შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი ფოსტით (თავი 4)


29-12-2022, 09:19
ავტორი კი პრი
ნანახია 767

11 თავი
გამომძიებელი ბიძინა სოხაძე თავის პატარა კაბინეტში იჯდა. ბოლო ოცდაათი წელია, ამ ოთახს ვერ გაცილდა. თავიდან დღე და ღამე დარბოდა და მთელ ენერგიას ახმარდა საქმეს. მისი შრომა არავინ დაინახა. ხოდა ახლა ცდილობდა პენსიამდე მშვიდად მიეღწია. ეცხოვრა ხელფასიდან ხელფასამდე. მსუბუქი საავტომობილო შემთხვევები, ძარცვები და წვრილმანი ხულიგნობები შესაფერი საქმეები იყო ხანში შესული ღიპიანი ბიძინასთვის. მაგრამ ვინ შეარგო ეს ბედნიერება. ვახტანგ კახიძის მკვლელობის საქმე შეაჩეჩეს. ეს კიდევ არაფერი, გაწელავდა, გამოწელავდა და ბოლოს თაროზე შემოდებდა. მაგრამ კახიძის შვილი, ის წითური ეშმაკი და მისი ადვოკატი ლუკა ამაშუკელი არ ასვენებდნენ. ნარკოტიკებიო, ყალბი პასპორტებიო, მუქარის წერილიო, რა ჯანდაბა უნდოდათ ამ ახალგაზრდებს. მოკლეს კახიძე და ალბათ სასიკვდილო იყოო - ფიქრობდა გამომძიებელი - ტყუილა არავინ გაირჯებოდა. ახლა კი ჩემი თავში სახლელიაო.
საპენსიოდ გამზადებული და უკვე ძალიან დაღლილი ბიძინა ცოტა ხანს ფიქრობდა. ხელს ხან შუბლთან მიიტანდა და საფეთქელს იზილავდა. ხან მუცელზე ჩამოისვამდა და ხანაც მაგიდაზე უკაკუნებდა. მერე თითქოსდა გონება გაუნათდაო, ჩაიღიმა და მობილურ ტელეფონში ვიღაცის ნომერი მოძებნა. პირველივე გაბმული ზარის შემდეგ ტელეფონში როხროხა ხმა გაისმა.
-ბიძინა დაკარგულო, როგორ ხარ? - მამაკაცი მთელ ხმაზე ყვიროდა.
-კარგად თამაზ, ველოდები პენსიას. შენ როგორ ხარ?
-მეც ძველებურად. დავდევ ნარკობარონებს, თითქოს კოლუმბიაში ვიყო. არადა უკვე მეც მალე მომივა პენსიის ასაკი. მერე დავსხდეთ მე და შენ და ვწიოთ ჩიბუხი ფეხიფეხ გადადებულმა. - თამაზმა როხროხი შეწყვიტა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. - შენ მარტო მოსაკითხად არ დაგირეკავს ხო?
- ხო - მოკლედ უპასუხა გამომძიებელმა. - რაღაც გავიგე და უნდა გითხრა აუცილებლად. ტელეფონით მოგიყვე თუ შეგხვდე?
- მიდი მოყევი, ნუ ნერვიულობ, ჩემი ტელეფონი არ ისმინება - ყურმილში ისევ როხროხის და ჟღარუნის ხმა გაისმა. ბიძინას ეჭვი ეპარებოდა, რომ თამაზი რამეს მოუსმენდა.
-თამაზ, ვახტანგ კახიძის სახელი გაგიგია? ტურისტული ბიზნესი ქონდა. საზღვარგარეთის ტურები, ბილეთები, გზავნილები და სასტუმროები.
-გამიგია ბიძინა, ვიცი ვინც იყო.
ბიძინამ გაოცებისგან პირი დააღო. ნამდვილად არ ეგონა, თამაზი ბიზნესმენებს თუ იცნობდა.
-ეგ ხომ მოკვდა? - საუბარს აგრძელებდა ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროსი.
-მოკლეს - მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა.
-მოკლეს? ვინ მოკლა კაცო? - გულწრფელად გაუკვირდა თამაზს.
-ეგ რომ ვიცოდე ახლა ამ დღეში კი არ ვიქნებოდი. - თავისი ტკივილი გულწრფელად ხმამაღლა თქვა გამომძიებელმა.
-შენ იძიებ მის სიკვდილს?
-ხო, მე...კონვერტით ჯილეხის ზეაქტიური ჩხირი მიიღო, დაავადდა და მოკვდა. მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ საინტერესო რამეები ამოვიდა ზედაპირზე. ავღანეთიდან ნარკოტიკი შემოდიოდა. ვახტანგ კახიძე თავისი გადამზიდი კომპანიით, პოლონეთში ატარებდა. ფულსაც კახიძე იღებდა და ანაწილებდა.
-შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი? - თამაზის ხმაში დაინტერესება იგრძნობოდა.
-მე კახიძის მკვლელობის საქმეს ვიძიებ და მისი მარჯვენა ხელისგან გავიგე ეს ამბავი. ის ადევნებდა თვალს მთელ ოპერაციას საქართველოში, ვინმე კახასთან ერთად. - ბიძინამ ერთი წამი პაუზა გააკეთა. მართალია ეს ყველაფერი თავიდან ანასგან გაიგო, მაგრამ მისი სახელი არ ახსენა, მიუხედავად იმისა რომ ვერ იტანდა ამ წითურ გოგოს, მის მიმართ რაღაც სიმპატიას მაინც გრძნობდა. უყვარდა მიზანდასახული და მებრძოლი ქალები. ანა კი მის თვალში ასეთი იყო.
-ვინ იყო კახიძის მარჯვენა ხელი?
-ივანე ხაზარაძე.
-კახა ვინაა?
-არ ვიცი. ისიც ვიცი რომ ვიღაც „კრიშავს“ ამ ბიზნესს მაგრამ ვინ, არ ვიცი.
-საინტერესოა... - თამაზის ბუბუნა ხმა აღარ ისმოდა, მაგრამ მისი ღრმა სუნთქვით ბიძინა მიხვდა, რომ მისი მეგობარი ფიქრობდა.
-როგორ გგონია, მათ მოიშორეს კახიძე?
-არამგონია. მაგათ რათ უნდოდათ კახიძის მოკვლა. აწყობილ საქმეს საფრთხეს რატომ შეუქმნიდნენ? თუ რამე მოხდა და მისი მოკვლა დაჭირდათ, არამგონია ფერება დაეწყოთ და წერილები ეგზავნათ. აიღებდნენ იარაღს და შუბლს გაუხვრიტავდნენ. ისე დამალავდნენ მის გვამს, მამაზეციერი ვერ იპოვნიდა.
-ხო, სწორია, სწორი - აბუბუნდა ისევ თამაზი - კიდევ რამე ხომ არ ქონდა მიქარული მაგ კახიძეს?
-ქონდა ჩემო თამაზ, ქონდა. პოლონეთის და ლიეტუის ყალბი პასპორტები იყო მის კაბინეტში. შვილმა, არაფერი ვიციო. ცოლი საერთოდ დედამიწაზე არ არის. არათუ რამე გაეგება ქმრის საქმეების შესახებ. თვითონ მკვდარია და ვისთან ამზადებდა სად ჯანდაბიდან გავიგო?
-გაიგებ ბიძინა, გაიგებ. იმ ივანემ არაფერი იცის პასპორტებზე?
-არაო და ჯერ არ მინდა უფრო მივაწვე. სულ არ დავაფრთხო.შენ ჯერ ნარკოტიკების ამ ხაზს მიხედე და კახიძის სიკვდილის ამბის გარკვევას მერეც მოვასწრებთ.
-ძმა ხარ ბიძინა. შენ ცოტა ხანი იყუჩე და მერე შეუდექი შენებურად. ბებერი ხარის რქაც ხნავსო, ხომ გაგიგია. ხოდა პენსიის წინ ერთი შენებურად შეუბერე.
-კარგად იყავი ჩემო თამაზ, მომიკითხე ცოლ-შვილი - ღრმად ამოისუნთქა გამომძიებელმა და მოეშვა. -კარგად ძმაო, კარგად - კმაყოფილმა ბიძინამ ტელეფონი გათიშა. სახეზე ღიმილი არ შორდებოდა. საქმე სანახევროდ მოგვარებულად ჩათვალა. კაბინეტი მოათვალიერა და რამდენადაც შეეძლო სწრაფად წამოხტა ფეხზე. იარაღი თეძოზე შეისწორა და ოთახი დატოვა.

12 თავი
ელიტარული რესტორანი „ლა ფელე“ მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის და ელიტისთვის იღებოდა. მისი კაბინეტები ერთმანეთისგან იზოლირებული იყო და სტუმრები თუ სპეციალურად არა, შემთხვევით ნამდვილად ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. რესტორნის პერსონალსაც ბევრი რამე ენახა და მოესმინა, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდნენ. კარგად იცოდნენ, რომ ინფორმაციის სულ მეათასედი ნაწილის გაჟონვა და ცოცხლებში აღარ ეწერებოდნენ.
ლამაზ შავთვალა გოგონას გაუკვირდა, როცა ოთახში მხოლოდ ორი მამაკაცი იჯდა და უბრალოდ სადილობდა. უმრავლეს შემთხვევაში ამ ორს, სამი ან ოთხი ქალბატონი ახლდა ხოლმე. ისეთი ქალბატონები, ტელევიზიით ხშირად რომ ჩანდნენ ხან სილამაზისადმი მიძღვნილ და ხანაც ყვითელ გადაცემებში.
მამაკაცები რესტორნის პერსონალის გასვლას დაელოდნენ და ჩურჩული განაგძეს.
-ჩემო კახა, მისახედია ეგ ივანე აუცილებლად. საინტერესოა კიდევ ვისთან რა დააყრანტალა. კახიძის მხრიდან კიდევ ვინ იცის ნარკოტიკების ამბავი.
-თამაზ, თამაზ, - უფრო ახალგაზრდამ ღვინის ჭიქა შეატამაშა ხელში - შენ ბერდები და მშიშარა ხდები. შენი ბევრი საგმირო საქმე გამიგონია.
-ვბერდები და მეშიანი. მშვიდად მინდა გავატარო ბოლო წლები.
-თუ საჭირო გახდა კახიძის ცოლ-შვილსაც გავაქრობ, მაგრამ არამგონია დამჭირდეს. ის გოგო ექიმობაზეა გადარეული. კიდია მამამისის ბიზნესი. ცოლს მთავარია ფული არ მოაკლდეს და კახიძეს იმდენი ექნება დატოვებული, რომ მთელი ცხოვრება ეყოფა.
-ისე ვინ მოკლა ვახტანგი? - ჭამის ხასიათზე არ იყო თამაზი. უყურებდა მის წინ მჯდომ ახალგაზრდა კაცს და გულზე სკდებოდა, რომ მისი ასაკის აღარ იყო.
-მე ნაღდად არა ძმაო. - ხელები გაშალა კახამ - მაგ კაცის სიკვდილი საერთოდ არაფერში მჭირდებოდა. ივანე უნდა დავითრიო და დედა მ......
-შენ გოგოებთან რა კულტურულად საუბრობ და ცალკე რა გემართება ხოლმე? - თამაზს აღიზიანებდა ამ ბიჭის ქცევები, ქუჩური საუბრები და უწმაწური ლექსიკონი.
-რა იყო თამაზ, ახლა ჩემი ლექსიკა აღარ მოგწონს? - კახამ ხელები თეთრი ხელსახოცით გაიწმინდა. ფეხზე წამოდგა და თავისი ნივთების ალაგება დაიწყო. - მე წავალ, ივანეს მოვინახულებს. ალისაც შევეხმიანები და მაგ „კანალს“ აქეთ გადმოვიტან. მერე „ბიძას“ უნდა შევხვდე, ქვეყნიდან გატანის ახალი სქემა უნდა მოვძებნოთ.
-დამირეკე და გამაგებინე რას იზამ. - თამაზმა ქევიდან ახედა ფეხზე მდგომ ახალგაზრდა კაცს.
-ბიძა დაგირეკავს, ან მე - მოკლედ მოუჭრა ახალგაზრდამ და რესტორანი დატოვა.

13 თავი
ანასტასიამ სიამაყით და სევდით შეხედა მამამისის ტურისტული კომპანიის შენობის ფანჯრებს. სამუშაო დღე სრულდებოდა და ბინდი იპარებოდა. საღამოსპირზე უფრო ლამაზი ეჩვენა ფანჯრებიდან გამოსული ჭაღის ანარეკლი. სულ პატარა იყო, როცა მამამ ამ ჭაღის შესარჩევად წაიყვანა ანა. ამბობდა, რომ მისი ჟღალი გოგო აარჩევდა ახალი კომპანიის თილისმას. ანას გული დაწყდა, რომ აქ ხშირად არ მოყავდა მამას. მკერდში სპაზმი იგრძნო. უხმოდ და სწრაფი ნაბიჯით აირბინა რამდენიმე კიბე და ვახტანგის საამაყო კომპანიაშიაში შედგა ფეხი. სამუშაო საათები სრულდებოდა. თანამშრომლები წასასვლელად ემზადებოდნენ, ამიტომ ანასთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მხოლოდ ახალგაზრდა გოგონამ მოკრა თვალი კარებში ჩამდგარ ანასტასიას და მის თანმხლებს.
-მობრძანდით, შეიპატიჟა გოგონამ სტუმრები - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-მაიკო კაკაბაძეს ვეძებ - გაუღიმა ანასტასიამ მასპინძელს, რომელსაც შიშნარევი მზერა გადაქონდა ანას თმიდან თვალებზე.
-ქალბატონ მაიკოს ახლავე შევატყობინებ - ქუსლებზე შეტრიალდა გოგონა და პატარა დერეფანში გაუჩინარდა. ორ წუთში კი მასზე რამდენიმე წლით უფროს ქალთან ერთად გამოჩნდა. ანას ქალბატონი მაიკო რამდენჯერმე ყავდა ნანახი, მაგრამ არ ახსოვდა ასეთი ლამაზი თუ იყო. კეფაზე აწეული თმა მაღალ ყელს ხაზს უსვამდა და უფრო ლამაზს უჩენდა. უჩვეულო ჭაობისფერი თვალები და პატარა ცხვირი იშვიათ კონტრასტს ქმნიდა.
-ანასტასია - დანახვისთანავე იცნო მაიკომ სტუმარი - მობრძანდი. გელოდებოდი.
-გამარჯობა ქალბატონო მაიკო, ეს ჩემი ადვოკარი ლუკა ამაშუკელია. თქვენთან საუბარი მინდოდა. - ცივად იღიმოდა ანასტასია.
-დიახ, ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს, პროკურატურაში შევხვდით, გამომძიებელთან შესვლამდე - საუბარში ჩაერია ლუკა და მაიკოს გაუღიმა.
-წამობრძანდით ბატონი ვახტანგის კაბინეტში, იქ ვისაუბროთ - სტუმრები შეიპატიჟა მასპინძელმა და დერეფანში გაუძღვა.
ვახტანგ კახიძის კაბინეტში წესრიგი სუფევდა. ალბათ გამომძიებლის წასვლის შემდეგ დაალაგებინა მაიკომ. ანამ სავარძელს ხელი გადაუსვა. მამას სუნი შერჩენოდა თითქოს. ანასტასიას უყვარდა ამ სავარძელში ჯდომა, როცა აქ მოდიოდა ხოლმე, მაგრამ ასეთი დღეები ძალიან ცოტა ახსოვდა.
-ანასტასია გისმენ ძვირფასო, საბუთების ნახვა გინდა? - ფიქრებიდან მაიკოს ხმამ გამოიყვანა ანა. ქალი იდგა და იღიმებოდა, თუმცა ამ ღიმილის უკან შიში ჩანდა. რაღაც ამოუხსნელი დანაშაულის შიში. შიში, რომელიც მაიკოს ყველაფერს გააკეთებინებდა. მას სამი შვილი ყავდა, მარტო უვლიდა მათ და მათი უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქალისთვის.
-არა მაიკო, ჩვენმა მეგობარმა ფინანსები შეამოწმა და პრობლემა არ გვაქვს. იურიდიულ საკითხებს ლუკა მიხედავს. შენგან მაინტერესებს, რა ხდება აქ?
ანასტასია მამამისის მაგიდასთან, მის სავარძელში იჯდა და ძალაუფლებას ასხივებდა. მაიკოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ვახტანგ კახიძე ესაუბრებოდა ამ გოგოს პირით, მაგრამ მასზე უფრო მკაცრი და მტკიცე ხმით. მაიკო ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ადგილს ვერ პოულობდა. დაბნეულმა მიიხედ-მოიხედა და სავარძელზე ჩამოჯდა. აღარ იცოდა ხელები სად წაეღო. თავდაჯერებას აკარგვინებდა ეს წითური გოგო.
-ანასტასია ძვირფასო, აქ ყველაფერი რიგზეა. ტურების შეკვეთები მუდმივად იზრდება. გზავნილებზეც არ გვაქვს პრობლემა, სასტუმროებიც მოგებაზე მუშაობენ.
-პასპორტებზე რა ხდება? - საუბარი გააწყვეტინა ანამ და გაუღიმა.
-პასპორტები? რა პასპორტები? - მაიკო ამ კითხვას არ ელოდა, მაგრამ დაბნეულობა მალევე გადაიტანა - ტურისტები პასპორტებს თუ გულისხმობ, ისინი....
-არა მაიკო. შენ იცი რა პასპორტებსაც ვგულისხმობ. - ანას თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა. მის თმას ცეცხლი ეკიდა და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა ქალს.
-შენ საიდან იცი პასპორტები?
-სახლში ვიპოვნე. უამრავი. ახლა მაინტერესებს ვინ და როგორ ამზადებდა მას.
-მე და ვახტანგი ვამზადებდით...- გულახდილად თქვა მაიკომ და ამოისუნთქა, თითქოს გულზე მოეშვა.
-კლიენტებს საიდან პოულობდით? სად ამზადებდით? - მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა ლუკამ. მისი იქ ყოფნა უკვე დავიწყებოდათ ქალებს.
-ჩემი ბიძაშვილი ბეჭდავდა სტამბაში. მსურველებსაც მე ვხვდებოდი. ვახტანგი მხოლოდ დამხმარე იყო ამ საკითხში.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. თითოეულის ტვინი გამალებით მუშაობდა. პირველმა ხმა მაიკომ ამოიღო, მას ყველაზე ძალიან აფიქრებდა შექმნილი მდგომარეობა.
-პოლიცია იძიებს ამ საქმეს?
-ალბათ დაინტერესდებიან ამ საკითხითაც. ინფორმაცია აქვთ და დაგკითხავენ.
-რა ვქნა? - სასოწარკვეთილი მაიკო შველას ლუკასგან ითხოვდა.
-ჩვენ არ გადებთ შენ ხელს. არ ვიტყვი რომ რამე ვიცი. ეს ჩვენს ინტერესში არ შედის, დანარჩენი მათი საქმეა, თუ გამოიძიებენ, ადვოკატი დაგჭირდება. ჩემი რჩევაა ახლავე იპოვნო კარგი ადვოკატი.
-სულ რამდენი პასპორტი გაკეთდა? -ანას ახლა პასპორტების პატრონები უფრო აინტერესებდა, ვიდრე მაიკოს გაურკვეველი მომავალი. - ვინ არიან ეს ხალხი?
-მე მაქვს სრული სია. ვისთვისაც არ მიგვიცია პასპორტი, მათ ფულს დავუბრუნებ.
-გაქვს ფული? თუ არ გაქვს, მოგცემ. სია კი ახლავე მჭირდება, თითოეული მათგანის ადგილსამყოფელი უნდა გავარკვიო. ვინ სად არის და რას აკეთებს. - ანას ხმაში მოუსვენრობა დაეტყო. სკამზე აცქმუტდა.
-მადლობა ანა, მე თავად გადავიხდი. ერთი წუთით დაგტოვებთ და საქაღალდეს მოვიტან.
მაიკო წამოდგა, სული ეხუთებოდა, გარეთ გასვლა უნდოდა. ანას წითური თმა ჰაერს უხშობდა და ახრჩობდა. ახლა მთავარია ამ ოთახიდან გასულიყო, მერე რა ელოდებოდა ამაზე მოგვიანებით იფიქრებდა. თავის კაბინეტში ორიოდე წამი შეჩერდა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და უჯრიდან თხელი საქაღალდე ამოიღო. მისი შვილების მომავალი შეიძლება ამ ფურცლებზე ყოფილიყო დამოკიდებული. ახლა კი ამ საგულდაგულოდ შენახულ პანდორას ყუთს თავისი ხელით ხსნიდა.
ანა მამას კაბინეტში გადი-გამოდიოდა. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა და მაიკოს მოსვლას ელოდა.
-ანა- ფიქრი შეაწყვეტინა ადვოკატმა გოგონას. კომპანიის ბურალტერია სესილიას ჩააბარე, ორივესთვის კარგი იქნება. შენ საიმედო პარტნიორი გეყოლება, მას კი შემოსავლის კიდევ ერთი წყარო დაემატება. ამასთან ეს მისი კარგი რეკლამა იქნება, ახლა დგამს დამოუკიდებლად ნაბიჯებს.
ანასტასიას გაეღიმა. ამაზე თვითონაც ფიქრობდა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ ქონდა. ლუკა თითქოს მიხვდა მის აზრებს და გაახმაურა.
-თუ არ შეწუხდები შენ მოაგვარე ეს საკითხი. თუ თანახმა იქნება დეტალებზე მოვილაპარაკებთ.
გოგონას ტვინი სინათლის სიჩქარით მუშაობდა, ახლა ტურისტული კომპანიის ბურალტერია ნაკლებად აინტერესებდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ხვალ მზად უნდა ყოფილიყო მის სამართავად.
-როგორ ფიქრობ, ღირს ამ ხალხის მოძებნა? - მიუბრუნდა ანა ადვოკატს და ფანჯრის ქვეშ მდგარ მანქანაზე გადაიტანა მზერა.
-პასპორტების პატრონებს გულისხმობ? - დააკონკრეტა ლუკამ.
-ხო მათი. მე მგონია რომ მათი გადამოწმება ღირს.
-გეთანხმები - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ლუკა გვერდით ამოუდგა ფანჯარასთან მდგომ ანას.
-შენც ამ მანქანამ დაგაინტერესა? - თვალით ანიშნა ვერცხლისფერ მერსედესზე ლუკამ.
-ამ მანქანას უკვე მეორედ ვხედავ დღეს. გუშინ საღამოს ტაისონს რომ ვასეირნებდი, ჩემს სახლთან იდგა. რამეს დაშავება რომ უნდოდეს მშვენიერი სამიზნე ვიყავი. საინტერესოა, ვინ არის და რატომ დამყვება.
-ჯერ საშიში არაა ანა, მაგრამ ფრთხილად იყავი, ტაისონის გარეშე სასეირნოდ მარტო არ გახვიდე. არავის მიუახლოვდე და საერთოდაც ბევრს ნუ ივლი. მე უკვე ვცდილობ გავიგო ვინ არის და რა უნდა.
-არ მეშინია - ანას თავდაჯერებულობამ ღიმილი მოგვარა ლუკას. აღარაფერი თქვა და კარებში შესულ მაიკოსკენ გადაიტანა მზერა.
-სულ რამდენია ქალბატონო მაიკო? - საკმაოდ სქელი საქაღალდე ჩამოართვა ადვოკატმა ქალს და გადათვალიერება დაუწყო.
-სულ 78 ადამიანია, ვისაც პასპორტები დავუმზადეთ. აქ ყველას მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა საკონტაქტო ინფორმაციაა. ალბათ ზოგიერთი საქართველოშიც იქნება. ზოგი არა. თუმცა მონაცემებით მაინც შეძლებთ მათ მოძებნას. - ქალხ ხმაში სიმტკიცე ეტყობოდა. პირველ დაბნეულობას გადაევლო და საბრძოლო მდგომარეობას დაბრუნებოდა.
-ანა ძვირფასო, რამის შეცვლას აპირებ კომპანიაში? - მიუბრუნდა ფანჯარასთან მდგარ ანას მაიკო.
-ჯერ არა, მამას მემკვიდრეობას ოფიციალურად რომ მივიღებ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებ. ჯერ-ჯერობით ყველაფერი ძველებურად რჩება. - ანამ კაბინეტს მოავლო თვალი - მოვა დრო და ყველაფერს მივხედავ.
მაიკოს ტანში სიცივემ დაუარა. ეს გოგო კარგს არაფერს აპირებდა და მომავლის ეშინოდა ცხოვრებაში საკმაოდ გამოცდილ ქალს. ეს უსიამოვნო შეგრძნება მანამდე გაყვა, სანამ ანასტასიამ კომპანია დატოვა და ადვოკატის მანქანაში მიიმალა. მერე თითქოს ყველაფერი ძველებურ რეჟიმში დაბრუნდა.

14 თავი
სესილი თავის პატარა კაბინეტში იჯდა. თმა ფანქრით აეკეცა და მეორე ფანქრის ბოლოს ტუჩებზე იკაკუნებდა. თავი სკამის საზურგეზე მიეყრდნო და რაღაცაზე ფიქრობდა. უამრავი სამუშაო ქონდა. მუშაობდა კიდეც ძალიან ბევრს და მისი პატარა კომპანიაც წინ მიიწევდა. ტელეფონის ზარმა სკამზე შეახტუნა. ლუკას ნომრის დანახვაზე ღიმილმა გადაკრა სახეზე. ეს ბიჭი ისე შემოიჭრა მის ცხოვრებაში, რომ ვერც მიხვდა, მაგრამ რას მოუტანდა ეს ურთიერთობა. არაფერი იცოდა მისი გრძნობების შესახებ. ტელეფონს დახედა, პატარა თითი ეკრანზე გაასრიალა და ხმამაღალზე ჩართო.
-სესილია სამსახურში ხარ? - მოისმა ტელეფონში.
სესილიას გაეცინა, აბა სად იქნებოდა სამსახურზე გადარეული გოგო.
-აქ ვარ. მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა. შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. არ გინდა თმის ჩამოშლა, ეგ ფანქარი ძალიან გიხდება...
სესილიამ თავი აწია და კარებში ჩამდგარ ადვოკატს მოკრა თვალი, რომელიც თავისი დიდი ნაბიჯებით წამებში მიუახლოვდა მაგიდას და მოწნული კალათი შემოდგა ზედ.
-ეს ყავა და შოკოლადი შენ. ამით მოლაპარაკებას დავიწყებთ. - დაიწყო კალათის ამოლაგება ადვოკატმა - თუ წარმატებით დავასრულებთ, ვისკით აღვნიშნავთ - „ჯეკ დანიელსი“ და ორი ჭიქაც ამოაძვრინა ლუკამ. - თუ დამთანხმდები რომ ჩემი შეყვარებული იყო, აი იმ ვარდებსაც მოგართმევ.
ლუკამ კაბინეტის შემოსასვლელისკენ ანიშნა. სესილიამ მზერა გააყოლა და უზარმაზარ ვარდების თაიგულს მოკრა თვალი.
-აბა რას იტყვი? - ადვოკატი ისე ნერვიულობდა, თითქოს პირველ პროცესზე გამოდიოდა სიტყვით. თითქოს ისევ ახალბედა იყო და მოსამართლის წინაშე ფეხები უკანკალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
-ვარდებით და შეყვარებულობით რომ დავიწყოთ? - ფეხზე წამოდგა სესილია. სულ დაავიწყდა თმაში გარჭობილი ფანქარიც და მაგიდის ქვეშ შეყრილი ფეხსაცმელებიც. დიდ თაიგულთან ჩაიმუხლა და ცხვირი მასში ჩარგო.
-გითხრა როგორი ლამაზი ხარ და როგორ მიყვარხარ? - სიწითლე შეეპარა ადვოკატს ყურებზე.
-სასიამოვნო მოსასმენი იქნება, მაგრამ ისეთი ფერი გადევს, მალე წაიქცევი, ამიტომ ჩამოჯექი და ამოისუნთქე.
სესილიას წინადადება დამთავრებული არ ქონდა, ისე დაიკავა ლუკამ სავარძელი და ღრმად ამოისუნთქა. ერთი ხელი მკლავში ჩაავლო გოგონას და გულზე მიიხუტა. ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი. რამდენი ხანი ოცნებობდა ამ წუთზე და არ ეგონა ასე ადვილი თუ იქნებოდა.
-ძალიან მიყვარხარ - მკერდზე თავმიდებულ სესილიას ბაგეს ორი სიტყვა მოწყდა. ლუკამ ყურებს არ დაუჯერა. ქალის პაწაწინა სახე თავის დიდ ტორებში მოიქცია და ბაგეზე ოდნავ შეეხო.
კიდევ დიდხანს იქნებოდა სესილია გატრუნული, ადვოკატს ხმა რომ არ ამოეღო.
-ანასტასია კახიძეს უნდა შენთან თანამშრომლობა. მთელ მის ფინანსებს შენ უნდა მიხედო. სასტუმროები, ტურები, გადაზიდვები. გესმის შენ ეს რამხელა საქმეა? - ლუკას თვალები უციმციმებდა - აბა რას იტყვი?
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა- დაბნეული სესილია მამაკაცის მუხლებიდან წამოხტა და წინ და უკან სიარული დაიწყო. ადგილს ვერ პოულობდა, ემოციების დახარჯვა და ორთქლის გამოშვება ჭირდებოდა. ამდენი სასიამოვნო ამბავი ერთად კი არა, ცალ-ცალკეც არ მომხდარა დიდი ხანია მის ცხოვრებაში.
-მაშინ ვისკს ვხსნი - ლუკამ ჭიქები შეავსო - მე სხვა თანმიმდევრობით წარმომედგინა ყველაფერი. ჯერ საქმე, მერე ვისკი და ბოლოს სიყვარულის ახსნა. მაგრამ „სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა“ - ხარხარებდა აცქმუტებული ადვოკატი და თვალები უციმციმებდა ბედნიერებისგან.
15 თავი
ქალბატონ ინგას ძალიან აშინებდა შვილის მომავალი, რომელიც მამამისის კაბინეტიდან ცხვირს არ ყოფდა. ან კომპიუტერთან იჯდა და რაღაცას იქექებოდა ან ტელეფონზე საუბრობდა. ტაისონს გვერდიდან არ იშორებდა და გარეთ მის გარეშე არ გადიოდა. ისედაც თავის თავში ჩაკეტილი გოგო, ახლა ორ სიტყვას არ ეუბნებოდა დედას. ინგამ რამდენჯერმე გაიგონა როგორ ესაუბრებოდა ლუკას, მაგრამ შინაარსი ვერ გაიგო. მთავარია ეს ორი ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებოდა, ეს კი იმედს აძლევდა ქალს, იქნებ მათ შორის რამე დაწყებულიყო. დიდხანს ფიქრობდა კახიძის ქვრივი დალაპარაკებოდა თუ არა ალექსანდრესა და მის მეუღლეს, მაგრამ თავს იკავებდა. აქეთ უნდა შეხვეწნოდნენ ამაშუკელები დამოყვრებას. მეორეს მხრივ, ქალბატონი ნინოს შვილის, გიორგის კანდიდატურასაც განიხილავდა ინგა, მაგრამ ანასტასიას ვერაფერს უმხელდა. ამაშუკელებთან სტუმრობა გარდაუვალი იყო, ამიტომ კაბებს არჩევდა და შესაფერის სიტყვებს ალაგებდა. ოთახში ისე გადი-გამოდიოდა, ანასტასიას ყურადღება მიიქცია.
-სადმე მიდიხარ დედა? - ვერ დამალა ინტერესი ანამ.
-კი ამაშუკელებთან. ნინას ნახვა მინდა. იქნებ ლუკაც იყოს სახლში. - ლუკას ხსენებაზე ყურაღებით დააკვირდა შვილს, მაგრამ მას კუნთი არ შეტოკებია. ბუნებრივად ჩათვალა ინგას ადვოკატისადმი ინტერესი.
-მომიკითხე- მხოლოდ ეს უთხრა და ისევ კაბინეტში შეიკეტა.



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან საინტერესო ისტორიაა. ვფიქრობდი ანასტასია და ლუკა წყვილი იქნებოდა,მაგრამ სესილი და ლუკაც კარგი წყვილი იქნება. ნარკოტიკები,ყალბი პასპორტები-საშიში და სახიფათო საქმე ჩანს და იმედია ანასტასიას და შეყვარებულებს ყველაფერი კარგად ექნებათ.წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი Maia G.

არაჩვეულებრივი თავია,დიდ თავსატეხს შეეჭიდნენ ჩვენი გმირები და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება.გამეხარდა ასე მალე რომ დადეთ ახალი თავი.წარმატებები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent