სიკვდილი ფოსტით (დასასრული)
23 თავი შემოდგომაზე ჩამოყრილი ფოთლები ჯერ არ გახრწნილიყო. ქარისგან დამტვრეული ტოტები აქეთ-იქით ეყარა. რბილ მიწაში ფეხი ეფლობოდა მწყემსს და ტალახი ეზილებოდა რეზინის ფეხსაცმელს. ძლივს მიიწევდა წინ. ორი დღის წინ დაკარგული საქონლის კვალი არსად ჩანდა. რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში, მით უფრო ეკარგებოდა მათი პოვნის იმედი. ოთხფეხა თანამგზავრს ტალახი და ფოთლები მიკვროდა ბეწვზე და ძლივს დადიოდა. უეცრად შედგა, ტოტების და ფოთლების გროვა დაყნოსა და ყეფას უმატა. აქა -იქ შემორჩენილი ფრინველები აფრთხიალდნენ. ტყემაც ექო მისცა. -ჯეკა, გაჩერდი - დატუქსა ბიჭმა აწრიალებული თანამგზავრი, მაგრამ ძაღლს არაფერი ესმოდა. ყეფდა და თან პატრონს უყურებდა. თავმობეზრებულმა მწყემსმა ცალ ხელში ჯიხი აიღო. მეორეთი ქუდი შეისწორა და ჯეკასკენ დაიძრა. -ლეში ნახე შე სასიკვდილე? არ შეჭამო, მოგწამლავს. მერე ხელით უნდა გათრიო. დაგტოვებ აქვე! არ მიეკარო! - ემუქრებოდა ბიჭი და მიიწევდა ძაღლისკენ. ჯეკამაც ყევას უმატა. რაღაცას გარშემო ურბენდა და თავს არ ანებებდა. მწყემსმა ფოთლების გროვას ჯოხი წაარტყა. ემაგრა. ტყავის ქურთუკის ნაფლეთი წამოეგო ჯოხს. ფოთლების გროვის ქვეშ კიდევ რაღაც იყო. დაიხარა და ხელით რბილ ქსოვილს შეეხო. გადაპარსული თავით პირქვე იყო დამხობილი ადამიანის სხეული. მწყემსმა გადმოატრიალება სცადა. მძიმე სხეული ძლივს აწია. ახალგაზრდა მამაკაცს თავი გადმოუვარდა. გადახსნილი ყელიდან შედედებული სისხლის კოლტი გადმოიწელა. -ღმერთო, - პირზე ხელი აიფარა ბიჭმა და კუჭი თითქოს ყელში ამოუვიდა. -ჩქარა ჯეკა, გავიქცეთ, სანამ ეს უბედური ნადირებს შეუჭამია. - შესძახა ძაღლს და თავქვე დაეშვა. თან გულისრევის შეჩერებას ცდილობდა. 24 თავი ანასტასია უთავბოლოდ დაბორიალებდა რამდენიმე კვირა ქეთისა და გოგა ნადირაძის სახლთან. ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. დილის მეგობრებმა ახალი არაფერი იცოდნენ, მხოლოდ ვიშვიშებდნენ და ვერაფერი გაეგოთ. გოგონამ, რომელიც ღრუბლებში დაფრინავდა, ძაღლებთან მეგობრობდა და დალაგებულად საუბარიც კი უჭირდა, იმდენ ალკოჰოლი და წამალს მიიღო, რომ თავი მოიკლა, წარმოუდგენლად მიაჩნდა ანას. მისი სიკვდილის შესახებ დაგროვილ კითხვებზე პასუხები მისსავე დღიურში იყო. თუ გამოძიება დაინტერესდებოდა, მიზეზს აუცილებლად გაიგებდნენ, მაგრამ როგორც წესი, თვითმკვლელობის საქმეები თაროზე მანამდე შემოიდებოდა ხოლმე, სანამ მკვდარს მიწას მიაბარებდნენ. ანას ზალიან უნდოდა ქეთის დედასთვის სამძიმარი ეთქვა, დღიურზეც ეკითხა, მაგრამ მას მხოლოდ რამდენჯერმე მოკრა თვალი. პროდუქტების საყიდლად გამოსული ქალი, მძიმე ძაძებით მოსილი, თავდახრილი მიაბიჯებდა ქუჩაში. ვერ გაბედა ანამ მასთან მისვლა, მაგრამ დრო არ ითმენდა. ანასტასიამ ღრმად ჩაისუნთქა და პატარა იტალიურ ეზოში შეაბიჯა. ეს სახლი ალბათ საუკუნეზე მეტია არავის შეუკეთებია და სულს ღაფავდა. ღია ხის აივნიდან ხისვე გაცრეცილი კიბეები ჩამოდიოდა. ერთ ადგილზე რკინის რელსი შეედგათ კედლისთვის გასამაგრებლად. ალბათ ერთ დროს სახლიც და ხის აივანიც ცისფერი იქნებოდა, თუმცა გადაცლილი საღებავიდან ნაცრისფრად მოჩანდა ჭიისგან შეჭმული კედლები. ანას გული შეეკუმშა. სადღაც აქვე ცხოვრობდა კაციც, რომელმაც მთელი ქონების ფასი გადაუხადა მამამისს, რომ ყალბი პასპორტით ევროპაში წასულიყო. იქაც მონასავით უნდა ემუშავა და ცხოვრება გაეუმჯობესებინა. არაფერი გამოუვიდა და ახლა მიწაში ჭიები ჭამდნენ. ანასტასიამ პირველი სართულის ხის კარებზე დააკაკუნა. პატარა ღიობში შავთავსაფრიანი ქალი გამოჩნდა და გაკვირვებულმა შეხედა სტუმარს. -გამარჯობა ქალბატონო, მე ქეთის მეგობარი ვარ, - გაუღიმა ანასტასიამ შაოსან ქალს. -ქეთის მეგობრები არ ყავდა - ქალი სტუმართან საუბრის ხასიათზე არ იყო. -დიახ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი პატარა ბაღში გავიცანით, თქვენს სახლთან ახლოს, სეირნობისას. ერთხელ დამპირდა, რომ თავის ნახატებს მაჩვენებდა და დღიურებსაც წამაკითხებდა. - ანა უკან დახევას არ აპირებდა. იმ დღიურში ბევრ კითხვაზე პასუხი უნდა ეპოვნა. ქალმა თვალები აატრიალა. ზრდილობის გამო არ აგდებდა კუდამოძუებულს თავმომაბეზრებელ სტუმარს. -არ მჯერა რომ ქეთიმ თავი მოიკლა. გამომძიებლებმა რამე მიზეზი გითხრეს?- არ ცხრებოდა ანა. -არა. ვერაფერი გავიგე - ალაპარაკდა ქალი - ექსპერტმა თქვა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი და ჰიდროქლორიდი ქონდა სისხლშიო. გული გაუსკდა და შინაგანი სისხლდენა დაეწყო. მუცლის ღრუ სავსე ქონდაო. ვერაფერი გავიგე. რატომ უნდა მოეკლა ჩემს შვილს თავი? აქამდე არაფერი შემინიშნავს საეჭვო. ერთი ჭიქა ღვინოც კი არასდროს გაუსინჯავს. შეწუხებულმა ანამ აღარ იცოდა რა ეთქვა. ესმოდა დედის წუხილი და თან ინტერესი კლავდა, რა ეწერა იმ დღიურში. არც იმის ჯეროდა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. ინტუიცია სხვას კარნახობდა. -შეიძლება შემოვიდე? დღიურის ნახვა მინდა, გთხოვთ - მუდარა გაისმა ანას ხმაში. -მობრძანდით. მე ისიც არ ვიცოდი, ჩემი შვილი დღიურს თუ წერდა. ბავშვობიდა უცნაური იყო. სხვა ბავშვებს არ გავდა. ზოგჯერ თითქოს სულ სხვა სამყაროში გადაეშვებოდა ხოლმე. ხატავდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მოაწყო გამოფენა. მის ნახატებს ცნობილი ოჯახები ყიდულობდნენ. ბევრი არა, მაგრამ შემოსავალი გვქონდა. აქეთ მობრძანდით - შეიპატიჯა სტუმარი. ქალი ვიწრო და ბნელ დერეფანში გაუძღვა ანასტასიას. ირგვლივ სიღარიბე და სინესტე სუფევდა. სახლის ბნელი ნაწილი უცებ განათდა და ანა სახელოსნოში აღმოჩნდა. იშვიათი ფერთა გამა საოცნებო სამყაროში უპირებდა გადაყვანას. ანამ თვალი ვერ მოწყვიტა მოლბერტზე დამაგრებულ ჯერ ისევ დაუმთავრებელ ტილოს... -ამ ტილოზე ბოლოს მუშაობდა. არ ვიცი რა ქონდა ჩაფიქრებული - გაეღიმა ქალს - დღიური არასდროს დაუწერია ქეთის, ან მე არ ვიცი. თუ რამმეს წერდა, ამ ოთახში იქნება. - მგლოვიარე დედამ მძიმე ნაბიჯებით ჩაუარა შვილის ნამუშევრებს. ძველებურ კარადასთან მივიდა და ძებნა დაიწყო. -აი ესენი უნდა იყოს. დანარჩენები მხოლოდ ხატვისთვის საჭირო ნივთებია - კარადის სიღრმიდან წითელი ხავერდის ყდიანი რვეულები გამოაძვრინა ქალმა და გადაფურცლა. - ბევრი უწერია, ნეტავ რამდენი ხანია წერს? ანას არაფერი უპასუხია. კითხვა ჰაერში დაეკიდა. დედა ჩაფიქრდა, ალბათ გარდაცვლილი შვილის ტკივილმა მკერდში გაუარა. ანასტასიას არ უნდოდა ზედმეტი ყოფილიყო. სიჩუმემ რამდენიმე წამს გასტანა. -აიღე და წაიკითხე. მე მთელი ცხოვრება მექნება ამ ასოებთან საფერებლად. ოღონდ აუცილებლად დამიბრუნე - აკანკალებული ხელით მიაწოდა ქალმა რვეულები ანას. ანასტასიამ გულში ჩაიკრა წითელყდიანი რვეულები. ხმის ამოუღებლად გაიარა ბნელი დერეფანი და დამშვიდობებისას მხოლოდ ხელი დაუქნია ქალს. მგლოვიარე დედას სურვილი არ ქონდა საუბრის და ანა ამას კარგად ხვდებოდა. 25 თავი საღამომდე კითხულობდა ანასტასია წითელყდიან რვეულებს, მაგრამ საინტერესო ვერაფერი იპოვნა. თანმიმდევრობა ისევე დარღვეული იყო ნაწერში, როგორც ქეთის გონებაში. აწმყო და წარსული ისე ებმოდა ერთმანეთს, ანას უჭირდა გაგება, როდის რა მოხდა. კაბინეტი მისი ციხე-სიმაგრე გახდა და იქიდან ცხვირს არ ყოფდა. ინგა რამდენიმე დღე ყოველ დილას სადღაც მიდიოდა და საღამოს ბრუნდებოდა. ანასტასია ყურადღებას არ აქცევდა დედამისის ქცევას. სიმშვიდეში ყოფნა ერჩივნა. თვალები გაოცებისგან დააჭყიტა, როცა კაბინეტის კარებში ჩამდგარი, ცისფერ კოსტუმსა და თეთრ შარვალში გამოწყობილი ინგა დაინახა. -ანასტასია - პიჯაკზე არანაკლებ საქმიანი ტონი ქონდა ქალს - თუ შეიძლება კაბინეტიდან გამობრძანდი ცოტა ხანი, უნდა დავასუფთავებინო და მერე სტუმრები გვეყოლება. ანას გაოცებისგან პირი გაუშრა. ვინ სტუმრები, რა შეხვედრა? რაღაცას ხლართავდა დედამისი, რაც კარგად არ დასრულდებოდა. -ახლავე - ფეხზე წამოხტა გოგონა და წითელყდიანი დღიურები აკრიბა - წავედით ტაისონ - მიმართა სავარძელში მჯდომ ძაღლს. -ჩაიცვი თუ ღმერთი გწამს, ამ საუკუნის წინანდელ სპორტულებში შენი ყურება აღარ შემიძლია. ამ შეხვედრას შენც უნდა დაესწრო. გაოცებული გოგონა ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ტაისონმა ყურები ცქვიტა და ანას გვერდით ამოუდგა. ორიოდე წუთში დერეფნიდან დოდოს შეუკავებელი სიცილი მოესმა, რასაც მამაკაცის ბოხი ხმა გაეპასუხა. ანასტასიას გაეღიმა, თურმე რა შეხვედრას აწყობდა დედამისი. ამას არაფრით გამოტოვებდა. თუნდაც თოვლის ბაბუის ირმების რქების დადგმა დაჭირვებოდა თავზე. მისაღებში ინგას მიერ ნაქები გიორგი ფაშასავით იჯდა და კედლებზე ჩამოკიდებულ ნახატებს ათვალიერებდა. მუხლებზე ყვავილების თაიგული ედო. ერთი ინგას მიართვა და მეორე ანასტასიასთვის იყო განკუთვნილი. დოდოც იქვე იყო და რაღაცას ეჩურჩულებოდა ინგას. ანას დანახვაზე გაჩუმდა და პომადიანი კბილები გამოაჩინა. -დედიკო ეს გიორგია - ზრდილობად დაიღვარა ინგა და ანას სტუმარზე ანიშნა. გიორგი ძლივს წამოდგა სავარძლიდან. ახალგაზრდა კაცისთვის შეუფერებლად დიდი მუცელი მოძრაობაში ხელს უშლიდა. ყვავილებს ხელი დასტაცა და ანას გაუწოდა. -დიდი ხანია თქვენი გაცნობა მინდა ანა, მოხიბლული ვარ თქვენით. მინდა დღევანდელი დღე, ჩვენი ერთად ყოფნის დასაწყისი იყოს. ანასტასიას გაეღიმა. „ყოჩაღ ბიჭო, შენს როლს კარგად ასრულებ, მაგრამ როდის მოიხიბლე ჩემით?“ - გაიფიქრა და ყვავილები იქვე სავარძელზე მიდო. -ახალგაზრდებს ორი წუთით მარტო დაგტოვებთ, ისაუბრეთ, ახლავე მოვალთ - არ ცხრებოდა ინგა და კარისკენ მიათრევდა ინტერესით მაცქერალ დოდოს. ანა მამამისის საყვარელ სავარძელში ჩაეფლო. გიორგის თვალმოუშორებლად ათვალიერებდა . ის კი აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. თვალებს ხან ერთ კედელზე გადაიტანდა და ხან მეორეზე. -მშვენიერი კოლექცია გაქვთ - იპოვა საუბრის დასაწყებად თემა გიორგიმ და სურათებზე ანიშნა. -დიახ, მამაჩემისაა. ერკვევით მხატვრობაში? -არა, ცოტა - წაილუღლუღა ბიჭმა. -აბა როგორ მიხვდით რომ კარგი კოლექციაა - არ ეშვებოდა ანა. -მომეწონა. თან შევნიშნე, რომ ერთს პიკასო აწერია, მეორეს ვან გოგი. -გასაგებია - ჩაეღიმა ანას - თქვენ ესენი ფასის მიხედვით შეაფასეთ. თუმცა იმედი უნდა გაგიცრუოთ. ჩვენ არც ისე მდიდრები ვართ, რომ ორიგინალები გვქონდეს. ესენი მხოლოდ ასლებია, მშრალ ხიდზე ნაყიდი. გიორგის იმედგაცრუება დაეტყო სახეზე. საუბრის სურვილი გაუქრა და გაჩუმდა. ინგამ ბორბლებიანი მაგიდა შემოაგორა. საგანგებოდ გამზადებულ კერძებს ოხშივარი ადიოდა. გიორგი კარგი ჭამა-სმის მოყვარული ჩანდა, ამიტომაც გამოიდო თავი კახიძის ქვრივმა და უამრავი საჭმელი მოატანინა რესტორნიდან. სტუმრები მოურიდებლად ილუკმებოდნენ. ანა უყურებდა მათ და მადა უფრო ეკარგებოდა. სასმელმა თავისი გაიტანა, სიცილ-ხარხარმა იმატა. დოდომა ჭიქა აიღო და ფეხზე წამოდგა. -მოდი ჩვენს მომავალ საქმიანობას გაუმარჯოს - შესძახა ხმამაღლა, რასაც გიორგის როხროხა ხმა შეუერთდა. -ანა ძვირფასო - სტუმარს აყვა ინგა - დღეიდან გიორგი ნელ-ნელა გააერკვევა ჩვენს ბიზნესში. ის ჩემი დამხმარე იქნება. შენ ისწავლი რა და როგორ უნდა გააკეთო, მერე კი ყველაფერს თქვენ გადმოგაბარებთ და მე მშვიდად ვიცხოვრებ... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ინგა, მაგრამ ანას ერთი სიტყვაც აღარ ესმოდა. ის ბრაზობდა დედაზე, რომელმაც თავისი გეგმა თავს მოახვია. მამაზე, რომელმაც ამდენი აწეწილი საქმე დაუტოვა და ღმერთზე, რომელმაც დაუშვა, რომ თეთრი ხალათი გაეხადა და ამ აბდაუბდაში გაეყო თავი. -გიორგი, ფინანსურ დოკუმენტებს სესილია გაგაცნობს. ლუკა იურიდიულ საკითხებში გაგარკვევს. ადგილზე მაიკო მოგხედავს. მე არაფერში გჭირდები. ახლა კი ბოდიში, ტაისონის გასეირნების დროა - ფეხზე წამოდგა ანა და ისე დატოვა სტუმრები, რომ პასუხის გაცემა ვერავინ მოასწრო. 26 თავი გამომძიებელ ბიძინა სოხაძეს დედამიწაზე არავის და არაფრის ეშინოდა. ახალგაზრდობიდან დღე და ღამე წანწალს მიჩვეული, ისეთ უბნებს და ჩიხებს დაივლიდა ხოლმე, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანდა. სახლში შვილეის და შვილიშვილების ხმაური არ ასვენებდა. სამსახურში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. მიყრუებულ ქუჩებში კი არავინ ურღვევდა სიმშვიდეს. მიდიოდა და ფიქრებს ეძლეოდა. მხოლოდ აქა-იქ მაწანწალა ძაღლი თუ გამოუხტებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლო დღეებში რაღაც არ ასვენებდა. სიმყუდროვეს ურღვევდა და მის გაძლიერებულ ყნოსვას აფორიაქებდა. თითქოს ვიღაც მუდამ თან სდევდა, უთვალთვალებდა, ყველა მისი ნაბიჯი იცოდა. ბიძინამ მიყრუებულ უბნებში სიარულს უკლო. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მიდიოდა და შებინდებულზე ცდილობდა გარეთ აღარ გამოსულიყო. შიშის და დაუცველობის შეგრძნება მაინც მუდამ თან სდევდა. მანქანა სამმართველოს ავტოსადგომზე ეყენა გამომძიებელს. თათბირმა დიდხანს გასტანა და შემოაღამდა. სიბნელით მოცულს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. თითქოს უხილავი თვალები უსიამოვნოდ ახლოს იყვნენ და არც შემცდარა. ერთი ნაბიჯი გადადგა და ვიღაც მოჩვენებასავით წინ აესვეტა. ლამპიონის სინათლე ზურგიდან ცემდა. ლაბადაში გახვეულ სხეულს მხოლოდ კონტურები უჩანდა. -ბიძინა სოხაძე ხო? - თითქოს დაიჩურჩულა ლანდმა. -დიახ, - გაეპასუხა გამომძიებელი. -ეს აიღე - ხელში კონვერტი შეაჩეჩა უცნობმა ბიძინას - ენას თუ კბილს არ დააჭერ, შემდეგი შენ იქნები. შავლაბადიანი ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. გამომძიებელს სიცივის ტალღამ ფეხებიდან შემოუტია, გულთან გაჩერდა და მოუჭირა. მკერდზე ხელი მიიდო. ჯიბეში მანქანის გასაღები მოძებნა და სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ავტოსადგომი. მანქანის სავარძელზე მისვენებულმა თავი სამშვიდობოს იგრძნო. კონვერტი ხელში ეკავა და კანს უწვავდა. კანკალით მოახია გვერდი. სურათი ამოიღო და შიშისგან იკივლა. ყელგამოჭრილ ივანე მახარაძეს თვალები დაეჭყიტა, პირი დაეღო და თითქოს შველას თხოვდა ბიძინას. გამომძიებელმა მანქანა დაქოქა, გაზის პედალს ფეხი დააჭირა და ადგილს მოწყდა. 27 თავი ტაისონმა თათით საბანი აუწია ანასტასიას და სველი ცხვირი ყელსა და მხარს შორის შეუყო. გოგონას ისევ ქეთის დღიურებზე ეძინა, მაგრამ ბავშვობისდროინდელი მოგონებების გარდა ჯერ საინტერესო არაფერი ჩანდა. „ამ გოგოსგან კარგი მწერალი დადგებოდა, ცოცხალი რომ იყოს,“ - ფიქრობდა ანა, როცა ხელნაწერს კითხულობდა. ტუმბოზე დადებული ტელეფონი ანათებდა. შეტყობინებებით სავსე აპარატი შველას ითხოვდა. ანასტასიამ თვალის ერთი მოვლებით გადაათვალიერა ტელეფონი და ლუკას შეტყობინებები გახსნა. „ანა, ივანე მახარაძე იპოვნეს მკვდარი“ „ვიღაცამ ყელი გამოჭრა და ტყეში გადააგდო“ „მწყემსმა ნახა შემთხვევით“ „ალბათ ცხოველებს მიუგდეს საჭმელად“ „ბიძინა სოხაძეს დაემუქრენ“ „თვითონ არ უთქვამს, უარყო, როცა ვკითხე. სხვამ მითხრა“ „ეს ყველაფერი არ მომწონს. ფრთხილად იყავი“ „გუშინ შენი საქმრო გიორგი დამიკავშირდა. (სიცილის ნიშანი) საბუთები უნდოდა, მივეცი.“ „სესილიასთანაც ყოფილა. სადილზეც დაუპატიჟებია.“ „ალბათ ჩემი კონკურენტობა უნდა ყველაფერში“ „შენ შენი ქონებით უნდიხარ, სესილია - თავისი კომპანიით“ (სიცილის ნიშნები) „კაი მადიანი კი ყოფილა ცხოვრებაშიც და ჭამაშიც.“(სიცილის ნიშნები) „მაგას მე მოვუვლი, შენ არ ინერვიულო.“ „მამაშენის და შენს ნაწვალებს, ხელში არავის ჩავუგდებ“ „გკოცნი, რომ გაიღვიძებ, მომწერე“ „სესილიაც გკოცნის“ ბოლო შეტყობინება სესილიას და ლუკას ერთიბლივი სურათი იყო, ფაეროვანი კოცნის იმიტაციით. ანას გაეცინა. ბიჭი, რომელსაც მთელი ბავშობა ვერ იტანდა, ახლა მასზე ზრუნავდა და ზუსტად იცოდა, რომ ლუკა რასაც იტყოდა, ყველაფერს გააკეთებდა. 28 თავი სახლში სიჩუმე იყო. ინგა სამზარეულოში იჯდა. ჩაის მიირთმევდა და რაღაც ფურცლებს გულმოდგინედ კითხულობდა. მას შემდეგ, რაც ტურისტულ სააგენტოში სიარული დაიწყო, ძალიან იღლებოდა. მთელი ცხოვრება უსაქმურობას მიჩვეული, ახლა თავს ვერ უყრიდა ყველაფერს ერთად. მაგრამ არ ნებდებოდა. რამდენიმე მიზანი ქონდა. მაიკოსთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა მისი ქმრის გვერდით გატარებული წლებისთვის. როგორმე გიორგი და ანაც უნდა დაეახლოვებინა ერთმანეთისთვის. მერე თვითონ დაისვენებდა. იმოგზაურებდა. სამზარეულოში ანას აბურდული თავი გამოჩნდა. დედა არ შეუმჩნევია, ისე დადგა ყავის აპარატთან და ცხელი სითხის გადმოსვლას დაელოდა. -დილა მშვიდობისა შვილო, როდის უნდა გამოძვრე იმ კაბინეტიდან? როდის უნდა შეეშვა თივის ზვინში ნემსის ძებნას? როდის უნდა მოკიდო ხელი რეალურ საქმეს? ანამ არაფერი უპასუხა. ზურგით იდგა და ცდილობდა მშვიდად მოესმინა დედის დილის მონოლოგი. -სანამ შენ მამაშენის მკვლელს ეძებ, მანამდე ჩვენი ბიზნესი უკან წავა. როცა მოიცლი, უკვე გვიანი იქნება. -რატომ დედა? შენ და გიორგი კარგად უძღვებით საქმეს. ასე არაა? -კი ასეა, მაგრამ სულ მე ვერ ვიქნები იქ. გიორგი მაინც უცხოა. შენ უნდა მიხედო ყველაფერს. შენ! შეიგნე ბოლოს და ბოლოს. - გაკაპასდა ქალი. -ახლა ჩვენი უსაფრთხოება უფრო მაღელვებს - სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა ანა. -მამაშენი მოკვდა, მასთან ერთად მისი ახლართული საქმეები. ჩვენ ახლა ლეგალური ბიზნესი გვაქვს და არაფერი გვემუქრება. -მართლა? ივანე მახარაძე მოკლეს. - ანამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა - დანით გამოჭრეს ყელი და ტყეში დააგდეს ცხოველების საჯიჯგნად. გამომძიებელ ბიძინა სოხაძეს დაემუქრნენ. მალე ჩვენ მოგვადგებიან. აი ეს მაღელვებს. შენ აისბერგის მხოლოდ წვერს ხედავ და მეტის დანახვა არც გინდა. ინგას თვალები გაუფართოვდა. სახეზე გაფითრდა და მერე ღრმად ჩაისუნთქა. -ივანე მოკლეს? ვინ მოკლა? -არ ვიცი. ივანემ ბევრი საიდუმლო იცოდა და საფლავში წაიღო. ინგას სახეზე ფერებმა გადაუარა. წამიერად გაირინდა. -კი ბევრი საიდუმლო წაიღო - ჩაილაპარაკა ბოლოს და სამზარეულო დატოვა. 29 თავი უკვე მერამდენე ღამეს ათენებდა ანასტასია წითელყდიან დღიურებთან. როგორ იქნა რაღაც საინტერესოს წააწყდა. „გოგა ბიძია დაბრუნდა, ალბათ ისევ მოიყვანს ლამაზ კურდღლებს.“ „გოგა ბიძიამ კურდღლები არა, მაგრამ ლამაზი ჭრელი ზაზუნები მოიყვანა. მათთან ყოფნა და ყურება დიდი სიამოვნებაა.“ „ისეთი მოწყენილია... ასეთი არ იყო სანამ წავიდოდა. მანანა დეიდა გიჟია. ზაზუნებს ვეფერებოდი და შემომივარდა. გარეთ გამომაგდო და გოგა ძიას ეჩხუბა. ეს ქალი სულ ჩხუბობს. ფულს ითხოვს. მე მქონდა ცოტა ფული. ჩემი ნახატები იყიდა ვიღაც მდიდარმა კაცმა. გავუტანე და მივეცი. არ აიღო. მეწყინა.“ „ისევ ვიყავი ზაზუნებთან. რაღაც ჭირთ. მოწყენილი იყო პელე. გოგა ძიამ ამიხსნა, რომ თურმე ავად არის და მკურნალობს. მეც გავუკეთე ნემსი. მალე კარგად გახდება.“ „პელეს სანახავად ვიყავი. ისევ ცუდადაა. მანანამ დამართა ალბათ რაღაც. ვირაც ძალიან ლამაზი ქალი იყო გოგასთან მოსული. მანანას კონვერტი მიცა. დავინახე, შიგ ძალიან ბევრი ფული იდო. გაუხარდა მანანას. მეც გამეხარდა, აღარ ეჩხუბება გოგას. არასდროს დამავიწყდება ის ქალი. გოგა ძიაზე უთხრა მანანას : მაგან საქმე გააკეთოს და მერე გავაქრობო. შემეშინდა. იმედია არაფერს დაუშავებენ. რომ დაინახეს ვუსმენდი, მანანა მეჩხუბა და გამომაგდო.“ „ის ქალი ალბათ ძალიან მდიდარია. ცისფერი დიდთვლიანი ბეჭედი და საყურეები ეკეთა. ოქროსავით ბრწყინავდა. ლამაზად ეცვა და თმებიც სალონში დავარცხნილი ქონდა. გარეთ მანქანა ელოდა. შიგ მელოტი ქმარი იჯდა. ალბათ ქმარი იყო, რომ ჩაჯდა აკოცა. შემრცხვა რომ ვუყურებდი. ის ქალი უფროსი იქნება. დამინახეს და შემრცხვა.“ „დღეს იცი რა მოხდა? ჩემთან ის კაცი მოვიდა, ლამაზ ქალს რომ კოცნიდა. ჩემი ნახატების დათვალიერება უნდოდა. გაუგია რომ ვხატავ. იცი რა ლამაზი კაცია? რა თბილი? ასე მითხრა, არ ვკოცნიდი, აღელვებული იყო და დავამშვიდეო. ასე იქნებოდა. ასეთი ლამაზი კაცი, იმ ალქაჯს როგორ აკოცებდა.“ „დღეს კიდევ მოვიდა. საჩუქარი მომიტანა. მითხრა, რომ ლამაზი ვარ. მიხარია, ძალიან მიხარია. მე თმიანი კაცები მომწონს. ის თმიანი არ არის, მელოტია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. მომწონს.“ „ნიკა კიდევ მოვიდა. კიდევ იყიდა ჩემი ნახატი. შოკოლადები და ტკბილი სასმელი მომიტანა. დედა არ მასმევს ასეთ სასმელებს. დაგათრობსო. კიდევ თუ მომიტანს, ჩუმად შევინახავ და დავლევ’“ „დედას არ ვეუბნები. ნიკა ღამე ჩუმად მოვიდა. სახელოსნოში ვიყავით. მიყურებდა და მე ვხატავდი.“ „წუხელი ისევ მოვიდა ნიკა. ტკბილი სასმელი და შოკოლადი მომიტანა. გემრიელი იყო. თავბრუსხვევა ვიგრძენი. ხელები დამიბრუშდა. მომეწონა. ნიკამ მაკოცა. ბედნიერი ვარ“ „ნიკას ვკითხე, ვინ არის ის ლამაზი ქალი-მეთქი. მეზობელიაო. ისიც ვუთხარი, რომ გავიგონე მისი მანანასთან ლაპარაკი. ცოტა ნაწყენია გოგაზე, მაგრამ არაფერს დაუშავებსო. შემპირდა მოვალო. ამაღამ კიდევ მოვა. იმ ტკბილ სითხესაც მომიტანს. მთავარია დედამ არ გაიგოს’“ ეს ქეთის ბოლო ნაწერი იყო. არავინ იცის ვირაც ნიკა კიდევ მივიდა ქეთისთან თუ არა. მეორე დღეს გოგონა თავის სახელოსნოში გარდაცვლილი იპოვეს. ერთი რამე ცხადი იყო ანასთვის. გოგა ნადირაძის ცოლმა მანანამ იცოდა ვირაც „ლამაზი ქალის ვინაობა“, რომელიც „ნიკასთან“ ერთად იყო მისული ნადირაძის სახლში და რომელსაც რაღაც აკავშირებდა ქეთის სიკვდილთან. ანას თვალები ეწვოდა. მამამისის სიკვდილის შემდეგ მხედველობა კიდევ უფრო გაუუარესდა. ეძინებოდა. ლუკასთან დილით აუცილებლად დარეკავდა. იმედია ამ დღიურებს ყურადღებას მიაქცევდნენ გამომძიებლები, თუ არა მერე ისევ ანას უნდა ერკვია სიმართლე თავისი ძალებით. 30 თავი დაკითხვის ოქმი N... გოგა ნადირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანა. შედგენის ადგილი: თბილისი დაიწყო: 15:40 დამთავრდა: 17:00 ქ. თბილისი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი: ბიძინა სოხაძე გამოსაკითხი პირი: მანანა ნადირაძე გამომძიებელი: ქალბატონო მანანა, ერთხელ კიდევ უნდა გაგესაუბროთ. თქვენი მეუღის გოგა ნადირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით. თქვენ უფლება გაქვთ არ გვიპასუხოთ და მოითხოვოთ ადვოკატი. მანანა ნადირაძე: გასაგები. გამომძიებელი: ქალბატონო მანანა, კიდევ ერთხელ მოგვიყევით, რა გარემოებაში ნახეთ თქვენი მეუღლე გარდაცვლილი. მანანა ნადირაძე: დილით დაახლოებით 8 საათზე გავიღვიძე. სახლში საჭმელი არაფერი გვქონდა. ძალიან გვიჭირდა და არც ფული გვქონდა. ამიტომ გოგას ძებნა დავიწყე სახლში. მინდოდა ჩვენი უბნის მაღაზიაში გამეგზავნა და „ნისიად“ წამოეღო საჭმელი. ბავშვი გაიღვიძებდა და საუზმე უნდა დამეხვედრებინა. გოგა სახლში არ იყო. მივხვდი, რომ სარდაფში, თავის ლაბორატორიაში, იქნებოდა. ამიტომ იქ ჩავედი. კარები დაკეტილი დამხვდა. შიგნით, რომ შევედი, საფარდეზე თოკით ჩამოკიდებული დამხვდა. თვალები გახელილი ქონდა. ხელები ყელზე შემოხვეული და თოკში გაბლანდული. ალბათ გამოხსნას ცდილობდა. ავყვირდი. მეტი არაფერი მახსოვს. გამომძიებელი: ქალბატონო მანანა, თქვენ თქვით, რომ ფული არ გქონდათ. თქვენ სახლში არმოვაჩინეტ კონვერტი, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა იყო. მასზე თქვენი თითის ანაბეჭდებია. რით ახსნით ამას? მანანა ნადირაძე: ის ფული ჩემი არ იყო. გამომძიებელი: ასეთივე კონვერტი, ფულის გარეშე ვიპოვნეთ თქვენს საძინებელში, ტუმბოს უჯრაში. არც ის იყო თქვენი? მანანა ნადირაძე: ამ კონვერტით ფული ვისესხე. გამომძიებელი: შეგიძლიათ მითხრათ ვისგან და რამდენი? მანანა ნადირაძე: (დუმილი) გამომძიებელი: ჩვენი ინფორმაციით, კონვერტი გადმოგცათ ერთმა ქალბატონმა და დაგპირდათ, რომ კიდევ მოგიტანდათ, თუ თქვენს მეუღლეს რაღაც საქმეს გააკეთებინებდით. შეგიძლიათ ამის შესახებ მომიყვეთ? მანანა ნადირაძე: სისულელეა. არავინ ქალი არ ყოფილა და არც ფული ამიღია. გამომძიებელი: თქვენ ნამდვილად აიღეთ გარკვეული თანხა კონვერტით. ორი კონვერტი უკვე ჩვენთან არის. შესაძლოა უფრო მეტიც იყო. მის სანაცვლოდ გოგამ რაღაც საქმე გააკეთა და თქვენ ეს იცით. რა გააკეთებინეთ თქვენს მეუღლეს? მანანა ნადირაძე: ბევრი ვალი გვქონდა და არაფერს ვთაკილობდით, რომ ორი კაპიკი გვეშოვა. ალბათ მორიგი ასეთი საქმე იყო. გამომძიებელი: თქვენი მეუღლის დატოვებულ წერილში წერია, რომ ის ბოდიშს უხდის უცნობ ოჯახს. ამ წერილს დაქტილოსკოპიური ანალიზი ჩაუტარდა. განგიმარტავთ, რომ ეს არის ხელნაწერების შედარება. ამ ანალიზით დადასტურდა, რომ გოგა ნადირაძემ გაუგზავნა ვახტანგ კახიძეს ზე-აქტიური ჯილეხის ჩხირი. რამაც გამოიწვია კახიძის სიკვდილი. რას მეტყვით ამაზე? მანანა კახიძე: ვახტანგ კახიძემ გაუკეთა ყალბი პასპორტი გოგას. პოლონეთამდე ჩავიდა. იქ დააკავეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. ის იქ შიმშილობდა და ჩვენ - აქ. მერე დაადეპორტეს. ძლივს ჩამოაღწია აქამდე. მას შეეძლო ლაბორატორიიდან რამე გაეგზავნა. არცაა გასაკვირი, ისეთი გამწარებული იყო. გამომძიებელი: ქალბატონო მანანა, ერთი კვირის წინ, თქვენს სახლში მოსული იყო ივანე მახარაძის მანქანა. ის მაღაზიის კამერებმა დააფიქსირეს. საიდან იცნობთ ივანე მახარაძეს? მანანა ნადირაძე: არ ვიცნობ მაგ კაცს. გამომძიებელი: ის ვახტანგ კახიძის თანაშემწე და მასთან დაახლოებული პირია. თქვენთან შემთხვევით ვერ მოხვდებოდა. ის რაღაცისთვის მოვიდა... მანანა ნადირაძე: (დუმილი) გამომძიებელი: მე კი მგონია, რომ ივანე მახარაძემ, უცნობმა ქალმა, რომლის ვინაობასაც მალე დავადგენთ, თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთად დაგეგმეთ ვახტანგ კახიძის სიკვდილი. ამაზე მიუთითებს ყველა გარემოება. ფული უცნობმა ქალბატონმა გადმოგცათ, თქვენ კი ყველა პირობა შეუქმენით ტქვენს ქმარს, რომ თავი მოეკლა. მანანა ნადირაძე: (დუმილი) გამომძიებელი: ამავე მაღაზიის კამერებმა დააფიქსირა ივანე მახარაძის მანქანა ღამით თქვენი ეზოს სიახლოვეს. ჩვენი ვარაუდით, თქვენ უთხარით მას, რომ ფულის აღების დროს, თქვენმა მეზობელმა ქეთიმ დაგინახათ. ივანე მახარაძე მას გაეცნო, როგორც მისი ნახატების თაყვანისმცემელი და მოტყუებით მოწამლა ის. სავარაუდოდ თქვენ ბრალს დაგდებენ ქეთი გოგაძის მკვლელობის ორგანიზებაში. მანანა ნადირაძე: გოგა რომ დაბრუნდა, უამრავი ვალი გვქონდა. ბანკი დღე-დღეზე სახლს წაგვართმევდა. ის ვახტანგთან მივიდა და დახმარება თხოვა. ვახტანგი დაპირდა, მაგრამ ორი თვე ველოდეთ და არ გამოჩენილა. ამასობაში ჩვენთან მისი ცოლი ინგა მოვიდა. გაგვეცნო და დახმარებას დაგვპირდა. ჩვენ გოგას ლაბორატორიაში ვსაუბრობდით. დაინტერესდა, რას აკეთებდა ხოლმე იქ ჩემი ქმარი. ვისაუბრეთ და წავიდა. შემდეგ კიდევ მოვიდა და შემოგვთავაზა, თუ გოგა დააავადმყოფებდა ვახტანგ კახიძეს და ის მოკვდებოდა, ყველა ჩვენს ვალს გადაიხდიდა. ჩემი ქმარი თავიდან წინააღმდეგი იყო. მერე გადაიფიქრა და გაუგზავნა ის ჩხირი. ისე აეწყო ყველაფერი, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მკვლელობა ბუნებრივ სიკვდილს გავდა. ქეთის სიკვდილზე მე არაფერი ვიცი. არც ის ვიცოდი, ივანეს თუ იცნობდა. ივანე მე მხოლოდ ერთხელ ვნახე. ინგა კახიძე მოიყვანა ჩემთან. მას კითხეთ, ისიც დაგიდასტურებთ. გამომძიებელი: ქალბატონო მანანა, მეტი კითხვა არ მაქვს ამ ეტაპზე. თქვენ ბრალი გედებათ ვახტანგ კახიძის მკვლელობის თანამონაწილეობაში. დაპატიმრებული ხარ. თქვენ გაქვთ ადვოკატის აყვანის უფლება. 31 თავი ინგა კახიძე მეგობრებთან შესახვედრად ემზადებოდა. ოპერაში ახალ წარმოდგენას უნდა დასწრებოდნენ და მერე ევახშმათ. საგანგებოდ ამ საღამოსთვის ნაყიდი შავი ხავერდის კაბა საწოლზე ქონდა მიფენილი. მის გვერდით თავს იწონებდა დიდი ცისფერთვლიანი ბეჭედი და საყურე. თვითონ სარკესთან იჯდა და თმას ივარცხნიდა. ისევ ლამაზი იყო, როგორც ახალგაზრდობაში, მაგრამ ახლა საქმიანიც და ძალიან მოწონდა ეს მდგომარეობა. მეგობრებს გულღიად მოუყვებოდა, თუ როგორი დაკავებული გრაფიკი ქონდა და როგორ მართავდა ქმრის დატოვებულ კომპანიას. კარებზე ზარის ხმა გაისმა. არავის ელოდა ინგა, ამიტომ ზალიან გაუკვირდა. თავი მიანება საქმიანობას და შემოსასვლელი კარები ისე გააღო, არც უკითხავს ვინ იდგა მის უკან. -ბატონო ბიძინა, არ გელოდით ამ დრის - მიესალმა სტუმარს. -ქალბატონო ინგა, თქვენ დაპატიმრებული ხართ ვახტანგ კახიძის მკვლელობის ორგანიზებისთვის. ასევე ქეთი გოგაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ასევე გაქვთ ადვოკატის აყვანის უფლება. ამ წუთიდან რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენს წინააღმდეგ. ინგას თვალი არ დაუხამხამებია. არც წინააღმდეგობა გაუწევია, როცა გამომძიებელმა ხელბორკილი დააკლო. გაოგნებული ანასტასია დერეფნიდან ადევნებდა თვალს მის სახლში მომხდარ ამბავს და ხმას ვერ იღებდა. გამომძიებლის ზურგს უკან მდგარმა ლუკა ამაშუკელმა ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი ანამდე და გულში ჩაიკრა. -დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. დედაშენს ახლა ადვოკატი ჭირდება. ჩაიცვი მანქანაში დაგელოდები. -ახლა რა იქნება? -წინ სასამართლო გველოდება. მერე შენ ცოტა ხნით ევროპაში წახვალ სადმე სტაჟირებაზე. ამაზე მამაჩემი იზრუნებს. ტაისონს სესილია დაიტოვებს. არამგონია უარი გითხრას. მერე კიდევ რაღაც შეიცვლება. ცხოვრება გრძელდება. დასასრული 26.12.2022 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.