შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი ფოსტით (თავი 1)


24-12-2022, 13:10
ავტორი კი პრი
ნანახია 1 304

ინფექციური საავადმყოფოს თეთრი დერეფანი უკაცრიელი ჩანდა. იდეალურ სიჩუმეს შიგადაშიგ პალატებიდან გამოსული კვნესის ხმა არღვევდა. დერეფნის ბოლოს გამჭვირვალე კარებს მიღმა შუა ასაკის ჭაღარათმიანი მამაკაცი რაღაცას უხსნიდა აცრემლებულ ქალს. კაცმა მხარზე ხელი მოხვია მსმენელს და კიბეებისკენ უბიძგა. ბოლომდე ჩააცილა და გულდამძიმებული ამობრუნდა მეორე სართულზე. დერეფანს გაუყვა და თავისი კაბინეტის კარები შეაღო. მომცრო ოთახში მქრქალ განათებაზე ძლივს მიაღწია სავარძლამდე და მოწყვეტით ჩააეშვა შიგ.ის ის იყო თვალები მილულა და რამდენიმე წუთით წათვლემა დააპირა, რომ ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენთ, - უპასუხა ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ექიმმა. იცოდა რომ წინ მძიმე ღამე ელოდა. იმედი ქონდა რამდენიმე წუთს მაინც დაასვენებდა სხეულს. ასაკი თავისას შვებოდა, გულმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დროს მისცა ყვითელი ბარათი, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება. ახლა უკვე წითელ ბარათს უჩვენებდა. მკერდზე ხელი მიიჭირა კაცმა. იმ ავადმყოფთან უხმობდნენ, რომელზეც ყველაზე მეტად წუხდა, არ უნდოდა თავისი საყვარელი სტუდენტისთვის ეთქვა, რომ მამამისი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. თუმცა ანასტასია კახიძე თავადაც ხვდებოდა ამას და მხოლოდ იმედს ებღაუჭებოდა.
პალატაში შესულ ექიმ ალექსანდრეს ახალგაზრდა მორიგე ექიმი დახვდა. სასუნთქ აპარატზე შეერთებულ ავადმყოფს თავზე დადგომოდა და გულ-მკერდს უსინჯავდა.
-მარიამ გენაცვალე, რა ხდება?
ხანში შესულმა ექიმმა მხარზე ხელი შეახო თავისივე აღზრდილს.
-ბატონო ალექსანდრე ცუდადაა საქმე. გულის უკმარისობა და სანათურების აშრევება დაეწყო. შინაგან ორგანოებს სისხლი აღარ მიეწოდება. თირკმელები მწყობრიდან გამოვიდა.
-ქიმიოთერაპიას არ ექვემდებარება?
-აღარც ანტიბიოტიკებს ბატონო ალექსანდრე. ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ უკვე იმედი აღარ არის.
-იბრძოლე და აბრძოლე მარიამ. უიმედობა არ მისწავლებია მე შენთვის. - შეუბღვირა ალექსანდრემ ახალგაზრდა ექიმს.
მარიამმა თავი დაუქნია, ეწყინა გამზრდელის საყვედური. ისევ პაციენტს მიუბრუნდა, რომლის სიცოცხლისთვის უკვე სამი დღე-ღამეა იბრძოდა.
-ანასტასიას დაურეკე, შეიძლება უნდოდეს მამის ნახვა - გადაულაპარაკა ექიმს ალექსანდრემ და ისევ ავადმყოფზე მიერთებულ აპარატს მიუბრუნდა.
-მაინც ვერ გავიგე ამ კაცს ანთრაქსის ფილტვის ფორმა საიდან დაემართა. მანქანასა და კაბინეტს შორის დადიოდა, ცხოველები მარტო National Geografic - ზე ეყოლება ნანახი. იმასაც თუ უყურებდა - თავისთვის ლაპარაკობდა ექიმი - თან სწრაფად წავიდა პროცესი, რაღაც არ ჯდება ლოგიკაში.
2 თავი
ალექსანდრემ კაბინეტთან ჟღალი, გაჩეჩილი თმა დაინახა და გული შეუფართხალდა. ანასტასიას დანახვა სიცოცხლეს უხალისებდა ექიმს. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ამ პატარა, კაფანდარა ქალბატონს. გოგო რომ ყოლოდა, ამაზე უკეთესს ვერ ინატრებდა. ახლა მის ანას თვალები ჩაქრობოდა. აღარ დახტოდა ჭინკები მის ცისფერ გუგებზე. ისედაც გამხდარი გოგონა უფრო დასუსტებული ეჩვენა დიდი ზომის ტანსაცმელში. მამის სიკვდილმა და დასაფლავებამ გაანახევრა ანასტასია. ალექსანდრეს გულმა მოუჭირა. მკერდზე მიიდო ხელი. გოგონას კაბინეტის კარები უსიტყვოდ გაუღო და წინ გაატარა.
-არ მომწონხარ ანა, რამე გტკივა? - თავისი სავარძელი დაიკავა ექიმმა და ისე შეათვალიერა სტუმარი.
-არა, კარგად ვარ ბატონო ალექსანდრე, თქვენი ნახვა მინდოდა - თავი ჩაღუნა გოგონამ.
-რაო ქალბატონო ანასტასია, საავადმყოფოში დაბრუნება გინდა? ჩვენ მზად ვართ შენს მისაღებად. - ხელები გაშალა ექიმმა.
-არა, ბატონო ალექსანდრე, პირიქით, აკადემიური წლის აღება მინდა და თქვენი დახმარება მჭირდება.
-რაო? - ფეხზე წამოდგა კაცი, მაგრამ მკერდში ტკივილი იგრძნო და ისევ სავარძელში ჩაიკეცა - ბოლო კურსიდან აპირებ უნივერსიტეტის მიტოვებას? იმ საავადმყოფოს მიტოვებას, სადაც შენი ადგილი უკვე დამკვიდრებული გაქვს? შენს ოცნებაზე უარის თქმას აპირებ? - არ ცხრებოდა ექიმი და თან მკერდზე ხელს იჭერდა. ანასტასია უთქმელად ადგა, თაროდან წამლის პატარა კოლოფი აიღო და ალექსანდრეს მიაწოდა.
-ბატონო ალექსანდრე, მამაჩემმა ძალიან ბევრი არეული საქმე დატოვა, თავი უნდა მოვუყარო. დედაჩემის ატანა აღარ შემიძლია. მხოლოდ რამდენიმე თვე მჭირდება - წყნარად თქვა გოგონამ და უზარმაზარი ქურთუკი გაიხადა, რომელშიც ალბათ მისი ზომის, კიდევ სამი ადამიანი ჩაეტეოდა.
მთელ საავადმყოფოში გარჩევის საგნად იყო ქცეული ანასტასიას ჩაცმულობა, მისი ორმაგად დიდი ზომის ტანსაცმელი, მუდმივად გაწეწილი თმა და დიდი სათვალე. ალექსანდრეს აქამდე ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის, ახლა კი გოგონას ფარფატა სხეული თვალში მოხვდა. მისი ანას თავს რაღაც ხდებოდა და ექიმს არც კითხვა შეეძლო და არც დახმარება.
-ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, მამაჩემს საიდან შეიძლება ქონოდა ციმბირის წყლული?-გოგონა იმ საკითხს შეეხო, რომელიც ექიმს ვახტანგ კახიძის მასთან მიყვანის წუთიდან აწუხებდა.
-ანა, ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა, ასე ადვილად არ ემართება ადამიანს. ეს რომ კანის ფორმა იყოს, ვიფიქრებდი, რომ სადღაც დაავადებულ ცხოველს მოეფერა, ან ინფიცირებულ ხორცთან ქონდა შეხება, მაგრამ ფილტვისმიერი ფორმა იშვიათია.
ექიმი ფიქრებში წავიდა. მერე უცებ გამოფხიზლდა.
-მაგრამ ფაქტია შვილო, ამ საზიზღარმა დაავადებამ იმსხვერპლა მამაშენი. რა საქმეებია ანა ასეთი, შევძლებ შენს დახმარებას? - მიუბრუნდა ექიმი გოგონას. მკერდში სპაზმს აღარ გრძნობდა და მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანა, როგორმე სწრაფად მოეგვარებინა ანასტასიას პრობლემები, რომ რაც შეიძლება მალე დაებრუნებინა საავადმყოფოში თავისი ჟღალი გოგო.
-დედაჩემს წარმოდგენა არ აქვს მამაჩემის ბიზნესზე. არც არასდროს გაეგებოდა რამე - ამოიოხრა ანამ და სავარძელში მოიკუნტა. -არასდროს უკითხავს საიდან მოდიოდა ამდენი ფული, რა ხდებოდა მამას ტურისტულ სააგენტოში. ყოველთვის უნდოდა, რომ მე ბიზნესის მართვა მესწავლა, ისეთი ქმარი მეპოვნა ვისთან ერთადაც მამის ბიზნესში ჩავერთვებოდი. ჩვენი ომი მაშინ დაიწყო, როცა მე ექიმობა გადავწყვიტე.
-მაგ ამბისთვის მომიკრავს ყური - უხერხულად შეიშმუშნა ალექსანდრე.
-ჩაიზე მოყოლილი ამბებია? - გაეღიმა ანას.
- დედაშენი - ქალბატონი ინგა, ჩემი ცოლი, მაგათი მეზობლები და კიდევ ვინ აღარ განიხილავდა ამ საკითხს ერთი-ორჯერ, ისე ზოგადად - დეტალებზე საუბარი აღარ გააგრძელა კაცმა. ერთი-ორჯერ უხეშადაც მოუწია ქალბატონი ინგას მოგერიება, როცა თხოვდა, რომ მისი შვილი საავადმყოფოდან გამოეშვა და დაერწმუნებინა, რომ მისგან კარგ ექიმზე უფრო კარგი „ბიზნეს ლედი“ დადგებოდა. რა თქმა უნდა ალექსანდრეს ცოლი და სიდედრიც მხარს უბამდნენ ინგას. ეს ძველი თბილისელების შთამომავლები თავს არავის უყადრებდნენ. ხოხბის შვილიშვილის შვილიშვილები ტონობით სვამდნენ იმ ადუღებულ წყლისგან მომზადებულ ჩაის, რომელშიც მათი წინაპარი ჩაიხრჩო და ნერვებს უშლიდნენ მოქმედ და მომავალ ექიმებს.
-ხოდა ახლა - ფიქრებიდან გამოიყვანა ალექსანდრე ანასტასიამ ხმამ - აღარ შემიძლია მისი გაძლება. მამას ბიზნესი უნდა გადმოვიბარო, გავერკვე რაღაცებში. მერე ვინმე სანდოს ჩავაბარო. ეს ყველაფერი თუ არ გავაკეთე, დედაჩემს ჩაის და ფრანგული სუნამოს ფული მოაკლდება და ან მე მომკლავს და ან თავს მოიკლავს.
-კარგი დაწყნარდი, - მხარზე ხელი მოხვია უფროსმა ექიმმა უმცროსს და გაწეწილ თმაზე ტუჩები შეახო. - ასე ვქნათ, ჯერ ომართან წახვალ, თერაპევტთან და გაესინჯები. გაპროტესტება არ გაბედო. - ხმას აუწია კაცმა, როცა მიხვდა, რომ გოგონა შეწინააღმდეგებას აპირებდა. - მე ახლავე დავრეკავ ომართან. ვეტყვი გაგსინჯოს და წამლები გამოგიწეროს. რას დაემსგავსე თუ ჩაგიხედავს სარკეში? მამა მეც მომიკვდა, დედაც. სხვასაც მოკვდომია, მაგრამ საფლავებში კი არ მივყვებით. მარტო ლანდი დარჩი და ეგ გაჩეჩილი თმა.
ფიქრებში წავიდა ექიმი.
- მოკლედ ამ საღამოს მე ვიღაც- ვიღაცებს შევაწუხებ. დანარჩენს მერე მივხედოთ. მე და შენ კარგი გუნდი ვართ და შენ ჩემი ადგილი უნდა დაიკავო. აბა ჩემმა ბედოვლათმა შვილმა ადვოკატობა მოინდომა და ირბინოს ახლა დღე და ღამე გაუთავებლად და სდიოს ამდენ დამნაშავეს. - ალექსანდრე სახეზე წამოჭარხლდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ჯერ კიდევ ვერ მოინელა ექიმმა, ქალბატონი ინგასავით წივილ-კივილი არ დაუწყია და შვილს ყოველთვის მხარს უჭერდა. ანას არ უყვარდა ალექსანდრეს შვილი, არც დედას დაყვებოდა ექიმის ოჯახში ჩაის დასალევად. ერთი-ორჯერ თუ მაინც წაყვა ამ საძულველ ტრადიციაზე, ამაშუკელების ერთადერთმა მემკვიდრემ მისი წითელი თმის გამო სასაცილოდ აიგდო.
ექიმს თვითონვე გაეღიმა ანას თმის ხსენებაზე. ტელეფონი აიღო და თავის მეგობარსა და კოლეგა ომარს დიდი ხანი უხსნიდა, რა წამლები და ვიტამინები უნდა მიეცა ანასთვის.
3 თავი
ანასტასიას თავზე დაათენდა, მხოლოდ გამთენიას მოხუჭა თვალი. ახლა ლოგინიდან წამოდგომაზე ფიქრიც კი არ უნდოდა. სახლში ხმაური ისმოდა, დედამისის, ქალბატონი ინგას, გარდა არავინ უნდა ყოფილიყო. ორი წუთიც არ გასულა, რომ ქალბატონი დოდოს წიკვინა ხმა მოესმა და ზუსტად წარმოიდგინა რა ხდებოდა მის სამზარეულოში. საძინებლის კარი ოდნავ გაიღო და ისევ მიიხურა. ანამ თვალები დახუჭა. ინგა უკვე მის კარადასთან იდგა და რაღაცას გამალებით ეძებდა.
-სტუმრები გვყავს დედა? - რაც შეიძლებოდა წყნარი ხმით თქვა ანამ.
- დოდო დეიდაა მოსული თავის მეგობართან ერთად - გაიღიმა ინგამ და ისევ კარადას მიუბრუნდა.
- მერე შენ რას აკეთებ აქ? წადი სტუმრებს მიხედე. - მხარი იცვალა საწოლში გოგონამ.
-წესიერ ჩასაცმელს ვარჩევ შენთვის. რომ ადგები რაც ხელში მოგხვდება ის არ ჩაიცვა, მაგრამ ყველა ერთნაირი საზიზღრობაა - დაიჯღანა ინგა და კარადიდან გადმოყრილ ტანსაცმელს ხელი მოხვია. - ერთ დღეს ავდგები და ამათ დავწვავ. მერე ხომ იყიდი ნორმალურს.
ქალს ისტერიკა ეწყებოდა. ერთი და იგივე ტექსტი ანასტასიას უკვე მილიონჯერ ქონდა მოსმენილი, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. არც დედა წვავდა ტანსაცმელს და არც ანა ცვლიდა ჩაცმის სტილს. ინგას რცხვენოდა თავისი ერთადერთი შვილის „ფეთხუმობის“, როგორც თვითონ ეძახდა ხოლმე. ახლა წივილ-კივილის დრო არ იყო, სტუმრები ელოდნენ, ამიტომ სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა და მეგობრებს მიუბრუნდა.
-ანასტასია მალე შემოგვიერთდება - გაუღიმა ქალებს და სიგარეტს მოუკიდა.
-როგორ გაიზარდა ჩვენი ანასტასია, ექიმობა უნდა. როგორ მახსოვს ლამაზი კაბებით რომ დაგვყავდა და თავზე კიკინები ეკეთა - მოგონებებში ჩაიძირა დოდო. ამ ქალს მუდმივად წითელი პომადა ესვა ტუჩებზე და კბილებზე გადადიოდა. რაზეც ანასტასიას ეცინებოდა და დედის წყრომას ვერ აცდებოდა ხოლმე.
-მე არ მინდოდა მაგის ექიმობა ნინო - მეორე გაპრანჭულ სტუმარს მიმართა ინგამ - მინდოდა ბიზნესი ესწავლა, მამას გვერდით დადგომოდა. აი ახლა ხომ ხედავ, მოულოდნელად დავიღუპეთ და საქმის გამგრძელებელი არავინაა. - თავი ჩაღუნა ინგამ და თეთრ მაქმანიანი ცხვირსახოცით ამოიწმინდა ცრემლები.
-შენ არ ინერვიულო დედა, მივხედავ მე მამის საქმეებს. - კარებში გაჩეჩილი თმით და დიდი სათვალით ანასტასია იდგა და იღიმებოდა.
ინგამ თავი აწია რაღაცის სათქმელად, მაგრამ სახე გაუშეშდა, ანას „მიკი მაუსიანი“ საღამურების დანახვაზე.
-დოდო დეიდა როგორ ბრძანდებით? - მოიკითხა ქალი ანამ და სამზარეულოში ფეხშიშველი შეტყაპუნდა.
-ეს ნინოა, ჩემი დეიდაშვილი - გააცნო დოდომ მეორე სტუმარი - ისე აინტერესებდა შენი გაცნობა, იმდენს ველაპარაკებოდი შენზე, ისიც და მისი შვილიც ძალიან დაინტერესდნენ.
ანასტასია გაღიმებული უყურებდა ნინოს, მაგრამ თანდათან ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც საჭიროა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ნინო, მე ყავას დავისხამ და გავალ - თავის დაძვრენა სცადა ანამ.
-ყავას არ უნდა სვამდე დილაადრიან, ჩაი არსებობს - სასწრაფოდ გააპროტესტა შვილის იდეა ინგამ - ჯერ წადი და ჩაიცვი. ლამაზად და კოხტად - ბოლოს სიტყვებს ხაზი გაუსვა ქალმა.
ანა ხმის ამოუღებლად გაბრუნდა კარისკეს, მადაც დაეკარგა და სამეულთან დარჩენის სურვილიც.
-ლამაზი გოგოა, მაგრამ ამხელა ქალს ასე ჩაცმა არ ეკადრება - დაეწია ანას დოდოს ხმა.
- გახდება ჩემი რძალი და მერე ჩაიცმევს ისე როგორც საჭიროა, ჩემი გიორგი კარგად მოუჭერს ხელს - გამოეპასუხა ნინო.
-ღმერთმა ქნას - დაეთანხმა ინგა და კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ გოგონას აღარ გაუგონია. უკვე მამას კაბინეტში იდგა და მაგიდას დაჩერებოდა.
კაბინეტში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ზუსტად ისე, როგორც ვახტანგმა დატოვა. გადაშლილი საქაღალდე, მიმობნეული კალმები და ძირს დაყრილი ფურცლები. ეს არეულობა კაცისთვის წესრიგი იყო, ზუსტად იცოდა რა სად იდო და რატომ.
კაბინეტის კარები ოდნავ შეიღო და შავი სველი ცხვირი გამოჩნდა.
-შემოდი ტაისონ - შეიპატიჟა უზარმაზარი პიტბული ანამ.
ძაღლმა ნებართვა მიიღო და ორ ნაბიჯში გოგონასთან გაჩნდა, დაეტაკა და ძირს დააგდო. ლოკავდა და ფეხზე წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა. მთელი სახლის პატრონი იყო ტაისონი, მხოლოდ ამ ოთახში შემოსვლა ეკრძალებოდა, რადგან დალაგებულ ქაოსს თავდაყირა აყენებდა. ამ ულამაზეს და უჭკვიანეს ცხოველს ქალბატონი ინგა ვერ იტანდა. მუდმივად ეჭვიანობდა მამა-შვილის და ძაღლის სიყვარულზე. თავის სამეგობროში თავს იწონებდა ულამაზესი პიტბულით და მხოლოდ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც აჩერებდა სახლში.
-ტაისონ აქ დაჯექი - მიუთითა ფანჯარასთან მდგომ სავარძელზე ძაღლს ანამ. ისიც წყნარად ახტა მითითებულ ადგილზე, თავი რბილი სავარძლის სახელურზე ჩამოდო და გარეთ ყურება დაიწყო.
-ჩემი ჭკვიანი კაცუნა - მოეფერა გოგონა და შავ დრუნჩზე აკოცა. ტაისონმა ჭკვიანი თვალები მიანათა და საპასუხოდ სახე აულოკა.
ანასტასიამ ძირს მიმობნეული ქაღალდები აკრიბა, მაგიდაზე დააწყო. ხელი გადაუსვა მამის ნაწერს. გათიშული მობილური ტელეფონი იქვე იდო. პირველ რიგში მისი ბატარეის დამუხტვა და ზარების შემოწმება უნდოდა. ვახტანგის მარჯვენა ხელის, ივანე მახარაძის ნომერი აინტერესებდა ანას, მასთან საუბრით ბევრ რამეს გაიგებდა.
ანასტასიას არასდროს მოსწონდა ივანე, თვლიდა, რომ მლიქვნელი და მატყუარა იყო. ის ოჯახის მეგობრად არ ითვლებოდა, სახლში იშვიათად მოდიოდა, მაგრამ ქალბატონ ინგას ძალიან მოსწონდა. ალბათ იმიტომ რომ ვახტანგსა და ანასგან განსხვავებით, ჩაიზე დაეწვეოდა ხოლმე ოჯახის დიასახლისს და ერთად თბილისურ ჭორ-მართალს განიხილავდნენ. ივანემ ყველაზე კარგად იცოდა ვახტანგის ბიზნესის ამბები. ეს გაიძვერა კაცი არც იმაზე იტყოდა უარს, აწყობილი საქმე თავისთვის დაეტოვებინა და კახიძეების ოჯახი მშრალზე დარჩებოდა.
სამზარეულოდან თავშეუკავებელი სიცილ-კისკისი მოესმა. კახიძის ქვრივი და მისი მეგობრები ალბათ რომელიმე საერო ნაცნობს დასცინოდნენ. ანას პატარაობიდან გაუჩნდა ეჭვი, რომ ინგა დედამისი არ იყო, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იმდენად ემსგავსებოდა მას, რომ, ეჭვის შეტანა შეუძლებელი ხდებოდა. ამ მსგავსების გამო ყოველთვის ცდილობდა დედამისისგან განსხვავებულად ჩაეცვა, მოქცეულიყო და ხშირად თავისი სურვილების წინააღმდეგაც წასულიყო.
ანამ მამამისის სავარძელი დაიკავა. ვახტანგის სურნელი ჯერ კიდევ შერჩენოდა ნივთებს. კედელზე დიდი სურათი იწონებდა თავს. მის გვერდით ჩამოკიდებული გობელენის უკან მცირე ზომის ტელევიზორი მიმალულიყო. აქ ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ სიმშვიდეში დასვენება შეძლებოდა პატრონს. ფანჯარასთან ახლოს მუხის დიდი სამუშაო მაგიდა იდგა, რომელზეც ვახტანგი ხუმრობდა: „ ეს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის საპრეზიდენტო მაგიდის ამალოგია და უამრავი უჯრა აქვსო“. ანას აქამდე არ უფიქრია, რომ ეს ნათქვამი მართალი შეიძლება ყოფილიყო. მამამისის არასდროს არაფერს კეტავდა. შუა ქუჩაში მდგომ მანქანასაც კი ბევრჯერ ღიას ტოვებდა. ახლა კი ანას მაგიდის ბოლო უჯრა დაკეტილი დახვდა. ყველაზე პატარა გასაღები მორაგო, საკეტი გადაატრიალა და უჯრა მექანიკურად ამოსრიალდა ანჯამებიდან. ფსკერი იმდენად ღრმა არ გამოდგა, რასაც ელოდა. დიდხანს ათვალიერა შიგნით-გარედან. მასში ჩაწყობილი ქაღალდებიც ასჯერ გადაქექა, მაგრამ საეჭვო და ჩასაკეტი ვერაფერი იპოვა. კიდეებ მიყვა და თანმიმდევრულად დააწვა კუთხეებს. „ტკაც“ და ფსკერის ძირი ზევით აიწია. საკმაოდ ღრმა უჯრაში ათეულობით წითელი პასპორტი ანათებდა. ანასტასიამ გაოგნებული სახით ამოაწყო საბუთები. სულ ახალი, გადაუშლელი ლიეტუის და პოლონეთის პასპორტებიდან ქართული სახელ-გვარები იწონებდა თავს. ბევრი ფიქრი არ ჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ყველა ყალბი იყო.
რამდენიმე წამი ანა იატაკზე იჯდა და წითელ წიგნაკებს დასჩერებოდა. მერე კედლებს მოავლო თვალი. კედელზე, ანასტასიას სურათის უკან, ვახტანგს სეიფი ქონდა გაკეთებული, მაგრამ გოგონას შიგნით არასდროს შეუხედავს. ქალბატონი ინგა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქმარს თავის ბრილიანტებს არასდროს ანდობდა და მას ცალკე საცავი ქონდა. ანასტასიამ ისიც არ იცოდა დანამდვილებით, დედამისს მართლა ქონდა თუ არა ბრილიანტები, მაგრამ რომც ქონოდა, არც ეს იქნებოდა გასაკვირი.
გოგონამ თავისი დაბადების რიცხვი აკრიბა თუ არა, საკეტის ტკაცანი გაისმა. მანქანაში ნაპოვნი გასაღებებიდან ერთ- ერთმა კარებიც გააღო.
სეიფში რამდენიმე შეკვრა ას ევროიანი იწონებდა თავს. ალბათ სულ რამდენიმე ათასი. მათ ქვეშ ოდნავ მოჩანდა ბანკიდან გამოტანილი გაუხსნელი კონვერტი ანას სახელზე. ანამ ქაღალდი დაუდევრად გადახია და ბანკის ბარათთან ერთად პინ კოდის ფურცელი გადმოვარდა. მამამისმა ისე შეუკვეთა ბანკის ანგარიში, რომ მას წარმოდგენაც არ ქონდა. ფანჯარასთან მჯდომ ტაისონს გახედა. ბარათი იქვე მაგიდაზე დადო და ძაღლს მიუჯდა.
-დღეს ძალიან ბევრი ახალი რამე აღმოვაჩინეთ ტაისონ. - თავზე ხელი გადაუსვა გოგონამ მეგობარს. ძაღლმა თავისი ჭკვიანი თვალები მიანათა და ყურები მაღლა აწკიპა. - ყალბი პასპორტები, ანგარიში ჩემს სახელზე, საინტერესოა კიდევ რას ველოდები? მოდი ეს ყველაფერი ბატონ ალექსანდრეს წავუღოთ, იქნებ რამე გვირჩიოს.
სამზარეულოდან ისევ ხმაური ისმოდა. მორიგ ჭორ-მართალს განიხილავდნენ ქალბატონი ინგა და მისი მეგობრები. ანამ ფეხაკრებით გაიარა მისაღები ოთახი და საძინებელში მიიმალა.



№1  offline წევრი დარინა

შენი გამოჩენა გამიხარდა წინა ისტორია ძალიან მომწონს და ახლით გელოდებოდი, საინტერესოდ დაიწყო და ველოდები შემდეგ თავს, ვნახოთ ანადტასია როგორ გაუმკლავდება იმას რაც წინ ელოდება.

 


№2 სტუმარი Tia

Kargiaa momewona magram es dedamtili vitom tuvincaa radebili vigaca uzrdeli urchevnia imas mixedos debili roa vidre sxvis chacmas da kide aset qalebs shvilebze aserolaparakoben da rogoniat coliise unda atrialon rogorc undat rogor vervitan ertmaneti unda uyvardet cols da qmars da araa samsaxuris ufrosivit iyos qmari da gibrdzanos raagaketo tuarmoswont rasac aketeben rasmoyavt colat aqamde churshiijdnen aset qalebs vervitan da verxvdebian ro sasacilot igdeben tavebs da yvelas ezizgebat neta aseti shemxvdes cxovrebashi asetiadmiani tmebs gadavaglej Dzaan mominda amis drawers ukacravat visac es arexeba

 


№3  offline წევრი კი პრი

Tia
Kargiaa momewona magram es dedamtili vitom tuvincaa radebili vigaca uzrdeli urchevnia imas mixedos debili roa vidre sxvis chacmas da kide aset qalebs shvilebze aserolaparakoben da rogoniat coliise unda atrialon rogorc undat rogor vervitan ertmaneti unda uyvardet cols da qmars da araa samsaxuris ufrosivit iyos qmari da gibrdzanos raagaketo tuarmoswont rasac aketeben rasmoyavt colat aqamde churshiijdnen aset qalebs vervitan da verxvdebian ro sasacilot igdeben tavebs da yvelas ezizgebat neta aseti shemxvdes cxovrebashi asetiadmiani tmebs gadavaglej Dzaan mominda amis drawers ukacravat visac es arexeba

ძალიან მიხარია თქვენი კომენტარი.ზუსტად ის გრძნობა გამოვიწვიე თქვენში, რაც ცაფიქრებული მქონდა. დიდხანს არ გალოდინებთ. ხვალ შემდეგ თავს დავდებ. ზალიან გამეხარდება თუ თქვენს ვარაუდს გამიზიარებთ, რა მოხდება შემდეგ.მადლობა კიდევ ერთხელ

დარინა
შენი გამოჩენა გამიხარდა წინა ისტორია ძალიან მომწონს და ახლით გელოდებოდი, საინტერესოდ დაიწყო და ველოდები შემდეგ თავს, ვნახოთ ანადტასია როგორ გაუმკლავდება იმას რაც წინ ელოდება.

ძალიან მიხარია თქვენი კომენტარი. დიდი მადლობა რომ გახსოვართ. ხვალ გაგრძელებას დავამატებ. დიდი მადლობა რომ კითხულობთ

 


№4 სტუმარი Tia

Es grdznoba didi xania maqvs aseti admianebis mimart da kidev vicnob bevrs visa asetive grdznoba aqvs mat mimart, es gogo kidev sayvarelia davelodebi aucileblad shemdeg nawils ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent