სახიფათო ფანტაზია ( 7 )
- იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა აქ ვერ დარჩება, -ნინის ხმამ ჩემს გათიშულ გონებაში შემოაღწია და გამოფხიზლება მაიძულა, გაჭირვებით წამოვწიე თავი, ისევ ანას სახლში ვიყავი და ჩემთვის განკუთვნილ საძინებელში ვიწექი საწოლზე, დერეფანში გამავალი კარი ოდნავ იყო შეღებული და აშკარად იქვე ახლოს მდგომი ნინის ხმა ნათლად მესმოდა. - მისი გულისთვის პრობლემები შეგვექმნება, რატომ არ გესმის, აქ საერთოდ არ უნდა მოგეყვანა, -თავისას აგრძელებდა, -ყველაფერი ჩაგვაშხამა, მისი გამო იჩხუბეს ვაჟამ და ნიკუშამ... - პრობლემები ფეხებზე , -ანას ხმაზე ეტყობოდა როგორი გაცოფებული იყო, -პრობლემები ვინ უნდა შემიქმნას ვაჟამ? ნუ მაცინებ, რაც შეეხება ნიკას პატარა ბავშვი არ არის რომ არ იცოდეს რას აკეთებს... - მისი გულისთვის მზად ხარ ვაჟას და დეიდას დაუპირისპირდე? კი მაგრამ რატომ? ვინ ჯანდაბაა ასეთი და რით მოიგო შენი გული? დგახარ აქ და მეც კი მეჩხუბები, ორსულად ვარ, არ გეშინია ნერვიულობაზე რამე რომ დამემართოს? -აფერისტული ამოსლუკუნება მიაყოლა მონოლოგს. - საკუთარი თავივით გიცნობ ნინიკო, ნუ ცდილობ თავი შემაცოდო, არ მინდა გაწყენინო და ძალიან გთხოვ ნუღარ გააგრძელებ, -ანა ყველანაირად ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა. - მის გამო, ამ... ამ უსინდისო და უნამუსო გოგოს გამო როგორ მეკამათები? -თავისას მიერეკებოდა ნინი, -მინდა რომ ახლავე წავიდეს აქედან. - ეგოისტო, იმდენს იწუწუნებ თვითონ მოგიწევს წასვლა, იცი მაინც რა გადაიტანა? იცი რა ცხოვრება გამოიარა? შენ რა გედარდება, ყველა თავზე გევლება, პატარაობიდან ასეთი ეგოისტი იყავი, ჯერ დედა და მამა განებივრებდნენ, ახლა ქმარი და მისი ოჯახი გყვება ზედ, ამიტომაც არ შეგიძლია სხვისი გაჭირვების გაგება და სხვის მდგომარეობაში შესვლა... - ჩემი გშურს არა? ყოველთვის გშურდა, -ნინის სიტყვებს რამდენიმეწამიანი სიჩუმე მოყვა და მერე ისე ნათლად გავიგე სილის გაწვნის ხმა მის მაგივრად მე ამეწვა ლოყა, ათრთოლებული წამოვჯექი საწოლზე და თავი ხელებში ჩავრგე, ესე იგი ნიკოლოზმა და ვაჟამ იჩხუბეს, ახლა აქ რომ ვარ ასე თუ ისე უსაფრთხოდ ნიკოლოზის დამსახურებაა, მაგრამ ასე ვერ გავაგრძელებ, ისე ვერ მოვიქცევი თითქოს არაფერი მომხდარა, აქ ვეღარ დავრჩები, უნდა წავიდე მაგრამ სად? სიმწრის ღიმილმა დამიმანჭა ტუჩები, ის იყო წამოვდექი რომ ტუმბოზე მიგდებულმა ტელეფონმა საცოდავად დაიწრიპინა, ავიღე და შეტყობინება გავხსენი, ნიკოლოზი მწერდა... - როგორ ხარ? გაოცებული დავცქეროდი ეკრანს, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ჩემი კონტაქტების სიაში არავითარი ნიკოლოზი არ იყო, ის კი არადა ანას გარდა არც არავინ მეწერა, ან ვინ უნდა მწერებოდა, ნეტავ როდის მოასწრო ჩემს ტელეფონში საკუთარი ნომრის ჩაწერა, სანამ იმაზე ვფიქრობდი როგორ მოხვდა ნიკოლოზი ჩემს კონტაქტებში ტელეფონმა მეორედ დაიწრიპინა. - მჭირდება ვიცოდე რომ კარგად ხარ. ჯერ კიდევ ტელეფონს დავყურებდი როცა კარი გაიღო და ოთახში ქარიშხალივით შემოიჭრა ნინი, ჩამრთველს ხელი აჰკრა, ალბათ იმიტომ რომ უკეთ დამენახა მისი გაწითლებული ლოყა, გაცოფებული მოიჭრა ჩემთან და ჩემს წინ აისვეტა დოინჯშემორტყმული. - ეს გინდოდა არა ქალბატონო? -აწითლებულ ლოყაზე მანიშნა ფაფშეკილი თითით და მთელი ძალით მკრა ხელი, წავბარბაცდი და კომოდის კიდეს ჩავეჭიდე რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა. - ნუ წიკვინებ, დედა გაიგებს და ინერვიულებს, -ანამ მკლავში დაქაჩა და მომაშორა, -ახლავე გადი ამ ოთახიდან და ჰანას შეეშვი. - იცოდე შენი ამ სახლში დანახვა არ მინდა, არც სხვა არავის არ უნდა გესმის? -ისტერიული ხმით გამომიცხადა ცხვირაბზუებულმა, -ჩემს დას ჩემს წინააღმდეგ ამხედრებ და ნერვებს მიშლი, ჩემზე ცუდად მოქმედებ, იცოდე ბავშვს რამე რომ დაემართოს შენი ბრალი იქნება, -მუცელზე შემოიწყო ხელები და დემონტრაციულად, თავაწეულმა დატოვა ოთახი, გამშრალი, გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. - დავაწყნარებ და ახლავე მოვალ კარგი? -ანამ დამნაშავის სახით შემომხედა და ნინიკოს გაეკიდა, სწორედ იმ დროს, იმწამს მივიღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ ვიცი რამ მომცა ამის გამბედაობა, ალბათ იმან რომ უკვე აღარ შემეძლო ამ სახლში და ამ გარემოში თავისუფლად მესუნთქა, ოღონდ აქედან წავსულიყავი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ტელეფონი ავიღე და ნიკოლოზსს უყოყმანოდ გავუგზავნე ორ სიტყვიანი შეტყობინება. - წამიყვანე აქედან. - აქ ვარ, გარეთ გელოდები, -ჩემდა გასაოცრად იმ წამსვე მივიღე პასუხი და ნახევრად შეღებული კარისკენ დავიძარი, ფეხაკრეფით ჩავედი კიბეებზე, ის იყო შემოსასვლელი კარი გავაღე რომ უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და მხრებაწურული შევტრიალდი. - როგორ ფიქრობ ვიმსახურებ იმას რომ აქედან ასე უთქმელად გაიპარო? -ანას სახეზე გულწრფელ წყენას და მწუხარებას ვხედავდი, დავიბენი, შემრცხვა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, მართლაცდა დიდი უმადურობა იყო ჩემი საქციელი, მან ჩემთვის იმდენი რამ გააკეთა... - მაპატიე, უბრალოდ აქ ვეღარ დავრჩებოდი, მე... მე წასვლა მინდა, ჩემთვის ბევრი რამ გააკეთე და შენი მადლობელი ვარ მაგრამ... ყველაფერი ჩაგამწარეთ, ჩემს გამო... აბდაუბდა რომელიც თვითონაც ძლივს მესმოდა არ დამასრულებინა, მომიახლოვდა და მთელი ძალით ჩამეხუტა. - ჩემი და ნინიკოს საუბარი არ უნდა გაგეგონა და მისი საქციელისთვისაც მე გიხდი ბოდიშს, არ მინდოდა ასე გამოსულიყო. - არაფერია, დღეს თუ ხვალ ისედაც მომიწევდა აქედან წასვლა, ბოლოს და ბოლოს დროა დამოუკიდებლად ცხოვრება ვცადო, -სიმწრით გამეღიმა იმის გაფიქრებისას რომ ახლა გარეთ ნიკოლოზის ლოდინი სულაც არ ნიშნავდა ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებას. - არაფერზე იფიქრო ჰანა, მიდი ნუ ალოდინებ, -სევდიანად გამიღიმა და მსუბუქად მიბიძგა მხარზე. - მოიცა შენ რა... იცი რომ ნიკოლოზი მელოდება? - ვიცი რომ გელოდება, რამდენი ხანია აქ არის, როგორ ფიქრობ ასე უბრალოდ გაგიშვებდი დარწმუნებული რომ არ ვიყო რომ უსაფრთხოდ იქნები? - მეგონა მას არ იცნობდი. - არ ვიცნობდი მაგრამ გავიცანი და მერწმუნე ერთადერთი ადამიანია ვისაც შენს თავს თვალდახუჭული ვანდობ, მასთან ერთად უსაფრთხოდ იქნები. - რას ამბობ? რას ნიშნავს მასთან ერთად? უბრალოდ მინდა ვთხოვო რომ სასტუმრომდე მიმაცილოს. - ჰოო? -წარბი ასწია და ეშმაკურად ჩაიცინა, -მიდი გაყევი და გზაში ილაპარაკეთ იმაზე თუ რომელ სასტუმროში უნდა მიგიყვანოს. - კარგი, -დავთანხმდი მაგრამ მისი ცუღლუტი გამოხედვა და თვალებში აკიაფებული ნაპერწკლები მოსვენებას არ მაძლევდნენ, სახლიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ შევბრუნდი მისკენ. - რა მოხდა? ვაჟამ და ნიკოლოზმა იჩხუბეს? - ჰო მაგრამ ვაჟას ბრალი იყო, -სახე დაემანჭა ანას ვაჟას ხსენებისას და ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ეს ესაა გული აერევაო, -შენ გული წაგივიდა და ვაჟას ასეთ მდგომარეობაში შენი წაყვანა უნდოდა, ნიკოლოზმა კი ამის უფლება არ მისცა. - კარგად არის? - ვინ? ვაჟა? - დამცინი? -მოვიღუშე. - სულელო, მივხვდი ვინც გაინტერესებს, გახვალ ახლა ნახავ და დაწყნარდები, -ღიმილით მანიშნა კარისკენ, აღარაფერი მითქვამს უხმაუროდ მივკეტე კარი და ღრმად ჩავისუნთქე ღამის გრილი ჰაერი, ნელი ნაბიჯით მივდიოდი და ჩემი თავდაჯერება და სიმამაცე უკვალოდ ქრებოდა, ჭიშკარი რომ გავაღე და რამდენიმე მეტრის მოშორებით ავტომობილთან მდგარი მომღიმარი ნიკოლოზი რომ დავინახე ფეხებში უცნაური სისუსტე ვიგრძენი და წავბარბაცდი, ელვისუსწრაფესად გაჩნდა ჩემთან, მკლავში ხელი მომკიდა მეორე კი წელზე მომხვია, მისი სიახლოვისგან აფორიაქებულმა და დარცხვენილმა ავხედე ქვემოდან. - კარგად ხარ? -მის ხმაში ისეთი შეშფოთება ხოლო მზერაში ისეთი თანაგრძნობა იკითხებოდა რომ ჩემდა უნებურად მოვდუნდი და დავმშვიდი, აღარსად იყო ეშმაკურად მომღიმარი, მოარშიყე ნიკოლოზი ვნებისგან ანთებული თვალებით, მისი ადგილი ჩემზე მზრუნველ მამაკაცს დაეკავებინა და ამან რატომღაც დამამაშვიდა, არ მახსოვს როგორ მიმიყვანა ავტომობილამდე, როგორ დამსვა სავარძელზე და როგორ შემიკრა ღვედი, მაშინღა გამოვფხიზლდი როცა ძრავა ჩართო და ადგილიდან დაიძრა. - არ მინდა ძალიან შეგაწუხო მაგრამ იქნებ რომელიმე უახლოეს სასტუმრომდე მიმიყვანო, -ჩემს გარშემო გამეფებული სასიამოვნო სურნელისა და სიმშვიდისგან მოთენთილმა ვუთხარი და არ გამომპარვია როგორ შეეცვალა სახე და შეკრა წარბები. - ჩემთან მივდივართ, -მომახალა პირდაპირ. - რას ნიშნავს შენთან მივდივართ? -წამში გამოვფხიზლდი, პასუხს არ მცემდა გრძელი თითებით საჭეზე იყო ჩაფრენილი და ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს. - რას ნიშნავს შენთან მივდივართ? - გავიმეორე და როცა ისევ ვერ მივიღე პასუხი მისგან სიბრაზისგან ავცახცახდი, -ახლავე გააჩერე, გააჩერე მეთქი, არ გესმის? -ვიყვირე მთელი ხმით, ისე სწრაფად დაამუხრუჭა ღვედი რომ არა საქარე მინას შუბლით გავამტვრევდი, კარი გავაღე და გადავხტი, აცრემლებული თვალებით მოვათვალიერე გარემო, წარმოდგენაც კი არ მქონდა სად ვიყავით, ალბათ სადმე თბილისის გარეუბანში... - რას აკეთებ? -გვერდით ამომიდგა და მკლავზე მომკიდა ხელი, -დაჯექი და ვისაუბროთ, ნება მომეცი რომ ყველაფერი აგიხსნა. - არაფრის ახსნა არ არის საჭირო, -ხელი გამოვგლიჯე და უკან მოუხედავად დავუყევი ტროტუარს, უკან გამომყვა, დაახლოებით ხუთი წუთი ვიარეთ ასე, საკმაოდ უკაცრიელი გარემო იყო, ავტობუსის გაჩერებაც კი არსად ჩანდა, ის კი არადა ტაქსსაც კი არ ჩაუვლია... - ჰანა მოიცადე გთხოვ, -წინ გადამიდგა და მაიძულა შევჩერებულიყავი. - გზიდან ჩამომეცალე, -ცივად გამოვცერი კბილებში და გვერდის ავლა ვცადე, არ დამანება... - მითხარი რა გჭირს? ასეთი რა გითხარი? რა გეწყინა? -მის ხმაში იმხელა სასოწარკვეთილება ისმოდა... - ვერ ხვდები არა? ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდებით, -მთელი ხმით ვიყვირე და ცრემლები უკითხავად გადმოლახეს ჯებირები. - მითხარი რომ მივხვდე, ამიხსენი რომ შენი გაგება შევძლო, -პატარა ბავშვივით დამიყვავა. - შეძლებ რომ გამიგო? ვერ შეძლებ, ასეთი რა გთხოვე, უბრალოდ მინდოდა რომ სასტუმრომდე მიგეყვანე შენ კი ისე რომ ჩემთვის არაფერი გიკითხავს გადაწყვიტე რომ უკეთესი იქნებოდა თუ შენთან წავიდოდით, ვინ მოგცა ამის უფლება, მითხარი, ვინ მოგცა უფლება რომ ჩემს მაგივრად რამე გადაწყვიტო? ყელში ამომივიდა გესმის? მთელი ცხოვრება ვიღაცის ბრძანებებს ვასრულებ, ჰანა ადექი, ჰანა დაჯექი, ჰანა შენთვის ასე უკეთესია, შენს მაგივრად მე გადავწყვეტ ჰანა, შენს მაგივრად მე ვიფიქრებ ჰანა, საკმარისია გესმის? ვერ ვამჩნევდი რომ უკვე ხმამაღლა ვყვიროდი, ვიდექი შუა ქუჩაში, ორივე ლოყაზე ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები და ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდი, არ გავუჩერებივარ, უბრალოდ იდგა და მიყურებდა, ყვირილი რომ შევწყვიტე და მისთვის გვერდის ავლა რომ დავაპირე, მკლავში მტაცა ხელი, ახლოს მიმიზიდა ჩამეხუტა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, ავფართხალდი თუმცა ვერაფერი გავაწყვე... - გამიშვი, თავი დამანებე, რატომ არ გესმის? -ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ტირილ-ტირილით დამცდა, გაშვების მაგივრად უფრო მაგრად ჩამიხუტა. - ახლა ვერ გაგიშვებ ჰანა, შეგიძლია ამის გამო შემიძულო მაგრამ ახლა ვერსად ვერ გაგიშვებ, უბრალოდ დამშვიდდი, მოდუნდი, -მონოტონური ხმით ჩამჩურჩულებდა და ნაზად დაასრიალებდა ჩემს ზურგზე თითებს, ვერც კი მივხვდი როგორ აღმოჩნდა ჩემი ხელები მის წელზე შემოხვეული, სახე მის მკერდში ჩავრგე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, მომენტალურად გაქრა სადღაც მთელი ჩემი სიბრაზე და მრისხანება, ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ ეს სიმშვიდე რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო... - მაპატიე რომ არ გკითხე სად გინდოდა წასვლა, მაპატიე რომ წინასწარ არ შეგითანხმე ყველაფერი, არ მინდა რამე არასწორად გაიგო ჰანა, უბრალოდ ვფიქრობ რომ რამდენიმე დღე ჩემთან თუ დარჩები უფრო უსაფრთხოდ იქნები... - სასტუმროში რატომ არ ვიქნები უსაფრთხოდ? -ისევ შემომიტია სიჯიუტემ. - იმიტომ რომ ვაჟა მოგძებნის და თუ გიპოვის მისგან შენს დაცვას ვერ მოვახერხებ, ამიტომ ჯობია თუ რამდენიმე დღე ჩემს სახლში იქნები, მერე მოვძებნით რამეს და გადახვალ, -ნელა, სიტყვა სიტყვით მიხსნიდა ყველაფერს, თითქოს ეშინოდა რომ რაღაცას არასწორად გავიგებდი და ისევ მისგან გაქცევას ვეცდებოდი... - რატომ მეხმარები ნიკოლოზ? -მის მკლავებს როგორც იქნა თავი დავაღწიე და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, -მითხარი რატომ მეხმარები? მე ხომ შენთვის არავინ ვარ, რატომ გაგიჩნდა ჩემი დახმარების სურვილი? - გგონია ამ ყველაფერს რაღაცის გამო ვაკეთებ? -იმედგაცრუება გაუკრთა ხმაში. - ტყუილად არავინ არაფერს აკეთებს. - ასე გგონია? - გინდა მითხრა რომ უბრალოდ ყოველ მიზეზ გარეშე გადაწყვიტე ვაჟასგან ჩემი გადარჩენა? -ვერ ვისვენებდი, არ ვიცოდი რისი გაგონება მინდოდა, მართლა არ ვიცოდი... - კარგი თუ მაინცდამაინც გინდა გაიგო გეტყვი, გამომეტყველება შეეცვალა და თვალებში ჩვეული ეშმაკური ღიმილი გაუკრთა, -ჩვენი მეზობლობის ხათრით გეხმარები, ბოლოს და ბოლოს უკვე დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ხომ ასეა? მივხვდი რაზეც მიმანიშნებდა, გამხიარულებული მიყურებდა, სახე ისე მიხურდა სადაც იყო ცეცხლი მომეკიდებოდა, თავი უკან გადავხარე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. - წვიმა იწყება, -გახარებულმა წამოვიძახე როცა მოულოდნელად უზარმაზარი წვეთი დამეკიდა წამწამზე, მიყვარდა წვიმა, ვგიჟდებოდი წვიმიან ამინდზე, ყველაზე ბედნიერი სწორედ ასეთ ამინდში ვიყავი ხოლმე, მითუმეტეს მაშინ როცა დათო ჩემთან არ იყო და შემეძლო სრულიად მარტო, საათობით ვმჯდარიყავი აივანზე პლედ შემოხვეული. - საუბრის სხვა რამეზე გადატანას ცდილობ? -გაეღიმა და როცა თვითონაც დაეცა რამდენიმე წვეთი რატომღაც აშკარად აღელდა. - მგონი მართალი ხარ, წვიმა იწყება, სწრაფად თუ ვივლით მანქანამდე მისვლას მოვასწრებთ, -ხელი გამომიწოდა ღიმილით. - არ მითქვამს რომ შენთან ერთად მოვდივარ, -ჯიუტი ბავშვივით გავბიჯგე ფეხები. - ჰანა წვიმას იწყებს. - ჰოდა შეგიძლია გაიქცე, მე ტაქსს დაველოდები, -ზურგი ვაქციე და ჩაბნელებული გარემო მოვათვალიერე. - არამგონია ამ დროს აქ ტაქსის გაჩერება შეძლო, მე კი მარტო ვერ დაგტოვებ, წამოდი გთხოვ, -შემევედრა და ცას ახედა რომლიდანაც უკვე ხშირი, მსხვილ-მსხვილი წვეთები ცვიოდა. - ჯანდაბა ჰანა, წვიმას ვერ ვიტან, გთხოვ ნუ მაიძულებ აქ დგომას, -ტანჯული სახით მომიახლოვდა და ჩემი თითები ხელში მოიქცია, მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც მოხდა, ისეთი საყვარელი იყო უნებურად შემიპყრო ცუღლუტობის სურვილმა, გახალისებულმა შემოვხვიე მკლავები კისერზე, თითის წვერებზე ავიწიე და ტუჩები ყურთან მივუტანე. - ნუ გეშინია, წვიმა ვერ დაგადნობს, -ჩავჩურჩულე, ლოყაზე მსუბუქად მივაკარი ტუჩები, მერე ყბაზე და გაღიმებული მოვშორდი. - იცოდე ცეცხლს ეთამაშები მუქარით დამიქნია თითი. - ვიცეკვოთ? -ხელი გავუწოდე და რატომღაც საერთოდ არ უყოყმანია ისე შემაგება თითები, მიუხედავად იმისა რომ წვიმას ვერ იტანდა რამდენიმე წუთის განმავლობაში თავდავიწყებით ცეკვავდა ჩემთან ერთად, ერთად ვტრიალებდით შუაგულ ქუჩაში, თავსხმა წვიმაში, გიჟებივით ვიცინოდით და შემიძლია თამამად ვთქვა რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი, დაღლილებმა და სრულიად გალუმპულებმა, როდის-როდის მივაღწიეთ ავტომობილამდე... - მაპატიე სავარძელი დაგისველე, -მოვუბოდიშე, ღვედი შევიკარი და საზურგეს მივეყრდენი, არაფერი უთქვამს უბრალოდ შემომხედა აციმციმებული თვალებით და გამიღიმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.