სიკვდილი ფოსტით (თავი 3)
8 თავი ალექსანდრე ამაშუკელს მაგიდაზე ლაბორატორიიდან წამოღებული გახსნილი კონვერტი ედო. მასში ჩადებული ფურცელი ბევრ კითხვას სცემდა პასუხს. თუმცა ბევრ თავსატეხსაც აჩენდა. ძალიან ძნელი იყო ანასთვის ეთქვა, რომ მამამისის კაბინეტში ნაპოვნი წერილი ციმბირის წყლულის, იგივე ჯილეხის გამომწვევი ჩხირით იყო სავსე. ჩხირით, რომლითაც ადვილად შეიძლებოდა დასნებოვნებულიყო ვახტანგ კახიძე. თუ მოკლეს ვახტანგ კახიძე, მაშინ ანასტასიას წინ მძიმე დღეები ელოდა. მასთან ერთად ალექსანდრესაც. ექიმმა შუბლი შეიჭმუხნა. თმაზე ხელი გადაისვა და საფეთქლები დაიზილა. კაბინეტის კარები ლუკამ შემოაღო. მამას სახეში შეხედა და უსიტყვოდ დაიკავა ადგილი მის წინ სავარძელში. -მალე მოვა, ძალიან მალე. წინ მძიმე დღეები გველოდება. შენ დაეხმარები? - ექიმმა შვილს თვალებში შეხედა. -ეს საქმე ჩვენ დავიწყეთ და ბოლომდე ჩვენ უნდა მივიყვანოთ კიდეც. მეორედ აღარ მკითხო - გულმოსულმა დაუბრუნა პასუხი ლუკამ მამას. -შენმა მეგობარმა რა გაარკვია? - ხელებში თავჩარგულმა ალექსანდრემ ტუჩები ოდნავ აამოძრავა. -ზუსტად არ ვიცი. საღამოს გავიგებ. ანას დაველაპარაკოთ და ხვალ განცხადებას შევიტან პოლიციაში. მერე დაველოდოთ ვინ იქნება გამომძიებელი და როგორ იმუშავებს. გვერდიდან ყურებას არ ვაპირებ, თვალყური უნდა ვადევნო ყველაფერს. ესენი თუ მიუშვი, ერთ წელიწადში თაროზე შემოდებენ ამ საქმეს. ლუკას თვალები უელავდა. ეს თავსატეხი მისთვის ახალი გამოწვევა იყო და ერთი სული ქონდა, როდის გადავიდოდა აქტიურ ფაზაში. -ძალიამ მომწონს შენი მეგობარი სესილია - ხმადაბლა უთხრა მამამ შვილს და თვალებში ჩახედა. -მეც - თავი ჩაღუნა ლუკამ და გაჩუმდა. აღარ სურდა მამასთან ამ თემაზე საუბრის გაგრძელება. -მაგრამ რძლად ექიმი მინდოდა - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ალექსანდრემ. -იმ წითურზე თუ მიმანიშნებ, არც იფიქრო მეტჯერ - წამოენთო ლუკა - შენც თუ არ დამიჭერ მხარს მამა, ძალიან მეწყინება, ძალიან. ფეხზე წამომდგარმა ბიჭმა ფანჯარა გამოაღო და სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ჯიბიდან. -კიდევ ვინ არ გიჭერს მხარ? - ალექსანდრე შვილთან ახლოს მივიდა. სიგარეტის ღერი უსიტყვოდ გამოართვა, მოუკიდა და ნეტარი სახით ჩაუშვა ფილტვებში კვამლი. -კითხვაზე არ მიპასუხე - შეახსენა შვილს თავი ექიმმა. - მეგონა აღარ ეწეოდი. - თვალებგაფართოვებული ლუკა მამას სახეში მიჩერებოდა. -აღარ ვეწევი მაგრამ მომინდა. სურვილს კი სიკვდილ მისჯილებსაც უსრულებენ. -ხო უსრულებენ - დაეთანხმა შვილი და გაჩუმდა. -ლუკა რაღაც გკითხე... -დედაჩემი. -რა დედაშენი? - დაიბნა ალექსანდრე, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ლუკამ მის კითხვას გასცა პასუხი. -დედაჩემისთვის ვიღაცას უთქვამს სესილიას შესახებ. ქალბატონმა ნინამ კი ორი ნაკლი მოუძებნა, ისე რომ თვალითაც არ უნახავს. თბილისელი არ არის და არც ექიმიაო. -როდის გითხრა ეგ? -გუშინ საღამოს. -თვითონ სესილია რას ამბობს, დავიწყო მზადება რძლის მისაღებად? - ალექსანდრემ სიგარეტის ნამწვი ქაღალდის პაკეტში მოკუჭა და მეორე ღერი ხელიდან აართვა შვილს. -ბევრი მოგდის მამა - სიგარეტზე ანიშნა ლუკამ. -არაუშავს. დღე დღეზე მაინც უნდა გავიკეთო ოპერაცია. -ასე მალე? მე მეგონა კიდევ გქონდა დრო - შეწუხდა ბიჭი. -რაც მალე, მით უკეთესი. ვახტანგ კახიძის სიკვდილი რომ არა, ახლა გაკეთებული მექნებოდა. სესილიაზე დაგისვი კითხვა, - არ გადაატანინა თემა ალექსანდრემ შვილს. -იმან ჯერ არაფერი იცის. -რა არ იცის კაცო? - ვერ მიხვდა ექიმი რას გულისხმობდა მისი შვილი - დედაშენი რომ იწუნებს? ეგ არც უთხრა. -არა, საერთოდ ამ საკითხზე რომ ვფიქრობ. - არაააა - სიცილი ვერ შეიკავა ექიმმა, მაგრამ შვილის დაბღვერილ სახეს რომ შეხედა, ეცადა სახის ნაკვთები დაელაგებინა - გოგოს ცოლად მოყვანა გინდა და მან ისიც არ იცის, რომ გიყვარს? იქნებ სულ არ მოგყვება. -ვერ ვუთხარი და ნუ დამცინი - შეუბღვირა ლუკამ მამას და სავარძელში ჩავარდა. -რა ვერ უთხარი ბიჭო, რამდენ სასამართლოზე გამოსულხარ, რამდენ კონფერენციაზე წაგიკითხავს მოხსენება და შენ მეუბნები, რომ გოგოს სიყვარული ვერ აუხსენი? -აუ კაი რა მააა - წამოზრდილი წვერის წვალება დაიწყო ლუკამ. -მე ვეტყვი გინდა? - გახალისდა ალექსანდრე. დიდი ხანია შვილთან ასე გულახდილად აღარ უსაუბრია და ახლა ნასიამოვნები იყო. თან ერთობოდა ლუკას მდგომარეობით. -დამცინი ხო? - შეუბღვირა შვილმა. -არა, არ დაგცინი. თავისით მოვა ყველაფრის დრო, მაგრამ ეგ დრო არ გაგეპაროს ფრთხილად იყავი... კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ექიმი შვილისთვის, როცა კარებში ჟღალი თმა გამოჩნდა და ღიმილი სახეზე შეეყინათ დამხვდურებს. ანასტასია თავის დაკვრით მიესალმა ამაშუკელებს და სავარძელი უსიტყვოდ დაიკავა. -ბატონო ალექსანდრე - სიჩუმე დაარღვია ანამ - დაახლოებით ვხვდები რატომაც დამიბარეთ და ლუკას აქ ყოფნა რასაც ნიშნავს. მითხარით ზუსტად რა ხდება. -პასუხი მოვიდა ლაბორატორიიდან - ამოიხვნეშა ალექსანდრემ და წინ დადებული კონვერტი მიაწოდა გოგონას. - ამ კონვერტში ჯილეხის იშვიათი და ზე აქტიური ჩხირია ფხვნილის სახით. ვის მიუწვდებოდა ხელი მსგავს ბიოლოგიურ იარაღზე არ ვიცი, მაგრამ მამაშენი ამით დაავადდა. ექიმმა პაუზა გააკეთა, რომ გოგონას მოსმენილის გააზრება შეძლებოდა. -ახლა? - თავი აწია ანამ და მამა-შვილს მუდარით სავსე სახით შეხედა. მათგან ითხოვდა შველას და დაახმარებას. სახე გაუწითლდა, თვალები ცრემლით აევსო და თმაზე თითქოს ცეცხლი მოეკიდა. -ახლა დანარჩენს მე მივხედავ - გოგონას პატარა ხელები თავის ტორებში მოიქცია ლუკამ. - დღეიდან მე შენი ოფიციალური ადვოკატი ვარ, ხვალისთვის ყველაფერს მოვამზადებ და პოლიციაში წავალთ. დანარჩენს ნელ-ნელა მოვაგვარებთ. ვინც უნდა ყოფილიყო ამის გამომგზავნი, მას აუცილებლად ვიპოვნი. -აქამდე მეგონა მამაჩემი პატიოსანი ბიზნესმენი იყო, მაგრან მისი სიკვდილის შემდეგს იმდენი რამე გამოჩნდა, უკვე აღარ ვიცი რომელზე ვიფიქრო - გოგონამ სიტყვებს ტირილი ამოაყოლა - მამას ტელეფონმა დარეკა -მერე? - ერთდროულად იკითხეს ამაშუკელებმა. -ვიღაცამ დამტვრეული ინგლისურით მკითხა, სად არის ვახტანგიო. დაიღუპა და მის საქმეებს მე ვაგვარებ-თქო. ტვირთი გამოვაგზავნო თუ არაო. დარჩენილ ფულს როდის გამომიგზავნითო. ვერ მივხვდი რა ტვირთზე იყო საუბარი ამიტომ ვუპასუხე, ჯერ არა, დაგიკავშირდები-თქო. -კარგი გოგო ხარ ანა, - თმაზე მოეფერა ლუკა გოგონას - ვინ ვარო? რა გითხრა? -ალი ვარო, მეტი არაფერი უთქვამს. არც მე მიკითხავს, არ მიხვდეს რომ არაფერი ვიცი-თქო. -მოდი ცოტა ხნით მოვიცადოთ, გავარკვევთ ეს ალი ვინ არის. კიდევ გამოჩნდება. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს, სესილიასთანაც უნდა მივიდეთ. ლუკა შეუჩერებლად ეფერებოდა გოგონას და ცდილობდა მისი აკანკალებული სხეული როგორმე დაეწყნარებინა. მისი ტვინი კი გამალებით მუშაობდა. -გინდა დედაშენს მე დაველაპარაკები - საუბარში ჩაერია აქამდე ჩუმად მჯდომი ალექსანდრე. -მინდა- თავი დაიქნია ანამ. -მაშინ ნინასაც წავიყვან. შენ წამოხვალ ლუკა? - შვილს შეხედა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა. - მსგავს სცენებს ნუ დამასწრებთ და რაც გინდათ მთხოვეთ. თან სესილიასთან ვარ წასასვლელი. ხვალ სარჩელის შეტანისთვის რაღაცები მჭირდება. -აუცილებლობაა თუ მიზეზი? - გააეცინა ექიმს და შვილს მხარზე ხელი დაკრა. -საქმე მამა - გაეღიმა ლუკასაც და აფუზულ ანასტასიას დიდი ზომის პალტო მოაცვა მხრებზე. 9 თავი სესილიას ქერა თმა დაუდევრად აეკეცა. კომპიუტერის მონიტორს მიჩერებოდა და ხელში კალამს ათამაშებდა. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიც იქვე მაგიდის ქვეშ მიეყარა და შიშველი ფეხები მეორე სკამზე შემოეწყო. მისი ბუღალტრული ბიურო ახლა იდგამდა ფეხს, სესილია თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ორი თანამშრომლისთვის ხელფასი გადაეხადა და ფართის ხარჯებიც დაეფარა. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ თითქმის ყოველ დღე რჩებოდა სამსახურში და გვიანობამდე მუშაობდა. ლუკა ხშირად პოულობდა მისთვის შემკვეთებს და ამიტომაც ვახტანგ კახიძის საქმეს უსასყიდლოდ მოკიდა ხელი. ანასტასიას დანახვაზე გულში ეჭვმა გაკრა, მაგრამ ლუკას არაფერი აგრძნობინა. რა უფლება ქონდა, როცა ბიჭი არავითარ გრძნობას ამჟღავნებდა მის მიმართ. ლუკა ამაშუკელს სესილიას ოფისის შესასვლელი კარები ღია დახვდა. არ გაკვირვებია. ელოდა კიდეც. შეუმჩნევლად შეიხედა ოთახში და რამდენიმე წამი თვალმოუშორებლად უყურებდა. -სესილია - დაბალი ხმით შეეხმიანა ლუკა გოგონას. სესილიამ თავი ასწია და კარებში ჩამდგარი ლუკას დანახვაზე გაიღიმა. სათვალე მოიხსნა და ფეხებით ფეხსაცმელს უხერხულად დაუწყო ძებნა. -იყავი არ ადგე, ნახე „სტარბაქსის“ ყავა მოგიტანე, ცოტა გამოგაფხიზლებს - ფართო ნაბიჯით ორ წამში დაფარა მანძილი სესილიას მაგიდამდე და აქაფქაფებული სითხე დაუდგა წინ. - დაამთავრე კახიძის ფურცლებში ქექვა? -დავამთავრე - თმაზე ხელი შეივლო გოგონამ - საინტერესო რამეებია. დაჯექი მოგიყვები. ლაბორატორიიდან პასუხი მოვიდა? -მოვიდა, ფხვნილი ჯილეხისაა, ლაბორატორიაში გამოყვანილი. გაუმჯობესებული და გაძლიერებული. ფაქტიურად ბიოლოგიური იარაღია. ვახტანგ კახიძე ამითაა მკვდარი. -ცუდია. ესე იგი მოკლეს? - თვალები ააფახურა გოგონამ. -სავარაუდოდ. ხვალ განცხადებას შევიტანთ და ძიება დაიწყება. საინტერესო საქმეა -ანასტასია? როგორაა? -იმაზე უკეთესად მიიღო ვიდრე ველოდი. ისტერიკა არ მოუწყვია. კარგი გოგოა. გრძნობებს კარგად აკონტროლებს. -რთულია მისი მდგომარეობა - დანანებით ჩაილაპარაკა სესილიამ - ტურისტული ბიზნესი ხვალვე შეიძლება გააგრძელოს. სასტუმროს და სხვა ყველაფრის ფინანსები წესრიგშია. -სასტუმროსაც ფლობდა ვახტანგ კახიძე? -დიახ არ იცოდი? - გაუკვირდა გოგონას. -არამგონია ანასტასიასაც ცოდნოდა. ან არ მითხრა? არ ვიცი. დაბნეული ლუკა სესილიას მიჩერებოდა, მაგრამ მისი თვალები თავგზას უბნევდა და ძალიან უნდოდა შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაეწია. -სადაა ეგ სასტუმრო?? -ერთი მესტიაში „ანას სახლი“ ქვია. მეორე თბილისში, იგივე დასახელების. ამასთან მას აქვს ტურისტული კომპანია მომსახურების სრული პაკეტით, ავია ბილეთები, ტურები საზღვარგარეთ და საქართველოში. გადაზიდვების სერვისი... - ხო ეგ ვიცი. ძალიან კარგად უძღვებოდა ამ საქმეს. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო ამ სფეროში. -ეს ყველაფერი სუფთაა ბუღალტრულად. იურიდიულად შენ შეაფასე. მაგრამ ერთი საინტერესო ამბავია... ლუკამ გამოწვდილი ფურცლების შეკვრა გამოართვა სესილიას და კითხვა ჩამდგარი თვალებით შეხედა. -ანასტასიათვის გახსნილი ანგარიში არაა შვილისთვის დაგროვებული ფული. იქ დიდი თანხების ტრანზაქციები ხორციელდებოდა. ნაწილ-ნაწილ უგზავნიდა ფულს ვინმე ალი იუსუპოვს, რომელსაც ანგარიში გახსნილი აქვს რუსულ ბანკ „ზვეზდაში“. ის ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს და იქიდან აკონტროლებდეს თავის ფულს. მეორე შედარებით ნაკლები თანხა აქვს კახა ოქრიაშვილისთვის გადარიცხული. ამასთან ის საკმაოდ დიდ თანხას ღებულობდა პოლონეთიდან ვინმე იოანა ტიმოშენკოსგან. -ყალბი პასპორტები პოლონური იყო. ვინმე ალიმ ანას დაურეკა, მაგრამ ეს კახა ვინაა? - ლუკა დაბნეული ათვალიერებდა ანგარიშის ამონაწერს. -არ ვიცი, გამოძიება დაინტერესდება ალბათ ამით. იმედია ყველაფერი გაირკვევა. -მაგრამ ანგარიში ანას სახელზეა გახსნილი. მას შეიძლება პრობლემები შეექმნას. -შენ ხომ კარგი ადვოკატი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება - გაუღიმა სესილიამ ბიჭს და ფურცლების შეკვრა ააცალა ხელიდან. - ამასაც ჩავდებ საქაღალდეში და ყველაფერი ერთად წაიღე. ლუკას თვალები ჩაწითლებული ქონდა და ხშირ-ხშირად ისრესდა. ალექსანდრესთვის უნდოდა ეთქვა, მაგრამ მშიშარა მამამისი იმდენ წამალს ჩააყლაპებდა, არ უღირდა. -სესილია თუ შეგიძლია სახლამდე წამიყვანე. თვალები მეწვის და თავი მტკივა. რამდენიმე ღამეა არ მიძინია. სესილიას სახე შეეცვალა. შეშინებულმა შუბლზე ისე სწრაფად შეახო ხელი, ლუკა მოულოდნელობისგან შეხტა. გრილი ხელისგული ესიამოვნა და გაიტრუნა. -მეორეც რაა - თხოვა მუდარის ხმით და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -იწვი ლუკა. სახლში წაგიყვან და მამაშენი მოგხედავს. -აუუუ - წამოიზლაზნა ბიჭი - არ მინდა რაა, ახლა ავადმყოფობის დროა? ჩემს სახლში წამიყვანე რააა -არა მამაშენთან, დროზე. სესილია ისეთი სისწრაფით მოძრაობდა, ლუკას თავბრუ დაეხვა და თვალდახუჭული ჩადგა კარებში. -წავედით - ხელი კრა გოგონამ და მანქანისკენ უბიძგა. - აი იქ დგას, დაჯექი და დამელოდე. ლუკამ სახლის კარები შეაღო. მისი ოჯახი სრულად იყო შეკრებილი და ვახშმობდა. სასადილო ოთახში ტელევიზორის ხმას დედის და ბებიის ხმები უერთდებოდა. -მამა - დაბალი ხმით შეეხმიანა ლუკა მამას და თვალებით რაღაც ანიშნა. ალექსანდრე ერთ წამს დაიბნა, მაგრამ შვილის ზურგს უკან ქერათმიანი სილუეტის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაურბინა. შვილს შეეგება და მის უკან მდგომ სტუმარს გაუწოდა ხელი. -მობრძანდით, ალექსანდრე ამაშუკელი, ლუკას მამა. ეს დედამისი ქალბატონი ნონაა, ეს კი ქალბატონი ნათელა, ლუკას ბებია. - გააცნო ექიმმა სუფრასთან მსხდომი ოჯახის წევრები სტუმარს. -სასიამოვნოა - გაიღიმა სესილიამ. გემრიელი კერძის სუნი ცხვირს უწვავდა. - მხოლოდ ლუკა მოვაცილე, თავს შეუძლოდ გრძნობდა და... სიტყვა დამთავრებული არ ქონდა სესილიას, ისე წამოიჭრა ფეხზე ნონა და შვილს დაეტაკა. -მგონი სიცხე აქვს - ვარაუდი გამოთქვა გოგონამ. ნონას სესილიას ნათქვამი არ გაუგონია. თავის ორმეტრიან შვილს მხარზე ექაჩებოდა და სკამისკენ მიათრევდა. -დედა სტუმარს მიხედე - დაბალი ხმით შეახსენა სესილიას არსებობა ლუკამ დედას. ქალმა მხოლოდ ერთი წამით გაუსწორა თვალი გოგონას, მერე ისევ შვილს მიუბრუნდა. უხერხულობის გაფანტვა ექიმმა ცადა. სესილიას მსუბუქად უბუძგა სუფრისკენ. -დაბრძანდი სესილია, ვივახშმოთ - და სკამი შესთავაზა. ნონა თითქოს საერთოდ ვერ ხედავდა რა ხდებოდა ოჯახში, შვილს თავზე ევლებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ქალბატონი ნათელა კი სათვალის ზემოდან უყურებდა სტუმარს და რენდგენში ატარებდა. 10 თავი შემოსასვლელიდან ხმაური მოისმა და ზარმაც არ დააყოვნა. ანასტასია არ განძრეულა. არც არავის ელოდა და არც დაუპატიჟებელიი სტუმრის ნახვა გაახარებდა. არც ინგა იყო კარგ ხასიათზე. იცოდა რომ მისი ქმარი უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ ეს თუ გამომჟღავნდებოდა არ ეგონა. ახლა მთელი თბილისი გაიგებდა მათ ამბავს რაც ძალიან აღელვებდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ამიტომ უემოციოდ გააყოლა თვალი ტაისონს, რომელიც ჩუმი ღრენით და ბრდღვენით სუნავდა შემოსასვლელ კარებს. ანას გაუკვირდა ძაღლის უცნაური ქცევა მაგრამ სახეზე ღიმილმა გადაუარა, როცა კარებში ჩამდგარი გაშეშებული ივანე დაინახა. -ივანე ძია, როგორ ბრძანდებით? - მოჩვენებითი ღიმილით შეეგება ანასტასია სტუმარს - შემობრძანდით, დედას გაუხარდება თქვენი ნახვა. -ამ ძაღლს თუ მომაშორებ, შემოვალ - დაიღრინა კაცმა, ტაისონს არ გამოპარვია სტუმრის განწყობა. ყბები აწია და კბილები კარგად გამოაჩინა. -ტაისონს გულისხმობ? - გოგონა გულიანად იცინოდა. კაცი რომელიც მუდმივად შეიარაღებული დადიოდა და ნებისმიერს ყელს გამოჭრიდა, ახლა ნაბიჯს ვერ დგამდა. -ტაისონ საყვარელო, შემოატარე ივანე ძია - თავზე ხელი გადაუსვა ანამ საყვარელ ძაღლს და საყელოზე მოქაჩა. ტაისონმა თვალებში შეხედა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გზა დაუთმო სტუმარს. -რამდენი ხანია მინდოდა თქვენი ნახვა. მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა თქვენს გვერდით ვარ. - დათაფლული ივანე ინგას მიუჯდა გვერდით და ქვრივს მხარზე ხელი დაადო. - დიდი დანაკლისია, ბიზნესს მიხედვა უნდა, თქვენ - პატრონი. -არ არის საჭირო ივანე ძია, მე მივხედავ ყველაფერს - საუბარში ჩაერია ანასტასია. -შენ რას მიხედავ ანა, შენ არაფერი იცი. მე კი ყველაფერი ვახტანგთან ერთად შევქმენი და ვაკეთებდი. ივანე გაღიზიანებული. მისი ტონი არ გამორჩენია ტაისონს. ფეხზე წამოდგა და ზურგზე ბეწვი აეჯაგრა. -თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ, მაგრამ მე თავად მინდა გავუძღვე ყველაფერს. მამას კაბინეტში ვისაუბროთ. - წამოდგა ანა და ივანეს ანიშნა გაყოლოდა. -ჩაის მოგიტანთ - ზურგიდან მოესმა ანას დედამისის ხმა. -დიდი მადლობა ინგა საყვარელო, შენ საუკეთესო ჩაის ამზადებ - გაეპასუხა ივანე. ანამ ზუსტად იცოდა, რომ ეს კაცი ვერც ჩაის იტანდა და ვერც ამ ოჯახს, მაგრამ ქვრივის კეთილგანწყობა ჭირდებოდა და მას ეს ძალიან კარგად ესმოდა. -საქმე ცუდადაა ივანე ძია - ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ანამ კაცს. - ძალიან ცუდად. მამაჩემი მოკლეს. ივანეს სახე არ შეცვლია. ნაკვთი არ შეტოკებია. -ვიცი, ისიც ვიცი ვინ იძიებს ამ ამბავს. -თქვენ საიდან იცით? - გულწრფელად იკითხა გოგონამ. - ანასტასია საყვარელო, - სავარძელში წამოიწია ივანემ. მის ქოსა თავს შუქზე პრიალი გაუდიოდა და სახეზე მკვეთრი ღრმად ჩამჯდარი თვალები კვესავდნენ. ანას ეგონა სადაცაა ამ თვალებიდან შხამიანი ისრები გამოვარდება და დამგესლავსო. - ჯერ შენ მითხარი რა იცი და რა შეგიძლია. დამიმტკიცე რომ ყველაფერს გაუძღვები. ანა მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან. ახლა შეეძლო ყველაფერი გაეგო და მამამისის საქმიანობის არეული „ფაზლი“ დაეწყობოდა. -ლეგალურზე ვისაუბრო თუ არალეგალურზე? ანას სახეზე ცეცხლი ეკიდა. მისი თმა სადაცაა აალდებოდა. არ ეშინოდა. ახლა მითუმეტეს, როცა ტაისონი მის ფეხებთან იდგა და პატარა შეძახილზეც კი ამ კაცს ყელს გამოაჭამდა. ივანეს ჩაეღიმა, სავარძლის ზურგს მიესვენა და თვალის კუთხეებში წვრილი ნაოჭები გაუჩნდა. -ყველაფერზე... -ტურისტულ ბიზნესში ყველაფერი რიგზეა. სასტუმროები მოგებაზე მუშაობენ. შემოსავალი ცოტაა მაგრამ სტაბილური. - ანა ცდილობდა დრო გაეწელა, აინტერესებდა სადამდე გაუძლებდა ივანე, მაგრამ ეს კაცი გველზე ჭკვიანი და მელაზე გაიძვერა იყო. იჯდა და უსმენდა გოგონას უთავბოლო საუბარს. -ახლა ის რასაც ბევრი ფული მოაქვს .... - ანამ პაუზა გააკეთა. ივანეს სახის კუნთები ოდნავ დაეჭიმა. ... - ალიმ დარეკა, გამოვაგზავნო თუ არა ტვირთიო. მე დავპირდი, რომ უახლოეს მომავალში ვეტყვი პასუხს. მაგრამ დეტალებში გარკვევა მჭირდება. ივანე გამჭოლ მზერას არ აშორებდა ანასტასიას. თითქოს მის ტვინში შეძვრომას ცდილობდა. -ესე იგი ალის ელაპარაკე და იცი რაც ხდება....რა გაინტერესებს? ანამ დამაჯერებლად დააქნია თავი. მან არაფერიც არ იცოდა, ანკესი გადააგდო და ახლა თევზს ელოდებოდა. -ყველაფერი - გამოეპასუხა და საზურგეს მიეყრდნო. ელოდა რას და რამდენს მოუყვებოდა ივანე. -ალი ავღანელია, ნარკოტიკს გზავნის. ჩვენ ვიღებთ და ვატარებთ, საბოლოო პუნქტი პოლონეთია. - კარგად დასწავლილი გაკვეთილივით ჩამოარაკრაკა კაცმა. -იოანა? -შენ იოანაც იცი? - ივანე გაკვირვებული იყო ანას საქმეში ჩახედვით. სავარაუდოდ მან არ იცოდა ანასტასიას სახელზე გახსნილი ანგარიშის შესახებ. არც ის იცოდა, ფინანსური ოპერაციები როგორ ხდებოდა. ვახტანგი მსგავს საქმეს არავის ანდობდა. -ვიცი, მაგრამ ჩვენთან გავლის შემდეგ ნარკოტიკების გზა ნაკლებად მაინტერესებს. მან ჩვენ ფული უნდა მოგვცეს და მორჩა. კახა ვინ არის და რა როლს ასრულებს? -კახა პატარა კაცია, წითელ ხიდთან ხვდება ტვირთს და ფოთის პორტამდე მიყვება. ფოთში ჩვენივე კაცი ტვირთს ჩატვირთავს ჩვენს გადამზიდ გემებში და გაუშვებს პოლონეშში. -ვინ მფარველობს ამ ყველაფერს? რამე რომ მოხდეს „კრიშა“ ხომ გვჭირდება? -შენი ასაკის თაობაზე, ჭკვიანი და ფრთხილი ხარ - გაოცება ვერ დამალა ივანემ. -მე ექიმი ვარ და ჭკვიანიც უნდა ვიყო და ფრთხილიც. რისკების გათვლაც უნდა ვიცოდე. რა გარანტია გვაქვს, რომ ერთ დღეს მთელ ქსელს არ გაშიფრავენ. -კახა პატარა კაცია, მხოლოდ შემსრულებელია. მთავარი „კრიშა“ ბიძაა. დიდი ბიძა. -ვინაა ეგ ბიძა? -არ ვიცი. რომც ვიცოდე, არ გეტყოდი. ივანე გულწრფელი ჩანდა, ამდენი რამე თქვა და ალბათ მართლა რომ ცოდნოდა მათი „კრიშა“ ვინ იყო, არც ამას დამალავდა. -შენ რა როლს ასრულებ? მოდი პირდაპირ გკითხავ, თუ ფულს მე ვატრიალებ, ჩემს „პასილკებთან“ ერთად მიდის ნარკოტიკი, შენ რაში მჭირდები? ივანე ამას არ ელოდა. ვახტანგს არასდროს დაუსვამს ასე საკითხი. ის არასდროს გრძნობდა თავს ზედმეტად ამ ბიზნესში. ზედმეტად კი არა, თავისადაც კი მიაჩნდა. ამ ლაწირაკმა წითურმა კი საკითხი ისე დააყენა, რომ მისი როლი გაქრა. რა სიამოვნებით მიახრჩობდა ამ წამს. რომ არა ეს ძაღლი, რომელიც თითის გატოკების საშუალებას არ აძლევდა. დედა-შვილს მოიშრებდა, მერე კი ალისთან და კახასთან მოლაპარაკება თავისუფლად შეიძლებოდა. მათთვის სულ ერთი იყო, ვინ შეასრულებდა შუამავლის როლს, ანა, ვახტანგი თუ ივანე. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ანამ კიდევ ერთხელ იგრძნო მომაკვდინებელი ისრების მოქმედება შუბლზე. მხოლოდ წამიერად, მერე კი ივანეს თვალები უმეტყველო გახდა. -ჩემი როლი ყველაფრის უსაფრთხოდ შესრულებაა, თვალყურის დევნება, რომ იდეალურად შესრულდეს ოპერაცია და ფული უპრობლემოდ მივიღოთ. ანასტასია მამამისის მაგიდასთან იჯდა მაგრამ ვახტანგი მასთან შედარებით არაფერი იყო. ეს თითისტოლა წითური გოგო ძალაუფლებას ასხივებდა და კაცს თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა. ახლა რომ მამამისს ენახა, იამაყებდა მისით. -როგორ ფიქრობ, ვის უნდა მოეკლა მამა? - ფიქრებიდან გამოიყვანა ივანე ანას მტკიცე ხმამ. გოგონა მძიმე თემას შეეხო. -არ ვიცი ანა. ჩვენი ბიზნესიდან მამაშენის მოშორება არავის ჭირდებოდა. პირიქით, ვახტანგის სიკვდილმა ბევრი პრობლემა შექმნა. აწყობილი სქემა ვის უნდა აერია? გიჟები კი არ არიან. ანასტასია ჩაფიქრდა. ივანე მართალი იყო, ვის აწყობდა ახლა ვახტანგ კახიძის სიკვდილი. რომლის შემდეგაც მთელი სქემა ჩაიშლებოდა ან აირეოდა მაინც. ივანეც ფიქრობდა, მაგრამ ის ფიქრობდა არა ვახტანგზე, არამედ მის შვილზე. აქამდე თუ ეგონა, თავის ჭკუაზე ატარებდა, ახლა ხედავდა, ეს წითური ეშმაკი მარტო ივანეს კი არა, მთელ ბატალიონს დააწყობდა და ფეხზე ატრიალებდა. -ყალბ პასპორტებს ვინ აგვარებდა? - არ ეშვებოდა გოგონა. -რა? - დაიბნა კაცი მოულოდნელი კითხვისგან. -ლიეტუის და პოლონეთის პასპორტებს ვგულისხმობ. ვინ აკეთებდა მათ? -პასპორტების ამბავი ვიცი, მაგრამ მე არავითარი შეხება მაქვს მასთან. მაგ საკითხზე მაიკო კაკაბაძეს დაურეკე. -მაიკოს ტურისტულიდან? -კი იმ ქერა ქალბატონს - ირონიულად ჩაიღიმა ივანემ. -შენ არ მოგწონს მაიკო? - ანას კაცის სახის ცვლილება არ გამოპარვია. საინტერესო იყო რა ვერ გაიყვეს კახიძის ორმა მარჯვენა ხელმა ერთმანეთში. -არ მომწონდა. არც ახლა მომწონს. ვახტანგის სიკვდილის შემდეგ ცხვირი არ ჩამაყოფინა ტურისტულ ბიზნესში და კაცმა არ იცის, რა ხდება ახლა იქ. -ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი გადავამოწმებინე. მოგება არის, ცოტა მაგრამ სტაბილური. -შენ გადაამოწმე? შენ რა იცი მაგის? - ივანემ ჩათვალა, ახლა დრო იყო თავისი თავი შეეთავაზებინა. ნარკოტიკების გადაზიდვის საქმე, ვახტანგის სიკვდილის შემდეგ, დიდი ალბათობით, ვეღარ გაგრძელდებოდა. ივანე უსაქმოდ რჩებოდა. თუ ანას დაარწმუნებდა და მაიკოს მოიშორებდა, ტურისტული ბიზნესი შერჩებოდა ხელში. ლეგალური და უსაფრთხო. -არა, მე არა. ბუღალტერი და ადვოკატი დავიქირავე, რომლებიც ამ საქმეს მიხედავენ. ერთი ბიზნესი მაინც მჭირდება ლეგალური და სუფთა. გარდა ბიზნესისა, კიდევ რა აკავშირებდათ მამაჩემს და მაიკოს? ნირწამხდარი ივანე ჭორაობის ხასიათზე ნამდვილად არ იყო. ანასტასია მას ძალაუფლების გამტკიცების ყველა გზას უჭრიდა, რაც ხასიათს უფუჭებდა კაცს. -ძია ივანე, რა ურთიერთობა ქონდა მამას და მაიკოს? - კითხვა გაუმეორა ანამ ჩაფიქრებულ მამაკაცს და გამოაფხიზლა. -ისინი ერთად მართავდნენ ტურისტულ კომპანიას. პასპორტებზეც ერთად მუშაობდნენ. ახლოს იყვნენ. მაიკოს სამი შვილი ყავს და მარტო ზრდის მათ. მამაშენი მას ყოველთვის ეხმარებოდა.- კაცი ლაპარაკის ხასიათზე არ იყო. სკამზე ვერ ისვენებდა. -კარგი ძია ივანე, მადლობა დახმარებისთვის. ახლა დედას ჩაიზე დავეწვიოთ, გველოდება დიდი ხანია. ანასტასია ფეხზე ადგა და კარისაკენ გაუძღვა სტუმარს. ანას ტკივილისგან თავი უსკდებოდა. ლუკასთან სასწრაფოდ უნდა დაერეკა, მაგრამ ჯერ ეს კაცი უნდა მოეშორებინა თავიდან მშვიდობიანად. ტაისონი ივანეს ზურგს უკან მიაბიჯებდა. კაცი მის ცხელ სუნთქვას ფეხებზე გრძნობდა. ტანში ჟრუანტელი უვლიდა და იცოდა, ერთი ზედმეტი მოძრაობაც საკმარისი იქნებოდა მის დასახრჩობად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.