შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი ფოსტით (თავი 5)


30-12-2022, 23:32
ავტორი კი პრი
ნანახია 987

16 თავი
ქალბატონმა ნინამ გადაწყვიტა ნამდვილი ძველ თბილისური მასპინძლობა გაეწია ინგა კახიძისთვის და იშვიათი სახის ჩაი დააყენა. კაკლის მურაბაც გამოაძვრინდა და ძველებური ფაიფურის ჭურჭლით გააწყო მაგიდა. კმაყოფილმა მოათვალიერა ოთახიდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ აქ პროვინციელების ადგილი არ იყო. მის სახლში ის ქერა ქალბატონი ფეხს ვერ მოადგამდა. შვილი მას აუცილებლად დაუჯერებდა. როგორმე ლუკა სალაპარაკოდ უნდა მოეგდო ხელში. სესილიას არსებობა სიცოცხლეს უწამლავდა ქალს და მოსვენებას არ ძლევდა.
ინგა კახიძე საგანგებოდ გამოწყობილიყო ამაშეკელებთან სტუმრობისთვის. შავ კაბაზე მარგალიტებით დამშვენებული ოქროს გულსაბნევი ეკეთა, რაზეც იდეალურად ქონდა შეხამებული მარგალიტის საყურე და ბეჭედი. სადად მაგრამ მდიდრულად ეცვა კახიძის ქვრივს. პირველი შედეგი მიღწეული იყო. ანასტასიას „ფეთხუმობას“ მისი ელეგანტურობა გადაწონიდა, რაც დაარწმუნებდა ამაშუკელებს რომ მათი მომავალი რძალი დედასავით დახვეწილი გახდებოდა.
მცირეოდენი მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ქალბატონმა ინგამ ნიადაგი მოსინჯა.
-ნინა ძვირფასო. ლუკა და ანასტასია ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს, რაც ძალიან მახარებს და მაიმედებს....- ნათელამ თვალები გადაატრიალა, ნინას სახეზე ცნობისმოყვარეობის ღიმილმა გადაკრა.
-ალბათ ვახტანგის საქმესთან დაკავშირებით, თუ სხვა რამეც ხდება? - ინტერესი ვერ დამალა მასპინძელმა.
-არ ვიცი ზუსტად ძვირფასო. შენგან მინდოდა გამეგო სასიკეთო ამბები. დედის გული ვერ მშვიდდება. იმედი მაქვს, ღმერთმა ისმინა ჩემი თხოვნა.
ნინა ამაშუკელი ანასტასიაზე არ გიჟდებოდა. მისი შვილისთვის უფრო შესაფერისი კანდიდატურა უნდოდა, მაგრამ პროვინციელ სესილიას ნამდვილად ჯობდა. გული ტკიოდა, რომ მის შვილს „ქალებში გემოვნება არ უვარგოდა“ და დედისნაირ დახვეწილ გოგონას არ ეძებდა. არადა ლუკა იდეალური ქმარი იქნებოდა. იქნებ „წითურსაც“ ესწავლა საზოგადოებაში ქცევის ნორმები დროთა განმავლობაში.
-ნამდვილად თბილი ოჯახი ექნებათ. ექიმი ცოლი, ადვოკატი ქმარი და კარგი სტაბილური შემოსავალი. ლუკა ფინანსურად მყარას იქნება და თავის საქმესაც თავისუფლად მიხედავს. - არ ცხრებოდა კახიძის ქვრივი და ხაზს ქმრის მიერ დატოვებულ ქონებას უსვამდა. მასპინძელი თავის ფიქრებში წასულიყო და ყურადღებით აღარ უსმენდა სტუმარს. ალბათ ამიტომაც არ გააპროტესტა ანას უპირატესობის მინიშნება. სამაგიეროდ ქალბატონი ნათელა წითლდებოდა სიბრაზისგან და ის იყო პირი დააღო, რომ ინგასთვის საკუთარი ადგილი მიეჩინა, ალექსანდრე გამოჩნდა კარებში. სიდედრმა თვალი შეავლო ექიმს და გაჩუმება არჩია. ალექსანდრეს კმაყოფაზე მცხოვრებ ნათელას ერჩივნა არ გაენაწყენებინა ექიმი, რომ მისი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მოთხოვნები ისევ დაეკმაყოფილებინა. ექიმს არ გაკვირვებია არც ინგა კახიძის სტუმრობა და არც თავისი მეუღლის დიდი მონდომებით გაწყობილი სუფრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალები ბავშვობიდან მეგობრობდნენ, მაინც მთელი ცხოვრება უმტკიცებდნენ ერთმანეთს თავიანთ უპირატესობებს.
ალექსანდრე არ აპირებდა ქალების იდილიის დარღვევას, მაგრამ მის ყურს ქალბატონი ინგას სიტყვები მიწვდა: „ექიმი რძალ-მამამთილი ნამდვილ გადატრიალებას მოახდენენ მედიცინაში“ . კაცი წამით შედგა, ესენი მისი და ანასტასიას მომავალს განიხილავდნენ. რომელშიც მთავარი როლი მის შვილს უნდა ეკისრა. შემობრუნდა და სავარძლისკენ დაიძრა. ახლა ნამდვილად აინტერესებდა, რას საუბრობდნენ კაკლის მურაბისა და ვინ იცის რა ჯანდაბის ჩაის ფონზე. ნათელამ თვალები დაუბრიალა შვილს და სტუმარს, თუმცა არცერთს შეუმჩნევია ეს და საუბარი თავისუფლად განაგრძეს.
-ანასტასიას მე ვასწავლი ოჯახის მართვას - არ ცხრებოდა ნინა.
-ბოდიში საუბარში რომ ვერევი, მაგრამ მეც გამარკვიეთ რა ხდება - მორიდებულად იკითხა ექიმმა.
ნინამ გაკვირვებულმა შეხედა მეუღლეს. როგორც წესი, ის არასდროს ერეოდა მსგავს საუბრებში.
-ძალიან გვიხარია რომ ანა და ლუკა დიდ დროს ატარებენ ერთად. ვფიქრობ მათ შორის სერიოზული რაღაც ხდება და ჩვენ მშობლები, ვზრუნავთ, ისინი კარგად იყვნენ. - აღფრთოვანებულმა დააკმაყოფილა ექიმის ინტერესი ინგამ.
-შენც ასე ფიქრობ? - ცოლს მიუბრუნდა ალექსანდრე.
-რატომ არ უნდა ვფიქრობდე? შენ რამე იცი და არ მეუბნები? - ხმაში დაეჭვება დაეტყო ინგას.
-ვიცი და ლუკასთვის რომ მოგესმინა, მისი გრძნობებით რომ დაინტერესებულიყავი, აუცილებლად გეცოდინებოდა შენც.
ალექსანდრე ცოლის დანდობას არ აპირებდა. ახლა ის დრო იყო, როცა ჩანასახშივე უნდა ჩაეკლა კახიძის ქვრივის და თავისი ქალბატონის იდეა, სანამ ეს იდეა ხორცს შეისხამდა და გააწამებდა მის შვილს.
-რა იცი? - ნინას სახეზე ფერი აღარ ედო და ქმარს გაფართოვებული თვალებით მიჩერებოდა.
-ლუკას თავისი რჩეული ყავს. კითხე, იქნებ გაგიმხილოს კიდეც. მაგრამ არამგონია ამ თემაზე საუბარი შენთან უნდოდეს. თქვენ კი ქალბატონო ინგა, ძალიან გთხოვთ ნუ ჩაერევით ჩემი შვილის პირად ცხოვრებაში. ანასტასიასაც დაანებეთ თავი, ისედაც ბევრი ტვირთი აკიდეთ თქვენ და თქვენმა ქმარმა მხრებზე. მე ვერ გასწავლით შვილთან ურთიერთობა როგორ მოაგვაროთ. შენ კი ნინა, გაფრთხილებ, ახლა ან დაუდგები გვერდში შვილს, ან სამუდამოდ დაკარგავ, თუ უკვე არ დაგიკარგავს.
გათეთრებული ინგა ხმას არ იღებდა. მუდამ მოკრძალებული და წყნარი ალექსანდრესგან ასეთ სიტყვებს არ ელოდა. მასზე არანაკლებ გაშეშებულიყო ქალბატონი ნათელა, რომელიც გაძლიერებული ყნოსვით ხვდებოდა რომ ოჯახში დაძაბულობა თანდათან იმატებდა.
-მე... მე.... - რაღაცის თქმა დააპირა ნინამ და სახეზე წამოწითლდა.
-ახლა შეგიძლიათ მსვიდად მიირთვათ ჩაი ქალბატონებო. მე დაგტოვებთ. - გაღიმებული სახით წამოდგა ალექსანდრე და კაბინეტისკენ გაუყვა გზას. თუმცა სამი წყვილი თვალი უწვავდა ზურგს.

18 თავი
ამაშუკელებიდან წამოსვლის შემდეგ, ინგას მოსვენებას არ აძლევდა სესილიაზე ფიქრი. ანასტასიაზეც ბრაზობდა, როგორ უთმობდა ლუკას ვიღაც პროვინციელ გოგოს. დღეს ადვოკატთან მემკვიდრეობის საკითხი უნდა გაერკვია, იმ პროვინციელ გოგოს კი ბიზნესის მდგომარეობა უნდა გაეცნო მისთვის. ორივეს მიხედავდა, როცა ვახტანგის საქმეები მის ხელში გადავიდოდა. სასიძოდ გიორგის კანდიდატურა ჯერ ისევ აქტიურად განიხილებოდა მის სამეგობროში.
ზარის ხმამ ისე შეაკრთო კახიძის ქვრივი, რომ ხელიდან ჩაის მამა-პაპისეული ფინჯანი გაუვარდა და ნამხსვრევებად იქცა. დანანებით გადახედა მიმოფანტულ ფაიფურის ნატეხებს. გვერდი აუარა და სტუმრების მისაღებად სახეზე ღიმილი აიკრა. შემოსასვლელ კარებში ლუკა ამაშუკელი და სესილია იდგნენ. ტაისონმა კუდი ააქიცინა მათ დანახვაზე და დამსახურებული მოფერება მიიღო. სამაგიეროდ ქალბატონი ინგას წყრომა დაიმსახურა, რომელიც ვერ იტანდა ვერავის, ვინც კი ამ ძაღლს ოდნავ მაინც გაუღიმებდა. ზურგს უკან ანასტასიას აჩეჩილი თმა გამოჩნდა.
-მობრძანდით, მიხარია თქვენი ნახვა, - მიეგება სტუმრებს გოგონა და თმის ერთად მოგროვებას შეეცადა. - კაბინეტში წავიდეთ და დედა რამე ტკბილეულობით გაგვიმასპინძლდება.
სესილია ტაისონს ეფერებოდა. ეს ჭკვინი ცხოველი სიხარულისგან ცქმუტავდა. მერე უკან აედევნა სტუმარს და სავარძლის წინაც მის ფეხებთან მოიკალათა.
-ანასტასია, მემკვიდრეობის ამბების გარკვევით დავიწყოთ - ფურცლები ამოალაგა ადვოკატმა - ქალბატონ ინგას თხოვე მალე მოვიდეს, დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
-აი მეც აქ ვარ - ღია კარებში გამოჩნდა ქალი. პატარა მაგიდას მოაგორებდა. ანასტასიას თვალში მოხვდა ჩაის ჭურჭელი, რომელიც ამ სახლში მხოლოდ კარადაში ქონდა ნანახი და რომლის წარმომავლობით განსაკუთრებით ამაყობდა ინგა.
-ჩაი მივირთვათ, დიდხანს არ დაგაყოვნებთ. - გაიღიმა მასპინძელმა და ფინჯანი სესილიას მიაწოდა. - ამ ფინჯნით ალექსანდრე ჭავჭავაძე მიირთმევდა ჩაის. ჩემი ბებია ანდრონიკაშვილის ქალი იყო და მისგან მივიღეთ მემკვიდრეობით. - ინგას სახეზე მრავლისმეტყველმა ღიმილმა გადაიფრინა.
-საინტერესოა, დიდი პატივია ჩემთვის - ღიმილითვე გაეპასუხა სტუმარი.
-დიახ, ყველას კი არ ყავს ასეთი წინაპრები. თუმცა ზოგიერთი ვერ აფასებს ამას. - კახიძის ქვრივმა თვალები აატრიალა - თუმცა ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ლუკა, რა ხდება მემკვიდრეობასთან დაკავშირებით? როგორც ვიცი ამ საკითხზე სასაუბროდ მობრძანდი აქ.
-დიახ, - დაეთანხმა ადვოკატი. დაძაბულობა ეტყობოდა ხმაში და თითქოს საუბარს ვერ უყრიდა თავს. - ქალბატონო ინგა თქვენ ბატონი ვახტანგის პირდაპირი მემკვიდრე ბრძანდებით. ამასთან თქვენ გაქვთ საქორწინო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში, მეორე ხდება ქონების მემკვიდრე. ფორმალური პროცედურების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ქონება ისე განკარგოთ, როგორც გნებავთ. აქ მემკვიდრეობის სრული ჩამონათვალია, სასტუმრო, ტურისტული და გადაზიდვების კომპანიები. - საქაღალდე მიაწოდა ლუკამ ქვრივს.
-მე ვარ მემკვდრე და არა ანასტასია? - ინგა კითხვას უსვამდა ლუკას და სესილიას მიჩერებოდა.
-დიახ თქვენ ბრძანდებით. შეგიძლიათ შვილს გადასცეთ მემკვიდრეობა, ან თქვენ დაიტოვოთ სამართავად. როგორც თქვენ გადაწყვეტთ.
-შემიძლია ნებისმიერი დავნიშნო მის მმართველად? - ინგას შეკითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. სამივემ ერთმანეთს გადახედა.
-დიახ, ეს თქვენი უფლებაა - დაეთანხმა ადვოკატი.
-დედა - საუბარში ჩაერთო ანასტასია - მე ვფიქრობდი, რომ მამას საქმეებს ჩვენ სამნი გავუძღვებოდით. დროებით მაინც. სესილიას შევთავაზე კიდეც ჩვენს ფინანსებს მიხედოს.
-ამაზე ვიფიქრებ - სტუმრებს თვალი მოავლო ინგამ და ჩაი მოსვა. - ვახტანგის მკვლელობასთან დაკავშირებით რამე ახალი არის?
- გამომძიებელ ბიძინა სოხაძეს გუშინ ვესაუბრე. პასპორტების მფლობელებს ამოწმებს. ვახტანგის ტელეფონი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებას გადასცა. პოლონელ სამართალდამცველებთანაც გაიგზავნა ოფიციალური წერილი. ივანე გამოკითხა, თუმცა საინტერესო არაფერი უთქვამს. ვინმე კახასთან ნაცნობობას უარყოფს. კარგი ადვოკატი ყავს. მის გარეშე სიტყვასაც კი არ ამბობს. ავღანელი ალი კონტაქტზე არ გამოსულა. მისი ანგარიში ოფშერულ ზონაშია რეგისტრირებული. კვალის მიგნება ზალიან გაჭირდება. მოსვენებას არ ვაძლევ გამომძიებელს. დრო არ უნდა გავწელოტ, აუცილებლად გამოჩნდება ხელმოსაჭიდი.
-თქვენ როგორ გგონიათ, პასპორტების გამოა ახლა ჩემი ქმარი მიწაში თუ ნარკოტიკების?
-ორივე თანაბრად შეიძლება იყოს ქალბატონო ინგა. თქვენ რამე ხომ არ იციტ იმის გარდა, რაც ჩვენების დროს თქვით?
-არაფერი, მე მის საქმეში არასდროს ვერეოდი. ისიც კი არ ვიცოდი, მის კაბინეტში რა ხდებოდა. ახლაც არ ვიცი. ადრე იქ ვახტანგი იყო გამაგრებული, ახლა ანასტასიაა - ხმაში საყვედური დაეტყო ქალს.
-მე აქ ვმუშაობ დედა. მამაც მუშაობდა. ამიტომაც ააწყო ამხელა ბიზნესი.
-ეს მალე შეიცვლება - ინგას ხმა მუქარასავით გაისმა, თუმცა ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია - როგორ მიდის ბიზნესის საქმე, მეც მაინტერესებს რას მუშაობთ.
-ქალბატონო ინგა - ხმა ამოიღო სესილიამ - გადაზიდვები შემცირდა, მაგრამ ეს ალბათ ბატონი ვახტანგის სიკვდილითაა გამოწვეული. რეპუტაცია შეგველახა. იმედია მალე გამოვასწორებთ.
-ჩემს ბიზნესს შეელახა, შენ არაფერ შუაში ხარ - ცინიკურად გაიღიმა ქალმა.
- დიახ, მეც ეგ ვიგულისხმე. - სესილიას სახეზე ნაკვთი არ შერხევია - რაც შეეხება სასტუმროებს, აქ ყველაფერი წესრიგშია. ისევე როგორც ტურისტულ კომპანიაში. მოგება საერთო ანგარიშებზე ირიცხება, როგორც ხდებოდა ხოლმე. თქვენთვის ეს ანგარიშები ხელმისაწვდომია. ანასტასია მხოლოდ მოგების ოც პროცენტს იღებს. ძირითად თანხას თქვენ განკარგავთ. ბატონი ვახტანგის ბარათები გაუქმებულია. მას ვერავინ გამოიყენებს. მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ თქვენ და ანასტასია სასტუმროებს დაათვალიერებთ. მმართველებს გაესაუბრებით. ასეთ დროს ხშირად ირევა ხოლმე რაღაცები.
-აუცილებლად მივხედვა ამ დღეებში საქმეებს. - დაეთანხმა ინგა და მზერა ისევ შვილზე გადაიტანა - ანა, ჩვენ სამივეს მოგვიწევს საუბარი, თუმცა ჯერ მხოლოდ მე და შენ.
სესილიამ და ლუკამ ერთმანეთს გადახედეს, თავი ზედმეტად იგრძვნეს და წამოდგნენ.
-ჩვენ წავალთ - ლუკამ საქაღალდეებს ხელი დაავლო, მეორე სესილიას მოკიდა და ისეთი სისწრაფით გავარდა სახლიდან, მასპინძელს არც დამშვიდობებია. ანასტასიამ თვალი გააყოლა სტუმრებს და კაბინეტისკენ გაბრუნდა, როცა ინგას ხმა დაეწია და აიძულა შებრუნებულიყო.
-ანასტასია, მე და შენ უნდა ვისაუბროთ. - ანამ თვალები გადაატრიალა და მორჩილად გაყვა დედას სამზარეულოში. იატაკზე ისევ ეყარა ფინჯნის ნამსხვრევები, მაგრამ ინგამ მათ ისე გადააბიჯა, არც დაუხედავს. გოგონას გაუკვირდა. მართლა რაღაც სერიოზულს გეგმავდა ინგა, ასე უემოციოდ რომ აუარა ძირს დაყრილ ფაიფურის ნამსხვრევებს. ცივი წყალი დაისხა ქვრივმა და ანასტასიას სკამზე ანიშნა.
-დაჯექი და კარგად მომისმინე - ასეთი ცივი და მკაცრი ხმა არასდროს მოესმინა გოგონას - რადგან მთელი ქონების მემკვიდრე მე ვარ, ამიტომ მაქვს უფლება ჩემი სურვილისამებრ განვკარგო. ხომ ასეა?
-დიახ, - თავის დაქნევით დაეთანხმა ანა.
-მაშინ ჩემი პირობა ასეთია. შენ აიღებ იმ შენს სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომს და კარგად შეინახავ. როცა გათხოვდები, სათქმელი გექნება რომ ექიმი რძალი ხარ. დაურეკავ გიორგის, ნინოს შვილს, შეხვდები და თხოვ რომ ჩვენი ბიზნესის მართვას ჩაუდგეს სათავეში. შენ მისი დამხმარე იქნები. თვალით არ დავინახო აღარც ლუკა ამაშუკელი და არც ის ქერა გოგო. გიორგი ბუღალტერსაც იპოვნის და სხვა დამხმარეებსაც. ივანეს მე დაველაპარაკები და ისევ ჩართული იქნება ჩვენს ყველა საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ჩემი ქონებიდან ერთ თეთრსაც ვერ მიიღებ, ვერც ახლა და ვერც მომავალში. გასაგებია?
ანასტასიას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. წითურ თმაზე ალი წაეკიდა. სათვალეს ხშირ-ხშირად ისწორებდა, რომელიც ბოლო პერიოდის უჭმელობის გამო გამხდარ ცხვირზე უსრიალებდა.
-დედა, მამას ქონება ვიღაც გიორგიმ უნდა მართოს, თუ არა მე ვერაფერს მივიღებ. სწორად გავიგე?
-დიახ. - ინგას ხმა მკაცრი ქონდა, თვალს არ აშორებდა შვილს და სახეზე ნაკვთიც კი არ უტოკდებოდა. - გიორგის მოწონხარ, მის ოჯახს უნდა რომ მათი რძალი გახდე. ერთად იმუშავებთ რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ.
ანასტასიამ იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, ინგა მოულოდნელობისგან შეხტა. იდგა და უყურებდა შვილის ისტერიკას.
-თურმე რა კარგად გიცნობდა მამა - სიცილით წარმოთქვა ანამ, მერე სახე ისევე უცებ დაულაგდა, როგორც ახარხარდა. - ჯერ სიკვდილს არ აპირებდა და ანდერძი ამიტომაც არ დაწერა ალბათ. მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მან მე სამი მილიონ ორასი ათასი დოლარი დამიტოვა. ასე რომ შეგიძლია შენს ქონებას რაც გინდა ის უქნა. გიორგისაც შენ გაყევი ცოლად. არამგონია ის ჩემი სიყვარულით იყოს გაგიჟებული. მამაჩემის ქონებას კი საიდან ჩაიგდებს ხელში, სულ ერთი იქნება მისთვის. დამთავრდება მამაჩემის საქმის გამოძიება და ამ სახლში თვალს ვეღარ მომკრავ. მანამდე კი დაიწყე მამაჩემის ბიზნესში გარკვევა. ვეჭვობ, რამდენიმე წელში მშრალზე დარჩები.
ანა სამზარეულოდან გავიდა და ინგა კარადასთან მდგარი დატოვა. ქალს წარმოდგენა არ ქონდა, თუ ამდენი ფული დაუტოვა ვახტანგმა შვილს. ეგონა ანა ხელში ყავდა. იდგა და ფიქრობდა, მაგრამ სასიკეთოს ვერაფერს.
19 თავი
ანასტასიამ თვალი გაახილა. გარეთ ისეთი ამინდი იყო, ცა დედამიწაზე ჩამოდიოდა. მამამისის კაბინეტში ტახტზე მოკუნტულს ეძინა, სიცივისგან კანკალებდა და გვერდს მხოლოდ ტაისონის თბილი სხეული უთბობდა. თავსხმა წვიმის და ჭექა-ქუხილის პატარაობიდან ეშინოდა უზარმაზარ ძაღლს, მოიკუნტებოდა და ანას შეუძვრებოდა ხოლმე საწოლში. ახლაც ტახტის საზურგესა და გოგონას შორის ჩაკვეხებულიყო და ნელ-ნელა ძირს აგდებდა პატრონს.
ანამ ტელეფონს დახედა, შეტყობინებებით სავსე აპარატი ციმციმებდა. ყველა ლუკას მოწერილი აღმოჩნდა.
„ანა ბოდიში გვიან გწერ. გამომძიებელს ვესაუბრე, პასპორტების პატრონებს ამოწმებდა.“
„გოგა ნადირაძეა ერთ-ერთი და ჩვენთვის საინტერესო.“
„ლაბორატორიაში მუშაობდა თურმე, იშვიათ ვირუსებზე და ჩხირებზე.“
„გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან და ვახტანგის დახმარებით პოლონეთში წასულა.“
„დაუჭერიათ და ციხეში რამდენიმე თვე გაუტარებია. მერე დაადეპორტეს“
„ჩამოვიდა. ვალები დაუგროვდა. ვერ გადაიხადა. დღე და ღამეს თავის სახლში მოწყობილ პატარა ლაბორატორიაში ატარებდა.“
„ერთი კვირის წინ ცოლმა იპოვნა მკვდარი. თავი ჩამოიხრჩო.“
„წერილი დაწერა, სადაც ბოდიშს უხდის ვიღაცის ოჯახს. ოღონდ გაურკვეველია ვისზეა საუბარი.“
„გამომძიებელი ითხოვს ეს წერილი და მამაშენისთვის გამოგზავნილი წერილი ერთმანეთს შეადარონ. ვნახოთ რა გვექნება. „
„მისი თვითმკვლელობის გამოძიებაც დაიწყო.“
„რომ გაიღვიძებ დამირეკე ანა.“
„წინ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს“
ანასტასია ერთ წამს ჩაფიქრდა, საათს დახედა. თენდებოდა. ფეხზე წამოხტა და მძინარე ტაისონს საყელოზე საბელი დაუმაგრა.
-ადე მეგობარო, საქმე გვაქვს - მოქაჩა საყელო და სახლიდან ჩუმად გაიპარა.
გოგა ნადირაძის სახლტან ახლოს პატარა ბაღში ხალხი შეკრებილიყო. ზოგი ძაღლს ასეირნებდა, ზოგი მხოლოდ სეირნობდა სუფთა ჰაერზე და დილით ახალ ამბებს განიხილავდა. პატრონებს თავიანთი ოტხფეხა მეგობრები აეშვათ, თავისუფლება მიეცათ და თვითონ უაზრო ლაყბობაში გაყავდათ დრო. ანასტასიაც მათ შეუერთდა. ტაისონმა უცებ მიირბინ-მოირბინა უცხო ადგილები და პატრონს გვერდით ამოუდგა.
დილა ძალას იკრებდა. ხალხმა დაშლა დაიწყო. ზოგს სამსახურში აგვიანდებოდა, ზოგს შინ თბილი საუზმე ელოდებოდა. მხოლოდ ერთი გოგონა არ განძრეულა. ზღვისფერი თვალებით მიჩერებოდა ჰორიზონტს. პატარა თეთრი პუდელი მის ფეხებთან ჩაცუცქულიყო და მზერას არ აშორებდა პატრონს.
-ლამაზია - მიუჯდა ანა გვერდით და ჰორიზონტს გახედა.
-მიყვარს მზის ამოსვლის ყურება - გაეპასუხა გოგონა ისე რომ თვალი არ დაუხამხამებია.
-მე ანა მქვია. შენ? - ანასტასიამ ტაისონს ჯოხი გადაუგდო და თამაში დაუწყო.
-ქეთი - მოკლედ მოუჭრა პასუხი, რაც დიალოგის დასრულებასაც ნიშნავდა.
-აქ ცხოვრობ? - არ ეშვებოდა ანა.
-აი იქ - ხელი გაიშვირა ქეთიმ და გოგა ნადირაძის იტალიურ ეზოზე მიუთითა.
-მანდ გოგა ძია ცხოვრობდა. ნადირაძე. იცნობდი?
-კი მიყვარდა გოგა ბიძია.
ქეთი თვალს არ აშორებდა ცას და არც საუბრის სურვილი ეტყობოდა. მხოლოდ მოკლედ პასუხობდა ანას, რომელმაც აღარ იცოდა რით აელაპარაკებინა გოგონა.
-საინტერესო რაღაცებს აკეთებდა სახლში. ხარ მასთან ნამყოფი? - ანკესი გადააგდო ანამ.
-კი ხშირად მის სარდაფში ჩავყავდით ხოლმე ბავშვები. თაგვები და ვირთხები ყავდა. კიდევ ბევრი გველები და კურდღლები. ერთხელ კურდღლებს რაღაც ავადმყოფობა დაემართა და ყველა დაეხოცა.
-კარგი კაცი იყო. რატომ მოიკლა ნეტავ თავი?-ჰაერში დაკიდა კითხვა ანამ.
-დედამ თქვა ბევრი ვალი ქონდაო. მანანა დეიდამ ნახა მკვდარი. მერე დედა გავიდა. სულ იქ იყო. მე არ მიშვებდა. ჩემს ოთახში ვიყავი ტირილი რომ არ გამეგონა. ვხატავდი ან ვწერდი.
-ხატავ ქეთი?
-კი. ვყიდი ხოლმე. ფულს მაძლევენ. მოწონს ხალხს. მე კი ვერთობი.
გოგონა მშვიდად საუბრობდა. ემოცია არ იხატებოდა მის სახეზე. მხოლოდ მონოტორულად ქანაობდა წინ და უკან.
-მაჩვენებ ნახატებს? წამაკითხებ ნაწერებს? - სასაუბრო თემას ჩაეჭიდა ანა.
-ოდესმე - მოკლედ მოუჭრა ქეთიმ. წამოდგა და დაუმშვიდობებლად წავიდა.
-ხვალაც მოვალ - მიაძახა ანასტასიამ, მაგრამ პასუხი აღარ მიუღია.
20 თავი
საგანგებოდ გამოწყობილი ინგა კახიძე თვალებიდან მრისხანებას აფრქვევდა. სახეზე მშვიდი ღიმილი ქონდა აკრული და ისე მიაბიჯებდა ქმრის, ახლა კი თავისი ტურისტული სააგენტოს კიბეებზე. კარებში შესულს რამდენიმე თანამშრომელი მიესალმა, მაგრამ ისინი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. დერეფანი გაიარა და ვახტანგის კაბინეტში შეაბიჯა. ზუსტად იცოდა, რომ მაია მალე გამოჩნდებოდა. სააგენტოში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ამბები და ამიტომაც ელოდა ქალის შემოსვლას.
ქმრის სავარძლის დაკავება და ამ სააგენტოს მართვა უნდოდა ინგას, მაგრამ როგორ, ამაზე წარმოდგენა არ ქონდა. თვალი მოავლო ოთახს. სისუფთავე და წესრიგი სუფევდა ყველგან. თითქოს ახლახანს გავიდა ვირაც აქედან. ინგამ სახე შეჭმუხნა. მაიკოს გარდა აქ შემოსვლას ვერავინ გაბედავდა. ეს ქალი მთელი ცხოვრება ხელს უშლიდა მის ოჯახს, ახლა მკვდარ ქმარსაც ართმევდა.
ორიოდე წუთი არ გასულა, რომ კარებზე კაკუნი გაისმა. მერე ნებართვის გარეშე შემოვიდა მისი მეტოქე. მაიკო ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორიც ინგას ახსოვდა წლების წინ. როცა პირველად ნახა, აღფრთოვანდა ქალის მშვენებით. ცოტა ასაკი დატყობოდა, მაგრამ გულგრილს მაიმც არ დატოვებდა მნახველს. ქალს მუქი კაბა და ნაცრისფერი მოსაცმელი ეცვა. თითქოს გლოვობდა ვინმეს. კახიძის ქვრივს ენიშნა მისი ჩაცმულობა. გლოვაშიც ეცილებოდა მაიკო ინგას.
-გამარჯობა ქალბატონო ინგა, არ გელოდით - გულღიად მიესალმა მაიკო სტუმარს და ნაძალადევმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-დაჯექი. მე და შენ სალაპარაკო გვაქვს - უხეშად გაეპასუხა კაახიძის ქვრივი. ქალი გველნაკბენივით შეხტა და მის წინ დაიკავა სავარძელი.
-ახლა მოსარიდებელი და დასამალი აღარაფერია - მოკლე პაუზა გააკეთა ინგამ - მე და შენ ერთ კაცს ვიყოფდით. ამის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. თქვენ ისე ახერხებდით ურთიერთობას, რომ ეს ჩემს ოჯახს არ დატყობია. არც ანამ იცოდა რამე. მე და ვახტანგი.... ეს სხვა თემაა. ღარიბ-ღატაკმა სტუდენტმა ეს ყველაფერი - ხელები გაშალა ინგამ - ჩემი ოჯახის დახმარებით შექმნა. მას შენ ჭირდებოდი გვერდით, შენს გარეშე ბიზნესის მართვა გაუჭირდებოდა. შენი ტვინი, ცოდნა და გონება ჭირდებოდა. თუ ვახტანგი ფულს ვერ იშოვიდა, მეც ვერ ვიცხოვრებდი კარგად. ამიტომაც მეც მჭირდებოდი შენ. ახლა აღარ მწირდები. მე თავად მივხედავ ყველაფერს.
მაიკო წამოდგა. მისთვის გასაგები იყო კახიძის ქვრივის ვიზიტი. ელოდა კიდეც ამას. მისნაირი გამოცდილების და ცოდნის მქონე კადრს არცერთი კონკურენტი კომპანია ეტყოდა უარს. შემოთავაზებებიც ქონდა. იმის დატოვება უჭირდა, რასაც ნახევარი ცხოვრება შეალია. რის შექმნაშიც სული და გული ჩადო.
-ჯერ არ დამისრულებია - გაისმა ინგას გამყინავი ხმა. ქალი მექანიკურად შემობრუნდა.
-დაჯექი. კიდევ რაღაც უნდა გითხრა. მე ისიც ვიცი რომ შენი მესამე შვილი ვახტანგისაა. რამდენი წლისაა?
მაიკომ თვალები ააფახურა.
-შენ დარჩები აქ სამუშაოდ. ოღონს ჩემი ხელქვეითი იქნები და არა დირექტორი და მმართველი. არასდროს, არასდროს იტყვი რომ შენი შვილი ვახტანგის შვილია. თუ არა ისე გაგანადგურებ, სამათხოვროდ გექნება საქმე, ახლა თავისუფალი ხარ, წადი და იფიქრე. თუმცა არა, პირველი დავალება შეასრულე და კადრების პირადი საქმეები მომიტანე. აქ ზედმეტად ბევრი ხალხი ტრიალებს.
მაიკო წამოდგა. ერთი წამი იფიქრა, რომ ახლავე გავიდოდა ამ კარიდანაც და ამ შენობიდანაც, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წამი იყო. შვილების გამო აქ უნდა დარჩენილიყო და აახლოდან ებრძოლა ინგა კახიძესთან. „მეგობარი ახლოს გყავდეს, მტერი უფრო ახლოს“ წაიჩურჩულა და კაბინეტი დატოვა.
21 თავი
სესილიას ტელეფონზე უცხო ნომერი რეკავდა. არ გაკვირვებია. ახალი შემკვეთები ყავდა და სამუსაო თავზე საყრელად ქონდა. თანამშრომელს ეძებდა დამატებით, თუმცა მცირე ხელფასზე არავინ თანხმდებოდა. დღედაღამე არ ეძინა და საქმეს მაინც ვერ აუდიოდა. მხრებზე ჩამოშლილი თმა ფანქრით აიკეცა და ტელეფონს დაწვდა.
-სესილია გამარჯობა. ალექსანდრე ამაშუკელი ვარ - გაისმა მამაკაცის ხმა.
-გისმენთ, ბატონო ალექსანდრე - დაიბნა სესილია და სახეზე წამოწითლდა.
-შვილო, შესვენებაზე ერთად ვისადილოთ, თუ გცალია - კაცის თბილი ხმა სასიამოვნოდ ჩაეღვარა სხეულში გოგონას, თუმცა შეაშფოთა კიდეც.
-ახლავე გამოვალ ბატონო ალექსანდრე. სად მოგაკითხოთ?
-საავადმყოფოს წინ დაგელოდები. აქვე სადმე გემრიელად მივირთვათ. გელოდები.
-მოვდივარ - ჩასძახა ტელეფონში სესილიამ და მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი.
ალექსანდრე ამაშუკელს თეთრ ხალათზე პალტო ქონდა მოცმული. ალბათ დავიწყებოდა ხალათის გახდა. მოკრძალებულ რესტორანში მის და სესილიას გარდა არავინ ჩანდა. შუადღეზე ალბათ ბევრი ხალხი არ შემოდიოდა. ამიტომ მიმტანი ტავისუფლად ემსახურებოდა ცოტა უცნაურ წყვილს.
-ლუკამ არ იცის რომ დაგირეკე, არ გამამხილო. კარგი? - გაუღიმა ექიმმა გოგონას. სესილიამ თვალები ააფახურა. თმა ისევ ფანქრით ქონდა აკეცილი, ალბათ ამიტომაც დაიმსახურა მიმტანის დაჟინებული მზერა.
-მე დღე-დღეზე გულის ოპერაცია უნდა გავიკეთო. რამე რომ დამემართოს და ზევით მომიწიოს წასვლა - თვალები ჭერისკენ მიაპყრპ ალექსანდრემ - მინდა რაღაცები მოგვარებული დავტოვო. შენი და ლუკას ურთიერთობა ჩემი საქმე არაა. თქვენია. მას ძალიან უყვარხარ. მაგრამ გთხოვ, დედამისის გამო არ დაშორდე. ვიცი ის და ჩემი სიდედრი ბევრ თავსატეხს დაგატეხავენ. თქვენ თუ ერთად ძლიერად იქნებით, ყველაფერი მოგვარდება. და კიდევ ერთი... - ექიმმა პალტოს ჯიბე მოსინჯა, მერე ხალათის ჯიბეებში დაიწყო რაღაცის ძებნა. - აი აქ ყოფილა- ამოაძვრინა პატარა შეფუთვა - ამაში ჩემი საჩუქარია, მინდოდა მისი შენთვის მოცემა მომესწრო. ადგა, სკამს შემოუარა და სესილიას კისერზე ბრილიანტის გულსაბნევი დაკიდა. - ლუკამ თუ გკითხოს, უთხარი რომ კურიერს გამოვატანე. არ უთხრა, რაზეც ვისაუბრეთ. - ექიმი დაჯდა. - ახლა კი მივირთვათ, მგელივით მშია.
გაოცებული სესილია ვერც კი ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. გონს რომ მოეგო, მამაკაცი მის წინ იჯდა და გემრიელად მიირთმევდა სადილს. წინ გადაიხარა, მომჭკნარი, უამრავი პაციენტის გადამრჩენელი ქათქათა ხელი აიღო და ეამბორა. „მადლობა“ მხოლოდ მის ტუჩებზე გამოისახა და სადილს მიუბრუნდა.
22 თავი
თითქმის ერთი კვირა იარეს ანასტასიამ და ტაისონმა გოგა ნადირაძის სახლთან ახლოს, პატარა ბაღში. ყოველ დილას იკრიბებოდნენ ერთი და იგივე ადამიანები და განიხილავდნენ ქვეყნის პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ცხოვრებას. ჭორაობდნენ და არჩევდნენ ტყუილ-მართალს. ქეთი კი არსად ჩანდა.
ერთი კვირის თავზე ბაღში მისულ ანას ხალხი შეშფოთებული დახვდა. მოხუცი კაცი, რომელსაც თავისზე არანაკლებ მოხუცი პეკინესი ამოდგომოდა გვერდით, ცრემლებს იწმენდდა და ახალგაზრდას ესაუბრებოდა.
-საწყალმა დედამისმა იპოვნა. წამლები დაულევია ბევრი. გული გახეთქვია. საწყალი გოგო, რატომ გააკეთა და დაღუპა დედამისი - გოდავდა კაცი.
-ბავშვობიდან უცნაური იყო, სულ ღრუბლებში დაფრინავდა, მაგრამ თავს თუ მოიკლავდა, მაგას ვინ იფიქრებდა. - გაეპასუხა ახალგაზრდა. თავის ძაღლს საბელი მოქაჩა და მძიმე ნაბიჯით დატოვა თანამოსაუბრე.
-არა გენაცვალე, მოიკლა თავი და მოკლა დედამისიც - აქოთქოთდა იქვე მჯდომი ჭაღარიანი ქალი - რა ნახატები ქონდა, რა ნიჭიერი იყო, რა ქონდა თავის მოსაკლავი.
ანამ ნახატების გაგონებაზე ყურები ცქვიტა. ორ ნაბიჯში დაფარა ჭაღარათმიან ქალამდე მანძილი და წინ აესვეტა.
-ქალბატონო თქვენს საუბარს მოვკარი ყური, რა მოხდა? - შეშფოთება ვერ დამალა ანამ.
ქალმა უცხო არამკითხე მოამბეს თავლი შეავლო. არ დაინტერესებულა მისი ვინაობით, ახლა სხვა რამე უფრო აშფოთებდა და აინტერესებდა.
-აქ ერთი გოგო ქეთი რომ დადიოდა ხოლმე, სულ ცას უყურებდა, თავი მოუკლავს. გუშინ დილას ნახა დედამისმა. წამლები დალიაო. წნევის წამლებიო. კლოფელინიო. ასე უთქვამს ექსპერტს. გული გაუსკდა თურმე. თან მთვრალი ყოფილა. - გადმოულაგა დეტალები ქალმა ანას - ისე უცნაური გოგო იყო, მაგის ლოთობას ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ ა ბატონო! მთვრალი ყოფილა.
-ნუ იცი ლამარა მასეთი ლაპარაკი შენ - შეუტია ცრემლებშეუმშრალებლად მოხუცმა კაცმა - ჩვენ ხელში გაიზარდა ეგ ბავშვი. სად და როდის გინახავს მაგის ლოთობა. სათამაშოდაც იშვიატად გამოდიოდა ხოლმე გარეთ. იჯდა და ხატავდა.
-იმიტომაც არ გამკვირვებია - გაკაპასდა ქალი - ხატვის მეტს რომ არაფერს აკეთებდა გალოთდებოდა აბა რა იქნებოდა.
-შენ რა იცი, იქნება არ ლოთობდა. რაღაცა მოხდა და დალია შე ქალო - არ თმობდა კაცი.
-ექსპერტს უთქვამს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი და კიდევ რაღაცა ოხრობა არის სისხლშიო. ვერ დავიმახსოვრე რა თქვეს. ბევრი კლოფელინი აქვს დალეული და ალკოჰოლთან ერთად სწრაფად იმოქმედა და გული გაუხეთქაო.
-შენ ოღონდ სალაპარაკო გქონდეს და.... გაბრაზდა კაცი. თავის პეკინესს ხელი დასტაცა და რამდენადაც შეეძლო სწრაფი ნაბიჯით დატოვა ბაღი.
-როდის ასაფლავებე? - დაინტერესდა ანა.
-ალბათ ხვალ ან ზეგ. მღვდელი მაგას არ აზიარებს და... - მოვიდა ისევ ჭორაობა-გაკიცხვის ხასიათზე ჭაღარათმიანი ქალი. ანას მეტი აღარ გაუგონია, მანამდე გაეცალა, სანამ ქალი მიხვდებოდა, რომ აღარ უსმენდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent