შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შაქრის ციებ-ცხელება (ნაწილი-1)


13-03-2023, 11:46
ავტორი აირ ისი
ნანახია 4 328

2021 წელი . . . 20 დეკემბერი . . .


საღამო ხანი იდგა. ქალაქის უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი ხალხით იყო გადაჭედილი. ყოველ კუთხესა თუ კუნჭულში შეინიშნებოდა ხმაურიანი ფუსფუსი. ესკალატორები განუწყვეტლივ მოძრაობდნენ ზემოთ და ქვემოთ. სპეციალურად ჩაწერილი ხმა, ხუთ წუთში ერთხელ აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრში შემოსული ადამიანებისთვის და მათ გვერდით მყოფების უსაფრთხოებისთვის, სავალდებულო იყო პირბადის ტარება, ხოლო დაცვის თანამშრომლები, ანტენიანი რაციებით ხელში დააბიჯებდნენ და შიგადაშიგ, ერთმანეთს ამ უკანასკნელის საშუალებითაც ეკონტაქტებოდნენ.

სავაჭრო ცენტრის მეორე სართული, თითქმის მთლიანად ბრენდული ტანისამოსის მაღაზიებს ჰქონდათ დაკავებული. ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში -წარწერით „New World“, ოთხმოცდაათ პროცენტიანი ფასდაკლება გამოცხადებულიყო, წინასაახალწლოდ. ამ „მეტად სასიხარულო ამბის“ გამო, ხალხი იქაურობას ისე შესეოდა, კონსულტანტ გოგონებს სამი პირბადე ერთდროულად ჰქონდათ ცხვირ-პირზე მორგებული, რათა შემთხვევით, რომელიმე კლიენტისგან არ დაინფიცირებულიყვნენ.

გარშემო, სალარო აპარატების წრიპინის, ჩეკების ამორტყმისა და ვირუსისგან თავდასაცავ პრევენციულ ზომებზე საუბრის ხმები არ წყდებოდა. წინასაახალწლო განწყობა, უკვე შემოსულიყო ადამიანთა გულებში და ეს, ბრჭყვიალა, ირმებიანი აბადოკებითა და ფერადი წვიმებით ხელში მორბენალ ბავშვებსაც ეტყობოდათ.

მაღაზია „New World“-ის კაბების სექციასთან, სადაც ყველაზე ნაკლებად შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, სხვა ადამიანებთან ერთად, ზუსტად ერთნაირ სპორტულ სამოსში გამოწყობილი ორი გოგონაც ჩამომდგარიყო. მათ ტანსაცმელს შორის, განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ შეფერილობა იყო –ერთი საკმაოდ ღია ფერისა გახლდათ, ხოლო მეორე კი, შავი, ზუსტად ისე, როგორც გოგონას თმის ტონალობა.

-არა რაა, მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ამ კაბაში მთელი ორასი დოლარის გადახდა არ ღირს -ჯერ კიდევ ეჭვით უყურებდა შავთმიანი გოგონა –წითელი ფერის, ოდნავ ზურგამოღებულ კაბას, რომელიც მართალია უზომოდ მოსწონდა, თუმცა ის ფაქტიც აფიქრებდა, რომ ორასი დოლარით, დაახლოებით ერთი თვე შეეძლო თავის გატანა.

-მოკლედ, ყველაფერზე იმდენ ხანს გიყვარს ფიქრი, შენს მაგივრად ტვინი მე მეღლება ხოლმე -თვალების ტრიალით გაეპასუხა მას, გვერდით მდგომი ქერათმიანი -იცი კოკო შანელმა რა თქვა? რაც სხეულზე კარგად გადგას, ის ტანისამოსი მაღაზიაში არაფრით არ უნდა დატოვოო

-ეგეთი რამე კოკო შანელს არასდროს უთქვამს ლალიტა

-კარგი ჰო, არ უთქვამს, მაგრამ აღიარე, რომ ბრძნულად ჟღერდა -კაბების თვალიერება დროებით შეწყვიტა და პასუხის მოლოდინში სახეში შეხედა თანამოსაუბრეს.

-ახლა მხოლოდ ერთი რაღაც ჟღერს ბრძნულად -თუკი ტ*აკს არ დავაყენებთ, ბინის პატრონი, ქირის გადაუხდელობის გამო გაგვაპანღურებს იქედან

-აუ ნატალი, გეფიცები, ბავშვობის მეგობარი რომ არ იყო, ადგილზევე მიგახრჩობდი ეგეთი მჟავე ხასიათის გამო -მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ამის თქმისას გოგონამ -სულ რაღაც ოცდაექვსი წლის ხარ, ამიტომ, ხანდახან რისკზე წასვლის ფასადაც კი უნდა ასიამოვნო საკუთარ თავს

-შენთვის მარტივია ეგეთი რამის თქმა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროების ქსელის მფლობელი და თითქმის როკფელერობამდე გაქაჩული ტიპი შენი საყვარელია და თუკი ფინანსური კუთხით საფრთხე დაგემუქრ . . .

-არ დაასრულო ეგ წინადადება! -ხელის აწევითა და მეტად მკაცრი მზერის თანხლებით გააჩერა ლალიტამ მეგობარი -შენ ყველაზე კარგად იცი, რომ ცხოვრებაში ერთი თეთრიც არ მითხოვია დანიელისთვის. ვერ ვიტან მამაკაცის კმაყოფაზე მცხოვრებ მატერიალისტ ქალებს!

-ჰო, ვაღიარებ ეგ თვისება შენში ძალიან მომწონს, თუმცა შენი და მაგ ბიჭის ურთიერთობის სიღრმეებს ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის ერთი წელია ხვდებით

-რას ვერ ჩაწვდი? -ხელში აღებული კაბა, საწყის ადგილას დააბრუნა თუ არა, სიცილით მიუტრიალდა მეგობარს -ერთმანეთს მხოლოდ სექსისთვის ვიყენებთ. მისგან არც ფინანსური დახმარება მჭირდება და არც ცოლად მოყვანა. სიყვარული, ოჯახი და მსგავსი რამები, საჩემო ნამდვილად არ არის. ეგეთ სიყალბეში სხვამ იცხოვროს.

-სიყალბეში რას გულისხმობ?

-იცი მაინც რამდენი ცოლიანი კაცი მწერს სოციალურ ქსელში? -იმედგაცრუება იგრძნობოდა იმ მომენტში როგორც ლალიტას ტონში, აგრეთვე გამოხედვაშიც -ამას ისეთები აკეთებენ, ვისზეც ვერც კი წარმოიდგენ, რეალურად კი სხვა ქალებისთვის თავიანთი სანაქებო პ*ნისის სურათების გაგზავნით არიან დაკავებულები

-ჰოო, ეგ მართლაც ტეხავს

-მხოლოდ ტეხავს?! ეს გულისამრევია ნატალი -ზიზღმა დაისადგურა გოგონას თვალებში იმ წამს -ხანდახან ღებინების შეგრძნებაც კი მიჩნდება, როცა ამ სიყალბეს ვუყურებ. მხოლოდ ის მახარებს, რომ მაგ „სასტავს“ ოდნავადაც არ ვგავარ. უბრალოდ თავისუფლად ვცხოვრობ, გვერდით საინტერესო მამაკაცი მყავს, მაგრამ მის წინაშე არანაირ ვალდებულებას არ ვკისრულობ და ეს ორივემ მშვენივრად ვიცით, ჩვენი ურთიერთობის საწყისი ეტაპიდანვე

-სხვათა შორის, თქვენს ურთიერთობას რომ რამე სახელს არქმევდეთ, ძალიან ლამაზი წყვილი იქნებოდით. ბავშვებიც საოცარი გეყოლებოდათ

ლალიტას ჩაეცინა.

-მაგაზე ლაპარაკს, ჯობია ის მითხრა მაგ კაბას რას უპირებ -თემის ამ კუთხით წარმართვა რომ არ მოეწონა, საუბარიც სხვა მიმართულებით წაიყვანა -ბოლო-ბოლო ყიდულობ, თუ აქ დატოვებ, მანეკენს რომ არ შესცივდეს? გაითვალისწინე, ამხელა ფასდაკლება სხვა დროს აღარ იქნება

-კარგი, კარგი, ჯანდაბას შენი თავი, ვიყიდი! -საბოლოოდ მაინც დანებდა და სურვილების ტყვეობაში მოქცევა ამჯობინა ნატალიმ -მცირედი დანაზოგი ისედაც მაქვს, თვის ბოლოს ახალ სამსახურშიც ავიღებ ხელფასს და რამეს ვიზამ

-აუ, ისე რა მაგარია ერთად რომ ვმუშაობთ

-ჰო, ძალიან -არჩეული კაბა სალაროსთან მიიტანა, რიგში ჩადგა და საკრედიტო ბარათი გაამზადა გადასახდელად -ასე ვთქვათ ნატვრა ავიხდინე, რადგან ინტერნეტ-ჟურნალში მუშაობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და იმედი მაქვს, ოდესმე რომანებსაც დამიბეჭდავენ

-გამოფხიზლდი ნატალი! შენ იქ მოდის სიახლეებზე უნდა წერო. რომანებს რაც შეეხება, ეს მოვალეობა მთლიანად მთავარი რედაქტორის ხელშია და არა მგონია შენს ნაწერებს დღის სინათლეზე გასვლის უფლება მისცეს

-ჰო, მაგრამ თუკი სენსაციას მოვახდენ, ესეც შესაძლებელი გახდება -იმედის ოკეანე იღვრებოდა ნატალის მზერიდან იმ წამს -ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ჟურნალის რეიტინგია?

-და მაგ სენსაციის მოხდენას როგორ აპირებ? -ინტერესით ჩაეკითხა ლალიტა, თან ცნობისმოყვარედ შეანათა თავისი სალათისფერი თვალები

-იცი რომანის სტილის ნაწარმოები ყველაზე ორიგინალური რა შემთხვევაში გამოდის?

-რა შემთხვევაში?

-მაშინ, როდესაც მისი მთავარი გმირი თავად ხარ, თან შენს ცხოვრებასა და პირად ემოციებს ასახავ -თქვა თუ არა, სალაროსთან მისი რიგიც მოვიდა და სახეში შეუხედავად დაუდო კონსულტანტ გოგონას დახლზე თავისი შენაძენი, რათა ამ უკანასკნელს კონტროლის ღილი მოეხსნა, სპეციალური აპარატით -ასეთ შემთხვევაში მეტად გულწრფელი ხარ. მოვლენებიც და განცდებიც ჩვეულებრივზე კარგადაა აღწერილი

-ჰოო, ეგ მშვენიერი აზრია, მაგრამ ერთი რამ გავიწყდება ¬–პირადი ცხოვრება არ გაქვს და ბოლოს, ოცი წლის ასაკში გყავდა შეყვარებული, თუ მაგ ნეანდერტალელს შეყვარებული ერქვა რა თქმა უნდა. აი, მისი ხისთავიანობა კი არა მგონია მკითხველისთვის საინტერესო თემატიკა იყოს

ნატალის ნაღვლიანად ჩაეცინა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ საკმაოდ დიდი, უფრო კონკრეტულად კი –ექვსი წელი იყო გასული, მაინც მტკივნეულად სწიწკნიდა გულს თავისი წარსულის ამ მონაკვეთების გახსენება და არ იცოდა, კიდეევ რამდენ ხანს დარჩებოდა ყოველივე ეს მოუშუშებელ იარად.

-ვიცი და სწორედ ამიტომ ვაპირებ ახლა შევქმნა ჩემი ისტორია -განაცხადა მან თავდაჯერებულად. იმ მომენტში, სულაც არ ადარდებდა მათ საუბარზე მოყურადებული კონსულტანტი, ვისაც აშკარად ეტყობოდა, რომ გოგონების ნალაპარაკებიდან ერთი უბრალო ბგერაც არ გამორჩენოდა.

-მოკლედ, ქათამსაც კი შენზე მეტი ტვინი აქვს ნატალი! აპირებ ვინმესთან შეხვედრა მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ მერე ამაზე სულელური რომანი ააგო? ასეთი რა მოგაწევინეს?

-ახლა უკვე ტვინს ბურღავ!

-არ თქვა, რომ კანდიდატიც არჩეული გყავს

-რა თქმა უნდა მყავს -ღიმილით ჩამოართვა კონსულტანტს მაღაზიის სახელწოდების წარწერის მქონე, ქაღალდის პარკში ჩადებული კაბა და მეგობართან ერთად, ამაღლებული განწყობით დაიძრა გასასვლელი კარისკენ.

-მეტყვი ვინ არის?

-დამალვას რა აზრი აქვს? ოდესმე ხომ მაინც გაიგებ?

-ჰოდა თქვი, ნუ დამმართე ნერვოზი ოცდაექვსი წლის ასაკში!

-კარგი, კარგი -ჩაეცინა, თან ხელკავიც გამოსდო მასზე მოშტერებულ ლალიტას -მოკლედ, ჩემი საცდელი ობიექტი, შენი, უფრო სწორად ჩვენი თანამშრომელი, სებე ანჯაფარიძეა

-სებე?! -ლამის ორი ზომით გაუდიდდა თვალები გოგონას -სებეს საცოლე ჰყავს და ეს შენც მშვენივრად იცი

-მერე რა? მთელი ოფისის გოგონები იმაზე საუბრობენ, რომ ერთმანეთისადმი ცერცვის მარცვლისოდენა გრძნობაც არ აქვთ. ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ ქორწინდებიან? -თქვა თუ არა, პირბადე სულ ოდნავ ჩამოიწია ცხვირზე, რადგან უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა და საუბარიც ისე განაგრძო :-კიდევ ერთი რამის გამო ავარჩიე სებე –სხვების მსგავსად არასდროს უცდია ჩემი ყურადღების მიქცევა. მზერაც კი არ შემიმჩნევია ისეთი, რაც მაგრძნობინებდა, რომ როგორც ქალი ვიზიდავ. ერთ შეხედვაზეც ეტყობა, როგორი მაღალი დონის ტიპიცაა და ისიც, თუ რა რთული იქნება მისი საწოლში შეთრევა. მაგრამ ეს უკეთესიც კია. რაც უფრო დიდია ცეცხლის ალი, მასთან თამაში უფრო აზარტულად მეჩვენება.

-შეშლილი ხარ!

-ვითომ რატომ? -მხიარულად გაეცინა მეგობრის სიტყვებზე გოგონას -სწორედ ასეთი ადამიანი მესაჭიროება – ვნება მჭირდება, ცეცხლი და მამაკაცი, რომელიც ჯიუტი და მიუწვდომელია. სებე, ყველა ამ კრიტერიუმს ზედმიწევნით აკმაყოფილებს.

ლალიტა გაკვირვებული უსმენდა თითოეულ მის სიტყვას. რაღაც მხრივ, არც კი სჯეროდა, რომ ნატალისგან ეს ყველაფერი ესმოდა. თითქოს სრულიად უცხო ადამიანი ელაპარაკებოდა და არა ის, ვისაც მთელი ოცდაოთხი წლის განმავლობაში იცნობდა.

-ხვდები, რომ ახლა სებესა და მისი საცოლის ურთიერთობას უქმნი საფრთხეს? -წარბების აწევით ჰკითხა მან -მნიშვნელობა არ აქვს ერთმანეთის დანახვისას პულსაცია უჩქარდებათ თუ არა, შენს საქციელს მაინც სასიყვარულო სამკუთხედში გახვევა ჰქვია და მეტი არაფერი.

-კარგი რაა, ადამიანები ამაზე გაცილებით უფრო ცუდ რამებსაც აკეთებენ. ეს, იმ ყველაფერთან შედარებით ზღვაში წვეთია -თავდაჯერების მკვეთრად მანათობელი სხივი ჩაუდგა თვალებში ამის თქმისას, თან კიდევ ერთხელ გაეცინა გვერდით მდგომი ლალიტას გაოცებულ მზერაზე -ეგრე ნუ მიყურებ. დასახული მიზნებისთვის ბრძოლაში, ყველა ხერხი გამართლებულია. ისეთ გიჟურ რამეს ვგეგმავ, ზუსტად ვიცი მაგრად გავერთობი და ჩვენს დინჯ, სერიოზულ სებესაც წამოვაგებ ანკესზე

-მართალი გითხრა თავი გაქვს დაკარგული -ქვემოთ ჩასასვლელ ესკალატორზე შედგა უიმედოდ ხელჩაქნეული ლალიტა და ამჯერად უხმოდ განაგრძო ოცნებების სამყაროში სამოგზაუროდ წასული ნატალის გამომეტყველებაზე დაკვირვება.


* * *
ოდესმე, ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც ბავშვობის ასაკიდან გამოდიხარ, ზურგზე დაწოლილ იმ პასუხისმგებლობებს გრძნობ, რომელიც ასაკის მატებას ახლავს თან და აცნობიერებ, თუ რა უდარდელი, ლამაზი და თავისუფალი იყო ცხოვრების ის პერიოდი, ადამიანები რომ „ბავშვობად“ მოიხსენიებენ. ასეთ დროს ხვდები, რომ ის ბარტყი აღარ ხარ, ვისთვისაც დედას ნისკარტით მოაქვს საჭმელი და საკვების საძებნელად, თავად გიწევს ველურ ბუნებაში გასვლა.

ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე, ზუსტად ერთდროულად –თვრამეტი წლის ასაკში გადავიდნენ ნატალი და ლალიტა. გოგონები ღრმა ბავშვობიდან, მეტიც, ორი წლიდანაც კი მეგობრობდნენ და ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც არ ახსენდებოდათ. უნივერსიტეტში, კერძოდ კი, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ, გოგონებმა ერთდროულად დატოვეს თავიანთი სახლები, დაემშვიდობნენ მშობლიურ ქალაქს და ორივენი დედაქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. სრულწლოვნების ასაკს მიღწეულები, მშობლებისგან ერთ თეთრსაც კი აღარ ღებულობდნენ. სწავლის პარალელურად, ნახევარ განაკვეთზეც მუშაობდნენ და თავიანთ ცხოვრებას ბოლომდე თვითონ აფინანსებდნენ, ყოველგვარი ზედმეტი პირის ჩარევის გარეშე.

მშობლიური სახლის დატოვების მიზეზი, მხოლოდ უნივერსიტეტი და დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი არ გამხდარა გოგონებისთვის. მათ ამ გადაწყვეტილებაზე, მთავარი გავლენა მაინც ოჯახში შექმნილმა რთულმა სიტუაციამ ითამაშა. ვინაიდან, ნატალისა და ლალიტას მამები ძალიან ახლო მეგობრებად ითვლებოდნენ და საერთო ბიზნესს უდგნენ სათავეში, ხსენებული ბიზნესის ჩავარდნისგან გამოწვეული უზარმაზარი ვალების დადება, ორივე ოჯახზე ერთნაირად აისახა. აღნიშნული მიზეზის გამო, ოჯახის უფროსებმა გამოსავალი ალკოჰოლში ჰპოვეს და ყოველდღიური სმა დაიწყეს. ამას ცოლთან და შვილებთან მოჰყვა პრობლემები, ხსენებული პრობლემები, ერთ დღეს, ორივე ოჯახისთვის გადაიზარდა მუდმივ დაძაბულობაში და შექმნილმა გაუსაძლისმა მდგომარეობამ გოგონებიც აიძულა მშობლებისგან დამოუკიდებლად, თავიანთი სახსრებით ერჩინათ საკუთარი თავები.

სტუდენტობის პერიოდი მუშაობაში, საერთო ხარჯებით ბინის ქირის გადახდასა და სწავლაში გაატარეს გოგონებმა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ნატალიმ სკოლას მიაშურა სამუშაოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თუმცა მხოლოდ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნულ სფეროში, მიუხედავად კარგი ანაზღაურებისა, თავს ზედმეტად არაკომფორტულად გრძნობდა. სწორედ ამიტომ, სკოლის მიტოვების შემდეგ, ლალიტას წყალობით აიყვანეს იმ ინეტერნეტ-ჟურნალის რედაქციაში, სადაც თავად უკვე წლების განმავლობაში მუშაობდა ლალიტა, მთავარი რედაქტორის თანაშემწედ.

სტუდენტობიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, გოგონები ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდნენ და საერთო ბინას ინაწილებდნენ. ოჯახის წევრებსაც კი იშვიათად ეკონტაქტებოდნენ და მხოლოდ ერთმანეთი მიაჩნდათ ისეთ ადამიანებად, ვისაც რთულ სიტუაციებში საიმედო საყრდენად გამოიყენებდნენ.

საღამო ხანი იყო . . .

გარეთ ნელ-ნელა ბნელდებოდა და ნაცრისფერი ტონალობის ცის კაბადონზე, თანდათანობით სიშავე იკავებდა დომინანტის სტატუსს. ახლად ნაწვიმარ ტრასაზე მოსიარულე მანქანებს, სამზარეულოს ფანჯრის გამჭვირვალე მინიდან, მოკლე, ლურჯ მაისურსა და ამავე ფერის ტრუსებში გამოწყობილი გადაჰყურებდა ლალიტა, თან აუჩქარებლად სვამდა თითებს შორის მოქცეული ფიჯნიდან უშაქრო, ოდნავ შეგრილებულ ლატეს. რაც შეეხება ნატალის, ეს უკანასკნელი, უკვე ოცი წუთი იყო, რაც სააბაზანოში შეკეტილი იღებდა ცხელ შხაპს, ორსაათიანი, დამღლელი შოპინგის შემდეგ.

იმის გამო, რომ აღნიშნულ მომენტში სრულიად მარტო იყო, აბსოლუტურ მდუმარებაში ჩაძირულიყო ლალიტა. მის ირგვლივ ჩამოვარდნილ სიჩუმეს მხოლოდ კედლის საათის რიტმული წიკწიკი უცხადებდა ბრძოლას და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ, ისრების წიკწიკს, ფანჯრის რაფაზე დადებული ტელეფონის ვიბრაცია არ შეერწყა, შეტყობინების მოსვლა რომ აუწყა გოგონას. SMS-ის ავტორი დანიელი იყო და როგორც ჩვეოდა, ლაკონურად სწერდა, რომ იმ საღამოს მასთან შეხვედრა სურდა. რა თქმა უნდა, თავადაც რაღაც მსგავსს ელოდა, მაგრამ წაიკითხა თუ არა ეკრანზე გამოსახული ტექსტი, უჩვეულო სიხარული, თითქოს დამცავი ფარივით შემოერტყა გარს მთელ სხეულზე. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი ურთიერთობა, დანიელთან ყოფნა მუდამ თავისუფლების შეგრძნებას იწვევდა ლალიტაში და მასაც სწორედ ეს სჭირდებოდა სრული ჰარმონიისათვის.

გოგონამ ტელეფონი კვლავ ფანჯრის რაფაზე დააბრუნა და ღრმად ამოისუნთქა. ვინაიდან იმ დღისთვის სხვა გეგმები არ ჰქონდა და არც ნატალისთან ერთად აპირებდა გასართობად წასვლას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე თავისუფალ საათებში, გადაწყვიტა საღამო სახლის გარეთ გაეტარებინა და დანიელის წინადადებას დათანხმებოდა. ასეც მოიქცა –როგორც კი ტელეფონი კვლავ ხელში აიღო, შეტყობინებას მხოლოდ ერთი თანხმობის სიტყვით უპასუხა და კვლავ წვიმის წვეთებით დანამული ფანჯრის მიღმა გაიხედა. მოგონებები თითქოს შტორმისგან აზვირთებული ოკეანის ტალღასავით მოაწყდა მის გონებას . . . ის ღამე გაახსენდა, როდესაც დანიელს პირველად შეხვდა . . .

ოცდაათი დეკემბერი იყო. ზუსტად ღამის თერთმეტი საათი. საახალწლო ტკბილეულითა და პატარა ტორტებით დატვირთული ლალიტა, საკონდიტრო მაღაზიასთან დაყენებული თავის მანქანაში, მუყაოს ყუთებს გაჭირვებით ტენიდა, თან გულში განუწყვეტლივ ლანძღავდა ნატალის, ვინც მისთვის საყიდლებზე გაყოლას, სახლში ჯდომა და საახალწლო ფილმების ყურება ამჯობინა.

ქუჩაში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ხეებს მახრჩობელა გველივით შემოხვეოდა გარს, ოქროსფრად მანათობელი, ლამაზი საახალწლო ნათურები. ლამპიონებზე, აბრჭყვიალებული ბურთები და ვარსკვლავები ეკიდა, ხოლო საკონდიტროს წინ მდგომი პატარა ნაძვის ხე, თითქოს გვირგვინად ადგა იმ პატარა ქუჩაზე თავმოყრილ სადღესასწაულო მორთულობებს.

ლალიტამ ცალი ხელით, თავზე მორგებული შალის ქუდი გაისწორა და როგორც იქნა დაასრულა ავტომობილის უკანა სავარძელზე ტკბილეულის ყუთების დალაგება. გარეთ იმდენად ციოდა, გოგონას პირიდან გამოვარდნილი ჰაერი ნისლივით იფანტებოდა სივრცეში და წამებში, ბერმუდის მისტიურ სამკუთხედში მოხვედრილი მფრინავი ობიექტივით უჩინარდებოდა.

საკონდიტროს პირდაპირ, გზის მეორე მხარეს, წითელი წარწერით განათებული ბარი მდებარეობდა, სახელწოდებით – "De Ja Vu". მანქანაში ჩაჯდომამდე, ლალიტამ სწორედ ამ დაწესებულების აბრას შეავლო თვალი და ის-ის იყო საჭეს მიუჯდა, რომ მისი ყურადღება სწორედ ამ ბარიდან გამოვარდნილმა უცნაურმა ხმაურმა გაფანტა.

ერთი შეხედვით საგანგაშო არაფერი იყო. დაწესებულების შესასვლელ კართან შუა ხნის, ოდნავ თმაშევერცხლილი დაცვის თანამშრომელი იდგა, პატარა რაციით ხელში, თუმცა თუკი ამ ადამიანს კარგად დააკვირდებოდით, მის სახეზე მეტად ბრაზიან გამომეტყველებასაც შენიშნავდით, რომელიც პირდაპირ იმ პიროვნებისკენ იყო მიმართული, რომელიც იმ წამს, ასფალტზე ზურგით ეგდო და იდაყვებზე წამოწეული, უშედეგოდ ცდილობდა ფეხზე წამოდგომას, თან თავისთვის რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებდა.

-დღეიდან გეცოდინება, რომ ასეთ დაწესებულებებში არც ჭიქები უნდა დალეწო და არც სხვა კლიენტები დაალურჯო შენი პირადი პრობლემების გამო! -ჰარმონიულად შეერწყა აქეთ-იქით მოსიარულე მანქანების ხმას, ბართან მდგომი დაცვის თანამშრომლის ბრაზიანი ტონი, რამაც უფრო მეტად მიმართა ლალიტას ყურადღება ასფალტზე წაქცეული მამაკაცისკენ. ამ უკანასკნელს, ტანზე საკამოდ დახვეწილი სპორტული სამოსი ეცვა და ქურთუკიც სწორედ ამ სპორტულების შესაბამისი—რუხი ფერისა მოერგო. ლამპიონების განათების ფონზე, მისი სახე ზედმეტად აშკარად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩანდა და ეს განათებაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა გოგონა მიმხვდარიყო, რომ მამაკაცი უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ მომენტში. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა გამხდარიყო დაცვის თანამშრომლის მიერ, ამ ადამიანის ბარიდან გამოგდების მიზეზი, თუმცა თავის ვარაუდში საბოლოოდ დასარწმუნებლად, ლალიტა "ინციდენტის" ადგილს ოდნავ მიუახლოვდა და სანამ შუა ხნის, რაციით ხელში მდგომი კაცი კვლავ შენობის კარის მიღმა გაუჩინარდებოდა, მანამდე მოასწრო ენაზე მომდგარი შეკითხვის ხმამაღლა გაჟღერება:

-ასე კარტოფილის ტომარასავით რატომ მოისროლეთ? რამე დააშავა? -ხან ძირს დაგდებულ ადამიანს უყურებდა ამის თქმისას, ხან რაციით ხელში მდგომ მამაკაცს, ჯერაც რომ არ გაქრობოდა სახიდან ბრაზის გამომხატველი მიმიკები.

-და თქვენ ვინ ბრძანდებით?! მისი ახლობელი ხართ?!

-არა, უბრალო გამვლელი ვარ

-ჰოდა თუ უბრალო გამვლელი ხართ, თქვენს საქმეს მიხედეთ გოგონა, მისნაირ უსაქმურ ლოთებზე კი დროს ნუ დაკარგავთ!

მეტად სიტყვაც კი აღარ დაუძრავს დაცვის თანამშრომელს. აღარც ლალიტას გასჩენია სურვილი მისი გაცოფებული სახის ყურების და მასთან დიალოგის გაგრძელების. პირიქით, როცა მამაკაცი კვლავ შიგნით —ბარში შებრუნდა, შვებაც კი იგრძნო და ამჯერად უკვე თამამად მიუახლოვდა ასფალტზე საცოდავად დაგდებულ უცნობს, ვისაც ბევრი მცდელობის მიუხედავად, მაინც არ გამოსდიოდა ფეხზე დამოუკიდებლად წამოდგომა.


პირველი შეხედვიდანვე აშკარა გახდა, რომ მამაკაცი დაახლოებით ოცდაშვიდიდან ოცდაათ წლამდე იქნებოდა. ღია ფერის თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი. ოდნავ მორკალული წარბები, მის სახეს მკაცრ შესახედაობას აძლევდა, სწორი ცხვირი და ლამაზი მოყვანილობის, ზომიერად სავსე ტუჩები კი მეტად სასიამოვნოს ხდიდა ამ ადამიანის ვიზუალურ მხარეს.

მიუხედავად ამისა, სიმპათიის შეგრძნება ნამდვილად არ გახლდათ ის, რასაც ლალიტა იმ წამს განიცდიდა თავისთვის უცნობი პიროვნების მიმართ. რამდენად მაცდურიც არ უნდა ყოფილიყო მამაკაცის გარეგნული მახასიათებლები, იგი მისთვის მაინც ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი გახლდათ, ვინც მოცემულ მომენტში, ასფალტზე უკანასკნელი მაწანწალასავით ეგდო და ყოველივე ეს, რაღაც დოზით აგრესიასაც კი იწვევდა გოგონაში.

-ეი, მძინარე მზეთუნახავო! -შეეცადა რაც შეიძლებოდა მკაცრი ტონი ჰქონოდა, თან ძლიერად შეარხია ძირს დაგდებული ადამიანის სხეული -იქნებ ადგე? მთელი ღამით აქ წოლა მაინცდამაინც კარგი იდეა არაა

უცნობი რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ინძრეოდა, თუმცა როცა მოპირდაპირე ქუჩაზე გამავალმა ავტომობილმა ძლიერად დაასიგნალა, თვალები სულ ოდნავ გაახილა და თავზე წამომდგარი გოგონას დანახვისას, სუსტად ამოიბუტბუტა:

-შემეშვი რაა. თავზე ნუ დამჩხავი

ლალიტამ კიდევ ერთხელ დახედა მას სიბრალულით და რატომღაც სიცილიც წასკდა.

-რომ იცოდე, მე თვითონაც დიდი სიამოვნებით შეგეშვებოდი, უბრალოდ ის არ მინდა, ხვალ დილით ახალ ამბებში გამოგაჭენონ იმის გამო, რომ მაღალი სიჩქარით მომავალმა მანქანამ მიგაბრტყელა ასფალტზე -თქვა თუ არა ეს, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე, იმ წამსვე გადაიხარა მამაკაცისკენ, მხრების ქვეშ მკლავები ამოსდო, ღრმად ამოისუნთქა და დიდი გაჭირვებით წამოაჯინა იგი ფეხზე.

უცნობს კვლავ ნახევრად ჰქონდა თვალები გახელილი, თუმცა ლალიტა მასთან იმდენად ახლოს იყო, თვალის შეფერილობის დადგენაც კი შეძლო და რამდენიმე წამით მზერამოუშორებლად უყურებდა მამაკაცის დანისლულ, ცივ, ცისფერ ირისებს. სევდიანი ეჩვენა გოგონას ამ თვალებში არეკლილი მზერა. იმდენად სევდიანი, რომ წამით გაუკვირდა კიდეც, თუმცა ყოველივე ამაზე ყურადღების გამახვილების მაგივრად, სიჩუმეში ჩაძირული ქუჩა კიდევ ერთხელ მოათვალიერა და როდესაც იქ ტაქსის მანქანის მაგვარი ვერაფერი შენიშნა, გადაწყვიტა ეს უკანასკნელი თავად გამოეძახებინა.

-მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა მანქანით ხარ თუ არა, ასეთი მთვრალი საჭესთან მაინც ვერ დაჯდები! მოდი ასე მოვიქცეთ —ახლა მე ტაქსის სერვისში დავრეკავ, შენ კი მანამდე კეთილი ინებე და მომეხმარე, რომ ფეხზე წამოგაყენო.

-თუკი მაკოცებ მოგეხმარები

-რაო?

-რაც გაიგე -კვლავ თვალებში უყურებდა, თუმცა ამჯერად არა სერიოზული, არამედ ისეთი მზერით, აშკარად ლალიტას გაღიზიანება და წყობიდან გამოყვანა რომ ჰქონდა განზრახული.

-ჯანდაბა, ყველა იდიოტი მე როგორ უნდა გადამეყაროს?!

-ალბათ მარცხენა ფეხზე ადექი

-ყბედობას მორჩი და შენი მისამართი მითხარი -წარბების მკაცრად აწევით შეუბღვირა გოგონამ -თუკი მაქედან ადგომა არ გინდა, თვითონ ტაქსის მძღოლმა წამოგაყენოს, სანამ მანქანამდე მიგიყვანს. არა, შესწორება შემაქვს —სანამ მანქანამდე მიგიტანს. შენს მდგომარეობას ახლა ეს სიტყვა უფრო შეეფერება

-რა ენამახვილი ხარ

-მისამართი მითხარი-მეთქი!

-და თუკი არ მახსოვს?

რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა ლამპიონების ოქროსფერი შუქით განათებულ ქუჩაზე.

-მაგას სერიოზულად ამბობ?

-ჰო, რა გაგიკვირდა? -გულუბრყვილო ბავშვივით აიჩეჩა მხრები მამაკაცმა. ტონზეც კი ეტყობოდა, თუ როგორი გათიშული იყო იმ წამს და რამდენად ძლიერ უნდოდა რბილ ბალიშზე მისვენებულს დაძინება -ზაქარიას მჭადის სახელი დაავიწყდა, მე ჩემი მისამართი. ხანდახან ყველას გვავიწყდება რაღაც

საგონებელში ჩავარდა ლალიტა. იქედან ნატალი ურეკავდა მობილურზე გამწარებული, აქედან კი ვიღაც უცნობი ადამიანი ჰყავდა მისახედი, ვისაც ისიც კი არ ახსოვდა სად ცხოვრობდა, რათა მისი სახლში გაშვება შეძლებოდა. აღარ იცოდა რა მოემოქმედა. არც მამაკაცის ქუჩაში უპატრონოდ მიტოვება ეჩვენებოდა კარგ იდეად. იმ მომენტში, მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა ლალიტასთვის, რაც მართალია ოდნავ გიჟურად მიაჩნდა, თუმცა ამ პრობლემის გადასაჭრელი სხვა სათადარიგო გზა უბრალოდ არ ჩანდა.

-ჩემს მანქანამდე მისვლას შეძლებ? -ჰკითხა მამაკაცს მობეზრებული ტონით -აქვე აყენია, ათიოდე ნაბიჯში

უცნობმა პასუხი ცოტა ხნით დააყოვნა, რის გამოც, ლალიტას ხელმეორედ მოუწია დასმული შეკითხვის გამეორება.

-გეკითხები შეძლებ-მეთქი?! -ამჯერად უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა. ამით უკვე მართლაც მიაღწია სასურველ შედეგს, რომელიც მამაკაცის ალაპარაკებაში გამოიხატებოდა:

-ნუთუ შენს სახლში მიგყავარ? ვაღიარებ, პირველივე პაემანზე ასეთ სითამამეს არ ველოდი

-ჰო მიმყავხარ. საახალწლო საცივში შენ უნდა ჩაგდო ინდაურის მაგივრად!

-ვერ ვიტან ახალ წელს

-როგორც ჩანს, ახალ წელთან ერთად საკუთარ თავსაც ვერ იტან, თორემ ახლა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდი

-როგორ არ მიყვარს შენნაირი ენატლიკინა გოგოები

ლალიტამ თვალები აატრიალა.

-რომ იცოდე, ეს ენატლიკინა ახლა შენს დახმარებას ცდილობს და საკუთარ სახლში მიჰყავხარ, ქუჩაში რომ არ გაათიო ღამე

უცნობი გაჩუმდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში, მდუმარებაში ჩაძირული უცქერდა თვალებში ლალიტას. ისეთი ღრმა მზერით უყურებდა, თითქოს ცდილობს მასთან ტელეპატიური კავშირი გააბასო. მერე ღრმად ამოისუნთქა, გოგონას ცოტა ხნით თვალი მოწყვიტა და სივრცეში, ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებულმა, ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა:

-მე დანიელი მქვია . . . შენ?

-ლალიტა

-ლალიტა . . . -ღიმილით გაიმეორა გოგონას სახელი და კვლავ გაუსწორა მზერა -არაბუნებრივად ლამაზი თვალები გაქვს, იცი ეს?

გოგონას გაეღიმა და მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მამაკაცის მიმართ არანაირი აგრესია არ უგრძვნია, რატომღაც მაინც ოდნავი აგრესიით გაეპასუხა:

-რომ იცოდე, მთვრალი ადამიანებისგან კონპლიმენტების მოსმენა დიდად არ მსიამოვნებს

-მთვრალი? ვინ გითხრა, რომ მთვრალი ვარ?

-აბა რა ხარ? -სიცილს ძლივს იკავებდა მისი შემხედვარე

-რა ვარ და . . . რა ვარ და დალეული ვარ -სუსტად ამოიბუტბუტა მან, თვალები დაეხუჭა და ძალაგამოცლილი, მეტიც, გათიშული, ინსტიქტურად მიესვენა ლალიტას მკერდს.

მოგონება ცაზე დატოვებული თვითმფრინავის კვამლივით გაქრა . . .

გოგონას თვალწინ კვლავ წვიმიანი ქალაქის ხედი გადაიშალა, თავზე რომ საავდრო ღრუბლებით სავსე ნაცრისფერი ზეცა გადმოჰყურებდა. ცოტა ხანში, სააბაზანოდან რაღაც ხმაურიც შემოესმა. როგორც ჩანდა, ნატალის უკვე დაემთავრებინა შხაპის მიღება და ახლა, როგორც მუდამ ჩვეოდა, პირსახოცშემოხვეული დაიწყებდა მისაღებში სიარულს. ასეც მოხდა. აბაზანის კარის დაკეტვის ხმიდან რამდენიმე წამის შემდეგ, მართლაც გამოჩნდა სველი თმის მშრალებით მომავალი ნატალი, ვისაც მკლავებზე ჯერ კიდევ შერჩენოდა წყლის წვრილი წვეთები და მთელს ოთახში მანგოს ტანის გელის გამაბრუებელ სურნელს ტოვებდა.

ლალიტამ თავის ყავის ჭიქას ჩახედა. წარსულის მოგონებებში მოგზაურობასა და წვიმიანი ქალაქის ხედის ყურებაში, კოფეინი თითქმის ნახევრამდე დაეყვანა, ხოლო დარჩენილი სითხე იმდენად იყო შეგრილებული, მისი დალევის სურვილი საერთოდ აღარ ჰქონდა.

-მოკლედ გავიყინე რაა -ფეხის წვერებზე სირბილით მივარდა ნახევრად სველი გოგონა კარსმასთან და მას მაქსიმალურ გრადუსზე აუწია -აბაზანაში წყლის გამათბობელი გაფუჭდა და ფაქტობრივად ცივ წყალში მომიწია შხაპის მიღება

ლალიტას, მოზრდილი ფინჯანი ამჯერად რაფაზე შემოედო, ნაცრისფერში გახვეული ქუჩის ყურებისთვის თავი დაენებებინა და გაღიმებული სახით შესცქეროდა მეგობარს.

-ეგ იმის ბრალია დღეში სამჯერ რომ იღებ შხაპს -თქვა მან -ხომ ხედავ გამათბობელმაც ვერ გაგიძლო და პროტესტი გამოგიცხადა

-პროტესტი კი არა, დღესვე დავრეკოთ ხელოსანთან . . . ნომერი გაქვს?

ლალიტა იოგას პოზაში ჩამოჯდა დივანზე და კედელზე დამონტაჟებული ტელევიზორის ეკრანი, დისტანციური მართვის პულტით გაანათა.

-მაგ საქმეს შენ მიხედე ნატალიკო, მე დღეს დანიელს ვხვდები და სახლის ტექნიკური სამუშაოებისთვის არ მეცლება

-დანიელს? -გაიგო თუ არა ეს სახელი, წარბები ეშმაკურად აათამაშა გოგონამ -ანუ ჩვენმა ქერა პრინცმა თავისი ქერა კონკია რომანტიულ ვახშამზე დაპატიჟა? ბროლის ქოშები სტუდიაში!

-რომანტიულ ვახშამზე არა ირმის ნახტომი! ვითომ არ იცი რამდენად შორსაა ჩვენგან რომანტიკა

-კარგი ერთი, მაგას რატომ ამბობ? -ინტერესით ჩაეკითხა, თან ფეხი ფეხზე გადაიდო და ტელევიზორში ჩართულ მუსიკალურ არხს წამით შეავლო მზერა -ახლა არ თქვა ზოდიაქოებით ვერ ვეწყობითო, თორემ მთელი დღე შენზე ვიცინებ

-ზოდიაქო რა შუაშია? უბრალოდ რომანტიკა ისეთ წყვილებს შორისაა, ვისაც სამომავლო გეგმები აქვთ ერთმანეთთან. მე კიდევ, დანიელთან მსგავსს არაფერს ვაპირებ და ამაზე მასთანაც ბევრჯერ მაქვს ნასაუბრები, ისევე როგორც შენთან

მოსმენილი პასუხის შემდეგ, რამდენიმე წამის განმავლობაში სიჩუმეს ინარჩუნებდა ნატალი. თვალებშიც კი ეტყობოდა, რომ იმ მომენტში საკუთარ ფიქრებში ფსკერამდე იყო ჩაძირული და გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ლალიტამ ტელევიზორს ხმამაღალზე აუწია და მუსიკაც საკმაოდ მკაფიოდ ჩაესმა ორივე ყურში.

-იცი რა? -დაიწყო მან, თან ის პირსახოცი, რომლითაც ცოტა ხნის წინ სველ თმას იმშრალებდა, ბეჭებზე მოიხურა -შენი საუბრით ახლა რატის მაგონებ. მართალია ჩემთან ყოფნა ძალიან მოსწონდა, მაგრამ ყოფილ შეყვარებულთან განცდილ მწარე გაკვეთილს იმიზეზებდა და მაინც ვერ ბედავდა ეს ყველაფერი უფრო სერიოზულ ფაზაზე გადაეყვანა

-სტოპ, სტოპ! ოღონდ ახლა იმ აფერისტს არ შემადარო რაა. ჩვენ ორნი ისე განვსხვავდებით, როგორც ანორექსია და ბულემია

-გეყოფა მასზე ასე საუბარი!

-რა მეყოფა შე უტვინო რა? ტიპი ერთი წელი გიცნობდა, გეუბნებოდა ისე არ გიყურებ როგორც დანარჩენებს, ჩემთვის სულ სხვა სტიქია ხარ, შენს გამო ყველაფერს ვიზამო და ისიც კი ვერ გაბედა, რომ შენთვის შეყვარებული დაერქმია! -თქვა და ხელის გულიც ასწია მეგობრის შესაჩერებლად, რადგან მიხვდა საუბარში შეჭრას აპირებდა ნატალი -ახლა არ გამაწყვეტინო და არ თქვა, რომ მაშინ მხოლოდ ცხრამეტი წლისანი იყავით და ასე შემდეგ. ეგ ასაკი უკვე საკმაოდ ზრდასრულია იმისთვის, რათა ბიჭი გონებრივად ცოტათი მაინც იყოს ჩამოყალიბებული. შენს რატის კიდევ განუვითარებელი პრიმატის მეტს ვერაფერს დავარქმევ.

-ეგრე ნუ მოიხსენიებ რაა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო, მასთან მაინც დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს და ცუდს ვერასდროს ვერაფერს ვიტყვი

-ჰო, ვიცი, ვიცი -მობეზრებულად აატრიალა თვალები ლალიტამ -ანაკლიის პლაჟზე ღამეების თენება, წვიმიან ამინდში ხეზე ჯდომა, ლუდის სმა და დაუსრულებელი საუბრები ზღვის ტალღების შრიალში . . . მერე? თუკი მისთვისაც ასე ძვირფასი იყო ეს მომენტები, რატომ არ ისურვა შენთან ურთიერთობისთვის რაიმე სახელის დარქმევა? რატომ არ ჩაგკიდა ხელი და არ გითხრა, სხვისთვის ვერ გაგიმეტებ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის მინდიხარო? გეკითხები რატომ?!

პასუხის გაცემის მაგივრად, ნატალიმ თვალები დახუჭა და ექვსი წლით უკან გადაინაცვლა. მართლაც რამდენი ბედნიერი მოგონება ჰქონდა წარსულში დატოვებული. მის თვალწინ, ყველაფერი ილუსტრირებული წიგნივით გადაიშალა იმ წამს. თითქოს ახლაც ისევ ისე მკაფიოდ ჩაესმა ყურებში ზღვის ტალღების ხმა. კვლავაც ისე ცხადად შეიგრძნო მასზე შემოხვეული რატის მკლავების სიმხურვალე და გახშირებული, ცხელი სუნთქვაც აღიქვა ყელთან ახლოს. გაახსენდა ის მომენტი, როდესაც პლაჟის ქვებზე, რატის სხეულზე მიხუტებული იწვა და მისი სახის ნაკვთებს ნაზად ეფერებოდა, თითებით. მოაგონდა როგორ ეხებოდა სათითაოდ მის შოკოლადისფერ თვალებს, წარბებს, ლოყებს, ტუჩებს და ამდენი ხნის შემდეგაც კი ყრუ ტკივილი დააწვა მკერდზე.

რატი ბალანჩივაძე, ერთადერთი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში, ვისთან ყოფნაც უზომოდ სურდა, ვის მიღებაზეც მუდამ ოცნებობდა, მაგრამ ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა. რაღაც ბუნდოვანი მიზეზების გამო, ბიჭმა, საბოლო ჯამში უკან დაიხია და არ მოისურვა ურთიერთობის უფრო ღრმა ეტაპზე გადაყვანა. შუა გზაზე გაჩერება და გამუდმებით ერთი ადგილის ტკეპნა კი ნატალის საშინლად სტანჯავდა, ამიტომ მთელი ძალისხმევა მოიკრიბა, რათა გრძნობებთან გამართულ ბრძოლაში მის სიამაყეს მოეპოვებინა გამარჯვებულის სტატუსი და როგორც კი ეს მოახერხა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.

საშინელი გამოდგა გოგონასთვის დაშორების შემდგომი პერიოდი. თითქოს ყველაფრის ხალისი დაკარგა —არც მადა ჰქონდა, არც გარეთ გასვლის სურვილი და არც ცხოვრების ხალისი. იმ დეპრესიის ორი თვიდან, მხოლოდ ლალიტას სახე ახსოვდა, ვინც გამუდმებით მის გვერდით ტრიალებდა, საჭმელს თითქმის ძალით, საკუთარი ხელით აჭმევდა და ტირილში გათენებული ღამეების დროს უსიტყვოდ და წუწუნის გარეშე ითავსებდა ცრემლების საწმენდი ხელსახოცის ფუნქციას.

-გთხოვ რა, ნუ მესაუბრები მაგ თემაზე -დახურა თუ არა მტკივნეული მოგონებების დღიური, მაშინვე მავედრებელი მზერა ესროლა გვერდით მჯდომ მეგობარს -ისიც მეყოფა, რომ მას შემდეგ ურთიერთობებს საერთოდ ვეღარ ვუდებ გულს, ფლირტის ფაზას ვერ ვცდები და ყველა კაცი, ვინც კი ჩემს მიმართ ყურადღებას იჩენს სრულიად უინტერესოდ მეჩვენება.

-პირდაპირ რომ გითხრა, ნახევარქათამაც კი შენზე ბევრად ჭკვიანია -იმედგაცრუებულთან ერთად, ბრაზიანი ტონიც მარტივი შესამჩნევი იყო ლალიტას ხმაში -რატი ბალანჩივაძის გამო რომ ადამიანი ამ დღეში ჩავარდება და ახლოს აღარავის გაიკარებს ის მართლაა ჩოგნით ცემის ღირსი. ხომ გეუბნებოდი, რომ მაგ ტიპს გარეგნული მონაცემების გარდა არანაირი დადებითი არ აქვს-მეთქი, მაგრამ ვინ მოუსმინა ლალიტას? ჩემს ნათქვამს ერთ ყურში შეუშვებდი, მეორედან გამოუშვებდი და მაინც გამოუსწორებელი რომანტიკოსივით გქონდა იმედი, რომ მის შეცვლას მხოლოდ შენი მზრუნველობა და გამგები ხასიათი მოახერხებდა.

-მიყვარს შენი პირდაპირობა, მაგრამ ხანდახან სიჩუმე უფრო გიხდება

-ჩუმად როგორ უნდა ვიყო როდესაც ასე ბრიყვულად ანვითარებ შენს ცხოვრებას? -თან ესაუბრებოდა, თან პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ რიანას კლიპს ადევნებდა თვალყურს -ჯერ იყო და იმ ჩამოუყალიბებელ არსებას შესწირე წელიწადზე მეტი, ექვსი წლის შემდეგ კი მაგ უტვინო თავით გაცილებით უარეს შეცდომას უშვებ და მამაკაცის გამოყენებას მხოლოდ იმიტომ აპირებ, რომ წარმატებული მწერალი გახდე. არც კი მჯერა, რომ მაგ ყველაფრის გაკეთება მართლა გინდა.

ნატალიმ მობეზრებულად აატრიალა თვალები. როგორც ჩანდა მეგობრის სიტყვები ახლაც ისევე ვერ ახდენდა გავლენას მის გადაწყვეტილებაზე, როგორც უწინ.

-ბავშვობიდან ასეთი იყავი -მშვიდად მიუგო მან -მუდამ ჭკუას მარიგებდი, მლანძღავდი და ისე მტუქსავდი, როგორც საბავშვო ბაღის აღმზრდელი

-ჰოდა ახლაც დაგტუქსავ და გეტყვი, რომ ეგრე ნახევრად შიშველი ნუ დატანტალებ მთელ სახლში. გაცივდები და მერე ლალიტამ უნდა გიწიკოს წამლები ავერსის აფთიაქებიდან

-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა, ჩემო პატარა ალტრუისტო -მისკენ საკოცნელად წაიწია ნატალიმ, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა, რადგან უკანასკნელ წამს, გაშლილი ხელის გული ტუჩებზე ააფარა ლალიტამ.

-ძალიან კარგად იცი, როგორც არ მიყვარს ეს კოცნები და უაზრო სენტიმენტები -მკაცრად განუცხადა მან. მერე დაამქნარა, მუსუკალური არხი საინფორმაციო გამოშვებით შეცვალა და როგორც კი ჟურნალისტის ხმამ კოვიდ-პანდემიის მორიგ ტალღაზე დაიწყო საუბარი, მობეზრებული სახით ჩააბნელა ტელევიზორის ეკრანი -მოკლედ ტვინი წაიღეს რაა. კორონას ფირმის შოკოლადიც კი შემძულდა იმდენად ხშირად მესმის ეს სიტყვა

-მე იმ ხალხის მიკვირს, მთელი დღე ამ საინფორმაციოებს რომ უზის და ყოველ წამს სტატისტიკას უსმენს. ასეთი რა ნერვები აქვთ?

-თუ არ გინდა მაგ სტატისტიკას შენც შეუერთდე ადექი და რამე ჩაიცვი -თქვა თუ არა ეს, დივნიდანაც წამოდგა, მაჯაში ხელის ჩავლებით ნატალიც წამოაგდო ფეხზე და საძინებლისკენ თვალებით ანიშნა -ახლა ყველანაირი წუწუნის გარეშე წამობრძანდი და შენი გარდერობიდან რამე ჩემსავით ლამაზი ამარჩევინე. დღეს დანიელს უნდა შევხვდე და კაბის გამო საყიდლებზე გასვლა საშინლად მეზარება.

-ჰოო? მე კიდევ თმის გაშრობა მეზარება, როგორც ყოველთვის და ამჯერადაც შენ უნდა გამიშრო

-ჯანდაბას შენი თავი, წამოდი -სიცილით მიუგო ლალიტამ და ორივენი ერთად გაემართნენ პატარა დერეფნის დასაწყისში მდებარე ნატალის საძინებელი ოთახისკენ.




8 8 8 8


დანიელი თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან თავისი მანქანით ჩამომდგარიყო და ლალიტას გამოჩენის მოლოდინში ყოველ წამს თავის Smart-საათს დაჰყურებდა. გამომდინარე იქედან, რომ გოგონას უკვე ხუთი თითივით იცნობდა და ისიც მშვენივრად იცოდა, რამდენად ბევრად გადააცილებდა დათქმულ დროს, ახლაც მთელი ძალისხმევით ცდილობდა გაგებით მოკიდებოდა იმ ფაქტს, რომ საკმაოდ დიდხანს მოუწევდა ცდა მის მოლოდინში.

ლალიტას გამოჩენამდე, ხან მანქანაში ჯდომითა და რადიოს მოსმენით გაიყვანა დრო, ხან ეზოში გაისეირნა და კალათბურთის ბურთით მორბენალ ბავშვებს წაეთამაშა ცოტა ხნით, ხან შეტყობინებების ველი გახსნა და რამდენიმე SMS გაუგზავნა გოგონას, სადაც სთხოვდა ცოტათი მაინც დაეჩქარებინა. შემდეგ ისევ მანაქანაში ჩაჯდა, ათი წუთის განმავლობაში უსმინა რადიოს და როდესაც მიხვდა, რომ მოთმინების ფიალა საბოლოოდ ეწურებოდა გადაწყვიტა კვლავ ტელეფონი ამოეღო, რათა ლალიტასთან დაერეკა. სწორედ იმ მომენტში, თითქოს დაბარებულივით გამოჩნდა სადარბაზოს კარში სწრაფი ნაბიჯებით გამომავალი მოძრავი ფიგურა, ვისაც, არც მეტი არც ნაკლები, ორმოცი წუთით გადაეცილებინა დანიელის მიერ დათქმული დროისთვის და სწორედ ამ მიზეზით მოიჩქაროდა ეზოში დაყენებული მანქანისკენ.

საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა იმ მომენტში ლალიტა. ტანზე მომდგარი, ცისფერი, ოდნავ დეკოლტიანი კაბა, მეტად ლამაზად გამოკვეთდა მისი სხეულის ფორმებს. გაშლილი, ბოლოებში დატალღული ქერა თმა, მხრებზე ნაზად ეფინებოდა, ხოლო მსუბუქი მაკიაჟი უფრო თვალში საცემს ხდიდა გოგონას ვიზუალურ მხარეს.

მისი დანახვისას, დანიელს მართლაც რომ წამებში გადაავიწყდა ის მოუთმენლობა და ბრაზი, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში განიცდიდა. მანქანაში მჯდომს, ტუჩებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი ჰქონდა გადაფენილი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა არანაირ პასუხისმგებლობაზე და მოვალეობებზე არ იყო დაფუძნებული, ლალიტას გვერდით ყოფნა და მასთან კონტაქტი მაინც ყველაზე სასიამოვნო რამ იყო დანიელის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თითქოს უსიტყვოდ ესმოდა მისი გოგონას. იდეალურად იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, როდესაც მამაკაცი რამეზე ბრაზობდა, ან დაძაბული გრაფიკის გამო განწყობა უფუჭდებოდა. უნდა ითვას, მეტად რთული ხასიათი ჰქონდა დანიელს. მისი პირველი და უმთავრესი ნაკლი ის გახლდათ, რომ როდესაც რაღაც იდეალურად არ გამოსდიოდა, ძალზედ ნერვიული ხდებოდა და შესაძლებელი იყო ამ დროს ირგვლივ ყველაფერი დაელეწა. ხასიათით მეტად თამამი და მიუკერძოებელი იყო. იმისდა მიუხედავად, რომ სასტუმროების სქელს მართავდა და გამუდმებით სერიოზულ ადამიანებთან ჰქონდა შეხება, მაინც ვერ იტანდა ყელზე მოჭერილ ხალსტუხს, პიჯაკს, თათბირებსა და ყველაფერ იმას, რაც მამამისმა დაუტოვა სამართავად. სწორედ ამიტომ ხდებოდა, რომ სამსახურეობრივ შეხვედრებსა თუ ტენდერებზე, მუდამ თავისუფალი, სპორტული სამოსით დადიოდა და თუკი ყველა დანარჩენს საგულდაგულოდ გალაკული, ტყავის ფეხსაცმელი ეცვა, დანიელ დაშნიანი „ნაიკის“ ან „პუმას“ ფირმის ბოტასებით იჯდა მათ გარემოცვაში.

გულწრფელად რომ ეთქვა, მთელი გულით ეზიზღებოდა მამაკაცს ის მემკვიდრეობა და ბიზნესი, რაც თავისი გვარისგან შემორჩა. ბავშვობიდან მოყოლებული მუდამ სხვა სფერო –ხატვა იზიდავდა და ფიქრობდა, სწორედ ეს საქმიანობა გახდებოდა პრიორიტეტი მის ცხოვრებაში. ერთი კონკრეტული ჟანრი არ ჰქონია, ხატავდა როგორც პორტრეტებს, ისე ნატურმორტებსა და გრაფიკულ ნახატებს. ხატავდა ყველაფერს, რაც კი გარესამყაროში მოეწონებოდა და ტილოზე გადაჰქონდა საკუთარ გონებაში წარმოდგენილი სურათებიც. სწორედ ხატვისადმი სიყვარულის გამო გადაწყვიტა უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობაზე ჩაებარებინა და გააგრძელებდა კიდეც სამომავლოდ საკუთარი პროფესიით მუშაობას, რომ არა მამამისისა და მისი უფროსი ძმის მოულოდნელი გარდაცვალება, ავტოსაგზაო შემთხვევით. სწორედ ამის გამო იქცა მთელი ოჯახური ბიზნესის მართვა დანიელის პასუხისმგებლობად და ის გეგმებიც დაასამარა, რაც ამ უკანასკნელს თავისი ცხოვრებისთვის ჰქონდა გამიზნული.

შვიდი საათი სრულდებოდა. გარეთ ნაწილობრივ ჩამობნელებულიყო და მკვეთრად მანათობელ ლამპიონებსაც დაეწყოთ ღამეულ ბურუსთან ბრძოლა. ლალიტა რომ მანქანის მარჯვენა სავარძელზე მოთავსდა, დანიელს უკვე მოესწრო გასაღების ასხმის გადატრიალება და მისი დაქოქვა.

პირველი, რაც გოგონამ ჩაჯდომის მერე გააკეთა, ეს ჭერზე მიმაგრებული სარკის ჩამოწევა და ტუჩსაცხის შესწორება იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა გვერდით მჯდომი მამაკაცი და როგორც კი სარკე კვლავ პირვანდელ პოზიციაში დააბრუნა, მაშინვე გადაიხარა გვერდზე, რათა მისთვის ლოყაზე ეკოცნა.

-მორჩა? სულ ეგ ხარ და მეტი არაფერი?

-ანუ? -კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გახედა, თუმცა პასუხის გაცემის მაგივრად, დანიელმა იგი თავისკენ მიიზიდა, ნიკაპში ხელი ძლიერად ჩაავლო პირში ენა შეუცურა და ტუჩებზე ისე ვნებიანად დაეწაფა, რაღაც დროით სრულიად გამოთიშა გარესამყაროს ხმაურს გოგონა.

-შემდეგში დაიმახსოვრე, კოცნა აი ასე უნდა!

მამაკაცის სიტყვებსა და საქციელზე, კმაყოფილებისგან ჩაეცინა ლალიტას, თუმცა ცოტა ხნის წინანდელ კოცნაზე ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია.

-სად მივდივართ? -ცნობისმოყვარე ხმით იკითხა მან -იმედია ახლა მაინც ახდი ფარდას შენს დიად საიდუმლოს

-არადა სულ ტყუილად გაქვს იმედი. სანამ იქამდე არ მივალთ, ვაპირებ სრულ ინტრიგაში ჩაგტოვო

-ვერ ვიტან ინტრიგებს

-მე კი შენს დაგვიანებებს ვერ ვიტან, მაგრამ ვცდილობ როგორღაც გავატარო -გვერდულად გადმოხედა, რითაც აშკარად აგრძნობინა, თუ რამდენად ძლიერ უჭირდა ლალიტას ამ მოუშორებელ ნაკლთან უსიტყვოდ შეგუება. გოგონამ მაშინვე ამოიკითხა დანიელის თვალებში ეს უკმაყოფილება და წამებში გადავიდა თავდაცვაზე:

-იცი, თვითონაც ძალიან ბევრი უარყოფითი გაქვს ისეთი, რის გამოც, შენი ცომის საბრტყელებელი ჯოხით დამუშავება მინდება

-ჰოო? და გინდა ამ უარყოფითი თვისებების გამო ურთიერთობა გავწყვიტოთ? -ჰკითხა ტუჩებზე მომდგარი ძლივსშესამჩნევი ღიმილით, მერე კი ისე განაგრძო, რომ პასუხის გაცემასაც არ დალოდებია -ძალიან კარგი, არც მე მინდა!

მამაკაცის საუბარმა ლალიტას კიდევ ერთხელ მოჰგვარა ღიმილი.

-კითხვას რატომ მისვამ, თუკი ჩემს მაგივრად შენ პასუხობ?

-ასე უფრო სექსუალურია

-მოკლედ, ლომის ხახაში მაქვს თავი შეყოფილი და ვეღარ გამომაქვს

-სანამ მაგ ლომმა ბოკვერები გაგაჩენინა გირჩევნია ჩუმად იყო

-ბოკვერები შენს მომავალ ცოლს მოსთხოვე -წარბის აწევით გადახედა როგორც კი ეს თქვა, თან მამაკაცის რეაქციას დააკვირდა. დანიელის სახე სრულიად უმეტყველო გამხდარიყო იმ წამს. იგი უბრალოდ გზას უყურებდა და საჭესაც ისე ატრიალებდა, რომ გოგონასკენ საერთოდ აღარ იყურებოდა.

-და შენ თუ აპირებ ვინმეს ცოლობას სამომავლოდ? -ჰკითხა მან -თუ იმ ბედნიერი ქალების რიცხვში გინდა დარჩე, ვისაც ქმარი და შვილი არ აწევს ტვირთად?

ლალიტამ ზიზღით აიბზუა ცხვირი. პასუხიც ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გასცა:

-არანაირი ქმარი! გათხოვება საჩემო არაა

-ჰოო? -მხიარული ტონით ჩაეკითხა, თუმცა მის ხმასა და თვალებში მაინც ჩანდა პატარა ნაპერწკალი, ფარული უკმაყოფილებით რომ იყო გაჟღენთილი -ეტყობა არ გინდა ვინმეს ცხოვრება დაუნგრიო და ასე ამიტომაც ამბობ

-რა აუტანელი ხარ!

-შენ კიდევ არაპუნქტუალური! -მერე შეათვალიერა და დაამატა -მაგრამ მაინც სახიფათოდ აღმაგზნებ! მანქანის ტარებაზე კონცენტრირებაც კი მიჭირს იმდენად მინდიხარ ამ წამს! აღიარე, ასე თავბრუდამხვევად ჩემს ჯიბრზე გამოეწყვე, არა?

-უკვე სერიოზულად მეშინია სადმე არ გადამჩეხო

-სულ ტყუილად. გვერდით ნამდვილი ენცო ფერარი გიზის

ლალიტას ჩაეცინა, თუმცა აღარაფერი უპასუხა. ამის მაგივრად, დადუმებული მაგნიტოფონი ჩართო, მასზე Bloototh-ით თავისი ტელეფონი მიაერთა და რამე სასიამოვნო მელოდიის საპოვნელად, Youtube-ს აპლიკაციაც გახსნა. ძებნაში დიდი დრო ნამდვილად არ დაუხარჯავს. სულ მალე ამოარჩია სასურველი მელოდია –ბეთჰოვენის Love story-ს სახით, მერე კი სიამოვნებით სავსე გამომეტყველებით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს. უნდა ეღიარებინა, რომ კლასიკის მოსმენას დანიელმა მიაჩვია. მის გაცნობამდე ეს მუსიკალური მიმდინარეობა საკმაოდ მოსაწყენად მიაჩნდა, მაგრამ ახლა, ყველა ბგერას თითქოს სრული სიცხადით შეიგრძნობდა, სხეულის თითოეული უჯრედით.

-გახსოვს? თავიდან მუსიკალურ გემოვნებაზე ყოველთვის დაგცინოდი, ახლა კი სულ სხვაგვარად ვფიქრობ. რაღაც კუთხით ძალიან შემცვალე, იცი?

დანიელმა, როგორც ჩვეოდა, ახლაც ლალიტას მოშიშვლებულ მუხლზე აასრიალა ხელი, ნელ-ნელა ზემოთ აუყვა, თან ოდნავ ჩაეღიმა.

-შენც შემცვალე. გასული ახალი წლის მერე, ბარების წინ ნასვამი აღარ ვგდივარ ხოლმე და ხელებსაც მარტო შენ გიფათურებ

-ჯანდაბა, ეს რატომ გამახსენე? -უკმაყოფილოდ დამანჭა სახე, თუმცა წარსულის სახალისო მოგონებების ამოტივტივებამ საბოლოო ჯამში მაინც გააცინა -იმ ღამით, სახლში რომ მიმყავდი, მთელი გზა ვუსმენდი როგორ მღეროდი რაღაც სულელურ სიმღერას და მანქანის სადმე გაჩერებასა და ვალსის ცეკვას მთხოვდი

-როგორ მიხარია, რომ იმ ამბებიდან საერთოდ არაფერი მახსოვს

-ტენდერი ზეგ გაქვს არა? -სრულიად სხვა სასაუბრო თემა წამოჭრა ლალიტამ. პასუხიც სწრაფადვე მიიღო:

-ჰო, ასეა და მანამდე მინდა ფსიქოლოგიურად დავისვენო შენთან ერთად

-აბა შენ იცი როგორ ჩაძირავ ფსკერზე შენს ჰალსტუხიან მოწინააღმდეგეებს

დანიელმა, სალონში აჟღერებული მუსიკა ოდნავ უფრო ხმამაღალზე დააყენა, თავზე მორგებული შავი კეპი უკანა სავარძელზე მიაგდო და ლალიტას ფეხზე დადებული მარცხენა ხელი, ამჯერად გოგონას თითებს შემოხვია.

-აუ გამითბე რაა, ცივი მაქვს

-როგორი ტემპერატურაც არ უნდა იყოს, ხელები სულ გაყინული რატომ გაქვს? -ღიმილს ვერ იკავებდა გოგონა -იქნებ ექიმს ეჩვენო?

-არ მინდა ექიმი, ნემსის მეშინია

-ეხუმრება კიდეც

-ხუმრობას კიდევ არა უშავს, აი სიმღერა თუ დავიწყე მერეა წასული შენი საქმე

-კარგი, კარგი, ხმას არ ვიღებ -მაშინვე დადო დაპირება და მამაკაცის ხელის გათბობასაც მთელი მონდომებით შეუდგა.

დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ნახევარი საათი დასჭირდათ. დანიელმა, საბოლოოდ მანქანა წიწვებითა და ნაძვებით სავსე ტყესთან ახლოს გააჩერა და თავის გვერდითა სავარძელზე მჯდომ ლალიტას კმაყოფილებით ანთებული თვალებით გახედა. ეს უკანასკნელი ისეთი სახით უყურებდა, მის მზერაშიც კი საკმაოდ მარტივად ამოიკითხა, რასაც ფიქრობდა იმ წამს და უსაფრთხოების ღვედი სიცილით გაიხსნა.

-ნუ ღელავ, მაგ ლამაზი კაბით პიკნიკზე ნამდვილად არ წამომიყვანიხარ

-ჰოო? აბა ტყესთან ახლოს რისთვის გააჩერე? -ჰკითხა გარემოს კიდევ ერთხელ მოთვალიერების შემდეგ, მერე კი ღიმილით დაამატა -შემთხვევით ციყვებს კაკალი ხომ არ უნდა დაურიგო?

-ჯერ შენი შიშველი ფიგურის ანატომიური შესწავლით ვასიამოვნებ ჩემს თავს და ფაუნაზე ზრუნვას სხვა დროისთვის გადავდებ -ამის თქმისას კიდევ ერთხელ შეათვალიერა მოკლე კაბაში გამოწყობილი გოგონა, ვისაც, სხეულის თითოეულ მონაკვეთზე იმდენად ლამაზად აჯდა თავისი სამოსი, ვერც ერთი მამაკაცი ვერ აუვლიდა გვერდს გულგრილად. რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეეკრა მის შემხედვარე დანიელს. შემდეგ, როგორც იქნა საკუთარი თავი აიძულა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა და მანქანიდან გადმოსვლის წინ, უსაფრთხოების ღვედი სწრაფად შეიხსნა -წამოდი, ისეთ რამეს გაჩვენებ, რაც წესით ძალიან უნდა მოგეწონოს

გზა უხმოდ განაგრძეს. მთელი დრო, რაც მდუმარედ მიდიოდნენ, ლალიტა გაფაციცებით ადევნებდა თვალს თოვლით დაფარულ მიდამოს. მიუხედავად ასეთი გარემოსთვის შეუფერებელი ფეხსაცმლისა და ჩაცმულობისა, მაინც უზომოდ სიამოვნებდა ტყის სუფთა ჰაერი, ლამაზად დათოვლილი ხეების ყურება და ის სუსხიც კი, მთელ სხეულზე რომ ყინულის კრისტალებივით მიწებებოდა იმ მომენტში.

დიდი ხნის განმავლობაში არ უვლიათ. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, ლალიტას მზერის ფოკუსში მაღალ ხეზე აშენებული, ორსართულიანი, ხვეულკიბიანი სახლი მოხვდა და გაშეშდა კიდეც ერთ ადგილას მისი შემხედვარე.

სახლი სამკუთხედის ფორმის გადახურვისა იყო. მარჯვენა და მარცხენა მხარეს დიდი, მრგვალი ფორმის ფანჯრები ჰქონდა დატანებული. კარიც ზუსტად ისეთივე მრგვალი ფორმისა ამოეჭრათ, როგორც სარკმლები, ხოლო მეორე სართულზე პატარა აივანი იწონებდა თავს, რომლის მოაჯირზე მიმაგრებულ სპეციალურ სათავსოში, მარადმწვანე მცენარეების ქოთნები იყო გამწკრივებული.

დანიელი ღიმილით აკვირდებოდა გოგონას რეაქციას. თვითონ სპეციალურად არ ძრავდა სიტყვას. სწორედ ამიტომ, გარშემო ჩამოვარდნილი მდუმარება მანამ გრძელდებოდა, სანამ ლალიტა მამაკაცისკენ არ მოტრიალდა და გაკვირვებული სახით არ გაიშვირა თითი ხის სახლისკენ.

-ეს რა არის? -იკითხა მან გულუბრყვილო ბავშვივით. დანიელს სიცილიც კი მოუნდა მის გამომეტყველებაზე.

-ციყვებმა მომაქირავეს. მოგწონს?

-კარგი, ხუმრობის გარეშე მითხარი, ეს სახლი შენია? -ჰკითხა, თან აღფრთოვანებული სახით ახედა დიდ ხეზე ნაგებ ლამაზ შენობას. იმ წამსვე გაახსენდა რამდენს ოცნებობდა ზუსტად ასეთი სახლი ჰქონოდა და მერე ისიც მოაგონდა, თუ როგორ განაცხადა ამის შესახებ ხმამაღლა დაახლოებით ოთხი თვის წინ, მაშინ, როდესაც ის, ნატალი და დანიელი „სიმართლე და მოქმედება“-ს თამაშობდნენ ქალაქის ერთ-ერთ ბარში, თანაც საკმაოდ ნასვამები.

-ჰო, ჩემია. ოთხი თვის წინ თავად შევადგინე ამ სახლის პროექტი, ადგილი შევარჩიე, ჯგუფი დავიქირავე და მშენებლობაც სადღაც სამი კვირის წინ დასრულდა

-მაგრამ რატომ? -გაოცებისგან ახამხამებული წამწამებით უცქერდა მამაკაცს და ჯერ კიდევ იმის გადამოწმებას ცდილობდა ნამდვილად მისი ოცნება იქცა თუ არა დანიელისთვის ამ სახლის აშენების შთაგონების წყაროდ -ასეთი იდეა როგორ ან რანაირად დაგებადა?

დასმულ შეკითხვას, მამაკაცმა ოდნავი ღიმილითა და მხრების აჩეჩვით უპასუხა:

-არ ვიცი, უბრალოდ დამებადა და მორჩა -მერე გოგონას გაოცებულ თვალებს შეხედა და ჰკითხა :-რა ვქვნათ, არ შევიდეთ? მართალია ელექტრო-ენერგია არ შემიყვანია, თუმცა ღამის სანათები საკმაოდ მაქვს მომარაგებული

-დარწმუნებული ხარ, რომ ეს უსაფრთხოა? -კითხვითვე უპასუხა კითხვაზე ლალიტამ -არ ვიცი . . . როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს, სახლი მაინც ხეზეა აშენებული და ყველაფერზე ვფიქრობ, სანამ შიგნით შევდგამ ფეხს

-უსაფრთხო რომ არ იყოს, აქ საერთოდ არ მოგიყვანდი. დროს ნუ ვკარგავთ, შევიდეთ

სახლის შიდა ინტერიერი იმაზე ბევრად უფრო ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ლალიტას მოლოდინებში იყო. ყველაფერი იმდენად სადად, გემოვნებითა და ტყის სახლისთვის შესაფერისი სტილით მოეწყოთ, გოგონა საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. ნამდვილად არ წარმოედგინა, რომ ამ ქვეყნად იარსებებდა ადგილი, რომელიც ასეთი სიზუსტით ჩაჯდებოდა მის გემოვნებაში.

ყველაზე მეტად, მაინც ჭერიდან ჩამოშვებულმა საქანელა-სკამმა მიიქცია მისი ყურადღება. ამ უკანასკნელს, ორივე თოკი ხელოვნური ფოთლებითა და აგრეთე ხელოვნური, თეთრი ლილიებით ჰქონდა გაფორმებული, ხოლო ჩამოსაჯდომი ადგილი, პატარა, თუმცა რბილი, ფერადი ბალიშებით იყო სავსე.

მომცრო ზომის სამზარეულოში, რომელიც მისაღებიდან ბარის პატარა დახლით იყო გამოყოფილი, ოთხკუთხედი მაგიდა იდგა. ამ მაგიდაზე ღვინის ბოთლი, ორი დიდი ბოკალი და იაპონური საჭმელი იდო, ხელსახოცებთან და სპეციალურ ჩხირებთან ერთად. რაც შეეხება კედლის მარცხენა მხარეს, იქ დიდი აგურისფერი ბუხარი გიზგიზებდა, საიდანაც ხმელი შეშის საამო ტკაცუნის ხმა გამოდიოდა და მთელს სახლში შესაშურად მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა.

ყოველივე ეს იმდენად სასიამოვნო სანახავი იყო, ლალიტამ წამით ისიც იფიქრა, რომ შეეძლო აქ სამუდამოდ დარჩენილიყო. მეორეს მხრივ, გულის სიღრმეში რაღაც აწუხებდა. მთლიანად მისი გემოვნებით მოწყობილი სახლი, მისი საყვარელი იაპონური საჭმელი და რომანტიული გარემო, რომელიც დანიელმა სპეციალურად ამ საღამოსთვის მოაწყო, ძალზედ თრგუნავდა. რამდენად კარგადაც არ უნდა ყოფილიყო მამაკაცთან, მათ შორის წამყვანი მაინც მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა იყო და ყოველივე ეს, რასაც ახლა თავის ირგვლივ ხედავდა, ოდნავ გაზედმეტებულად მიაჩნდა.

-ეს ყველაფერი რისთვის? -იკითხა გოგონამ, თან საქანელა-სკამში დაიკავა ადგილი. სახის გამომეტყველება საკმაოდ მშვიდი ჰქონდა, თუმცა შინაგანად ისე ღელავდა როგორც შტორმგადავლილი ზღვის ტალღები.

-რას გულისხმობ?

-არ ვიცი, აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს შენგან. უბრალოდ შენს ბინაში ამოვდიოდი, სექსი გვქონდა, ამით ორივენი კმაყოფილები ვიყავით და ერთად ვახშმობის შემდეგ, ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. ახლა ისე იქცევი, თითქოს შენი ცხოვრების ქალს პატიჟებ რომანტიულ ვახშამზე

დანიელს ჩაეცინა, თუმცა ეს სიცილი ნამდვილად არ იყო მისი მხრიდან გულწრფელი საქციელი.

-ნუ ღელავ, რომანტიკა აქ არაფერ შუაშია -უთხრა და თავადაც გვერდით მიუჯდა საქანელა-სავარძელზე -შენ ალბათ არც კი გახსოვს, მაგრამ დღეს ღამით ჩემი დაბადების დღე თენდება და მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა. არა მგონია ხეზე აშენენებული სახლი და პატარა აზიური ვახშამი იმდენად რომანტიული ჟესტი იყოს ჩემი მხრიდან, რომ ყველაფერი სხვანაირად აღიქვა

-ნამდვილად?

-ნამდვილად -დაუმოწმა თუ არა, ენის წვერზე მომდგარი შეკითხვაც დაუსვა :-იცი რატომ მომინდა მაინცდამაინც შენთან ერთად ყოფნა ჩემს დაბადების დღეზე?

-რატომ?

-იმიტომ, რომ ცხოვრებიდან ის ადამიანები რომ ამოვჭრა, ვისაც ჩემთან რამე სერიოზული შეცდომა დაუშვიათ, გვერდით აღარავინ დამრჩება. მხოლოდ შენ ხარ ისეთი, ვინც ნერვებს მიმშვიდებს და დანარჩენებივით ტვინს არ ბურღავს. არც სიმდიდრეზე დახამებული ხარ, ქალების ოთხმოცდაათი პროცენტივით და ჩემგან საერთოდ არაფერს ითხოვ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, რაც კი მოგესურვება

-უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ შენგან ძვირფას სამკაულებსა და ბრენდულ კაბებს არასდროს მოვითხოვ

-მაგაში მხოლოდ ეგ არ მიგულისხმია -მხარზე სულ ოდნავ შეეხო ხელით და თვალებში ღიმილით ჩახედა მამაკაცმა -უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ყველაფერში, რაშიც კი დაგჭირდები შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს

მთელ სხეულზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ლალიტას ამ სიტყვების მოსმენისას. უყურებდა დანიელის ყინულივით ცივ, ცისფერ თვალებს და მთელი არსებით გრძნობდა, რომ მამაკაცის სიტყვებში ასი პროცენტით უნდა ყოფილიყო დარწმუნებული. თავადაც მძაფრად გრძნობდა ამ ადამიანთან სულიერ სიახლოვეს. თითქმის ერთი წელი იყო, რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ და არც კი ახსენდებოდა შემთხვევა, როდესაც დანიელს მის ნერვებზე ცუდად ემოქმედა. ერთადერთი, რასაც მასთან ყოფნისას განიცდიდა ეს თავისუფლებისა და სილაღის შეგრძნება იყო და არ უნდოდა ეს ოდესმე დასრულებულიყო.

უნდა ითქვას ბავშვური შტრიხებიც მრავლად იყო მათ ურთიერთობაში. ისეთი სისულეებიც კი ჰქონდათ გაკეთებული, როგორც ბალიშებით ჩხუბი და ფქვილის ერთმანეთისთვის შეყრა იყო, ბლინების ცხობისას. ხშირ შემთხვევაში უსიტყვოდაც კი უგებდნენ ერთმანეთს. როდესაც დანიელს უჭირდა, ლალიტა მისთვის მუდამ დამამშვიდებელი ელექ’ს ფუნქციას ასრულებდა, ყოველთვის იცოდა, თუ რა სჭირდებოდა მამაკაცს და მზერიდანაც კი ნათლად შეეძლო მისი ფარული სურვილების ამოკითხვა.

როდესაც სამსახურეობრივი გარემოს ზეგავლენით, ოდნავ ნერვიული ხდებოდა დანიელი, გოგონა უბრალოდ ეხვეოდა და ამ გზით ცდილობდა მამაკაცისთვის საკუთარი სიმშვიდის გადაცემას. მუდამ აგულიანებდა, რომ ყველაფერს შეძლებდა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზრუნველობისა, დანიელის წინაშე არანაირ მოვალეობას არ კისრულობდა. სურვილი არ ჰქონდა წყვილი ყოფილიყვნენ და ერთმანეთისადმი ვალდებულებები ჰქონოდათ. არ ჰპირდებოდა, რომ პაემანზე სხვა კაცთან ერთად არ წავიდოდა, თუკი იგი დააინტერესებდა. იმის გარანტიასაც არ აძლევდა, რომ ერთ დღეს მასთან ურთიერთობას არ გაწყვეტდა და არც მამაკაცისგან ითხოვდა ერთგულების ფიცის დადებას. ეს იყო კავშირი ყოველგვარი ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე და ამგვარ პირობებზე პროტესტს არც ერთი მხარე არ გამოთქვამდა.

-კარგი, ანუ დღეს შენი დაბადების დღე თენდება, არა? -ჰკითხა თუ არა, მაშინვე მხიარული სახით წამოდგა ფეხზე, სამზარეულოს მაგიდასთან სწრაფად მიირბინა, გახსნილი ბოთლიდან ორივე ჭიქაში ჩამოასხა ღვინო და კვლავ დანიელისკენ გაემართა, მომხიბვლელი სიარულის მანერით -მგონი ახლა უნდა გადღეგრძელო და რამე კარგი გისურვო

-ჰოო? -როგორც კი საჭირო მანძილზე მიუახლოვდა, წელზე ხელის მოხვევით ჩაისვა იგი კალთაში მამაკაცმა. მერე თავისი ბოკალიც ჩამოართვა და იქედან ოდნავ მოსვა ალისფერი სითხე.

-რახან საჩუქარი არ მაქვს, ვალდებული ვარ კეთილი სურვილებით გაგანებივრო

-და რა იქნება შენი კეთილი სურვილი?

-ალბათ ის, რომ ცხოვრებაში არასდროს არაფრის შეგეშინდეს. როცა ადამიანს რაღაცის ეშინია, ის ყველაფერს კარგავს გესმის? ეს არასოდეს დაგავიწყდეს

-მეგონა წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს მისურვებდი, როგორც ეს ქართული მამაპაპური დალოცვებისას ხდება ხოლმე

ლალიტას გაეცინა.

-შენი დიდხანს სიცოცხლე ჩემს დალოცვაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, წარმატება კი ისედაც არ გაკლია

-შენ ეგეთ საკაიფო პასუხებს გუგლში ეძებ, თუ რა ხდება?

-საბედნიეროდ ეგ გუგლი ტვინში მაქვს და არც ინტერნეტი მჭირდება მის გამოსაყენებლად

რამდენიმე წამით მდუმარებამ დაისადგურა. დანიელის თვალები კვლავ დაჟინებით შესცქეროდნენ კალთაში მჯდომ გოგონას, ვინც ნელ-ნელა წრუპავდა ღვინოს მინის ბოკალიდან და თვითონაც არ აშორებდა მზერას მამაკაცის ცისფერ თვალებს. დუმილს წერტილი მხოლოდ მაშინ დაესვა, როდესაც დანიელმა, ლალიტას, თითებს შორის მოქცეული ჭიქა ჩამოართვა და იგი, თავის ღვინის ბოკალთან ერთად მოათავსა საქანელა-სკამის გვერით მდგომ, ლარნაკის დასადგამ პატარა მაგიდაზე.

-იცი მაინც დღეს რა მიმზიდველად გამოიყურები? -უთხრა თუ არა, წელზე მკლავების მძლავრად მოხვევით, თავისკენ უფრო ახლოს მიიზიდა კალთაში მჯდომი გოგონა და მისი სახის კანზე თითები ისე ნაზად ჩამოატარა, რომ ლალიტას თვალები ინსტიქტურად დაეხუჭა. გრძნობდა მამაკაცის სიმხურვალეს. სხეულის ყოველი უჯრედით გრძნობდა და ნელ-ნელა მიიწევდა იმ სასიამოვნო ბურუსისკენ, საიდანაც გამოსვლა ოდნავადაც არ სურდა.

დანიელმა რომ ნიკაპი თითებით დაუჭირა და მოწოლილი სურვილისგან აკანკალებულ ტუჩებზე წაეტანა, თავადაც მთელი მონდომებით აჰყვა კოცნაში. აღარ გახსენებია არც გაშლილი მაგიდა, არც იაპონური საჭმელი და აღარც ღვინის ჭიქები. იმ წამსა და იმ მომენტში მხოლოდ მამაკაცის მოფერების სურვილი წვავდა, ხოლო ყოველივე დანარჩენს უკვე მნიშვნელობა დაჰკარგვოდა.

დანიელმა რომ ნელ-ნელა კაბის გახდა დაუწყო, თავადაც გააქტიურდა –გამომწვევად გადააჯდა მუხლებზე, მაისური თავზე გადააძრო და ტუჩები პირდაპირ ყელზე მიაკრო, იქ, სადაც მამაკაცს ანთებული კოცონის სვირინგი დაეხატა. დაზეპირებული ჰქონდა მისი სუსტი წერტილები. მშვენივრად იცოდა, თუ რამდენად უჩვეულო სიამოვნებას გვრიდა დანიელს ყელზე კოცნა და ზუსტად იმას აკეთებდა, რაც მას აუცილებლად დააკარგვინებდა თავს.

-რომ არ გვივახშმია ეგ მაგრად გ'კიდია არა? -ჩურჩულით ჰკითხა ლალიტას, როდესაც მის სავსე ტუჩებს ცოტა ხნით მოწყდა. გოგონასგან საკმაოდ სწრაფად მიიღო თანხმობის გამომხატველი პასუხი:

-ჰო, მ'კიდია და მოდი შენც დაიკიდე!

-მერე ვინ გითხრა, რომ უკვე არ დავიკიდე? -თქვა თუ არა, ხელში ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა თავის წელზე შემომჯდარი, გამჭვირვალე შიდა თეთრეულში გამოწყობილი გოგონა, გახდილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იქვე დატოვა მიყრილი და შეუჩერებელი კოცნის თანხლებით, პირდაპირ საძინებელი ოთახისკენ დაიძრა.



№1  offline წევრი Ana mamuladze

უკვეეე მომწონსს❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენკა

საკმაოდ კარგი დასაწყისია ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent