სიკვდილი ფოსტით (თავი 2)
4 თავი ექიმ ალექსანდრე ამაშუკელს კაბინეტთან რამდენიმე კაცი უცდიდა. ანასტასიას გამოჩენისთანავე ახალგაზრდა ექთანი გამოვიდა, გოგონას ხელი მოკიდა და ცარიელ პალატაში შეიყვანა. რამდენიმე წუთში გულზე ხელმიჭერილი ექიმი გამოჩნდა. -ანა შვილო, კარგად ხარ? რომ დამირეკე შემეშინდა. - აქოშინებული ალექსანდრე იქვე საავადმყოფოს საწილზე ჩამოჯდა. -ბატონო ალექსანდრე, აი რა ვიპოვნე. ანამ ჩანთა ამოატრიალა და წითელი პასპორტები ფეხებთან დაუყარა ექიმს - და კიდევ აი ეს - ბანკიდან გამოგზავნილი კონვერტი მიაწოდა ხელში. -ეს რა არის? - თვალები გაუფართოვდა ექიმს. -ყალბი პასპორტები ალბათ. ეს კი ჩემს სახელზე გახსნილი ბანკის ანგარიშია. ალექსანდრეს ჯერ ცივმა ოფლმა დაასხა. მერე ნაცრისფერი დაედო. ჯიბეში ხელი ჩაიყო და ნიტროგლიცერინის პატარა აბი ენის ქვეშ დაიდო. რამდენიმე წამი პასპორტებს დააჩერდა და თვალები გაუნათდა. -ეს ყველაფერი ჩანთაში ჩაალაგე. სახლში წავიღებ, იქნებ ჩემი ბედოვლათი შვილი ახლა მაინც გამომადგეს. ანასტასიამ უსიტყვოდ გააკეთა რაც უთხრეს და ჩანთა ალექსანდრეს გადასცა. მერე ხელები ჯიბეებში დამალა და ამაშუკელს მიაჩერდა. -შენ კიდევ კარგად დაათვალიერე მამაშენის კაბინეტი. ყველა ფურცელს თავი მოუყარე, არაფერი გადაყარო. არ შეგეშინდეს. ვახტანგს რა საქმეების უნდა ეკეთებინა, შენ არაფერი გემუქრება. დაგირეკავ. ექიმმა ჩანთა მარჯვენა მხარზე გადაიკიდა, მარცხენა ხელი გოგონას მოხვია და გულზე მიიკრა, - არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს. - უთხრა და თავი მის წითელ თმაში ჩარგო. 5 თავი ლუკა ამაშუკელი ოცდაათი წლის სანდომიანი სახის, მაღალი, მხარ-ბეჭიანი და კარგად ნავარჯიშები ახალგაზრდა კაცი იყო. მართალია მამას, ექიმ ალექსანდრე ამაშუკელს, იმედები გაუცრუა და იურისპუდენცია არჩია ექიმობას, მაგრამ ბატონი ალექსანდრე მაინც ძალიან ამაყობდა შვილით. უფლებადამცველობა ბავშვობიდან უნდოდა და არასდროს გადაუხვევია ამ აზრისგან. მისთვის ყველა ადამიანი თანაბარი იყო და მზად იყო ყველას ერთნაირად დახმარებოდა. დედამაც კი ვერ მოახდინა გავლენა მის ხასიათზე, რომელიც ხალხს „თბილისელებად“ და „ჩამოსულებად“ ყოფდა. ლუკას სკოლაშიც და ეზოშიც ხშირი მუშტი-კრივი ქონდა გამართული, ხან ვის და ხან ვის დასაცავად. ხშირად ნაცემიც იყო, მაგრამ არას დაგიდევდათ. ექიმი ალექსანდრე ჩართულ ტელევიზორთან იჯდა, საინფორმაციო გამოშვებას უსმენდა, მაგრამ მის გონებას ჟღალ თმიანი ანასტასია არ შორდებოდა. შუაღამე გადასული იყო უკვე, მაგრამ ექიმი შვილს ელოდა. ზუსტად იცოდა, რომ ლუკა უყურადღებოდ არ დატოვებდა მამამისის ფავორიტს. კარები ოდნავ შეიღო და უზარმაზარი ჩრდილი გაწვა დერეფანში. ორ მეტრიანი ლანდი ისე ჩუმად დააბიჯებდა, რომ ჩქამიც არ იძვროდა. ლუკამ ჯერ სამზარეულოში შეიარა და ცივი წყლით ხელდამშვენებული მისაღები ოთახისკენ დაიძრა. -მამა შენ ხარ? - იკითხა გაკვირვებულმა, როცა სავარძელში მთვლემარე ალექსანდრეს მოკრა თვალი - ცუდა ხომ არ ხარ? რატომ არ გძინავს? -შენი დახმარება მჭირდება - მშვიდად გაახილა თვალები კაცმა და შვილს შეხედა. -ჩემი? - ლუკას თვალები გაუფართოვდა და მამამისის მუხლებთან დაიჩოქა. - მე კი არა ანასტასიას ჭირდება, ჩემს ანასტასიას, კახიძეს. - იმ წითელ ანასტასიას? შენს ფავორიტს? - გულიანად გადაიხარხარა ლუკამ - გახსოვს მა, ერთხელ მოიყვანა დედამისმა ჩვენთან და იმდენი ვიცინე მის წითელ თმაზე, აღარ გამოჩენილა. ისე ცუდად მოვიქეცი მაშინ. ბოდიშიც არ მომიხდია. ახლაც ჟღალია? ისე ლამაზი ბავშვი იყო ძალიან. მაშინაც მომეწონა და რომ დამემალა, იმიტომ დავცინოდი. ლუკა მთელ ხმაზე იცინოდა და თვალებიდან ცრემლები ცვიოდა. -თუ მორჩი სიცილს ჩემს კაბინეტში წავიდეთ - ფეხზე წამოდგა ალექსანდრე. -შენს არა, ჩვენს კაბინეტში - შეუსწორა შვილმა. -შენ იქ არასდროს შედიხარ, ესე იგი ჩემს კაბინეტში. ალექსანდრემ პატარა დერეფანი გაიარა და კუთხის ოთახის კარი შეაღო. კაბინეტში ყოფნა უყვარდა ექიმს. უამრავი წიგნით გადაჭედილ ამ პატარა ოთახს ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას გაუკეთა მასიური კარები. ისე რომ ხმაური არასოდეს აწუხებდა და არც შიგნიდან ისმოდა ჩქამი. ლუკა ამჯერად სერიოზული სახით დაუჯდა მამას წინ და მოლოდინით სავსე თვალებით მიაშტერდა. ალექსანდრემ კარადიდან ანასტასიას ჩანთა ამოაძვრინა და შვილს ფეხებთან გადმოუპირქვავა. ბიჭი გაშტერდა, მერე სახეზე ფერებმა გადაუარა და რამდენიმე პასპორტს დაწვდა. ერთხანს ხელში ატრიალა, კარგად დაათვალიერა. -ყალბია, თუმცა პროფესიონალური ნამუშევარია. შენ საიდან გაქვს ესენი? - თვალი გაუსწორა მამას ლუკამ. -ანასტასიამ იპოვნა მამამისის კაბინეტში. -ეს რომ ვინმეს ენახა დაიჭერდნენ ვახტანგს. - ვარაუდი გამოთქვა ლუკამ. -ვიცი, მაგრამ სიკვდილმა დაასწრო.- წაიჩურჩულა ალექსანდრემ. -ეს უკანონოა და თან ძალიან საშიში. ნეტავ რამდენს იღებდა მათ დამზადებაში. პოლონეთის და ლიეტუის პასპორტებია. სხვა ქვეყნების რატომ არ დაამზადეს ნეტავ? აქ რამდენია? -22 - დაუფიქრებლად უპასუხა ალექსანდრემ. -ნეტავ სულ რამდენი დაამზადეს, ან კლიენტურას სად შოულობდა? ვახტანგი ხომ მკვდარია და რათ უნდა ანასტასიას ამ საქმის გამოქექვა? ლუკა პასპორტებს ხელში ატრიალებდა და მათ შესწავლას ცდილობდა. -გამოქექვა არა ლუკა, გამოძიება - შეუსწორა ალექსანდრემ შვილს- იმიტომ უნდა, რომ მამამისმა ბანკის ანგარიში დაუტოვა, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ ქონდა. ამასთან უნდა ვახტანგის ბიზნესში გაერკვეს, რომ დედამისს შემოსავალი არ მოაკლდეს. და თუ ყველაფერი არ დაალაგა, ვერ გააგრძელებს საავადმყოფოში მუშაობას. -მამა, ვახტანგის ყველანაირი ფინანსური დოკუმენტი უნდა შემოწმდეს, მაგრამ მე ამის არაფერი გამეგება. მე სისხლის სამართალში ვმუშაობ.- ლუკამ მცირე პაუზა გააკეთა. -ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ? -ეგ რომ მცოდნოდა, დახმარებას შენ არ გთხოვდი. - ალექსანდრე სავარძელში მიწვა და შვილს მიაჩერდა. -კარგი - ფეხზე წამოდგა ლუკა და ოთახში გაიარ-გამოიარა, მაგრამ მისი გრძელი ფეხებისთვის ეს ოთახი პატარა აღმოჩნდა, ადგილი აღარ ეყო და ისევ დაჯდომა ამჯობინა. -მე მყავს ერთი მეგობარი, ეკონომისტია და ძალიან კარგი ფინანსისტი. მას ვთხოვ რომ ვახტანგის დოკუმენტაცია შეამოწმოს. ანასტასიას რაზეც ხელი მიუწვდება ყველაფერი უნდა მოგვცეს. ვნახოთ რა გამოვა. -ძალიან კარგი მაგრამ დედაშენმა არაფერი უნდა გაიგოს და არც დედამისმა. ალექსანდრე ჩაფიქრდა და შვილს თვალი თვალში გაუყარა. ლუკა ხვდებოდა, რომ ექიმს რაღაც ეჭვები აწუხებდა, რასაც შვილსაც კი არ უმხელდა. გუშინ საღამოს დედაშენი მეუბნებოდა, რომ ამ კვირაში რაღაც კონცერტია კონსერვატორიაში, იქნებ ბილეთები ვიყიდო და ორივე წავიყვანო. შენ და შენი მეგობარი ანასთან მისვლას შეძლებთ. -ანასთან რატომ უნდა მივიდე მამა? - გულწრფელად გაუკვირდა ლუკას - ყველაფერი შეაგროვოს და მომიტანოს. -მე მინდა რომ მიხვიდე და იქ ყველაფერი დაათვალიერო შენი მახვილი თვალით. -რას ვეძებთ მამა? რას მალავ მითხარი. -არაფერს და თან ყველაფერს ლუკა. რაღაც ეჭვი მაქვს მაგრამ ჯერ ძალიან აბსურდულია. ლუკა მუხლებს იდაყვებით ეყრდნობოდა და მამას ისე მიჩერებოდა. შავი თვალები გაუფართოვდა და ცხვირის ნესტოები დაებერა. მაძებარ ძაღლს დაემსგავსა, რომელმაც რაღაც იყნოსა. -გთხოვ დაეხმარე ანას. - ალექსანდრემ მხოლოდ ესღა უთხრა შვილს და კაბინეტი დატოვა. 6 თავი ქალბატონი ინგა მგლოვიარე ტანსაცმელში გამოწყობილიც კი ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. ყურებსა და ყელს მარგალიტები უმშვენებდა. მიუხედავად მეუღლის ახლახანს გარდაცვალებისა, დიდი მევიოლინის კონცერტს ვერ გამოტოვებდა და ვერც ალექსანდრესა და მის მეუღლე ნინას ეტყოდა უარს მიპატიჟებაზე. ანასტასია მოჩვენებითი სიმშვიდით უყურებდა დედის სამზადისს. აუჩქარებლად სვამდა ენერგეტიკულ სასმელს და უსმენდა დედის მონოლოგს, ამ სითხის მავნებლობაზე. ქალბატონი ინგას მანქანა ქუჩის კუთხეში მიიმალა და კარებზე ზარმაც არ დააყოვნა. ტაისონმა ხმამაღლა შეყეფა, კარებთან მიირბინა და მთელი ტანით აიწია მასზე. ამ „კაცუნას“ სახლში გამოჩენის შემდეგ, მისი თათებისგან დაჩხაპნილი შემოსასვლელი კარები სამჯერ შეღება და გააახლებინა ქალბატონმა ინგამ. ტაისონიც ბევრჯერ დატუქსა, მაგრამ ვერაფერი ასწავლა. ანასტასიამ დრუნჩთან აკოცა ამ უზარმაზარ არსებას და ყურში უჩურჩულა, იქვე დამჯდარიყო. ტაისონმა ორივე ყური აცქვიტა, უკანა ორ ფეხზე დაჯდა და ჭკვიანი თვალები მიაპყრო კარებს. შემოსასვლელში ლუკა ამაშუკელთან ერთად საშუალოზე მაღალი, ქერათმიანი გოგონა იდგა და იღიმებოდა. -მობრძანდით, ტაისონის ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ ნურც გაუთამამდებით. არ უყვარს როცა მის სივრცეში იჭრებიან. - გააფრთხილა სტუმრები ანასტასიამ და სახლში შეიპატიჟა. წყვილმა მორიდებულად გადააბიჯა ზღურბლზე. ტაისონი გვერდზე გადაწეული თავით ათვალიერებდა მათ და მზად იყო ნებისმიერი გადაეყლაპა, თუ მის პატრონს დაჭირდებოდა. -იმედია მიცანი, ლუკა ამაშუკელი ვარ, - გაუღიმა მამაკაცმა ანასტასიას და ხელი გაუწოდა - ეს კი ჩემი მეგობარია, სესილია. ის ეკონომისტი და ძალიან კარგი ფინანსისტია. ყველაფერში გაგვარკვევს რაც დაგვჭირდება. -სასიამოვნოა - ხელი შეაგება ანამ გოგონას- აქეთ მობრძანდით, ეს მამას კაბინეტია, დოკუმენტები აქ არის. ანასტასია დერეფანში გაუძღვა სტუმრებს, ტაისონი კი უკან მისდევდა ეჭვიანი მზერით. -ეს სულ ასეა? - იკითხა ლუკამ და ძაღლზე ანიშნა ანას. -კი ასეა, პირველად გნახათ ახლა და გამოწმებთ. საშიში არაა, არაფერს დაგიშავებთ. -ტაისონ კარებთან დამელოდე - უბრძანა ძაღლს ანასტასიამ და კაბინეტში შეუძღვა სტუმრებს. სესილია მორიდებულად ათვალიერებდა ოთახს. სამაგიეროდ ლუკა დიდი ინტერესით უყურებდა ყველაფერს. -რამე გაიტანეთ ამ ოთახიდან? დაალაგეთ? - მიუბრუნდა მამაკაცი ანას. -არაფერი გაგვიტანია, მხოლოდ საბუთებში ვიქექებოდი. აი აქაა ყველაფერი. - მაგიდის თაროები ამოალაგა გოგონამ და სესილიას წინ დაუწყო. - როგორც ივანემ მითხრა, მამაჩემს ყავდა ბუღალტერი, რომელსაც ველაპარაკე უკვე და საღამოს ყველა საბუთს მომიტანს. -ივანე ვინ არის? - იკითხა ლუკამ. -მამაჩემის დამხმარე და მარჯვენა ხელი. მე არ მომწონს ეს კაცი, მაგრამ მამა ძალიან ენდობოდა და ყველა საქმეში ცხვირს აყოფინებდა. - უკმაყოფილოდ შეჭმუხნა სახე ანასტასიამ. -აქ ძალიან ბევრი ქაღალდია ანა, მე წავიღებ და ყველაფერს დეტალურად ვნახავ. როგორც ლუკამ მითხრა, საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით გაქვს რაღაც გაუგებრობა. - ლამაზი თვალები შეანათა სესილიამ გოგონას. -დიახ სეიფში ვიპოვნე ბანკის კონვერტი. გუშინ ვეღარ მოვითმინე და შევამოწმე ბანკში. სამი მილიონ ორასი ათასი დოლარია ანგარიშზე. -რამდენი? - ერთდროულად აყვირდა ლუკა და სესილია. -სამი მილიონ ორასი ათასი დოლარი. ხო მილიონერი ვარ - გაიღიმა ანასტასიამ. -მილიონერი ხარ და რაღა ჯანდაბად გინდა მამაშენის ტურისტული ბიზნესი, ან მისი ახლართულ-ჩახლართული ამბების გარჩევა, დახურე ყველაფერი და იცხოვრე მშვიდად - გაეცინა ლუკას და ისევ კარადებს მიუბრუნდა. სესილია ქაღალდებს ფურცლავდა და რაღაც ჩანაწერებს აკეთებდა. ანა ფანჯარასთან იდგა და დაძაბული ათვალიერებდა ოთახში მოსიარულე ადვოკატს. -ანასტასია - სესილიას ხმამ გამოაფხიზლა გოგონა - ხვალ ბანკში წადი და შენი ანგარიშის ამონაწერი მოითხოვე, საიდან გერიცხებოდა ფული, ან შენი ბარათიდან თუ ხდებოდა ტრანზაქციები. მოკლედ ყველაფერი რაც ამ ანგარიშს ეხება. -რატო, რამე საეჭვოა? - მთელი ტანი დაეძაბა ანას. -ამ შემოსავლის მიხედვით, არც ისე დიდი მოგება ქონდა მამაშენის ბიზნესს, მაინტერესებს მაგ ბარათი რაში გამოიყენებოდა. მთელი ბუღალტერია უნდა შევამოწმო, რომ შეძლო ბიზნესის სუფთად მართვა. ანასტასიამ თავი ოდნავ დაუქნია თანხმობის ნიშნად და მზერა ისევ ლუკაზე გადაიტანა, რომელიც მარჯვენა ხელით ნაგვის ურნაში იქექებოდა და მარცხენაში კონვერტი ეკავა ორი თითით. ბარათს კითხულობდა და დაჭიმულ სახეზე ყველა ნაკვთი ეტყობოდა, საფეთქელთან კი ცისფერი ზოლი თანდათან ეკვეთებოდა. ბიჭმა ნაგვის ურნის ქექვა დაასრულა და თავზე დამდგარ ანას შეხედა. -ეს კონვერტი აქამდე გინახავს ანა? -არაა, რა არის ეს? - თვალები გაუფართოვდა გოგონას. ლუკამ დიდი სიფრთხილით შორს გასწია ფურცელი და ხმამაღლა წაიკითხა: „ბატონო ვახტანგ, თქვენი დაახმარების იმედი მქონდა, მაშინ მადლობელიც ვიყავი, მაგრამ თქვენმა ვითომ კეთილმა საქმემ დამღუპა და დამინგრია ცხოვრება. ამ წერილის მიღების შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი მიხვდებით უბედურება რა არის“ ბარათი ხელმოუწერელია და შიგ თეთრი ფხვნილი ყრია. შეიძლება ცრუ მუქარაა, შეიძლება ეს რამე საწამლავი იყოს. ფაქტია, მამაშენმა ეს კონვერტი გახსნა და ალბათ შევიტანოთ განცხადება. ანა გაშეშებული იდგა. ლუკა ოდნავ შეეხო მის მკლავს. სესილია საერთოდ ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა და თვალების ფახურით ხან ერთს მიჩერდებოდა და ხან მეორეს. -მაგრამ მამაჩემი ციმბირის წყლულმა მოკლა - ჩუმად ჩაილაპარაკა ანამ. -ვიცი ანა, უბრალოდ გავიგოთ, ვინმე სერიოზულად ემუქრებოდა თუ არა. იქნებ ხუმრობაა და მეტი არაფერი. ასე გაურკვევლობაში ხომ არ ვიქნებით. ანასტასიამ მექანიკურად დაუქნია თავი მამაკაცს. გაუაზრებლად დაუძღვა აბაზანისკენ ხელების დასაბანად. მერე სტუმრებს დაემშვიდობა და ეზოში გააცილა. 7 თავი სამზარეულოში რაღაცამ გაიტკაცუნა და ანასტასიამ თვალები შეშინებულმა გაახილა. აბურძგნულ თმაზე ხელი გადაისვა და იქვე კომოდზე დადებულ სათვალეს დაწვდა. მაშინვე უკან დააბრუნა, რადგან სათვალით რომ გასულიყო, დედამისი ხელიდან არ გაუშვებდა მომენტს და კონტაქტურ ლინზებზე ჩამოუგდებდა საუბარს. -დედა კარგად ხარ? - საძინებლიდანვე შეეხმიანა ანა ქალბატონ ინგას. -ძალიან კარგად, გუშინ არაჩვეულებრივი კონცერტი იყო - ინგა სამზარეულოდან დაიძრა და შვილის საძინებლის კარებში ჩადგა - კონცერტის შემდეგ ნინოს შვილმა გამოგვიარა და დაგვპატიჟა სავახშმოდ. ნინო ხომ გახსოვს, დოდო დეიდასთან ერთად რომ იყო ჩვენთან. ანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მიხვდა, საით მიყავდა საუბარი ქალბატონ ინგას, მაგრამ დილა ადრიან კამათის არც სურვილი ქონდა და არც თავი. -ისეთი კარგი შვილი ყავს, ლამაზი, ჭკვიანი, ზრდილობიანი, განათლებული. რაღაც დიდ კომპანიაში მუშაობს, ფინანსისტია. მე ვუთხარი ანას გაგაცნობ და დაეხმარე ვახტანგის საქმეების გაძღოლაში-თქო. დიდი სიამოვნებითო. როცა გენდომება დედიკო დაურეკე. ინგამ გამომცდელად შეხედა შვილს და პასუხს დაელოდა. -დავურეკავ - წყნარად ჩაილაპარაკა გოგონამ. -მოდი დღესვე დაურეკე - გათამამდა ინგა და ოთახში შეაბიჯა. - შეხვედრაზე შეუთანხმდი, მე ტანსაცმელს შეგირჩევ. -ახლა არა ინგა, - თვალი თვალში გაუყარა ანამ დედას - როცა დამჭირდება დავურეკავ. დღეს ბევრი საქმე მაქვს. -კარგი - სიტუაციის დაძაბვას მოერიდა ინგა და ოთახიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.