შენ ხომ...- შეიცადა ,თითქოსდა პირს უმოწმებდა ალესილ დანას,-აბზინდით უკეთ გამოგდის თავის დაცვა?- მზერა გაუსწორა მის წინ მჯდომს .იგრძნო, ორპირიანი დანა აღემართა თავისი სიტყვებით.
- მირიანს,- თვალი არც გვანცას აურიდებია.ალბათ,საბოლოოდ შეაძულებდა თავს წითურს,- ბევრი რამის გაგება ენდომება ვატრაზე,- შეკრთა,როცა ამის გაგონებისას სიცილი ამოუშვა თომამ,მერე კი ხელი აღმართა და სანახევროდ შეღებულ კართან მდგომ დაცვას მოუხმო.
-მირიანს დაუძახე!
-რას აკეთებ?!-დაიძაგრა გვანცა და პანიკით სავსე მზერა გააყოლა უკვე კარს მიღმა გაუჩინარებულ დაცვის წევრს.
-რა იყო ? "იარაღი" ხომ გაქვს?- ირონიული ღიმილით გადახედა თომამ და საზურგეს მიეყრდნო.

უნებურად ფეხზე წამოდგა გვანცა,როცა კარს მიღმა მირიანი დალანდა. ჩანთა საგულადგულოდ მიიკრო მხარზე და დაძაბული შეეცადა გაეღიმებინა მაინც.კაცი დარბაზის შუაგულში შეჩერდა და ოდნავ გაკვირვებულმა გადახედა დივანზე მჯდომს,მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო გვანცაზე გადაიტანა მზერა.
-რა ჯანდაბაა?!- მოულოდნელად,გაღიზიანებით წამოიყვირა მირიანმა,- გგონია შენს ნებაზე შეგიძლია მატრიალო?
-დამშვიდდი,-მისკენ არც კი შებრუნებულა,ისე უთხრა თომამ,- პატივისცემას გიბრუნებ.ხომ ხედავ,- წითური წამოდგა და სანამ კლუბის ძირითად ნაწილში გამავლ კარს მიღმა გაუჩინარდებოდა, უდარდელად გადმოსძახა ჯერ კიდევ დივანთან გახიდულ კაცს,- რა იყო , საქმის კეთება ხომ არ გირჩევნია? - მაგრამ პასუხს არც დალოდებია.მალევე ოთახში მხოლოდ სუსტი სურნელი დარჩა მისი.
- აქ,რა მოხდა? მომიყევი! - მარტო დარჩენისათანავე გამოიცვალა კაცი და საგრძნობლად დამშვიდებულმა ინტერესით მოათვალიერა მაგიდის გარშემო მიმოფანტული ნამსხვრევები.
- ვატრას ვიცნობ,-მოკანკალე ხმა ამოუშვა გვანცამ და უკვე მეორედ შეაშინა მირიანის ხასიათის უეცარმა ცვლილებამ.კაცმა გაგონებისთანავე შეწყვიტა ოთახის თვალიერება და დაძაბული გამომეტყველებით შეაჩერდა,-ამიტომ გაბრაზდა და ...- აღარ გაუგრძელებია,ოთახზე ანიშნა.
-ეს მართლა ვატრამ გააკეთა?-მისთვის არც შეუხედავს,ისე გასძახა დაცვას და როცა ამ უკანასკნელისგან დასტური მიიღო,გაკვირვებულმა აზიდა წარბები,- მისი გაბრაზება როგორ მოახერხე?-გაოცებით ახედა ქალს,-მართლა იცნობ?-გვანცამ იგრძნო კიდევ ერთხელ როგორ შეათვალიერა კაცმა.დაჟინებით უყურებდა,თითქოს ვიღაცის ამოცნობას ცდილობდა მასში.
-ვიცნობ და შემიძლია ბევრი რამ მოგიყვეთ,- გვანცა შეკრთა ,როცა საზეიმო გამომეტყველებით მისკენ დაიძრა მირიანი და მკლავზე წაეტანა,-მაგრამ აქ ,არა.სადმე,უფრო პრივატულ სივრცეში,კლუბისგან შორს.
-ცხადია,ცხადია.- საჩქაროდ დაეთანხმა კაციც და ლამის წამებში აღმოჩნდნენ მთავარ დარბაზში.
რა უცნაურიც უნდა ყოფილიყო,ჯერ ჩახუთული ოთახიდან და შემდეგ მისკენ მიმავალი ,პატარა კაბინებით გადავსებული ვიწრო დერეფნიდან ფართო,ხალხით სავსე დარბაზში გამოსვლა ესიამოვნა გვანცას.სარკეებიც კი,ასე რომ შეაშინეს თავიდან,ახლა აღარც ისე შემზარავად ეჩვენებოდა.
-არა,-გულამოვარდნილმა ამოთქვა,როცა შეამჩნია რომ მთავარი გასასვლელისკენ მიჰყავდა კაცს,-არ მინდა ვატრას ხალხმა დაგვინახოს.
-ჰო,როგორ არ მომაფიქრდა,- უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მირიანმა და ამჯერად საპირისპირო მიმართულებით გაუძღვა.ქალიც დაჰყვა და კიდევ უფრო ძლიერად ჩაებღაუჭა,მხარზე აკრულ ჩანთას.
დარბაზი მეორედ გადაჭრეს და კიდევ ერთ ვიწრო,მაგრამ თავდაპირველთან შედარებით გაცილებით მოუვლელ და ცარიელ დერეფანში აღმოჩნდნენ. უსიტყვოდ ექაჩებოდა მირიანი წინ ,მაგრამ შიშისა და ზიზღისაგან ერთიანად მოქანცული ტყვე თუ მდევარი ვერაფრით უწყობდა ფეხს.
დერეფანი ჩაათავეს და ერთბაშად გამოფხიზლა გვანცა.შეღებულ კართან თამარი იდგა,მძინრე ბავშვით ხელში და გაცხარებით ეკამათებოდა დაცვას.
-უთხარით,გაუშვას.-შერჩენილი ძალით ხელზე მოეჭიდა კაცს და აიძულა შენელებულიყო,მაგრამ ეტყობოდა მირიანს ვერ გაეგო რას ეუბნებოდნენ და გაღიზიანებული შემოჰყურებდა,-წინ რომ გოგოა გაუშვან და ვატრაზე ყველაფერს მოგიყვებით.
- შენ რა,პირობებს მიყენებ? ვერ ხვდები,რომ შემიძლია ისედაც გათქმევინო ყველაფერი?
-შეგიძლიათ,-თავის ქნევით უპასუხა და კარისკენ გააპრა თვალი.დაცვის წევრი შენობისკენ უბიძგებდა თამარს,რომელსაც გვანცა უკვე კარგა ხანია შეემჩნია და ერთთავად დაბნეულმა აღარ იცოდა წინააღმდეგობა გაგერძელებინა თუ დაჰყოლოდა მხრებზე ჩაფრენილ ხელებს და გამოღვიძებული,ატირებული სალომე დაემშვიდებინა,- მაგრამ თუ არ გაუშვებენ,აქედან ისე არ გამოგყვებით ვატრამ, რომ არ გაიგოს.თქვენ კი ,ალბათ,არ გაწყობთ ხომ, მის ყურამდე მივიდეს ჩემით დაინტერესების ამბავი?!
- რამე რომ იცოდე,საკუთარი ხელით არ გადმომაბარებდა შენს თავს,არა ?
-თომას ჰგონია სიკვდილის მეშინია,-დაუფიქრებლად ამოილაპარაკა გვანცამ და ეცადა ზურგშიდავლილ ტკვილიზე არ ეფიქრა.- და მშვიდადაა,მაგრამ თუ გაიგებს რომ თქვენ მოგიყევით...- ეცადა სახელდახელოდ მოფიქრებული ტყუილით დაეძვრინა თავი. ყველაფერი ბედის ცდას ჰგავდა.რაკი,თომას გაბრაზება ასე მოულოდნელი აღმოჩნდა მირიანისთვის,რაკი ხვდებოდა,ეს ფაქტი როგორ დაეხმარა კაცის გაოცებაში,იქნებ ახლაც ,ამ ერთხელაც გამართლებოდა. დიდი ხანია შეჩვეოდა ნამცეცა იმედებით არსებობას,მაგრამ ახლა სიცოცხლეს ცდილობდა მათი დახმარებით.
-თომას...- თითქმის ჩურჩულით გააწყვეტინა მირიანმა,-მაშ,სახელი იცი!იცოდე,თუ მეთამაშები,ამისთვის პასუხს აგებ!- რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ,გამაფრთხილებელი მზერით გადმოხედა და მერე , ჯერ კიდევ კართან მდგომი თამარის მისამართით დაიყვირა,-გაუშვი! გაუშვი,თორემ თავი ამატკივა ამ ბავშვის ხმამ!-ზღურბლზე მდგომმა მამაკაცმა დაკვირვებით გამოხედა და როგორც კი შეიცნო ბრძანების გამცემი,უსიტყვოდ დამორჩილდა მას.წამებში ჯერ კიდევ დაბნეული თამარი,გულზე აკრული პატარა სხეულითურთ თვალსაწიერიდან გაქრა და გვანცამ შვებით,თავისდა უნებურად ხმამაღლა ამოისუნთქა . ერთხანს დააკვირდა კაცი მის რეაქციას , - ცხადია,ცხადია.- ლამის ჩვეულებისამებრ , ამოილაპარაკა თავისთვის და ამჯერად თავად გაუძღვა გასასვლელისკენ.
-იცოდე , თუ დანაპირებს არ შეასრულებ,აქ ვერავინ გიშველის!- ღამის გრილ ჰაერთან ერთად მოედო მისი ნათქვამი გვანცას და მიახვედრა,მთავარი სირთულე გადაელახა.
"ვარიეტს" ის მხარე,რომელშიც მოსამსახურე პერსონალის გასასვლელი დაეტანებინათ, განათებული არ იყო . წინ გადაშლილი ჩიხის ბნელ ლაბადაში ეხვეოდა მიმქრალი მთვარის შუქი,ამიტომ ჩამუქებული ჩრდილების გარდა არაფერი მოჩანდა ახლომახლო.თვალი მოავლო იაქურობას.თამარის კვალიც აღარ ჩანდა.

