შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანაგრამებთან მებრძოლი


19-03-2023, 23:29
ავტორი ელ პინი
ნანახია 2 314

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა და გაგრძელებით ბლა, ბლა, ბლა - დავიწყებდი ასე მეც ამ ჩემს ზღაპარს, რომ ვიყო ანდერსენი, პო, ეგზიუპერი, დიუმა ან სულაც პერო. ისა და პერო ვინ მოიგონა? ამაზე ვინმეს ნამდვილად შარლ პერო გახსენდებათ? მე უფრო ის ბუმბული, რომელიც, მიკუთვნებულის სამწუხაროდ და მთქმელთა საბედნიეროდ, არასწორ ადგილას აღმოჩნდება და მერე მინიმუმ ორი გრძელცხვირა დააბოლოვებს ამგვარი კომპოზიტით - „პეროგაყრილი“. ჰოდა, იმ ხსენებულთა და ასევე ჩვენში არსებული ზღაპრების მიხედვით ასე მოვიდა ქეთი დოლიძეც, რომელმაც თქვა რომ თურმე ლელშამბგამოვლილ მეზღაპრეს ჩვენამდე მოუტანია გუდა, იქიდან კი, როგორც ახალშობილი დედის მუცლიდან, ისე ამოაბრძანეს ნაცარქექია, წითელქუდა, სიზმარა და სხვანი მრავალნი.

გამოუვლია ლელი და შამბი,
მოუტანია მეზღაპრეს გუდა,
ასე აღმოჩნდა აქ გველეშაპი,
ნაცარქექია და წითელქუდა.

(მხოლოდ და მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის. რამეთუ ჩვენ ვართ სიკეთისა მთესველნი და ბოროტებისა აღმგველნი მიწისაგან პირისა, ამიტომაც არ ვახსენე ხუთი ხაზით ზემოთ ეს ჩვენი დიდთავა, სქელტანა და გმირთაგან მრავალჯერ განგმირული გველეშაპი.)


[ასევე ერთი შენიშვნაც. ვინმეს სულელი არ ვეგონო. მეც ვიცი რამდენი ხაზით ზემოთაა ვერნახსენები უხსენებელი ჩასაკვეხებელი. სიამოვნებას მოგანიჭებთ, რომ ცოტა მეც დამცინოთ. აბა, სულ მე ხომ არ გავიცინებ?!]

ბევრი რომ არ გავაგრძელო - ღვთისა და რწმენის უკეთესი ამ ზეცას ზედა-ქვედა მართლაც არავინ და არაფერი შექმნილა. მიგვიშვით, რა, ვისაც გვჯერა/ვს და კიდეც გვჯერა ღმერთის ტახტზე ჯდომისა, ასევე სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობისა. სხვათა შორის, მე ზოგჯერ იმასაც ვხედავ როგორ უჭირავს სამეფო კვერთხი იმ უმაღლესს და როდესაც თავის ფერხთქვეშ იატაკს (იმედია, აქვს სამყოფელს) გაბრაზებული დასცემს ამ კვერთხს, იმ წუთას იკლაკნება ცა, გვესმის ჭექა-ქუხილი, თქვენ წარმოიდგინეთ - ცამხვრეტია მწვერვალებიც თავს ხრიან შიშისგან, მაგრამ მერე ბებიაჩემივით ბებიამისები ამშვიდებენ იმათაც „ვინაც შეგაშინა, იმან მოგარჩინაო“, მაშინვე გონს მოეგებიან ყელმოღერებით.

სინამდვილეში ძალიანაც მინდა ბევრი გავაგრძელო და ამ ჩემს ზღაპარში ისე გაებას მკითხველი, როგორც საწყალი მწერი ობობის ქსელში ან ისევ საცოდავი მწერი ნეპენტესის დამჭერ აპარატში. ცოტა რომ ისევ დამცინოთ, ერთი რქიანი სულიერი ზოგჯერ დროზერას მეძახის, ოღონდ მე ამ მწერიჭამია დროზერასგან განსხვავებით ადამიანებს ვჭამ ზეზეულად. ფუჰ! ზღაპარს ვწერ და კეთილი ვარ! ჰა-ჰა-ჰა!

***
ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სულაც არ ყოფილა ლიტერატურათმცოდნეობაზე ჩაბარება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნამდვილად აღმოჩნდა. ასე და ამგვარად გავხდი ლიტერატორი, რომელსაც უფრო მეტად ენა აინტერესებს, მაგრამ ამ წყეულ წიგნებსაც ვერ გაურბის. დღეს შაბათია. ძალიან მინდა იმ სიმღერასავით ჩემთვისაც ყოველდღე შაბათი იყო და კვირა არ არსებობდეს ორშაბათის მოლოდინით, მაგრამ ყველასდა სამწუხაროდ, შეუძლებელია, რადგან ჩვენმა ღმერთმა ასე ინება ხუთი დღე ოფლი იდინეთ და მეექვსე დღეს ძმრიანი წინდები ამოიცვითო. ვუჯერებთ, რა გზაა? ერთმა ცხვარმობმულმა სულიერმა, რომელსაც ეს ესაა პირიდან სული უნდა ამოუვიდეს, მაგრამ მაინც კვლავ ლექტორია, რაღაც ფილმის ყურება დაგვიგეგმა. მეც დებილი ვარ, რა ჯანდაბამ ამარჩევინა „ქართული კინოს ისტორია“? ასეა, როცა იქ არ მიდიხარ, სადაც ყველას ეჩქარება საქმის გასამარტივებლად. კარგი - მეთქი პატივცემულო, ვუყურებთ აუცილებლად და იმ ავადსახსენებელმაც დამიჯერა. ჰო, ჩემზე უკეთესს არავის დაუჯეროს. ვზივარ ახლა და ვუყურებ ამ კინოს, რომელიც ფერად ტელევიზორში მაინც შავ-თეთრია და ბებიაჩემის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულიც მგონია, მაგრამ სულაც არა. აგერ ჰა და ჰა ორი წლის უკან თუ შედგა ეკრანიზაცია, მაგრამ ამ ორიგინალურობის მძებნელებს ხომ სრული გამოთაყვანება სჭირთ, იმიტომაც აირჩია რეჟისორმა შავ-თეთრი ფონი.

[ამ პირველ პირში მოლაპარაკეს ერთი მახინჯი ჩვევა აქვს. თუ სადმე რამე ნომერი ესმის, ბოლო ციფრის ცვლილებით მაშინვე რეკავს.]

„- მიდი, კრის, ჩაიწერე ეს წყეული ნომერი (კარნახობს) და იქნებ გაარკვიო სად ჯანდაბაში წაათრიეს ჩემი ამანათი.“ (ლაპარაკი წყდება, მაგრამ პირველი პირი წამშივე სწვდება მარცხენა ხელით თავის ტელეფონს და...)

- ვახ! ვის დაეკარგე? (ტომ, პასუხი არ არის! ტომ, პასუხი მართლა არ არის! ტომ, პასუხი გაქრა!) ვინ ჯანდაბა ხარ, რომ გინდა პირველი იყო? მრავალი წლის განმავლობაში პირველად მიკიდებენ!

ვბრაზდები. ლოყებიც წამშივე მიწითლდება. ისედაც გაფლაშული ცხვირის ნესტოები უარესად მებერება. ამ სამყაროში ხომ ყველაფერი ბედისწერის გამო ხდება და როგორც ჩანს, ყველა ნაკარნახევი ნაბიჯიც ამის მანიშნებელია. რამდენიმე წუთი ვიცდი და მერე ისევ მესმის ზარის ხმა.

- აფეთქდა ეს წყეული ტელეფონი და თქვენ მაინც არ გაჩერდით! გისმენთ, ვინ ხართ?
ტელეფონში მხოლოდ ჩემი სუნთქვა ისმის. რაც აღმაფრთოვანებს, გაბრაზებულიც კი თქვენობით ფორმას ინარჩუნებს. ხმას ვიმახსოვრებ დიაქრონიულ დონეზე.
- გეპასუხათ თავის დროზე და არაფერი მოხდებოდა! - უხეშად ვპასუხობ და ტელეფონის გათიშვასაც არ ვაყოვნებ. (ტომ, პასუხი არის, როგორც ყოველთვის!)

***
ისევ ეს ჯადო ლექცია. ისევ ოტია იოსელიანი. რა არის ამ კაცზე ამდენი სალაპარაკო? მართლა შევწუხდი. ვინმემ ეს მიჯნის ლიტერატურა რომ ამოიღოს, არა? უფრო სწორად, რამდენიმე მწერალი, რომელსაც ნამდვილად ჩავაგდებდი ჯოჯოხეთის ცხელ ქვაბში და ხახვთან ერთად მოვთუშავდი. ასე ამბობენ ხახვი გემრიელ გემოს აძლევსო, თორემ მე ჭირივით მეზიზღება.

სხვა ავადსახსენებელი ლექტორის მოლოდინში ყურებში უკვე რაღაც „შშშ“ მესმის. მგონი, გავგიჟდი!

- სტუდენტებო, ქალბატონი ლეილა შეუძლოდ გახლავთ. მის ნაცვლად ლექციას ჩვენი მოწვეული ლექტორი, მოსე ხონელი ჩაატარებს. წარმატებებს გისურვებთ! - მსუქანი, გაქონილი და ნაკეცებიანი „მეცხრილე“ ნელი ახალ ინფორმაციას გვაწვდის. აუდიტორიაში მაშინვე ჩოჩქოლი ტყდება.
- რამ შეგაღონათ? ლეილას თქვენმა წყევლამ უწია, ბრიყვებო! - ხმაურისგან თავატკივებული თავხედურად გამოვდივარ და მაშინვე ყველა ჩუმდება. ოღონდ ეს სიჩუმე არა ჩემგან გამოწვეული, არამედ კარში მდგომი ახალწვეული ლექტორის გამოა. მე ამას ცოტა გვიან ვხვდები. ჰო, როცა აზრი აღარ აქვს. იმედია, ვიღაც ნეანდერტალელი არ ვგონივარ. პრინციპში მაინც არ მადარდებს. ერთხელ შევხვდები და ეგ იქნება. სხვათა შორის, ნეანდერტალელი განუვითარებელი არსება კი გვგონია, მაგრამ ერთ სულელურ სტატიას თუ დავუჯერებთ თანამედროვე ადამიანისგან სულ ოდნავ განსხვავდება და მუსტიეს კულტურაც ნეანდერტალელთა სახელთანაა დაკავშირებული. გადაშენებული გენიოსები!

[მუსტიეს კულტურა გულისხმობს ქვის დამუშავების ტექნოლოგიას. თუ არ იცოდით, ახლა მაინც გეცოდინებათ. ჰა-ჰა-ჰა!]

- მოგესალმებით, სტუდენტებო! - კარგახნიანი გაკვირვების შემდეგ ლეილას ადგილს იკავებს პატივცემული. - ქალბატონმა ლეილამ მთხოვა თქვენი სახელ-გვარები ზედმიწევნით ჩავიწერო აქტივობასთან ერთად. როგორც ჩანს, დასწრებასაც ითვალისწინებს. არადა, ჩემთვის ეს არ არის პრიორიტეტი. ვისაც სურს მოსმენა, ისედაც შემოვა ლექციაზე, თუკი მისთვის საინტერესო იქნება. პრაქტიკულ მეცადინეობაზე დასწრებას კი აუცილებლად ვინიშნავ, - თავისი მუშაობის ხერხს გვაცნობს მოსე ხონელი. აუდიტორიას თვალს ვავლებ და რატომღაც ყველა დადებილებული იყურება მისი მისამართით. აჰ, ჰო, ეს ხომ ახალგაზრდა კაცია და მოჯადოვდნენ. პრინციპში დანარჩენი ბებრუხანების ფონზე მოსალოდნელიც კია ამგვარი რეაქცია. - ახლა სიას შევადგენ, შემდეგ კი სალექციო მასალაზე გადავიდეთ. თქვენგან დავიწყებ, თუ შეიძლება... - მე მომმართავს, წამიერად დანარჩენი მდედრების შურით სავსე თვალებს ვაწყდები, თვალებს წარმოსახვაში ვატრიალებ და ვპასუხობ. შემდეგ აგრძელებს სტუდენტების აღრიცხვას ბატონი მოსე და უცებ მახსენდება როგორ ვატარებდი აღწერას „მაგნიტში“. თითქოს ჩვენც პროდუქტები ვართ, ჩვენი არც თუ ისე ძვირფასი ლექტორის შემცვლელი კი აღწერას გვიტარებს მენეჯერ-ლეილასთვის გადასაცემად. როგორც იქნა, ასრულებს. - ბოდიში ამ მოსაწყენი პროცესისთვის. შეგვიძლია გავიხსენოთ მეოცე-ოცდამეერთე საუკუნის მიჯნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი პოეტი, ოტია იოსელიანი. როგორც ვიცი, ქალბატონმა ლეილამ გთხოვათ „ქვრივის ცრემლები“ წაგეკითხათ. წაიკითხეთ?
- დიახ, წავიკითხეთ. - ავყაყანდით ერთდროულად ბატებივით.
- მშვენიერი! ვისაუბროთ მაშინ. „ქვრივის ცრემლები“ არ არის ისეთი ნაწარმოები, რომელიც ადამიანში დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს, მაგრამ დაფიქრებულ-დაკვირვებული მკითხველი კი ამოიცნობს ამ მცირე მოცულობის მოთხრობის დედააზრს.
- ბატონო მოსე, თქვენ ფიქრობთ რომ ამ მოთხრობას დედააზრი აქვს? - ირონიული ღიმილითა და წარბაწევით ვსვამ კითხვას.
- არც ერთი ნაწარმოები არ იქმნება იდეის გარეშე და თუ ეს იდეა ვინმე კონკრეტულისთვის შეუმჩნეველია, ეს თავისი პრობლემაა და არა მწერლის, რადგან მან გამოხატა თავისი სათქმელი, რომელიც, სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეამჩნიეთ და აღიქვით, თორემ ასეთ კითხვას არ გააჟღერებდით.
- ტრაფარეტული ფრაზები! - ისევ ჩავიცინე. - „ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი - ოქროი რჩეული.“

(ავტორის მეგობრისაგან: დაუჯერეთ ამ ახალბედა სტუდენტს და ზოგჯერ დუმილი არჩიეთ უსაგნო ღრეჭვას!)

- თუკი ასეა და ჩემი დუმილი გირჩევნიათ თქვენს ბრძნულ მეტყველებას, გამობრძანდით და თავად ჩაატარეთ ლექცია. - ბატონი მოსე სრული სიყალბით მომმართავს, ფაქტობრივად, დამცინის.
- არა, მოგისმენთ. დედააზრი უნდა გავიგო ამ არაფრისმომცემი მოთხრობის. - მეც ასევე უხეშად ვაბრუნებ პასუხს. უცებ ვგრძნობ, რომ დიალოგი მხოლოდ ჩვენ ორ შორისაა და დანარჩენები გვისმენენ. ამ სულელებს ახლა ჰგონიათ, რომ მე თავის გამოჩენა მინდა. ეგონოთ. ეს არც პირველი იდიოტური ფიქრი იქნება მათი და არც ბოლო.

მოსე ხონელი წინ და უკან დადის აუდიტორიაში. თან საუბრობს გაცხარებული. მეტისმეტად რიოშია და მისი თითოეული სიტყვაც პათეტიკურია, ოღონდაც ამას ვერცერთი ამჩნევს. ასევე მეზარება მასზე დაკვირვებაც. ადამიანებს ისეთებად არ წარმოვიდგენ, როგორებიც რეალურად არიან. თუმცა, აქ მსხდომნი იტყვიან როგორი გამოკვეთილი ყბები აქვს, სქელი წარბები, ნახშირისფერი თვალები, განიერი მხრები, სიმაღლეში იქნება ასე მეტრაოთხმოცი. არ უყვარს კლასიკური ტანსაცმელი, რასაც მისი არასწორად შეკრული პერანგი ადასტურებს და ღილების არასიმეტრიულობა ნერვებზე მოქმედებს. სამაგიეროდ, უყვარს ფიქრი საუბრისას, თვალებით მეტყველება და ტუჩების ცმაცუნი.

(პირველი პირი თავის თავს ყიდის. იგი ადამიანებს აკვირდება და იმახსოვრებს.)

- თქვენთან კითხვა მაქვს, ბატონო მოსე. - მოურიდებლად ვეუბნები მას შემდეგ, რაც ამ ოხერ ოტია იოსელიანზე საუბარს ასრულებს და კითხვების დასმას ელოდება.
- გისმენთ, რა თქმა უნდა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ დარიას ფიქრები ამ შემთხვევაში მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარეობს?
- როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ოტია იოსელიანი შესანიშნავად იცნობდა ქალის ფსიქოლოგიას, რაც სწორედ ამ პერსონაჟის ფიქრების გახმაურებით დაგვანახა.
- და არ შეიძლებოდა ოტია იოსელიანს ქალზე მოძალადე კაცის პროტოტიპიდან შეექმნა ეს ჩვენი ლუკაია აწოწილი? რა, ახლა ნაკლებად არიან ასეთი კაცები? თუ ადრე არ იყვნენ? ხომ შეიძლება რომ ის მოლოდინი, რაც დარიას ჰქონდა, სწორედ სინამდვილეს გულისხმობდეს?
- საინტერესო კითხვაა. როგორ არ შეიძლება. ასეთი ადამიანები ყველა საზოგადოებაში არსებობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მწერლის სურვილი საერთოდ არ ყოფილა ის, რასაც თქვენ ფიქრობთ. მან ქვრივ ქალს ბნელ კუთხეში მიჩქმალული აზრები ხმამაღლა ათქმევინა, ქალის სურვილები ღიად გამოხატა, ქალის მოლოდინი ხატოვნად და ასევე სასოწარკვეთით აღწერა. მაშინ მოძალადე კაცები ისე მრავლად არ იყვნენ, როგორც ახლა. ან იყვნენ და სხვაგვარად აღიქვამდნენ ძალადობას. ეს მოიტანა ეპოქის ცვლილებამ, თავისუფლებამ, განათლებამ, ქალის უფლებების აღდგენამ. კაცი მწერლები იშვიათად წერენ ცუდ კაცებზე, რადგანაც თავადაც ამ სქესის წარმომადგენლები არიან.
- უკაცრავად, მეც ჩაგეჭრებით. - ბოლოს წინა მერხზე მჯდომი იღებს ხმას. უი, ამას ლაპარაკიც სცოდნია?
- ბრძანეთ, რა თქმა უნდა. - ბატონ მოსეს ახლა მისკენ გადააქვს მზერა. მეც ტანით ვტრიალდები, რომ ამ მოლაპარაკის სახის მიმიკებს უფრო კარგად დავაკვირდე.
- ამ მოთხრობაში ჩემთვის უფრო მეტად ღირებული იყო ის ურემი, რომელსაც ლუკაია აწოწილი სოფლის შარაზე მიახრიგინებდა. მწერალი სიზუსტით აღწერს ყოველ დეტალს და ისეთ იარაღებს ახსენებს, აქამდე რომ არ გვსმენია. გვაიძულებს უფრო მეტი ვიცოდეთ და ამ მივიწყებულ სიტყვებს თავისებურ ხიბლს ძენს. რაც შეეხება თქვენი მისამართით დასმულ კითხვას, ოტია იოსელიანი სწორედ იმას წერს, რაც უნდა რომ თქვას. არავითარი ქვეტექსტების ძებნა ამ ნაწარმოებს არ სჭირდება და ეს უსაგნო კამათიც რას ემსახურება ვერ გამიგია. კაცი იჯდა, წერდა, ფიქრობდა, მერე მოიფიქრა, დაწერა, პირდაპირ თქვა ყველაფერი და ჩვენ შეგვიძლია ხუთ წუთში გავატანოთ წყალს? სულ ცოტა უხერხულია, მით უმეტეს, ოტიასნაირ კაცზე ცუდის თქმა.

(ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ბრძენი, რომელმაც შენზე უკეთ იცის რას ფიქრობ და რა უნდა ეძებო ამ ცხოვრებაში. უკაცრავად, ბრძენი კი არა, პ რ ო ჭ ი.)

- აქვე უკაცრავად, მაგრამ ეს უსაგნო მონოლოგი უფრო გაუნათლებელი ან საწყლად ერთწიგნწაკითხული კაცის დაწერილ კრიტიკულ წერილს ჰგავს, ვიდრე ვინმე ჭკვიანის მიერ გამოთქმულ პატივსაცემ აზრს.
- თქვენ მეტისმეტად ხისტი ხართ! არაუშავს, ზოგჯერ ადამიანებს სულელურად ერევათ ერთმანეთში ოტია, როგორც პიროვნება და ოტია, როგორც მწერალი. მომიტევეთ, რომ სულელური ვახსენე.

მეცინება და თავს აქეთ-იქით ვაქნევ. ისევ სიყალბე. კაცი სულელს მიწოდებს და მერე აფერისტულ ბოდიშსაც მიხდის. მეორე ლექცია იწყება, ამიტომაც აუდიტორია ცარიელდება და ისე გაბრუებული ემშვიდობებიან მოსე ხონელს, როგორც ჭრელი პეპელა გააბრუა იის სურნელმა. (ეს კაცი იას რომელმა სულელმა შეადარა?!)

მე ველოდები ბოლო კაცის გასვლას, რათა ამ ჭყ.ლეტყვაში არ მოვყვე და მშვიდად გავაღწიო კარში. ამასობაში ჩემამდე ახალწვეული ლექტორი მოდის და ხელში მართკუთხედის ფორმის ფურცელს მაჩეჩებს.

- კარგად ბრძანდებოდეთ! იმედია, შემდეგში ქალბატონი ლეილა თავს კარგად იგრძნობს! სასიამოვნო სალექციო კურსს გისურვებთ! - ისეთივე დებილურ სიტყვებს ამბობს, როგორსაც სულელი ადამიანები. ვერ ვიტან ამ ტრაფარეტულ ფრაზებს. მე არც ვემშვიდობები. მარტო დარჩენას ველოდები, რომ ეს წყეული ფურცელი გავშალო და ვნახო რა ჯანდაბა წერია.

[„წყალბადი, ფთორი, ფთორი, ჟანგბადი.
წყალბადი, ფთორი, ჟანგბადი, ბორი.
- რამდენად გიღირს ამხელა სხვაობა?
„და შენ თუ ღამით ტყეში მოხვდები,
სწრაფად დაკრიფე მარწყვი და შინდი...“]


თქვენობითიდან შენობითამდე და რაღაც გამოსაცნობი. მომდევნო ლექციას წუთიერად ვიკიდებ და სახლისკენ მივდივარ. ასე მგონია, მოსე ხონელი სადმე მომყვება. ხანდახან ბევრი არ უნდა ილაპარაკო, თუნდაც „საგნიერი“ იყოს.
ყავით ხელში ვზივარ და ეს ფურცელიც ხელში მიჭირავს. ვერ ვიტან გამოცანებს და ვერც გონების დაღლას. ჩემი გონება კი ისევ იმეორებს: წყალბადი, ფთორი, ფთორი, ჟანგბადი. წყალბადი, ფთორი, ჟანგბადი, ბორი. ისევ ქიმია, ისევ წყეული მენდელეევი და აწ განსხვენებული ჩემი ქიმიის მასწავლებელი - ლია. ცოცხალი რომ იყო, კი გიყვარდი და მოგაკითხავდი გამოსაყენებლად. ახლა ჩემით უნდა ვიმტვრიო თავი. ყავას მაგიდაზე ვდებ და ტელეფონს ვიღებ. გუგლში მენდელეევის სისტემას ვხსნი და ვუყურებ. ჯანდაბა!

[„1998.
1985.
- რამდენად გიღირს ამხელა სხვაობა?
„და შენ თუ ღამით ტყეში მოხვდები,
სწრაფად დაკრიფე მარწყვი და შინდი...“]


ეს ცამეტი მუდმივად უკან დამდევს. დედაჩემი ორიათას ცამეტი წლის ცამეტ დეკემბერს გავასვენე, რადგან მეცამეტე თვე კალენდარში არ გვაქვს. მამაჩემი დედაჩემმა ორიათას სამი წლის ცამეტ ნოემბერს გაასვენა. მეთორმეტე თვე კალენდარში კი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მამაჩემმა ასე ისურვა. და ახლა ისევ ცამეტი. არადა, საერთოდ არ ვეთანხმებოდი ამ რიცხვის თარსიანობას, მაგრამ ჩემთან ნამდვილად ასეა თავისი ფაქტებით. კიდევ ბევრი ცამეტია, მაგრამ მეზარება ჩამოთვლა და... (თქვენც რომ არ დაიღალოთ, მაგიტომ არ ჩამოთვლის.)

ტყეში მოხვედრაზე თანახმა ვარ, ოღონდ იქამდე გამოძიებას ვიწყებ. კვლავ გუგლი. დალოცვილ იყვნენ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი („იდეატორები“). მოსე ხონელს საძიებოში ვწერ და მხოლოდ იმას მიგდებს, რომ ამ კაცზე ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. სამი ვარიანტია: ან მამამისს უყვარდა „ამირანდარეჯანიანი“, ან ოჯახი გოგოს დაბადებას ელოდა და მერე რომ ბიჭი დაიბადა, უცებ მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, ან მეორე ვარიანტი არასწორია და ესე იგი, სამი კი არა, ერთი ვარიანტი არსებობს.

ისევ ფურცელს ვუყურებ. ღამე. ტყე. და მერე ისევ ვგუგლავ. გარდა განმარტებებისა და სხვა ინფორმაციული სტატიებისა, სულ ბოლოს ვკითხულობ - კაფე „ტყე“ მდებარეობს ამა და ამ ქუჩის ამა და ამ ნომერში. ეგრევე მივიძურწები.

______
მართლა ტყეა ეს ოხერი. შევდივარ და შიგნით ამოუზრდიათ ხეები. ჭერზე სულ ხის ფოთლებია. ზოგი მწვანე, ზოგი - ყავისფერ-ყვითელ-ნარინჯისფერ-ოქროსფერი. ყველა სეზონი ერთადაა ამ კაფეში. მხოლოდ რამდენიმე სტუმარია და ესენიც ისე უცნაურად ჩაცმულები არიან, რომ ცოტა მეშინია. თან ვცდილობ არ შევიტყო. მოსე ხონელს აქ ვერ ვხედავ. ბართან მივდივარ, ბარმენს ვესალმები და ვჯდები. რაღაც სულელურ კოქტეილს ვუკვეთავ, რომლის სახელიც პირველად გავიგე და შესაბამისად, გემოც არ ვიცი როგორია. ეს ბარმენი რაღაცას ეძებს გამწარებული, სახეზე ალმური ედება და რომ ამოისუნთქა, მივხვდი, იპოვა. ისევ მართკუთხედის ფორმის ფურცელი. არა, ახლა ნამდვილად თავს ჩამოვიკიდებ. თავს ვაჯერებ, რომ ეს ჩემთვის ნაცნობ ადამიანთან არაა დაკავშირებული. ჯანდაბა! ფურცელს მიწვდის და ვართმევ. მოვრბივარ. ვისღა ახსოვს ის სულელური კოქტეილი?

[SILENT
LISTEN;
- პატარა გოგო, შენ რა მამაცი ყოფილხარ?!]


ცხოვრებაში პირველად დამცინის ასე ღიად ვიღაც და... არა, შეიძლება პირველად არ დამცინის ვინმე, მაგრამ პირველად ვყვები თამაშში. (შეგიძლიათ ტავტოლოგიისთვის შემომჩივლოთ!) რაღაცნაირად დაღლილი მივაბიჯებ. ეს გამოცანობანა მეტისმეტად იდიოტურია. საერთოდ თამაში ვინ მოიგონა? მაგრამ ეს სამყარო საერთოდ აფერისტულია! ღმერთიც აფერისტია! ვითომ თავისი ყველა შვილი ერთნაირად უყვარს და ცხოვრებაში საერთოდ არ ჩანს ასე. ყველა მოძღვარი და ყველა საეკლესიო წიგნი ამას ქადაგებს, მაგრამ ადამიანები ვერ ვხედავთ. ეტყობა, მხოლოდ გამორჩეულებს ძალუთ იგრძნონ. (სამყარო ირონიულია, პატარა გოგო.) ვინ თქვა, რომ ცამეტწლიანი სხვაობა სიპატარავის გამომხატველია?

ირგვლივ ბნელა. დანაოჭებულსახიანი მოხუცი კი ფერებ-ფერებით გაჰკივის. ჯერ ვერ ვიგებ რას, მაგრამ თანდათან აზრს ვაყოლებ, როცა ვუახლოვდები.
- წაიღე, ბაბუ, სამი ცალი ლიმონი ერთ ლარად. არ გინდა, ბაბუ?
- არა, არ მინდა.
- გინდა! - მპასუხობს თვითონ და იგი ბაბუს ფორმაში გადაცმული ვიღაც კაცია, რომელსაც რაღაც მისია დააკისრეს. პარკს ხელში მაჩეჩებს, ლიმონებზე სასვენი ნიშნები წერია რამდენიმე სიტყვასთან ერთად შავი მარკერით.

[. - ამოხსენი . პირველი ლიმონი
. პატარა . – მეორე ლიმონი
- გოგო . მესამე ლიმონი.]


ამოხსენი, პატარა გოგო. ამოხსენი, ჰა-ჰა, რა ადვილია? ყველასთვის ადვილია შორიდან.

სახლამდე როგორ ვაღწევ არ მახსოვს. ჩემს თბილ ლოგინში ვწვები და რწმენაზე ვფიქრობ ყველა დანარჩენ გამოცანასთან ერთად. ეს უაზროდ დასმული სასვენი ნიშნები რამეს ნიშნავს?

______
ძველი ქართული ლიტერატურის ლექციაზე შევდივარ. ძირითადად ქალბატონი მანანას მოსმენა მეზარება, რადგან ყოველთვის ერთი და იმავეს ამბობს: „ვეფხისტყაოსანი ხელი-ხელ საგოგმანებელი წიგნია.“ და არ ჯერდება მხოლოდ ამასაც. მერე უნდა მოყვეს მთელი ისტორია ვეფხისტყაოსნისა, შოთას ვინაობისა, თამარისადმი აღმაფრთოვანებელი სიყვარულისა და ბლა-ბლა-ბლა.
- ჩემო ბავშვებო, მოდი, დღეს გადავდოთ ჩვენი ხელი-ხელ საგოგმანებელი ვეფხისტყაოსანი და დავიწყოთ გამოცანით.

გასკდეს ეს მიწა და ჩამიტანოს!

- თქვენ უნდა გამოიცნოთ ადამიანი, რომლის შესახებაც ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით და რაც ვიცით, ეგეც შოთა რუსთაველისგან. მოღვაწეობის ხანად მიჩნეულია მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეები, ხოლო თავად პიროვნება, როგორც ამბობენ, თამარ მეფის მდივანმწიგნობარი ყოფილა. გვარიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანი დასავლეთ საქართველოს მკვიდრი, კერძოდ, იმერეთის რეგიონიდან ყოფილა. მეხოტბის პატარა ქალაქი ქუთაისთან ახლოს მდებარეობს.
- მოსე... მოსე ხონელი, ქალბატონო მანანა! - ვლუღლუღებ. უკვე ვხვდები, რომ ყოველივე მხოლოდ მასთანაა დაკავშირებული და ჩემი ტვინი ინტუიციურად აკავშირებს ფრაზებს ერთმანეთთან.
- ყოჩაღ, ჩემო გოგონა! შთამბეჭდავია! მოსე ხონელი ავტორია „ამირანდარეჯანიანისა“, რასაც ადასტურებს ჩვენი ხელი-ხელ საგოგმანებელი მარგალიტის ავტორი: „ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა.“

მანანა საუბარს აგრძელებს. მე მხოლოდ ბოლო ლიმონებზე ვფიქრობ.

. - .
. . –
- .

როგორც იქნა, სრულდება ეს წყეული ლექციაც და სხვა აუდიტორიაში ვინაცვლებ, სადაც დამწერლობის სხვადასხვა სახეს გვიხსნიან. ბატონი ბესო იწყებს ლექციას.

- მორზეს ანბანზე რა გსმენიათ?

მე ისევ გავრბივარ, როგორც ყოველთვის.

. - . R
. . – U
- . N

გაიქეციო მოსე ხონელმა და ვუჯერებ. თურმე აქამდეც ვუჯერებდი, როცა ყველა არასიასმოვნო სიტუაციიდან გავრბოდი.

***
გაზაფხულსა და შემოდგომაზე კეთილი გოგო ვარ, ამიტომ ჩვეულებისმებრ სისხლის ბანკისკენ მიმავალ გზას მივუყვები. ჩვენ ზღაპარში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი არასამართლიანია, მაგრამ ვცდილობთ გავამშვენიეროთ. ცხოვრება ზღაპარია, ბავშვებო - ასე იტყოდნენ ანდერსენი, პო, ეგზიუპერი, დიუმა და პერო, თორემ მე ვიტყვი რომ ეს ცხოვრება ტრ.აკულია და ასევე - ტრაგიკულიც. უკვე ნაცნობ თეთრხალათიან დეიდებს ვხვდები და ისინიც უსიტყვოდ ცნობენ თავიანთ დონორს. პროცედურები ისევ იგივეა და საბოლოოდ დიდ სავარძელში ვჯდები, უფრო ვწვები ჰქვია ამას. თან ჩემს მუქ სისხლს ვუყურებ. აქ ამბობენ, რომ არაჩვეულებრივი სისხლი მაქვს. ერთხელაც აღარ მექნება. არც ეს ჩემი ძვლებზე გადაკრული ტყავი მექნება, დავრჩები მხოლოდ ძვლები... და სხვა მსგავსი სულელური ფიქრები. მერე საერთოდ ფიქრსაც ვწყვეტ გონების მოსასვენებლად.

დრო.
დო-რე,
რე-დო,
დმ-ტა,
დმ-ტა,
დგდნ, დგდნ,
ტა,
დგდნ, დგდნ.
დმ,
დმ,
დმ-ტა,
დმ,
დმ-ტა
ხო,
დგდნ, დგდნ,
დრო.

(ავტორმა პირველ პირს დროის გასაყვანად გაახსენა ეს ლექსი, რომლის არსიც ყველა ცოცხალი ორფეხასთვის შეუცნობელია. თავად ლექსის მწერმაც „პროსტა“ დაწერა. ყოველ შემთხვევაში - ავტორს ასე ჰგონია. არადა, დრო მართლა ამ ლექსისნაირად გადის.)


- აბა, შენ იცი! კოკა-კოლა და შავი შოკოლადი არ დაგავიწყდეს, ძვირფასო! - თბილი დამშვიდობებით მაცილებენ სისხლის ბანკიდან თხუთმეტწუთიანი დაყოვნების შემდეგ და მეც ბედნიერი მოვაბიჯებ იმაზე ფიქრში, რომ ვიღაცას დავეხმარები. ცოტა ხანს მეშველა.

- როგორია, როცა ადამიანებს ეხმარები? - შავი შოკოლადით ხელში მოსე ხონელს ვხედავ.
- გადასარევი! - მოკლედ ვჭრი სათქმელს.
- გამომართვი, ბევრი არ იარო, დაისვენე.
- ჰმ! ასაკი ყველაფერს ამბობს!
- ასაკზე მხოლოდ უტვინოები დასცინიან ჭკვიანებს.
- აბა, რას ნიშნავს „პატარა გოგო“?
- გამოუცდელსა და უცოდინარს. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დაცინვად მიიღებდი. მეც მაგიტომ დაგიწერე.
- ეჭვი ვის ეპარება იცით?
- არა, არ ვიცი.
- ჰოდა, ძალიან ცუდი!
- რატომ? ეჭვი რომ ბო.ზებს ეპარებათ, მაგიტომ?
- ღმერთო ჩემო! - ფეხებს ვაბაკუნებ. თვითონ კი იცინის. - ხუთი წუთით დამელოდეთ. რაღაც უნდა მოგცეთ. - თანხმობას არ ველოდები. პატარა ჩანთიდან ვიღებ ფურცელსა და კალამს. უცებ ვწერ:

[.4
1
6
9
23
1
11
5.]


დაზეპირებული ქართული ანბანის რიგითობის მიხედვით უცებ ვაყალიბებ იმას, რასაც ვგრძნობ. ფურცელს ხელში ვაჩეჩებ და შავ შოკოლადს ვართმევ. მერე ჩემს გზას ვაგრძელებ შოკოლადის ჭამით. ისევ გავრბივარ.

(მოსე ხონელი ამბობს, რომ პირველი პირი დაიღალა და ამის თქმა ამ მოსაწყენი ციფრების კომბინაციის გარეშეც მარტივად შეიძლებოდა. იცხოვრე.)

***
„მეცხრილე“ მსუქანი ნელი ისევ გვიცხადებს, რომ ქალბატონი ლეილა კვლავ ავადაა და უფრო მეტიც - უკვე მომაკვდავია. ეს საგანი დაიხურა, რადგან სხვა ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან ვეღარ ასწავლის.

***
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. მოსე ხონელმა დაწერა პირველპირიანი და ღრმა ძილით მიიძინა. პირველპირიანმა კი დაასრულა „ბესტსელერი“ და გამოიღვიძა. ეს ცხოვრება ზღაპარია.



№1 სტუმარი ციდა, იგივე ჩანგალა

ჩემო არანორმალურო! ხშირად ვინატრებ, თუ ასე უნდა ამიხდეს!
პინ, კოკორადი და კოლა... (ჩვენ რომ ვიცით, დაპირებისამებრ, ძვირფასო).
იყო და არა იყო რა, მართლაც რა იქნებოდა, ამ სტუდენტივით რომ გვიხდებოდეს ოცნებები?! ღმერთო ჩემო, მთლად რადიკალურადაც არ ვარ განწყობილი, ნურავინ გადაყვება ჩვენს ოცნებებს.
იმედი მაქვს, გრძნობ,რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ. თორეეემ, ხომ კი იცი ეჭვი ოხერი რამე!

 


№2  offline ადმინი ელ პინი

ციდა, იგივე ჩანგალა
ჩემო არანორმალურო! ხშირად ვინატრებ, თუ ასე უნდა ამიხდეს!
პინ, კოკორადი და კოლა... (ჩვენ რომ ვიცით, დაპირებისამებრ, ძვირფასო).
იყო და არა იყო რა, მართლაც რა იქნებოდა, ამ სტუდენტივით რომ გვიხდებოდეს ოცნებები?! ღმერთო ჩემო, მთლად რადიკალურადაც არ ვარ განწყობილი, ნურავინ გადაყვება ჩვენს ოცნებებს.
იმედი მაქვს, გრძნობ,რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ. თორეეემ, ხომ კი იცი ეჭვი ოხერი რამე!

ყველაფერი ზღაპარია, ციდა. ნეტა ყველა ნატვრა ასე აგიხდეს, როგორც ეს ამ გვიან საღამოს. მე მინდა, რომ ოცნებები გვიხდებოდეს. უფრო მეტიც - ღმერთი ყველას ოცნებებზე იყოს გადაყოლილი, მაგრამ ასე არ ხდება. ან ვერ. ისევ ჩვენ გვიწევს ბრძოლა. ჩემი მონატრებული გულიკი ხარ. არ ველოდები აქ არც პოემებს და არც ტექსტზე საპასუხო კომენტარებს, შეუძლებელია და იმიტომ. ყველაფერი ისედაც გასაგებია.
იმედი უკანასკნელი იქნება, რომელიც ამ სამყაროში მოკვდება. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა აზრი აღარაფერს ექნება და სულიერი არ გაიჭაჭანებს. ასე რომ, ვგრძნობ.

 


№3  offline მოდერი სალანდერი

გამარჯობა ელ პინო...
გადასხვაფერებულხარ...
ეს ნაწერი არაფრით გავს ჩვეულ სტილში მწერალი, ხელოვანი ელ პინის ნაწერს. ეს უფრო ის ცინიკოსი ელ პინია მე რომ მიყვარს ის. სტილი სხვაა, ჩანართები განსაკუთრებით საინტერესო, აი ისეთი მთელ წიგნსაც რომ წააკითხებს, ცინიკოსი მწერლების მოყვარულ მკითხველს. (მერე რა რომ ასე ცოტაა, როგორც ცინიკოსი მწერალი, ასევე მისი მოყვარული მკითხველიც)
მე არ ვიცი ვინ რას ელის ხოლმე შენგან, მე კი ყოველთვის ველი "ასეთი" ელ პინის წერას, რომელიც ერთ წუთს გეტყვის რომ ინტელექტუალი ხარ და რამდენიმე წუთში ზედ დაგიყოლებს რომ ინტელექტი მშვენივრად მოფიქრებულ და შელამაზებულ სისულელეებს ნიშნავს.
ხშირად შეანაცვლე ხოლმე ხელოვანს ცინიკოსი. და არასდროს გაბედო მარტოობაზე ლაპარაკი, საკუთარ სხეულშიც კი არ ხარ მარტო, მინიმუმ ორნი ხართ.
თუ ვინმე გაბედავს, ხომ იცი რომ ტალახს გესვრიან, არ დაისვარო!

 


№4  offline ადმინი ელ პინი

სალანდერი
გამარჯობა ელ პინო...
გადასხვაფერებულხარ...
ეს ნაწერი არაფრით გავს ჩვეულ სტილში მწერალი, ხელოვანი ელ პინის ნაწერს. ეს უფრო ის ცინიკოსი ელ პინია მე რომ მიყვარს ის. სტილი სხვაა, ჩანართები განსაკუთრებით საინტერესო, აი ისეთი მთელ წიგნსაც რომ წააკითხებს, ცინიკოსი მწერლების მოყვარულ მკითხველს. (მერე რა რომ ასე ცოტაა, როგორც ცინიკოსი მწერალი, ასევე მისი მოყვარული მკითხველიც)
მე არ ვიცი ვინ რას ელის ხოლმე შენგან, მე კი ყოველთვის ველი "ასეთი" ელ პინის წერას, რომელიც ერთ წუთს გეტყვის რომ ინტელექტუალი ხარ და რამდენიმე წუთში ზედ დაგიყოლებს რომ ინტელექტი მშვენივრად მოფიქრებულ და შელამაზებულ სისულელეებს ნიშნავს.
ხშირად შეანაცვლე ხოლმე ხელოვანს ცინიკოსი. და არასდროს გაბედო მარტოობაზე ლაპარაკი, საკუთარ სხეულშიც კი არ ხარ მარტო, მინიმუმ ორნი ხართ.
თუ ვინმე გაბედავს, ხომ იცი რომ ტალახს გესვრიან, არ დაისვარო!

გაგიმარჯოს, ჩემო მჟავე. გუშინვე რომ გელოდი და დამიგვიანე, ამ დღევანდელის გამო გპატიობ. დღეს მიმტევებლურ ხასიათზე ვარ. დავიღალე პირდაპირი ხელოვნებით და თამაში მომენატრა. ალბათ, ამიტომ გამოვიდა ასე ცინიკური, მაგრამ დაცინვაც ხელოვნებაა არა?! შენ გაგიმართლა, რომ გარდა ყველაფრისა - ჩემი მკითხველი ხარ და თან - ცინიკოსიც. თვითირონია ყველაზე კარგი რამეა, რაც კი ამ სამყაროში შექმნილა. მითხარი ყველა სულელური კომპლიმენტი, რომელიც ამის წაკითხვის შემდეგ თავში აზრად მოგივიდა ჩემ შესახებ. რა ვქნა, მაინც მარტო ვარ, ძირითადად ჩემს თავსაც გავურბივარ და იმიტომ. გენიოსებს ყოველთვის სადღაც ეჩქარებათ, ძილისა და მოთქმის დრო არ არის. თუმცა, მინიმუმ ორნი ვართ, მაქსიმუმ - ჯერ არ დამითვლია და ბილი მილიგანი მახსენდება ასეთ დროს ყოველთვის. ტალახს ცოდვილები ისვრიან. თუკი ვინმეს ენდომება, დაველოდოთ.
არ მელოდი, გენიოსო?! უკვდავება გეახელი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რომ არ გიცნობდე, ვიტყოდი, გაგიჟებულა მეთქი..
რომ არ მიცნობ, ამადაც არ გაგიჟებულხარ..
რომ გაგიჟებულიყავი, სიგიჟეს ხომ აღარ დაიჩემებდი..
სიკვდილამდე მეშინია ყველაფერ ანის.
ცინიზმი ჩემი ჰობია..
მე ხომ მასხარა ვარ..
მასხარის ცრემლებით დაწერილს არ ჰგავდა ეს ყველაფერი..
ვისაც არ გახსოვთ, მე გუშინ ვუყურე, სარკოფაგი რომ ფრჩხილებით იყო დაკაწრული..
იმხოტეფივით რომ ამოისუნთქებ და რო ამოიყვირებ ღამის კოშმარივით ან ქსუნამუმ, მაგრამ მერე გაგახსენდება რომ ჯერ შენც მკვდარი ხარ და ისტერიკულად გინდა სიცილი...
ეჭვიც არ შემპარვია რომ ერთ სულიერს ყოველთვის ჰქონდა მიზეზი რომ ასეთი შეშინებოდი..
აი ზუსტად მაშინ, მარტო..
მზესაც კი თავისი ჩრდილი აქვს..
ჩრდილი მხოლოდ დაისისას გრძელდება ისე, რომ მზემ დაინახოს, მაგრამ მთელი დღე მხოლოდ იმიტომ არ ჩანდა რომ მზეში იყო ჩახვეული..
ეხუტებოდა რომ არსად გაეშვა..
მზეს კი ასე ეგონა მიმატოვაო და აირია..
და ჰო, ჩემზე დიდი სისულელე არავინ დაწეროთ, უფლება არა გაქვთ.
მე პროფესიონალი ვარ..
იმ ერთ სულიერს ეგ არ ეხება, იმიტომ რომ იმ თ -ში გამაძვრენს და რაღა დაგიმალოთ და ბოლო დროს ცოტა გავსუქდი და ვაითუ გამიტყდეს..
მერე უთუოდ ვინღა მოგმართავთ თქვენ?
არაა.. გავგიჟდები..
გავგიჟდები..
ნამდვილად გავგიჟდები..
უფრო მეტყველი ღიმილი უნდა გავიკეთო..

 


№6  offline ადმინი ელ პინი

ლაზარე 13
რომ არ გიცნობდე, ვიტყოდი, გაგიჟებულა მეთქი..
რომ არ მიცნობ, ამადაც არ გაგიჟებულხარ..
რომ გაგიჟებულიყავი, სიგიჟეს ხომ აღარ დაიჩემებდი..
სიკვდილამდე მეშინია ყველაფერ ანის.
ცინიზმი ჩემი ჰობია..
მე ხომ მასხარა ვარ..
მასხარის ცრემლებით დაწერილს არ ჰგავდა ეს ყველაფერი..
ვისაც არ გახსოვთ, მე გუშინ ვუყურე, სარკოფაგი რომ ფრჩხილებით იყო დაკაწრული..
იმხოტეფივით რომ ამოისუნთქებ და რო ამოიყვირებ ღამის კოშმარივით ან ქსუნამუმ, მაგრამ მერე გაგახსენდება რომ ჯერ შენც მკვდარი ხარ და ისტერიკულად გინდა სიცილი...
ეჭვიც არ შემპარვია რომ ერთ სულიერს ყოველთვის ჰქონდა მიზეზი რომ ასეთი შეშინებოდი..
აი ზუსტად მაშინ, მარტო..
მზესაც კი თავისი ჩრდილი აქვს..
ჩრდილი მხოლოდ დაისისას გრძელდება ისე, რომ მზემ დაინახოს, მაგრამ მთელი დღე მხოლოდ იმიტომ არ ჩანდა რომ მზეში იყო ჩახვეული..
ეხუტებოდა რომ არსად გაეშვა..
მზეს კი ასე ეგონა მიმატოვაო და აირია..
და ჰო, ჩემზე დიდი სისულელე არავინ დაწეროთ, უფლება არა გაქვთ.
მე პროფესიონალი ვარ..
იმ ერთ სულიერს ეგ არ ეხება, იმიტომ რომ იმ თ -ში გამაძვრენს და რაღა დაგიმალოთ და ბოლო დროს ცოტა გავსუქდი და ვაითუ გამიტყდეს..
მერე უთუოდ ვინღა მოგმართავთ თქვენ?
არაა.. გავგიჟდები..
გავგიჟდები..
ნამდვილად გავგიჟდები..
უფრო მეტყველი ღიმილი უნდა გავიკეთო..

რომ მიცნობ, იმიტომაც უნდა იცოდე - არასდროს ვყოფილვარ ნორმალური. უფრო მეტიც - დაბადებიდან გიჟი ვიყავი, მაგრამ რა აუცილებელია ამის ხაზგასმა?
ყველას აქვს თავისი ჩრდილი, ლაზარე, მაგრამ ეს ჩრდილი ასევე ყველას სანახავად არ დადის ამ ქვეყანაზე ჩემთან ერთად. იმ ერთ სულიერს ჩემი კი არ ეშინია, ალბათ, ყოველ ჯერზე არ სჯერა რომ ასეთ რამეს გავაკეთებდი და ამდენი შემეძლო. როგორც ამბობს, საშიში ქალი ვარ.
ბოლოსკენ გამეცინა. გაძვრენის რა გითხრა... ძმაკაცს არ აკადრებს, ხო აზრზე ხარ :დ
მადლობა, მეცამეტე! შემოვდიოდი, ვკითხულობდი ამ კომენტარს, კარგ ხასიათზე ვდგებოდი და გავდიოდი. ველოდი როდის მომინდებოდა პასუხის გაცემა და მოვედი.
მეტყველი ღიმილი ყველას გვჭირდება, ოღონდ ირონიული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent