ყველაფერი კარგად იქნება 1_10
ყველაფერი კარგად იქნება 1 იქიდან გამომდინარე , რომ ჩემი შინაგანი საათი გამართულად მუშაობს სადღაც ღამის სამი საათია. რატომ არ მძინავს? ჰმ! თავს ვიმძინარებ.უფრო სწორედ ვცდილობ არ გავინძრე. ღმერთმა ნუ ქნას და გაიღვიძოს. ნასვამი როცაა ასე მგონია სრულიად უცხოა. ის კაცი არაა ყოველშემთხვევაში მე რომ მიყვარს. არა, არ მოგეჩვენათ , მიყვარს! ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამაზეც მოგიყვებით მოგვიანებით. ახლა კი უძილობისგან თავი მტკივა. თვალები მეხუჭება და როცა ლამისაა ძილის სამეფოში უნდა გადავეშვა... ტირილის ხმაა. აივნის ღია კარიდან საცოდავი სლუკუნი მესმის. უცებ ვფხიზლდები და ჩემდაუნებურად ვუსმენ. ქალი ეხვეწება ვიღაცას მტკივა გამიშვიო. უშვერი გინების კორიანტელს დარტყმის ხმა ერთვის და ქალის საცოდავი კვნესა. ნორმალური ადამიანი ან პატრულში დარეკავს, ან აივნიდან გაიხედავს და ყვირილს დაუწყებს იმ არაკაცს , მაგრამ მე ჩემი გამჭირვებია. ბოდიში დაო- ვეჩურჩულები გულში უცნობ ჩემიანს. -ღმერთმა იცის, როგორ მესმის შენი და ახლა ყველაზე მეტად მინდა დაგეხმარო , მაგრამ მე ვინ დამეხმარება მერე ? ! რა უცნაურია? ორი უცხო ადამიანი ასეთი მსგავსი უბედურებით, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრში და ძალა არცერთს აქვს წინააღმდეგობის. ნეტავ ამ წამს კიდევ რამდენი ქალია დახმარების უიმედო მოლოდინში? ნელ-ნელა ტირილის ხმა მიწყდა. ვფიქრობ როგორი ლაჩარი ვარ და ბოღმა მახრჩობს. ნუთუ ასეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი? მაშინ, როცა სწავლაში მათენდებოდა, ან მაშინ , როცა ნანტრი სამსახური ვიპოვე. იქნებ მაშინ როცა ის დავინახე და გულმა გაოცებისგან ფეთქვა შეწყვიტა? არა ამაზე ნამდვილად არ მიოცნებია. მაგრამ მჯერა ან თავს ვიჯერებ , რომ ყველაფერი კარგად იქნება. უბრძოლველად არ დავნებდები. 2 ზაფხული რომ დაიწყო, ჩვეულებრივი ზაფხული მეგონა .... ზაფხული რა, უაზრო ორი თვე სოფელში. უკვე რამდენჯერმე წაკითხული ბიძაჩემის წიგნები. კოჭამდე მდინარე. თაკარა მზე ყველაფერი, როგორც ყოველთვის და უცებ ის... შავგვრემანითქო ვერ ვიტვი, იმიტომ რომ შავგვრემანზე შავი იყო. ჩუმი ,მაგრამ უცნაურად მეტყველი თვალებით და ლამაზი ძალიან ლამაზი თითებით.ეს იყო ერთი ნახვით ... გაოცება)))) ჩემი ცხოვრების ყოველწლიურად ნაცვეთ სოფელში, სადაც ყველა ქვა და კენჭი ვიცი, მხოლოდ მას არ ვიცნობდი. არ შემიმჩნევია მანამდე, არ დამინახავს. დავინახე და ვიგრძენი, რომ მსურდა მოვწონებოდი.რაც სხვებთან ზოგადად დიდად არ მაღელვებდა. დღემდე მგონია , არაფერი დამტყობია სახეზე მაშინ.მეგობარმა ვისაც ახლდა გაგვაცნო. შემდეგ ვითომ აქ არაფერი ზურგი ვაქციე და დაქალთან ერთად სასეირნოდ წავედი.ვიცოდი უკან მოგვყვებოდნენ და ერთი სული მქონდა მიმეხედა, არა მინდოდა თვალებში შემეხედა , რომ გამეგო რატომ დუმდა.მისი სიჩუმე კი ისე უცნაურად ხმაურობდა. იქნებ სულაც მე მეჩვენებოდა ასე? იმ საღამოს მსურდა სულ მასზე მესაუბრა გოგოებთან, მაგრამ სიჯიუტის თუ სიამაყის გამო არაფერი მითქვამს. მეორე დღეს ისევ მოვიდა, კვლავ მეგობართან ერთად და შემდეგ ისევ. და მესამე შეხვედრისას გულიან მეგობრებად ვიქეცით. ვიცინოდით ყველაფერზე.ვსეირნობდით ბევრს.ვლაპარაკობდით უფრო სწორედ მე ვლაპარაკობდი და ის კი მისმენდა. არ ვიცი რას ფიქრობდა , არ ვიცი საერთოდ მისმენდა? თუმცა სულ მიყურებდა და გეფიცებით თვალებით იღიმოდა. დღესაც კი ლამის 15 წლის შემდეგ, როცა ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას, ბედნიერების და სიხარულის მაშინდელი გრძნობები მავსებს.ბევრჯერ ჩვენი აუტანელი ჩხუბის შემდეგ ვიხსენებდი ამ გრძნობას და თავიდან ვიყვარებდი მას. ისევ და ისევ და მჯერა სანამ ეს მოგონებები მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. 3 წარსულის გახსენება მედიტაციასავით დამჩემდა. მინდა გავიხსენო ყველაფერი, რის გამოც ვუძლებ დღევანდელობას. მინდა მოვეჭიდო იმ მოგონებებს და ჩვენ ორის ნაცვლად შევძლო ფეხზე მყარად ადგომა... .... ჩვევა ხომ რჯულზე უმტკიცესია? ხოდა ამ ჩემი ძილის მოგრეხილ მანერას ვერაფერი ეშველა. საგულდაგულოდ მოვიკლაკნე საბნის ქვეშ და თვალები დავხუჭე. ოთო ოთახში შემოვიდა .ლოგინთან მოვიდა დამხედა და ჩაეცინა. - მიჩოჩდი!- მეუბნება სიცილით. - წესით მოჩოჩდიო უნდაა ამბობდე!- ვბუზღუნებ მე და ადამიანურად ვწვები. - მიყვარს მასე რომ წევხარ. სასაცილო ხარ.- მეუბნება ისევ სიცილით და მეხუტება. - ორი დღის მოყვანილი ცოლი სასაცილო კი არა სექსუალური ჯობია იყოს- ისევ ვბუზღუნებ მე თითქოს ჩემი ასექსუალური წოლის მანერა მისი ბრალია. - სასაცილო, ბუზღუნა, მსუნაგი, ზარმაცი, მძინარა! ასეთია ჩემი სასურველი ცოლი!- მეუბნება ჩურჩულით და ყველა ჩემს "საამაყო" თვისებას, რომლითაც კუროს ზოდიაქომ გულუხვად მაკურთხა .მოურიდებლად თვლის. მერე უფრო მოურიდებლად მაისურს მხდის და ... მოფერებისას ასეთი სიურცხვე ესეც ჩვენი საერთო ზოდიაქოს ბრალია რომ იცოდეთ... ღიმილით მეძინება. ჩვენ ერთმანეთს ვგავდით ძალიან და თან საოცრად განვსხვავდებოდით. მსგავსი თვისებების გამო ბედნიერებიც ვიყავითთ და ხშირად ვჩხუბობდით კიდეც. ხუთი წელი ვიყავით ერთად ქორწილამდე და ათასი ჩხუბის მიუხედავად იქამდე არასდროს მივსულვართ რომ დავშორებოდით ერთმანეთს. უზომო, უსაზღვრო ბრაზისას , როცა მეგონა რომ ნაპირებს წავლეკავდი, მოდიოდა და მეხუტებიდა... და ბრაზი თითქოს თითის წვერებიდან სადღაც იპარებოდა. ის ჩემი ნაწილი იყო, არის და იქნება! ჩემი სახლი , უფრო სწორედ ჩემი თავშესაფარი. მახსოვს, ერთხელ, როცა ეს ვუთხარი გაბრაზდა. ხელები გამაშვებინა და მოშორებით გადაჯდა. გამიკვირდა და მეწყინა. გაგრძელებული დუმილის გამო ვკითხე. - ნუთუ ეს ასე ცუდია? -რა არის ცუდი? - დაბნეულად მიპასუხა მან. - აი თავშესაფარი რომ ხარმეთქი. შემომხედა ნაღვლიანად და მითხრა. -მინდა ძლიერი იყო. ისეთი რომ არ დაგჭირდეს თავშესაფარი. მე რომ გავქრე? ან ის აღარ ვიყო ვინც ვარ, ფეხზე მყარად უნდა იდგე. სიარული არ შეწყვიტო. როგორც აქამდე მოდიოდი. -მოვდიოდი და შენამდე მოვედი!ახლა დასვენების დროა!- შევაწყვეტინე მე. რატომღაც ძალიან უსიამოვნო მეჩვენა მისი საუბარი იმ წამს. რას ვიფიქრებდი , რომ წინასწარ მეტყველებსავით საუბრობდა ჩვენს მომავალზე. ჩვენ აზრზეც არ ვიყავით რას გვიმზადებდა ცხოვრება . მაშინ გვეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა სანამ ერთად ვიყავით. 4 თქვენ რა გგონიათ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენებაა? მხოლოდ იძულებითი ტყვეობაა? მხოლოდ თავისუფალი ნების წართმევაა? ნეტავ ეს ყოფილიყო ჩემს შემთხვევაშიც . ასე ხომ ადვილად შევიძულებდი. ასე ხომ ადვილად მივატოვებდი. ასე ხომ ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი. ფიზიკურ ტკივილებს ავიტან, მაგრამ რა ვუყო, როცა მას სტკივა? როცა ნებას არ მაძლევს დავეხმარო? როცა საყვარელი ადამიანი გამიუცხოვდა? ჩვენს შორის განა კედელი ააშენა, მთელი კოსმოსი გაშალა. გადაულახავი ბნელი კოსმოსი. მივდივარ, ფეხის წვერებზე ვეპარები, ლოგინზე მის გვერდით ვიკუნტები და ასე შორიდან ვსუნთქავ მას ვინც ჩემთვის ჰაერია. რომ სძინავს თითებზე ვეხები და ისევ ცოცხლდება მოგონებები. თვალდახუჭული ვიძირები ახლო წარსულში, რომელიც ახლა ისეთი შორეულია არც მჯერა რომ მართლა გვქონდა... ....-ოთოო! რას ეძებ? ოთოო!- ვეძახი და ვაკვირდები მდინარის გადაღმა რაღაცას გაფაციცებით ეძებს. ხშირ-ხშირად იხრება . -ოთოო მოდიი!-ვეძახი მოუთმენლად. მაგრამ მეეჭვება მდინარის ხმაში ჩემი ესმოდეს. პატარა ექსპერიმენტს ვატარებ. აი ხომ გაგიგონიათ თუ დიდხანს უყურებ ვინმეს და ფიქრებში ეძახი, უნდა იგრძნოს და მოიხედოს. უცებ მესიჯის ხმა მესმის. მისთვის თვალმოუშორებლად ვიღებ ტელეფონს არ მინდა მაგია გამეფანტოს. წამით ჩავიჭყიტე და ოთო მწერს:" მეძახდი?" და სმაილი. თვალებს ვახამხამებ . იყოს დამთხვევა, მაგრამ მე მაინც დავიჯერებ, რომ გამომივიდა. მდინარე პირდაპირ გამოტოპა , თუ გინახიათ სოფლის მდინარე მიხვდებით რატომ გამოტოპა და არა გადმოცურა. მოვიდა და ზურგსუკან ხელს მალავს. - პირველი საჩუქარი!- ამბობს ღიმილით და ხელს მიწვდის. მინდვრის ყვავილების კონაა. ბაბუაწვერები, სამყურები, რომელიღაც ლურჯი ყვავილები. ბალახის კონით შეუკრავს და ბედნიერი სახით მიყურებს. თვალებში ვაკვირდები და ვხვდები , ასეთი სახე ექნებოდა ზუსტად ჰოლანდიური ვარდების კალათს რომ მჩუქნიდეს.ვხვდები არ აფასებს საგნებს მატერიალური ღირებულებით. წარმოიდგინეთ შავგვრემანი ბიჭი თაფლის თვალებით, ხელში მინდვრის ყვავილებით, წელამდე სველი, ბედნიერი ღიმილით სახეზე. ასე მგონია სამყარო ამ წამს გახდა იდეალური!!! და ვამბობ ხმამაღლა: "შეჩერდი წამო ,მშვენიერი ხარ!".... ღრმა ძილში წასულს ყვირილი მესმის. ვახელ თვალებს და უცებ ვერ ვხვდები რა ხდება. ტანჯვით სავსე ხმაა, რაღაც ღრიალსა და ყვირილს შორის. ოთოს მორიგი კოშმარი ესიზმრება. ვცდილობ გავაღვიძო. სახელს ვეძახი და ვანჯღრევ. უცებ მოქნეული მუჭი მხვდება და ლოგინზე ვვარდები. წამით თვალებში ასობით ვარსკვლავი მიელავს. თუმცა ეს პირველად არ ხდება. გონს სწრაფად მოვდივარ და ისევ ოთოს ზორბა სხეულს ვებღაუჭები. -დამთავრდა ოთო, გესმის ყველაფერი დამთავრდა! ის ნელ-ნელა მშვიდდება. ბუტბუტით წელზე ხელს მხვევს, თავს კალთაში მიდებს და იძინებს. ზურგით კედელ ვეყრდნობი, აჩეჩილ თმაზე ვეფერები. და უხმოდ ვტირი. ომის შემდგომი სინდრომი! ესეც ერთერთია იმ ჯილდოთაგან , რომელიც ერაყიდან ჩამოიტანა ჩემმა ოთომ. ეს და ჭურვის ნამსხვრევი ხერხემალში. დილით ადრე ვდგები, ვცდილობ სილურჯე ტონალურით დავფარო. თმას ვიშლი, სახეზე ვიფარებ და ამ დრის ოთოც იღვიძებს. ვგრძნობ როგორ მიყურებს, ზურგი მეწვის. -მოიხედე!-მეუბნება თბილად. -დილამშვიდობისა!- ვპასუხობ მხიარულად და სახის დაუფარავი ნაწილით ვბრუნდები მისკენ. -მოდი !-მეუბნება ისევ ისე , როგორც ადრე იცოდა, მაშინ სანამ ეს ომის მხეცი დაიბუდებდა მასში. მონუსხული მივდივარ მისკენ. მინდა დავიჯერო რომ მეძახის. მინდა ეს რეალობა იყოს. ახლოს მოსულს ხელზე ხელს მიჭერს ძლიერად მექაჩება თავისკენ.მკერდზე ვეჯახები. ვუყურებ ქვემოდან და სურვილი მწვავს მონატრებულ ტუჩებს შევეხო.ჩემსკენ იხრება, მეღიმება და ვდუნდები. ის კი ხელით თმას მიწევს სახიდან. სბრალულით მიყურებს ცოტახანს მაკვირდება თვალებში. მე აღარ ვიღიმი. მერე სახე ეცვლება. წარბებს კრავს და უკვე ის მხეცი მიყურებს მისი თვალებიდან. ის მხეცი რომელსაც ვძულვარ. მარტო მე კი არა სამყარო სძულს. ხელს უხეშად მკრავს და ძირს ვეცემი. -მშვიდობის დილა არა?აქიდან გადი მაზოხისტო!-მეუბნება მოგუდული ბრაზით. -ოთო ეს შემთხვევით იყო, გეძინა გესმ...-ვცდილობ ავუხსნა. დავამშვიდო. -მარტო დამტოვე ამის დედაც!!!- ყვირის და მე შეშინებული გამოვრბივარ. კარებთან მისული უკან ვიხედები. ოთოს სახეზე ბალიში უდევს და დაჭრილი მხეცივით შიგ ღრიალებს. სწრაფად ვხურავ ოთახის კარს, ზურგით ვეყრდნობი და მუხლები მეკვეთება. მე ძალადობას ამ სილურჯეს არ ვეძახი სახეზე რომ მაქვს. ძალადობა ისაა, რომ არ სურს ჩემი დახმარების მიღება. რომ მაგდებს ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ მივუახლოვდე. რომ ვიაზრებ მისი სიყვარული სასჯელად მექცა. ვერა, ვერ წავალ მისგან . როგორ ძალიანაც არ უნდა უნდოდეს თავად ეს. მიუხედავად ყველაფრისა ისაა ჩემი სახლი, ან უფრო სწორედ საპატიმრო. მითხარით , რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენ არ იცით , როგორ მჭირდება ვინმესგან ამის მოსმენა , რომ ძალა მოვიკრიბო და ფეხზე ავდგე. მითხარით , რომ ძლიერი ვარ და ამასაც მოვერევი!მითხარით , თორემ ასე მგონია უწყლოდ ვიხრჩობი .ჰაერი მინდა! 5 ოთახში პირდაპირ აღარ შევდივარ. ჯერ ოდნავ ვაღებ კარებს და ვიჭყიტები. მინდა წინასწარ ვიცოდე როგორ ხასიათზეა. იმიტომ რომ ნებისმიერმა ჟესტმა , სულ პატარა ღიმილმაც კი შეიძლება ატომური აფეთქება გამოიწვიოს. ძალიან მტკივა გული, მეწვის , მაგრამ ის უარესია , რაც ამ აფეთქებას მოსდევს. ოთოს ბრაზი საკუთარ თავზე. ეს ყველაზე საშინელი სანახავია , უფრო სწორედ მოსასმენი. ბალიშში მისი დაგუდული ღრიალი . ვხედავ ლოგინზე ზის ხელები მუხლებზე უდევს და ფანჯრიდან ჩამავალი მზის სხივებს გასცქერის. -შენს გამო გადავრჩი იცი?-ისე მეკითხება არც მიუხედავს. მივხვდი იცის, რომ ვუთვალთვალებ. -ისე ვერ მოვკვდი , რომ არ მენახე!-ისეთი მშვიდი ხმა აქვს თითქოს სუკვდილზე არც საუბრობდეს. -რა ეგოისტი ვარ ხვდები? განა მოვედი? შენამდე ბარგივით მომიტანეს. - მცირე პაუზის მერე მთხოვს . -მოდი დამეხმარე.- ნელა მივუახლოვდი. ისეთი უჩვეულოა როცა რამეს მთხოვს. -მოსწიე !-ამბობს ზიზღით და თავის ოდნავი გაქნევით ბორბლებიან სავარძელზე მანიშნებს. ასე მგონია, თუ ოთოს ჩემზე მეტად რამე სძულს, ის სწორედ ეს სავარძელია. მოვაგორე , მოხერხებულად გავაჩერე და თვალებში შევაცქერდი. -ჰმ! მოდი დამეხმარე!- ამბობს და მის ხმაში კარგად ვიჭერ ირონიულ ნოტებს. მაგრამ ახლა ეს სულ არ მაინტერესებს. ეს ის იშვიათი მომენტია , როცა შემიძლია შევეხო. შევეხო კი არა ხელებიც მოვხვიო , გულში ჩავიკრა. .. ხელებს ვხვევ წელზე და მეყრდნობა , მთელი სიმძიმე ჩემზე გადმოაქვს.თითქოს სპეციალურად აკეთებს ამას. ვცდილობ არ შევიმჩნიო რომ მიჭირს. ტუჩებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ და ვცდილობ ავწიო. რაღაც მომენტში სახეს ჩემს თმებში ყოფს, ძლიერად იყნოსავს თმის სურნელს და ამბობს: -მძიმე ბარგი ვარ არა? ეტლში ჩავსვი და თვალებში ვუყურებ ჯერ ისევ მისკენ დახრილი. -სამაგიეროდ მხოლოდ შენი, საკუთარი ბარგი!-ამბობს აშკარა, დაუფარავი ირონიით. ერთმანეთს ვუყურებთ და ვხვდები, როგორ მიჭირს თავის შეკავება. ეს მცირედი შეხება ალივით მედება ტანზე. წამიერად ყვოყმანობ, "ჯანდაბას ! მოხდეს რაც მოსახდენია!" ვფიქრობ გულში და ტუჩებში ვკოცნი. ოთოც თითქოს ამას ელოდა ძლიერად მეხვევა და ისე ძლიერად მკოცნის სუნთქვის საშვალებას არ მაძლევს. თითებს თმებში ვუცურებ, თავს უკან ვაწევინებ და მასში ვიძირები. კალთაში მისვამს. ხელს მაისურის ქვეშ აცურებს. როგორც კი ხელი მისი შარვლისკენ მიმაქვს , მაშინვე ცივად მიშორებს. ბრაზით მეუბნება: -გეყოფა თამაში! - თვალებში არ მიყურებს , თითქოს სცხვენია. ჩემი სცხვენია გესმით? იმ კაცს სცხვენია, ვისაც მარტო კოცნა არ ეხერხება. ერთხელ მითხრა:"მინდა უბრალოდ გაკოცო, მაგრამ როცა გეხები სამყარო თავდაყირა დგება, თავს ვერაფერს ვუხერხებ. იმდენად ძლიერ მოქმედებ ჩემზე , უბრალოდ ეს შეუძლებელიაო." ხოდა ეს კაცი დღეს თვალს მარიდებს. ასე გაშეშებული და შემცბარი კვლავ მის მუძლებზე ვზივარ. -ადექიმეთქი!-ჯერ ბრაზით ამბობს. მერე კი ლამის მუდარით - მარტო დამტოვე! ვდგები და უხმოდ ლამის გაცრეცილი გამოვდივარ ოთახიდან.გამოსვლისას ვეუბნები. -ფიზიოთერაპიის და მასაჟის დღეა, უბრალოდ ამის თქმა მინდოდა. დღის ცენტრში მანქანით მიმყავს. გზაში არ ვსაუბრობთ. ხანდახან თვალს ვაპარებ მისკენ. ფანჯრიდან იყურება. თითებს კარებზე აკაკუნებს. სასწაულად მინდა მისი აზრები მესმოდეს.ფახულა წამწამებზე ვუყურებ. გულში სითბო მეღვრება. ამდენი წყენის მიუხედავად ჯერ კიდევ სჭარბობს ჩემში სიყვარული ტკივილს. გარეთ ვტოვებ. შეყოლის ნებას არ მაძლევს. იქ არცერთხელ ვყოფილვარ. არადა მინდოდა მასაჟი მეაწავლა , რომ სახლში თავად დავხმარებოდი. ესეც სასტიკად ამიკრძალა. -გოგოებს გავუვლი და სამზე მოვალ კარგი?-ვეუბნები. -ოჰ დღის პროგრამაში ვინ გეყოლებათ ნეტა?-იცინის და ძველი ოთოა. ნაცნობი , ახლობელი. ამოვიოხრე. ესეც იშვიათად ხდება. მეც თერაპია მაქვს. დაქალოთერაპია???? სადმე ვსხდებით კვირაში ერთხელ მაინც .ვჭორაობთ. ვფსიქოლოგობთ. ვიცლებით. როგორ გგონიათ, რატომაა საქღთველიში ასე ნაკლები მოთხოვნა ფსიქოლოგის კონსულტაციაზე? ესე ხუმრობით თორე მე უკვე ფსიქოლოგი რას მიშველის? ფსიქიატრი მჭირდება. კაფესთან გოგოები დგანან. მხიარულები, ლაღები, ვუყურებ მათ და ენერგიით ვივსები. ვხვდები მარტო არ ვარ. ჩემს ტკივილს მანქანაში ვტოვებ. ღიმილის ნიღაბს ვირგებ, ნიღაბს მუდმივად ვატარებთ, ნუ გაგიკვირდებათ????და მათკენ მივრბივარ. ისე მეჩქარება წუთიერ თავდავიწყებაში ჩაფლობა. საუბარში დრო მეპარება. დავხედე საათს და ოთხის ნახევარია. გოგოებს დავემშვიდობე მანქანაში ჩავხტი და ცენტრისკენ გავქანდი. გული წინასწარ მეჭმუჭნება. ეს როგორ მომივიდათქო, საკუთარ თავზე ვბრაზობ. ოთო გარეთ არაა, ვურეკავ არ მპასუხობს. მანქანიდან სწრაფად გადმოვდივარ და ცენტრში შევდივარ. - ელენე სად ვნახო?- ვეკითხები გოგონას ფოიეში. -ოცდამეხუთე კაბინეტია.-მპასუხობს ის და მეც იქით მივიჩქარი. კაბინეტის კართან მისულს. მხიარული სიცილი მესმის. ის სიცილი მე რომ ასე მენატრება. ის სიცილი მოღრუბლულ დღეს რომ მინათებს. მისი სიცილი. კარებს დაუკაკუნებლად, ინსტიქტურად ვაღებ და გაოცებისგან ლამის შევხტე. ოთო და ელენე ყავას სვავენ, თან რაღაცას კომპიუტერში გაფაციცებით ჩასჩერებიან. ლამის მხრებით ეხებიან ერთმანეთს . თან გულიანად იცინიან. უცებ შემამჩნიეს. ელენე ხედავს ჩემს შეცბუნებას და ფეხზე დგება. -გამარჯობა.- მესალმება . -გამარჯობა .- ვამბობ მეც. ოთოს შევხედე და გული ლამის გამიჩერდა. არც კი ცდილობს დამცინავი ღიმილის დაფარვას. ცენტრიდან უხმოდ მოვდივართ. მისკენ ვეღარც ვიყურები.მეშინია ისევ იმ ირონიას არ შევეჩეხო. სახლთან გავჩერდი. ოთოს გადმოსვლაში დავეხმარე. მადლობა ღმერთს , ეს ახალი კორპუსი ისეა ადაპტირებული ოთოს არც ასვლა უჭირს , არც ჩამოსვლა. -მაღაზიაში გავალ.- ვეუბნები ისე რომ არც კი ვუყურებ. -მოხდა რამე?-მეკითხება ინტერესით. -არა!არაფერი.-ვეუბნები და ვცდილობ წყენის ცრემლები გადავყლაპო. ის მიდის სახლში.მე მანქანას ვეყრდნობი. ასე ვდგავარ რამდენიმე წუთი. შემდეგ მანქანაში როდინდელ სიგარეტს ვეძებ თავადაც არ მახსოვს. ვუკიდებ ღრმა, ნაფაზს ვარტყავ.მსუბუქი თავბრუსხვევა მამშვიდებს. ფანჯრებს ავხედე და ოთო მიყურებს. დაჟინებული გამჭოლი მზერით. როგორც მხეცი- საბრალო ნადირს. თუ ნადირს თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს ახლავე უნდა გაიქცეს. ახლავე თუ გაიქცევა ყველაფერი კარგად იქნება! 6 თქვენც ფიქრობთ , რომ მე მაზოხისტი ვარ? რომ მსიამოვნებს დამცირების და ტკივილის ატანა? იცით ამაზე მეც მიფიქრია. მაგრამ არა ! ნებისმიერი ემოცია ძალას მოგცემს ადამიანს ტკივილი, ბრაზი, შიში, ბედნიერება მითუმეტეს. მე ის მახსოვს ისეთი, როგორიც იყო და იმედი მაქვს რომ დამიბრუნდება. ამიტომ არ ვთმობ. ამიტომ ვიბრძვი. დაცემა არააო დამარცხება, სადღაც წავიკითხე, დამარცხება ისაა, სადაც დაეცემი დაცემული რომ დარჩები და წამოდგომას არ შეეცდებიო. აივანზე ვზივარ ჩემს ფერად ნემსიწვერებში. ყავას ვსვავ , ყურსასმენებში საყვარელ მუსიკას ვუსმენ . მზის სხივებს სახეს არ ვარიდებ . მწველი სხივებია, დახუჭულ თვალებში ფერად წრეებად რიალებენ. უცებ კალთაში ჩემი ფუმფულა კატაბუ ჩამიხტა. კატაა, მაგრამ ბუს გავს???????? ხელი გადავუსვი მესიამოვნა.... .... ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. არ ქონდა აზრი წვიმდა თუ ქარი ანგრევდა ყველაფერს. ჩვენ ერთმანეთი გვყავდა. შევყოფდი გაყინულ ხელებს მისი მაისურის ქვეშ და ვითბობდი თითებს. გააკანკალებდა ხოლმე, ალბათ ჩემი გაყინული თითებისგან, მე მაშინ ასე მეგონა. იმ საღამოსაც ქარი ქროდა . პარკში, ტბის ნაპირას ძელსკამზე ვისხედით. ჩახუტებულები. და მე ვტიროდი, ვტიროდი რადგან ჩემი გოშია მოკვდა. გოშია კატა იყო. ყველაზე მაგარი ბიჭი კატების სამყაროში. დედაჩემმა , რომელიც ჩემზე მეტად თუ არა , ნაკლებად არ დარდობდა, მითხრა აღარასდროს მიმიყვანა სახლში ცხოველი, რომელიც მინიმუმ ასი წელი მაინც არ იცხოვრებდა. ხოდა ასე რომ ვსხედვართ უცებ კნავილი მესმის სავოდავი. დავხედე . პატარა შავი გამხდარი კნუტისმაგვარი არსება ფეხზე ამომაცოცდა გაბმული კნავილით და ჩემს კალთაში მოიკალათა. დავსვი და ისევ ამოხოხდა. ისევ დასმა დავუპირე მაგრამ მომებღაუჭა პატარა გამხდარი თათებით და საბრალოდ აკნავლდა. ცრემლები მომადგა, ყელში ბურთი გამეჩხირა. მან მე მიპოვა გესმით? მან მე ამირჩია. ოთოს შევხედე . გაღიმებული მიყურებდა. - იტოვებ არა?- მკითხა და პასუხი წინასწარ იცოდა. მე დედას დავურეკე. - დე, კნუტმა მიპოვა. ჩემია!- ალბათ ისეთი საწყალი ხმით ვთქვი , არც კი შემეკამათა. არადა ქარიშხალს ველოდებოდი. -მოიყვანე დე.- ასე უბრალოდ მიპასუხა დედამ. დიდხანს სახელიც ვერ დავარქვი .კატასაც არ გავდა. ღამურას გავდა თავიდან . მერე ნელ-ნელა გაიფუყა, გაფუმფულდა, გათამამდა და კატაბუს დაემსგავსა. როდესაც მე და ოთომ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. პირველი ნივთი, რომელიც სახლისთვის ვიყიდეთ, კატაბუს საჭმლის ჯამი იყო. ასე გახდა შავი კატაბუ ჩვენი თილისმა ... ..... -შენ ხომ გიყვარვარ ბიჭო?- ვეკითხები კატაბუს. პასუხად კრუტუნს იწყებს. -უცებ რომ გავქრე მოგენატრები?- ვეკითხები ისევ. ფისუნა პასუხად იზმორება. -რა სიმშვიდეა!-ვამბობ ჩურჩულით. -ნეტავ, თვალებს რომ გავახელ ისევ ძველი დრო იყოს,-ვეუბნები განებივრებულ კატაბუს. -გინდა ვცადოთ?- ღიმილი მეფინება სახეზე. და მართლა რა იქნება ასეთი რამე რომ მოხდეს. როგორც რომანში. როგორც კინოში. ეს ცხოვრება ხომ საკმარისად ფანტასტიკაა საამისოდ არა? თვალებს ვახელ და მზის სინათლე მაბრმავებს წამიერად. ვაფახულებ თვალებს, მხედველობა ცოტათი მეწმინდება და თითქოს სურვილი ამიხდა ,ჩემს წინ ოთო ზის და სიყვარულით მიღიმის. სითბოთი, ოდნავ ირონიით, ღიმილით. ვუყურებ გაოცებული და თვალების დახუჭვას ვერ ვბედავ. მეშინია, ხომ არ მეჩვენება. ჩემსკენ იხრება და ღიმილით ამბობს: -რატომ ხარ ასეთი? -როგორი? -ვეკითხები დაბნეული. -რატომ არ იცვლები?-მეკითხება ისევ. თვალებდაჭყეტილი ვუყურებ და ვერ ვიაზრებ რის თქმას ცდილობს. -ათასი წელიც რომ გავიდეს შენ ჩემი ხარ!რომ არ შევხვედროდით მაინც ჩემი იქნებოდი! ამას ვერაფერი შეცვლის , მაგრამ მე შენ გათავისუფლებ. გაიგე? ნუ მიყურებ კატაბუსავით. ახლა შეგიძლია წახვიდე.ცხოვრება იქაა!-თითით აივნიდან ქუჩაზე მანიშნებს.როგორც იყო ამოთქვა გულში დაგროვილი სათქმელი.როგორც იქნა გაბედა. თითქოს მე არ მქონდა უფლება თავად ამერჩია ჩემი ცხოვრება. გადაწყვეტილებას ორივეს მაგივრად იღებდა. ბრაზი მიპყრობს. აქამდე შეკოწიწებული მოთმინების კედელი ზრიალით მემსხვრევა. უცებ უცნაური სურვილი მებადება. ბოროტი სურვილი გონებიდან სხეულში მოძვრება და გზად ზვავივით ყველაფწრს ლეწავს. მინდა მეც გავაბრაზო, მინდა მეც ვაწყენინო.მინდა ეტკინოს ჩემს გამო. ფეხზე ვდგები. -მიშვებ არა? მადლობა ბატონო! მოწყალება მოიღეთ. -ორივე ხელს წინ ვუწვდი მაჯებით ერთმანეთზე მიტყუპულს. -ბორკილებიც მომხსენით ბარემ. დააა ჩემი მოგლეჯილი ფრთები სადაა? აჰ , აი აქ ყრია.-გვერდით ვბრუნდები. არ არსებულ ფრთებს ვიღებ. მსუბუქი მოძრაობით ვითომ მხრებზე ვიმაგრებ. თან თვალს არ ვაშორებ. გაოცებული მიმზერს. ოდნავ დაძაბული. აშკარად ვერ ხვდება რას ვაკეთებ. თანაც ისე მიეჩვია ჩემგან მორჩილებას. აი ჩემში კი ძველი თავქარიანი მე იღვიძებს. უშიშარი გოგო. ჯიუტი და თავნება. ის გოგო ბავშვობაში ტარზანობაზე რომ ოცნებობდა . აივანზე კიბე მიდევს , ჩამოკიდული ამპელური ბალბების მოსარწყავად. კიბეს აივნის მაღალი კედლისკენ მივათრევ. სიმაღლის შიში მაქვს და ამის გამო აივნის მოაჯირი ჩვეულებრივზე მაღალია, ლამის მკერდამდე მწვდება და განიერი რათა ჩემი ქოთნენი თავისუფლად დავაწყო. ხოო ეს ხომ ჩემი ოცნების სახლია.მან ჩემთვის მოაწყო და ყველა დეტალი გაითვალისწინა. მე აქ ბედნიერად უნდა მეცხოვრა. ხოდა კიბეს კედელთან ვაჩოჩებ .ზედ ფეხშველი ავდივარ. - აბა ვნახოთ ისევ თუ მოძრაობენ .- ვეუბნები ოთოს თან მხრებს ისე ვაქნევ თითქოს გასაფრენად ვემზადები. - ჩამოდი!- მეუბნება ხრინწიანი ხმით. მგონი იაზრებს ჩემს ჩანაფიქრს. -ახლავე ჩამოდი!- ვიცი ხელს ვერ შემიშლის. განა რა შეუძლია სინამდვილეში ეტლზე მიჯაჭვულს? მხოლოდ საკუთარი თავის სიბრალულიღა დაიტოვა და ჩემზე მრისხანება. ახლა კიდეც რომ მადლი დამდო და მათავსუფლებს. ასეთი ბნელი აზრები წამის მეასედში ცვლიან ერთმანეთს ჩემს დაბინდულ გონებაში. მე თავს გვერდზე ვხრი . ვცდილობ საყვარლად გამომივიდეს. -თავისუფლება ისაა, რაც ასე მწყუროდა!-ემოციები მეძალება. ერთს ვამბობ მეორეს ვფიქრობ. რად მინდა თავისუფლება, თუ ის ჩემთან არაა? ან სად ვეძებო ბედნიერება აივანს მიღმა, როცა ჩემი ბედნიერება ამ აივანზე ზის. კიბეს ხელს ვუშვებ, წელში ვიმართები. ნიავი ჩემს ციფერ ფრიალა სარაფანს აფრიალებს , მზის სხივებში შორს ქალაქი ლივლივებს. ლამის მე თავად დავიჯერო, რომ ფრენა შემიძლია. აივნის მოაჯირზე გადავდივარ. - ჩამოდი. გემუდარები! -მას ადამიანის ხმა აღარ აქვს . - იცი?-ნელა ვბრუნდები , ზურგს ვაქცევ. - ყველაფერს აქვს საზღვარი! მეც დავიღალე! მართლა მინდა წასვლა!!- სიმაღლე თავბრუს მახვევს და ოდნავ ვტორტმანებ. ემოციები იმდენად მძაფრად მესხმიან თავს უკვე ვეღარ ვაკონტროლებ. ვგრძნობ ვიწვი. - ჩემს სულს სწყურია თავისუფლება... სხეულს კი მხოლოდ ასიოდე მეტრის გაფრენა....- ვჩურჩულებ ჩემი ერთერთი ბოლო ლექსის სტრიქონებს .და თვალთ მიბნელდება. ბინდად ვხედავ როგორ დგება ფეხზე , სახე ტკივილისგან თუ შიშისგან ეღრიცება, ხელს მაგრად მჭიდებს ხელზე თავისკენ მქაჩავს. შემდეგ გულში მიხუტებს და აივანის იატაკზე იკეცება. -ყველაფერი კარგად იქნება! - მესმის მისი ხმა , სიზმარი აშკარად რასაც ვხედავ და რაც მესმის . ვითიშები... 7 არც ამჯერად მიღალატა ჩემმა შინაგანმა საათმა და როგორც ყოველთვის მასზე ადრე გამეღვიძა. შევხედე, ეტლში დამჯდარს ეძინა. ლოგინზე გადმოხრილს საკუთარ მკლავზე დაედო თავი. ხელში ჯერ ისევ ნესტიანი პატარა პირსახოცი ეკავა. მაშინვე ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მიმოვიხედე. გვერდით მაგიდაზე პატარა თასი იდო და სიცხის დამწევი წამალი. ლოგინიდან ჩუმად ჩამოვძვერი რომ არ გაღვიძებოდა. ამ ჩუმ გაპარვაში ნამდვილ პროფესიონალად ვგრძნობდი თავს. სარკეში ჩავიხედე. გაწეწილი, გაოფლილი თმები შუბლზე მქონდა მიკრული. დავფიქრდი და გავიხსენე რა მოხდა წინა დღეს. გამაჟრჟოლა , როცა გამახსენდა სადამდე მივედი. რამ გამაბედინა ასეთი სისულელის ჩადენა. მერე უცებ კიდევ ერთი მომენტი გამახსენდა და რომ არ წავქცეულიყავი სარკის მაგიდას დავეყრდენი ხელებით. მომეჩვენა? ვკითხე საკუთარ თავს დამესიზმრა? ფეხაკრეფით აივანზე გავედი. ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის. კიბეს შევხედე იქ იდო სადაც წესით ვდებ ხოლმე. სადღაც დავიჯერე რომ მესიზმრა. უცებ კატაბუს კნავილი გავიგონე. დავიხარე და მაგიდის ქვეშ შევიხედე ,მაგიდა აივანზე მიდგას. კატაბუ ნებივრად იწვა და წინა თათები ჩემს ყურსასმენებზე ჰქონდა მოხვეული. - მადლობა ბიჭო .- ვეუბნები. -შენ არასოდეს მატყუებ!- ფისო წამოდგა კუდი აპრიხა და ფეხებზე გამეგლასუნა. ოთახში დავბრუნდი , ხელში ყურსასმენები მიჭირავს , როგორც წინა დღის მტკიცებულება. -სად იყავი?- მეკითხება შეცბუნებული ოთო. მისი ეს საქციელი უფრო მაეჭვებს. -აივანზე . -ვეუბნები მკვეთრად. ოთო ხელებში მიყურებს. მერე გამომცდელად თვალებში მაკვირდება. არაფერს ამბობს იმაზე რაც მოხდა. -სიცხე გქონდა გუშინ მაღალი. იწვოდი იცი? სასწრაფოც კი გამოვიძახე გახსოვს რამე? -გამომცდელად მიყურებს კვლავ. -არა!- ვეუბნები მე და მზერას ვარიდებ. -ნემსი გაგიკეთეს. აბოდებდი სიცხისგან. ცოტახანს მიყურა. -შედი აბანოში , წყალი გადაივლე. მე პირსახოცს შემოგაწვდი.- მეუბნება თითქოს ეს იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. თავს ვუქნევ. მშვიდად ფიქრი მჭირდება და აბანოში შევდივარ. ცხელი წყლის ქვეშ უმოძრაოდ ვდგავარ. და იმაზე ვფიქრობ რაც მოხდა. ნუთუ მან ადგომა შეძლო? არა არ არსებობს! როგორ? მერე მახსენდება ჩემი თავი აივანის მოაჯირზე მდგომი და ჩემში რაღაც ტყდება. როგორ დავუშვით და აქამდე როგორ მივედით? ვხვდები ფიქრებში დიდიხანია კომეტასავით ელავს სუიციდი. უბრალოდ არ მჯეროდა, რომ ამდენად ახლოს ჩამიქროლებდა. თმას ვიბან ჩემი ფორთოხლის სურნელიანი შამპუნით. და წყალს ვთიშავ. ვბრუნდები და აბანოს ღია კარებში ოთოა ეტლის სახელურზე თეთრი აბანოს პირსახოცი უდევს. მიყურებს და თვალებსაც არ ახამხამებს.მის თვალებში ცოტათი მხეციც ელავს. უცებ ორივე ხელს მკერდზე ვიფარებ. რაღაც წამის მეასედში გადაწყვეტილებას ვიღებ. თამაში იწყება! თამამად წელში ვსწორდები, ხელებს ძირს ვუშვებ და მისკენ მივდივარ. თვალს არ მაშორებს. ეტლის გვერდით ჩავლისას დავინახე როგორ შეისუნთქა სურნელი. ხელით პირსახოცს დავწვდი , ისე თითქოს არაფერი განსაკუთრებული და შეუჩერებლად სიარული განვაგრძე და გავიგონე ნერეყვი როგორ ჩაყლაპა. ოთახის კარამდე ასე შიშველი მივედი . კართან პირსახოცი მოვიხვიე და ჩემს საძინებელში გავედი. ხო არ მოგესმათ . ჩემს საძინებელში, რომელიც ერაყიდან დაბრუნებისთანავე მომიჩინა ჩემმა მეუღლემ . ოთახი, რომელიც იდეაში ბავშვის უნდა ყოფილიყო. ბავშვის , რომელიც არ გვყავდა. და რაც არ უნდა უცნაური იყოს ღმერთს მადლობას ვწირავდი რომ ასე მოხდა. ამ საგიჟეთისთვის სადაც ჩვენ ვცხოვრობდით კატაბუც კი მეცოდებოდა, არათუ ბავშვი. იმ ღამეს მასთან აღარ შევპარულვარ, არც მომდევნო ღამეს. და ვცდილობდი რამდენადაც შემეძლო თავი ამერიდებინა. გრძნობდა, რომ რაღაც შეიცვალა და ამან ააფორიაქა. რამდენჯერმა სახლიდან მარტო გავიდა და კარგახანს არ დაბრუნებულა. ყოველთვის როცა ბრუნდებოდა მხიარული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მე გულში ეჭვები არ მასვენებდა. ნამდვილი ტროას ომი მომიწყეს ფიქრებმა და გადავწყვიტე მეც ასე მეთამაშა მის ნერვებზე. მაღაზიაში წავედი და სიურპრიზი ვუყიდე. ის რაც მუდამ გაახსენებდა საფრთხეს, რომელმაც ისე შეაშინა , რომ ფეხზე ადგომა გაბედა. - რა ჯანდაბას აკეთებ!- შეშინებული და დამფრთხალი ჩანდა ხმით თუ ვიმსჯელებ . მე კიბეზე ამძვრალი აივნის ჩარდახზე ვცდილობდი საჩუქრის დამაგრებას. - ჩამოდი დროზე!- ლამის ყვირილით მითხრა. -ნუ გეშინია არ გავფრინდები.- მხიარულად ვამბობ მე. ბრაზისგან ახველებს. -მორჩა !-ვიძახი მხიარულად . კიბიდან დაბლა ვეშვები და ხელს ვუშვებ ცისფერ ბროლის ანგელოზს თეთრი ფუმფულა ბუმბულის ფრთებით. ნიავი აფრიალებს ზონარზე დაკიდული სუვენირს ფრთებს. სახეზე ვუყურებ ფითრდება. - ეს როგორ გავიგო?- მის თვალებში დამფრთხალი მხეცი აქეთ -იქით აწყდება. -შენი მფარველი ანგელოზია!- ვეუბნები დაუფარავი ირონიით. -ჩემგან განსხვავებით სულ შენთან დარჩება და დაგიცავს.- მისკენ ოდნავ ვიხრები, რომ მის თვალებში ჩამდგარი ტკივილით დავტკბე. უცებ მაჯებზე ხელებს მავლებს. მტკივნეულად მიჭერს და მეკითხება. -შენ მიდიხარ სადმე? - მე ხომ თავისუფალი ვარ. იქ კი- თავს აივნის მიღმა ვიქნევ- ახალი ცხოვრება მელოდება!-მიზანს მივაღწიე. თუმცა მე თავადაც არ ვიცოდი რა მქონდა მიზნად. --შენ ხარ ჩემი ანგელოზი!- მეუბნება ჩუმად. -რა ბანალურია!-ისევ დავცინი. -შენ შეიცვალი იცი?- მეუბნება სევდით.-უკვე მეშინია შენთვის ხელის გაშვება. ძალიანაც კარგი!ხოდა არ გამიშვა! მაგრად ჩამჭიდე ხელი და ერთად გავიდეთ ამ შტორმიდან. ვგიქრობ გულში. იმ საღამოს აღარ მიკითხია მისთვის ძილის წინ სურდა თუ არა რამე. როცა ავდექი და ღამემშვიდობისა ვუსურვე ნაწყენმა შემომხედა. -ჩემს ოთახში მივდივარ.- ვუთხარი დემონსტრაციულად და ზურგი ვაქციე. ცოტახანში დამიძახა. -შეგიძლია წყალი მომიტანო?-ისეთი უჩვეულო იყო. ქმარი რომ წყალს გთხოვს და ეს რომ უჩვეულოდ გეჩვენება სულ ცოტა უცნაურია არა? ჭიქით წყალი შევუტანე და მაგიდაზე დავუდგი, მოშორებით. გაოცებულმა შემომხედა. თვალებით, იმ მაცდუნებელი თვალებით დარჩიო მთხოვდა. საწოლზე ჩამოვუჯექი. თავი ძლივს შევიკავე მისი სურვილისგან. პლედი გავუსწორე. -უნდა დაისვენო-ვეუბნები მშვიდად. -ხომ გახსოვს ხვალ ელენეს დღეა. და ტუჩის კუთხე შეკავებული სიცილისგან მებრიცება. დილანდელი სპექტაკლის მერე მეეჭვება ჩემ გარდა ვინმეზე ან რამეზე ფიქრობდეს. როდის გავხდი ასეთი ბოროტი? როდის მერე გამიქრა მისი სიბრალული? ალბათ მას მერე რაც ფეხზე მდგომი დავინახე. ღამით ყვირილმა გამაღვიძა. კოშმარი... ოთო... უცებ წამოვხტი და მის ოთახში გავიქეცი. საწოლზე ავხტი და მისი გაღვიძება დავიწყე. -ოთო! ოთო! - ვეძახი და ვაჯანჯღარებ. უცებ წამოჯდა ხელები ძლიერად მომხვია. მე მწარე გამოცდილებით უარესის მოლოდინში მივიკუნტე. -გეშინია ჩემი?- მეკითხება უცხო ხმით. ახლა კი მართლა მეშინია. ავხედე და მისი თვალებიდან მხეცი მიყურებს. ვნებით , ხარბად. როგორც ნადირი საკბილოს. მე გავიბრძოლე. -ნუ ფართხალებ.- მეუბნება ის და უფრო მჭიდროდ მხვევს ხელებს. ვერ ვხვდები ღვიძავს თუ მთვარეულია. ღამით ყველაფერი ბევრად მისტიური და საშიში ჩანს. ღამით ხომ ყველა გრძნობა შიშვლდება. ღამით ყველა დაფარული ვნება სანადიროდ გამოდის. -სანამ დაიბადებოდი ჩემი იყავი.-ჩურჩულებს ყურთან და მისი ცხელი სუნთქვა ცეცხლს მიკიდებს ყელზე- რომ აღარ იქნები ისევ ჩემი იქნები, მეორედ დაბადებამდე!- მეუბნება კაცი, რომელიც აი უკვე წელიწად ნახევარია ჯოჯოხეთს მიწყობს ოღონდ თავიდან მომიშოროს. ცალ ხელს მაგრად მხვევს, მეორე ხელით მაღლა მწევს და ზედ მისვავს. წინააღმდეგობის ნატამალიც აღარ რჩება ჩემში. მთელი ეს დაგროვილი მონატრება ნაპირებს ლეკავს, როგორც ადიდებული მდინარე. ოთო წელზე მოხვეული ხელით იწყებს ჩემი გაოცებისგან მოდუნებული სხეულის მოძრაობას და საკუთარ თავს ვკარგავ. სადღაც ასტრალში გავდივარ. აბა ახლა როგორ გოთხრათ , რომ ყველაფერი კარგადაა? ეს ჩემს ძალებს აღემატება... 8 სიზმარს ვხედავ... როგორ ხლეჩს განრისხებული ღმერთი ამპარტავანი ადამიანების სულებს ორ ნაწილად და ციდან სამყაროს სხვადასხვა წერტილებში როგორ ფანტავს. ხელი წამავლო და ვგრძნობ სულისწონა არ გამაჩნია მის ხელში...ვბორგავ... გახლეჩილი სული მტკივა.. დაცემისთანავე ფეხზე ადგომას ვცდილობ, მას ვეძებ ჩემს მეორე მეს, ჩემს ნაწილს, გამთლიანების სულწასული წადილი ტკივილზე ძლიერი მბრძანებელია, ინსტიქტია , ის მაკლია და ეს ნაკლებობა გაუსაძლისად მეწვის, ის ვინც მე მედ უნდა მაქციოს. და გადის ათასწლეულები.... ..... ვიღვიძებ დაღლილი, სიზმარზე ვფიქრობ და მახსენდება მსგავსი თქმულება ადრე უნუვერსიტეტში ლექტორმა მოგვიყვა. მაშინაც მეტკინა ნაიარევი, რომელსაც ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მის არსებობას სიცარიელით ვგრძნობდი. ....ეს ლეგენდა ერთხელ კიდევ გამახსენდა , მაშინ, როცა მე და ოთომ პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს. ეს გრძნობა არაფრით გავდა მანამდე განცდილს. თითქოს მალამო იყო საუკუნეების წინანდელი ნაჭრილობევისთვის. ვიგრძენი ძლიერი ენერგიის დინება მისიდან ჩემში და პირიქით. და სწორედ მაშინ ჩასახლდა სულში განცდილი, მაგრამ უკვე ლამის დავიწყებული ტკივილის შიში, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო ის დღე, როცა მას ისევ დავკარგავდი. სწორედ მაშინ გამახსენდა ეს ლეგენდა და მასაც მოვუყევი. თვალებში ჩამხედა. -გახსოვდეს, მე არასდროს წავალ შენგან. არასდროს გეტკინება ჩემ გამო. დამშვიდდი და შენი ბედნიერებით ამავსე -მითხრა და თითქმის დავიჯერე. -არასდროს გესმის? მე რომც გითხრა წადიმეთქი. ხომ შეიძლება გავბრაზდე და გითხრა? ხოდა არ დაიჯერო. ხელი არასდროს გამიშვა!- ვჭირვეულობ ისევ. -არასდროს გაგიშვებ,- ამბობს და მერე დაფიქრებული ამატებს- სანამ თავად არ ჩავთვლი, რომ შენი ჩემთან ყოფნით დაგაზიანებ. მე მეცინება. არ მჯერა, რომ ასეთი რეალობა შეიძლება დადგეს, როცა მისი სიახლოვე ჩემი ტკივილის მიზეზი გახდება. ვმშვიდდები. .. იმდენად მივეჩვიე მარტო გაღვიძებას,არც მიკვირს ოთო რომ გვერდით არაა. თუმცა უცებ ვაცნობიერებ, რაც ღამით მოხდა და იმასაც, რომ მე მის ოთახში ვარ და შეშფოთება მიპყრობს. არ ვიცი რა მოლოდინები უნდა მქონდეს . დაბნეული ვარ. ვდგები და სამზარეულოში გავდივარ. სახლის სიჩუმე მახვედრებს, რომ მარტო ვარ. სად წავიდა ? ვფიქრობ. მერე მეცინება. ვხვდები, ოთოს სულში მცხოვრებ მხეცს მადლობას ვუხდი გუშინდელისთვის. კაცი კაცია ! ვფიქრობ გულში. აზრი არ აქვს ადამიანია თუ ველური ნადირი, როცა ინტიქტები იღვიძებენ მათში ისინი ინსტიქტებს ემონებიან. თუმცა ეს ჩემთვის ხელსაყრელიცაა ამ მომენტში. ცოტა ხანს აივანზე ვზივარ, ფერადი ყვავილები და დილის მზე ხასითს მიკეთებენ. უცებ ბროლის ანგელოზის ბრჭყვიალი თვალს მჭრის და ისევ მახსენდება ტკივილი , რომელიც მის გამო ეს თვეებია მტანჯავს. გული ისევ მეწურება წყენისგან. კატაბუ აივნის მოაჯირზე ზის. მტრედებს უყურებს და თავისკენ უხმობს. მეცინება. ეს კი უხმობს, მაგრამ რა უიმედოა ნებისმიერი ძახილი , რომლის გაგონებაც ადრესატს არ სურს. აბა ჩემზე უკეთ ვის ეცოდინება ეს? - ერთ ბედქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ- ვეღიღინები ფისოს. -ვის შია? ვინაა მშიერი კატა?- ვეკითხები კატაბუს და წინასწარ მეღიმება მისი რეაქცია რომ ვიცი. საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა გიდოდეს სახელზე არც კი მოგხედავს. ყურებს აპარტყუნებს და არაფრით გაგონებს. მაგრამ როგორც კი "ვის შიას ?" ახსენებ, სადაც არ უნდა იყოს თავქუდმოგლეჯილი მორბის. იცით? კატებს ორასამდე ბრძანება ესმით, მაგრამ მათი შესრულება უბრალოდ არ სურთ???? ამიტომ მიყვარს ეს ფუმფულა , ჯადოსნური არსებები. მათი თავისუფალი სული ისევ ისეთი ძლიერი დარჩა , როგორიც ათასწლეულების წინათ იყო. ადამიანებთან თანაცხოვრებამ ვერ შეცვალა მათი უდრეკი ნება. როგორ მინდა კატაბუს ვგავდე. - რა დრო დაგიდგა ჩემო თავო? ისე წახდი, კატობას ნატრობ?- შეუბრალებლად დავცინი საკუთარ თავს. კატაბუს ჯამი გავუვსე. თავზე ხელი გადავუსვი. ერთი წაიკრუტუნა თითქოს მადლობა მომოგდოო და ხრამუნა ბურთულებს დააცხრა. წყალი დავისხი და დივანზე დავჯექი. კედლის საათს გავხედე. სადაა ნეტავ? ტელეფონი ხელში შევათამაშე. დავრეკო? არ დავრეკო? ბოლოს მაინც ვრეკავ. ზარი სამზარეულოს კუნძულის მხრიდან მესმის. ვდგები და კუნძულთან მივდივარ. ჭიქას ვდებ და მოჯადოებულივით ვუყურებ ოთოს ტელეფონს. თითქოს რაღაც საიდუმლოს მიმალავს. ვიცი ეს სურვილი არაა სწორი, ვხვდები არაფერს სასიამოვნოს არ მომიტანს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. დამნაშავესავით, რომელსაც ეშინია ფაქტზე არ დაიჭირონ. ხელს ვავლებ ტელეფონს . სწრაფად ვხსნი ნაცნობ ბლოკს და წერილების ველში შევდივარ." ელენე"თვალში მხვდება წერილები ამ სათაურით. ბოლო მესიჯს ვხსნი და ოთოს მინაწერია: "მეტი აღარ შემიძლია ელენე. ვეღარ ვუძლებ. უნდა მოვუყვე. უნდა ვუთხრა რაც ხდება. შენ ამბობ, რომ მოვიცადო, მაგრამ ის ისეთი აღარაა, როგორიც აქამდე. ვფიქრობ, თუ ეცოდინება ბევრად მარტივი იქნება ყველაფერი." ელდანაკრავივით ვდებ ტელეფონს ისე რომ არც კი გამოვდივარ მესინჯერიდან. ხელების კანკალით ვხვდები სპაზმები მეწყება. ჰაერი ფილტვებში გროვდება და ტვინს აღარ მიეწოდება. ვიგუდები. ჭიქას ვიღებ და ვცდილობ წყალი დავლო. ჭიქა ხელიდან მისხლტება და იატაქზე გრუხუნით იმსხრევა. უცნაურია მაგრამ ვფიქრობ რატომ აქვს ჭიქის გატეხვას ასეთი დიდი ხმა. ტვინი აშლილ ბზიკების სკას ემსგავსება. ბავშვობაში ბიცოლაჩემი რომ ჩამოწვავდა ხოლმე სათონის თავზე. გამოცვივდებოდნენ გამწარებული, შეშლილი ბზიკები და იგესლებოდნენ. სათონის ჭერზე კი იწვოდა მათი სახლი და შიგ მათი ჭუპრები ტკაცუნით სკდებოდნენ. მართლა არ ვიცი აფექტის დროს რატომ მახსენდებოდა ეს სცენა ბავშვობიდან, მაგრამ მე ახლა ნათლად ვგრძნობდი ბზიკების მაშინდელ ტკივილს და რისხვას. ნელა ვმშვიდდები, ღრმად ვსუთქავ. აფექტმა ჩაიარა და ახლა ჩემს გონებაში გეგმა იწყებს მომწიფებას. თთქოს ვიღაც მკარნახობს , ისე ნათლად ლაგდება აზრები თავში და როცა გადაწყვეტილებას ვიღებ მაშინვე ბოლომდე ვმშვიდდები. ახლა ვიაზრებ რას ნიშნავს ქაიშხლის წინ ზღვის უცაური დამშვიდება. თითქოს ძალებს თავს უყრის, თითქოს საბოლოო ნაბიჯის წინ ჰაერის უკანასკნელ ყლუპს იმარაგებს. სანამ თავის მრისხანებას თავს დაატეხავდეს სანაპიროს. მე უკვე ვიცი ჩემშიც გაიღვიძა მხეცმა. შეუბრალებელმა, სტიქიურმა, დამანგრეველმა. კარის ხმაზე მთელი ტანით ვბრუნდები. ოთო მიახლოვდება და ხელი ეტლის საზურგის უკან აქვს დამალული. ცოტახანს მიყურებს თითქოს რაღაც ამოიკითხა ჩემს სახეზე, მაგრამ ისეა საკუთარი ბედნიერებით ავსილი ვერაფერს ხვდება. -მეორე პირველი საჩუქარი!- მეუბნება ნათელი ღიმილით. ბავშვივით წრფელ, ლამაზ, თაფლის თვალებს მანათებს. და ვხვდები, მიუხედავად ყველაფრისა მე ის მიყვარს. მიყვარს, როგორც ერთადერთხელ შეიძლება ვინმე გიყვარდეს სიცოცხლეში და სწორედ ეს გრძნობა, სიყვარულს რომ ვეძახი ისევ, აპირებს მას ტკივილი მიაყენოს. მე რომ ის ასე ძალიან არ მყვარებოდა, ასე არც გავიმეტებდი! დამალულ ხელს მიწვდის. ბალახის ღერით შეკრული ბაბუაწვერები, სამყურები, და რაღაც ლურჯი ყვავილები... თვალებიდან მდუღარე ცრემლები მცვივა, ლოყაზე მოგორავენ და ნიკაპზე ინასკვებიან და სახეზე ცრემლის მთელი ნაკვალევი მიდუღს და მეწვის. რა იქნებოდა ეს რომ სულ რაღაც 15 წუთის წინ მომხდარიყო. სინანული ამ დაგვიანებული მომენტის გამო, რომელისაც შეეძლო ყველაფერი შეეცვალა ახლა უკვე გვიანია! მე ის ვნახე, რისი ნახვაც არ ღირდა და გადაწყვეტილება მივიღე. დღეიდან, ამ წამიდან აღარაფერი აღარ იქნება კარგად! 9 ყველა არ გამოხატული და გულში ღრმად ჩამარხული ემოცია ადრე თუ გვიან ,აუცილებლად გამოავლენს თავის დასახიჩრებულ თავს. არ მახსოვს ვინ თქვა ეს, ალბათ ფროიდი იქნებოდა. ჩემს გულშიც ისე დაგროვდა ტკივილი , წყენა, ბრაზე და ეჭვი , ისე აირია, ისე აიზილა ერთმანეთში ემოციის სახეც კი დაჰკარგა და უფორმო მონსტრად გადაიქცა. .. .... ტელევიზორში გამოაცხადეს ერაყის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა. ტერორისტმა შუა ბაზარში აიფეთქა თავი. არის მსხვერპლი , როგორც მშვიდობიან მოქალაქეებში ასევე სამშვიდობოებშიცო. ომი ხომ თავისთავად ჯოჯოხეთია , მაგრამ ორმაგად სატანჯველია , როცა შენთვის ძვირფასი ადამიანი მის შუაგულშია. მაშინ როცა ეს ომი თითქოს სამყაროს შორეულ წერტილში მიმდინარეობს და ერთი შეხედვით შენთან კავშირი არც აქვს. მაშინ პირველად მესტუმრა სპაზმები. ნერვიული კანკალი თითის წვერებიდან მთელ ტანს მოედო. ფილტვები გადამიკეტა და მუხლებში მომცელა. დედაჩემი შეშინებული კივილით მომვარდა. არ გავთიშულვარ მხოლოდ კონტაქტზე გასვლას ვერ ვახერხებდი. მერე, როცა უკვე დარეკეს და ოთოს დაშავების ამბავი გვაცნობეს , მე თითქოს უკვე გავლილი მქონდა ის ემოცია, რაც იმ წამს უნდა მეგრძნო. როცა თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა ერთადერთი იმას ვფიქრობდი, რომ ის ციცხალი დამიბრუნდა. საავადმყოფოში პალატას ვერ მოვშორდი. ის აქ იყო. ჩემთან ახლოს. პირველად პალატაში რომ შევედი მაშინვე შემომხედა , გამიღიმა, ჯანმრთელი ხელი გაშალა და მეც ამას ველოდებოდი. მივვარდი გიჟივით. გულში ჩავეკარი. ამოიკვნესა და ახლა გამახსენდა მისი ჭრილობები . შევკრთი და ადგომა დავაპირე, მაგრამ ხელი უფრო მაგრად მომხვია. -იყავი.- მითხრა ჩურჩულით- ჩემთან იყავი! ყველაფერზე მეტად შენ მჭირდები ახლა! რამდენიმე დღეში ხელიდან სახვევი მოხსნეს. -არ გინდა ორივე ხელით გაგჭყლიტო? - შემეკითხა და სასაცილოდ გაიკრიჭა. მინდა? მინდა რომელია? მისი ყოველი შეხება ხომ დღესასწაულია. ოთახში მკურნალი ექიმი შემოვიდა. რომ შევხედე მივხვდი რაღაც მძიმეს სათქმელად ემზადებოდა და ემოციურად მოვემზადე. -აბა გივი ექიმო-უთხრა რიხით ოთომ- როდის მოაწერთ ჩემს განთავისუფლების ოქმს ხელს?- ხუმრობდა და ერთი სული ჰქონდა საავდმყოფოსთვის თავი დაეღწია. -ოთო შვილო, -დაიწყო ექიმმა. მე უკვე ვიცი რაღაც საშინელება გველოდება წინ -არის რაღაც რასაც ვეჭვობდი ... თუმცა ვფიქრობდი რომ ვცდებოდი, მაგრამ ბოლო კვლევებმა დამიდასტურა ჩემი სიმართლე. შენ ხერხემალში ნანსხვრევი გაქვს ჭურვის. ამოღებას ვერ ვახერხებთ ისეთ პოზიციაშია. ნერვს აწვება და მის პარალიზებას იწვევს. ამიტომ შენ სიარულს ვერ შეძლებ . სანამ რამე გამოსავალს არ ვიპოვით. მეხის გავარდნა? არ ვიცი უფრო ცის ჩამოქცევა იყო ოთოსთვის ამის მოსმენა. თუმცა ვერც გამოსავალი მოძებნეს და ვერც ოთოს დახმარება შესძლეს. ნამასხვრევის ამოღება ისეთ რისკთან იყო დაკავშირებული ცდაც კი არ ღირდა. მკურნალობა და ხანგრძლივი თერაპია დაუნიშნეს, რომ ფეხების კუნთებს არ დაეკარგათ ძალა და არ დასუსტებულიყვნენ. თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არ იყო. ოთო დადუმდა. პირქუში და უკარება გახდა. სამყარო შეიძულა და თავის ნაჭუჭში გამოიკეტა. უხეშობა და აგრესია თანდათან მოემატა. დამცინავი და ცინიკური ნიღაბი მოირგო და შეისისხლხორცა. ოთახიდან სახლში მისვლისთანავე გამომაძევა. - არ მჭირდება შენი გმირობანას თამაში, აქედან დამეკარგეო!- ოთახის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. არასდროს დამავიწყდება ის ღამე, როდესაც მონსტრმა პირველად გაიღვიძა მასში . ჯერ არაადამიანურმა ღრიალმა გამაღვიძა. აი ისეთმა მაშინ რომ აღმოგხდება ჯოჯოხეთის მდუღარე ქვაბში რომ გადაგიძახონ თავით. ერთდროულად შიშის და მრისხანების ხმა იყო. ისე შემეშინდა ოთახიდან ვერ გამოვედი. თავი ძლივს ვაიძულე უკან მასთან შევსულიყავი. მისი გაღვიძება ვცადე ბეჭებში ხელი მოვკიდე და შევანჯღრიე. უცებ ყელში მწვდა, ორივე ხელი მომიჭირა. ვგრძნობდი რომ ვიგუდებოდი. ძალა მოვიკრიბე და სახეში ძლიერად გავარტყი, ერთხელ, მეორედ ცოტა მომიშვა ხელები და ამოვიხრიალე: - ოთო ,მე ვარ ოთო! დამშვიდდი.. ყველაფერი დამთავრდა ოთო. შენთან ვარ.- ხელები გამიშვა. უღონოდ გადაწვა საწოლზე და გაყუჩდა. მე ქანცგაწყვეტილი შიშისგან თუ უძლურებისგან იქვე ჩავიკეცე ლოგინის გვერდით. დილით რომ გამოვფხიზლდი და ავდექი მას ჯერ კიდევ ეძინა. გავიაზრე რაც მოხდა რომ სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი და დაფეთებული წამოვხტი. ტუმბოს მივეჯახე და ღამის სანათი ძირს გადმოვაგდე. უეცრად გაეღვიძა. მიმოიხედა და რომ დამინახა პირველი ემოცია ღიმილი იყო. -შეენ! - მითხრა და ხელი გამომიწოდა. მე გველნაკბენივით უკან გავხტი. -რა მოგივიდა?- მკითხა გაოცებულმა. -წამოჯდომაში მომეხმარე.-მთხოვა უკვე ჩვეული უხეში ხმით. ეტყობა ბოლომდე გამოფხიზლდა და კონტროლი დაიბრუნა ემოციებზე. ინსტიქტურად მივედი. მისკენ დავიხარე, რომ დავხმარებოდი. უცებ მკალზე ხელი ჩამავლო. -ეს რა გაქ!- მეორე ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი ამაწევინა. -ეს რა არის მეთქი!- ლამის იღრიალა. თვალები ცრემლებით ამევსო. მინდა გავექცე , მოვერიდო, მაგრამ თავს ვერ ვაღწევ მისი ძლიერი ხელების ხაფანგს . ცოტას ფიქრობს და ყელზე დამჩერებია. -ეს მე ვქენი?- უფრო თავის თავს ეკითხება. -მე ვქენი არა? -ხმას უწევს . შიშისგან ვხტები. თვალები სიბრალულით ევსება და მე ვერ ვხვდები მე ვეცოდები თუ საკუთარი თავი. ხელს მიშვებს და ზიზღით მიშორებს. -გადი ! წადი! მომშორდი გესმის? წადი აქიდან!ამ სახლიდან წადი!-ღრიალებს და მეც გავრბივარ. კაბას ვიცვავ, მანქანის გასაღებს ხელს ვავლებ და სახლიდან გიჟივით გავრბივარ. უკან მომდევს მისი გაცოფებული ღრიალი. ლიფტის ნაცვლად პირდაპირ კიბეებზე ვეშვები, კისრისტეხით ვახტები საფეხურებს. უცებ წონასწორობას ვკარგავ და ბაქანზე მუხლებით ვეცემი. ცალკე ტკივილისგან, ცალკე განცდილი ემოციებისგან ბავშვივით ვღრიალებ. ფეხზე ვდგები მანქანისკენ გავრბივარ. ვქოქავ და სასწრაფოდ ვტოვებ ეზოს. სად მივქრივარ? არ ვიცი მთავარია მისგან რაც შეიძლება შორს!...... ....მუჭით ყვავილები უჭირავს და გაოცებული მიყურებს. -არ გინდა გთხოვ !-მეუბნებნება ჩამწყდარი ხმით. მე ხელის ზურგით ცრემლებს ვიმშრალებ. ყვავილებს ვართმევ და ვფიქრობ: რა უცნაურად იცვლიან ღირებულებას ნივთები კონკრეტულ სიტუაციაში. ვბრუნდები ონკანისკენ, რომ ყვავილები წყლიან ჭიქაში ჩავდო და გადასერილი ფეხის ტკივილისგან ვკივი. ნამსხვრევები რომ ეყარა ჩემს გარშემო სულ აღარ მახსოვდა. კოჭლობით მივდივარ დივანთან და იატაკზე სისხლის ზოლი მომყვება. ოთო ჯერ დაიბნა. ნამსხვრევებს თვალი მოავლო და ყველაფერს მიხვდა. - ძალიან გტკივა? აუ რამდენი სისხლია! მოიცა ბამბას და სახვევებს მოვიტან. -უკან სწრაფად ბრუნდება ხელში პირველადი დახმარების ყუთით. მოდის და ჩემს ფეხს კალთაში იდებს. -დაისვრები- ვეუბნები მე და ფეხის გაწევას ვცდილობ. -მე თვითონ ვიზავ.- ვცდილობ ყუთი გამოვართვა. -გაჩერდი! გაჩერდი გესმის!-ბრძანების ნოტებს ურევს ხმაში. ამის მეტი რა ეხერხება. -ჭრილობაშიც გაქ ნამსხვრევი.-ამბობს და ნამსხვრევს იღებს. -მტკივნეული ყოფილა!-ვამბობ მე თან სახე მეჭმუჭნება სიმერით. -რა? -ნამსხვრევი ჭრილობაში! - ვაზუსტებ გესლით. ერთ წამს ოდნავი გაოცებით მიყურებს. მერე უხმოდ მიმუშავებს ჭრილობას. მარლით მიხვევს და დაფიქრებული იატაკს დასცქერის. უცებ მიყურებს და ჩემს მზერას იჭერს. მე წამლების ყუთს ვუყურებ დაძაბული. მზერა მასაც ყუთზე გადააქვს და შემდეგ ისევ თვალებში მაცქერდება. აშკარად ჩემს რეაქციას ელოდება. ხვდება, რომ გამოვიჭირე. -შეგიძლია წყალი მომიტანო?-ისეთი მოულოდნელია მისთვის ჩემი კითხვა წარბს გაოცებისგან მაღლა სწევს. უხმოდ ტრიალდება. ონკანთან მიდის. სახლი ისე გვაქვს ადაპტირებული , რომ ეტლით მოსარგებლე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შესძლებს საკუთარ თავზე ზრუნვას. ონკანს ხსნის ჭიქას წყლით ავსებს და მოაქვს. კი სახლი მასზეა მორგებული, მაგრამ მაინც არის რაღაც ნიუანსები, რაც მხედველობიდან გამოგვრჩა. მაგალითად ის, რომ თარო , სადაც პირველადი დახმარების ყუთი დევს, ეტლზე მჯდომი ადამიანისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზეა. ოთოს წყალი მოაქვს. საერთოდ არ მწყურია, მაგრამ ჭიქას ბოლომდე ვცლი და უკან ვუწვდი. -ჩემს ოთახში მინდა-ვამბობ და ირონიულად ვიცინი. ოთოს თვალებში კითხვის ნიშნებს ვხედავ და ვაზუსტებ. -ფეხს ვერ ვდგავ. მტკივა. -გინდა დაგეხმარო?-მეკითხება ის.-გაგიყვანო? -შეენ?- ისე დამცინავად ვეკითხები თავადაც მიკვირს. თან ეტლს ბათვალიერებ ღიმილით. თაფლისფერი თვალები ტკივილისგან და წყენისგან უფართოვდება. ვიცი რომ მის ჭრილობაში ხანჯალი მაქვს ჩარჭობილი და შეუბრალებლად ვატრიალებ. ეტლით ახლოს მოდის და დივანიდან პირდაპირ მის კალთაში ვინაცვლებ. კისერზე ხელებს ვხვევ. მუხლებს ვხრი და ასე ემბრიონის პოზაში ვყუჩდები საყვარელი კაცის მკერდზე მიკრული. არ მივყავარ ოთახში. არც კი ინძრევა. ალბათ მანაც იცის რა მოკლე მანძილია აქიდან ოთახამდე. და მე ვფიქრობ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას საერთოდ არ უშლის ხელს , რაც ამ წამს მინდა. კისერში ვკოცნი, მერე კიდევ და კიდევ. მინდა რომ ეს კაცი მე მეკუთვნოდეს . ასე ეგოისტურად მინდა ცოტა ხნით მაინც ყველაფერი კარგად იყოს. 10 ადამიანები საჭიროზე ბევრად მორალურები არიან და საჭიროზე ამორალურად გამოხატავენ ამას. რაღაც ასეთი ფრაზა ამეკვიატა დილიდან. ბევრს ვფიქრობ . მაგრამ მხოლოდ პირქუში აზრები მომდის თავში. -ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ-მეუბნება ოთო. -ხო უკვე დროა!- ვეთანხმები უემოციოდ. -იცი მე ... ავდექი,- თითქოს დანაშაული ჩაიდინა ისე მეუბნება. -ჰოო?!-თან ვეკითხები, თან ვპასუხობ. -გივისთან ვიყავი.- სახელით მოიხსენიებს უკვე ლამის ოჯახის წევრივით შინაურ ექიმს. -რაო გივიმ?- მართლა გულწრფელად მაინტერესებს. -ადგომამ ნამსხვრევს მდებარეობა შეუცვალაო. რამდენიმე გამოკვლევა და ოპერაცის დანიშნავს.- მეუბნება და ვამჩნევ აოცებს ჩემი სიმშვიდე. მე მისკენ ვბრუნდები. სავარძელს სახელურებით ჩემკენ ვაგორებ . სახე მის სახეათან მიმაქვს და თბვალებში ვუყურებ. ველოდები. -უბრალოდ.... იმდენი ტკივილი მოგაყენე... არადა ისევ შენს გამო... გესმის?- ნაწყვეტ- ნაწყვეტ მეუბნება .ღრმად სუნთქვს. -არა , არაფერი არ მესმის!- ვეუბნები მე და უხეშად ვკრავ ხელს სავარძელს. სავარძელი მაგიდის კუთხეს ეჯახება. ხვდრბა რისი თქმაც მინდა. ოთოს თვალები ცრემლით ევსება. -აი ასე! არა ამაზე მეტადაც! თითქმის ყოველთვის როცა გიახლოვდებოდი !- ვდგები გაუპარსევ ლოყებს ვუჭერ მინდა სახეში მიყუროს. -გინდოდა ჩემი გაგდება და ვერ მომიშორე. რა ირონიულია არა? ახლა ადგები და თავად წახვალ.-ვამბობ მე -შენ მართლა არ გესმის.- ოხრავს ოთო. -შენ მაიძულე ფეხზე ადგომა. შიშმა რომ ვერაფერს ვიზავდი, ხელს ვერ შეგიშლიდი. რომ აივნიდან მართლა გაფრინდებოდი! - გახსენებაზეც კი ხმა ეხლიჩება. -მართლა ასე გამიმეტებდი? - მეკითხება გაბრაზებული. -და მე ვინ მაიძულა იქ დადგომა?- ვკივივარ უკვე გაცოფებული. -ისე მე და შენ ერთმანეთი განვკურნეთ იცი?-ვეუბნები და ვაცდი გაიაზროს. -სიმაღლის აღარ მეშინია! უკვე ვხვდები რატომაც არ მომიყვა ფეხზე ადგომის ამბავი.მას ჩემი სცხვენია. უფრო სწორედ თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამი როგორც მექცეოდა და ამიტომ სცხვენია. ასე ეგონა მთელი ცხოვრება ეტლს იყო მიჯაჭვული. ფეხზე ადგომა კი მის უაზრო სიბრაზეს აცამტვერებს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ფიზიოთერაპიაც ახალ ფაზაში გადადის. სიარულს თავიდან იწყებს.ცოტახანში სავარძელს თითქმის აღარც ხმარობს. ხელჯოხს ეყრდობა. დღეს ელენეს დღეა. უკვე რამდენი ხანია ფიზიოთერაპიის დღეს ესე მოვიხსენიებ. სარკის წინ ვდგავარ. საკუთარ ანარეკლს ვუყურებ და სარკიდან ვიღაც უცხო მიცქერის. გამხდარი , თითქმის გამჭვირვალე. აბურდული თმით. ფერმკრთალი სახით. მას თვალებში ვუყურებ და სადღაც სიღრმეში საკუთარ თავს ვლანდავ. ოთოსთვის აღარ, უკვე მგონი დროა საკუთარი თავისთვის ვიბრძოლო. ვინაა ვიღაც ელენე? ათასი ელენე ვერ დამამარცხებს თუკი მე გამარჯვება მინდა. სარკეს ზურგს ვაქცევ და საომარ მზადებას ვიწყებ. რომ მოვრჩი სარკესთან დავბრუნდი და ისევ ყურადღებით დავაკვირდი იქიდან მომზირალ სრულიად სხვა ქალს. თეთრი კაბა აცვია ჩემს ანარეკს. წელში გამოყვანილი ლამაზი ღია გულისჭრილით. წვრილი ზონრებით მხრებზე. თითქოს გამჭვირვალე, ჰაეროვანი. მუხლს ოდნავ ქვემოთ. ფეხზე მოვერცხლისფრო მაღალქუსლიანი მხოლოდ რამდენიმე თასმით ეკვრის ფეხს. თვალი მაღლა ავაყოლე ამ სიფრიფანა გოგოს. გრძელი თმა ბოლომდე მაღლა აქვს აწეული და მრგვალ კოსად ადევს ლამაზ თავზე. მხოლოდ ერთი დეტალი აკლია სრულყოფილებამდე . მოღერებულ ყელზე რაიმე გულსაკიდი, მაგრამ სწორედ ესაა ჩემი დღევანდელი თამაში. ვიცი ოთოც მოინაკლისებს ამ დეტალს. ვატყობ, რომ მიჭირს ამ ქუსლიანებით სიარული. იმდენი ხანია ბოტასის მეტი არაფერი მცმია. ოთახიდან ტანის რხევით გამოვდივარ და ოთოს ვეკითხები . -აბა წავედით? ოთო ჩემს ხმაზე ბრუნდება და არც კი ცდილობს გაოცების დამალვას. -რა ლამაზი ხარ!-ამბობს გულახდილად. ვუღიმი და ველოდები. -წადი, მეც მოვდივარ .-მეუბნება და ვხვდები არ სურს ჩემი მხედველობის არიდან დაკარგვა. ლიფტს ვიძახებ. კარი იღება და შევდივართ. ლიფტი უცნაური ბიძგით იძვრება და წონასწორობას მაკარგვინებს. თუმცა არც ისე, როგორი რეაქციაც ოთოს აქვს. წელზე ხელს მხვევს და გულში მიკრავს. რიდის ჩერდება ლიფტი და კარი როდის იღება არ გაგვიგია. ოთო ვნებიანად მიკოცნის ტუჩებს. ფხუკუნი გვესმის. ერთმანეთს ვწყდებით და ღია კართან მეზობელი მოხუცი წყვილი დგას. ჩვენ გამოვდივართ. ისინი შედიან და მხიარული ჩურჩულით გვიღიმიან. ცენტრთან მივდივართ .სადგომზე მანქანას ვაჩერებ. შიგნით რომ შევდივართ მობილური მირეკავს. წამით ვჩერდები, რომ ზარს ვუპასუხო. ოთო არ მიცდის პირდაპირ აგრძელებს გზას. და დარბაზში შედის. -ძაან გეეჩქარება არა?-ვბუტბუტებ ეჭვით. კარს ვაღებ. ელენეს ვხედავ. რა უცნაური გოგოა ეს ელენე. ფერადი ერერგიული. წითური ხუჭუჭა , ველური თმით. თმაშიც ფერადი რგოლები აქვს ჩაწნული. კაცი რომ ვიყო მომეწონებოდა ახლა კი როგორც მეტოქეს ისე ვათვალიერებ. ჩემი დანახვისას გაოცებული წარბს მაღლა სწევს. ოთო ზურგით დგას და ვერ მხედავს. მეც თვალებში ვუყურებ ელენეს და მისი უცნაური ემოცია მაბნევს. აღფრთოვანებული თვალებით მიყურებს. მერე იღიმის და მესალმება. მის სალამზე ოთოც ჩემკენ ბრუნდება. მე ორივეს ქედმაღლურად ვუყურებ. ცივად ვუბრუნებ პასუხს. მერე დარბაზის დიდი სარკისკენ ვიხედები ვითომ შემთხვევით. ხელში წინასწარ გამზადებული გულსაკიდი მიჭირავს. ბრჭყვიალა ვერცხლისფერი ვარსკვლავი გრძელ და წვრილ ვერცხლის ჭაჭვზე კონწიალობს. ბანალურ სერიალში ნანახი სცენის გამეორებას ვაპირებ, რომ უცებ თითქოს ელენე მიმიხვდა ჩანაფიქრს. -შეიძლება მე დაგეხმარო?-მეუბნება ცქრილით მოდის . მისი ქცევით დაბნეული და გაოცებული უარის თქმასაც ვერ ვასწრებ. ხლიდან მართმევს გულსაკიდს კისერზე მავლებს და ზურგსუკან მიკრავს.გაოცებული თვალს ოთოსკენ ვაპარებ და ისევ ის ირონიულ-დამცინავი მზერა მეფეთება. არა თუ არ გავიქეცი აქიდან ვფიქრობ რომ ვერაფერი ვეღარ იქნება კარგად , რადგან რომელიმე შემომაკვდება. ტუჩებს ბრაზით ერთმანეთს ვაჭერ. არ გამოვიდა ისე მე რომ მსურდა. - გოგოებს ვხვდები!- უკვე ზურგშექცეული ვამბობ და დარბაზს ვტოვებ. გაგრძელება იქნება ვერა გურული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.