მტრობა (დასასრული)
მესამე ნაწილი -ნანო, კარგი, რა! სად გეჩქარება, დამელოდე.... -წუწუნებდა ლილე და თან მთელს სავაჭრო ცენტრში სირბილისგან დაბუჟებულ ფეხებს ძლივს მიათრევდა იმ უამრავ ჩანთასთან ერთად, ორივე ხელში რომ ეჭირა. -მეორე დღისთვის კაბა მაქვს საყიდელი, ეგღა დამრჩა და მორჩა, ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება... ხომ ყველაფერი მაქვს? -შეღონებულ სახეზე მიაშტერდა ნანო მეგობარს, თვითონ საერთოდ არ ეტყობოდა არც დაღლა და არც ფეხების ტკივილი. პირიქით, ძალიანაც მხნედ გამოიყურებოდა. ალბათ, პატარძლისგან მოსალოდნელიც კი არის ქორწილამდე ერთი დღით ადრე ასეთი ენერგიის მოძალება. -კი, ნანო, გთხოვ, სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, თორემ გეფიცები აქვე დავვარდები ვირივით და ვერსადაც ვერ წამოვალ, შენს ქორწილში კი არა! -კარგი, ხო, ცოტა დავისვენოთ და კაბაზე მერე გავიდეთ. ერთი მომეწონა, რომ გაჩვენე, ალბათ მაგას ვიყიდი და ბევრს აღარ ვირბენ, ისედაც სალონში ვარ წასასვლელი... შენ რა ქენი, შეარჩიე კაბა? სალომე მკერავთანაა დღეს და დასრულდება მაგისი კაბაც... ძალიან ლამაზი კი იქნება! -კი ვიყიდე, ხვალ განახებ, -თვალი ჩაუკრა მეგობარს და თავისი ჩანთებიანად ჩაესვენა რომელიღაც კაფის მყუდრო სავარძელში. მთელი სხეული მოუდუნდა, სისხლი აუმოძრავდა კიდურებიდან და ღრმად ამოისუნთქა, როცა კვლავ ცოცხალ არსებად იგრძნო თავი... რამ ჩააცვა ეს არაკომფორტული ფეხსაცმელი.... თითქოს არ იცოდა ნანოს ამბავი, მთელს ქალაქს მოატარებდა და ბოლოს მაინც იმას იყიდდა, რაც პირველად მოეწონა.. -მამაშენი კიდევ არ ჩამოსულა? -თვალი თვალში გაუყარა ნანომ მეგობარს, რომელიც ნამდვილად გაკვირვებული ჩანდა, თუ როგორ მოახერხა ამდენი ხანი თავის შეკავება ამ კითხვის დასმისაგან. -გუშინ გვიან ჩამოვიდა... -ღრმად ამოიოხრა დაშნიანმა, ამ თემაზე საუბარიც კი არ სურდა, არც ჰქონდა რაიმე სათქმელი. ნანო უბრალოდ ზედმეტად მეოცნებე იყო იმისათვის, რომ „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ არ დაეჯერებინა. მისი აზრით, ბექნუ აუცილებლად ჩამოაკითხავდა ლილეს, უარს იტყოდა შურისძიებაზე, წაიყვანდა თავისთან სახლში და ცოლად მოიყვანდა... ჭირი იქა, ლხინი აქა... -მერე? -წარბები მაღლა აზიდა ნანომ, თვალებით ანიშნა მეგობარს, ამდენ კითხვებს ნუ მასმევინებო. -არაფერი, ნანო... რა უნდა მომხდარიყო? ცოცხალი რომ ჩამოვიდა, ეგეც მიკვირს. არაფერს მეუბნება საერთოდ, ხმას არ მცემს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფიცხელიანებს არც კი ახსენებს, მე რომ კითხვას ვუსვამ - გიჟდება, ცოფდება, მაგათი გვარი არ მიხსენოო, თავს საერთოდ არ თვლის დამნაშავედ იმის გამო, რაც ჩაიდინა, ნანო, ასეთ მამაჩემს არ ვიცნობ.... ნანომ ღრმად ამოიოხრა. ნელ-ნელა თვითონაც იწყებდა იმის დაჯერებას, რომ ლილესა და ბექნუს შორის ყველაფერი დამთავრდა, უფრო სწორად, რაც არ დაწყებულა, ის დასრულდა. -ამდენი ხანი გავიდა, როგორ არ შემოგეხმიანა.. -ნანო, ზღაპარში არ ვართ, -გააწყვეტინა ლილემ, -ყველაფერი გააზრებული მაქვს და როცა გრძნობები მიჩნდებოდა მის მიმართ, მაშინ უნდა მეფიქრა ამაზე. გეუბნები, ისე წამოვედით, ერთხელაც კი არ შემომხედა ნორმალურად, ერთი სული ჰქონდა ჩემი არსება თავის ეზოს მოშორებოდა. მამაჩემს მისი ოჯახის წევრის სისხლის სიმძიმე ადევს კისერზე, ამას მარტივად არავინ ივიწყებს, ამის დამარცხება, გადალახვა და უგულებელყოფა შეუძლებელია, რაც არ უნდა ძალიან გიყვარდეს ადამიანი. ვიცი, რაღაცას მიმალავს მამაჩემი... რაღაცას არ ამბობს, მაგრამ ძალა აღარ შემრჩა მასაც ვებრძოლო. იმ ადამიანთან ვერასდროს ვიქნები. არც ის მოისურვებს ჩემთან ყოფნას, ვერ მოისურვებს, ან თუ მოისურვებს, თავის თავს არ მისცემს ამის უფლებას. შენ მას არ იცნობ, სოფელში ყველა პატივს სცემდა, ყველას უყვარდა, იმიტომ რომ თვითონ იყო ასეთი - უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით აჯილდოებდა თითოეულ ადამიანს, ადათს და წესს, რაც თავის სოფელთან და მხარესთან არის დაკავშირებული. ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ, მისი ამ თვისების გამოა, რომ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა, მაგრამ ამავე მიზეზით არ შემიძლია მასთან ყოფნა, ამიტომ ტყუილ ოცნებას შევეშვი. ის არ გამომეკიდება, მე კი მასთან მისასვლელი პირი არ მაქვს. -შენ არაფერ შუაში ხარ, ლილე! არ იცოდი! -როცა შემიყვარდა, ვიცოდი... ვიცნობდი, და მაინც ვაკოცე, მაინც ვაიძულე ამაზე ეფიქრა, მაინც ვაიძულე მის ცნობიერებაში „ჩვენს“ ცნებას ეარსება. მან კი მითხრა, რომ ეს შეუძლებელია. ათასი საშინელებისგან მიხსნა ყველაფრის მიუხედავად, რომ ვუყვარდე არ არის ვალდებული.. -შენი აზრით არ უყვარხარ? -მშვიდად ჩააშტერდა ნანო თვალებში, რითაც მიანიშნებდა, რომ გულწრფელი უნდა ყოფილიყო მასთან. მისი გულიდან წამოსული პასუხი აინტერესებდა მეგობარს და არა თვეების განმავლობაში ცივი გონების მიერ შეთითხნილი თეორიები. -არ ვიცი, -მხრები აწურა ლილემ, ხმა ოდნავ გაუკრთა ამას რომ ამბობდა. სიმართლე თქვა... მართლა არ იცოდა. თვალები ცრემლში ამოევლო, კაფის დიდი ფანჯრიდან ქუჩაში გაიხედა. ზაფხულის ცხელ საღამოს უეცრად წამოსული წვიმა აგრილებდა. ჰაერი ნესტით დამძიმებულიყო, თუმცა მაინც სასიამოვნო სურნელი იდგა. ხეებმა და მცენარეებმა მხოლოდ აქა-იქ რომ შეინიშნებოდნენ ამ ქუჩაზე, თითქოს როგორც იქნა, სული ამოითქვეს...... ლილეც როგორ ელოდა წვიმას ამ სიცხეში, თვითონაც როგორ უნდოდა თავის დახუთულ სულსაც ეგრძნო შვება. -ადამიანის ბუნება როგორი სასაცილოა, როგორი ინერტული... რომ არ მეკრძალებოდეს, ასე ძალიან არც მენდომებოდა ალბათ.... ნანოს ხმა აღარ ამოუღია, სახეზე ინტერესით აკვირდებოდა მეგობარს. ამხელა უიმედობა ბოლოს როდის დაინახა მის თვალებში ვერც კი იხსენებდა. ბრაზობდა, საშინლად ბრაზობდა, ასე ყურებჩამოყრილი რომ იჯდა ლილე მის წინ, დანებებული და ფარხმალდაყრილი, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგად ესმოდა მისი. ამიტომ არჩია გაჩუმება, ჭრილობები რომ არ განეახლებინა მისთვის. ქორწილის დღეს თავი ძლივს წამოსწია საწოლიდან. მთელი ღამის უძილარს ისე დამძიმებოდა ტვინი, დიდი სიამოვნებით შეიბრუნებდა ძილს ასეთი მნიშვნელოვანი დღე რომ არ ყოფილიყო მისი უახლოესი მეგობრის ცხოვრებაში. სალონში წასვლაზე არც უფიქრია, ამ სიცხეში მაინც ყველაფერი ჩამოერეცხება სახიდან საღამომდე. მუქი შინდისფერი კაბა ჩაიცვა, საკმაოდ თამამი ოთხკუთხედი გულით, წვრილი ბრეტელბით, წელში გამოყვანილი და შემდეგ გაშვებული, მუხლს ოდნავ ქვემოთ. მის სხეულს ქალურობა ისედაც არ აკლდა, სავსე ფორმებით ნებისმიერი ჩაცმულობით სექსუალურად გამოიყურებოდა, ეს კაბა კი გამყოფი ზღვარი იყო თითქოს იდუმალ სინაზესა და აშკარა მიმზიდველობას შორის. ნანოს სახლამდე თავისი მანქანით მივიდა. სალომეც უკვე იქ იყო ჩაცმულ-დახურული და მეგობარს უზარმაზარი საქორწინო კაბის ჩაცმაში ეხმარებოდა. მთელი კვირის ნაგროვები ენერგია და შემართება სახიდან გამოსცლოდა ნანოს, იმდენად ნერვიულობდა. ლილეს დანახვაზე ქვედა ტუჩი კმაყოფილების ნიშნად გამობზიკა და წარბებიც აათამაშა. -რაღა დროს ის მთის ტყიურია ქალო, ყველა კაცი შენ დაგესევა, კარგად გაახილე ამაღამ თვალები... -ხუმრობის ხასიათზე მოვიდა პატარძალი. ლილეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი გააქნია და საქორწილო კაბის კორსეტი შეუკრა მეგობარს. ნანო არაჩვეულებრივი პატარძალი იყო, დედოფლური, ზუსტად ისეთი, როგორიც პრინცესულ ანიმაციურ ფილმებშია. -ლილე, შენ ხო მანქანით ხარ? -ოთახში შემოიჭყიტა ნანოს ძმამ, ოთომ, ლამაზად გამოწყობილი გოგონების დანახვისას მანაც ზუსტად ისეთი გამომეტყველება მიიღო,როგორიც ნანოს ჰქონდა, ლილე რომ ოთახში შევიდა. -დიახ, ოთარ... -გააწვალა მეგობრის უმცროსი ძმა დაშნიანმა, -რა ხდება? -აუ, სიძის რამდენიმე ძმაკაცი უნდა ჩაისვა ეკლესიიდან რესტორნამდე, დასალევად მოდიან მაინც და ტყუილად რომ არ დასხდნენ საჭესთან..... -ოთო, თუ რამეს მემაიმუნები იცოდე, არ ვიცი, რას გიზამ. -კაი, რა, ლიანა, არა გრცხვენია? არ გემაჭანკლები შენს თავს გეფიცები, მართლა აღარავინ დარჩა მანქანიანი სხვას რომ ჩავუსვა... ერთი ცოლ-ქმარია თან, არ ინერვიულო. -კარგი, ხო, აღარ გავაჯანჯლებ ახლა, მაგრამ რამე ისე თუ იქნება, იცოდე, ჩავსვამ მანქანიდან, სადაც არ უნდა ვიყო, გადაეცი. -ლილე, რას ამბობ, -შეიცხადა ნანომ, -თორნიკეს ეწყინება.... -შენს ქმარს დღეს არაფერი ეწყინება, თან ვიხუმრე, დამშვიდდი..... ჯვრისწერამ მშვიდად, ტრადიციების დაცვით ჩაიარა. ლილეს თვალზე ცრემლი მოადგა, საოცარი რიტუალი იყო მისთვის ჯვრისწერა ყოველთვის. მშვიდი, სუფთა და გულწრფელი. კავშირის სიწმინდის, ძლიერების და ერთობის დამამტკიცებელი რიტუალი, რომელიც წყვილს სულიერად იმდენად აახლოვებს ერთმანეთთან, რომ სიკვდილსაც კი არ შეუძლია ამ კავშირის შესუსტება, არა თუ შეწყვეტა. საოცარ შვებას გრძნობდა, ახლა, როცა თავის მეგობარს უყურებდა უსაყვარლეს ადამიანთან ერთად, რომ თავადაც არ ჰქონია გაგაზე ჯვარი დაწერილი, რომ ამ წმინდა კავშირსაც არ მიაყენა შეურაცხყოფა თავისი ბინძური არსებობით ყოფილმა ქმარმა... ცრემლები ჩუმად შეიმშრალა და ტაძარი დატოვა. ნეფე-პატარძალი ჯერ კიდევ შიგნით იყვნენ მეჯვარეებთან ერთად სურათების გადასაღებად. ცოტა სუფთა ჰაერის გადაყლაპვა არ აწყენდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ასეთ თაკარა სიცხეში. ეკლესიის გრილ ჩრდილს მოეფარა და ოთოს დაუწყო თვალებით ძებნა. -ოთო, სადა ხარ? -დაურეკა ბოლოს, -ეკლესიის გვერდით ვდგავარ ჩრდილში, სად არიან თორნიკეს მეგობრები? -მოდი, გასასვლელთან ვართ, ჩემთან არიან გელოდებით.. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა, ყველას ფოტოების გადაღება უნდოდა, ლილეს კი ერთი სული ჰქონდა მანქანაში ჩამჯდარიყო და ამდენ ადამიანს გარიდებოდა. მას შემდეგ, რაც ლელეთიდან ჩამოვიდა, მარტოობას შეეგუა, ჯერ ერთი წელიც არ იყო გასული, მაგრამ განდეგილობა ყველაზე დიდ შვებას და თავისუფლებას ანიჭებდა. მიხვდა, საკუთარ თავთან დარჩენა რომ იყო მის ცხოვრებაში ერთადერთი განაჩენი, რომელსაც ვერსად გაექცეოდა. ჭიშკართან მისული ნაცნობმა ხმამ გამოგლიჯა სევდიანი ფიქრების კლანჭებიდან. თავისი თვალებით რომ არ ენახა, ალბათ იფიქრებდა კიდეც, რომ ელანდებოდა მისი ხმა მასზე ამდენი ფიქრისგან. მუცელში ნაცნობმა სიმხურვალემ ჩაუწვა ყველა ორგანო და მუხლები შეუსუსტდა. სუნთქვა ვერც კი გაიაზრა ისე შეეკრა. ლილეს წინ იდგა, შავ შარვალ-კოსტუმსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი, რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდა ოთოს რომ ელაპარაკებოდა. თითქოს არაფერი ჰქონდა საერთო იმ მთის კაცთან, რვა თვის წინ რომ შეხვდა ლილეს, თოფგადაკიდებული რომ ტყეში დარბოდა, შეშას რომ ჩეხავდა, ცეცხლი რომ მოჰქონდა თოვლით გადაპენტილ შარაზე.....ლილეს რომ სიცხეს უზომავდა.... ყველაფერი თვალწინ დაუდგა იმ წამს დაშნიანს. ორი წამის შუალედში გაფუჭებული ფირივით თვალწინ გადაურბინა ყველაფერმა, ისე სწრაფად, თითქოს არც ყოფილიყოს, ისე სწრაფად, შეუიარაღებელი თვალი რომ ვერ შეამჩნევს, მის დასანახად რომ გული და მახვილი მზერაა საჭირო. როგორი ხმა ჰქონია როცა იცინის.... გულ-მუცელი ჩაენავლა, გაეყინა ლილეს იმაზე ფიქრისას, რომ თვითონ ვერასოდეს იქნებოდა მისი ასეთი ლაღი სიცილის მიზეზი, თვითონ ვერასდროს დაესწრებოდა მის ბედნიერ წამებს, იმ შემთხვევითობას თუ არ ჩავთვლით, რომ გაუმართლა დაშნიანს და ახლა დაუდგა. -მოხვედი, ლიანა? -ოთოს ხმამაღალმა შეძახილმა და მხრებზე ხელის გადახვევამ შეაფხიზლა ლილე, ბექნუმ დაბნეული მზერა გადაატარა ჯერ ოთოს, შემდეგ მის გვერდით მდგარ ქალს და ღიმილი სახეზე შეახმა. თვალებს თითქოს არც ის უჯერებდა. ლილეს სხვაგან გახედვა არ უნდოდა, ერთი სული ჰქონდა ფიცხელიანის თვალებში რამე ისეთი დაენახა, რაც აფიქრებინებდა, რომ ამდენი ხანი ტყუილად არ ელოდა, რომ ამ შემთხვევითობის მიუხედავად მასაც უნდოდა ქალის ნახვა. მაგრამ საერთოდ არაფერი. -ლილე გაგიყვანთ შენ და დემეს მარიკასთან ერთად, ბექუშ. წავედი ახლა მე სხვებიც მყავს დასაბინავებელი, აბა შენ იცი, ლილი, არ შემარცხვინო. -მხარზე ხელი მოუთათუნა ოთომ დაშნიანს და სანამ რომელიმე რამის თქმას მოასწრებდა, მანამდე მოკურცხლა იქედან. მხოლოდ ახლაღა შენიშნა ბექნუს გვერდით მდგარი დემეტრე და მარიკა, რომელსაც მუცელი აღარ ჰქონდა. ოთხივენი დაძაბულები მიშტერებოდნენ ერთმანეთს და ვერცერთი იგებდა, რა უნდა გაეკეთებინათ. -დემე, მომეცი შენი გასაღები, -პირველი ხმა, რა თქმა უნდა, უფროსმა ფიცხელიანმა ამოიღო. -ბექა, კარგი რა! -დაიწუწუნა მარიკამ, ლილე გახევებული იდგა ერთ ადგილას. -ამის მანქანაში არ ჩავჯდები, -გაჯიუტდა კაცი და ისეთი მკაცრი მზერა დაასო ლილეს სახეზე, ქალის უშრეტი გამბედაობა რომ არა, ნებისმიერი სხვა მის ადგილას ალბათ ტირილსაც კი დაიწყებდა. -„ამის“ ვის? -გამოსცრა ლილეს, საკუთარ თავზე უფრო იყო გაბრაზებული ახლა, ვიდრე ამ ტყიურ კაცზე, როგორც ნანო ეძახდა, მაინც რაღაც კარგის იმედი რომ ჰქონდა მისგან. -არაფერი არ მისცე , დემეტრე. მე მთხოვა ოთომ და მე წაგიყვანთ, თორემ იფიქრებს, რომ მე არ ჩაგისვით მანქანაში. -შენ არავინ გეკითხება! -ცხივრწინ დაუქნია საჩვენებელი თითი ფიცხელიანმა და ანიშნა ადგილიდან ჩამოშორებოდა, თუმცა ლილეს ფეხიც არ მოუცვლია. -აქეთ არის ჩემი მანქანა. -თავით ანიშნა ცოლ-ქმარს, მერე გასაღები ამოიღო და კარი ორივეს გაუღო. -დემეტრე, მომეცი მეთქი გასაღები! -ჩაჯექი და კონცერტს ნუ აწყობ, -მხარში მოქაჩა ლილემ კაცს. ამ თაკარა სიცხეში ისე გააცია მის შეხებაზე დაშნიანს, შემდეგ კი მეხდარტყმულივით იმხელა მხურვალე ტალღის შემოტევა იგრძნო მთელს სხეულში, რომ ნერწყვი ძლივს გადააგორა საყლაპავ მილში. შეხებას არც ფიცხელიანი ელოდა, მთელი სხეული დაეძაბა იმდენად ახლოს იყო ლილეს მოღეღილ მკერდთან და ალმურავარნდილ სახესთან, ერთი ნაბიჯიც არ სჭირდებოდა რომ შეხებოდა. დროულად რომ არ მოშორებოდა, ლილემ ნამდვილად არ იცოდა რა დაემართებოდა, თითქოს მთელი სამყაროს ცენტრი ბექნუს სხეულში მოქცეულიყო და ყველაფერი მისკენ ექაჩებოდა. არ იცის, რის ფასად დაუჯდა ოდნავ მაინც რომ მოშორებოდა. კაცი რამდენიმე წამი შეყოვნდა, შემდეგ მაინც დაჯდა მის გვერდით და კარი ისეთი ძალით მოიხურა, მარიკა ადგილზე შეხტა. დემეტრესაც დაძაბულობა მოეხსნა და ლილეს უკანა ხედვის სარკიდან მოეჩვენა კიდეც, რომ გაეღიმა. -თქვენ აქ საიდან? თორნიკეს ნათესავები ხართ? -სიტუაციის განმუხტვა სცადა ლილემ. ბექნუს არსებობას არც იმჩნევდა. -ბექა და თორნიკე კურსელები და ძმაკაცები არიან. -პასუხი დემეტრემ გასცა, რა თქმა უნდა, უფროსი ხომ კრინტს არ დაძრავდა. -ბექა? -გულწრფელად გაუკვირდა ლილეს,- ასე გქვია? -ხო, ბექნუს მოფერებით ვეძახით, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იქცევა ისე, რომ ვინმემ კნინობით- ალერსობითი ფორმით მიმართოს. -დაისისინა დემეტრემ. -მარიკა, ბავშვი როგორ არის... გოგოა? -კი... როგორ მიხვდი? -გაუკვირდა მარიკას. თან გაუხარდა თემის გადატანას რომ ცდილობდა დაშნიანი. -არ ვიცი, უბრალოდ... რა დაარქვით? გილოცავთ! -მადლობა, ლილე... -არაფრის... სახელს არ მეტყვით? -ლილე დავარქვით. ქალმა გაოცებისგან თვალები დაქაჩა. აშკარად რაღაც ანომალიურ ოჯახთან ჰქონდა საქმე. საჭეს მთელი ძალით ჩააფრიდა, მოულოდნელობისგან რამე სისულელე რომ არ მოსვლოდა. წარბები მაღლა აზიდა. ერთ ძმას მისი დანახვა არ უნდა, მეორემ თავის შვილს მისი სახელი დაარქვა. -რა.. მაგარია... -ჩაიცინა, ვერ ხვდებოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. შეიძლება, მის გამო საერთოდაც არ დაარქვეს და რომელიმეს ნათესავსაც ერქვა ეს სახელი, ბოლოს და ბოლოს, მთის ხალხში ბევრს ჰქვია ლილე, ამიტომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გადაიფიქრა საერთოდ, უხერხულობაში რომ არ ჩავარდნილიყო. რესტორნამდე მშვიდად იმგზავრეს. დანარჩენებზე ადრე მოვიდნენ. ეზოში ორიოდე ადამიანი თუ იქნებოდა მათ გარდა კიდევ. დემეტრე და მარიკა მაშინვე რესტორანში შევიდნენ. ბექნუ ტელეფონზე საუბრობდა რაღაცას გამალებით. პიჯაკი გაეხადა და თეთრი მოკლემკლავიანი მაისურიდან ისე მედიდურად მოუჩანდა გაშლილი მხრები, ძლიერი მკლავები და კისერი, აქამდე რომ არ შეუნიშნავს ლილეს. მონატრებისგან სუნთქვა გაუხშირდა, მაგრამ ეს კაცი ამის საშუალებასაც არ აძლევდა. თვალებში ჩახედავდა თუ არა, მაშინვე აგრძნობინებდა, რომ ტყუილი ოცნების კოშკების აგება საჭირო არ იყო. ლილეს შიგნით შესვლა და მისთვის თავის არიდება არც კი უფიქრია. მშვიდად დაელოდა, როდის გათიშავდა ტელეფონს და მაშინვე მისკენ დაიძრა გამოზომილი, თავდაჯერებული ნაბიჯებით. ბექნუმ თვალები მობეზრებით გადაატრიალა, რითაც ანიშნა, რომ ახლა მისი ტლიკინის მოსმენის თავი არ ჰქონდა, თუმცა დანებებას არც დაშნიანის ქალი აპირებდა. -სად გარბიხარ? -ზუსტად ის სიტყვები უთხრა, რაც იცოდა, რომ ადგილზე მიაჯაჭვავდა კაცს, -არ შეგჭამ, ნუ გეშინია. -რა გინდა? -მობეზრებული სახით მოტრიალდა ლილესკენ და ზემოდან დააშტერდა. -მამაჩემი იყო ჩამოსული... -ლილე, რა გინდა - მეთქი, -დაეტყო ფიცხელიანს, ბეშქენის ხსენება დიდად რომ არ ესიამოვნა. -რაღაცას მიმალავთ... ან ის გვიმალავს ორივეს... -შენი კონსპირაციები ჩემთან რა შუაშია? -მამაჩემი იყო-მეთქი ჩამოსული! მამიდაჩემის სიკვდილის შემდეგ პირველად მე ჩამომაკითხა და დავიჯერო რომ მეორედ უმიზეზოდ ჩამოვიდა? დავიჯერო, რომ ამ ვიზიტს შენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა? თანაც მეჩვენება, რომ თავი კი არ მოგაბეზრე, უბრალოდ შენ გინდა, რომ ეგრე მეგონოს, რეალურად გამირბიხარ. მომიყევი, რა მოხდა. -კინაღამ დამავიწყდა ასეთი რომ ხარ! -ოხვრას ამოატანა ფიცხელიანმა სიტყვები. -როგორი ასეთი? შენ რა გგონია, ვიგინდარასავით დამელაპარაკები და მე შეგარჩენ? -მამაშენს რატომ არ ჰკითხავ? რატომ ჩამოვიდა, ჰკითხე მამაშენს, მე რომც ვიცოდე, არ გეტყვი, არაა საჭირო ყველაფერში ცხვირი ჩაყო. -მომისმინე! -უკან დაგაბრუნებას აპირებდა ფიცხელიანი, ლილემ რომ მკლავში ჩაავლო და მისკენ მოაბრუნა, ქუსლებზე შემდგარი მის სახეს უსწორდებოდა და ასეთ ხვატიან ამინდშიც კი გრძნობდა მამაკაცის ცხელ სუნთქვას საკუთარ სახეზე. ძალიან დიდი ძალა დასჭირდა იმ წამს საკუთარ სიბრაზეზე რომ კონცენტრირებულიყო და იმ სახეზე მიფერებოდა, გულგრილობა რომ ჰქონდა აწებებული ბექას. -შტერს ვგავარ? შენი აზრით, მე არ მეხება ის რაც მოხდა? ორი კვირა შენს სახლში ვცხოვრობდი და ისე გამომაგდე, ზედაც არ შემოგიხედავს. მერე მამაჩემმა ჩამოგაკითხა, ზუსტად ვიცი შენთან იყო, თანაც კრინტს არ ძრავს ამაზე. იცოდე, სიმართლეს თუ არ მეტყვი, ჩემი ფეხით ჩამოვალ და გავარკვევ. ჩემს ნერვებს და მოთმინებას ნუ ეთამაშები, თორემ თქვენი შურისძიების წყურვილი მონაგონი იქნება იმ ამბავთან, რასაც მე დავატრიალებ! კაცს წამიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. აშკარად ეტყობოდა, ძალიან ნასიამოვნები ჩანდა ლილეს გაწიწმატებული სახის ყურებით და მუქარის მოსმენით. თვალებში იქამდე უყურებდა, სანამ ქალი არ დამშვიდდა. -არ გამიგდიხარ, მამაშენმა მოგაკითხა და გაგიშვი, -უთხრა მშვიდი, გულგრილობისგან დაცლილი ხმით. -სიხარულით მომიშორე თავიდან, მაშინ როცა მე... -სიტყვა შუაზე გაუწყდა ლილეს. მიხვდა, დაუფიქრებლად რომ იქცეოდა, გრძნობდა, ამდენხნიანი განშორების მერე მასთან ახლოს ყოფნა გონებას რომ ურევდა, სურვილი რომ ყველანაირ საღ აზრს უხრჩობდა. -როცა შენ რა? -ჩაეძია კაციც, ერთი სანტრიმეტრითაც კი არ მოშორებია, რომ ლილესთვის საქმე გაემარტივებინა. -იცი, რაც. არ გინდა თავის გასულელება! -ოდნავ დამარცხებული ბრაზით უთხრა ლილემ და თვითონ დაიხია უკან ერთი ნაბიჯით. თვალები ცრემლით აევსო და სასწრაფოდ მიიხედა გვერდზე, რომ არავის შეემჩნია. -შენ კი ჩემი დანახვაც არ გინდა... უფრო საკუთარი თავის გასაგონად თქვა, ვიდრე იმას რომ გაეგო, ვისაც ყველაზე მეტად უნდოდა, რომ სცოდნოდა, მაგრამ აშკარა იყო ფიცხელიანის ყურსაც რომ მისწვდა ეს ამბავი. ლილე მიხვდა, ვერაფერს გაიგებდა ამ კაცისგან და მეგობრის ქორწილისთვის ხასიათის ჩაშხამება აღარ უნდოდა. ხალხიც ნელ-ნელა შეიკრიბა რესტორანში. თვითონ თავის მეგობრებთან იჯდა, მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღების სხვა თემაზე გადატანას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ფიქრებით ხან ფიცხელიანს დასტრიალებდა, ხან მამამისს... ორივეზე საშინლად ცხარობდა, მაგრამ გამოსავალსაც ვერსად ხედავდა. ნახევარმა ქორწილმა ისე გაიარა ლილე ფიცხელიანებს სათოფეზე არ გაჰკარებია. მათი იქ ყოფნით იმდენად იყო დაძაბული, ძლივს იღიმოდა გარშემომყოფების ხუმრობებსა და ბედნიერებაზე. ძალიან უნდოდა ოთოსთვის ეთხოვა ვინმე სხვა გადმოესვა მის მანქანაში სახლში დაბრუნებისას, მაგრამ ოთო უკვე ისე დამთვრალიყო მისთვის რამის თქმას აზრი სრულებით დაეკარგა. იმის გახსენებაზე, რომ მთვრალი ფიცხელიანი კიდევ აღმოჩნდებოდა მის სიახლოვეს მიუხედავად იმისა დემეტრე და მარიკაც რომ იქვე იქნებოდნენ თავგზას ურევდა. საერთოდ როგორ უნდა ემართა საჭე, როცა ამ კაცის ერთი გამოხედვა, მისი სურნელი და სხეულის ჩრდილიც კი გონებას უფანტავდა. ყურადღების გადასატანად ხან ვის ეცეკვა, ხან ვის. უკვე ყველა გვარიანად შეზარხოშებული იყო. ამხელა ქორწილში, სადაც მინიმუმ სამას კაცს მაინც მოეყარა თავი, პირველად იყო და ერთი სული ჰქონდა აქაურობას ძალიან სწრაფად და უფრო მეტად შორს გაქცეოდა. სახეზე სიმშვიდე და უდარდელობა აეწებებინა გული კი ფორიაქით ჰქონდა ამოვსებული და საკუთარი შინაგანი და გარეგანი სამყაროების ასეთი დრამატული განსხვავება იმაზე მეტ ძალას ართმევდა, ვიდრე უბრალოდ ცუდად ყოფნა. წამიერად თვალი გაგას რომ მოკრა, ეგონა მოეჩვენა, მაგრამ მერე უცებ კარგად მივიწყებული ინფორმაციის გახსენებამ მთელს სხეულში გააცია. როგორ არ გააფრთხილა ნანომ აქამდე! ან ეს რამ გამოატვინა ასე ძალიან, თორნიკეს და გაგას ნათესაობა რომ გადავარდა გონებიდან. ბექასთან და ამ არსებასთან ერთად ერთ შენობაში ყოფნა ლილესთვის ბედისწერის ყველაზე ხმამაღალი და გამაყრუებელი დაცინვა იყო. პანიკას ცოტა აკლდა გაგამაც რომ შენიშნა ყოფილი ცოლი და მისკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა სახეზე უდარდელი ღიმილით გასხივოსნებული. ლილეს გულისრევა ყელში ამოაწვა. -შეიძლება ამ უმშვენიერეს მანდილოსანს ვეცეკვო? - წინ აესვეტა და ხელი ისეთი კეკლუცური ღიმილით გამოუწოდა ქალს, თითქოს პირველად ხედავდა და მისი შებმა უნდოდა. -გაგა, არ მაქვს შენი ნერვები, თავი დამანებე. - მკაცრად ახედა ლილემ, ამხელა ქუსლებზე ამხედრებულს ისედაც ფეხზე დგომის თავი აღარ ჰქონდა გაგაც რომ არ დამატებოდა ზემოდან. -მთელი ქორწილის კაცებთან იცეკვე და მე მწყვეტ გულს? ასეთმა აშკარა შეურაცხყოფამ კაცის მხრიდან ლილეს სახეზე ალმური მოსდო, გულ-მკერდიც კი კაბის ფერი გაუხდა ბრაზისაგან. -ეგ კაცები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, გაგა! და თავიდან მომწყდი, არ მინდა ყურადღება მივიქციოთ და ნანოს ყველაფერი ჩაშხამდეს შენი უაზრო ქცევის გამო! -სულ არ შეცვლილხარ, -გულისამრევად აათვალიერა ქალი გაგამ ავხორცი სურვილით სავსე თვალებით. ლილეს თავი შეძულდა ოდესღაც ამ კაცთან რომ იყოფდა სარეცელს, თავის ღირსად რომ თვლიდა. - ერთი მეცეკვე და გაგეცლები, მართლა.. მკლავში ხელი ჩაავლო ლილეს და ასადგომად უბიძგა. მის შეხებაზე გააჟრჟოლა დაშნიანს და მკლავი აუქნია, რომ მოშორებოდა. -არ შემეხო იცოდე! -საჩვენებელი თითი დაუქნია ქალმა და ფეხზე წამოხტა. გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა. ერთმანეთში არეული ღვინის, საჭმლის და სიგარეტის სუნი გულს უხუთავდა. ზოგი ისე დამთვრალიყო ფეხზე ძლივს იდგა, ზოგს ჯერ კიდევ შერჩენოდა ჭიქის აწევის და მკლავზე მოპორწიალე მავედრებელი ცოლის მოშორების უნარი, ზოგი გამეტებით ცეკვავდა მუსიკაზე, რომლის რიტმშიც საერთოდ არ ჯდებოდა მათი მოძრაობები, ზოგი უბრალოდ მშვიდად იჯდა და დაღლილი თვალებით აკვირდებოდა სანახაობას სადაც უამრავი ადამიანი აჩენდა თავის ამაზრზენ სახეს. სასიამოვნო სიგრილე იყო რესტორნის ეზოში. რამენიმე მთვრალ კაცს მოეყარა ერთად თავი, ხელგადახვეულები სიგარეტს ეწეოდნენ და ერთმანეთს კაცობას უქებდნენ. მოშორებით შეკრებილიყვნენ მათი ცოლები და ნახევრად მძინარე შვილები, გამწყრალი თვალებით რომ უყურებდნენ ქმრებს და მამებს და ერთი სული ჰქონდათ აქედან გაქცეულიყვნენ. გრილმა ჰაერმა ლილეს სული მოათქმევინა. ფოთლები საამოდ შრიალებდნენ ოდნავ მონაბერი ნიავის წყალობით. კეთილმოწყობილი კაპიტალური რესტორნიდან გუგუნით ისმოდა ხმამაღალი მუსიკა. რა თქმა უნდა, მისი მცდელობა, რომ გაგასგან თავი დაეღწია უშედეგო გამოდგა.. კაცი უკან გამოყვა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუდგა წინ ხის ძელსკამზე მჯდარ ლილეს, იდაყვი რომ საზურგეზე ჩამოედო და თავს ხელისგულზე ასვენებდა. -შენ სად უნდა გამექცე, ლილე, მე რომ ვერ მოგაგნო? ქალმა არაფერი უპასუხა. ზედაც არ შეუხედავს მისთვის. ზაფხულის ჩაბნელებულ ცას გაჰყურებდა და თავდაუზოგავად ცდილობდა საკუთარი თავის გარემოსგან იზოლირებას. -სექსუალური ხარ… -შენ მთვრალი და გულისამრევი, - არც განძრეულა ისე შეხედა ლილემ ამღვრეულ თვალებში კაცს. გაგას ჩაეცინა, თუმცა კი გაღიზიანება შეეტყო. -არ გიხდება ასეთი სიტყვები.. -რა გინდა, გაგა? ხომ გითხარი, თავი გამანებე-მეთქი, რატომ არ გესმის? ან ამ ქორწილში რა თავის გამოჩენა მოგინდა, წადი რა, შენს ცხოვრებას მიხედე! თავი მომაბეზრე! -წესიერად მელაპარაკე! -მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი ლილეს და ფეხზე ადგომა აიძულა. ქალს სიჩქარისა და მოულოდნელობის გამო ფეხი გადაუბრუნდა, კოჭი საშინლად ეტკინა, თუმცა ყველა ფიზიკურ ტკივილს იმ წამს გაგას უხეში და უპატივცემულო საქციელით გამოწვეულმა გაკვირვებამ აჯობა. -გაგა, როგორ მექცევი! ხელი გამიშვი! -დაეჯაჯგურა კაცს, თუნმცა ისე ძლიერად უჭერდა ხელს მკლავზე, ვერაფერს გახდა. ბრაზი ყელში უთუხთუხებდა. -როგორ გექცევი, ლილე? -სახე ახლოს მიუტანა გაგამ, ალკოჰოლის სუნმა ცხვირი დაუწვა ქალს. -მშვიდად ნათქვამი არ გესმის, იქნებ, ასე გაგაგებინო რამე. -რა მითხარი მშვიდად და რა არ გავიგე? შენგან ასეთ უპატივცემულო მოპყრობას არ ავიტან… გაგამ ხმამაღლა გადაიხარხარა. -შენთვის ეს არის უპატივცემულო მოპყრობა და შენ რასაც მიკეთებდი მთელუ ჩვენი ცოლქმრობის განმავლობაში, ეგ ნორმალური იყო? ყოველთვის ზემოდან მიყურებდი, ყოველთვის ჩემზე ძლიერად და მნიშვნელოცნად მიგაჩნდა თავი! შენ იყავი მთავარი! -თუ ეგრე არ გინდოდა, რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც აგეღო შენს უბადრუკ თავზე პასუხისმგებლობა. ერთხელ მაინც გეცადა ტვირთის განაწილება! მარტივია ყველაფერი ქალს დაადო მხრებზე და მერე სიძლიერის გამო კიცხავდე თავმოყვარეობაშელახული! -ლილე ხმადაბლა, თუმცა ბრაზით სავსე ხმით პასუხობდა. სისხლი უდუღდა ამ არაკაცს ასე ახლოდან უყურებდა და მისი მოკვლა არ შეეძლო. -საინტერესოა ვისი თავმოყვარეობა შეილახა, კაცი სხვა ქალთან გაგექცა! -შენ მე არსად გამქცევიხარ, წასვლა გინდოდა და არავინ გაგაკავა! დამნაშავე მე არ ვარ შენს ღალატში, გაგა. ჩემს თავმოყვარეობას და ღირსებას შენ რაც არ უნდა გამიკეთო, ვერასდროს ვერ გასვრი და შეეხები. დამნაშავე ისაა, ვინც ღალატში დაინახა გამოსავალი და არა ურთიერთობის გამოსწორებაში, ან იმაში, რომ სიძლიერე გამოეჩინა, გაშორებოდა ცოლს და ისე დაეწყო სხვა ქალთან ურთიერთობა მოღალატის იარლიყის აკვრის გარეშე! ლაჩარი ხარ და ამავდროულად არაკაციც, ამ ბრწყინვალე კომბინაციას არაფერი ეშველება სამწუხაროდ, რადგან შენს სისუსტეს ყოველთვის სხვას დააბრალებ საკუთარი დაბინძურებული ღირსების დასაფარავად! არასწორი მსხვერპლი აარჩიე! -დაძაბულობისგან ხმა უწყდებოდა ლილეს, როცა ამ სიტყვებს ეუბნებოდა გაგას, თუმცა ყველაფრის პირში მიხლისგან მიღებული სიამოვნებით იმდენად იყო დაბრმავებული, კაცის შეშლამდე მისულ სახეს სულ ვეღარ ამჩნევდა. -შე ! -მრისხანებისგან ხმა დაბოხებოდა გაგას, ცხოველივით იღრიალა და ლილეს ისე ძლიერად უბიძგა ხელით, რომ ქალი ხის ძელსკამს თეძოთი და მხრით მიეხეთქა. -ბავშვის გაჩენაც არ შეგიძლია, ვის რაში სჭ… სიტყვის დასრულება არ დასცალდა, ისე ძლიერად მოხვდა სახეში ვიღაცის მოქნეული ხელი. ლილეს სკამზე მიხეთქების სიმწრისგან დახუჭვოდა თვალები და ვერც კი გააცნობიერა, როდის მივარდა მათთან მესამე პირი და როდის მოასწრო გაგასთვის სახეში მოქნევა. თვალი რომ გაახილა სიმწრის ცრემლებმა მზერა დაუბინდა, ამღვრეული გამოსახულების მეტს ვერაფერს ხედავდა. ახლა მარტო კოჭი კი არა მხარი და თეძოს ძვალიც საშინლად სტკიოდა. ტკივილისგან ხმა ვეღარ შეიკავა და ოდნავ ამოიგმინა, როცა წამოდგომა სცადა. ვიღაც თეთრმაისურიანი ზემოდან დადგომოდა გაგას და ყელზე ხელებს უჭერდა. -მიკარება არ გაბედო მეორედ, თორემ ცხვირის გატეხვას არ დავჯერდები და კისერსაც ზედ მიგაყოლებ, ხო გაიგე? ხალხის ჩურჩულისა და წამოკივლებისგან ნათლად გამოარჩია უფროსი ფიცხელიანის გამძვინვარებული ღრიალი ლილემ და ენა მუცელში ჩაუვარდა შოკისგან. მთელი საღამო ცდილობდა ამ ქალისგან შორს ყოფნას. იქეთ არც კი იხედებოდა, სადაც ის ეგულებოდა. არადა, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მაცდური და ამავდროულად მიუწვდომელი, არავისთვის ემეტებოდა. ყელში ერთი ყლუპი ღვინოც არ გადასვლია. საკუთარი თავის და მოთმინების იმედი აღარც ფხიზელს ჰქონდა, მთვრალს - უფრო მეტად ამ ჯადოქრის სიახლოვეს რომ იყო. ნელიმ სიმართლე უთხრა, რომ ჯადო ედო. ასეთი რაღაცების არასდროს სჯეროდა, მაგრამ ახლა დარწმუნებული იყო, რომ ლილეს არსებას ჯადოსავით მოეცვა მისი სხეული, სული და გონება. შეუძლებელი იყო ამისთვის რამე სხვა ეწოდებინა ბექას, როცა მისი დანახვის დღიდან ლილესგან გაქცევის მეტს არაფერს ცდილობდა, მაგრამ მისი გულიც და სულიც ერთდროულად ღალატობდა, ყველაფერი მისკენ ექაჩებოდა. ამ წამსაც მასზე ფიქრის წინააღმდეგ ჭიდილში ატარებდა უახლოესი მეგობრისთვის უძვირფასეს დღეს. იჯდა და ლილეს არსებაში საკმარისი ნაკლების ძიებას ცდილობდა, რომ საკუთარი გული არასწორ არჩევანში დაერწმუნებინა. რომ არ იყო ეს ქალი სამისო, მაგრამ ვერაფერი გამოუძებნა საკმარისად ძლიერი, საკმარისად საშინელი და ავი, რაც ლილეზე გულს ააცრუებინებდა. მხიარულებასა და მეგობრებთან გართობაშიც კი იდეალური იყო, ასე მიმზიდველად ჩაცმულიც კი არ ჩანდა ვულგარული, ნაკლიანი. ბექას ეჩვენებოდა რომ ამ ქალში ყველაფერი იყო, ავიც და კარგიც, მაგრამ ვერაფერი აიძულებდა მასზე ავად ეფიქრა, ვერაფერი აიძულებდა რამე ავი ეგრძნო მის მიმართ. ის კაცი რომ დაინახა მკლავში როგორ ჩააფრინდა და მერე როგორ მოიშორა ლილემ, სხეულის ენით მიხვდა, უცნობი რომ არ იყო. “ალბათ ყოფილი ქმარია”, მაშინვე დასჩხავლა არსაიდან მომავალმა ბოროტმა ხმამ და სხეულში გასცრა. მზერა სასწრაფოდ მოარიდა. ისიც კი არ აწუხებდა რომ ადრე სხვისი ცოლი იყო. საკუთარი ტრადიციების პატივისცემის მიუხედავად ვერაფერი აიძულებდა ამ ქალზე უარი ეთქვა საკუთარი თავის წინაშე მაინც. კარისკენ მიმავალი რომ დაინახა, რომელსაც ის კაცი უკან მიჰყვებოდა, ვეღარ მოითმინა, თვითონაც წამოდგა და უკან გაჰყვა. არ იცოდა რა ძალა ექაჩებოდა იქეთკენ, მათ საუბარში ჩარევაც არ სურდა, მაგრამ ლილეს ტკივილიანი წამოკივლება რომ გაიგონა, გონებაზე მაშინვე ყველაზე სქელი ნისლი გადაეფარა. ახლა რასაც იმპულსები კარნახობდნენ მხოლოდ იმ ცხოველის მოკვლა იყო, ლილესთვის ამდენი ხნით შეხების უფლება რომ მისცა. -შეეშვი, გთხოვ.. არ მოკლა, -ძლივს ამოიკნავლა ლილემ. გრძნობდა ნელ-ნელა სხეულის ტკივილისა და ემოციური შოკისგან გონება ეთიშებოდა და რეალობის აღქმას კარგავდა. ბექა სასწრაფოდ მიუახლოვდა და ფრთხილად ამოსდო ხელები ფეხებქვეშ და წელზე. ისე ნაზად ეხებოდა, როგორც ახლადაყვავებულ ყვავილს, ფურცლები რომ არ დაუზიანდეს. -რას აკეთებ.. მთვრალი ხარ.. - ამოიკვნესა საწყლად თავის მანქანაში მგზავრის სავარძელზე რომ დააწვინა კაცმა და ღვედი შეუკრა. მისი სუნი ისე სწრაფად დატრიალდა მანქანის სალონში რომ ფილტვები მაშინვე ფიცხელიანით ამოევსო, ისევე როგორც გონება, გული და მთელი არსება. -არ ვარ მთვრალი, საავადმყოფოში მიმყავხარ. რამე გტკივა? - ეტყობოდა მამაკაცს როგორ ცდილობდა ნერვიულობის შეკავებას, თუმცა აღელვებული თვალები წამდაუწუმ ლილეს სახისკენ გაურბოდა. თითქოს ეშინოდა მასზე ტკივილის დანახვის. -არ მინდა საავადმყოფოში, გთხოვ. არ მტკივა, კითხვებს დამისვამენ რა მომივიდა და არ მინდა. სახლში წამიყვანე. -ხმაში ცრემლი გაერია ლილეს. იმდენი ხალხი გახდა იმ ცირკის მოწმე, მათ შორის ფიცხელიანიც. სირცხვილისგან საკუთარი თავისგან უნდოდა გაქცეულიყო. -მამაშენი მაშინვე ტყვიას დამახლის შუბლში, მასთან ასეთ მდგონარეობაში რომ მიგიყვანო. -საკუთარი თავის დასარწმუნებლად უფრო თქვა ეს, ვიდრე ლილეს. კარგად იცოდა, ბეშქენი რომ არაფერს დაუშავებდა და ასეც რომ ყოფილოყო, თვითობ მაინც არ შეეშინდებოდა, რადგან ნამუსი სუფთა ჰქონდა. ახლა სადმე სხვაგან რომ დაეტოვებინა და ვერ გაეგო, როგორ იყო, ერთი წამიც რომ მოშორებოდა ამ მდგომარეობაში მყოფს… არ უნდოდა. -ჩემი ბინის გასაღები არ მაქვს. -ამოიჩურჩულა ლილემ. ჩუმად გახედა გზაზე მიშტერებულ კაცს, რომელსაც მთელი სხეული დაბვოდა და ორივე ხელით ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს. -ჩემთან წაგიყვან. -მტკიცედ უპასუხა, თითქოს ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ უნდა ხედავდეს დაშნიანი. -არ მინდა. დემეტრე და მარიკა რატომ დატოვე.. უხერხულია. -დემეტრე და მარიკა დიდი ხნის წინ წავიდნენ, ბავშვის ჭამის დრო იყო. -მაშინ მითუნეტეს, არ მინდა არავის შეწუხება. -ლილე, ძალიან გთხოვ დაწყნარდი. ჩემს სახლში მიმყავხარ, შესაბამისად იქ არავინ არ ცხოვრობს ჩემ გარდა და არც არავინ შეწუხდება. ამ მდგომარეობაში ვერსად ვერ დაგტოვებ. ტყუილად არ შემეწინააღმდეგო. -გამოზომილად თუმცა დაძაბული ხმით მიმართა ქალს, ისე, რომ გზისთვის მზერა არც კი მოუშორებია. მთელი დღის ემოციებისგან დაღლილი დაშნიანი ხმას ვერ იღებდა. გზას გაჰყურებდა და თბილისში შესულმა ბოლოჯერ გაიბრძოლა ბექასთან დარჩენის წინააღმდეგ. -მამაჩემი მაინც მოგკლავს, თუ გაიგო რომ ღამე შენთან გავათენე. მარტომ. -სახლში ამ მდგომარეობაში მარტო არ მიგიყვან. შენც რატომ გინდა ყველა ანერვიულო? დილით დაგაბრუნებ. დარეკე და თქვი რომ სადმე რჩები. -ტყუილის თქმისკენ მიბიძგებ? -ჩაეღიმა ლილეს, თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე დარეკა სახლში და სალომესთან დარჩენა მოიმიზეზა. მერე სალომესთანაც დარეკა და გააფრთხილა, რომ მასთან რჩებოდა. მეგობარმა მილიონი შეკითხვა მოაყარა, თუმცა “მერე მოგიყვები” იყო გადამჭრელი პასუხი და ზარიც შეწყდა. არ იცოდა, რატომ ემორჩილებოდა ამ კაცს. ალბათ იმიტომ, რომ თავადაც უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოჭი საშინლად სტკიოდა, მაინც არ დამორჩილდა ბექას და თავისი ფეხით მილასლასდა სადარბაზომდე. ახლა, როცა გონს იყო მოსული, მის ფხიზელ გონებას საერთოდ არ სურდა ფიცხელიანის სხეულთან მჭიდრო სიახლოვე. მათ შორის ჰაერს უნდა გაევლო, რომ ამ დაძაბულობის და მუხტის მცირე ნაწილი მაინც გაენიავებინა და თან წაეღო. კიბეებზე ასვლასთან რომ მიდგა საქმე, ბექნუს ბევრი არც კი უფიქრია ისე შემოჰხვია ქალს წელზე ხელი და ნახევრად მის მხარს დაყრდნობილი მიიყვანა ლიფტამდე. -არ მესმის ამას რატომ აკეთებ..- დაძაბულობის გასაფანტად უფრო თქვა ლილემ, ვიდრე იგულისხმა. -არადა ათასჯერ აგიხსენი. -ოხვრას ამოაყოლა ბექნუმ და ჯიბიდან გასაღები ამოიღო. მკვეთრ განათებაზეღა შენიშნა ლილემ თეთრ მაისურზე სისხლის წითელი წინწკლები. -და მე მაინც ვერ გავიგე.. ჩაფიქრებულმა რომ დააპირა ლიფტიდან გასვლა, სულ დაავიწყდა კოჭი რა მდგომარეობაში ჰქონდა, მთელი სხეულის წონა მასზე გადაიტანა ნაბიჯის გადადგმის დროს და ტკივილისგან თვალებიდან ნაპერწკლენი გაყარა. პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეტირა. ჯერ კიდევ ქუსლიან ფეხსაცმელზე იყო აღმართული და ეს ყველაფერი მდგომარეობას მხოლოდ აუარესებდა. ფიცხელიანი იქვე რომ არ მდგარიყო და სხარტად არ ჩაევლო ხელი, ვინ იცის იქნებ კიდევ გაშხლართულიყო იატაკზე და საერთოდაც განუტევებდა სულს მისი დაბუჟებული სხეული. -ჯიუტი ხარ, ნამდვილი ჯიუტი. -ჩაილაპარაკა და კარი ცალი ხელით გააღო. -გაიხადე ეგ საშინელება, სანამ მეორე ფეხიც მოგტყდა. -ვერ ვიხრები…-ამოილუღლუღა ლილემ. საკუთარი სხეულის უძლურება ნერვებს უშლიდა და ცრემლებიც ამიტომ მოადგა. ახლა ერთადერთი, რაც შვებას მოგვრიდა დღევანდელი ემოციებისგან დაცლა იყო. ის კი რატომღაც, როცა რაღაც უჭირდა ყოველთვის ფიცხელიანების სახლში აღმოჩნდებოდა ხოლმე. და რა თქმა უნდა, თავში ყველაფერი ერეოდა და ეხლართებოდა, როგორც ძაფის გორგალი. ბექას არც კი უკითხავს ისე მიიყვანა სავარძლამდე ხელში აყვანილი. სხეულს რომ ადუნებდა ლილე უფრო მეტად გრძნობდა დაბეჟილი კუნთების ტკივილს. კაცს სირცხვილისგან თვალს ვერ უსწორებდა, მისი დაცვა და გამოქომაგება რომ დასჭირდა ისევ, ესირცხვილებოდა. რცხვენოდა იმისაც, რომ ყველამ გაიგო და დაინახა თუ როგორ კაცთან იცხოვრა ხუთი წლის განმავლობაში. მართალია, ეს მის ღირსებას არ შეხებია, მაგრამ ადამიანში რომ შეცდები ეს ნაკლებად მტკივნეული ხომ არ არის… ფეხსაცმელი ფრთხილად გახადა ბექნუმ. წარბებშეკრული თუმცა მთელი მოთმინებითა და სიფრთხილით აკეთებდა ყველაფერს. თითქოს ზედმეტად არ უნდოდა, რომ შეხებოდა და უარესად ეტკინა. მისგან წამოსულმა დაძაბულობამ მთელი ოთახი ამოქოლა, შეუძლებელი იყო ამ ენერგიისგან გაქცევა, თვალის დახუჭვა ან სუნთქვის შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ კრიჭაშეკრული ცდილობდა მრისხანების შეკავებას, რომელიც გულში დაგროვებოდა, დაშნიანის მახვილ თვალს და მგრძნობიარე აურას არ გამოპარვია მისი რეალური გრძნობები. -ასე არასოდეს მოქცეულა, არ ვიცი, რა დაემართა… -ამოილაპარაკა ბოლოს ლილემ. ფიცხელიანმა ისეთი თვალებით შეხედა, მაშინვე ინანა წამოროშილი სიტყვები გაგას დაცვას რომ უფრო ჰგავდა, ვიდრე სიტუაციის განმუხტვას. -ღალატი ნაკლები დანაშაული არ არის და ნუ ამართლებ იმ არაკაცს. ნურც მახსენებ, თორემ მივბრუნდები და ნამდვილად მოვკლავ, იცოდე! ლილემ მაშინვე ენას კბილი დააჭირა. იცოდა, ამას გააკეთებდა ბექნუ, თუ კიდევ ახსნებდა გაგას სახელს, მაგრამ რატომ? უნდოდა ეკითხა რატომ ჰქონდა მის მიკართ ამხელა მრისხანება. ლილე ნამდვილად არ თვლიდა საკუთარ თავს საკმარის მიზეზად. შეკითხვის დასმას კი ერიდებოდა ცეცხლზე ნავთი რომ არ დაესხა, თორემ ბექა ნამდვილად აორთქლდებოდა ბრაზისაგან. ოთახიდან მაისურით და შორტით ხელში გამოვიდა. სახე ოდნავ დამშვიდებოდა, დივანზე ლილეს ფეხებთან ჩამოჯდა. -მალამო მაქვს, მოგცემ და წაისვი, სადაც გტკივა. ესენიც ჩაიცვი, თუ გინდა დაგეხმარ… -არ მინდა! არა, არა! ჩემით ვიზამ, -სწრაფად მიაყარა ლილემ, მის წინაშე კიდევ ერთხელ გაშიშვლებას ვეღარ გადაიტანდა, მითუმეტეს რომ კაბის შიგნით მხოლოდ საცვლები ეცვა. სწრაფად წამოჯდა, ტანსაცმელი რომ გამოერთმია და ტკივილმა ისე სწრაფად დაუარა მთელს სხეულში, რომ ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა. -რატომ ხარ ასეთი მოუსვენარი? არ დამიძალებია, შემოგთავაზე, შენ აღშფოთდი და წევხარ ახლა ამ მდგომარეობაში. ფრთხილად წამოჯექი, მოდი და მერე გავალ, მალამოს მოგიტან. ლილე მოჯადოებულივით იქცეოდა, როგორცნ კი ნესტოებში ბექას სურნელი შეუვარდა მაშინვე სხეული მოემჩვარა, ყველა უჯრედი თითქოს ერთმანეთის მიყოლებით ჰაერში აეყარა და მერე თავის ადგილს დაუბრუნდა. ყველა მონაკვეთი ეწვოდა თავისი სხეულის, სადაც ფიცხელიანი შეეხო. უფრო მეტად არაადეკვატური კი ის იყო, რომ მასთან უფრო ახლოს მისვლა უნდოდა, ამ შეხების დასრულების არანაირი სურვილი არ გააჩნდა, პირიქით - რაც შეიძლება ცოტა ადგილი სურდა დაეტოვებინა თავის სხეულზე სადაც ბექნუ არ ეხებოდა. რომ მოშორდა უკმაყოფილება იგრძნო, თითქოს მწყურვალს წყლით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიუტანეს და მერე მის თვალწინ გადაღვარეს. ოთახიდან გასული რომ დაიგულა, რის ვაი-ვაგლახით გადაიცვა თეთრი მაისური. კაბა დივნის მკლავზე გადაკიდა. ის ხელი, რომლითაც დაეცანსაერთოდ უმოძრაო ჰქონდა, ოდნავი გარხევაც კი საშინელ წვას და ტკივილს აყენებდა. შორტი რომ ამოიწია გახეხილ თეძოზე უნდოდა ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ასეთ მდგომარეობაში სხეული ბავშვიბაშიც კი არ ჰქონია, როცა ავტოფარეხის სახურავიდან გადმოვარდა. სახლში რა უნდა ეთქვა ასეთ მდგომარეობაში რომ მივიდოდა, თუ ფიცხელიანი მიიყვანდა ხომ საერთოდ, ომი და მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა. თვითონაც გამოეცვალა ბექნუს, ხელში ვარდისფერი მალამოს კოლოფი ეჭირა. ლილეს გაუწოდა და უხმოდ წავიდა სამზარეულოსკენ. -მეძინება, შეიძლება აქ ვიწვე? -მთქნარებით თქვა ლილემ, როცა ძლივს ძლივობით წაისვა მალამო და ფიცხელიანის მოტანილი ცივი წყალი სულმოუთქმელად გამოცალა. -არა. საწოლზე უფრო მოისვენებ, აქ ვიწრო სივრცეა. -ქალის რეაქციას არ დალოდებია ისე აიყვანა კვლავ ხელში და ოთახისკენ გააფრიალა. -შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, როგორც ჩანს, ამიღებ და წამიღებ სადაც გინდა. -ბევრს ნუ ლაპარაკობ. -წარბები შეკრა ბექამ და ქალი საწოლზე დასვა. -ცოტას როდის ვლაპარაკობდი. ფიცხელიანმა ამოიქშინა. -რამე თუ არ გჭირდება, გავალ. -კი მჭირდება. პასუხები შეკითხვებზე. -ლილე, ახლა არა… -აბა როდის? ხვალ სახლში წავალ დილიდანვე, შენ გაუჩინარდები ისევ. -ისევ რას ნიშნავს. არსადაც არ გავუჩინარებულვარ. სახლში ვიყავი. -გაუჩინარებაა მაშინაც, როცა ადამიანი გელოდება, შენ კი განზრახ არ მიდიხარ მასთან. არ არის საჭირო მაინც და მაინც მისთვის უცნობ ადგილას იმყოფებოდე. მაგრამ ამაზე არ მაქვს პრობლემა, ჩემთვის გასაგებია ყველა ის მიზეზი რის გამოც შენ ჩემს ნახვას არ მოისურვებდი. მე რაც უკვე გკითხე იმაზე მქინტერესებს პასუხი. -მემგონი, გაგეცი მაგაზე პასუხი, -რომ მიხვდა საუბარს დასრულება არ ეწერა, სავარძელზე ჩამოჯდა ფიცხელიანი და დაღლილი თვალებით შეხედა ქალს. -აქ რატომ მომიყვანე? - მრისხანება ერეოდა უკვე ლილეს, -მიგეყვანე სახლში, მამაჩემი ხვალამდე მაინც ვერაფერს გაიგებდა! შენს სახლში რატომ მომიყვანე! -გითხარი, რატომაც. -არა, ბექა, არ გითქვამს! არაფერზე პასუხი არ გაგიცია! ისე წამოვედი, შენგან ნორმალურ სიტყვას ვერ ვეღირსე, მერე არც დამიკავშირდი, ახლაც რომ შემხვდი დიდად არ გესიამოვნა, მაგრამ არც ის გინდა სახლში გამიშვა. რაღაცას მიმალავ მამაჩემთან ერთად და გეფიცები, თუ შენი პირით არ მეტყვი, ჩამოვალ და ჩემით გავიგებ! -შენ იცი, რატომაც არ წამოგყევი, რატომაც არ გითხარი არაფერი მამაშენის თანდასწრებით! იცი, რატომაც ვერ ვიქნებოდით ერთად და რატომაც არ შეიძლება ამის გამომჟღავნება არც ერთმანეთთან და არც დანარჩენ სამყაროსთან. შენ თუ გგონია.. -ერთ ამოსუნთქვას ამოატანა ყველა სიტყვა ბექამ და ბოლოს სუნთქვაშეკრულს წინადადება შუაზე გაუწყდა. ლილეს თვალებში ჩააშტერდა. იმხელა სასოწარკვეთა დაინახა ქალმა მათში გული მოეწურა. -რა.. რა თუ მგონია, -მაქსიმალურად ფრთხილად ჰკითხა ლილემ, სუნთქვა თვითონაც შეკრული ჰქონდა. თვალებით ევედრებოდა, რამე ეთქვა, ერთხელ მაინც გაემხილა რას გრძნობდა, სულ ოდნავ.. -ასე არ შეიძლება. -როგორ? -შენი ხმის გაგონება არ მინდა. -ლილეს არც ერთი ჭრილობა არ ტკენია ისე, როგორც ის სიტყვები, რომელსაც ბექნუ ეუბბებოდა თვალებდახრილი, -არ მინდა მახსოვდე. არ მინდა ვიცოდე როგორი ხარ. როგორი ხმა გაქვს, როცა იცინი ან რამე გწყინს. არც შენი სუნი მინდა ვიცოდე, არც შეხება. თუ ჩემთვის ასეთი მიუწვდომელი უნდა იყო, როგორც ახლა ხარ, მირჩევნია საერთოდ უცხო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ შენ გვერდით ყოფნისთვის ვერაფერს გავაკეთებ. ამას არც მე დავუშვებ და არც მამაშენი. ყველაფრის მიუხედავად რომ შენ მაინც მელოდებოდი, ეგ მთელს სხეულს მიფლითავს. ჩემი გონების გარდა ყველაფერი შენკენ მექაჩება. ახლაც, ამ წამსაც. მეშინია რომ ხვალაც ისე ვერ გაგიშვებ, როგორც დღეს ვერ გაგიშვი. შენ ჭკვიანი ქალი ხარ და ხვდები, რომ მამაშენის არ შემეშინდება, რადგან მართალი ვარ, იცი, რატომაც არ მიგიყვანე და მაინც წამომყევი. ეგ მაგიჟებს. ყველაფერში შეგიძლია წინააღმდეგობა გამიწიო, ყველაფერზე შეგიძლია ისე მეჩხუბო, როგორც უკანასკნელ დამნაშავეს, მაგრამ ჩემთან ახლოს ყოფნას შენც რომ ვერ ელევი, ეგ მაუძლურებს. მამაშენს პირობა მივეცი. არ ვიცი რა იეჭვა, მაგრამ სწორად იეჭვა. შენთან გაკარება ამიკრძალა. მართალიცაა, ჩვენ მისი ერთი ძვირფასი ვერ დავიცავით, მეორეს ცოცხალი თავით აღარ გვანდობს. მერე რა, რომ თვითონაც დააშავა, ახლა ათასმაგად ცდილობს დაგიცვას. მე ბოლომდე არა, მაგრამ მისი პირობა მაინც დავარღვიე და ესეც საკმარისია ჩემთვის რომ სული დამეტანჯოს. -მე მენატრებოდი…-ხმა ჩაუწყდა ლილეს, ცრემლები ღვარღვარით ჩამოსდიოდა ლოყებზე, მთელი სხეული უკანკალებდა მის გულში დატრიალებული გრძნობების ქარიშხლისაგან. -მე მენატრებოდი და შენ მამაჩემს ჩემგან შორს ყოფნას პირდებოდი… -გთხოვ, არ გინდა… -თვალები დახუჭა ფიცზელიანმა და საზურგეზე გადააგდო. ღრმად სუნთქავდა. ადგომა და აქედან გასვლა უნდოდა, მაგრამ თითქოს სავარძელს მიეჯაჭვა. -რატომ.. რაში დაგჭირდა პირობის მიცემა.. შენ ხომ ისედაც არ მოიყვან ცოლად ბიძაშენის მკვლელის შვილს! შენ ხომ ამდენი პრინციპი გაქვს, ბექა ფიცხელიანო და ერთი ადგილუც არ დარჩა შენს მრავალპუნქტიან ჩამონათვალში, ჩემთან ყოფნა რამდენიმე წამით მაინც რომ გაგეთვალისწინებინა. -მე მამაშენთან ვალში ვარ. დამიჯერე. მეტს ვერაფერს გეტყვი. ეს არ არის სწორი. არ შემიძლია. -ვედრებით შეხედა ქალს და ოთახიდან გასასვლელად მოემზადა. -შენ ყოველთვის ყველაზე მართალი ხარ. ჩემი სიყვარული რომ შეგეშალოს… შეუძლებელია. - ხმა გაუტყდა ლილეს, როცა ბოლო სიტყვებს ამბობდა, თუმცა მისი თანდაყოლილი ბრაზი დაუფარავი იყო ახლაც კი. ფიცხელიანს ყველაფერი ჩაწყდა ლილეს სიტყვებზე. მუხლები ძლივს მოხარა რომ ნაბიჯი გადაედგა და სწრაფად გასცლოდა იმ ოთახს, ამ ქალს რომ დაეპყრო მთლიანად. სხეული ისედაც მასზე ფიქრით და სურვულით ჰქონდა სავსე, მის ირგვლივ ყოფნა მხოლოდ ტკივილს აუსაძლისებდა. ტკივილს, რომელიც ახლა ლილეს შეხების სურვილის წინააღმდეგ წასვლით იყო გამოწვეული. მთელი ღამის განმავლობაში არც ერთს სძინებია. ლილე ბექნუს საწოლიდან მიშტერებოდა ფანჯარაში შემიპარულ მთვარეს, რომლიც ვერცხლისფერი შუქიც სახეზე დანათოდა, ფიცხელიანი დივანზე იწვა, თავქვეშ ხელები ამოედო და თვალებდახუჭული ფიქრობდა ყველაფერზე. ახლა საკუთარი თავის გარდა არავინ ჰყავდა გასაბრაზებელ ობიექტად. თვითონ იყო ერთადერთი, ვინც შეცდომა დაუშვა ლილეს სახლში წამოყვანით, სისუსტემ სძლია. მთელი დღე წესიერად არც კი დალაპარაკებია, არც კი შეუხედავს მისთვის არადა ისე ენატრებოდა. საკუთარ სახლში მისი მოყვანა და ამ მონატრების არ მოკბლის სურვილი ყველაზე დიდი სასჯელი იყო, რასაც საკუთარ თავს მიუსჯიდა გამოჩენილი სისუსტისათვის, დარღვეული პირობისათვის….. თვითონქც იცოდა, არ არსებობდა თითქმის დარღვეული პირობა, მას ასრულებ, ან არა. ბეშქენმა უთხრა, ჩემს ქალიშვილს არ მიეკაროო, მან კი თავის სახლში მოიყვანა… როგორც კი ინათა მაშინვე წამოდგა ლილე. უძილობისა და დაჟეჟილობისგან სხეული ტკიოდა, გადაადგილება უჭირდა, თუმცა სასწრაფოდ უნდოდა აქაურობას გაცლოდა. ცოტა ხნის წინ თუ სიამოვნებდა ფიცხელიანის სუნით გაჟღენთილი ჰაერი ახლა სულს უხუთავდა, ყელში უჭერდა და გონებას უბინდავდა. ყველა მისაცემი შანსი ამოწურა ლილემ. აღარაფრის მცდელობას ჰქონდა აზრი, საპასუხო სიყვარულს ხომ არ შეევედრებოდა ადამიანს, ვისაც ამის გაღება არ შეეძლო. კარის ხმაზე მაშინვე წამოჯდა ფიცხელიანი. უკან მიიხედა და კოჭლობით მომავალ ლილეს, რომელიც ზედაც არ უყურებდა თვალი გამოაყოლა. -ტაქსი უკვე გამოვიძახე, შეწინააღმდეგება საჭირო არ არის, არც სცადო ტყუილად, წავალ და მორჩა. -ხმა უძილობისაგან ჩახლეჩოდა. ეს სიტყვებიც ისე უთხრა ბექნუს, რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავს. -ტყუილად გგონია, რომ ტაქსით გაგიშვებ. -არაფერი არ მგონია, არც შენი გასაშვები მჭირს რამე, მელოდება უკვე მძღოლი. იმედია, შენი ტანსაცმლის დაბრუნებას არ მომთხოვ, რადგან მაგ დროისთვის უკვე ნაგავში მექნება გადაყრილი. უთხრა და კარი ცხვირწინ მიუკეტა. ბექა რა თქმა უნდა, სახლში არ დარჩებოსა გულხელდაკრეფილი. არც ის იცოდა, ტაქსი ამ დროს მუშაობდა თუ არა საერთოდ და ამ ქალისგან არ იყო გამორიცხული ფეხით წასულიყო სახლამდე. უკან გაყვა. არც დამშვიდობებიან ერთმანეთს, ისე ჩაჯდა ლილე მანქანაში და მძღოლს რაღაც უკარნახა. *** -სერიოზულად ამბობ? -ყურებს არ უჯერებდა სალომე ლილეს ნაამბობს რომ მოუსმინა. მეტი დრამატულობისთვის ყბაჩამოვარდნილ პირზეც აიფარა ხელი. -მართლა ასე გითხრა? ვაიმე, ღმერთო ამაზე ფილმის გადაღება შეიძლება… ლილე მაგ კაცს უყვარხარ სიგიჟემდე… -კარგი რა, სალო. ამაზე ფიქრიც კი აღარ ღირს… -აუცილებლად უნდა დაელაპარაკო მამაშენს იცოდე. კატეგორიულად მოთხოვე ყველაფერი აგიხსნას. ასე სად გაგონილა! ორი წლის ბავშვი ხომ არა ხარ, ცუდ ამბებს გიმალავდნენ. -არაფერს მეტყვის.. და ვერც მე ვეტყვი ვერაფერს. -ღრმად ამოიხვნეშა ლილემ და საწოლზე გადაბრუნდა, -ბექა მართალია. მამაჩემს რომ ვუთხრა ის მიყვარს, ნამდვილად ხელებში ჩამაკვდება… შენ არ იცი, რა დღეში ვარდება მამიდაჩემს რომ ვახსენებთ.. ზაფხულის ცხელი საღამო იდგა თბილისში. ყველაფერს ბუღი ასდიოდა, რასაც მზის მწველი სხივები წვდებოდა. მოსაღამოვებულს ხალხი ეზოში გამოფენილიყო და მთელი დღის ნანატრი სიგრილით ტკბებოდნენ. სალომე გვიანობამდე გაჩერდა ლილესთან, ათას გამოსავალს სთავაზობდა მეგობარს, თუმცა თავადაც კარგად იცოდა არცერთი მათგანი რომ არ იყო შესაძლებელი. სახლში რომ წავიდა, უკვე ხალხსაც ძილისთვის მიეცა თავი. მხოლოს მანქანების გუგუნი ისმოდა აქა-იქ, რასაც შეერეოდა ხოლმე ძაღლების წამოყეფება, მერე ყველაფერი წამიერად წყნარდებოდა და მხოლოდ ფოთლების ჩუმი შრიალი ისმოდა. ვერც ახლა იძინებდა ლილე. აბაზანიდან გამოსულს თმა არც კი გაუშრია ისე დაწვა. სიამოვნებდა გრილი წვეთები ყელზე და ზურგზე, მონაბერი სიო რომ ეხმარებოდა სხეულის ბრაზისა და მხურვალებისგან გათავისუფლებაში. უკვე ისედაც ბოლომდე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ ამბავს აუცილებლად გაარკვევდა და მერე აუცილებლად მოშორდებოდა ამ გარემოს, ხალხს, წესებს, ტრადიციებს, პრინციპებს, რომლებიც ასე აშორებდათ ადამიანებს ბედნიერებისგან. უეცრად გაახსენდა, რომ მარიკას ნომერი ჰქონდა. ახლა თუ არ იმოქმედებდა, „მერე“ აღარ იქნებოდა. რაც დრო გადის, საიდუმლოებს უფრო სქლად ედებათ მტვერი და სიმართლის გარკვევაც უფრო რთული ხდება. „მარიკა, რომ გეცლება დამირეკე. ლილე“ სწრაფად აკრიფა ტექსტი და საწოლზე გულაღმა გადაწვა. ორი წუთი არ იყო გასული, ტელეფონი რომ აზუზუნდა. მარიკას სახელი ეწერა განათებულ ეკრანზე. -ლილე, ხომ მშვიდობაა? გამარჯობა. -აფორიაქებული ხმა ჰქონდა მარიკას. -კი, მარიკა, გაგიმარჯოს. გთხოვ, ბექამ არ გაიგოს რომ გელაპარაკები... შენთან შეხვედრა და ლაპარაკი მინდა, თუ თბილისში ხარ. -კი, ჩვენ თბილისში ვართ რამდენიმე კვირა, ლილე. ბექა უკვე წავიდა სოფელში. იცი, არ გეწყინოს, მე ბავშვს ვერ დავტოვებ, მაგრამ დემეს სამსახურში რომ გავუშვებ, მოგწერ და გამოდი. -კარგი, მარიკა, დიდი მადლობა. -ლილე, ხომ კარგად ხარ? -კი, კარგად, მარიკა. შეხვედრამდე. საშინელი სიცხე და ბუღი იდგა ქალაქის ქუჩებში. ლილეს უკვირდა, ზოგი როგორ არ იყო შეწუხებული ამ გაუსაძლისი ამინდით, როცა თავად სახიდან ყველანაირი ღიმილი ჩამორეცხვოდა. მარიკას მიერ მიცემულ მისამართზე სწრაფად მივიდა. იმედი არ ჰქონდა, რომ მისგან რამე მნიშვნელოვანს გაიგებდა, მაგრამ ცდად მაინც ღირდა. -ლილე, როგორ ხარ? რა გაწითლებული ხარ... ესე ცხელა გარეთ? მე ბავშვის გამო სულ სახლში რომ ვარ, ვერც ვიგებ რა ხდება. -მადლობა, მარიკა. ხო, ძალიან ცხელა, წყალი დამალევინე თუ შეგიძლია. -მოდი, ცივ ყავას დაგალევინებ, რაღა წყალი. -ბავშვს სძინავს? მაინტერესებს, როგორია... -ოთახი მოათვალიერა ლილემ, ყველგან ბავშვის ნივთები იდო, აშკარად ეტყობოდა აქაურობას ახალშობილის აქ ყოფნა. -სძინავს, მალე ჭამა უწევს და რომ გაიღვიძებს, მერე ნახე, კარგი? მოდი, დაჯექი.. ძალიან შემაშინა შენმა ზარმა ლილე, ხომ მშვიდობაა? იქეთ ბექნუც თავქუდმოგლეჯილი გავარდა სოფელში... რამე მოხდა? -არ ვიცი, მარიკა, და მაგის გარკვევა მინდა სწორედ, -გახურებულ ლოყაზე ცივი წყლით სავსე ჭიქა მიიდო და ოდნავ დაიამა ის ჩახუთულობა, ქუჩიდან რომ ამოყვა. -ვიცი, მამაჩემი იყო ჩამოსული, ბექა არაფერს მეუბნება საერთოდ, არც მამაჩემი... იქნებ შენ იცოდე რამე ისეთი, რაც საჭიროა, რომ მეც ვიცოდე. -ხომ იცი, მაგათსას ვერაფერს გაიგებ, დემეტრეც არაფერს მეუბნება ალბათ იმის შიშით, შენ არ გითხრა. ერთადერთი, რაც ვიცი ის არის, რომ მამაშენი ნელის ძალიან მწარედ ეჩხუბა, მთელმა სოფელმა გაიგო, სულ კუდიანი ეძახა, ჩემი შვილი შენ ჩაგაბარე და შენ იმათ ხახაში ჩააგდეო. როგორც ვიცი, ლაშასთანაც იყო, ფაქტია, იმის მერე ლაშა ჩვენი ეზოსკენ არც კი იხედება, ბექნუსგანაც შორს უჭირავს თავი და ისე აღარ მატრაკვეცობს, როგორც სჩვეოდა, მოკლედ. დეტალები არ ვიცი, მე და დემეტრე თბილისში წამოვედით ჩემი მშობიარობის გამო. ბექნუ იქ დარჩა რამდენიმე ხანი, მხოლოდ ახლა ჩამოვიდა საქორწილოდ, დარჩენას აპირებდა ცოტა ხნით, მაგრამ უკან გავარდა. -აღარ შემიძლია ამდენი საიდუმლოები, მარიკა. -ლილე ყოყმანობდა, არ იცოდა ეთქვა თუ არა მარიკასთვის, რაც მოხდა. მისთვის ამის ცოდნას არანაირი აზრი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ვინმეს გაუმხელდა თავის გულის ნადებს და ცოტა უფრო მოეშვებოდა. ბოლოს მაინც გადაიფიქრა. ცოტა ხნით კიდევ დარჩა, ბავშვს მოეფერა, წაეთამაშა და ნაშუადღევს სახლისკენ წავიდა. ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდა, რომ მეორე დილით გზას გასდგომოდა ლელეთისკენ. მამამისს რაც უნდა ეთქვა, აქ ვეღარაფერი გააკავებდა, აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს, რაც უნდა სცოდნოდა. სახლში გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ზღვაზე მიდიოდა რამდენიმე დღით. ბეშქენმა ცოტა ეჭვის თვალით კი შეხედა თავის ქალიშვილს, ეს რომ გამოუცხადა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მისი შეთავაზება რომ თავად წაიყვანდა ქალიშვილს, რა თქმა უნდა, ლილემ მწარედ უარყო. მთელი გზა ისე ჩაფრენოდა საჭეს, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. გზის ნახევარზე მეტი რომ გალია, იმაშიც კი დაეჭვდა, საერთოდ პოზა შეეცვალა თუ არა მგზავრობის განმავლობაში. ნელ-ნელა ტემპერატურამ იკლო და ნაცნობმა გზებმა იმატა. მართალია, ახლა გარემო სულ სხვანაირი იყო, მწვანეში ჩაფლული და ნაყოფით დახუნძლული, ვიდრე მაშინ, პირველად რომ მოდიოდა და თოვლით გადაპენტილ გზაზე გაიჭედა. უეცრად ისეთი ნოსტალგია შემოაწვა, თითქოს საერთოდ დავიწყებოდა მისი პირველი ვიზიტის დროს მომხდარი მოვლენები და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ისიც კი იფიქრა - ნეტავ იმ დროში დამაბრუნაო. თავისი სახლის ჭიშკარს რომ მიადგა უკვე საღამოვდებოდა. მგზავრობისგან ისე იყო დაღლილი, ერთადერთი ჩემოდანიც ძლივს გადმოათრია საბარგულიდან და სახლში შელასლასდა. ირგვლივ მტვრის და ნაცნობი სიცივის სუნი იდგა. მამამისს, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოწესრიგებული დაეტოვებინა, თუმცა მტვერიც საკმარისად დაედო ყველაფერს. მაშინვე ფანჯრები გამოაღო, ზეწრები აიღო და ოდნავ მიასუფთავა იქაურობა. დიდი ხნით დარჩენას ისედაც არ აპირებდა, მაგრამ მის ნერვულ მდგომარეობას ახლა მტვრიანი ოთახიც რომ დამატებოდა, ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა. როგორც კი საქმეს მორჩა, მაშინვე ნელის ეზოში გადავიდა. სახლში სინათლე ენთო და ბუხრიდანაც კვამლი ამოდიოდა. მოხუცს ჯერ კიდევ ეღვიძა როგორც ჩანს და ლილე დარწმუნებული იყო, რომ მისი დაბრუნებაც შემჩნეული ექნებოდა, მაგრამ რატომღაც ძველებური ცნობისმოყვარეობის გამოჩენისგან თავს იკავებდა. კარზე გაბედულად დააკაკუნა. შორიდან ფაცხა-ფუცხის და ნაბიჯების ხმა მაშინვე მოესმა. მასპინძელი უეჭველად ელოდებოდა. კარი გაიღო და ზღურბლს მიღმა ჩია დედაკაცი გამოჩნდა, აციმციმებული თვალებით რომ მისჩერებოდა ლილეს და ქალს მოეჩვენა, რომ ნელიმ ზუსტად იცოდა, მის კარზე რომ დააკაკუნებდა ადრე თუ გვიან. -შვილო, ჩამოხვედი? მოდი, მოდი. -გამარჯობა, ქალბატონო ნელი. თქვენთან რაღაცის საკითხავად მოვედი... -ხო, ხო აბა რისთვის მოხვიდოდი, ვიცი რისთვისაც მოხვედი. შემოდი, დაჯექი, ჩაი გინდა? -არა, გმადლობთ. რას ნიშნავს იცით, რისთვისაც მოვედი? საიდან იცით? ქალს მის კითხვაზე მხოლოდ ეშმაკურად ჩაეცინა და ჩაის მომზადებას მაინც შეუდგა სტუმრის უარის მიუხედავად. -მე, ასე რომ ვთქვათ, შემიძლია დავინახო, რა მოხდება... ლილეს მაშინვე თავში ამოუტივტივდა მარიკას სიტყვები, მამაშენმა სულ კუდიანი ეძახა ნელისო. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გამოსულიყო ბეშქენი წყობიდან რომ მოხუცი ქალისთვის ყვირილი დაეწყო და შეურაცხყოფა მიეყენებინა, მაგრამ თუ ეს სიმართლე იყო... ლილემ მაშინვე გააქნია თავი, რომ გონებიდან ეს ფიქრები გადმოებერტყა. წამით იმისაც შეეშინდა, ამ ქალმა ჩემი ფიქრებიც არ წაიკითხოსო და დაკვირვებული თვალებით დაათვალიერა ნელის ოთახი. კედლებზე ათასი მცენარე ეკიდა კონად შეკრული, წინდებში ნიორი ჩაეტენა და ჭერზე ჩამოეკიდა, პატარა თაროებზე შუშის ბოთლები და სათავსოები ელაგა. ცეცხლი სასიამოვნოდ ტკაცუნებდა და წყალი გაუჩერებლად დუღდა. ერთი შეხედვით, არაფერი ეტყობოდა აქაურობას. საეჭვო საერთოდ არაფერი იყო, თავად მასპინძლის გარდა, რომელიც არამხოლოდ უცნაურად გამოიყურებოდა, უცნაურადვე საუბრობდა და იმზირებოდა კიდეც. -მამაჩემს თქვენთან რა უნდოდა? რატომ მოვიდა აქ? -პირდაპირ საქმეზე გადავიდა ლილე, როცა შეატყო რომ მოხუცი ნამეტნავად შეჰყვა ჩაის კეთებას და მგონი, დაავიწყდა კიდეც სტუმარი რომ ეჯდა მაგიდასთან. -თვითონ მამაშენს რატომ არ კითხავ? -ხომ იცით, რომ არ მეტყვის. ამიტომ ჩემით მინდა გავარკვიო, თუ თქვენც უნდა მითხრათ, თუ მამაჩემმა არ მითხრა საჭირო არაა რომ ვიცოდე და ათასი სისულელე. -არა, გეტყვი, -მოკლედ მოუჭრა დედაკაცმა, ძალიანაც გამხიარულებული ჩანდა ლილეს პირდაპირი საუბრით. -ეგრე ის შენი ცეცხლის ბატონი ფიქრობს, თორე მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის, რაც პირდაპირ მას ეხება. მით უმეტეს, როცა ეს საქმე თავის თავში სიყვარულსაც მოიცავს. -მერე? გისმენთ! ნელიმ მოთმინებით დაუდო ლილეს ერთი ჭიქა მუქი შინდისფერი შეფერილობის ჩაი, ერთი თვითონაც დაიდგა და ღიმილიანი სახით ჩამოჯდა ხისგან გამოჩორკნილ ჯორკოზე. გოგონას სახეს მშვიდად აკვირდებოდა, თითქოს მასზე რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა. -მამაშენმა, სანამ აქ გამოგიშვებდა, ჩემთან დარეკა. -ერთი ყლუპი მოსვა, ისე რომ ლილესთვის თვალი არ მოუშორებია, თითქოს მის რეაქციას ელოდა. დაშნიანს რა თქმა უნდა, სახეზე არანაირი ემოცია არ დასტყობია ისეთი, რაც ამ ქალს სიამოვნებას მიანიჭებდა, გული კი შეუქანდა ამ ინფორმაციის გაგებაზე, რადგან არ იცოდა, რას ნიშნავდა მისი გაგება. -ასე რომ ვთქვათ, მე მამაშენი მენდობოდა. ისიც კი მკითხა, უსაფრთხო იყო თუ არა შენი აქ გამოშვება. -თქვენ რატომ გკითხათ ეგ? თვითონ არ იცოდა, რომ არ იყო? -და რატომ არ იყო? რა დაგიშავდა? ჯანმრთელად გამოიყურები, შენი ფუძე გაიცანი, აქაური ხალხი, მამაშენსაც რომ ექაჩებოდეს ასე აქეთ რამე, კარგი იქნებოდა, მაგრამ მამიდაშენის ტრაგედიის მერე... -თემას ნუ გადაუხვევთ, ძალიან გთხოვთ. მითხარით რატომ გკითხათ თქვენ მამაჩემმა აზრი? -იმიტომ რომ მენდობოდა-მეთქი, გოგო, არ გესმის? მეც ვუთხარი, რომ არაფერი გემუქრებოდა და პირადად მოგხედავდი, მენდო, გამოგიშვა. მერე გაიგო ფიცხელიანებთან რომ იყავი, საიდან არ ვიცი, ალბათ იმათმა გააგებინეს თვითონ, რომ წაეყვანე მამაშენს. ჩემზე ძალიან გაცხარდა, აკი მითხარი უსაფრთხოდ იქნებაო, მატყუარა კუდიანი მეძახა. თქვენ, ალბათ, სხვანაირი აღქმა გაქვთ უსაფრთხოებისა, მე კი მართლა ვერ ვხედავ რამე დაგშავებოდეს. -არც დამშავებია, იმიტომ რომ მამამ ჩამომაკითხა და წამიყვანა.... -და რომ არ წაეყვანეთ, რა მოგივიდოდათ, ფიცხელიანების ბიჭი მგელივით გდარაჯობდა, ერთი თმის ღერიც ვერ ჩამოგივარდებოდა, სათოფეზეც ვერავინ მოგეკარებოდა, როცა ბექნუ ფიცხელიანი იქნებოდა შენ გვერდზე, არ იცი ეს? თავი არ გამოისულელო, ჭკვიანი ქალი ხარ, მეც ჭკვიანი თვალი მაქვს და ყველაფერს მაინც შევამჩნევ. -სულ ეს იყო? მამაჩემი ამხელა გზაზე თქვენს გამოსალანძღად ჩამოვიდა? -მისი შეკითხვაც და ის შეგრძნებაც, რაც ამ შეკითხვამ გაუჩინა, მაშინვე დააიგნორა ლილემ. -არა, რა თქმა უნდა, მერე ფიცხელიანებთან და ფარულიანებთანაც გააგრძელა. ფაქტია, მისი ჩამოსვლის მერე ლაშა ფიცხელიანებს აღარ ემტერება, მამაშენმა რაღაც ისეთი უთხრა, რამაც ყველაფერი მაგ გეზით წაიყვანა, რა უთხრა, მაგას მე ნამდვილად ვერ გეტყვით. -აბა, ყველაფერი ვიციო? -ვიცი კიდეც, მაგრამ მე ვერ გეტყვი, არ მაქვს მაგის უფლება. მე რაც მეხებოდა ისეთი, რასაც შენთან ჰქონდა საქმე, ყველაფერი დაწვრილებით მოგიყევი. დანარჩენი იმათთან გაარკვიე. სანამ მამაშენი ჩამოვა. -ბოლო სიტყვები გაფრთხილებასავით ჟღერდა, მაგრამ ლილეს ყურადღება მის ტონზე არ გაუმახვილებია. -მამაჩემი არ ჩამოვა, არ იცის, რომ აქ ვარ და არც უთქვამს, რომ ჩამოსვლას აპირებდა. -იქნებ, იეჭვა, რომ მოატყუე... -კარგი, მადლობა ინფორმაციისათვის. სხვა თუ არაფერი, თქვენ რამე მაინც მითხარით. ღამე მშვიდობისა. -ლილე მაშინვე ფეხზე წამოხტა და კარისკენ გასწია. მოხუცი ფეხზე არ ამდგარა, ღიმილიანი სახით მიაცილა გოგონა კარებამდე და სანამ მიიხურავდა, მხოლოდ მანამდე უთხრა: -თქვენი ამბავი დაწერილია უკვე, სადაც არ უნდა გაექცე, ბედისწერა მაინც უკან მოგაბრუნებს. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სიცხეებს გამოექცა და ახლა ბევრად უკეთ შეეძლო სუნთქვა, დაძაბულობას ერთი წამითაც არ დაუტოვებია მისი სხეული. მართალია, ამ მხარეში ათასგვარ გამოუცნობ წესს, ტრადიციას და რიტუალს მოეყარა თავი, მაგრამ ჯადოქრების და ნათელმხილველების არსებობას მაინც ვერ იჯერებდა. ამიტომ ნელის სიტყვები მისთვის ცოტა არადამაჯერებლად და ცოტა არ იყოს, უსარგებლოდაც კი ჟღერდა. ერთი არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა, მამამისი საერთოდ სხვა ადამიანი ყოფილიყო სახლში და რადიკალურად განსხვავებული გარეთ, დანარჩენ სამყაროსთან. მამასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და ახლა იმის გაცნობიერება, რომ მათ შორის საიდუმლო ჩამდგარიყო და ეს ორი ერთმანეთს დაეშორებინა, გულს უფრო მეტად უმძიმებდა. მერე ფიქრებით ფიცხელიანებთანაც გადახტა. მანქანით მის სახლს ისე აუარა გვერდი იქეთ მიხედვაც კი ვერ გაებედა. ნეტავ ბექნუმ თუ დაინახა, რომ დაბრუნდა, ან თუ არ დაუნახავს, თუ გაიგო, რომ ჩამოვიდა. ამ სოფელში, რომელიც ხელის გულზე ეტევა, შეუძლებელია რამე დაიმალოს. მართალია, ნებისმიერ შემთხვევაში ბექნუ მას ნამდვილად არ შეუმტვრევდა წიხლით სახლის კარებს და არ მიაკითხავდა, მაგრამ ეს სულ ერთი იყო ლილესთვის. ლაშასთან მისვლას პირველ რიგში ერჩივნა ფიცხელიანთან მისულიყო და მისთვის კიდევ ერთი უკანასკნელი შანსი მიეცა. დილით ადრიანად წამოხტა. არც უსაუზმია ისე გაქანდა ფიცხელიანების ეზო-კარისკენ. იცოდა, კაცი დილაუთენია აუცილებლად თოფგადაკიდებული რომ გავარდებოდა ტყეში და არ უნდოდა გაესწრო. ისედაც მთელი ღამე მოთმინების პირთამდე სავსე ფიალა ახრჩობდა. მოუსვენრობა ხელებზეც დატყობოდა, მთელი სხეული შინაგანად უკანკალებდა. ფიცხელიანების ეზოს რომ მიუახლოვდა, შორიდანაც შენიშნა ბექნუს მაღალი სხეული, მხრებშიგაშლილი რომ აპირებდა სახლის დატოვებას და ტყეში შესვლას. ლილემ ნაბიჯს აუჩქარა, ბოლოს სირბილიც დაიწყო და ფეხის ხმაზე როცა ბექნუ მობრუნდა და ქალის სხეული ამოიცნო, მხოლოდ მაშინ შეანელა სვლა. აღელვებისა და სირბილისგან გული ყელში მობჯენოდა. ლოყები აფორაჯებოდა და ხვეული თმა თავზე კოსად რომ აებურდა, დაუდევრად ჩამოყროდა სახეზე. ფიცხელიანს გაკვირვება ნამდივლად არ აღბეჭდვია სახეზე, როცა ქალი დაინახა, თუმცა მის სახეზე ლილემ ვერც სხვა ემოციის დანახვა შეძლო. როგორც ჩანს დაუბრუნდა თავის მთებს და პირველ სახეს, რომლითაც ლილეს თავი გააცნო. -შენთან სალაპარაკოდ მოვედი. სად მიდიხარ? -ძლივს ამოთქვა ლილემ, სუნთქვა რომ დაირეგულირა. -სათევზაოდ. -რა სასაცილოა. არ წახვალ, სალაპარაკო მაქვს შენთან. -დოინჯი შემოირტყა ლილემ და ცალთვალმოჭუტულმა ახედა თავისზე მაღალ სილუეტს. ბექნუმ ქალის ბრძანების გაგონებისთანავე წარბები მაღლა აწკიპა. -რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე? არაფერი მაქვს სათქმელი-მეთქი. -არადა ნელიმ კარგად ჩამომირაკრაკა ყველაფერი, როგორც ჩანს კაცებს გაქვთ რაღაც პრობლემა ჩემთან. -ნელისთან რა გინდოდა? -წარბები შეკრა ბექნუმ, სახეზე აშკარად დაძაბულობა შეეტყო და წუთისწინანდელი ირონიაც ჩამოერეცხა. -რამე ხომ არ ჭამე, ან დალიე... -ჩაი შემომთავაზა, მაგრამ არ დამილევია, რა იყო? რა მოხდა მერე? -ცალი თვალით გახედა ლილემ კაცს. მისი დაფრთხობა ეუცნაურა. -ლილე, მომისმინე, -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს და მათ შორის დარჩენილი მანძილის დიდი ნაწილი გადაფარა, ლილეს ძლივს დამშვიდებული სხეული ისევ აუფორიაქდა მის სიახლოვეზე. -მაგ ქალის მორთმეულს და შემოთავაზებულს არაფერს ხელი არ დააკარო, ხომ გაიგე? რამეს მოკიდე ხელი? რამე გამოგატანა? -არა, დამშვიდდი. არ დამილევია-მეთქი. რა პრობლემაა ვერ ვხვდები ცოტა არ იყოს.... შენც გგონია რომ ჯადოქარია, ან რამე? -არაფერი არ მგონია, მაგრამ მაგ ქალთან ხუმრობა არ შეიძლება. ისეთ რამეებს ხედავს, ამჩნევს და ამბობს,რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხედავენ, ვერ ამჩნევენ და ვერ ამბობენ. დამიჯერე. არაა სახუმარო. -ისეთი მკაცრი დამაჯერებლობით ელაპარაკებოდა ფიცხელიანი, რომ ლილემ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოახერხა.- რა გითხრა? -არაა შენი საქმე, რაც მითხრა. შენ თუ არ მეტყვი, რაც მოხდა, იცოდე, შემდეგი ვიზიტის ადგილად ლაშას სახლი მაქვს მონიშნული. -გოგო, შენ გაგიჟდი საერთოდ? რანაირად იქცევი? მაინცდამაინც უნდა დაგაბა, რომ გაჩერდე? -ხო, დაბმა მოგიწევს, რომ გავჩერდე და რომ გავჩუმდე, პირიც მოგიწევს რომ ამიკრა. რას იტყვი? დაბმული რამდენი ხანი გეყოლები? ერთი-ორი თვე... ამ პროცესს უბრალოდ გაახანგრძლივებ... -ლილე, იმასთან მისვლა არ გაბედო იცოდე, რა გგონია, სიმართლეს გეტყვის? -შენთან რომ მოვედი, რა? შენგან რომ მაქვს სიმართლის მოსმენის იმედი და მემილიონედ გთხოვ რამის ცოდნის ღირსად ჩამაგდო, რა? ითვალისწინებ ჩემს თხოვნას? შენ თუ არ მეტყვი, ლაშასთან მივალ, ლაშა თუ არ მეტყვის მამაშენთან, ასე ვივლი კარდაკარ სანამ ვინმე რამეს არ მეტყვის, ხომ გაიგე?! -წამოდი. -მკლავში ხელი ჩაავლო ბექნუმ და ვიწრო ბილიკისკენ წაათრია, რომელიც ტყის სიღრმეში შედიოდა. -სად მიმათრევ, უნდა მომკლა? არ გამიკვირდება ესეც რამე მსხვერპლშეწირვის რიტუალი რომ იყოს. -შენ აქაურ ჰაერზე იწყებ ეგრე ლაპარაკს მაინც და მაინც? თუ რა გემართება? -მეც იგივე შეკითხვა მაქვს შენთან. და ხელი გამიშვი, მოგყვები, ხომ ხედავ! -მთელი სხეულით დაეჯაჯგურა ლილე ფიცხელიანის მკლავს,მაგრამ რა თქმა უნდა, უშედეგოდ. -დაგიჯერე, როგორ არა. ორი წუთის სიარულის შემდეგ პატარა ღელე გამოჩნდა, რომელზეც ფიცრებისგან შეჭედილი ქვის წისქვილი იდგა. გარეთ პატარა ძელსკამი და ხისგან გამოჩორკნილი მაგიდაც მოეთავსებინათ. ლილეს სკამზე დაჯდომისკენ უბიძგა, თვითონ კი მის მოპირდაპირედ ქვაზე ჩამოჯდა და თოფი მოიხსნა. -აბა, გისმენ... -გარემო შეათვალიერა ლილემ, შემდეგ კი ფიცხელიანს მოჭუტული თვალებით დააშტერდა. -რატომ ხარ ასეთი ჭირვეული? -ოხვრას ამოაყოლა ბექნუმ სიტყვები. -არასწორი პასუხია, აბა, კარგად. -მაშინვე წამოხტა ლილე და წასასვლელად მოემზადა. ამდენი რეპლიკის მოსმენამ უკვე მოთმინების ფიალა აუვსო და სიმართლე ითქვას, მობეზრდა კიდეც ღრიტინი ინფორმაციის გამოსასყიდლად. -დაჯექი! -ხელში ჩაავლო ფიცხელიანმა და თვალებით მკაცრად ანიშნა, სადაც დასვა იქ დაბრუნებულიყო. -მომბეზრდა ხვეწნა-მუდარა! თუ იმის გეშინია, რომ სიმართლის გაგების შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდები ან აქედან წავალ საერთოდ და ვერც ერთი ვერ მნახავთ, მაგას ისედაც ვაპირებ, ბექა. თან შენ არამგონია პრობლემა გქონდეს რამე, ისედაც ამ მთებში ცხოვრობ, სადაც მე არ ვარ. -დაწყნარდები? -ლილეს ხმა აღარ ამოუღია. რამდენიმე წამი მოუთმენლად ელოდა, როდის დაიწყებდა ფიცხელიანი საუბარს. -მამაშენს პირობა მივეცი, რომ შენ არ მოგეკარებოდი. ამ პირობას უბრალოდ არ მივცემდი, ვალში რომ არ ვყოფილიყავით მასთან. ლაშაც მამაშენის სიტყვის წყალობით შეეშვა ჩემზე ნადირობას და ჩემს ოჯახსაც მამაშენის გულისხმიერების წყალობით არ აცხია ჩირქი. მამაშენს არ მოუკლავს ბიძაჩემი.. -რა? -მოულოდნელობისგან ფეხზე წამოხტა ლილე, თუმცა მერე ისევ დაჯდა, რადგან თავბრუ დაეხვა და სუნთქვა შეეკრა ამ ამბის მოსმენაზე. თითქოს უდიდესი შვება იგრძნო, რომ მამამისი მკვლელი არ იყო, რომ არავის ცოდვის ტარება არ უწევდა არც თვითონ და არც მამამისს. რომ არავის წინაშე არ მოუწევდა თავის დახრა, დარცხვენა. -აბა, ლაშას მამამ? -არა.. არა... ბიძაჩემმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ლაშას მამა მოკლა. გეფიცები, მეც ახლა გავიგე და... მაშინ საერთოდ არ ვიცოდი... შენ არ იცი ეს რას ნიშნავს, ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელია ადამიანმა თავი მოიკლას. ოჯახს მისი გამოტირების უფლებაც კი არ აქვს, აქაური კაცისთვის უდიდესი სირცხვილია მარტო მისთვის კიარა, მთელი მისი ოჯახისთვისაც. ხშირად რიყავენ თვითმკვლელების ოჯახს. არ ვიცი, ამას ალბათ, მამაშენსაც არ დავუჯერებდი, მამაჩემსაც რომ არ დაედასტურებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. მან ვეღარ გაუძლო იმას, რომ თავისი საყვარელი ქალი აღარ ჰყავდა, მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა ამაში, რადგან პირველ რიგში თვითონ იყო მასზე პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის დანიშნულები იყვნენ. როცა ლაშას მამა მოკლა შურისძიების გამო... ბუდუმ მითხრა, რომ ვერ გადაიტანა.. არ ჰქონდა ძლიერი ხასიათი, სულიც დასახიჩრებული... თავისი თავის მოკვლით სისხლის აღების ტრადიციასაც დაასრულებდა და შემდეგ თაობასაც აღარ მოუწევდა ამ ტვირთის ტარება, როგორც წესი მამიდან შვილზე გადადის შესასრულებელი ვალდებულება ღირსების წინაშე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კაცს ცოლ-შვილი არ ჰყავს, ძმაზე და ძმის შვილებზე... ამით, არ ვიცი, ალბათ ჩვენი დაცვაც უნდოდა და აქედან გაქცევაც, ამ სამყაროდან. არ ვიცი, იქ თვითმკვლელებს რა ბედი ეწევათ, როცა სხვა სამყაროში გადადიან... მოკლედ, ასე იყო. ბუდუმ მამაშენს სთხოვა, რომ ეს სირცხვილი არავისთვის გაემხილა. ამ საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე ალბათ მამაჩემია, მაგრამ მეც არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას. ალბათ, ავიღებდი საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დამეკისრა, თუ საზოგადოება გამრიყავდა დაე, ასე ყოფილიყო, სხვას არ ვაიძულებდი ჩემი ძმის მკვლელის იარლიყი ეტარებინა, მაგრამ... არ მინდა მისი გაკიცხვა. მამაშენს ძალიან უყვარდა ჩვენი ოჯახი, ჩვენ.. ვერ გაგვწირა, მას არც არავინ გაამტყუნებდა ეს რომ თავის თავზე აეღო, თვითონ კი იცოდა, რომ მართალი იყო და არც აწუხებდა, სხვა რას იფიქრებდა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არავინ იცის. ლაშამაც მხოლოდ იმიტომ გაიგო, რომ უაზრო დევნა და სისხლის წყურვილი დაეოკებინა. მამაშენის წინაშე გაუტეხელი ფიცი დადო, რომ ამას არავის ეტყოდა, რადგან არც მამამისი იყო სუფთა და ნამდვილად არ ენდომება, ყველამ ყველაფერი გაიგოს მასზეც. გთხოვ, ამის თქმასაც ნუღა მომთხოვ. მეც არ ვიცი, წესიერად არც დავინტერესებულვარ იმის შემდეგ, რაც ბიძაჩემზე გავიგე სიმართლე. მოკლედ ასეა. არ ვიცი, როგორ შეამჩნია მამაშენმა ან რატომ იეჭვა, რომ ჩვენს შორის რამე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ პირობა ჩამომართვა, რომ... რომ შენგან შორს დავიჭერდი თავს. ამიტომ გთხოვ, ნუ გაართულებ ყველაფერს... სიტყვას ვერ გავტეხ და ვერაფერს დაგპირდები შენგან შორს ყოფნის გარდა. ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა ბექამ. ლილეს თვალები ცრემლით ჰქონდა გადაგლესილი და მის გამოსახულებას წესიერად ვერც ამჩენვდა. მხოლოდ ხმის ტემბრით ატყობდა თუ როგორ უჭირდა კაცს ამ ყველაფრის მისთვის მოყოლა, რამხელა ნდობა გამოუცხადა, როცა თავისი ოჯახის ყველაზე საიდუმლო და პირადული დეტალები გაუმხილა. გაუაზრებლად წამოდგა, გვერდით მიუჯდა და მხრებზე ორივე ხელები შემოხვია, თავი კი ბეჭზე ჩამოადო. ფიცხელიანი ადგილიდან არ დაძრულა, ყელში გაჩხერილი ბურთულა ძლივს გადააგორა, როცა ქალის ნაზი ხელების შეხება და განუსაზღვრელი მზრუნველობა იგრძნო მისგან. იგრძნო, რომ გულთან ახლოს მიიტანა მისი ნათქვამი და გონებაშიც გადახარშა. თვითონ ვერასდროს სთხოვდა ამხელა ნუგეშს, მაგრამ უნებართვოდ გაღებულზე უარის თქმა არ შეეძლო. -მე დამაბრალე, -გატეხილი ხმით ამოიჩურჩულა ლილემ, -ჩემი ბრალია. მე არ განებებ თავს, თორემ სიტყვას შენ შენი ნებით არ გატეხ. ახლაც მე არ გეშვები, მე შემოგიჩნდი ეშმაკივით, მართალი ხარ, გთხოვ, ყველაფერი მე დამაბრალე ოღონდ ახლა ჩახუტების უფლება მომეცი ცოტა ხნით. მერე წავალ. არ გაგიძნელებ. ეს ცოტა ხანი რამდენიმე წუთზე დიდხანს გაგრძელდა. ლილე უსიტყვოდ იზიარებდა ფიცხელიანის უთქმელ ტკივილს, მის პირობით შებოჭილ ბედნიერებას. იცოდა, გრძნობდა, რომ ფიცხელიანსაც არანაკლებ უნდოდა ახლა მოხვეოდა, ეკოცნა, არსად გაეშვა... მაგრამ ამის თქმის უფლებასაც ვერ აძლევდა თავს. აქ ერთადერთი მსხვერპლი მხოლოდ ბექნუ იყო და ლილესაც არ შეეძლო მისი დახსნა ამ მდგომარეობიდან. -შენთან ისე კარგად ვარ... -ამოილაპარაკა ბოლოს საოცრად დამშვიდებული, ნაზი ხმით. ისე, რომ ბექნუს გული მწარედ შეეკუმშა და მთელ სხეულში თითქოს სისხლის მიწოდება შეუწყდა. -ჩემი ნება რომ იყოს, არსად წავიდოდი... მაპატიე, რომ ასე ისარგებლა მამამ შენი მდგომარეობით და შენ წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენ წინააღმდეგ. მე აუცილებლად დაველაპარაკები.... -არა, იცოდე არაფერი თქვა, გთხოვ. -ოდნავ შეირხა ფიცხელიანი, მაგრამ იმდენადაც არა, ლილე რომ მოშორებოდა. -პირობა პირობაა. -მან სიმართლე უნდა იცოდეს, ბექა. -ისედაც ყველაფერს ხვდება! შეწყალება არ მჭირდება. -თქვა და ფეხზე წამოდგა. -შენი სიამაყე დაგვღუპავს.. მე და შენ... -ლილემ ქვემოდან ცრემლიანი თვალებით ახედა. მისი სხეული ჯერ კიდევ გლოვობდა ფიცხელიანის სიშორეს. -შენი აზრით, იმ ქალის გვერდით ყოფნა, რომელიც გიყვარს, შეწყალებაა? -ჩემთვის კი! პირობას ვერ გავტეხ. ასეთი არც შენ გეყვარები, არც მე მეყვარება საკუთარი თავი. რას მთხოვ? ავდგე, გადაგეხვიო, როცა ვიცი, რომ მამაშენს ვუღალატე? ჩემი სიტყვა გავაუფასურე? ამის მერე ბედნიერებას მთხოვ შენთან? ხელი ჩაგკიდო და ზღვის სანაპიროზე ვიცეკვო შენთან ერთად? შენ მამაშენს დაგაშორო იმის გამო, რომ უპრინციპო და ფლიდ კაცთან ყოფნა აირჩიე? აქედან რამე გამოსავალს ხედავ? -კი ვხედავ! ვხედავ! მინდა, რომ ერთხელ მაინც დაივიწყოთ ეს პრინციპები და წესები, ყველაფერი, რაც გბოჭავთ და თქვენს თავს სიყვარულის და ბედნიერების უფლება მისცეთ. მამაჩემს ჰგონია ასე მიცავს არარსებული საფრთხისგან? ერთხელ მაინც დაგეყენებინათ მართლა ჩემი ბედნიერება ყველაფერზე წინ.. მე შენი ყველაფერში მესმის გარდა იმისა, რომ არ გინდა მამაჩემს ვუთხრა შენს მიმართ რასაც ვგრძნობ. რომ სადაც შენ არ ხარ იქ მე ვერ გავიხარებ, ვერ ვისუნთქებ... მხოლოდ მე შევაცვლევინებ მამაჩემს ამ დამოკიდებულებას და მინდა, რომ ამის უფლება მომცე.... -არ მინდა, რომ შეაცვლევინო, გესმის? არ მინდა. არ მინდა იმის გამო, რომ შენ სთხოვე, ჩემთან ყოფნის უფლება მოგცეს და რეალურად არ მენდობოდეს, რეალურად არ გვლოცავდეს და არ თვლიდეს, რომ მე მისი შვილის ღირსი ვარ. შენ შეიძლება გადაწყვეტილება შეაცვლევინო, მაგრამ აზრს ვერ შეაცვლევინებ. მე ასე ბედნიერი ვერ ვიქნები. -იმაზე უბედური იქნები ვიდრე ახლა ხარ? როცა შენთან ყოფნა არ შემიძლია? -კი! მამაშენის სიტყვას ვერც კი ხვდები ჩემთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ლილე.. -ანუ ჩვენ მამაჩემის და შენს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და არა ჩვენზე.... -არაფერი გამოვა აქედან. გთხოვ, სანამ მეტად გატკენ გულს წადი... -ამაზე მეტად აღარ არსებობს. ეპილოგი -კატო! კატო, შვილო, მოდი აქ! ნათლიაშენი მოვიდა... -გოგო, ნუ უყვირი ბავშვს, პატარაა ჯერ რანაირად მოვა, ძლივს დაღოღავს... ჩემი გაბერილი გოგო... -ნათლული ხელში აიყვანა და ტკბილი ლოყები დაუკოცნა, მერე ისე ძლიერად ჩაიკრა გულში, ისე ძლიერად... შეეშინდა არ მოეჭყლიტა და პატარა ხელები დაუკოცნა, -რაო, ნათლი, გაგიჟებს დედაშენი? წამო ჩემთან, ერთად ვიყოთ მშვიდად და ჩუმად... არც შენ გიყვარს ხმაური და არც მე... -ლილე, დასვი და მოდი, ჭამე, თორე გაგასწრებს მალე ნათლული წონაში... -ჩაიფუკუნა ნანომ და შვილი ხელიდან ააცალა დაქალს. -მიდი დროზე.. ლილე ფრუტუნით ჩამოჯდა სკამზე და უგემურად დაუწყო ცოხნა საჭმელს. ნანომ ბავშვი დააწვინა და თვითონ მალევე დაუბრუნდა სამზარეულოს, სადაც ლილე ჩაფიქრებული იჩიჩქნებოდა სალათის ფურცლებში. -როგორი იყო აბა იტალია? პიცის და სპაგეტის ქვეყნიდან ასეთი გაჩხირებული როგორ ჩამოხვედი კი მაგრამ? -სევდა ჩაუდგა თვალებში ნანოს. -არ მიჭამია ბევრი პიცა და სპაგეტი და ისე.. რამხელა გაზრდილა კატო... რა კარგია შვილები... -შენც უნდა გათხოვდე და გააჩინო თუ ასე ძალიან გინდა! ლილემ ამოიფრუტუნა და ისე გადახედა მეგობარს. -ხო ეგრე მარტივი რომ იყოს, დემოგრაფიული პრობლემები არ შეგვაწუხებდა ჩვენისთანა პატარა ერს. -გოგო შენ აღარ მომწონხარ იცი? -თვალები მოჭუტა ნანომ, -რა არის რა აჩრდილს დამსგავსებიხარ მარადჟამს თავქარიანი დაშნიანების ქალი? -თავქარიანობას რა აზრი აქვს, თორემ კი. კაცები არ მწყალობენ. -ჩაიფხუკუნა ლილემ. სხვა თუ არაფერი საკუთარ უბედობაზე ხუმრობების თქმა მაინც შეეძლო. -მაგ კაცებს... ვაი.. ჩემი ნება რომ იყოს... -ჩვენი ნება არაფერია... -ნერვებს ნუ მიშლი! იმ მთიელი ტყიურის გარდა კიდევ კაცი აღარ დარჩა, რომ მისტირი? გაიარ-გამოიარე ათასი ლამაზი კაცი დადის. -შენ რატომ არ ათვალიერებ მერე მაგ ლამაზ-ლამაზ კაცებს, ნანო? -თვალები მობეზრებით გადაატრიალა ლილემ. უკვე იმდენჯერ ისმენდა ერთსა და იმავეს, რომ გააზრებაც აღარ სჭირდებოდა. -მე ქმარი მყავს და იმიტომ! -მერე შენ შენი ქმარი არ გიყვარს? რომ გიყვარს იმიტომ არ უყურებ სხვებს, მაგიტომ არ ვუყურებ მეც და ძალიან გთხოვ, აღარ გინდა ეს სისულელეები.. -კაი, კაი ხო. -კარში დააწია სიტყვა ნანომ, -ამ საღამოს გელოდები იცოდე, ძალიან არ დააგვიანო. სახლამდე ენერგიაგამოცლილი მივიდა. ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჰქონდა არაფრის თავი. ვერაფერში პოულობდა ხალისს და შვებას. ხასიათიც სულ გამოეცვალა. ადრე თუ ჯიუტი და თავქარიანი იყო, ახლა უბრალოდ ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა არაფერს. თითქოს აქაურობას საერთოდ მოწყდა. ღიმილით ისევ იღიმოდა, ისევ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ვინც ახლოს არ იცნობდა, მისი ხასიათის ცვლილებას ვერც კი შეამჩნევდა. -დედა, მოხვედი? მოდი, ვისადილოთ...- ხელებგაშლილი შეეგება შვილს, ლილემ ლოყაზე ფრთხილად აკოცა დედამისს და თავის ოთახში გაუჩინარდა. -ხედავ რა გააკეთე? -გამწყრალი სახით მიუბრუნდა ქმარს ნინო, -შენი ხისთავიანობის დამსახურებაა ეს ყველაფერი! ვერ ამჩნევ შენი შვილი რა დღეშია? -ნინო, არ გინდა... -თავი მობეზრებით გააქნია ბეშქენმა, თუმცა კი თვითონაც სევდიანი თვალები გააყოლა შვილს. -არ მინდა? ოცდარვა წლის არის შენი შვილი... პირველ ქმარში არ გაუმართლა, მეორედ შეუყვარდა ადამიანი და იმასთან ყოფნაც კი არ შეუძლია შენი ქედმაღლობის და უაზრო შიშების გამო! ვაი, რომ ის კაციც შენნაირია, ხელი არ დაავლო შენს შვილს და არ წაიყვანა თავისთან. ვერ ხვდები? შენს სიტყვას ვერ გადაუდის და ბოლოს მაინც ჩემი შვილი იტანჯება ყველაზე მეტად! იცოდე! ახლა ჩემი ლილეს ბედნიერებაზე წინ არაფერი არ დგას, ბეშქენ. არც შენ! შენ თუ გაქვს პრინციპები, ასევე გვაქვს ჩვენც, მეც მეშინია! მეშინია, რომ ჩემი შვილი თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებს თავის სიყვარულთან ყოფნის ნატვრაში გალევს... რაღა ის შეუყვარდა! რაღა ის! მაგრამ რას ვიზამთ. ამ აზრს უნდა შეეგუო. იმ ბიჭმა თავისი დასამტკიცებელი შენ დაგიმტკიცა ბეშქენ! შენს შვილს სათოფეზე არ მიკარებია! ხომ იცი, ლილე ასე მარტივად არ გაჩერდებოდა. ხომ იცი, რომ ლილემ ყველაფერი გაიგო მაშინ... შენ ცნობ შენს შვილს? მე ვერა! რისი გეშინია, მითხარი! -მის დაკარგვასაც ვეღარ გადავიტან ნინო, ვერც შენსას... რას მეუბნები, -ხმა ჩაუწყდა კაცს. სასწრაფოდ წყალი დალია და შუბლზე დაცვარული ოფლი ხელის ზურგით შეიწმინდა. -ხომ იცი, ჩემი დის შემდეგ..... -ლილეს ნუღარ ახსენებ! შენ ვერაფერს შეცვლიდი მაშინ, მაგრამ ახლა შეგიძლია შენი ქალიშვილი ბედნიერების ღირსად მაინც ჩათვალო. არ შეიძლება შენი შიშების გამო ის გყავდეს გალიაში გამოკეტილი, იმ ბიჭს კი საკუთარ ღირსებას უმიზნებდე შუბლში. მათ ამბავში შენ ხარ უარყოფითი პერსონაჟი, ნუთუ ამას ვერ ხვდები..... ჩემი ლილე დამიბრუნე, თორემ მეც მოგშორდები.... ბეშქენმა ნერწყვი ძლივს გადააგორა საყლაპავში. რაღაც ფიქრს შეეწუხებინა ჭაღარაშეპარული კაცი. თვალებში უჩვეულო ნაღველი ჩადგომოდა. გაბრაზებულ ცოლს, ოთახში რომ შეიკეტა, უხმოდ გააყოლა თვალი და ჯიბიდან მობილური ამოიღო. ღირსება უცნაური ფასეულობაა. ზოგი საერთოდ არ უფრთხილდება, ზოგი კი ზედმეტად ცდილობს მის დაცვას და აქ უკვე ყველანაირი საზღვარი ბედნიერებასა და ღირსების დაცვას შორის ბუნდოვანდება. პრინციპებს ხშირად არასწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. იმან, რასაც ღირსების სახელით ახლობლების დასაცავად ვაკეთებდით, შესაძლოა მეორე უკიდურესობამდე მიგვიყვანოს. უკიდურესობამდე, სადაც ყველანაირი კეთილშობილი კვალი ქრება და შენგან მხოლოდ ანტიგმირი რჩება, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთი ადამიანის თამაში არ არის. თუ მხოლოდ საკუთარ ღირსებაზე, პრინციპებსა და შიშებზე იფიქრებ, ისე იმსხვერპლებ სხვების ცხოვრებას, საერთოდ დაგავიწყდება, რომ გზის დასაწყისში მარტო არ იყავი, მაგრამ გზის ბოლოს ირგვლივ აღარავინ გყავს. ბეშქენ დაშნიანი ბექა ფიცხელიანის პირისპირ იდგა და ბოლოდროინდელი აზრებით შეწუხებული სიტყვებს ვერ პოულობდა. ფიცხელიანი თითქოს საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ მახვილი თვალი თუ შენიშნავდა ორიოდე ნაოჭს წარბებს შორის და ნაღველჩამდგარ თვალებს, რომელიც ღიმილის დროსაც კი არ უქრებოდა, ან ფერმკრთალდებოდა. -ბექა, ჩემი შვილი ისევ გიყვარს? ყველაფერს ელოდა ფიცხელიანი ამ შეკითხვის გარდა. გული ყელში ამოუვარდა და ერთ ადგილას გაშეშებულს მთელი გონება ამ კითხვის გარშემო დაუტრიალდა. -ყოველთვის. არ ვფიქრობ, რომ ეს პირობის გატეხვაა. ამას ვერ დამიშლით, რაც არ უნდა ძალიან გინდოდეთ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად. -იცი... დღეს ჩემი ცოლი დამემუქრა... თუ მის ქალიშვილს არ დავუბრუნებდი, თვითონ აუცილებლად მიმატოვებდა. ჩვენ ოცდაათი წელია ერთად ვცხოვრობთ. მასაც ისევე ვუყვარვარ, როგორც მე, და დამიჯერე, მისი გაცნობის დღის შემდეგ ეს სიყვარული ოდნავადაც არ განელებულა. იმის გაფიქრებამ, რომ თავისი ნებით წავიდოდა ჩემგან, შინაგანად დამანგრია, რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რა დამემართებოდა ეს რომ რეალურად მომხდარიყო. მივხვდი... გვიან, მაგრამ მაინც... ჩემი შვილი ამას უსიტყვოდ უძლებდა... მეგონა, თავიდან ჭირვეულობდა, როგორც იცის ხოლმე, რომ ამოგიჩემა... მაგრამ თვეები გავიდა და ჩემი საქციელის ნაყოფს, ჩემს... უბედურ... უბედურ შვილს რომ ვხედავ, ვხვდები, რომ მე არც ჩემი ცოლის და არც ჩემი შვილის ღირსი არა ვარ, იმდენად მშიშარა ვარ.. არ მინდა, შენც ჩემნაირი იყო. უბედურების შიშის გამო ბედნიერებას ნუ დათმობ. გეშინოდეს, მაგრამ ბედნიერებაც უნდა გაბედო. ჩემს შვილს პირველმა ქორწინებამ გული გაუტეხა, გამთელების უფლება, ალბათ, მე არ მივეცი... ამას მარტო ლილეს დასაბრუნებლად არ ვაკეთებ, მარტო მისი ბედნიერებისთვის არ ვაკეთებ.. ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი შენს სისუსტეში, აქ არ დაგიბარებდი... შენ სიტყვის კაცი ხარ, ღირსეული და მართალი... ლილეს ძალიანაც რომ ნდომოდა, სიტყვის გატეხას არ გთხოვდა... ისიც ვიცი, შენ თხოვე, ჩემთვის არაფერი ეთქვა თავის გრძნობებზე... ყველაფერს კარგად ვხვდები ახლა... როცა ჩემს შვილს ჩემს დანახვაზე თვალები აღარ უციმციმებს. ცრუმორწმუნე ვარ, მეშინოდა, მაპატიე, რომ მეშინოდა, მაგრამ შენ ბიძაშენი არ ხარ, არც ლილეა მამიდამისი..... არ მინდა თქვენს ბედნიერებას მე ვუშლიდე ხელს. ნანოს და თორნიკეს სახლში დიდი აურზაური იდგა იმ საღამოს. ყველას პატარა კატოს ლოყების მოქაჩვა და მოფერება უნდოდა, მისი ერთი წლის იუბილეს ყველა აღნიშნავდა მის გარდა, რადგან პატარას მალევე მიეძინა. ლილე ჩაფიქრებული შლიდა სუფრას, ნანოს და სალომეს ლაპარაკის ნახევარიც არ ესმოდა. მისი ცისფერი კაბა ფრიალებდა სამზარეულოდან-სასტუმრო ოთახამდე და პირიქით. აივნის ღია კარიდან სასიამოვნო სიგრილე მოდიოდა, ოდნავ სიცივეში რომ გადადის და პლედის მოხურვას მოგანდომებს, მაგრამ მაინც არ ეპუები და მხრებს გაბედულად იშიშვლებ. კარგად გახურებულ ქეიფსა და შუა ლაპარაკში იყვნენ, ლილეს რომ დივანზე მიძინებოდა. ისედაც მთელი ღამის უძილარი იყო და მეგობრების მყუდრო გარემოში ყოფნამ პატარა კატოსთან ერთად მოთენთა და ნათლულს გვერდით მიუწვა. მანამდე ეფერა, სანამ თვითონაც არ წაიღო ძილმა. ვერც კი გაიგო ისე ახმაურდა ყველა. ახალმოსულ სტუმარს ყიჟინით მიეგებნენ. ფიცხელიანიც ღიმილით გადაეხვია ყველას, თუმცა გულ-მუცელი მოუსვენრობის გრძნობას აეწრიალებინა და თვალებით მხოლოდ იმას ეძებდა, ვის გამოც ახლა გაღიმება შეეძლო. -მოდი, ბექნუ, მაგარ სადღეგრძელოს ვამბობთ... დემე სადაა, რატო არ წამოვიდა? -ოთომ ძლივს გადახვია ხელი ახალმოსულს, ისეთი მთვრალი იყო უკვე. -შენ რასაც ამბობ, მაგას სადღეგრძელო ნამდვილად აღარ ეწოდება, ოთარ. -წარბები მაღლა აწკიპა ნანომ და ძმას საყვედურნარევი ტონით მიმართა. -ეგ არის უკვე სერთიფიცირებული ბჟუტური. -რამდენჯერ გითხარით შენ და ლილეს, ხალხში ოთარს ნუ მეძახით-მეთქი? იმას ძინავს კიდევ კარგი, თორემ ორივეს ერთად რა აგიტანდათ..... ახლა მისი სახელის გაგონებამაც კი იმდენად აუჩქარა გული, ისე აეწვა მუცელი მღელვარებისგან, რომ დღეს მის ნახვას შეძლებდა თუ არა, ესეც კი ეჭვქვეშ დააყენა. თვალი არ მოუშორებია იმ კარისთვის, რომლიდანაც ის უნდა გამოსულიყო და ახმაურებულ გულისცემას ვეღარაფერს უხერხებდა. ერთი ყლუპი ღვინოც კი არ გადასვლია, ლუკმაზე რომ არაფერი ითქვას. მხოლოდ სანახევროდ იყო აქ. მოუთმენლად მაგრამ მაინც დიდი თავშეკავებით ელოდა ლილეს ოთახიდან გამოსვლას. -შედი, კატო ნახე... -მხარზე ხელი მოუთათუნა ნანომ და ჩუმად უჩურჩულა, სხვებს რომ არ გაეგოთ. ბექნუმ ისეთი თვალებით შეხედა ნანოს, უსაზღვრო მადლიერება, რომელსაც ვერასდროს გადაუხდიდა აშკარა იყო. ნანომაც ფეხზე წამომდგარს თვალი ჩაუკრა და თავით ანიშნა დროზე გასულიყო. კარამდე როგორ მიაღწია არ ახსოვს. ეგონა ყველაფერი დაახრჩობდა ერთიანად, მონატრებაც, მღელვარებაც, შიშიც... შიში, რომ არ მიიღებდა ამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც იმედიანად შეაღო კარი. გულსა და მუცელში თითქოს ყველა გრძნობამ ერთიანად იფეთქა, როცა კატოსთან ერთად მშვიდად მძინარე დაინახა. როგორ მოუნდა ეს ყველაფერი მისი ყოფილიყო, ახლა, როცა ყველაფერი გადააფასა, მიხვდა, არავინ და არაფერი არ უღირდა მისგან შორს ყოფნად. როცა ვერ ხედავ, თითქოს მარტივია მონატრების გადატანა. მაგრამ ახლა როცა მის წინ იწვა ასეთი მშვიდი, მშვენიერი და სასურველი, ყველა სახსარში სისუსტე იგრძნო. ისიც არ იცოდა, უნდა მიახლოებოდა თუ არა... უბრალოდ იდგა იმდენად ახლოს რომ ყველაფერი დაენახა, და იმდენად შორს რომ არ შეეწუხებინა და ზედმეტად მიკარებასაც ვერ ბედავდა. ლილემაც ძილში იგრძნო თითქოს, რომ ვიღაც უყურებდა, იმდენად აეწვა სახე. ოდნავ შეიშმუშნა და თვალები რომ გაახილა, არც კი დაუჯერა ნანახს. ეგონა, ისევ ესიზმრებოდა, ოდნავ გაუღიმა კიდეც... მერე გონებამ ნელ-ნელა გამოფხიზლება რომ დაიწყო და ოთახში ის სუნი რომ დადგა, რომელსაც ყველასგან გამოარჩევდა, დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე. ხისტი მოძრაობისგან ოდნავ შებარბაცდა მაგრამ თავის შეკავება მაინც მოახერხა. -შენ? -ნამძინარევი ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა. -რა გინდა აქ? -შენს წასაყვანად მოვედი, -ლილეს ყველაფერი ჩაწყდა იმდენად ჰგავდა ნანახი სიზმარს. თავი დაფიქრებულმა მოიქექა... ირგვლივ მიმოიხედა, რამე ხელჩასაჭიდს ელოდა, რაც დაარწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ბექნუს მიახლოების სურვილმა სძლია და ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი რაც ამ ქალამდე ამდენი ხნის განმავლობაში აშორებდა. -რა? -ლილე ისევ ისეთი გაკვირვებული სახით იყურებოდა. ვერ გამორკვეულიყო. -შენ ხარ? -ხო... პირველად მხედავ? არ გესიზმრება...-გაღიმება სცადა ფიცხელიანმა, თუმცა გული სიმწრისგან გაკიოდა ასეთი წარმოუდგენელი რომ ეგონა ამ ქალს მისი გამოჩენა. -მერე აქ რა გინდა? ბავშვის ოთახია, გადი. -ნანომ მომცა ნება, შემოვსულიყავი.. -მისმა სიკაპასემ ოდნავ შვება მოგვარა. თუ ჯერ კიდევ გაბრაზებულია, ესე იგი არაფერს გაუვლია. -თანაც შენც ხომ აქ ხარ? -მე ბავშვის ნათლია ვარ. -მე ბავშვის ნათლია იმიტომ არ ვარ, რომ შენ ხარ. -რაებს ბოდავ? მომშორდი! -როგორც კი ოდნავ მოახლოება იგრძნო ლილემ, მაშნვე უკან დაიხია, თუმცა ფიცხელიანსა და კედელს შორის, როგორც ჩანს ადგილი აღარ იყო დარჩენილი, სადაც გაქცევას შეძლებდა. -არ შემიძლია...-ჩახლეჩილი ხმით უთხრა ბექნუმ და ცხვირით ლოყაზე მოეფერა. ლილეს ლამის მუხლები მოკვეთა მისმა სიახლოვემ. თავს ძლივს იკავებდა, რომ მომჩვარული სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა, და ამ ველურს არ ეგრძნო, რომ მისი მონატრებით კვდებოდა. -ასე პირველად გავგიჟდი ქალზე, რომელმაც მხოლოდ ერთხელ მაკოცა, იცი? -ნუ ბოდავ-მეთქი... -გვერდიდან სცადა გაქცევა ლილემ, მაგრამ ფიცხელიანმა ორივე ხელით გზა გადაუკეტა. -არ ვბოდავ, სიმართლეს ვამბობ. ასე პირველად გავგიჟდი კი არა, ზოგადად პირველად გავგიჟდი ქალზე... და ეს შენ ხარ... შენ რომ ჩემთვის გეთქვა იგივე სიტყვები, მე ძალიან გამიხარდებოდა. -ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა ნაზად, შემდეგ მეორეზე. -ბექა, გამიშვი...-ორივე კოცნამ ხმა გაუტეხა ლილეს, გულ-მუცელზე კი ლამის ცეცხლი წაეკიდა ფიცხელიანის სიახლოვისგან. -ვერა... ტყუილად მეხვეწები... -მამაჩემი დაგავიწყდა? შენ ხომ მის პირობას ვერ დაარღვევ ისეთი ღირსეული ხარ! ჩემი გულის ტკენა არ არის ხომ არასწორი საქციელი! ბავშვის ოთახში ნუ მაყვირებ, აივანზე მაინც გავიდეთ! -აივანზე რისთვის გავიდეთ, თავისუფლად რომ მეჩხუბო? -არ გესმის რა გითხარი, შე ველურო? -დაისისინა ლილემ და თვალებით ბავშვისკენ ანიშნა. -კარგი, გავიდეთ სუფთა ჰაერზე..-წელზე ხელი სწრაფად მოხვია და სანამ ლილე რამის გააზრებას მოასწრებდა, მანამდე გასვა აივანზე. -მამაშენი მიხვდა, რომ შენს თავს ვიმსახურებ, -ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორეთი კი ხელები გაუკავა გულთან, თვალებში უცნაური სხივი უელავდა და მთელს სახეზე დაძვრებოდა მზერით. -ახლა რომც გადაიფიქროს, მაინც აღარ დაგაბრუნებ. აქამდეც რომ მენახე, ვერც აქამდე გავუძლებდი, რომ ხელი არ მეტაცა შენთვის და ჩემთან არ წამეყვანე. იმ დღესვე რომ არ წასულიყავი, სადმე რომ გადამყროდი... ვიცი, ახლა აზრი არ აქვს... მაგრამ ვერ გაგიშვებდი... ყველა დღე შენზე ფიქრში და ტანჯვაში გავატარე... იმ ოთახში გაჩერებაც კი არ შემეძლო, სადაც შენ მაკოცე.... სადაც შენ გეძინა... მაპატიე ასე რომ მოხდა, თუ რამეა ჩემი ბრალი მაპატიე, მაგრამ ახლა საშინლად მინდა ვალი გადაგიხადო... ლილე თვალებგაფართოებული უყურებდა სახეზე კაცს, რომელიც ოხვრას და მძიმე სუნთქვას აყოლებდა ყველა სიტყვას, რომელსაც მთვრალივით გადაბინდული ჰქონდა თვალები და რომელიც სიგიჟემდე მონატრებოდა. -მე არ მინდა შენი კოცნა! -ბოლოჯერ გაიბრძოლა, ასეთი უსუსური ტყუილი არასოდეს უთქვამს. -მეც ზუსტად ეგრე მეგონა, მაგრამ შენ მაინც მაკოცე.. სანამ რამის თქმას მოასწრებდა ლილე, ფიცხელიანმა მანამდე დაასწრო და ძილისგან გაღუებულ ტუჩებზე მანამ კოცნიდა, სანამ ქალიც არ აიყოლია.... -ფიცხელიანი, სად ხარ ამდენ ხანს? -ლილე, არსად არ აქვთ ეს შოკოლადში ამოვლებული ანანასის ტორტი მოცვის კურკებით, კარგი რა! სხვა რამე არ გინდათ? -შეწუხებული ხმით უპასუხა ბექნუმ. -კარგი ხო, მაშინ ოხრახუში წამოიღე...-იმედგაცრუებული ხმით უპასუხა დაშნიანმა და გამობერილ მუცელს კმაყოფილი სახით გაუღიმა, -ახლა ეგ გვინდა. დასასრული ავტორი: ტასო იაშვილი (ნესტან დარეჯანი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.