მირიანი შენობის შემოვლით,სწორედ იმ სიბნელისკენ ეწეოდა ხელით. უკვე მოშორებულიყვნენ ვარიეტეს.როგორც ჩანს,არც მას აწყობდა ვინმეს შეემჩნია და ჩიხის გავლით აპირებდა შემოერა .ცალი ხელით ისევ ჩაფრენოდა მკლავში,ოსტატურად მიიკვლევდა გზას სიბნელეში,მაგრამ ხშირ-ხშირად უკან მოტოვებულ ნაგებობას გადახედავდა და გვანცას, ამ სიტუაციაშიც კი, გულწრფელი ინტერესი არ ასვენებდა.რა გავლენა უნდა ჰქონოდა ვატრას,რომ ეს კაციც კი,ასე მოხერხებულად რომ უძღვებოდა ჩიხში,არც ძალა აკლდა და როგორც ჩანს,არც ძალაუფლება,ასე უფრთხოდა მას.

სწრაფად მიდიოდა კაცი.ალბათ,მალევე სადმე გადაუხვევდა,მერე მის მანქანასთან აღმოჩნდებოდნენ და გასაქცევი გზა აღარ დარჩებოდა გვანცას.ცდებოდა როცა ფიქრობდა , რომ ყველაზე რთული ნაწილი უკან მოეტოევებინა.თავისუფალი მკლავი,რომელზედაც ჩანთა მოეკიდებინა ,ოდნავ მოხარა და მერე მაჯზე ჩამოცურებულ ჩანთაში ფრთხილადვე ჩააცურა ხელი.კორპსაძორბის ცივი,რკინის ნაწილის შეგრძნებამ თავდაჯერება შემატა.ქუჩა ბნელი და ვიწრო იყო,მოშორებით რამდენიმე გაზინტლული ლამპიონი ბჟუტავდა,მაგრამ ჭუჭყისა თუ გარშემო შემოკრებილი მწერებისგან შუქი ლამპიონის ძირამდეც გაჭირევბით აღწევდა.სამ-ოთხ სართულიანი ,ჩაჟამებული საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები დაეგმანათ.

-დავიღალე.ცოტა ნელა,-ჩურჩულით ამოთქვა გვანცამ.მირიანი ერთბაშად შედგა და გაკვირვებული ქალი ლამის დაეჯახა.
-თომას შესახებ...-შემოუბრუნებლად,ქოშინით ჰკითხა კაცმა და ხელი გაუშვა . სიარულისას არ ემჩნეოდა,მაგრამ ეტყობოდა დაღლილობა ნელა ედებოდა სხეულზე.ახლა ოდნავ მოხრილი ცდილობდა სულიმოეთქვა.-ხომ არავისთვის გითქვამს?- მათგან ორ ნაბიჯზე სადარბაზოს შესასვლელი იყო და მისი წინ გამოწეული,გადმოხურული ნაწილის ჩრდილი სცემდათ სახესა და ტანზე.ადგილი მოათვალიერა გვანცამ.თუკი ძლიერად ჩაარტყამდა,ჩიხში მიმალვაც არ გაუჭირდებოდა.მერე კი,როგორმე დააღწევდა აქედან თავს.-შენ ხომ...- ვეღარ დაამთავრა მირიანმა,რადგან ლაპარაკისას მისკენ გამოხედვა დააპირა.აღარ დაუცდია გვანცას,მთელი შერჩენილი ძალით მოუქნია კორპსაძრობი და ადგილს მოწყდა.მხოლოდ ის შეამჩნია,რომ გაცოფებულმა კაცმა რაღაც მოაძახა და ჩაიმუხლა.

"გონება არ დაუკარგავს" - გაუელვა თავზარდაცემულს და მიხვდა მხოლოდ რამდენიმე წუთი მოეგო ამით.მთავარ ქუჩას მოსცილდა და სახელდახელოდ გადაუხვია პირველივე შემხვედრ ჩიხში. აქამდე ვერც კი შეემჩნია,რომ ქუსლიანი ფეხსაცმლით მორბოდა. მოიხარა, ფეხსაცმელები წაიძრო და გულზე აიკრო. ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით სავსე ფეხისგულები მტკივნეულად ეხლებოდა მიწას. კენჭებიანი,ალაგ-ალაგ დახეთქილი ბეტონი თითქოსდა გავარვარებულ ნახშირად ქცეულიყო მის კანქვეშ,მაგრამ ერთი უპირატესობა ჰქონდა - უხმაუროდ მირბოდა და შეეძლო მდევრის ხმა მარტივად გაეგო . ჩქამიც არ ისმოდა გარშემო და თუმცა,ყოველი შესახვევი ერთმანეთს ჰგავდა,გვანცა გრძნობდა საფრთხეს ძალა შეემატებინა მისთვის.კარგა მანძილით ჩამოშორებოდა ვარიეტეს,მაგრამ არც იმდენად, რომ ნამდვილს მიახლოებოდა. რამდენიმე საათის წინ,როცა ჯერ კიდევ ყოველგვარი გეგმის გარეშე ტაქსში იჯდა,ახსოვდა როგორ ჩაუარეს თეატრის შენობას,მაგრამ მოშორებით იყო იგი და ხვდებოდა შესვენების გარეშე ვერც კი მიაღწევდა იქამდე.მართალია,არც კი იცოდა სად იყო ამდენი ჩიხის გამოვლის შემდეგ,თუმცა აღმართზე მირბოდა და მაშასადამე , სწორად.

ჯერ კიდევ ახსოვდა თომას ბინაში ჩამდგარი ყავის არომატი. შეუძლებელია შეშლოდა. თემური , თეატრის დარაჯი , დარიჩინსა და ვანილს ურევდა ყავაში.იმ ამბის შემდეგ,ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე და ლამის თვალწინ ხედავდა ახლა გვანცა , როგორ სათუთად აქუცმაცებდა ახალგაზრდებთან ლაპარაკში გართული კაცი დარიჩინისა და ვანილის წვრილ,შოკოლადისფერ ჩხირებს ხის ფილთაქვაში.

ახსოვდა,რომ ერთ-ერთი მხრიდან ,ზუსტად თეატრიდან დაღმართად ეშვებოდა ქუჩა.ახლა,სწორედ იმ ქუჩისთვის უნდა მიეგნო როგორმე.მერე,იქნებ ისევ დახვედროდა იქ თემური და გამასპინძლებოდა,ამქვეყნად ყველაზე მწარე,მაგრამ არომატული ყავით.შორიდან მანქანების ყრუ გუგუნი ესმოდა.ქუჩის იმ ნაწილსაც,ახლა რომ აღმოჩენილიყო,ადამიანების კვალი მაინც ეტყობოდა.რამდენიმე მაღაზია გამოიარა.რკინის ფარდა-ჟალუზებით დაბურული,მაგრამ ესეც ახარებდა გვანცას.

სვლა შეანელა და იმ მხარეს გაუხვია,საიდანაც მანქანების ხმა ისმოდა.მართალი,აღმოჩნდა. ბევრი ეკლო თეატრამდე,მაგრამ გასაკვირად დიდი მანძლი გამოეარა.გარემოს მოავლო თვალი და სიხარულმა მტკივნეულად შეუკუმშა გული . ზუსტად ახსოვდა,რომ ეს ქუჩები ტაქსით გამოიარა.

გზაზე მანქანები მიმოდიოდნენ,მაგრამ ახლა,როცა ჩანთა გაქცევისას დაეკარგა და ჯერ კიდევ მეძავივით ჩაცმული,ერთიანად მტვერსა და სისხლში ამოსვრილიყო,ტაქსზე ვეღარც იფიქრებდა.შეეცადა შორიდან შეეთვალიერებინა კერძო ავტომობილების მძღოლები,მაგრამ ვერავის ენდობოდა.მერე კი,როცა საპირისპირო მხარეს,გზის პირას მომავალი ახალგაზრდების ჯგუფს მოკრა თვალი ,საბოლოოდ ამჯობინა გზად შემხვედრი ავტომობილის იმედი თავიდან ამოეგდო და სიბნელეს შეფარებოდა.

ფეხების გაუსაძლის ტკივილსა და სიცივეს ვეღარ ერეოდა.ცდილობდა მშვიდად ესუნთქა და ყოველი ჩქამისთვის დაეგდო ყური,მაგრამ არაფერი ესმოდა. კარგა ხნის წინ დარწმუნდა,რომ არავინ მოყვებოდა.ნუთუ ყველაფერი ასე მარტივად დასრულდებოდა? ვერც კი ხვდებოდა, რატომ დაუჯერა მირიანმა.შეიძლება ვატრას სახელიც კი არ იცოდნენ,მაგრამ რატომ დაჰყვა კაცი,რატომ მაშინვე არ მოსთხოვა ყველაფრის მოყოლა,ვერაფრით გაეგო.ბოლოს და ბოლოს, მირიანი არც ისეთი უძულური ჩანდა,ასე რომ დაფერთხო თომას.

საპირისპირო მხრიდან მომავალმა ახალგაზრდებმა გზა გადაკვეთეს და მერე,ზუსტად იქ ,სადაც სულ ცოტა ხნის წინ გვანცა იდგა , ხმაურითა და გამოცარიელებული ქილების რაკარუკით შეჯგუფდნენ.რამდენიმე დარაბაში შუქიც გაბრჭყვიალდა და გვანცა იძულებული გახდა ნაბიჯისთვის მოეჩქარებინა. ქუჩის ხმაურიან ნაწილს მოშორდა ,მაგრამ ეცადა ისევ ღრმად არ შესულიყო საცხოვრებელ კორპუსებს შორის.თანაც,ახლა სულისმოსათქმელ ადგილს უფრო ეძებდა,ვიდრე თავისდასაღწევს.

კვლავ აღმართზე ადიოდა და თუკი არ ცდებოდა,გამთენიისას ვარიეტემდეც მიაღწევდა. კიდევ ერთხელ მიიხედა უკან. რა იქნებოდა,ვინმეს წამით მაინც შეენელებინა მანქანა და აქაურობისთვის გაეცილებინა ,მაგრამ ღამით,დასაშვებზე მაღალი სიჩქარით მქროლავი ავტომობილები უმალვე ეკარგებოდნენ თვალსაწიერიდან და ვერც უცხოს სიკეთის იმედზე იქნებოდა ამ მდგომარეობაში მყოფი.

გასავათებული ცივ კედელს მიეყრდნო . მხოლოდ რამდენიმე წუთით აპირებდა შესვენებას,მაგრამ შეჩერდა თუ არა,გაჭირვებით შერჩენილი კონტროლიც დაკარგა სხეულზე და გათოშილი მიწაზე ჩამოჯდა. შეშუპებული,ერთიანად ამწვარი ფეხები მოასვენა. კორპუსის გზის მხარეს შექცეულ, გვერდით კედელთან იჯდა,წინ ,ალბათ, საუკუნის წინათ დარგული ნაძვის სქელი ზრო ეფარებოდა და ერთდროულად შეეძლო დაენახა როგორც ქუჩის თავი,საითაც თეატრი იყო და ბოლოც,საიდანაც ეს იყო გამოიქცა. ყველაფერთან ერთად იმ ნაწილსაც ხედავდა , რომლის მიღმაც მთავარი გზა მოჩანდა . ამან დაამშვიდა,გადაწყვიტა ცოტა ხანს მაინც დარჩენილიყო აქ .ამწვარი თვალები მოხუჭა. დილით მოთქმით ტიროდა თომას წინ და ახლა,როცა მთელი სხეული ტკიოდა, ცრმელი არ ეკარებოდა თვალზე.

ის იყო ,დამშვიდების უფლება მისცა თავს,რომ უცნაურმა ხმაურმა გამოაფხიზლა.რიტმული ხმა იყო,მძიმე ნაბიჯებისა და ტანსაცმლის შარიშური.

ქუჩის იმ კუთხეს ვერ ხედავდა,მაგრამ მიხვდა ვიღაც მორბოდა.

პანიკით მოცული უნებურად წამოიმართა. იმედი იმისა,რომ მას არ მოსდევდნენ მაშინვე მოუკვდა ,როცა დაინახა როგორ გამოეყო სიბნელეს მირიანის სილუეტი.ეტყობოდა ხეებს მიღმა წამომდგარი ქალი ,მასაც შეენიშნა.წამით შედგა და სირბილით გასწია მისკენ.

-არა!-ამოიხავლა სასოწარკვეთილმა და მთელი ძალით შეეცადა სწრაფად გასცლოდა ხეებს,მაგრამ მიხვდა მალევე დაეწეოდნენ.არათუ ნაბიჯის გადადგმა,არამედ სუნთქვაც კი აუტანლად მტკივნეულად ეჩვენებოდა ახლა.
გარშემო მიმოიხედა ,ცივი სიმშვიდით უმზერდა დაცარიელებული ქუჩა. შიშველ ფეხთა ქვეშ გრძნობდა როგორ ვიბრირებდა მისკენ გადმოდგმულ თითოეულ ნაბიჯზე ასფალტი.გზამდე მისვლასაც ვეღარ მოასწრებდა.

ხელში შერჩენილი ფეხსაცმელები მოიმარჯვა და ეცადა ბოლო წუთამდე ერბინა,მაგრამ მიხვდა წამოეწია მირიანი,სირბილიდან სვლაზეც კი გადავიდა .მისი ხმამაღალი სუნთქვაც კი მისწვდა თითქოს .

არ შემეხოო დაიყვირა შერჩენილი ძალებით და შეეცადა სირბილი გაეგრძელებინა,მაგრამ ისე ნელა მოძრაობდა ,აღარც კი მოსდევდა კაცი და გვანცამ იგრძნო,როგორ გამოიშვირა ხელი მისკენ.ახლაც მკლავზე მოჭიდებას ცდილობდა მირიანი და მერე,ალბათ,უკან წაიყვანდა.

-გვანცა,- ისღა გაიფიქრა მომესმაო ჩემი სახელი,მეთამაშებაო ჩემივე თავი,მაგრამ ცდუნებად მოდებულ ნაცნობ ხმას ვერ სძლია და წამის წინ თავდასხმისთვის მომზადებული,ახლა მხრებჩამოყრილი მიბრუნდა ჯერ კიდევ უცნობისკენ. თუნდაც მოსჩვენებოდა,თუნდაც იმედდაკარგული გონების ბოდვა ყოფილიყო ასე რეალური, იცოდა - თომას ნათქვამ საკუთარ სახელს ვერ გაექცეოდა.

-წითურო,- შეკავებულ სუნთქვას ამოაყოლა,- აღარ მელანდები?

მხოლოდ ცა ჰქონდათ ჭერად,მთვარე ჭრაქად და მის პატრუქს დადენილ ,მოლიცლიცე ვერცხლისფერ შუქზე დაინახა გვანცამ კითხვის გაგონებისას, როგორ გადიაფარა ვაჟის თვალების მოწაბლისფრო ირისი ყორნისფრად გადაშლილი გუგით.

მის წინ თომა იდგა . გაოცებისა თუ სხვა,აუხსნელი შეგრძნებისგან გაფართოებული გუგები ლამის შავ ელფერს აძლევდა მის თვალებს.სუნთქვას გაჭირვებით იბრუნებდა ისიც. კაპიუშიონი ზურგზე ჰქონდა მოგდებული,მაგრამ სახის ნაიარევიან მხარეს სანახევროდ უფარავდა მწიფე შინდისფერი კულულები.მხოლოდ ნაიარევის მომცრო, შევარდისფერებულ ნაწილს უმზერდა ქალი.

გვანცას შეეძლო დარწმუნებით ეთქვა,რომ გეგელაური კი არა,მირაჟი იყო მის წინ.თან ვაჟს შეჰყურებდა და თან გონებით სულ ახლახანს განცდილს უბრუნდებოდა.
აღარ მელანდებიო უთხრა თომამ. ნეტავ,როგორი იყოო ჩემი ლანდი - ამასღა ფიქრობდა გაჩუმებული.

თავბრუ ეხვეოდა. ფეხზე დგომა გაუსაძლისად ქცეულიყო მისთვის,მაგრამ ჯერ კიდევ გაოცებულს ეშინოდა,ვაითუ მცირე მოძრაობას თან წარეტანა თომას ნათქვამში შეპარული სითბო,ან თავად ვაჟი სირბილისაგან აწითლებული ,ტანსაცმელ აჩეჩილი რომ იდგა მის წინ და მზერამოუცილებლად შეჰყურებდა.

-კიდევ,- და რახან ლანდი იყო,რახან ეჩვენებოდა მხოლოდ ,დაე,თხოვნაც შეებედა მისთვის,-კიდევ დამიძახე.

ნოემბერის სუსხში ლივლივებდა გვანცა და ბანგმოდებულს ეგონა , რომ წამწამთა სარეცელს სიზმრად დასწოლოდა ვაჟი,რომ წამი გაფანტავდა ხილვას,მაგრამ ზანტად აიშალა ფიქრი,ჯერ ხელს აჰყვა,მერე თითებში ახლართულ მეწამულ თმას და რაღაც უცხო შეიცნო ნაცნობ ლანდში.

გვანცას სიზმრებში ნაიარევი არ ჰქონდა თომას.

იმ დღიდან ხელისგულს აბზინდის სიცივე,სხეულს კი,ატლასის უცნაური,თითქოსდა კივილისმაგვარი ფხრეწის ხმა შემორჩენოდა . ატლასის იყო მისი კაბა.

"კარგად შემომხედე,რა დამმართე" ეტყოდა გვანცა და სხეულში ჩაბუდებულ შიშს გადმოულაგებდა,უპასუხო კითხვებზე მოსთხოვდა პასუხს."რა მოხდებოდა? აბზინდა რომ არ მქონოდა,რომ არ დამერტყა,სადამდე გააგრძელებდი?".იარას ჩააყოლებდა თითებს."მიყურე! რა დამმართე?"

არასდროს ავიწყდებოდა სახის დაფარვა გეგელაურს.ინსტიქტად გახდომოდა ჩამოზრდილი თმისა თუ კაპიუშონის გადმოფარება ფართო,თითქოსდა ჯერ კიდევ პირმოღებული ნაიარევისათვის. ხედვა არ დაეკარგა ,მაგრამ თითქმის აღარც ახსოვდა ორივე თვალით დანახული სამყარო. ცხრა წლის განმავლობაში,როგორადაც უნდა შეეწუხებინა ამას,უნებურადაც კი არ გაივლებდა ხელს შემაწუხებლად გადმოზრდილი თმის ან ქუდის შესასწორებლად.აკი,ეხმარებოდა კიდეც ეს ჩვევა - ყველა ათასგვარ ამბავს უფიქრებდა გამუდმებით შენიღბულ ვატრას. საშიში ამბავი წარსულზე კი,სათადარიგო იარაღს ჰგავდა ამ უბანში.

მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად შეეძლო ახლოდან ენახა სახე ქალისა,ძილსა თუ ცხადში,გამუმდებით რომ უკან სდევდა მაინც. უკეთ ხილვის წადილით თითები ექავებოდა .
საფეთქელთან მიტანილი ხელი გაუშეშდა თომას - ცხადად,მთელი თავისი სიმახინჯით ნახავდა ნაიარევს ქალი.რაღაც იყო ნიშნისმოგებით სავსე ამაში.

"კარგად მიყურე,შეხედე" ეტყოდა თომა და ფართო ,ოღროჩოღრო იარას აჩვენებდა.მისივე ხელით დაჰყვებოდა რბილ,მოთეთრო-ვარდისფერ ნაიარევს , დეფორმირებულ თვალის ჭრილთან შეაჩერებდა ,სადაც აბზინდას ღრმა კვალი დაეტოვებინა .

"სადამდე გააგრძელებდი? კიდევ რამდენჯერ დამარტყამდი?" . მერე ოდნავ ქვემოთ, ღაწვთან, ორმოსავით ჩარჩენილ ნეკისოდენა სიცარიელეს ამოავსებინებდა თითით.
"მიყურე" -ამჯერად მოწითალო ზოლს მიღმა მოვლებულ,ქერცილით მოთეთრებულ კანზე ამოიკითხავდა ქალი. "მიყურე.რა დამმართე?"

სირბილისას ჰაერის ნაკადს უკან გადაეზიდა თმა,კაპიუშონი გადასძრომოდა და ახლაღა მიხვდა ,მის ნაიარევს უყურებდა ქალი. საფეთქელს ოდნავ ასცდენოდა ოვალური,ღრმა ორმო ამობურცული კანისა.ინფექციას,მოუვლელობის გამო რომ მოედო ჭრილობას,კელოიდური ნაწიბურის კვალი დაეტოვებინა და მართალია,ცხრა წლის შემდეგ გაფერმკრთალებულიყო ,მაგრამ ცუდად შეხორცების გამო მოგლეჯლი კანი თითქოს ზედ ყვრიმალის ძვალზე ეკვროდა , გარშემო კი შესამჩნევად ამოზიდულიყო ნაკვთები.

თომამ იგრძნო როგორ გაფაციცებით შეჰყურებდა ქალს.თოვლისფრად ამოცურებული მთვარე ჩრდილში ხვევდა გვანცას,მაგრამ მაინც ხედავდა გეგელაური-არც ზიზღით,არც სიბრალულით,არც გაოცებით არ შეჰყრუებდა იგი.არც ,როგორც შეყვარებული და არც დამნაშავე.

ჩუმი თანაგრძნობა ედგა გამოხედვაში გვანცას.არ ებრალებოდა,არ ერიდებოდა,არაფერი იყო მის მზერაში ისეთი,რასაც სარკეში ჩახედვისას ვერ იგრძნობდა თომა და მოეშვა უნებურად.
მჩხვლეტავი შეგრძნება დაჰყვებოდა სახის მარცხენა ნაწილში გვანცასაც.თითქოსდა აბზინდას მისივე სახე დაესერა,თითქოს მისივე კანზე უშნოდ წამომართულ ნაჭრილობევს უმზერდნენ,მაგრამ სხეულში უცხოდ შემოჭრილ შეგრძნებასაც ვერაფერს უხერხებდა.თითქოსდა შეჩვეული შიშისთვის ჩაევლოთ ხელი და მისგან ექაჩებოდნენ და ბოლოს და ბოლოს,მიხვდა ,თანაუგრძნობდა თომას.აი ,თურმე როგორი იყო ჭეშმარიტი თანაგრძნობა - ორმხრივი .

ერთმანეთის მიყოლებით ჩაქრა რამდენიმე გამჭირვალედ მბჟუტავი ლამპიონი და სიბნელე ჩამოწვა,სულ რაღაც წამით,მაგრამ თენდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

რამდენი ხანიაა ველი... წავალ წავიკითხავ

 


№2  offline წევრი Blume

სტუმარი Life is beautiful
რამდენი ხანიაა ველი... წავალ წავიკითხავ

მადლობა ლოდინისათვის.იმედია მოგეწონებათ heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

არ მეყო და სუნთქვა შემეკრა.
ცუდად გავხდი თომამ რომ მიატოვა და იმ საზიზღარ კაცს შეატოვა, თუმცა ახლა რაღაცა ვარიანტი მაქვს სამომავლოდ, თავად ხომ არ დაგეგმა?
მოკლედ არ ვიცი, ისე მიხარია, რომ გაგრძელდა ისე, რომ ...
იმედია კიდევ არ დაიკარგები, ხომ?

 


№4  offline წევრი Blume

სტუმარი Life is beautiful
არ მეყო და სუნთქვა შემეკრა.
ცუდად გავხდი თომამ რომ მიატოვა და იმ საზიზღარ კაცს შეატოვა, თუმცა ახლა რაღაცა ვარიანტი მაქვს სამომავლოდ, თავად ხომ არ დაგეგმა?
მოკლედ არ ვიცი, ისე მიხარია, რომ გაგრძელდა ისე, რომ ...
იმედია კიდევ არ დაიკარგები, ხომ?

მადლობა heart_eyes ვნახოთ რას იზამს თომა blush ვეცდები აღარ დავიკარგო :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent