მტრობა (I ნაწილი)
ნაწარმოებში ნახსენები ადგილები, ტრადიციები და ადამიანები ავტორის ფანტაზიის ნაყოფია და არ შეესაბამება სინამდვილეს! ნაწარმოების გამოქვეყნება სხვა პლატფორმებზე ნებართვის გარეშე დაუშვებელია! პირველი ნაწილი მანქანა უცნობი კორპუსის წინ გააჩერა. ძრავი გაუაზრებლად გამორთო და ღვედი შეიხსნა, თითქოს ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა. მშვიდად, რიტმულად სუნთქავდა, მაგრამ არა თვითნებურად - არამედ ძალდატანებით. სისხლი ძარღვებში უდუღდა და მხოლოდ საკუთარი გულის ფეთქვის ხმა ჩაესმოდა. თვალი მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი მანქანისათვის გაეშტერებინა. მძღოლი არ ჩქარობდა გადმოსვლას. მოთმინების ფიალა კი ნელ-ნელა ივსებოდა და ივსებოდა, ის-ის იყო უნდა აფეთქებულიყო, რომ შავი მანქანის კარი გაიღო და იქედან ნაცნობი სხეული გადმოვიდა. რამდენიმე წამში მას გადმოჰყვა უცნობი, ლამაზი ქალის სილუეტი. მდიდრულად ეცვა, შავი სწორი თმა ლამპიონების შუქზე ულაპლაპებდა. კაცმა ხელი წელზე მოხვია და ისე გაუჩინარდნენ სადარბაზოში. ბედნიერ წყვილს ჰგავდნენ. სხვა დროს ალბათ ესიამოვნებოდა კიდეც ასეთი შესაფერისი ქალისა და კაცის ერთად დანახვა ლილეს. მაგრამ ახლა საკუთარი გული, ღირსება და სული ერთად დაჰყიოდა მის გასაწ....ბულ მდგომარეობას. სასოწარკვეთისგან სიცილი აუვარდა. გულიანად, ხმამაღლა აკისკისდა, მერე ახარხარდა და ბოლოს ტირილში გადაეზარდა. საკუთარი თავის ზიზღის გარდა იმ წამს ვერაფერს გრძნობდა, ეგონა, ჭუჭყიანი იყო, ტალახსა და განავალში ამოსვრილი, უმგვანო, მახინჯი არსება. გულისრევამ ყელში კლანჭები წაუჭირა. საკუთარი თავი ეზიზღებოდა, იმ ხელებით შეხების უფლებას რომ აძლევდა, რომლითაც საყვარელს ეფერება ახლა მისი ქმარი. როგორ ლაღად, ბედნიერად შემოხვია წელზე ხელი, აკოცა ლოყაზე... თითქოს უკან არაფერი ექაჩებოდა. არაფერი გააჩნდა. თითქოს სახლში ცოლი არ ელოდა. თითქოს ყველა ძაფი გაწყვეტილიყო. მშვიდად დაქოქა მანქანა ლილემ და სახლისკენ სულგამოცლილი, გულცარიელი წავიდა. ვერაფერს გრძნობდა და აქამდე არასოდეს ეგრძნო ასეთი ვაკუუმი საკუთარ არსებობაში. თითქოს მთელი სხეული შიგნიდან ფუტლიერი იყო. სახლში ასულმა ქმრის ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო. მოღალატე ქმრის. ტანსაცმელი თვითონ დაეკეცა რამდენიმე დღის წინ. თვითონ დაერეცხა. ამას იმხელა სიყვარულით და სიმშვიდით აკეთებდა, საკუთარ თავზე გაბრაზდა. მახეში საკუთარი თავიც თვითონ გააბა. თვალდახუჭული ენდო, ეჭვი არ შეჰპარვია. საწოლისკენ გახედვაც კი არ უნდოდა. აქაურობა გულს ურევდა და ფანჯრები იმ იმედით გამოაღო, რომ სუფთა ჰაერი მაინც ამოუვსებდა გულისამრევ სიბინძურის შეგრძნებას. ჩემოდნები მისაღებ ოთახში გაათრია. ზემოდან თავისი ქორწინების ოქროს ბეჭედი დაადო. არათითზე იმხელა სიცარიელე იგრძნო, თითქოს სხეულის ნაწილი მოაცალეს. ქორწინების დღის შემდეგ არ მოუშორებია ხელიდან და მიხვდა, როგორ შეისისხლხორცა. ალბათ გაგა საყვარელთან შეხვედრისას სულ იხსნიდა. მისთვის არ იქნებოდა ეს შეგრძნება ნაცნობი. შუაღამე ხდებოდა, გასაღების ჩხაკუნი რომ გაისმა. კარი გაიღო. მძიმე ნაბიჯებით მოიწევდა ვიღაც შინისკენ. ლილე ადგილიდან არ დაძრულა. დივანზე ისევ ისე იჯდა, როგორც ერთი საათის წინ და გამორთულ ტელევიზორს მისშტერებოდა. მზერა შავი ეკრანიდან ზანტად გადაიტანა გაოცებულ კაცზე, რომელიც ხან ჩემოდნებს მისჩერებოდა, ხან უემოციო ცოლის სახეს. -ბარგი გაგიმზადე. -სანამ რამეს იკითხავდა გაგა, თვითონ დაასწრო. -შენ გადაწყვიტე სად წაიღებ: შენს ახალ სახლში თუ შენს საყვარელთან. გაგას გაკვირვება სახიდან ჩამოერეცხა, ათასმა ემოციამ გადაურბინა სახეზე ერთი წამის განმავლობაში. ლილეს უსიტყვოდ ჩაეცინა. -რა სისულელეს ამბობ? -ჰკითხა სახეგაწითლებულმა გაგამ, თვალები ბრაზით ამოვსებოდა. ნეტავ რაზე ბრაზობდა, სიმართლე რომ გამოუმჟღავნდა თუ სახლიდან რომ აგდებდნენ. -სისულელე შენ გააკეთე. თუ ასე თვლი, რა თქმა უნდა. ძალიან ბედნიერი ჩანდი იმ ქალის გვერდით. რა ჰქვია? შავთმიანი, მაღალი, ლამაზი, მწვანე მანტო ეცვა დღეს და წითელი ტუჩსაცხით ჰქონდა ტუჩები მოხატული... -რა მოგეჩვენა! არ გადამრიო, ლილე! ან ეს ჩემოდნები რა არის? -ხმას აუწია გაგამ. -ხმას დაუწიე! რაც მაყარე თვალებში ნაცარი გეყოს! ამომევსო და ამოვიწმინდე: კარგად დაგინახე. ლორთქიფანიძეზე იყავი ოთხი საათის წინ, შვიდ ნომერთან, პირველ სადარბაზოში შებრძანდი საყვარელთან ერთად. არ მითხრა, რომ თანამშრომელია, ან ძმაკაცის დეიდაშვილი, ან შენი უკანონო შვილი! დებილიც კი მიხვდება, რომ მაგ ქალთან სექსი გაქვს. რაც გამასულელე, შეურაცხყოფა მომაყენე და დამამცირე, კმარა. გეყოს ნამუსი, გამბედაობა, სიმართლე თქვი და წადი აქედან. მოღალატის იარლიყს მაინც ვეღარ ჩამოიხსნი და ჩემი ზიზღისგან მაინც გადაირჩინე თავი. -ლილე, ყველაფერს... ყველაფერს აგიხსნი... -ბრაზი თითქოს მინავლდა კაცის თვალებში, ახლა სასოწარკვეთა აალდა. -რას ამიხსნი? შენი აზრით, არ ვიცი ცოლის ღალატი რას ნიშნავს? თუ სექსი როგორ გქონდა იმას ამიხსნი? დეტალები არ მაინტერესებს. ის მინდა, ვიცოდე, რამდენი ხანია მასულელებდი და რატომ. მინდა ყველა კითხვაზე პასუხი მქონდეს და მერე გავშორდეთ, რომ სამუდამოდ დაგივიწყო და არაფერმა შემაწუხოს, რაც შენ გიკავშირდება. -ნუ სულელობ... -ნუ ჩაიხვიე დებილივით! -გაღიზიანებამ გონება დაუბინდა, ყელში გულისრევა აბობღდებოდა და ენას ძლივს ატრიალებდა, პირდაპირ სახეში რომ არ მიერწყია მოღალატისთვის. -რამდენი ხანია, მიპასუხე! -ცოტა ხნის წინ გავიცანი... -სავარძელზე ჩამოჯდა გაგა. ეტყობოდა, ძლივსღა სუნთქავდა. -შენი ცოტა ხანი რამდენია? არც ერთ სიტყვას ვენდობი შენსას, შენ ცოლიც ერთი გგონია, მაგრამ სხვა ქალსაც მშვენივრად ტყნავ, ხოდა, თქვი. დრო ზუსტად. თარიღი. ვინ არის. რატომ. -იმხელა ზიზღით ელაპარაკებოდა ლილე, კაცს გაუკვირდა, ასეთს პირველად ხედავდა. თითქოს მის წინ მონსტრი იჯდა და არა თავისი ცოლი. რომელსაც უღალატა. -სამი თვეა. ჩვენთან მუშაობა დაიწყო... -კარგი, და რატომ? რატომ მიღალატე... -ძალიან ცდილობდა ქალი, ხმა არ ჩაწყვეტოდა, მის წინაშე აცრემლებული და დასუსტებული არ გამოჩენილიყო. გაგას აღარ ჰქონდა უფლება, მტირალი ენახა. -არ ვიცი... -სახე ორივე ხელში ჩარგო კაცმა, იქედან ძლივს ისმოდა მისი ხმა, მხოლოდ მონსტრივით ქშინავდა. -არ ვიცი. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. -მაგრამ არ ნანობ... -გააგრძელა ლილემ ჩურჩულით, -სინანული საერთოდ არ გეტყობა... როგორი ლაჩარი ყოფილხარ... არაკაცი... ასე როგორ შემაზიზღე შენი და ჩემი თავიც... სიჩუმე ჩამოწვა. მძიმე, გაუსაძლისი სიჩუმე. დამნაშავე და ყველაფრისმთქმელი. ლილე მართალი იყო, ყველაფერში, ყველა სიტყვაში. გაგას თვალებზე ცრემლები მოსწოლოდა და ქალს ამაზე საშინელი დასანახი, ამაზე თვალთმაქცური თითქოს არაფერი ეხილა თავის ცხოვრებაში. -წადი. -თქვა ბოლოს მშვიდად. -ვიცი, ეს სახლი შენიც არის, ერთად ვიყიდეთ... გავყიდით და ისე გავყოფთ, როგორც საჭიროა. ახლა წადი. სასამართლოში შევხვდებით. *** ამ ამბიდან დიდი დრო არ გასულა. რამდენიმე ორშაბათი და რამდენიმე წვიმა. ლილეს ზუსტად არ ახსოვს. სიცარიელემ თითქოს აზროვნება და მეხსიერებაც წაართვა. ყველაზე მეტად ამ სახლიდან წასვლა უსერავდა ძლივს მომუშავე გულს. გონება სჯიდა: ახალი არაფერი ამახსოვრდებოდა, მხოლოდ ძველს ახსენებდა გამუდმებით. ამ სავარძელზე ერთად უყურებდნენ ხოლმე ფილმებს. ლილეს ნახატებს ჩარჩოებს გაგა უკეთებდა, კედელზეც ის კიდებდა. ყველაფერს გაგას ხელიც აჩნდა. ყველაფერს. კარს. კედლებს. ნივთებს. ყველაფერი, რაც ასე უყვარდა ადრე, უნდოდა, აღარასოდეს ენახა. ეს სახლი თავისი ხელით მოაწყო. აქ უნდა ეცხოვრათ სიცოცხლის ბოლომდე, გაეჩინათ და გაეზარდათ შვილები. მაგრამ არაფერი აუხდათ. გაგამ ყველაფერს ხელი მოავლო და ნაგვის ურნაში ჩაყარა, შემდეგ ისე შორს მოისროლა, ლილეს რაც არ უნდა ეცადა, უკან ვეღარაფერს დააბრუნებდა. ვერც ნდობას, ვერც პატივისცემას, ვერც სურვილს. ყველაფერი ერთიანად აორთქლდა. გაგას კი აიძულა წასულიყო, მაგრამ საკუთარი სახლიდან გაგდებულად თავს თვითონ უფრო თვლიდა. ხელი მშვიდად გააწერეს. ჯვრის დაწერას მომავალში აპირებდნენ, ამიტომ გაუმართლათ, ზედმეტი პროცედურები თავიდან აიცილეს. სახლიც მაშინვე გაყიდეს და ყველაფერი ისე მარტივად, ერთი-ორი ხელის მოწერით დასრულდა, თითქოს ათწლიანი წარსული უკან არ მოეტოვებინათ. ლილეს ზედმეტად არაფერი უკითხავს. გაგას არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები არ წყვეტდნენ შეკითხვებს. ყველასთვის მოულოდნელი იყო უკვე ყოფილი ცოლ-ქმრის გადაწყვეტილება. რეალური მიზეზი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მხოლოდ ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. გაგას დედა, ლეილა, ისე ცუდად გახდა, ლამის საავადმყოფოში გახდა დასაწვენი მიკრო-ინფარქტის ნიშნებით. ლილეს დედას არაფერი უთქვამს, მამა - ბეშქენი კი ძლივს გააკავეს, გაგასთვის რამე რომ არ დაეშავებინა. შემწინააღმდეგებელი არც არავინ ჰყავდა ლილეს გარდა. მამას მშვიდი, თუმცა უემოციო თვალებით ანიშნა, რომ არ ღირდა ნერვიულობად, ხელის გასვრად და ციხედ, მითუმეტეს. მიუხედავად იმისა, რომ ბეშქენ დაშნიანი არავის მიუტევებდა საკუთარი ოჯახის უპატივცემულობას, სანუკვარი ქალიშვილის დამცირებას კი - მით უფრო, მაინც თავი შეიკავა ლილეს ხათრით. მიხვდა, ასე უფრო მარტივი იქნებოდა შვილისთვის ახალი ცხოვრების დაწყება. ლილესთვის კი რეალურად მარტივი არაფერი იყო. ის, რაც ბევრს ახალი ცხოვრების დასაწყისად მიაჩნდა, მისთვის უბრალოდ ძველის დავიწყების სასოწარკვეთილი მცდელობა იყო. ასე დამცირებულად, უმნიშვნელოდ თავი არასოდეს უგრძვნია. ათასჯერ ეკითხებოდა საკუთარ თავს - ათი წლის განმავლობაში შენთვის ყველაზე ახლო ადამიანს თუ ვერ ენდობი, აბა ვინღაა სანდო? „შენი თავის გარდა არავინ.“ ეჩურჩულებოდა საკუთარი ხმა. ყველაფერზე პასუხი თითქოს ყოველთვის იცოდა. ხმა, რომელიც მის გონებაში ცხოვრობდა, არ იყო სულელი, ლოგიკას მოკლებული. სწორედ ამ ხმამ ააღებინა ეჭვი რამდენიმე კვირის წინ... გაგა თითქოს შეიცვალა, სხვანაირი სურნელი ასდის. ამის გაფიქრებაზე პირველად გაეცინა, ასეთი სისულელე როგორ ვიფიქრე, რას ჰქვია ადამიანს სუნი შეეცვალა. ალერსიც სხვანაირი გაუხდა. კოცნაც და მოფერებაც. ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდათ, როგორიც ბაგაზე გამობმული გამომშრალი ჩალის მცოხნელი ძროხის დანახვისას. მერე იმრავლა „სამსახურის საქმეებმა“, „კლიენტებთან შეხვედრებმა“... ათასმა მიზეზმა, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა პრობლემა. იმრავლა ტელეფონზე შეტყობინებების წრიპინმაც, აივანზე ნაპასუხარმა ზარებმა. ლილე, რა თქმა უნდა, არასდროს აკადრებდა საკუთარ თავს ქმრის ტელეფონში ჩაძრომას. ეს არც გაუკეთებია და არც დასჭირვებია. ყოველ ღამე მის ქმარს სხვა ქალის სუნი მოჰქონდა სახლში. ამ სუნმა კი მეძებარი ძაღლივით გაიყვანა კვალზე. შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამ დროს ფიქრობდა, რომ მიზეზის ცოდნას რამე მნიშვნელობა ჰქონდა. გაგას პირდაპირ არასოდეს უთქვამს, მაგრამ ძალიან განიცდიდა უშვილობას. ლილეც არანაკლებად. გაკვრით ამბობდა ხოლმე გაგა, რომ „ბავშვი ოჯახს ამყარებს“, „ბავშვი მისი აუხდენელი ოცნებაა“... ეს სიტყვები გულზე კარგად ალესილი ისრებივით ესობოდა ლილეს. შვილი მასაც უნდოდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის ზოგიერთი წყვილისათვის. როგორც აღმოჩნდა, გაგას და ლილეს შვილის ყოლა არ შეეძლოთ. ათას ხერხს მიმართეს. ათასი ანალიზი ჩაიტარეს. კონკრეტულ მიზეზს ვერავინ ამბობდა. ხუთწლიანი ქორწინების განმავლობაში ოთხი წელი მკურნალობაში გაატარეს ცოლ-ქმარმა. შედეგი სახეზეა: გაგას გულმა არ მოუთმინა, სხვა ქალი იპოვა. „ვინმე ჩემზე ნაყოფიერი“, ცივად შეახსენა შინაგანმა ხმამ ლილეს და ამ სიტყვებზე უხმოდ გაეცინა. ოჯახები წლობით ელიან შვილებს. რამდენს ჰყოლია ათი წლის მცდელობის შემდეგ შვილები. როგორ საერთო პრობლემად მიაჩნდა ეს ლილეს და ბოლოს, როგორ შეაწმინდა გაგამ ხელები. -მამა, -მტანჯველი ფიქრების კლანჭებიდან ბეშქენის დაბალმა, ნაღვლიანმა ხმამ გამოიხსნა. როგორც ყოველთვის - მისი ყველაზე დიდი ჭაღარიანი იმედი. მხსნელი. -ხო, მა... -მიწყვეტილი ხმით უპასუხა ლილემ და ძალით გაიღიმა. წამოჯდა, რათა ბეშქენსაც შეძლებოდა ქალიშვილის გვერდით ჩამოჯდომა. -ასე სახლში წოლას არ გირჩევნია, ჩვენთან სოფელში ახვიდე... სახლი რამდენი ხანია დაკეტილია... წადი, გონება გაანიავე... სუფთა და ცივი, მთის ჰაერი ჩაისუნთქე. მამასთან ლაპარაკი იმიტომ უყვარდა, რომ ზედმეტ კითხვებს არასოდეს უსვამდა, არც პასუხის გაცემა სჭირდებოდა მის ნათქვამს. ყველაფერს სრულყოფილად ამბობდა ბეშქენი, ალბათ, თვითონ ვერც კი ხვდებოდა როგორ უიოლებდა ქალიშვილს არსებობას, სუნთქვას, ცხოვრებას. მეორე დღეს მანქანაში ერთი ჩემოდანი ჩადო და გზას დასავლეთისკენ გაუდგა. მგზავრობა მშვიდი და წუხილით სავსე იყო. რთულია, მარტოობას შეეგუო, როცა წლობით ერთ ადამიანზე ხარ მიწებებული. სხეულის რაღაც ნაწილს თითქოს ბოლომდე ვეღარ გრძნობ. ლილეს უყვარდა გაგა. უყვარდა მთლიანად. მაგრამ როგორც ჩანს ერთი ლილე ერთი გაგასთვის საკმარისი არ იყო. იმას მეტი უნდოდა და მეტის საძებნელადაც წავიდა. ქალს კი დამნაშავედ თავი ნამდვილად არ უნდა ეგრძნო იმის გამო, რისი მიცემაც არ შეეძლო. ფიქრებს ფიქრები მოსდევდა, ლამპიონს-ლამპიონი. დრო ნელა გადიოდა, გზას კი დასალიერი არ უჩანდა. ტკბებოდა საქართველოს ლამაზი ხედებით, გაცრეცილი ხეებით, სუსხიანი ღრუბლებით. მშობლიურ მხარესთან მიახლოვებამ მის სულს და გარემოს სითეთრე შემატა. მთაში უკვე თოვდა. რა თქმა უნდა. ჩაეცინა ნაადრევად მოსულ ზამთარზე. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ბუნებამ გაუგო. გონება გამოუწმინდა მუქი, მურიანი ფიქრებისგან. თოვა ნელ-ნელა იმატებდა და უკვე შიშიც კი შეეპარა ლილეს, რომ სოფლამდე ვერ მიაღწევდა დიდთოვლობის გამო. ბნელდებოდა. გზაზე მისდაჭირად მანქანას არ გამოუვლია. მანქანაში ჩამაგრებულ რუკას თუ ენდობოდა, ჯერ კიდევ საათნახევარი უნდა ემგზავრა, რომ სოფლამდე აეღწია. ოცწუთიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ დანებდა. თოვამ ისე იმატა, რომ გზას ვეღარ ხედავდა, ვერც მისის მანქანა ახერხებდა ნახევარმეტრიანი თოვლის საბნის გარღვევას. შეშფოთებულმა, რომ მის მანქანას მალე თეთრი საბურველი გადაეფარებოდა და აქედან ვერ გააღწევდა, საჭეს ხელები დასცხო. რამდენიმე წუთი არ იყო გასული, რომ რაღაცის ხმა შემოესმა. თითქოს მანქანა უნდა ყოფილიყო. ყურები დაცქვიტა. ფარები უცებ აანთო და რამდენჯერმე დაასიგნალა. მანქანიდან ძლივს გადმოვიდა. უკან ჯიპი მოსდგომოდა. იმით გახარებულმა, რომ ამ თოვლში არ ჩაიხრჩობოდა, ორივე ხელი ააქნია სხარტად. ჯიპი მის უკან გაჩერდა და იქედან მაღალი სხეული გადმოვიდა. თოვლში კარგად ვერ ამჩნევდა ლილე ვინ იყო, მაგრამ აშკარად კაცის აღნაგობა ჰქონდა. -გამარჯობა, -ადამიანს მოახლოება არ დააცადა, ისე დაიწყო საუბარი სულიერის დანახვით გახარებულმა. - ლელეთში მივდივარ, უფრო სწორად, ვაპირებ, რომ წავიდე, მაგრამ საშინლად გათოვლდა! იქნებ, როგორმე დამეხმაროთ... -გაგიმარჯოს, აქედან ლელეთში ჩასვლას ამ ამინდში ვერ შეძლებთ. -მშვიდი, თუმცა მკაცრი ხმით გამოეპასუხა კაცი. ლილე მის სახეს კარგად ვერ ხედავდა, თუმცა მისმა ნათქვამმა გული კი გაუხეთქა. -მაქსიმუმ ბუქსირზე გამოვაბათ თქვენი მანქანა და ჩემს სოფლამდე ისე ჩავიდეთ. მანამდე გზებს გაწმინდავენ და ხვალ შეძლებთ ლელეთამდე მისვლას. -კარგი, გამიყვანეთ. -უცებ დაეთანხმა ლილე. იქ სადმე სასტუმროში მაინც დარჩებოდა, გზაზე ამ გამყინვარებაში გაჩერებას ნამდვილად სჯობდა. კაცს აღარაფერი უთქვამს. მანქანა წინ გადაუყენა. ლილეს პატარა მანქანა ბუქსირს გამოაბა. თვითონ გზას უკვალავდა და ლილეც მშვიდად მიჰყვებოდა მის გადაწმენდილ გზას. გაჭირვებით იარეს ორმოცი წუთი. კარგად ჩაბნელებულიყო, როცა მანქანა გაჩერდა. ლილე გარეთ თოვლის გარდა ვერაფერს ამჩნევდა. რუკაც ვერ კითხულობდა, სად იყო ზუსტად. ცოტა შიში კი შეეპარა გულში, მაგრამ მაინც მამაცად გადმოვიდა მანქანიდან, ქურთუკის ჯიბეში წარბების გამოსაქნელი პინცეტი ჩაებღუჯა. მხარზე ჩანთა მოიგდო და ძლივს გააბიჯა მუხლებამდე თოვლში. -სად ვართ? -ხმამაღლა ჰკითხა უცნობს, რომლის სახესაც კი ვერ ხედავდა ამ ღამეში. მხოლოდ სქელ ფიფქებს გრძნობდა გაყინულ სახეზე რომ ეწებებოდა. -ამაღამ ჩვენს ოჯახში დარჩი. სახლში მე, ჩემი ცოლი, ჩემი ძმა, დედაჩემი და მამაჩემი ვართ. სტუმრად მიგიღებთ. -თბილი ხმით გამოეპასუხა კაცი. -არა, არ შეგაწუხებთ, -ყოყმანით უპასუხა ლილემ, -სადმე, სასტუმროში დავრჩები... -აქ სასტუმრო არ არის, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ. მე დემეტრე ფიცხელიანი ვარ. შენ რა გქვია? -მე.. მე ლილე დაშნიანი... -გაყინული ხმით უპასუხა ლილემ. სუსხმა სახე და შიშველი თითები გაუქვავა. უკვე ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ ყინულის ქანდაკებად არ ქცეულიყო უცხო ადამიანის წინაშე. -დაშნიანი?! მოდი, მოდი! შენც ჩვენი მთის ყოფილხარ! შემოდი, -ჭიშკარი ფართოდ გაუღო დემეტრემ და ეზოში შეატარა. ძაღლების ყეფამ ისე დააფრთხო ლილე, არ ელოდა. სწრაფად ჩააფრინდა დემეტრეს მკლავში გულგახეთქილი და გვერდიდან არ მოსცილებია, სანამ სახლის კარამდე არ მივიდნენ. ამხელა გზა გამოიარა და სასაცილოც კი იქნებოდა, ძაღლებს რომ შეეჭამათ სხვის ეზოში. პირველ სართულზე, აივნის ქვეშ, შესასვლელ კართან სინათლე აინთო. ახალგაზრდა კაცმა მხრებიდან თოვლი გადმოიბერტყა, ფეხებიც გააბაკუნა, რომ თოვლი მოეშორებინა. ლილემაც ზუსტად გაიმეორა მისი ქმედებები. მთლიანად გაწუწულიყო. ყინვა ძვლებში ატანდა. ხელის თითებსაც კი ვეღარ ხრიდა. კარი მალევე გაიღო და დემეტრეს ლამაზი, შავთვალება გოგო შემოეგება. მისი ცოლი უნდა ყოფილიყო. ქმარს მორიდებით ჩამოეკიდა კისერზე და ლილე რომ დაინახა გაკვირვებულმა უკან დაიხია. ოდნავ ლოყები შეუწითლდა. -დღეს სტუმარი გვეყოლება, -ოთახის განათებაზე საკმაოდ ახალგაზრდა აღმოჩნდა დემეტრე. ლილე მორცხვად მიჰყვა უკან მასპინძელს. საოცარი სიმშვიდე იგრძნო, როცა შიგნით სახლური გარემო დახვდა. მიხვდა, რომ გაუმართლა. -თოვაში მოჰყვა, თავისი პატარა სათამაშო მანქანით ვერ გაივლიდა გზას, ამიტომ დღეს ჩვენთან დარჩება. ხვალ ვნახოთ. -გამარჯობა, -საწყლად ამოიკნავლა ლილემ. ამდენი უცხო ადამიანის დანახვამ გული შეუღონა უცებ. დემეტრეს ცოლმა და დედამ კეთილად გაუღიმეს, მამა და ძმა ჯერ არ ჩანდნენ. -დიდი მადლობა, რომ შემიფარეთ. არ მეგონა, ასეთ დღეში თუ მოვხვდებოდი. გამიმართლა, დემეტრე რომ შემხვდა. -მოდი შვილო, დაბრძანდი. გაიყინებოდი. სულ სველი ხარ. -სწრაფად შეიპატიჟა შინ ჩია, გაჭაღარავებულმა ქალმა. -მიდი, შვილო, მარო, შენი ტანსაცმელი კარგად ექნება. არ გაგვიცივდეს სტუმარი. -მე მამასთან და ბექნუსთან გავალ, -მშვიდად თქვა დემეტრემ, მერე ლილესაც გაუღიმა, როცა სამშვიდობოს დაიგულა და მეორე კარიდან გავიდა. -შეშას ჩეხავენ, შვილო, და მავლენ მალე. შენ მოდი, ფეჩთან ახლოს დასჯექ, არ გასცივდე. მარიკა მალე მოგიტანს ტანსაცმელს და გამაიცვალე. -მოხუცმა თბილი, მაგრამ დინჯი მთის მასპინძლობით მიიწვია ლილე. -დიდი მადლობა. -გულწრფელად გაუღიმა დაშნიანმა. -იცით, მეც აქაური ვარ... ლელეთში აქვს ჩვენს ოჯახს სოფელი, მაგრამ კარგა ხანია აქ არ ვყოფილვართ. -მართლა? რა გვარისა ხარ? -გაუხარდა ქალს. ლილე პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მარიკამ ოთახისკენ გაიხმო თავისი ტანსაცმლით ხელდამშვენებულმა. სწრაფად წამოდგა, მოხუცმაც ანიშნა, საუბარი შემდეგ გავაგრძელოთო. პატარა, მყუდრო ოთახში შეუძღვა მარიკა. ერთი ფანჯარა ჰქონდა საძინებელს, ერთადგილიანი საწოლი კუთხეში იდგა, ზემოდან თეთრი,ფუმფულა ბალიში და თეთრი საბანი გადაეგოთ. პატარა კომოდი და გარდერობის კარადაც იქვე იდგა. -ესენი ჩაიცვი. ფენი კომოდში დევს, თმა გაიშრე, თორემ გაცივდები. -თბილად გაუღიმა მარიკამ. -დიდი მადლობა. არ მინდოდა თქვენი ასე შეწუხება. -რას ამბობ, რა შეწუხებაა გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება. ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ, სანამ ვახშამს გავამზადებთ? -ჩაი, თუ შეიძლება. ახლავე გამოვალ მეც. -გულწრფელად გაუღიმა ლილემ. შალის წინდები, თბილი შარვალი და დიდი სვიტრი სწრაფად გადაიცვა. გრძელი, ხვეული თმა მხოლოდ პირსახოცით შეიმშრალა. ფენი საშინლად აუფუებდა და არ უნდოდა მასპინძლები დაეფრთხო. სასტუმრო ოთახში, სადაც შეშის ფეჩი იდგა, სასიამოვნო სითბო და ნაძვის სურნელი ტრიალებდა. ლილემ იგრძნო, რომ ძვლები გაულღვა. ქალები მშვიდად ფუსფუსებდნენ. თავადაც შესთავაზა დახმარება, მაგრამ მათი შეურაცხყოფილი სახეების დანახვისას მაშინვე გადაიფიქრა. მარიკამ მოცვის ჩაი გაუმზადა. ისეთი არომატული სურნელი დატრიალდა ოთახში, ლილეს თვალები მიელულა სიამოვნებისაგან. იქვე ჩასთვლემდა ალბათ, შემოსასვლელის კარი რომ არ შემოეგლიჯათ უეცრად. თოვლის სუსხი და სურნელი ძაღლების ყეფასთან ერთად დაუპატიჟებლად შემოიჭრა მყუდრო ოთახში, მას მოჰყვა მაღალი კაცი, კუპრივით შავი თვალებითა და მოკლე, შავი ხვეული თმით, რომელიც გასველებოდა და შუბლზე მიკროდა. ორივე ხელით იმდენი შეშის ნაფოტი მოჰქონდა, რომ ლილეს ეს კაცი უცებ მძლეთა მძლედ მოეჩვენა. კაცმა ერთხელ აათვალიერა სტუმარი, თავი ოდნავ დაუკრა და შეშა ფეჩის გვერდზე ხის შეჭედილ კალათში ჩაყარა. ეს უეჭველად დემეტრეს ძმა უნდა ყოფილიყო. ბექნუ. ლილე მისმა გამომეტყველებამ და აურამ დაძაბა თითქოს. კაცი ისეთი მტრული სახით უყურებდა, ადგომა და აქედან გაქცევა მოუნდა უცებ. -საკმარისია, შვილო. დაუძახე იმათაც, შემოვიდნენ. -მკაცრად, თუმცა მაინც მოეალერსა ქალი თავის ვაჟს და სუფრის გაშლას შეუდგა. რამდენიმე წუთში ყველა სუფრას მოუსხდა. დემეტრეს და ბექნუს მამა თბილად შეხვდა უცხო სტუმარს და გვერდით მოისვა სუფრასთან. -ლილეც აქაურია, მამა. -ღიმილით უთხრა დემეტრემ უფროს ფიცხელიანს. -ლელეთს ჰქონია სოფელი. -ვახ, ვახ! -სახე გაუბრწყინდა ბუდუს, მათ მამას. -რა გვარისა ხარ, ლილე? -დაშნიანი, მაგრამ ჩვენი ოჯახი დიდი ხანია, აქ აღარ ცხოვრობს. -ღიმილითვე უპასუხა ქალმა. რატომღაც მოეჩვენა, რომ მისი გვარის გაჟღერებამ ყველა დაძაბა. ბუდუმ დემეტრეს გადახედა, შემდეგ სახეგახევებულ ბექნუს. ლილესაც ღიმილი სახეზე შეახმა და უგემრიელესი კუბდრის ლუკმა უგემურად, ძალით გადაყლაპა. გული აუკანკალდა. -როგორ მოგეწონა კუბდარი, ლილე? -მხიარულად იკითხა მარიკამ. ლილე ვერ მიხვდა, ამას დაძაბულობის განსამუხტად აკეთებდა ქალი, თუ ვერაფერი შენიშნა. -ასეთი გემრიელი არასოდეს მიჭამია. -პირველად გავაკეთე დღეს. -გაიპრანჭა მარიკა, დემეტრემ სიყვარულით გადაუსვა ხელი თავზე ცოლს. -ყოჩაღ, ძალიან კარგია. -გაუღიმა ლილემაც. ვახშამი უსიტყვოდ დაასრულეს. ლილე რაღაცას გრძნობდა, თუმცა ბოლომდე ვერ გაერკვია, რას. არც დაძაბულობას ჰგავდა ეს გრძნობა, არც სიმსუბუქესა და შვებას. რაღაც ამოუხსნელი აურა მოდიოდა ყველასგან დემეტრესა და მარიკას გარდა. ალბათ, ახალდაქორწინებულები არიანო, გაიფიქრა ლილემ როცა მათ აციმციმებულ თვალებს შეხედა. უნებურად მოაგონდა თავისი ქორწინება, თაფლობის თვე და აუტანელმა სევდამ შემოუჭირა გულზე ხელები. ისედაც დაძაბული იყო და ეს გრძნობა უარესად უჟამავდა ხასიათს. ახლა ერთადერთი, რაც უნდოდა, მარტო ყოფნა იყო. იმედოვნებდა, რომ თოვლი მალევე გადაიღებდა და დილით შეძლებდა სოფელში, თავის სახლში ჩასვლას. მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ მადლიერი იყო ამ ოჯახისა, თავს მაინც უცხოდ გრძნობდა. არ უყვარდა უცნობი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, სადაც თითქოს ყველა გამადიდებელი ლინზით აკვირდება. ბექნუს ხმა არ ამოუღია მთელი დღის განმავლობაში. როგორც ლილე მიხვდა, დაუმშვიდობებლად დაწვა და ამან უფრო მოუშხამა ხასიათი, აქ მინიმუმ ერთი ადამიანისთვის არ იყო სასურველი სტუმარი და ეს ეკლებზე სვამდა. მოხუცმა ცოლ-ქმარმა ხვალინდელ გეგმებზე გააბეს საუბარი. თვითონ მარიკასთან ერთად სამზარეულოში გავიდა. დაიჟინა, რომ დახმარებოდა და გოგოც აღარ შეეწინააღმდეგა. მარიკასაც დემეტრესავით მუქი თაფლისფერი თვალები და თმა ჰქონდა. თეთრი, სუფთა სახის კანი უმშვენებდა ლამაზ სახის ნაკვთებს. უფროსს არ ჰგავდა, მაგრამ არც ბავშვს, უფრო ახალგაზრდა ქალი ეთქმოდა. მშვენიერი და მომნუსხველი. რატომღაც იფიქრა, რომ აქაურ კაცს სწორედ ასეთი ცოლი შეეფერებოდა. -თქვენ აქ ცხოვრობთ ყველანი? -უხერხული სიჩუმე დაარღვია ლილემ და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო. -არა, აქ მხოლოდ დედა და მამა ცხოვრობენ, ჩვენ როცა შეგვიძლია მაშინ ჩამოვდივართ მოსანახულებლად, მაგრამ ახლა თოვლში მოვყევით და სანამ გზას არ გაწმენდენ აქედან ვერსად წავალთ. ისე თბილისში ვცხოვრობთ. შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ ასეთ დროს? ბება და პაპა გელიან? -არა. გარდაცვლილი არიან ბებიაჩემი და პაპაჩემი. -გაუღიმა ლილემ, -ასე რომ ვთქვათ, განსამარტოვებლად და გონების გასაწმენდად გადმომისროლა აქეთ ბედისწერამ. -როცა გჭირდება, აუცილებელია განმარტოება. მერე უფრო ირევი და ცუდად ხდები. კარგად მოიქეცი, რომ ჩამოხვედი. იმედია, გზას მალე გაწმენდენ. -ხო, იმედია. გამიმართლა, თქვენნაირი მასპინძელი რომ შემხვდა, მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ. -რას ამბობ, საერთოდ არ ვწუხდებით, -გულწრფელად შეიცხადა მარიკამ. -ბექნუს ყურადღება არ მიაქციო, ცოტა რთული საურთიერთობო კაცია. რა დასამალია და ნამდვილი ტყიურია. -ჩუმად ჩაეცინა გოგოს. ლილემ კომენტარი არ გააკეთა მარიკას კომენტარზე. მხოლოდ უსმენდა. -ხომ იცი, მთაში რთული პირობებია, ხალხსაც უწევს შეეჩვიოს და მათი ხასიათიც გარემოსას ემსგავსება. მკაცრები არიან, მაგრამ გულში დიდ სიყვარულს მალავენ. სიცივეც მკაცრი იციან, მაგრამ ზაფხული გრილი და სასიამოვნო. -დიდი ხანია, რაც შენ და დემეტრე დაქორწინებული ხართ? -არც ისე. ჯერ ორი წელიც არ არის. თავიდან გამიჭირდა შეჩვევა აქაურობასთან, მაგრამ ახლა ხომ ხედავ, კუბდარიც კი მოვამზადე. -ძალიან კარგი წყვილი ხართ. ერთმანეთს უხდებით. -მეც ასე ვფიქრობ... -გაუღიმა მარიკამ და თვალებში ეტყობოდა, რომ თვითონაც უნდოდა სტუმრისათვის შეკითხვა დაესვა, მაგრამ უცებ მზერა მოარიდა. გადაიფიქრა. მამას დაურეკა. თავიდან გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა. ახლა მისი ანერივულება დედას ანერვიულებასაც ნიშნავდა, მერე ეს ღელვა მეტასტაზებივით მოედებოდა ორივეს და არ მოასვენებდნენ, ამიტომ იცრუა, რომ შინ მშვიდობით მივიდა და საკუთარ დანთბულ ბუხართან მიმჯდარიყო. დასაძინებლად ადრიანად წავიდა. მასპინძლებს მორიდებით დაემშვიდობა ლილე და თავის დროებით ოთახში შეყუჩდა. მიუხედავად იმისა, რომ მისაღებ ოთახში თბილოდა, საძინებელში საშინელ სუსხს დაებუდებინა. ლილე კარგად ჩაფუთნული შეწვა საწოლში და საბანი თავზე გადაიფარა. მხოლოდ ცხვირი ჰქონდა გარეთ გამოყოფილი, რომ გრილი ჰაერი ჩაესუნთქა. ფანჯრიდან მუქ ნაცრისფრად მოჩანდა დათოვლილი ეზო და მთები. მთვარე ანათებდა. აღარ თოვდა და ლილესაც იმედი მიეცა, რომ რაც შეიძლებოდა, მალე დატოვებდა აქაურობას. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები კეთილგანწყობილები იყვნენ მის მიმართ, მაინც მარტო ყოფნისკენ მიუწევდა გული. დამშვიდება და დაფიქრება სჭირდებოდა. ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო. ასე ადრე ბოლოს როდის დაიძინა, არც ახსოვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძილი საერთოდ გაუტყდა. ხან რა საშინელება ესიზმრება მის ისედაც დატანჯულ გონებას, ხან რა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ლილეს სიზმრები ხშირად უხდება რეალობა. ალბათ, რთული დასაჯერებელი და ცოტა სასაცილოც კი შეიძლება იყოს ვინმესთვის, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომელთაც პრეკოგნიტური უნარები დანარჩენებზე უკეთ აქვთ განვითარებული. დაშნიანზე ნამდვილად არ ითქმის, რომ როცა სიზმარს ნახულობს, ის აუცილებლად ახდება, წინასწარმეტყველია ან რამე მსგავსი, მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაღაც უხილავს სიზმრად, შემდეგ კი - რეალობაშიც. წინა ღამით ნანახი საშინელი სიზმარი, სადაც იყინება და თოვლში კვდება, ნაწილობრივ, ალბათ აუხდა კიდეც, რადგან სახლამდე ვერ მიაღწია და სხვასთან მოუწია ღამის გათევა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. როცა ამხელა გზაზე მიდიხარ და თანაც ისეთ მხარეში, სადაც დიდთოვლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, აღელვებულ გონებას რამე მსგავსი რომ დაესიზმროს, ამაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ ის სიზმარი, რომელიც ლილემ ფიცხელიანების სახლის პატარა საძინებელში იხილა, წინებს ნამდვილად არ ჰგავდა. ქალს ოქროსფერი თმა თეძოებამდე დასთრევდა, ხელის ყველა თითზე ბეჭედი ეკეთა და უაზროდ ცდილობდა მათ მოხსნას, ადგილიდან ვერ ძრავდა, თითქოს მიწებებოდა, მუხლამდე თოვლში თეთრი, სიფრიფანა კაბით მირბოდა ფეხშიშველი. საით მირბოდა, ვერ ხედავდა, ირგვლივ ნაცრისფერი გაჩაჩხული ხეები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. უკან უცებ მიიხედა: მგლები მოსდევდნენ, ალესილი კბილები მთვარის შუქზე უელავდათ და ხმამაღლა ღრიალებდნენ. ლილეს უკვირდა, საერთოდ როგორ უსწრებდა წინ მტაცებლებს, გულაფრიალებული კი ხელებიდან ბეჭდების მოშორებას ცდილობდა, ის-ის იყო არათითიდან წაიძრო ერთი ზურმუხტიფერთვლიანი ბეჭედი, რომ წაიბორძიკა და გაყინული მუხლებით თოვლში ჩაერგო. საწოლიდან გულგახეთქილი წამოჯდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სციოდა, როცა აქ შემოდიოდა, ახლა ოფლში ცურავდა. გაღიზიანებულმა მოისრისა გაოფლილი შუბლი, თმები შუბლიდან გადაიწია და ღრმად ამოისუნთქა. უკვე გამაღიზიანებელი იყო ამდენი სულელური სიზმარი. წესიერად ძილის საშუალება არ ეძლეოდა, როცა თვალის მოხუჭვას ახერხებდა. ზედმეტი დრო არც დაუკარგავს იმაზე ფიქრში, რას შეიძლება ნიშნავდესო ეს სიურეალისტური სიზმარი. ოთახის სიცივე შეეპარა მოშიშვლებულ ყელსა და წელზე და ისევ საბანში შეიფუთა სიგრილით ნასიამოვნები. ამჯერად, დილამდე მშვიდად იძინა. *** დილით ლილე ადრე ადგა. მაშინვე ფანჯრიდან გაიხედა და ბარდნის ნაცვლად, თვლაისმომჭრელი მზე რომ დაინახა ლურჯ ცაზე, ბედნიერს გაეღიმა. ჯერ შვიდი საათი იყო. აწეწილ თმაზე ხელები გადაისვა, მარიკას ნაჩუქარი ჯემპრი გადაიცვა ზემოდან და შალის წინდების მეორე ფენა დაიმატა ტერფებზე. როგორც ჩანს ოჯახის დიასახლისიც ამდგარიყო. -დილამშვიდობისა, -ზრდილობიანად გაუღიმა ლილემ და ახლაღა გაიაზრა, რომ მოხუცის სახელი ჯერ არ იცოდა. -მშვიდობიანი დილა არ მოგკლებოდეს, შვილო. რა ადრე ამდგარხარ! ცუდად ხომ არ გეძინა? -კამკამა ლურჯი თვალები შეანათა ქალმა ლილეს, იმ ცას მიუგავდა, წეღან რომ ფანჯარაში დაინახა გოგონამ. -არა, კარგად მეძინა. როგორ ბრძანდებით? -როგორც მოხუცს შეეფერება, შვილო. დაჯექი, დაჯექი ფეჩთან. ახლავე მოვალ და მოცვის ჩაის დაგალევინებ. გუშინ ხომ მოგეწონა? -დიახ, ძალიან. როგორ ამზადებთ? -ზაფხულზე მოცვს ტყეში ვაგროვებთ, ვახმობთ ათას ბალახ-ბულახთან ერთად და ზამთარში ცხლად მივირთმევთ. -ასეთი გემრიელი ჩაი არასოდეს გამისინჯავს. -საწყლად მოიფუზა ფეჩთან ლილე. სასიამოვნო, სახლური გარემო სუფევდა ირგვლივ. გუშინდელი დაძაბულობა სადღაც გამქრალიყო, სუფრაზე რომ ჩამოწვა. დიასახლისის გულთბილობამ შვება მოგვარა. -ცოტა ხნით ეზოში გავისეირნებ, რომ მოვალ ჩაი ერთად დავლიოთ, კარგი? ქალმა თავი დაუქნია, თავისი შავი ბოტები გამოუცუნცულა რომელიღაც ოთახიდან, ბექნუს ქურთუკიც შეაჩეჩა ხელში. სხეული თითქმის არ უჩანდა, ამიტომ ძალიან თბილად გრძნობდა თავს. ზამთრის ჰაერი სასიამოვნოდ მოედო ფილტვებს. ახლა მიხვდა, რატომ ეძახიან საზამთროს საზამთროს: იმიტომ, რომ ზამთარში, დილით, როცა ჰაერი სავსეა სიცივითა და ჟანგბადით, ირგვლივ საზამთროს სასიამოვნო, გრილი სურნელი ტრიალებს. რომ ჩაისუნთქა, იგრძნო, როგორ გასუფთავდა შიგნიდან. -ძაღლების არ შეგეშინდეს, ბექნუ სანადიროდ არის წასული და თან წაიყვანა, -სიამოვნებიდან ქალის ხმამ გამოარკვია ლილე. ამანაც ღიმილით დაუკრა თავი. თოვლში გაბედულად მიაბიჯებდა და ირგვლივ აღმართულ ამაყ, თეთრ მწვერვალებს ღიმილით აკვირდებოდა. აქაურობა ყველაფერი იყო, რაც ადამიანს შეიძლება ბედნიერებისთვის სჭირდებოდეს: სიმშვიდე, ბუნება, სუფთა ჰაერი, სიმყუდროვე, სახლის სითბოსაც კი სხვა მნიშვნელობა ჰქონდა თითქოს, მაგრამ რატომღაც ადამიანებს გული ყოველთვის ქალაქისკენ, ხმაურისა და უჟანგბადობისკენ მიუწევთ. დიდი ეზო ჰქონდათ მასპინძლებს. რამდენიმე უფოთლო ხე და ნაძვი იდგა შიგნით, ორსართულიანი, ხის აივნიანი სახლის უკან დაბალი, დაქონქილი შენობა იდგა, რომლის სახურავქვეშ ოქროსფერი ჩალა შეენახათ. აქა-იქ ძაღლების ყეფისა და საქონლის ზარების წკრიალის ხმა ისმოდა. სახლის საკვამურიდან ნაცრისფერი კვამლი ამოდიოდა და ცას ერეოდა. ეზოს თვალიერებას რომ მორჩა, ქუჩაშიც გადავიდა. სახლები არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. ყველა მათგანის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. ეს იყო ყველაზე მყუდრო სანახაობა, რაც ზამთრის გამყინვარებაში ლილეს ოდესმე ენახა. რამდენიმე ფოტო გადაიღო, უფრო მეტი უნდოდა, მაგრამ ხელები ეყინებოდა, როგორც კი ჯიბეებიდან ყოფდა. ისე იყო გართული თეთრ ზეწარგადაფარებული ბუნების თვალიერებით, ვერც კი შენიშნა, როგორ გამოჩნდა გზაზე მგზავრი ორ ძაღლთან ერთად. ხელებით რაღაცას მოათრევდა და მხარზე თოფი მოეგდო. მხოლოდ ძაღლების ყეფამ გამოარკვია ლილე ბურანიდან. წამოიკივლა დამფრთხალმა და რამდენიმე ნაბიჯით უკან გადახტა. შიშისგან ლამის თვალთ დაუბნელდა ორი ამხელა ნაგაზი რომ დაინახა, მაგრამ ნაცნობი სახის დანახვამ შვება მოგვარა. მიუხედავად იმისა, რომ ბექნუს დიდად გულზე არ ეხატებოდა დაუპატიჟებელი სტუმარი, ლილე იმედოვნებდა, რომ ძაღლებს მაინც არ დააგლეჯინებდა მის თავს. -მშვიდად! -მკაცრი ხმით დაუყვირა წინ გაწეულ ძაღლებს, რომლებიც მაშინვე დაემორჩილნენ პატრონის ბრძანებას, თუმცა ლილეს მაინც უნდობლად უცქერდნენ - ისევე, როგორც თავად ბექნუ. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგღა შენიშნა კაცის მკლავებში მოქცეული საწყალი, აკანკალებული შვლის ნუკრი ლილემ. მუცელში უსიამოვნო გრძნობა აუგორავდა, როცა თოვლზე დაცემული სისხლის წვეთებიც აღიქვა მისმა გონებამ. კაცს სასოწარკვეთილმა შეხედა. ასეთ მშვენიერ და უსუსურ არსებას რომელი ცხოველი გაიმეტებდა მოსაკლავად. -ეგრე ნუ მიყურებ, სტუმარო. -თვალები მკაცრად დაუბრიალა ბექნუმ და ცივად შეხედა ქალს, -ცოცხალია. -ააცილე? -გამოსცრა ლილეს. ვერ იტანდა ნადირობას. კაცმა არაფერი უპასუხა, ისე გააგრძელა გზა და ლილეც უკან დაედევნა გაბრაზებული, თან არ უნდოდა, ამ კაცის ნაგაზებს დაეგლიჯათ, თან ბრაზი კლავდა, ასეთი სცენის მომსწრე რომ შეიქნა. სისხლის პატარ-პატარა წვეთები თითქოს ერთადერთი რამე იყო, რაც აქაურობას აბინძურებდა და ასე თვალისმომჭრელად თეთრ გარემოში ახლა მხოლოდ ეს სიწითლე ხვდებოდა ლილეს თვალებში. მისდა გასაკვირად, ბექნუმ ნუკრი სახლში შეიყვანა და ფეჩთან ახლოს, გუშინ რომ შეშა ჩაყარა, იმ შეჭედილ კალათში ფრთხილად ჩასვა. ლილემ ფართხა-ფურთხით გაიხადა ფეხზე დიასახლისის ნათხოვარი ბოტები და უკან შეყვა კაცს. -მგელმა წაკრა კლანჭი, მიხედეთ. -თქვა ბექნუმ და ლილესთვის არც კი შეუხედავს, ისე გავიდა ოთახიდან. ნუკრი საწყლად ძაგძაგებდა და დიდრონ, შავ თვალებს დაფეთებული ახამხამებდა. ლილემ ვერ გადაწყვიტა, მიახლოვებოდა თუ არა, არ უნდოდა ცხოველის დაფრთხობა, მაგრამ თან ძალიან უნდოდა მოფერებოდა და დაემშვიდებინა. დიასახლისმა შალის ნაჭერი, ტილოები და თბილი წყალი მოიტანა ჯამით. -შეიძლება, მე მივხედო? -მიდი, შვილო. მე რძეს მოვუტან და ისიც დაალევინე მერე. ლილე ფრთხილად მიუახლოვდა ნუკრს. ის და პატარა დამფრთხალი არსება მარტონი დარჩნენ, ამიტომ დაბალ ხმაზე დაუწყო ლაპარაკი და ტილო თბილ წყალში ჩააწო. -ნუ გეშინია, მეც შენსავით ვარ. -ისე გაუღიმა, თითქოს ცხოველს ესმოდა მისი, -დაჭრილი და უცხო გარემოში. ახლა მე სისხლს მოვწმენდ შენს ლამაზ ქათიბს, მერე შეგიხვევ და თბილად შეგიძლია, დაიძინო. ყველაფერი კარგად იქნება. შენ ისეთი ლამაზი ხარ, შენს მოკვლას მხოლოდ ბოროტი მგელი თუ შეძლებს, მაგრამ მე თუ მკითხავ, მასაც არ უნდა შეეძლოს, რამე დაგიშავოს. დედა სადა გყავს? მოგენატრა? არაუშავს, მეც დავკარგე ახლობელი. უფრო სწორად, იმან მიმატოვა, დარწმუნებული ვარ, შენს დედას შენ არ მიუტოვებიხარ. ხმადაბლა ეჩურჩულებოდა ნუკრს, ისიც წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა თავისი ექიმის ნებას. არც კი განძრეულა, მორჩილად აფახულებდა წამწამებს. სასიამოვნო სუნი ჰქონდა. აღარ კანკალებდა და თოვლისგან დასველებული ქათიბი რომ გაუშრა, უფრო ლამაზი გამოჩნდა, უფრო გაუღიავდა წაბლისფერი ბეწვი. ლილეს გული აუჩქარდა ისეთი ლამაზი იყო. შავ, აპრიალებულ ცხვირზე საჩვენებელი თითი ნაზად დაუსვა და მის შემკრთალ რეაქციაზე გაეცინა. დიასახლისი მალევე დაბრუნდა რძიანი ბოთლით ხელში, თავზე ყვითელი, დიდი ზომის საწოვარა წამოეგო და კეთილად იღიმოდა. -ამით ჩვენს ახალდაბადებულ ხბოებს ვაჭმევთ ხოლმე, ამასაც მოეწონება. -უთხრა და ლილეს გაუწოდა ბოთლი. -მშვენიერია... -გაუღიმა ლილემ, ლოყები ვარდისფრად უღუოდა ფეჩთან სიახლოვისგან, დანამული თმები მასაც ნუკრივით გაშრობოდა. -ძალიან კეთილი ხართ. ბექნუ რომ დავინახე, მეგონა მოკლა. -ბექნუ უდანაშაულოს არასდროს მოკლავს, შენ არ იცნობ და იმიტომ იფიქრე მასე. -თბილად გაუღიმა ქალმა. -ხო, მართალი ხართ... ასე არ უნდა მეთქვა... -დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ლილემ და ქალს თვალი რომ ვერ გაუსწორა, ისევ ნუკრს მიუბრუნდა. ცხვირთან ახლოს მიუტანა საწოვარა. პატარა არსებამ ჯერ დასუნა უცნობ ობიექტს, ყველა მხრიდან მოუარა, ბოლოს გაბედა და პატარა კბილები ზედ შემოაჭდო. ერთხელ მოსვა, მეორედაც და აღარ გაჩერებულა. ქალსაც და ლილესაც ერთდროულად გაეღიმათ და ერთმანეთს გადახედეს. -უკეთესად რომ გახდება, ტყეში გაუშვებთ? -ინტერესით მოავლო თვალი ოთახში ახლახანს შემოსულ ბექნუს, რომელსაც სანადირო იარაღი მოეშორებინა და დაჟინებით უყურებდა ხან ნუკრს, ხანაც - ლილეს. -რომ წამოიზრდება და მოძლიერდება, გავუშვებთ. ახლა მარტო ცოდოა, ვერ გაუძლებს და მგლების ლუკმა გახდება. -მშვიდი, გაწონასწორებული ხმით უპასუხა კაცმა. ლილეს ისეთი დაჟინებული მზერით ჩააშტერდა თვალებში, ქალმა თითქოს მზეს უყურებსო, თვალი ვეღარ გაუსწორა და მოარიდა. -დღეს კარგი ამინდია, თუ შესაძლებელი იქნება, მე წავალ, -გამოაცხადა, როცა ყველამ თავი მოიყარა საერთო ოთახში. მარიკა ძალიან გაერთო ოჯახის ახალი წევრით. -დღესაც რომ დარჩე? -თვალებით შეეხვეწა გოგო. -თუ შესაძლებელია და გზებიც გაწმინდეს, მირჩევნია, სახლში წავიდე. -უხერხულად შეიშმუშნა ლილე, პირდაპირ უარის თქმას ვერ ახერხებდა, თუმცა არც დარჩენისკენ მიუწევდა გული. ამ სახლში რატომღაც შერეულ განწყობებს გრძნობდა, ვერ ხვდებოდა რას გამოეწვია ეს აზრთა სხვადასხვაობა. ახლა ისედაც ურამრავი გაურკვეველი ქარტეხილის გამოვლა უწევდათ მის ფიქრებსა და შეგრძნებებს, აქ დასალაგებლად, გონზე მოსასვლელად ჩამოვიდა, ფიცხელიანების სახლში ყოფნა კი მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობას უმძაფრებდა. განმარტოება უნდოდა. მშვიდად, ყველასგან მოწყვეტა. -ბექნუ გამოგყვება. თუ საჭირო იქნება, ბუქსირზეც მოაბამს შენს მანქანას. -მშვიდად უთხრა ოჯახის უფროსმა. ლილეს კი გულზე მოეშვა, კალთაზე რომ აღარ დაუწყეს ქაჩვა. მართალია, იმ კაცთან ერთად სადმე წასვლა და მის იმედად ყოფნა დიდად ვერ ამშვიდებდა, რატომღაც დემეტრეს უფრო ენდობოდა, ვიდრე მას, მაგრამ აღარ დაუწუწუნია. უხმოდ დაუკრა თავი ბუდუს. -მარიკა, ჩემს ნომერს ჩაგაწერინებ. როცა მოგინდება დამირეკე. -თბილად გადაეხვია გოგონას. ყველას დაემშვიდობა. ნუკრს ცალი თვალი შეავლო, ტკბილად ეძინა, ზემოდან დიასახლისის მოტანილი შალის ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ეძნელებოდა მისი დატოვება, თუმცა თვითონ ხომ თან ვერ წაიყვანდა. ამ ზამთარში ვერ მოუვლიდა. ბექნუ წინ მიდიოდა, თოვლში ისე მიიკვლევდა გზას, როგორც ლილე ჩვეულებისამებრ უთოვლობის დროს. გეგონებოდათ, არანაირი წინააღმდეგობა ამ კაცს წინ არ ედგა მუხლამდე თოვლის სახით. ჭიშკართან მისულმა კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი მასპინძლებს და თავის მანქანაში ჩაჯდა. ბექნუ თავისი მანქანით წინ გაუძღვა. გზები გაწმენდილი არ იყო, მაგრამ გადაადგილება მაინც არ ჭირდა. ფიცხელიანის უზარმაზარი მანქანა გზას უკვალავდა და ესეც მორჩილად მიჰყვებოდა უკან. კიდევ კარგი, რომ მის გვერდით მჯდომს არ მოუწია მგზავრობა. სოფელში რომ შევიდნენ ლილეს ნაცნობი გზების და სახლების დანახვამ სასიამოვნო სევდა მოჰგვარა. აქაც, როგორც ფიცხელიანების სოფელში, ყველა სახლის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა, კოშკებიც ალაგ-ალაგ ამაყად იდგნენ თავიანთი პატრონების სადარაჯოზე. არც კი ახსოვდა, რომ აქაურობა ყველაფერზე მეტად უყვარდა. ვერც გაიაზრა როგორ გააჩერა ბექნუმ მანქანა და გადმოვიდა. თვითონაც კაცს მიბაძა. რა თქმა უნდა, მან ხომ არ იცოდა ზუსტად სად ცხოვრობდა ლილე. -დიდი მადლობა, ბექნუ. აქედან ჩემით წავალ. შორი არ არის. -სიმშვიდითა და მადლიერებით სავსე ხმით მიუგო ქალმა. ბექნუმ ისეთი თვალებით დახედა ზემოდან ლილეს, რომ მან თავი უეცრად იმ შვლის ნუკრად იგრძნო, ფიცხელიანების სახლში რომ დატოვა. რატომღაც ჩათვალა, რომ პატარა არსებაც ზუსტად მისნაირად გრძნობდა თავს, სანამ მგელი თავის ტორს წაკრავდა. -მამაჩემს პირობა მივეცი, რომ სახლამდე მიგიყვანდი. -მოუჭრა მკაცრად, ოდნავ უხეშადაც კი, -ამიტომ, მითხარი რომელია შენი სახლი და ჭიშკრამდე მიგიყვან. გზა გაკვალული არ არის და გაგიჭირდება. -ახლა გზა რომ გაიყოფა, მარცხნივ გადაუხვიე, მაქედან მესამე სახლია. -დამფრთხალმა უპასუხა და მაშინვე თავის მანქანაში ჩაჯდა ლილე. ათი წუთიც არ დასჭირვებიათ ჭიშკრამდე მისასვლელად. ლილეს ენა ჩაუვარდა, ლამის თოვლში ჩაფლული თავისი სოფლის სახლი რომ დაინახა. ეზოში შესვლაც კი შეუძლებელი იქნებოდა, თუ ვინმე გზას არ გაკვალავდა. ბექნუ მანქანიდან რომ გადმოვიდა, საბარგული გახსნა და ნიჩაბი ამოაძრო. ალბათ, იცოდა ასეთი მდგომარეობა რომ დახვდებოდა, ან ყველგან ნიჩბით დადიოდა. -ბექნუ, არ არის საჭირო, მე თვითონაც ვიზამ.... მაგრამ კაცს ხმა არ გაუცია, ისე დაიწყო სახლამდე გზის გაკვალვა. საკუთარი სახლის კარამდე მისასვლელი გზა ასეთი გრძელი და დაუსრულებელი ლილეს არასოდეს მოჩვენებია. მიუხედავად იმისა, რომ ფიცხელიანი საკმაოდ სწრაფად მიიკვლევდა გზას, ნერვები ეშლებოდა ლილეს, თვითონ რომ არ აძლევდა დახმარების უფლებას. ან რა უნდა გაეკეთებინა. როგორც იქნა, ბექნუ მორჩა საქმის კეთებას და ლილემაც გააჩხაკუნა გასაღები რკინის კარში. შიგნიდან დაბუდებული ხის და სიცივის სუნი შემოეფეთა სახეში. ფეხები დაიბერტყა კართან და კაცსაც თვალით ანიშნა შემოსულიყო, მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. ერთ ადგილას გახევებული იდგა და ლილეს უკან სახლში გაშტერებული იყურებოდა. ქალმაც უკან მიიხედა, რამე ისეთი ხომ არ დაინახაო, მაგრამ საეჭვო თვითონ ვერაფერი შეამჩნიე. -ბექნუ, შემოდი. ჩაის დაგალევინებ. -ზრდილობიანად მოიპატიჟა სტუმარი. -არ მინდა, -ცივად უპასუხა და ახლაღა გადაიტანა ქალზე მზერა ფიცხელიანმა. ლილეს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა, ვინ ამბობს მოპატიჟებაზე „არ მინდას“, შეიძლება თქვა, რომ გეჩქარება, ან საქმე გაქვს, მაგრამ „არ მინდა“ ყველაზე მეტად მოულოდნელი პასუხია მასპინძლისთვის. -რატომ? რა მოხდა? გაიყინები, შემოდი. -სახლში შემოსვლა არ მინდა, ლილე. -მკაცრად უპასუხა, -შენს სახლში შემოსვლა არ მინდა. -რატომ, კი მაგრამ? ცეცხლს ახლავე ვერ დავანთებ, ჯერ შეშა უნდა მოვიტანო, სანამ გაშრება და ჩაის ავადუღებ, მანამდე დარჩი... -ლილე, ჩვენ გულით მიგიღეთ და გიმასპინძლეთ დემეტრეს უვიცობის გამო. მან არ იცის ვინ ხარ, სახლში ამიტომ შემოგიპატიჟა. ჩვენ კი უკვე მოსულ სტუმარს სახლიდან პატივისცემისა და დახმარების გარეშე არ გავუშვებთ, მაგრამ მე შენს სახლში არ შემოვალ. -მოიცა, შენ მიცნობ? -თვალები იმაზე მეტად გადმოეკარკლა ქალს, ვიდრე წეღან, როცა უარი მიიღო პასუხად ბექნუსგან, -რას ნიშნავს დემეტრემ არ იცის ვინ ვარ. შენ იცი? მე პირველად გხედავ! -შენ მხედავ პირველად, მაგრამ მამაჩვენები იცნობდნენ ერთმანეთს ძალიან კარგად. -ცივად მოუჭრა კაცმა და ლილესაც გულ-მუცელში უსიამოვნო, გულისრევის შეგრძნება აუბუყბუყდა. გული ცუდის მოლოდინმა აუჩქარა. -მამას არასოდეს უხსენებიხართ... -ძლივს მოიბრუნა ენა პირში. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის. -არც უნდა ვეხსენებინეთ და იმიტომ, მაგრამ როგორღაც მოახერხე და შენ შენი ფეხით მოგვადექი კარზე. -ესღა თქვა და უკან გაბრუნდა. ლილემ უცებ ჩაავლო ხელი მკლავში რომ გაეჩერებინა. ასეთ გაუგებრობაში ამ სახლში მარტო დარჩენას ნამდვილად არ აპირებდა. რას ბოდავდა ეს ადამიანი. -მოიცადე! -რაც შეეძლო მაგრად ჩაავლო ქურთუკში ლილემ, გულთან უსიამოდ გაკენწლა კაცის შავ თვალებში ბრაზმა და ზიზღმა რომ ერთდროულად გაიელვა, მაგრამ არ გაჩერებულა. -რა აკავშირებთ მამაჩვენებს ერთმანეთთან, ან მე რა შუაში ვარ... -მტრობა. -მკაცრად მოუჭრა ბექნუმ და მკლავი ხელიდან გამოგლიჯა ლილეს, რომელმაც დაბნეულობისგან უკან დაიხია. -ამაზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. დემეტრემ არაფერი იცის, არც მარიკას დაელაპარაკო. ჩვენს შორის არანაირი კავშირი არ უნდა არსებობდეს და ნუ ეცდები, უხილავი ძაფები გააბა. დაივიწყე, რაც მოხდა და შენი ცხოვრება გააგრძელე. გახევებულ ლილეს თავში ერთი და იგივე სიტყვები უტრიალებდა: „მამაჩვენები იცნობენ“, „მტობა“, „დემეტრემ არ იცის ვინ ხარ“... ვერც დემნას წასვლა გაიგო, ვერც მისი მანქანის ხმა და ვერც ის, როგორ შემოათრია სახლში თავისი ხელით ნესტიანი, გაყინული ხის ნაფოტები ბუხრის დასანთებად. საიდან უნდა ჰყოლოდა მამამისს მტრები, მით უმეტეს აქ. ყველას უყვარდა, ყველას პატივს სცემდა, და რაც მთავარია, თითქმის ოცდაათი წელია აქ აღარ ცხოვრობს. ალბათ, რამე ეშლებოდათ ფიცხელიანებს. შეიძლება სხვა დაშნიანებთან ჰქონდათ პრობლემები. მაგრამ როგორ უნდა გაერკვია კი სიმართლე ლილეს? მამამისს აქედან ვერ დაელაპარაკებოდა, მოუწევდა, ეღიარებინა რომ მათი პოტენციური „მტრების“ სახლში გაათენა ღამე. სიმართლეს სავარაუდოდ,არც არავინ ეტყოდა, თუ არსებობდა რამე, რაც იმ შეშლილი მთის კაცის სიტყვებს ახსნიდა. ნეტავ, საერთოდ არაფერი ეთქვა და ნეტავ, საერთოდ არ წამოსულიყო აქ ლილე. სახლი რომ გათბა, ნივთების ამოლაგებას შეუდგა. ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა, გონება ხან ერთ მხარეს გაურბოდა, სადაც გაგა და მისი საყვარელი დაბუდებულიყვნენ, ხან მეორე მხარეს, სადაც ფიცხელიანების და თავისი ოჯახის აუხსნელი მტრობა ბინადრობდა. ხვდებოდა, რაც უფრო ღრმად შედიოდა ფიქრებში, მით უფრო მეტ ნაწილად იშლებოდა მისი გონება და ბოლოს გაწყვეტილი ყელსაბამის მარგალიტებივით იბნეოდა ირგვლივ. ბოლოს ერთი იდეით სახეგაბრწყინებულმა ძველი სურათებისა და ნივთების ყუთს დაავლო ხელი, ბავშვობაში მამასთან ერთად რომ ათვალიერებდა ხოლმე, იქნებ, აქ მაინც ვიპოვო რამე ხელჩასაჭიდიო. დივანზე კომფორტულად მოკალათდა და მტვრიანი ყუთი მის წინ მაგიდაზე დაახეთქა. მტვერი გადაწმინდა და სურათები ამოალაგა. ახალი ვერაფერი შენიშნა. ყველგან მამამისი, ბაბუამისი და ხანაც მისი გარდაცვლილი მამიდა - ლილე, რომლის სახსოვრადაც მამამ შეარქვა სახელი, ჩანდნენ. აქა-იქ ბებიაც ჩანდა, მეზობლები... შორეული ნათესავები... ბევრი სურათი ისედაც არ ჰქონდათ, განა სად იყო მთაში ხშირად პოზიორობის ან ფუფუნება, ანაც სურვილი. აქ სურათებს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს იღებდნენ. ყუთის კუთხეში ჩაჭუჭყნული ფოტო, რომელსაც ნახევარი ფაქტობრივად მოხეული ჰქონდა, ძლივს ამოაძვრინა. მამიდამისი, რომელსაც ასე ძალიან ჰგავდა ლილე, ვიღაცის გვერდით უნდა მდგარიყო, მაგრამ კარგად არ ჩანდა, ვინ იყო. გაცრეცილი ჭუჭყშეპარული სურათი ამოატრიალა ლილემ და გაკრული ხელით, გადღაბნილი წარწერა ძლივს გაარჩია. „ლილე ზურაბის ასული დაშნიანი.... ანთან ერთად ...980 წ“ ნაწერის ნახევარი, როგორც ჩანს მოგლეჯილ მეორე ნაწილზე ინახებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.