შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახიფათო ფანტაზია ( 4 )


18-12-2022, 21:55
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 898

- ამას არ ვიყიდი, -მოღუშული ვატრიალებდი ხელში ვიწრო, მოკლე, გულამოღებულ შავ კაბას, რომელიც მართლა ძალიან მომწონდა მაგრამ ალბათ ვერასდროს გავბედავდი რომ ჩამეცვა.
- ყიდვას არავინ გაიძულებს, უბრალოდ გაისინჯე, -ანამ თითქმის ძალით შემაგდო გასახდელში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მომაწოდა და ფარდა ჩამოაფარა, ცოტა ხანში სარკიდან საოცრად სექსუალური, არაჩვეულებრივი სხეულის პატრონი, გამომწვევი ახალგაზრდა ქალი მიმზერდა.
- დაგეძინა? ამდენ ხანს რას აკეთებ? -ფარდა გადასწია და დამინახა თუ არა აღფრთოვანების გამომხატველი შეძახილი აღმოხდა, ჩემს წინ მიეყრდნო კედელს და მხიარულად დაუსტვინა.
- აი ეს მესმის, მაგარი ქალი ხარ, -ხითხითით მიიტანა სამი თითი ტუჩებთან და აკოცა.
- გეყოფა, ქალის უნახავი ღიპიანი ბიძასავით ნუ იქცევი, -ვერც მე ვერ შევიკავე სიცილი.
- მაინც არ მესმის რატომ არ აგეწყოთ ურთიერთობა შენ და დათოს, -ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი.
- იმიტომ ხომ არა რომ გარდაიცვალა? -ირონიულად გამეღიმა.
- მშვენივრად მიხვდი რასაც ვგულისხმობ, სანამ დაიღუპებოდა ორი წელი იცხოვრეთ ერთად, ლამაზი ხარ, სექსუალური, ჭკვიანი, კარგი ხასიათი გაქვს, რომ ეცადა, ცოტა მაინც რომ მოენდომებინა დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გექნებოდათ.
- უკვე ვეღარ გავიგებთ რა გვექნებოდა და რა არა, ასე რომ, -გაბრაზებულმა შევაწყვეტინე სიტყვა, ფარდა გადავწიე და იქვე მდგარ მრგვალ სკამზე ჩამოვჯექი, თვალწინ შენელებული კინოკადრებივით ჩამიქროლა იმ ორმა წელმა, იმ საშინელმა ღამეებმა... იქნებ რომ ეცადა და ადამიანურად მომქცეოდა...
- ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, -ჩავიბურტყუნე და გაგულისებულმა გადავიძვრე კაბა.
- მაპატიე ჰანა, ზედმეტი მომივიდა, დათო არ უნდა მეხსენებინა, -ფარდის უკნიდან ანას ხმა მომესმა და გამეღიმა, რათქმაუნდა ვაპატიებდი, მე ხომ მის გარდა არავინ მყავდა...


- მაინც იყიდე? ხომ გითხარი რომ არ მინდოდა, -ქაღალდის პაკეტი გვერდზე გადავდე და გემრიელად ჩავკბიჩე ბურგერი.
- ეს კაბა და ფეხსაცმელი ჩემი საჩუქარია, დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაგჭირდება და გამოგადგება, -ანამ თვალი ჩამიკრა და თეფშზე ხელი მოაფათურა თუმცა აღარაფერი რომ არ დახვდა, გაოცებისგან გაფართოებული თვალები მომაპყრო.
- ჩემს ბურგერს მიირთმევ ქალბატონო? როდის ამაცალე?
- მაცადე რა და კიდევ ერთი შეუკვეთე ჩემთვის ძალიან გემრიელია, -გამოტენილი პირით ძლივს ამოვილუღლუღე.
- ასე თუ გააგრძელებ წონაში მოიმატებ.
- არ მოვიმატებ ნუ გეშინია, იცი როგორ მიყვარს ბურგერი? არადა ლელა არ მაძლევდა ხოლმე უფლებას რომ მეჭამა, საჭმელს თვითონ ყიდულობდა და მე მაღაზიაში გასვლის უფლებასაც კი არ მაძლევდა, რამის შეკვეთაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ახლა რომ დამინახოს გული გაუსკდება, -გულიანად გამეცინა როცა დავინახე როგორი სახით მიყურებდა ანა.
- არ გჯერა რომ ლელა იმის ჭამას მიშლიდა რაც მიყვარდა?
- ვიცი ლელა ვინც არის და როგორც გექცეოდა უბრალოდ არ მესმის როგორ შეგეძლო ამ ყველაფრის ატანა, ალბათ ძალიან ძნელი იყო.
- თავიდან ძნელი იყო, მერე კი შევეჩვიე, -მხრები ავიჩეჩე და გაღიმება ვცადე, -როცა სხვა გზა არ გაქვს უბრალოდ ეჩვევი, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა...
- მიკვირს რომ ასე უბრალოდ საუბრობ ამ ყველაფერზე, -სავარძელში გასწორდა საზურგეს მიეყრდნო, გულზე ხელები დაიკრიფა და სერიოზული სახით შემომხედა.
- სათვალე გაკლია და ნამდვილი ფსიქოლოგი იქნებოდი, -გამეღიმა.
- ფსიქოლოგიური სეანსი მაკდონალდსში? ჰმ ცუდი არ არის, ჩანთიდან პატარა ფერად ფურცლებიანი რვეული ამოიღო და რაღაც მოინიშნა.
- რას აკეთებ?
- ყურადღებას ნუ მომაქცევ, რომანს ვწერ და კარგ იდეებს ვინიშნავ ხოლმე.
- მწერალი ხარ? -ახალი ამბით გაოცებულს და აღფრთოვანებულს სულ გადამავიწყდა ბურგერი და კარტოფილი.
- მწერალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, -უხერხულად გაიცინა და რვეული ჩანთაში ჩააბრუნა, -უბრალოდ ჩემთვის ვცოდვილობ რაღაცას.
- არ წამაკითხებ? ძალიან მაინტერესებს, -პატარა ბავშვივით მოუთმენლად ავაბაკუნე ფეხები.
- ჯერ დავამთავრო და მერე, -მოკლედ მომიჭრა და ისეთი სახით შემომხედა რომ მივხვდი რაღაც ჰქონდა სათქმელი და ვერ ბედავდა.
- ვიცი რომ ჯერ შენთან უნდა შემეთანხმებინა მაგრამ იმედია არ გაბრაზდები, ჩემი მეგობრები დავპატიჟე ძალიან უნდათ შენი გაცნობა, -ერთბაშად მომაყარა სუნთქვაშეკრულმა.
- როგორ თუ ჩემი გაცნობა უნდათ? რატომ უნდათ? საიდან იციან ჩემს შესახებ? -მთლად დავიბენი და ავირიე, ეს ყველაფერი უკვე ჩემთვის ძალიან ზედმეტი იყო, ოთხი წელი ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი განდეგილივით ვცხოვრობდი, ახლა კი მოულოდნელად ქარიშხალივით დამატყდა ანა თავზე და ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ვერ ვიტყვი რომ ცვლილებები არ მომწონდა მაგრამ ასე ერთბაშად შეგუება მიჭირდა, ანას ძლივს შევეჩვიე, ჩემთვის ისიც კი დიდი მიღწევა იყო რომ მთელი დილა საყიდლებზე დავყვებოდი, ახლა კი ასე მშვიდად ვიჯექი ამდენი ხალხით გარშემორტყმული და ბურგერს მივირთმევდი, ახალი ადამიანების გაცნობა ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში...
- მაპატიე მაგრამ ჯობია თუ წავალთ, -ერთიანად აჭარხლებული წამოვდექი ფეხზე.
- დაჯექი და დაეტიე სადაც ზიხარ, -კბილებში გამოსცრა და სახეზე გულითადი ღიმილი აიკრა, -უკვე მოვიდნენ ვერსად ვერ წახვალ დაჯექი და პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, როდისმე ხომ უნდა გამოხვიდე იმ ზონიდან რომელიც შეიძლება ახლა კომფორტის ზონა გგონია მაგრამ სინამდვილეში საპყრობილეა, ჩემმა დიდი ხნის და ახლა უკვე შენმა პოტენციურმა მეგობრებმა იციან რომ ძალიან საყვარელი ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ და არ მინდა რომ საწინააღმდეგო იფიქრონ რამე გესმის?
უსიტყვოდ დავჯექი და თავი დავხარე, ვბრაზობდი მაგრამ არ შემეძლო არ მეღიარებინა რომ ანა მართალი იყო, ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა მოვქცეულიყავი ველური ცხოველივით, თანაც ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლის ვიყავი და სრული უფლება მქონდა მეგობრები მყოლოდა, მათთან ერთად მესეირნა, გასართობად წავსულიყავი, სხვა თუ არაფერი დამლაპარაკებელი და ხმის გამცემი მყოლოდა...
- ჰანა გაიცანი ჩემი მეგობრები, -ანას ხმამ გამომარკვია და თავი ავწიე.
- ეს ზუკაა ეს კი გიო, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ვმეგობრობთ, -მაღალ ჩალისფერთმიან ცისფერთვალა ბიჭებზე მიმითითა რომლებიც ალბათ ჩემზე ორი-სამი წლით უფროსები იქნებოდნენ და რომლებიც საოცრად გავდნენ ერთმანეთს, მიღიმოდნენ და ინტერესით სავსე მზერას არ მაშორებდნენ, -ბიძაშვილები არიან, -მაშინვე განმიმარტა ანამ მათი მსგავსება, ორივეს ჩამოვართვი ხელი და ახლა შავთმიან საშუალო სიმაღლის საყვარლად ცხირაპრეხილ ოციოდე წლის გოგოზე გადავიტანე მზერა.
- მე ნათია ვარ, -მორცხვად ჩაილაპარაკა და ხელი გამომიწოდა, -თავიდან სანამ ანას გავიცნობდი გიოსა და ზუკასთან ვმეგობრობდი, ჩვენი მშობლები იცნობენ ერთმანეთს და...
- შვიდი წლის წინ გავიცანით, მშობლები გვაიძულებდნენ სულ თან გვეტარებინა, უნდოდათ რომ დავმეგობრებულიყავით, -მხიარულად გაიცინა ზუკამ, -ისეთი საყვარელი იყო, პატარა გამხდარი ცამეტი წლის კიკინებიანი გოგონა.
- მაშინ მე თხუთმეტი წლის ვიყავი, ხოლო ზუკა თექვსმეტის -გააგრძელა გიომ, ჩვენი საქმეები გვქონდა, ათასი რამ...
- ათას რამეში თუ გოგოების შებმა და ჩემი პარკში მარტოდმარტო დატოვება იგულისხმება სანამ მათ აბავდით არ ვიცი, -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა ნათიამ, -რა წესია ჯერ ადამიანი ნორმალურად არ გაგიცვნიათ და უკვე იმას უყვებით როგორ მიმწარებდით სიცოცხლეს.
ანა ღიმილით უყურებდა მეგობრებს რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ, მერე ანიშნა დასხედითო, ბიჭები აქეთ-იქიდან მომისხდნენ ხოლო ნათიამ ანას გვერდით დაიკავა ადგილი, ვერც კი ვიფიქრებდი ისეთი სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, ცოტა ხანში აღარც მახსოვდა რომ ისინი ცოტა ხნის წინ გავიცანი, ხუმრობდნენ, უამრავ სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, საუბარში ჩემს აყოლიებას ცდილობდნენ, არ ვიცი ანამ გააფრთხილა თუ არა ამის შესახებ მაგრამ არანაირი გადაკრული სიტყვა და კითხვა ჩემს ცხოვრებაზე არ გამიგია...
- ნაყინზე რას იყტვით? -ზუკამ მაგიდაზე აათამაშა თითები და თვალები ამიჟუჟუნა, -არ გამომპარვია ნათიას მზერა თუ როგორი თვალებით უყურებდა ზუკას, შეუმჩნევლად გადავხედე ანას მიხვდა რომ შევამჩნიე, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თვალი ჩამიკრა, გამეღიმა ამ ორს შორის აშკარად რაღაც ხდებოდა, ან ჯერჯერობით მხოლოდ ნათიას გულში და ზუკამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
- მე შოკოლადის ნაყინი მინდა, -თამამად განვაცხადე.
- იჯექით მე მოვიტან, -წამოდგა გიო, სწორედ ამ დროს ადგა იქვე ახლოს მდებარე მაგიდიდან ოცდაათიოდე წლის შავთმიანი ჭროღათვალება მამაკაცი რომლის დაჟინებულ მზერასაც კარგა ხანია ვამჩნევდი, ადგა და ჩვენსკენ წამოვიდა, მოგვიახლოვდა, არავის მორიდებია, ჩვენს მაგიდას დაეყრდნო ხელებით და ჩემსკენ დაიხარა, ბრაზით და ზიზღით სავსე მზერით მიყურებდა და ცივი, სარკასტული ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.
- მზეთუნახავო როგორც იქნა გადაწყვიტე რომ სასახლე დაგეტოვებინა და საშუალება მომეცა პირადად მენახე და დაგლაპარაკებოდი, როგორ მოხდა რომ გველეშაპმა გარეთ გამოსვლის უფლება მოგცა.
- ჰანა ამ ტიპს იცნობ? -ანამ როცა დაინახა რომ ენა მქონდა ჩავარდნილი ჩარევა გადაწყვიტა, უხმოდ გავაქნიე თავი იმის ნიშნად რომ არ ვიცნობდი.
- რა ხდება ძმაო? -გიომ მხარში უბიძგა და აიძულა მაგიდას მოშორებოდა, ზუკაც მაშინვე წამოდგა ფეხზე.
- ოჰ ქალბატონს დამცველებიც უშოვნია, დამშვიდდით, დამშვიდდით, -უცნობმა ღიმილით გაშალა ხელები, აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ, უბრალოდ მინდა რაღაც ვუთხრა, მე და დათო, მისი მეუღლე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, -მეუღლის წარმოთქმისას უცნაურად დაემანჭა ტუჩები.
- მე თქვენ არ გიცნობთ და თქვენთან ლაპარაკი არ მინდა, -დამფრთხალმა ჩავილაპარაკე და აღელვებული ავეკარი სავარძლის საზურგეს.
- ხომ გაიგე რაც თქვა, -ზუკა გიოს ამოუდგა გვერდით და უცნობს თავით ანიშნა აქაურობას მოშორდიო.
- ძლივს მის ნახვას ვეღირსე და ახლა ისე არ წავალ რომ არ ვუთხრა რასაც ვფიქრობ მასზე, ხომ უნდა გაიგოს რომ დათო მის გამო დაიღუპა, ხომ უნდა გაიგოს რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, -ხმას აუწია, ბავშვებით და მშობლებით სავსე გარემოს გადავავლე თვალი და სირცხვილისგან კიბორჩხალასავით გავწითლდი, უკვე მოგვეხერხებინა ხალხის ყურადღების მიპყრობა, ყველა ჩვენ გვიყურებდა.
- აქ საამისო ადგილი არ არის, -გიომ ხელი ჩაავლო და ლამის ძალით გაათრია გარეთ, უცნობთან ერთად მყოფი ორი ბიჭიც წამოდგა და მათ გაყვა, ხელებში თავჩარგული ვიჯექი ვცახცახებდი და ვერაფრით ვახერხებდი იმ სიტყვების გაანალიზებას რაც მოვისმინე.
- კარგად ხარ ჰანა, -ანა და ნათია აქეთ-იქიდან მომიჯდნენ და მომეხვიენ, ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლოთ ასე მშვიდად ყოფნა, ახლა გარეთ შეიძლება ბიჭები ჩხუბობდნენ.
- გიო და ზუკა, ისინი... კარგად იქნებიან? -თავი ავწიე, კისერი წავიგრძელე და შევეცადე მინის იქით დამენახა რა ხდებოდა გარეთ.
- დამშვიდდი, თავს მიხედავენ, თუ ჩხუბზე მიდგა საქმე იმათმა იდარდონ, -ნათიამ ისეთი მშვიდი სახით მითხრა მივხვდი რომ ბიჭებზე არ უნდა მედარდა, ახლაღა მივაქციე ყურადღება ჩვენს გარშემო მყოფ ხალხს, მომეჩვენა რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა, თვალს არ მაშორებდნენ, მინდოდა ახლა აქ ზუსტად ჩემს წინ მიწა გაპოპილიყო და შიგ ჩავეტანე...
- წავიდეთ რა, -საწყალობელი სახით შევხედე ანას, არაფერი უთქვამს წამოდგა და კარისკენ წავედით, კართან შევხვდით ზუკას და გიოს.
- უკვე მივდივართ? -გიომ მხარზე ხელი მომხვია და მეორე ხელით სიცილ-სიცილით დაიწყო ჩემი თმის წვალება, -იცი რომ ძალიან ლამაზი თმა გაქვს წითურო?
- მაპატიეთ რა, -ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე და ყველანაირად ვეცადე რომ არ ავტირებულიყავი.
- რა გაპატიოთ? -ღიმილით მომიბრუნდა ზუკა, -თუ იმ არანორმალურს გულისხმობ მაგაზე შეგიძლია არ იფიქრო, მე და გიო მშვენივრად გავერთეთ, -გიოს თვალი ჩაუკრა და ავტომობილის კარი გამიღო და თეატრალური მანერით დამიკრა თავი, -დაბრძანდით ქალბატონო, დღეს თქვენი მძღოლი მე ვიქნები.

იმდენი ქნეს სახლში მისვლამდე სულ დამავიწყეს რაც მოხდა სიცილ კისკისით გადმოვედით მანქანიდან, ნათიაც გადმოგვყვა.
- შეიძლება რომ დღეს მეც თქვენთან დავრჩე? -საყვარლად ამიფახუნა თვალები, თავი საშინლად ვიგრძენი როცა ვერაფერი ვუპასუხე, ანას გადავხედე.
- ეს შენი სახლია ჰანა და არა ჩემი, -მხრები აიჩეჩა ანამ, მართალი იყო, ეს სახლი მე მეკუთვნოდა და სრული უფლება მქონდა ვინც მინდოდა ის დამეპატიჟებინა, ანას თავი დავუქნი თანხმობის ნიშნად, გახარებული მეცა და ჩამეხუტა.
- იცოდე თუ რამე დაგჭირდება ყოველთვის შეგიძლია ჩვენი იმედი გქონდეს, -ღიმილით დამემშვიდობნენ ბიჭები, იმ ერთ უსიამოვნო ინციდენტს თუ არ ჩავთვლით დღემ მშვენივრად ჩაიარა, პირველად ვგრძნობდი რას ნიშნავს იყო ცოცხალი და ბედნიერი...

- ნეტავ ის კაცი ვინ იყო? -ანამ ყავის ჭიქები ჩამოგვირიგა და ჩვენს გვერდით მოკალათდა დივანზე, -საინტერესოა რა უნდოდა შენგან.
- ბიჭებს უნდა ჩავუტაროთ დაკითხვა, წინადადება წამოაყენა ნათიამ, -გარეთ რომ გაიყვანეს აუცილებლად ეტყოდათ მაშინ რამეს უბრალოდ ჩვენ არ გვეუბნებიან.
- ხომ იცი რომ მაგათ თუ არ უნდათ ვერაფერს ათქმევინებ, -ხელი ჩაიქნია ანამ, -ისე შენ რას ფიქრობ ჰანა, ვინ შეიძლება რომ ყოფილიყო?
- წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო, -უსიამოვნოდ შემეჭმუხნა სახე როცა მისი ბრალდებები გამახსენდა, -არ ვიცი ვინ იყო, პირველად დავინახე არადა დათოს სიკვდილში მე დამადანაშაულა...
- შენ რა შუაში ხარ, ანასგან ვიცი რომ ავტოავარიაში დაიღუპა, -ნათიამ თავით ანიშნა ანას ტელეფონზე გირეკავენო, მანაც ტელეფონს დახედა და გაკვირვებულმა აზიდა წარბი, უპასუხა და სამზარეულოში გავიდა რომ ჩვენთვის საუბარში ხელი არ შეეშალა, ორ წუთში შემოვარდა მისაღებში გახარებული.
- ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა, დღეს ნამდვილად გვიმართლებს, -გახარებული ყვიროდა და ერთ ადგილზე ხტუნაობდა.
- რა მოხდა? -ერთდროულად ვიკითხეთ მე და ნათიამ.
- ის ფართი ხომ გახსოვთ კაფისთვის რომ შევარჩიეთ და მისი მფლობელის თანაშემწეს შევუთანხმდით რომ დღეს უნდა გვენახა, ახლახანს დამირეკეს...
- მერე? -ვეღარ მოვითმინე, აშკარად რაღაც ძალიან კარგი უნდა მომხდარიყო რაკი ანა ასეთ დღეში იყო.
- ჰოდა იმ თანაშემწემ დაგვირეკა, უფროსისთვის გადაუცია რომ შენ გინდოდა მისი ფართის ქირაობა მას კი შენი სახელი და გვარი გაუგია თუ არა უბრძანებია ქირა გაუნახევრეთო, ის კი არადა ორ საათში ფართთან დაგვხვდება, თვითონ უნდა რომ დაგათვალიერებინოს.
- სერიოზულად? -პირდაღებული ვუყურებდი ანას, ფართი მართლაც ძალიან კარგ ადგილზე იყო და ქირის განახევრება ცოტა არ იყოს არარეალური მეჩვენებოდა.
- ჰო სერიოზულად თანაც თანაშემწემ მითხრა ასეთ საქმეებში უფროსი თვითონ არასდროს არ ერევა ახლა რა დაემართა ვერ გამიგიაო.
- ვითომ რატომ არ ერევა არ ეკადრება? -უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი ნათიამ.
- იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ყოფილა, უზარმაზარ კომპანიას მართავს თურმე.
- არ გეჩვენება რომ მაგ თანაშემწეს ნამეტანი გრძელი ენა აქვს?
- ეგ რაღა შუაშია?
- ნათიას ვეთანხმები, შენ რატომ გიყვება ასეთ რაღაცეებს? და საერთოდაც არ მომწონს ეს ყველაფერი, ძალიან საეჭვოა.
- კარგი რა ჰანა, ახლა რაღაც უაზრო ეჭვების გამო არ გააფუჭო ყველაფერი, ის ადგილი ზუსტად ის არის რაც გვჭირდება, შეხვედრაზე უნდა წახვიდე, თანაც არაფერს არ კარგავ, მიხვალ, დაელაპარაკები, თუ რაღაც არ მოგეწონება უარს იტყვი, უკან წამოხვალ და ეგ იქნება.
ანა მართალი იყო, ბოლოს და ბოლოს იმით რომ ფართის მეპატრონეს დავლაპარაკებოდი არაფერს ვკარგავდი, იქნებ და არ იყო ეს წინადადება ხეელიდან გასაშვები, ჩემი კაფე მექნებოდა, ჩემი საქმე...
- რას ფიქრობ ამდენს? -ანამ ცხვირწინ გამიქნია ხელი.
- წავალ ოღონდ მარტო წასვლა არ მინდა, -ამოვიოხრე და გოგონებს გადავხედე, შეხვედრაზე წამომყვებით?
- სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ, არ ველოდი რომ დღეს დარეკავდნენ და სხვა რაღაც მაქვს დაგეგმილი.
- ვერც მე ვერ წამოვალ ბოდიში, ის კი არადა ამაღამ აქ ვერ დავრჩები, -ნათიამ ახლახანს მიღებული შეტყობინება გვაჩვენა, -ბებიას ისევ წნევამ აუწია და დედაც არ არის სახლში, უნდა წავიდე.
- მე გაგიყვან, -ანამ გასაღები აიღო და გასასვლელისკენ გაუძღვა ნათიას, ისევ მარტო დავრჩი, საათს შევხედე, თითქმის ორი საათი მქონდა იმისთვის რომ ცოტა დამესვენა და ადამიანს დავმსგავსებოდი სანამ შეხვედრაზე წავიდოდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent